You are on page 1of 25

ნაპოლეონი - აღზევება

გენერალი ბონაპარტი 1799 წელს


1799 წელს საფრანგეთს სათავეში ჩაუდგა 30 წლის ადამიანი, რომელმაც იმ პერიოდისათვის
თავისი ასაკისა და სოციალური წარმოშვებისათვის ერთი შეხედვით არნახულად ბევრს
მიაღწია. ამ ასაკში მსგავსი წარმატებები მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელს ჰქონდა; მაგრამ
ალექსანდრე უფლისწული იყო - მან მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ სამეფო ტახტი,
არამედ ასევე მამამისის, დიდი ფილიპეს მიერ შექმნილი არმიაც, რომელსაც იმხანად ბადალი
არ ჰყავდა მთელ ევრაზიაში (ალბათ, მხოლოდ ჩინეთის გამოკლებით). ნაპოლეონ ბონაპარტი
კი არა მხოლოდ ღარიბი ოჯახიდან იყო წარმოშობით, არამედ დაიბადა კორსიკაზე -
კუნძულზე, რომელიც საფრანგეთის შემადგენლობაში მის დაბადებამდე სულ რამდენიმე
თვით ადრე შევიდა. მოზარდობისას ნაპოლეონი კორსიკის ფრანგებისაგან
გათავისუფლებაზეც კი ოცნებობდა, მაგრამ რომანტიკამ თანდათანობით პრაგმატიზმსა და
ამბიციებს დაუთმო გზა, ნაპოლეონის ამბიციებისა და ნიჭის ადგილი კი კორსიკაზე
ნამდვილად არ იყო. ასეთ თვისებებს დიდი გასაქანი და ასპარეზი ესაჭიროებოდა და
ნაპოლეონმაც საფრანგეთს მიაშურა, რომელიც არა მხოლოდ კორსიკაზე უფრო დიდი
ასპარეზი, არამედ ევროპის უძლიერესი სახელმწიფოც იყო. გარდა ამისა, საფრანგეთი მე-18
საუკუნის ბოლოს რევოლუციამ მოიცვა, რომელმაც ახალგაზრდა ბონაპარტის მსგავს
ადამიანებს თავის გამოჩენისა და სწრაფად დაწინაურების საშუალება მისცა. 1793 წელს
ბონაპარტმა წარმატებული სამხედრო ოპერაციისათვის ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.
ნაპოლეონი მაშინ სულ 24 წლის იყო. ამის შემდეგ მან პარიზში გამოიჩინა თავი. საფრანგეთის
ახალ მთავრობას, ე.წ. დირექტორიას, გადაგდებული და სიკვდილით დასჯილი მეფის
ხელისუფლების მომხრეები (როიალისტები) აუჯანყდნენ. ახალგაზრდა ბონაპარტმა,
რომელმაც მთავრობის დაცვა იკისრა, ანგარიში არ გაუწია იმ ფაქტს, რომ აჯანყებულები
საგანგებოდ ეკლესიას შეეფარნენ. მან ქვემეხებიდან ცეცხლის გახსნა ბრძანა და ამბოხს
რამდენიმე წუთში მოუღო ბოლო.
სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობამ გენერალ ბონაპარტს მხოლოდ
ხელისუფლების სიმპათიები მოუტანა, მაგრამ შორს აღარ იყო დრო, როცა იგი მთელი
ხალხის კერპადაც უნდა ქცეულიყო. 1796 წელს ნაპოლეონს ერთ-ერთი ფრანგული არმია
ჩააბარეს, რომელსაც იტალიაში ავსტრიის წინააღმდეგ უნდა ეომა. რბილად რომ ვთქვათ, ეს
არ იყო საფრანგეთის ყველაზე კარგად აღჭურვილი და ძლიერი არმია. ნაპოლეონს ჩააბარეს
არა მხოლოდ იტალიაში განლაგებულ ავსტრიის არმიაზე გაცილებით მცირერიცხოვანი,
არამედ ასევე უდისციპლინო და ცუდად აღჭურვილი ჯარი. დირექტორია ჯერ კიდევ ვერ
აფასებდა ჯეროვნად ახალგაზრდა გენერალს და ამიტომაც მას მეორეხარისხოვანი საქმე
მიანდო. ნაპოლეონისგან მხოლოდ ერთ რამეს ელოდნენ - მას ავსტრიის არმია უნდა
დაეკავებინა და ამით გაეფანტა მტრის ყურადღება მაშინ, როცა საფრანგეთის უფრო ძლიერ
შენაერთებს ძირითადი იერიში გერმანიის მიმართულებით უნდა მიეტანათ. საფრანგეთი იმ
დროს ფაქტობრივად მთელ კონტინენტთან ომში იყო ჩაბმული. ევროპულმა მონარქიებმა
რევოლუციის ჩახშობა მოინდომეს და წესრიგის დასამყარებლად საფრანგეთში თავიანთი
არმიები გაგზავნეს. მაგრამ ფრანგებმა არმიები მოიგერიეს და შემდეგ თანდათანობით
კონტრშეტევაზეც გადავიდნენ. წარმატებაში ფრანგებს არა მხოლოდ ის ფაქტი ეხმარებოდათ,
რომ სამშობლოს იცავდნენ, არამედ ისიც, რომ მათ „მასობრივი არმიები“ ჰყავდათ. დანარჩენ
ევროპულ სახელმწიფოებში არმიები ძირითადად დაქირავებულთაგან შედგებოდა,
რომელთაც ფულის და არა ნიჭის მიხედვით დაწინაურებული არისტოკრატები
მეთაურობდნენ. გლეხების და საერთოდ, უბრალო ხალხის არმიაში მასობრივად გაწვევისა
ევროპულ მონარქებს ეშინოდათ, რევოლუციურ საფრანგეთს კი ამგვარი შიში აღარ
აწუხებდა. ეს იყო დიდი უპირატესობა, რომელმაც შემდეგ ნაპოლეონის სამხედრო გენიასთან
ერთად საფრანგეთს წარმოუდგენელი წარმატებები მოუტანა.
ეს სამხედრო გენია თავისი მასშტაბით პირველად სწორედ იტალიაში გამოვლინდა, სადაც
ნაპოლეონმა სასწაულებრივად დაამარცხა მტერი და შემდეგ პირდაპირ ვენისკენ დაიძრა. აქ
კი უკვე ახალგაზრდა გენერლის პოლიტიკური ამბიციებიც გამოვლინდა. მან თავად
წარმართა ავსტრიის იმპერიასთან მოლაპარაკება ზავის პირობებზე და მეტად მომგებიან
გარიგებასაც მიაღწია. ავსტრიის იმპერია - საფრანგეთის ყველაზე საშიში მტერი -
დამარცხებული იყო. ბონაპარტი ტრიუმფით დაბრუნდა პარიზში, სადაც მას უკვე შიშის
კანკალით ელოდა დირექტორია - პოპულარულ გენერალს ისინი შეეძლო უბრალოდ
მოეშორებინა, ისე, როგორც ამას აკეთებდნენ ხოლმე წარმატებული რომაელი
მხედართმთავრები. მაგრამ კორსიკელი გენია ჯერ არ ჩქარობდა. ავსტრიის დამარცხების
შემდეგ მას ინგლისის შევიწროვება ჰქონდა ჩაფიქრებული და არა ხელისუფლებაში მოსვლა.
ინგლისი თავისი გეოგრაფიის წყალობით ნაპოლეონის ჯარისკაცებისათვის მიუწვდომელი
იყო, მაგრამ გენერალი არ აპირებდა საკუთრივ ინგლისზე წასვლას, რომელსაც ზღვებიდან
საიმედოდ იცავდა მსოფლიოში უძლიერესი ფლოტი. მას გადაწყვეტილი ჰქონდა,
ინგლისისათვის ინდოეთში დაერტყა. ინდოეთამდე იგი ეგვიპტიდან უნდა მისულიყო.
ეგვიპტემდე მიღწევა გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ინგლისში ჯარის გადასხმა.
როგორც ცნობილია, ნაპოლეონმა თავისი ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. მართალია, მან
მოახერხა ეგვიპტეში ჯარის გადასხმა (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელების ფლოტი
ლეგენდარული ჰორაციო ნელსონის მეთაურობით მას მთელ ხმელთაშუა ზღვაში ეძებდა), იქ
მამლუქების დამარცხება და ეგვიპტეზე კონტროლის დამყარება. მაგრამ ვერ მოახერხა
ჯარით ინდოეთამდე მიღწევა და მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ საფრანგეთის
ინტერვენციის სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, ეგვიპტეც მიატოვა და სამშობლოსკენ
(საფრანგეთი უკვე ნამდვილად ქცეულოყო მის სამშობლოდ) გასწია. მაგრამ,
წარუმატებლობის მიუხედავად, ეგვიპტის კამპანია მაინც ძალიან ბევრს ნიშნავდა.
ნაპოლეონმა გამოავლინა ისეთი გეოპოლიტიკური ხედვა, რომლითაც იქამდე ევროპაში
ვერავინ დაიკვეხნიდა. მან არა მხოლოდ ზუსტად შეაფასა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო
ინდოეთი ინგლისის იმპერიისათვის (დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ ინგლისის
მეფისნაცვალმა ინდოეთში და მომავალმა საგარეო მინისტრმა ჯორჯ კერზონმა განაცხადა,
რომ ინდოეთის დაკარგვის შემთხვევაში ინგლისი მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ
გადაიქცეოდა, როგორც მოგვიანებით მოხდა კიდეც), არამედ მოძებნა ინდოეთზე დარტყმის
ერთობ ორიგინალური მარშრუტი. ბონაპარტის ეგვიპტეში ლაშქრობამ ინგლისი იმდენად
დააშინა, რომ მოყოლებული იქიდან, ფრანგების ეგვიპტესთან მიახლოება ლონდონში მუდამ
სერიოზულ პანიკას იწვევდა ხოლმე.
აი, ასეთი მიღწევები ჰქონდა ადამიანს, რომელმაც ეგვიპტიდან ჩამოსულმა სახელმწიფო
გადატრიალება მოახდინა და სათავეში ჩაუდგა ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ
რევოლუციამდე ევროპაში უძლიერესად ითვლებოდა, რევოლუციის შემდეგ კი მიიღო
„მასობრივი არმია“ და კიდევ უამრავი სხვა უპირატესობა, რომელთაც სწორედ რევოლუცია
იძლევა ხოლმე. თუმცა, რევოლუციამ ასევე მოიტანა მასობრივი ტერორი და უამრავი
უდანაშაულო მსხვერპლი. ამან საფუძველი მისცა ბევრ წესიერ და ჭკვიან ევროპელს,
საფრანგეთის რევოლუცია უდიდეს ბოროტებად გამოეცხადებინა. თავად ნაპოლეონი
საკმარისად ჭკვიანი იყო, რათა დაენახა რევოლუციის მახინჯი მხარეები (რევოლუციურმა
ტერორმა თავის დროზე კინაღამ ისიც იმსხვერპლა), მაგრამ ის ინტელექტით საშუალო
წესიერ და ჭკვიან ევროპელებზე მაღლა იდგა და ამიტომაც გადაწყვეტილი ჰქონდა,
რევოლუციური სიმახინჯეები მოესპო, მაგრამ დაეტოვებინა და გამოეყენებინა ყველაფერი
კარგი, რაც მან მოიტანა - უპირველესად კი ნიჭიერი ადამიანებისათვის მათი წარმოშობის
განურჩევლად თავის გამოჩენის საშულება და მათი სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება.
შედეგად ნაპოლეონმა ბოლო მოუღო რევოლუციას, მაგრამ ამავე დროს უარი განაცხადა
განდეგილი ბურბონების სამეფო დინასტიის საფრანგეთში დაბრუნებაზე. იგი თავად
აპირებდა საფრანგეთის მართვას და ამიტომ არ სჭირდებოდა არც რევოლუციონერები და
არც როიალისტები. მას უყვარდა ძალაუფლება, მაგრამ არ უყვარდა უკიდურესობები. იგი არ
იყო ფანატიკოსი, გულგრილი იყო რელიგიის მიმართ და ვერ იტანდა უმეცრებასა და
ეგზალტირებულ ბრბოებს (რის სიმცირესაც მაშინდელი საფრანგეთი არ უჩიოდა). უაღრესად
პრაგმატული გონების პატრონს არაფერში სჭირდებოდა ზედმრტი მსხვერპლი. როცა მან
საფრანგეთში აჯანყებულ როიალისტებს ცეცხლი დაუშინა, ნამდვილი ჭურვებით ქვემეხები
მხოლოდ პირველი ორი ზალპის დროს დაატენინა. როცა ამ ზალპებმა ეფექტი მოახდინა,
შემდეგ უკვე მხოლოდ „ცარიელზე“ ისროდა, რათა დამფრთხალი ბრბო უბრალოდ
გაქცეულიყო. ადრეულ ახალგაზრდობაში ნაპოლეონმა რომანი დაწერა, მაგრამ მოგვიანებით,
როცა სენტიმენტებმა გადაუარა, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე წინ მეცნიერება და
ტექნიკური პროგრესი დააყენა. იგი კარგად იცნობდა ფილოსოფოსთა ნაშრომებს, მაგრამ
მათზე მეტად მეწარმეებსა და გამომგონებლებს აფასებდა (გამოგონებაში თავადაც შეიტანა
წვლილი - ეგვიპტეში ლაშქრობის წინ მანამდე არარსებული მზის სათვალეები
დაამზადებინა, რათა ჯარისკაცებს უდაბნოში გადაადგილება და ბრძოლა არ
გასჭირვებოდათ). ავადმყოფურად გამხდარი ნაპოლეონი ბავშვივით უყვარდათ თავის
მეომრებს, მაგრამ ეს „ბავშვი“ შიშის ზარს სცემდა ათასნაირ ბრძოლასა და ავანტიურაში
გამოწრთობილ გენერლებს, რომელთაც ბედმა მომავალი იმპერატორის სამსახური არგუნა.
დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ოთხი საათი ეძინა, არნახულად ბევრს მუშაობდა და
თანამებრძოლებისგანაც იმავეს ითხოვდა. ნიჭიერი ხალხის მხრიდან კონკურენციის
არასოდეს ეშინოდა და საერთოდ, ძნელად თუ აწუხებდა რაიმე კომპლექსი, გარდა იმისა,
რომ საკმაოდ დიდხანს უწევდა ანგარიშს თავის დედას. გავრცელებული აზრის
საწინააღმდეგოდ, ნაპოლეონი ტანდაბალიც არ გახლდათ. იმ დროის მონაცემებისათვის იგი
საშუალო სიმაღლისად ჩაითვლებოდა, ჯუჯად კი კორსიკელი მტრულმა ინგლისურმა
პროპაგანდამ შერაცხა. ხელისუფლებაში მოსულს მას დახვდა ცარიელი ხაზინა, მოშლილი
სახელმწიფო აპარატი, კორუფცია, არნახული ყაჩაღობა, კრიმინალი და ყოველივე ამით
გადაღლილი მოსახლეობა. ასეთ პრობლემებს მთავრობები ათწლეულების განმავლობაში
აგვარებენ ხოლმე, მაგრამ ნაპოლეონმა ეს დაახლოებით ერთ წელიწადში მოახერხა.
