You are on page 1of 6

სვეტიცხოველი

შესავალი

სვეტიცხოვლის ტაძრის აგების პერიოდი ემთხვევა ცალკეული ქართული პროვინციების ერთიან


სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის ბრძოლისა და ფეოდალური საქართველოს სოცილა ეკონომიური და
კულტურული მომძლავრების ხანას. მასში სრულად არის ასახული განვითარებული ფეოდალური ხანის
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებმაც განვითარება
ჰპოვა ფეოდალურ ხანის ქართული მონუმენტური არქიტექტურის ცხოველხატული სტილის ეპოქაში: ეს
არის გუმბათოვანი ტაძარი მკაფიოდ ხაზგასმული გრძივი ღერძით და მასებით, რომლებიც სივრცეში
ჯვრის ფორმას ქმნიან; დასავლეთის მკლავი უფრო გრძელია, ხოლო აღმოსავლეთის აფსიდი გარე
კედლების ოთხკუთხედშია ჩაწერილი; გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს; ნათელ
ტექტონიკას და გეომეტრიულ სიცხადეს დამორჩილებული ფასადების დეკორატიული გაფორმება
მრავალფეროვანია (მდიდრული დეკორატიული თაღების და ნახევარსვეტების სისტემა, ჩუქურთმით
დაფარული კარ-ფანჯრების საპირეები, ლავგარდნები, ფიგურული რელიეფები, პოლიქრომიული ეფექტი);
ინტერიერში კედლის ზედაპირი დაფარულია მხატვრობით; გადახურვის კონსტრუქციებში, თაღისა და
კამარის გარდა, გამოყენებულია აფრები; შინაგანი სივრცის და გარეგანი მასების საერთო პროპორციები
მოხდენილი და მსუბუქია, ტექტონიკური წყობის მისწრაფება – დინამიური, ზეაღმართული.
სვეტიცხოვლის ტაძარი, ისე როგორც ეპოქის სხვა წამყვანი კათედრალები (ოშკის,
ქუთაისის ბაგრატის, ალავერდის ტაძრები), გამოირჩევა თავისი აბსოლუტური ზომებით – იგი შუა
საუკუნეების საქართველოს ყველაზე დიდი ნაგებობაა.

არქიტექტურა

ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი რბილი ნაცრისფერ-მოყვითალო და მომწვანო ტონის ქვიშაქვის და


ტუფის კვადრებით. ზოგიერთი არქიტურული ელემენტის ხაზგასმის მიზნით წყობაში გამოყენებულია
სხვადასხვა ფერის ქვები (ღვინისფერი და მწვანე) შემორჩენილი ძველი წყობა სწორი, ჰორიზონტალური
რიგებისგან შედგება. გარე და შიდა თლილ საპირე ქვებს შორის ჩასხმულია კირხსნარისა და ნაყარი ქვების
მასა.

ტაძარს სამი კარიბჭე ჰქონდა, ამჟამად ტაძარში შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდანაა. სამხრეთისა და
ჩრდილოეთის კარიბჭეები XIX საუკუნეში დაანგრიეს.
ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული მკლავებით.
გარედან ტაძარი სწორკუთხედშია ჩაწერილი. მკლავების გადაკვეთის ადგილას, თავისუფლად მდგომ ოთხ
ბურჯზე დამყარებულია მაღალყელიანი, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათი. ინტერიერში ძირითადი გრძივი
ღერძის სრულად გამოვლენისათვის სხვადასხვა მხატვრულ-არქიტექტურული ხერხია გამოყენებული:
დასავლეთის მკლავის მძლავრი თაღების რიტმი ცენტრისაკენ, უხვად განათებული, ზეატყორცნილი
გუმბათქვეშა სივრცისაკენ წარმართავს მზერას ეს მკლავი აღმოსავლეთისკენ ფართოვდება აღმოსავლეთით
კომპოზიციას ასრულებს საკურთხევლის ღრმა და ვრცელი აფსიდი. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა,
აფსიდის ქვედა ნაწილში დეკორატიული ნიშნები და სასულიერო პირთათვის განკუთვნილი
სამსაფეხურიანი ჩამოსაჯდომია. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ სამკვეთლო და სადიაკვნეა,
რომლებსაც აღმოსავლეთ მხარეს აფსიდი აქვთ. ამ სათავსების თავზე ტაძრის განივი მკლავებისაკენ
თაღებით გახსნილი პატრონიკეა. საკურთხეველს და მიმდებარე სადგომებს აღმოსავლეთით
თითო სარკმელი აქვთ. აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებში თითო დიდი სარკმელია, ხოლო გვერდის
მკლავებში – სამ-სამი.

