You are on page 1of 2

პარმენიდე

პარმენიდე იყო ქალაქ ელეადან. იგი ითვლება ქსენოფანე კოლოფონელის1 მოსწავლედ და


ძენონ ელეელის მასწავლებლად. პარმენიდეს დაუწერია პოემა იმდროისთვის ტრადიციული
სათაურით „ბუნების შესახებ“, რომელიც შედგებოდა შესავლისა და ორი მთავარი
ნაწილისაგან.2 ცოდნისკენ მსწრაფველ ახალგაზრდას ჰელეადები (მზის ასულნი)
მიაქროლებენ ქალღმერთისკენ. ქალღმერთი ახალგაზრდას უამბობს, რომ არის ორი გზა -
ჭეშმარიტებისა (‘ალეთეია) და მოჩვენების (‘დოქსა’). დოქსას გზით დადიან გრძნობებს
დამონებულნი, ბრბოს წარმომადგენელნი, ჭეშმარიტებისკენ ვინც ისწრაფვის მან ამ გზის
სანაცვლოდ ძნელი და ვიწრო გზა უნდა არჩიოს. პირველი, ალეთეიას გზის მაჩვენებელი არის
ორი დებულება - „რაც არის, ის არის“3 და „რაც არ არის, ის არ არის“. მოჩვენების გზის
დებულებები კი ესენია: „რაც არის, ის არ არის“4 და „რაც არ არის, ის არის“.

პარმენიდე, ქსენოფანე კოლოფონელის მსგავსად, უარყოფდა ბუნების (ისეთის ფიზიკური


რეალობის, როგორსაც ჩვენ აღვიქვამთ ჩვენი შეგრძნებებით) არსებობას. პარმენიდეს სიახლე
ამ მოსაზრების დასაბუთებაშია. ბუნება არ არის, რადგან არ არსებობს სიმრავლე. სიმრავლე კი
იმიტომ არ არსებობს, რომ არ არსებობს არარსებული/არარსებობა. სწორედ ეს
არარსებული/არარსებობა ქმნის სიმრავლეს. თუ არის სიმრავლე, მაშინ სიმრავლის
ერთეულებს შორის უნდა იყოს საზღვარი/მიჯნა. ეს ერთეული არის რაღაც, საზღვარი კი არის
ამ რაღაცის ‘უარყოფა’. თუ ერთეული არის ‘არსებული’, მაშინ მისი საზღვარი იქნება
‘არარსებობა’. ანუ, არსებულებს ერთმანეთისგან არარსებობა უნდა ჰყოფდეთ, ერთ არსებულსა
და მეორე არსებულს ‘შორის’ უნდა იყოს არარსებული/არარსებობა, რომ ორ სხვადასხვა
არსებულად ჩაითვალოს ‘პირველი’ და ‘მეორე’, სხვაგვარად სიმრავლის არსებობა
შეუძლებელია. მაგრამ, რადგან არარსებული არ არსებობს (‘ალეთეიას’ დებულება), არ
არსებობს სიმრავლეც (ანუ, არ არსებობს ჩვენს მიერ აღქმული მრავალფეროვნება ბუნებისა).
აქედან გამომდინარე, პარმენიდეს აზრით არსებული არის ერთი. იგი არაა ნაკლოვანი (რადგან
ნაკლოვანება გულისხმობს ‘არარას’ ქონას), სრული და უნაკლოა. იგი უცვლელია, არ
წარმოიშობა და არ ისპობა, მარადიულია. მისთვის არაა ‘უწინ’, ‘ახლა’ ან ‘შემდგომ’ (ანუ, არ
არის დროში), არც სივრცეშია განფენილი, არ მოძრაობს, თვითიგივეობრივია და, როგორც
პარმენიდე წერს, ‘შეკრულია აუცილებლობით’.

როდესაც არისტოტელე განასხვავებს პარმენიდესა და იონიელი ფილოსოფოსების (თალესი,


ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე...) ნააზრევს, წერს, რომ იონიელები იკვლევდნენ საგანთა არსს
მასალის/ნივთიერების/ჰიულეს მიხედვით, პარმენიდე კი იძებს საგანთა არსს ‘აზრის
მიხედვით’ (‘კატა ტონ ლოგონ’).

1
ქსენოფანე ერთ-ერთი პირველია ბერძენ ფილოსოფოსებში, რომელიც აკრიტიკებდა
ანთროპომორფისტულ წარმოდგენას ღმერთებზე (‘ანთროპოს’ - ადამიანი; ‘მორფე’ - სახე, ფორმა).
2
პოემას სრული სახით არ მოუღწევია ჩვენამდე, თუმცა, შესავალი და ‘პირველი ნაწილი’ მეტ-ნაკლებად
სრული სახითაა შემორჩენილი.
3
ეს ფრაზა შეიძლება ასეც ითარგმნოს - ‘არსებობა არის’ ან ‘არსებული არის/არსებობს’
4
„არის არარსებობა/არარსებული“
რამდენიმე ფრაგმენტი პარმენიდეს პოემიდან:

„არარსებობას ვერც შეიცნობ და ვერც გამოთქვამ“

„ერთი და იგივეა აზროვნება და არსებობა“

You might also like