You are on page 1of 5

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, საომარი მოქმედებების მიმდინარეობამ და მასზე რუსეთის

ხელისუფლების თუ რიგითი მოქალაქეების რეაქციამ აჩვენა, რომ ვლადიმირ პუტინის


რეჟიმის ძალა - მითიური კონსტრუქტია. რამდენიმე თვეში ხუთი მთავარი მითი, რომელზეც
იდგა პუტინის სახელმწიფოს სახეხატი, ეტაპობრივად დაინგრა. რეჟიმის ფასადური მხარე
იყო მძლავრი არმია, ძალაუფლების ვერტიკალური მონოლითი, დახვეწილი პროპაგანდა,
რომელსაც შეუძლია მოქალაქეებს ყველაფერი დააჯეროს, რაც კრემლს სურს, საზოგადოების
დიდი ნაწილის მილიტარიზაცია და ამ საზოგადოების მხრიდან პუტინის ნებისმიერი
წამოწყების მხარდაჭერა.

კრემლი წარმატებით ახდენდა ამ მითების ტრანსლირებას როგორც საგარეო, ასევე საშინაო


აუდიტორიაზე. ჩაერთო რა სრულმასშტაბიან ომში უკრაინასთან, პუტინის რეჟიმმა სცადა
დამსგავსებოდა საკუთარ თავს, თუმცა მისმა ფასადმა ვერ გაუძლო რეალობასთან შეჯახებას.
ცხადია, სისტემა ჯერ კიდევ მყარად დგას - რუსები ჯერ ვერ ხედავენ პუტინის
ალტერნატივას, ეშინიათ „ბობოქარი 90-იანების“ დაბრუნების, ბიუჯეტი კი ივსება
ენერგორესურსების გაყიდვით. მაგრამ ეს რეჟიმის შიდა კარკასია და არა მისი გარე მხარე,
რომელიც ეროზიას დაექვემდებარა.

პუტინის რუსეთის საექსპორტო და საშინაო იმიჯი ხუთ ბოძზე იდგა. კრემლი ცდილობდა
ეჩვენებინა რუსებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის, რომ ჰყავს ძლიერი და თანამედროვე
არმია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის არმიას დაუპირისპირდეს. პუტინის
ვერტიკალი ეფექტურია, იმართება პირადად პრეზიდენტის მხრიდან, ხოლო მისი
ელემენტები (ძალოვანები, ჩინოვნიკები და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესი)
შეთანხმებულად მოქმედებს. საზოგადოება კი მზადაა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის
ნებისმიერ წამოწყებას და აიტანოს სირთულეები მის გამო. რეჟიმის ეს სამი შემადგენელი
სახეხატი გათვლილი იყო როგორც საგარეო, ასევე საშინაო, ხელისუფლების ლოიალურ
აუდიტორიაზე. ეს უკანასკნელი კი განიცდიდა სიმშვიდეს და მომავლის რწმენას. პირველს
კი უნდა დაეჯერებინა, რომ კრემლი აკონტროლებს სიტუაციას რუსეთის შიგნით და მზადაა
დაუპირისპირდეს საგარეო მტერს, რის შემდეგაც იგი უარს იტყოდა რუსეთის
ხელისუფლების ცვლილებაზე.

კიდევ ორი ხაზი, სავარაუდოდ მიმართული იყო უცხოურ სახელმწიფოებსა და რუსებზე,


რომლებიც პუტინის და მისი რეჟიმის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. ერთ-ერთი
მათგანი გულისხმობდა ოფიციალური პროპაგანდის ყოვლისშემძლეობას, რომელსაც
შეუძლია დააჯეროს მოსახლეობას ყველაფერი და მომართოს მოქალაქეები ნებისმიერი
ქმედების ჩადენაზე. მეორე კი ხაზს უსვამდა რუსული საზოგადოების მილიტარიზმს,
რომელიც თითქოს მზადაა ძალოვანი ქმედებებისკენ ძალაუფლების დასაცავად და
შინაგანად მობილიზებულია ამისთვის.

ამ ხაზებს უნდა წარმოეჩინათ - პუტინის ჩამოგდება ან მისი წასვლის მოლოდინი უშედეგოა.


