You are on page 1of 33

ტაო-კლარჯეთის ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლა

ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული ცენტრი წმ. გრიგოლ ხანცთელის თაოსნობითა


და მოღვაწეობის შედეგად ჩამოყალიბდა, ხოლო ეკლესია-მონასტერთა მშენებლობასა და სამონასტრო
ცხოვრებას წმ. გრიგოლისა და მისი თანამოაზრეების კლარჯეთში ჩასვლამდე ჩაეყარა საფუძველი, რასაც
გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში დაცული ცნობები მოწმობს; კერძოდ, გიორგი მერჩულე
გვიამბობს, რომ მათი ჩასვლისას უკვე არსებობდა ოპიზის მონასტერი, სადაც დამკვიდრდნენ და ორი
წელი გაატარეს წმ. გრიგოლმა და მისმა თანამოაზრეებმა. წმ. გრიგოლ ხანცთელმა საფუძველი ჩაუყარა
ტაო-კლარჯეთის ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლას, ხოლო ამ უკანასკნელმა განსაზღვრა
ქართული სასულიერო მწერლობის ხასიათი, რამაც შემდგომში განვითარება და ასახვა პოვა ათონის, შავი
მთის, გელათის, შიომღვიმისა და სხვა ლიტერატურულ სკოლებში. IX საუკუნის I ნახევარში 20-30-იანი
წლების მიჯნაზე ტაო-კლარჯეთში წმ. გრიგოლ ხანცთელის მიერ საკანონმდებლო ლიტერატურის,
ლიტურგიკისა და ჰიმნოგრაფიის განვითარების, კერძოდ სამონასტრო ტიპიკონის შედგენისა და
„საწელიწდო იადგარის“ დაწერის, შესახებ საგანგებოდ საუბრობს გიორგი მერჩულე თავის
ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში.
ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა რამდენიმე დიდ ლავრასა და
მონასტერში არსებობდა და იქ მოღვაწე ბერმონაზვნებს ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა
ჰქონდათ, ერთმანეთს უთმობდნენ ხელნაწერ წიგნებს გადასანუსხავად, რათა ყველა მონასტერს საკუთარი
ლიტურგიკული დანიშნულების წიგნი ჰქონოდა. ამის შესახებ ხელნაწერებზე დართული ანდერძ-
მინაწერები გვამცნობენ. ეს ლავრები და მონასტრებია: ოპიზის, ხანცთის, შატბერდის, იშხნის, ბანას, ოშკის,
ხახულის, ოთხთას, პარხლის, ბერთის, წყაროსთავის, ტბეთის, პარეხის, მიძნაძორის, ანჩის მონასტრები.
მწიგნობრულ საქმიანობას ციხე-ქალაქებშიც ეწეოდნენ, რამდენიმე ხელნაწერი ცნობილია კალმახის
ციხიდან, ქაჯის ციხიდან. მონასტრებში არსებობდა ფერწერისა და ხუროთმოძღვრული სკოლები,
რომელთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ის ტაძრები და ფრესკები, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ
საქართველოს ტერიტორიაზეა შემონახული, ხოლო ხატების დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა
მხარეში არსებულ ტაძარსა და მუზეუმშია დავანებული.
წმ. გრიგოლის მიერ აგებულ მონასტრებში იწერებოდა ორიგინალური ნაწარმოებები, უცხო ენებიდან
(ბერძნული, სირიული, სომხური და სხვ.) ითარგმნებოდა საღვთისმეტყველო თხზულებები,
მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლება, იქმნებოდა ხატები, ფრესკები, ვითარდებოდა
ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, რადგან სამონასტრო ცენტრი გულისხმობდა ხუროთმოძღვრების,
ფერწერის, გალობის, საღვთისმეტყველო-ლიტერატურული საქმიანობის ერთიან კონტექსტში
წარმართვასა და განვითარებას, ასევე, მონასტერი იყო სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრიც. წმ. გრიგოლ
ხანცთელის მიერ დაარსებულმა საღვთისმეტყველო-ლიტერატურულმა სკოლამ ქართულ მწერლობას
შესძინა მრავალი შემოქმედის სახელი. ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში მოღვაწეობდნენ წმ. გრიგოლ
ხანცთელი, სტეფანე მტბევარი, გრიგოლ ოშკელი, დავით ტბელი, გრიგოლ ოპიზელი, გაბრიელ
შატბერდელი, მიქაელ მოდრეკილი, იოვანე ბერაი და მისი ძმა დავითი, იოვანე ჩირაი, დავით ჯიბისძე,
სტეფანე ოშკელი, აბუსერისძე ტბელი და სხვანი.
რა ლიტერატურული და საღვთისმეტყველო მწერლობის მემკვიდრეობა დაგვიტოვა ტაო-კლარჯეთის
ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლამ? ზოგი მათგანი ჩვენამდე არ შემონახულა, მაგრამ ცნობა მათ

1
შესახებ დაცულია წყაროებში, ხოლო ბევრმა მოაღწია, რომლებიც საქართველოსა და საზღვარგარეთის
სიძველეთსაცავებში ინახება. მაგ., წმ. გრიგოლის მიერ შედგენილი ტიპიკონისა და „საწელიწდო
იადგარის“ თაობაზე ცნობას გვაწვდის გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიული თხზულება. სწორედ ამის
გამო გვევლინება წმ. გრიგოლ ხანცთელი ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის
ფუძემდებლად. იგი არის ქართული ლიტურგიკის რეფორმატორი, რომელმაც ქართულ კულტურას
ეროვნული ნიშნები შესძინა. 951 წელს ხანცთაში დაიწერა გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიული
თხზულება „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“, 973-976 წლებში შატბერდში შეადგინა იოვანე ბერაიმ
„შატბერდის კრებული“ და 973 წელს გადაწერა სახარება-ოთხთავი; 978-988 წლებში შატბერდშივე
შეადგინა მიქაელ მოდრეკილმა „საწელიწდო იადგარი“, რომელიც დიდი იადგარის სახელითაა ცნობილი.
X საუკუნეში ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებში შეადგინეს ტბეთის (სვანური), პარხლისა
(შემდგენელი გაბრიელ პატარაი) და კლარჯული მრავალთავები.
978 წელს იოვანე-თორნიკეს დაკვეთით ახლადაშენებული ოშკის სკრიპტორიუმში გადაიწერა და
მომზადდა უძვირფასესი ხელნაწერი - ოშკის, იგივე ათონის ბიბლია, რომელიც ოშკის მონასტრიდან
ათონის ქართველთა მონასტერში გადაიტანეს და ამჟამადაც იქ ინახება. მისი გადამწერები იყვნენ
მიქაელი, სტეფანე და გიორგი; ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრებში გადაიწერა ახალი აღთქმის
რამდენიმე რედაქცია: 897 წელს შატბერდში მიქაელის მიერ გადაიწერა ადიშის სახარების სახელით
ცნობილი ოთხთავი; ამ მონასტრებში ინახებოდა შემდეგი ხელნაწერები: IX საუკუნის კორიდეთის
სახარება ბერძნულ ენაზე; 913 წელს ოპიზის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაწერილი სახარება;
შატბერდის ყოვლადწმიდა ღვთსიმშობლის სახელობის მონასტერში 936-940 წლებში გადაწერილი
ჯრუჭის (I) სახარება; იოვანე ბერაის მიერ შატბერდში 973 წელს პარხლისათვის გადაწერილი სახარების
ხელნაწერი, მის მიერ შედგენილი „შატბერდის კრებული“; დავით ოშკელის მიერ 995 წელს გადაწერილი
ტბეთის (I) სახარება; X საუკუნის ბერთის (I) სახარება; X-XI საუკუნეთა მიჯნაზე გაბრიელ პატარაის მიერ
გადაწერილი წყაროსთავისა და პარხლის (II) სახარებები, პარხლის მრავალთავი; 1033 წელს ოშკში
გადაწერილი და იშხანში დაცული გაბრიელის გადაწერილი სახარება; 1161-1165 წლებში იოვანე
ფუკარალისძის მიერ ტბეთში გადაწერილი სახარება (II), რომლის მომგებელი მღვდელთმოძღვარი პავლე
მტბევარი ყოფილა; 1195 წელს წყაროსთავის (II) სახარება, წყაროსთავშივე გადაიწერა 1207 წელს ანჩის
სახარებაც; XII საუკუნის ბერთის (II) სახარება, რომელიც იოვანე ოპიზელის მიერაა გადაწერილი და ბეშქენ
ოპიზრის მიერ მოჭედილი; ერევნის მატენადარანში დაცული XIII საუკუნის სახარება, რომელიც
წარმომავლობით ტაო-კლარჯეთის სკოლას ეკუთვნოდა; XIII საუკუნეში ოპიზაში სტეფანეს მიერ
გადაწერილი ლაბსყალდის სახარება; XVI საუკუნის სამი სახარება; აგრეთვე, ფრაგმენტული ხელნაწერები
სახარებისა. რამდენიმე ხელნაწერი კრებული სხვადასხვა დროისა, კერძოდ, ოშკში 977 წელს სტეფანე
დეკანოზის მიერ გადაწერილი, იოვანე-თორნიკესა და იოვანე ვარაზვაჩეს მიერ დაკვეთილი ასკეტიკურ-
ჰომილეტიკური თხზულებების კრებული „სამოთხე“, რომელიც ათონის ქართველთა მონასტერში
გადაიტანეს და ამჟამადაც ივირონშია დაცული; ბასილი დიდის „ფსალმუნთა თარგმანება“ და საწელიწდო
საწინასწარმეტყველო შატბერდის მონასტრიდან; იოანე ოქროპირის მათეს სახარების თარგმანება
წყაროსთავიდან; 1093 წელს ოპიზაში ათანასე არვანდ-ყოფილის მიერ გადაწერილი წმ. გიორგი
მთაწმიდელისეული რედაქციის „პარაკლიტონი“; XI საუკუნის სვინაქსრის რამდენიმე ხელნაწერი; წმ.
იოანე სინელის „კლემაქსის“ ხელნაწერი; 1511 წელს ბანაში დიაკონ იაკობ ჯაყელის მიერ გადაწერილი
ტიპიკონი; ქაჯის ციხეში XVII საუკუნეში გადაწერილი „კურთხევანი“ და სხვ.

2
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ წმ. გრიგოლის მოწაფე იყო მაკარი ლეთეთელი, რომელმაც 864 წელს
საბაწმიდის მონასტერში შეადგინა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ხელნაწერი სინური მრავალთავი,
რომელშიც პირველად გვხვდება ნუსხა ხუცურით შესრულებული ტექსტი. ესაა თვით მაკარის ანდერძი,
რომელიც ხელნაწერს ერთვის. ხელნაწერს სინური ეწოდა იმიტომ, რომ იგი X საუკუნის შუა წლებში სინას
მთის ქართულ მონასტერში გადაიტანეს და ამჟამადაც იქ ინახება.
წმ. გრიგოლ ხანცთელის მიერ დაარსებულმა ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულმა
სკოლამ ქართულ ჰიმნოგრაფიას მრავალი მწერალი შესძინა, რომელთა მემკვიდრეობა ძირითადად
მიქაელის საწელიწდო იადგარშია თავმოყრილი. იოანე მინჩხის, სტეფანე სანანოჲსძე-ჭყონდიდელის,
გიორგი მერჩულის, ეზრას, კურდანაჲს, იოანე მტბევრის, იოანე ქონქოზის ძის, თვით მიქაელ
მოდრეკილის სახისმეტყველებით მდიდარი ორიგინალური და ნათარგმნი საგალობლები ნათლად
აჩვენებენ, თუ როგორი შემოქმედებითი ნიჭით იყვნენ ისინი ღვთისაგან დაჯილდოებულნი. ტაო-
კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულმა სკოლამ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე
მდებარე მონასტრებში წარგზავნა თავისი აღზრდილი წმინდა მამები, არამედ საზღვარგარეთის ქართულ
მონასტრებსაც არაერთი დიდი მოღვაწე მისცა.
ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულმა სკოლამ არა მხოლოდ საქართველოს
ტერიტორიაზე მდებარე მონასტრებში წარგზავნა თავისი აღზრდილი წმინდა მამები, არამედ
საზღვარგარეთის ქართულ მონასტრებსაც არაერთი დიდი მოღვაწე მისცა. კორნელი კეკელიძემ შეაფასა
ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის როლი და ადგილი ქართული
კულტურის განვითარების ისტორიაში. აღნიშნა, რომ სწორედ მან მოუმზადა საფუძველი ათონის სკოლას,
რომელსაც ქართული მწერლობის, ქართული კულტურის ისტორიაში უდიდესი მისია დაეკისრა, რადგან
იმ მთარგმნელობითმა საქმიანობამ, რომელიც ათონის ქართველთა ლავრაში, ივირონში, მიმდინარეობდა,
ერთი მხრივ, საღვთისმეტყველო თხზულებების ქართულად თარგმნით ქართული ლიტერატურა
გაამდიდრა, მეორე მხრივ, ქართულიდან ბერძნულად თარგმნის შედეგად ქართველ ინტელექტუალ
ბერმონაზონთა სახელი დასავლური კულტურული წრეებისათვის ცნობილი და მახლობელი გახადა.

წმ. გრიგოლ ხანცთელი

წმ. გრიგოლ ხანცთელის სახელს უკავშირდება საკანონმდებლო ლიტერატურის, ლიტურგიკისა და


ჰიმნოგრაფიის განვითარება, კერძოდ სამონასტრო ტიპიკონის შედგენა და „საწელიწდო იადგარის“
დაწერა, რომელთა შესახებ ცნობებს გვაწვდის გიორგი მერჩულე თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში.
მართალია, ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ, მაგრამ წმ. გრიგოლის სამწერლო მოღვაწეობა გიორგი
მერჩულის მიერ არის დამოწმებული და ამიტომ იგი უნდა განვიხილოთ ლიტერატურის ისტორიაში,
როგორც მწერალი, შემოქმედი. წმ. გრიგოლ ხანცთელის ტიპიკონი და „საწელიწდო იადგარი“
ქართველოლოგიურ პრობლემათა რიგს აერთიანებს და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათ შესახებ
მსჯელობა.

3
წმ. გრიგოლ ხანძთელი 759 წელს დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა, იგი უმაღლეს არისტოკრატიულ
ფენას ეკუთვნოდა, ნერსე ერისთავის ცოლის ძმისწული იყო და მამიდასთან იზრდებოდა. მის აღზრდას
ხელმძღვანელობდა ნერსე ერისთავი, რომელიც ეროვნული იდეალებით იყო შთაგონებული და ქვეყნის
აღორძინებაზე ზრუნავდა. მას ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეებით აღსავსე პირთა გარემოცვა ჰყავდა,
რომელიც ყოველმხრივ ეხმარებოდა საქვეყნო საქმეთა აღსრულებაში. როგორც ჩანს, სახელოვანმა ბიძამ და
მამიდამ საგანგებოდ იშვილეს და იკისრეს მისი აღზრდა. წმ. გრიგოლმა შესანიშნავი განათლება მიიღო,
შეისწავლა საღვთისმეტყველო დარგები და ფილოსოფია; არაქრისტიანულ, წარმართულ ფილოსოფიურ
მოძღვრებას გიორგი მერჩულემ „ჯერკუალი“ უწოდა და გვითხრა, რომ „რომელი იპოვის ჯერკუალი,
განაგდისო“ (ძეგლები, 1963//1964: ). მას ზეპირად სცოდნია ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, გალობა,
სხვა საღვთისმეტყველო წიგნები. წმ. გრიგოლს ჰქონია ფენომენალური მეხსიერება და რაც კი ესწავლა,
ყველაფერი ზეპირად ახსოვდა. გარეგნულად იყო მაღალი, გამხდარი, „სრულიად გუამითა მრთელ“, ანუ
ყოვლად უნაკლო. ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საყოველთაო ყურადღებას როგორც ღმრთისმოყვარე,
გონიერი, მორწმუნე პიროვნება. გრიგოლს, ახლობლებისაგან განსხვავებით, „ხატიცა მონაზონებისაჲ
ემოსა“ (ძეგლები, 1963//1964: 249), რაც საფუძველს იძლეოდა, რომ ერის მომავალ სულიერ მამად
ჩამოყალიბებულიყო. მისმა ახლობლებმა მისი მღვდლად კურთხევა მოიწადინეს, წმ. გრიგოლი ამაში დიდ
პატივს ხედავდა და განაცხადა, რომ „პატიჟისაგან ეშინოდა“ (ძეგლები, 1963//1964: 251). მაშინ მას
ფსალმუნური და ევანგელური სწავლებები შეახსენეს და წმ. გრიგოლიც მღვდლობას დასთანხმდა, მაგრამ
როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევაც მოიწადინეს, თავი ხორციელ პატივში დაინახა და თავის სამ
თანამოაზრესთან ერთად სამხრეთ საქართველოსაკენ აიღო გეზი. მისი თანამოაზრენი იყვნენ: საბა, წმ.
გრიგოლის დეიდაშვილი, რომელმაც შემდგომში იშხნის მონასტერი განაახლა და მისი ეპისკოპოსი გახდა;
თევდორე, რომელმაც ნეძვის მონასტერი ააგო და მისი წინამძღვარი გახდა; ქრისტეფორე, რომელმაც
კვირიკეთის მონასტერი ააგო და მისი წინამძღვარი გახდა.
წმ. გრიგოლ ხანცთელის, როგორც ერის სულიერი წინამძღოლის, სულიერი მოძღვრის, სულიერი მამის,
დამსახურების წარმოჩენა მისივე სახელით იწყება. გრიგოლი ფხიზელს, მღვიძარეს ნიშნავს, რაც
წინასწარვეა იმის მომასწავებელი, რომ მისი მოღვაწეობა ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლისა და
მთელი ერის ზნეობრივი სახის ჩამოყალიბებისათვის ფხიზლად ყოფნის ნიშნით წარიმართოს. წმ.
გრიგოლის მთელ საქმიანობას ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის „ახალი ხატყოფისათვის“
სულიერი მღვიძარება უდევს საფუძვლად. წმ. გრიგოლი თანამოაზრეებთან ერთად ოპიზის წმ. იოანე
ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში მივიდა და მცირე ხნით იქ დარჩა. ოპიზის მონასტერში წმ.
გრიგოლისა და მისი თანამოაზრეების დროებით დამკვიდრება, ყოფნა ბიბლიურ-ევანგელურ
სახისმეტყველებას მიჰყვება, რადგან ოპიზის ეკლესიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე არსებობა
მიანიშნებს წმ. იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის განკაცების, ძე ღმერთად მოვლინების
წინასწარმეტყველებას, ხოლო ეს თავისთავად იმას მოწმობს, რომ ოპიზიდან უნდა მომზადდეს ხანცთის
მონასტრის მშენებლობის ჩანაფიქრი; ღვთაებრივი განზრახვა და განგება ხანცთაში მონასტრის აგებას
მოითხოვდა, რაც წმ. გრიგოლის ხელით უნდა განხორციელებულიყო და ღვთის ნება ამგვარად
აღსრულებულიყო.
ქართლიდან წასულ წმ. გრიგოლს მარტოდ დაყუდება ეწადა, როდესაც იგი კლარჯეთისაკენ გაეშურა.
ამიტომ ოპიზაში ორი წლის ყოფნის შემდეგ წმ. გრიგოლმა ხანცთის მიდამოებს მიაშურა, რათა მოეძებნა
ისეთი ადგილი, სადაც მარტომყოფობა შეეძლებოდა. მან ჩვენება ნახა, რომ ხანცთაში იგი შეხვდებოდა

