You are on page 1of 13

რონალდ რეიგანი

1981-1989

რონალდ რეიგანი (1911-2004) - მამით კათოლიკე ირლანდიელი გახლდათ, ხოლო


დედის მხრიდან კი მის ძარღვებში შოტლანდიური და ინგლისური სისხლი დიოდა.
შესაბამისად ალბათ, ეს იყო მისი გამორჩეული გარეგნობის და ნიჭის მიზეზი, რამაც
მას ჰოლივუდის კარი ფართოდ გაუღო და კინომსახიობის წარმატებული კარიერა
გააკეთებინა. თუ ჯონ კენედის სახით ამერიკას ჰოლივუდის გარეგნობის
პრეზიდენტი ყავდა, რომლისთვისაც ვესტერნის გმირები იყვნენ იდეალები, რონალდ
რეიგანი თავად იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელსაც მრავალი საგმირო როლი
ჰქონდა ნათამაშები, განსაკუთრებით მეორე მსოფლიოს ომის ბატალიების ამსახველ
ფილმებში. იგი ახლო მხედველი იყო და ამიტომ, ომის დროს საომარ მოქმედებებში
არ მონაწილეობდა. თუმცა, სამხედრო სამსახური აშშ-ს ტერიტორიაზე მაინც გაიარა
და მაიორის ჩინსაც მიაღწია. რეიგანი ყოველთვის პოპულარული იყო უბრალო
ამერიკელებში, ხოლო მას შემდეგ რაც 1994 წელს ალსჰაიმერის დაავადება დაემართა.

კარტერის საგარეო პოლიტიკურმა წარუმატებლობებმა აშშ-ს საერთაშორისო


რეპუტაცია არნახულად შელახა. ამერიკელები შოკში იყვნენ. ეიზენჰაუერის შემდეგ
მათ აღარ ყოლიათ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო არენაზე, არა
სიტყვით, არამედ საქმით მოუტანდა სახელს ამერიკას. მათ სჭირდებოდათ
პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას მისი განსაკუთრებულობის რწმენას დაუბრუნებდა.
კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა რონალდ რეიგანმა 1980 წლის
საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია სწორედ ამ მოთხოვნებზე ააგო

და თეთრი სახლისთვის გამართულ ბრძოლაში სახელგატეხილი კარტერი იოლად


დაამარცხა. პირველ რიგში რეიგანმა კარგად გამოიყენა ამერიკელებში ირანის
კრიზისით გამოწვეული დაუცველობის განცდა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ
მისი მმართველობის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერი და
პატივსაცემი სახელმწიფო გახდებოდა, ვიდრე ეს კარტერის დროს იყო. რეიგანმა
თავისი თანამემამულენი, კიდევ ერთხელ, იმაშიც დააჯერა, რომ ამერიკას
კაცობრიობის გადარჩენის უნიკალური მისია ჰქონდა დაკისრებული და, რომ მისი
შესრულებისთვის ვუდრო ვილსონის უნივერსალური იდეების აღორძინება და
ხელახალი გააზრება იყო საჭირო. ამის გაკეთება მას დიდად არ გასჭირვებია, რადგან
უაღრესად ქარიზმატულ პრეზიდენტს მეგობრების და მტრების დარწმუნების ნიჭი
თანაბრად ჰქონდა განვითარებული. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ რეიგანის
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი გრანდიოზული იდეებით მოხიბლულმა
ამერიკელებმა კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი სამხედრო
ბიუჯეტის გაზრდას და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებს.
თუმცა, როგორც ეს წესიერ დემოკრატიას ეკადრებოდა, რეიგანს კრიტიკოსებიც
ჰყავდა, რომლებიც მას სიზარმაცეში და დაბნეულობაში სდებდნენ ბრალს. ამ
თვისებების გამო ისინი რეიგანს საშიშ მმართველად მიიჩნევდნენ, მითუმეტეს, რომ
პრეზიდენტს ძალიან ცუდად ესმოდა საგარეო პოლიტიკა და მის დეტალებში
ჩაწვდომითაც დიდად არ იკლავდა თავს.

თუმცა, ხალხი რეიგანს ყველაფერს პატიობდა და იგივე კენონი 1987 წელს წერდა, რომ
რეიგანს თავისი პიროვნული სიძლიერე, პატრიოტიზმი და მომხიბვლელობა კვლავაც
ისევე უხდება, როგორც თავისი უვიცობაო.

უდაოა, რომ სამსახიობო ნიჭი და გამოცდილება რეიგანს ამერიკელთა გულების


მონადირებაში ძალზედ ეხმარებოდა. მას ყოველთვის სჯეროდა საკუთარი
წარმატების და ამ რწმენას საოცარი ოსტატობით გადასცემდა თანამემამულეებს.
თავად რეიგანი იგონებდა, რომ ოდესღაც, როცა ის მხოლოდ მსახიობი იყო, არ ეგონა,
თუ ოდესმე პოლიტიკოსობას შესძლებდა. მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი გახდა,
ხშირად ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მხოლოდ პრეზიდენტი და
აღარ ყოფილიყო მსახიობი…...

რეიგანმა სამსახიობო ნიჭი, პირველ რიგში, თავისი მთავარი მიზნის მისაღწევად


მიმართა, რომელიც ძლიერი, ეგრეთწოდებული იმპერიული საპრეზიდენტო
მართველობის აღორძინებაში მდგომარეობდა. საქმე ის გახლდათ, რომ ნიქსონის
იმპიჩმენტის შემდეგ, კონგრესმა საპრეზიდენტო ინსტიტუტი საგრძნობლად
დაასუსტა. რეიგანის აზრით, სწორედ ეს იყო ფორდის და, შემდგომ კარტერის,
წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. იგი დარწმუნებული იყო, თუ
პრეზიდენტს საკუთარი ხალხი და კონგრესი არ სცემდა პატივს, მაშინ, მითუმეტეს,
უცხო ქვეყნების ლიდერებს ამის გაკეთებას ვერავინ მოსთხოვდა. პრეზიდენტის
ინსტიტუტის პრესტიჟის აღდგენის საქმეში რეიგანის მთავარი მოკავშირეები
ამერიკის ტელევიზია და რადიო გახდა, რომელთა საშუალებითაც, თავისი
განსაკუთრებული აქტიორული ნიჭის წყალობით, იგი ამერიკელებს არწმუნებდა,
რომ პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი უნდა
განსაკუთრებული უფლებებით ყოფილიყო აღჭურვილი და, რომ მას თავისი
უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის სამხედრო ბიუჯეტის
გაზრდა ესაჭიროებოდა. კონგრესის კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა რეიგანს
გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი და საპრეზიდენტო უფლებები, რეიგანს ერთი
პასუხი ჰქონდა: `საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად.

