You are on page 1of 5

1

ქცევის თანდაყოლილი და შეძენილი ფორმები


ფსიქიკა წარმოადგენს ორგანული ბუნების რთული და ხანგრძლივი განვითარების
პროდუქტს. უმარტივეს მიკროორგანიზმებს ფსიქიკა არ გააჩნიათ. მათთვის
დამახასიათებელია ასახვის ელემენტარული ფორმა - გაღიზიანებადობა.
გაღიზიანებადობა - ესაა ცოცხალი ორგანიზმის უნარი, რეაგირება მოახდინოს
ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი (ბიოტური) გამღიზიანებლების ზემოქმედებაზე.
გაღიზიანებადობა დამახასიათებელია უკვე ერთუჯრედიანი ორგანიზმებისთვის,
რომლებიც გარემოს ზემოქმედებას პასუხობენ მოძრაობით. ბიოტიკური ფაქტორების
მიმართ ასეთ მოძრაობით რეაქციებს ეწოდება ტროპიზმი ან ტაქსისი. განასხვავებენ
სხვადასხვა სახის ტროპიზმს: ფოტოტროპიზმი - ცოცხალი ორგანიზმის რეაქცია
იმოძრაოს სინათლის ზემოქმედებით; თერმოტროპიზმი - სითბოს ზემოქმედებით
მოძრაობის ტენდენცია და ა. შ.
ასახვის ფსიქიკური ფორმების გაჩენა დაკავშირებულია უმარტივესი ნერვული
სისტემის აღმოცენებასთან. ასეთი ნერვული სისტემა პირველად ჩნდება
ნაწლავღრუიანებში (ჰიდრა, მედუზა). იგი წარმოადგენს წანაზარდების მქონე ცალკეულ
ნერვულ უჯრედებს, რომლებიც გადახლართულია ერთმანეთში და ეწოდება
ბადისებური ანუ დიფუზური ნერვული სისტემა. ამ ტიპის ნერვული სისტემისას
სხვადასხვა გამღიზიანებელზე მთლიან ორგანიზმს აქვს არადიფერენცირებული
რეაქციები.
ნერვული სისტემის განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩნდება განგლიოზური ანუ
ძეწკვისებური ნერვული სისტემა (ჭიაყელა). ყველა განგლია (კვანძი) დაკავშირებულია
ერთმანეთთან და ორგანიზმი მოქმედებს, როგორც ერთი მთლიანობა.
მწერებისთვის დამახასიათებელი ნერვული სისტემა წარმოადგენს განგლიოზური
ნერვული სისტემის შემდგომ განვითარებასა და გართულებას. აქ უკვე ნათლადაა
გამოკვეთილი თავის, მკერდისა და მუცლის უბნები. უფრო მაღალგანვითარებულ
მწერებს (ფუტკარი, ჭიანჭველა) გააჩნიათ ყნოსვის, გემოს, შეხების, მხედველობის
შეგრძნებები. მწერებისთვის დამახასიათებელ ფსიქიკურ ასახვას ეწოდება ფსიქიკის
განვითარების სენსორული სტადია.
ხერხემლიან ცხოველებში ჩნდება ნერვული სისტემის ახალი ტიპი - ესაა
ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც შედგება თავისა და ზურგის ტვინისაგან.
ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება გამოიხატება იმაში, რომ ხდება
თანდათანობითი კორტიკალიზაცია, ანუ თავის ტვინის ქერქის მოცულობისა და როლის
ზრდა. სხვადასხვა ცხოველებთან ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება არ
ხდება ერთნაირად. იგი განპირობებულია საცხოვრებელი გარემოს თავისებურებებით,
ცხოველის ცხოვრების წესით. ცენტრალური ნერვული სისტემის გაჩენასთან ერთად
ჩნდება ფსიქიკური ასახვის ახალი ფორმაც - ფსიქიკის განვითარების პერცეპტული
სტადია.
ცხოველთა ქცევის ფორმები. განასხვავებენ ცხოველთა ქცევის სამ ძირითად ფორმას:
ინსტინქტი, ჩვევა და გონიერი (ინტელექტუალური) ქცევა.
ინსტინქტი - ესაა სახეობისთვის დამახასიათებელი ქცევის თანდაყოლილი ფორმა.
ცხოველთა ყველა სახეობას გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინსტინქტები.
მართალია, ცხოვრების მანძილზე ხდება ინსტინქტთა გარკვეული სრულყოფა, მაგრამ
ძირითადად ისინი რჩებიან უცვლელი ფორმით.
ინსტინქტი - ესაა ქცევის შაბლონური ფორმა, რომელიც საოცრად მიზანშეწონილია
უცვლელი ცხოვრებისეული პირობების შემთხვევაში. მოვიყვანოთ ინსტინქტური ქცევის
მაგალითი”: ბზიკი - სფექსი, სანამ კვერცხების დადებას დაიწყებდეს, უზრუნველყოფს
თავის მატლს საკვებით - ”კონსერვირებული” კალიით. სფექსი თავს ესხმის კალიას,
სფექსი ზუსტად ჩხვლეტს მას სამ ნერვულ კვანძში, რომლებიც აკონტროლებენ
2

