You are on page 1of 7

ანჟამბემანი.

ლექსიკური ერთეულის
სემანტიკური ტრანსფორმაცია პოეტურ ტექსტში

ჩვეულებრივ, ლექსის სტრიქონი მეტ-ნაკლებად დასრულებულ სინტაქსურ ერთეულს


ემთხვევა. ამიტომ, როდესაც მკითხველი ეცნობა ლექსს, მას უჩნდება ეგრეთ წოდებული
მეტრული მოლოდინი _ მოლოდინი იმისა, რომ მეტრული დაყოფა (ტაეპებად დაყოფა) _
ტაეპის ბოლოს არსებული აუცილებელი პაუზის ზეგავლენით _ უნდა ემთხვეოდეს
სინტაქსურ დაყოფასაც. ანჟამბემანი, ანუ გადატანა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც აზრი
გადასცდება ტაეპის ბოლოს და მეორე ტაეპში გადადის, ანუ როდესაც ირღვევა
მეტრული მოლოდინი. ანჟამბემანი არსებით ზეგავლენას ახდენს ლექსის სემანტიკაზე
და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლექსითი მეტყველება კარდინალურად განსხვავდება
პროზაული მეტყველებისგან, რასაც განსაზღვრავს რიტმი, ევფონია (ბერძნ. _
კეთილხმოვანება) და სხვა სპეციფიკური ფაქტორები.
ვინაიდან თანაზომიერი ერთეულების განმეორება ლექსის საფუძველია, ხოლო
ანჟამბემანი მის დარღვევას ცდილობს, ისმის კითხვა: რატომ მიმართავენ მას პოეტები?
ანჟამბემანის მეშვეობით სალექსო მეტყველება სასაუბრო მეტყველებას უახლოვდება,
მას მრავალფეროვნება შემოაქვს სალექსო რიტმში. მონოტონურობა, რომელიც
მეტრულად გაწონასწორებულ ლექსს ახასიათებს, იცვლება მოქნილი რიტმული
წყობით. შევადაროთ ორი პოეტური ნიმუში:
გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,
გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,
ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,
მთების შეღამებით მონაიავები.
(გ.ტაბიძე. `საღამო სოფლად~)

ზის აივანზე თავხედი ყვავი,


ერთი მათგანი, ვინაც სნებიან
და გამჭვირვალე ჰაერში შავი
ზმანებებივით იფანტებიან.
(გ.ტაბიძე. `სასახლე ძველი~)

პირველ სტროფში ყოველი ტაეპი დასრულებულია აზრობრივად, მეტრულად და


ინტონაციურად, რასაც ხაზს უსვამს პირველი ორი ტაეპის პარალელიზმი.
მეორე სტროფში სინტაქსის და მეტრის ჰარმონიული ურთიერთობა დარღვეულია.
ორი ანჟამბემანი მეორე და მესამე ტაეპებში სტროფს განსაკუთრებულ სახეს ანიჭებს,
რთული ქვეწყობილი წინადადება ისეა ჩასმული რიტმულ ჩარჩოში, რომ ის სასაუბრო
ინტონაციას ინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ანჟამბემანი
მეტრისა და სინტაქსის, ან, უფრო ზოგადად, სალექსო მეტყველების და აზრის
განვითარების კონფლიქტის გამოვლინებაა. ამ დროს პოეტები ხშირად მიმართავენ
ანჟამბემანის ბგერით მოტივირებას, ანუ ალიტერაციის ან ასონანსის მეშვეობით
აკავშირებენ ერთი ტაეპის ბოლო სიტყვასა და მეორე ტაეპის პირველ სიტყვას. რა
სემანტიკური პროცესები ხდება ასეთ შემთხვევებში ლექსში?
შევაპირისპიროთ ორი ისეთი ნიმუში, როდესაც ერთში ანჟამბემანი ევფონიურად
მოტივირებულია, მეორეში კი _ არა:
წუხელ მესიზმრა ცისფერი
ცხენი, ცაცხვი და ტაძარი.
(ს. ჩიქოვანი. `განჯის დღიური~)

თითქოს რაიმეს ნიშნავს რომ ბნელი


ღამით იმავე მეგობარს ელი.
(გ. ტაბიძე. `კაკლის ხე მთაწმინდაზე~)

