You are on page 1of 8

სტუდენტი: ნინო ნიკოლაიშვილი

ბრძოლა ჯიქების წინააღმდეგ

,, 1533 წლის იანვარში ბაგრატ III-ის თაოსნობით გურიისა და ოდიშის (სამეგრელოს)


მთავრებმა მამია I-მა (1512 –– 1534) და მამია დადიანმა (1512 –– 1533) ზღვით
ჯიქეთში ლაშქრობა მოაწყვეს. პირველი ბრძოლა მთავრების ლაშქრის გამარჯვებით
დამთავრდა, მაგრამ მეორე დღეს ოდიშის მთავარსა და მის ლაშქარს1 შორის
უთანხმოების გამო მამია დადიანის რაზმმა2 მიატოვა ბრძოლის ველი და უკან
გამობრუნდა. დადიანი და გურიელის ლაშქარი სისხლისმღვრელ ბრძოლაში
დამარცხდნენ, გურიელის შვილი ბრძოლის ველზე დაეცა, მამია დადიანი ღალატით
შეიპყრეს და მოკლეს. გურიელი, მისი ძმები და ლაშქარი ტყვედ ჩაბარდნენ,
რომლებიც შემდეგში კათალიკოსმა გამოისყიდა. ’’ ( ,,საქართველოს ისტორიის
ნარკვევები’’, ტომი ІV, 1973 წ., გვ.103 )3.

( ,,ქართლის ცხოვრება’’, ტომი ІІ, 1959 წ., გვ.497 )4

1
ლაშქარი - წიგნური იგივეა, რაც ჯარი ( ჯარი - შეიარაღებული და საბრძოლოდ მომზადებული
ადამიანების ორგანიზებული გაერთიანება ).
2
რაზმი - სამხედრო ამოცანის შესასრულებლად შედგენილი მეომართა ჯგუფი ან ადამიანთა
ორგანიზებული ჯგუფი გარკვეული საქმის შესასრულებლად.
3
,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები’’, ,,საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან
XIX საუკუნის 30-იან წლებამდე’’, ტომი ІV, ,,საბჭოთა საქართველო’’, თბილისი, 1973, გვ.103.
4
,,ქართლის ცხოვრება’’, ტომი ІІ, ,,საბჭოთა საქართველო’’, თბილისი, 1959 წ., გვ.497.
( თ. ჟორდანია, ,,ქრონიკები და სხვა მასა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა’’,
წიგნი მეორე, 1897 წ., გვ.378-379 )5

5
თ. ჟორდანია, ,,ქრონიკები და სხვა მასა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა’’, წიგნი მეორე
(1213 წლიდან 1700 წლამდე), ,,გამოცემა კოსტანტინე ივანეს ძის მუხრან-ბატონისა’’, ტფილისი, 1897 წ.,
გვ.378-379.
ზემოთ მოცემული სხვადასხვა წყარო ერთი და იმავე მოვლენას გადმოგვცემს და
თითქმის ერთმანეთის იდენტურია, ამასთან წარმოდგენილი მონაკვეთი წიგნიდან
,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები’’, თითქოს, ნახსენებ წყაროთა უცვლელ
შინაარს მოგვითხრობს, მაგრამ წიგნიდან წარმოდგენილი ამონარიდი აზრთა
სხვადასხვაობის მიზეზი შეიძლება გახდეს, ვინაიდან წინადადებებში გამოყენებული
სიტყვები მათი რამდენიმე მნიშვნელობის გამო აღწერილ ფაქტს ბუნდოვანს ხდის,
ამასთან ისინი დამაბნეველი სტრუქტურით არის აგებული, რაც არ გამორიცხავს იმ
ფაქტს, რომ ადამიანთა ნაწილმა წყარო, რომელიც წიგნში ავტორის სიტყვებით არის
ინტერპრირებული, განსხვავებულად აღიქვას, ამ შემთხვევაში კი არასწორად, რასაც
ფაქტის დამახინჯებისკენ მივყავართ. რეალურად მსგავსი შემთხვევის მოწმე თავად
გავხდი, წიგნიდან წარმოდგენილი მონაკვეთის ირგვლივ წარმოიქმნა ორი
განსხვავებული აზრი: პირველი - ოდიშის მთავარსა და მის ლაშქარს შორის
უთანხმოების გამო მამია დადიანის ლაშქარმა დატოვა ბრძოლის ველი, ხოლო თავად
მამია დადიანი ბრძოლის ველზე დარჩა; მეორე - ოდიშის მთავარსა და მის ლაშქარს
შორის უთანხმოების გამო მამია დადიანმა თავის რაზმთან ერთად დატოვა ბრძოლის
ველი, ხოლო მისი ლაშქარი ბრძოლის ველზე დარჩა. უფრო ნათელი, რომ გახდეს
საკითხი, აღვნიშნავ თუ რომელი კონკრეტული ნაწილია პრობლემური და მასში რამ
შეიძლება გამოიწვიოს აზრთა სხვადასხვაობა, ამის შემდეგ კი შევუდგები წყაროთა
პოზიტივისტური თვალთახედვით დამუშავებას, რაც პირდაპირ კავშირშია ჩემს მიერ
წარმოდგენილ პრობლემასთან - ფაქტის დამახინჯებასთან და ასევე ითვალისწინებს
არსებული წყაროს მიხედვით პოლიტიკური ისტორიის აღწერას, რასაც მას შემდეგ
მივუბრუნდები, რაც მთავარ პრობლემას აღმოვფხვრი, ვინაიდან ბუნდოვანი და
დაუზუსტებელი ფაქტების განხივლა აქედანვე შეეწინააღმდეგება პოზიტივისტურ
თვალთახედვას.