კიდურების მოძრაობას და ამით ახდენს მის პარალიზებას. შემდეგ იგი შეათრევს კალიას
სპეციალურად გაკეთებულ სოროში და კვერცხს დებს მის მკერდზე.
ინსტინქტური აქტების ამ სერიაში ყველა მოქმედება ძალზე მიზანშეწონილია: ჯერ
ერთი, მსხვერპლის პარალიზება. მკვდარი კალია მანამ გაიხრწნება, სანამ მატლი
გამოიჩეკება, ხოლო აქტიურ მდგომარეობაში დარჩენილი ადვილად მოკლავს მატლს.
მეორე - სფექსის მიერ კალიის განგლიების საოცრად ზუსტი ჩხვლეტა და ბოლოს, ის
აკურატულობა, რომლითაც კვერცხი თავსდება სწორედ კალიის მკერდზე. ეს
ერთადერთი უსაფრთხო ადგილია, საიდანაც მატლს არ შეუძლია გადმოვარდნა, რადგან
ჯერ კიდევ ცოცხალი კალია ამოძრავებს მუცელს, ყბებს და ულვაშებს. ხოლო თუ ეს
უსუსური მატლი აღმოჩნდება მიწაზე, იგი აუცილებლად დაიღუპება.
ინსტინქტების მაღალი მიზანშეწონილობა ოდითგანვე კვებავდა შეხედულებას მათი
”გონოვრულობის” შესახებ. დროთა განმავლობაში მისი ადგილი დაიკავა საწინააღმდეგო
შეფასებამ და დაიწყეს ინსტინქტების სიბრმავეზე. ამის საბაბი გახდა ცდები,
რომლებითაც ირკვევა, რომ თუ ცხოველების ინსტინქტურ მოქმედებებს დავუკარგავთ
აზრს, ისინი მათ მაინც შეასრულებენ. მაგალითად, უკვე აღწერილი სფექსი, კვერცხის
დადების შემდეგ, გულმოდგინედ მოქოლავს სოროს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა
ახლახან ამოიღო იქიდან კალია. ამასთან, სანამ სოროს დალუქავს, სფექსი აუცილებლად
შედის მასში და შეუძლებელია არ ხედავდეს, რომ ის ცარიელია. საბოლოო მოქმედება
აზრს უკარგავს ყველა წინამორბედ მოქმედებას.
ამ და მსგავსი ფაქტებიდან თითქოს შეიძლება გაკეთდეს დასკვნა ინსტინქტების
”სიბრმავის” შესახებ, მაგრამ იგი არ იქნება კორექტული ისევე, როგორც დასკვნა მათი
”გონივრულობის” თაობაზე. ამ უკანასკნელის ნაცვლად უნდა ვილაპარაკოთ
ინსტინქტების ბიოლოგიურ მიზანშეწონილებაზე, ხოლო ”სიბრმავის” ნაცვლად - მათ
ფიქსირებულობაზე. ინსტინქტები მართლაც კარგად არიან მორგებული გარკვეულ
გარემო პირობებს. სიტუაციის ტლანქი, ხელოვნური შეცვლა, რასაც ადგილი აქვს
ცდებში, იწვევს ინსტინქტების ”სიბრმავის” ილუზიას. ბუნებრივ პირობებში სიტუაციის
ასეთი ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია და ინსტინქტის მექანიზმი გათვლილია
სწორ სიტუაციაზე.
ამასთან ერთად, ისიც რეალობაა რომ აქტივობის სიტუაცია ბუნებრივ პირობებში
მუდმივად და ხშირად მნიშვნელოვნად ცვალებადობს. ბზიკის მაგალითი ის შემთხვევაა,
როდესაც ცოცხალი არსება ალღოს ვერ უღებს ახალ ვითარებას: რამდენჯერაც არ უნდა
ჩატარდეს ცდა, იგი ერთი და იგივეს გაიმეორებს - ვერ გამოიმუშავებს არასტანდარტულ
მოქმედებასთან დაკავშირებულ ახალ გამოცდილებას. მაშასადამე, თუ გარემოს
პირობები შეიცვალა, ცხოველი ამას ვერ ამჩნევს და აგრძელებს მოქმედებას იმ
”პროგრამით”, რომელიც ჩადებულია მის გენებში. ქცევის ინსტინქტური ფორმა
მიზანშეწონილია მხოლოდ ჩვეული პირობების შენარჩუნებისას და ყოველგვარ
მიზანშეწონილობას კარგავს მათი შეცვლისას.
ცხოველთა ქცევის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია აქტივობის ახალი
ადაპტური ფორმების გამომუშავებასთან. რაც უფრო მრავლადაა ცხოველის ქცევის
რეპერტუარში შეძენილი, დასწავლილი მოქმედებები და რაც უფრო ნაკლებია
თანდაყოლილი, ინსტინქტური მოქმედებები, მით უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება
იგი ევოლუციური განვითარების რიგში. ეს მართლაც ასეა, მაგრამ არ არის მართებული
თანდაყოლილისა და შეძენილის, ინსტინქტურისა და დასწავლილის მკაცრი
დაპირისპირება, მით უფრო, მათი ერთმნიშვნელოვანი მიწერა ცხოველთა სხვადასხვა
სახეობისთვის: დაბალგანვითარებულისთვის და მაღალგანვითარებულისთვის. ირკვევა,
რომ ახალ სიტუაციასთან მორგება, გამოცდილების შეძენა შეუძლიათ უმდაბლეს
ცხოველებსაც. სპეციალური ცდებით დადგინდა, რომ უმარტივესი ნერვული სისტემის
მქონე ჭიაყელას შესაძლებელია ვასწავლოთ მოუხვიოს მარჯვნივ T მაგვარ ლაბირინთში.
თუმცა ამისთვის მას მრავალი მცდელობა დასჭირდა, როცა მარცხნივ მოხვევისას
3