კერკპატრიკის დოქტრინა

ჯინ კერკპატრიკი (1926-2006) – ამერიკელი პოლიტოლოგი და მხურვალე ანტი-


კომუნისტი. რონალდ რეიგანის საარჩევნო კამპანიის დროს და მისი მმართველობის
საწყის ეტაპზე კერკპატრიკი საგარეო პოლიტიკის საკითხებში რეიგანის მრჩევლად
მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით, იგი აშშ-ს პირველი ქალი ელჩი გახდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. იგი ცნობილია ~კერკპატრიკის
დოქტრინით, რომელსაც საფუძვლად მისივე 1979 წლის ესე - ~დიქტატურა და
ორმაგი სტანდარტები~ - დაუდო საფუძვლად. დოქტრინის მიზანი აშშ-ს ცივი
ომისდროინდელი საგარეო პოლიტიკის იმ ასპექტის გამართლება იყო, რომელიც
ვაშინგტონის მიერ ანტი-კომუნისტურად განწყობილი ავტორიტარული
რეჟიმებისთვის ავტომატურ დახმარებაში მდგომარეობდა. კერკპატრიკის მტკიცებით
საბჭოთა ბლოკში შემავალი ქვეყნები და სხვა კომუნისტური სახელმწიფოები
ტოტალიტარულ რეჟიმებს წარმოადგენდა, ხოლო პროდასავლური დიქტატურები კი,
ავტორიტარულ რეჟიმებს. მისი აზრით, ტოტალიტარული სახელმწიფოები უფრო
სტაბილური და თვითგანახლებადი იყო, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმები და
ამიტომ, მეზობელ სახელმწიფოებზე ზემოქმედების მეტი უნარი ჰქონდათ. რეიგანი
აშკარად ითვალისწინებდა კერკპატრიკის დოქტრინის პრინციპებს საგარეო
პოლიტიკის განხორციელებისას. მისი გავლენით აშშ-ს ადმინისტრაციამ სხვადასხვა
ხარისხის დახმარება გაუწია ისეთ ანტი-კომუნისტურ დიქტატორულ რეჟიმებს,
როგორიც იყო არგენტინა (1983), გვატემალა (1985) და ფილიპინები (1986). მისი
გათვალისწინებით გაგრძელდა ავღანელი მოჯაჰედების შეიარაღებისა და
მომზადების პროგრამა და გაეწია დახმარება უნიტას ანგოლის სამოქალაქო ომის
დროს. იმავე დოქტრინის ფარგლებში განხორციელდა სანდინისტური მთავრობის
განადგურების არაერთი ოპერაცია ნიკარაგუაში, რომელიც ლათინურ ამერიკაში
რეიგანის კომუნიზმთან ბრძოლის მთავარი მიმართულება იყო.

ანტი-კომუნიზმსა და რუსეთის სიძულვილში რეიგანმა ვუდრო ვილსონი და ჰარი


ტრუმენი დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან. ძნელი სათქმელია, რატომ იყო ასე
აგრესიული რუსეთის მიმართ ლიბერალურ ჰოლივუდში `გაზრდილი~ რონალდ
რეიგანი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თავის პირველ საპრეზიდენტო
პრესკონფერენციაზე მან მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ საბჭოთა
მმართველები ყოველთვის იტოვებდნენ უფლებას ჩაედინათ ნებისმიერი დანაშაული,
ეთქვათ ნებისმიერი სიცრუე და მოეტყუებინათ ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს
ლიდერი. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სწორედ კრემლი იდგა მსოფლიოს
ნებისმიერი კონფლიქტის უკან და, რომ საბჭოთა რუსეთი თანამედროვე სამყაროს
`ბოროტების იმპერია~ იყო.

პრეზიდენტობის დასაწყისში რეიგანის ანტი-კომუნიზმი ჩინეთსაც მისწვდა და იგი


ამერიკის მტრად გამოაცხადა. მან ნიქსონი და კარტერი ჩინეთთან ურთიერთობების
გაუმჯობესებისა და დიპლომატიური კავშირის დამყარებისათვის მკაცრად დაგმო და
სრულიად გამორიცხა ჩინეთის უფლება, რაიმე ფორმით ესაუბრა ტაივანის
მომავალზე. თუმცა, მოგვიანებით, ამერიკას და რუსეთს ისე დაეძაბათ
ურთიერთობები, რომ რეიგანს ჩინეთთან თავისი დამოკიდებულების გადახედვა
მოუწია. იგი მიხვდა, რომ ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გარეშე
შორეულ აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესები სერიოზულად დაზიანდებოდა,
ხოლო ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დაკარგვა ამერიკის ეკონომიკას საგრძნობლად
დააზიანებდა. ამიტომ, რეიგანმა თავმოყვარეობაზე ფეხი დაიბიჯა და 1984 წელს,
ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად, ვიზიტით ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკას ეწვია. ამის შემდეგ, რეიგანმა თავისი დაუოკებელი ანტიკომუნისტური
რისხვა მთლიანად რუსეთზე გადაიტანა.

