You are on page 1of 4

კათედრალები

ოშკი 963 წ
ოშკი - 963-73 წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი,
სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ახლა
თურქეთის ფარგლებშია). მთავარი ტაძრის გარდა შემონახულია სემინარია-სატრაპეზო და
მცირე ეკლესიები. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე,
რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ
დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელნი ბაგრატიონები - ბაგრატ ერისთავთერისთავი
და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი), ხოლო მშენებლობას
ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურად არის გამოსახული სამხრეთ
გალერეის ერთ-ერთ ბოძზე. ოშკის ტაძრის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა
წარმოადგენს ტეტრაკონქს ე.ი. ჯვრის სამი მკლავი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ)
ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე (დასავლეთისა) კი - წაგრძელებულია და
უაფსიდო. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია
დამატებითი სადგომები. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც,
მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეული არიან სწორკუთხა
მკლავებში. დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის
ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი
ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და
პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია:
კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის
ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი
ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის
ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის
სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ
ტაძართა შორის. ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია სამგზის
განმეორებული კომპოზიცია ხუთი დეკორატიული თაღისა - აღმოსავლეთ, სამხრეთ და
ჩრდილოეთ ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს
სისტემა XI-XII საუკუნეებში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპურ
კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ფასადი. აქ
ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული
კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთ გალერეის კარნიზის კიდევ უფრო
ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის
მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახულება. გამოსახული არიან აგრეთვე
ცხოველები (ხარები, ირმები, ფრინველები). მრავალი მოტივი წინაქრისტიანული
წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართული. რელიეფების
უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმელების
გარშემო. მათი განაწილება და არქიტექტურულ ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად
გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც
დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც დამახასიათებელია X
საუკუნისათვის. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად
პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთ გალერეის ვარსკვლავისებრი
კამარები. მორთულობის შესრულების დონე საკმაოდ მაღალია.

ბაგრატის ტაძარი 1003 წ


ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ
ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი
(აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო
დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც
წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ.
საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე
ძეგლს ჩრდილო-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I
ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები
მიაშენეს.
მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული
თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია
აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით
დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“.
უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა,
ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და
სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-
კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ
კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის
ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული
დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული
შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ
ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ
გამოცდილებასა და ოსტატობას.

ალავერდი XI ს-ის I მეოთხედი


ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-
მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი
ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი
წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს
მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა
მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს
ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა,
რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული
ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი
პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული
სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს
კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის
აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.
ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი
კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის
ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე
წარწერები.
2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის
შედეგადაც XIII საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე
წყალი ჩადგა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წყლით დაიფარა ღირსი მამის, იოსებ
ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტიანდა და დაობდა კედლები.
სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის
დატბორვა ისევ მოსალოდნელია. ასევე, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება.

სვეტიცხოველი 1010-1029 წწ.


სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული
სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი
მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც
საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და
ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს
ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი
ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების
შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა
ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში
აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის
მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული
სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის
დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა,
აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და
მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში
დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა,
რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში
ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ
გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით.
ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი
კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით
აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად
მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის
ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე
უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე
მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა
საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.

You might also like