დასავლეთის მკლავს მეორე იარუსის დონეზე გასდევდა თაღოვანი პატრონიკე, რომლის მხოლოდ შუა
ნაწილია შემორჩენილი. ამავე მკლავს დასავლეთის მხარეს ეკვრის განიერი ნართექსი (აქედან იყო
ასასვლელი პატრონიკეზე). ტაძრის დასავლეთ ნაწილი მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი თემურ-ლენგის
შემოსევის დროს დაზიანების გამო. ადრე არსებული სამი წყვილი საყრდენი ბურჯიდან ამჟამად მხოლოდ
ორია (შეცვლილია მალების რაოდენობა და სიდიდე, განსხვავებულია ბურჯების მოხაზულობა და სხვ.).

ტაძრის დასავლეთის ნაწილში, თვით მკლავსა და სამხრეთ-დასავლეთ სათავსს შორის, წინანდელი


საყრდენი ბურჯის ადგილას, სფერული უყელო გუმბათითა და აგურის პირამიდული სახურავით
დასრულებული კოშკისებრი ნაგებობაა. ეს საკუთრივ „სვეტიცხოველია“, სადაც სასწაულმოქმედი სვეტი
ინახებოდა. ახლანდელი კოშკი XVII საუკუნეშია აგებული.

ტაძრის ინტერიერში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კედელთან დგას მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესიის
მოდელი-სამლოცველო, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე აღმართულ ტაძარს უნდა
გამოხატავდეს. მოდელი XV საუკუნისაა. სამხრეთის გუმბათქვეშა ბურჯთან ოთხ სვეტზე მდგარი მცირე
ზომის ნაგებობა სფერული გადახურვით საკათალიკოსო კათედრაა

ფასადი

ტაძრის გარეგანი ფორმების, მასებისა და გადახურვების ურთიერთგანაწილება, პროპორციები


ექვემდებარება წამყვან ელემენტს – ცენტრში აღმართულ მაღალ, მასიურ გუმბათს, რომლის ქვეშ ორფერდა
სახურავიანი ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის – დაბალი, ცალფერდა სახურავებით გადახურული
სათავსები (სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე თავდაპირველად არსებულ მინაშენებს არსებითი
მნიშვნელობა ჰქონდა ნაგებობის მასათა საფეხუროვან დანაწილებაში).

ფასადების მოსართავად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედისა და


შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა და სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები.
გრძივი ფასადების ზედა იარუსზე დასავლეთის ბურჯების კამარების შესაბამისად შექმნილი;
კონსტრუქციულად გამართლებული ღრმა თაღოვანი ნიშებია, რომელთა პილასტრები კონტრფორსების
როლს ასრულებს. სავსებით განვითარებული ხასიათისაა მდიდარი, მრავალფეროვანი ჩუქურთმები
(დღემდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია). ტაძრის დეკორატიული მორთულობის სისტემაში მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს ფიგურულ რელიეფსაც.

აღმოსავლეთ ფასადის მორთულობის საფუძველია ხუთი დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა,


რომელშიც ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები. ეს მოტივი გამდიდრებულია შუა, მაღალი თაღის შიდა
სიბრტყის მორთულობით. აქ, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში გამობმულ დისკოებზე
მოთავსებულია ერთ-ერთი სამშენებლო წარწერა. ფასადის ძირითად დეკორატიულ ლაქას წარმოადგენს
ცენტრალური სარკმლის პოლიქრომიული ჩუქურთმიანი არშიებისაგან შედგენილი საპირე, რომელიც
ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით. სარკმლის ქვეშ, მის
ორივე მხარეს მოთავსებულია V საუკუნის ბაზილიკიდან გადმოტანილი ხარის თავების სკულპტურული
გამოსახულებები. იქვეა XI საუკუნის რელიეფები – ორი მფრინავი ანგელოზი. სიმეტრიულად
განლაგებული ანგელოზები კომპოზიციურად მორგებულია ამ ადგილთან, მაგრამ მათი სტილისტური და
შინაარსობრივი დაკავშირება დეკორის დანარჩენ ნაწილებთან (სარკმლის გაფორმება, ხარის თავები)
წმინდა გარეგნულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ეს რელიეფები მოგვიანებით, შეკეთების დროს არის აქ
გადმოტანილი.

ხარის თავებს შორის მოთავსებულია რელიეფი – ვედრების კომპოზიცია. აქვე არსებული მხედრული
წარწერით (მასში მოხსენიებულია კათალიკოსი ნიკოლოზ მაღალაძე) იგი 1674 წლით თარიღდება. ფასადის
ზედა მონაკვეთში ლომისა და არწივის, ტაძრის თანადროული, მაღალრელიეფიანი გამოსახულებებია.