საფრანგეთი ფეხზე დადგა და ახლა უკვე შეიძლებოდა საგარეო პოლიტიკასაც მიბრუნებოდა.
30 წლის ბონაპარტს უკვე ძალიან ბევრისათვის მიეღწია, მაგრამ ეს - მხოლოდ გენერლის
რანგში. როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მას ამაზე გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა.

კონსულობიდან იმპერატორობამდე
ამ პერიოდისათვის ევროპული რუკა დღევანდელთან შედარებით გაცილებით მარტივად
გამოიყურებოდა. დასავლეთ ევროპაში ამინდს საფრანგეთი და ავსტრია ქმნიდნენ. უფრო
დასავლეთით სერიოზული ძალა აღარ დარჩენილიყო (ესპანეთისგან მხოლოდ წარსული
დიდების მოგონებები იყო შემორჩენილი). უფრო აღმოსავლეთით იყო პრუსია - ყველაზე
მომცრო ევროპის დიდ მოთამაშეთა შორის, რომელმაც ცოტა ადრე ფრიდრიხ დიდის ომების
წყალობით, პოზიციები საკმაოდ გაიმაგრა, თუმცა თავის უფროს გერმანელ ძმას (ავსტრიას)
მაინც ვერ შეედრებოდა. კიდევ უფრო აღმოსავლეთით იყო რუსეთი, რომელიც ევროპულ
სახელმწიფოდ მხოლოდ სანახევროდ თუ ჩაითვლებოდა, მაგრამ რომელსაც მთელი ევროპა
დიდ ანგარიშს უწევდა. ამ სახელმწიფოთა შორის ყველაზე არაერთგვაროვანები რუსეთი და
ავსტრია იყვნენ. ორივეს ტერიტორიაზე არაერთი ერი ცხოვრობდა, რომლებიც მოგვიანებით
დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ავსტრიის ტერიტორიაზე ესენი იყვნენ:
უნგრელები, ჩეხები, სლოვაკები და აქვე იყო დღევანდელი რუმინეთისა და იტალიის
ნაწილებიც. პოლონეთის ტერიტორია სამ ნაწილად იყო გაყოფილი ავსტრიას, პრუსიასა და
რუსეთს შორის.
გერმანია კი იმ დროს, როგორც ასეთი, მხოლოდ გეოგრაფიული ცნების დონეზე
არსებობდა. ორი დიდი ძმის (ავსტრიისა და პრუსიის) პარალელურად არსებობდა უამრავი
წვრილი გერმანული სამთავრო-სახელმწიფო, რომლებიც ოდესღაც უზარმაზარ რომის
წმინდა იმპერიაში შედიოდნენ, მაგრამ მე-18 საუკუნეში ბევრი მათგანი რელიგიური
მოტივებით იმპერიის ცენტრს (ვენას) აუჯანყდა, რამაც რომის წმინდა იმპერია ფიქციად
აქცია (თუმცა, ავსტრიის იმპერატორი კვლავაც ატარებდა რომის წმინდა იმპერიის
იმპერატორის ტიტულს), გერმანიის ერთიანობას ძირი გამოუთხარა და არნახულად
გააძლიერა საფრანგეთი. ამ უკანასკნელის მმართველები - ჯერ მეფე ანრი IV, შემდეგ კი
ქვეყნის პირველი მინისტრი და კარდინალი არმან ჟან რიშელიე - ყველანაირად აღვივებდნენ
გერმანელ პროტესტანტებსა და ვენას შორის შუღლს. რიშელიე საკუთარ ქვეყანაში
კათოლიციზმის მტრებს სასტიკად ებრძოდა, გერმანიაში კი კათოლიციზმის მტრებს
ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად უბრალოდ კათოლიკე კი არა, კარდინალი იყო.
პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის დაწყებული ომი, რომელმაც 30 წელიწადს
გასტანა, საბოლოოდ 1648 წელს, ვესტფალიის ზავის გაფორმებით დასრულდა. ზავის
მიხედვით დადგინდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ერთადერთი სრულფასოვანი
მოთამაშე სახელმწიფო უნდა ყოფილოყო და რომ ეკლესია საერთაშორისო ურთიერთობებს
უნდა გამიჯვნოდა. ასევე, ყოველი სახელმწიფო ხელშეუხებლად გამოცხადდა, რომლის შიდა
საქმეებში ჩარევა დაუშვებელი იყო. ყველაზე მეტად საფრანგეთს აძლევდა ხელს, რადგან
მისი წყალობით წვრილ-წვრილი გერმანული ქვეყნები ხელშეუხებლად და დამოუკიდებლად
რჩებოდნენ და გერმანია ვერ ერთიანდებოდა.
ყოველივე ამას - კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებს - ზღვიდან თვალს ადევნებდა
ინგლისი. ამ ქვეყანამ დიდი ხნის წინ ფაქტობრივად უარი თქვა კონტინენტის
ტერიტორიებზე და მთელი ყურადღება კოლონიების ათვისებასა და ეკონომიკურ
გაძლიერებაზე გადაიტანა. კოლონიების შენარჩუნებას ინგლისი თავისი ფლოტის მეშვეობით
ახერხებდა. ზღვებით დაცულ ინგლისს დიდი არმია არ ჰყავდა და იგი დიდად არც
სჭირდებოდა, სანამ ევროპაში არ გამოჩნდებოდა ძალა, რომელიც მთელ კონტინენტზე
დაამყარებდა კონტროლს და მერე იმდენსაც შეძლებდა, რომ დიდ ფლოტს ააგებდა და
ინგლისს ზღვიდანაც კი შეუტევდა. სწორედ ამიტომ, ლონდონიდან გულდასმით
აკვირდებოდნენ ევროპას, რათა ამგვარი რამ - ევროპაზე ერთი ქვეყნის კონტროლი -
გამოერიცხათ. ნაპოლეონი სწორედ ამგვარ საშიშროებას წარმოადგენდა.
დღევანდელი იტალიის დიდი ნაწილი კი, როგორც უკვე ვთქვით, ავსტრიის
შემადგენლობაში შედიოდა. გენერალმა ბონაპარტმა ოდესღაც იტალიაში გაიმარჯვა, მაგრამ
სანამ ეგვიპტეში იმყოფებოდა, ფრანგებმა მთელი რიგი ბრძოლები წააგეს და იტალია ისევ
დაიკარგა. ნაპოლეონის პირველ სამიზნედ სწორედ აქაურობა იქცა. ეს არა იმიტომ, რომ
პირადი ანგარიშები ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ იტალიაში ავსტრიელთა ყოფნა
საფრანგეთისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ნაპოლეონს დიდი ამბიციები
ჰქონდა და შორს იყურებოდა. მაგრამ სანამ შორეული და დიდი მიზნების განხორციელებაზე
გადავიდოდა, მანამდე უფრო „ახლო“ პრობლემები უნდა გადაეჭრა. მონადირე ტყეში არ
უნდა წავიდეს, თუკი მის სახლ-კარს მეზობელი გადაწვით ემუქრება; მან ჯერ მეზობლის
პრობლემა უნდა გადაჭრას. ნაპოლეონს ჯერ სამეზობლო უნდა მოეწესრიგებინა, სანამ
ინგლისზე სანადიროდ წავიდოდა; მით უმეტეს, რომ საფრანგეთი ისევ საომარ
მდგომარეობაში იმყოფებიდა ავსტრიასთან და ინგლისთან - წევრებთან რიგით მეორე
ანტიფრანგული კოალიციისა, რომელშიც ცოტა ხნით ადრე რუსეთიც იყო ჩართული.
მტერზე გალაშქრების წინ ნაპოლეონმა ინგლისელებსაც და ავსტრიელებსაც შერიგების
წინადადებით მიმართა. მან კარგად იცოდა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვებოდა (მართლაც,
ლონდონიდან ბონაპარტს მშვიდობის სანაცვლოდ ბურბონების დაბრუნება მოსთხოვეს),
მაგრამ ისიც იცოდა, რომ საფრანგეთის მოსახლეობას მშვიდობა სურდა. ამიტომ ფუჭი
მოლაპარაკების შემდეგ ვენასთან და ლონდონთან მიწერ-მოწერა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც
უკვე ახალი ომისათვის სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა.
ახალი ომი არც ისეთი იოლი ამოცანა ჩანდა, რადგან ავსტრიის არმიები საფრანგეთისგან
აღმოსავლეთით ერთობ გრძელ პერიმეტრზე იყვნენ განლაგებულნი. ჩრდილოეთ მხარეს
განლაგებულების წინააღმდეგ ნაპოლეონმა ფრანგების ყველაზე ძლიერი არმია მიუშვა ერთ-
ერთი უნიჭიერესი გენერლის, ჟან მოროს მეთაურობით. კიდევ ერთი, გაცილებით
მცირერიცხოვანი არმია ანდრე მასენას მეთაურობით სამხრეთ მიმართულებით დაიძრა
მტრის შესაკავებლად. რაც შეეხება თავად ნაპოლეონს, მას ცენტრალური არმიისათვის უნდა
შეეტია, რომელიც ფრანგთა მანევრების შედეგად სხვა ავსტრიული შენაერთებისგან
მოწყვეტილი უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდში ბონაპარტს ძალაუფლება ბოლომდე ჯერ კიდევ
არ აეღო ხელში, მხოლოდ საფრანგეთის პირველი კონსულის წოდება ჰქონდა და არც ისე
ნათელი იყო რამდენად ჰქონდა უფლება, არმიისათვის ემეთაურა. სწორედ ამის გამო თავის
შენაერთს მან სარეზერვო არმია უწოდა.
1800 წლის აპრილიდან მოყოლებული, მორო და მასენა ბრძოლებში ჩაერთვნენ,
ნაპოლეონმა კი მაქინაციების მეშვეობით ავსტრიელები დაარწმუნა, რომ მისი სარეზერვო
არმია სათვალავში ჩასაგდები არ იყო და ამის შემდეგ, მაისის შუაგულში, ყველასგან
ფარულად იტალიისკენ დაიძრა. მარშრუტად მან ალპები აირჩია (რომელიც იქამდე მხოლოდ
ჰანიბალსა და სუვოროვს ჰქონდათ დალაშქრული), რათა ავსტრიის არმიას მოულოდნელად
ზურგში მოჰქცეოდა. მოულოდნელობის ეფექტი მიღწეულ იქნა: ავსტრიელების მიერ
ჩამოწერილი ფრანგთა სარეზერვო არმია ერთბაშად გაჩნდა იტალიაში და მალე მილანშიც
შევიდა. მაგრამ ავსტრიელთა უზარმაზარი არმიის შესაკავებლად ნაპოლეონს თავისი
ძალების დაქსაქსვა მოუხდა, რამაც საბოლოოდ კინაღამ საბედისწერო როლი ითამაშა. 14
ივნისს მარენგოსთან ბონაპარტი ავსტრიელთა ძირითად არმიას შეეტაკა, რომელიც მასზე
გაცილებით ძლიერი იყო, და ბრძოლა თითქმის წააგო კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში
მაშველმა ძალამ მოუსწრო, რომელმაც უკვე მოზეიმე ავსტრიელები უკუაქცა. მარენგომ
უდიდესი როლი ითამაშა ნაპოლეონის კარიერაში და მაშინდელი ევროპის პოლიტიკურ
ცხოვრებაში. პირველმა კონსულმა საფრანგეთში თავისი პოზიცია მნიშვნელოვნად გაიმყარა
და ქვეყანას დიდი გამარჯვება მოუტანა. ფრანგების ყველაზე სახიფათო მეზობელმა,
ავსტრიამ კი იტალია დაკარგა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი. ნაპოლეონი
ყოველთვის მაქსიმუმს იღებდა სამხედრო წარმატებიდან და მარენგო გამონაკლისი არ
გახლდათ. ავსტრია დამარცხდა, მაგრამ ახლა საჭირო იყო მასთან მომგებიანი შეთანხმების
გაფორმება. ყველასდა მოულოდნელად, ამ თამაშში ნაპოლეონმა რუსეთისკენ გაიხედა.
იმ პერიოდში ნაპოლეონი ჯერ კიდევ არ იყო თავბრუდახვეული დიდი გამარჯვებებით და
მოკავშირეზე ფიქრობდა. რუსეთი საფრანგეთისგან მოშორებით მდებარეობდა (ანუ, ამ ორ
ქვეყანას სადავო ტერიტორიები არ ჰქონდა) და ამავე დროს, ანგარიშგასაწევ ძალას
წარმოადგენდა. გარდა ამისა, რუსეთს აზიაში ექსპანსიის განხორციელება და იქ
ინგლისისთვის პრობლემების შექმნა შეეძლო. ნაპოლეონი ყოველივე ამას კარგად ხედავდა
და რუსეთთან დაახლოებისთვის აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამ დაახლოებას კიდევ ერთი,
უფრო მოკლევადიანი, მიზანიც ჰქონდა - ავსტრიელები პარიზსა და პეტერბურგს შორის
გასრესის საფრთხის წინაშე დადგებოდნენ და პარიზთან სამშვიდობო მოლაპარაკებების
დროს უფრო დამყოლები გახდებოდნენ.
დაახლოება რეალური ამოცანა იყო, რადგან რუსეთის იმპერატორი პავლე საფრანგეთის
ხელისუფლებაში ნაპოლეონის მოსვლის შემდეგ მიიჩნევდა, რომ ფრანგული რევოლუცია
საბოლოოდ დამარცხდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. გარდა ამისა, 1799 წელს,
საფრანეთთან ომის დროს, იგი ავსტრიელებზე განაწყენდა, რომლებიც, მისი აზრით,
ცდილობდნენ, ომის მთელი ტვირთი რუსებისათვის აეკიდებინათ. პავლე ინგლისელებზეც
განაწყენებული იყო, რომლებმაც იმ პერიოდში მალტა დაიკავეს, და ეს მაშინ, როცა მალტის
ორდენის გროსმაისტერად ცოტა ხნით ადრე სწორედ პავლე იქნა არჩეული. ასეთ ფონზე
ნაპოლეონს არ გასჭირვებია რუსთა იმპერატორის მოხიბვლა (საამისოდ საკმარისი აღმოჩნდა
რუს სამხედრო ტყვეებთან ადამიანური მოპყრობა და მათი სამშობლოში გაგზავნა) და
კავშირი შედგა. პავლემ რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან ბურბონები გაასახლა და
გადაწყვიტა, სიძულვილი ინგლისისათვის ბონაპარტისეულად ინდოეთში დაერტყა. ამ
დავალების შესრულება პავლემ კაზაკთა რაზმს მიანდო, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ
გარესამყაროსათვის გაუკვალავი შუა აზიის გავლით ინგლისელთა უმდიდრესი
კოლონიისაკენ დაიძრა. რაზმი უეჭველად შუა აზიაშივე ჩაიხოცებოდა, მაგრამ ამისგან იგი
პავლეს მკვლელობამ იხსნა. 1801 წლის 11 მარტს იმპერატორი თავის საწოლ ოთახში
მოახრჩვეს უახლოესმა მხლებლებმა. მკვლელობის უკან ინგლისი იდგა. ეს იყო მეორე
პოლიტიკური ტერაქტი, რომელიც ამჯერად წარმატებით დასრულდა. პირველი ორიოდ
თვით ადრე ნაპოლეონის წინააღმდეგ განხორციელდა. როგორც თავად ნაპოლეონმა თქვა,
ინგლისელებს იგი პარიზში გადაურჩა (1800 წლის დეკემბერში მის წინააღმდეგ
წარუმატებელი ტერაქტი განხორციელდა), მაგრამ პეტერბურგში - ვეღარ.