,,საქართველოს ისტორიის ნარკვევებში’’ ვხვდებით წინადადებას: ,,მეორე დღეს


ოდიშის მთავარსა და მის ლაშქარს შორის უთანხმოების გამო მამია დადიანის რაზმმა
მიატოვა ბრძოლის ველი და უკან გამობრუნდა’’. მოცემულ წინადადებაში
სპეციალურად გამოვკვეთე სიტყვები: ლაშქარი და რაზმი. ზემოთ სქოლიოშიც, ასევე
მითითებული მაქვს მათი განმარტება, რაც შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა.
გარდა ამისა, ვხვდებით ამონარიდს წინადადებიდან ( წინადადება სრულად არ არის
წარმოდგენილი, რადგან საჭიროება არ მოითხოვს, მაგრამ გათვალისწინებულია ის
ფაქტი, რომ ამონარიდი კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყოს და არ ცვლიდეს
მონაკვეთის შინაარს): ,,დადიანი და გურიელის ლაშქარი სისხლისმღვრელ
ბრძოლაში დამარცხდნენ ...’’. ამ უკანასკნელშიც მკვეთრი ტონით არის
წარმოდგენილი საკვანძო სიტყვები, რათა აქედანვე გავამახვილო თქვენი ყურადღება
წიგნში არსებულ იმ ნაწილებზე, რომლებიც დაგვეხმარება ამოვიკითხოთ სწორი
ფაქტები. საყურადღებოა ასევე ბოლო ორ წინადადებაში, ცალ-ცალკე განხილული
შედეგები: ,,მამია დადიანი ღალატით შეიპყრეს და მოკლეს.’’, ,,გურიელი, მისი ძმები
და ლაშქარი ტყვედ ჩაბარდნენ ...’’. ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება წყაროს
დამუშავებაზე გადავიდე და ზემოთ ნახსენები მოსაზრებებიდან ერთ-ერთის
სისწორე დავამტკიცო, მოსაზრებებს შორის სწორი ვერსიის საპოვნელად შემდეგ
არგუმენტებს დავუპირისპირებ ერთმანეთს:

