Professional Documents
Culture Documents
შორ. აღმ. ისტ
შორ. აღმ. ისტ
1) 1949 წლის 1 ოქტომბერი რესპუბლიკის დღეა, როცა მაო ძედუნმა ჩინეთი სახალხო რესპუბლიკად
გამოაცხადა. ეს თარიღი მათი უდიდესი დღესასწაულია;
2) ჩინეთი შედგება 23 პროვინციისა (მათ შორის - თაივანი) და 5 ავტონომიური რაიონისგან ( ხინჯიანგი,
ტიბეტი, ნინგხია, შიდა მონღოლეთი, გუანგხი. რაც შეეხება ჰონგ-კონგსა და მაკაოს, ისინი ერთი ქვეყანა -
ორი სისტემის ფარგლებში არიან, რაც კიდევ ცალკე ადმინისტრაციული მოწყობის ტიპია).
3) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სახალხო წარმოამდგენლობითი კრება. მისი უმაღლესი პირი -
კრების თავჯდომარე (იგივე - პარლამენტი).
4) აღმასრულებელი ხელისუფლება - სახელმწიფო საბჭო, რომლის სათავეში პრემიერი დგას.
5) ძირითადი პარტია - კომუნისტური პარტია.
6) მოსახლეობა - 1.3 მილიარდზე მეტი.
7) ქვეყანა შემოსაზღვრულია ჩინეთის დიდი კედლით, რომლის სიგრძეც დაახლოებით, 6000 კმ-ია.
ჩრდილოეთით ესაზღვრება: მონღოლეთი, რუსეთი. დასავლეთით: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი,
ავღანეთი. სამხრეთით: ნეპალი, ინდოეთი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა.
აღმოსავლეთიდან აკრავს - ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი
ოკეანე).
8) ეკუთვნის დაახლოებით 5000-მდე კუნძული (უდიდესები- თაივანი, ჰაინანი);
9) ოფიციალური კალენდარი გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდრებს.
10) უდიდესი მდინარეებია ხუანხე და იანძი.
ხუანხე- იგივე „ყვითელი მდინარე“. მას „ჩინეთის უბედურებასაც“ უწოდებენ, რადგან გამუდმებით
იცვლის კალაპოტს და ჭირვეულია. სიგრძით მეორეა ჩინეთში და მსოფლიოში - მე-7. ჩაედინება ბოჰაის
ზღვაში (იგივე ბოჰაის ყურე, ყვითელ ზღვას ეკუთვნის). ხუანხეს აუზი ჩინური ცივილიზაციის აკვნადაა
აღიარებული..
იანძი - ყველაზე გრძელი მდინარე აზიაში და მსოფლიოში - მე-3. ჩაედინება აღმ. ჩინეთის ზღვაში
(წყნარი ოკეანე);
11) ფულის ერთეული - იუანი.
12) ჩინელები თავიანთ ქვეყანას ჭუნგუო-ს უწოდებენ („ცენტრალური, შუა სახელმწიფო“);
13) „აბრეშუმის გზა“ გაიკვალა ძვ.წ. III საუკუნეში როგორც აღმოსავლეთის, ისე - დასავლეთის
მიმართულებით. ძველ და ახალ წელთაღრიცხვათა მიჯნაზე შეიქმნა „საზღვაო აბრეშუმის გზაც“,
რომელიც ბერძნული ხომალდის კაპიტნის - ჰიპოლოსის დამსახურებაა;
14) ჩინეთის უდიდესი ფიგურაა ინგ-ჭენი - ჩინეთის I გამაერთიანებელი. მან დაიწყო პირველმა ჩინეთის
დიდი კედლის მშენებლობა ძვ. წ. III საუკუნეში, რომელსაც უკვე ყოველი შემდგომი ხელისუფალი
განაგრძობდა. ჩინეთის დიდ კედელს „გაშეშებული დრაკონი“ უწოდეს ჩინელებმა მისი ფორმის გამო.
ინგ ჭენმა საიმპერატორო სიმბოლოდ აქცია დრაკონი. ძველ ჩინელებს სწამდათ, რომ დრაკონები
ბინადრობდნენ ყველანაირ წყალში (წვიმის წვეთებშიც კი). დრაკონი გამოისახებოდა შემდეგნაირად: მას
ჰქონდა აქლემის თავი, ირმის რქები, დემონის თვალები, თევზის ქერცლი, არწივის ბრჭყალები, ვეფხვის
თითები, ხარის ყურები და კატის ულვაშები. შეეძლო აბრეშუმის ჭიასავით დაპატარავება, ანდა იმხელა
გამხდარიყო, რომ მთელი სამყარო დაეფარა. კლანჭებში მას მარგალიტი ეჭირა, რაც სიბრძნეს განასახირებდა.
ცინის პერიოდში ჩინეთის ინტელექტუალურმა ცხოვრებამ საკმაო წარმატებას მიაღწია: განვითარდა
ასტრონომია, მათემატიკა, შეიქმნა მზის და მთვარის კალენდრები, ვარსკვლავების კატალოგი. ამასთანავე,
განვითარდა ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებები.