რუსები დგანან პრეზიდენტის უკან, მზად არიან მისთვის იბრძოლონ, ხოლო თუ რამეში ეჭვს
შეიტანენ, პროპაგანდა მათ სწრაფად მომართავს კრემლისთვის სასურველ ტალღაზე.
რუსეთის ომმა უკრაინაში, ფრონტზე შექმნილმა სიტუაციამ, მობილიზაციამ და
საზოგადოების დამოკიდებულებამ აჩვენა, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდისტული მითებია,
რომლის ხელოვნურობაც ნათელი გახდა კრიტიკულ სიტუაციაში.

მითი 1: სუპერარმია

თავდაპირველად ნგრევა დაიწყო მითმა რუსეთის არმიის ძლევამოსილებაზე, რომელიც


მოსჩანდა სუპერეფექტურად და თანამედროვედ თავად ვლადიმირ პუტინისთვის. რუსეთის
პრეზიდენტს რომ წარმოდგენა ჰქონოდა საკუთარი შეიარაღებული ძალების ხარვეზებზე,
იგი სავარაუდოდ არ წამოიწყებდა ფართომასშტაბიან ომს მსხვილ სახელმწიფოსთან.
თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჭკვიანურად აგებდა სუპერეფექტური სტრუქტურის
სახეხატს. თავდაცვის უწყება რეგულარულად წარადგენდა შეიარაღების ახალ ტიპებს,
რომლითაც პუტინი 2018 წლის არჩევნების წინ დაემუქრა აშშ-ს. სამინისტრო აწყობდა
მასშტაბურ ღონისძიებებს - წვრთნებს რუსეთის ტერიტორიაზე და მის მიღმა, სატანკო
ბიატლონს, ტექნიკის დემონსტრაციის და გაყიდვის ფორუმებს. ბევრ ასეთ ღონისძიებაში
პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

რუსეთის მთავრობაში ცალსახად ჰქონდათ ბლიცკრიგის იმედი - ითვლებოდა, რომ რუსეთის


არმია შესანიშნავ მდგომარეობაში, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები ცუდ
ვითარებაში, მისი ხელისუფლება დემორალიზებული, ხოლო მოსახლეობა პრორუსულად
განწყობილი. ბოლო ორ პუნქტში კრემლი სპეცსამსახურებმა დაარწმუნეს. სავარაუდოდ,
პუტინი და ძალოვანები შეჭრის დროს რუსეთის არმიის რეალურ მდგომარეობას რომ
დაყრდნობოდნენ, თავად ომის მიმდინარეობაც სხვაგვარად წარიმართებოდა, მაგრამ
გადაწყვეტილების მიღება შეიარაღებული ძალების ფასადურ სახეხატზე დაყრდნობით
მოხდა. დიდი ხნის განმავლობაში პუტინი და კრემლის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ,
რომ რუსეთის გამარჯვებისთვის საკმარისი იყო პროფესიონალი სამხედროების წვლილი.
რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო გადაჯგუფება და გამარჯვებად შეჭრის ნებისმიერი
შედეგის წარმოჩენა - ომის ზუსტი მიზნები ისედაც არ იყო გამოხატული.

ომის რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ თანამედროვე ტექნიკა რუსეთის არმიას საკმარისად არ
აქვს, მისი ნაწილი დაზიანდა, ხოლო სარაკეტო შეიარაღების რაოდენობა საკმარისი არ
აღმოჩნდა. ამჟამად თავდაცვის უწყებები მოძველებული ტ-62 ტანკების მოდერნიზაციით
არიან დაკავებული. რუსეთის არმიის შეტევითი პოტენციალი სწრაფად ამოიწურა, ხოლო
შემოდგომაზე უკრაინამ დაკარგული ტერიტორიების ნაწილიც კი დაიბრუნა.