4
ხანდაზმულ ბერ ხუედიოსს. სწორედ ამ დროს ნახა ჩვენება ხუედიოსმაც, რომ მასთან მივიდოდა
მღვდელი გრიგოლი, რომელსაც ხანცთაში უნდა აეშენებინა მონასტერი. ასე შეხვდა ერთმანეთს ხანცთის
მიდამოებში ორი ბერი, ხუედიოსი და წმ. გრიგოლ ხანცთელი. წმ. გრიგოლმა ხანცთაში ააშენა წმ. გიორგის
სახელობის მონასტერი, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. მან ურთიერთობა დაამყარა საერო პირთან,
დიდგვაროვან ფეოდალთან - გაბრიელ დაფანჩულთან, რადგან ძალიან კარგად იცოდა, თუ რა რთული
იქნებოდა ეკლესიის დამოუკიდებლად, მხოლოდ ბერების იმედით, აგება. გაბრიელმა დიდი დახმარება
გაუწია და მისი შემწეობით აიგო ხანცთაში ქვითკირის ეკლესია.
წმ. გრიგოლმა მოწაფეები და თანამოაზრეები შემოიკრიბა, მონასტერი დააარსა და კლარჯეთის
ეკლესიათა მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რის შემდეგაც თავისი აღშენებული მონასტრებისათვის
წესდების შექმნაზე იზრუნა და აღმოსავლურ-ქრისტიანული ეკლესიის ორი მიმართულების,
იერუსალიმურ-საბაწმიდური და კონსტანტინეპოლური წესდებების, საღვთისმსახურო ტრადიციების
გათვალისწინებით შეადგინა „სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით გაბრწყინვებული“ „ფრიად
ფიცხელი“ წესდება. მან თავად შეისწავლა კონსტანტინეპოლური სამონასტრო ცხოვრება, წესდება,
რომელიც იმხანად იმკვიდრებდა ადგილს ღვთისმსახურებაში და რომელიც მომავლის წესდება იყო,
ხოლო პალესტინიდან ჩამოატანინა თავდაპირველი, საბაწმიდურ-პალესტინური წესდება, რომელიც
ყველა ქრისტიანული ქვეყნის საეკლესიო ტიპიკონებს დაედო საფუძვლად. მათი გათვალისწინებით
შექმნა ახალი ტიპის დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიისათვის შესაფერისი, საჭირო და აუცილებელი
შეზავებული წესდება. წმ. გრიგოლი ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საფუძველს ამზადებდა
საკანონმდებლო და საღვთისმსახურო წიგნების შექმნით, რაც იერუსალიმურ-საბაწმიდურ და
კონსტანტინეპოლურ სამონასტრო ცხოვრებათა გამოცდილებებს ემყარებოდა, მაგრამ იყო
დამოუკიდებელი, ქართული. წმ. გრიგოლის წესდების ნაწილი გიორგი მერჩულემ თავის ჰაგიოგრაფიულ
თხზულებაში შეიტანა, რითაც მკითხველსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა ამ
ტიპიკონის გათვალისწინებისა. მან ისიც აღნიშნა, რომ თავის თხზულებაში წმ. გრიგოლის წესდების
მხოლოდ მცირე ნაწილი შეიტანა: „და ესევითარი მრავალი სათნოებაჲ კეთილი სხუაჲცა დამკჳდრებულ
იყო შორის მათსა, რომლისათჳს არა არს აწ თითოეულად ყოვლისათჳს სიტყუაჲ, რამეთუ შემოკლებულ
არს ჟამი ესე და გონებაჲ ისწრაფის, რაჲთა არა იყოს ნამეტნავ სასმენელსა მსმენელთასა, ამისთჳს განგებაჲ
ყოველი ვერ დაიწერა წიგნსა ამას, არამედ თითო სიტყუაჲ ყოვლისაგან, რომელ აქამდე წესი აქუნდა
ხანცთასა“ (ძეგლები, 1963//1964: 266). გიორგი მერჩულის სიტყვით, თხზულების დაწერის პერიოდში წმ.
გრიგოლ ხანცთელის წესდებიდან ბევრ მუხლს უკვე აღარ ასრულებდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ძნელად
შესასრულებლად მიაჩნდათ, რაც თხზულების ავტორს არასწორად მიაჩნია. მწერალმა ეს ფაქტი
მეტაფორულად მიაწოდა მკითხველს და ამ წესდებიდან მცირე ნაწილის შესრულება ზღვიდან ამოღებულ
წნწთს შეადარა: „ხოლო აწ წესთა მათგანი სულიერთაჲ მცირედი რაჲმე გჳპყრიეს, ვითარმცა ზღჳსაგან
წუეთი ერთი წყალი ვინმე აღმოიღო“ (ძეგლები, 1963//1964: 265).
წმ. გრიგოლ ხანცთელი მეუდაბნოე ბერის ცხოვრებისა და ღვაწლის მაგალითს თავის თანამოაზრეებსა
და მოწაფეებს თვითონ აძლევდა. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა, ხოლო დიდმარხვის
დღეებში უმ კომბოსტოს იღებდა; ღვინო ბავშვობიდანვე არ გაუსინჯავს; მის სენაკში ცეცხლი არ
ინთებოდა. სხვებისგანაც ამასვე მოითხოვდა. წმ. გრიგოლ ხანცთელის მიერ შემუშავებული მკაცრი
წესდება ბერებისაგან ფიზიკურ გამძლეობას, მოთმინებას, სიმშვიდეს, მარხვას, ლოცვას, ხორციელების
დათრგუნვასა და სულიერ ამტანობას მოითხოვდა; ლიტურგიის ჟამს ბერებს ერთმანეთთან საუბარი,

5
კედელზე მიყრდნობა, ჯდომა ეკრძალებოდათ; მხოლოდ მოხუცისა და უძლურებისათვის იყო
დათმობები დაწესებული. ბერების სენაკებიც მწირი იყო, რადგან მხოლოდ საწოლი, საგებელი, წყლის
სარწყული უნდა ჰქონოდათ; სანთელს და ცეცხლს არ ანთებდნენ, რის გამოც გალობა ბნელში უწევდათ,
ხოლო წიგნებს მხოლოდ დღის სინათლეზე კითხულობდნენ; ბერებს ერთად უნდა ეტრაპეზათ და
ერთნაირი საზრდელი უნდა მიეღოთ, დღეში ერთხელ, იშვიათად - ორჯერ; ღვინოს მხოლოდ
წყალგარეულს იღებდნენ და ბევრი ამაზეც უარს ამბობდა. წესდების სიმკაცრისა და მისი დაცვის
გასაცნობად გიორგი მერჩულემ ხანცთის მამასახლისის ბასილის ეპიზოდი დაიმოწმა; დაუძლურებულმა
და დიდი ხნის უჭმელმა მამა ბასილმა მამა გაბრიელს სიკვდილის წინ საოსტიგნიდან ცხელი კორკოტის
მიტანა სთხოვა. იმ დღეს ეს საზრდელი არ ყოფილა გამზადებული, ხოლო მოძღვარმა გაბრიელმა
საგნაგებოდ მამა ბასილისთვის გაამზადა და მიართვა. როდესაც ეს ამბავი ბასილმა შეიტყო,
განრისხებულმა მიტანილი სადილი დასთხია და გაბრიელს უსაყვედურა, რატომ აცდუნებდა, მას თავისი
მამასახლისობის დროს წმ. გრიგოლ ხანცთელის მიერ დაწესებული განგება არასოდეს დაურღვევია და
ყოველთვის ახსოვდა წმ. გრიგოლის სწავლება, რომ მხოლოდ საერთო საზრდელად გამზადებული უნდა
ეხმია: „ყოველსა ჴორცთა საღვაწსა ტრაპეზსა დაშჯერდი“ (ძეგლები, 1963//1964: 319).
ხანცთაშივე შეადგინა ღმრთივგანბრძნობილმა წმ. გრიგოლმა სული წმიდის შთაგონებით „საწელიწდო
იადგარი“. გიორგი მერჩულემ აღნიშნა, რომ წმ. გრიგოლის ხელით დაიწერა „საწელიწდო იადგარი“,
საღვთისმსახურო წიგნი, საგალობელთა კრებული, რომლის გარეშე შეუძლებელია ლიტურგიის
სრულყოფილად აღსრულება ტაძარში.
წმ. გრიგოლ ხანცთელის სულიერი მისია უდიდესია, რადგან მან იზრუნა და იღვაწა მთელი ქართველი
ერის სულიერი აღორძინებისათვის, აღშენებისათვის, მის განსაგანათლებლად, სახელმწიფოებრივ-
პოლიტიკური იდეოლოგიის შესაქმნელად, ეროვნულ საძირკველზე საეკლესიო კანონმდებლობისა და
ჟამისწირვის დასაფუძნებლად, რაც გიორგი მერჩულემ ფორმულასავით ჩამოქნა, როგორც ქვეყნის
ერთიანობისა და დამოუკიდებელი არსებობის საფუძველი: მამული, ენა, სარწმუნოება: „ქართლად
ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი
აღესრულების, ხოლო „კჳრიელეისონი“ ბერძულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო, წყალობა
ყავ“, გინა თუ „უფალო შეგვიწყალენ“ (41,290). გიორგი მერჩულის ამ სიღრმით დატვირთულ
გამონათქვამში უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იფარება. ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით
საყურადღებო არის ფრაზა „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის... ხოლო „კჳრიელეისონი“ ბერძულად
ითქუმის“, რაც წმ. გრიგოლ ხანცთელის მიერ „საწელიწდო იადგარის“ შედეგნას უკავშირდება. „ჟამი
შეიწირვის“ ლიტურგიული პროცესია, რომელიც ტაძარში სრულდება. ძველი ქართული ტერმინოლოგიის
მიხედვით, „ჟამის წირვაჲ“ ლიტურგიას ეწოდება. თვით სიტყვა „ჟამი“ ძველ ქართულში აღნიშნავს
საერთოდ ყოველგვარ საეკლესიო მსახურებას. „ჟამისწირვა“ აღნიშნავს ზოგადად ღვთისმსახურებას,
კერძოდ, ევქარისტიის აღსრულებას გარკვეული დროის მონაკვეთში. „წმ. გრიგოლ ხანცთელის
ცხოვრების“ ზემოხსენებული კონტექსტი გულისხმობს ზოგადად საღვთისმსახურო ჟამისწირვას,
რომელიც რთული სტრუქტურისაა და რომელიც მთლიანად საღვთისმეტყველო სიმბოლიკითაა
განსაზღვრული და მოტივირებული. ჟამისწირვაში დიდი ხვედრითი წილი მოდის ჰიმნოგრაფიულ
ნაწილზე. გიორგი მერჩულის სიტყვები იმას მოწმობს, რომ ჟამისწირვა ქართულად სრულდება, მაგრამ
ერთადერთი კომპონენტი ჟამისწირვისა - კჳრიელეისონი, ანუ „უფალო შეგვიწყალენ“ ითქმის ბერძულად.
ჟამისწირვის ქართულად შესრულებისას, ცხადია, გალობებიც ქართულად სრულდება, რაც არა მხოლოდ

6
გალობის ტექსტის ქართულენოვნებას გულისხმობს, არამედ საგალობლის მთლიანად გაქართულებას,
ტექსტიც ქართულია და გალობის ხმაც, კილოც ქართულია.
გიორგი მერჩულის სიტყვები: „აწ არს ხანცთას ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა
საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან“, მრავალმხრივ მნიშვნელოვან
ინფორმაციას შეიცავს. გიორგი მერჩულე თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას წერს ხანცთაში, სადაც მას
თვალწინ აქვს წმ. გრიგოლ ხანცთელის „საწელიწდო იადგარი“. გავიხსენოთ „ წმ. გრიგოლ ხანცთელის
ცხოვრების“ დაწერის თარიღიც - 951 წელი, წმ. გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წელია გასული.
გიორგი მერჩულის ზემოთ მოყვანილი სიტყვები სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზის გამხდარა
მსჯელობის საგანი. განსახილველი იყო ძირითადად საწელიწდო იადგარის ავტორობის საკითხი.
მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ „საწელიწდო იადგარი“ წმ. გრიგოლის მიერაა შექმნილი (ნ. მარი,
კ. კეკელიძე, პ. პეეტერსი, პ. ინგოროყვა, რ. ბარამიძე, რ. სირაძე, გ. ფარულავა, ე. ჭელიძე, მ. ერქვანიძე, მ.
სუხიაშვილი). მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ იგი გრიგოლის მიერაა გადაწერილი (ე. მეტრეველი, ალ.
ბარამიძე, ც. კახაბრიშვილი), ხოლო შ. ონიანის თვალსაზრისით, წმ. გრიგოლი არის საგალობელთა
ზეპირად ჩამწერი და, კონტექსტის მიხედვით, „საწელიწდო იადგარის“ წმ. გრიგოლის ხელით დაწერა
მისი ფენომენალური მეხსიერების დამადასტურებელია.
სამწუხაროდ, მიუხედავად პ. ინგოროყვას გულმოდგინე ცდისა, წმ. გრიგოლ ხანცთელის ორიგინალური
შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღესაც არ არის გამოვლენილი, რაც კოდიკოლოგიური მონაცემების
სიმწირის გამო ურთულეს მდგომარეობას უქმნის ჰიმნოლოგ მკვლევარებს. მაგრამ გიორგი მერჩულის
სიტყვები უცილობლად ცხადყოფენ, რომ „საწელიწდო იადგარი“ წმ. გრიგოლის დაწერილია. იგი არ არის
მხოლოდ უბრალო გადამწერი, - ამისთვის ისეთი დიდი მოღვაწე, როგორიც წმ. გრიგოლ ხანცთელია, ვერ
მოიცლიდა, - და არც მხოლოდ შემდგენელი, არამედ იგი არის მთელი ამ ჰიმნოგრაფიული კრებულის
შემოქმედი.
წმ. გრიგოლ ხანცთელის მიერ საწელიწდო იადგარის დაწერის თაობაზე კ. კეკელიძემ აღნიშნა, რომ
საგალობელთა კრებულის ავტორი და შემდგენელია წმ. გრიგოლ ხანცთელი. შემოქმედებითი პროცესის
ქრისტიანული არსი და მიმდინარეობა კ. კეკელიძემ ჩინებულად იცოდა და ამიტომაც წერდა: „ფრაზა
„ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა“ უფრო ასე უნდა გვესმოდეს, რომ ეს იადგარი ან
ლიტურგიკული ჰიმნები მთელი წლისა მას თვით შეუთხზავს თითქოს „სული წმიდის შთაგონებით“
(კეკელიძე, 1960: 135). მისივე აზრით, რაკი იადგარს ჩვენამდე არ მოუღწევია, ძნელი განსასაზღვრია, თუ
რომელი ან რამდენი საგალობლის ავტორობა შეიძლება მივაკუთვნოთ მას. „დღეს ჩვენ შეგვიძლია ამის
შესახებ ვიმსჯელოთ მიქელ მოდრეკილის იადგარის მიხედვით, ვინაიდან, ლაპარაკი არ უნდა, ის შეიცავს,
სხვათა შორის, წმ. გრიგოლის საგალობლებსაც, მაგრამ გასარკვევია, რომელს და რამდენს“ (კეკელიძე, 1960:
135). კ. კეკელიძემ ზოგადადაც შეაფასა წმ. გრიგოლ ხანძთელის „საწელიწდო იადგარის“ მნიშვნელობა: „ამ
კრებულმა განამტკიცა აქ ჰიმნოგრაფიული ტრადიცია და ნიადაგი მოამზადა ორიგინალური
ჰიმნოგრაფიის შემდგომი განვითარებისათვის“ (კეკელიძე, 1960: 599). ასევე ესმოდა პ. პეეტერსსაც,
რომელმაც ლათინურად თარგმნა გიორგი მერჩულის თხზულება.
წმ. გრიგოლის მიერ შედგენილ-შექმნილი საწელიწდო იადგარის საკვლევად ყველაზე დიდი შრომა
გასწია პავლე ინგოროყვამ, რომლის თვალსაზრისითაც საწელიწდო იადგარი წმ. გრიგოლის დაწერილია,
ანუ წმ. გრიგოლ ხანცთელი არის მთელი წლის საგალობელთა შემცველი ლიტურგიკული კრებულის
შემთხზველი. მან მიქაელ მოდრეკილის შედგენილი საწელიწდო იადგარიდან გამოყო კიდეც მთელი ფენა

7
საგალობლებისა, რომლებიც წმ. გრიგოლის შეთხზულად მიიჩნია (ინგოროყვა, 1954). ე. მეტრეველმა წმ.
გრიგოლ ხანცთელი საწელიწდო იადგარის უბრალო გადამწერად ან შემდგენლად მიიჩნია (მეტრეველი,
1971: 067). ალ. ბარამიძე „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“ „დაიწერას“ ორგვარ მნიშვნელობას
გულისხ¬მობს: 1. შეიქმნა, შეითხზა; 2. გადაიწერა, გადაინუსხა. ჩვენთვის საინტერესო ციტატაში იგი
`გადაიწერას~ გულისხმობს და წმ. გრიგოლის საწელიწდო იადგარი მის გადაწერილად მიაჩნია.
ე. ჭელიძემ ორ უმნიშვნელოვანეს გარემოებას მიაქცია ყურადღება: 1. „დაწერილი სულისა მიერ
წმიდისა“; 2. „რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან“. მისი თვალსაზრისი სავსებით ეთანხმება
საღვთისმეტყველო თხზულებათა მონაცემებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ადრე მრავალგზის
გამოთქმულ შეხედულებას, რომ სული წმიდა მიჩნეულია შთამაგონებლად და ყოველი ჭეშმარიტი
სიტყვის შემცველი თხზულების ავტორად; სულიწმიდის მადლით შთაგონებული მწერალი წერს
`საწელიწდო იადგარს“ (ჭელიძე, 1984: 158). „სულისა მიერ წმიდისა“ დაწერა მხოლოდ და მხოლოდ
შემოქმედებით პროცესს გულისხმობს და მასში არ შეიძლება სხვისი თხზულების გადაწერა ვივარაუდოთ.
ე. ი. წმ. გრიგოლმა „ჩაიწერა“, ანუ შეთხზა, შეადგინა, შექმნა სული წმიდის მიერ მისთვის თქმული,
გადაცემული საგალობლები, ანუ სულიწმიდამ დაწერა საწელიწდო იადგარი წმ. გრიგოლის ხელით. ე. ი.
წმ. გრიგოლი ღვთის სიტყვის გამტარი და საწერ მასალაზე გადამტანია. ე. ჭელიძემ საღვთისმეტყველო
ლიტერატურიდან უხვად დაიმოწმა ამგვარი ფაქტის დამადასტურებელი ციტატები. მისივე სიტყვით,
`შემოქმედებითი პროცესის ამგვარი გააზრება ძველი ქართული მწერლობის ყველა პერიოდს ახასიათებს.
მანვე განიხილა ძველ ტექსტებში დადასტურებული ფორმულა „მადლითა სულისა წმიდისაჲთა“,
რომელიც უმრავლეს შემთხვევაში შემოქმედებით პროცესს გულისხმობს. „თუმცა რამდენადაც „მადლი“
ზოგჯერ ფიზიკური ძალის მინიჭებასაც მიანიშნებს, არაა გამორიცხული, ეს ფორმულა უიშვიათეს
შემთხვევაში (კერძოდ, ანდერძებში) გულისხმობდეს გადაწერასაც (შდრ. გადაწერის ფორმულა
„მომმადლა“...)“ (იქვე). მკვლევარმა განიხილა გიორგი მერჩულის მიერ წმ. გრიგოლის საწელიწდო
იადგარის შეფასება - „რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან“ - და სავსებით მართებულად განაცხადა,
რომ ამგვარი შეფასება მხოლოდ ავტორისეულ თხზულებას შეიძლება ეხებოდეს, ვინაიდან „ამა თუ იმ
ძეგლის „კეთილსიტყვაობა“ მხოლოდ მისი ავტორის დამსახურებაა და არა გადამწერისა“ (ჭელიძე, 1984:
159).
ამრიგად, გიორგი მერჩულის სიტყვები: „რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან“ - ერთდროულად
გულისხმობს საგალობელთა ტექსტისა და მელოდიათა სრულ ჰარმონიას. ყოველივე ამის შემოქმედი კი
წმ. გრიგოლ ხანცთელია.
როდის უნდა შეექმნა წმ. გრიგოლს თავისი წესდება და „საწელიწდო იადგარი“? გიორგი მერჩულის
ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ წმ. გრიგოლმა
კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებისას გაიგო აშოტ კურაპალატის მოკვლის ამბავი. სამეცნიერო
ლიტერატურაში აშოტის მოკვლის თარიღის შესახებ არსებობს ორი შეხედულება: ერთი ნაწილი ფიქრობს,
რომ აშოტი მოკლეს 826 წელს (ჯავახიშვილი, 128), მეორე ნაწილის აზრით, აშოტი მოკლეს 836 წელს.
ორივე მოსაზრებას აქვს თავისი არგუმენტი. კონსტანტინოპოლში წმ. გრიგოლის მოგზაურობის თარიღის
გარკვევა დაგვეხმარება აშოტის მოკვლის თარიღის დადგენაში. წმ. გრიგოლის ასაკისა და
კონსტანტინოპოლს მისი გამგზავრების მიზანდასახულების გათვალისწინებით ეს მოსალოდნელი იყო IX
საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც იგი 70 წელს იქნებოდა მიტანებული. მართალია, 30-იან წლებშიც, 80-ს
მიტანებულსაც შეეძლო წასულიყო კონსტანტინოპოლს, მით უმეტეს, რომ 101 წლის ასაკში „უდაბნოს

8
ვარსკვლავად“ წოდებული საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად კლარჯეთიდან ჯავახეთს
მიეშურება. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა. წმ. გრიგოლი ტიპიკონს თავისი დაარსებული
მონასტრებისათვის რაც შეიძლება ადრე შექმნიდა, ხოლო ტიპიკონის შედგენის შემდეგ მალევე
შეუდგებოდა საწელიწდო იადგარის დაწერასაც.
წმ. გრიგოლმა გარდატეხა შეიტანა ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში, რაც ქრისტიანული
ცნობიერებით გაჯერებული მისი ეროვნული ღირსების გამოხატვაში გამოვლინდა. მან ლიტურგიკაც და
ჰიმნოგრაფიაც ეროვნულით გააშინაარსა. ბიზანტიაში მისი მოგზაურობა ქართული ეკლესიის
ინტერესებით იყო ნაკარნახევი. მან ყველაფერი გააქართულა. წმ. გრიგოლ ხანცთელმა ყოველივე შექმნა
ღვთის ნებით, რწმენით, სასოებით, სიყვარულით და, რაც მთავარია, სულიწმიდის მადლით.
გრიგოლის მიერ საწელიწდო იადგარის დაწერის შესახებ გიორგი მერჩულის ცნობას იმიტომაც აქვს
განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ქართული ეკლესია X საუკუნის შუა წლებისათვის, როდესაც
დაიწერა „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, მდიდარია საწელიწდო იადგარებით, კერძოდ საბაწმიდურ
და სინურ საღვთისმეტყველო ცენტრებში უამრავი იადგარი შეიქმნა და ინახებოდა კიდეც. საფიქრებელია,
რომ წმ. გრიგოლის „საწელიწდო იადგარი“ თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი მაინც უნდა ყოფილიყო
იადგართა შორის.
წმ. გრიგოლ ხანცთელმა დიდხანს იცოცხლა, 861 წელს 102 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისსავე
აგებულ მონასტერში - ხანცთაში დაკრძალეს. მისი ხსენების დღე 18 ოქტომბერია.

