You are on page 1of 46

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

ელისაბედ ნოზაძე

სატანის სახე მილტონის „დაკარგული სამოთხის“ მიხედვით

B 0200501 ინგლისური ფილოლოგია

საბაკალავრო ნაშრომი შესრულებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის


აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი


ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩახვაძე

თბილისი
2022
სარჩევი

Table of Contents

სარჩევი................................................................................................................................................ I

ანოტაცია .............................................................................................................................................II

ABSTRACT ......................................................................................................................................... III

შესავალი ............................................................................................................................................ 1

თავი I ................................................................................................................................................. 3

მილტონის ეპოქა და დაკარგული სამოთხე ................................................................................... 3

1.1 ბიოგრაფია და რევოლუციური იდეები .................................................................................................................. 3

1.2 მილტონი და ეპიკური პოეზია ............................................................................................................................... 8

თავი II ...............................................................................................................................................12

სატანას სახე დაკარგულ სამოთხეში ..............................................................................................12

2.1 კრიტიკა სატანის სახესთან დაკავშირებით ...........................................................................................................12

2.2 სატანის სახის ცვლილება........................................................................................................................................19

თავი III სატანის ორგვარი სახე ......................................................................................................26

3.1 სატანა, როგორც „დაკარგული სამოთხის“ ლირიკული პერსონაჟი.....................................................................26

3.2 სატანა, როგორც ეპიკური გმირი ............................................................................................................................34

დასკვნა..............................................................................................................................................40

ბიბლიოგრაფია ................................................................................................................................41

i
ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი „სატანის სახე ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხის“


მიხედვით“ ეხება ბიბლიური პერსონაჟის, სატანას ამბივალენტური სახის ცვლილებას
ისტორიულ-პოლიტიკურ ჭრილში. ნაჩვენებია სატანის სახის ცვლილება ზეციური
დიდებული მთავარანგელოზობიდან, დაცემულ ანგელოზობამდე, მისი როგორც
ღმერთის დიქტატურასთან მებრძოლი გმირის სახე და ასევე, მისი ლირიკული მხარე.
გამოკვეთილია ის ფაქტორები და მიზეზები, რამაც საბოლოოდ სატანის სახის
ცვლილებებს შეუწყო ხელი.
სატანას სახე გაანალიზებულია, როგორც თავისუფლებითვის მებრძოლი გმირის
სახე, რომელიც საბოლოოდ ლირიზმში გადადის და გვახსენებს ჩვენს დაცემამდელ
მდგომარეობას სამოთხეში და დაცემის შემდგომ, ადამიანის ბუნებას. თუმცა, სატანას
პერსონაჟი ადამიანებზე ნაკლებად ღელავს და მას მხოლოდ საკუთარი თავის
კეთილდღეობა ადარდებს.

საკვანძო სიტყვები: სატანა, სამოთხე, ჯოჯოხეთი, ეპიკური, ლირიკული.

ii
Abstract

The following BA thesis, "The Image of Satan According to John Milton's "Paradise Lost", discusses
the ambivalent change of Satan's biblical character in the historical-political context. The paper shows
the changes in Satan's nature from a glorious heavenly archangel to a fallen angel, his image as a hero
fighting against the dictatorship of God, and his lyrical side. The factors and reasons that ultimately
contributed to Satan's change are identified.

Satan is analyzed as a freedom-fighting hero, which eventually transitions to lyricism and reminds us of
our pre-fallen state in heaven and man's nature after humankind's fall. However, Satan's character is
less worried about the humans; he only cares about his well-being.

Keywords: Satan, god, heaven, hell, epic, lyrical.

iii
შესავალი

წინამდებარე ნაშრომი ეხება ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხის“ ერთ-ერთ


პერსონაჟ სატანას, მისი სახის ცვლილება-განვითარებას სატანას დაცემის მომენტიდან
ახალი სამეფოს შექმნამდე. ნაშრომში ნაჩვენებია სატანას მიერ გავლილი გზა, ზეციური
სამოთხიდან ჯოჯოხეთში, და ჯოჯოხეთიდან ღმერთის მიერ ახლად შექმნილ
სამეფომდე და კვლავ ჯოჯოხეთამდე. მილტონის სატანა არის დინამიკურად
განვითარებადი პერსონაჟი, რომელიც იცვლება გარემოსა და პირობის შესაბამისად.
დაკარგული სამოთხის პირველ ორ წიგნში, სატანა ახლად დაცემული გმირი
მთავარანგელოზია, რომელსაც პირვანდელი დიდება კვლავ აქვს შერჩენილი და მზად
არის ღმერთს ხელახალი ომი გაუმართოს; ხოლო მესამე თავიდან უკვე იწყება სატანის
სახის მკვეთრი ცვლილება; როგორც კი ის ჯოჯოხეთს ტოვებს და თანამოაზრეებს
სცილდება, ის განიცდის საშინელ მარტოობას და საკუთარი ჯანყის მარცხს, მასში იწყება
ცნობიერების უწყვეტი ლირიკული ნაკადი. ანალოგიურად, სიუჟეტის ცვლილებისას
იცვლება სატანას მოტივებიც. თუ დასაწყისში, სატანა ღმერთის წინააღმდეგ
თანასწორობის იდეალებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, მოგვიანებით მისი
ბრძოლის მოტივი – დიდება და სახელი ხდება. სატანა ასევე განიცდის ფიზიკურ
სახეცვლილებასაც: მას ხან უბრალო ანგელოზის სახე აქვს, ხან ქერუბიმის, ხან
ფრინველის, ლომისა და ვეფხვის, ბოლოს კი გომბეშოსა და გველის სახეს მიიღებს, რაც
მისი ხასიათის ვიზუალურ ცვლილებას წარმოადგენს. სატანას დაცემულ მხარეში
უხვადაა ადამიანისთვის დამახასიათებელი მანკიერი თვისებები: ამპარტავნება, შური,
ძალაუფლების წყურვილი და ამის გამო, ის უფრო და უფრო ეცემა, რაც მის საბოლოო
დეგრადაციას იწვევს.
ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს დაკარგული სამოთხის პრობლემატიკა, კერძოდ
სატანას შინაგანი კონფლიქტი და ამბივალენტურობა, სატანას ორგვარი: გმირული და
ლირიკული მხარე, თავისუფლებისთვის მებრძოლი და ღმერთის ტირანიის
მოწინააღმდეგე ფიგურა.

1
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ნაშრომში გამოყენებულია ლიტერატურული
ანალიზის მეთოდი, ასევე „ახალი კრიტიკის“ გარკვეული ელემენტები.
ნაშრომის სტრუქტურა მოიცავს შესავალს, სამ თავსა და დასკვნით ნაწილს.
შესავალში მოკლედ არის მიმოხილული ნაშრომის პრობლემატიკა, აქტუალობა და
მიზანი; ასევე ნაჩვენებია ნაშრომის სტრუქტურის მოკლე აღწერა.
პირველ თავში მიმოხილულია მწერლის ბიოგრაფია ნაშრომის მიზნის ჭრილში,
როგორც პიროვნული ტრაგედიის ისტორია. საკითხების ნათლად წარმოჩენისა და
მოვლენების შემდგომი განვითარების სწორი კუთხით დანახვის მიზნით, ასევე
ნაჩვენებია XVII საუკუნის ინგლისის ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაცია და
დაკარგული სამოთხის ჟანრობრივი სახე.
მეორე თავში ნაჩვენებია თემასთან დაკავშირებული არსებული კრიტიკის მიმოხილვა
და კრიტიკის მიხედვით სატანის სახის განვითარება და სახეცვლილება მილტონის
„დაკარგული სამოთხის“ ტექსტის მიხედვით.
მესამე თავში განხილულია სატანას გმირობის ასპექტები, მისი ანტიკური სამყაროს
გმირებთან მონათესაობა და რენესანსის ეპოქის რაინდებთან მსგავსება, ასევე
წარმოჩენილია სატანის, როგორც დაცემული გმირისთვის დამახასიათებელი
ლირიკული ბუნება.
დასკვნით ნაწილში შეჯამებულია ჩატარებული კვლევის შედეგები.

2
თავი I

მილტონის ეპოქა და დაკარგული სამოთხე

1.1 ბიოგრაფია და რევოლუციური იდეები

ნოამ რეისნერის თქმით, მარადიული და უნივერსალური თვისებების მქონე


„დაკარგული სამოთხე“ არის თავისი დროის პროდუქტი, ის შეიქმნა XVII საუკუნის
პოლიტიკური და რელიგიური აჯანყებების შედეგად (რეისნერი 2011:11). რეისნერი
ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „დაკარგული სამოთხე“ არის იმ კულტურის ნაწილი
რომელმაც შექმნა ის, და მიმართულია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან, პოემა
რჩება ინგლისის ნაციონალურ პროტესტანტულ ეპოსად და სარგებლობს მაღალი
კანონიკური სტატუსით.
XVII საუკუნე ეს ის პერიოდია, როცა ინგლისში ხდება მთელი რიგი ცვლილებები,
როგორიცაა: პარლამენტისა და მონარქიის დაპირისპირება (1642-1651), რასაც
შემდგომში მოჰყვა ჩარლზ I სტიუარტის სიკვდილით დასჯა (1649 წელს) და ოლივერ
კრომველის მეთაურობით, ინგლისის რესპუბლიკად გამოცხადება. ჯონ მილტონი
კრომველის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ და მას სჯეროდა ახალი მმართველობის
სიკეთის, მაგრამ შემდგომში მილტონმა გაანალიზა, რომ კრომველიც ისეთივე იყო,
როგორც თავად მეფე. ის მიხვდა, რომ რესპუბლიკანიზმი ვერ ამართლებდა თავის
პრინციპებს. მილტონისთვის ცხადი გახდა, რომ არსებული ძალაუფლება, ეს არის
დიქტატურა და ავტორიტარიზმის აშკარა გამოვლინება. ამის შემდგომ, მილტონი
შორდება კრომველს, მაგრამ ის კვლავ მეფის სიკვდილით დასჯაში მონაწილეა და
მოგვიანებით, როცა რესპუბლიკა ინგრევა და ინგლისელი ხალხის შეთანხმებით,
ინგლისში კვლავ მონარქია ბრუნდება, რაც ისტორიაში ცნობილია სტიუარტთა
დინასტიის აღდგენით (1660), ჩარლზ II შეთანხმებას - ეპატიებინა მამის მტრებისთვის,
არღვევს და იწყებს მათ დევნას. მილტონს წინა პოლიტიკურმა კარიერამ შეუქმნა
საფრთხე, მას დევნიან და აპატიმრებენ. მისი წიგნები სახალხო მოედნებზე იწვება,

3
თუმცა მისი გავლენის წყალობით, ის მალევე შეწყალებულ იქნა და გადადის
იზოლაციაში (გაჩეჩილაძე 1977:246).
ჯონ მილტონი - პურიტანი პოეტი, რომელიც იბრძოდა ადამიანური
იდეალებისთვის, წესრიგისთვის და თავისუფლებისთვის, დაიბადა 1608 წელს
ინგლისის ერთ-ერთ პურიტანულ ოჯახში. მილტონი იზრდებოდა კულტურულ
გარემოში, თავად პოეტის მამა ნოტარიუსი და ამასთან მუსიკოსი და კომპოზიტორი
იყო. მილტონი სწავლობდა ლონდონის საუკეთესო სკოლაში (წმ. პავლეს სკოლა), სადაც
მან სრულყოფილად შეისწავლა ლათინური, ბერძნული და ებრაული ენები (კორნსი
2003:485). 15 წლის მილტონს, ლათინური ენიდან ინგლისურზე უკვე ნათარგმნი აქვს
114-ე და 116-ე ფსალმუნები (დენიელსონი 1999:3). სკოლის შემდეგ, მილტონი 1625
წელს ირიცხება ქრისტეს კოლეჯში, კემბრიჯში (კორნსი 2003:486). მილტონი აქაც
გამორჩეული სტუდენტია და აქტიურად არის სამწერლობო პროცესში ჩართული.
მილტონის შემოქმედების პირველივე წლებს ეკუთვნის პიესა-ნიღაბი “კომუსი“ და
ელეგია „ლისიდასი“, ასევე „ლ’ალლეგრო“ და „ილ პენსეროსო“. აღსანიშნავია მილტონის
„არეოპაგეტიკა“ - ტრაქტატი სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების შესახებ (კინშელა
2003:469). ის იყო ძალიან განათლებული პიროვნება, რომელმაც ლათინური, ბერძნული,
ებრაული, ფრანგული, იტალიური, ებრაული, ქალდეური და სირიული ენები საკმაოდ
კარგად იცოდა. ამასთან მას ჰქონდა ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც ბევრ სფეროს
მოიცავდა. ის განსაკუთრებით კარგად ერკვეოდა ისტორიასა და პოლიტიკაში,
ფსიქოლოგიასა და რელიგიაში, ასტრონომიასა და მეცნიერებაში. გარდა ამისა, მას
მამისგან მუსიკის ნიჭიც დაჰყვა და ძალიან კარგად იცნობდა ანტიკურ მწერლობასა და
ლიტერატურას.
სწავლის დამთავრების შემდგომ მილტონი გადადის მამისეულ რეზიდენციაში,
ჰორტონში, შემდგომ კი მოგზაურობს საფრანგეთსა და იტალიაში. ამ დროს მილტონი
იგებს, რომ ინგლისი სამოქალაქო ომის ზღვარზეა და 1639 წელს ბრუნდება
პურიტანული რევოლუციის დასაწყისში. მილტონი მხარს უჭერდა პურიტანულ
პარტიას, რომელსაც სურდა ინგლისის ეკლესიის რეფორმაცია. ამავდროულად პოეტი