პავლეს სიკვდილმა ფრანგულ-რუსულ კავშირს ბოლო მოუღო. ტახტზე იმპერატორის
უფროსი ვაჟი ალექსანდრე ავიდა, რომელმაც რუსეთი ძველ საგარეო კურსს დაუბრუნა.
ალექსანდრე ის ადამიანი იყო, რომელსაც ნაპოლეონის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი
როლი უნდა ეთამაშა მაშინდელი ევროპის ბედის წარმართვაში. ეს არა მხოლოდ იმიტომ,
რომ მის უკან უზარმაზარი რუსეთი იდგა. ახალგაზრდა იმპერატორი ერთობ გამორჩეული,
ორიგინალური და წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. იგი განმანათლებლობის იდეებზე
გაიზარდა და თავისი ბებიის, დიდი ეკატერინას, საყვარელი მემკვიდრე გახლდათ. ეს ფაქტი
ძალიან აღიზიანებდა იმპერატორ პავლეს და იგი ალექსანდრეს წარმოუდგენელი უხეშობით
ექცეოდა. ამის გამო ახალგაზრდა იმპერატორი მამის მკვლელობას დიდად არ უნდა
დაედარდიანებინა (ამასთან, იგი მკვლელობის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული იყო),
თუმცა ცხოვრების ბოლომდე მაინც სდევდა კოშმარები. ჩამორჩენილი და ავტოკრატიული
რუსეთის მეფობა ალბათ დიდად არ ახარებდა ალექსანდრეს გულს, რომელიც პატივს სცემდა
სამართლიანობასა და კანონის უზენაესობას.
მაგრამ ალექსანდრეს მამის რუსეთთან დაახლოებამ ნაპოლეონს ზემოხსენებული
მოკლევადიანი სამსახური მაინც გაუწია: ავსტრიელებმა პავლეს მკვლელობამდე ერთი თვით
ადრე სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათ დაყოლიებაში, ფრანგულ-რუსული
დაახლოების გარდა, ფრანგთა კიდევ ერთმა გამარჯვებამ ითამაშა დიდი როლი - 1800 წლის 3
დეკემბერს ჰოჰენლინდენთან მორომ ავსტრიელებს საშინელი მარცხი აწვნია.
მოლაპარაკებების შედეგად საფრანგეთს დარჩა მდინარე რაინის მარცხენა სანაპირო, ბელგია
და ლუქსემბურგი. ესპანეთი და ჰოლანდია საფრანგეთის ვასალები იყვნენ. მოლაპარაკებების
პერიოდში ავსტრიელები შიგადაშიგ გულუხვად აჯილდოვებდნენ ფრანგების საგარეო
მინისტრს, შარლ-მორის ტალეირანს, მაგრამ ამან არანაირად არ გაჭრა (ავსტრიელთა
აღშფოთების მიუხედავად). საფრანგეთი ძლიერების მწვერვალზე იყო. ნაპოლეონმა
საფრანგეთში პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმყარა.
ავსტრიის შემორიგების შემდეგ ინგლისის ჯერი მოვიდა. იქ საფრანგეთისადმი შედარებით
ლოიალურად განწყობილი მთავრობა მოვიდა, რიღაც ნაპოლეონმა დაუყოვნებლივ
ისარგებლა. ინგლისელი მეწარმეები ფრანგულ ბაზარზე დაბრუნებაზე ოცნებობდნენ და
ნაპოლეონმაც მათი ეს ილუზიები წაახალისა. 1802 წლის 26 მარტს მხარეებმა ამიენში
სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს, რომელმაც საფრანგეთის ყველა ახალი დაპყრობა
ძალაში დატოვა. ინგლისელები სავაჭრო შეთანხმების გაფორმებასაც ლამობდნენ, მაგრამ
ამაოდ. ინგლისელი მეწარმეების ოცნება ოცნებად უნდა დარჩენილიყო, სანამ საფრანგეთს
გაფართოებულ საზღვრებში ნაპოლეონი მართავდა. იგი „მედუქნეების ერს“ (როგორც
ინგლისელებს ეძახდა) ჯარით ვერაფერს აკლებდა როგორც ინდოეთში, ასევე თავად
ინგლისში, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელი იყო ლონდონის წინააღმდეგ ეკონომიკური
ომის წარმართვა. რაც უფრო ფართოვდებოდა საფრანგეთი, მით უფრო ვიწროვდებოდა
ინგლისური პროდუქციის ბაზარი.
ინგლისთან დაახლოებას დიდი დრო არ ეწერა. რთული სათქმელია ვინ იყო უფრო მეტად
დამნაშავე ორმხრივი ურთიერთობების გამწვავებაში. ნაპოლეონს სტატუს-კვო აწყობდა - იგი
უბრალოდ არ უშვებდა ინგლისურ პროდუქციას კონტინენტის დიდ ნაწილზე, მაშინ, როცა
ინგლისელი ტურისტები საფრანგეთში დიდძალ ფულს ხარჯავდნენ. მაგრამ ნაპოლეონმა ვერ
გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ლონდონი ვერ შეეგუებოდა საფრანგეთის შემდგომ
ექსპანსიას. ეს ექსპანსია კი გრძელდებოდა - საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა
პიემონტი (რომელიც სარდინიას წაერთვა), შვეიცარია კი პარიზის სატელიტად იქცა.
ნაპოლეონი ფორმალურად მართალი იყო ინგლისთან, მაგრამ ცხადია, ამ უკანასკნელისათვის
ფორმალობაზე უფრო მნიშვნელოვანი რეალობა იყო. რეალობის მიხედვით კი საფრანგეთი
თანდათანობით ძლიერდებოდა და დრო მასზე მუშაობდა.
1803 წლის მაისში ორ უძლიერეს ევროპულ სახელმწიფოს შორის ისევ ომი გამოცხადდა.
ნაპოლეონი არც ამას დაუმწუხრებია - მშვიდობიანობისას იგი ბევრს აკეთებდა, მაგრამ ომის
დროს კიდევ უფრო მეტი შეეძლო, გაცილებით მეტი, ვიდრე სხვას. ესპანეთის „უძლეველი
არმადის“ დამარცხების შემდეგ ინგლისს საუკუნეების განმავლობაში მშვიდი ცხოვრება
ჰქონდა. კონტინენტზე რომელიმე სახელმწიფოს არაბუნებრივად გაძლიერება და მასთან ომი
კვლავაც კოშმარი იყო, მაგრამ ეს კოშმარი საბოლოოდ მაინც ჰიპოთეტურად რჩებოდა ხოლმე.
ნაპოლეონმა გადაწყვიტა, კოშმარი მოკლე ხანში რეალობად ექცია. მან ესპანეთსა და
ჰოლანდიას ფლოტების გადმოცემა უბრძანა და ბულონში გრანდიოზული სამხედრო ბანაკის
მშენებლობა წამოიწყო. აქედან „ნისლიან ამინდში“ ფრანგული არმია ინგლისში უნდა
გადამსხდარიყო და მისი ჰეგემონიისათვის საბოლოოდ უნდა დაესვა წერტილი. ინგლისის
გაკონტროლება ნაპოლეონს საკმაოდ მარტივად წარმოედგინა. მისი აზრით „მედუქნეებს“
ეროვნულ დამოკიდებულებაზე მეტად თავიანთი კერძო საკუთრების დაცვა უფრო
აინტერესებდათ. ასე რომ, ალბიონის ოკუპაციისათვის მხოლოდ ერთი რამე იყო საჭირო -
ყველა ინგლისელი მესაკუთრის ქონება ხელშეუხებლად უნდა დარჩენილიყო.
ინგლისი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს საფრანგეთში მიმდინარე მზადებებს. აქ
პრემიერ-მინისტრად უილიამ პიტ უმცროსი დაბრუნებულიყო, რომელიც ოდესღაც
გააფთრებული ებრძოდა საფრანგეთის რევოლუციას და ახლა ეს გააფთრება ნაპოლეონზე
გადაეტანა (ეს უკანასკნელი საამისოდ უფრო მეტ საფუძველს იძლეოდა, ვიდრე
რევოლუცია). „კორსიკელი ურჩხულის“ განეიტრალებისთვის რამდენიმე გზა არსებობდა და
აქედან ყველაზე იაფი ლიკვიდაცია იყო (მსგავსი რამ ინგლისს ერთხელ უკვე გამოუვიდა
რუსეთში), მაგრამ ფრანგების შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო საქმის გენიამ - ჟოზეფ
ფუშემ 1804 წლის დასაწყისში ნაპოლეონის მკვლელობის ახალი მცდელობა წარმატებით
აღკვეთა. სამართალდამცავებმა უზარმაზარი შეთქმულება გახსნეს და ინგლისის მიერ
დაფინანსებული ფანატიკოსი როიალისტების ჯგუფი დააპატიმრეს. მათთან ერთად
დააპატიმრეს ორი გენერალი, რომელთაც ნაპოლეონის ლიკვიდაციის შემდეგ ხელისუფლება
უნდა გადაებარებინათ. ამ გენერალთაგან ერთ-ერთი სხვა არავინ იყო, თუ არა მორო,
რომელიც მალე ქვეყნიდან გაასახლეს. ნაპოლეონი კიდევ ერთხელ გადაურჩა სერიოზულ
ხიფათს და მოიგო ინგლისთან ბრძოლის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც პირობითად
შეიძლება სადაზვერვო ომი ვუწოდოთ.
მაგრამ ამ ომში ნაპოლეონს ზომიერების გრძნობამ უმტყუნა და ისეთი რამ ჩაიდინა, რამაც
ბრძოლის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი - საინფორმაციო ომი - წააგებინა. ნაპოლეონმა მის
წინააღმდეგ შეთქმულებაში ეჭვმიტანილი ბურბონების პრინცის, ენგიენის ჰერცოგის,
დაპატიმრება ბრძანა, რომელიც ბადენის სამეფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ფრანგული
ჟანდარმერიის შენაერთიც ადგილობრივი ხელისუფლების დაუკითხავად გადავიდა ბადენის
ტერიტორიაზე და ენგიენის ჰერცოგი პარიზში გადაიყვანა, სადაც იგი მალე დახვრიტეს
კიდეც. ჰერცოგი ლეგენდარული კონდეს დინასტიის უკანასკნელი ჩამომავალი იყო. მისი
დახვრეტით არა მხოლოდ კონდეს დინასტია დასრულდა (დიდი პრინცი კონდე თვით
ნაპოლეონის საყვარელი მხედართმთავარი გახლდათ), არამედ საბოლოოდ მოეღო ბოლო
ბურბონების ოცნებას, რომ ნაპოლეონი მათ საფრანგეთში ისევ გააფორმებდა (მარენგოს
ბრძოლის შემდეგ მათ ნაპოლეონს ასეთი თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს).
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჰერცოგის დახვრეტის შემდეგ მთელი ევროპა
ანტიბონაპარტისტულმა ისტერიებმა მოიცვა. მთელი ევროპა ცოტა გაზვიადებული
ნათქვამია, რადგანაც საფრანგეთთან ახლოს მდებარე გერმანულ სახელმწიფოთა მეთაურები
ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ (თავად ბადენი ლამის იქით უბოდიშებდა ნაპოლეონს), მაგრამ
დიდი სახელმწიფოები პროტესტს გამოთქვამდნენ. ყველაზე მეტად რუსეთი აქტიურობდა,
რომელიც გეოგრაფიის წყალობით საფრანგეთისგან ყველაზე მეტად იყო დაცული.
იმპერატორმა ალექსანდრემ საპროტესტო ნოტით მიმართა საფრანგეთს. ნაპოლეონმაც თავი
ვერ შეიკავა და ისეთი პასუხი გასცა, რომელმაც რუსეთის იმპერატორი საშინლად შეურაცხყო
და სამომავლოდ ინგლისელებს რუსეთის საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმის ამოცანა
გაუიოლა. კონკრეტულად კი, ტალეირანმა ნაპოლეონის დავალებით რუსთა იმპერატორს
მისწერა, რომ ენგიენის ჰერცოგი ნაპოლეონის მოკვლას აპირებდა, ისე როგორც ოდესღაც
მოკლეს ალექსანდრეს მამა, და რომ ანტონ ნაპოლეონს ისევე ჰქონდა ჰერცოგის დასჯის
უფლება. მთელმა ევროპამ იცოდა, რომ პავლეს მკვლელობა ალექსანდრეს თანხმობით
მოხდა, მაგრამ დიდი რუსეთის ახალგაზრდა იმპერატორთან ამაზე კრინტის დაძვრას
ვერავინ ბედავდა. ფრანგებმა, მართალია, დახვეწილი და დიპლომატიური ფორმით, მაგრამ
ამის თქმა გაბედეს.
ცოტა ხანში ბონაპარტმა თავი იმპერატორად გამოაცხადა (როგორც უკვე ვთქვით, 1799
წლიდან იგი პირველი კონსული იყო, შემდეგ კი სამუდამო კონსულის ტიტულსაც ატარებდა,
რომელიც პლებისციტის გზით მიიღო). 1804 წლის 2 დეკემბერს ნაპოლეონი თავად რომის
პაპმა აკურთხა იმპერატორად. მალე კათოლიკურმა ეკლესიამ ნაპოლეონი „ღმერთის
იარაღად“ გამოაცხადა. ყველა, ვინც ნაპოლეონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე
ეწინააღმდეგებოდა ღმერთის მიერ შექმნილ წესრიგს დედამიწაზე. თუმცა, არაკათოლიკური
ინგლისი ამ შეგონებას, ცხადია, არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. ჩავარდა რა ნაპოლეონის
განეიტრალების ყველაზე იაფი გეგმა, პიტი სათადარიგო გეგმაზე გადავიდა: მას
საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კონტინენტური კოალიცია უნდა შეექმნა. ცხადია, თავად
ინგლისი ნაპოლეონის წინააღმდეგ ომს არ აპირებდა. იგი უკვე დიდი ხნის გადაჩვეული იყო
ევროპულ ერებთან ბრძოლას (აფრიკელ, აზიელ თუ ჩრდილოამერიკელ აბორიგენებთან
ბრძოლა გაცილებით იოლი და ბევრად მომგებიანიც იყო). ეს სხვას უნდა გაეკეთებინა,
ოღონდ - ინგლისელების ფულით.