ეჯახებოდა მავთულს, რომელშიც დენი გადიოდა. დასწავლის ეს უნარი ფილოგენეტური


განვითარების კვალობაზე საგრძნობლად მატულობს და უმაღლესი ცხოველების
ცხოვრებაში ასრულებს მნიშვნელოვან გადამწყვეტ როლს. ამ უნარს ცხოველთა
სამყაროში მუდამ ვხვდებით. ხშირად იგი ჟღავნდება იმდენად ადრეულ ასაკში, რომ
იქმნება ილუზია, თითქოს ქცევა თავიდან ბოლომდე თანდაყოლილია. ამის ნათელ
მაგალითს წარმოადგენს ე.წ. იმპრინტინგი (აღბეჭდვა). ეს მოვლენა აღმოაჩინა ცხოველთა
ქცევის დიდმა სპეციალისტმა კონრად ლორენცმა. იგი დარწმუნდა, ახლადგამოჩეკილი
ბატის ჭუკები აუცილებლად თავის დედას კი არ მჰყვებიან, არამედ იმ ობიექტს,
რომელსაც ისინი გამოჩეკვისას პირველად ხედავენ. ამ შემთხვევაში ეს იყო თვით
ლორენცი, რომლის მიმართ ეს ბატები მოზრდილობაშიაც ამჟღავნებდნენ გასაოცარ
მიჯაჭვულობას. ბუნებრივ პირობებში ის, ვისი აღბეჭდვაც პირველად ხდება დედაა და
ჭუკებიც ავტომატურად დაჰყვებიან მას. სინამდვილეში ეს არის არა ინსტინქტის, არამედ
ადრეული დასწავლის გამოვლინება. იმპრინტინგის მექანიზმი განაპირობებს
ხერხემლიანთა ბევრ ისეთ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მშობლების, თავისი
გარემოცვის, საციცოხლო გარემოს ნიშან-თვისებების ცნობასთან.
საზოგადოდ, ცხოველთა ქცევაში ინსტინქტურისა და დასწავლილის
ურთიერთმიმართება რთული და მრავალფეროვანია. კერძოდ, დადგენილია, რომ
ზოგიერთმა ინსტინქტურმა მოქმედებამ ცხოველის ინდივიდუალური განვითარების
მსვლელობაში უნდა გაიაროს ჩამოყალიბებისა და ვარჯიშის პერიოდი. დასწავლის
ასეთმა ფორმამ მიიღო ობლიგატური (აუცილებელი) დასწავლის სახელწოდება.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ წიწილა გამოჩეკვისთანავე ახორციელებს ასაკენკ
მოძრაობებს, მათი სიზუსტე ძალზე მცირეა და პირველი დღეების განმავლობაში იგი
მნიშვნელოვნად მატულობს. ობლიგატური დასწავლის შემდეგი მაგალითია ჩიტების
ფრენა. დასაწყისში ყველა ბარტყი აქნევს ფრთებს და მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ
აფრინდება ჰაერში. თუმცა მისი ფრენა, განსაკუთრებით დაშვებისას, პირველ ხანებში