გიორგი მერჩულე

ხელნაწერი. თარგმანები. გამოცემები. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“


ერთადერთი, XI საუკუნის ხელნაწერითაა მოღწეული. თხზულება დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო
ქართველი საზოგადოებისათვის, კერძოდ, შექმნის დროიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე უცნობი დარჩა.
გიორგი მერჩულე და მისი ჰაგიოგრაფიული თხზულება არც ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებსა და
ისტორიულ წყაროში არ იხსენიებიან. შესაბამისად, მისი თხზულება ძველი დროის სხვადასხვა შინაარსის
თხზულებებში არც მითითებულია, არც დამოწმებული და არც გამოყენებული. გამონაკლისია XVIII
საუკუნის მეორე ნახევრის კათალიკოსის, ანტონ პირველის „წყობილსიტყვაობა“, რომელშიც წმ. გრიგოლ
ხანცთელს იამბიკო მიეძღვნა - „თჳს ღირსისა მამისა ჩუჱნისა გრიგოლ ხანცთელისა“ (ანტონ ბაგრატიონი,
1980); ანტონმა მას ჰიმნოგრაფიული კანონიც მიუძღვნა, მაგრამ, როგორც ქეთევან ტატიშვილმა მიუთითა,
საგალობლის გაცნობა მოწმობს, რომ ანტონ კათალიკოსი გიორგი მერჩულის თხზულებას არ იცნობს.
თხზულება 1845 წელს იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში პირველად ნახა ნიკოლოზ
ჩუბინაშვილმა და გაეცნო; მოგვიანებით, 1889 წელს, გამოაქვეყნა სტატია „საისტორიო და
საბიბლიოგრაფიო წერილი“ და საზოგადოებას თხზულების არსებობა აუწყა (ჩუბინაშვილი, 1889), ხოლო
შემდეგ ეს ცნობა 1894 წელს ალ. ცაგარელმაც გადაბეჭდა თავის წიგნში „Сведения...“.
1901-1902 წლებში სინას მთასა და იერუსალიმში სამეცნიერო მივლინებით ყოფნისას იერუსალიმის
საპატრიარქო ბიბლიოთეკაში აკად. ნიკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმა იპოვეს, ნიკო მარმა ტექსტი
ხელნაწერიდან გადმოწერა, მეცნიერულად შეისწავლა, თავისივე შესრულებული რუსული თარგმანი,

9
ტაოსა და შავშეთ-კლარჯეთში მოგზაურობის შესანიშნავი დღიურები და უაღრესად მნიშვნელოვანი
ფილოლოგიური და ლიტერატურათმცოდნეობითი გამოკვლევა დაურთო და 1911 წელს გამოსცა სერიით
„Тексты и разыскания...“. ეს თხზულების პირველი გამოცემა იყო.
გიორგი მერჩულის თხზულება ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა . რუსულად ორჯერაა თარგმნილი: 1.
ნიკო მარის მიერ თარგმნილი ტექსტი 1911 წელს გამოქვეყნდა; 2. 1999 წელს პარიზში ჟურნალ
„სიმბოლოში“ უცხოეთში მოღვაწე ქართველმა მოძღვარმა, იოსებ ზეთეიშვილმა „წმ. გრიგოლ ხანცთელის
ცხორების“ თავისი, ნ. მარის შემდეგ რიგით მეორე, რუსული თარგმანი გამოაქვეყნა .
გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“ დაწერის შემდეგ ცვლილებები შევიდა.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ მასში რამდენიმე თავია დამატებული, მაგრამ ისინი შემდეგ
ისევ ამოუღიათ. ბოლო რედაქცია X საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავს,
ადარნერსე კურაპალატის ძეს, შეუსრულებია, რომელსაც თხზულებაში ადრე ამოღებული სასწაულების
ამსახველი ეპიზოდები ისევ ჩაურთავს. ცვლილებები თხზულებაში მისი დაწერიდან მალე, 951 წლიდან X
საუკუნის 60-იანი წლების დამდეგამდე, უნდა შესულიყო, რადგან ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი ოშკის
ტაძრის საძირკვლის ჩაყრიდან, ე. ი. 963 წლის 25 მარტიდან, - ეს თარიღი ოშკის ტაძრის წარწერიდან არის
ცნობილი, - მალე უნდა გარდაცვლილიყო. რა შეემატა გიორგი მერჩულის შემდეგ თხზულებას მისი
შექმნიდან მოყოლებული, ზუსტად თქმა შეუძლებელია, რადგან გიორგი მერჩულის ხელიდან გამოსული
ტექსტი, თავდაპირველი რედაქცია, არ შემოგვრჩა.
გიორგი მერჩულესა და მის თხზულებას ფუნდამენტური გამოკვლევები მიუძღვნეს ივ. ჯავახიშვილმა
(ჯავახიშვილი, 1977), კ. კეკელიძემ (კეკელიძე, 1960), პ. ინგოროყვამ (ინგოროყვა, 1954), ი. აბულაძემ
(აბულაძე, 1982), ბელგიელმა ორიენტალისტმა პ. პეეტერსმა, რ. სირაძემ, რ. ბარამიძემ, გ. ფარულავამ და
სხვებმა. პეეტერსისეულ გამოკვლევასა და ლათინურ თარგმანზე რეცენზია დაწერა კ. დონდუამ (დონდუა,
1924). სამეცნიერო ლიტერატურაში გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიული თხზულება მრავალმხრივაა
შესწავლილი; იგი გამოკვლეულია კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური, ისტორიულ-ფილოლოგიური,
საღვთისმეტყველო-მსოფლმხედველობრივი, ლიტერატურულ-მხატვრული თვალსაზრისით. გიორგი
მერჩულისა და წმ. გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობას მიეძღვნა სამეცნიერო შრომების სამი კრებული:
ხანძთა, სულიერად მშობელი ქართველთა, 2002; წმ. გრიგოლ ხანცთელი, 2006; 2018 წელს გზამკვლევი -
„უდაბნოთა ქალაქმყოფელი - წმ. გრიგოლ ხანცთელი“.
დაწერის თარიღი და ავტორი. გიორგი მერჩულემ „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“ წმ. გრიგოლის
გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, 951 წელს დაწერა, რასაც თვით თხზულებიდან ვიგებთ. გიორგი
მერჩულე წერს: „ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა
მისთასა ას და მეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოც და ერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით
დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოც და ათისა წლისა, დასაბამითგან გარდასულთა წელთა
ექუს ათას ხუთას ორმეოც და მეათოთხმეტე წელსა, იერუსალჱმს პატრიაქობასა აგათონისსა, მცხეთას
კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კურაპალატისსა, ძისა ადარნერსე
ქართველთა მეფისა, აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისსა, ძისა კონსტანტი მეფისასა, ერისთავთა-
ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტრობასა ადარნერსესსა, ძისა ბაგრატ
მაგისტროსისასა, ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა. ქრისტემან დიდებაჲ უოხჭნოჲ მათ
ყოველთა მიანიჭენ!“ (ძეგლები, 1963//1964: 316). თხზულებაში ისიცაა აღნიშნული, რომ წმ. გრიგოლის
გარდაცვალების ჟამს ანჩელი ეპისკოპოსი ყოფილა მაკარი, ხანცთის მამასახლისი - თევდორე, მცხუედაÁს

10
დისწული, ხოლო შატბერდის მონასტრის წინამძღვარი - მამა გრიგოლ, ლიპარიტის ძე. ქორონიკონის
წელთაღრიცხვით მითითების კვალობაზე წმ. გრიგოლ ხანცთელი გარდაიცვალა XIII ქორონიკონის 81-ე
წელს, ხოლო XII ქორონიკონი 780 წელს დასრულდა, რაც იოვანე საბანის ძის „წმ. აბოს წამებიდანაც“ ვიცით,
რაც იმას ნიშნავს, რომ წმ. გრიგოლი 861 წელს გარდაცვლილა. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, ე.
ი. 951 წელს გიორგი მერჩულემ თხზულება დაწერა. მეორე წელთაღრიცხვის, დასაბამითგანის მიხედვით,
თხზულების დაწერის თარიღად 6554 წელია მითითებული, რაც 950 წელს უტოლდება. ქორონიკონისა და
დასაბამითგანის წელთაღრიცხვები ერთი წლის სხვაობას იძლევა, რაც დიდი უზუსტობა არაა.
მწერლის მიზანი იყო, შთამომავლობისათვის უდიდესი ქართველი სასულიერო პირის, მოღვაწის ხსოვნა
და საქმიანობა შემოენახა, წმ. გრიგოლისა და მისი თანამოაზრე-მოწაფეების მინავლული, ნაცარწაყრილი
ღვაწლი და დამსახურება დაუწერელ ისტორიად არ ქცეულიყო, ჟამთა სვლაში არ ჩაკარგულიყო.
საბედნიეროდ, წმ. გრიგოლს გამოუჩნდა აღმწერი, დამფასებელი და შემფასებელი, რომლის დამსახურება
განუზომლად დიდია ქართული ლიტერატურის, ქართული ეკლესიის, ქართული კულტურის,
საქართველოს ისტორიის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე.
თხზულების სათაური საკმაოდ ვრცელი და სახეობრივად მეტყველია, რადგან იგი არა მხოლოდ
თხზულების მთავარ პერსონაჟს მიუთითებს, არამედ მის ხატ-სახეზე მსჯელობის საფუძველსაც იძლევა:
„შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი
არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა
ნეტართაჲ“ (ძეგლები, 1963//1964: 248). იგი საკითხავად განკუთვნილი თხზულებაა, რასაც სათაურის
ქვემოთ მინაწერი მოწმობს. გიორგი მერჩულის თხზულების სახელწოდება არაა ჩვეულებრივი სათაური,
მასში წმ. გრიგოლ ხანცთელის ღვაწლი და დამსახურება, ღირსად ცხოვრებაა მონიშნული, ისიც ნათქვამია,
რომ თხზულება წმ. გრიგოლის თანამოზრეებსა და მოწაფეებზეც მოგვითხრობს. ღირსად შრომა და
მოღვაწება რჩეულთა ხვედრია, შრომა და მოღვაწება რთული პროცესია, რადგან ფიზიკურ გამძლეობასა
და სულიერ ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წმ. გრიგოლის აღმაშენებლად
მოხსენიებაა, რომელშიც მწერლისა და, საზოგადოდ, ეპოქის სულისკვეთებაა გაცხადებული. მართალია, აქ
იგი ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლადაა წარმოდგენილი, მაგრამ აღმშენებლობა მხოლოდ
ეკლესიათა მშენებლობას არ გულისხმობს. წმ. გრიგოლი, უწინარეს ყოვლისა, ქართველი ერის სულიერი
ცხოვრების აღმაშენებელია. ეს წოდება ქართველმა ერმა დავით IV, გიორგი მეორის ძეს და ბაგრატ IV-ის
შვილიშვილს, მიანიჭა და მასში ღრმა აზრი ჩადო, რადგან დავით აღმაშენებელმა დანაწევრებული,
შინაური აშლილობისა და გარეშე მტერთა თავდასხმებისაგან დაუძლურებული, დაძაბუნებული
საქართველოს სხვადასხვა კუთხე ჩაიბარა და არა ძლიერი სახელმწიფო. წმ. გრიგოლის მოღვაწეობის
დასაწყისში არაბთა შემოსევებისაგან გავერანებული კლარჯეთი მოსახლეობისაგან დაცლილი და
უდაბური იყო; საჭირო იყო ფიზიკური და სულიერი ძალისხმევა, რათა საქართველოს ეს მხარე
აღორძინებულიყო და სხვა კუთხეებისათვის მისაბაძი გამხდარიყო; როგორც რევაზ სირაძემ აღნიშნა,
ქართლის ნაცვალ ქვეყნად, მეორე ქართლად ჩამოყალიბებულიყო. წმ. გრიგოლ ხანცთელმა ხანცთა
ქართველთა სულიერად შესაკრებელად აქცია და საქართველოს პოლიტიკური, იდეოლოგიური,
კულტურული გაერთიანების ურთულესი პროცესიც აქედან დაიწყო. წმ. გრიგოლ ხანცთელმა თავისი
მოღვაწეობით საქართველოს სულიერ აღმშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ამიტომაც უწოდა გიორგი
მერჩულემ წმ. გრიგოლს აღმაშენებელი ხანცთისა და შატბერდისა, რომლებიც წმ. გრიგოლთან ერთად
არიან თხზულების მთავარი პერსონაჟები.

11
რას ნიშნავს ავტორის ზედწოდება „მერჩულე“? მერჩულეში რჩულ//რჯულ ძირი და მე-ე თავსართ-
ბოლოსართი გამოიყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოქმნილი სიტყვაა. სამეცნიერო ლიტერატურაში
მიღებული თვალსაზრისით, იგი სჯულის მეცნიერს, სჯულის სამართლის მცოდნეს, საეკლესიო
სამართლის სპეციალისტს უნდა ნიშნავდეს. ეს ვარაუდი სიმართლეს უნდა ასახავდეს, რადგან
თხზულებიდან ავტორის ღრმა საღვთისმეტყველო განათლება, ქრისტიანული მსოფლმხედველობა,
დოგმატიკის, ასკეტიკის, საეკლესიო სამართლებრივი სფეროს, რაც ტიპიკონის//წესდების სწორად
შეფასებით გამოიხატა, ლიტურგიკის, პოლემიკისა და სხვა საღვთისმეტყველო ლიტერატურის დარგების
საკითხების ღრმა ცოდნა გამოსჭვივის.
გიორგი მერჩულე გვიან შეუდგა ჰაგიოგრაფის მძიმე ტვირთის აღსრულებას, მეტად საპასუხისმგებლო
საქმეს; როგორც ჩანს, მწერალი საკმაოდ ხანდაზმული იყო, რადგან თხზულების ბოლო რედაქცია მას არ
ეკუთვნის. მის სიცოცხლეში კი თხზულებაში ჩარევას სხვა ვერ გაბედავდა და ამის უფლებას არც თვითონ
მისცემდა. მწერალი-ჰაგიოგრაფი თხზულების დაწერიდან მალე უნდა გარდაცვლილიყო.
გიორგი მერჩულე არაა წმ. გრიგოლ ხანცთელის თანამედროვე, წმინდანის გარდაცვალებიდან 90 წლის
შემდეგ შეუდგა თხზულების წერას, რის მიზეზიც თავადვე ახსნა. მწერალი ფიქრობდა, რომ წმ. გრიგოლის
შრომასა და მოღვაწეობას მისი წინამორბედი დიდი მოღვაწეები, კერძოდ, სოფრონ შატბერდელი, სტეფანე
მტბევარი, ილარიონ პარეხელი და გიორგი მაწყვერელი, აღწერდნენ, მაგრამ ეს წმინდა მამები ისე
გადაეგნენ, რომ წმ. გრიგოლის შესახებ თხზულება არ შეუქმნიათ: „...დიდთა მათ მეუდაბნოეთა,
კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთა შინა პირველად დამკვიდრებულთა მათ წმიდათა მამათა, ღირსად
ცხორებულთა, სიმჴნჱ მოთმინებისაჲ და სიწმიდით შრომაჲ, უფლისა სათნოჲ, და სასწაულთა მათთა
სიმრავლენი ქუეყანასა მას ქართლისასა აღუწერელობითა დაშჭირდეს მისთჳს, რომელ პირველ ვაჴსენე,
რომელთაჲ ჯერ-იყო დაწერაჲ ვიდრე ნათესავითი-ნათესავადმდე უკუნისამდე მითხრობად ყოველთა,
რაჲთამცა ერი დაბადებადი აქებდა უფალსა ჴსენებისა მათისა დღესასწაულსა“ (ძეგლები, 1963//1964: 249).
წმინდა მამათა ღვაწლი და დამსახურება „ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა ყოლად
მოსაჴსენებელთა მათ განსაკჳრვებელთა ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ უბიწოჲ,
რომელნიცა-იგი ბრწყინვიდეს ვითარცა მთიებნი ზეცისა სამყაროსა, ხილულსა ამას და განქარვებადსა
მზესა ქუეშე“ (ძეგლები, 1963//1964: 249). გიორგი მერჩულემ იცოდა, რომ ურთულეს საქმეს ჰკიდებდა
ხელს, მაგრამ დუმილის უფლებაც არ ჰქონდა, რადგან წმ. გრიგოლისა და მის თანამოაზრე-მოწაფეთა
ღვაწლი შთამომავლობას უნდა შემორჩენოდა: „არამედ აწ მე, ვინაჲთგან ვერ ძალ-მიც მოუკლებელად
ლოცვაჲ და სულელთა უდარეს ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს-რაჲმე
უმჯობესად შემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთ-შემოსილთა კაცთასა, ნეტარისა
მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა,
რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან
მის წმიდისათა. და ნეტართა მათ ოხითა ვპოვო ორკერძოვე ლხინებაჲ უძლურებათა ჩემთაჲ ესრეთ
სიტყუათა წერითა“ (ძეგლები, 1963//1964: 248-249).
გიორგი მერჩულემ თავისი თხზულება ხანცთელ მამათა თანადგომით დაწერა, რის შესახებაც ცნობას
ისევ თვითონ გვაწვდის. თხზულების დასასრულს ავტორი გვამცნობს თანამოღვაწეთა და დამხმარეთა
სახელებს, რომელთა გარეშე თხზულება ვერ დაიწერებოდა: „ხოლო ხანცთისა წინამძღურისა და იოვანე
ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, სამთავე ამათ ერთად გულს-
მოდგინებითა დაიწერა ხანცთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე. ქრისტემან წიგნსა მას

12
ცხოველთასა დაწერენ იგინი და სრულიად წყალობა-ყავნ ყოველთა მორწმუნეთათჳს, რაჲთა გულისჴმა-
ყონ ნიჭი ქუეყანისაჲცა ზეცისა თანა“ (ძეგლები, 1963//1964: 317). აქ დასახელებულია სამი პიროვნება,
რომლებმაც წიგნის დასაწერად ერთად იღვაწეს, მაგრამ, ცხადია, სამივე არაა ავტორი, თხზულების
დამწერი. აღსანიშნავია, რომ გიორგი მერჩულე საკუთარ თავზე წინ ხანცთის მონასტრის წინამძღვარს
თევდორეს და მის ძმას იოვანეს ასახელებს, მაგრამ მათი ამგვარად მოხსენიება ავტორის თავმდაბლობითა
და საღვთისმეტყველო ლიტერატურისათვის ჩვეული კლიშეებით უნდა აიხსნას, რაც განსაკუთრებით
ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაშია გავრცელებელი. თხზულების შექმნის საქმეში თითოეული პირის
როლი უნდა დაზუსტდეს და გაიმიჯნოს. „წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა“ ნათლად
მიუთითებს, რომ ავტორი გიორგი მერჩულეა. მაგრამ თხზულების დაწერა გარემო პირობების შექმნასაც
გულისხმობს, როგორც ჩანს, თეოდორე და იოვანე გიორგი მერჩულეს შესაფერის პირობებს უქმნიდნენ,
რათა გიორგის არ გასჭირვებოდა თხზულების დაწერა. პირობები წინამძღვრის ლოცვა-კურთხევას,
მატერიალური პირობების შექმნას გულისხმობს, რადგან წიგნი მოითხოვდა საწერი მასალის, ტყავის ან
ქაღალდის, მელნისა და სხვა ნივთებით უზრუნველყოფას. შესაძლოა, წმინდა მამებს, როგორც
მონასტერში მოღვაწე პირებს, წმ. გრიგოლისა და მის თანამოაზრე-მოღვაწეთა შესახებ ბევრი რამ
სცოდნოდათ და გიორგი მერჩულეს ეხმარებოდნენ ცნობების მიწოდებითაც. როგორც ჩანს, თეოდორე და
იოვანე სწორედ ამ მხრივ იყვნენ გიორგი მერჩულის თანამდგომნი.
ზემოთ აღინიშნა, რომ თხზულება განაახლა ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა, რის შესახებაც თხზულების
70-ე თავშია მოთხრობილი. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებას“ მისი დაწერიდან
ძალიან მალე, გიორგი მერჩულის გარდაცვალების შემდეგ, ცვლილებები განუცდია, კერძოდ, რამდენიმე
თავი დაუმატებიათ, მაგრამ შემდეგ ისევ ამოუღიათ, ხოლო X საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს ბაგრატ
ერისთავთ-ერისთავს, ადარნერსე კურაპალატის ძეს, თხზულებაში სასწაულების ამსახველი ეპიზოდები
ისევ ჩაურთავს: „ესე ბაგრატ, გულისჴმის-ყოფითა ქებულ, წმიდათა ეკლესიათა აღმაშენებელ, საღმრთოთა
წიგნთა მეძიებელ და შემკრებელ, წმიდათა ყოველთა ღირსად მადიდებელ; წმიდათა ოხაჲ მარადის შემწე
ეყავნ მას აქა და საუკუნოდ, რომელმან ნეტარისა მამისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე განაახლა სასწაულთა
მათ გამოჴუებულთა შერთვითა... რომელმან ჩუენ, გლახაკთა შვილთა მამისა გრიგოლისთა, ყუედრებაჲ
მოგჳსპო და უმეცრებით მაყუედრებელსა სირცხჳლი დაუმკჳდრა ამან დიდებულმან მეფემან. უფალმან
ბრალთა მისთა ყუედრებაჲ, რომელსა ეჭუვიდეს, მოუსპენ მას სრულიად ღირსთა მამათა ვედრებითა და
მათ თანა ნეტარისა მამისა გრიგოლის მადლითა, რომელიცა ქუეყანასა ზედა ცხოვნდებოდა ვითარცა
ანგელოზი“ (ძეგლები, 1963//1964: 307). ეპიზოდი მიუთითებს, რომ გიორგის დაწერილი თხზულებიდან
რაღაც ნაწილი, რომელიც მავანთა ყვედრებას იწვევდა, ამოუღიათ, ხოლო ბაგრატს ისინი ისევ შეუტანია,
რითაც, როგორც საერო ხელისუფალს, მოსაყვედურენი გაუჩუმებია. ამიტომ როგორი სახით გამოვიდა
ავტორის ხელიდან თხზულება, ვერ ვიტყვით, იგი ერთადერთი და ისიც გვიანდელი, XII საუკუნის
ხელნაწერითაა შემორჩენილი. ეს ყველაფერი მოკლე დროშია მომხდარი, რადგან ვიცით თხზულების
დაწერისა და ბაგრატის გარდაცვალების თარიღებიც. მთლიანად ეს მონაკვეთი კი თხზულების
რედაქტორის მიერ დაწერილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
გიორგი მერჩულის სახელს უკავშირდება ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობა, საგალობელთა თხზვა. მიქაელ
მოდრეკილის საწელიწდო იადგარში რამდენიმე საგალობელს აშიაზე აქვს მინაწერები: „მერჩულიულნი“,
„მერჩულიულნი უცხონი“. პ. ინგოროყვამ მინაწერებიანი საგალობლების შესახებ გამოთქვა შემდეგი
ვარაუდი: „აქ ორი ახსნაა შესაძლებელი: ან ეს ჰიმნები ეკუთვნის გიორგი მერჩულეს; ან-და ეს ჰიმნები