4
აქტიურად აქვეყნებს პამფლეტებს რელიგიურ თავისუფლებასა და პურიტანულ
იდეალებზე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მილტონის ყველა პუბლიცისტურ
წერილს, პოლიტიკურ წრეებსა და მთელს საზოგადოებაზე, ძალიან დიდი
ზემოქმედების ძალა ჰქონდა. მისმა ტრაქტატებმა რელიგიის შესახებ საგრძნობლად
შეასუსტა ეპისკოპოსების გავლენა, მეტიც, ისინი ლორდთა პალატიდანაც კი
დაითხოვეს. ხელისუფლების სათავეში რესპუბლიკელების მოსვლის შემდგომ,
მილტონი ხდება კრომველის სახელმწიფო მდივანი; ავსებს დიპლომატიურ ოქმებს და
ასრულებს სახელმწიფოებრივ მიწერ-მოწერას, ყველაფერი ეს კი წარმოებდა ლათინურ
ენაზე (ლაინგი 1873:75). რესპუბლიკური იდეებისა და ხალხის
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მილტონი, აქტიურად იცავს არსებულ წყობას
მანამ, სანამ ის არ მიხვდება, რომ არსებული რეჟიმი გადაიზარდა დიქტატურაში და
ამით ის საკმაოდ იმედგაცრუებულია, მისმა იდეალებმა არ გაამართლა.
1640 წელს მილტონი ქორწინდება მერი პაულზე, მერის ოჯახი სამეფო ოჯახს უჭერდა
მხარს და ეს ქორწინება იყო გათვლილი ქორწინება იმ კუთხით, რომ დევნის
შემთხვევაში, ქორწინებას რომელიმე მათგანი უნდა დაეცვა. მაგრამ ქორწინება არ
გამოდგა მყარი და მცირე ხნის შემდეგ, მერი პაული უკან ბრუნდება მამისეულ სახლში,
რის შემდეგაც, მილტონმა ოთხი ტრაქტატი დაწერა გაყრის თაობაზე. სულ მალე, როცა
პაულების როიალისტურად განწყობილი ოჯახი განიცდის დევნას, მეუღლე უბრუნდება
მილტონს, თუმცა ეს დაბრუნება არ გამოდგა ხანგრძლლივი. 1652 წელს, მერი პაული
მეოთხე ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა. მილტონი დარჩა ქვრივი სამ ქალიშვილთან და
ჩვილ ვაჟთან ერთად, ამ ტრაგედიას კი პოეტის სრული სიბრმავეც დაემატა (კორნსი
1999:493). მერის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდგომ, 1656 წელს მილტონი
ქორწინდება მისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულზე - ქეთრინ ვუდქოქზე, თუმცა, არც
ეს ქორწინება გამოდგა ხანგრძლივი და ბედნიერი. ქეთრინი გარდაიცვალა 1658 წელს.
1663 წელს უკვე ხანში შესული და პიროვნული ტრაგედიით სავსე მილტონი
ქორწინდება ელიზაბეტ მინშელზე. ეს იყო ხელსაყრელი ქორწინება, ვინაიდან მის ოჯახს
სჭირდებოდა მიხედვა. ახალგაზრდა მეუღლის დახმარებით, მილტონი იწყებს ყველაზე

5
მნიშვნელოვანი ნაწარმოების „დაკარგული სამოთხის“ კარნახით წერას. რამ უბიძგა
მილტონს „დაკარგული სამოთხის დაწერისკენ? თუ მილტონის ბიოგრაფიას
გადავხედვთ, ამ კითხვას მარტივად გავცემთ პასუხს - მას ამისკენ დიდმა პიროვნულმა
ტრაგედიამ უბიძგა, იმ იდეალების მსხვრევამ, რომლისაც მას სჯეროდა და რისთვისაც
ის იბრძოდა. ეს ყველაფერი დაინგრა და ის მიხვდა, რომ ეს მხოლოდ იდეალები იყო და
იდეალები არ იყო საკმარისი მიზნის განსახორციელებლად. მან ასევე კარგად დაინახა
მმართველი ძალის ძალა და ის, რომ ახლანდელი მმართველი, წინასგან არაფრით
განსხვავდება. ამას დაემატა მისი დევნა და ბოლოს სიბრმავეც, რამაც მას უდიდესი
ტკივილი მიაყენა და ამ ტკივილის ფონზე, განდევნილი პოეტი იწყებს იმაზე ფიქრს და
შეჯამებას, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. „დაკარგული სამოთხე“ გამოვიდა ამ
ყველაფრის ანალიზი, მასში დასმულია უამრავი: „რატომ?“, ეს არის არა უბრალოდ
„სამოთხის დაკარგვა“, არამედ აღზევებისა და დაცემის ისტორია. დიახ, ეს არის საოცარი
მონუმენტი, სადაც მთელი კაცობრიობის ისტორია და ლანდშაფტური ფონია
მოცემული, ტექსტი, რომელიც სავსეა მორალითა და ადამიანად ყოფნის საწყისების
ძიებით. „დაკარგული სამოთხე“, ეს არის მილტონის შემოქმედების შეჯამება, მთელი
მისი ბიოგრაფია და პოეტური ღვაწლი თავმოყრილი ერთად. ნაწარმოები იმ დროს არის
დაწერილი, როცა მილტონი შემოქმედების ზენიტშია, მას უკვე დაწერილი აქვს უამრავი
შრომა, გამოიარა ცხოვრების ქარტეხილები და უკვე მზად არის, შექმნას რაიმე დიადი.
თუმცა, უმთავრესად, ამ ნაწარმოების დაწერისკენ, მას მაინც რევოლუციისა და
რევოლუციის იდეების დამარცხებამ უბიძგა, ამას დაემატა მისი პიროვნული ტრაგედია-
პოეტისთვის მხედველობის დაკარგვა ისეთივეა, როგორც მუსიკოსისთვის სმენის
დაკარგვა. ამ კუთხით თუ შევხედავთ, „დაკარგული სამოთხე“ ეს არის უფრო ადამიანის
ისტორია, ვიდრე ბიბლიური ისტორია. ეს არის ადამიანის აღზევებისა და დაცემის
ისტორია. პოეტმა „დაკარგული სამოთხის“ შემდგომ „დაბრუნებული სამოთხეც“
დაწერა, მაგრამ „დაბრუნებული სამოთხე“ არ არის ის, რაც „დაკარგული სამოთხე“.

6
პოეტი გარდაიცვალა 1674 წლის 8 ნოემბერს, ლონდონში და დაკრძალულია წმინდა
გილსი კრიპლიგეითის ეკლესიაში. მრავალი წლის შემდგომ კი, პოეტის საპატივცემოდ
მისი ძეგლი დაიდგა უესტმინსტერის სააბატოში (ლაინგი 1873:77).

7
1.2 მილტონი და ეპიკური პოეზია

„დაკარგული სამოთხის“ დასაწყისშივე მილტონი გვაცნობს თავის თემას: „კაცთა


მოდგმის პირველ ურჩობას და ამ ურჩობის შედეგებს“, ამ ყველაფრის მერე მოუხმობს
მუზას და შესთხოვს მას, რომ მიანიჭოს ძალა რათა შექმნას ისეთი რამ, რაც ჯერ არ
თქმულა და დაუწერიათ. მილტონი იყენებს რა ამაღლებულ ტონს, ამბობს, რომ სურს
„ღმერთის კურთხეული გზები და განგება აჩვენოს ადამიანებს“. სხვა ეპიკოსი
შემოქმედების (ვირგილიუსი, ჰომეროსი) მსგავსად, მილტონი მოუხმობს მუზას (ვებერი
1979:7), ვინაიდან მას სჭირდება შთაგონების წყარო, მაგრამ მილტონის მუზა არ
გახლავთ ანტიკური ხანის წარმართული მუზა, არამედ ქრისტიანული რელიგიის სული
წმიდა. „დაკარგულ სამოთხეს“ უშუალო კავშირი აქვს ანტიკურ სამყაროსთან, თუმცა ის
კლასიკურ ანტიკურ მუზას ანაცვლებს ქრისტიანული მუზით, რომელმაც კლასიკური
მუზისგან განსხვავებით, იცის ყველაფერი, მაშინ როცა კლასიკური მუზა უბრალოდ
მომხდარ ისტორიას მოგვითხრობს. მილტონის მუზამ უბრალო ისტორია კი არ იცის,
არამედ ამ ისტორიის მომავალიც. ამიტომაც მილტონი ამბობს, რომ მისი შთაგონების
წყარო უფრო დიდია, ვიდრე სხვა კლასიკოსი პოეტებისა.
„დაკარგული სამოთხე“ ეს არის დიდი მოცულობის ნარატიული ლექსი, რომელიც
დაწერილია იამბური პენტამეტრით და ურითმო სტრიქონებით, რაც პოეტს თემის
გავრცობის შესაძლებლობას აძლევს. პოემა, სხვა ეპიკური პოემების მსგავსად,
მოგვითხრობს დიდ მნიშვნელოვან ამბავს, თემა არის გრანდიოზული და ყველა
დროისთვის მნიშვნელოვანი. დაკარგული სამოთხე იწყება პრეისტორიული მისტიკური
წარსულით, გრძელდება დღევანდელ სამყაროში. საუკუნეების წინ დაწყებული ბრძოლა
გრძელდება დღესაც და არ აქვს დასასრული. ეპოსში ზოგადად რაიმე დიდი ამბავი,
ისტორია განიხილება და მილტონის სტილი ემთხვევა არჩეულ თემას. მილტონის თემა
„აჩვენოს ადამიანებს ღმერთის განგება“, – არის მძაფრი ცენტრალური თემა, რომელიც
გასდევს მთელს პოემას და შემდგომი განვითარებული მოვლები მჭიდრო კავშირშია
ერთმანეთთან. (რიქს 2001:159) მილტონის ტექსტში კარგად ჩანს ეპიკური ტრადიცია -

8
მოვლენების შუაგულიდან ამბის თხრობა. სხვა ანტიკური ნაწარმოებების, როგორიცაა
ჰომეროსის „ილიადა“ , სადაც ილიადა იწყება აქილევსისა და აგამემნონის ბრძოლით,
ასევე ვირგილიუსის „ენეიდა“, აქაც ნაწარმოები იწყება მოვლენების შუაგულიდან. აქ
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მწერალი მოუხმობს მუზას და ეუბნება, გვითხარი რამ
განარისხა ღმერთქალი ისე, რომ გმირებს ასეთი მძიმე ხვედრი ერგოთო. ორივე ავტორი
ამბის თხრობას იწყებს, წარსული ისტორიის ამბის გარჩევას, უკვე ამ ამბის
ეპიცენტრიდან და შემდგომში ხდება უკვე ახსნა და მოვლენების დალაგება, და
ეტაპობრივად დროში გადახვევა, რაც დამახასიათებელია ამ ჟანრის მწერლობისთვის.
(რიქს 2001:161). მილტონის „დაკარგულ სამოთხეშიც“ გვაქვს იგივე ვითარება,
თადაპირველად პოეტი გვაცნობს თავის თემას, „ადამიანების დანაშაული და ღმერთის
სიმართლის წარმოჩენა“. სათაურიდანვე ნათელია, რომ ტექსტი ეხება რაღაც
მნიშვნელოვან დანაკარგს, ტექსტიც იწყება დანაშაულით, დანაკარგით და ამის
შედეგით. ამბის ბიბლიური ვარიაციისგან განსხვავებით, მილტონის ტექსტი შესაქმით
და ადამით კი არ იწყება, არამედ თავად სატანით. მილტონთან ცაში უკვე მოხდა
ბრძოლა ღმერთსა და ანგელოზებს შორის და სატანა და მისი მიმდევრები განდევნილი
არიან ციდან, იმყოფებიან ჯოჯოხეთში და უკვე ამის შემდგომ ვითარდება მთელი რიგი
მოვლენები. მილტონი გვაცნოს სატანას, როგორც ღმერთის მოწინააღმდეგეს, რომელიც
მზადაა თავისუფლებისთვის ყველაფერი დაკარგოს და უკვე აქვს გეგმა თუ როგორ
იძიოს შური ღმერთზე – ეს იქნება სამოთხეში შეღწევა და პირველი ადამიანების
ცდუნება, რასაც ის შემდგომში წარმატებით ახორციელებს.
პოემას აქვს ფორმალური სტილი, რომელიც სავსეა რიტორიკული გამოსვლებით,
ასევე ეპიკური პოემისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი: მოცულობა, თემა,
მორალურობა. ნებისმიერი ეპიკური პოემა ადიდებს რაიმე დიადს, საგმიროს.
მაგალითად, „ბეოვულფში“ ავტორი ჰყვება, თუ რა გადახდათ დანიელებს და ვინ არის
მათი მთავარი გმირი და გმირის ბედი. აქ მილტონი ყვება სატანის ისტორიას, მის ამბავს
და ხატავს ეპიკურ ომს ღმერთთან. ის აცხადებს, რომ სატანა იბრძვის ტირანიისგან
თავდასაღწევად. „დაკარგული სამოთხე“ ვითარდება მისტიკურ, პრეისტორიულ

9
წარსულში, თუმცა, მასში კარგად ჩანს მილტონის პერიოდის ინგლისის თემა. პირველი
თემა, ეს არის ეპოქიდან გამომდინარე - ჯანყი, რომელსაც მილტონი შეეწირა თავისი
პოლიტიკური შეხედულებებისა და მონარქიის წინააღმდეგ გალაშქრების გამო, რის
შედეგადაც, ის თავისივე პერსონაჟის მსგავსად, გამოძევებულ იქნა იმ წრიდან,
რომელშიც ის იმყოფებოდა. ტექსტში კარგად ჩანს პიროვნების დიდება, აღზევება,
დაცემა, პიროვნული ტრაგედია და ინდივიდის თავისუფლებისთვის ბრძოლა. აქვე
კარგად ჩანს იერარქია: სამოთხე, ჯოჯოხეთი, ქაოსი და დედამიწა, ღმერთი, ძე,
ქერუბიმები, მთავარანგელოზები ადამიანი და დაცემული ანელოზები (რუმრიხი
1996:42). მილტონთან ვხედავთ იერარქიულად მოწყობილ ორგანიზებულ სამყაროს,
სადაც ღმერთის დაუმორჩილებლობა იწვევს ქაოსს. მილტონისთვის დანაშაული არის
ის, რაც არღვევს ღმერთის წესებს, რაც არღვევს სამყაროს იერარქიას და ამავდროულად,
ვნებს ადამიანს. შემდეგი საკითხი, ეს გახლავთ თავისუფალი ნება და ამ თავისუფალი
ნების გამართლება ნაწარმოებში.
დაკარგული სამოთხე სავსეა ეპიკური პოეზიისთვის დამახასიათებელი
სიმბოლოებით, შედარებებით, ჰიპერბოლებით და ოქსიმორონით, ასევე ტექსტში
ვხვდებით ალუზიებსა და მეტაფორებს. დაკარგულ სამოთხეში სიმბოლურია: ცოდნის
ხე (აკრძალული ხილი), სამოთხე და ჯოჯოხეთი, დაცემა, ასევე სიბნელე და სინათლე.
შედარება გამოყენებულია სატანის გარეგნობის აღწერისას (ჯოჯოხეთში მყოფი სატანა
კვლავ მოელვარე და დიადია), ასევე სხვა ეპიზოდებშიც. რაც შეეხება ოქსიმორონს, ესეც
უამრავია ტექსტში, როგორიცაა, მაგალითად „ნათელი სიბნელე“, ჯოჯოხეთის
ცეცხლოვანი ტბები და სხვა (ჰერმანი 2005:25). ეს ყველაფერი ანტიკურ სამყაროს,
აღორძინებასა და თანამედროვე ქრისტიანულ მსოფლმხედველობას აერთიანებს ერთ
წიგნად და ქმნის ახალ ქრისტიანულ კონცეფციას, რომელიც გახლავთ „ღმერთის გზების
წარმოჩენა“ ადამიანთა წინაშე.
„დაკარგული სამოთხე“ გახლავთ წმინდა წყლის ეპიკური პოემა, ვინაიდან ის ეხება
ისეთ უნივერსალურ და კლასიკურ თემას, როგორიცაა მთელი კაცობრიობის ისტორია
და მომავალი. თუ სხვა ეპიკური პოემები ეხება ბრძოლებს სამეფოებს შორის და

