You are on page 1of 4

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო

აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი

გოთიკური
არქიტექტურა

რეფერატი

არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები


ლექტორი: ჯავახიშვილი თარხუჯ
კურსი I, ჯგუფი I

გოგიჩაიშვილი ანა

თბილისი, 2021
XII საუკუნის მეორე ნახევარში ილ დე ფრანსის ტერიტორიაზე იგება აქამდე არსად
არსებული სტილის ნაგებობები, რომლებიც მნახველებს შორის მკაცრ, აღშფოთებულ
კრიტიკასთან ერთად აღფრთოვანებასაც იწვევს. ამ უცხო სტილის აღმოცენების
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე francigenum opus-ს ანუ “ფრანგული წარმოშობის
ხელოვნებასაც“ უწოდებდნენ, მაგრამ მას ახლა გოთიკურის სახელით ვიცნობთ. ეს სიტყვა
თავდაპირველად დამცინავად იქნა გამოყენებული ბარბაროსების ხელოვნების სინონიმად,
რომლებმაც დაივიწყეს ანტიკური ტექნიკა და წესები. მოგვიანებით კი დამკვიდრდა,
როგორც შუა საუკუნეების დიდებული არქიტექტურული ხედვის აღმნიშვნელი ტერმინი.
გოთიკური არქიტექტურა სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო
მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე. ამ სტილის პოპულარიზაციას
არქიტექტურაში დიდად შეუწყო ხელი მოსახლეობის დემოგრაფიულმა ზრდამ,
განსაკუთრებით კაპეტინგების პერიოდში, როდესაც მორწმუნეთა დიდი რიცხვი
რელიგიური ნაგებობების გაფართოებას ითხოვდა; მაგრამ უმთავრესად, ფრანგულ
საეპისკოპოსოებს შორის კონკურენციამ - თითოეული ეპისკოპოსის სურვილმა შეექმნა
იმაზე მეტად შთამბეჭდავი ტაძარი, ვიდრე მის მეზობლებს - განაპირობა გოთიკური
მარცვლის განვითარება ჯერ საფრანგეთის ქალაქებში შემდგომ კი მთელს დასავლეთ
ევროპაში. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სახელმწიფომ სტილი თავის კულტურას
მოარგო და განმასხვავბელი ნიუანსები შესძინა.
მაშასადამე, გოთიკური სტილი არქიტექტურაში ძირითადად რელიგიურ ნაგებობებს
მოიცავს და სწორედ ტაძრებში ნათლად არის გამოხატული მისი მახასიათებლები,
გრანდიოზულობა.

გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ


მისწრაფებული ტაძრები და საზეიმო ხასიათის რატუშები, წაისრული ფორმები,
მღვიმოვანი სივრცეები, ვიტრაჟები, ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა
სინთეზი, რომელთა ერთობლიობამაც მსოფლიოს მართლაც რომ შედევრები დაუტოვა.
გოთური ტაძრების გეგმა ტრადიციული ბაზილიკურიდან იღებს საფუძველს, თუმცა
გეგმის ცალკეული ნაწილები ინტეგრირებული იყო ერთიან სივრცულ სქემაში. გარდა
ამისა, გოთიკური არქიტექტურული პერიოდი ტექტონიკური თვალსაზრისით რამდენიმე
სიახლის მომტანიც იყო. ტექნიკური მიგნება იყო შეისრული თაღები, რომლებმაც სულ
მალე ჩაანაცვლეს ნახევარწრიული თაღები. გოთიკური შესასვლელები სწორედ ასეთი
თაღებია, მათი წაწვეტებული ფორმა თაღის კონსტრუქციას მატებდა საოცარ ძალას,
ამტანობასა და სტაბილურობას. მისი არსი გამბჯენი ძალის მნიშვნელოვნად შემცირებაა.
ვხედავთ ამავე მიზნით შემუშავებულ ახალ კონსტრუქციებს: კონტრფორსს,
არკბუტანებსა და ნერვიურებიან კამარებს. კამაროვანმა გადახურვამ გადაჭრა რომაული
პერიოდის პრობლემა - სვეტოვან-კოჭოვანი სისტემა არ იძლეოდა დიდი გადახარული
სივრცეების შექმნას. მსგავსი გადახურვა ტაძარში სარდაფული ტიპის განათებას ქმნიდა
და ეს მას მეტ იდუმალებასა და სახასიათო ატმოსფეროს სძენდა. კონტრფოსების გვერდით
გაჩნდა ე.წ. „მფრინავი საყრდენი“ - არკბუტანები, შენობის გარე კედელს მიშენებული
ნახევარრკალის ფორმის თაღი, რომელიც კამარის სიმძიმეს გადასცემდა გარე კედელზე
მიშენებულ ბურჯებს.
ნერვიურებიანმა კამარამ მისცა მშენებლებს საშუალება გადაეხურათ როგორც
კვადრატული, ისე მრავალკუთხა სივრცეები ჯვრული კამარით. ეს ნერვიურა-წიბოების
კარკასია, რომელსაც კამარის შემსუბუქებული წყობა უჭირავს. მას შემდეგ, რაც დატვირთვა
სვეტებზე იქნა გადატანული კედლიც მნიშვნელობა შემცირდა, რამაც ვიტრაჟების
ხელოვნებას მისცა გასაქანი და მხატვრული განვითარება.
„კონსტრუქციის პლასტიკური თვისებების თანმიმდევრულობმა განვითარებამ
წარმოშვა ერთიანი ტექტონიკური სტრუქტურა, რის შედეგადაც გოთური ტაძრების
გამომსახველობითობა მიიღწეოდა არქიტექტურული ფორმების პლასტიკის და სივრცითი
ეფექტის შერწყმულობით.“
რაც შეეხება ფრონტალურ კომპოზიციას, გოთური ტაძრები ხასიათდება
სიმეტრიულობით, კონტრასტულობით, დეკორატიულობითა და რითმულობით. ისინი
ვერტიკალურად დინამიურია: დეტალები ვერტიკალურია, სიმაღლე სიგანესთან
შედარებით ჭარბობს, მასაც მცირდება ზედა მიმართულებით, რაც ზეცისკენ სწრაფვის
შთაბეჭდილებას ქმნის. გოთური ნაგებობების ზედაპირები უმეტესწილად მის ელემენტებს
შორის რთულ რითმულ ურთიერთობაზეა აგებული, რითმულ მოტივებს კი
რელიეფურობა და ფაქტურა ქმნის. გოთიკური არქიტექტურის კონტრასტულობა ფასადის
ზედა და ქვედა ნაწილების ურთიერთმიმართებაში მდგომარეობს: უხეში და მასიური
თაღები, რომლებიც ჰორიზონტალური ცენტრისკენ, სიღრმეში რითმული პრინციპით
ძლიერდება და მათ ზევით წარმოქმინილი სიმეტრიული აჟურულობა და სიმსუბუქე.
გოთიკურ სტილში შესრულებულ ყველაზე გამორჩეული ნაგებობებია მილანის
საკათედრო ტაძარი (იტალია), პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (საფრანგეთი),
რივერსაიდის ტაძარი (აშშ. ნიუ-იორკი), უესტმინსტერის სააბატო (ინგლისი. ლონდონი),
ფრანკფურტის ტაძარი (გერმანია), შარტრის საკათედრო ტაძარი (საფრანგეთი)...
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ნოტრ-დამის კათედრალი საუკუნეებია ამაყად დგას
ქალაქის შუაგულში და მნახველების ღრმა პატივისცემის გრძნობას იმსახურებს. მისი
დახვეწილობა და სილამაზე მრავალი შემოქმედის აღმაფრენისა და შთაგონების წყარო
ყოფილა. გოთიკური სატაძრო არქიტექტურა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს
ევროპული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, რადგან შუა
საუკუნეების ხელოვნებისთვის ეს სტილი ძალზედ თამამი სიახლე იყო. ევროპაში გოთიკა
უეცრად გაჩნდა და ზოგისთვის თავიდან მიუღებელიც კი აღმოჩნდა, ზოგიერთმა კი ამ
არქიტექტურულ სტილში პოეტური წარმოსახვის სიმბოლოებიც დაინახა.

You might also like