13
დაწერილია იმ ფორმით, რომელიც პირველად შემოუღია ჰიმნოგრაფიულ პოეზიაში გიორგი მერჩულეს...
სწორია მეორე ახსნა. სახელწოდება „მერჩულიული“ ეს ყოფილა იმავე ტიპის სახელწოდება, როგორც
„ჩახრუხაული“, „ძაგნაკორული“, „ბისტიკაური“ და სხვანი~ (ინგოროყვა, 1954: 549-550). ე.ი. პ. ინგოროყვას
აზრით, გიორგი მერჩულე ორიგინალურ საგალობელთა ავტორი არ ყოფილა. საგულისხმოა კ. კეკელიძის
თვალსაზრისი, რომელიც ორივე ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას იძლევა: „გიორგი მერჩული
ჰიმნოგრაფიც ყოფილა: მიქელ მოდრეკილის კრებულში მოთავსებულია მეხუთე ხმის აღდგომის კანონი,
რომელსაც აწერია: „უცხონი მერჩულიულნი“. მერჩულიულნი, ალბათ, გიორგის ავტორობას აღნიშნავს,
თუმცა შესაძლებელია ამ ტერმინით „მერჩულისებური“ ფორმა იგულისხმებოდეს“ (კეკელიძე, 1960: 157).
ამ ბოლო ფრაზაში პავლე ინოგორყვას შეხედულების გავლენა იგრძნობა. ჩვენი აზრით, გიორგი მერჩულე
ჰიმნოგრაფიც იყო და ჩვენი ვარაუდის საფუძველი არის სწორედ საგალობლებზე გაკეთებული მინაწერები
და არა მხოლოდ გიორიგ მერჩულის საგალობელზე არსებული მინაწერი მიქაელ მოდრეკილის
„საწელიწდო იადგარში“. ცნობილია, რომ იოვანე მინჩხის საგალობლებს ხელნაწერებში აქვთ მინაწერები:
„მინჩხნი“, „მინჩხისანი“, „მინჩხურნი“. მისი ავტორობა ზოგჯერ მონოგრამულადაც არის მითითებული:
„მ“ (ხაჩიძე, 1987). ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა მინაწერი „მინჩხურნი“, რომელიც გრამატიკულად
ისეთივე წარმოებული ფორმაა, როგორც „მერჩულიულნი“. ეს გვავარაუდებინებს იმას, რომ, „მინჩხურნის“
მსგავსად, „მერჩულიულნიც“ ავტორობას უნდა ნიშნავდეს. „მერჩულიულნი უცხონი“ - შესაძლოა
ნიშნავდეს სხვას, ახალს, ოღონდ მერჩულეს მიერ შექმნილს; საბას განმარტებით, „უცხო“ სხვას ნიშნავს.
ე.ი. ახალნი ან სხუანი მერჩულიულნი. ვფიქრობთ, რომ ეს ვარაუდი სწორია, და თუ ეს სწორი ვარაუდია,
მაშინ გიორგი მერჩულე, „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ გარდა, უნდა მივიჩნიოთ ერთი მცირე
ფორმის საგალობლისა და აღვსების (აღდგომის) დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული
კანონის ავტორად.
თხზულების კომპოზიცია. ადრინდელ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნავდნენ, რომ გიორგი
მერჩულის თხზულება კომპოზიციური მთლიანობით არ გამოირჩევა, ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და,
როგორც ჩანს, თხზულება ისე დაიწერა, როგორც ავტორი სხვათა მონათხრობების საფუძველზე კრებდა
ცნობებს, ან როგორც მწერალს ახსენდებოდა. ეს თვალსაზრისი რ. სირაძის მიერ სრულიად სამართლიანად
არის უარყოფილი (სირაძე, 1987: 136-137). მან „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ კომპოზიციის
პრობლემა „წმ. საბა განწმენდილის ცხოვრებასთან“ მიმართებით განიხილა და აღნიშნა, რომ გიორგი
მერჩულე ხსენებული თხზულების კომპოზიციას ემყარება. წმ. საბა პალესტინელი ქრისტიანული
აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა, რომლის შესახებ დაწერილი ჰაგიოგრაფიული
თხზულების ავტორი კირილე სკვითოპოლელია. წმ. საბა პალესტინის უდაბნოებში ბიზანტიის იმპერიის
ინტერესების გატარებას ემსახურებოდა, რაც წმ. გრიგოლის ხატ-სახესთან სიახლოვეს გვიჩვენებს. იგი
მონოფიზიტთა წინააღმდეგ აქტიური მებრძოლია და „უდაბნოჲსა ქალაქ-ყოფაჲსა“ მოთავე გახდა.
კონსტანტინეპოლს მისული წმ. საბა პალესტინაში ქალკედონიტთა გაძლიერების მომავალ გეგმებს
გაეცნო, რომელიც ბიზანტიის იმპერიას ჰქონდა შემუშავებული. წმ. გრიგოლ ხანცთელმა თავის მეგობარ
მონაზონს, რომელიც იერუსალიმს მიემგზავრებოდა, საბაწმიდური წეს-განგების ჩამოტანა სთხოვა, რასაც
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან წმ. გრიგოლმა ძალიან კარგად იცოდა წმ. საბას
მოღვაწეობის ამბებიც და, ცხადია, სირიასთან და პალესტინასთან დაკავშირებულ ასურელ მამათა
ქართლში მოღვაწეობის შესახებაც მდიდარ ცნობებს ფლობდა. რ. სირაძემ ყურადღება ამ ორი თხზულების
სახელწოდებასაც მიაქცია და აღნიშნა, რომ სათაურში გამოტანილია „შრომაჲ და მოღუაწებაჲ“, ამას გარდა,

14
„ორივე ნაწარმოები წარმოადგენს ფაბლოების მთლიანობას, ამბები მოწოდებულია არა ბიოგრაფიული
უწყვეტი თანმიმდევრობით“ (სირაძე, 1987: 137). მისივე შეფასებით, ორივე თხზულებაში ქრონოტოპი
ჰაგიოგრაფიულია და არა ბიოგრაფიული. დროც და გარემოც მხოლოდ წმინდანობის საჩვენებლადაა და
არა წმინდანობის გარეშე სხვა რამ მოვლენებისათვის. ამიტომ ეპიზოდები ერთმანეთს ციკლების სახით
მოსდევს და არა უშუალოდ ურთიერთგამომდინარეობით (სირაძე, 1987: 137). თუ გიორგი მერჩულის
თხზულებას დავაკვირდებით, ისტორიული დრო არაა მითითებული, გარდა იმისა, როდესაც
წმ.გრიგოლის გარდაცვალებაზე საუბრობს, ან თხზულებაზე მუშაობის დროს მიუთითებს, რითაც „წმ. საბა
განწმენდილის ცხოვრებისაგან“ განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე.
ციკლურობის თვალთახედვით „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“ კომპოზიციურად მკვიდრად
შეკრული ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მასში წმინდანის ხატ-სახე, საკანონმდებლო და
ლიტურგიული ცხოვრების მოწესრიგებაზე ზრუნვა, სარწმუნოებრივი და იდეოლოგიური საკითხები,
ზნეობრივ-ეთიკური ნორმები, ზესთასოფლისა და სოფლის ჰარმონიის პრობლემა, ზეცათა მოქალაქობის
საკითხი ციკლებად დალაგებულ ეპიზოდებშია მოთხრობილი და წარმოსახული, რითაც ნაწარმოები
წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და ლიტერატურულ-ესთეტიკური თვალთახედვით გამოირჩევა.
თხზულების უმთავრესი საკითხი სამონასტრო ცხოვრების ასახვაა, რომელიც ერის სულიერი ცხოვრების
წარმმართველად გვევლინება, და ამ ფონზეა ნაჩვენები ყველა სხვა დანარჩენი პრობლემაც,
განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ყოფა.
წმ. გრიგოლ ხანცთელის პიროვნება და სიმბოლური ხატ-სახე. გიორგი მერჩულის თხზულების მთავარი
პერსონაჟი წმ. გრიგოლ ხანცთელია, რაც მის სათაურშივეა გაცხადებული. ამავე დროს, მთავარი
პერსონაჟია ხანცთა და შატბერდი, რომელთა აღმაშენებელია წმ. გრიგოლი და სადაც მისი თანამოაზრეები
და მოწაფეები მკვიდრობენ. ხანცთა ქართველთა სულიერად მშობელ მონასტრად იქცა. წმ. გრიგოლი
დაბადებიდანვე ღვთისაგან გამორჩეულია, რაც თხზულებაში მრავალჯერ ვლინდება. სწორედ ღვთის
რჩეულობის გამო წმ. გრიგოლი გიორგი მერჩულემ ბიბლიურ-ევანგელური ხატ-სახეებითა და ბიბლიური
პერსონაჟების ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სტურქტურით წარმოაჩინა. გიორგი მერჩულის მიზანი წმ.
გრიგოლისა და მის თანამოაზრე-მოწაფეთა შრომისა და მოღვაწების, კლარჯეთის სულიერი
აღმშენებლობის ასახვა იყო. ჰაგიოგრაფმა, უწინარეს ყოვლისა, წარმოაჩინა „მადლითა სავსჱ,
განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღუაწჱ და უდაბნოთა
ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სულიერად მამაჲ და წინამძღუარი და მაშენებელი
ხანძთისა და შატბერდისაჲ“, „შვილი წარჩინებულთა დიდებულთა და მართლმორწმუნეთა მამა-
დედათაჲ“ (ძეგლები, 1963//1964: 249), „მდაბალი გულითა და გლახაკი სულითა, მყუდროჲ ქცევითა და
მოწყალჱ გონებითა“, „ხილვითა დიდ, ჴორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოლად კეთილ სრულიად,
გუამითა მრთელ და სულითა უბიწო“ (ძეგლები, 1963//1964: 250), „ვარსკულავი უდაბნოთა“ - სანატრელი,
ღირსი, წმიდა და ნეტარი გრიგოლ ხანცთელი. ესაა თხზულებაში გადმოცემული წმ. გრიგოლის
გარეგნული და სულიერი ხატ-სახე.
ზემოთ აღინიშნა წმ. გრიგოლ ხანცთელის ოჯახური გარემოს, სწავლა-განთლების შესახებ, რომ მის
აღზრდას ხელმძღვანელობდა ნერსე ერისთავის ოჯახი. ეროვნული იდეალებით შთაგონებული ნერსე
ქვეყნის აღორძინებაზე ზრუნავდა. მას ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეებით აღსავსე პირთა გარემოცვა
ჰყავდა, რომელიც ყოველმხრივ ეხმარებოდა საქვეყნო საქმეთა აღსრულებაში. წმ. გრიგოლის სულიერი
აღზრდა-მზადებაც ქართლში, დიდი ნერსე ერისთავის ოჯახში დაიწყო. წარჩინებულ დიდებულთა და

15
მართლმორწმუნეთა წრეში აღზრდილი წმ. გრიგოლი წმ. აბო ტფილელის ქრისტიანად მზადების მოწმეც
იყო და ერისთავის, ნერსეს, ერისათვის თავდადებული მსახურებისა. ნერსე ერისთავის ოჯახს ორი
წმინდანის სახელი ამშვენებს: წმ. აბო თბილელისა და წმ. გრიგოლ ხანცთელისა, აგრეთვე, ისეთი დიდი
პიროვნებისა, როგორიცაა იოვანე საბანის ძე, რომლის სოციალური სტატუსი, - საერო წოდებას
ეკუთვნოდა თუ სასულიეროს, ბოლომდე გარკვეული არაა. ის ვარაუდიც გამოითქვა, რომ შესაძლოა,
იოანე საბანისძე წმ. გრიგოლის აღზრდაში მონაწილეობდაო, რაც სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ. როგორც
ჩანს, სახელოვანმა ბიძამ და მამიდამ იკისრეს მისი აღზრდა, რადგან ნერსე ერისთავის ოჯახი
იმდროინდელი ქართლის საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრად ისახება, რომელიც ერის სულიერად
მომზადებაზე იყო ორიენტირებული, ამიტომ შემოიკრიბნენ ნერსეს ირგვლივ ნიჭიერებითა და ღირსებით
გამორჩეული ახალგაზრდები, რომელთაც იმდროინდელი საქართველოს სულიერი აღორძინება ჰქონდათ
განზრახული, რაც, თავის მხრივ, საფუძველი უნდა გამხდარიყო ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და
საზოგადოებრივი მოწესრიგებისა. შესაძლოა, სხვა მიზეზიც იყო, გრიგოლის დედას არ გასჭირვებოდა
შვილისთვის იმგვარი აღზრდა-განათლების მიცემა, სულიერების შთანერგვა და ეროვნული იდეალების
გაცნობიერება, როგორიც აუცილებელი იყო იმ პიროვნებისათვის, რომელიც „საშოჲთგან დედისაჲთ
შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა, ვითარცა სამოელ წინასწარმეტყველი და მარხვასა შინა
იზარდებოდა მსგავსად წინამორბედისა“ (ძეგლები, 1963//1964: 249). ეს ფრაზა წმ. გრიგოლ ხანცთელის
ხატ-სახეს სახისმეტყველებითად და ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სტრუქტურული მახასიათებლებითაც
მოგვააზრებინებს. ეს პირველი ხსენებაა წმ. გრიგოლის დედისა, წმ. გრიგოლი და დედამისი მაცხოვრისა
და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ჰიპოდიგურ-პარადიგმული სახეებით შეიძლება მოვიაზროთ, რადგან
გიორგი მერჩულე წმ. გრიგოლის მამას თხზულებაში არ ახსენებს და მხოლოდ დედის შესახებ გვიამბობს.
იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და ომების ფონზე, შესაძლოა, მამა აღარც
იყო ცოცხალი და ბიძა-მამიდამ ამის გამოც იშვილეს, რათა შესაფერისი განათლება მიეცათ და ღირსეულ
პიროვნებად აღეზარდათ.
წმ. გრიგოლის მოღვაწეობის დაწყებას ფსალმუნური მოტივი უძღვის და წარმართავს: „ვინა აღვიდეს
მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა, არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ
გულითა“ (ფს. 23, 3-4); მას „ქრისტემან კეთილი მოხუცებულებაჲ გონებისაჲ“ (ძეგლები 1963/1964: 251)
მიჰმადლა, ამიტომ იგი - „უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“ (ძეგლები 1963/1964: 250) „ნებითა
ღმრთისაჲთა“ უნდა წასძღოლოდა ერს „მთასა უფლისასა“ და „ადგილსა წმიდასა“. წმ. გრიგოლის
გამობრწყინება „უქმთა მათ უდაბნოთა შინა“, ვითარცა „სანთლისა დაუვსებელისა“ (ძეგლები 1963/1964:
252), წინამძღოლისა ღირს მოწაფეთა და თანამოაზრეთა, ღმერთმა განაგო; ეს საქართველოს, ქართველი
ერის სულიერი მომავლის მოწესრიგებისათვის არის გამიზნული.
წმ. გრიგოლ ხანცთელი - „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“
წმ. გრიგოლი პარადიგმული სახეებითაა განსახოვნებული; გიორგი მერჩულე წმინდა მამას, ამქვეყნად
გაწეული ღვაწლის გათვალისწინებით, რელიგიური, სახისმეტყველებითი შინაარსის მომცველი
სახეებითა და ხატებით მოიხსენიებს. მისი საღვთისმეტყველო და ამქვეყნიური ღვაწლი,
სახისმეტყველებითისა და ყოფითის გამოვლენის თვალსაზრისით ყველაზე უკეთ შეზავებულია
ანტინომიურ პრინციპზე აგებულ პარაბოლაში: „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, რომლის
ბინარული სემანტიკური ველი უვრცელესია. მასში იკითხება წმ. გრიგოლის სულიერი სახიერება და
მისივე ჰარმონიულობის, სრულყოფილების, ზნესრულობის გარეგნული, სხეულებრივი სახიერებაც.