10
გმირების ისტორიებს, „დაკარგული სამოთხე“ ეხება ღმერთისა და ადამიანის
ურთიერთობას. ეს არის ქრისტიანული ეპოსი, სადაც მილტონი ნათლად წარმოაჩენს
ბიბლიური ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს და თავისი პოეტური
წარმოსახვით ქმნის ახალ რეალობას. თუ ბიბლია იწყება შესაქმით და შემდგომ
სამოთხის ბაღში სატანის გამოჩენით, მილტონი სანამ აქამდე მივა, დასაწყისშივე
გვაცნობს სატანას, მოგვითხრობს თუ რატომ მოხდა მისი ციდან გამოდევნა და
გვეუბნება, რომ არც ისეა საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს ბიბლიაში. ამ
ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა და შემდგომი მოვლენების განვითარება.
შესაბამისად, თუ ბიბლია გვეუბნება, რომ სატანა არის ცუდი, მილტონი ამბობს, რომ ის
არ არის ცუდი. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სატანა შეეწირა ცოდნასა და
თავისუფლებისთვის ბრძოლას და ეს სატანა ცდილობს დაანახოს ადამიანებს, რომ
იმისთვის რომ იყვნენ თავისუფლები, საჭიროა ცოდნა. რა შეეხება სამოთხის მისტიკურ
ბაღში არსებულ – „ვაშლის ხეს“, რომელიც ძალიან ლამაზი და გემრიელი ჩანს და
წარმოადგენს ცოდნის საწყისს, აქ ვსვამთ კითხვას, როგორია ცოდნა? ის ლამაზი და
სიკეთის მომტანია, ისევე როგორც ვაშლი - გემრიელი, არომატული და ჯანმრთელობის
საწინდარი; ასევე - ცოდნა თავისუფლებისა და ჯანსაღი აზროვნების საწინდარია,
სამოთხეში ეს ხილი იძლეოდა ცოდნას კარგისა და ცუდის შესახებ, რის შესახებაც არ
იცოდნენ ადამმა და ევამ, მათვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ეს ხე ეკრძალებოდათ
და თუ მაინც მიირთმევდნენ ამ ხილის ნაყოფს, მოკვდებოდნენ - რაზეც სატანას ეცინება.
მან იცის, რომ ისინი არ მოკვდებიან და მიიღებენ ცოდნას, რაც მისი აზრით, ადამიანებს
სჭირდებათ და ის ეხმარება მათ ამ ცოდნის მიღებაში. ამის შემდგომ კი ვიცით, რაც
ხდება, როგორც სატანა განიდევნა ციდან, ასევე ადამიანები გაძევებული იქნენ
სამოთხის მიწიდან, და ამის შემდეგ, ადამიანები ცდილობენ იქ დაბრუნებას, ხოლო
სატანა ცაში დაბრუნება. ისევე როგორც ადამიანებს საერთო აქვთ ღმერთთან, ასევე
კავშირში ისინი არიან სატანასთან, ასე ვთქვათ, მილტონთან შექმნილია რგოლი, სადაც
ყველა ურთიერთკავშირშია.

11
თავი II

სატანას სახე დაკარგულ სამოთხეში


2.1 კრიტიკა სატანის სახესთან დაკავშირებით

ამბობენ, რომ „დაკარგული სამოთხის“ სატანის კრიტიკული მხარდაჭერა


რომანტიკოსი მწერლებით დაიწყო, თუმცა შაროკმა აჩვენა, რომ სატანის, როგორც
მილტონის ეპოსის ნამდვილი გმირის წარმოჩენა დრაიდენამდე მიდის და მეთვრამეტე
საუკუნის ლიტერატურული აზრის ჩვეულებრივი განვითარებაა საფრანგეთსა და
ინგლისში. ბარკერმა კი აღმოაჩინა, რომ მეთვრამეტე საუკუნის სატანის
თაყვანისმცემლები, რომლებიც სატანის უმაღლეს ხასიათს ადიდებდნენ, ედისონთან და
ჯონსონთან შევიდნენ კონფლიქტში, ვინაიდან მათ სატანას გამოსვლა დიდ
აბსურდულობად შერაცხეს. რომანტიკოს კრიტიკოსებს შორის ბლეიკი, ბაირონი, შელი
და ჰეზლიტი ემხრობოდნენ სატანას. ამ კრიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, გააძლიერეს და
პოლიტიზირდნენ დაპირისპირებაში, მაგრამ მათ არ დაუთავრებიათ ის, რაც დაიწყეს.
მეოცე საუკუნეში ანტისატანისტებს, როგორებიც არიან ჩარლზ უილიამსი, ს.ლუისი,
ს.მასგუროვი და სტენლი ფიში, დაუპირისპირდნენ ა.უალდოქი, როსტერვერ
ჰამილტონი, უილიამ ემპსონი და სხვები (დენიელსონი 1999:161). კრიტიკოსთა დავა
შეიძლება უსასრულოდ გაგრძლდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სატანის პესრსონაჟის
ამბივალენტურობა და მისი მთავარანგელოზობიდან დაცემულ, ზეციური სამოთხიდან
გამოდევნილ ანგელოზობამდე განვლილი გზაა. სატანა, მთავარანგელოზად, მის
დაცემამდე, არასდროს არის ნაჩვენები მილტონის მიერ. ამასთან, პოემაში ხშირად არის
ხაზგასმული მისი მთავარანგელოზური თვისებები და ძალა, მაგალითად, ის, რომ
დაცემული სატანა კვლავ არ კარგავს თავის პირვანდელ ელფერს და კვლავ ინარჩუნებს
თავის პირვანდელ ელვარე სახეს. თუმცა, დაზუსტებით არ ვიცით სატანას სხვა
მთავარანგელოზური ძალისა და თვისებების შესახებ, აქედან გამომდინარე, სატანა
იძენს ფარულ განზომილებასა და იდუმალებას.

12
სატანის პერსონაჟი იცვლება სიტუაციისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, მაგრამ
ის კვლავ არ კარგავს თავის პირვანდელ სახესა და ცნობიერებას. მისი ცნობიერების
ზუსტი მდგომარეობა მოქმედების სხვადასხვა ეტაპზე პრობლემატურია. პოემის
მეოთხე ნაწილში წარმოდგენილი სატანის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სრული წვდომა მის
შინაგან მე-ზე, მისი შინაგანი მონოლოგის წყალობით, ჩვენ ვხედავთ სატანის ჭეშმარიტ
სახეს. თუ პირველი სამი წიგნის მიხედვით, სატანა ჩანს, როგორც მეომარი გმირი,
თავისუფლებისთვის მებრძოლი სული, რომელიც დროებით არის დამარცხებული,
მაგრამ მიუხედავად ამისა, დგას ამაყად და არის შეუდრეკელი, როგორც სალი კლდე,
მეოთხე წიგნში სულ სხვა ვითარება გვხვდება. წიგნის ამ ნაწილში სატანის სახეს
ვხედავთ სიღრმისეულად, ვინაიდან მარტო მყოფი სატანის გონება აღარ არის
დაფარული, თავისივე შინაგანი კამათი და თვითკრიტიკა ავლენს მას და ჩანს, როგორც
დინამიკურად დაძაბული არსება, რაც პოემის სხვა პერსონაჟებისგან განასხვავებს მას.
მილტონის ძმისშვილი ედუარდ ფილიპსი ამბობს, რომ სატანის ამ შინაგან მონოლოგს
აქვს დრამის უშუალობა და არა ეპიკური სახე. ფილიპსის თქმით, საკუთარ თავთან
მონოლოგში სატანა აღიარებს თავის დანაშაულს და საკუთარ პასუხისმგებლობას
საკუთარ დაცემაზე. ის მერყეობს სინანულსა და დაუმორჩილებლობას შორის. ის
აღიარებს, რომ მისი აჯანყება სრულიად გაუმართლებელი იყო, რომ მას ჰქონდა ისეთივე
თავისუფალი ნება და ძალა დგომისა, როგოც ღვთის ყველა სხვა ქმნილებას და რომ მას
სხვა არაფერი აქვს დასადანაშაულებელი, გარდა ზეციური თავისუფალი სიყვარულისა,
რომელიც ყველასათვის თანაბარია. ვინაიდან ზეციური სიყვარული სატანასთვის
ნიშნავს საკუთარი თავის წყევლას, ის ამბობს „დაწყევლილ იყავ შენ“, მაგრამ შემდეგ
სატანა წყევლის საკუთარ თავს. სატანას ნაწარმოების ამ ეტაპზე ბოროტი შეიძლება
ეწოდოს, მხოლოდ გარკვეული, შემცირებული გაგებით, რადგანაც ის სიმართლეს
ამბობს და თავს იწყევლის ისე, როგორც ღმერთი წყევლის მას. აქ სატანა და ღმერთი
ერთმანეთის თანხმობაში მოდიან. ნაწარმოების ამ ნაწილში სატანის ამგვარი
მეტყველება ღმერთის გამართლებაა, სატანა კი ჩვენ უნდა დავინახოთ იმ კუთხით, რომ
ის აღიარებს საკუთარ დანაშაულს და თავადვე ამართლებს ღმერთს (დენიელსონი

13
1999:163). ამასთანავე, ჩვენ ზუსტად არ ვიცით სატანის დამოკიდებულება ამ
ყველაფერთან, ვინაიდან ის დინამიკურად ცვალებადი პერსონაჟია. სატანის პერსონაჟის
განვითარებას რომ შევხედოთ ვნახავთ, რომ მისი, როგორც ის როგორც ლიდერის
ასოცირდება სიამაყესთან, რაც სატანის წინააღმდეგობის უმთავრესი
გამოხატულებაცაა. საკუთარი რწმენის შემცირებასთან ერთად სატანა ხვდება, რომ ის
თავის მიმდევრებზეა დამოკიდებული. მარტო მყოფი სატანა დრამატულია; მეტიც,
საკუთარ თავთან დიალოგში, მარტო დარჩენილი სატანა ამბობს, რომ მას სირცხვილის
გამო არ შეუძლია თავის მიმდევრებთან თავისი კრახი აღიაროს. ეს სატანისთვის
საკმაოდ მნიშვნელოვანი რეალური ბარიერია, თუმცა, ის თავისი სიამაყის გააზრებისას
ასევე ხვდება, რომ თუ ღმერთი მას დიდებით დააჯილდოებდა, ის უფრო მძიმედ
დაეცემოდა, ვიდრე ახლა. ასე რომ, ის იაზრებს თავისი სასოწარკვეთის საფუძველს და
ხედავს თავისი საბედისწერო ნაკლს. მაგრამ სატანას მიერ საკუთარი თავის კრიტიკული
ხედვა არ არის სტაბილური, რადგანაც როდესაც ის საკუთარი სიამაყის უარყოფით
როლს აცნობიერებს, სასოწარკვეთისგან უკან იხევს, მაგრამ ამავე დროს კვლავ აქვს
ილუზია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მისი პასუხისმგებლობა დიდია (შტეინი
1953:5).
სატანის ეს ორგვარი: საჯარო და ლირიკული ბუნება, ჩანს სხვადასხვა ადგილზე.
მაგალითად, ორატორულად მოსაუბრე სატანა, როგორც კი შორდება თავის მიმდევრებს,
მალევე ივსება სინანულითა და ცრემლებით. შესაბამისად, მთავარი განსხვავება
პირველი ორი წიგნის სატანისა და მოგვიანებით მოქმედ სატანას შორის, არის
განსხვავება ლიდერის საჯარო ქცევასა და მარტო ყოფნას შორის. როდესაც სატანა
საკუთარ თავს ესაუბრება, ის ჩანს, როგორც საკუთარი თავის სასოწარკვეთის
მარტოხელა თვითმხილველი. თუმცა, ის მაინც რჩება თავდაჯერებულ არსებად,
რომლის ნებაზეც სხვები არიან დამოკიდებული. მისთვის ჭეშმარიტი მონანიება
შეუძლებელია და ამიტომ ის მოთმინებით უნდა მიჰყვეს მოქმედების გზას; საჯარო
საქმისადმი ერთგულება, მას დანებების უფლებას არ აძლევს (შტეინი 1953:5).
ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელსაც შინაგანი თავისუფლება ჰქვია, სატანასთვის

14
დაკარგულია. ის მომწყვდეულია ლიდერობის მახეში და მას ძალაუფლების პრინციპები
აკარგვინებს როგორც გარეგან, ასევე შინაგან თავისუფლებას. სატანამ ეს ყველაფერი
იცის, თუმცა მისი მოქმედება საკუთარი ნებიდან გამომდინარეობს და ის მიჰყვება
პირვანდელ გეგმას. ის ხვდება რომ ჩიხშია, მაგრამ ძალას არ ზოგავს იმის მისაღწევად,
რაც ჩაიფიქრა. სატანა მთლიანად მიჯაჭვულია საკუთარ მე-ზე და თავდაუზოგავად
ცდილობს მიზნის მიღწევას. შეიძლება ვთქვათ, რომ სატანა შინაგანად გაყოფილია,
თუმცა, გარეგნულად ის მტკიცეა. სახის განვითარება მიმდინარებს შინაგანი და
გარეგანი მე-ს განვითარებისა და განსხვავებების ჩვენებით. პოემის დანარჩენ ნაწილში
კარგად ჩანს სატანის კატასტროფული დაშლა. მეოთხე წიგნის შემდეგ ის უკვე
ემსგავსება საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მყოფ ინდივიდს, რომელიც ხედავს
ღმერთის სიკეთეს, რომელსაც არ სურს ამის აღიარება და ეჭვებში მყოფი სატანა ებრძვის
თავის თავს.
ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, სატანის აჯანყება, გარკვეულწილად, ჩარლზ
პირველისა და პარლამენტის მომხრეების დაპირისპირებასა და რესპუბლიკის
დაარსებას შეიძლება დავუკავშიროთ, სადაც სატანა თითქმის უტოლდება ნამდვილ
რევოლუციონერ მილტონს, მისი მსგავსია. ეს აზრი ცალკე კვლევას საჭიროებს.
ასევე, სატანის ნაპოლეონთან და სხვა მიწიერ დამპყრობლებთან შედარება
არაადეკვატურია, ვინაიდან სატანა განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება. ეს
მდგომარეობა, პანდემონიუმის კრებაზე, ბელიალმა ნათლად წარმოაჩინა იმის თქმით,
რომ ღმერთი მათ ხედავს და იცის მათი საბჭოს შესახებ, ხედავს და დასცინის. ბელიალი
კარგად აფასებს შექმნილ ვითარებას და აღიარებს ღმერთის ყოვლიშემძლეობას, და იმას,
რომ ისინი ღმერთს ვერ მოატყუებენ. ეს კი ხაზს უსვამს ღმერთის ყოვლისმცოდნეობას
და სატანას ჩიხში ყოფნას. ჩემი აზრით, ეს არის სატანის ომი გამოუვალ სიტუაციაში,
ჩიხური სიტუაციის აღიარება, გააზრება და მაინც არდანებება. სწორად აღნიშნავს
დანიელსონი, რომ სატანის მომხრე თუ მოწინააღმდეგე კრიტიკოსების შეფასება,
თითქოს სატანას მოქმედება არის გაბედული ან სულელური, არ შეიძლება მივიღოთ,