დიდი გამარჯვებები
ინგლისელები საქმეს შეუდგნენ. სანამ ნაპოლეონი თავზე ჯერ საფრანგეთის იმპერატორის
და შემდეგ, იტალიის მეფის გვირგვინს იდგამდა (კორონაციის დროს მან პაპს გვირგვინი
გამოსტაცა და თვითონ დაიდგა თავზე, რითაც ხაზი გაუსვა, რომ გვირგვინი თავად მოიპოვა),
პიტმა ანტიფრანგული კოალიცია შეკრა. ავსტრია მარენგოს შემდგომ წარმოქმნილ სტატუს-
კვოს ვერ ეგუებოდა და შურისძიებაზე ფიქრობდა (ინგლისი კი სთავაზობდა, შური მისი
ფულით ეძია), რუსთა იმპერატორმა კი სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა ტალეირანის
დამცინავი წერილი. ნაპოლეონის წინააღმდეგ მალე მეტად საშიში კოალიცია შეიკრა და
მომზადდა საფრანგეთზე დარტყმის შორსმიმავალი გეგმაც: ავსტრიელები რუსების
დახმარებით დასავლეთის მხრიდან გადავიდოდნენ შეტევაზე და ბავარიის გავლით
საფრანგეთში შეიჭრებოდნენ. გარდა ამისა, ავსტრიელები პარალელურად იტალიის
მიმართულებიდანაც მიიტანდნენ იერიშს. ინგლისი კი ამასობაში შვედებთან და რუსებთან
ერთად ფრანგების მოკავშირე დანიას დაარტყამდა და ჩრდილოეთიდან გახსნიდა გზას. იქ კი
უკვე გამორიცხული აღარ იქნებოდა საფრანგეთის წინააღმდეგ პრუსიის გამოსვლა და
ყველაფერი დამთავრდებოდა. ასევე იგეგმებოდა მალტიდან ნეაპოლში ჯარების გადასხმა,
რომელიც იტალიაში მოქმედ ავსტრიულ არმიას უნდა შეერთებოდა.
მოკავშირეები ფარულად მზადებას შეუდგნენ, მაგრამ ცხადია, ასეთი გრანდიოზული
გეგმის განხორციელება იოლი არ იყო. 1805 წლის ზაფხულის ბოლოს ფრანგების წინააღმდეგ
ომისთვის მზად მხოლოდ ავსტრია იყო. რუსეთი ოდნავ აგვიანებდა. ამასობაში კი მტრის
გეგმების შესახებ ნაპოლეონმაც შეიტყო, მოკავშირეები, ცხადია, აცნობიერებდნენ, რომ მათი
მზადების შესახებ ხმები ფრანგთა იმპერატორის ყურამდე ადრე თუ გვიან მივიდოდა, მაგრამ
თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ სანამ ნაპოლეონი რეაგირებას მოასწრებდა, ახალი
ანტიფრანგული კოალიცია მთელი ძალებით ამუშავდებოდა და მტერს გასრესდა. სწრაფად
რეაგირება მას წესით უნდა გასჭირვებოდა, რადგან ინგლისური კამპანიისათვის ძალიან
ბევრი დრო და რესურსი ჰქონდა დახარჯული და შესაბამისად, ამ საქმეზე უარს ასე
ადვილად ვერ იტყოდა და ძვირფას დროსაც დაკარგავდა.
მაგრამ მოკავშირეთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ნაპოლეონს სულ რამდენიმე წუთი
დასჭირდა იმის გასააზრებლად, რა მოხდა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიეღო. მტერი
საფრანგეთზე მოიწევდა და ინგლისში გადასხდომაზე ოცნება დავიწყებას უნდა მისცემოდა.
გეგმა ჩაიფუშა და უზარმაზარი შრომა წყალში ჩაიყარა, მაგრამ მაშინვე გაჩნდა ახალი გეგმა:
წუთის დაუკარგავად ინგლისზე სალაშქროდ გამზადებული ჯარი რაც შეიაძლება სწრაფად
უნდა წასულიყო ავსტრიელებისაკენ და ისინი მანამდე დაემარცხებინა, სანამ საშველად
რუსები (და ვინძლო პრუსიელებიც) მოუსწრებდნენ.
უკვე 1805 წლის სექტემბრის დასაწყისში ფრანგების არმია აღმოსავლეთისაკენ დაიძრა. იგი
რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი და ყოველი მათგანი ცალკე მოძრაობდა, რითაც
მოწინააღმდეგეებს თავგზას უბნევდა. გაურკვეველი იყო, რას აპირებდა ნაპოლეონი, როცა
მისი არმიის ნაწილები სხვადასხვა გზით გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, მოკავშირეებს
ვერანაირად ვერ წარმოედგინათ, რომ ნაპოლეონი ფაქტობრივად მთელ ბულონის ბანაკს
აყრიდა და ამიტომაც ავსტრიელთა მთავარი არმია გენერალ კარლ მაკის მეთაურობით
უშიშრად მიიწევდა წინ, მით უმეტეს, რომ საშველად მალე რუსებიც უნდა მოსულიყვნენ.
მაგრამ რუსები აგვიანებდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, მათი დაგვიანება უბრალოდ იმან
განაპირობა, რომ რუსეთში, განსხვავებით ავსტრიისაგან (და მთელი დასავლეთ ევროპისგან),
ძველ კალენდარს იყენებდნენ და შესაბამისად, ყველაფერს თითქმის ორკვირიანი
განსხვავებით გეგმავდნენ. ასეთი აბსურდული გაუგებრობის წყალობით მაკი რუსებს
უიმედოდ მოსწყდა და მალე, მისდა გასაოცრად, ფრანგების უზარმაზარ ძალებს გადაეყარა.
ამ უკანასკნელებმა ამასობაში ერთობ ორგანიზებულად გაიარეს დიდი მანძილი და თავი
ზუსტად იქ მოიყარეს, სადაც საჭირო იყო: ავსტრიელთა არმიის გარშემო. მაკს სწრაფად რომ
ემოქმედა, ალყას თავს დააღწევდა, მაგრამ აქ ნაპოლეონმა კარგად გამოიყენა თავისი ყველაზე
ნიჭიერი ჯაშუში, ლეგენდარული კარლ შულმაისტერი, რომელიც ავსტრიელთა მეთაურის
შტაბში იმყოფებოდა. შეიტყო რა მისგან, რომ ავსტრიელები უკან დახევას გეგმავდნენ,
ნაპოლეონმა არმიის სტამბაში დააბეჭდინა პარიზული გაზეთის „ნომერი“, რომელიც
იტყობინებოდა, რომ დედაქალაქში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო და
შესაბამისად, ბონაპარტი სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო წესრიგის აღსადგენად.
„იმიტირებული“ გაზეთის ნომერი შულმაისტერის წყალობით მაკთან მოხვდა და მანაც უკან
დახევა გადაიფიქრა. რამდენიმე დღეში (20 ოქტომბერს) ავსტრიელები ფრანგებს დანებდნენ
ულმის ციხესიმაგრეში, სადაც გამაგრებულნი იყვნენ. ავსტრია, ფაქტობრივად დამარცხდა.
მაკის არმიიდან მხოლოდ რამდენიმე ათასმა კაცმა გაასწრო.
ავსტრიელებს კიდევ ორი არმია რჩებოდათ, რომელთაგან ერთი მათი უნიჭიერესი
სარდლის, იმპერატორის ძმა ერჰერცოგ კარლის მეთაურობით იტალიაში მარშალ მასენას
ებრძოდა, მეორე, მომცრო შენაერთი კი, ერჰერცოგ იოჰანის მეთაურობით, საჭიროებისამებრ
ძალიან მალე დაკარგა. კარლი კი ულმის კაპიტულაციიდან რამდენიმე დღეში მასენამ
უკუაქცია და იტალიიდან საფრანგეთში შეჭრის გეგმაც ჩაიფუშა. სანამ ერჰერცოგი თავისი
არმიის წარჩინებით უკან იხევდა და იოჰანთან გაერთიანებას ცდილობდა, ნაპოლეონი
ვენისკენ დაიძრა. 13 ნოემბერს ფრანგები რომის წმინდა იმპერიის დედაქალაქში შევიდნენ და
დროის დაუკარგავად უკვე რუსეთისკენ დაიძრნენ. ავსტრიელებს მათი შეფერხება იოლად
შეეძლოთ: ვენას დუნაის მარცხენა სანაპიროსთან უზარმაზარი ხიდი აკავშირებდა, რომლის
აფეთქების შემთხვევაშიც ნაპოლეონი ტემპს დაკარგავდა. მაგრამ ავსტრიელებმა საკუთარი
უთავბოლობისა და ფრანგების ცბიერების გამოისობით ხიდის აფეთქება ვერ მოახერხეს და
ფრანგულმა არმიამაც მთელი სისწრაფით განაგრძო აღმოსავლეთისაკენ მარში (ავსტრიელთა
უთავბოლობამ უამრავ ლეგენდასა და ანეკდოტს დაუდო საფუძველი, რომელთაგან ერთ-
ერთი ტოლსტოის „ომსა და მშვიდობაშია“ მონათხრობი).
ასე თუ ისე, ჯერი რუსეთის არმიაზე მიდგა. შურისძიებით ანთებული ალექსანდრე ცივ
გონებას მაინც ინარჩუნებდა და ხვდებოდა, რომ საქმე გაცილებით გაუიოლდებოდა, თუკი
ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოსვლაზე პრუსიელებსაც დაიყოლიებდა. სანამ ავსტრიელები
ჯერ „იმიტირებული“ გაზეთის ნომრით იმშვიდებდნენ თავს და შემდეგ ულმში ფრანგებს
ნებდებოდნენ, ალექსანდრე პრუსიელთა მეფის გადაბირებას ცდილობდა. ეს უკანასკნელი
უარზე იყო - პრუსიას არც ისეთი ამბიციები და გამბედაობა ჰქონდა, როგორც რუსეთს და არც
- მისნაირი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა. ბრძოლებითა და ინტრიგებით
შეკოწიწებული პრუსიის არც ისე დიდი და დაცული სამეფო შეიძლებოდა ერთ საბედისწერო
შეცდომას გადაჰყოლოდა (როგორც მოგვიანებით ეს თითქმის მოხდა კიდეც). ალექსანდრე
იქამდე მივიდა, რომ მეფეს ომითაც დაემუქრა, თუკი იგი ფრანგების წინააღმდეგ არ
გამოვიდოდა. შანტაჟმა არ გაჭრა: ფრიდრიხ-ვილჰელმ III-მ განაცხადა, რომ თავის ქვეყანას
არავის დააჩაგვრინებდა და ნეიტრალიტეტს საჭიროების შემთხვევაში იარაღითაც დაიცავდა.
ამ ვითარებაში რუსებს ერთხანს დამხმარედ თავად ფრანგები მოევლინენ - მათმა ერთმა
კორპუსმა, მარშალ ჟან-ბატისტ ბერნადოტის მეთაურობით აღმოსავლეთისაკენ მარშის დროს
დროის მოსაგებად და ალყაში მაკის სწრაფად მოსაქცევად პრუსიის ტერიტორიაზე გაიარა და
ამგვარად მისი ნეიტრალიტეტიც დაარღვია. ამას უკვე ამ მოკრძალებული ქვეყნის მეფეც
ვეღარ იტანდა და ფრიდრიხ-ვილჰელმი ალექსანდრეს დესპანს ფრანგებისათვის წონააღმდეგ
გამოსვლას შეჰპირდა. თუმცა მალე ბერლინში ულმის კაპიტულაციის ამბავი ჩავიდა და
მეფემ ისევ ყოყმანი დაიწყო. აქ ალექსანდრე უკვე პირადად ჩაერთო საქმეში, მაგრამ
ფრიდრიხ-ვილჰელმი ისევ ფრთხილობდა და რუსთა იმპერატორმა პრუსია ისე მიატოვა, რომ
ამ უკანასკნელის ომში ჩაბმის მყარი გარანტია ვერ მიიღო. მართალია, ფრიდრიხ-ვილჰელმმა,
ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, ფრანგებისათვის ულტიმატუმი წაეყენებინა, მაგრამ ეს
პროცესი გაურკვევლად ჭიანურდებოდა, ამასობაში კი ულმისა და დუნაის ხიდის ამბებით
თავზარდაცემული რუსების არმია ფრანგებთან პირისპირ იყო დარჩენილი. არმიას მიხეილ
კუტუზოვი მეთაურობდა, რომლის ყველაზე დიდი დამსახურება მხოლოდ ის იყო, რომ
ნაპოლეონთან შებრძოლებას მუდამ გაურბოდა და უკან იხევდა. ეს ნაპოლეონთან ბრძოლის
არწაგების ერთადერთი საშუალება იყო (ამ მარტივი ჭეშმარიტების გაგება ევროპელ
გენერალთა უმრავლესობას უჭირდა), მით უმეტეს, როცა დამხმარე არავინ ჩანდა. კუტუზოვი
გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაუსხლტა ფრანგებს და რუსეთიდან ჩამოსულ მაშველ ძალებთან
გაერთიანება მოახერხა. რუსებს შეუერთდა ავსტრიის არმიის გადარჩენილი ნაწილიც,
რიცხობრივი უპირატესობა უკვე მათ მხარეს იყო, მაგრამ კუტუზოვს მის მიერ აღმოჩენილი
მარტივი ჭეშმარიტება თავიდან არასდროს ამოდიოდა და შებრძოლებაზე უარს ამბობდა,
მანამ, სანამ მაშველ ძალას არ მიიღებდა. დრო რუსეთზე მუშაობდა, მით უმეტეს, რომ ბოლოს
და ბოლოს, პრუსიასაც უნდა მოესაზრებინა ომში ჩაბმა.
მაგრამ აქ ალექსანდრეს მაინც გადასძლია პირადმა გრძნობებმა. მას შურისძიება სწყუროდა
და ეჩქარებოდა. ნაპოლეონს კი თავის მხრივ ეჩქარებოდა, რადგან დრო მის წინააღმდეგ
მუშაობდა. საჭირო იყო გენერალური ბრძოლის გამართვა, სანამ რუსეთის მხარეს პრუსიაც
დადგებოდა. ამ უკანასკნელის ომში ჩაბმა ფორმალობა იყო, მაგრამ ფორმალობას საშველი
არა და არ ადგებოდა: პრუსიის კანცლერი ქრისტიან ჰაუცვიგი ულტიმატუმით ვენაში
ჩავიდა, მაგრამ იქ ნაპოლეონს ვეღარ მიუსწრო და მის „გამოსაჭერად“ ფრანგულ არმიას
დაედევნა, რომელიც, თავის მხრივ, რუსებს მისდევდა. სიტუაციის კომიკურობის
მიუხედავად, ფრანგები მაინც დიდი ხიფათის წინაშე იდგნენ. ბულონის ბანაკიდან
მოკავშირეებთან შესაბრძოლებლად დიდი არმია დაიძრა, მაგრამ მას უზარმაზარი მაძილის
გავლა და გზად შენაერთების დატოვება მოუხდა, რის შედეგადაც მტერთან საბრძოლველად
ნაპოლეონს აღარც ისე დიდი ჯარი დარჩა. ამასობაში, კუტუზოვის საშველად, პრუსიელთა
ულტიმატუმის გარდა, ადრე თუ გვიან, ერჰერცოგი კარლიც მოვიდოდა.