კონფუციანიზმი. კონფუცი (ძვ.წ. 551-479 წწ.)- ჩინეთში ცნობილია სახელით „ქუნ-წი“. ლეგენდის თანახმად,
მისი დაბადება მარტორქამ იწინასწარმეტყველა. მას პირში ჰქონია ფირფიტა, რომელზეც ეწერა, რომ
დაიბადებოდა კრისტალივით წმინდა ბავშვი, რომელიც გახდებოდა მეფე - სამეფოს გარეშე. ის დაიბადა
პატარა ქალაქ ცუი-ფუში, ლუს სამეფოში, საშუალო შეძლების ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და უკვე 16
წლის ასაკში რამდენიმე ისადგილას მსახურობდა ოჯახის სარჩენად. პარალელურად სწავლა-განათლებას
ეუფლებოდა.
იმდროინდელ ჩინეთში განათლებულად მხოლოდ ის პირი ითვლებოდა, ვინც განსწავლული იყო 6
სფეროში. ესენი იყო: რიტუალები, მუსიკა, მშვილდოსნობა, ეტლის მართვა, მათემატიკა და წერა-კითხვა.
კონფუცი ადრეულ ასაკშივე დაეუფლა ამ ყველაფერს და სკოლაც გახსნა, სადაც თავად ასწავლიდა. მაგრამ
ლუს ხელმწიფის წინააღმდეგ მოსახლეობიის მიერ ორგანიზებული აჯანყების შემდეგ, იგი თან გაჰყვა
სამეფოდან გაქცეულ მმართველს. მოგვიანებით კონფუციმ სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და 30
წლის განმავლობაში მთელ ჩინეთში მოგზაურობდა და თავის იდეებს ხალხში ავრცელებდა. 70 წლის ასაკში
ის დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. კონფუციმ აღიარება სიცოცხლეშივე
მოიპოვა და გარდაცვალებისას მისმა მოწაფეებმა დიდ მოძღვარს აკლდამა აუგეს.
კონფუცი რამოდენიმე ნაშრომის ავტორია. მათგან მთავარია „ლუნ იუი“ (ქართულად - „მსჯელობანი და
საუბრები“). მთავარი მის მოძღვრებაში ის არის, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობები ჰარმონიული და
ჰუმანური უნდა ყოფილიყო. ამის მიღწევისთვის კი აუცილებელი იყო ძველი ტრადიციების აღდგენა. ის
ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ რეფორმასა და ნოვაციას. აუცილებლად მიაჩნდა საზოგადოების დაყოფა
გაბატონებულ (კეთილშობილ) და მორჩილ (მდაბიო) ფენებად. ცხადია, თავისი შეხედულებებით იგი
მმართველი კლასის ინტერესებს წარმოაჩენდა. კონფუცი თვლიდა, რომ მმართველი ფენა ინტელექტითაც
აღემატებოდა მდაბიოთა კლასს, რადგან მათ გააჩნდათ 5 სათნოება:
1) ადამიანურობა (ჟენ);
2) მოვალეობის გრძნობა (ი);
3) თავაზიანობა (ლი);
4) ჭკუა (ჯი);
5) ერთგულება (სინ).
ამ პოსტულატებს ემატებოდა მშობლებისადმი შვილების მოკრძალება და პატივისცემა. ქუნ-წის
ქადაგებით, ქალი მამაკაცის ჩრდილი და მორჩილი უნდა ყოფილიყო.
მან მკაცრად განუსაზღვრა საზოგადოებაში ყველას თავისი ადგილი და მოვალეობა: მეფე უნდა
ყოფილიყო მეფე, შვილი უნდა დამორჩილებოდა მამას, უმცროსი - უფროსს, მეგობრებს შორის თანასწორობა
უნდა დამკვიდრებულიყო, ხოლო ცოლ-ქმარს შორის დომინირებული პოზიცია მამაკაცს უნდა დაეკავებინა
და ა.შ.
კონფფუცის მოღვაწეობის პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა რელიგიის აღმნიშვნელი იეროგლიფი და
აქედან გამომდინარე, ეს მოძღვრება ფილოსოფიად ჩამოყალიბდა. მაგრამ ძვ.წ. III-II საუკუნეებში
თანდათანობით მისი რელიგიად ტრანსფორმირება მოხდა. კონფუციანიზი საფუძვლად დაედო ძველ ჩინურ
განათლების სისტემას, სადაც უპირატესობა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ენიჭებოდათ. ამ რელიგიის
წყალობით, ჩინეთში ჩამოყალიბდა განათლებულ მოხელეთა ფართო ფენა. ამასვე უკავშირდება სახელმწიფო
გამოცდების სისტემის შემოღება სხვადასხვა თანამდებობის დასაკავებლად. ინგ ჭენმა იმთავითვე
აითვალწუნა კონფუცის მოძღვრება და დაიწყო დევნა, მასიურად იწვებოდა კონფუცის წიგნები. ამ
გარემოებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ ინგ ჭენი სხვა მოძღვრების - ლეგიზმის მიმდევარი. ამ
პერიოდში, მართალია, კონფუციანიზმი საკმაოდ დაკნინდა, მაგრამ შემდგომ ხანებში ისევ მომძლავრდა და
მეზობელ ქვეყნებშიც წარმატებით გავრცელდა.