15
რადგანაც ეს უფრო კრიტიკოსების სტერეოტიპების შედეგია, ვიდრე უშუალოდ
ნაწარმოებიდან გამომდინარე (დენიელსონი 1999:164).
სატანას ხასიათი და ფსიქოლოგია ძალიან ადამიანურია. მისი შური, სიამაყე და
სასოწარკვეთა, ეს ყველაფერი ადამიანებისათვის მახასიათებელი თვისებებია. სატანას
ხასიათი და ამ ხასიათის აღქმა საგრძნობლად იცვლება პრველი ორი წიგნის შემდგომ,
სვლა დინამიურია და ხასიათის ცვლილებასთან ერთად იცვლება სატანის გარეგნობაც,
ანუ შინაგან ცვლილებას თან სდევს გარეგანი ცვლილებაც, იცვლება სატანის სხეულიც.
სხეულის ცვლილება მეტყველებს იმაზე, რომ სამყაროს იერარქიული ბუნების
დაუმორჩილებლობა იწვევს სხეულის თანდათანობით დეგრადაციას. სატანა პოემის
დასაწყისში ჩნდება, როგორც უზარმაზარი აღნაგობის, კომეტის ან მეტეორის მსგავსი
ახლად დაცემული ანგელოზი, შემდეგ კი ჩანს, როგორც საბრალო ქერუბიმი, შემდეგ
ინიღბება გომბეშოდ და ბოლოს გველად (ფიში 1967:12). “დაკარგული სამოთხის”
პირველ და მეორე თავში, ის თითქოს ნაწარმოების მთავარი გმირია, მაგრამ ეს ასე
იმიტომ ხდება, რომ პოემის ეს ნაწილი მთლიანად მასზეა ფოკუსირებული, აქ ვხედავთ
მის ბრძოლას, მის დამარცხებას და მარცხის მიუხედავად მის შემართებას, ახალი
ბრძოლის წამოსაწყებად მზად მყოფ შეუდრეკელ სატანას.
ერთ-ერთი მნიშნელოვანი ხერხი, რომლის მეშვეობითაც მთხრობელი სატანას სახეს
ისე ხატავს, რომ მკითხველს მასზე გმირის შთაბეჭდილება ექმნება - არის ეპიკური
გამონათქვამები, გრძელი და განვითარებადი შედარებები, რომლებიც გვეუბნებიან თუ
რამდენად დიდი და ძლიერია სატანა (ფიში 1967:13). მაგალითად, როდესაც სატანა წევს
ალმოკიდებულ ტბაში, მილტონი მას იმ მითოლოგიურ ტიტანებს ადარებს, რომლებმაც
ზევსს ომი გაუმართეს, შემდეგ ლევიათანს, რომელიც იმდენად დიდია, რომ
მეზღვაურებს ის კუნძული ეგონათ და ნავსაყუდელს მანდ ეძებდნენ. როგორც ვხედავთ,
პოემის დასაწყისში სატანას, როგორც დაცემულ ანგელოზს, დიდი სხეული და
გმირული სახე აქვს. სატანაში ნაჩვენებია ყველა დიდი მეომრის გმირული თვისება. ის
არის მამაცი და უშიშარი და უარს ამბობს დათმობაზე, შეუძლია თავისი მიმდევრები
განაწყოს ისე, რომ მას არც შეეწინააღმდეგონ, ისე დაჰყვნენ მის ნებას. მესამე წიგნში

16
სატანა ეშვება დედამიწაზე და ხედავს ბორცვზე მდგარ ანგელოზს, რომლის თვალის
ასახვევად ის ჩამოდის ქვედა საფეხურზე და იქცევა დაბალი რანგის ანგელოზად. სატანა
ისეა შენიღბული, რომ მის წინ მდგარ სატანას მთავარანგელოზი ურიელიც კი ვერ ცნობს
და მას სატანის დედამიწაზე გამოჩენასთან დაკავშირებულ საფრთხეზე ესაუბრება. აქ
ვხედავთ სატანას, როგორც გარდასახვის ოსტატს და თავისი საქმის ერთგულს.
მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე იცის ურიელისგან, რომ დედამიწას სატანისგან იცავენ,
ის მაინც შემოდის და ახერხებს ევას ცდუნებას, ის ისე მოქმედებს, რომ პირნათლად
ასრულებს გეგმას. ერთი სიტყვით, პოემაში ნაჩვენები სატანა ისეთივე გაუტეხელი და
შეუპოვარია, როგორც თვითონ მილტონი ან რევოლუციის სხვა გმირები, სწორედ
ამიტომ ადარებენ სატანას პერსონაჟს თავად მის ავტორ მილტონს. ავტორსა და
პერსონაჟს ორივეს ერთნაირი გზა აქვთ გავლილი, დიდება, აღზევება და უცაბედი
ჩამოქვეითება, თუმცა, როგორც მილტონს არ შეუწყვეტია წერა, ასევე არც სატანა
დანებებულა ბედს. მილტონი სამწერლობო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული და
ქმნის უდიადეს პოემა „დაკარგულ სამოთხეს“, რომლის პერსონაჟიც გახლავთ სატანა და
ასევე სატანა, ღმერთთან დამარცხების შემდგომ, ქმნის სამეფოს ქვესკნელში, სადაც
ღმერთისგან თავისუფალი ხდება. სატანა დამარცხებით ჰპოვებს თავისუფლებას და
ირგებს ახალი სამეფოს მმართველის როლს. ნაწარმოების ბოლოს, სწორედ ასეთი სატანა
გვევლინება: დაცემული დამარცხებული, როგორც ცაში, ასევე მიწაზე და უბრუნდება
თავის ახალ სამყოფელს, ჯოჯოხეთის ახლად შექმნილ სამეფოს.
როგორც ვიცით, სატანას შეუძლია შეიქმნას შინაგანი სამოთხე, ისევე როგორც
ადამიანებს შეუძლიათ ეს, თუმცა, სატანა ხვდება, რომ თავად მასში სამოთხის ნაცვლად
ჯოჯოხეთია. ის ვერ სცილდება ამგვარ ყოფნას, ვინაიდან ჯოჯოხეთი ეს არის
სიყვარულის არქონა და ვიცით, რომ ღმერთი სიყვარულია. ღმერთისგან მოშორებით
მყოფი სატანა, ვერ ქმნის სამოთხეს თავის თავში, მეტიც, ის ჯოჯოხეთზეა მიჯაჭვული
და აანალიზებს, რომ სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ჯოჯოხეთი დახვდება. მეორე მხრივ
სატანას, სჭირდება ჯოჯოხეთი, ის ვერ იქნება სამოთხეში, რადგან არ არის ღმერთის
მორჩილი, მას სჭირდება სამოთხის პარალელური სამყარო, ჯოჯოხეთი, რომ იქ შეძლოს

17
იმის გაკეთება და რაც სამოთხეში ვერ შეძლო. სატანა მთლიანად დამოკიდებული ხდება
ჯოჯოხეთზე, მას არ შეუძლია ჯოჯოხეთის გარეშე ყოფნა. სატანა ვერც იქნება
ჯოჯოხეთის გარეშე, იმიტომ რომ ჯოჯოხეთის სამეფოსგან შორს მყოფი სატანა
ყველანაირად მცირდება სამოთხის ბაღში. პანდემონიუმში მყოფი დიდებული
სატანასგან განსხვავებით, სამოთხის ბაღში მყოფი სატანა მაღალი დონიდან ქვედა
საფეხურზე გადადის, ის აქ იტანჯება და ხედავს, რომ მისი ადგილი აქ არ არის და
თითქოს ნანობს კიდეც თავის საქციელს, მაგრამ კვლავ სიამაყე არ აძლევს მონანიების
საშუალებას. სამოთხე და ჯოჯოხეთი, როგორც ორი სიმბოლო გონებისთვის, სატანის
შემთხვევაში აჩვენებს, რომ ამ პერსონაჟის სახე ვითარდება ამ ორ სიმბოლოს შორის
არჩევანით.
ს. ლევისი ეხმაურება რომანტიკულ ტრადიციას და თანაუგრძნობს სატანას. მისი
თქმით, სატანის დიდებულებას სწორედ მისი შინაგანი მონოლოგი ქმნის. ის მკითხველს
შეახსენებს, რომ ეს შინაგანი ტანჯვა თავიდანვე იყო მილტონის მონახაზში და ის
პირველ ორ წიგნამდე შექმნა ავტორმა. ლევისის თქმით, სწორედ აქედან დაიწყო
მილტონმა თავისი ჩანაფიქრის განხორციელება. სატანის სახის განვითარება სწორედ ამ
ლირიკული მომენტიდან იწყება, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ სატანა
წარმოდგენილია, როგორც გაფრთხილება ცოდვილებისთვის, ის მაინც ინარჩუნებს
შინაგან სიცოცხლეს და პირად პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, ის დახურული
პერსონაჟი არ არის, ის ღია პერსონაჟია, რომელსაც შეუძლია განვითარება (ოლაფსონი
2007:42). „დაკარგულ სამოთხეს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქ ვხედავთ
ორი სამყაროს ომის ფსიქოლოგიურ სურათს. პოლიტიკური ვნებები, რომლებიც
მილტონს აწუხებდა, დაეხმარა მას სატანას გრანდიოზული პორტრეტის შექმნაში. ეს
პოეტის ერთგვარ თვითანალიზად თუ აღსარებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რა თქმა
უნდა, მილტონი არ იყო ინგლისის ამ პერიოდის უბრალო პირი და მის მიერ
ძალაუფლების ვნების საკუთარი ანალიზი, შესაძლოა ეპოქის სულის გაგებაშიც
დაგვეხმაროს.

18
2.2 სატანის სახის ცვლილება

პირველი პერსონაჟი, რომელიც ტექსტის დასაწყისშივე მკითხველის ყურადღებას


იპყრობს, არის სატანა. ზეციური მუზის მოხმობისა და პოემის მთავარი თემის გაცნობის
შემდეგ, მილტონი მკითხველს აცნობს ციდან გამოძევებული, ცეცხლის ტბაში მყოფ
გაოგნებულ სატანას. მილტონი აქვე წარმოგვიდგენს ჯოჯოხეთის სურათებს, მის ახალ
მფლობელს და უკვე სატანის დიად, გმირულ სახეს. ეს მკითხველიც ერთგვარი
გამოწვევაცაა. პირველი ლიტერატურული რეაქციები მილტონის ანტიგმირზე ხშირად
იყოფა. რომანტიკოსი პოეტები ბლეიკი და შელი, ასევე ჩვენს ეპოქასთან ახლოს მყოფი
ფილიპ პულმანი, თვლიან, რომ სატანა აშკარად წარმოადგენს ეპოსის დადებით
ფიგურას და ამიტომაც მიიღო მილტონმა ბლეიკის ასეთი შეფასება: „ეშმაკის მოკავშირე
გაუცნობიერებლად” ან უარესი, „გაცნობიერებულად“ (რეისნერი 2011:31). აქ ვერ
დავეთანხმები ბლეიკს, ვინაიდან მილტონი იყო პიროვნება, რომელიც თავისივე
პირველივე სამწერლობო თუ პოლიტიკური ასპარეზიდან, პიროვნული
თავისუფლებისა და საყოველთაო თავისუფლების იდეალებისთვის იბრძოდა.
ადამიანს, რომელსაც ესმის თუ რა არის თავისუფლება, არ შეიძლება ეშმაკის მოკავშირე
ვუწოდოთ, ვინიდან ასეთმა ადამიანმა კარგად იცის, არა მარტო თავისუფლების ფასი,
არამედ ისიც, თუ ვისთან კავშირით შეიძლება მიიღწეს თავისუფლება. ეს კი, ეშმაკთან
კავშირით შეუძლებელია. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ მილტონის რელიგიურ
ხედვებსა და რწმენა-წარმოდგენებს, ბლეიკის ეს შეფასება არ შეიძლება მისაღები იყოს
მხოლოდ იმიტომ, რომ მილტონმა პოემაში „დაკარგული სამოთხე“ სატანა წარმოაჩინა
„დიდებულ გმირად“. მილტონი ამ ყველაფერს აკეთებს შეგნებულად. მილტონს სატანის
სიდიადე სჭირდება იმისთვის, რომ ღმერთის მოწინააღმდეგე იყოს ღმერთის
შესაფერისი მეტოქე, ამისთვის სატანა წარმოდგენილია შთამბეჭდავად, ისე, რომ
მკითხველზეც მოხდეს ზეგავლენა და ამავდროულად, ბოროტების სახიფათო
პოტენციალიც წარმოჩნდეს ეფექტური გზით.

19
სატანის სახის რეალიზაცია იწყება პირველ წიგნში, სადაც ნათქვამია, რომ სატანა
მნიშვნელოვანი პირი იყო სამოთხეში, მაგრამ ღმერთთან დაპირისპირების შემდგომ, ის
და გამოაძევეს და თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ჯოჯოხეთის შავბნელ
უფსკრულში. მდგომარეობიდან გამორკვეული სატანა, აფასებს არსებულ სიტუაციას და
შემართებით გამოდის სიტყვით:
„ბრძოლა წავაგეთ? რაა მერე, ამით მაინც არ დაკარგულა ყველაფერი
რადგან კვლავ შეგვრჩა უდრეკი ნება და წყურვილი შურისგებისა,
დაუშრეტელი სიძულვილი და მამაცობა, ვერ ეღირსება მორჩილება-
დათმობას ჩვენგან“. 1 ( ლევალსკი 2007:15)
ამ პირველივე მიმართვიდან ვხედავთ სატანის შემართებასა და მის
გადაწყვეტილებას, რომ ის არ აპირებს დანებებას, არამედ აპირებს ბრძოლის
გაგრძელებას. დანაკარგის მიუხედავად, მას კვლავ სურს ღმერთის ძალაუფლების
დამხობა. მილტონის პოემა საშუალებას გვაძლევს, აღფრთოვანებულები ვიყოთ სატანის
სიმამაცით და შეუპოვრობით, მისი სიმამაცითა და ინდივიდუალიზმით.
ამავდროულად, შეგვიძლია მისი თვითგანდიდების მოტივები დავინახოთ, რომლებიც
აძლიერებენ მის შეუპოვარ სწრაფვასა და ქცევას. ის, რის დათმობასაც არ აპირებს სატანა,
არის ინდივიდუალური, პიროვნული დიდება, და ის მზად არის, ნებისმიერ ფასად
მიაღწიოს სასურველ მიზანს ( ლევენშტეინი 2004:57).
მიუხედავად იმისა, რომ სატანამ ცაში ომი წააგო, ის არ კარგავს შემართებასა და
ბრძოლის უნარს, მას ისევ აქვს თავისი სიძლიერე შერჩენილი და მზად არის ბრძოლის
გასაგრძელებლად. ლევისის თქმით, მილტონმა სატანა „იმაზე დიდებული გახადა,
ვიდრე აპირებდა“ (ოლაფსონი 2007:42). მე ვემხრობი იმ აზრს, რომ მილტონის სატანა
იმაზე დიდებულია, ვიდრე ის ჩანს, ვინაიდან მას პოემის დასაწყისში აქვს
დიდებულების ყველა თვისება. ის არის გაძევებული, დამარცხებული არსება, რომელიც
არ კარგავს ძალას და მზად არის იბრძოლოს თავისი იდეებისთვის, ამასთანავე, სატანა

1„What though the field be lost? All is not lost; the unconquerable Will, And study of revenge, immortal hate, And courage
never to submit or yield: And what is else not to be overcome? That Glory never shall his wrath or might Extort from me“.

