Professional Documents
Culture Documents
390 415
390 415
ცნება
1. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის
შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია.
2. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება,
ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.
პასუხისმგებლობის შემსუბუქება
მოვალის პასუხისმგებლობა შესრულების შეუძლებლობისთვის დგება მხოლოდ განზრახვის
ან უხეში გაუფრთხილებლობის არსებობისას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ
შეუძლებლობა მიზეზობრივ კავშირში იყოს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებასთან. თუ
საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ მოვალე იმ შემთხვევაშიც ვერ შეასრულებდა
ვალდებულებას, კრედიტორს შესრულების მიღების ვადა რომ არ გადაეცილებინა, 392-ე
მუხლი არ გამოიყენება. 392-ე მუხლის მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის შემსუბუქება
მხოლოდ კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების პერიოდისათვის.
შესაბამისად, 392-ე მუხლის გამოსაყენებლად შეუძლებლობის საფუძველი უნდა დადგეს
კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების პერიოდში. როგორც კი კრედიტორის მიერ ვადის
გადაცილება დასრულდება, 392-ე მუხლიც დაკარგავს აქტუალურობას. ამის შემდეგ მოვალე
პასუხს აგებს შესრულების შეუძლებლობისთვის ზოგადი წესით. იგი პასუხს აგებს
შეუძლებლობისთვის იმ შემთხვევაშიც, თუკი დამტკიცდება, რომ ვალდებულების
შეუსრულებლობის მიზეზი არ დადგებოდა, რომ არა კრედიტორის მიერ შესრულების
მიღების დაყოვნება.
სამართლებრივი შედეგები
392-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოვალე ვერ მოსთხოვს კრედიტორს ზიანის
ანაზღაურებას იმ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომლის შესრულებაც
შეუძლებელია. 392-ე მუხლში საუბარია მხოლოდ მოვალის პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლებაზე. ამ ნორმაში არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა
მოვალის საპასუხო მოთხოვნას.
პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობის ინსტიტუტის მიზანია ვალდებულების დარღვევის ობიექტური ფაქტის
სუბიექტური შერაცხვა. პასუხისმგებლობის წინაპირობები სახეზეა, თუ მოვალე მოქმედებდა
განზრახვით ან გაუფრთხილებლობით (ბრალეულობის პრინციპი ), თუმცა შეთანხმებიდან
ან ვალდებულების არსიდან შესაძლოა, გამომდინარეობდეს უფრო მსუბუქი ან უფრო
მკაცრი პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობის სიმკაცრის თვალსაზრისით,
პასუხისმგებლობის ფორმები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს: ბრალის გარეშე
პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა მსუბუქი გაუფრთხილებლობისათვის ,
პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობისათვის, პასუხისმგებლობა როგორც საკუთართან
მიმართებით, პასუხისმგებლობა უხეში გაუფრთხილებლობისათვის, პასუხისმგებლობა
განზრახვისათვის.
ბრალეული პასუხისმგებლობა
ბრალის შერაცხვისათვის აუცილებელია, რომ პირი იყოს შერაცხვაუნარიანი.
შერაცხვაუნარიანი არ არის პირი, მაგ., 995-ე და 996-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები მხოლოდ დელიქტურ
ვალდებულებებს მოიცავს, ანალოგიით მიზანშეწონილია მათი გავრცელება
სახელშეკრულებო ვალდებულებებზეც.
გაუფრთხილებლობა
განზრახვის ცნების მსგავსად, გაუფრთხილებლობის ცნებაც შედგება კოგნიტიური (ცოდნა)
და ვოლუნტატური (სურვილი) ელემენტებისგან. დღეს მოქმედი კოდექსით ქმედების
შერაცხვა ხდება არა სუბიექტური ნიშნით, არამედ ობიექტურად, საქმის ფაქტობრივი
გარემოებების შეფასებით. ამ მიზნით გამოიყენება ბრუნვისათვის აუცილებელი
ყურადღებიანობის სტანდარტი. რა თქმა უნდა, შეფასების მასშტაბები განსხვავდება იმის
მიხედვით, თუ რა ტიპის სუბიექტები არიან ვალდებულებითი ურთიერთობის მხარეები და
ობიექტურად რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ. მაგ., ერთი და იმავე
სტანდარტით ვერ შეფასდება შემთხვევითი გამვლელის მიერ ჭრილობის დამუშავებისას
დაშვებული შეცდომა და ქირურგის მიერ სტაციონარში დაშვებული ანალოგიური შეცდომა.