1. პირველი და ყველაზე უტყუარი არგუმენტი ზემოთ წარმოდგენილი


წყაროებია, სპეციალურად მოვიძიე ორი სხვადასხვა წყარო, რათა თავიდან
ამეცილებინა იმის ალბათობა, რომ წყაროში შეიძლება რაიმე უზუსტობა
ყოფილიყო ან ფაქტის დამახინჯების შემთხვევა. ორივე წყარო ხაზს უსვამს იმ
ფაქტს, რომ: ,,მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათვის,
უღალატეს და გამოექცნეს, დადიანი, გურიელი და გურიელის ლაშქარი
დაუტევეს’’. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დადიანი და არა
მხოლოდ ის, მიტოვებულ იქნა ოდიშართა ( მეგრელების ) მიერ, რაც იმას
გულისხმობს, რომ ის ლაშქრის გარეშე დარჩა ბრძოლის ველზე, ამგვარად
წარმოდგენილი წყაროები აბათილებს მეორე მოსაზრებას.
2. სამეცნიერო ნაშრომებში დაცულია გრამატიკული წესები და მართლწერის
ნორმები. ცხადია, არის შემთხვევები, როცა შეცდომები მაინც იჩენს თავს,
მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენიმე ელექტრონული ვერსიისა და
უშუალოდ წიგნების გადამოწმების შემდეგ6, თითქმის, ნულის ტოლია იმის
შანსი, რომ გადამოწმებულ ყველა ვერსიაში დაშვებული ყოფილიყო ერთი და
იგივე შეცდომა, აქედან გამომდინარე ზემოთ მოცემულ ამონარიდს: ,,დადიანი
და გურიელის ლაშქარი სისხლისმღვრელ ბრძოლაში დამარცხდნენ ...’’ ვიყენებ
არგუმენტად და პირველ მოსაზრებას ვასაბუთებ მისი მეშვეობით, ვინაიდან
მეორე მოსაზრება სწორი რომ ყოფილიყო გრამატიკული წესების
გათვალისწინებით, კონკრეტულად კი სინტაქსის, წინადადება შემდეგნაირად
უნდა ყოფილიყო აგებული: ,,დადიანისა და გურიელის ლაშქარი
სისხლისმღვრელ ბრძოლაში დამარცხდნენ ...’’ ამასთან, ქვეარგუმენტად
შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მოსაზრება: ლოგიკურად, ბრძოლის
ველზე დადიანის ლაშქრის დარჩენის, ხოლო თავად დადიანის წასვლის
შემთხვევაში, დადიანის აწ უკვე ყოფილი ლაშქარი მოხსენიებული იქნებოდა

6
ბიბლიოგრაფიაში შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე ელექტრონული ვერსიის ლინკი და ერთ-ერთ
გადამოწმებულ წიგნზე სრული ინფორმაცია.
,,ოდიშართა ლაშქრად’’ და არა ,,დადიანისად’’, ამგვარად ამონარიდშიც
შესაბამისად იქნებოდა ლაშქარი მოხსენიებული.
3. პირველი მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტად შეიძლება გამოყენებული
ყოფილიყო სიტყვების: ლაშქრისა და რაზმის მეტნაკლებად განსხვავებული
მნიშვნელობები, მაგრამ პირველი არგუმენტის მიხედვით მისი გაბათილება
მარტივად შეგვიძლია, ორი წყარო გვეუბნება, რომ ოდიშართა ლაშქარმა
დატოვა ბრძოლის ველი. ამასთან არსებითად სიტყვა რაზმი- სამხედრო
ამოცანის შესასრულებლად შედგენილი მეომართა ჯგუფი ან ადამიანთა
ორგანიზებული ჯგუფი გარკვეული საქმის შესასრულებლად, მოიაზრებს
კიდეც ლაშქარს, შეიარაღებულ და საბრძოლოდ მომზადებულ ადამიანების
ორგანიზებულ გაერთიანებას.
4. არგუმენტაციის დაწყებამდე ასევე ვახსენე ცალ-ცალკე განხილული შედეგები,
დადიანის სიკვდილი და გურიელის, მისი ძმისა და ლაშქრის ტყვედ ჩაბარების
ფაქტები. ამ შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ეჭვის გარეშე ვთქვათ, რომ
მამია დადიანს არც მარტოს და არც რაზმთან ერთად ბრძოლის ველი არ
დაუტოვებია, ამასთან ვინაიდან ჯიქების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებში
არც ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევებში’’ და არც წარმოდგენილ წყაროებში
ნახსენები არ არის ოდიშართა ლაშქრის ბედი, ფაქტია, რომ ისინი ბრძოლის
ველზე არც ყოფილან, არ უბრძოლიათ, ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი მეორე
მოსაზრება კიდევ ერთხელ გაბათილებული იქნა. ჩემს ხელთ არსებულ
თითოეულ მასალაში ცალ-ცალკეა აღწერილი სხვადასხვა ადამიანისთვის
დამდგარი ბრძოლის შედეგი, აქედან გამომდინარე კი დადიანი რაზმით ან
მხოლოდ მისი რაზმი რომ ყოფილიყო წარმოდგენილი ბრძოლის პროცესში,
აღნიშნული იქნებოდა რომელიმე წყაროში მაინც, რა თქმა უნდა, თუ იგი
ორიენტირებული არ არის ფაქტების დამახინჯებისკენ. აქვე უნდა ითქვას
ისიც, რომ ეს უკანასკნელი ზემოთ წარმოდგენილ არც ერთ წყაროში არ
შეიმჩნევა.