ტაოიზმი. მისი ფუძემდებელია ლაო-წი - კონფუცის უფროსი თანამედროვე. მისი მოძღვრებაც
თავდაპირველად ფილოსოფიის სახით ჩამოყალიბდა. ლაო-წი ითარგმნება, როგორც „მოხუცი ბრძენი“. ლაო
წის ბიოგრაფია დღემდე ბურუსითაა მოცული, დაიბადა დაახლოებით ძვ.წ. 604 წელს.როგორც ლეგენდები
გადმოგვცემენ, დედამისი მას მუცლით 81 წელი ატარებდა და დაბადებისას უკვე გაჭაღარავებულ მოხუცად
იშვა, ამიტომაც დაარქვეს „ლაო წი“. გარკვეული პერიოდი ის სამეფო კარზე მოღვაწეობდა. მოგვიანებით,
თავისი მოძღვრების გასავრცელებლადდ მან ინდოეთში გამგზავრება გადაწყვიტა, საიდანაც აღარ
დაბრუნებულა. ქვეყნიდან გასვლისას კი, გუშაგების თხოვნით მათ თავისი ნაშრომი დაუტოვა. ლაო წის
მოძღვრების მთავარი პოსტულატია „ტაო“(დაო) ანუ „გზა“ - ადამიანის მთელი ცხოვრება ამ გზაზე
მოძრაობაა. მოძღვრების თანახმად, ტაო აბსოლუტია, რომელსაც არ აქვს არც საწყისი, არც - დასასრული.
ადამიანი ემორჩილება ცის კანონებს, ცა - ტაოს კანონებს, ტაო კი - საკუთარ თავს. ტაოიზმს ბევრი საერთო
აქვს ინდურ იოგასა და ბუდიზმთან, განსაკუთრებით, ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშების სახით.
ტაოისტების მთავარი მიზანი იყო უკვდავების ელექსირის მოპოვება, რომლის საიდუმლოსაც თითქოსდა
ფლობდა შორეულ მთებში მცხოვრები 8 მაგი. საჭირო იყო მხოლოდ მათი პოვნა და უკვდავების ელექსირის
მოპოვება.
კონფუციანიზმისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი მკაცრი წესების მიხედვითაა განსაზღვრული,
ტაოიზმში ადამიანს სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული და თანასწორობას მქადაგებელია. ასევე
მნიშვნელოვანია ამ იდეოლოგიაში „უმოქმედობის პრინციპი“, რაშიც იგულისხმება, რომ ადამიანი უნდა
მიჰყვეს ტაოს და ბუნების კანონების შეცვლას არ უნდა ეცადოს.
ლაო-წის მთავარი ნაშრომია „ტაო ტე-ძინ“ („დაო დე ძინი“-ის სახელითაა ცნობილი ქართულად) ანუ
„წიგნი გზისა და სათნოებისა“. იგი 2 ნაწილისგან შედგება:
1) პირველში საუბარია ტაოს შესახებ;
2) მეორეში მოთხრობილია სხვადასხვა ამბები.
ლაო წის „ტაო ტე-ძინ“ აღიარებულია პირველ ჩინურ პოეტურ-ფილოსოფიურ ნაშრომად. გადმოცემის
თანახმად, ლაო-წი და კონფუცი ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან. პირველად ეს მომხდარა ძვ.წ. 517 წელს,
სადაც დიალოგი გაუმართავთ. კონფუცი თურმე, ბევრს საუბრობდა, ლაო წი კი ჩუმად უსმენდა და ბოლოს
უთხრა - შენი საუბარი (ლაყბობა) დაფდაფების მიერ გამოცემულ უაზრო ხმას მაგონებს, სჯობს დადუმდე,
მოზღვარო. ამის შემდეგ, ჩინური ფილოსოფიის ეს ორი ტიტანი კიდევ უფრო დაუპირისპირდა ერთმანეთს,
რაც მოძღვრებათა მიმდევრების კონფრონტაციაში აისახა კიდეც.
ლეგიზმის ანუ კანონის სკოლა ჩინეთში ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი ქადაგებდა ძლიერი
სახელმწიფოს შექმნას, კანონის უზენაესობას. მის მიხედვით, სახელმწიფოს უნდა ყოლოდა ძლიერი
შეიარაღებული ძალა, კანონს უნდა დამორჩილებოდა ყველა და ყველაფერი. კანონის სკოლის კონცეფციით,
ადმინისტრაციული წესრიგი და დისციპლინა, მკაცრი და ხისტი მმართველობა უპირველესი იყო.
ლეგისტები ომს სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევდნენ, ხოლო სისასტიკე
და ძალადობა ჩვეულებრივ, მიღებულ ნორმას წარმოადგენდა.
ლეგიზმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცინის იმპერიის ჩამოყალიბებასა და აზიური დესპოტური
სახელმწიფოს ფორმირებაში. მან ახ.წ-ის II საუკუნემდე იარსება, რის შემდეგაც კონფუციანიზმს შეერწყა.