აღმოჩნდა, რომ რუსეთის არმიის შედარებით წარმატებული მოქმედება სირიაში არ


წარმოადგენს გარანტიას მსხვილ რეგულარულ არმიასთან ბრძოლაში. დადგა საკითხი
გენერლების პროფესიონალიზმის შესახებაც. „ულტრაპატრიოტებმა“, რომლებიც დიდი ხნის
განმავლობაში აღფრთოვანებული იყვნენ შეიარაღებული ძალებით და მათი
ხელმძღვანელობით, სულ უფრო ხშირად დაიწყეს მათი გაკრიტიკება. ამჟამად რუსეთის
რეგულარული არმია არ იწვევს ისეთივე შიშს, ცხადია, თუ ბირთვულ იარაღს არ ჩავთვლით.
მობილიზაციამ ეფექტური არმიის სახეხატი კიდევ უფრო დააზიანა - გაირკვა, რომ ფორმა
საკმარისად არ არის, ხოლო გაწვეულებს თავად უწევთ აღჭურვილობის შეძენა.

მითი 2: ძალაუფლების ეფექტური ვერტიკალი


ომმა დაანგრია მითი სხვა ეფექტურ და აწყობილ რუსულ მექანიზმზეც - პუტინის
ძალაუფლების ვერტიკალზე. ითვლებოდა, რომ პრეზიდენტი აკონტროლებს
დაქვემდებარებულებს, ხოლო ისინი ერთმანეთთან კოორდინაციაში არიან და სახელმწიფოს
მეთაურს ეფექტურ გადაწყვეტილებებს აწვდიან. პრაქტიკაში კი სხვაგვარადაა. ძალოვანები
კონფლიქტში არიან ერთმანეთთან და ნამდვილად არ სურთ კოორდინირება სამოქალაქო
პირებთან. პრეზიდენტის ახლო წრის წევრები, მათი ავატარები პრეზიდენტის
ადმინისტრაციასა თუ ხელისუფლებაში ლობირებენ არა რეჟიმისთვის, არამედ პირადად
მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს და მზად არიან გადაუხვიონ ვერტიკალის
ინტერესებს. თავად პუტინიც აღარ აფრთხილებს დაქვემდებარებულებს საკვანძო
გადაწყვეტილებების შესახებ. შედეგად მათი აღსრულება ხდება დაჩქარებულ რეჟიმში,
ქაოსისა და გაურკვევლობის ატმოსფეროში.

სექტემბრის ბოლოს გამოცხადებული მობილიზაცია ვერტიკალის მითის ნგრევის საუკეთესო


მაგალითია. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მის აღმსრულებელთა
უმრავლესობისთვის. პოლიტიკურმა ბლოკმა წინასწარ ვერ მოამზადა ნიადაგი - ჯერ კიდევ
რამდენიმე დღით ადრე კრემლის ჩინოვნიკები ამტკიცებდნენ, რომ არავითარი
მობილიზაციის საჭიროება არ იდგა. ცუდად მოემზადნენ სამხედრო კომისარიატებიც,
რომელთაც ქაოტურად დაიწყეს ცნობების გაგზავნა და ყველას მობილიზაცია გეგმის
ჩავარდნის თავიდან აცილების მიზნით. შედეგად გაწვეულებს შორის აღმოჩნდნენ
მრავალშვილიანი მამები და საბრძოლო გამოცდილების არმქონე მამაკაცებიც.

თავიდანვე არაპოპულარული გადაწყვეტილების რეალიზება მოხდა საშინლად, ხოლო


შეცდომებზე მუშაობამ და დამნაშავეთა ძიებამ მხოლოდ ხაზი გაუსვა ძალაუფლების
ვერტიკალის არაეფექტურობას. სისტემა, რომელსაც მკაფიოდ უნდა ემოქმედა კრიზისულ
პირობებში, ჩავარდა - ხშირად გაწვეული აღმოჩნდნენ მამაკაცები, რომელთაც არავითარი
სამხედრო გამოცდილება არ გააჩნდათ. მობილიზაციის ქვეშ მოხვდნენ მასწავლებლები,
ექიმები და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები. ომში უკვე დაიღუპნენ
მაღალჩინოსნებიც. აღმოჩნდა, რომ ვერტიკალი ორიენტირებულია ხელმძღვანელობის
ბრძანებებზე და ასრულებს მათ ნებისმიერ ფასად, თუმცა აკეთებს ყველაფერ ამას
გაუაზრებლად, შეცდომებით და ხარვეზებით.

