You are on page 1of 7

მაკედონია. ფილიპე მეორე.

ალექსანდრე მაკედონელი

ძველი მაკედონიის სამეფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ


ნაწილში მდებარეობდა. სახელი მაკედონიის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია
არსებობს. ჰეროდოტეს აზრით, მაკედონიელებიცა და დორიელებიც მაკედნოის
ტომისგან წარმოიშვნენ.
მაკედონიის გაერთიანება ძვ. წ. V საუკუნეში დაიწყო, არგეადების დინასტიის
ხანაში. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობისას მთელი სამხრეთ მაკედონია გაერთიანდა,
ხოლო არქელაეს რეფორმებმა ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი. მის დროს
გადაიტანეს დედაქალაქი ეგიადან პელაში.
მაკედონიის გაძლიერება ფილიპე II-ს სახელს უკავშირდება. ჯარის რეფორმის
შედეგად მან შექმნა „მაკედონიური ფალანგა“. ეს იყო გრძელი შუბებით
შეიარაღებული ქვეითთა არმია, რომელიც მტრისთვის ხშირად დიდ პრობლემას
წარმოადგენდა. თუმცა ჯარის ეს ნაწილი მოუხერხებელი იყო მთაგორიან რელიეფზე.
ფილიპემ მაქსიმალურად აითვისა ქვეყანაში არსებული ოქროს საბადოები და მოჭრა
ოქროს მონეტა „ფილიპიკი“. სწორედ ფილიპემ შეძლო მთელი საბერძნეთის
დამორჩილება და ერთიანი ბერძნული (მაკედონიური) სამეფოს შექმნა. ძვ. წ. 338
წელს ქერონეიის ბრძოლაში დაამარცხა ათენელები და სპარტელები და ჩამოაყალიბა
კორინთოს ლიგა. მოიწვია კორინთოს კონგრესი, რომელზეც ბერძნულმა პოლისებმა
აღიარეს მაკედონიის ჰეგემონია. მიუხედავად ფილიპეს ბრწყინვალე მმართველობისა,
ის ისტორიას მეტწილად შემორჩა, როგორც ალექსანდრე III-ს, (ალექსანდრე დიდის,
მაკედონელის) მამა.
ალექსანდრე მაკედონელი ქ. პელაში, ძვ. წ. 356 წელს დაიბადა. ალექსანდრე დედა
იყო ეპირის მეფის, პტოლემაოსის ასული, ოლიმპიადა. მამამისი, ფილიპე, თავიდანვე
ამზადებდა ალექსანდრეს ტახტისთვის. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, როდესაც ფილიპე
ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა, რეგენტად სწორედ ალექსანდრე დატოვა.
ქერონეიის ბრძოლაში კი ალექსანდრე უშუალოდ მონაწილეობდა მამასთან ერთად და
თუ ფილიპეს მარჯვენა ფლანგი ებარა, ალექსანდრე მარცხენა ფლანგს მეთაურობდა.