რეიგანი მარტივად უყურებდა საგარეო ურთიერთობებს და არ უყვარდა რთული


საერთაშორისო თეორიები. ამიტომ, ჯერ კიდევ პრეზიდენტობისთვის მზადების
პერიოდში, 1979 წელს, მისი ყურადღება ჯინ კერკპატრიკის109 ერთმა ესემ მიიპყრო.
ესეში, სახელწოდებით `დიქტატურები და ორმაგი სტანდარტები,~ ავტორი ამერიკის
საგარეო პოლიტიკის გამართლებას ცდილობდა და ასაბუთებდა, რომ ამერიკას
აუცილებლად უნდა დაეჭირა მხარი მემარჯვენე, ავტორიტარული რეჟიმებისთვის
მემარცხენე, რევოლუციური მოძრაობების წინააღმდეგ. კერკპატრიკი თავის ესეში
ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარული რეჟიმები პოლიტიკურ
სფეროში თავისუფლებებს ზღუდავდა, ისინი მეორეს მხრივ, დემოკრატიულ
საზოგადოებებად გადაქცევის შესაძლებლობას ინარჩუნებდნენ. ამის გარდა მათი
ლიდერები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაზე და
თავისუფალი სამყაროდან ინვესტიციების მიღებაზე უარს არ ამბობდნენ.
ტოტალიტარული მემარცხენე დიქტატურები კი, კერკპატრიკის აზრით, ან
კომუნისტური, ანდა ფაშისტური შეფერილობის იყვნენ, დემოკრატიად გარდაქმნის
მცირე ნიშნებს იძლეოდნენ და ამერიკული სტილის კაპიტალიზმისადმი
განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდნენ. კერკპატრიკს სჯეროდა, რომ
კარტერს, მისი დოქტრინით რომ ეხელმძღვანელა, იგი აუცილებლად შეინარჩუნებდა
სომოსას ნიკარაგუაში, ხოლო შაჰს ირანში. კერკპატრიკის იოლად გასაგებმა
ფორმულამ რეიგანს საერთაშორისო არენაზე მტრების და მოყვრების გარჩევის
მარტივი საშუალება მისცა. მან გადაწყვიტა მემარჯვენე დიქტატურებისთვის ბრმად
დაეჭირა მხარი.

თუმცა, რეიგანი მალე მიხვდა, რომ საგარეო პოლიტიკაში თვალებდახუჭულ


სიარულს სავალალო შედეგების მოტანა შეეძლო. 1982 წელს არგენტინის მემარჯვენე
სამხედრო ხუნტამ, მიტაცების მიზნით, იერიში ფოლკლენდის კუნძულებზე მიიტანა,
რომელიც 1830 წლიდან დიდი ბრიტანეთის საკუთრება იყო. კერკპატრიკის რჩევის
საწინააღმდეგოდ რეიგანმა ამ კონფლიქტში ამერიკის დემოკრატი მოკავშირის, დიდი
ბრიტანეთის, მხარე დაიჭირა და არგენტინა ამ ომში დამარცხდა. ეს კერკპატრიკის
დოქტრინის პირველი მარცხიც აღმოჩნდა, რომელსაც მალე მეორეც მოჰყვა.
კერკპატრიკის ინსტრუქციების საწინააღმდეგოდ რეიგანმა და მისმა მრჩევლებმა
აღმოაჩინეს, რომ ჩინეთის მემარცხენე ტოტალიტარულ რეჟიმთან უფრო მჭიდრო
თანამშრომლობა იყო საჭირო, ხოლო როდესაც ფილიპინებზე და ჰაიტიზე
ავტორიტარულმა რეჟიმებმა ბზარი მისცეს, რეიგანი დასაწყისში კი შეეცადა მათ
დახმარებას, მაგრამ შემდეგ, კერკპატრიკის გაფრთხილებების მიუხედავად, თავის
ვიცე პრეზიდენტ ჯორჯ შულცს დაუჯერა და ორივე სახელმწიფოს ავტორიტარული
რეჟიმების თავიდან მოცილებაში და მათ ადგილას უფრო წარმომადგენლობითი
მთავრობების დასმაში დაეხმარა. 1985 წლისთვის კერკპატრიკის დოქტრინამ
საბოლოო კრახი განიცადა, რადგან აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის
დესპოტური რეჟიმების მხარდაჭერა ამერიკის პრესტიჟს მსოფლიო პროგრესული
საზოგადოების თვალში ძალზედ ლახავდა და რეიგანმა მასზე უარი თქვა.

რეგიანის დოქტრინა

კერკპატრიკის დოქტრინის კრახის შემდეგ რეიგანმა საკუთარი დოქტრინის შექმნაზე


დაიწყო ზრუნვა. მან იგი პირველად 1985 წელს ამერიკის პრეზიდენტის
კონგრესისადმი მიმართულ ყოველწლიურ სიტყვაში განსაზღვრა: `თავისუფლება
მხოლოდ მცირე რჩეულთა პრეროგატივა არ არის; ეს ღმერთის ყველა შვილის
უნივერსალური უფლებაა... მშვიდობა და კეთილდღეობა ჰყვავის იქ, სადაც ხალხი
ცხოვრობს იმ კანონებით, რომლებიც თავისუფალ პრესის, სიტყვის თავისუფლების
და ღვთისმსახურების, ხმის მიცემის და ქონების შექმნის თავისუფლებებს
უზრუნველყოფს. ჩვენი მისია თავისუფლების და დემოკრატიის დაცვა და ამ
იდეების ყველგან გატანაა, სადაც კი ხელი მიგვიწვდება... ჩვენ მხარი უნდა
დავუჭიროთ ჩვენს ყველა დემოკრატიულ მოკავშირეს. და ჩვენ არ უნდა დავუკარგოთ
ჩვენი ერთგულების რწმენა მათ, ვინც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ – ყველა
კონტინენტზე, ავღანეთიდან ნიკარაგუამდე – რათა შევეწინააღმდეგოთ საბჭოების
მიერ მხარდაჭერილ აგრესიას და დავიცვათ ჩვენთვის დაბადებით მოცემული
უფლებები... თავისუფლების მებრძოლებისთვის აღმოჩენილი ეს მხარდაჭერა ჩვენი
თავდაცვაა.

