You are on page 1of 5

სემინარი 2 ხანძთა მარიანა ჩარქსელიანი

ხანძთი სმონასტერი მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის პირველ სავანედ, საიდანაც მან


შემდგომ დაიწყო სხვა 11 სავანსი აშენება, შესაბამისად სხვა დანარჩენთან ერთად ეს
ფაქტი ხანძთას მნიშვნელობას უფრო მეტად ზრდის.
ხანძთას მონასტერი გრიგოლ ხანძთელმა 782 წელს დაარსა, სახელიც მისი
ამშენებლიდან მომდინარეობს. ხანძთის მონასტრის და მისი დამაარსებლის, წმ.
გრიგოლ ხანძთელის შესახებ მოგვითხრობს გიორგი მერჩულის აგიოგრაფიული
თხზულება და მისი ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო
წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდშია დაცული. პირველად მას 1845 წელს ნ.
ჩუბინაშვილმა მიაკვლია, ხოლო 1902 წელს იერუსალიმში ქართული ხელნაწერების
გამოსავლენად მივლინებულმა ნ. მარმა გადმოიღო და 1911 წელს გამოაქვეყნა. ნიკო
მარმა გადაწყვიტა ხანძთელის დაარსებული კლარჯეთის სავანეებიც მოეძია და
მასალა ხელნაწერთან ერთად გამოეცა. ამ მიზნით მან 1902 წელს ექსპედიციაც
მოაწყო. კვლევის საწყის პერიოდში არ არსებობდა საერთო აზრი ხანძთის
იდენტიფიკაციის შესახებ. დღეს ეს საკითხი ცალსახად გადაჭრილია და ყველა
მეცნიერი თნხმდება იმ აზრზე რომ ხანძთა მდებარეობს სოფელ პორტაში.
ხანძთის მონასტერი 782 წლის ახლო ხანებში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა, როცა მან
ეს ადგილი ღმერთის კარნახით იხილა, აქ მარტოდმყოფი ბერი ხუედიოსი
ცხოვრობდა. ბერმა გრიგოლს სთხოვა, მის გარდაცვალებამდე დაეცადა და მხოლოდ
შემდეგ წამოეწყო აქ სამონასტრო მშენებლობა. გრიგოლი ასეც მოქცეულა, ორი წელი
მან ოპიზაში დაჰყო, შემდეგ კი ოპიზელი ბერების მიერ მიცემული იარაღებით და
დახმარებით შეუდგა უკვე საკუთარი მონასტრის მშენებლობას. მერჩულეს თანახმად
მათ საეკლესიოდ ადგილი დაავაკეს და პირველი ძელის, ხის ეკლესია ააშენეს.
შემდეგ ძმათა სენაკები და ბოლოს – გრიგოლის საყუდელი და სატრაპეზო. მალევე,
820-იან წლებში, აშოტ კურაპალატის სიცოცხლეშივე, ეს ეკლესია შეცვალეს პირველი
ქვის ეკლესიით, რომელიც ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ დაფანჩულის
მატერიალური და მორალური შეწევნით აიგო. სამაგიეროდ ხანძთა დაფანჩულთა
საგვარეულო საძვალე უნდა გამხდარიყო, ხოლო დაფანჩულთა ოჯახის ხსენება
ლოცვის დროს სამუდამო ვალდებულებად იქცა. გრიგოლ ხანძთელი 860 წელს
გარდაიცვალა 102 წლის ასაკში. მისი სიკვდილის შემდეგ კლარჯეთში,, ახალი
მონასტრები, როგორც ჩანს , აღარ დაარსებულა. ხანძთის რიგით მესამე ეკლესიის
მშენებლობა 910-იან წლებში დაიწყო. მისი ქტიტორი იყო აშოტ ერისთავთ-ერისთავი,
კუხად წოდებული. იგი 918 წელს გარდაიცვალა ისე, რომ დაწყებული საქმის
დამთავება ვერ მოასწრო. შენობა დაასრულა გურგენ ერისთავთ-ერისთავმა. ხანძთის
მესამე ეკლესიის მშენებლობა ცოცხლად აქვს აღწერილი გიორგი მერჩულეს,
რომელიც საგანგებოდ აღნიშნავს აქაური კლდეების ”სიფიცხლეს” ”ფრიადითა