1
ამ ბრძოლაში სწორედ ალექსანდრეს სიმამაცემ იქონია გადამწყვეტი როლი,
რომელმაც თებელებზე იერიშის მიტანით, მტერი ორად გახლიჩა.
ალექსანდრეს პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მისმა
მასწავლებელმა, იმ დროის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ, პლატონის მოსწავლე,
არისტოტელემ. ის სიამოვნებით დათანხმდა ფილიპეს შემოთავაზებას ‒ გამხდარიყო
ალექსანდრეს მასწავლებელი. თავად ალექსანდრე დიდ პატივს სცემდა
არისტოტელეს და მამის გვერდით აყენებდა. „თუ მამაჩემმა სიცოცხლე მომანიჭა,
არისტოტელემ ცხოვრებისათვის ალღოს აღება მასწავლა“, ‒ ამბობდა ის. ფილიპემ
არისტოტელემ მშობლიური ქალაქი, სტაგირე, რომელიც თავად გადაწვა, მისი
პატივისცემის ნიშნად თავიდან ააშენა. არისტოტელეს მაღალზნეობრივმა
ფილოსოფიამ დიდი გავლენა იქონია ალექსანდრეს პიროვნებაზე, რაც მის
ცხოვრებაში არაერთხელ იჩენს თავს.
ძვ. წ. 336 წელს, როდესაც ფილიპე სპარსეთზე ლაშქრობისათვის ემზადებოდა,
ფილიპე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. (სავარაუდოდ, საკუთარი
ქალიშვილის ქორწილში, შეთქმულებმა მოკლეს). ტახტზე 20 წლის ალექსანდრე
ავიდა. ალექსანდრეს გააჩნდა იდეა, რომელიც განასხვავებდა ყველა დანარჩენი
იმდროინდელი ლიდერისგან, მას სურდა „ერთიანი მსოფლიოს” მბრძანებელი
გამხდარიყო, ხოლო ეს „ერთიანი მსოფლიო” სამ ძირითად პრინციპს უნდა
დაფუძნებოდა:
1. ენობრივი ‒ უნდა ყოფილიყო ერთი ოფიციალური ენა ‒ ბერძნული.
2. კულტურული ‒ ყველა დაპყრობილი ქვეყნის ცივილიზაცია და კულტურა
უნდა შეზავებოდა დომინანტ, ბერძნულ კულტურას.
3. პოლიტიკურ-ეკონომიკური ‒ რაც გულისხმობდა ჩამოყალიბებული სამეფოს
მმართველობის ერთიან სისტემას.
ეს იდეა გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე გლობალიზაციის
წინაპრად.
ალექსანდრემ თავისი ექსპანსია მცირე აზიიდან დაიწყო. იმხანად სპარესთში
დარიოს III მეფობდა.
ძვ.წ. 334 წელს, ლეგენდარული ტროას სიახლოვეს, მდინარე გრანიკთან,
ალექსანდრეს გზა გადაუღობა აქემენიდური სპარსეთის შაჰის, დარიოს III-ის,
სატრაპების მიერ სახელდახელოდ შეკრებილმა ლაშქარმა. ალექსანდრეს
მებრძოლებმა პირველივე ბრძოლაში დაამარცხეს სპარსელები. ამ გამარჯვების
შემდეგ მაკედონელის არმიას თამამად უღებდა ქალაქის ჭიშკარს მცირე აზიაში
სპარსელთა ბატონობამობეზრებული მრავალი ქალაქი.