რეიგანმა თავისი დოქტრინა ბრეჟნევის დოქტრინას დაუპირისპირა და ეს


უკანასკნელი მკვდრად გამოაცხადა. ფაქტიურად რეიგანის დოქტრინა მონროს
დოქტრინის მოდერნიზების მცდელობად შეიძლება აღვიქვათ, რომლის მთავარი
მიზანი მსოფლიოს დასავლეთ ნახევარსფეროში რუსეთის საბჭოთა იმპერიის არ
შეშვება იყო. კენედის შემდეგ არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს ლათინური
ამერიკისთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია. ჯონსონი, ნიქსონი, ფორდი და
კარტერი უფრო აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ იყურებოდნენ და საფრთხეებს
ხან ევროპასა და საბჭოთა ბლოკში და, ხან კი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და
იაპონიაში ეძებდნენ. სამხრეთ ამერიკაში მზარდი კომუნისტური საფრთხე კი
მხედველობის არეს მიღმა რჩებოდათ. უარესიც, კარტერმა, რომელიც ისევე
გამოუცდელი იყო საგარეო პოლიტიკაში, როგორც რეიგანი, სანდინისტების რეჟიმს
დახმარების ხელიც კი გაუწოდა იმ იმედით, რომ ამით ნიკარაგუაში პოლიტიკურად
და ეკონომიკურად სამართლიანი, ჭეშმარიტი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის
შექმნას შეუწყობდა ხელს. რეიგანს კარტერის ტიპის იდეალიზმი არანაირად არა
ახასიათებდა. მას ღრმად სწამდა, რომ ამერიკული კაპიტალისტური მოდელის გარდა
დასავლეთ ნახევარსფეროში განხორციელებული ყველა სხვა მემარცხენე
სახელმწიფო მოწყობის ფორმულა ამერიკისათვის საშიში იყო. იგი სრულიად
იზიარებდა 1919 წელს უინსტონ ჩერჩილის მიერ გაკეთებულ მოწოდებას
ბოლშევიზმის აკვანშივე ჩახრჩობის აუცილებლობის შესახებ. ამიტომ, თავისი
დოქტრინა მან პირველ რიგში ნიკარაგუაში აამოქმედა.

რეიგანი დარწმუნებულიიყო რომ ნიკარაგუის მსგავსი მოვლენები მტელ


ცენტრალურ ამერიკაზეც გადავიდოდა.ამიტომ, გადაწყვიტა დრო არ დაეკარგა და,
თეთრ სახლში შესვლიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, კარტერის მიერ
ნიკარაგუასთვის გამოყოფილი 15 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული
დახმარების პაკეტი შეაჩერა. უფრო მეტიც, მან თავად, ამერიკის შეერთებული
შტატების კანონმდებლობის უხეში დარღვევით, კონტრას ნება დართო, ნიკარაგუის
ხელისუფლების (რომელსაც ვაშინგტონი ოფიციალურად აღიარებდა) დამხობის
მიზნით, ფლორიდაში სამხედრო წვრთნა გაეარათ. 1981 წლის ნოემბერში რეიგანმა
ხელი მოაწერა საიდუმლო ბრძანებას, რომლის ძალითაც ცენტრალურ სადაზვერვო
სააგენტოს კონტრას მებრძოლების მოსამზადებლად და ნიკარაგუას წინააღმდეგ
რეგიონში გადასასროლად 19 მილიონი დოლარი გამოეყო. ამის გარდა, ამერიკის
მთავრობამ მსხვილი სამხედრო ბაზები ააშენა ჰონდურასში, სადაც სანდინისტების
დასაშინებლად 30, 000 – მდე სამხედრო პერსონალის წვრთნა და მანევრები
მიმდინარეობდა.

აშშ-ს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ცხარე დებატები დაიწყო სახელმწიფო


დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სანდინისტების
დამხობა დიპლომატიური გზებით უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა და პენტაგონის
და თეთრი სახლის სამოქალაქო წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ომის კიდევ
უფრო ინტენსიურად წარმართვის მომხრენი იყვნენ. ამერიკის არმიის
ხელმძღვანელობა, იმის შიშით, რომ ნიკარაგუა მეორე ვიეტნამად არ გადაქცეულიყო,
სახელმწიფო დეპარტამენტის აზრს იზიარებდა. რეიგანს დიპლომატიური ვერსიის
გაგონებაც არ უნდოდა. მას სასწრაფოდ სჭირდებოდა თანამოაზრე ავტორიტეტული
პიროვნების პოვნა, რომლის აზრსაც ყველა გაიზიარებდა. ამიტომ, როდესაც 1983
წელს მან სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ამ ორ ვერსიას შორის არჩევანი
უნდა გაეკეთებინა, მის ხელმძღვანელად ამერიკის საგარეო პოლიტიკის ყველაზე
სახელოვანი `ქორი,~ ჰენრი კისინჯერი, დანიშნა. კისინჯერი ორივე ბანაკისთვის
მისაღები ფიგურა აღმოჩნდა. კისინჯერმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეიგანი არ
გააწბილა და მისმა კომისიამ დაასკვნა, რომ კონტრასთვის სამხედრო დახმარების
გაზრდა საჭიროც იყო და აუცილებელიც.

რეიგანს ხელ-ფეხი გაეხსნა და უკვე 1983 წლის ბოლოსთვის, ცენტრალურმა


სადაზვერვო სააგენტომ ნიკარაგუას ნავსადგურების დანაღმვა და მის
ნავთობობიექტებზე და აეროდრომებზე იერიშის მიტანა დაიწყო. განრისხებულმა და
შეშინებულმა კონგრესმა, რომელსაც ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროიდან
გამოყოლილი კოშმარები სტანჯავდა, 1984 წელს კონტრასთვის სამხედრო
დახმარების მიწოდება კანონით აკრძალა. რეიგანის ადმინისტრაციამ კონტრასთვის
ფინანსური დახმარების აღმოჩენა ამერიკის მოკავშირე არაბ მონარქებს, ტექსასელ
ნავთობმაგნატებს და ამერიკის პოლიტიკის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელ
მდიდარ ქვრივ ქალებს სთხოვა. თავად პრეზიდენტმა კი, ნიკარაგუას და აშშ-ს
სანაპიროებიდან მრავალი ათასი კილომეტრის მანძილზე მდებარე რეგიონში
განვითარებული სრულიად სხვა კონფლიქტის წყალობით, კონტრას დაფინანსების
ფრიად ორიგინალურ, თუმცაღა უკანონო, ხერხს მიაგნო .