მოიზმი. მისი ფუძემდებელი იყო ჩინელი სწავლული და ფილოსოფოსი მო-წი, რომელიც ძვ. წ. მე-5 ს.-ში
მოღვაწეობდა. მისი მოძღვრების ცენტრალური პრინციპი იყო ე. წ. „ზოგადსაკაცობრიო სიყვარული“, რაც
ადამიანების თანასწორუფლებიანობის ეთიკურ საფუძვლად მოიაზრებოდა მისმა მოწაფეებმა მისი
მოძღვრების საფუძველზე შექმნეს ერთიანი კრებული „მოძღვარ მოს წიგნი“ (53 თავისგან შემდგარი), სადაც
განხილულია ადამიანის ცხოვრების არსი. მოიზმი კონფუციანიზმს ოპოზიციაში ედგა, რადგან მისგან
განსხვავებით, უარყოფდა საზოგადოების კლასებად დაყოფას, ტრადიციებიდან მხოლოდ საუკეთესოს
შენახვას ემხრობოდა, კიცხავდა ფუფუნებისკენ სწრაფვას და ა.შ. მოიზმის აყვავების ხანას ჩინეთში ძვ. წ. მე-4
საუკუნე წარმოადგენდა, მომდევნო ხანებში მან უკვე თავისი პოზციები და პოპულარობა დაკარგა,
ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა კიდეც, რადგან სახალხო მოძრაობებთან და შეთქმულებებთან
ასოცირდებოდა. მოიზმმა დამოუკიდებელი სახით მხოლოდ 2 საუკუნე იარსება, რადგან ვერ შეძლო
დაპირისპირებოდა ისეთ მძლავრ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, როგორიც იყო კონფუციონიზმი და
ტაოიზმი.
ეკონომიკური მიმოხილვა. ხანის დინასტიამ აჯანყებების ქარცეცხლში დაამხო ცინის დინასტია ძვ.წ.206
წელს. ეს იყო ჩინეთის ისტორიის ძველი პერიოდის დამასრულებელი ეპოქა, რომლის შემდეგაც ახალი
ეტაპი იწყება. მე-3 საუკუნის პირველ ნახევარში მკვეთრად იმატა მოსახლეობის რაოდენობამ და 60 მილიონს
მიაღწია, ქვეყანა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, გაიზარდა ქალაქების რაოდენობა და მათი
როლი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ჩინეთი განსაკუთრებით
გამოირჩეოდა აბრეშუმის წარმოების კუთხით - იგი სრულ მონოპოლიას ფლობდა ამ სფეროში დიდი ხნის
მანძილზე.
პირველმა, ვინც აბრეშუმის წარმოების საიდუმლო გაიგო, ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე
გახლდათ. მან საამისოდ სპეციალურად გაგზავნა მსტოვრები ჩინეთში, რათა აბრეშუმის წარმოების შესახებ
საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინათ. თავად ჩინეთში, ვინც ამ საიდუმლოს ფლობდა, მისი გაცემის
შემთხვევაში სიკვდილით სჯიდნენ. ჯაშუშები 2 წლის შემდეგ დაბრუნდნენ და თან ჩამოიტანეს ბამბუკის
ჯოხებში დამალული აბრეშუმის ჭიის კვერცხები.
პირველი ქვეყანა, სადაც აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგია გავრცელდა, კორეა იყო, შემდეგ იაპონია და
მხოლოდ მოგვიანებით აითვისეს დასავლეთში. უდიდეს სავაჭრო გზას „აბრეშუმის გზა“ იმიტომ ეწოდა,
რომ ჩინეთის მთავარი საექსპორტო საქონელი აბრეშუმი იყო. იგი ძვ.წ. III საუკუნეში გაიკვალა.
თავდაპირველად მისი არეალი 7000 კმ-ს მოიცავდა, მაგრამ მოგვიანებით 12 000 კმ-მდე გაიზარდა.
„აბრეშუმის გზის“ საშუალებით როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ისე - პირუკუ
მიედინებოდნენ აქლემებით დატვირთული ქარავნები. ძირითადი საექსპორტო საქონლის - აბრეშუმის
გარდა, ქვეყნიდან გაჰქონდათ ძვირფასი ნაკეთობები, ნიკელი, რკინა და სხვ.
ძვ.წ. 100 წელს აღმოჩენილ იქნა ე.წ. „საზღვაო აბრეშუმის გზა“ ერთ-ერთი ბერძნული ხომალდის
კაპიტნის - ჰიპალოსის მიერ. ვინაიდან საზღვაო მიმოსვლა გაცილებით ეკონომიური იყო სახმელეთოსთან
შედარებით, მან გაცილებით სწრაფად დაიწყო განვითარდა.