16
გიორგი მერჩულის მიერ წმ. გრიგოლის დასახასიათებლად გამოყენებულ ხატ-სახეებს შორის
განსაკუთრებით გამორჩეულია „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, რომელიც მხოლოდ ამ
თხზულებაში არ გვხვდება და არც მხოლოდ წმ. გრიგოლის სიმბოლურ ხატად გაიაზრება. გიორგი
მერჩულის თხზულების დასაწყისსა და დასასრულს წმ. გრიგოლ ხანცთელი წარმოჩნდება როგორც
„უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სულიერად მამაჲ და წინამძღუარი და
მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ“ (ძეგლები 1963/1964: 249-250). გარდაცვალებამდე მცირე ხნით
ადრე წმ. გრიგოლ ხანცთელს ესმა ხმა ზეციდან. „და რამეთუ აქუნდა ჩუეულებაჲ ზეცისა წმიდათა
მთავრობათა ხილვისაჲ სულსა მას მართალსა და აწ მათგანვე სიხარულისა ჴმაჲ ესმა ესე: „ნუ გეშინინ
მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტჱსო, სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა
გიწესს მეუფჱ ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად,
რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკჳდრებად განმზადებული და მხიარული
საუკუნოდ“ (ძეგლები 1963/1964: 315). წმ. გრიგოლმა „ესრეთ შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო
ანგელოზთა კრებულსა, რამეთუ უჴორცონი ანგელოზნი და სულნი კაცთანი ერთ-ბუნება არიან და სულსა
კაცისასა აქუს მეტყველებაჲ ანგელოზებრი“ (ძეგლები 1963/1964: 316).
„ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზის“, როგორც წმ. გრიგოლ ხანძთელის ხატ-სახის,
საღვთისმეტყველო თვალსაზრისით განმარტებისათვის საჭიროა სხვა სიმბოლოთა საფუძველზე მის
არსობრივ რაობაზე მსჯელობა სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტებში; იგი ემყარება ღმერთისა და
ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, უკეთ წარმოაჩენს პიროვნების,
ანუ წმინდანის, შინაგან სულიერ სამყაროსა და მისი მოღვაწეობის არსს, დანიშნულებასა და, საერთოდ,
სულიერ მისიას. ამავე დროს, უთუოდ გასათვალისწინებელია სასულიერო ფენათა მოღვაწეობის
მრავალმხრივობის გიორგი მერჩულისეული შეფასება.
„ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზის“ სწორი გააზრებისათვის ამოსავალია მონასტერში მოღვაწე
ბერმონაზვნების, ანუ წმიდა მამათა კრებულისა და უდაბნოებში განმარტოებით მოღვაწე ბერების,
მძოვართა და მარტოდმყოფი ბერმონაზვნების საქმიანობა. ეს უკანასკნელი გამოიხატება „ანგელოზებრივი
ცხოვრებით“. ორივე ტიპის წმინდანი ამქვეყნად გაწეული მოღვაწეობით აღწევს ზეციურ მოქალაქობას.
წმინდანის ზეციურ მოქალაქობას განსაზღვრავს ჰაგიოგრაფიაში გავრცელებული წმინდანის ხატ-სახის
აღმნიშვნელი ოქსიმორონი „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, რომელიც პიროვნების არსობრივ
სრულყოფილებას მიუთითებს.
სამეცნიერო ლიტერატურაში წმ. გრიგოლის, როგორც „ზეცისა კაცისა და ქუეყანისა ანგელოზის“ შესახებ
გამოთქმულ მოსაზრებათაგან (კ. კეკელიძე, რ. ბარამიძე, ლ. გრიგოლაშვილი, ნ. გაგოშაშვილი, ქ.
ელაშვილი, ე. ჭელიძე) გამოვყოფ ლ. გრიგოლაშვილის, ქ. ელაშვილისა და ნ. გაგოშაშვილის სტატიებს,
რომლებშიც საგანგებო ყურადღებაა შეჩერებული ამ ხატ-სახეზე, როგორც წმ. გრიგოლ ხანძთელის
სიმბოლურ გამოხატულებაზე და არა როგორც ზოგადად წმინდანის ხატ-სახეზე.
ლ. გრიგოლაშვილმა იგი მართებულად დაუკავშირა `ზეციური ქალაქის~ ბიბლიურ გაგებას; მისი
დასკვნით: „ზეცისა კაცი“ ანუ „ქუეყანისა ანგელოზი“ - ზეციური ქალაქის წარმომადგენელია, ამქვეყნად
ანგელოზური წესით მცხოვრები ადამიანია, ზეცისა და მიწის შემაკავშირებელია“ (ლ. გრიგოლაშვილი
2002: 94). ნ. გაგოშაშვილმა „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“ ახსნა წმ. გრიგოლ ნოსელის მოძღვრების
კვალობაზე, რომლის მიხედვით „ადამიანის ბუნება მარტივი არ არის. ეს არის ფიზიკურისა და სულიერის
ერთობაში მყოფობა, ხილულისა და უხილავის შეზავება... წმ. გრიგოლი, როგორც „ზეცისა კაცი და

17
ქუეყანისა ანგელოზი“, არაერთგზის წარმოჩნდა მის ცხოვრებაში. ყველაზე ცხადად კი მის მიერ
აღსრულებულ სასწაულებში. ქვეყნის კაცობა „კეთილად განგებულ მოღვაწეობაში“ გამოიხატება,
უდაბნოთა ქალაქმყოფელობაში, მონასტერთა მართვა-გამგეობაში, ერისა და ღვთის სამსახურში. ხოლო
ანგელოზობა ადამიანთა სულების მფარველობაში, რასაც დაუცხრომლად ეწეოდა „საღვთო მოძღვარი“...
დაუცადებელი ამქვეყნიური ღვაწლით წმ. გრიგოლმა ზეციური კაცობა დაიმკვიდრა, ხოლო, როგორც
ერის სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი - ქვეყნის ანგელოზად მოგვევლინა, ხოლო როდესაც წმ.
გრიგოლს, როგორც „ზეცისა კაცსა და ქუეყანისა ანგელოზს“ ავტორი ორჯერ უწოდებს, ამით მიგვანიშნებს
ღვთის მადლის ზემოქმედებაზე“ (გაგოშაშვილი 2002: 132-133).
„წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ სახისმეტყველებითი ასპექტების მიხედვით, წმინდა მამის
ხუედიოსის ამქვეყნიურ ცხოვრება-მოქალაქობას მისი „ანგელოზებრივი“ ცხოვრება წარმართავს. ამ
თვალსაზრისით საყურადღებოა წმ. გრიგოლ ხანძთელისა და ხუედიოსის შედარება. გიორგი მერჩულე
ხუედიოსის შესახებ წერს, რომ იგი ცხოვრობდა, ვითარცა ანგელოზი; წმ. გრიგოლ ხანძთელს კი იხსენიებს
„ზეცისა კაცად და ქუეყანისა ანგელოზად“. წმინდანის სახისმეტყველებითი შინაარსის მომცველი
სახეებიდან ყველაზე ნათლად, ერთი მხრივ, სწორედ ეს უკანასკნელი, ანტინომიური ხატი - „ზეცისა კაცი
და ქუეყანისა ანგელოზი“, მეორე მხრივ, „ანგელოზებრივი“ ცხოვრება გამოხატავს წმინდანთა სულიერ
მისიას.
მარტიროლოგიის წმინდანი რწმენისთვის წამებულია; „ცხოვრებებში“ წმინდანი მიჰყვება ფსალმუნურ
და აპოსტოლურ სწავლებებს, რომლებიც გიორგი მერჩულის მიერ წმ. გრიგოლ ხანძთელისა და მის
თანამოაზრე-მოწაფეთა ღვაწლის გასააზრებლად გამოიყენება: „დღითი-დღე აღორძნდებოდეს ძმანი,
რამეთუ შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მეათერთმეტესა ჟამისანი მოქმედად ჭეშმარიტსა მას ვენაჴსა და
თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა, მჴნდებოდეს რაჲ
ღუაწლსა მას მონაზონებისასა მსგავსად წმიდათა მოწამეთა და უფროჲს მათსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს,
ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათჳს ქრისტჱსისა, ვითარცა დავით იტყჳს: „შენთჳს
მოვსწყდებით ჩუენ მარადღე“ (ფს. 43,22), და პავლე იტყჳს: „მარადღჱ ქრისტჱსთჳს მოვკუდები“ (ჰრომ.
8,36). უკუეთუმცა არ იყო დაუცხრომელი ბრძოლაჲ წმიდათაჲ, არამცა მოიჴსენეს ბრძოლაჲ იგი
სიკუდილად მარადღე“ (ძეგლები 1963/1964: 257). აქ განსაზღვრულია წმ. გრიგოლისა და მის თანამოაზრე-
მოწაფეთა მომავალი საქმიანობის ახალი აღთქმისეული კონცეფცია. ისინი ღვთისაკენ ყოველდღიური
ღვაწლით მიდიან, ამიტომ ამ ქვეყნად გასავლელი მათი გზა ყოველდღიურ წამებასთანაა დაკავშირებული,
ხოლო მოწამენი ერთგზის ეწამებიან და ღვთის წინაშე ამრიგად წარდგებიან.
სულიერებით ყოველმხრივ შემკული, საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ღრმად განათლებული წმ.
გრიგოლ ხანცთელი ის პიროვნებაა, რომელსაც ღმერთმა უდიდესი სულიერი მისია დააკისრა, ხოლო ამ
მისიის აღსრულებისათვის მხოლოდ „ანგელოზებრივი“ ცხოვრება-მოღვაწეობა არ იყო საკმარისი.
ამისთვის აუცილებელი იყო იგი გამხდარიყო „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. მისი ქმედება-
მოღვაწეობა ისე უნდა წარიმართოს, რომ უნდა „აღემატოს მომავალთა ჟამთა“ (ძეგლები 1963/1964: 269).
როგორც მოსე წინასწარმეტყველს ამცნო ღმერთმა, რომ მას უნდა გამოეყვანა უფლის რჩეული ერი
ეგვიპტის მონობიდან და წაეყვანა აღთქმული ქვეყნისაკენ, როგორც სამოელ წინასწარმეტყველმა უფლის
ნებით დაასხა ხელი დავით წინასწარმეტყველს და სცხო, როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს
გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა მისი მომავალი ღვთისმშობლობა, ისე წმ. გრიგოლ ხანცთელს
უდაბნოში „ანგელოზებრივად“ მცხოვრებმა ხუედიოსმა ამცნო მისი მომავალი სულიერი მისია, მისი

18
იმგვარი ცხოვრება-მოღვაწეობა, რომ ჰაგიოგრაფიული თხზულების ავტორს მისთვის ეწოდებინა „ზეცისა
კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ამცნო, რომ ხანცთაში წმ. გრიგოლს უნდა აეშენებინა მამათა მონასტერი და
საფუძველი ჩაეყარა ბერმონაზვნური ცხოვრებისათვის. ხუედიოსს სწორედ ეს მისია აკისრია, მან უნდა
ამცნოს უფლის ნება და მოამზადოს წმ. გრიგოლი მისი მოღვაწეობის მიზნის შესაცნობად. თვით
ჴუედიოსი თხზულებაში მოიხსენიება, როგორც „ზეცისა ანგელოზი“ (ძეგლები 1963/1964: 255), რომელიც
ხანცთაში მისულმა წმიდა მამებმა მოიკითხეს. ჴუედიოსი თავისი „ანგელოზებრივი“ ცხოვრების
აღსრულების წინ ამბობს: „მივალ დღეს ბანაკსა უცხოსა და ღმრთისა საყდართა საშინელთა“ (ძეგლები
1963/1964: 258). იქ მყოფ მამათა პასუხიც შესაფერისია: „არა ხარ უცხო ბანაკსა მას წმიდათა ანგელოზთასა,
რომელთა თანა სულითა მარადის იხარებ ქრისტჱსა“... მისი მიცვალების შემდეგ „ადგილი იგი აღივსო
სულნელებითა და ანგელოზთა წმიდათა გალობითა, რომელთა წარიყვანეს იგი სიხარულით წინაშე
ქრისტჱსა“ (ძეგლები 1963/1964: 258). მოგვიანებით თვით წმ. გრიგოლის შესახებაც ავტორმა აღნიშნა:
„რომელიცა ქუეყანასა ზედა ცხოვნდებოდა ვითარცა ანგელოზი“ (ძეგლები 1963/1964: 307), რაც წმ.
გრიგოლის სახის წარმოსახვისას განსხვავებულ აღქმას მოითხოვს. აქ უკვე იგი ანგელოზური
თვისებებითაა დახასიათებული. ნათლად ჩანს, რომ წმინდა მამის ხუედიოსის ამქვეყნიურ ცხოვრება-
მოქალაქობას „ანგელოზებრივი“ ცხოვრება წარმართავს.
ბიზანტიური და ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების სახისმეტყველება მიუთითებს, რომ
„ზეცისა კაცისა და ქუეყანისა ანგელოზის“ და წმინდანის „ანგელოზებრივი ცხოვრება“ ბერმონაზვნური
ცხოვრება-მოღვაწეობის ორ ტიპს მიუთითებს: 1. „ზეცისა კაცისა და ქუეყანისა ანგელოზი“ იმგვარ
ბერმონაზონთა სიმბოლურ ხატ-სახედ წარმოგვიდგება, რომლებიც საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებაში
არიან ჩართულნი და სულიერ ღვაწლთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწევიან; 2. „ანგელოზებრივი
ცხოვრება“ კი იმგვარ წმინდანთა სახეს წარმოაჩენს, რომლებიც განმარტოებით იმყოფებიან ღვაწლში და
რომელთა სხვადასხვაგვარი სახეობებია ცნობილი: უდაბნოში განმდგარი ბერმონაზვნები, მღვიმის
მკვიდრნი, მძოვარნი და სხვ. ორივე ტიპის ბერმონაზვნური ცხოვრება-მოღვაწეობის მიზანდასახულობა
ერთია: ზეციური მოქალაქობის მოპოვება.
წმ. გრიგოლის გამობრწყინება „უქმთა მათ უდაბნოთა შინა“, ვითარცა „სანთლისა დაუვსებელისა“,
წინამძღოლისა ღირს მოწაფეთა და თანამოაზრეთა, ღვთისაგან განგებულია, ვინაიდან არაბთაგან
დაპყრობილი, დამონებული ქვეყანა, სადაც, იოვანე საბანისძის სიტყვით, „ნაშობნი ქრისტეანეთანი
გარდაგულარძნეს, რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა
უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით“, სადაც მორწმუნენი „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა
ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, სადაც გადაჩვეულნი არიან „ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა“
(ძეგლები, 1963//1964: 50-51), ახალი ისრაელია, ღვთის რჩეულია, „ქრისტჱს კუართისა სამკჳდრებელია“ და
წმ. გრიგოლის სულიერი მღვიძარებით აღსადგენია. გრიგოლს „ქრისტემან კეთილი მოხუცებულებაჲ
გონებისაჲ“ მიამადლა, ამიტომ იგი - „უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“ „ნებითა ღმრთისაჲთაჲ“
უნდა წასძღოლოდა ერს „მთასა უფლისასა“ და „ადგილსა წმიდასა“. მან თავისი სულიერი
შესაძლებლობები და პრაქტიკული საქმიანობა აღსასრულის წინ ნათქვამ სიტყვებში თავადვე შეაფასა:
„სიყრმითგან ჩემით მსგავსად ძალისა ვშუერ“ (ძეგლები, 1963//1964: 314).
წმ. გრიგოლმა შესანიშნავი განათლება მიიღო, შეისწავლა საღვთისმეტყველო დარგები, ფილოსოფია,
უცხო ენები, რათა ყოველმხრივ განსწავლული ერის სულიერი წინამძროლი გამხდარიყო. გიორგი
მერჩულემ ფილოსოფიის არაქრისტიანულ, წარმართულ მოძღვრებას „ჯერკუალი“ უწოდა, რომელსაც წმ.

19
გრიგოლი განასხვავებდა ღვთისმეტყველებისაგან, კრიტიკულად განიხილავდა და „რომელი იპოვის
ჯერკუალი, განაგდის“ (ძეგლები, 1963//1964: 250). მან ზეპირად იცოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები,
გალობა, სხვა საღვთისმეტყველო წიგნები. ჰაგიოგრაფი ერთგან გვეუბნება კიდეც, რომ ხანძთის გზაზე
მიმავალი წმ. გრიგოლი წმ. ეფრემ ასურის ლოცვებს ამბობდა, ცხადია, ზეპირად. წმ. გრიგოლს
ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და რაც კი ერთხელ ზეპირად ესწავლა, ყველაფერი ახსოვდა.
გიორგი მერჩულე თავის ნაწარმოებში წმინდანის ხატ-სახეს ხატავს, ხოლო წმინდანის ამქვეყნიური
ცხოვრება და მოქალაქობა არის პიროვნების ცვალებადობა უკეთესობისაკენ. ჰაგიოგრაფიის პერსონაჟის
ნიშან-თვისებები ჩამოყალიბებულია წმ. იოანე ოქროპირის თხზულებაში „მოწამეთათჳს“, მასში
წარმოჩენილია ის თეორიულ-თეოლოგიური პრინციპები, რომლებითაც აისახებიან წმინდანები,
უმეტესად - მარტვილნი. ამ თხზულების გათვალისწინება საჭიროდ მიიჩნია რევაზ სირაძემ
ჰაგიოგრაფიის იდეალური გმირის ხატ-სახის წარმოჩენისას. სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია,
რომ ჰაგიოგრაფიული თხზულების ავტორი იყენებს და ეყრდნობა მზამზარეულ რელიგიურ სახე-ხატებს,
ენობრივ-სტილისტურ ხერხებს, გამომსახველობით საშუალებებს, რომელთა სათავეები ბიბლიურ
წიგნებში დევს. ჰაგიოგრაფიისათვის ნიმუში, მაგალითი სახარებაა. ამიტომ წარმოჩნდება
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირი მაცხოვარს, ქრისტეს მიმსგავსებულად, რასაც მწერალი
ზოგადქრისტიანული ლიტერატურული სტილის, მეთოდის, ეტიკეტის, შემოქმედებითი პრინციპების
შესაბამისად ქმნის. მასში მთავარია გმირის სულიერი განვითარება, ამაღლებული სახე. ჰაგიოგრაფიულ
თხზულებებში პორტრეტი არ არის, თუ ჰაგიოგრაფი პერსონაჟის გარეგნულ მახასიათებელ ნიშნებზე
ამახვილებს ყურადღებას, ამგვარი აღწერა-დახასიათება მხოლოდ სულიერი სამყაროს წარმოსახვას
ემსახურება. გიორგი მერჩულის მიერ დახატული წმ. გრიგოლის გარეგნული სახე ზოგადად წმინდანის
სახეა, რადგან სხვა ჰაგიოგრაფებიც პერსონაჟებს ამგვარივე გარეგნული ნიშნებით ხატავენ. გიორგი
მერჩულის მიერ წარმოსახული წმ. გრიგოლი გარეგნულად იყო მაღალი, გამხდარი, „სრულიად გუამითა
მრთელ“, ანუ ყოვლად უნაკლო. იგი საყოველთაო ყურადღებას იქცევდა როგორც გონიერი, მორწმუნე
პიროვნება. წმ. გრიგოლს, ახლობლებისაგან განსხვავებით, „ხატიცა მონაზონებისაჲ ემოსა“ (ძეგლები,
1963//1964: 249), რაც საფუძველს იძლეოდა, რომ ერის მომავალ სულიერ მამად ჩამოყალიბებულიყო,
რისთვისაც მისი გარემომცველი პირები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ. ამიტომ მისმა ახლობლებმა მისი
მღვდლად კურთხევა მოიწადინეს, მაგრამ წმ. გრიგოლი ამაში დიდ პატივს ხედავდა და განაცხადა, რომ
„პატიჟისაგან ეშინოდა“ (ძეგლები, 1963//1964: 251). მაშინ მას ფსალმუნური და ევანგელური სწავლებები
შეახსენეს; მე-14 და 23-ე ფსალმუნების მიხედვით, ვინაა ღირსი მაღალ მთაზე ასვლისა? მთა ხომ
ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ამიტომ იქ ასვლა მხოლოდ წმინდა გულის მქონესა და უდანაშაულო
ადამიანს შეუძლია. შეახსენეს სახარებისეული იგავი სანთლისა და ხვიმირს ქვეშ შედგმის თაობაზე, რომ
არავინ აანთებს სანთელს წისქვილის ხვიმირს ქვეშ, არამედ მას ზემოთ დადგამენ, რათა ირგვლივ
ყოველივეს ანათებდეს, უნდა ბრწყინავდეს; ასევე, წმ. გრიგოლის რწმენა და ღვთისმმოსავობა არ უნდა
დაიმალოს, იგი ყველამ უნდა დაინახოს. საღვთო სიბრძნით განსწავლული წმ. გრიგოლიც დასთანხმდა
მღვდლობას, მაგრამ როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევაც მოიწადინეს, მან თავი ხორციელ დიდებაში
დაინახა, მას თეთრი სამღვდელოება არ იზიდავდა, მას გენდეგილური ცხოვრება-მოღვაწეობა სურდა და
თავის სამ თანამოაზრესთან ერთად სამხრეთ საქართველოსაკენ აიღო გეზი. გიორგი მერჩულის სიტყვით,
ეს ოთხი ადამიანი ფიზიკურად იყო მხოლოდ განცალკევებული, სულიერად კი ისინი შეკავშირებულნი
და გაერთიანებულნი იყვნენ. წმ. გრიგოლთან ერთად კლარჯეთის გზას დაადგნენ საბა, წმ. გრიგოლის

20
დეიდაშვილი, მასთან შეზრდილი და მასავით განსწავლული ღვთისმეტყველებაში, რომელმაც შემდგომში
დიოფიზიტური ცნობიერების მქონე ნერსეს ეპისკოპოსის (შემდეგში სომეხთა კათალიკოსი) მიერ 641
წელს აშენებული იშხნის მონასტერი განაახლა და მისი ეპისკოპოსი გახდა; თევდორე, რომელმაც ნეძვის
მონასტერი ააგო და მისი წინამძღვარი გახდა; ქრისტეფორე, რომელმაც კვირიკეთის მონასტერი ააგო და
მისი წინამძღვარი გახდა.
სახისმეტყველებითად გაიაზრება ამ წმინდა მამათა სახელები: საბა//საბან „თეოდორე“ ღვთის საჩუქარს
ნიშნავს, ხოლო „ქრისტეფორე“ ქრისტეს მატარებელი, ქრისტეშემოსილია. მათ სახელებში მათივე
მოღვაწეობისა და სულიერი ცხოვრების არსია განსახოვნებული.
წმ. გრიგოლ ხანცთელი - ხანცთისა და შატბერდის აღმშენებელი. წმ. გრიგოლი თანამოაზრეებთან
ერთად ოპიზის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში მივიდა და მცირე ხნით იქ დარჩა,
სადაც ოპიზელ და მასთან ერთად მისულ თანამოაზრეებთან ერთად ფიცხელი მონაზვნური შრომით
იღვწოდა, როგორც ამას იმდროინდელი მონაზვნების წესდება ითვალისწინებდა. ცხადია, ღვთის ნებითაა
შერჩეული წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, ვინაიდან წმ. გრიგოლის ოპიზაში ყოფნა,
იქიდან მზადება და ზრუნვა „განახლებული ერი საღმრთოს“ (ძეგლები, 1963//1964) ჩამოსაყალიბებლად
წინასაფეხურია თვით წმ. გრიგოლის მომავალი სულიერი და ეროვნული საქმიანობისა. როგორც წმ. იოანე
ნათლისმცემელმა მოამზადა საღვთო გზა მაცხოვრის მოსასვლელად, ოპიზის ნათლისმცემლის
სახელობის მონასტერმა მოამზადა ხანცთის მონასტრის აშენებისა და წმ. გრიგოლ ხანცთელის „ზეცისა
კაცად და ქუეყანისა ანგელოზად“ ჩამოყალიბების პირობები. ოპიზის მონასტერი მოემზადა წმ. გრიგოლის
მოსვლისათვის და მას კეთილ მასპინძლად დაუხვდა. წმ. გრიგოლის მოღვაწეობის საწყის ეტაპზე
ქართველი ერის ნაციონალური თვითშეგნება, ეფრემ მცირის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, სიჩჩოებაში
იმყოფებოდა და სძით იყო საკვები.
წმ. გრიგოლის მოღვაწეობა კონკრეტულიცაა და ზესივრცულ-ზედროულიც. მას ბიბლიური წინასახეები
ასაზრდოებენ და გიორგი მერჩულე ბიბლიურ აბრაჰამს, მოსეს, ელიას, სამოელს, იოანე ნათლისმცემელს
მიიჩნევს მის სულიერ წინაპრებად და არქეტიპებად. ზემოთ ნახსენები ბიბლიური პერსონაჟები და წმ.
გრიგოლი ჰიპოდიგმურ-პარადიგმული ხატ-სახეებითაა წარმოჩენილი. გიორგი მერჩულეს მოსე
წინასწარმეტყველის პარადიგმით შემოჰყავს წმ. გრიგოლი, ვითარცა არაბთაგან შევიწროებული,
ჩაგრული, დაბეჩავებული ერის სულიერი წინამძღოლი. მოსესთან წმ. გრიგოლის შედარებას სხვა
საფუძველიც აქვს. მოსე წინასწარმეტყველი ეგვიპტის მონობიდან გამოყვანით ისრაელის საზეპურო ერად
ჩამოყალიბებას უყრის საფუძველს, მაგრამ ღვთისაგან აღთქმულ ქვეყანაში თავად ვერ შედის, რადგან
აღთქმულ ქვეყანაში შესვლა თავისუფლებაში შობილთა და უცთომელთა ხვედრია. ვერც წმ. გრიგოლ
ხანცთელი მოესწრო საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ, როგორც მოსემ სჯულის კანონები მოამზადა და
გადასცა ღვთის რჩეულ ერს, წმ. გრიგოლმა, მის მსგავსად, უწინარეს ყოვლისა, ქართული ეკლესიის
საკანონმდებლო და საღვთისმსახურო წიგნები შექმნა, ხოლო მეფე-ხელმწიფეებთან ერთად საფუძველი
მოამზადა და მომავალი სახელწიფოს პოლიტიკური არსებობის აუცილებელი ფორმულები ჩამოაყალიბა.
წმ. გრიგოლის ღვაწლმა უნდა შვას „აღორძინებული ერი საღმრთო“ (ძეგლები, 1963//1964: 283). ამიტომ
თავდაპირველად ზემხილვარებით, მარადიული სულიერი მღვიძარებით, დიდი სიმდაბლითა და
ღვთიური მადლით აღსავსე წმ. გრიგოლ ხანცთელი წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას აშენებს ღვთით
განგებულ ადგილზე - ხანცთაში.