ირან-კონტრა

ამერიკელები მას პატიობდნენ ყველაფერს, რასაც არ აპატიებდნენ არც ჯონსონს, არც


ნიქსონს, არც ფორდს და არც კარტერს. იგი იმდენად გულწრფელი და უანგარო იყო
თავის მოტივაციებში, რომ ამას ყველა ხვდებოდა და იხიბლებოდა. რეიგანის
განუმეორებელი პიროვნული ქარიზმისა და უშუალობის გამო, ამერიკელებს მისი
ნებისმიერი კანონიერი, თუ უკანონო და ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებების
განხორციელებისთვისაც კი, პრაქტიკულად, კარტ ბლანში ჰქონდათ მიცემული. ამის
მშვენიერი მაგალითია ირან-კონტრას ისტორია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში
ერაყსა და ირანს შორის 80-იან წლებში წამოწყებული სასტიკი და მასშტაბური ომის
ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი გახლდათ.

კემპ დევიდში ისტორიული ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, 80-იანი


წლების დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთი კვლავაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის
მთავარი გამოწვევების შემცველ რეგიონად რჩებოდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
იყო, ამერიკის ნომერ პირველი მოწინააღმდეგის - საბჭოთა კავშირის - გავლენის
შეკავება და აღმოფხვრა რეგიონში. განსაკუთრებით ეს ეხებოდა სირიას, რადგან ის
სწრაფი ტემპებით ყალიბდებოდა კრემლის კლიენტ ქვეყნად, ღიად გმობდა ეგვიპტის
პოლიტიკას და აშკარად არ ფარავდა ზიზღს ისრაელის მიმართ.

ისრაელიიძულებული გახდა ლიბანიდან ჯარები გამოეყვანა, რის შემდეგაც, ლიბანში


განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ნაწილებზე თავდასხმის შემთხვევები გახშირდა.
1983 წლის აპრილში ბეირუთში ამერიკის საელჩოს შენობაში ძლიერი ბომბი
აფეთქდა, რომელმაც 46 ადამიანის (მათ შორის 16 ამერიკის მოქალაქის) სიცოცხლე
შეიწირა. ამერიკელებმა ყველაზე დიდი შოკი იმავე წლის 25 ოქტომბერს მიიღეს,
როდესაც მუსულმანმა ტერორისტებმა ბეირუთის გარეუბანში განლაგებული
ამერიკელი საზღვაო ფეხოსნების ბარაკს ასაფეთქებელი ნივთიერებით
დატვირთული სატვირთო ავტომანქანა შეაჯახეს, რის შედეგადაც 241 ამერიკელი
სამხედრო გარდაიცვალა. ნებისმიერი პრეზიდენტის რეპუტაციისთვის ასეთი
შემთხვევა დამანგრეველი იქნებოდა, მითუმეტეს, რომ სწორედ რეიგანის ბრალი იყო,
ის რომ ამერიკელი საზღვაო ფეხოსნები ბეირუთის სრულიად დაუცველ ადგილას
იყვნენ განთავსებულები და ტერორისტებისთვის ადვილ სამიზნეს წარმოადგენდნენ.
რეიგანი კი წყლიდან ისევ მშრალი ამოვიდა. თუმცა, მოახლოებული საპრეზიდენტო
საარჩევნო კამპანიის გამო, მას ლიბანიდან ამერიკული ჯარის გაყვანა მაინც მოუწია,
რის გამოც დაპირისპირებული პოლიტიკური ფრაქციების მიერ მრავალნაწილად
გაგლეჯილი ლიბანი საბოლოოდ მოიცვა ქაოსმა. ამ პერიოდში მოხდა საბრა და
შატილას სასაკლაო სადაც პალესტინელი ქრისტიანი ლტოლვილები დახოცეს
ებრაელების უმოქმედობით და გულგრილობით.

რეიგანს ლიბანის ბედი ნაკლებად აინტერესებდა. ბეირუთიდან ჯარის გაყვანა მას


თეთრ სახლში მეორედ შესვლაში დაეხმარა. თუმცა, ლიბანში განვითარებულმა
მოვლენებმა იგი მალე მწარე რეალობის წინ დააყენა. 1985 წელს აიათოლა ჰომეინის
რეჟიმის მიერ დაფინანსებულმა ლიბანელმა მუსულმანმა ტერორისტებმა მძევლად
10 ამერიკელი მოქალაქე აიყვანეს. რეიგანს კარგად ახსოვდა, თუ როგორი
ტრაგიკული აღმოჩნდა კარტერის პრეზიდენტობისთვის ირანში ამერიკელ მძევალთა
წინა შემთხვევა. ამიტომ, სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა. პირველი, რაც მან გააკეთა
იყო ის, რომ ყოველნაირად შეეცადა ეს ამბავი ამერიკის გაზეთების პირველ
გვერდებზე არ მოხვედრილიყო. გარეგნულად მშვიდი რეიგანი შინაგანად ძალზედ
ღელავდა. თავის დროზე მძევალთა აყვანის ანალოგიურ სიტუაციაში, ირანის
ხელისუფლებასთან არასაკმარისი კატეგორიულობისა და პრინციპულობისთვის, მან
კარტერი მიწაში ჩადო. ახლა კი თვითონ დადგა იგივე დილემის წინაშე. ღიად იგი
ჰომეინისთან მოლაპარაკებებს ვერ ბედავდა, მალულად კი მათ დაწყებას
ყოყმანობდა. თუმცა, როდესაც ტერორისტებმა ხელში ცენტრალური სადაზვერვო
სააგენტოს ბეირუთის უფროსი უილიამ ბაქლი ჩაიგდეს და წამება დაუწყეს, რეიგანმა
მოქმედებაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო
გაბედული და ფარული გეგმა მოიყვანა, რომელიც ირან-კონტრას სახელწოდებითაა
ცნობილი და, რომელმაც ურთიერთკვეთაში მოიყვანა რეიგანის საგარეო პოლიტიკის
ლათინურ ამერიკული და ახლო აღმოსავლური მიმართულებები. ამაში კი მას ერაყსა
და ირანს შორის უკვე რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარე ომი დაეხმარა. ამ ომში
ამერიკა მხარს ერაყს უჭერდა, მაგრამ ლიბანელი ტერორისტების მიერ ამერიკელების
მძევლად აყვანის ზემოთ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, რეიგანმა პოზიცია
შეიცვალა და მძევლების განთავისუფლებისათვის ირანის მთავრობას სამხედრო
ტექნიკის მიწოდება შესთავაზა. ირანელებმა სამხედრო შეიარაღების დიდი ნაწილი
შაჰის დროს ამერიკელებისგან შეისყიდეს და, შესაბამისად, ამერიკულ იარაღზე და
ამუნიციაზე ირანში დიდი მოთხოვნილება იყო. რეიგანი ჯერ კიდევ 1980 წლის
საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰომეინის დაპირდა, რომ ირანში ამერიკის
საელჩოს თანამშრომლების განთავისუფლების შემთხვევაში, ამერიკა ირანს იარაღის
მიწოდებას განუახლებდა, მაგრამ მძევალთა კრიზისის დასრულების შემდეგ თავისი
პირობა დაივიწყა. მძევალთა ახალმა კრიზისმა კი რეიგანს პირობა შეახსენა და იმაზე
დააფიქრა, თუ რა ხეირის ნახვა შეეძლო მოცემულ მდგომარეობაში. პრეზიდენტმა
რამდენიმე კურდღლის ერთად დაჭერა განიზრახა. დასაწყისისთვის, მან ჩუმად გასცა
ბრძანება ირანისთვის იარაღის მიყიდვაზე, რითაც მძევლები გამოიხსნა. შემდეგ კი
ისარგებლა იმ ფაქტით, რომ ირანს ამერიკული იარაღი ძალზედ სჭირდებოდა და იგი
თეირანს არსებულ ღირებულებაზე 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირად მიჰყიდა. ამ
ოპერაციიდან შემოსული თანხები კი სანდინისტების წინააღმდეგ მებრძოლი
კონტრას სამხედრო მომზადებისთვის საჭირო, უწყვეტ შემოსავლად გამოაცხადა.
არავინ იცის რამდენ ხანს გასტანდა ამერიკა-ირანის ეს უცნაური სავაჭრო-
დიპლომატიური ფარული კავშირი, რომ, 1986 წლის ნოემბერში, ერთ-ერთ ლიბანურ
ჟურნალს რეიგანის საგარეო პოლიტიკური ინტრიგების შესახებ ინფორმაცია არ
გამოექვეყნებინა.