ახ.წ-ის 105 წელს ცაი ლუნმა ქაღალდი გამოიგონა, თუმცა, მისი მსგავსი ნივთიერება ჩინელებს მანამდეც
ჰქონდათ. აბრეშუმის ქსოვილის დამზადების პროცესში, უმაღლესი დონის დუღილის დროს ფირფიტაზე
რჩებოდა უხეში, მუყაოს მსგავსი მასა, რომელსაც გაშრობის შემდეგ საწერად იყენებდნენ ხოლმე. ცაი ლუნმა
ეს ტექნოლოგია დახვეწა და ამიტომაც, ქაღალდის შექმნა მას მიეწერება. საქმე იმაშია, რომ აბრეშუმის
ქსოვილისგან ქაღალდის დამზადება მეტად ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ცაი ლუნმა სპეციალურად შეიმუშავა
ტექნოლოგია, სადაც მასალად ხის ქერქს, ბამბუკსა და კანაფს იყენებდა. ქაღალდი მარტო საწერად კი არა,
არამედ მარაოების, ფარნების, ფრანების, მარაოების და სხვა ნივთების დასამზადებლადაც გამოიყენებოდა.
ცხადია, მისი წარმოების ცოდნაც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.
ახ.წ-ის IV-V საუკუნეებში გავრცელდა ქაღალდი კორეაში, იაპონიაში და აზიის სხვა ქვეყნებში. არაბებმა
751 წელს ჩინეთამდე მიაღწიეს, გადამწყვეტი ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეეებს შორის (მდ. ტალასთან)
გაიმართა, რომელშიც ჩინელები დამარცხდნენ. ეს იყო უდიდესი ომი ჩინეთის სასაზღვრო ზოლში.
უცხოტომელთა მთავარი მიზანი იყო აბრეშუმის გზის დასავლეთ ნაწილის დაუფლება - სრული
მონოპოლია, რასაც მიაღწიეს კიდეც. არაბებმა ტყვეებიდან გამოარჩიეს სხვადასხვა ოსტატები და თან
წაიყვანეს, მათ შორის ქაღალდის დამზადების მცოდნენი. აქედან გამომდინარე, შორეული ტერიტორიის
მკვიდრთაგან, ვინც პირველებმა ისწავლეს ქაღალდის დამზადება, არაბები იყვნენ, ხოლო ევროპელებიდან -
ქაღალდის დამზადება XII საუკუნეში დაიწყეს იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში, აშშ-ში - XVII საუკუნეს
განეკუთვნება მისი წარმოების ათვისება. საგულისხმოა, რომ ჩინეთში საუკეთესო ხარისხის ქაღალდის
გამოყენება მხოლოდ მაღალი წრის ფენის პრეროგატივა იყო.
სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ხანის დინასტიაში. მძლავრი აღმავლობის შემდეგ ხანის დინასტიამ
დასუსტება იწყო. ამის მიზეზი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რასაც განაპირობებდა
გლეხთა გამუდმებული აჯანყებები. მდგომარეობას მკვეთრად ამძიმებდა მომთაბარე ხალხთა შემოსევები
და მათთან წარმოებული ომები. ესენი იყვნენ ტიბეტისა და ბირმის მომთაბარე ტომები. გარდა ამისა, თვით
საიმპერატორო კარზეც გაბატონებული წარჩინებულნი ერთმანეთს ექიშპებოდნენ და პირველობისათვის
თითოეული გააფთრებით იბრძოდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ცენტრალური ხელისუფლების
დასუსტებას განაპირობებდა.
ღრმა სოციალური კრიზისის ყველაზე მკაფიო გამოხატულება იყო გლეხთა და მონათა მრავალჯერადი
აჯანყებები. 109-170 წლებში ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში 80-მდე აჯანყებას ჰქონდა ადგილი. ყველაზე
დიდი გლეხთა ომი დაიწყო 184 წელს და 10 წლის განმავლობაში არ ჩამქრალა. მისი სულისჩამდგმელი და
მეთაური იყო ჭან ციაო - ტაოიზმის მოძღვარი და მქადაგებელი ბერი. საწყის ეტაპზე აჯანყება მალე
მასობრივ ომში გადაიზარდა და მთელი ქვეყანა მოიცვა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის ეს აჯანყება
საკმაოდ ორგანიზებული და მობილიზებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მოღალატეებმა გასცეს და ეს
ომი გლეხთა კრახით დასრულდა. ამ აჯანყებას „ყვითელდოლბანდიანთა ომი“ ეწოდა, რადგან
ამბოხებულებს თავზე ყვითელი ნაჭერი ჰქონდათ წაკრული. საომარი მოქმედება ქვეყნის ჩრდილოეთ
ზონაში მიმდინარეობდა, რადგან ეს რეგიონი პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე
მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენდა. სამთავრობო ჯარებმა (400 000 ჯარისკაცისგან შემდგარი არმია)
დაამარცხეს ამბოხებულნი. მართალია, ეს ათწლიანი ჯანყი საშინელი ანგარიშსწორებით დასრულდა, მაგრამ
ეს იყო ის ზღვარი, რომელმაც შეარყია დინასტიის ძალაუფლება და ახ.წ. 220 წელს ხანის იმპერია დაემხო.
ომის დამასრულებელ ეტაპზევე გამოიკვეთა რამოდენიმე ფეოდალური საგვარეულო, რომელთაგან 3
დომინირებდა:
ა) ვეი - ჩრდილოეთით;
ბ) უ - სამხრეთ-დასავლეთით;
გ) შუ - სამხრეთ-აღმოსავლეთით.
