You are on page 1of 4

მოძრაობის ნეიროგენული დარღვევები

ნერვული სისტემის ფუნქციათა შორის მოტორულ ფუნქციებს ერთ-


ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ნებისმიერი
მოტორული აქტი ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილების
კოორდინირებული მოქმედების შედეგია.
მოტორული გზა, დაწყებული თავის ტვინის ქერქის მოტორული
ზონიდან დამთავრებული კუნთით, განკუთვნილია მოძრაობისთვის
და მისი ყოველი მონაკვეთის დაზიანება იწვევს მოძრაობის
ნეიროგენულ დარღვევებს.
მოძრაობის ნეიროგენულ დარღვევებს მიეკუთვნება ჰიპერკინეზი
და ჰიპოკინეზი. ჰიპოკინეზი არის მოძრაობის სიჩქარის და
მოცულობის შეზღუდვა. ჰიპერკინეზისთვის დამახასიათებელია
ჭარბი,უნებლიე მოძრაობები.
ჰიპოკინეზის სახეებია დამბლა და პარეზი.
დამბლა არის მოძრაობის სრული მოსპობა.
პარეზი არის მოძრაობის სიფართის შეზღუდვა და ძალის
დაქვეითება.
გავრცელების მიხედვით დამბლა შემდეგი სახისაა:
მონოპლეგია-ერთი კიდურის დამბლა.
პარაპლეგია-თანამოსახელე კიდურების დამბლა (ზედა
კიდურების ან ქვედა კიდურების დამბლა).
ტრიპლეგია-სამი კიდურის დამბლა.
ჰემიპლეგია-სხეულის ნახევრის დამბლა.
ჰიპერკინეზის დროს აღმოცენებულ უნებლიე მოძრაობებს რაიმე
დანიშნულება არ გააჩნია. ჰიპერკინეზებს მიერუთვნება კრუნჩხვა,
ქორეა, ტიკი, ტრემორი და ა.შ.

1
ტრემორი წარმოადგენს მცირე ან დიდი ამპლიტუდის, რიტმულ,
სწრაფ, სტერეოტიპულ მოძრაობებს, რომელიც წარმოიშობა
ანტაგონისტი(ურთიერთსაწინააღმდეგო) კუნთების მორიგეობით
შეკუმშვის შედეგად. ტრემორი გვხვდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის
შემთხვევაში, თირეოტიქსიკოზის დროს, მოხუცებულთა შორის და ა.შ.
ტიკი წარმოადგენს კუნთების უნებლიე, სწრაფ, სტერეოტიპულ
შეკუმშვას, რომელიც წააგავს მიზანდასახულ მოძრაობას. ტიკით
შეპყრობილ ავადმყოფს აქვს რაიმე მოტორული აქტის შესრულების
დაუოკებელი სურვილი, რომელიც მოქმედებაში გადადის, როგორიცაა
თავის ტრიალი, მხრების აჩეჩვა, ქუთუთოების ხამხამი, ენის გალოკვა
და ა.შ.
ქორეა მთელ სხეულში გავრცელებული ურიტმო, უწესრიგო,
უკოორდინაციო და სწრაფი უნებლიე მოძრაობაა, რომელიც ხელს
უშლის ნებელობით მოძრაობას. ემოცია აძლიერებს მას, ხოლო ძილში
ქრება. ზოგჯერ ქორეატოზული მოძრაობები იმდენად ძლიერად არის
გამოხატული, რომ ავადმყოფი კარგავს დგომის, სიარულის, ლაპარაკის,
ლოგინში წოლის უნარს. ქორეა გვხვდება რევმტიზმის, ქალა-ტვინის
ტრავმის და სხვა დაავადებების დროს.
კრუნჩხვა არის კუნთების შეტევითი ან მუდმივი ხასიათის
უნებლიე შეკუმშვები, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა
ინტენსივობა, ხანგრძლივობა და გავრცელება. განასხვავებენ ტონურ და
კლონურ კრუნჩხვებს. ტონური კრუნჩხვები კუნთების ხანგრძლივი
შეკუმშვაა და იწვევს მთელი სხეულის ან მისი რომელიმე სეგმენტის
იძულებით დაძაბვას. კლონური კრუნჩხვების დროს ადგილი აქვს
კუნთების ხანმოკლე შეკუმშვისა და მოდუნების მონაცვლეობას, რის
შედეგადაც სხეულის ის სეგმენტი,სადაც გამოხატულია კლონური
კრუნჩხვა, აწარმოებს უნებლიე, რიტმულ მოძრაობას. ტონური და
კლონური კრუნჩხვები დამახასიათებელია ეპილეფსიისთვის,
კომატოზური და შოკური მდგომარეობებისთვის და ა.შ.
კრუნჩხვა შეიძლება იყოს ისტერიის ერთ-ერთი გამოვლინება.
ისტერიული კრუნჩხვა აღმოცენდება პერიოდულად, რაიმე უარყოფით
ემოციასთან კავშირში. ამ დროს ავადმყოფი ეცემა, მაგრამ ისე
ოსტატურად, რომ სხეულს არ იზიანებს. კრუნჩხვის შეტევისთვის
დამახასიათებელია უნებლიე მოძრაობები, რომელიც რაიმე შინაარსს
2
გამოხატავს(შიში,თავდაცვა,აღტაცება და ა. შ.).შეტევა გრძელდება 5-30
წთ. ისტერიულ კრუნჩხვის დროს ავადმყოფი ცნობიერებას არ კარგავს,
კრუნჩხვითი შეტევის ჩამთავრებას ძილი არ მოჰყვება.ავადმყოფს
ახსოვს შეტევის ყოველი დეტალი. ისტერიული კრუნჩხვა ემორჩილება
ფსიქოთერაპიას.