2
დიდი ბრძოლა გაიმართა ძვ.წ. 333 წელს ისოსთან. ალექსანდრეს
მთავარსარდლობით ბერძნულ-მაკედონურმა ჯარმა სპარსელები დაამარცხა, თუმცა
თვითონ ალექსანდრეც მსუბუქად დაიჭრა. დარიოს III-მ თავს გაქცევით უშველა.
ტყვეებს შორის სპარსეთის მეფის დედა, მეუღლე და ქალ-ვაჟიც აღმოჩნდნენ.
ალექსანდრე მაკედონელი საპატიო ტყვეებს კარგად მოექცა და შესაბამისი პატივიც
მიაგო. როდესაც დარიოს III სამშვიდობოს გავიდა, მან ალექსანდრეს წერილი
გაუგზავნა, ოჯახის დაბრუნება და მეგობრობა შესთავაზა. ალექსანდრემ საპასუხოდ
მისგან მორჩილება მოითხოვა.
ალექსანდრემ თანმიმდევრობით დაიპყრო მცირე აზიის ქალაქები. უკვე ძვ.წ. 332
წელს მან შეუტია ფინიკიას, ეგვიპტეს და ეს ქვეყნებიც დაიპყრო. სპარსელთა
უღელქვეშ მყოფი ხალხები ალექსანდრეს მხსნელად მიიჩნევდნენ. ეგვიპტეში ამონის
ტაძრის ქურუმებმა იგი ამონის ძედ, ღმერთის სწორად გამოაცხადეს და ფარაონად
აღიარეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ალექსანდრე თავს ღმერთთა სწორად არ
მიიჩნევდა.
ეგვიპტიდან ალექსანდრე შუამდინარეთისკენ დაიძრა. დარიოსი ხედავდა და
რეალურად აფასებდა შექმნილ ვითარებას, ამიტომ ალექსანდრეს დიდძალი ოქრო და
სამეფოს ნახევარი შესთავაზა. აღმოსავლეთში დარიოსს უნდა ემეფა, დასავლეთში კი
‒ ალექსანდრეს. ალექსანდრე მაკედონელი ამ შემოთავაზებას არ დათანხმდა და
დარიოსს ასეთი პასუხი გაუგავნა: „არ შეიძლება ცაზე ორი მზე ანათებდესო“. ძვ.წ. 331
წელს, ძველი ასურეთის დედაქალაქის, ნინევიის ტერიტორიაზე, გავგამელას ველზე
გაიმართა ბრძოლა. ეს ბრძოლაც ალექსანდრეს გამარჯვებით დასრულდა, დარიოსმა
კვლავ გაქცევით უშველა თავს. იგი მოღალატე სატრაპმა, ბესამ მოკლა, რათა ამით
ალექსანდრესთვის მოეწონებინა თავი, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის
ცხოვრებისეული დევიზი იყო, რომ უღირს მეგობარს ღირსეული მეტოქე ერჩივნა.
ამის გამო, მან დარიოსი დიდი პატივით დაკრძალა, მოღალატე დიდებული გადასცა
დარიოსის ნათესავებს, რომლებმაც იგი ნაწილ-ნაწილ აკუწეს. (გავგამელას ბრძოლის
დროს ალექსანდრე დიდისა და დარიოს III-ის არაერთი ფრესკაა აღმოჩენილი
სხვადასხვა გათხრებისას, რაც ალექსანდრესა და დარიოსის
ურთიერთპატივისცემაზე მიუთითებს).
გავგამელას ველზე გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა ბაბილონი
უბრძოლველად დაიკავა, შემდეგ სპარსეთის დედაქალაქ პერსეპოლიში შევიდა და
მისი გადაწვა ბრძანა. ალექსანდრემ თავი დარიოსის კანონიერ მემკვიდრედ
გამოაცხადა. სპარსეთის ტახტზე, შესაბამისად, მსოფლიო მბრძანელობაზე თავისი
უფლებისათვის ლეგიტიმური ელფერის მიცემის მიზნით, ალექსანდრემ
ერთდროულად დარიოს III-სა და არტაქსერქსე III-ის ქალიშვილები ცოლად შეირთო.

3
ბერძნები უკმაყოფილონი იყვნენ მისი ასეთი „სპარსული“ განწყობილებით. ამას
ალექსანდრეს წინააღმდეგ არაერთი შეთქმულება მოჰყვა.
ოდესღაც ძლიერი სპარსეთის სამეფო დაემხო, ალექსანდრე უზარმაზარი
ტერიტორიის მბრძანებელი გახდა, ის მაკედონიას ფართობით 50-ჯერ, ხოლო
მოსახლეობის რაოდენობით ‒ 20-ჯერ აღემატებოდა. ალექსანდრეს ტიტული იყო:
მაკედონიის მეფე, ეგვიპტის ფარაონი და სპარსეთის დიდი მეფე.
სპარსეთის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე დიდი შუა აზიაში შეიჭრა და
სამწლიანი ბრძოლების შემდეგ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ძვ.წ. 327 წელს
ალექსანდრე დიდმა ინდოეთი დალაშქრა. ძვ.წ. 326 წელს ალექსანდრემ პენჯაპის მეფე
ჰიდასპესთან ბრძოლაში დაამარცხა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დამპყრობთა
წინააღმდეგ 200 საბრძოლო სპილო გამოიყვანა. ალექსანდრეს მეომრები
თავდაპირველად დაიბნენ, რადგან მათ ეს ცხოველი მანამდე არ ენახათ. მალე ისინი
გონს მოვიდნენ და ინდოელებთან პირველსავე ბრძოლაში გაიმარჯვეს. მდინარე
ინდის ხეობაში მაკედონელმა ორი დიდი სამეფო დაიპყრო, თუმცა ეს დაპყრობები
მეტად ძვირი დაუჯდა. ინდოეთში ლაშქრობის დროს ალექსანდრე რამდენჯერმე
დაიჭრა კიდეც, მაგრამ მდინარეების, ინდისა და განგს შორის მოთავსებული მიწა-
წყალი თავის საბრძანებელს მაინც ვერ შემოუერთა.
ინდოეთში ლაშქრობისას მაკედონიის მეფეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა
თავისი ჯარისკაცებისაგან ელოდა. ალექსანდრეს გზის გაგრძელება და ახალი
მიწების დაპყრობა სურდა. ხანგრძლივი ომებისაგან ძლიერ დაღლილ-დაქანცული
მისი ჯარი კი, ლაშქრობის შეწყვეტას მოითხოვდა. მის მოლაშქრეებს ლაშქრობის
გაგრძელების ხალისს ისიც უნელებდა, რომ ამ მხარეში აუტანელი ჰავა, ცუდი
საკვები, ნაირგვარი ავადმყოფობანი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა
გამეფებულიყო. ძლევამოსილი მეფე იძულებული იყო თავისი სარდლების
რჩევებისათვის და მეომრებისათვის ანგარიში გაეწია და თავიის არმიით უკან
გამობრუნებულიყო.
უკან დაბრუნებისას ძვ.წ. 324 წელს სპარსეთის დედაქალაქ სუზაში ალექსანდრემ
გრანდიოზული ქორწილით აღნიშნა თავისი ლაშქრობის დასასრული, როდესაც 10
000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე. ამ ქორწინებას სიმბოლური ხასიათი
ჰქონდა, რადგან ამით იხსნებოდა დაპირისპირება ევროპასა და აზიას შორის და,
გარკვეულწილად, ალექსანდრეს იდეას, ბერძნული კულტურის დომინანტობას
უსვამდა ხაზს.
ალექსანდრე მაკედონიაში აღარ დაბრუნებულა. ლაშქრობა დასრულდა
ბაბილონში. იგი ალექსანდრე დიდმა თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად
გამოაცხადა. სწორედ ბაბილონის სასახლეში ემზადებოდა ალექსანდრე მაკედონელი