20
წარმოჩენილია, როგორც ქარიზმატული ფიგურა, რომლის ხმაც სიცოცხლის ძალას
აძლევს ჯოჯოხეთში მყოფ მის თანამოძმეებს. ის მათ ეუბნება, რომ ცაში დამარცხებამ,
მათ უფრო მეტი გამოცდილება და ძალა შესძინა და მათ შეუძლიათ აწარმოონ
ხელახალი ომი ღმერთთან და ბოლო მოუღონ ცაში არსებულ მის ტირანიას.2
ჯოჯოხეთში გამომწყვდეული სატანა აცხადებს, რომ ღმერთს არ აქვს მასზე
ძალაუფლება, რადგანაც სატანას შეუძლია ნებისმიერ სიტუაციას შეეგუოს: სატანას
„ფიქრით შეუძლია შექმნას სამოთხე ჯოჯოხეთში, ან პირიქით ჯოჯოხეთი სამოთხეში“.3
(ლევალსკი 2007:19). სატანა ამ მონაკვეთში ჩანს, როგორც ოპტიმისტურად განწყობილი
პერსონაჟი, რომელმაც კარგად იცის გონების ძალა და შესაძლებლობა. ის
დარწმუნებულია თავის თავში, და როდესაც თავს ჯოჯოხეთის მეფედ წარმოიდგენს,
გარკვეულწილად, ბედნიერია. მას შეუძლია თავის ახალ სამყოფელში შექმნას ის, რაც
სურს; შეუძლია იყოს მეფე, რადგანაც მას ამისთვის აქვს ყველაფერი. სულ ცოტა, მას
ჰყავს მიმდევრების ის რაოდენობა, რაც სამარისია სამეფოს შესაქმნელად და
სამართავად, ეს ყველაფერი სატანამ კარგად იცის და ამიტომაც, მისჯილი სამყოფელის
მიუხედავად, ის ოპტიმიზმს არ კარგავს.
სატანას უკვე გაცნობიერებული აქვს დაცემის შემდგომი სიტუაცია, ის ახალ სამყაროს
ადარებს ძველს, რა თქმა უნდა, მას დასაწყისში არ მოსწონს ის ადგილი, სადაც ის
იმყოფება, მაგრამ მალევე ერევა სასოწარკვეთას და ესალმება ჯოჯოხეთს:
„მოგესალმებით, ჯურღმულებო ჯოჯოხეთისა“ და ამბობს რომ „ცაში მონობას,
ჯოჯოხეთში მეფობა ურჩევნია“ 4 (ლევალსკი 2007:19). აქ კარგად ჩანს სატანას ამბიცია
და ღირებულებები, მისთვის მთავარია თავისუფლება და არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ
სად იმყოფება ის. მისი შეუპოვარი სული, გარემოებების მიუხედავად, კვლავ უდრეკია,
მისი ფასეულობები უცვლელი რჩება. ინარჩუნებს რა ოპტიმზმს, ის მზად არის ღმერთის

2 „Since through experience of this great event In Arms not worse, in foresight much advanc’t, We may with more
successful hope resolve To wage by force or guile eternal Warr Irreconcileable, to our grand Foe, Who now triumphs, and
in th’ excess of joy Sole reigning holds the Tyranny of Heav’n ‘.
3 „The mind is its own place, and in it self Can make a Heav’n of Hell, a Hell of Heav’n.“
4 “ Farewel happy Fields“ ... „Better to reign in Hell, then serve in Heav’n“ .

21
დასამარცხებლად შეიმუშავოს გეგმა და მიაღწიოს დასახულ მიზანს: დაამარცხოს
ტირანია და დაიმკვიდროს ტახტი ცაში.
არსებობს მოსაზრება, რომ მილტონის ტირანული სატანა, შეიძლება
გარკვეულწილად წააგავდეს ისტორიულ ჩარლზ პირველს, მაგრამ შინაგანად და
სასოწარკვეთილებით, ის უფრო ჰგავს შექსპირის მაკბეტს (ლევენშტეინი 1953:61). აქ
გამოკვეთილია ძალაუფლების საკითხი. ისევე როგორც „მაკბეტში“, აქაც მოქმედი გმირი
მზად არის ყველაფერი გაწიროს დასახული მიზნისთვის, მთავარია მიზნის მიღწევა
ნებისმიერ ფასად.
მოვლენების განვითარებასთან ერთად იცვლება სატანის სახეც. წიგნის პირველ და
მეორე თავებში, სატანა არის მთავარი წამყვანი ფიგურა, ძლიერი პიროვნულობით,
თავდაჯერებულობით. მას ახასიათებს ლიდერის თვისებები, ის მზად არის მარტო
ამოვიდეს ჯოჯოხეთიდან და ეწვიოს ღმერთის მიერ შექმნილ ახალ სამყაროს. და აი აქ
იწყება სატანის სახის მთავარი ცვლილება, როდესაც ის შედის სამოთხეში და ხედავს
ღმერთის მიერ შექმნილ მშვენიერ სამყაროს, ის აღიარებს თავის მარცხს და
მარტოსულობას, სატანა აქ ხვდება თავის უბედურებას და ამბობს, სადაც არ უნდა
წავიდეს ყველგან ჯოჯოხეთია, ის მას ვერ გაექცევა მას, ვინაიდან ჯოჯოხეთი
სატანაშივეა 5 (ლევალსკი 2007:93). წიგნის ამ მონაკვეთიდან იწყება სატანის პერსონაჟის
დაღმასვლა. მილტონის სატანა არის პერსონაჟი, რომელსაც შეუძლია შეცვლა, თუმცა მას
აქვს შინაგანი კონფლიქტის პრობლემა და არ სურს დანებება. მიუხედავად იმისა, რომ
ის ხვდება, თუ რა ცუდია ღმერთთან განშორება, ის მაინც არ ყრის ფარ-ხმალს და ამ
სიცარიელის ამოვსებას ცდილობს შურისძიების გზით. რაიხტერი აღმოაჩენს სატანას,
რომელიც ცდილობს ჯოჯოხეთში თვითგამორკვევას და საკუთარი თავის კონტროლს.
პირველ თავებში წარმოჩენილი მისი დიდებულება, წარმოადგენს სატანის მძაფრ
გრძნობებს დაკარგული ბედნიერებისადმი. მისი ტრაგიზმი ღვთის უსასყიდლოდ

5 „Which way I flie is Hell; my self am Hell”

22
შემოთავაზებული მადლის მიმართ, ჯიუტ წინააღმდეგობაში მდგომარეობს (ოლაფსონი
2007:42-43).
მილტონის სატანა გამოხატავს პირადი დანაშაულით გამოწვეულ ტკივილს,
გაუცხოებას, ვალდებულებასა და პასუხისმგებლობის მწვავე გრძნობას. ჰასკინის
თქმით, მონანიება იქნებოდა დანაშაულის გამოსყიდვისა და განთავისუფლების გზა,
თუმცა, სატანა უარს ამბობს ამ რისკზე და ირჩევს სხვა გზას, კერძოდ, საკუთარი თავის
მსხვერპლად დანახვასა და ამ უსამართლო სიტუაციაზე პასუხისმგებლობის
ღმერთისთვის დაკისრებას. მილტონი წარმოაჩენს, სატანის გადაგვარების ბუნებრივ
შედეგებს და მისი შინაგანი წინააღმდეგობის უზარმაზარ ფსიქიკურ ძალას (ოლაფსონი
2007:44).
სატანის სახის განვითარებისას ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ ჯოჯოხეთიდან ამოსული
სატანა, რომელიც დაფრინავს დედამიწის ზურგზე და ათვალიერებს ახალ სამყაროს,
არის ნაღვლიანი; მას აქვს გეგმა და იცის, რომ ამ გეგმას განახორციელებს, მაგრამ მას ეს
არ უხარია, რადგან იცის, რომ ამ ახალ საქმეს ახალი განსაცდელი მოჰყვება; მას ეს
აწუხებს, რადგან უკვე იცის შედეგები, ის უკვე დაღლილია, საკუთარ თავთან მარტოდ
არის დარჩენილი; მას სიტუაცია კარგად აქვს შეფასებული, თუმცა, უკან დასახევი გზა
არ აქვს, მისივე თქმით, მას არ შეუძლია აღიაროს მარცხი, ვინაიდან მას რცხვენია
საკუთარი მიმდევრების წინაშე წარდგეს, როგორც დამარცხებული ლიდერი. აქ კარგად
ჩანს სატანის სიამაყის გრძნობა, და ეს სიამაყე მას დანებების საშუალებას არ აძლევს,
როდესაც ის სამოთხეში შედის და ხედავს ადამისა და ევას სილამაზეს, ის წუხს იმის
გამო, რაც უნდა გააკეთოს, თითქოს სატანა საკუთარ თავთან ჭიდილშია. შეიძლება მას
უკვე აღარ უნდა ადამისა და ევას დაღუპვა, მაგრამ აქ არსებობს წინააღმდეგობა, რაც მას
უკან დახევის საშუალებას არ აძლევს მისი სურვილის მიუხედავად. ის არის
პანდემონიუმის ლიდერი და განდევნილი ანგელოზების ხელმძღვანელი, რომლებიც
მას ჯოჯოხეთში ელოდებიან, ის კი მათთან ხელცარიელი ვერ დაბრუნდება. ის
ლიდერია, მას გარკვეული ვალდებულებები აკისრია თავისივე ჯგუფის წევრებთან, და
მას მოეთხოვება ამ ვალდებულების შესრულება.

23
სატანას სინანული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კარგად ჩანს პოემის მეოთხე
წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში, სადაც სატანა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მას
უდანაშაულო ადამისა და ევას გაწირვა უწევს. ის საკუთარ მონოლოგში ამბობს:
„ვწუხვარ თქვენ ორის გამო, ვინაიდან ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ დამიშავა
მან ვინც თქვენ შეგქმნათ და მასზე შურის საძიებლად თქვენ უნდა გაგწიროთ, თუმცა
ისეთი მშვენიერები ხართ რომ, რომ არა ჩემი ლიდერის მოვალეობა, შეძლება
შურისძიებაზე უარი მეთქვა და არ გამეწირეთო“ 6 (ლევალსკი 2007:103). აქ კარგად ჩანს
სატანის სინანული. ეს არის სწორედ ის გადამწყვეტი მომენტი, რაც სატანას სრულიად
განასხვავებს პირველ სამ თავში წარმოდგენილი სატანისგან. აქ ჩვენ ვხედავთ ორი სახის
სატანას: პირველია სატანა, რომელიც მიმდევრების წინაშე გამოდის ორატორული
სიტყვით, ის აქ არის დიდებული, ვინაიდან მარტო არ არის და საკუთარ გარემოცვასთან
იმყოფება. მეორე მდგომარეობაა, როცა ის ასევე ორატორულად ესაუბრება საკუთარ
თავს, თუმცა არის მარტო. გარკვეულად, ეს სატანის პარადოქსული სახეა, თუ პირველი
წიგნის დასაწყისში ის არის ძლიერი და საბრძოლო შემართებით, წიგნის მეოთხე თავში,
როცა ის მარტოა, ის ამჩნევს საკუთარი ძალის დაკარგვას და აცნობიერებს, რომ ეს
სამეფო მისთვის არ არის, ის მარტოობისთვის არის განწირული და ეს მარტოობა არის
ის, რაც მასში პიროვნულ კლებას იწვევს. რაც უფრო მძაფრად შეიგრძნობს ის თავის
მარტოობას, მით უფრო კლებულობს მისი ძალა, ანუ ჯოჯოხეთს გარეთ, მას არ აქვს
ძალა.
სატანა უკვე არის გატეხილი და ეჭვებით სავსე, მას აღარ აქვს პირვანდელი ძალა, და
მის უკვე არსებულ ტკივილს უფრო ამძაფრებს სამოთხეში ხილული წყვილის ნახვა. ეს
ყველაფერი მასში იწვვს მძაფრ განცდებს, ის უფრო უღრმავდება დანაკარგს, არის
ტრაგიზმით სავსე და ამავდროულად, ოსტატურად იბრძვის საკუთარი იდეალისთვის,
მას დასაკარგი აღარაფერი აქვს და მზად არის განახორციელოს არსებული გეგმა.

6„On you who wrong me not for° him who wrongd, And should I at your harmless innocence Melt, as I doe, yet public
reason just, Honour and Empire with revenge enlarg’d, By conquering this new World, compels me now To do what else
though damnd I should abhorre.“

24
სატანა წარმატებით ახორციელებს თავის გეგმას და სასიხარულო ამბით ბრუნდება
ჯოჯოხეთში, თუმცა მისი პიროვნული ნგრევა უკვე დაწყებულია და მას დედამიწაზე
მოპოვებული გამარჯვება არ ანიჭებს სიხარულს, თითქოს უდანაშაულო ადამიანების
ცდუნება გარკვეულ დარდს ჰგვრის მის პერსონაჟს, გარკვეულწილად, ის თავის თავთან
აღიარებს ღმერთთან მარცხს, მან იცის ღვთის სამეფოს სიმშვენიერე და ისიც იცის, რომ
მისი სამეფო ღვთისას ვერ შეედრება. ამიტომაც პირვანდელი სატანა სრულიად
განსხვავდება სატანის შემდგომი სახისგან, რომელიც ნაწარმოების სვლასთან ერთად
ვითარდება წიგნში. სატანის თანდათანობითი დეგრადაცია დრამატიზიბულია მის
მიერ მიღებული სხვადასხვა ფორმის თანმიმდევრობით. პოემის დასაწყისში ის არის
უზარმაზარი აღნაგობის დაცემული ანგელოზი, შემდგომ წარმოგვიდგება ცაში ადრე
არსებულ მოელვარე ქერუბიმად, რომელსაც ჯოჯოხეთშიც კი აქვს შერჩენილი თავისი
პირვანდელი დიდება, შემდგომ ის უფერული არსებაა და ბოლოს, სამოთხეში ის
გველის სახით წარმოგვიდგება. გარეგნული ფორმების გაუარესებასთან ერთად, მისი
მსჯელობის უნარიც უარესდება. თუ პირველ თავებში ის არწმუნებს ეშმაკებს მის გეგმას
დათანხმდნენ, მეოთხე წიგნში ის უკვე საკუთარ თავს ებრძვის და ეეჭვება მიღებული
გადაწყვეტილების სისწორე. წიგნის ბოლოში კი სატანა, რომელიც ხვდება საკუთარი
გეგმების კრახს, არ აღიარებს მარცხს და უბრუნდება თავის ახალ სამყოფელს -
ჯოჯოხეთს, თუმცა ის მაინც ბედნიერია, რადგან იცის, რომ ჯოჯოხეთში სამეფოს არავინ
შეედავება7 (ლევალსკი 19:2007).