21
როგორ დაიწყო ხანცთის ეკლესიის მშენებლობა? წმ. გრიგოლს ხომ მარტოდ დაყუდება ეწადა, როდესაც
იგი თბილისიდან კლარჯეთს მიეშურებოდა? ყოველივე ამის შესახებ ჰაგიოგრაფი საინტერესოდ
მოგვითხრობს. ოპიზის მონასტერში ორი წლის ბერული ღვაწლის შემდეგ წმ. გრიგოლმა ხანცთის
მიდამოებს მიაშურა, რათა მოეძებნა ისეთი ადგილი, სადაც მარტოდმყოფობას შესძლებდა, ის ხომ ამ
მიზნით წამოვიდა ქართლიდან, თბილისიდან. ქართლში ყოფნისას ამგვარი მიდრეკილების გამო მას
დაყუდებულს უწოდებდნენო, წერს გიორგი მერჩულე. მას სმენოდა მარტოდმყოფ ბერთა ცხოვრებისა და
სულიერი ღვაწლის შესახებ, ესენი იყვნენ მძოვრები, მესვეტეები, მემღვიმეები, მეუდაბნოეები, რომელთა
ნეტარ ღვაწლსა და ცხოვრებას მიელტვოდა წმ. გრიგოლი: „ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ
დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა
უდაბნოჲსასა, რომელნი-იგი იზარდებოდეს მძოვართა სახედ მწუანვილითა და ხილითა, ხოლო
რომელნიმე მცირედითა პურითა და რომელთაჲმე ესმოდა სახელი და რომელნიმე ფარულად იყვნეს.
ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმიდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ,
რომელთაგანმე - ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე - სიმდაბლესა და სიყუარულსა, რომელთაგანმე -
სიმშჳდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე - უპოვარებასა და ქუეყანასა ზედა წოლასა, გინა თუ
ზეჯდომით ძილსა, რომელთაგანმე - უძლურებასა და ჴელთ-საქმარსა დუმილით და მსგავსთა
სათნოებათა“ (ძეგლები, 1963//1964: 253). თავისთავად ცხადია, რომ ბერმონაზვნური ცხოვრების,
მარტოდმყოფობის თითოეული აქ ჩამოთვლილი სახეობა უდიდესი სათნოებით ცხოვრების
გამოხატულებაა და ღვთისაგან მინიჭებული განსაკუთრებული პატივია სულიერი ზეაღსვლისა და
განღმრთობისათვის, მაგრამ წმ. გრიგოლის ნიჭის, გონების, აზროვნებისა და განათლების პატრონი
მხოლოდ საკუთარი სულიერი განღმრთობისათვის საღვაწად არ იყო ღვთისაგან მოწოდებული. ამიტომ
მისი გასვლა ხანცთის მიდამოებისაკენ განგებისეულია, რადგან ღმერთმა იქ იგი შეახვედრა ხუედიოსს,
რომელმაც მას აუწყა მისი ამქვეყნად მოღვაწეობის უდიდესი მისიის შესახებ. ოპიზიდან ხანცთაში
წასვლამდე ჩვენება ნახა, რომ იგი იქ შეხვდებოდა ბერ ხუედიოსს. სწორედ ამ დროს, წმ. გრიგოლის
პარალელურად, ხუედიოსმაც ნახა ჩვენება, რომ მასთან მივიდოდა მღვდელი გრიგოლი, რომელსაც
ხანცთაში მონასტერი უნდა აეშენებინა. ასე შეხვდნენ ერთმანეთს ხანდაზმული ბერი ხუედიოსი და
ახალგაზრდა მღვდელი წმ. გრიგოლ ხანცთელი. სიმბოლური სახისმეტყველებით დატვირთულია ის
ფაქტი, რომ წმ. გრიგოლი ოპიზიდან, იოანე ნათლისმცემლის „საყოფელიდან“ (როგორც ძველ ქართულ
ტექსტებში მიუთითებენ ტაძრის აშენებას რომელიმე წმინდანის სახელზე), ხანცთაში მივიდა „ახალ იოანე
ნათლისმცემელთან“ - ხუედიოსთან. მათი შეხვედრა წინასწარმეტყველური და წინამორბედულია,
ჴუედიოსი შედარებულია წმ. იოანე წინამორბედ-წინასწარმეტყველთან. ჴუედიოსისაგან იგებს წმ.
გრიგოლი ხანცთის მონასტრის აღშენების ღვთისაგან განგებულ წინასწარმეტყველებას, რაც ხანცთის
ქართველთა სულიერ მშობელად წარმოსახვას გულისხმობს: „ხანცთაჲ სულიერად მშობელი არს ჩუენ
ყოველთაჲ“ (ძეგლები, 1963//1964: ), ე. ი. ხანცთამ სულიერად უნდა განაახლოს, ფაქტობრივად, შვას ახალი
საქართველო.
„ზეცისა კაცმა და ქუეყანისა ანგელოზმა“ წმ. გრიგოლმა, რომელიც სამონასტრო ცხოვრების
დამამკვიდრებლად და კანონმდებლად მოგვევლინა, ხანცთაში ააშენა წმ. გიორგის სახელობის მონასტერი,
რომლის აშენებასაც და მისთვის წმინდანის სახელის მინიჭებასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. წმინდა
გიორგი ქრისტეს მხედარია და საქართველოს სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს,
ქართველი ერის თვალთახედვით, მისი განსაკუთრებულობა მებრძოლი ბუნებით წარმოჩნდება. ქრისტეს

22
მხედარია წმ. გრიგოლიც, ვითარცა სულიერი სიძლიერის, მხნეობის, სამართლიანობის გამომხატველი და
დამამკვიდრებელი. მოგვიანებით აგებული შატბერდის მონასტერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
სახელობისაა, რაც გამჭვირვალე სიმბოლიკით აიხსნება, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
წილხვედრილი ქვეყანაა, რაც „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ უკვე ნათქვამია. წმ. გრიგოლის მიერ
აგებული მონასტრები წმინდანთა სახელებითაც სიმბოლურობას ამჟღავნებენ.
წმ. გრიგოლმა ურთიერთობა დაამყარა საერო პირთან, დიდგვაროვან ფეოდალთან - გაბრიელ
დაფანჩულთან, რადგან ძალიან კარგად იცოდა, თუ რა რთული, - თუ შეუძლებელი არა, - იქნებოდა
ეკლესიის დამოუკიდებლად აგება. გაბრიელმა დიდი დახმარება გაუწია და მისი შემწეობით აიგო
ხანცთაში ქვითკირის ეკლესია. გაბრიელის სიტყვით, მატერიალური სიკეთე საერო პირთა ხელშია, ხოლო
სულიერი - სასულიერო პირებს ხელეწიფებათ: „ჩუენ თანა არს ჴორციელი კეთილი, თქუენ თანა არს
სულიერი, ესე შევზავნეთ ურთიერთას“ (ძეგლები, 1963//1964: 260). სწორედ ამგვარი შეზავებით წარმართა
წმ. გრიგოლმა თავისი მოღვაწეობა.
წმ. გრიგოლმა მოწაფეები და თანამოაზრეები შემოიკრიბა, რაც გულისხმობდა ქრისტესმიერი ძმობის
ჩამოყალიბებასა და ეკლესიათა მშენებლობის წარმართვას. თხზულებაში ეს ეპიზოდი ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესია, რადგან წმ. გრიგოლის მიერ მომავალ მეუდაბნოე ბერმონაზონთათვის წასაყენებელი
პირობების ჩამონათვალი გვარწმუნებს, რომ წმინდა მამა წინასწარ ჭვრეტდა მომავალი ბერის მზაობას
სულიერი ცხოვრებისათვის. ბერობის, მონასტერში მოღვაწეობის მსურველს მკაცრი მოთხოვნები წაუყენა,
ისინი შრომისმოყვარენი, გამრჯენი, გულით უმანკონი, უზაკველნი, ყოველგვარ კეთილ საქმეში
სიმდაბლით უდრტვინველად მორჩილნი, ღირსად შემწყნარებელნი უნდა ყოფილიყვნენ, რითაც თავიანთ
მოძღვარს უნდა მიმსგავსებოდნენ, როგორც მათი მოძღვარი ქრისტეს ემსგავსებოდა. მათ წინასწარვე
იცოდნენ, რომ „კეთილად ცხონდებოდეს სულიერად, ხოლო ჴორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს“
(ძეგლები, 1963//1964: 258). ფაქტობრივად, წმ. გრიგოლმა თავის დაარსებულ მონასტრებში მეუდაბნოე
ბერმონაზონთა სამოღვაწეო და ცხოვრების მკაცრი წესები შეიმუშავა და დაამკვიდრა. ამავე დროს, წმ.
გრიგოლი „მხიარულად მესტუმრე და გლახაკთა მოღუაწე“ (ძეგლები, 1963//1964: 308) იყო, რაც მის ხატ-
სახეს სრულყოფილებას ანიჭებს.
წმ. გრიგოლმა თავისი აღშენებული და დაარსებული ეკლესია-მონასტრებისათვის შექმნა წესდება,
რომლის წინასახედ იესო ქრისტეს მიერ თავის მოწაფეთათვის ღვთაებრივი მოძღვრების გადაცემა
შეიძლება მოვიაზროთ. მან საგანგებოდ მოამზადა აღმოსავლურ-ქრისტიანული ეკლესიის ორი
მიმართულების - იერუსალიმურ-საბაწმიდური და კონსტანტინოპოლური საღვთისმსახურო
ტრადიციების გათვალისწინებით შედგენილი „სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით
გაბრწყინვებული“ „ფრიად ფიცხელი“ წესდება. როგორც თავად აღნიშნა: „ვითარცა მონასტრისა ჩემისა
მამანი სათნოებითა უზეშთაეს არიან ჟამისა ამის მონაზონთა, ეგრეთიცა წეს-არს წესი საღმრთოჲ
საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი“ (ძეგლები, 1963//1964: 264). წმ.
გრიგოლმა შეისწავლა კონსტანტინოპოლური წესდება, რომელიც იმხანად იმკვიდრებდა ადგილს
ღვთისმსახურებაში და რომელიც მომავლის წესდება იყო, ხოლო პალესტინიდან ჩამოატანინა
თავდაპირველი, საბაწმიდურ-პალესტინური წესდება, რომელიც ყველა ქრისტიანული ქვეყნის საეკლესიო
ტიპიკონებს დაედო საფუძვლად. მთავარი ისაა, რომ წმ. გრიგოლს ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში
უცვლელად არც ერთი არ დაუმკვიდრებია, არ მიუღია, პირდაპირ არ გადმოუღია. მან მათი
გათვალისწინებით შექმნა სრულიად ახალი ტიპის დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიისათვის

23
შესაფერისი, საჭირო და აუცილებელი შეზავებული წესდება, რომელიც ღვთაებრივ სამართალს
ესადაგებოდა და გამოხატავდა, ხოლო ღვთაებრივი სამართალი ზეადამიანური კატეგორიაა და მხოლოდ
ღვთის რჩეულთ ეუწყებათ სული წმიდის მეშვეობით. ხანცთაშივე შეადგინა ღმრთივგანბრძნობილმა წმ.
გრიგოლმა სული წმიდის შთაგონებით „საწელიწდო იადგარი“. წმ. გრიგოლის ხელით დაიწერა
„საწელიწდო იადგარი“, საღვთისმსახურო წიგნი, საგალობელთა კრებული, რომლის გარეშე შეუძლებელია
ლიტურგიის აღსრულება ტაძარში. მის არქეტიპად სული წმიდის ძალით მოციქულთა მოძღვრებების
შექმნა, ძველი აღთქმის ქრისტიანული გადააზრება შეიძლება ვიგულისხმოთ. მოციქულთა მსგავსად, წმ.
გრიგოლმა მთელი ერის სულიერ განათლებაზე იზრუნა და მისმა სიბრძნემ საუკუნეთა შემდეგ გამოიღო
კეთილი ნაყოფი. ე. ი. წმ. გრიგოლი საკანომდებლო და საღვთისმსახურო წიგნების შექმნით ქართული
ეკლესიის დამოუკიდებლობის საფუძველს განამტკიცებდა, რაც იერუსალიმურ-საბაწმიდურ და
კონსტანტინოპოლურ სამონასტრო ცხოვრებათა გამოცდილებებს ემყარებოდა, მაგრამ იყო
დამოუკიდებელი, ქართული.
წმ. გრიგოლმა თავისი მოწაფეები გაანაწილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ბიბლიური
ცნობიერებიდან გამომდინარე, კერძოდ, ახალი აღთქმისეული ცნობიერების განვითარების საფეხურების
გათვალისწინებით მას მოციქულებრივი მოღვაწეობის ეტაპი შეესაბამება არქეტიპად, როდესაც ქრისტეს
ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები ყოველი კუთხით გაეშურნენ ქრისტეს
მოძღვრებათა საქადაგებლად.
თვით წმ. გრიგოლს, რომელმაც „ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცნოდნა და
მრავალნი წიგნნი ძუელისაცა შჯულისანი“ (ძეგლები, 1963//1964: 282), ჩინებულად ჰქონდა გააზრებული
ეკლესიასტეს მოძღვრება, რომ „ყოველთათჳს ჟამი არს“, კერძოდ, „ჟამი არს შობისაჲ და ჟამი
სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის,... ჟამი არს სიყუარულისაჲ
და ჟამი არს სიძულილისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ“ (ეკლ. 3, 2-8) და სწორედ ამ ბიბლიურ მოძღვრებას
დაამყარა თავისი მოღვაწეობაც, რაც მისი სულიერი სრულყოფილებით, პიროვნების აღორძინებით,
ზნესრულობით განხორციელდა და დაგვირგვინდა.
წმ. გრიგოლ ხანცთელი და ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. წმ. გრიგოლი სიახლის
მაუწყებელი და დამამკვიდრებელია ქართველი ერის ცხოვრებაში. ამ მხრივაც ჰყავს მას წინასახეები.
უდიდესი სულიერი სიახლე შემოიტანა ქართლში ჯერ ქრისტეს მოციქულმა წმინდა ანდრია
პირველწოდებულმა, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონაცვლედ საქართველოში მოსულმა
კაბადოკიელმა წმინდა ნინომ, მათ ქართველი ერი ქრისტიანულ მოძღვრებას, საღვთო სიბრძნეს,
ჭეშმარიტებას აზიარეს. წმ. გრიგოლი ჩასწვდა დაფარულ ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, რაც მხოლოდ
აბსოლუტური რწმენით მიიღწევა. წმ. გრიგოლი ეპოქის მაჯისცემას გრძნობს და იცის, რომ მან უნდა
შექმნას ერის ერთიანობის, სიმტკიცის, ზნეობის ჩამომყალიბებელი და სამართლიანობის დამცველი ძალა.
ეს ეკლესიაა, იმ დროისათვის ერთადერთი ძალა, რომელმაც ქვეყნის ერთიანობის იდეოლოგიური
საფუძველი მოამზადა. ნერსე ერისთავის მოღვაწეობისა და ცხოვრების მიმწუხრს, წმ. გრიგოლ ხანცთელის
სამოღვაწეოდ გამოსვლის ჟამს, საქართველო დაშლილ-დაქუცმაცებული, „სენიორალური ქვეყანაა“,
მოსაწესრიგებელი ქვეყანაა. ცხადია, მხოლოდ ეკლესიას არ ძალუძს ქართლის „ქალაქყოფა“. აქ ერისკაცთა
და „სულიერთა განწყობილთა ლაშქართა“ ერთიანობაა საჭირო და აუცილებელი. შუა ქართლიდან
დევნილმა აშოტ კურაპალატმა ღვთის განგებით ზემო ქართლში, კლარჯეთში ჰპოვა თავშესაფარი და
ვახტანგ გორგასლის აღშენებული არტანუჯის ციხე-ქალაქი განაახლა, არტანუჯისა, რომელსაც ერისათვის