შრომითა და ქვითკირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრეთ შეჰრაცხეს
შემზადებაჲ ადგილისაჲ მის”. გიორგი მერჩულეს დასახელებული ჰყავს ხანძთის
ახალი ეკლესიის ხუროთმოძღვარი - ”სიბრძნით სრულიად მაშჱნებელი” ამონა. ეს
ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა, მითუმეტეს რომ თხზულებაში, რომელშიც
მრავალი მშენებლობის ამბავია მოთხრობილი არცერთი სხვა არქიტექტორი არ
იხსენიება. ხანძთის ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ ამონა მართლაც
გამორჩეულად დახელოვნებული ოსტატი იყო და, როგორც ჩანს, თავისი
პროფესიული განსწავლულობით ღრმა კვალი დატოვა თანამედროვეთა
ცნობიერებაში. ეკლესია აღმართულია სუბსტრაქციით შექმნილი ტერასის
აღმოსავლეთ ნაწილში და შორიდანვე ჩანს. ცნობილია ექვსი წარწერიანი ფილა
ხანძთიდან (ამათგან ოთხი დაკარგულია. ორი ახლა საქართველოს სახელმწიფო
მუზეუბში ინახება). ისინი წარმოადგენენ ოთხი ან, შესაძლოა, სამი წარწერის ძლიერ
დაზიანებულ ფრაგმენტებს, რომელთა რეკონსტრუქცია კვლავაც საჭიროებს
ანალიზს; თავისი შინაარსით უნიკალურია წარწერა, რომელსაც ნ. შოშიაშვილი
პალეოგრაფიული ნიშნებით X საუკუნით ათარიღებს და ”ნასყიდობის აქტს”
უწოდებს. წარწერა ძლიერ დაზიანებულია და მისი სრულად აღდგენა მხოლოდ
პირობითად თუ შეიძლება. პირობითია ნ. შოშიაშვილი მიერ სხვა ორი ფრაგმენტის
შეერთებით მიღებული წარწერის წაკითხვაც, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ
დავით კურაპალატს ხანძთაში სტოა (პორტიკი) აუშენებია. შესაბამისად,
გამომცემელმა ეს წარწერა 979-1001 წლებით დაათარიღა. აქედან გამომდინარე თავად
ტაძარი ამ დროისათვის უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო. სამრეკლოების
მშენებლობა საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება, ხანძთის სამრეკლო ერთ-ერთი
ადრეულია და საკმაოდ კარგად შემორჩენილიც. სამრეკლოს კედლებზე შემორჩა ორი,
ერთი და იგივე ხელით შესრულებული, წარწერა, რომლებშიც იხსენიებიან
სამრეკლოს მაშენებელი მარკოზი, ხანძთის მონასტრის დეკანოზი ანტონი და
კალატოზები აბესალომ კლდელი (ჩანს უფროსი კალატოზი), ქმირი, ყაზანი და
მსახურა. წარწერა ხანძთის სწორი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საბუთიც გახდა,
ვინაიდან სინას მთაზე დაცული ერთ-ერთი ხელნაწერის თანახმად ხანძთის
სამრეკლოს მაშენებლად მარკოზი მოიხსენიება.
მონასტერი XVI საუკუნემდე განაგრძობდა სიცოცხლეს და შესაბამისად განახლებას.
მთავარი ეკლესია - მთავარმოწამის გიორგის სახელზე აგებული გუმბათიანი
ტაძარია, ძირითად ფორმებში ის დღემდე შემოინახა, თუმცა ძლიერ დაზიანებულია.
ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე სრულად დაფიქსირებული ქართული ძეგლია
თურქეთის ტერიტორიაზე. არსებობს XIX ს-ის ბოლოს შესრულებული ა.
პავლინოვისეული ანაზომები, ვ. ჯობაძის ჩანახაზები, ასევე დეტალური ანაზომები
შესრულებული დ. ხოშტარიას ექსპედიციების დროს არქიტექტორ ნ. და გ.
