You are on page 1of 5

არავერბალური კომუნიკაცია ინტერკულტურული კომუნიკაციის პროცესში

რა მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას კულტურათაშორისი კომუნიკაციის პროცესში. იქიდან


გამომდინარე, რომ არავერბალური კომუნიკაციის გამომსახველი ნიშნები და საშუალებები სხვადასხვაგვარია ან და
სხვადასხვაგვარად აღიქმება განსხვავებულ კულტურებში, ეს მთელი რიგი გაუგებრობების და პრობლემების წყარო
ხდება, ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამ განსხვავებების შესწავლა.
კომუნიკაცია არის ურთიერთობა, ცხოვრება კი სწორედ ამ ურთიერთობებს ემყარება. კაცობრიობის მთელი
კულტურა შესაძლოა ერთ დიდ კომუნიკაციად მივიჩნიოთ, რომლის ცენტრიც ადამიანია.
ინტერკულტურული კომუნიკაცია გულისხმობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა უშუალო
ურთიერთობას. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს ურთიერთობა განსხვავებული
კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი უფრო განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან, ვიდრე ერთი ქვეყნის ადამიანები. იმას, რაც ერთ ქვეყანას მეორისაგან განასხვავებს,
ნაციონალურ/ეროვნულ კულტურას ვუწოდებთ. კულტურათშორისი გაუგებრობები მრავალი პრობლემის წყაროა.
პროფესორის ალბერტ მეჰრაბიანის მიხედვით, კომუნიკაციის პროცესში ვერბალური ინფორმაციის წილი
მხოლოდ 7%-ს შეადგენს. დანარჩენი 93% არავერბალურ ინფორმაციაზე მოდის. ვერბალურ კომუნიკაციას ანუ
მეტყველებას ძირითადად თავისუფლად ვაკონტროლებთ. საქმე სხვანაირადაა არავერბალური კომუნიკაციისას - ის
არ ექვემდებარება ცნობიერს და ქვეცნობიერად ხდება მათი ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ეს
ორი გზა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში „სხეულის ენის“ გამომხატველი საშუალებები სხვადასხვაგვარად
აღიქმება. მაგალითად, თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თვალით კონტაქტი იაპონიაში
უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა, ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან. მიუხედავად სხვადასხვა
ქვეყნებში განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენა:
1. თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგ. ყავის ფინჯანი, ხელჩანთა და მსგავსი საგნები, ესე
იგი ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, მისი მოქმედება კი გამოხატავს იმას, რომ იგი იმალება საგნების
უკან.
2. საათის ხშირ-ხშირი შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით, თუკი ვინმეს ვესაუბრებით.
3. საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით ცხვირზე შეხება და პირზე ხელის აფარება სიცრუის
გამოხატულებაა.
4. ხელოვნური ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი
მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს.
5. ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა.
6. როდესაც მოსაუბრეს არ ვუყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს, რომ ჩვენ არ გვსიამოვნებს მასთან ურთიერთობა,
ან არ გაინტერესებთ რასაც გეუბნებათ და ა.შ.
ზოგადად, ჟესტები ხუთ ფუნქციას ასრულებენ: სიმბოლოს, ილუსტრაციის, ადაპტაციის, რეგულატორის და
ემოციის ინდიკაციის. მთელ მსოფლიოში ძირითადი საკომუნიკაციო ჟესტები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება.
როდესაც ადამიანებს უხარიათ, ისინი იღიმიან, როცა მოწყენილები არიან- იბღვირებიან, ხოლო როცა ბრაზობენ,
გაბრაზებული გამომეტყველება აქვთ.
ამერიკაში, ინგლისში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მაღლა აწეული თითი შეიძლება გამოიყენებოდეს
გზაზე „მანქანის გასაჩერებლად ან იმის გამოსახატად, რომ ყველაფერი კარგადაა. საბერძნეთში კი ეს ჟესტი ნიშნავს
„მოკეტე“.
რა ნიშნით უნდა მივხვდეთ, როცა ადამიანი გვეთანხმება?
თითქმის ყველა კულტურაში არსებობს რამდენიმე მიმნიშნებელი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ სხვები იღებენ ჩვენს წინადადებებს და გვეთანხმებიან: ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ
მდგომარეობაში, ხელისგულები ღიაა, თავს გიქნევენ, ხშირად იღიმიან. ასევე მნიშვნელოვანია იმის გაგებაც
აინტერესებთ თუ არა ადამიანებს ის, რაზეც ვესაუბრებით. არსებობს რამდენიმე ჟესტი, მოძრაობა და ა.შ., რომლის
მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ ეს:
ა) ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს. ზოგადად, ადამიანი თვალებით კონტაქტს უფრო მეტ ხანს ინარჩუნებს,
როდესაც უსმენს, ვიდრე როდესაც ლაპარაკობს,
ბ) რაც უფრო ფართოდააა გახელილი თვალი, მით მეტია ინტერესი.