დავაკვირდეთ პირველ ნიმუშს. ანჟამბემანი აქ სრულიად აშკარაა, რადგან


გათიშულია განუყოფელი სინტაგმა `ცისფერი ცხენი~. იმის გამო, რომ `ცისფერი~
მეტრული (ტაეპის დაბოლოების აღმნიშვნელი) პაუზითაა გამოყოფილი სიტყვისგან
`ცხენი~, ფრაზის აზრი იცვლება. საზღვრულისგან გათიშული მსაზღვრელი `ცისფერი~
სუბსტანციურ იერს იღებს (ანუ არსებით სახელს ემსგავსება) ს და ჩამონათვალის _
`ცხენი, ცაცხვი და ტაძარი~ _ პირველ წევრად იქცევა. პოეტის მისწრაფებას, ხაზი
გაუსვას სიზმრის უჩვეულობას სიტყვა `ცისფერის~ რიტმულად თვალსაჩინო ადგილას
დასმით, მეტრული პაუზის გაღრმავებამ შეიძლება სულ სხვა სემანტიკური იერი მისცეს.
თუ მეტრულ წყობასთან შედარებით სინტაქსს მივანიჭებთ უპირატესობას,. მაშინ
რიტმული ქსოვილი შეიცვლება:
წუხელ მესიზმრა ცისფერი ცხენი.
ცაცხვი და ტაძარი.
იქმნება რთული სიტუაცია, როცა ერთ-ერთი მომენტისათვის უპირატესობის მინიჭება
ან აზრის ცვლილებას იწვევს, ან მეტრული წყობისას.
ანალოგიური ვითარებაა გალაკტიონის სტრიქონებშიც, სადაც გათიშულია
მსაზღვრელ-საზღვრული `ბნელი ღამით~. მეტრული პაუზის მოქმედებით `ბნელი~
კარგავს განსაზღვრების ფუნქციას და გარკვეულ დამოუკიდებლობას იძენს. იგი `ღამის~
ერთ ნიშანს _ `სიბნელეს~ კი აღარ გამოხატავს, არამედ გამოდის როგორც სუბსტანცია _
`ბნელი~, რომელიც მოჩვენებითი სუბიექტის როლსაც კისრულობს: მე (`ბნელი~) ღამით
მეგობარს ველი. თუ მეტრული წყობის სანაცვლოდ ფრაზის განვითარებას გავყვებით,
ამით მეტრული კანონზომიერების ნიშანს სავსებით მოვსპობთ.
რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან?
გალაკტიონის სტრიქონებში კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ისახება,
ლექსის კითხვის პროცესში მკითხველი აკეთებს მეტრულ პაუზას, ოღონდ პაუზის
ხანგრძლივობა ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე ტაეპის ბოლოს. პაუზის
შემცირების გამო ანჟამბემანის გამთიშველი ძალა კლებულობს, რაც აზრობრივი
ცვლილების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამავე დროს, პაუზა ასე თუ ისე
შენარჩუნებულია, ეს კი მეტრულ-რიტმული სტრუქტურის შენარჩუნების საწინდარია.
ცხადია, პაუზის შემცირება მოქმედებს რიტმულ წყობაზე, სალექსო ფრაზის
ინტონაციაზე.
სხვაგვარად წყდება საკითხი იქ, სადაც ანჟამბემანი ევფონიურად მოტივირებულია.
მეტრული პაუზა ტაეპის ბოლოს აქ სრულ უფლებაში რჩება, ხოლო ფრაზის
განუყოფლობას ევფონიური კავშირი განაპირობებს. ს. ჩიქოვანის ლექსში `ც~ ბგერის
გადასვლა ტაეპიდან ტაეპში, ალიტერაციული თანხმიერება
`ცისფერი~_`ცხენი~_~ცაცხვი~ აერთიანებს სხვადასხვა ტაეპში გაერთიანებულ სიტყვებს.
ევფონიური გადასვლის ეფქტის ნათელსაყოფად ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი.
ავიღოთ ანჟამბემანის ორი ნიმუში, სადაც ბგერითი გადატანა არ ხდება და ხელოვნურად
შევქმნათ ის, ხოლო შემდეგ ეს ორი ნიმუში, ერთი _ პოეტის კუთვნილი, მეორე _
ექსპერიმენტის მიზნით შექმნილი, შევადაროთ ერთმანეთს. გალაკტიონი წერს:
ძვირფასო მთები. რაღაც იშვიათ
ძალით მწვერვალნი დაგიფარავენ.
(`დაგიფარავენ~)