ბაგრატიონების მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში; და ბოლოს, უკვე ნგრევის წინ
შესრულებული ახალი ანაზომები თანამედროვე, ლაზერული ტექნოლოგიების
გამოყენებით. ამ მხრივ ტაძრის სრული რეკონსტრუქცია და მისი ფაქტიურად
პირვანდელი სახით აღდგენა სრულად შესაძლებელია.
როგორც ცნობილი, ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და
მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი VIII-X საუკუნეებში. ხანძთაში მოღვაწე
პირთაგან წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა აღსანიშნავია: არსენ დიდი, ქართლის
კათალიკოსი, მაკარი ლეთეთელი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ,
ხანძთაში დაწერა 950 წელს `ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა~, ხანძთის წინამძღვარი
თევდორე და მისი ძმა იოანე, საბა იშხნელი, თევდორე ნეძველი და ქრისტეფორე
კვირიკეწმინდელი, ეფრემ მაწყვერელი, არსენ საბაწმინდელი, ილარიონ
იერუსალიმელი და მრავალი სხვა. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი
სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით ხანძთის სამონასტრო კომპლექსში
საკმაოდ ბევრი შენობის ნაშთია შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი არაა
გრიგოლის დროინდელი, მონასტერი XVI საუკუნემდე განაგრძობდა სიცოცხლეს და
შესაბამისად განახლებას.
მონასტერი განლაგებულია მთის კალთის ტერასებზე, ნაგებობები, გარდა ტაძრისა და
სამრეკლოსი, დანგრეულია. ეკლესიას სამხრეთიდან ერთვოდა დიდი ნაგებობები,
ზოგიერთი მათგანი ორსართულიანიც კი იყო.
ა) ხანძთის გუმბათიანი ეკლესია დომინირებს მთელს გარემოზე. ეს ყველაზე დიდი
და მაღალი შენობაა. მისი გაბარიტული ზომებია: 12X18 მმ. გარდა ამისა, ტაძარი
კარგად დამუშავებული ქვის ზედაპირით და სწორედ მორგებული პროპორციული
აგებულებითაც გამოირჩევა. ხანძთის ეკლესია იმ დროისათვის გამორჩეული ძეგლია
როგორც ხარისხით, ასე ტიპოლოგიურად და ცალკეული ელემენტების გამოყენებით.
ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობაა, როდესაც ჯვარი მართკუთხა გეგმაშია
ჩაწერილი. ინტერიერში ოთხი მკლავი ქმნის ჯვარს, მკლავებიდან მხოლოდ
დასავლეთისა არის აფსიდალური ფორმის, დანარჩენი – სწორკუთხა.
აღმოსავლეთით სამნაწილიანი საკურთხეველია, ღრმა ბემიანი აფსიდითა და
მართკუთხა ფორმის პასტოფორიუმებით, რომელთა დანიშნულება ტრადიციულად
მარცხნივ – სამკვეთლოსი, მარჯვნივ კი – სადიაკვნესი უნდა იყოს. ეს სათვსები
დარბაზს უერთდება კარებით, განათებულია აღმოსავლეთიდან პატარა ზომის
სარკმლებით. თითო–თითო სარკმელი განლაგებულია თითოეულ მკლავში. ამ
სარკმლების დიდი ზომები კომპენსირებას უკეთებს მათ მცირე რაოდენობას.
