You are on page 1of 2

დასკვნა

ლექსო ლობჟანიძის საბაკალავრო ნაშრომისთვის „შური და ძმისმკვლელობა


დასავლურ და ქართულ ლიტერატურაში“

ლექსო ლობჟანიძის საბაკალავრო ნაშრომი „შური და ძმისმკვლელობა დასავლურ


და ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც შედგება შესავლის, 3 თავის და
დასკვნისგან, შურის კონცეფციას და ფილოსოფიურ და რელიგიურ ნააზრევსა და
მხატვრულ ტექსტებში მის რეპრეზენტაციას ეხება. დასაწყისში წარმოდგენილია
შურის
კონცეპტის ეტიმოლოგია და გენეზისი. ნაშრომში ცნების გაგება განხილულია
ფსიქოლოგიური ასპექტითაც. თავიდან ავტორი საუბრობს ამ ცნების გაგებაზე
ანტიკური ფილოსოფიიდან მოყოლებული და იმაზე, თუ როგორ აისახა ის
ბიბლიასა და ანტიკურ ლიტერატურაში და რა გზით შემოვიდა ის ქართულ
აზროვნებაში.

ამის შემდეგ, ავტორი, საკითხის გამოკვეთის მიზნით, გადადის მხატვრული


ტექსტების ანალიზზე ამ კუთხით. ამ მიზნით ცალკე გამოყოფს კაენის და აბელის
შესახებ გადმოცემის ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს, როგორც შურის
კონცეფციის ერთ-ერთ წყაროს და ამ თვალსაზრისით განხილული აქვს დასავლურ
ლიტერატურაში — ბაირონის „კაენი“, მიგელ დე უნამუნოს „აბელ სანჩესი“, ჟოზე
სარამაგუს „კაენი“ და ქართულ ლიტერატურაში — ვაჟა-ფშაველას პოემა „სინდისი“,
მიხეილ ჯავახიშვილის „ორი განაჩენი“, ოთარ ჭილაძის რომანი „ყოველმან ჩემმან
მპოვნელმან“ და გურამ გეგეშიძის რომანი „ცოდვილი“. დასავლურ და ქართულ
ლიტერატურაში ამ ცნების შეპირისპირება კომპარატივისტულ ჭრილში
მიმდინარეობს და მიზნად ისახავს იმ საკითხისთვის ნათელის მოფენას, თუ რა
სხვაობა და მსგავსებაა შურის კონცეფციის დასავლურ და ქართულ გაგებას შორის.

საგულისხმოა, რომ ამ პრობლემის შესახებ ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში


ცალკე კვლევა არ არსებობს და აღნიშნული საბაკალავრო ნაშრომი ამის პირველი
მცდელობაა. დასავლურ ლიტერატურათმცოდნეობაში კი ამ მხრივ რამდენიმე
საგულისხმო კვლევა არსებობს. იმის მიუხედავად, რომ ეს ცნება, რომელიც
სულხან- საბას „სიტყვის კონის“ განმარტების წყალობით, ჩვენს სივრცეში
განსაკუთრებით ხშირად ციტირებულია, ჯერ არასდროს ქცეულა მსგავსი კვლევის
საგნად. ვფიქრობთ, ავტორს ამ კვლევის გაგრძელება შემდგომში არაერთი
მნიშვნელოვანი საკითხისთვის ნათელის მოფენის საშუალებას მისცემს, მათ შორის,
შესაძლოა,
კონკურენციაზე აგებული კაპიტალისტური სისტემის თავისებურებებისას,
რომელსაც საფუძვლად უდევს ის, რასაც მაქს ვებერი პროტესტანტულ ლოგიკას
უკავშირებდა და რომლის მიხედვითაც კაპიტალის დაგროვება და ღვთის
რჩეულობა გათანაბრებულია.
ვფიქრობთ, რომ ნაშრომი მოწესრიგებული, მწყობრად გააზრებულია და
სათანადოდ დამუშავებული მასალის ცოდნას ეფუძნება. იმის გათალისწინებით, რომ
ამ საკითხის ანალიზი დასავლურ და ქართულ მენტალობებს შორის სხვაობების და
მსგავსებების, ან მათი ზოგადადამიანური საფუძვლის გამოვლენისთვის
მნიშვნელოვანი მასალაა და თან მსგავსი კვლევა არ განხორციელებულა ჩვენს
სივრცეში, აღნიშნული
საბაკალავრო ნაშრომი კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

გაგა ლომიძე

You might also like