სწორედ ამ მიზეზის გამო ამ პერიოდს სამმეფიანობის ხანა ეწოდა - 3 დამოუკიდებელი სამეფო
ჩამოყალიბდა და მათ შორის პირველობისთვის მწვავე ბრძოლები გაიმართა, ყოველი მათგანი რაც შეიძლება
მეტი ტერიტორიის მითვისებას ცდილობდა, რათა გაეერთიანებინა სახელმწიფო.
III საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი გამაერთიანებლის სადავეები ვეის სამეფოს ხელში აღმოჩნდა,
რომელმაც დანარჩენი ორი დაამარცხა და მისი მოთავეობით ქვეყანა ისევ გაერთიანდა. ახალ სამეფო
დინასტიას ძინის დინასტია დაერქვა და დედაქალაქად ლოიანი იქცა. ძინის იმპერია არსებობდა 265-420
წლებში (III-V სს).
სიმა იანი იყო მხედართმთავარი, რომელმაც 240 წელს შემოიერთა დანარჩენი სამეფოები, რითაც ბოლო
მოუღო სამმეფიანობის ხანას ჩინეთში და თავი იმპერატორად გამოაცხადა. მისი ტახტზე ასვლის შემდეგ
ქვეყანა აღმავლობის გზას დაადგა. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სოციალურ სტრუქტურაში, სადაც
ამ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებული იყო ფეოდალთა ფენა. საიმპერატორო კარი მათ სხვადასხვა
რაიონებს მფლობელობაში აძლევდა. ამიერიდან დღის წესრიგში დადგა მმართველი კლასის
მემკვიდრეობითი პრივილეგიების დაცვა. საამისოდ, სპეციალური საგვარეულო სიები დგებოდა და
ქორწინება მხოლოდ წარმომავლობითა და გავლენის სფეროთა მიხედვით თანასწორთა შორის დაიშვებოდა,
რათა მათ რიგებში მდაბიოთა მოხვედრა გამორიცხული ყოფილიყო.
სიმა იანის რეფორმები: 280 წელს გამოცემული კანონის თანახმად, სახელმწიფოს მთელი მიწები
იმპერატორის საკუთრებად ცხადდებოდა. მოსახლეობას უფლება ეძლეოდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის
გაკრკვეული ნაკვეთების მფლობელი გამხდარიყო, ოღონდ - კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით. იმატა
დამუშავებული მიწების რაოდენობამ, ასევე მათზე ახალი ფიქსირებული გადასახადები დაწესდა, გლეხებს
სხვადასხვა სახის ბეგარა დაეკისრათ. გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყვეს ეკონომიკის
აღორძინებას, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადების გადამხდელთა რიცხვი.
საბოლოო ჯამში, რეფორმებს ის მასშატაბები მაინც არ მიუღია და არც იმ დონის შედეგი დამდგარა, რასაც
სიმა იანი ვარაუდობდა, რადგან ფეოდალური დაჯგუფებების მხრიდან საკმაო წინააღმდეგობებს წააწყდა.
სიმა იანის სიკვდილის შემდეგ კი ხომ საერთოდ - მემკვიდრეებს შორის ტახტის დასაუფლებლად 16
წლიანი ბრძოლა გაჩაღდა, რამაც ძლივს ფეხზე წამომდგარი ქვეყანა ისევ დაასუსტა. ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ მმართველი კლანები და მათ შორის კონფრონტაციებს თან გლეხთა აჯანყებები
ერთვოდა. უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ისტორია ერთი გაბმული გლეხთა ამბოხებებია მაშინ, როცა
იაპონიისათვის დამახასიათებელი იყო ფეოდალური შიდა ომები. ამ პროცესებს თან დაერთო გარეშე
პრობლემებიც - მეზობელი მომთაბარე ტომებმა ჩინეთს შეუტიეს და IV საუკუნის დამდეგს დედაქალაქი
ლოიანი აიღეს კიდეც.
ამ პერიოდიდან მოყოლებული, IV-V საუკუნეებში ჩინეთში 20-მდე დინასტია ჩაენაცვლა ერთმანეთს და
სრული ქაოსი გამეფდა. საბოლოოდ, ქვეყანა 2 ნაწილად გაიყო - ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთად.
ჩინელები შეუპოვრად იბრძოდნენ დამპყრობლების - მომთაბარეთა წინააღმდეგ. მართალია, ბევრი ქალაქი
გათავისუფლდა მტრისგან, მაგრამ ხალხის მასიური მიგრაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მაინც
დაიწყო. საგულისხმოა, რომ ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილი სამხრეთთან შედარებით, ყოველთვის
გაცილებით დაწინაურებული იყო - აქ იყო მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კონცეტრირებული და
სამხრეთში კი მიწები ნაკლებად ათვისებული რჩებოდა. ამიტომ, ხალხმაც იქით გადაინაცვლა. თანაც,
სამხრეთში მშვიდობა სუფევდა და უფრო უსაფრთხო იყო. ეს გადაადგილება ჩინეთის ისტორიაში ყველაზე
გრანდიოზულ მიგრაციის პროცესადაა აღიარებული.