4
არაბეთში ლაშქრობისათვის, ამზადებდა ფლოტსა და არმიას, მაგრამ
მოულოდნელად მძიმე ავადმყოფობა (მალარია) შეეყარა და ციებ-ცხელებით
შეპყრობილი ძვ.წ. 323 წელს ბაბილონში, მეფე ნაბუქოდონოსორის სასახლეში ათ
დღეში 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. (სხვა მოსაზრებით ალექსანდრე მოწამლეს).
გადმოცემის მიხედვით მისმა ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, პტოლემაოსმა
ალექსანდრე დიდის ნეშტი ეგვიპტეში წაასვენა. დაუმარცხებელმა სარდალმა
სამუდამო განსასვენებელი მისივე დაარსებულ ქალაქში – ალექსანდრიაში ჰპოვა,
ხოლო მის საფლავზე ასეთი შინაარსის წარწერა გაუკეთებიათ: „ეს საფლავი
საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, ვისაც მთელი მსოფლიო არ ჰყოფნიდა...“, თუმცა
ასიოდე წლის შემდეგ ალექსანდრეს მუმია მოუნახულებია რომის იმპერატორ
კარაკალას, ამის შემდეგ კი, ალექსანდრე დიდის საფლავის ასავალ-დასავალი არავინ
უწყის...
ალექსანდრე მაკედონელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში მოასწრო შეექმნა
უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მდინარე
ინდამდე იყო გადაჭიმული.

საინტერესო ფაქტები და ლეგენდები მაკედონელის შესახებ:

 როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო (სხვა წყაროებით 13 წლის), ფილიპეს


ერთმა თესალიელმა ვაჭარმა ცხენი მიჰგვარა, რომელიც ვერავინ
მოათვინიერა. როდესაც ფილიპე ცხენის უკან გატანებას აპირებდა,
ალექსანდრემ სთხოვა, რომ ისიც ცდიდა მის მოთვინიერებას. ალექსანდრემ
მართლაც მოახერხა ცხენის დამორჩილება. ცხენს ბუკეფალი (ბუცეფალი)
დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს. ამ ამბის შემდეგ ფილიპემ შვილს უთხრა:
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი ქვეყანა უნდა ეძიო“.
 პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის,
ატალოსის ძმისწული და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო,
ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა.
ქორწილის დროს მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა: „მაკედონელებო,
შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპესა და კლეოპატრას ტახტის კანონიერი
მემკვიდრე შეეძინოთ“. ამის გამგონე ალექსანდრეს ატალოსისთვის თავში
ღვინით სავსე ჭიქა უსვრია და უთქვამს: „არამზადავ, შენ მე ნაბიჭვარი
გგონივარ“? ამ სიტყვებს მთვრალი ფილიპე გაუღიზიანებია და
ხმალამოღებული დაძრულა ალექსანდრესკენ, თუმცა წაბორძიკებულა და