რეიგანმა სახტად დარჩენილ ამერიკელებს უთხრა, რომ მისი ფარული მოქმედებები,


მხოლოდ და მხოლოდ, ირანის მთავრობაში მოქმედ ზომიერ პირებთან დაახლოებას
ემსახურებოდა. თუმცა, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ჰომეინის ექსტრემისტ-
ფუნდამენტალისტების მთავრობაში, 1985-1986 წლებში, ირან-ერაყის ომის პიკზე,
ვინმე ზომიერი ხელისუფალი ყოფილიყო, ეს კითხვა, არც გაოგნებულ ამერიკელებს
დაუსვამთ მისთვის და არც რეიგანს მოუკლავს თავი მათი სახელების
დაკონკრეტებით. პრეზიდენტს პრობლემები მაინც შეექმნა. ლიბანური ჟურნალის
მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში, ამერიკის შეერთებული
შტატების გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ირანისთვის შეიარაღების
მიყიდვიდან მიღებული თანხები ნიკარაგუაში კონტრას დასახმარებლად
საიდუმლოდ იგზავნებოდა. ეს კი წინააღმდეგობაში მოდიოდა კონგრესის
ბრძანებასთან, რომელიც კონტრასთვის სასიკვდილო იარაღის მიწოდებას
კრძალავდა. პრეზიდენტის რეპუტაცია უდიდესი საფრთხის წინაშე დადგა. რეიგანმა
საჯაროდ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ირან-კონტრას სქემის შესახებ და,
რომ მისი ერთადერთი მიზანი, ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესების გზით,
ამერიკელი მძევლების განთავისუფლება იყო. სასწრაფოდ მოსაძებნი იყო განტევების
ვაცი და რადგან მთელი ეს ოპერაცია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის
თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა, ეს როლი მის ხელმძღვანელ ვილიამ
კეისის ერგო. ამერიკელებმა ხალისით დაიჯერეს, რომ ამ გეგმას კეისი კონგრესის და
პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, დამოუკიდებლად ახორციელებდა.

შემდეგ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც რეიგანმა იმის გამოძიება დაავალა,


თუ რამდენად იყო გარეული თეთრი სახლის აპარატი ამ სკანდალში. კომისიამ
დაასკვნა, რომ ქაოტური პოლიტიკის წარმოებაზე უშიშროების საბჭოს აპარატი იყო
პასუხისმგებელი და, რომ პრეზიდენტს თეთრი სახლის მიერ განხორციელებულ
საგარეო პოლიტიკასთან შეხება არც კი ჰქონია. რეიგანის დოქტრინის ერთ-ერთ
თვალსაჩინო წარმატებად ავღანეთი შეიძლება ჩაითვალოს სადაც სსრკ-მ მაშტაბური
დანაკარგი განიცადა. თავის მხრივ რეიგანის დოქტრინის ფარგლებში მოქმედი აშშ-ს
ადმინისტრაცია მოჯაჰედების დასახმარებლად არაფერს იშურებდა. მარტო 1984-85
წლებში ამერიკამ ავღანელ`თავისუფლების მებრძოლებს~ 400 მილიონი დოლარი
მისცა. ეს თანხა პაკისტანში განლაგებულ ბანაკებში მოჯაჰედთა მომზადებაზე და
`სტინგერის~ ტიპის რაკეტების შეძენაზე იხარჯებოდა, რომლებითაც ისინი
საბჭოების სამხედრო ვერტმფრენებს ბეღურებივით ძირს ყრიდნენ.