ჩრდილოეთიდან ლტოლვილებმა თან მოიტანეს გაცილებით უკეთესი ტექნიკა, ვიდრე სამხრეთში იყო,
ხელოსნური ნაწარმი, შრომის იარაღები და ამგვარად, ხელი შეუწყვეს ამ რეგიონის ეკონომიკურ
აღმავლობას. დაეპატრონნენ აუთვისებელ მიწებს, მაგრამ ფეოდალთა მხრიდან მოსახლეობას აქაც შეექმნა
მძიმე პრობლემები - ექსპლუატაციაც გაიზარდა. დიდებულთა კლასის ხელში თავი მოიყარა დიდძალმა
უძრავ-მოძრავმა ქონებამ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბუდისტური სამღვდელოება. იმ
დროისთვის ბუდისტები ჩინეთში ფრიად მომძლავრებულნი იყვნენ და ფლობდნენ როგორც პოლიტიკურ,
ისე - ეკონომიკურ ბერკეტებს. ბუდისტური სამღვდელოება სატაძრო გლეხებს სასტიკ ე3ქსპლუატაციას
უწევდა და დროთა განმავლობაში ისე გაძლიერდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასაც კი
უპირისპირდებოდა.
როგორც აღინიშნა, ძინის დინასტია 420 წელს დაემხო, რაც 398-417 წლებში მიმდინარე გლეხთა ყველაზე
მასიურმა აჯანყებამ განაპირობა. მომდევნო საუკუნენახევრის განმავლობაში სამხრეთ ჩინეთში 4 დინასტია
გამოიცვალა.
420 წელს ჩრდილოეთში საფუძველი ეყრება ახალ დინასტიას, რომლის სულისჩამდგმელი იყო ლიუ იუი.
იგი ძინის დინასტიის პერიოდში მხედართმთავარი იყო. ასეთი არეული ვითარებაა სამხრეთშიც.
დამპყრობელთა ბოგინისა და სრული ქაოსის გამო ჩრდილოეთში მთლიანად გაჩანაგდა მეურნეობა,
ცხოვრების დონე დაეცა, მაგრამ შემოსეულმა მომთაბარეებმა მალე განიცადეს ასიმილაცია და ჩინეთში
მოხდა ორმხრივი კულტურულ-სოციალური და პოლიტიკური ზეგავლენა - ჩინელებისა დამპყრობლებზე
და პირუკუ. თავიდან ეს პროცესები ნელა მიმდინარეობდა, მაგრამ V საუკუნის ბოლოს ინტენსიური სახე
მიიღო, რადგან მომთაბარენი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ორ ხალხს
შორის ქორწინებაც კი დასაშვები გახდა. შემოჭრილებმა ჩინური გვარ-სახელებიც მიიღეს, შეისისხლხორცეს
ჩინური ადათ-წესები და ხელისუფლების ორგანოებიც კი ჩინური ტრადიციის მიხედვით ჩამოყალიბდა.
დედაქალაქი კვლავ ლოიანი გახდა.
ასეთ ქაოსურ ვითარებაში ჩრდილოეთის მესვეურებს არ ასვენებდათ სამხრეთის დამორჩილებაზე
ფიქრი, ისინი ყველა ღონეს მმართავდნენ, რათა ბოლო მოეღოთ ქვეყნის ორ ნაწილად გათიშულობისათვის.
და აი, 450 წელს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჯარი დაიძრა კიდეც, მაგრამ ეს შეტევები უშედეგოდ
დასრულდა. მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ განახლდა სამხრეთზე შეტევა. საბოლოოდ, 581 წელს
მოხდა ჩინეთის კვლავ გაერთიანება. აღმოცენდა სუის დინასტია.
ეს იყო საკმაოდ ხანმოკლე დინასტია, მაგრამ მისი მთავარი დამსახურება იყო ის, რომ ქვეყნის გახლეჩა
დასრულდა და ჩინეთი კვლავ გაერთიანდა. სუის დინასტია დააარსა მთავარსარდალმა იან ძიანმა 581 წელს
და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ის სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც მის ძალაუფლებას არ
სცნობდა. ქვეყნის გაერთიანების პირობები: დაიწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის
მოსახლეობის ინტენსიური კონტაქტები და ასიმილაცია. ასევე იმ დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც,
რომ ჩინელებს კვლავ გამოუჩნდათ საერთო მტერი - თურქები. VI ს.-შიცენტრალურ (შუა) აზიაში წარმოიშვა
თურქული სახანოები, რომლებიც ჩინეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ეს საკმაო ბიძგი
აღმოჩნდა საიმისოდ, რომ დაქუცმაცებული ქვეყანა გაერთიანებულიყო, რაც 581 წელს მთავარსარდალმა იან
ძიანმა მოახერხა კიდეც. 300 წლიანი დაშლის შემდეგ ქვეყანა კვლავ გაერთიანდა.
საშინაო პოლიტიკა. ახალმა იმპერატორმა ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოების რეორგანიზაცია
მოახდინა - ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტის პროტოტიპი ხანის დინასტიის პერიოდიდან გადმოიღო.