მეტიც - ძალაუფლების ვერტიკალის რღვევა დაიწყო საჯარო სივრცეშიც. „ომის პარტიის“


აქტიური წევრები ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი აკრიტიკებენ თავდაცვის
სამინისტროს ფრონტსა თუ მობილიზაციაში ჩავარდნების გამო. სამხედროები გააკრიტიკეს
სახელმწიფო დუმის წევრებმაც. საპასუხოდ მათ თავდაცვის სამინისტრო ლოიალური
მედიის საშუალებით პასუხობს და ადანაშაულებს დესტაბილიზაციასა და მოწინააღმდეგის
ხელშეწყობაში.

მითი 3: პროპაგანდის ძლევამოსილი მანქანა

დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა პუტინის კიდევ ერთი კოზირის - მძლავრი პროპაგანდისტული
მანქანის ეფექტურობა. ის მართლაც გამართულად მუშაობდა, სანამ მოქალაქეები არ
აწყდებოდნენ სერიოზულ ეკონომიკურ სირთულეებს, ხოლო კრემლიც მათგან შედარებით
მცირეს ითხოვდა - არჩევნების შედეგებზე დათანხმებას, პროტესტზე უარის თქმას და
ხელისუფლების მხარდაჭერას. რუსების უმრავლესობა სიამოვნებით იმეორებდა
პროპაგანდისტულ ნარატივებს „ფაშისტურ უკრაინაზე“, „ბანდერელებზე“, „ანგლოსაქსებზე“,
დასავლეთში ცხოვრების საშინელებებზე. თუმცა ხელისუფლებისთვის კრიტიკულად
მნიშვნელოვანი მობილიზაციის დროს გაირკვა, რომ პროპაგანდის თეზისებს აყოლილთა
უმრავლესობას საერთოდ არ სურდა მათ გამო ომი.

პარალელურად, რუსები მზად არ არიან მიიღონ პროპაგანდისტური დატვირთვა მედიისგან.


სახელმწიფო ტელევიზია, გაზაფხულის შემდეგ პრაქტიკულად გეოპოლიტიკური თოქ-
შოუების უწყვეტ ტრანსლირებაზე გადავიდა. მაგრამ მათი რეიტინგები მუდმივად ეცემოდა
და კრემლს მოუწია როტაციაში გასართობი გადაცემების ჩაშვება. ფიქტიურ წარმატებად იქცა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობა შეექმნა ახალი პროსაომარი Z-პოპ-კულტურა.
გარე დამკვირვებლისთვის ნათელი გახდა, რომ პუტინის პროპაგანდა არის არა
მოქალაქეების მობილიზაციის საშუალება ძალაუფლების გრძელვადიანად
მხარდაჭერისთვის (როგორც, მაგალითად პროპაგანდა ნაცისტურ გერმანიაში), არამედ
უკეთეს შემთხვევაში ყურადღების გადატანის მეთოდი ქვეყნის ხელისუფლების
შეცდომებისგან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პროპაგანდისტებმა დაიწყეს მიმართვა
ანონიმური ჩინოვნიკების მიმართ და მოუწოდებდნენ მათ შეეწყვიტათ ხალხის მოტყუება. ამ
მეთოდით ისინი ცდილობენ უპასუხონ მაყურებელთა მოთხოვნას, რომელიც სულ უფრო
კარგავს ინტერესს სახელმწიფო მედიის მიმართ ხელისუფლების არაპოპულარული
გადაწყვეტილებების ფონზე და მოახდინოს მათი გადამისამართება ხელისუფლების
წარმომადგენლებზე.

მითი 4: საზოგადოების სრული მილიტარიზაცია

დიდწილად მითი აღმოჩნდა რუსული საზოგადოების მილიტარიზაციაც. მოქალაქეთა


ნაწილი მართლაც აცმევს დაბადებისთანავე ბავშვს ბუტაფორიულ სამხედრო ფორმას და
მზადაა ჩასვას ის ხელნაკეთ ქაღალდის ტანკში, გამოეწყოს კამუფლაჟში, მიიჩნიოს
თავდაცვის მინისტრი ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად, ხოლო არმია ინსტიტუტად,
რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. საზოგადოების ეს მილიტარიზებული ჯგუფი მზადაა
მხარი დაუჭიროს ომს პროფესიონალი სამხედროების ხელით, ცუდად იცნობს მის რეალურ
მიმდინარეობას და ფიქრობს, რომ ბუჩასა და იზიუმში საშინელებები უკრაინის და ნატოს
ფეიკებია. კამუფლაჟის ჩაცმას და სანგრებში გაქცევას კი „მილიტარიზებული“ რუსები არ
ჩქარობენ. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი მილიონამდე ადამიანმა დატოვა.
ხოლო მობილიზებული ოფიციალურად 222 ათასი ადამიანი იყო.