7Here at least We shall be free; th’ Almighty hath not built Here for his envy, will not drive us hence: Here we may reign
secure

25
თავი III სატანის ორგვარი სახე
3.1 სატანა, როგორც „დაკარგული სამოთხის“ ლირიკული პერსონაჟი

„რა წყალს მივეცე? სადაც წავალ, ჯოჯოხეთია,


მე თვითონა ვარ ჯოჯოხეთი, ჩემშივე არის8“
მილტონი „დაკარგული სამოთხე“
ჯონ მილტონის სატანა, რომელსაც რენესანსის გმირისთვის დამახასიათებელი ყველა
თვისება: სიმამაცე, ძლიერება, ერთგულება, წინდახედულობა, ზომიერება,
თავგანწირულობა აქვს, ასევე ფლობს სხვა ადამიანურ თვისებებსაც, მათ შორის
სინანულს, ცნობისმოყვარეობას, ეგოიზმს, ძალაუფლების წყურვილს და ეს ყველა
ჩამოთვლილი თვისება ქმნის სატანის ახალ - ლირიკულ სახეს. ოქსფორდის
განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ტერმინი „ლირიკული“ პოეზიაში აღნიშნავს
პერსონაჟის გრძნობებსა და აზრებს, პერსონაჟის ძლიერ ემოციებსა და წარმოსახვას.
(ჰორნბი 2020:921). მილტონის პოემაში „დაკარგული სამოთხე“ , სატანა სწორედ ასეთი
ლირიკული სახით არის წარმოდგენილი, მთელი თავისი სულიერი განცდებითა და
ემოციებით. სატანის ლირიკული პორტრეტი ისეა დახატული, რომ კარგად ჩანს მასში
პერსონაჟის სუბიექტურად გამოკვეთილი ხაზი, მისი მეტყველების სტილი, საკუთარ
თავთან მონოლოგი, აზრებისა და გრძნობების გამოხატვის სრული თანმიმდევრულობა,
და ეს ყველაფერი ქმნის ჭეშმარიტ ლირიკულ პერსონაჟს. ტექსტის ამ ნაწილში
მოქმედება ვითარდება, არა როგორც რაიმე ამბის განვითარება და მოქმედების პროცესი,
არამედ დახატულია პერსონჟის შინაგანი სამყარო, რაც ამ ტიპის ტექსტისთვის არის
დამახასიათებელი. „დაკარგული სამოთხე“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი,
ვინაიდან პირველად სატანის შესახებ ისტორიაში, აქ ვხედავთ ამ პერსონაჟის ლირიკულ
მხარეს. სწორედ ამით არის მილტონის პოემა ასევე განსაკუთრებული, რომ ავტორმა
პოემაში სატანის ახალი სახე დაგვანახა. მას აქვს ისტორია, რომელიც მოცემულია
ბიბლიის წიგნების სხვადასხვა თავებში, მაგალითად, დასაწყისში, დაბადების წიგნში,

8“ Which way I flie is Hell; my self am Hell”.

26
სატანა მოხსენიებულია როგორც გველი: „გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ
ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ (დაბ. 3:1.
ბიბლია 1989:14). იობის წიგნის პირველ თავში ვკითხულობთ, რომ სატანა
ღვთისშვილებთან (იგულისხმებიან ანგელოზები) მიდის ღმერთთან წარსადგომად:
„ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა
მათ შორის“ (ბიბლია 1989:172). იობის წიგნში სატანა უფალს ჩვეულებრივად ესაუბრება
და ღმერთი მას აძლევს უფლებას, გამოსცადოს ადამიანი (ბიბლია 1989:172). ხოლო
ახალი აღთქმის ბოლო თავში - გამოცხადებაში, სატანა მოხსენიებულია, როგორც დიდი
გველეშაპი, ძველი გველი: „გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი,
რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია ...“ (გამოცხ. 12:19. ბიბლია 1989:1204).
სატანას აქვს ისტორია, ის ცნობილი პერსონაჟია, მაგრამ მიუხედავად ამისა,
მილტონამდე ეს პერსონაჟი არავის დაუჯილოვებია იმ თვისებებით, რა თვისებებითაც
მას „დაკარგულ სამოთხეში“ ვხედავთ. მისი ისეთი გრანდიოზული სურათი, როგორიც
მილტონმა შექმნა, მხატვრებსაც კი არ ჰქონდათ ტილოზე ასახული. პირველად
ისტორიაში, მილტონმა დაგვანახა სატანის ამბივალენტური ბუნება, მისი სიდიდე და
ლირიკულობა. მილტონის სატანას აქვს ლირიკული მომენტები მაშინ, როცა ის მარტო
რჩება; მარტო დარჩენილი სატანა უკეთესად აღიქვამს საკუთარ თავს და ნათლად
ხედავს თავისი სულის მდგომარეობას.
ამ პერსონაჟის ლირიზმი იწყება „დაკარგული სამოთხის“ პირველივე თავში, სადაც
აღწერილია „თავგასულობის გამო ზეცით ქვედამხობილი“ სატანის მდგომარეობა.
ზეციდან განდევნილი სატანა იმყოფება ჯოჯოხეთის ტბაში და მძვინვარე ცეცხლის
ნიაღვარშია გაშხლართული. სატანის მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ ის
თავსაც კი ვერ წევს ტბიდან, სანამ ღმერთი არ ინებებს მის დახსნას, ისიც იმისთვის, რომ
შემდგომში უფრო დაისაჯოს თავისი დაუმორჩილებლობის გამო (ლევალსკი 2007:17).
დამარცხებული და ნაგვემი, თუმცა ცოცხალი სატანა ცის ლაჟვარდში ლაღად სიარულის
ნაცვლად, ახლა შუბის დახმარებით გაჭირვებით მიაბიჯებს ცეცხლმოდებულ მიწაზე და
მხედრობის წინაშე ამბობს:

27
„ჩვენ ყველა ისე დავიღუპეთ, როგორც ზეციურ სულთა და ღმერთთა,
ყოვლისშემძლეთ, ძალუძთ დაღუპვა: თუმც დიდება ჩვენი დაჭკნა, და
ნეტარება ამ უსასრულო სივალალემ შთანთქა მთლიანად, სული და
ფიქრი მაინც ვეღარ დაიმორჩილა, და ძველი ძალა მალე უკან
დაგვიბრუნდება.“
(მილტონი 1978:21)

ამ მონაკვეთიდან უკვე იწყება სატანას შემართება, ლირიკული სახე თითქოს გადადის


გმირულში, ვინაიდან დამარცხებული და ნაგვემი სატანა გამოდის ბრძოლის
ასპარეზზე, თუმცა მისი დიდება ჩრდილქვეშაა დაბურული და კვლავ ამაღლებული
ლირიზმისთვისაა განწირული.
სატანას პერსონაჟის ლირიზმი გრძელდება მისი სამოთხეში შესვლისთანავე; როგორც
კი ის შედის სამოთხეში, უშიშარ სატანას შიში და შური და იპყრობს, შეძრწუნებულს
სრული სასოწარკვეთა ეუფლება. ნაცვლად იმისა, რომ სასურველ ადგილას მიღწევა
უხაროდეს, პირიქით, ის საგონებელში ვარდება და აცნობიერებს, რომ სამყოფელის
მიუხედავად, ის ყველგან უბედურია, სამოთხეში ყოფნაც კი არ უხარია:
„შიშით და ეჭვით აღევსება ტანჯული სული, და ჯოჯოხეთი
გადაეშლება თვით არსებაში; მარად თან დააქვს ჯოჯოხეთი და
ჯოჯოხეთში დაიარება. ის ჯოჯოხეთს ვერ გასცილდება, ვით საკუთარ
თავს, თუნდ ადგილი გამოიცვალოს.“
(მილტონი 1978:111)
სამოთხეში მყოფ სატანას აწუხებს სინდისის ქენჯნა და წარსულში ჩადენილი
დანაშაული. სატანას ახსენდება ღმერთთან ახლოს ყოფნის ნეტარება, და ჯანყის
შემდგომი მისი ახლანდელი სიტუაცია, რაც უფრო აძლიერებს მის ლირიკულ მხარეს.
სატანა ადანაშაულებს თავის თავს და თავადვე განიკითხავს საკუთარ თავს. სატანა
ამბობს, რომ მან ღმერთის სიკეთე დაივიწყა, ის აღნიშნავს, რომ მას ღმერთი კეთილად
ექცეოდა, თუმცა, სატანაში ცნობისმოყვარეობის სურვილმა სძლია სიკეთის დაფასება და

28
თავისუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა. სატანა ნანობს, რომ ის არ არის უბრალო
ანგელოზი. სატანის სინანული კარგად ჩანს მის შემდგომ მონოლოგში სადაც ის ამბობს:
„ო,რატომ არა?! შეიძლებოდა ბატონობა სხვას განეზრახა, სხვას წამოეწყო
შეთქმულება, მე ჩავეთრიე“. მონანიე სატანა ჯერ ღმერთის სიყვარულს წყევლის, მერე
ისევ უარყოფს ამას და საკუთარ თავს იწყევლის : „არა, თვითონ შენ წყეულ იყავ!
იბრძოდი მისთვის, თავისუფლება მოგეპოვა, და მოიპოვე ის, რაც ესოდენ სინანულით
გავსებს ამჟამად“ (მილტონი 1978:111).
სამოთხეში მყოფი სატანა ხან ღმერთს ადანაშაულებს, ხან საკუთარ თავს, აქ კარგად
ჩანს სატანას გაორებული სახე, მისი ცუდი მხარე და ასევე კარგი - მონანიე სული,
რომელიც იმასაც ფიქრობს ღმერთს რომ შევევედრო, ნეტავ თუ მომიტევებსო (მილტონი
1978:112). სატანა ფიქრობს ღმერთთან შერიგებაზე, მაგრამ მას ახსენდება, რომ
ღმერთთან შერიგება მორჩილებას გულისხმობს. თუ სატანა მივა ღმერთთან და
შენდობას სთხოვს, მაშინ სატანა ღმერთს უნდა დაემორჩილოს. სატანა შეიძლება ამაზეც
დათანხმდეს, მაგრამ ის შეთქმულებაში არ ყოფილა მარტო, მას ჰყავს თანამოაზრეები,
მიმდევრები და სატანას მორალური მხარე არ აძლევს დანებების უფლებას. როგორც
წინა თავებში ითქვა, სატანას რცხვენია თავის მიმდევრების, რადგანაც ის ლიდერია. მას
აქვს ლიდერის ვალდებულება და მოვალეობა საკუთარ თანამოაზრეებთან, სატანას
მისია აქვს შესასრულებელი და სწორედ ამიტომ იმყოფება ის სამოთხეში, რათა
აცდუნოს ადამიანები და ღმერთზე იძიოს შური. თავისუფალი სატანა მაინც არ არის
თავისუფალი, ის ვერ იქცევა ისე, როგორც უნდა რომ მოიქცეს, მას აქვს
პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა შეასრულოს და ამაზე განსაკუთრებით სწუხს
სატანა, მას აღარ სურს დამატებით დანაშაულის ჩადენა, სურს ღმერთთან შერიგება,
მაგრამ რადგან ლიდერია, ასე მარტივად ვერ შერიგდება ღმერთთან. გარდა ამისა, მას
ჯოჯოხეთის სამეფოში ტახტი და საკუთარი ხალხი ელოდება, რაზეც სატანა უარს ვერ
ამბობს, მას უკვე ახალი სამეფო აქვს, თუმცა, ძველ დროს მისტირის.
სატანის ლირიკული პერსონაჟი, შექსპირის მეფე მაკბეტის პერსონაჟს ჰგავს,
რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების გამო უცოდველი, კეთილი მეფე დუნკანი

29
სასიკვდილოდ გაიმეტა, რაც მისი დაცემის მიზეზი გახდა. მაკბეტი და სატანა,
მიუხედავად მიღწეული „წარმატებისა“, ორივე უბედურია, ვერც ერთი ვერ ტკბება
თავიანთი მონაპოვარით, ორივე ძველ დროს მისტირის, სწუხან კიდეც თავიანთ
დანაშაულზე, მაგრამ ერთი დანაშაული მეორეს იწვევს და საბოლოოდ, ძალაუფლებაზე
უარის თქმა ორივესთვის არის ძალიან რთული. ზოგადად, მმართველობის სადავეების
ხელში ჩაგდება და დიდების ტახტზე ყოფნა, ამაზე უარის თქმა, ვერც სხვა
პერსონაჟებისთვის იქნებოდა ადვილი. გავიხსენოთ ასევე შექსპირის სხვა პერსონაჟი,
მეფე რიჩარდ III გლოსტერი. ძალაუფლების მანიით შეპყრობილი გლოსტერი, სანამ
მეფე გახდება, ირგვლივ ყველას ხოცავს, მეფობის შემდეგაც აგრძელებს ამას და ბოლოს
მიდის საბოლოო დეგრადაციამდე, საკუთარ სამეფოს ერთ ცხენში ცვლის: “ოჰ, ცხენი,
ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!“ (შექსპირი 1986:206). შექსპირის ორივე
პერსონაჟი საბოლოოდ მარცხდება, მაგრამ მილტონის სატანა მარტივად არ ჰყრის ფარ-
ხმალს, მათთან მსგავსების მიუხედავად, სატანა ყოფილი მთავარანგელოზია, ზეციური
წარმომავლობით, ხოლო შექსპირის პერსონაჟები მიწიერი მეფეები და მათი დამარცხება
მარტივია. ასევე, მათი სამეფოები ამქვეყნისაა, ხოლო სატანას ტახტი იმ ქვეყნად აქვს.
აქედან გამომდინარე, სატანის პერსონაჟს, დაცემის მიუხედავად, ლირიკულ, მონანიე
სატანაშიც აქვს გმირისთვის დამახასიათებელი თვისებები, მათ შორის ყველაზე
ძლიერი - თანამოაზრეებისთვის თავგანწირვა, სატანა მათ გამო ყველაფრისთვის მზადა;
საკუთარი მებრძოლებისთვის და სამეფოსთვის, სატანა მზადაა ღმერთთან შერიგების
ნაცვლად, ახალი ომი აწარმოოს მასთან. ამასთან ტახტისთვის ნახევარ სამეფოზეც
თანახმაა, ის ამბობს, რომ ღმერთს გაუყოფს სამყოფელს და აქაც თითქოს შინაგან
ბრძოლაში იმყოფება, ამ მომენტისთვის სატანა ჩანს როგორც პერსონაჟი, რომელმაც
იცის, რომ საკუთარი ამპარტავნების გამო ვერ იქნება ღმერთთან და თუ ის ვერ იქნება
ღმერთთან, მისთვის სულერთია სად იმეფებს და როგორ, მთავარია მებრძოლების
წინაშე არ გამოჩნდეს დამარცხებული. აქ ჩანს სატანას ორი: ბოროტი და კეთილი სახე,
ბოროტი იმ მხრივ, რომ ვერ სძლევს ამპარტავნებას და მზადაა ახალი ბოროტებისთვის,
ხოლო კეთილი იმ მხრივ, რომ ის ხედავს და აფასებს ღმერთის სიკეთეს. ჩემი აზრით, თუ