გრძივი ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით და შეწყვილებული პილასტრებით. ისინი არ


არიან ერთ სისტემაში გაერთიანებული და მხოლოდ ცალკეულ დეკორატიულ აბზაცებს ქმნიან.
მიუხედავად ელემენტების სხვადასხვაობისა და ფორმების ასიმეტრიულობისა, ფასადები ჰარმონიული და
გაწონასწორებულია. ნგრევისა და ჩატარებული რესტავრაციების შედეგად გრძივი ფასადების
თავდაპირველი მხატვრული სახე ერთგვარად დარღვეულია; თუმცა სარკმელთა საპირეები, სათაურები და
რელიეფები ძირითადად XI საუკუნეს მიეკუთვნება.

ტაძრის ფასადების მორთულობის პირვანდელი სისტემა (კარ-სარკმელთა მორთულობა) ძირითადად


შენარჩუნებულია დასავლეთის ფასადზე. ფასადის ამაღლებული, ცენტრალური ნაწილი ხაზგასმულია
ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი ფართო დეკორატიული თაღით, რომლის შიგნით სარკმლის გარშემო
თავმოყრილია მდიდრული ორნამენტულ-დეკორატიული მორთულობა. ფასადის კომპოზიციას ასრულებს
ფრონტონის სამფიგურიანი რელიეფი, რომელიც ავსებს თავისუფალ არეს ლავგარდანსა და დეკორატიულ
თაღს შორის. იგი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. აქ წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი ქრისტე
მაცხოვარი, რომელიც მარჯვენათი აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში დახურული წიგნი უჭირავს.
შთაბეჭდილების გასაძლირებლად რაკურსში გამოსახული ქრისტე კომპოზიციაში აბსოლუტური
ზომებითაც (სიმ. 1,4 მ) გამოირჩევა. ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზს სურა უპყრია ხელთ, ხოლო
მეორეს – მრგვალი საგანი (სავარაუდოა, სეფისკვერი). ეს არის ამაღლების, მეორედ მოსვლის კომპოზიცია,
რომელშიც მოკლე და ლაკონიური ფორმულის სახით ხორცშესხმულია მოძღვრება ევქარისტიის შესახებ. ამ
კომპოზიციასთან შინაარსობრივ კავშირშია ამავე ფასადზე, კედლის განაპირა სიბრტყეებზე
(ნახევარსვეტებსა და კედლის ნაპირებს შორის) სიმეტრიულად განლაგებული მცენარეთა რელიეფური
გამოსახულებები – სიცოცხლის ხის მოტივი.

ეს რელიეფი (აგრეთვე აღმოსავლეთის ფასადზე ანგელოზების გამოსახულებები) ატარებს X საუკუნის


ბოლოსა და XI საუკუნის I ნახევრის ქართული ფასადური ქანდაკების ძირითად დამახასიათებელ ნიშნებს:
მშვიდი, მკაცრად ფრონტალურად წარმოდგენილი მონუმენტური კომპოზიცია (განსაკუთრებით ქრისტეს
ფიგურა) მოცემულია განზოგადებულ ფორმებში, დეტალიზაციის გარეშე (ტანსაცმლისა და სახის
დამუშავება); მონუმენტურობა შეერთებულია განვითარებულ სკულპტურულობასთან – ხაზგასმულია
სიღრმისა და სივრცობბიობის შთაბეჭდილება; რელიეფი მრგვალ ქანდაკებას უახლოვდება.

ტაძრის ყველა ფასადს ეტყობა სხვადასხვა დროის შეკეთების ნიშნები, გუმბათის ყელი, მისი სარკმლების
მორთულობა და რთულპროფილიანი ჩუქურთმით შემკული ლავგარდანი XV საუკუნისაა, გუმბათის
სარტყელი და სხვა მცირე შეკეთებები (სტალაქტიკური ხასიათის ნიშები გრძივ ფასადებზე და სხვ.) XVII
საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო გრძივი ფასადის კლასიცისტური პროფილები და ტოსკანური
ნახევარსვეტები – XIX საუკუნეს.

მოხატულობა

XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები


შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით
– სახარების სცენის ქრისტე და სამარიტელი ქალი ნაწილი (წმინდანთა თავზე ასომთავრული წარწერის
ფრაგმენტია: „ქ აქა“. სამარ...“), შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე – მცენარეული ორნამენტი და
სამხრეთ ნავის კამარაში – გაურკვეველი სცენის ნაშთები. მხატვრობა ხასიათდება მონუმენტურობით და
რბილი ნახატით. კოლორიტი ნათელია (მოწითალო და ოქროსფერი ოქრა, ცისფერი და ღია მწვანე).