24
სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია ეკისრა. სუმბატ დავითის-ძე გვამცნობს: „კლდე ერთი, რომელი
პირველ გორგასალს ვახტანგს ციხედ აღეშენა“ (ქართლის ცხოვრება, 1955). თხზულებაში ეს ფაქტი
ბაგრატიონთაგან გორგასლიანთა საქმის გაგრძელებად მოიაზრება.
კლარჯეთმა შეახვედრა ერთმანეთს ქართლიდან სხვადასხვა მიზნით გადახვეწილი ორი
უწარჩინებულესი და მართლმორწმუნე პიროვნება - წმ. გრიგოლ ხანცთელი და წმ. მეფე აშოტ
კურაპალატი, ერის სულიერი მამა და ერისათვის შეუპოვარი მებრძოლი, „ზღუდე შჯულისაჲ“ და „ზღუდე
ქრისტიანეთაჲ“, ხანცთისა და არტანუჯის ამაღორძინებელნი, რომელთა საქმიანობასაც უნდა დაეწყო
ერთიანი, ძლიერი საქართველოს ჩამოყალიბება. წმ. გრიგოლი ხანცთას აშენებს, აქედან იწყებს „უდაბნოთა
ქალაქყოფას“. ხანცთა ბეთლემია, ნაზარეთია, საიდანაც გამობრწყინდა და წამოვიდა ის სულიერი ნათელი
და ძალა, რამაც საქართველოს გაერთიანება მოიტანა შედეგად.
წმ. გრიგოლისა და წმ. აშოტ კურაპალატის თანამებრძოლობა-თანამოღვაწეობას ბიბლიური სამოელ
წინასწარმეტყველისა და დავით წინასწარმეტყველის თანამოღვაწეობის ჰიპოდიგმურ-პარადიგმული
სახისმეტყველება წარმართავს. წმ. გრიგოლი ცალკე ემზადება ქართლის დიდი სულიერი მომავლის
შესაქმნელად და უმძიმეს პირობებში იწყებს ეკლესია-მონასტერთა აღმშენებლობას კლარჯეთში,
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მხარეში. მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა „მეათერთმეტე ჟამის“ მხნე,
გამრჯე, შრომისმოყვარე, უბიწო და ზნეობრივი სიმაღლით გამორჩეული მუშაკნი, ჩამოაყალიბა
ქრისტესმიერი ძმობა, რომლის იმედითაც შეუდგა აღმშენებლობით და კულტურულ-საგანმანათლებლო
საქმიანობას. ამავე ხანებში არაბთაგან შევიწროებული და დევნილი აშოტ კურაპალატი, ღვთისმსახური
მეფე ქართლისა, აღმოსავლურ-ქრისტიანული (იგულისხმება ბიზანტიის იმპერია) ორიენტაციის მქონე,
რასაც მისთვის მინიჭებული კურაპალატობის ხარისხიც მოწმობს, ოჯახითურთ ბიზანტიისაკენ
მიილტვოდა, მაგრამ არაბთაგან შედარებით მიუდგომელ კლარჯეთში პოვა თავშესაფარი და აქედან
დაიწყო ბრძოლა ახალი ქართლის აღშენებისათვის. ამაში გაბრიელ დაფანჩულს მიუძღვის წვლილი.
საქართველოს სულიერი აღმშენებლობა, განახლება და სახელმწიფოებრივი მოწყობა იწყება სამხრეთიდან
- ტაო-კლარჯეთიდან. სამხრეთ საქართველოსაკენ წმ. გრიგოლისა და აშოტის მისწრაფებას, სვლას
ბიბლიური აბრაამის ქანაანისაკენ სვლის სიმბოლურობა წარმართავს. ეს მხარე მათთვის ბიბლიურ-
ევანგელური სიმბოლიკის კვალობაზე იყო უდაბნო, გამოცდის ადგილი, საიდანაც ამოიზარდა ერთიანი
და ძლიერი სახელმწიფოს შექმნის იდეა. „ჟამი შენებისა“ მალე უნდა დამდგარიყო. ამ ეტაპზე წმ. გრიგოლი
და წმ. აშოტი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
წმ. გრიგოლმა მართლმორწმუნე მეფის ამბავი შეიტყო და მასთან შეხვედრის სურვილი აღეძრა. აშოტ
კურაპალატს ღირსეულმა ქართველმა კაცმა, კლარჯეთის დიდებულმა გაბრიელ დაფანჩულმა,
ერისმთავარმა აუწყა „სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოვებაჲ და უქმსა უდაბნოსა
მონასტრისა შენებაჲ და მოწაფეთა მისთა სათნოებაჲ და მოწაფეთაგანვე ცნობაჲ დიდებულებისაჲ წმიდისა
მის მშობელთაჲ“ (ძეგლები, 1963//1964: 261). წმ. გრიგოლის უცხოება სიმბოლურ არსს გულისხმობს,
რადგან უცხოობა სხვა ქვეყნიდან ან სხვა კუთხიდან მოსვლას გულისხმობს. ამით მინიშნებულია, რომ წმ.
გრიგოლი ღვთისაგან საგანგებო მისიითაა ქართლიდან ზემო ქართლში, როგორც ივანე ჯავახიშვილმა
უწოდა სამხრეთ საქართველოს კუთხეებს, კლარჯეთში მოვლენილი. არტანუჯის ციხე-ქალაქში
პირველსავე შეხვედრაზე ერთმანეთში თანამდგომი, თანამოღვაწე, თანამებრძოლი, თანამგრძნობი,
თანასულიერი და თანაშემოქმედი შეიცნეს. მხოლოდ ურთიერთთანადგომით და თანაღვწით
შეიძლებოდა ღვთისაგან დაკისრებულის აღსრულება: ერის სულიერი წინამძღვრობა წმ. გრიგოლს,

25
საქართველოს ფიზიკურ-სულიერი წინამძღოლობა აშოტს ხვდა წილად. თვითონ აშოტმა წმ. გრიგოლი
ბიბლიურ წინასწარმეტყველს შეადარა: „მეფეთა ისრაჱლისათა ჟამად-ჟამად წინაწარმეტყუელი
აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და
სამხილებლად ურწმუნოთა, ეგრეთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად
და რაჲთა მას იღუწიდე ჩუენთჳს წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტჱსა და წმიდათა მისთა“
(ძეგლები, 1963//1964: 262). სამოელ წინასწარმეტყველის კვალობაზე, წმ. აშოტ კურაპალატი, ვითარცა
დავით წინასწარმეტყველი, მოღვაწეობას შჯულის დასაცავად, მორწმუნეთა შესაწევნელად, ურწმუნოთა
სამხილებლად წმ. გრიგოლისაგან მოელის. თავის მხრივ, ისევე როგორც სამოელ წინასწარმეტყველმა სცხო
სამეფოდ დავითს და იგი ისრაელს მეფედ დაუდგინა, ასევე წმ. გრიგოლის დალოცვაში აშოტის მეფობის
კანონიკურად ცნობა, ბაგრატიონთა გამორჩეულობაა აღიარებული მათი ბიბლიური ჩამომავლობის
წარმოჩენით: „დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო
ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას
მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე
ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ
იყვნენ უკუნისამდე“ (ძეგლები, 1963//1964: 262). წმ. გრიგოლისა და აშოტის საუბარში მოძებნილია ის
იდეოლოგიური საყრდენი, რასაც უნდა დამყარებოდა ქვეყნის ეკლესიური და პოლიტიკური ერთიანობა.
წმ. გრიგოლის სახით ქართული ეკლესია ბაგრატიონთა საგვარეულოს თანამდგომად, შემწედ გვევლინება.
მეფეები საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებაზე ზრუნვას თავიანთ მოვალეობად რაცხდნენ. სწორედ
ამიტომ დიდებულმა კურაპალატმა „შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად
ხანცთისა... სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატთა, ადარნესე, ბაგრატ, და გუარამ შეწირეს
თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“ (ძეგლები, 1963//1964: 262-
263). ეკლესია-მონასტრებისათვის ბაგრატიონთა ამგვარი მზრუნველობა წმ. გრიგოლმა ღვთის წყალობად
და „სულიერად განწყობილთა ლაშქართა“ დიდ გამარჯვებად მიიჩნია. წმ. გრიგოლი და აშოტი ერთად
იბრძვიან არაბობის წინააღმდეგ: წმ. გრიგოლი ქართველი ერის თვითშეგნებისა და ეროვნული
ცნობიერების გამოსაფხიზლებლად ქრისტესა და ჯვრის მეოხებით, აშოტ კურაპალატი - ხმლითა და
სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრებით. შემდეგ კი მათი ინტერესები
ფართოვდება: არც ბიზანტინიზაციაა მისაღები, რადგან „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“
(მთ. 6, 24). აშოტიც კურაპალატია, ბიზანტიის იმპერატორის ბოძებული ხარისხის მფლობელი, მაგრამ
ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და მზრუნველი. წმ. გრიგოლისა და აშოტის
ურთიერთობაში ეს ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია.
წმ. გრიგოლისა და აშოტის თანამოღვაწეობამ სულიერი მოძღვრისა და სულიერი შვილის
ურთიერთობითაც იჩინა თავი. როდესაც გრიგოლმა შეიტყო დიდებული ხელმწიფის აშოტ კურაპალატის
„საქმე იგი სულისა განმხრწნელი“, მყის განარიდა „ბოროტსა მას ცოდვასა“ (ძეგლები, 1963//1964: 296),
რადგან მეფის ზნეობრივი სახე შეუბღალავი უნდა დარჩეს. სულიერმა მოძღვარმა უნდა დაიცვას მისი
სახელი, ავტორიტეტი ერისა და ქვეყნის წინაშე; ეს ღვთისაგან დაკისრებული მისი მოვალეობა იყო.
ცნობილი ფაქტია, რომ მეფეთა და მისი ოჯახის წევრთა ქორწინება პოლიტიკურ ინტერესებზე იყო
დამყარებული და არა სიყვარულზე, რადგან ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უმეტესად სწორედ
სამეფო ოჯახების დამოყვრებაზე იყო დამოკიდებული. ფაქტობრივად, მეფეს სიყვარულის უფლება არ
ჰქონდა, რადგან მეფე პიროვნულ გრძნობებს ვერ დაემყარებოდა ოჯახის შექმნისას; სამეფო ოჯახი

26
ყოველგვარ პირადულზე უნდა ამაღლებულიყო და მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესებით
ეხელმძღვანელა, იგი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. ამიტომ მეფის სტატუსი პირად გრძნობებს არასოდეს
ითვალისწინებდა. ცნობების მოუღწევლობის გამო აშოტ კურაპალატის შესახებ ვერ ვიტყვით, როგორ
შეირთო ცოლი. ვიცით, რომ მეფე აშოტ კურაპალატს არტანუჯში დამკვიდრების წინ კანონიერი მეუღლე
და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ადარნესე და ბაგრატი; უმცროსი ვაჟი, გუარამი, არტანუჯში
დაიბადა. სწორედ არტანუჯის ციხე-სიმაგრეში, სამეფო რეზიდენციაში მიიყვანა აშოტმა „სიძვის დიაცი“,
რომელიც გიორგი მერჩულემ ამგვარად მოიხსენია და ეს მისი პოზიციის გამოხატულებაა, რადგან
კანონიერი ცოლის გვერდით სხვა ქალის მიყვანა ქრისტიანული ცხოვრების საწინააღმდეგო ფაქტია. ამ
ეპიზოდის ასახვისას მეფის საქციელის მიმართ ავტორის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მჟღავნდება,
რადგან სიძვის დიაცის სასახლეში მიყვანა მეფისათვის შეუფერებელ ქმედებად და სულის გამხრწნელ
საქმედ მიაჩნია. რაც მთავარია, ეს ფაქტი ავტორმა ეშმაკის საქმედ მიიჩნია და ბოროტ ცოდვად აღიქვა.
ცხადია, წმ. გრიგოლ ხანცთელმა ამხილა აშოტ კურაპალატი უზნეო საქციელში და ჯერ მშვიდად ურჩია
ქალის გარიდება სასახლიდან, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, გულისთქმას დამონებულმა მეფემ კარგა
ხნით შეაყოვნა ქალის გაშვება, რის შემდეგაც წმ გრიგოლმა თავად მოაგვარა ყველაფერი. უნდა აღინიშნოს,
რომ ქალი, რომელიც მეფეს შეუყვარდა, იქნებოდა დიდგვაროვანი ფეოდალის ასული, წოდებრივად
მისთვის შესაფერისი და, ალბათ, სილამაზით გამორჩეულიც. მაგრამ ჰაგიოგრაფ მწერალს ამგვარი რამ არ
აინტერესებს, რადგან ეს ჰაგიოგრაფიისათვის არაა მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, რომ მეფის ავტორიტეტი
და ღირსება არ შეილახოს, არ დაკნინდეს. წმ. გრიგოლ ხანცთელმა ისეთი დრო მოძებნა, როდესაც აშოტი
სასახლეში არ იყო და ქალი გამოიყვანა. საყვედურით მიმართა, რომ მეფის სულისთვის საფრთხედ
ქცეულიყო. წმ. გრიგოლის სულიერობით გაჯერებული საუბარი ქალთან ემოციურად ძლიერ
დატვირთულია. დავიმოწმოთ ეს დიალოგი, რომელიც წმინდანის სიმტკიცესა და ქალის შინაგან განცდებს
თვალნათლივ გვაცნობს, აგრეთვე, ფებრონიას, როგორც ქრისტიანული ზნეობის დამცველი და ყოველივე
ამქვეყნიურზე ამაღლებული პიროვნების, ხატ-სახეც წარმოაჩინა. თვით წმ. გრიგოლი საქმის ამგვარად
გადაწყვეტით აშოტ კურაპალატის მდგომარეობის შემსუბუქებას შეეცადა.
წმ. გრიგოლ ხანცთელი: „ჵ საწყალობელო! რაჲსათჳს შორის ცოლ-ქმართა შთაჭრილ ხარ
წარსაწყმედელად შენდა საუკუნოდ ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკისადა და
ცუდითა რაჲთმე მიზეზითა საფრჴე ქმნულ ხარ დიდისა ჴელმწიფისადა?~
ქალი: „წმიდაო ღმრთისაო, მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაჲთგან გარდარეული
სიყუარული აქუს ჩემდა მომართ კურაპალატსა და აწ არაჲ უწყი, თუ რაჲ ვყო, რამეთუ ბრძანებამან
სიტყუათა შენთამან შემაძრწუნა ფრიად“.
წმ. გრიგოლ ხანცთელი: „შვილო, იქმენ სრულიად მორჩილ სიტყუათა ჩემ გლახაკისათა და მე თავს-მდებ
გექმნე ქრისტჱს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს“.
ქალი: „წმიდაო მამაო, ჴელთა შენთა ვარ, უმჯობესი სულისა ჩემისაჲ იზრუნე“.
წმ. გრიგოლ ხანცთელი: „შვილო ჩემო, დღეს იქმნა ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ სანატრელისა
დედისა ფებრონიაჲს წინაშე მიგიყუანებ შენ“ (ძეგლები, 1963//1964: 296-297).
იშვიათი ექსპრესიულობით გამორჩეულ დიალოგში ზნეობრივ პრობლემასთან ერთად პოლიტიკური
საკითხის სიღრმეც გამოსჭვივის, რადგან პოლიტიკურ პირს, ქვეყნის მეთაურს, მეფეს, უწინარეს ყოვლისა,
ზნეობის დაცვა მოეთხოვება, რასაც დავით წინასწარმეტყველის ჰიპოდიგმა წარმართავს. წმ. გრიგოლმა
პირველი შეხვედრისას აშოტ კურაპალატი დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლად მიიჩნია, რასაც

27
საღვთისმეტყველო და პოლიტიკური ღირებულება ერთდროულად ენიჭება. მართალია, ამ ეპიზოდში
დავით წინასწარმეტყველი არაა ნახსენები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ წმ. გრიგოლმა აშოტი ბიბლიურ
წინასწარმეტყველთა პარადიგმულ ხატ-სახედ წარმოგვიდგინა და მისი ცხოვრებაც, დავით
წინასწარმეტყველის პირადი ცხოვრების მსგავსად, სულიერი განსაცდელით აღსავსე ფაქტებით ასახა.
ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც აშოტმა ქალის სასახლიდან მონასტერში გადაყვანის ამბავი
შეიტყო. შეყვარებული მეფე ყოველგვარი მეთოდით შეეცადა ქალის დაბრუნებას და ფებრონიას
მონასტერში ეახლა, რათა ძვირფასი არსება მონასტრის კედლებიდან ისევ სასახლის დარბაზებში
გადაეყვანა. მაგრამ ფებრონიასთვის მეფის მიერ მოხმობილი მიზეზი საკმარისი საბუთი არ იყო, პირიქით,
მეფე ფსალმუნთა სიტყვებით ამხილა და ზნეობის დაცვა მოსთხოვა, რის შემდეგაც ზნეობრივი კოდექსის
დაცვის ინიციატივით მოქმედ სასულიერო პირთა სიმტკიცით შერცხვენილმა მეფემ სიკვდილი ინატრა:
„ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“ (ძეგლები, 1963//1964: 297), ხოლო ავტორმა, საკუთარი
წოდების სიძლიერით, ავტორიტეტითა და ზნეობით აღფრთოვანებულმა ჰაგიოგრაფიული ჟანრის
ნაწარმოებებისათვის კონცეპტუალური ღირებულების მქონე აზრი გამოთქვა: „ჴორციელად ძლიერსა
ჴელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურილთა მათ საღმრთოჲთა შურითა“ (ძეგლები,
1963//1964: 297).
წმ. გრიგოლისა და აშოტ კურაპალატის ურთიერთობა სრული სისავსით წარმოჩნდება წმ. გრიგოლის
მიერ წარმოთქმულ სამგლოვიარო სიტყვაში; თავის ცნობილ დატირებაში მან შეაფასა აშოტ კურაპალატის,
როგორც პოლიტიკოსის, მნიშვნელობა ქართველი ერის ისტორიაში, ქართული სახელმწიფოებრიობის
ჩამოყალიბებისათვის ბრძოლის ისტორიაში. წმ. გრიგოლისა და გიორგი მერჩულის სიტყვით, „ნებითა
ღმრთისაჲთა“ ბაგრატიონთა დინასტიას სწორედ აშოტმა ჩაუყარა საფუძველი. გრიგოლის დატირებამ
აშოტი ევანგელური სახისმეტყველებით, ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სახით მაცხოვრის მსგავს
პიროვნებად წარმოაჩინა, რომელიც მოიკლა იუდას მსგავსთაგან: „ჰოჲ მეფეო ჩემო, ძლიერო და
დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო, სადაჲთ-მე მოგელოდი,
აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? (შდრ.: ლ. 13, 29). რამეთუ ყოველთა
ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ჴელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკჳრველი ეგე
დიდებული, ღმრთის-მსახური ჴელმწიფჱ! აწ ვითარ-მე მიეცი ჴელსა შეურაცხთა უშჯულოთა და უნდოთა
კაცთასა, რომელნი-იგი იუდაჲს მსგავსად შენ უფლისა თჳსისა მკლველ იქმნნეს მოსაკუდინებელად ჩუენ,
გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე?“ (ძეგლები, 1963//1964: 264-265). წმ. გრიგოლი აშოტს
მიიჩნევდა სრულიად საქართველოს გამაერთიანებელ მეფედ, რომელიც უნდა გამხდარიყო
აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მფლობელი. იგი მასში ხედავდა ყოველთა
ქართველთა ზედა ნათესავთა, ყოველთა ქართველთა ქვეყანათა ერთიან სახელმწიფოდ შემკვრელს, რაც
აშოტის უდროოდ მოკვლამ დიდი ხნით შეაფერხა. წმ. გრიგოლმა მასში სანიმუშო, ყველაფერზე
ამაღლებული, ბიბლიური მეფე-ხელმწიფის ხატი დაინახა. იდეა აღმოსავლეთის, დასავლეთის,
ჩრდილოეთისა და სამხრეთის მფლობელობისა მოგვიანებით თამარ მეფის იამბიკოში გამჟღავნდა,
როგორც დავითიანი ბაგრატიონების პოლიტიკურ-იდეოლოგიური მსოფლხედვის გამოხატულებისა.
წმ. გრიგოლ ხანცთელი - „ზღუდე შჯულისაჲ“... ამაში წმ. გრიგოლის შჯულმდებლობა წარმოჩნდება,
რადგან მან ქართველ ერს წესდება და საწელიწდო იადგარი მიუბოძა.
წმ. აშოტ კურაპალატი - „ზღუდე ქრისტიანეთაჲ“... ამ სიტყვებით კი აშოტის სამხედრო და პოლიტიკურ-
სახელმწიფოებრივი ღვაწლი წარმოჩნდა.