გ) თავი მიმართულია პირდაპირ, თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, რაც ნიშნავს, რომ ყურადღებით ისმენენ,
დ) ფეხის წვერი მოსაუბრისკენაა მიშვერილი.
ე) ხშირად იღიმიან. მაგრამ გახანგრძლივებული ღიმილი არაა ნამდვილი, რადგან ის გვიჩვენებს თავაზიანობას,
მაგრამ არა მეგობრულობას.
არავერბალური კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე სიგნალი შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურად და
უმეტესობას კი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა კულტურებში. მაგალითად:
• საჩვენებელი თითის დაქნევა ადამიანის დაძახების მიზნით. ჩვენთან ეს ყოვლად უწყინარია თუმცა, საკმაოდ ბევრ
კულტურაში ის აღიქმება, როგორც უზრდელური. ახლო აღმოსავლეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ლათინურ
ამერიკაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ჰონგ კონგში ადამიანის დასაძახებლად უმჯობესია, დაუქნიოთ მას ყველა
თითით ან მთლიანი ხელით.
• სხვა ადამიანისკენ საჩვენებელი თითის გაშვერა. ეს ჟესტი ჩვენთან თუ უბრალო უზრდელობად აღიქმება, სხვა
მრავალ კულტურაში საერთოდ მიუღებელია. ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ მიზნისთვის
იყენებენ გაშლილ ხელს, ხოლო ინდონეზიაში - ცერა თითს.
• ღიმილი. ეს ჟესტი უნივერსალურია, თუმცა, სხვადასხვა კულტურაში გაღიმების სხვადასხვა მიზეზია მიღებული.
მაგალითად, იაპონელები იღიმებიან, როდესაც გაბრაზებულნი ან დაბნეულები არიან. აზიის სხვა ქვეყნებში
ადამიანები იღიმებიან, მაგალითად, როდესაც თავს დარცხვენილად გრძნობენ. ამერიკაში ღიმილი ერთ-ერთი
უმთავრესი საკომუნიკაციო საშუალებაა. ამერიკელები იღიმებიან არა მხოლოდ ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრის
და მისალმების დროს, არამედ შემთხვევით, სრულიად უცხო ადამიანთან თვალებით დამყარებული კონტაქტის
შემთხვევაშიც.
• თვალებით კონტაქტი. დასავლურ კულტურაში ზომიერი კონტაქტი თვალებით მოსაწონია. თუმცა, ზოგიერთ სხვა
კულტურაში ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან თვალებით კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანას, განსაკუთრებით
- უფროსებთან საუბრის დროს, რადგან თვალებში ყურება თავხედობად აღიქმება.
• ფეხსაცმლის ძირის გამოჩენა. საკმაოდ ბევრ კულტურაში, განსაკუთრებით აზიასა და აღმოსავლეთში,
ფეხსაცმლის ძირის - სხეულის ყველაზე ჭუჭყიანი და ყველაზე უფრო დაბლა მდებარე ნაწილის დემონსტრირება
უპატივცემლობას ნიშნავს.
• თითებით “OK” ნიშნის ჩვენება. ბრაზილიასა და გერმანიაში ეს ჟესტი უცენზუროა. იაპონიაში იგი გამოიყენება
„ფულის“ აღმნიშვნელად, საფრანგეთში მას დამატებით „ნულის“ ან „უსარგებლო“ რაღაცის მნიშვნელობა აქვს.
• იაპონიაში ძალიან შეურაცხმყოფელია რაიმე ნივთის ცალი ხელით გადაწოდება. ისეთი მცირე რამეც კი,
როგორიც ფანქარია, აუცილებლად ორივე ხელით უნდა მიაწოდოთ.
• თავის ზევით-ქვევით დაქნევა, თითქოს უნივერსალური ჟესტია, თუმცა, ბულგარეთსა და საბერძნეთში
სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობას იძენს და „არა“-ს აღნიშნავს.ასევე, თავის დაქნევა შესაძლოა იყოს უფრო
მეტად დადასტურების ნიშანი და არა შეთანხმების ზოგიერთ კულტურაში.