რეიგანი და გორბაჩოვი

პრეზიდენტობის პირველი დღეებიდანვე რეიგანი ყველა საგარეო პოლიტიკურ


ნაბიჯს საბჭოთა კავშირის შიშით აკეთებდა. თუმცა ამ შიშს მსახიობი პრეზიდენტი
თავის საჯარო გამოსვლებში რუსების დაცინვითა და დამცირებით წარმატებით
ნიღბავდა.სინამდვილეში კი, რეიგანს თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში სულაც არ
ეხუმრებოდა. იგი ხშირად ჩიოდა, რომ მას რუსები მოლაპარაკებების დაწყებისთვის
უბრალოდ შანსს არ უტოვებდნენ. `როგორ უნდა წახვიდე კომპრომისზე
ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სული არ აქვთ, საიქიოსი არ სჯერათ და
ღმერთის არსებობას უარყოფენ? გულწრფელად ეკითხებოდა რეიგანი მათ, ვინც
საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებდნენ. რეიგანს
კარგად ესმოდა ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობების მთავარი პრობლემა:
თითოეულ მხარეს იმდენი ბირთვული იარაღი ჰქონდა, რომ მეორე გაენადგურებინა,
მაგრამ არცერთს არ ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ მეორე მხარე თავისი გავლენის
ქვეშ მოექცია.

თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში რეიგანს სულ ეჩვენებოდა, რომ რუსეთმა


ამერიკას შეარაღების სფეროში გაუსწრო, რის შედეგადაც რეიგანის პრეზიდენტობის
პერიოდში შეიარაღების მრეწველობა ამერიკის ეკონომიკის წამყვან დარგად
გადაიქცა. შეიარაღებამ არნახულ პროპორციები მიიღო. 1980-იანი წლების
დასაწყისში ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის გაჩაღებული ამ გამალებული
შეიარაღების შედეგად მსოფლიოს სამხედრო ხარჯებმა 550 მილიარდ დოლარს
მიაღწია, რაც დედამიწის ყოველ ერთ სულ მოსახლეზე 150 დოლარის შეადგენდა.
რეიგანი ამასაც არ დასჯერდა და ამერიკის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით
სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის პროგრამის შემუშავება და განხორციელება
დაიწყო. დასავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა კიდევ უფრო დაუცველად იგრძნეს
თავი.

სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის პროგრამა ყველაზე უფრო


ძვირადღირებული შეიარაღების სისტემა იყო კაცობრიობის ისტორიაში. მას ამერიკა
ბირთვული თავდასხმისგან უნდა დაეცვა. ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ ის
ეფექტიანი ვერ იქნებოდა, რადგან ვერ შეძლებდა უფრო იაფი თავდასხმის
საშუალებების შეჩერებას და სინამდვილეში ის რუსებს მხოლოდ გააღიზიანებდა,
ხოლო დასავლეთ ევროპელებს კი მიტოვებულების განცდას გაუჩენდა. რეიგანის
კრიტიკოსები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ სთი-ს განხორციელების შემთხვევაში,
ამერიკა ეკონომიკურად კიდევ უფრო დაუცველი გახდებოდა და ტრილიონობით
ვალს დაიდებდა.

თუმცა, თეთრ სახლში მეორედ შესვლის შემდეგ, რეიგანი ოდნავ შეიცვალა. მან
ამერიკელებისა და დასავლეთ ევროპელების მოთხოვნა გაითვალისწინა და საბჭოთა
კავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და სტრატეგიული იარაღის
შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების დადებაზე დაიწყო ზრუნვა. იგი უკვე აღარ
უწოდებდა საბჭოთა კავშირს `ბოროტების იმპერიას~ და მის ახალ ლიდერთან
მიხეილ გორბაჩოვთან პირადი ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა. რეიგანს
ძალიან უნდოდა რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რითაც საშვილიშვილო სამსახურს
გაუწევდა თავის საყვარელ ამერიკელებს. ასეთ მიზნად მან ბირთვული იარაღის
მაქსიმალურად შემცირება დაისახა, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირთან მჭიდრო
პარტნიორული თანამშრომლობის გარეშე ვერ შეძლებდა. მისდა საბედნიეროდ,
`რკინის ფარდის~ მეორე მხარეს მყოფ გორბაჩოვსაც არანაკლებ უტოპიური მიზნები
ჰქონდა დასახული, ასევე არანაკლები ამბიციების განსახორციელებლად.
გორბაჩოვის მთავარი მიზანი იყო დაემტკრაიული ჰუმანური და სამართლიანი სახე
მიეცა.

მიუხედავად ასეთი ერთობლივი სურვილისა, ორივე მხარეს უნდობლობა ისეთი


დიდი იყო, რომ რეიგანისა და გორბაჩოვის პირველი შეხვედრის მომზადებას
რამდენიმე თვე დასჭირდა. სამიტი, 1985 წლის ნოემბრისთვის, ჟენევაში დაიგეგმა.
რეიგანს დღის წესრიგში ორი საკითხი ჰქონდა შეტანილი: ბირთვული იარაღის 50
პროცენტიანი შემცირება და თავისი საყვარელი სტრატეგიული თავდაცვის
ინიციატივის შემდგომი გაფართოვება. პირველი საკითხის გადაწყვეტით რეიგანს იმ
მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან არიდება სურდა, რომელსაც იგი `ბირთვულ
პერლ ჰარბორს~ უწოდებდა და, რომლის რეალური საფრთხეც ამერიკელებმა კუბის
და სუეცის არხის კრიზისების დროს თვალნათლივ დაინახეს. ხოლო, მეორე –
სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის – საკითხის ამოქმედებას ის იმ შემთხვევაში
აპირებდა, თუ ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება ვერ მიიღწეოდა.

ავღანეთში საბჭოთა ჯარების ინტერვენციის შემდეგ, ამერიკელი და საბჭოთა


ლიდერები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ასე რომ, ჟენევის სამიტი, ბოლო 6 წლის
განმავლობაში, პირველი უამღლესი დონის შეხვედრა იყო. სამიტის წინ რეიგანი
დარწმუნებული იყო, რომ გორბაჩოვთან შეხვედრა ამერიკასა და რუსეთს 21-ე
საუკუნეში წელგამართულად შესვლის ისტორიულ შესაძლებლობებს მისცემდა.
მაგრამ, სამიტის მსვლელობისას პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის კასპერ
ვაინბერგერის რეკომენდაციების გავლენის ქვეშ მოექცა და არც ჯერ კიდევ
არარატიფიცირებული სალტ II –ის პირობების შესრულებაზე დასთანხმდა და არც
თავის საყვარელ სტრატეგიული თავდაცვის ინიციატიაზე თქვა უარი.

საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება – 1987 წლის 8 დეკემბერს


აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა
ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას, რომელიც აშშ-ს სენატმა 1988 წლის 27 მაისს
დაამტკიცა და, რომელიც ძალაში იმავე წლის 1 ივნისს შევიდა. ხელშეკრულების
ოფიციალური სახელწოდებაა: ~ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის ხელშეკრულება მათი საშუალო და
მოკლე რადიუსის მქონე რაკეტების განადგურებაზე.~ ხელშეკრულების მიხედვით
განადგურდა საშუალო რადიუსის (500 დან 5,500 კმ მანძილით განსაზღვრული)
ბირთვული და ჩვეულებრივი სახმელეთო ბალისტიკური და საზღვაო რაკეტები.
ხელშეკრულების ბოლო ვადისთვის, 1991 წლის 1 ივნისისთვის, სულ 2,692 ასეთი
იარაღი განადგურდა, 846 შეერთებული შტატების, ხოლო 1,846 საბჭოთა კავშირის
მიერ. ხელშეკრულება ორივე მხარეს აძლევდა უფლებას ერთმანეთის შესამოწმებლად
ინსპექტორები მიევლინათ.

ლიდერები საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებაზე (INF)


მორიგდნენ, განაახლეს კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები
და რისკის შემცირების ცენტრი დაარსეს, რომელიც ბირთვული ომის რისკის
ანალიზს გააკეთებდა. მხარეებმა ასევე გადაწყვიტეს ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის სფეროში ეთანამშრომლათ.

რეიგანისა და გორბაჩოვის შემდეგი შეხვედრა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1986


წლის ოქტომბერში რეიკიავიკში, ისლანდია, გაიმართა, სადაც მათ თითქმის მიაღწიეს
გარიგებას საშუალო რადიუსის რაკეტების შეცირებაზე, მაგრამ სულ ბოლოში
გორბაჩოვმა დამატებით მოითხოვა, რომ რეიგანს სთი-ზე გარკვეული შეზღუდვები
დაედო. რეიგანმა გორბაჩოვს მტკიცე უარი განუცხადა. ორივე ლიდერმა თავი
მოტყუებულად იგრძნო და ორივემ ერთმანეთიფლიდობასა და უპირობაში
დაადანაშაულა. სახლში დაბრუნებულმა გორბაჩოვმა პოლიტბიუროს სხდომაზე
რეიგანს მატყუარა უწოდა. მაგრამ გარემოებები ლიდერების წყენაზე უფრო ძლიერი
აღმოჩნდა. ვერც ამერიკის და, მითუმეტეს, ვერც საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ვერ
უძლებდა იმ შეიარაღების ტემპებს, რომლებიც რეიგანმა ცივი ომის მონაწილეებს
თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში შესთავაზა. ბოლოს მაინც გორბაჩოვი
დანებდა. იგი საშუალო რადიუსის რაკეტების შემცირებაზე დასთანხმდა და რეიგანს
სთი-ის განხორციელებაზე რაიმე შეზღუდვების დაწესება აღარ მოსთხოვა.

რეიგანმა და გორბაჩოვმა უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწიეს. მათ საშუალო


რადიუსის (1000-დან 5,500 კილომეტრამდე) და მოკლე რადიუსის (500-1000
კილომეტრამდე) რაკეტების სრული განადგურების მზადყოფნა გამოთქვეს.
ამერიკელი ჰარდლაინერები შიშით უყურებდნენ უჩვეულო სამშვიდობო პროცესს.
მსოფლიოს თვალში ამერიკის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით, ისინი საბჭოებს ამის
გაკეთებას ჯერ კიდევ 1981-82 წლებში სთავაზობდნენ იმ იმედით, რომ მოსკოვი
არასდროს დასთანხმდებოდა. გორბაჩოვმა კი, ეს წინადადება არა მხოლოდ მიიღო,
არამედ ამერიკელებს შესთავაზა ერთმანეთის გაკონტროლების მიზნით, ორივე
მხარის ოფიციალური პირებისთვის და მეცნიერებისთვის ერთმანეთის
გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტებზე შესვლის და შემოწმების უფლება მიეცათ.
ეს ისტორიული გარღვევა იყო, რომელსაც ლეგალური გაფორმება სჭირდებოდა. 1987
წლის დეკემბერში, ვაშინგტონში, კიდევ ერთი სამიტი გაიმართა, რომელზეც რეიგანმა
და გორბაჩოვმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის საფუძველზეც
მოსკოვმა ვეროპიდან 1,500 ბირთვული ქობინი გამოიტანა, ხოლო შეერთებულმა
შტატებმა კი ამის ნახევარი. ბოლო შეხვედრა რეიგანსა და გორბაჩოვს შორის 1988
წლის მაისში მოსკოვში გაიმართა, რომელზეც მხარეებმა INF კიდევ უფრო სრულყვეს.

რონალდ რეიგანს პრეზიდენტობის მეორე ვადაში ნამდვილად გაუმართლა, რომ მისი


საბჭოთა ქაუნთერფართი მიხეილ გორბაჩოვი იყო. უდაოა, რომ ამან
მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისი საგარეო პოლიტიკის წარმატებები. როგორც
წესი, ამერიკელები თავიანთ წამავალ პრეზიდენტებს ქებით და ხოტბით არ
ანებივრებენ. თვით ჰარი ტრუმენიც კი, რომელიც ახლა ყველა დროის ყველაზე
პოპულარულ 5 პრეზიდენტის სიაში შედის, ოფისის დატოვების მომენტში,
ამერიკელთა დიდი რაოდენობის უკმაყოფილებას და კრიტიკას იმახურებდა.
რონალდ რეიგანი კი ამ მხრივ ნამდვილად ქუდბედიანი პრეზიდენტი იყო.
მართალია იგი ხშირად ხდებოდა ამერიკელი ინტელექტუალების დაცინვის საგანი,
მაგრამ, სამაგიეროდ ამერიკელი ხალხის სიყვარული მას არც სიცოცხლეში და არც ამ
ქვეყნიდან წასვლის შემდეგ არასოდეს მოკლებია.

You might also like