ხელისუფლების სათავეში იყო იმპერატორი, რომელიც ფლობდა უმაღლეს:
ა) საკანონმდებლო;
ბ) აღამასრულებელ;
გ) სამხედრო ხელისუფლებებს.
მთავრობის უმაღლესი ორგანოს წარმოადგენდნენ ერთგვარი პალატები, რომელსაც მოსდევდა 6 უწყება
(დღევანდელი სამინისტროების მსგავსი). 583 წელს იმპერატორმა ქვეყანა ადმინისტრაციულ ერთეულებად
- ოლქებად დაყო და იმავდროულად, სამხედრო რეფორმაც გაატარა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჯარის
სარდლობა პირადად იმპერატორის პრეროგატივა გახდა -იმპერატორი უმაღლეს მთავარსარდალს
წარმოადგენდა. გარდა ამისა, ოლქებში გაიზარდა ჯარის რაოდენობაც. ცალკე შეიქმნა სასახლის გვარდია.
თავდაპირველად მთავრობა ქვეყნის აღორძინებისთვის ერთგვარ დათმობაზე წავიდა და გადასახადები
შეამცირა ომისგან დაზარალებულ და მოუსავლიან ადგილებში, ზოგან კი დროებით საერთოდ მოხსნა,
რამაც ეკონომიკურ აღმავლობას ხელი ნამდვლად დაატყო. გატარდა სავალუტო რეფორმა, ფულის ზომისა
და წონის ერთეულების ცვლილებების სახით, ხელი შეეწყო ვაჭრობას. ყურადღების მიღმა არც
ინფრასტრუქტურული მშენებლობები დარჩენილა - შეკეთდა და გაყვანილლ იქნა ახალი გზები, აიგო
საფოსტო სადგურები, დიდ ქალაქებსა და სასაზღვრო პუნქტებზე შეიქმნა სამთავრობო უწყებები, რომლებიც
ვაჭრობას აკონტროლებდნენ.
სუის დინასტიის მმართველთაგან ბოლო პიროვნება იყო იან გუანი (604-618), რომელიც ჩინეთის
ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ტირანად და დესპოტადაა ცნობილი. სწორედ მისი გამოისობით
დაემხო ეს დინასტია. სუის დინასტიის ამ უკანასკნელმა იმპერატორმა უმკაცრესი და უსასტიკესი სისხლის
სამართლის კანონები შემოიღო, მმართველი ფენის მხრიდან ხალხის ექსპლუატაცია კიდევ უფრო გაზარდა,
სადამსჯელო ოპერაციები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ქვეყანაში, რაც მოსახლეობაში უარყოფით რეაქციას
და პროტესტს იწვევდა.
საგარეო პოლიტიკა. იან გუანის პერიოდში საგარეო პოლიტიკაც ისეთივე წარუმატებელი იყო, როგორც -
საშინაო. მის მიერ წარმოებული ყველა ომი მარცხით დასრულდა - ჯერ კიდევ თურქებთან მრავალგზის
გამართული ბრძოლებიდან დაწყებული. ამ უკანასკნელთ აბრეშუმის გზის კონტროლი განეზრახათ და
ჩინეთს თავს ესხმოდნენ. იან გუანის დროს საზღვარებსაც კი შემოუტიეს და იყო შემთხვევები, როცა
ლოიანამდეც კი მიაღწიეს. ამ სისხლისმსმელი იმპერატორის საზღვაო ოპერაციებიც ისეთივე წარუმატებელი
იყო, როგორც - სახმელეთო: კრახით დასრულდა კუნძულ ტაივანზე იერიში, 611-612 წლებში კორეასთან
წარმოებული ბრძოლებიც სამარცხვინოდ წააგო. მან ეს მარცხი ვერ მოინელა და შურისძიების მიზნით, 613-
614 წლებში ახალი ლაშქრობები მოაწყო კორეის წინააღმდეგ, მაგრამ ამჯერადაც მარცხი განიცადა.
ასეთი უნიათო საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გამო ხალხის მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა
და ჯერ კიდევ 610 წელს იან გუანის ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრი ამბოხი დაიწყო. აჯანყებამ მალე
სხვადასხვა პროვინცია მოიცვა და 614 წლისთვის უკვე მთელ ჩინეთს იყო მოდებული. თავის მხრივ,
თურქები შექმნილი სიტუაციით სარგებლობდნენ - ამბოხებულებს აქეზებდნენ და ცეცხლზე ნავთს
ასხამდნენ.
საბოლოოდ, 617 წელს აჯანყებულ გლეხთა არმია დედაქალაქ ლოიანს მიადგა და სუის დინასტია დაამხო.
ისევე, როგორც სხვა დინასტიების დამხობის შემთხვევებში, ახლაც თავი იჩინა შიდაფეოდალურმა
დაპირისპირებებმა, სადაც საბოლოო გამარჯვება ლი იუანს ხვდა წილად და 618 წელს მოვიდა კიდეც
ხელისუფლების სათავეში. ასე დაედო საფუძველი თანგის დინასტიას.