You are on page 1of 5

ბიბლიური დავითის ქანდაკებები რენესანსის ეპოქაში

ევროპის ისტორიულ-კულტურული ეპოქის მწვერვალი რომელმაც შუა


საუკუნეები ჩაანაცვლა დღეს ჩვენთვის რენესანსის, იგივე აღორძინების ხანის
სახელითაა ცნობილი. მსოფლიო ამ პერიოდში ინტელექტუალური განვითარების,
კულტურისა და ხელოვნების აყვავების მოწმე გახდა. რენესანსის ეპოქა მშობელია
უამრავ თემაზე შექმნილი ხელოვნებისა და ლიტერატურის ნიმუშისა რომელსაც
დღემდე აღფრთოვანებაში მოვყავართ. კლასიკურ თემებსა თუ ბიბლიურ
ნარატივებზე შექმნილ უამრავ ნამუშევარს შორის გახლავთ ბიბლიური დავითის
სახე, რომლის მიხედვითაც რენესანსის ეპოქაში შეიქმნა ულამაზესი საკულტო
ქანდაკებები, რომლებიც ამომწურავად, მთელი სიშიშვლით გადმოგვცემენ ამ ეპოქის
სულს. აღორძინების ხანის ხელოვანთათვის ბიბლიური დავითის ფიგურა
იდეალური საგანი იყო. ბერნინის, დონატელოსა თუ მიქელანჯელოს ნამუშევრები
სავსეა თითოეულის მიერ ინტერპრეტირებული დეტალებითა და ხედვით, რაც მათ
მსოფლიოს ხელოვნების ისტორიისთვის ფასდაუდებელ ნიმუშებად აქცევს. მე ახლა
სწორედ ბიბლიური დავითის სახეზე მინდა გესაუბროთ რენესანსის ეპოქის
ქანდაკებებში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ნამუშევრები ნათლად ასხივებს იმ ეპოქის
მხატვრულ ღირებულებებსა და მიღწევებს.

ბიბლიური დავითი - ესაა ახალგაზრდა მწყემსი, რომელმაც გოლიათი ქვით


დაამარცხა და ამით გახდა სიმბოლო სიკეთის ბოროტებაზე ტრიუმფისა. მისი ამბავი,
რომელიც სრულებითაც არ გახლდათ უბრალოდ მონათხრობი ისტორია, იქცა
რენესანსის ხელოვანთა ინსპირაციის წყაროდ და სწორედ მათ დაინახეს დავითში
გმირი, დიადი ადამიანის იდეალი, რომელმაც შეძლო სიბნელის დამარცხება.
ქანდაკებებში, რომელიც მის შესახებ შეიქმნა, არ ვხედავთ მხოლოდ რელიგიურ
გამოსახულებებს, არამედ მორალურ და ინტელექტუალურ იდეალებს აღნიშნული
ეპოქისა.
დონატელოს დავითის1 ქანდაკება მეთხუთმეტე
საუკუნეში შეიქმნა. იგი წარმოადგენს 5 ფუტი
სიმაღლის განსხეულებას ბიბლიური გმირისა,
რომელშიც ჩანს რენესანსის პერიოდის მხატვრული
ტექნიკების მაღალი სტანდარტები და ახასიათებს
გადახრები დავითის ტრადიციული წარმოდგენისგან.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დონატელოს ეს
ქანდაკება ნაბიჯია სიშიშვლის დაბრუნებისა ხელოვნებაში - დავითის ქანდაკება
ტანსაცმლის გარეშე მოგვაგონებს ბერძნულ კულტურას, რომელიც აღმერთებდა
ადამიანის ფორმების სინატიფესა და სილამაზეს. დავითის დგომა გვაგრძნობინებს,
რომ მთავარმა ჩაიარა, იგი მშვიდი და მოდუნებულია. ხვეული თმა, რბილი კუნთები,
პოზა, რომელიც ქანდაკებას მოძრაობის განცდას მატებს - დონატელოს
ინდივიდუალური ხედვაა. მიქელანჯელოს დავითისგან განსხვავებით მას არ გააჩნია
დაკუნთული, იდეალური, ღვთაებრივი სხეული. საერთოდაც, იგი შორსაა რენესანსის
ეპოქის იმ წარმოდგენისგან, რომელშიც სისუსტედ ითვლება გამხდარი, ქალისებრ
ნაზი სხეული და სწორედ ამ კონცეფციის დაურღვევლობის მცდელობის გამო
აქანდაკებს დონატელო მას ადრეთინეიჯერულ ასაკში, როცა ჯერ კიდევ არ არის
სქესისმიერი განსხვავება მკაფიოდ და მკვეთრად გამოკვეთილი მოზარდის
სხეულზე. დონატელოს დავითი როდი ემსახურება ამ პერსონაჟის სიძლიერის
წარმოჩენას, არამედ იგი ადამიანის გამოცდილებასა და პოტენციალს უსვამს ხაზს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დავითის
ისტორია ემსახურება ღვთაებრივი სასწაულით ადამიანებისათვის სიხარულის
განცდის მინიჭებას. და სწორედ ამაშია დონატელოს საიდუმლოც! იგი ზუსტად ამ
ხაზს მიყვება და მისი ქანდაკება პირდაპირ უსვამს ხაზს იმას, რომ თავი და თავი ამ
ამბავში არის ის, რომ ღმერთმა სასწაული მოახდინა(!) და არა ის, რომ ძლიერმა
დავითმა შეძლო გოლიათის დამარცხება. შესაბამისად, სუსტი, ჯერ კიდევ ბავშვი
დავითი და მის ფერხთით დაგდებული გოლიათის თავი არა თუ გადახვევაა
რენესანსის ძლიერი სხეულის სტანდარტიდან, არამედ ზუსტი მიგნება დიადი იდეის
განსხეულების გზისა.