როგორც უკვე ვახსენე, წყაროებშიც და ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევებშიც’’


ჯიქების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები თითოეული ადამიანისთვის ცალკეულად
არის განხილული, ნათქვამია, რომ დადიანი ღალატით შეიპყრეს და მოკლეს,
ნახსენებია მამია გურიელის შვილის სიკვდილიც, ამასთან თავად გურიელის, მისი
ძმისა და ლაშქრის ტყვედ ჩაბარებისა და კათალიკოსი მალაქიას მიერ ცოცხლებისა
და მკვდრების გამოსყიდვის ფაქტები. ამ შედეგებს წინ უსწრებდა რიგი მიზეზები,
რომელთაც განსაზღვრეს კიდეც ისინი, ამგვარად მათ გვერდს ვერ ავუვლით. ჯიქების
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი შედეგი გურიელისა და დადიანის მარცხია, ხოლო
რაც შეეხება, ზემოთ დასახელებულ შედეგებს, გურიელის ტყვედ ჩავარდნას და ა.შ,
ისინი მარცხისგან იქნა განპირობებული. წარმოგიდგენთ ბრძოლაში დამარცხების
მიზეზებს: ჯიქების წინააღმდეგ ლაშქრობა მოეწყო ზამთარში და თან ზღვით,
ზამთარში წარმოებული ლაშქრობა რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული,
ბრძოლის წინ გათვალისწინებული არ იქნა გეოგრაფიული გარემოებები, კლიმატი,
ამასთან ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტიც, რომ ზღვით ლაშქრობისთვის ვერც
ოდიშართა და ვერც გურიელთა ლაშქარი სათანადო მზაობას ვერ აცხადებდნენ,
როგორც ფლოტი სიძლიერით არ გამოირჩეოდნენ. გარდა ამისა, აწ უკვე განხილული
საკითხი, განხეთქილება დადიანსა და მის ლაშქარს შორის, ერთ-ერთ მთავარ
მიზეზად შეიძლება იქნეს დასახელებული. როგორც ითქვა, დაპირისპირების შემდეგ
დადიანის ლაშქარმა/რაზმმა ბრძოლის ველი დატოვა, ცხადია სამხედრო ძალა
საგრძნობლად მოაკლდა ძირითად ლაშქარს, ჯიქების წინააღმდეგ მხოლოდ
გურიელი, გურიელის ლაშქარი და დადიანი დარჩნენ. ამასთან უნდა ითქვას ისიც,
რომ წყაროში ნათლად არის აღნიშნული, რომ პირველ დღეს, როცა დადიანისა და
გურიელის ლაშქარი ერთად იბრძოდა ჯიქების წინააღმდეგ წარმატებასაც მიაღწიეს,
ხოლო შემდეგ, როცა დადიანის ლაშქარი ბრძოლის ველს ტოვებს, მარტო დარჩენილი
გურიელის ლაშქარი მარცხდება, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ოდიშართა
ლაშქარი ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ბრძოლაში მარცხის მიზეზად ასევე
შეიძლება დასახელდეს ბრძოლის ველზე დარჩენილი ლაშქრის მორალური მზაობის
საკითხი, არ არის გამორიცხული, რომ დადიანის ლაშქრის წასვლას გარკვეული
გავლენა მოეხდინა მათ მორალურ მზაობაზე. ამგვარად 1533 წელს ჯიქების
წინააღმდეგ ბრძოლაში გურიელი, გურიელის ლაშქარი და დადიანი მარცხდებიან.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიერ არჩეული წყარო მრავალმხრივ საინტერესოა, ამას
ადასტურებს ისიც, რომ გარდა ზემოთ განხილული საკითხებისა ის რიგ
წარმოდგენას გვიქმნის დასავლეთ საქართველოს იმდროინდელ როგორც საგარეო,
ასევე საშინაო პოლიტიკაზე. საგარეო პოლიტიკის კუთხით ჯიქების წინააღმდეგ
ლაშქრობაა წარმოდგენილი, ხოლო საშინაო პოლიტიკის სახით ვხვდებით
დაპირისპირებას დადიანსა და მის ლაშქარს შორის. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ
წყაროში არა თუ არ არის დასახელებული დაპირისპირების მიზეზი, არამედ წყარო
იმის საშუალებასაც არ გვაძლევს, რომ თავად დავადგინოთ ის. საშინაო პოლიტიკის
კუთხით საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ წყარო ჯიქების წინააღმდეგ ლაშქრობის
ინიციატორად ბაგრატ ІІІ-ს, იმერეთის მეფეს, ასახელებს. წყაროს მიხედვით
ბაგრატის მიერ ლაშქრობის წამოწყების მიზეზის დადგენა რთულია, მაგრამ თუ
ყურადღებას გავამახვილებთ წყაროში დასახელებულ წელზე ( 1533 წელი ), მისი
მეშვეობით შეგვიძლია დავასახელოთ პერიოდი და ასევე გარემოება, რომელშიც
ლაშქრობა მოეწყო: ოსმალები დასავლეთ საქართველოს თავს ესხმიან, მათ შორის
ჯიქების მეშვეობითაც, ამასთან გაძლიერებული და ბაგრატის გავლენისგან
გათავისუფლებული ოდიშისა და გურიის მთავრები სრული დამოუკიდებლობისკენ
ილტვიან. ლაქრობის მეშვეობით ბაგრატი ორ პრობლემას ერთად გადაჭრიდა,
მოიგერიებდა ჯიქებს, ხოლო მთავრებს ყურადღებას გადაატანინებდა თავიანთი
მთავარი მისწრაფებისგან, ამასთან სამხედრო თვალსაზრისით დაასუსტებდა მათ.