5
წაქცეულა. მაშინ ალექსანდრეს უთქვამს: „კაცს, რომელიც ევროპიდან
აზიაში სალაშქროდ ემზადება, სკამიდან სკამამდე ვერ მიუღწევია“.
 ერთ - ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ გამოჩენილი ფილოსოფოსი
დიოგენე მოინახულა. დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე
თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.
- მე ალექსანდრე ვარ! - უთხრა მეფემ.
- მე კი დიოგენე! - უპასუხა ფილოსოფოსმა.
- მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს ავასრულებ, - მიმართა
ალექსანდრემ.
- თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავ, - უპასუხა
დიოგენემ.
ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა, თუმცა ალექსანდრემ ისინი
დააშოშმინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი.

 როდესაც დარიოსმა ალექსანდრეს სამეფოს ნახევარი შესთავაზა, ამ


წერილის განსახილველად სარდლები მოიწვია. გამოცდილმა
სარდალმა პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, დარიოსის წინადადება
მიეღო და დასძინა: - მე რომ ალექსანდრე ვიყო, აუცილებლად
დავთანხმდებოდი. - მე რომ პარმენიონი ვიყო, მეც
დავთანხმდებოდი, მაგრამ მე ალექსანდრე ვარ, - უპასუხა
მაკედონელმა.
 ალექსანდრე მაკედონელს მეგობრებმა ჰკითხეს, ოლიმპიურ
თამაშებზე სირბილში ხომ არ მიიღებ მონაწილეობასო?
— "სიამოვნებით" — მიუგო ალექსანდრემ — "თუკი ჩემი
მოწინააღმდეგენი მეფეები იქნებიან".
 მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა და ეს ქალაქი
აიღო და კიდევ ერთ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო. ალექსანდრე
მაკედონელი ამ ამბებს მოღუშული ისმენდა და მეგობრებს
ეუბნებოდა: "ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე
აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთად საგმირო და ბრწყინვალე
საქმეები რომ ჩავიდინო".
 ქალაქ გორდიასში ეტლზე შეკრული იყო ძალზე დახლართული
კვანძი, რომელსაც გორდიასის კვანძს ეძახდნენ. სჯეროდათ, რომ
ვინც ამ კვანძს გახსნის, მთელი აზიის მბრძანებელი გახდებაო. ბევრი

6
შეეცადა მის გახსნას, მაგრამ ამაოდ. ვერც ალექსანდრემ შეძლო ამის
გაკეთება. მაშინ იძრო მახვილი და გაჭრა კვანძი.
 უდაბნოში გადასვლისას მაკედონელი მეომრები წყურვილისგან
იტანჯებოდნენ. მეფისათვის ცოტაოდენი წყალი იშოვეს. მან წყალი
არ დალია და თქვა: "თუ მარტო მე დავლევ, ჩემი მხლებლები
მხნეობას დაკარგავენ"
 ალექსანდრეს არ სწამდა თავისი ღმერთობა და არც ამაყობდა ამით.
მისი ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გავრცელებულ აზრს იგი
იყენებდა როგორც საშუალებას სხვა ხალხების დასამორჩილებლად.
 ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია: "ეს საფლავი
საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო".
 სიკვდილის წინ ალექსანდრეს ბოლო სიტყვები... - წინასწარ ვხედავ,
რომ ჩემს საფლავზე დიდი შეჯიბრი გაიმართება. ეს
წინასწარმეტყველება მალევე ახდა, როდესაც მისმა სარდლებმა -
დიადოხოსებმა (ბერძ. მემკვიდრეები) იმპერიის გადანაწილებისთვის
ერთმანეთთან სასტიკი ბრძოლა დაიწყეს, რომელიც მრავალ
ათწლეულს გაგრძელდა.

You might also like