ნაპოლეონს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა სასწრაფოდ, რაიმე ხერხით მტერი
ბრძოლაზე უნდა დაეყოლიებინა და ამ ბრძოლაში გაენადგურებინა, რის შემდეგაც სხვები
ომში ჩაბმის ხალისს დაკარგავდნენ. საამისოდ კორსიკელმა თავი მოისაწყლა, მტრის
დასანახავად ჯარი უკან დახია და დაზავება ითხოვა. თუ რას ნიშნავდა ნაპოლეონის
სამხედრო ნიჭი, ევროპამ უკვე მანამდე არაერთხელ გამოსცადა. ახლა ევროპას ნაპოლეონის
სამსახიობო ნიჭიც უნდა გამოეცადა. ზავის თხოვნის საპასუხოდ ალექსანდრემ ფრანგთა
იმპერატორს დესპანად თავისი ადიუტანტი მიუგზავნა და ამ უკანასკნელთან ნაპოლეონმა
იმდენად კარგად გაითამაშა დამფრთხალი კაცის როლი, რომ რუსთა იმპერატორმა
გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაემართა ბრძოლა, სანამ საძულველი ბონაპარტი ხელიდან
დაუსხლტებოდა. პოლიტიკაში პირად გრძნობებზე უარესი მრჩეველი არ არსებობს, მაგრამ
ალექსანდრეს იმ დღეებში სულ რაღაც 28 წელი უსრულდებოდა და ეს ჭეშმარიტება ჯერ
კიდევ კარგად არ უწყოდა.
1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცთან გაიმართა ბრძოლა, რომელიც ნაპოლეონის
ყველაზე დიდ გამარჯვებად იქცა როგორც წმინდა სამხედრო, ასევე პოლიტიკური
მნიშვნელობითაც. იმპერატორმა მტრებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრაცენის სიმაღლე
დაუტოვა და განგებ დაასუსტა თავისი მარჯვენა ფლანგი. მოკავშირეებმა სიმაღლე დაიკავეს
და იქიდან დიდი ძალებით ფრანგების მარჯვენა ფლანგს დაატყდნენ თავს; მაგრამ ეს ფლანგი
არც ისე სუსტი აღმოჩნდა, რადგან იგი ბრძოლის ველზე დათქმულ დროს მოსულმა ერთ-
ერთმა საუკეთესო მარშალმა ლუი-ნიკოლა დავუმ გაამაგრა, ხოლო რუსებისა და
ავსტრიელებისგან ფაქტობრივად მიტოვებული პრაცენის სიმაღლე ამასობაში ფრანგებმა
დაიკავეს და მოწინააღმდეგის ძალები შუაზე გაწყვიტეს. თავგანწირული მცდელობის
მიუხედავად, რუსების ელიტარულმა შენაერთმა პრაცენის დაბრუნება ვერ შეძლო,
მოკავშირეთა მარჯვენა ფლანგი კი მარშალმა ჟან ლანმა და მარშალმა ჟოაშიმ მოურატმა
დაიკავეს და რუსებმა ცენტრისათვის მიშველება ვერ მოახერხეს. ბრძოლა იმით დასრულდა,
რომ ფრანგებმა თავიანთ მარჯვენა ფლანგზე დიდ ძალებს მოუყარეს თავი, იქ
მოწინააღმდეგის დიდი, მაგრამ იზოლირებული შენაერთი გაყინულ ტბასთან მიიმწყვდიეს
და არტილერიიდან გაუხსნეს ცეცხლი, რამაც ისედაც მძიმედ დამარცხებულ რუსულ-
ავსტრიულ არმიას დამატებით ზარალი მიაყენა.
ნაპოლეონი ტრადიციულად ყოველი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ბრძოლაში
ყველაზე თავგამოჩენილ მარშალს ბრძოლის ადგილის აღმნიშვნელ ტიტულს უბოძებდა
ხოლმე (მაგალითად, მოსკოვის სიახლოვეს, ბოროდინოს ბრძოლაში ღვაწლის დასაფასებლად
მიშელ ნეიმ მოსკოვის თავადის ტიტული მიიღო), მაგრამალ აუსტერლიცის წარმატებით
იმპერატორი ისე მოიხიბლა, რომ მისი ტიტული არავის უბოძა, რაც ალბათ იმას ნიშნავდა,
რომ ამ გამარჯვების გაზიარება არავისთან სურდა. რაც შეეხება ბრძოლაში მონაწილე კიდევ
ორ იმპერატორს, ალექსანდრე ისტერიკული ტირილით გაეცალა ბრძოლის ველს. მასთან
ერთად გაქცეული ავსტრიის იმპერატორი ფრანც II მეორე დღესვე ნაპოლეონს ეახლა და
დაზავება სთხოვა. აუსტერლიცმა რიგით მესამე ანტიფრანგულ კოალიციას ჯვარი დაუსვა.
დიდი გამარჯვების შემდეგ ზომიერების გამოჩენა ყოველთვის რთულია. ჯერ კიდევ
ულმიდან რამდენიმე დღეში ტალეირანმა ნაპოლეონს თავისი მემორანდუმი გადასცა,
რომელშიც ურჩევდა, ზედმეტად მკაცრად არ მოპყრობოდა ავსტრიას და საერთოდ, ეს ქვეყანა
მოკავშირედ ექცია. ტალეირანი ავსტრიაში ხედავდა ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანას,
რომელიც საფრანგეთის ბუნებრივ მოკავშირეს წარმოადგენდა. საფრანგეთის მიერ
მხარდაჭერილი ავსტრია ბარიერად უნდა ქცეულიყო აზიატური რუსეთის წინააღმდეგ. მას
უნდა დაეთმო სამფლობელოები დასავლეთში, რომლებზეც საფრანგეთს ჰქონდა პრეტენზია
და სამაგიეროდ აღმოსავლეთით მთელი რიგი ტერიტორიები უნდა მიეღო (მოლდავეთი,
ბესარაბია, ვალახეთი და ბულგარეთის ნაწილი). ეს დასავლეთის მხრიდან სერიოზულად
შეავიწროებდა რუსეთს, რომელსაც ექსპანსიისთვის მხოლოდ ერთი მიმართულება
დარჩებოდა - აზია, აღმოსავლეთი; იქ კი რუსეთი ინგლისის ინტერესებს შეეჯახებოდა.
ევროპაში საფრანგეთის შემდეგ ორი უძლიერესი მოთამაშე ერთმანეთს გაანეიტრალებდა,
საფრანგეთი კი ფაქტობრივად გაბატონდებოდა კონტინენტზე ისე, რომ ავსტრიას ნაკლებად
საინტერესო აღმოსავლეთ ევროპას დაუთმობდა.
რთული სათქმელია, რატომ არ მიიღო ნაპოლეონმა ეს გეგმა: ბრწყინვალე გამარჯვების
შემდეგ მოწინააღმდეგის დანდობა გაუჭირდა, გეგმის რეალობაში ეჭვი შეეპარა თუ,
გეოგრაფიიდან გამომდინარე, ბუნებრივ მოკავშირედ რუსეთს ხედავდა, რომელიც, მისი
პოტენციალიდან გამომდინარეც, ინგლისის წინააღმდეგ ავსტრიაზე მეტად გამოადგებოდა.
ფაქტია, რომ აუსტერლიცის შემდეგ ავსტრიამ მოსახლეობის ერთი მეექვსედი დაკარგა,
ავსტრიის იმპერატორმა კი რომის წმინდა იმპერიის იმპერატორის ტიტულზე უარი თქვა.
იმპერიამ ქაღალდზეც დაასრულა არსებობა. მოგვიანებით (1806 წლის ივლისი) ნაპოლეონმა
წვრილი გერმანული სახელმწიფოებისგან ე.წ. რაინის კავშირი შექმნა და თავი მის
პროტექტორად გამოაცხადა. აუსტერლიცმა შეიწირა ნეაპოლიც. ამ უკანასკნელს ბურბონები
მართავდნენ, რომლებმაც ცდუნებას ვერ გაუძლეს და ერთი შეხედვით უძლეველ ახალ
ანტიფრანგულ კოალიციას შეუერთდნენ. ნეაპოლში ნაპოლეონმა თავისი ძმა ჟოზეფი
გაამეფა, რომელიც მოგვიანებით თავისი სიძით, მარშალ მიურატით შეცვალა.
რაც შეეხება პრუსიას, მისმა კანცლერმა ნაპოლეონი მხოლოდ აუსტერლიცის შემდეგ
„გამოიჭირა“ ვენაში და ასეთ ვითარებაში ისღა დარჩენოდა, ფრანგთა იმპერატორისთვის
გამარჯვება მიელოცა. ნაპოლეონმა პასუხად პრუსიას ზოგიერთი ტერიტორია წაართვა და
ზოგი საფრანგეთს, ზოგი კი ბავარიას გადასცა. სამაგიეროდ, იგი პრუსიას ჰანოვერს
შეჰპირდა, რომელიც ინგლისელების საკუთრება იყო და ფრანგებს ჰქონდათ დაკავებული.
ბავარიამ რაღაც ტერიტორია ავსტრიისგანაც მიიღო. ალბათ სწორედ მაშინ დაიწყო
ნაპოლეონმა თავისი საყვარელი თამაში - ტერიტორიების გადანაწილებით კონტინენტის
ქვეყნების ერთიმეორეზე გადაკიდება. აქედან მოყოლებული, ნაპოლეონის გათვლით,
ავსტრიასა და ბავარიას, პრუსიასა და ბავარიას, ასევე პრუსიასა და ინგლისს შორის
ურთიერთობა უნდა გაფუჭებულიყო და ისინი საფრანგეთზე გადამტერების ნაცვლად
ერთმანეთს უნდა გადაჰკიდებოდნენ. გარდა ამისა, პრუსიამ ნაპოლეონის მოთხოვნით
ინგლისს ომი გამოუცხადა. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა პიტმა ამდენს ვეღარ გაუძლო,
ლოგინად ჩავარდა და მალე გარდაიცვალა კიდეც.
ინგლისელებმა ნაპოლეონთან სამშვიდობო მოლაპარაკება წამოიწყეს, მაგრამ
გამარჯვებული იმპერატორის რაიმე დათმობაზე დაყოლიება იოლი ნამდვილად არ იყო.
ნაპოლეონი გრძნობდა, რომ მას ყველას დამარცხება შეეძლო და თუკი ასე გააგრძელებდა,
მთელი ევროპა მის ხელთ უნდა აღმოჩენილიყო. ასე რომ, დრო მასზე მუშაობდა. თუმცა, იყო
ერთი უარყოფითი ფაქტორი, რომელმაც დიდი ხნით დასწია უკან ინგლისის დამორჩილების
ოცნებები: ავსტრიისა და რუსეთის წინააღმდეგ კამპანიის მსვლელობისას, ზუსტად ულმის
კაპიტულაციის მეორე დღეს (21 ოქტომბერს) ნელსონმა ტრაფალგართან ფრანგულ-ესპანური
ფლოტი გაანადგურა. თავად ადმირალი ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ ინგლისს შეეძლო კიდევ
რამდენიმე წლით მაინც (სანამ ნაპოლეონი ახალ დიდ ფლოტს ააგებდა) მშვიდად ეგრძნო
თავი. ასე რომ, ნაპოლეონი მაინც ცდილობდა, ლონდონთან ახალი ამიენისათვის მიეღწია,
რომელიც მისგან ბევრს არაფერს ითხოვდა. ამ მოლაპარაკებებმა, რომლებიც მიზნად
ინგლისთან ზავს ისახავდა, საბოლოოდ პრუსიასთან ომი მოიტანა.
ფრანგების მიერ ოკუპირებული ჰანოვერი წესით პრუსიელებს უნდა მიეღოთ, მაგრამ
ნაპოლეონი ამ ოლქის დაცლას სულაც არ აპირებდა. უფრო მეტიც, მან ჰანოვერი
ინგლისელებთან სავაჭროდ გამოიყენა. იგი ინგლისელებს „მედუქნეებს“ ეძახდა, მაგრამ
პრუსიელებს აშკარად მათზე კიდევ უფრო დაბლა აყენებდა. ბერლინში აღშფოთება
ისტერიკას ენაცვლებოდა. ჰაუგვიცს უთავო საქციელის გამო ბევრი მოღალატესაც კი ეძახდა.
პრუსიამ მის გამო ომში დროულად ჩაბმის შანსი დაკარგა და ახლა იძულებული იყო,
დამცირება და მოტყუება აეტანა. ფრიდრიხ დიდის ერს მსგავსი რამ აღარ უნდა მოეთმინა.
ქვეყანა სამხედრო-პატრიოტულმა აგიტაციამ მოიცვა, რომელსაც დედოფალი ლუიზა
მეთაურობდა. გმირული წარსულით ბაქიბუქობა და ვერაგი ნაპოლეონისათვის მუქარების
შეთვლა საბოლოოდ პრუსიის მხრიდან ომის გამოცხადებით დასრულდა. ეს სწორედ ის იყო,
რაც კორსიკელს სურდა: მან ცალ-ცალკე გაანადგურა ავსტრია და რუსეთი და ახლა შანსი
ჰქონდა, პრუსიასაც ერთიერთზე გასწორებოდა.
1806 წლის 8 ოქტომბერს ფრანგული არმია მოწინააღმდეგისკენ დაიძრა: 14 ოქტომბერს კი
ერთდროულად გაიმართა ორი გენერალური ბრძოლა, რომელმაც ყველაფერი დაასრულა.
ნაპოლეონი იენასთან ებრძოდა პრუსიელთა ერთ შენაერთს, მისი მარშალი დავუ კი -
აუერშტედტთან მეორეს. ორივე ბრძოლა ერთდროულად მიდიოდა. იენასთან
დამარცხებული პრუსიელები აუერშტედტისკენ გაიქცნენ, სადაც გადარჩენილი პრუსიის
შენაერთი ეგულებოდათ, მაგრამ ამავე დროს აუერშტედტთან მდგარი პრუსიელებიც
რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, სასტიკად დამარცხდნენ (დავუმ მალე
აუერშტედტის ჰერცოგის ტიტული მიიღო) და თავის მხრივ, ისინი იქიდან იენაში
განლაგებული შენაერთისკენ გაიქცნენ. გადარჩენილები ერთმანეთს შუა გზაზე შეხვდნენ და
აცნობეს, რომ ორივენი დამარცხდნენ და ამგვარად, პრუსიას არმია აღარ ჰყავდა.