სინტაგმა `იშვიათ ძალით~ გათიშულია. მის წევრებს შორის ევფონიური კავშირი არ


არსებობს. შევქმნათ ეს კავშირი ხელოვნურად:
ძვირფასო მთებო, რაღაც იშვიათ
(შვებით) მწვერვალნი დაგიფარავენ.
თუ ძირითად ტექსტში ინტონაცია ანჟამბემანის საფუძველზე წარმოქმნილ კონფლიქტს
ასახავს, ექსპერიმენტულ ტაეპებში ეს კონფლიქტი არ შეიმჩნევა. ცხადია, გადამწყვეტი
როლი აქ ევფონიას ეკუთვნის, რადგან ლექსის სხვა ელემენტებს ცვლილება არ
განუცდიათ. რაც უფრო საგრძნობია ევფონიური გადასვლა ტაეპიდან ტაეპზე,
ანჟამბემანის მოქმედება მით უფრო შერბილებულია. დავაკვირდეთ ორ ნიმუშს ს.
ჩიქოვანის შემოქმედებიდან:
ჩამავალ მზის შუქი შუბლზე
შეჩერდება და ფიქრივით აფრინდება.
და

კერიასთან შემდეგ შვებით


ვშრებოდით და ვთვლემდით კიდეც.

ორივე მაგალითში პირველი ტაეპი გამოყოფს `შ~ ბგერის ალიტერაციას (`შუქი


შუბლზე~, `შემდეგ შვებით~). ტაეპიდან ტაეპზე გადასვლისას იგივე `შ~ ბგერა
შენარჩუნებულია (`შუბლზე შეჩერდება~, `შვებით ვშრებოდით~). ანჟამბემანის
მოქმედება აქ ნაკლებად საგრძნობია.
ანჟამბემანის მოქმედების ნიველირება დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად
დიდია ევფონიური თანხვედრა წინარე ტაეპის დაბოლოებასა და მომდევნო ტაეპის
დასაწყისს შორის. იქ, სადაც თანხვედრა გამოკვეთილია, სინტაქსური გათიშვა ნაკლებად
იგრძნობა. მაგალითად:

მე ვერ ვარჩევდი, თუ როგორ რთავდა


მთვარე ვარსკვლავებს. როგორც შვილთ დედა .
(გ.ტაბიძე. `რა რიგ მწყურია~)

ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი...შენ აისყ=ულე


სურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები/
(გ.ტაბიძე. `აუზისაგან~)

ანჟამბემანის რეგულირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. კიბურ რითმასაც.


რომელიც ევფონიური გადასვლის ფუნქციას ასრულებს და, ამდენად, ასუსტებს
ანჟამბემანის მოქმედებას. მაგალითად:
და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედი
გედი, დაჭრილი ოცნების ბაღით.
(გ. ტაბიძე. `სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში~)

გადატანა `მოვედი გედი~ ევფონიურად მოტივირებულია და ბგერითი სიახლოვის


გამო კიბური რითმა `მოვედი-გედი~ ევფონიურ ერთიანობას ქმნის. `გედი~
ანეიტრალებს მეტრული პაუზის მოქმედებას და, პაუზის რეალიზაციის მიუხედავად,
ფონს უქმნის აზრის დაუბრკოლებელ განვითარებას.
შევადაროთ ორი ნიმუში, რომელთაგან ერთს გადატანისას კიბური რითმა ახლავს,
მეორეს კი _ არა:
ოჰ, როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახატი საგანთა უარით.
(გ. ტაბიძე. `ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი~)