30
არ ხარ კეთილი, შეუძლებელია დაინახო ღმერთის სიკეთე, სატანა კი ხედავს ღმერთის
სიკეთეს და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ლირიკულობა, რომ მას სურს იყოს
კეთილი, მაგრამ საკუთარი პრინციპების გამო, ის ვერ იქნება კეთილი, ვერ თმობს
ბოროტებას. სატანაში არის კეთილი და ნათელი მხარე, თუმცა, ბოროტი მხარე უფრო
სჭარბობს მასში, რაც საბოლოოდ ღუპავს მის პერსონაჟს, რასაც თავადვე ამბობს:
“რამდენსაც უფრო მაღზევებენ, უფრო ვეცემი. მე დიადი ვარ მარტოოდენ უბედურებით
და ჯოჯოხეთის თაყვანება ვერ დამამშვიდებს“ (მილტონი 1978:112).
სატანის, როგორც ყოფილი მთავარანგელოზის ლირიკული მხარე კარგად ჩანს მისივე
სიტყვებში, სადაც ის მოთქვამს სამოთხეში ნანახი სურათის გამო. სატანა
გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ ღმერთმა სამოთხეში მოკვდავი არსებები შეასახლა,
თუმცა, აქვე მათ მშვენიერებასაც აღიარებს და არ მალავს მათი სიმშვენიერისგან
გამოწვეულ გაოცებას. სამოთხის სილამაზე და ახალი წყვილის მშვენება, სატანაში ახალ
სევდას იწვევს, რომელიც უფრო აღვივებს მის ლირიზმს და საკუთარ თავთან
მონოლოგში სატანა შემდეგ ფრაზებს ამბობს :
„ჰოი, საზარო, დამტანჯველო სანახაობავ, ეს ორი არსი, ნეტარებით
მოსილ ედემშიუნდა ტკბებოდეს, აქ ერთმანეთს გადახვეულნი, მათ-
სიხარული და სიამ-აღმატებული,მე კი გამწირეს, ჯოჯოხეთის
ცეცხლში ჩამტყორცნეს, წარმტაცეს ტკბილი სიხაული და
სიყვარული; და დაუშრეტი, მარად მწველი სურვილი, ჯინი,- სხვა
გასაჭირზე და ტანჯვაზე არა ნაკლები,-მაწამებს, მტანჯავს, მოუკლავი
წყურვილის ტანჯვით.“
(მილტონი 1978:125)
დაკარგული სამოთხის წიგნის მეოთხე თავში დაწყებული სატანას ლირიკული
მონოლოგი გრძელდება მეცხრე თავში, სადაც სატანა ნათლად აღიარებს თავის წუხილსა
და ტანჯვას, და საკუთარი შურის გრძნობას ახალი სამყაროსადმი, სატანა ვერ შორდება
თავის პირვანდელ ცოდვას და ის იტანჯება ამის გამო, რაც კარგად სჩანს სატანის მორიგ
მონოლოგში:

31
„ო, დედამიწავ, ზეცას ჰგავხარ, უკეთესიც ხარ, უფრორე ღირსი - იყო
ღმერთთა სასუფეველი, მეორე ფიქრით შექმნილი ხარ, დასრულებული,
-განა უარესს, კარგის შემდეგ, შექმნიდა ღმერთი?!
(მილტონი 1978:191)
მონოლოგის ამ ნაწილში სატანა ასევე აღიარებს ღმერთის გენიალურობასა და
სიდიადეს, და შემდეგ ისევ აგრძელებს მოთქმას : „მაგრამ მე ჩემთვის თავშესაფარს
ვერსად ვერ ვპოვებ და რამდენადაც მეტსა ვხედავ ირგვლივ სიამეს, იმდენად უფრო
ვეწამები და ვიტანჯები, მე - სიძულვილის მწარე ალყით გარემოცული.“ (მილტონი
1978:243).
სატანას ლირიზმი ტექსტის მსვლელობასთან ერთად იცვლება და მონანიე სატანას
სახიდან გადადის შურისმაძიებელი სატანის სახისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სატანამ
იცის, თუ რა მოჰყვება მის მორიგ დანაშაულს, ის სასჯელზე თანახმაა. დაისჯება თუ არა,
მას უკვე აღარ ადარდებს, ერთადერთი რაც დარჩენია, ეს არის გეგმის სისრულეში
მოყვანა. სატანას პერსონაჟი განწირული, ლირიზმით სავსე სული ხდება, რომელიც
მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისთვის იბრძვის. სინამდვილეში, სატანა იბრძვის არა
ღმერთის ტირანიის დასამხობად, არამედ საკუთარი სამეფოს შესაქმნელად. ის არც
საკუთარ თანამოაზრეებთან არის ბოლომდე გულწრფელი და მათ ეუბნება, რომ ჩვენ
თავისუფლებისთვის ვიბრძვით, საერთო მიზანს ვემსახურებით, გვსურს ვიყოთ
ტირანისგან თავისუფალი; სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებს,
მაგრამ ის თავისივე რიტორიკული სიტყვის ძალით, ადვილად ახდენს თანამოაზრეებზე
გავლენას და ისინი მას თვალებში შესციცინებენ, როგორც მხსნელს, მათ შეეძლებათ
ახალ სამყოფელში მშვიდად იმეფონ, ვინაიდან, როგორც სატანა ამბობს, ღმერთი მათ
ჯოჯოხეთში არ შეეცილება:
„თავისუფლებას მაინც არვინ წარგვტაცებს აქა: ისე სიძუნწით შეუქმნია ღმერთს
ჯოჯოხეთი, რომ ჩვენი აღარ შეშურდება, აღარ განგვდევნის“ (მილტონი 1978:34).
სატანას სახის დეგრადაცია, ის თუ სადამდე მიჰყავს ამპარტავნებასა და შურს
ნათლად არის მისივე სიტყვებით: „ხომ სულერთია, სად ვიქნებით, თუკი ჩვენ ყველგან

32
ამგვარი ყოფნა გვიწერია“ (მილტონი 1978:33). ძალაუფლების წყურვილი საბოლოოდ
ანადგურებს მის პერსონაჟს.
ტექსტის დასაწყისში არსებული ძლიერი მებრძოლი გმირის პერსონაჟი საბოლოოდ
ეცემა და ხდება ძირს მხოხავი არსება - გველი, დაკარგული სამოთხე კი მთავრდება ისე
რომ სატანას მიერ ცდუნებული პირველი ადამიანი, აღთქმის თანახმად, ელოდება ახალ
ცასა და მიწას: „კვლავ შეიქმნება ახალი ცა და დედამიწა, სადაც სიმართლე საბოლოოდ
დაისადგურებს“ (მილტონი 1978:350).

33
3.2 სატანა, როგორც ეპიკური გმირი

ვებსტერის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ტერმინი „ეპიკური“


განმარტებულია, როგორც ზღაპრული, გმირული, გრანდიოზული, შთამბეჭდავად
დიდებული, ვრცელი თხრობითი ლექსი, რომელიც მოგვითხრობს ლეგენდარული ან
ისტორიული გმირის საქმეებს.9 პოემაში „დაკარგული სამოთხე“ მილტონის სატანა არის
ყველაზე მნიშვნელოვანი და გმირული თვისებების მქონე პერსონაჟი. პოემის
დასაწყისში, მწერლის მიერ მისი დრამატული აღწერა სატანას რენესანსის ეპოქის
გმირად ხდის:
„ახოვანება სატანისა მოგაგონენდათ, ზღაპრულ ტიტანებს, მიწის
შვილებს, (რომელთაც ომი ზევსს გაუმართეს) -ბრიარესოსს ანუ
ტიფონსა... ლევიათანსაც ჰგავდა იგი, ზღვის მხეცს საშინელს,
უდიდეს ურჩხულს, ღვთის გაჩენილ ურჩხულთა შორის...
სატანაც ასე თვალუწვდენილ გაშხლართულიყო. მძვინვარე
ცეცხლით ალმოდებულ ტბას მიჯაჭვული... უცებ სატანა
ცეცხლის ტბიდან წამოიწია, პირქუშ სივრცეში აღიმართა,
ძლევამოსილი.“
(მილტონი 1978:32)

ტექსტის დასაწყისშივე სატანა გვევლინება როგორც მებრძოლი გმირი, რომლის მტერი


არც მეტი არც ნაკლები, გახლავთ თავად ყოვლისშემძლე ღმერთი. კლასიკურ ეპიკურ
პოემას აუცილებლად სჭირდება გმირი, მილტონს ამ როლში გამოჰყავს სატანა. სატანა,
როგორც გმირი, იმყოფება მოქმედების ეპიცენტრში და არის მთავარი მოვლენის
მატარებელი. ის დანარჩენი პერსონაჟებისგან გამოირჩევა იმით, რომ სიუჟეტის
განვითარებაში აკისრია წამყვანი როლი, ახასიათებს წინააღმდეგობათა გადალახვის

9 https://www.merriam-webster.com/dictionary/epic

34
უნარი. რატომ გმირი? ის არის ერთადერთი, რომელიც მოგზაურობს. კლასიკური
ეპიკური პოეზიის მთავარი ტიპიური კონვენცია კი გახლავთ მიწისქვეშა სამყაროში
მოგზაურობა. თითქმის ყველა ეპიკურ პოემაში ხდება ასე, მაგალითად, ჰომეროსის
ოდისევსი მოგზაურობს ჰადესში, რათა კუნძულ ითაკაზე დასაბრუნებლად მიიღოს
მოწყალება. „ენეიდაში“ კი ენეასი მოგზაურობს მიწისქვეშა სამყაროში, რათა ესაუბროს
მის გარდაცვლილ მამას - ენქისეს. მილტონის სატანასთან კი ხდება უკუსვლა, ის
ჯოჯოხეთში კი არ ჩადის, არამედ იქიდან ამოდის და თავისი გეგმის შესასრულებლად
მოგზაურობს ღმერთის მიერ ახლად შექმნილ სამყაროში. ამ მოგზაურობისას კი, მას
დედამიწაზე მოსახვედრად უწევს ქაოსის გავლა, რომლის გზაც საკმაოდ რთული და
გრძელია, რაც სატანას ერთ-ერთი გმირული მიღწევაა. სატანის გამოვლილი გზა, რაც
ფართოდ დამახასიათებელია ანტიკური ეპოსის გმირებისთბვის, აძლევს სატანას
სათანადო ეპოქის გმირად.
ჩვენ ვიცით რომ პირველი წიგნი იწყება მოვლენების შუაგულიდან, სატანა თავის
მიმდევრებთან ერთად იმყოფება ჯოჯოხეთის ცეცხლში, მაგრამ ის თავისი შეუპოვარი
სულის წყალობით არ ეცემა, მალევე გამოერკვევა და მართავს სიტუაციას. ის მართავს
კრებას და ამ კრებაზე გადაწყდება, რომ ის არის ლიდერი და მას ევალება მთავარი
საქმის თაოსნობა და თავადვე წასვლა ამ საქმის შესასრულებლად. ის ამბობს, რომ
რადგან ლიდერია, მას აქვს მოვალეობა და პასუხისმგებლობა. სატანა არ გახლავთ
უბრალოდ ხელწამოსაკრავი, განდევნილი ანგელოზი, ამ განდევნას აქვს თავისი
მიზეზი. ტექსტის დასაწყისში სატანა, ისეთი გვხვდება, როგორც დაცემულ, განდევნილ
ანგელოზს შეეფერება, მაგრამ ის ჯოჯოხეთის ტბაშიც კი გოლიათი და ახოვანია, აქ ის
არ არის მახინჯი და უგვანი არსება, მილტონს ის სულ სხვა მხრივ ჰყავს წარმოჩენილი
განსხვავებით ბიბილიური ისტორიისგან. აქ გამოგდებულ სატანას ის კი არ ადარდებს,
რომ გამოაგდეს, არამედ ის, თუ რატომ გამოაგდეს. სატანა იმასაც ამბობს, რომ მათ ახლა
უფრო მეტი გამბედაობა და ძალა აქვთ ღმერთთან საბრძოლველად, ვიდრე მანამდე.
სატანა არის უდრეკი და ის თავის მდგომარეობაზე ამბობს, რომ ისინი ყველანი ისე
დაიღუპნენ, როგორც ზეციურ სულებს შეეფერებოდათ. აქ ის თავის სიდიადეს უსვამს

35
ხაზს. სატანა გახლავთ პერსონა, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული თავისი ყოფა და
ეძებს გამოსავალს. რა თქმა უნდა, ის ჯოჯოხეთში მარტო არაა, მას ჰყავს თავსი
თანამოაზრეები და სატანა გამართულ კრებაზე მთელი თავისი დიდებით არის
წარმოჩენილი. ის კაშკაშა და მოელვარე ლიდერია, რომლის მზერაშიც თანაგრძნობა,
ფიქრი, სევდა და სარდლის შემართება იგრძნობა, რომელიც მზად არის ყველაფერი
გააკეთოს სასურველი მიზნისთვის, გამოდის დიდი სიტყვით და მიუხედავად იმისა,
რომ მას ყველაფერი წინასწარ აქვს დაგეგმილი, იქცევა დემოკრატიული ლიდერის
მსგავსად და მართავს საბჭოს, გუნდის წევრებს ეკითხება აზრს, მაგრამ საბოლოოდ ისე
იქცევა, როგორც თავიდანვე ჰქონდა ჩანაფიქრი.
მილტონის სატანა მკვეთრად განსხვავდება ბიბლიაში მოცემული ერთფეროვანი
სატანის პერსონაჟისაგან. მილტონის სატანა ბიბლიური სატანას მსგავსად მხოლოდ შავ-
თეთრი კი არ არის, არამედ მრავალფეროვანი და ამ მრავალფეროვნებასთან ერთად,
პოემის მსვლელობისას იცვლება მისი ხასიათი, გუნება-განწყობა, ფორმა-ზომა და
სიდიდე. მისი მარცხის მიუხედავად, დაუსრულებელი ჯანყი, თავგადასავლებისა და
საქმისადმი სიყვარული, მისი მაღალი ამბიციები, ფართო მსოფლმხედველობა და
უშრეტი ენთუზიაზმი მოწმობს იმას, რომ სატანა ნამდვილად რენესანსის ეპოქის
გმირია.
სატანის ენთუზიაზმი და მებრძოლი გმირისათვის დამახასიათებელი თვისებები
კარგად ჩანს პოემის პირველ თავში, სადაც სატანა არ თვლის თავს დამარცხებულად და
კვლავ მზადაა ომისთვის : „ბრძოლა წავაგეთ? რაა მერე, ამითი მაინც, არ დაკარგულა
ყველაფერი, რადგან კვლავ შეგვრჩა უდრეკი ნება და წყურვილი შურისგების,
დაუშეტელი სიძულვილი და მამაცობა; ვერ ეღირსება მორჩილება-დათმობას ჩვენგან...
და სხვას რას ნიშნავს ვერ მორევა, ვერ დამარცხება?! ვერა, დიდებას ვერასოდეს ვერ
გამომტაცებს, ვერც ძლიერებით, ვერცა რისხვით! თავი დავხარო და მოწყალება
გამოვთხოვო მუხლმოდრეკილმა? რად გავაღმერთო მისი ძალა, როცა თვითონვე, ჯერ
კიდევ გუშინ, ჩემი რისხვით შეშფოთებული, თრთოდა ციური სასუფევლის დაკარგვის
შიშით!“ (მილტონი 1978:29).