ამ ორი ბრძოლიდან სულ რამდენიმე დღეში ფრანგებმა მთელი ქვეყანა დაიკავეს. პრუსიის
სამეფო ოჯახი კენინსბერგში გადაიმალა და მეფე ნაპოლეონს იქიდან ეკითხებოდა,
რამდენად კომფორტულად მოეწყო იმპერატორი პოტსდამის რეზიდენციაში. უბრალო
პრუსიელები ენით აუწერელ შოკში იმყოფებოდნენ, თუმცა ამან საბოლოოდ კარგი სამსახური
გაუწია მათ. გაიაზრეს რა ფრანგებთან კატასტროფული დამარცხების შემდეგ, რომ მათი
სამხედრო სისტემა ჩამორჩა, ბერლინში შეიარაღებული ძალების რეფორმაზე დაიწყეს ფიქრი
და თანდათანობით ევროპაში ყველაზე დახვეწილი სამხედრო განათლებისა და სამეთაურო
სისტემა შექმნეს. შედეგად, დაახლოებით ნახევარ საუკუნეში პრუსიას ევროპაში უძლიერესი
არმია ჰყავდა, რამაც გერმანიის გაერთიანებაში ერთობ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორი იყო. 1806 წლის 27 ოქტომბერს ბერლინში ტრიუმფით
შევიდნენ ფრანგები. მისთვისაც კი არნახული წარმატებით გაბრუებულმა ნაპოლეონმა
კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: მან ინგლისს
კონტინენტური ბლოკადა დაუწესა. ფრანგები უკვე თითქმის მთელ ევროპას
აკონტროლებდნენ და ლონდონთან თამაშს აზრი აღარ ჰქონდა. თუკი ინგლისი სერიოზულ
დათმობაზე არ წამოვიდოდა, მაშინ კონტინენტიდან საერთოდ მოკვეთილი იქნებოდა.
„მედუქნეებს“, ნაპოლეონის აზრით, ხომ ყველაზე მეტად საკუთარი ჯიბის პრობლემა
აწუხებდათ და ამიტომაც ეკონომიკაზე დარტყმა მათთვის მეტად მტკივნეული უნდა
ყოფილიყო (თუმცა, ნაპოლეონს სხვა დარტყმის განხორციელების საშუალება არც ჰქონდა).
ახლა მთავარი იყო კონტრაბანდასთან ბრძოლა, რათა ბლოკადა რეალობად ქცეულიყო.
მაგრამ ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის სისუსტის აღიარებაა - ნაპოლეონი აღიარებდა, რომ
ინგლისურ ეკონომიკასთან კონკურენცია მის დიდ იმპერიასაც კი არ ძალუძდა და
„მედუქნეებთან“ ვაჭრობას არა მხოლოდ თავის იმპერიას, არამედ მთელ ევროპას
უკრძალავდა.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა განწყობა სუფევდა ლონდონში. ტრაფალგარმა ინგლისს
დრო მოაგებინა, მაგრამ 1806 წლის მდგომარეობით, ეს მოგებული დრო შეიძლებოდა
გაცილებით მალე ამოწურულიყო, ვიდრე ეს ათი წლის წინ ეგონათ - ფრანგები
თანდათანობით მთელ კონტინენტს ეუფლებოდნენ და თუკი ასე გაგრძელდებოდა, ინგლისი
არა მხოლოდ ეკონომიკურ ზარალს ნახავდა, არამედ ნაპოლეონიც გაცილებით სწრაფად
ააგებდა ახალ ფლოტს და ნელსონის გენიის გარეშე დარჩენილ ალბიონს უფრო იოლად
შეუტევდა. სანამ ინგლისს კიდევ ჰქონდა ფული, როგორმე ნაპოლეონის წინააღმდეგ ისევ
უნდა აემუშავებინა აუსტერლიცთან დამარცხებული კოალიცია (პრუსიას უკვე ვეღარანაირი
ფული ვერ აამუშავებდა).
ავსტრია ინგლისელთა ახალ შეთავაზებას დიდი ენთუზიაზმით არ გამოეხმაურა. ამ
ქვეყანას უკვე მეტისმეტად ბევრი ბრძოლა წაეგო ნაპოლეონთან. რუსეთის დაყოლიება
გაცილებით იოლი აღმოჩნდა: ფრანგები უკვე მათ საზღვართან იდგნენ და მოუსვენარ
ბონაპარტთან ბრძოლა რუსეთს ალბათ ყველა შემთხვევაში მოუწევდა. შესაბამისად,
ინგლისელების ფულით ომი გაცილებით უკეთესი ვარიანტი იყო. უკვე 1806 წლის ნოემბერში
რუსები და ფრანგები ერთმანეთისკენ დაიძრნენ. 1807 წლის 8 თებერვალს აილაუსთან (ამ
ქალაქს ახლა ბაგრატიონოვსკი ეწოდება მაშინდელი ცნობილი რუსი გენერლის
საპატივსაცემოდ) შედგა გენერალური ბრძოლა, რომელიც რუსების უკან დახევით, მაგრამ
არა განადგურებით დასრულდა. საჭირო იყო კიდევ ერთი გენერალური ბრძოლა,
რომლისთვისაც ორივე მხარემ თავისებურად დაიწყო მზადება. ნაპოლეონს იმ დროისთვის
უკვე ერთი უპირატესობისთვის მიეღწია - მისი შეგულიანებით რუსეთს ომი გამოუცხადა
თურქეთმა. ახლა მან მეორე უპირატესობაც აამოქმედა - ჯარში სატელიტი ქვეყნების
მოქალაქეები იხმო და არმია ამით გააძლიერა. ალექსანდრემ ამის საპირისპიროდ ისღა
მოახერხა, რომ თავის ეკლესიას ნაპოლეონი ანტიქრისტედ და მართლმადიდებლობის
მტრად გამოაცხადებინა (ეს არც ისე რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ
რელიგიისადმი გულგრილად განწყობილმა ბონაპარტმა ოდესღაც ეგვიპტეში მხარდაჭერის
მოპოვების მიზნით თავი ყურანის მიმდევრად გამოაცხადა). ამ კამპანიამ მოგვიანებით
შედეგი გამოიღო (ამაზე ქვემოთ), მაგრამ 1807 წელს რუსები დამარცხებისგან ვერ იხსნა. ამაში
ისევ და ისევ ალექსანდრეს მოუთმენლობამ ითამაშა თავისი როლი. თუმცა, რუსთა
იმპერატორი ამჯერად მისმა გენერალმა შეაცდინა, რომელმაც აილაუსთან ბრძოლა თავის
დიდ გამარჯვებად და ნაპოლეონის კატასტროფად გაასაღა. ამ ამბებით შეგულიანებული
ალექსანდრეს ბრძანებით რუსების არმია შეტევაზე გადავიდა და 14 ივნისს ფრიდლანდთან
კიდევ ერთი დიდი მარცხი განიცადა.
ნაპოლეონის წინაშე რუსეთზე გზა ხსნილი იყო. მისი არმია მდინარე ნემანთან იდგა, ზედ
დიდი იმპერიის საზღვართან. ფრიდლანდმა ალექსანდრესაც კი მოუსპო წინააღმდეგობის
გაწევის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც უკანასკნელ იმედს, გარს ეხვეოდნენ
ფრანგი როიალისტები, ინგლისელები, პრუსიელები და ყველა კატეგორიის ხალხი, რომელიც
ნაპოლეონის დამარცხებაზე ოცნებობდა. ალექსანდრემ ფრანგთა იმპერატორს დაზავება
შესთავაზა და ეს უკანასკნელი მაშინვე დასთანხმდა. მას არაფერში სჭირდებოდა რუსეთთან
ომი, თუკი ეს უკანასკნელი კონტინენტურ ბლოკადას მიუერთდებოდა. გარდა ამისა,
ნაპოლეონს ახლა კარგი შანსი ჰქონდა, აესრულებინა თავისი ძველი ჩანაფიქრი და რუსეთი
თავის მოკავშირედ ექცია. 25 ივნისს ორი იმპერატორი ნემანზე ერთმანეთს შეხვდა.
ალექსანდრე ნაპოლეონს მისალმებისთანავე „გამოუტყდა“, რომ ინგლისელები მასაც
სძულდა (ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თუკი რუსთა იმპერატორს მამის გამო სინდისი
ქენჯნიდა). ამის შემდეგ ორ იმპერატორს შორის მოლაპარაკებები წარიმართა, რომელსაც
მაშინდელი ევროპის ბედი უნდა გადაეწყვიტა.
ალექსანდრეს ბანაკში მყოფი პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმი, რომელსაც აილაუს
ბრძოლამ ფუჭი იმედები ჩაუსახა, საცოდავად ელოდა განაჩენს. ნაპოლეონი არ მალავდა
მისდამი და პრუსიელებისადმი ზიზღს და მეფეს სრული საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ
მისი ქვეყანა რუკიდან საერთოდ გაქრებოდა. ეს თითქმის ასეც მოხდა - ნაპოლეონმა, „რუსთა
იმპერატორის ხათრით“, პრუსიას მხოლოდ სამი პროვინცია დაუტოვა. საქმეს ვერც იმან
უშველა, რომ გასაცოდავებულმა ფრიდრიხ-ვილჰელმმა თავმოყვარეობა სულ დაკარგა და
ტერიტორიების შესანარჩუნებლად ნაპოლეონთან თავისი ლამაზი ცოლი, საფრანგეთთან
ომის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ლუიზა მიუშვა. ნაპოლეონზე მსგავსი რამეები დიდ
გავლენას არ ახდენდა. რამდენიმე ხნით ადრე მასთან პოლონელებმა სილამაზით განთქმული
მარია ვალევსკა მიგზავნეს იმ იმედით, რომ მოხიბლული კორსიკელი პოლონეთის
სახელმწიფოებრიობას აღადგენდა. ლუიზასგან განსხვავებით, მარიასთან ნაპოლეონს რომანი
ჰქონდა, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და მარიამ მისგან ბავშვიც კი
გააჩინა (რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის საგარეო მინისტრიც გახდა), მაგრამ
პოლონეთის ეროვნულ იდეას ამან დიდად ვერ უშველა. ერთი ის იყო, რომ ტილზიტის ზავის
შედეგად (ასე იწოდა 1807 წლის 8 ივლისს ალექსანდრესთან მიღწეული შეთანხმება)
ნაპოლეონმა ე.წ. ვარშავის საჰერცოგო შექმნა, რომლის ჰერცოგადაც ფრანგების ახალი
მოკავშირე, საქსონიის მეფე, დაინიშნა. იგივე ტილზიტის ზავის შედეგად საფრანგეთმა და
რუსეთმა სამხედრო კავშირი შეკრეს. რუსეთი არა მხოლოდ კონტინენტურ ბლოკადას
შეუერთდა, არამედ ასევე ვალდებულება აიღო, საფრანგეთის მოწინაადმდეგეებთან ომში
ჩაბმულიყო. ევროპა ნაპოლეონს დარჩა, აღმოსავლეთი კი - რუსებს. იქამდე დაუმარცხებელი
ინგლისი უკვე სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.

ნაპოლეონი - დაცემა

პირველი წაფორჩხილებები
რევანშის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი პარიზში ავსტრიის ელჩი კლემენს ფონ
მეტერნიხი იყო. თუკი ნაპოლეონი სამხედრო ვუნდერკინდი იყო, მეტერნიხი დიპლომატიის
ვუნდერკინდად უნდა მოვნათლოთ. განათლება მას ევროპის რამდენიმე ქალაქში მიეღო და
ფრანგულად უფრო იოლად საუბრობდა, ვიდრე გერმანულად; 35 წლისას უკვე ბერლინში
ელჩობაც მოესწრო. მისი ეპოქის კიდევ ერთი დიდი დიპლომატის, ტალეირანის დარად,
მეტერნიხიც არნახული მექალთანე გახლდათ. თავის დროზე კარიერის გაკეთებაში
წარმატებული ქორწინება დაეხმარა (მან ცოლად ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი
საგარეო მინისტრის, კაუნიცის ქალიშვილი მოიყვანა) და რომანებს არც ამის შემდეგ
ერიდებოდა. ხშირად ქალების გამო სახელმწიფო საქმეებსაც კი ივიწყებდა ხოლმე და ამით
განსხვავდებოდა ტალეირანისგან, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებდა ცივ გონებას და
სახელმწიფო ინტერესებზე წინ მხოლოდ საკუთარი ჯიბის ინტერესებს თუ აყენებდა.
აღსანიშნავია, რომ მეტერნიხის საყვარელთა რიგებში თვით ნაპოლეონის ერთ-ერთი დაც
შედიოდა. ხოლო რაც შეეხება თავად ნაპოლეონთან მის დამოკიდებულებას, დიპლომატი
ფრანგთა იმპერატორის გენიას აღიარებდა, მაგრამ როგორც ავსტრიელი, შურისძიებაზე
ოცნებობდა და როცა ფრანგებს ესპანეთში ფეხი წაუცდათ, მიიჩნია, რომ დრო დადგა.
მეტერნიხისათვის, რომელიც საკმაოდ მალე ევროპის წამყვან დიპლომატად უნდა
ქცეულიყო, მიუღებელი იყო არა უბრალოდ ავსტრიის დაკნინება, არამედ ბალანსის
დარღვევა ევროპაში. მისი გაგებით, ისევე, როგორც ბუნება იდგა წონასწორობაზე, ასევე უნდა
ყოფილიყო მსოფლიო პოლიტიკაც. ამასთან, მეტერნიხს ეზიზღებოდა ფრანგული
რევოლუცია, რომლის წარმონაქმნსაც ნაპოლეონი წარმოადგენდა (სურდა მას ეს თუ არა).
მაგრამ როგორც ნამდვილმა დიპლომატმა, მან საქმე პირად გრძნობებზე წინ დააყენა და
ბერლინში მისიისას ფრანგებს ისე მოაწონა თავი, რომ ნაპოლეონმა თავად ითხოვა პარიზში
მისი ელჩად გამწესება.
ავსტრიელების სამხედრო მზადებები ნაპოლეონს, ცხადია, არ გამოჰპარვია და მან საქმეში
ისევ რუსების ჩართვა გადაწყვიტა. გამოცხადდა, რომ ფრანგთა და რუსთა იმპერატორები
სექტემბერში ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ გერმანიის ქალაქ ერფურტში. რუსების
სამეფო კარი პანიკამ მოიცვა - არ იყო გამორიცხული, ალექსანდრეს ესპანეთის მეფის ბედი
გაეზიარებინა (ესპანეთში ნაპოლეონმა სამეფო დინასტია გააუქმა). რუსთა იმპერატორი
ტილზიტის შემდეგ თავს არც ისე ბედნიერად გრძნობდა. მართალია, ამ ზავის წყალობით მან
შვედებს ფინეთი წაართვა, მაგრამ აღმოსავლეთში ჰეგემონია ვერ მოიპოვა. საუბარი
რუსეთისათვის კონსტანტინოპოლის დათმობაზე (რუსი მონარქები მაშინ უკვე ოცნებობდნენ
ამაზე) მხოლოდ საუბრად რჩებოდა (როცა დაინახეს, რა ხდებოდა, თურქები ინგლისელებს
დაუახლოვდნენ და 1809 წლის იანვარში შეთანხმებაც გაუფორმეს, რომლის მიხედვითაც
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში არც ერთი ქვეყნის ხომალდებს არ გაატარებდნენ,
ოღონდ სანაცვლოდ იქ არც ინგლისელები შევიდოდნენ). კონტინენტური ბლოკადაც მძიმედ
იმოქმედებდა რუსეთის ეკონომიკაზე და ალექსანდრეს სულ უფრო და უფრო ხშირად
ახსენდებოდა მამამისის ბედი (პავლე I ხომ ნაპოლეონის მოკავშირეობას შეეწირა). ეს კი
ესპანეთის მეფის ბედზე გაცილებით უარესი იყო.