და
`და მახსოვს მხოლოდ ცისფერთვალება
იდუმალება შორეულ ტრფობის.
(გ. ტაბიძე, `ის~)
მეტრული პაუზის გამკვეთრება პირველ შემთხვევაში ფრაზის სემანტიკაზე მოქმედებს,
მეორე შემთხვევაში კი, მიუხედავად მეტრული პაუზის სიძლიერისა (`ცისფერთვალება~
გარითმულია წინა სტრიქონის `წვალებასთან~), ვერ აფერხებს ფრაზის განვითარებას.
კიბური რითმა `ცისფერთვალება~ _ `იდუმალება~ ანეიტრალებს მეტრული პაუზის
გამთიშველ მოქმედებას სიტყვათა ალიტერაციული შეკავშირების მეშვეობით.
ცხადია, ანჟამბემანისა და ბგერითი გადატანის თანხვედრა ყოველთვის არ ხერხდება.
ანჟამბემანის ბგერითი მოტივირება დამახასიათებელია იმ პოეტებისთვის, რომლებიც
ლექსში ვერსიფიკაციულ და აზრობრივ ელემენტთა წონასწორობისკენ მიისწრაფვიან.
საერთოდ, ტაეპის მიჯნა მნიშვნელობის მხრავ ყველაზე უფრო ძლიერი პოზიციაა.
ამიტომ ნიკ. ბარათაშვილი სწორედ აქ ათავსებს ლექსის სათაურის შესაბამის ან მისი
თემის აღმნიშვნელ სიტყვებს. მაგალითად:
,,მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი!
(,,მერანი”)

,,მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ გმირო მხცოვანო,


და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!”
(,,საფლავი მეფის ირაკლისა”)

,,განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა


ნორჩი ახალი...
...მოქშუის მტკვარი, მოჰქრის ნიავი და შრიალითა
არხევს ჩინარსა...”
(,,ჩინარი”)

,,წარვედ წყლისა პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად”


(,,ფიქრნი მტკვრის პირზედ”)

,,საბრალოა მხოლოდ სული ობოლი...”


(,,სული ობოლი”)

,,მიყვარს, მიყვარს მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის...”


(,,ჩვილი”)

,,რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?”


(,,ჩემს ვარსკვლავს”)
,,ამგვარი იყო მთაწმინდაზე შემოღამება...”
(,,შემოღამება მთაწმინდაზედ”)

,,მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!”


(,,ჩემი ლოცვა”)

ტაეპის ბოლოს სიტყვის ღირებულება შენარჩუნებულია ანჟამბემანის შემთხვევაშიც.


პოეტები ხშირად სარგებლობენ ანჟამბემანის პოტენციური შესაძლებლობებით და ე.წ.
ძლიერ პოზიციაში გააქვთ მათთვის აზრობრივად მნიშვნელოვანი ლექსიკური
ერთეულები. მაგ:
მდინარე ნანას უმღერის
რაიდსა, ურჩსა მტრისასა
(ა.წერეთელი. `განთიადი~)

აქ, ანჟამბემანში, სიტყვა `რაინდის~ მიზნობრივი გამოყოფა ეჭვს არ ბადებს _ ეს სიტყვა


ყველაზე უფრო ზუსტი ეპითეტია სამშობლოსათვის თავდადებული გმირისა,
რომელსაც ეძღვნება ეს ლექსი.

ან:
ვისგან ნუგეშსა მოველოდი, მისი სამარე
თვალთა იხილეს და არ დაბრმავდნენ მყისვე ეს თვალნი!
(გრ. ორბელიანი. `ჩემს დას ეფემიას~)

უცხოობაში ყოფნას პოეტი _ ამ ლექსის მიხედვით _ სამარეში ყოფნად აღიქვამდა.


სამშობლოში მობრუნებისას ის ნუგეშს და სიხარულს მოელოდა, ნაგრამ აქაც
იმედგაცრუება და უბედურება მოელოდა _ საყვარელი ადამიანის სამარე. ცხოვრება
სამარიდან სამარემდე მსვლელობად გადაიქცა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ პოეტს
ანჟამბემანში სწორედ ეს სიტყვა აქვს გატანილი. ანალოგიური შემთხვევა გვხვდება ვაჟა-
ფშაველასთან:
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა.
(ვაჟა-ფშაველა. `ალუდა ქეთელაური~)
სადაც პოემის ძირითადი კონფლიქტის არსის გამომხატველი სიტყვა ანჟამბემანის
პოზიციაშია დასმული.
ამგვარი შემთხვევები ქართულ და არაქართულ პოეზიაში ხშირად გვხვდება, რაც
ადასტურებს იმას, რომ ლექსის სტრუქტურა, სიტყვების განლაგება მასში შემთხვევითი
არაა (როგორც პროზაში) და სპეციფიკური `სალექსო სინტაქსის~ კანონებს
ექვემდებარება.

You might also like