გუმბათი აღმოსავლეთით კედლის ორ შვერილს, ხოლო დასავლეთით
დამოუკიდებლად მდგომ ორ სვეტს ეყრდნობა. ჯვრულად განლაგებული
მკლავებიდან დასავლეთისა შედარებით დაგრძელებულია, როგორც ეს კლარჯული
არქიტექტურისათვის იყო დამახასიათებელი; ერთი წყვილი სწორკუთხა და
შედარებით დაბალი სვეტების საშუალებით მკლავი სამ ნავად იყოფა. გუმბათქვეშა
კვადრატიდან გუმბათის თექვსმეტწახნაგზე გადასვლა ტრომპების სამი მწკრივის
საშუალებით ხდება. კლასიკურად გამოყვანილი ტრომპების პირველი რიგი
რვაწახნაგს ქმნის, სარკმლების თავზე გაწყობილი მეორე მწკრივი – თექვსმეტწახნაგს,
ხოლო კიდევ გაორმაგებული რაოდენობის მინიატურული ტრომპების მწკრივი –
გუმბათის სფეროს სიმრგვალეს უზრუნველყოფს. მხატვრულად არის გადაწყვეტილი
კამარების დამჭერი გუმბათის ქვეშ დაკიდული თაღების აგებულებაც, რომლის
ანალოგი ჩვენთვის უცნობია. გუმბათქვეშა დამჭერი სვეტების კუთხეები
საფეხურებადაა გადაშლილი, ლილვები ზემოდან კი არ ეწყობა სვეტებს, არამედ
სიღრმეშივეა გამოყვანილი. უკვე ზედა დონეზე რამდენიმე საფეხურად
გადმოკიდებული თაღები მაღალ კრონშტეინებს ეყრდნობა და ზიგზაგისებრ
კარნიზის წყალობით ჰორიზონტალურ, მაგრამ იმავდროულ კლაკნილ აქცენტს
აკეთებს, რაც ძალზედ ეფექტური და ცოცხალი აქცენტია. ექსტერიერში გეგმით
მართკუთხა ტაძრის ჯვარ-გუმბათოვნება მასების ამოყვანითა და მათი გადახურვის
საშუალებით იქმნება. სადა, რელიეფებითა და ორნამენტაციისგან თავისუფალი
ტაძრის მხატვრულ ეფექტს მისი გუმბათი ქმნის. გუმბათის ყელს ყოველი წახნაგის
კიდეში აღმართული და შეწყვილებულ ლილვებზე გადასროლილი უწყვეტი
თაღნარი მიუყვება. გუმბათის ყელში სარკმელი ოთხია, თითო-თითო
აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეებზე. გუმბათი
ნახევრადგაშლილი ქოლგის მსგავსი კონუსითაა დაბურული, შესაბამისად ყოველი
წახნაგის თავზე პატარა და მაღალი ფრონტონები იქმნება. სწორედ ეს, რიტმული და
საზეიმო განწყობის გუმბათი ქმნის ხანძთის მთავარ ეფექტს. ვ. ჯობაძის
დაკვირვებით, გუმბათის თაღედი დაფერილი იყო. გუმბათის ზიგზაგისებურ
ფორმებს ეხმიანება სამრეკლოს ფანჩატურის კონუსისებრი გადახურვა, რომლის
ლორფინებიც წაწვეტებული ფორმებით არის დაბოლოებული. ტაძარი კარგად
გათლილი და სწორ რიგებად დაწყობილი ქვის პერანგითაა შემოსილი ისე, რომ
ექსტერიერში დუღაბი არსად არ მოსჩანს. უმაღლესი დონის სამშენებლო ხარისხი,
რომელიც მხოლოდ იმხანად იკიდებდა ფეხს და მხოლოდ X–ის მეორე ნახევარში
ჰპოვებს ფართო გავრცელებას, ხანძთაში უკვე სახეზეა. განსაკუთრებით მაღალი
ხარისხის ქვაა გამოყენებული გუმბათის მოსაპირკეთებლად. მერჩულე წერს, რომ ამ
ქვას წონით ყიდულობდნენ და საპალნე გზის არარსებობის გამო შორი გზიდან
ზურგით ეზიდებოდნენ. ეს ალბათ არც იყო გასაკვირი, ხანძთა ხომ
უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდ სამონასტრო კერასა და კლარჯეთის სახლის
ბაგრატიონთა მთავარ სულიერ საყრდენს წარმოადგენდა. კლარჯეთის არქიტექტურა,
განსხვავებით მეზობელი ტაოს არქიტექტურისგან, სადაც უხვადაა ფიგურული თუ