თუმცა, ნაპოლეონი ალექსანდრეს მსგავსს არაფერს უმზადებდა - რუსეთი ესპანეთი
ნამდვილად არ იყო. ნაპოლეონს ალექსანდრესთან შეხვედრა ძმობის დემონსტრაციისათვის
და ავსტრიის დასაშინებლად სჭირდებოდა. 1808 წლის სექტემბერში ერფურტის შეხვედრაზე
კორსიკელი არნახული ბრწყინვალებითა და უზარმაზარი ამალით წარდგა. ამალაში
თალეირანიც ერია, რომელიც უკვე მინისტრი აღარ იყო (დიდი დიპლომატი ტილზიტის
შემდეგ გადადგა). როგორც თავად ამტკიცებდა, ამის მიზეზი ნაპოლეონის სიხარბე და
ზომიერების არქონა იყო, რაც მის ხედვას ეწინააღმდეგებოდა. ნაპოლეონი ამტკიცებდა, რომ
ტალეირანის წასვლა უბრალოდ იმან განაპირობა, რომ მის სატელიტ ევროპელ მონარქებს
ყელში ამოუვიდათ მინისტრის სიხარბე - ტალეირანი მუდამ საჩუქრებსა და ქრთამს
ითხოვდა. იყო ალბათ კიდევ ერთი მიზეზი - ადრეულ ასაკში დაკოჭლებულ ტალეირანს
მუდამ უჭირდა ევროპაში სხვადასხვა მისიით სიარული და დიდი ხანი იყო, დასვენებაზე
ოცნებობდა. ერფურტის გამო მას კიდევ ერთხელ მოუხდა შორს გამგზავრება და გადაწყვიტა
ალექსანდრესთვის თავის მოწონების შანსი ხელიდან არ გაეშვა. თუკი ტილზიტის დროს
ნაპოლეონმა პრუსიასთან ზომიერება ვერ გამოიჩინა, ესპანეთში უკვე დიდ ხათაბალაში
გაეხვა. ტალეირანმა იცოდა, რომ შეუძლებელი იყო, ევროპული ბალანსი სამუდამოდ
მოეშალა ერთ ადამიანს და შესაბამისად, ამ ადამიანის დიდი იმპერია ადრე თუ გვიან
დაეცემოდა. სანამ ეს მოხდებოდა, მას ევროპული მონარქებისათვის სამსახური უნდა გაეწია
და პოსტნაპოლეონისეულ ევროპაში ღირსეული ადგილი დაებევებინა.
პირველი ასეთი მონარქი ალექსანდრე იყო, რომელსაც ერფურტში ტალეირანის დახმარებამ
სულზე მიუსწრო. „რუსი ხალხი გაუნათლებელია, მაგრამ მათ ჰყავთ განათლებული მეფე,
ფრანგი ხალხი განათლებულია, მაგრამ მათ ჰყავთ გაუნათლებელი მეფე. ჩვენ უნდა
გავაერთიანოთ რუსი მეფე და ფრანგი ხალხი... თქვენ შეგწევთ ძალა, იხსნათ ევროპა და
ამისთვის მხოლოდ ერთი რამ გჭირდებათ: არაფერი დაუთმოთ ნაპოლეონს“, მოახსენა
რუსთა იმპერატორს ფრანგების ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც ნაპოლეონი ძველებურად
აღარ ენდობოდა, მაგრამ მისი მაინც არ ეშინოდა. ზომიერებამ ნაპოლეონს
თავდაჯერებულობაშიც უმტყუნა. ტალეირანის დახმარების წყალობით ალექსანდრე უკვე
იოლად ეწინააღმდეგებოდა ნაპოლეონის ზეწოლას და საბოლოოდ ამ უკანასკნელმა ბევრი
ვერაფერი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი სანაცვლოდ მთელ რიგ ტერიტორიებს
ჰპირდებოდა (მათ შორის პოლონეთში), რუსთა იმპერატორმა უარი თქვა, ულტიმატუმი
წაეყენებინა ავსტრიისათვის და მისი განიარაღება მოეთხოვა. ნაპოლეონმა ალექსანდრესგან
მხოლოდ იმის დაპირება მიიღო, რომ ომის შემთხვევაში რუსეთი საფრანგეთს
დაეხმარებოდა. მაგრამ ალექსანდრეს საქციელიდან გამომდინარე აშკარა იყო, არც ამ
დაპირებას ჰქონდა დიდი ფასი.
ტალეირანის აპოლოგეტები ერფურტში დაწყებულ ღალატს იმით ამართლებენ, რომ
ყოფილი მინისტრი ევროპელი უფრო იყო, ვიდრე ფრანგი ნაციონალისტი და მას არ შეეძლო,
გულგრილად ეყურებინა, როგორ ქრებოდნენ რუკიდან სახელმწიფოები და იღუპებოდა მისი
საყვარელი კონტინენტი. თუმცა, ტალეირანს ევროპაზე მეტად, ცხადია, მაინც საკუთარი
თავი და ფუფუნება უყვარდა. ევროპის სიყვარულში მას თავისებურად ნაპოლეონის
გაეჯიბრებოდა, რომელიც კონტინენტზე ერთიანი ვალუტის შემოღებასა და საერთო
საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაზე ფიქრობდა. მაგრამ ევროპას მისი ჩანაფიქრი „არ
ესმოდა“ და ამ „გაუგებრობის“ გამო ნაპოლეონს კიდევ ერთ ომში ჩაბმა უწევდა. რაც შეეხება
ტალეირანს, ერფურტიდან მოყოლებული, იგი რუსებისგან დიდძალ ფულს იღებდა (თუმცა,
ფულის ნაკლებობას უამოსოდაც არ განიცდიდა). გარდა ამისა, ალექსანდრემ პარიზში
რუსეთის საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე მივლინებულ კარლ ნესელროდეს (რუსეთის
მომავალ კანცლერს) დაავალა, ტალეირანთან მუდმივ კავშირზე ყოფილიყო და პეტერბურგი
ინფორმაციით მოემარაგებინა.
მაგრამ ყოფილი მინისტრი მხოლოდ რუსებთან თანამშრომლობაზე არ გაჩერდა. ერფურტის
შედეგად იგი მატერნიხს შეხვდა და აცნობა, რომ ნაპოლეონი ალექსანდრესთან შეხვედრით
უკმაყოფილო დარჩა. ამის შემდეგ მეტერნიხთან მისი შეხვედრები ძალიან გახშირდა, რამაც
ყოფილ მინისტრს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გაუჩინა (ოღონდ შემოსავლის წყაროები
ამჯერად მის სიხარბეზე ნაპოლეონთან აღარ ჩიოდნენ). აღტაცებული მეტერნიხი ვენას
არწმუნებდა, რომ საფრანგეთთან ომისათვის მართლაც ხელსაყრელი დრო დადგა.
ავსტრიელებმა რუსეთისა და პრუსიის გადმობირებაც სცადეს. ალექსანდრეს მსგავს იდეაზე
ჯერჯერობით ფიქრიც არ სურდა, მაგრამ სამაგიეროდ ავსტრიელებს არაორაზროვნად
განუცხადა, რომ ნაპოლეონთან ომის დროს მათ რუსების მხრიდან ზურგში დარტყმის შიში
არ უნდა ჰქონოდათ. ფრიდრიხ-ვილჰელმი თავიდან საკმაო ენთუზიაზმით განეწყო, მაგრამ
როგორც კი გაიგო, რუსეთი განზე დგომას არჩევდა, შეშინებულმა ყველაფერი გადაიფიქრა.
ავსტრიას მარტოს უწევდა ომი, მაგრამ თავად ნაპოლეონსაც ორ ფრონტზე მოუხდებოდა
ბრძოლა. იმპერატორი იმ ფაქტს კარგად აცნობიერებდა და ამიტომ ერფურტის შემდეგ
პირადად ჩავიდა ესპანეთში, რათა ავსტრიასთან ომამდე იქ წესრიგი დაემყარებინა. ესპანელი
ამბოხებულების გარდა, მას უკვე ინგლისელებთანაც უწევდა ომი, რომლებიც
პორტუგალიაში გადმოსხდნენ. სამხედრო კამპანია წარმატებით მიდიოდა, ესპანელები
მარცხდებოდნენ, ინგლისელები კი გარბოდნენ. მაგრამ 1809 წლის იანვარში ნაპოლეონმა
პარიზიდან შემაშფოთებელი ცნობა მიიღო - ტალეირანი და ფუშე დაახლოვდნენ. ეს ორი
ადამიანი იქამდე ერთმანეთს ვერასოდეს ეგუებოდა და ხეირიანად მხოლოდ მაშინ
ურთიერთობდნენ ხოლმე, როცა მიიჩნევდნენ, რომ ნაპოლეონის სიცოცხლეს ან
მდგომარეობას საფრთხე ელოდა და მისი შეცვლისათვის მზადება იყო საჭირო (მართლაც,
ისინი ამჯერად ნაპოლეონს მიურატით უპირებდნენ შეცვლას). ნაპოლეონი მიხვდა, რომ მისი
ორი ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ არასანდო მრჩეველი ამჟამად ესპანურმა მოვლენებმა
შეაგულიანა, ამიტომაც სასწრაფოდ გაემართა დედაქალაქში, იქ დიდებულები და
მინისტრები შეკრიბა და მათი თანდასწრებით ტალეირანი საშინლად გალანძღა. შემდეგ
ყოფილ მინისტრს ზოგიერთი ტიტულიც ჩამოართვა, მაგრამ სულ ეს იყო და ეს, რადგან
ნაპოლეონს მხოლოდ ეჭვი ჰქონდა და დოპლომატიის ფარულ საქმიანობაზე კონკრეტულად
არაფერი იცოდა. როცა შეშინებულო ტალეირანისათვის ეს ნათელი გახდა, მან ძველებურად
გააგრძელა ახალი საქმიანობა - რუსებსა და ავსტრიელებზე მუშაობა...
1809 წლის 14 აპრილს ავსტრიის არმია შეტევაზე გადავიდა. ნაპოლონი ამისათვის მზად
იყო. პირველი შეტაკებები ავსტრიელებმა წააგეს, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლებოდა იმის
არდანახვა, რომ ისინი ადრინდელზე გაცილებით უკეთ იბრძოდნენ (პროგრესი მარტივად
აიხსნებოდა - ტალეირანს საფრანგეთის სამხედრო უწყებაში ბევრი მეგობარი ჰყავდა). 13
მაისს ნაპოლეონი უკვე ვენაში შევიდა, მაგრამ ავსტრიის ჯარმა არა მხოლოდ უკან დახევა,
არამედ ამჯერად დუნაიზე ხიდების განადგურებაც მოასწრო. იმპერატორმა დუნაიზე
გადასვლის რისკიანი ოპერაცია ჩაიფიქრა, რათა ტემპი არ დაეკარგა. თავიდან ყველაფერი
კარგად მიდიოდა, მაგრამ სოფელ ესლინგთან შუა ბრძოლაში სახელდახელოდ აგებული
ხიდი ჩატყდა, ფრანგების ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი, მარშალი ლანი კი სასიკვდილოდ
დაიჭრა, რის გამოც ნაპოლეონმა უკან დახევა ბრძანა. თავად უკან დახევისთვის მას დიდი
მნიშვნელობა არ მიუნიჭებია და ამაზე გაცილებით მძიმედ ლანის გარდაცვალება განიცადა.
მაგრამ სამაგიეროდ ვენიდან გაქცეული ავსტრიის სამეფო კარი ფრანგების მცირე
წარუმატებლობის გამო ისეთმა ეიფორიამ მოიცვა, თითქოს ნაპოლეონს დიდი ომი წაეგო.
ეიფორიამ მთელ ევროპას გადაუარა და ამის მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ ერთ-ერთ
შეტაკებაში მანამდე ფაქტობრივად უძლეველ სარდალს ბედმა უმუხთლა და ჯარი უკან
მოაბრუნა. მაგრამ ამგვარი რამეც კი იმდენად სასწაულებრივი მიღწევა იყო, რომ
ინგლისელებმა ბელგიაში ჯარის გადასხმა გაბედეს (საიდანაც მალე გაქცევა მოუხდათ),
რომის პაპმა კი ესლინგი ღმერთის სასჯელად გამოაცხადა, რომელიც ნაპოლეონს მისი
ცოდვების გამო დაატყდა თავს (პაპი დააპატიმრეს, ხოლო მისი სამფლობელო საფრანგეთის
საკუთრებად იქცა).
ეიფორიებსა და ისტერიკებს მხოლოდ თავად ავსტრიის არმიის სარდალი, ერჰერცოგი
კარლი არ იზიარებდა. მას კარგად ესმოდა, რომ ესლინგთან მიღწეული გარკვეული
წარმატების მიუხედავად, კვლავაც მარტო იდგა ნაპოლეონის პირისპირ, რომელსაც არა
მხოლოდ ვენა ჰქონდა დაკავებული, არამედ კვლავაც ძლიერი არმია ჰყავდა, რომელსაც
დღითიდღე აძლიერებდა და ახალი დიდი ბრძოლისთვისაც გაცილებით უკეთ ემზადებოდა.
ეს ბრძოლა 1809 წლის 5 ივლისს ვაგრამთან გაიმართა და ფრანგების მხრიდან
მნიშვნელოვანი მსხვერპლის მიუხედავად, ავსტრიელების საკმაოდ მძიმე მარცხით
დასრულდა. მართალია, კარლმა დროულად დაიხია უკან და არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი
გადაარჩინა, მაგრამ ესლინგის შემდეგ ვენის სამეფო კარი ისეთმა ილუზიებმა შეიპყრო, რომ
ვაგრამი ფსიქოლოგიურად მეტად მძიმე მოსანელებელი აღმოჩნდა. ავსტრიელები
უიმედობამ მოიცვა. გამარჯვებული მათ ახალ მკაცრ პირობებს უყენებდა და მშველელი
არავინ ჩანდა. მეტერნიხიც, რამდენადაც მიუღებელი უნდა ყოფილიყო მისთვიდ ბალანსის
დანგრევა, უკვე იმ ფიქრისკენ იხრებოდა, რომ ნაპოლეონის დამარცხება უბრალოდ
შეუძლებელი იყო. ასეთ ვითარებაში ავსტრიელები ნამდვილად მოხარულები იყვნენ, როცა
ნაპოლეონმა მათ პრინცესაზე ქორწინების სურვილი გამოთქვა.
იმ დროისათვის ნაპოლეონის სიცოცხლე უკვე არაერთხელ დადგა საფრთხის ქვეშ (არა
მხოლოდ ბრძოლის ველზე - ნაპოლეონის მოკვლას ცდილობდნენ ინგლისის მიერ
დაფინანსებული ფანატიკოსები და უბრალოდ, იდეალისტი ახალგაზრდები) და ასეთ
ვითარებაში მემკვიდრის არყოლა მთელ იმპერიას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებდა.