დანარჩენი მოხატულოა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი.


კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე
შემდგარი ორი ექვსფრთედი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი,
კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. საკურთხევლის მეორე რეგისტრში მონებით ხელში. ერთ-ერთ
მოციქულს ღვთისმშობელი, რომელსაც ყრმა უჭირავს ხელში, წიგნს გადასცემს რეგისტრები
ერთმანეთისგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ზოლით, ხოლო საკურთხევლის სარკმლის თაღი და
წირთხლები მცენარეული მოტივებითაა შემკული. კონქის თაღის საფეხურის სიბრტყეზე ასომთავრული
წარწერაა („ქ მოსავთა შნთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო დაიმტკიცე ეკლესიაი შენი რომელი
მოიყიდე სისხლითა შენით წმ“).

ტაძრის გუმბათის სფეროში გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე წრეში


ირგვლივ მახარებელთა სიმბოლოებითა და ოთხი ექვსფრთედით. წრის გარშემო დაზიანებული ბერძნული
წარწერაა. მხატვრობა შესრულებულია გუმბათის აღდგენის შემდეგ, არა უადრეს 1656 წლისა. გუმბათქვეშა
სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახულია მეფე როსტომის მეუღლე მარიამი
შვილთან ერთად.

ტაძრის სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე დიდი ზომის კომპოზიციაა ფსალმუნის თემაზე – აქებდეთ
უფალსა. იგი ხალიჩისებურად ავსებს კედლის უმეტეს ნაწილს. მოხატულობაში ჭარბობს მუქი ლურჯი,
ყვისფერი, მონაცრისფრო-ცისფერი, თეთრნარევი ყვითელი, მონაცრისფრო-თეთრი ფერები. ეს მუქი და
მღვრიე კოლორიტი გაცოცხლებულია მუქი წითელი ფერით (უმთავრესად წმინდანთა ტანსაცმელი).
გამოსახულებათა დიდ ნაწილს ახლავს თეთრი საღებავით შესრულებული ბერძნული და ქართული
წარწერები.

დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულია შემდეგი სცენები: გუმბათქვეშა ჩრდილო-


დასავლეთ ბოძს ზემოთ – სამება, თორმეტი მოციქული, ძუელი დღეთა და ყრმა ქრისტე მანდორლაში
მახარებელთა სიმბოლოებით; ჩრდილო-დასავლეთ ბოძს ზემოთ – თორმეტი წლის ქრისტეს
ქადაგება ეკლესიაში, განრღვეულის განკურნება და ფხიზელი თვალი, ბოძზე – კონსტანტინე და ელენე
ჯვრით ხელში; თაღს ზემოთ – ხარებაა; თაღის ორივე მხარეს – ორი წინასწარმეტყველი. თაღის
საფეხურები შევსებულია მედალიონში ჩასმულ მარტვილთა წელზედა გამოსახულებებით და დაჩითულ
ქსოვილთათვის დამახასიათებელი მცენარეული მოტივებით. ბოძების შიგა წიბოები შემკულია
მცენარეული ორნამენტით. აქვეა წმ. ქრისტეფორესა და უცნობი მარტვილი ქალის ფიგურები. მხატვრობა
ხასიათდება სიმშრალით და ჩამქრალი, თითქოსდა „ჭუჭყნარევი“ კოლორიტით (გამოყენებულია
მონაცრისფრო-ცისფერი, ღია იისფერი, მოწითალო-ყავისფერი, მუქი ლურჯი ფერები).

ტაძრის სხვადასხვა ნაწილში შემორჩენილია მოხატულობის ცალკეული ფრაგმენტები: გუმბათქვეშა


სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოძზე – წმინდანები მედალიონებში, ნაგებობა, ექვსფრთედი და მცენარეული
ორნამენტის ნაწილები; გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთის ბოძის აღმოსავლეთ მხარეს – მცირე ზომის
სცენა: შარავანდიანი ჭაბუკისაკენ მიმართული ღვთისმშობელი (მარიამის თავზე ასომთავრული წარწერაა
„ყდწი“); გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთის ბოძის ჩრდილოეთ მხარეს – ორი წმინდანი ბარძიმით ხელში;
ბოძის დასავლეთ მხარეს – ანგელოზი; ზემოთ, ცის სეგმენტში – მაცხოვარი; ბოძის დასავლეთ მხარეს –
ანგელოზი. მხატვრობის ეს ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება, სამკვეთლოს
სამხრეთის კედელზე წმინდანთა გამოსახულებები (დაზიანებულია) XIX საუკუნეშია შესრულებული.

You might also like