ორნამენტული რელიეფები, უფრო სადა და ასკეტურია. რელიეფები არ არის,
ერთადერთი ჯვარი რომელიც მხოლოდ წითელი ქვითაა გამოყვანილი და არ გააჩნია
არანაირი ორნამენტაცია, აღმოსავლეთი ფასადის ფრონტონის ქვეშ სარკმლის თავზე
იყო ჩასმული. რადგან ამ მხრიდან ეკლესია ფაქტიურად მიუდგომელია და მისი
დანახვა მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი, ჯობაძის აზრით მას არა
დეკორატიული, არამედ საკრალური ფუნქცია ეკისრებოდა და ის მოასწავებს
მაცხოვრის მეორედ მოსვლას, რასაც კაცობრიობა ძრწოლით და შიშით
აღმოსავლეთიდან მოელოდა. ჯობაძე აღმოსავლეთის სარკმელს მეორედ მოსვლის
ხილვის სარკმელს უწოდებს, ჯვარი კი ქრისტეს წინამორბედია. მისი განმარტებით,
წითელი ფერის შერჩევაც მეორედ მოსვლის სიმბოლური გაცხადებაა, რამეთუ
წითელი ფერი ნიშნავს ქრისტეს დაღვრილ სისხლს და ესქატოლოგიურ ცეცხლს,
რომელიც ხილულ სამყაროს მოევლინება. ხანძთაში რამდენიმე წარწერის
ფრაგმენტიც იყო, რომელთა უმრავლესობა დაკარგულია. ორი ფრაგმენტი თბილისის
სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ბ) ეკლესიის დასავლეთით დგას კარგად შემონახული სამრეკლოს შენობა. ის
ტრადიციულად ორიარუსიანია. ქვედა იარუსი კუბურია, შიგნიდან კამაროვანი.
შესასვლელი დასავლეთიდანაა. მეორე სართული წარმოადგენს თექვსმეტწახნაგოვან
ფანჩატურს. სამრეკლოს ფასადები შემკულია ლილვებით და მოპირკეთებულია
კარგად თლილი ქვით. სამრეკლოს კედლებზე შემორჩა ოთხი წარწერა, რომლებშიც
იხსენიებიან სამრეკლოს მშენებლობის ქტიტორი მარკოზი, ხანძთის მონასტრის
დეკანოზე ანტონე და კალატოზები აბესალმა კლდელი, ქმირი, ყაზანი და მსახურა.
გ) ყველაზე ადრეულ ნაგებობებს, მიეკუთვნება ქვის დიდი სატრაპეზო,რომელმაც
ალბათ პირველი ხის სატრაპეზო შეცვალა. ძლიერ დანგრეული სატრაპეზო ნაგებია
დიდი, უხეშად დამუშავებული ქვებით.
დ) ეკლესიასა და სატრაპეზოს შორის ჩაშენებულია მცირე ზომის სამლოცველო.
ე) მონასტრის გალავნის გარეთ არის არქიტექტურულად გაფორმებული წყარო, მასზე
დაშენებულია პატარა დარბაზული სამლოცველო, რომელსც ამჟამად გადახურვა და
კედლების ზედა ნაწილები მონგრეული აქვს. სამლოცველო ნაგებია არქაული
ფორმებით გამორჩეული და დიდი მასიური ქვის ლოდებით და შიგნითაც და
გარეთაც სრულიად სადაა.

დასკვნის სახით, გარდა იმისა რომ ხანძთას მონასტრის მაგალითზე არის აგებული
მთელი შემდგომი მშენებლობის ისტორია ისტორიული ტაო-კლარჯეთის
ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ხანძთის მონასტერი
ისტორიული და იდეური დანიშნულებითაც განსაკუთრებული ძეგლია, სწორედ მის
გარშემო მუშავდება მშენებლობის იდეა და იწყება დიდი აღმშენებლობითი
საქმიანობები საქართველოში, ეს იმ პერიოდისთვის მეტად მნიშვნელოვანი
მოვლენაა, ძალიან ბევრი არასასიამოვნო მტრის, დამპყრობლისა და დამრბევლის
ქვეყანაში პარპაშის მიუხედავად მსგავსი ტიპის პროცსები არ ჩერდება და პირიქით
ეს ეპოქა საქართველოს ისტოიაში ოქროს ხანადაც კი შეიძლება იქნას მოხსენიებული.

You might also like