აი იგივეს ვერ ვიტყოდით(როგორც უკვე ზემოთ მოკლედ ვახსენე)


მიქელანჯელოს დავითზე2, რომელიც წარმოადგენს ამ
ხელოვანის უბადლო ოსტატობის დასტურს. ამ
უკანასკნელის წარმოდგენით დავითი ძლიერ სხეულს
ფლობს. გასაოცარია დეტალები ქანდაკებაზე - დაწყებული
მოკლე ხვეული თმებიდან, კუნთები, ნატიფი მკერდი და
ტორსო, ცხოველი ვენები და გასაოცარი ტექნიკით
შესრულებული ხელები, სახე და პოზა, რომელიც,
განსხვავებით დონატელოს დავითისგან, ჯერ კიდევ
დაძაბული და მომართულია. ეს ქანდაკება იდეალურად
ზედმიწევნით ასახავს სტანდარტებს რენესანსის ეპოქისა -
ღვთაებრივი პროპორცია - იდეალური სხეული. მისი
სხეული იმდენად რეალისტურია, რომ ვგრძნობთ
ახალგაზრდულ სულს, სისხლს, რომელიც უჩქეფს. ჩემი გადმოსახედიდან, ესაა ერთ-
ერთი უდიადესი მწვერვალი ქანდაკებების შესრულების ტექნიკური მხარისა იმ
ხანისთვის და არამარტო იმ დროისთვის! აღნიშნულმა ქანდაკებამ დატოვა
წარუშლელი კვალი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.

გარდა ამ ორი დიდოსტატისა, აუცილებლად უნდა


ვახსენოთ აღორძინების ხანის შემოქმედის ანდრეა დელ
ვეროკიოს მიერ შესრულებული დავითის3 ქანდაკება,
რომელიც მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს შეიქმნა
მედიჩების დაკვეთით(როგორც უამრავი იმ დროის
ხელოვნების ნიმუში). ვეროკიოს დავითი მეტად გავს
დონატელოს ქანდაკებას ვიდრე მიქელანჯელოს
ნამუშევარს, რადგან ისიც წარმოდგენილია ნაკლებად კუნთოვან ახალგაზრდულ
სხეულში. ეს სკულპტურა, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები ორი ქანდაკება,
გამოირჩევა დახვეწილი დეტალებით - სახეზე თვალის ზედმიწევნით რეალისტურად
გამოქანდაკებული უპეებით, ხვეული თმებით, დაძარღვული ხელებით, ტანსაცმლის
ნაკეცებით, ზედმეტია საუბარი გოლიათის თავის დეტალებზეც! შეიძლება ითქვას,
რომ ამ ქანდაკების ცქერისას გვეუფლება იგივე გრძნობა, რაც ვახსენე დონატელოს
დავითზე საუბრისას - ღვთაებრივი სასწაულით სიხარულის განცდა - მთავარია ის,
რომ მოხდა სასწაული და არა ის, რომ ძლიერმა ყმაწვილმა დაამარცხა ბოროტება.

რენესანსის ეპოქაში შექმნილი დავითის ქანდაკებების პარალელად


შეუძლებელია არ ვახსენოთ ბერნინის დავითი4, რომელიც უკვე ბაროკოს ეპოქაში
იქმნება, კონკრეტულად კი მეჩვიდმეტე საუკუნეში და ერთი შეხედვითაც კი
შეგვიძლია ნათლად აღვიქვათ განსხვავება ზემოთ ჩამოთვლილი სამ ქანდაკებასა და
მას შორის. ბერნინის დავითი ასახავს გოლიათთან
შებმის წინა მომენტს. სხეული მომართულია
საბრძოლველად და იარაღიც, თუ შეიძლება ასე
ვუწოდოთ ქვას, რომელიც ხელში უჭირავს, მზად
აქვს გამოსაყენებლად. ქანდაკება ბევრად
ძლიერადაა დატვირთული ემოციებით,
განსხვავებით რენესანსის მშვიდ, ნატიფ დავითის
ქანდაკებებისგან. ბერნინთან ეს პერსონჟი ჯერ
კიდევ მოქმედებაშია, მომართული პოზა, ცერზე
აწეული ფეხი და სხვანი ქანდაკებას მეტად
დინამიურ ნიმუშად აქცევს. ბაროკოს ეპოქის თვისება - დრამატულობა და
ემოციურობა ბოლომდეა ჩაქსოვილი ამ ნიმუშში და ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ
ბერნინის ეს ქანდაკება ბაროკოს ხანის რენესანსის ტრადიციული გზის გადახვევას
წარმოადგენს.
ამრიგად, რენესანსის პერიოდში შექმნილმა დავითის ქანდაკებებმა დიდი
კულტურილი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე და გახდა არაერთი შემოქმედის
ინსპირაციის წყარო. შეიძლება ითქვას, რომ გამბედაობის და გმირობის სილამაზე
სწორედ ამ ქანდაკებებმა გააიდეალეს. თითოეული მათგანი იდეალურად
წარმოადგენს აღორძინების ეპოქის სულს. ნატიფი და დეტალური ნაკვთები,
რომელსაც ერთი შეხედვითაც კი იპყრობს მაყურებლის სულსა და გონებას, არის
ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი ხელოვნება - შერწყმა იდეის,
სრულყოფილი ნამუშევრის და შემოქმედის ინდივიდუალიზმისა.

ლიკა გოგოლაშვილი

1
http://employees.oneonta.edu/farberas/arth/arth213/donatello_david.html

2
https://www.britannica.com/topic/David-sculpture

3, 4
https://www.thecollector.com/david-sculptures-comparison/

You might also like