დასკვნით ნაწილში მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წყაროს განხილვისას ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს მისდამი მიდგომას, იმ თვალთახედვას, რომლითაც მას
განიხილავ. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ წყაროზე, მასში არსებულ ფაქტებსა და
საორჭოფო საკითხებზე წარმოდგენა აქამდეც მქონდა, მასზე მუშაობისას ჩემთვის
მრავალი ახალი გარემოება, ფაქტი თუ აზრი გამოიკვეთა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს
ყველაფერი სწორედ იმით არის განპირობებული, რომ წყარო ამ კონკრეტულ
შემთხვევაში პოზიტივისტური თვალთახედვით დავამუშავე. ამ შესაძლებლობამ
საშუალება მომცა წყარო სხვა თვალით დამენახა და შემემჩნია ისეთი დეტალები,
რომლებიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ჩემს თვალთახედვას გამორჩა. ვეცადე წყარო
როგორც განსახილველი საკითხი ბოლომდე ამომეწურა და მისგან მაქსიმალური
ინფორმაცია და ფაქტები მიმეღო, რაც შრომატევადი, მაგრამ მეტად საინტერესო
პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის.
გამოყენებული ლიტერატურა

,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები’’, ,,საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან


XIX საუკუნის 30-იან წლებამდე’’, ტომი ІV, ,,საბჭოთა საქართველო’’, თბილისი, 1973, გვ.103.

,,ქართლის ცხოვრება’’, ტომი ІІ, ,,საბჭოთა საქართველო’’, თბილისი, 1959 წ., გვ.497.

თ. ჟორდანია, ,,ქრონიკები და სხვა მასა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა’’, წიგნი


მეორე (1213 წლიდან 1700 წლამდე), ,,გამოცემა კოსტანტინე ივანეს ძის მუხრან-ბატონისა’’,
ტფილისი, 1897 წ., გვ.378-379.

ინტერნეტწყარო

https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98

https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E
1%83%98

file:///C:/Users/ADMIN/Downloads/Saqartvelos_Istoriis_Narkvevebi_Rva_Tomad_Tomi_IV_
1973%20(1).pdf

https://drive.google.com/file/d/1hwsSMygXYKVfj3x4lOgJdkOyjv-ZWaUs/view?pli=1

file:///C:/Users/ADMIN/Downloads/Qartlis_Cxovreba_1959_II.pdf

file:///C:/Users/ADMIN/Downloads/Kronikebi2-1897.pdf

file:///C:/Users/ADMIN/Downloads/4_p.pdf

You might also like