მაინც ძალიან არასრულყოფილია. ჩიტის გალობა წარმოადგენს ობლიგატური
დასწავლის კიდევ ერთი მაგალითს. გამოირკვა რომ ზოგიერთ მგალობელ ჩიტს არ
შეუძლია გაიმეოროს თავისი სახეობის ჩიტების გალობა, თუ ის გაიზარდა იზოლაციაში
ან სხვა სახეობის ჩიტების გარემოცვაში. მაშასადამე, ბევრი ინსტინქტური
(თანდაყოლილი აქტი საჭიროებს სრულყოფას ცხოველის ინდივიდუალურ
გამოცდილებაში და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დასწავლაც დაპროგრამებულია).
ცხოვრებისეულ პირობებთან უფრო სრულ და ზუსტ შეგუებას უზრუნველყოფს ჩვევები.
ჩვევა. ინსტინქტისაგან განსხვავებით, ჩვევა წარმოადგენს ცხოველთა ქცევის შეძენილ
ფორმას. ჩვევების შემუშავება ხდება როგორც ცხოვრების ბუნებრივ პირობებში, ისე
ცხოველის წვრთნის შედეგად. ცხოველებს ჩვევები უყალიბდებათ ცდისა და შეცდომის
მეთოდით. რაიმე მოქმედების მრავალჯერ გამეორებას და შედეგის მიღწევისას
დადებითი განმამტკიცებლის მიღებას მივყავართ შესატყვისი რეაქციის თანდათანობით
ჩამოყალიბებამდე. ჩვევა - ესაა ცხოველთა ქცევის ცვალებადი ფორმა და ამიტომ
შესაბამისი განმამტკიცებლის გარეშე იგი თანდათანობით ქრება. გარდა ამისა, ჩვევის
ცვლილება ვლინდება გადატანაში. მაიმუნს შეუმუშავეს ჩვევა, მარჯვენა წინა თათით
გაეღო ყუთის საკეტი, რომელშიც იდო ბანანი. შემდეგ ეს თათი ტანზე მიაკრეს ბინტით,
მაიმუნმა გააღო მარცხენა წინა თათით. ეს თათიც მიაკრეს ტანზე, მაშინ მაიმუნმა გააღო
უკანა თათით. როცა ესეც შეუძლებელი შეიქნა, საკეტი გააღო კბილებით. შემუშავებული
ჩვევის გადატანა ძირითადად დამახასიათებელია მაღალორგანიზებული
ცხოველებისთვის.
ქცევის შეძენილ ფორმას წარმოადგენს პირობითი რეფლექსი. პირობითი რეფლექსის
შემუშავება შესაძლებელია უკვე განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ
ცხოველებთან, მაგრამ რაც უფრო მაღალგანვითარებულია ცხოველი მით უფრო
განვითარებული აქვს პირობითი რეფლექსის შემუშავების უნარი. პირობითი რეფლექსის
4

შემუშავების ბიოლოგიური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ პირობითი