28
წმ. გრიგოლ ხანცთელი თანამოღვაწეობას აშოტის შვილებთან და შვილიშვილებთან აგრძელებს, რაც
სულიერი მშობლისა და სულიერი შვილების ურთიერთობით ვლინდება: წმ. გრიგოლმა მონათლა გურგენ
კურაპალატი, ძე ადარნესესი, და დავით კურაპალატი, ძე ბაგრატისი, რომლის შტომ დაიმკვიდრა
საქართველოს მეფის ტიტული. წმ. გრიგოლი აშოტის ნაცვალ თავის თანამოღვაწედ მიიჩნევს „ნებითა
ღმრთისაჲთა და ნებითა ძმათა თჳსთაჲთა და ბრძანებითა ბერძენთა მეფისაჲთა“ (ძეგლები, 1963//1964:
272) კურაპალატობის ხარისხით აღჭურვილ ბაგრატს, „მშუვალესა მას ძმასა“, რომელსაც ძმები, უფროსი
ადარნესე და უმცროსი გუარამი, „საღმრთოჲსა ძმობისა სიყუარულითა“ დაემორჩილნენ. გიორგი
მერჩულემ ბაგრატი ძმათაგან აღმატებულად წარმოსახა და მის წინასახეებად დავით წინასწარმეტყველი,
პეტრე მოციქული, ბაგრატ მღვდელმოწამე მიიჩნია. წმ. გრიგოლი ბაგრატთან თანამოღვაწეობს და
ლოცულობს მისთვის, „რაჲთა არა მოაკლდეს კეთილი საქმე მეფობისა მიზეზთაგან“ (ძეგლები, 1963//1964:
273). ბაგრატ კურაპალატიც ღირსეულად აფასებს წმ. გრიგოლის მოღვაწეობას, რადგან, მისი სიტყვით, იგი
არის „ღმრთისა მიერ მონაწილე ჩუენ თანა, შვილთა აშოტ კურაპალატისათა“. მის მიმართვაში შეიგრძნობა
უდიდესი მოწიწება, ქრისტესმიერი სიყვარული, პატივისცემა წმიდა მამისადმი, ვითარცა ბაგრატოვანთა
საგვარეულოს, სამეფო ოჯახის მცველისა და ზღუდისადმი: „ღმერთმან შეგამკო სიბრძნითა, ჰასაკითა და
სულითა წმიდითა ჴსნისა ზღუდედ ჩუენდა, შუამდგომელად შორის სიკუდილისა და ცხორებისა,
რომლითაცა ვრცელ იქმენ ყოველსა ამას ქუეყანასა თანა-ზრუნვითა და საღმრთოჲთა მოღუაწებითა
შენითა. ხოლო მე თანა-მაც სიყუარული და პატივი მამობისა შენისაჲ“ (ძეგლები, 1963//1964: 272).
წმ. გრიგოლ ხანცთელის ავტორიტეტი, აგრეთვე, ადარნესეს მძაფრი სიუჟეტის მქონე სამიჯნურო
ეპიზოდის ასახვისას, ჯავახეთში მოწვეული საეკლესიო კრების მსვლელობისას გამოვლინდა.
წმ. გრიგოლ ხანცთელის ეპოქაში საფუძველი ეყრება საქართველოს სახელმწიფოებრივ ერთიანობას,
რასაც გიორგი მერჩულე შემდეგი სიტყვებით გადმოგვცემს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების,
რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“ (ძეგლები,
1963//1964: 290). სწორედ მათი ძალისხმევით ჩამოიქნა და ჩამოიძერწა პირველად ქართველი ერის
მარადიული არსებობის ეს მკვიდრი საფუძველი, ფორმულასავით რომ გასდევს საუკუნეებს: მამული, ენა,
სარწმუნოება. ეს იდეა წმ. გრიგოლ ხანცთელისაგან დამოუკიდებლად წამოაყენა 1861 წელს 23 წლის ილია
ჭავჭავაძემ და მისთვის ბრძოლას შეეწირა კიდეც. რევაზ სირაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული
სახისმეტყველებიდან პარადიგმულ ნიმუშებს თუ მივმართავთ, წმ. გრიგოლ ხანცთელი ილიას აჩრდილის
სახეში შეიძლება იქნას მოაზრებული და ილიას სიტყვებს იმოწმებს: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე
ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული“. ამავე სახეში მოიაზრებს მკვლევარი სულხან-საბა
ორბელიანსა და თვით ილია ჭავჭავაძესაც (სირაძე, 1987: 140-141). ნერსე ერისთავისა და იოვანე საბანის
ძის ღრმა ეროვნულ იდეალებს ნაზიარებმა წმ. გრიგოლ ხანცთელმა, ახალი ქართლის სულიერმა
წინამძღვარმა, აშოტ კურაპალატში, ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელში, დაინახა ის დიდი დვრიტა,
რასაც დამონებული, დაცემული, რწმენადაკარგული, უღონოდქცეული და თითქმის სასოწარკვეთილი
ერის აღორძინება უნდა მოჰყოლოდა, რაც წმ. გრიგოლ ხანცთელის ანდერძითაა განსაზღვრული და
განმტკიცებული: „ნებაჲ ურთიერთას შეზავეთ, რამეთუ შფოთი ივლტის ბრძენთაგან, და ერთობით
უმჯობესი დაამტკიცეთ“ (ძეგლები, 1963//1964: 309). ამ გზით სიარულს ასწავლიდა ერს ღირსეული
სულიერი მოძღვარი წმ. გრიგოლ ხანცთელი.
წმ. გრიგოლ ხანცთელი აფხაზეთში. წმ. გრიგოლის სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი ხედვის
საფუძველზეა განსახილველი აფხაზეთში ეკლესიის აშენების შესახებ აფხაზთა მეფისათვის ნათქვამი

29
უარი, რის მიზეზიც ორი რამ უნდა იყოს: 1. ღვთის ნებით არაა განსაზღვრული, რომ ამ მხარეში გრიგოლის
მიერ დრომდე არ უნდა აიგოს მონასტერი, ე. ი. ვიდრე საამისო ჟამი არ მოაწევს; ამიტომ წმ. გრიგოლ
ხანცთელმა მონასტრისათვის შესაფერისი გეოგრაფიული სივრცე, ტაძრის ასაშენებელი ადგილი ვერ
მოძებნა; ამის მიზეზად წმ. გრიგოლ ხანცთელი ქვეყნის ადგილმდებარეობას, ბუნებას მიიჩნევს;
გავიხსენოთ მისი სიტყვები: „არა არს მიწაჲ, არცა წყალი ქუეყანასა ამას, სადამცა მონასტერი აღეშენა,
რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ მარხვაჲ არს, და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან
ხორშაკისა მაკუდინებელისა“ (ძეგლები, 1963/1964: 268); სრულიად გამოკვეთილად არის ნათქვამი, რომ
მონაზონთა ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის დასავლეთ საქართველოს ბუნება შესაფერისი არაა.
წმინდა მამის პასუხით გულდაწყვეტილმა და შეწუხებულმა აფხაზთა მეფემ ეს მიზეზი არ შეიწყნარა და
წმ. გრიგოლს მიმართა: „არა სამართალ არს კეთილთა თქუენთაგან უნაწილობაჲ ამის ქუეყანისაჲ“
(ძეგლები, 1963/1964: 268); მეფეს წმინდა მამათა ღვაწლის მოზიარედ უნდა გახადოს აფხაზეთი. წმ.
გრიგოლის მიმართვაში მეფე დემეტრეს მიმართ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსი
გამოკვეთილად არ ჩანს, მეტიც, წმინდა მამა საერთოდ არ ახსენებს აფხაზეთის სამეფოს მდგომარეობას;
ჰაგიოგრაფი მწერალი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ვითარებაზე ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან
ეს არაა ჰაგიოგრაფიის მიზანი. 2. მიუხედავად ზემოთქმულისა, წმ. გრიგოლის მიერ ეკლესიის აგებაზე
უარის თქმას მეორე მიზეზიც აქვს; დასავლეთ საქართველოს, საზოგადოდ, მთელი საქართველოს
(„ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების“...), პოლიტიკური მდგომარეობისადმი ანალიტიკური
მიდგომა იყო საჭირო და გასათვალისწინებელი, რადგან იმ დროისათვის, IX საუკუნის I ნახევარში
აფხაზეთი ბიზანტიაზე ორიენტირებული ქვეყანა იყო. ამავე დროს, დასავლეთ საქართველოს ეკლესიაც
ბიზანიაზე იყო ორიენტირებული და დამოკიდებული. ამიტომაც, მისი შეხედულებით, განგებით, ღვთის
ნებით არ იყო განსაზღვრული, რომ ამ მხარეში წმ. გრიგოლის მიერ აგებულიყო მონასტერი.
წმ. გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის ეპოქის ვითარების ფონზე მწერლის სიტყვებს მიღმა
საქართველოს მდგომარეობაა მოსააზრებელი, რადგან დასავლეთ საქართველოს, საზოგადოდ კი, მთელი
საქართველოს („ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების“...), სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური
მდგომარეობის მიუკერძოებელი შეფასებაა საჭირო; იმ დროისათვის, როდესაც წმ. გრიგოლ ხანცთელი
აფხაზეთში ჩავიდა, IX საუკუნის დასაწყისში, ისტორიული წყაროების მონაცემებით, აფხაზეთი ჯერ კიდევ
ბიზანტიაზე ორიენტირებული ქვეყანა იყო, ბიზანტიის იმპერიის მფარველობაში იმყოფებოდა. ამას ისიც
მოწმობს, რომ VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე ადრე დასავლეთ საქართველოში ქართულენოვანი წარწერა არ
დასტურდება, როგორც ამას ეპიგრაფიკის სპეციალისტები მიუთითებენ; კერძოდ, ვ. სილოგავას
თვალსაზრისით: „ქუთაისის საყდრის ანტეფიქსის წარწერის თარიღი VIII-IX საუკუნეებით განისაზღვრება.
მაშასადამე, ჯერჯერობით იგია უძველესი ქართული ასომთავრული წარწერა დასავლეთ
საქართველოდან, უბისის ტაძრის თავდაპირველ წარწერებსა (ქწკ, II, 28-30, # 1-4) და მსიგხუას ეკლესიის
ანტეფიქსების წარწერებთან (ქწკ, II, 3032, #5-6) ერთად. ამათზე ძველი ქართული ასომთავრული წარწერები
დასავლეთ საქართველოში არცაა მოსალოდნელი“ (სილოგავა, 2009: 78-79). მკვლევარს არ აუხსნია ის
მიზეზები, თუ რამ გამოიწვია დასავლეთ საქართველოში ქართული წარწერების არარსებობა.
ყოველივე ამის საფუძველზე ვფიქრობ, რომ გიორგი მერჩულის მიერ წარმოსახულ ამ ეპიზოდში
სარწმუნოებრივი მსოფლხედვის მიღმა ქვეყნის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ვითარებაც იკითხება.
წმ. გრიგოლ ხანცთელის მიერ აფხაზეთში ეკლესიის აგებას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის
გართულება შეიძლება მოჰყოლოდა, ბიზანტიის იმპერიასა და საქართველოს შორის წინააღმდეგობა

30
წარმოქმნილიყო, საქართველოს იმდროინდელი „სენიორალური“ (ნ. ბერძენიშვილი) მოწყობის
კვალობაზე არსებულ სხვადასხვა მხარეებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ საბოლოოდ
კოორდინირებული არ იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ სარწმუნოებრივთან ერთად, ამ ეპიზოდში წმ. გრიგოლ
ხანცთელის სახელმწიფოებრივმა ხედვამ და ალღოიანობამ, მოსალოდნელ მოვლენათა წინასწარჭვრეტამ
განაპირობა აფხაზეთის სამეფოში ეკლესიის აგების შესახებ მისი უარი, რითაც ჰაგიოგრაფმა მწერალმა
წმინდანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებად წარმოგვიდგინა. უნდა აღინიშნოს, რომ
ქართველი ერის ისტორიაში ქართველ სასულიერო პირთა, განსაკუთრებით კათოლიკოს-პატრიარქთა და
გამორჩეული როლის მქონე წმინდა მამათა სახელმწიფოებრივ დონეზე აზროვნების არაერთი მაგალითი
გვაქვს. აფხაზთა მეფის ზემოთ დამოწმებულმა სიტყვებმა: „არა სამართალ არს კეთილთა თქუენგან
უნაწილობაჲ ამის ქუეყანისაჲ“ (ძეგლები, 1963/1964: 268), წმ. გრიგოლ ხანცთელს ქვეყნის განაპირას
ააგებინა უბისის მონასტერი, რათა ყოველმხრივ ნაწილეულ გამხდარიყო დასავლეთ საქართველო
სრულიად საქართველოში მიმდინარე სულიერი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, მონაწილეობა
მიეღო ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის საქმიანობაში, რასაც X საუკუნის
ქართველ მწერალთა, კერძოდ, ჰიმნოგრაფთა, წვლილიც (იოანე მინჩხი, სტეფანე ჭყონდიდელი-
სანანოჲსძე) მოწმობს. აფხაზეთის მთელი საქართველოს „ნაწილეულ ყოფის“ მოწმობად წმ. გრიგოლის
მიერ უბისის მონასტრის წინამძღვრისათვის, იერუსალიმიდან მოსული მოხუცებული ილარიონისათვის
წმინდა წიგნების დატოვებაც შეიძლება ვიგულისხმოთ, ე. ი. წმ. გრიგოლმა მას სულიერი საგანძური და
ღვთისმიერი კურთხევა დაუტოვა.
წმ. გრიგოლ ხანცთელი ზესთასოფლისა და სოფლის შესახებ. წმ. გრიგოლ ხანცთელი გიორგი მერჩულემ
წარმოაჩინა ორივე სოფლის _ სოფლისა და ზესთასოფლის არსის მწვდომელ პიროვნებად, რაც ყველაზე
ნათლად გამოვლინდა წმ. გრიგოლ ხანცთელის მიმართვით გარდაცვლილი დედებისადმი, რომლებმაც
უზნეო ქალის ცხედარი არ შეიწყნარეს. აქაც ადარნესე კურაპალატის სამიჯნურო ეპიზოდის ასახვისას წმ.
გრიგოლ ხანცთელმა ზნეობის დაცვისაკენ მოუწოდა ადარნესეს, რომელმაც კანონიერი ცოლი გააძევა
სასახლიდან და სიძვის დიაცი დაისვა სასახლეში. ქალი მხოლოდ ხორციელად გახრწნილი კი არ იყო,
სულიერადაც, რადგან სწორედ მისი ცილისწამების შედეგად მოაკვდინეს უდანაშაულო ჭაბუკი,
რომელთან ურთიერთობაც დასწამა დედოფალს ადარნესეს მოპოვების მიზნით. წმ. გრიგოლ ხანცთელის
ძალისხმევით ადარნესეს მიჯნური ქალი მერეს დედათა მონასტერში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
იგი დედებს შორის დაკრძალეს, მაგრამ მისი გვამი მიწამ არ მიიღო და სამჯერ ამოვარდა. საჭირო გახდა წმ.
გრიგოლის ეპისტოლე, რათა ქალის ცხედარი იმ მიწას მიეღო, სადაც წმინდა დედები, მონაზვნები
განისვენებდნენ. მიცვალებულის სულს, იქნება იგი ცოდვილი თუ მონანიე, სულიერი განწმენდისათვის
წმინდანის შემწეობა სჭირდება. თხზულებაში ქალის ამგვარ შემწედ გვევლიანებიან წმ. გრიგოლ
ხანცთელი და დედა ფებრონია. დავაკვირდეთ დედა ფებრონიას წერილს წმ. გრიგოლ ხანცთელისადმი,
რომელშიც ეს უკანასკნელი ზეცის ანგელოზის თვისებებითაა შემკული და წარმოჩენილი: „...ხოლო ამის
მადლისათჳს ძალ არს შენდა ძალი ღმრთისაჲ, რამეთუ წმიდათა ანგელოზთა მსგავსებაჲ გაქუს სიწმიდე,
რომელ არს სამძალი ძლევისაჲ, შეზღუდვილი სამარადისოჲთა ლოცვითა და მარხვითა და ფრიადი
მუჴლთ-დრეკაჲ, შემწირველი ცრემლთა წმიდათაჲ უძილთაგან თუალთა შენთა და მღჳძარისაგან სულისა
შენისა. შენ, წმიდაო მღდელო, ეკლესიად წოდებულთა შორის მართალთა განსუენებულო, საღმრთოო
მოძღუარო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ჴელმწიფეთა თუალუხუავად მამხილებელო და განმსწავლელო
კუერთხითა სწავლისაჲთა, რომლისათჳსცა სიტყუანი შენნი წინასწარმეტყუელებრ აღესრულებიან კაცთა

31
შორის. არამედ აწ ჟამი არს შენდობისაჲ, ყავ წყალობაჲ განწირულისა მისთჳს დედაკაცისა, შუენის
სიწმიდესა შენსა, რამეთუ ნეშტი სიტყუაჲ ჩემი გეუწყოს წიგნის მიმღებელისაგან და ყოლადვე შეწევნა ყავ
ჩემთჳს აქა და საუკუნესა მას, ამინ“ (ძეგლები 1963/1964: 300). წმ. გრიგოლის სახისმეტყველებითად
წარმოსახვისათვის გამოიყენება ეპითეტთა რიგი, რომლებიც ცხადად მოწმობენ, რომ წმინდანის
პიროვნება ღვთაებრივი თვისებებითაა აღჭურვილი. წმ. გრიგოლ ხანცთელის წერილი გარდაცვლილი
დედებისადმი ღვთაებრივი სიბრძნის გამოხატულებაა. გარდაცვლილი დედებისადმი წმ. გრიგოლის,
როგორც შემწის, მეოხის მიმართვის შედეგად განიწმინდა გარდაცვლილი ცოდვილი ქალის სული, რის
შემდეგაც გარდაცვლილ მონაზონთა, გარდაცვლილ დედათა სულებმაც შეიწყნარეს მისი სული და
საფლავის ღირსად ცნეს. ადარნესესთან მყოფი ცოდვილი ქალის სახე, როგორც პარადიგმა, წმ. მარიამ
მეგვიპტელის წმინდანად ქცეული ჰიპოდიგმური არქეტიპითაა ნასაზრდოები. წმ. გრიგოლი მეოხია
ცოდვილი ქალის სულისათვის, რომელმაც უდიდესი ცოდვები ჩაიდინა, მაგრამ მასზე ღვთის წყალობა
გადმოვიდა წმ. გრიგოლის მეოხებით, რომელმაც იგი უსჯულოებაში ამხილა, ხოლო შემდეგ მის სულს
ღვთის წინაშე შემწე ექმნა.
გიორგი მერჩულის თხზულებაში საყურადღებოა ის ეპიზოდი, როდესაც წმ. აშოტ კურაპალატის
შვილებმა - ადარნესემ, ბაგრატმა და გუარამმა წმ. გრიგოლის აშენებული ეკლესია-მონასტრები მოიარეს
და ღრმა შთაბეჭდილებებით აღსავსეთ მამათა კრებული ანგელოზებად წარმოესახათ: „და უმეტეს
განკჳრდა გონებაჲ ჴელმწიფეთაჲ მათ, რაჟამს იხილნეს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი უფიცხლესსა
მონაზონებისა კანონსა, რამეთუ იყვნეს იგინი ვითარცა ზეცისა ანგელოზნი... და ვითარცა იხილეს
მფლობელთა მათ შეკრებაჲ იგი წმიდათა მამათაჲ, იყვნეს მსგავს წმიდათა უჴორცოთა, განიხარეს, რამეთუ
ესმოდეს მათგან მოძღურებანი საღმრთოჲსა მცნებისანი, რომლისათჳსცა თქუეს დიდთა მათ ჴელმწიფეთა:
„წმიდანო მამანო, ვინაჲთგან გიხილენით თქუენ, დაგუავიწყდა მებრ, თუ ქუეყანასა ზედა ვართ ჩუენ,
არამედ ვჰგონებთ, ვითარმედ ზეცად წმიდასა ბანაკსა დამკჳდრებულ ვართ. რამეთუ სულითა მარადის
წინაშე მდგომარე ხართ, და სადაცა არიან საყოფელნი თქუენნი, მუნცა არიან გულნი თქუენნი, არამედ
იყავნ მეოხებაჲ თქუენი ჩუენ ზედა აქა და საუკუნესა“ (ძეგლები, 1963//1964: 275). ამ სიტყვების მიხედვით,
ზღვარი ამქვეყნიურ სივრცესა და ზესივრცეს შორის, ამქვეყნიურ დროსა და მარადისობას, ზედროულობას
შორის წაშლილია; ამავე სიტყვებით ნაჩვენებია ღმერთთან მისტიური შეერთების გზა, რაც ღვთაებრივი
საიდუმლოა, იგი ყველასთვის არ იხსნება, არ მჟღავნდება, ხოლო თუ მჟღავნდება, მისი საფუძველია
სიბრძნე, ღვთაებრივი საიდუმლოს შეცნობის უნარი, რომლებიც გადმოიცემა საღვთისმეტყველო ან
ზნეობრივი მოძღვრებებით, რჩევებით; შედეგი შინაგანი და პიროვნული გამოცდილებაა.
წმ. გრიგოლ ხანცთელის თანამოაზრეები და მოწაფეები (წმინდა მამათა აღმზრდელი). წმ. გრიგოლ
ხანცთელმა სასულიერო პირთა შესანიშნავი პლეადა აღზარდა, რომელთაგან რამდენიმემ საქართველოს
ისტორიასა და ქართული ეკლესიის ისტორიაში ღრმა კვალი გაავლეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს
წმ. არსენ კათალიკოსისა და წმ. ეფრემ მაწყვერელის ღვაწლი. არსენი 27 წელი იყო საქართველოს
კათალიკოსი, რომელსაც „მცხეთისა გჳრგჳნი დაუჭნობელი“ უწოდა ავტორმა, ხოლო წმ. ეფრემმა
საქართველოს ეკლესიას მირონის დამზადებისა და კურთხევის უფლების მოპოვებით აღმოსავლეთის
ქვეყნების ეკლესიათა შორის ავტორიტეტი გაუზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“ პერსონაჟმრავალი
თხზულებაა. თითოეული მათგანი ცალკე განხილვას იმსახურებს, რადგან ისინი წმ. გრიგოლთან ერთად
ქმნიდნენ სამხრეთ საქართველოში ჩვენი ქვეყნის სულიერ მომავალს.

32
წყაროები:
ძეგლები, 1963/1964: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, დასაბეჭდად
მოამზადეს ილ. აბულაძემ, ლ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ და ც. ჯღამაიამ,
ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი, 1963-1964.
ლიტერატურა:
რ. ბარამიძე, გიორგი მერჩულე - ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება, თბ., 2001.
ხ. ზარიძე, „ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ“, კრ.: ხანძთა _ სულიერად მშობელი ქართველთა, თბ., 2002.
პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
პ.კარბელაშვილი, ქართული საერო და სასულიერო კილოები, ისტორიული მიმოხილვა, ტფილისი, 1898.
კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1960.
შ. ონიანი, გიორგი მერჩულეს ცნობა გრიგოლ ხანძთელის „საწელიწდო იადგარის“ შესახებ, კრ.: ხანძთა _
სულიერად მშობელი ქართველთა, თბ., 2002.
რ. სირაძე, ქართული აგიოგრაფია, თბილისი, 1987.
ნ. სულავა, გრიგოლ ხანძთელისა და აშოტ კურაპალატის სახისმეტყველებისათვის, კრ.: ხანძთა _
სულიერად მშობელი ქართველთა, თბ., 2002.
ტაო-კლარჯეთი, ხელნაწერი მემკვიდრეობა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. შემდგენლები: ვლადიმერ
კეკელია, ნიკოლოზ ჟღენტი, დალი ჩიტუნაშვილი, თემო ჯოჯუა. რედაქტორი ბუბა კუდავა, თბილისი _
ბათუმი, 2012.
უძველესი იადგარი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ელენე
მეტრეველმა, ცაცა ჭანკიევმა და ლილი ხევსურიანმა, თბ., 1980.
ე. ჭელიძე, გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამო, მნათობი, 1984, # 10.
ი. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თხზ. XI, თბ., 1998.

33

You might also like