განსხვავება ამ ციფრებში ბევრს ამბობს რუსების ცნობიერების რეალურ მილიტარიზაციაზე.


ამ მითის არსებობა მართლაც მნიშვნელოვანი იყო კრემლისთვის. გარედან ჩანდა, რომ
რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია გამოიყვანოს მოტივირებული მეომრების უზარმაზარი
არმია, რომელიც მზადაა იბრძოლოს პუტინისთვის. საზღვარზე არსებული რიგების
მაგალითზე ეს ილუზიები გაიფანტა - მობილიზაციისთვის თავის დასაღწევად ტყეში
წავიდნენ ქვეყნის სიღრმეში მცხოვრები ადამიანებიც, რომლებიც პრეზიდენტის საიმედო
საყრდენად ითვლებოდნენ.
მითი 5: პუტინის ნებისმიერი გადაწყვეტილების უპირობო მხარდაჭერა

რაც მთავარია დაინგრა მითი, რომ რუსეთში ჩამოყალიბდა პიროვნების კულტი, ხოლო
რუსები მზად არიან შეეგუონ პუტინის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, დაუჯერონ მას და
მიანდონ პრეზიდენტს საკუთარი მომავალი. მობილიზაციის შემდეგ მოქალაქეთა შიში
მნიშვნელოვნად გაიზარდა, პრეზიდენტის რეიტინგმა კი ვარდნა დაიწყო.

მოქალაქეებს მართლაც შეუძლიათ თქვან, რომ ყველაფერში უჭერენ მხარს პრეზიდენტს,


თუმცა ამ ყველაფრის დეკლარირება ხდება იმ მომენტამდე, სანამ ეს ქმედებები ნეგატიურ
გავლენას არ მოახდენს უშუალოდ ამ ადამიანებზე. როგორც კი პრეზიდენტი წითელ ხაზებს
გადაკვეთს, მისი მხარდაჭერა კლებას იწყებს. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად,
სულ უფრო მეტი რუსი აღიარებს, რომ უარს იტყოდნენ ომის დაწყებაზე. იზრდება
სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერთა რიცხვიც. ამის მიზეზი კი მობილიზაციასთან
ერთად ეკონომიკური სანქციები და ცხოვრების დონის დაცემაა. პუტინის მხარდაჭერა
ეფუძნებოდა არა იმდენად მის ქარიზმას, რამდენადაც სტაბილურობას და ილუზიას,
ცხოვრების მისაღებ დონეს, ხელისუფლების მეტ-ნაკლებად პროგნოზირებად ქმედებას,
მოქალაქეების პირად ცხოვრებაში მის ჩაურევლობას, თუ ისინიც არ ერეოდნენ პოლიტიკაში.

ნებისმიერი მითი ეფექტურია მანამ, სანამ მისი ავტორი ან ავტორები არ უშვებენ


რეალობასთან შეჯახებას. მითების შემოქმედებს ცხადია ეს ესმით და იცავენ საკუთარ
შემოქმედებას. ვლადიმირ პუტინი დიდი ხანი იცავდა ამ წესს, თუმცა თანდათან დაიჯერა
მისი და მისი გარემოცვის მიერ შექმნილი მითები, ხოლო შემდეგ დაიწყო მის შესაბამისად
მოქმედება. შედეგი კი აღმოჩნდა კანონზომიერი - ჩვენ ვხედავთ ახალ, რეალურ სახეხატს
რეჟიმის. მან ვერ შექმნა ვერც ეფექტური არმია, ვერც პროპაგანდისტული მანქანა, ვერც
მილიტარისტული საზოგადოება.

You might also like