რაც შეეხება არავერბალური კომუნიკაციის გამომხატველ კიდევ ერთ საშუალებას პროქსემიკას-
პროქსემიკური ანუ კომუნიკაციის წევრების სივრცეში განლაგების განსხვავების სადემოსტრაციოდ
ჩვეულებრივად იყენებენ ე.წ. დისტანტური და კონტაქტური ერების არსებობის ფაქტს. პირველ ჯგუფს
მიეკუთვნება ჩრდილოეთ ევროპა, აშშ., კონტაქტურს - სამხრეთი ევროპა, მცირე აზია, ლათინური ამერიკა.
ჩრდილო ამერიკელების და ლათინო-ამერიკელების ურთიერთობაში პირველები ცდილობენ დაიცვან თავისი
პირადი სივრცე, ხოლო მეორენი ცდილობენ, უფრო მცირე დისტანციაზე დაამყარონ ურთიერთობა. მაგალითად,
არაბებს უყვართ ახლოს დგომა, ხელის მოკიდება მოსაუბრესთვის, რაც ჩრდილო-ევროპელს უხერხულ
მდგომარეობაში აგდებს. არაბთა სახლებში ამერიკელები თავს გრძნობენ დაუცველად, ვინაიდან დიდი სივრცის
შეგრძნება მათ აღიზიანებთ. არაბთა სახლები ორჯერ უფრო დიდია ამერიკელთა საცხოვრებელზე. ხელით შეხება
საჯარო ადგილებში არაბეთში დაშვებულია.
დაჟინებული მზერა თვალებში, ხელით შეხება, ევროპელებისათვის არის უჩვეულო. ხოლო არაბისთვის
მისაღებია. კონტაქტურ და დისტანტურ ერებად დაყოფის გარდა არავერბარულ საშუალებათა მთელი სისტემა
შეიძლება ორ სახედ იყოს კატეგორიზებული: კულტურები, სადაც კონტექსტი მეტ-ნაკლებ როლს ასრულებს.
მეტად კონტექსტურ კულტურას ახასიათებს არავერბალური სიგნალებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება.
ასეთია იაპონური და არაბული კულტურები, რომლებშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციულ ჟესტს და
პოზას. ნაკლებად კონტექსტური კულტურა მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვებს, ნაკლებად არის გამოყენებული
ურთიერთობის ტრადიციული ფორმები.
ამ უმნიშვნელოვანეს განსხვავებაზე აგებულ გაუგებრობას შეუძლია ომამდეც კი მიიყვანოს მხარეები.
მაგალითად, ერაყის ჯარების მიერ ქუვეიტის ოკუპაციის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარიკ აზიზი ერთმანეთს შეხვდნენ. ბეიკერმა ერთმნიშვნელოვნად წაუყენა
ულტიმატუმი: „თუ არ გახვალთ ქუვეიტიდან, ვიწყებთ ომს“’, მაგრამ ეს ითქვა დიპლომატიური ტონით,
თანმხლები არავერბალური საშუალებების-მუქარის გამომხატველი პოზისა და ჟესტების გარეშე.იმავე დღეს
ტარიკ აზიზმა შეატყობინა სადამ ჰუსეინს, რომ ამერიკელები მხოლოდ სიტყვიერად იმუქრებიან ომის დაწყებას,
ხოლო მოქმედებას არ დაიწყებენ. ამერიკელებმა კი პირობის შესრულების შესატყვისად მეორე დღესვე დაიწყეს
საომარი მოქმედება.
არავერბალურ კომუნიკაციაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე
წარმოშობილი ფენომენი - მუნჯი კინო. მუნჯი კინოს მსახიობები მშვენივრად ფლობდნენ სხეულის ენის
საფუძვლებს. იმ დროში საუკეთესო მსახიობებად ითვლებოდნენ ისინი, ვისაც მდიდარი მიმიკა და
გამომხატველი სხეულის ენა ჰქონდა. მუნჯი კინო ხმოვანმა შეცვალა და სამსახიობო ხელოვნების არავერბალურ
ასპექტებს უკვე ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, ძველი მსახიობების ნაცვლად, ეკრანი კარგი ვერბალური
შესაძლებლობების მქონე მსახიობებმა დაიპყრეს.
ამრიგად, ვხედავთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას კულტურათაშორისი
კომუნიკაციისა და, ზოგადად, ინტერკულტურული კვლევის პროცესში. ვხედავთ, რამდენად განსხვავებული
მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულ ჟესტს, მიმიკას, პოზას და ა.შ. თითოეულ კულტურაში, ამიტომ სხვა
კულტურის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად ვერბალურთან ერთად
აუცილებელია მათი არავერბალური მეტყველების შესწავლაც.

You might also like