რეფლექსის შემუშავების გზით ცხოველი ახერხებს გარემოს შეცვლილ პირობებთან
საკმაოდ სწრაფად შეგუებას: გარემო პირობების შეცვლის შემთხვევაში ადვილად ხდება
ადრე შემუშავებული პირობითი რეფლექსის ჩაქრობა და ახალ პირობებთან მორგებული
ახალი პირობითი რეფლექსის აღმოცენება.
პირობითი რეფლექსი ყალიბდება შემდეგნაირად: რომელიმე გამღიზიანებლის
თანდაყოლილი რეფლექსის გამღიზიანებელთან მრავალჯერი ერთდროული
გამეორების (შეუღლების) შედეგად. ცხოველში პირველი გამღიზიანებლის მოქმედება
მეორის გარეშეც იწვევს ამ უპირობო რეფლექსის აღმოცენებას. მაგალითად, პირის
ღრუში საჭმლის მოხვედრა იწვევს ნერწყვის გამოყოფას, რაც წარმოადგენს
თანდაყოლილ (უპირობო) რეფლექსს, მაგრამ ნერწყვის გამოყოფა მხოლოდ საჭმლის
სუნზე წარმოადგენს პირობით რეფლექსს. საჭმლის სუნით გაღიზიანების მრავალჯერმა
გამეორებამ საჭმლის პირში ჩადებასთან (ჭამასთან) დაკავშირებით გადააქცია პირველი
(სუნი) სიგნალად ანუ პირობით გამღიზიანებლად ნერწყვის გამოყოფის
რეფლექსისათვის. პირობითი რეფლექსის შემუშავება ხდება თანდაყოლილი რეფლექსის
საფუძველზე. პირობით გამღიზიანებლად შეიძლება აღებული იყოს ნებისმიერი
გამღიზიანებელი.
ი. პავლოვმა პირობით რეფლექსს ასე იმიტომ უწოდა, რომ ასეთი რეფლექსის
აღმოცენება და მოქმედება დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე. მისი აღმოცენება
დამოკიდებულია პირობითი გამღიზიანებლის უპირობო გამღიზიანებელთან
”შეუღლებაზე”. მაგრამ თუ ეს პირობა დიდი ხნით დაირღვა, კერძოდ, თუ პირობითი
გამღიზიანებელი მრავალჯერ განმეორდა უპირობო გამღიზიანებლის გარეშე, მაშინ
ხდება პირობითი რეფლექსის ”ჩაქრობა”, იგი სუსტდება და ბოლოს სრულიად ქრება.
რაც უფრო განმტკიცებულია პირობითი რეფლექსი,მით უფრო გვიან ჩაქრება იგი.
მისი სიმტკიცე დამოკიდებულია არა მხოლოდ ორივე გაღიზიანების შეუღლებათა
რაოდენობაზე, არამედ იმაზედაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბიოლოგიური
თვალსაზრისით: რაც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული პირობითი რეფლექსი
ორგანიზმის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებთან, მით უფრო ადვილად შემუშავდება და
უფრო მტკიცეა იგი.
პირობითი რეფლექსის შემუშავების ფიზიოლოგიის მექანიზმის საფუძველს
წარმოადგენს თავის ტვინის ქერქში ორ კერას (აგზნებულ ცენტრს) შორის სპეციფიკური
ფიზიოლოგიური კავშირის დამყარება და განმტკიცება, რასაც პავლოვმა უწოდა
”დროებითი კავშირი”. პავლოვმა დაამტკიცა შემდეგი ფიზიოლოგიური
კანონზომიერება: ტვინის ქერქში ორი კერის ერთდროული აგზნების გამეორების
შედეგად ამ ორ კერას შორის თანდათანობით განმტკიცდება ფიზიოლოგიური კავშირი,
რის გამოც ერთი კერის აგზნება გადადის მეორე კერაში და იწვევს მის აგზნებასაც.
კერებს შორის ასეთ კავშირს ეწოდება ”დროებითი კავშირი”. თუ მეორე კერასთან
თანდაყოლილადაა დაკავშირებული რაიმე მოქმედება, ცხადია, რომ ამ მეორე კერაში
აგზნების გადასვლის გამო შესრულდება ეს მოქმედებაც. მაგალითად, თუ წითელი
სინათლის შესატყვისი კერის აგზნებას რამდენჯერმე თან ახლავს ძაღლის პირის ღრუს
გაღიზიანება საჭმლით, მაშინ წითელი სინათლის კერასა და საჭმლით აგზნებულ კერას
შორის ჩამოყალიბდება დროებითი კავშირი, რის გამოც წითელი სინათლის ანთება
გამოიწვევს ნერწყვის გამოყოფას საჭმლის გარეშე.
ორ კერას შორის ეს კავშირი დროებითი ხასიათისაა: თუ პირობითი გამღიზიანებელი
დიდი ხნის შემდეგ არ განმტკიცდა ძირითადი (უპირობო) გამღიზიანებლით, მაშინ
პირობითი რეფლექსი ჩაქრება, ე.ი. ამ კერებს შორის დროებითი კავშირი შეკავდება ან
საერთოდ მოისპობა.
ძუძუმწოვარ ცხოველებთან და ადამიანებთან დროებითი კავშირების ჩამოყალიბება
ხდება დიდი ტვინის ქერქში, ხოლო რამდენადაც ცხოველის ქცევის ინდივიდუალური
5