პირველისგან არ მოველით პროფესიონალური უნარ-ჩვევების გამოვლენას, მაშინ, როცა
ექიმის ქმედება უნდა შეესაბამებოდეს პროფესიულ სტანდარტს. სტანდარტი ზოგადია და
არა ინდივიდუალური და მისი შეფასებისას დგინდება მხოლოდ ის, თუ როგორ
იმოქმედებდა ბრუნვის ამავე სეგმენტის საშუალო მონაწილე ანალოგიურ სიტუაციაში და არა
ის, თუ რის გაკეთება შეეძლო კონკრეტულ პირს მისი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების
გათვალისწინებით. ამ მიდგომის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის
უზრუნველყოფა და იმ ნდობის დაცვა, რომელიც ამ ბრუნვაში ჩართულ პირს შეიძლება
გონივრულად ჰქონდეს ბრუნვის სხვა მონაწილეებთან.
მსუბუქი პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობა შესაძლოა, შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხარეთა შეთანხმებით. ასეთი
შეთანხმება შესაძლოა, დათქმის სახით გათვალისწინებული იყოს ძირითად
ხელშეკრულებაში ან ცალკე ხელშეკრულების სახით შედგეს.
გარკვეულ შემთხვევებში კანონი ზღუდავს პასუხისმგებლობის შემსუბუქების
შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია 395 II მუხლით, რომლის
თანახმად, დაუშვებელია შეთანხმება განზრახი მოქმედებით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურებისაგან მოვალის გათავისუფლების შესახებ. ამ შეზღუდვის მიზეზია, რომ ის
პრინციპულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ მხარეთა
ურთიერთნდობის, კეთილსინდისიერების პრინციპებს და კანონით შეზღუდულია.
რამდენადაც პასუხისმგებლობის შეზღუდვის/გამორიცხვისას მოთხოვნის უფლება საერთოდ
არ წარმოიშობა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა/ გამორიცხვაზე მიმართული დათქმები უნდა
განვასხვავოთ ისეთი შეთანხმებებისგან, რომელთა მიხედვით კრედიტორი უარს ამბობს აწ
უკვე წარმოშობილი უფლების განხორციელებაზე, ან უთმობს არსებულ მოთხოვნას მოვალეს
(კონფუზია).
პასუხისმგებლობის კანონისმიერი შეზღუდვა შესაძლოა, გამოიხატოს სხვადასხვა
პრივილეგიაში. მაგ. პასუხისმგებლობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევებით, როცა
მოვალე მოქმედებს განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
397-ე და 396-ე მუხლები ავსებენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ 397-ე მუხლი აფართოებს
396-ე მუხლის მოქმედების სფეროს იმ პირებზე, რომლებიც ვალდებულების შესრულებაში
უშუალოდ არ არიან ჩართულები, თუმცა მონაწილეობენ შესრულების საგნის
უზრუნველყოფაში. მართალია, ეს ნორმა არ განსაზღვრავს, თუ როდის ეკისრება მოვალეს
პასუხისმგებლობა და როდის არა, თუმცა მისგან გამომდინარეობს, რომ მესამე პირის მიერ
ვალდებულების დარღვევის შედეგები კრედიტორის პასუხისმგებლობის სფეროს
მიეკუთვნება.
მესამე პირი
მესამე პირები შეიძლება იყვნენ მოვალის კანონიერი წარმომადგენლები, დამხმარე პირები
ან მიმწოდებლები, რომელთაგანაც მოვალეს შესრულების საგანი უნდა მიეღო. ცალკეულ
შემთხვევაში ეს პირები ერთდროულად შეიძლება იყვნენ როგორც შესრულების ან
შესრულებისთვის აუცილებელი მასალის მიმწოდებლები მოვალისთვის, ასევე
შემსრულებლები
შესრულების საგანი
შესრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც ნივთი, ასევე არამატერიალური ქონებრივი
სიკეთე (მაგ., მომსახურება). მიუხედავად იმისა, რომ 997-ე მუხლში საუბარია მხოლოდ ისეთ
შემთხვევებზე, როცა მოვალეს შესრულების საგანი მესამე პირისგან უნდა მიეღო, თავისი
მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, ეს ნორმა ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა
მესამე პირი ვალდებულია, მიაწოდოს მოვალეს არა შესრულების საგანი, როგორც ასეთი,
არამედ შესრულების საგნის ნაწილი ან შესრულების საგნის დასამზადებლად აუცილებელი
ელემენტები. ეს ნორმა ასევე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა მესამე პირი მოვალეს აწვდის
ნაკლოვან შესრულების საგანს ან შესრულების საგნის დასამზადებლად საჭირო
ელემენტებს, რის შედეგადაც მოვალე დროულად ვერ ახორციელებს შესრულებას ან
ახორციელებს ნაკლოვან შესრულებას
მუხლი 398. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა,
ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ
ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ
გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების
მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ
გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს
შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც
ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ
გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი
გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის
ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.