მგრძნობელობის დარღვევა

მგრძნობელობის ანუ რეცეპციის საშუალებით ცენტრალური


ნერვული სისტემა იღებს ინფორმაციას როგორც გარე სამყაროდან, ასევე
შინაგანი ორგანოებიდან. შეგრძნება ხორციელდება ანალიზატორის
საშუალებით, რომელიც რთული ანატომიურ-ფიზიოლოგიური
სტრუქტურის მქონე ერთიანი ნეიროდინამიკური სისტემაა და შედგება
სამი ნაწილისაგან. ესენია: 1. რეცეპტორი, რომელშიც გაღიზიანების
გავლენით წარმოიშობა აგზნება. 2. აგზნების გამტარი გზები. 3.
ცენტრალური ნაწილი ანუ თავის ტვინის ქერქი, სადაც წარმოებს
რეცეპტორებში აღმოცენებული ნერვული იმპუსების ანალიზი,
სინთეზი. ანალიზატორის ნებისმიერი ლოკალიზაციის დაზიანება
იწვევს მგრძნობელობის მოშლას.
მგრძნობელობის მოშლის სახეებია:
ანესთეზია-მგრძნობელობის მოსპობა.
ჰიპესთეზია-მგრძნობელობის დაქვეითება.
ჰიპერესთეზია-მგრძნობელობის მატება.
დიზესთეზია-გაღიზიანების არაადექვატური, გაუკუღმართებული
შეგრძნება.
დიზესთეზიის ფორმებია:
პოლიესთეზია-ერთ წერტილში მიყენებული გაღიზიანება რამდენიმე
წერტილში მიყენებული გაღიზიანების შეგრძნებას იძლევა.
ალოდინია-ტკივილის შეგრძნება იმ გამღიზიანებლის მოქმედების
შედეგად, რომელიც ნორმაში ტკივილს არ იწვევს.

3
ჰიპერპათია-შეგრძნება გაძლიერებულია, დიფუზურია, ავადმყოფი
ვერ ერკვევა გაღიზიანების ინტენსივობასა და ლოკალიზაციაში.
თერმალგია-სითბოს ან სიცივის ზემოქმედების დროს ტკივილის
შეგრძნება.
პარესთეზია-მთელ სხეულში ან მის რომელიმე ნაწილში გარეგანი
გაღიზიანების გარეშე წარმოშობილი უსიამოვნო შეგრძნებაა.
პარესთეზიულ შეგრძნებას ავადმყოფები ადარებენ კანზე
ჭიანჭველების ხოხვას, დაბუჟებას, ელექტროდენის გატარებას, ცხელი
ან ცივი წყლის გადავლებას.

გამოყენებული ლიტერატურა:
მ.შაქარაშვილი-,,ორგანოებისა და სისტემების პათოფიზიოლოგია“,
თბილისი, 2012.
ა. მინდაძე-,,ნერვული დაავადებები“,თბილისი.

You might also like