განვითარების საფუძველს შეადგენს ახალი დროებითი კავშირების განმტკიცება, ცხადია,


რომ ძუძუმწოვარ ცხოველებთან მოქმედების განვითარების საფუძველს წარმოადგენს
დიდი ტვინის ევოლუცია.
გონიერი ქცევა (ინტელექტუალური) - ესაა ცხოველთა ქცევის უმაღლესი ფორმა. იგი
შეინიშნება ანთროპოიდებში (ადამიანის მსგავსი მაიმუნები) და დელფინებში.
ინტელექტუალური ქცევა უზრუნველყოფს ცხოველთა უფრო სრულ და ზუსტ
შეგუებას გარემოს ცვალებად პირობებთან. ჩვევებისაგან განსხვავებით, ინდივიდი
მიაგნებს (ახორციელებს) ახალი სიტუაციის შესატყვის მოქმედებას ყოველგვარი
გაწვრთნისა და წინასწარი გავარჯიშების გარეშე. მაგალითად, გალიაში მყოფი ადამიანის
მსგავსი მაიმუნი (ანთროპოიდი) შორს დადებული საკვების ხელში ჩასაგდებად იყენებს
შორიახლო მდებარე ჯოხს, თუმცა მას არასოდეს ამ მიზნით ჯოხი არ უხმარია. ასევე,
მაღლა კალათით დაკიდებული ბანანის მისაწვდომად შიმპანზემ მოიტანა და
ერთმანეთზე დადგა მახლობლად მდებარე ცარიელი ყუთები, ავიდა მათზე და მიწვდა
ბანანს, თუმცა მსგავსი ქცევის გამოცდილება მას მანამდე არ ჰქონია და ა.შ.
გონიერი ქცევა შეძენილი ქცევისაგან განსხვავდება იმითაც, რომ ეს არის ერთგვარი
პრაქტიკული განზოგადება: ახალი ამოცანის ერთჯერადი გადაწყვეტა საკმარისია, რომ
ინდივიდი ამ მოქმედებას დაეუფლოს ერთხელ და სამუდამოდ. არავითარი გაწვრთნა,
ამ მოქმედებათა გამეორება ამისთვის საჭირო არ არის, რადგან მოქმედება გონიერია.
მაგალითად, თუ შიმპანზე ერთხელ შესძლებს ყუთების გამოყენებას მაღლა
დაკიდებული საგნის მისაწვდომად, იგი სხვა ანალოგიურ სიტუაციაშიც გამოიყენებს ამ
საშუალებას. ამას ეწოდება გადატანა ანუ ტრანსპოზიცია. კვლევები ადასტურებს, რომ
მაიმუნებს შეუძლიათ ცალკეული საგნებისა და მათ შორის არსებული კავშირების ასახვა,
რომლებიც უშუალოდაა მოცემული გარეგან ნიშნებში.
ამრიგად, გონიერი ქცევა ხასიათდება იმით, რომ უზრუნველყოფს შეცვლილ
პირობებთან საკმაოდ ზუსტ შეგუებას, ამასთან, შესაძლებელი ხდება არამარტო
ცალკეული საგნების, არამედ მათ შორის არსებული გარეგანი კავშირების ასახვაც.

You might also like