36
სატანას ხელახალი ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი და სჯერა საკუთარი სიმართლის,
როდესაც ის თავის შემოქმედს ხედავს ისეთ შემოქმედად, რომელიც თავის ქმნილებებს
მართავს როგორც დიქტატორი: „რაკი კვლავ შეგვრჩა ძლიერება და ამ ბრძოლებმა
გამოცდილება კიდევ უფრო შეგვმატა ახლა, ჩვენ კვლავაც ძალგვიძს ან პირდაპირ, ან
ვერაგობით, აწ უფრო მეტის წარმატებით და მეტის რწმენით სამარადჟამო,
ულმობელი ომი გავმართოთ ჩვენს ძლიერ მტერთან, რომელიც ჯერ ისევ ზეიმობს და
აღმატებულ სიხარულით, სულ მარტოდმარტო განაგებს ზეცის სასუფეველს, როგორც
ტირანი“ ( მილტონი 1978:29).
როდესაც სატანა თვალს მოავლებს ჯოჯოხეთის გარემოს, და ადარებს მას
სამოთხესთან, ამობს: „ნუთუ ამ პირქუშ სიბნელეზე უნდა გავცვალოთ ცის ელვარება“
(მილტონი 1978:33). როცა უკვე ხვდება, რომ ღმერთი მასზე ძლიერია, სურს იყოს
მისგან განსხვავებული: „დე, ასე იყოს, რაკი თვითონ განაგებს, ვინაც ხელთ იგდო
მბრძანებლობა, ხელისუფლება. რაც შორს ვიქნებით მისაგან, მით უკეთესი. ერთნაირი
ვართ გონებრივად, მან ძლიერებით გვაჯობა მხოლოდ, გაბატონდა თავის ტოლებზე“
(მილტონი 1978:33). ის გულმოდგინედ და დაჟინებით ეძებს იმას რაც მას ჭეშმარიტად
სწამს, რაც კარგად ჩანს ტექსტის ამავე ნაწილიდან: „მის სულს ვერ მოდრეკს ვერ დრო-
ჟამი, ვერცა გარემო, თვითონვე ძალუძს ფიქრით შექმნას თვის სამყოფელი: ცა-
ჯოჯოხეთად, ჯოჯოხეთი - ზეცად აქციოს“ ( მილტონი 1978:33).
როგორც დაცემული ანგელოზი სატანა, არის მებრძოლი გმირი, რომელიც იბრძვის
თავისი მჩაგვრელის - ღმერთის წინააღმდეგ, ამასთან დაცემულ მთავრანგელოზს
მიუხედავად ამ დაცემისა, კვლავ აქვს შერჩენილი თავისი პირვანდელი ბრწყინვალება:
„ჯერ ელვარება სულ მთლად არ ჩაქრობოდა, კვლავ შერჩენოდა სახე
მთავარანგელოზისა“ (მილტონი 1978:45). სატანა არ კარგავს იმედსა და ენთუზიაზმს და
ამავდროულად, არის მოტივაციის ამამაღლებელი. ის, როგორც ლიდერი, საკუთარ
მიმდევრებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს, შთააგონებს მათ, რომ სულით არ დაეცნენ და
ბრძოლა განაგრძონ: „გამოიღვიძეთ, გამოფხიზლდით, წამოიშალეთ, თორემ, იცოდეთ,
აქ დარჩებით სამარადჟამოდ!“ (მილტონი 1978:36).

37
გამოსვლაში სატანა საინტერესოდ საუბრობს თავისუფლების თემაზე, მისთვის
თავისუფლება არის ყველაზე დიადი რამ, მისთვის ეს სამოთხეში ყოფნაზე მეტია, მას არ
სურს სამოთხეში ყოფნა, თუ ის არ იქნება თავისუფალი. მისთვის სამოთხის გარეთ
ყოფნა უფრო მისაღებია, ვიდრე იქ თავისუფლების არქონა. ეს არის, გარკვეულწილად,
დაცემიდან წამოდგომის ვარიაცია, რაც დასაფასებელია. ასევე, სატანის პოლიტიკა
ევასთან მიმართებაში, თუ როგორ დაარწმუნა ევა ხილი ეჭამა, ქებით, მოფერებით,
ცბიერებით მან ევას გულში გზა გაიკვლია - გველის სამოსში გახვეული სატანა ევას
ეუბნება, რომ შენ სამყაროს დედოფალი, როგორ შეიძლება ამ ხის ნაყოფმა მოგკლას,
როცა მე უბრალო არსებას - აზროვნების უნარი მიბოძა და აგერ გესაუბრებიო, შენც
ღმერთს მსგავსი გახდები, მის მსგავსად იაზროვნებ და ყველაფერი გეცოდინებაო. ევასა
და სატანას შეხვედრა შეიძლება შევადაროთ შექსპირის ლედი ანასა და გლოსტერის
შეხვედრას. სატანის მსგავსად, იქაც გზაზე ხვდება გლოსტერი ლედი ანას და მას სატანას
მსგავსად ესაუბრება, ამისივე მსგავსია შექსპირის ლედი მაკბეტის ისტორია, სადაც
ძალაუფლებას ეწირება მთავარი ადამიანური ფასეულობები და ჰუმანურობა. შეიძლება
მსგავსებები ვიპოვოთ ასევე შექსპირის მთავარ ტრაგედია „ჰამლეტში“, სადაც ყოფნა-არ
ყოფნის საკითხი კარგად არის გამოკვეთილი, და ასევე სატანა შეგვიძლია შევადაროთ
ჯორდანო ბრუნოს, რომელიც თავის თეორიას ეწირება, სატანა კი თავისივე დასმულ
კითხვას ცოდნისა და თავისუფლების შესახებ., და ბოლოს, თავად მილტონი უდრის
სატანას, სატანაში თავისი თავი ჰყავს დახატული, სატანასავით განდევნილია, მაგრამ
კვლავ დიდებული.
სატანას ცაში მონობას ჯოჯოხეთში მეფობა ურჩევნია. როგორც ჩანს, ღვთის მიერ მისი
ქმნილებებისთვის ბოძებული თავისუფლება არ აღმოჩნდა საკმარისი, ვინაიდან ამ მათ
თავისუფალ ნებას ხვდება წინააღმდეგობა, რაც იწვევს ჯანყსა და განდგომას, ე.ი
მიცემული თავისუფლება არ არის სრულყოფილი, ვინაიდან სამოთხეში ყოფნა
მორჩილების გარეშე შეუძლებელია. ისეთი მოაზროვნე არსება, როგორიც სატანაა,
შეუძლებელია იყოს სრულად მორჩილი, სატანა ასეთი უპირობო მორჩილების
პირობებში, ვერ გაძლებდა სამოთხის მარადიულ უცვლელ სრულყოფილებაში.

38
თავისუფლებითვის ბრძოლა გახლავთ ლიტერატურაში ასახულია, როგორც
კაცობრიობის მარადიული მამოძრავებელი ძალა. მიჩნეულია, რომ თავისუფლებაში
არის ცოდნის წყურვილი, მთელი ცნობისმოყვარეობა. რაიმე დიადი მიზნის მიღწევის
გზაზე, ადამიანის მოდგმას, ამ პირადი თავისუფლების გარეშე ვერ ეყოლებოდა ისეთი
გენიოსები, როგორებიც იყვნენ: და ვინჩი, შექსპირი, გოეთე და შოთა რუსთაველი.
ცხადია, თავისუფალი თუ არ ხარ, ვერ განვითარდები, შეუძლებელია წინსვლა და
პროგრესის ნაცვლად იქნება მუდმივი უკუსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი
მოითხოვს მსხვერპლს და მსხვერპლის გარეშე არც არაფერი იქმნება. ეს კარგად იცის
მილტონმაც და ამიტომაც ხაზს უსვამს თავის დაკარგულ სამოთხეში თემას -
თავისუფლება. სატანას პირით გვეუბნება დროა გამოიღვიძოთ და სიბნელეს დააღწიოთ
თავიო.
როგორც ვხედავთ, მილტონის სატანა ეს არის ფიქრით სავსე, მოაზროვნე არსება,
რომლისთვის მთავარია უნივერსალური სამართლიანობის პრინციპი, ამ არსებას არ
სურს ავტორიტარული მმართველობის ქვეშ ყოფნა, არამედ სიტყვის თავისუფლება და
საკუთარი აზრის გამოთქმა. მილტონის ეს გმირი ზემოთ ნახსენები ყველა თვისებიდან
გამომდინარე, არის ძლიერი და მნიშვნელოვანი ფიგურა ინგლისური ლიტერატურის
ისტორიაში. ამასთანავე, პოემა დაწერილია გრანდიოზული ეპიკური ფორმით. მისი
საფუძველი იყო ბიბლიური მითი ღმერთისა და სატანის ბრძოლის შესახებ, თუმცა,
მილტონის წერის სტილში მჟღავნდება მისი პურიტანული ხედვა: მას ღმერთი მკაცრ,
უზენაეს არსებად ჰყავს გამოყვანილი, რომლისგან დაშორებაც იწვევს ცოდვასა და
სასჯელს, რის გამოც სატანას სასჯელად ჯოჯოხეთი ერგო. მეორე მხრი, ასევე ჩანს
მილტონის აღორძინების ეპოქის ჰუმანურობა და სატანა ადამიანურად ჰყავს
გამოსახული, ვიდრე ღმერთი. ამგვარად, „დაკარგულ სამოთხეში“ თავმოყრილია
მილტონის ფილოსოფიური, მორალურ-ეთიკური და პოლიტიკური შეხედულებები.

39
დასკვნა

ნაშრომში გამოკვლეულია ჯონ მილტონის პოემა „დაკარგული სამოთხის“ ერთ-ერთი


მთავარი პერსონაჟის, სატანას სახის ცვლილება და განვითარება. კვლევამ გამოავლინა:
1. მილტონის სატანის სახე განსაკუთრებულია ლიტერატურის ისტორიაში ამ
პერსონაჟის გააზრების, განვითარებისა და წარმოდგენის თვალსაზრისით.
„დაკარგულ სამოთხეში“ სატანა წარმოდგება როგორც ძლიერი ტრაგიკული გმირი,
რომელიც თავისუფლებისა და ამავე დროს, ძალაუფლებისთვის იბრძვის. ის აქ
მრავალმხრივი პერსონაჟია და არა ერთსახოვანი, ბოროტი გმირი. მილტონი
მთლიანობაში წარმოგვიდგენს სატანის ისტორიას და აჩვენებს მის განვითარებას
დიდებიდან დაცემამდე.
2. მილტონი გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა სატანის სახე. ამგვარი მიდგომა ამ
პერსონაჟისადმი კარგად გამოხატავს ავტორის მიუკერძოებლობასა და მხატვრული
ინტერესს ამ უარყოფილი გმირისადმი. კვლევამ აჩვენა, რომ ნაწარმოებში სატანის
სახე, ძირითად, ლირიკული და ეპიკური შინაარსისაა. სახის ეს ორივე ასპექტი
მნიშვნელოვანია. თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია სატანის, როგორც
ლირიკული გმირის წარმოდგენა, რაც სიახლეა დასავლური ლიტერატურის
ისტორიაში. უფრო მეტიც, მილტონი აჩვენებს გმირის ლირიკული და ეპიკური
ასპექტების ურთიერთდამოკიდებულებას, გმირის შინაგანი და საჯარო ტექსტების
ურთიერთდაპირისპირებას, რაც წარმოუდგენელი ჩანდა მილტონამდე, სადაც
სატანა ერთსახოვან უარყოფით გმირად იყო მიჩნეული.
3. სატანის სახის განვითარება მოიცავს მისი შინაგანი სამყაროს ჩვენებას. სატანა
იტანჯება საკუთარი საჯარო როლისა და საკუთარი მისწრაფებების განსხვავებებით.
უფრო მეტიც, ის გაორებულია საკუთარ თავში. ამავე დროს, ის არის ტრაგიკული
გმირი, რომელიც აცნობიერებს დაკარგული სამოთხის მნიშვნელობას, დაცემის
ხარისხსა და გარდაუვალობას. მიუხედავად ამისა, კლასიკური ტრაგედიისგან
განსხვავებით, ის არ იღუპება და ბრძოლას განაგრძობს.

40
ბიბლიოგრაფია

1.ბიბლია 1989 ბიბლია, საქართველოს სსრ გამომცემლობათა, პოლიგრაფიისა და


წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის
ბეჭდვითი კომბინატი, თბილისი 1989.
2.გაჩეჩილაძე 1977 გაჩეჩილაძე.გ, ორლოვსკაია.ნ, რევიაშვილი.შ, ხავთასი.გ ,
საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორია,
გამომცემლობა განათლება, თბილლისი 1977.
3. მილტონი 1978 ჯონ მილტონი, დაკარგული სამოთხე, საბჭოთა საქართველო,
თბილისი 1978.
4. შექსპირი 1986 უილიამ შექსპირი, ტრაგედიები, წიგნი1, საბჭოთა საქართველო,
თბილისი 1986

5. კორნსი 2003 Corns Th. N , A Companian to Milton, Malden, Blackwell


Publishing,2003
6. დენიელსონი 1999 Danielson D. The Cambridge Companion to Milton, Cambridge,
Cambridge University press 1999
7. ვებერი 1979 Weber J.M , Milton and His Epic Tradition, Washington,
University of Washington Press , 1979

8. ფიში 1967 Fish S. Surprised by Sin, The Readers in Paradise Lost, Cambridge,
Harvard University Press 1976
9. ჰამილტონი 2003 Hamilton D.B. Strier R. Religion, Literature, and Politics in
Post-reformation England 1540-1688,Cambridge,
Cambridge University Press, 2003
10. ჰამონდი 2017 Hammond P. , Milton’s Complex Words,essays on the Conceptual
Structure of Paradise Lost, Oxford, Oxford University Press, 2017
11. ჰერმანი 2005 Herman P.Destabilizing Milton, “Paradise Lost” and
41
the Poetics of Incertitude, New York, Macmillan, 2005
12. ჰორნბი 2020 Hornby A. S. Lea D. Oxford advanced learner’s dictionary of
current English, Oxford, Oxford University Press, 2020
13. კინშელა 2003 Kinsella K. Feldman K. Literature, Upper Saddle River, New Jersy,
Pearson Prentice Hall 2003
14. ლოვენშტეინი 2004 Lowenstein D. A Student Guide, Milton Paradise Lost,
Cambridge, Cambridge University Press, 2004
15. ლაინგი 1873 Laing. A. F, A History of English Literature, London
Collin’s Clear-Type Press, 1873
16. ლევალსკი 2007 Lewalski B. K. John Milton Paradise Lost, Malden,
Blackwell Publishing, 2007
17. ოლაფსონი 2007 Olafson. M .Th. Milton’s Paradise Lost, New York, Macmillan, 2007
18. რიქს 2001 Ricks Ch. Milton’s Grand Style, Oxford, Oxford University Press, 2001
19. რეისნერი 2011 Reisner N. Reading Guide to Long Poems, John Milton’s Paradise Lost,
Edinburgh, Edinburgh University Press 2011
20. რუმრიხი 1996 Rumrich J.P Milton Unbound, Cambridge,
Cambridge University Press,1996
21. შტეინი 1953 Stein A. Answerable Style, Essays on Paradise Lost, Minneapolis,
Lund Press 1953

ინტერნეტწყაროები:
https://www.merriam-webster.com/dictionary/epic

42

You might also like