მემკვიდრე კანონიერი მეუღლისგან იყო საჭირო და რაკი ჟოზეფინა ამ ფუნქციას თავს ვერ
ართმევდა, ახალი მეუღლე იყო საჭირო, რომელიც ან ავსტრიელი უნდა ყოფილიყო ან რუსი -
კონტინენტზე საფრანგეთის გარდა სულ ეს ორი დიდი სახელმწიფო იყო დარჩენილი და
ნაპოლეონი ამათგან ერთ-ერთს უნდა დამოყვრებოდა, რათა თავისი მომავალი შვილი,
საფრანგეთის ახალი დინასტიის მეორე წარმომადგენელი, რომელიმე ტრადიციული
დინასტიის სისხლით გაეკეთილშობილებინა. 40 წლის ასაკში უკვე ევროპის დამპყრობელი
კიდევ უფრო მეტად პრაგმატული იყო, ვიდრე საფრანგეთის გამგებელი 30 წლის ასაკში. მას
ჟოზეფინა აღარაფერში სჭირდებოდა. მშვენიერ მარია ვალევსკას კი იმპერატორის კანონიერ
მეუღლედ ქცევის შანსი უბრალოდ იმიტომ არ ჰქონდა, რომ პოლონელი იყო.
რუსსა და ავსტრიელს შორის არჩევნის გაკეთება იოლი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის სამეფო
კარი „კორსიკელ ურჩხულზე“ პრინცესას მოთხოვების აზრს კატეგორიულად
შეეწინააღმდეგა. ვენაში კი პირიქით, ამ შეთავაზებას ენთუზიაზმით შეხვდნენ. ვაგრამის
შემდეგ ნაპოლეონთან დამოყვრება მართლაც რომ სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ნაპოლეონმა
ერთი სამხედრო კამპანიის შემდეგ რუკიდან თითქმის გააქრო პრუსია, ავსტრიამ კი
ბონაპარტთან უკვე ოთხი კამპანია წააგო... ვენისათვის ქორწინება გადარჩენის სულ მცირე
იმედი მაინც იყო. გარდა ამისა, არ ჩანდა ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ნაპოლეონის
იმპერიას. მთავარი იყო, ნაპოლეონს სტატუს-კვო შეენარჩუნებინა, შემდეგ კი საფრანგეთის
იმპერიას ავსტრიის იმპერატორის შვილიშვილი გადაიბარებდა. მეტერნიხიც კი, რომელსაც
მალე ავსტრიის საგარეო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა, ევროპულ ბალანსზე აღარ და
ვეღარ ფიქრობდა. თუმცა, მან ერთი რამ ვერ გაითვალისწინა - მეტერნიხი (და ალბათ
ევროპელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა) ნაპოლეონის ადგილას ნამდვილად სტატუს-კვოს
შენარჩუნებაზე იზრუნებდა, მაგრამ ნაპოლეონი მეტერნიხი არ იყო და სხვანაირად
ფიქრობდა.
1810 წლის 11 თებერვალს ფრანგთა იმპერატორმა ავსტრიის პრინცესა მარი-ლუიზაზე
იქორწინა და ვენა თავის მოკავშირედ აქცია. კონტინენტზე ჯერ კიდევ ფორმალურად
დარჩენილ სხვა სახელმწიფოებს ძირითადად ნაპოლეონის ოჯახის წევრები მართავდნენ.
ერთ წელიწადში იმპერატორს მემკვიდრეც ეყოლა - პატარა ნაპოლეონი, რომელმაც
დაბადებიდანვე რომის მეფის ტიტული მიიღო. პრუსია ოკუპირებული რჩებოდა.
ავსტრიასთან დამეგობრება სწორედ ის იყო, რაც ოდესღაც ტალეირანს უნდოდა. ახლა ეს
დამეგობრება შედგა და შედგა საფრანგეთისათვის გაცილებით უკეთეს პირობებში. ასეთი
დამეგობრება, თავისთავად, რუსეთის შევიწროებასაც გულისხმობდა. ცხადია, ტალეირანი
მხოლოდ შევიწროებაზე ფიქრობდა და არა ომზე, მაგრამ აქ ისევ და ისევ ტალეირანზეა
საუბარი. ქორწინებიდან სულ მალე ნაპოლეონმა რუსეთთან ომისათვის მზადება დაიწყო.

ლაშქრობა რუსეთზე
ნაპოლეონი ომებს ტყუილუბრალოდ არასოდეს იწყებდა და რუსეთში ლაშქრობასაც
თავისი მიზეზი ჰქონდა. იმ დროისათვის კონტინენტურმა ბლოკადამ ინგლისს საგრძნობი
ზიანი მიაყენა, მაგრამ ამავე დროს ზარალდებოდა საფრანგეთიც. ბლოკადამ ინგლისი
კონტინენტურ ევროპას ბოლომდე მაინც ვერ მოსწყვიტა, რადგან კონტრაბანდა მაინც
შედიოდა საფრანგეთის სატელიტი ქვეყნების ტერიტორიაზე და თავად საფრანგეთშიც კი. ამ
დროს კი ბლოკადის გამო ფრანგულმა ეკონომიკამ არა მხოლოდ ინგლისი, არამედ მთელი
დასავლეთ ნახევარსფერო დაკარგა. ინგლისი ფეხზე იდგა და ამაში მას ყველაზე მეტად
ალბათ რუსეთი ეხმარებოდა, რომელიც აშკარად არღვევდა კონტინენტურ ბლოკადას.
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონმა ალექსანდრეს რაღაც ტერიტორიები უწყალობა (მათ
შორის ავსტრიისა და პრუსიის, იმ გათვლით, რომ რუსეთი ამ ქვეყნებს გადაიმტერებდა), ეს
უკანასკნელი დიდ მადლიერებას არ იჩენდა და ფრანგულ საქონელზე დიდი საბაჟო
გადასახადიც კი დააწესა. გადასახადსა და უმადურობას თავისი მიზეზები ჰქონდა - თავადი
რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, ნაპოლეონი
პოლონეთის სახელმწიფოს შექმნის იდეით თამაშობდა, რაც რუსთა იმპერატორს ძალიან
აღიზიანებდა. ეს თამაში განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ავსტრიის წინააღმდეგ
ბოლო კამპანიაში პოლონელებმა ნაპოლეონს დიდი სამსახური გაუწიეს. ალექსანდრემ
პოლონელთა გულის მოსაგებად მათთან ფარული მოლაპარაკებები გააჩაღა და ერთი
მომენტი (1811 წლის მარტი) პოლონეთის საზღვრებთან არმიის მობილიზაციაც კი მოახდინა,
რამაც პარიზში შეშფოთება გამოიწვია და რუსეთზე გალაშქრების გეგმებიც აშკარად
დააჩქარა.
რუსეთზე გალაშქრების წინ ნაპოლეონი თავისი დიდების მწვერვალზე იდგა. მას მთელი
ევროპის მონარქები (მათ შორის მისი სიმამრი, ავსტრიის იმპერატორი ფრანცი) და
არისტოკრატები ფეხქვეშ ეგებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მლიქვნელობაში სხვებისათვის
რომ ეჯობნა, ფრანგთა იმპერატორის ღვთიური წარმოშობის ვერსიაც კი წამოაყენა.
რელიგიისადმი გულგრილ ნაპოლეონზე ამან ალბათ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი უკვე ისეთ რამეებს ამბობდა, რაც ჯერ კიდევ ვაგრამამდეც კი
მისგან წარმოუდგენელი იყო: სამ წელიწადში მთელი მსოფლიო მისი უნდა ყოფილიყო.
ნაპოლეონს საკუთარ თავზე ნათქვამი ჰქონდა, რომ 1797 წელს იგი „სხვის ჭკუაზე სიარულს
გადაეჩვია“. 1812 წელს კი აშკარა იყო, რომ იგი არა მხოლოდ სხვის ჭკუაზე სიარულს, არამედ
სხვისი აზრების გათვალისწინებას და რეალობის გათვალისწინებასაც კი გადაეჩვია. ალბათ
რუსებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სულ ერთ წელიწადში „ღვთიური წარმოშობის“
იმპერატორს გვირგვინის შესანარჩუნებლად მისი განმადიდებელი მონარქების დიდ
ნაწილთან ომი მოუწევდა.
რუსეთზე გასალაშქრებლად ნაპოლეონმა მთელ კონტინენტს (ავსტრიისა და პრუსიის
ჩათვლით) ჯარისკაცების გამოყვანა უბრძანა. ბრძანება სიტყვაშეუბრუნებლად ასრულდა
(ნაპოლეონმა ჯარისკაცები ესპანეთიდანაც კი წაასხა), რადგან მომავალი კამპანიისგან ყველა
მხოლოდ ერთ შედეგს ელოდა - რუსეთი განადგურდებოდა. ამ პროგნოზს ვერ ცვლიდა ის
ფაქტი, რომ ნაპოლეონს ესპანეთში რამდენიმე საუკეთესო მარშლის დატოვება მოუხდა,
ხოლო შვედეთის პრინცად ქცეულმა ნაპოლეონის ყოფილმა მარშალმა ბერნადოტმა რუსეთის
წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარი განაცხადა (მას რუსეთის უფრო ეშინოდა, ვიდრე
საფრანგეთის, რომლისგანაც ზღვას იცავდა); ვერც ის, რომ რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს,
თურქეთთან ომის დასრულება მოახერხა და ახლა ნაპოლეონთან ბრძოლისათვის უფრო
მობილოზებული იქნებოდა. თავის ყველაზე გრანდიოზულ ლაშქრობაში მიმავალი
ნაპოლეონი მხლებლებთან უკვე იმაზე ლაპარაკობდა, რას აპირებდა კამპანიის წარმატებით
დასრულების შემდეგ - იგი რუსეთს გაივლიდა და ინდოეთს დაიპყრობდა. იმპერატორი
თავის ძველ ოცნებებს დაუბრუნდა.

დაცემა
1813 წლის 15 აპრილს ნაპოლეონი თავისი არმიით რუსებისა და პრუსიელებისკენ დაიძრა
და მალე პირველი მარცხიც აგემა. 20 მაისს კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ისევ
მოკავშირეები დამარცხდნენ, თუმცა მარცხი შეიძლება გაცილებით მძიმე ყოფილიყო, რომ
არა ნაპოლეონის მარშლების ზანტი მოქმედება. მეტერნიხი კიდევ ერთხელ ჩაერია საქმეში
და მხარეები ზავზე დაიყოლია. თუკი ნაპოლეონი გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, მაშინ
ავსტრიას შეეძლო ომისათვის წერტილი დაესვა - ამ ქვეყანას საფრანგეთისა და რუსეთის
შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალი გააჩნდა და თუკი რუსები და პრუსიელები
მეტერნიხის პირობებს არ მიიღებდნენ, ავსტრიას შეეძლო უბრალოდ ფრანგების მხარეს
გადასულიყო და ამ უკანასკნელთა უპირატესობა უკვე უზარმაზარი იქნებოდა. მშვიდობის
სანაცვლოდ ფრანგთა იმპერატორისგან არც ისე ბევრს ითხოვდნენ - მას უნდა დაეთმო
ვარშავის საჰერცოგო, გერმანიის ნაწილი და ილირია.
28 ივნისს მეტერნიხი ნაპოლეონს ეახლა და შედგა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი
შეხვედრა. მეტერნიხს უკვე მაშინ დიდ დიპლომატად მიიჩნევდნენ; ნაპოლეონის
დიპლომატიურ ნიჭს კი თვით ტალეირანი აღიარებდა, მაგრამ ჩანს, იმპერატორში ყველა სხვა
ნიჭსა და მისწრაფებას მაინც სამხედრო სჯაბნიდა. ის პირობები, რომელთაც ასეთ
ვითარებაში ყველა სიხარულით დასთანხმდებოდა, ნაპოლეონისთვის მიუღებელი
აღმოჩნდა. მეტერნიხს მან განუცხადა, რომ ყველაფერი თავის დროზე ბრძოლით მოიპოვა და
ახლა მხოლოდ ბრძოლით თუ დათმობდა. ბრძოლა კი მას ჯერჯერობით არ წაეგო და არც
მომავალში აპირებდა. თუკი იგი ახლა სულ ცოტას დათმობდა, მომავალში უფრო მეტის
დათმობას მოსთხოვდნენ (ნაპოლეონს ასე მიაჩნდა, თუმცა შესაძლოა მეტერნიხს მსგავსი რამ
ჩაფიქრებული არც ჰქონდა). და ბოლოს, ნაპოლეონმა თავისი სიმამრისგან თუ
ალექსანდრესგან განსხვავებით, სამეფო ტახტი თავად მოიპოვა. ეს უკანასკნელები, უამრავი
დამარცხების მიუხედავად, ტახტს მაინც ინარჩუნებდნენ, როგორც სამეფო დინასტიათა
წარმომადგენლები, მაგრამ ნაპოლეონს ეს ფუფუნება არ ჰქონდა და წარუმატებლობის
შემთხვევაში შეიძლებოდა ყველაფერი დაეკარგა.
იყო კიდევ ერთი მოსაზრებაც (ამჯერად ნაპოლეონი-პოლიტიკოსის, რომელიც მას
მეტერნიხთან არ უხსენებია): დათმობა კონტინენტური ბლოკადის აღსასრულსა და
ინგლისის გამარჯვებას ნიშნავდა. ამის ფონზე იმპერატორი ნაკლებად ითვალისწინებდა იმ
ფაქტს, რომ ვერც ინგლისი იგრძნობდა თავს მშვიდად, სანამ ბონაპარტს კვლავ დარჩებოდა
უზარმაზარი იმპერია, რომელშიც სხვა ყველაფერთან ერთად შედიოდა ბელგია თავისი
ანტვერპენით - „ზედ ინგლისის გულზე დამიზნებული დამბაჩით“ (ასე უწოდებდა მას
ნაპოლეონი). მოკლედ, იმპერატორის არგუმენტებთან სადავო ძალიან ბევრი იყო, მაგრამ
მეტერნიხს დავის ხალისი აღარ შერჩა. „თქვენმა მბრძანებელმა გონება დაკარგა“, ასე
განუცხადა მან შეხვედრის შემდეგ ნაპოლეონის მხლებლებს. იმპერატორს მთელი მისი
გარემოცვა ამაოდ არწმუნებდა, მიეღო მეტერნიხის პირობები. 10 აგვისტოს დაზავების ვადა
გავიდა და საფრანგეთს ომი ავსტრიამაც გამოუცხადა. დიპლომატიური თვალსაზრისით ომი
უკვე წაგებული იყო - საფრანგეთს უკვე ერთდროულად ყველასთან უწევდა ბრძოლა. ასეთ
რამეს ნაპოლეონი ადრე მუდამ ერიდებოდა, აცნობიერებდა რა, რომ მისი სამხედრო გენიაც
არ იყო საკმარისი ერთდროულად მთელ ევროპასთან ომში გამარჯვების მისაღწევად. ასე
რომ, მეტერნიხს თავისი „დიაგნოზის“ დასასმელად საკმარისი საფუძველი გააჩნდა.
1813 წლის კამპანია გაგრძელდა. განცდილი ორი მარცხის შემდეგ პრუსიისა და რუსეთის
ჯარებმა სული მოითქვეს და დამხმარე ძალებიც შეემატათ. ასევე შეემატათ ავსტრიის არმია.
ლონდონი, ჩვეულებისამებრ, ფულს არ იშურებდა ნაპოლეონის დასამარცხებლად. გარდა
ამისა, ინგლისელთა დაუმარცხებელმა სარდალმა არტურ ველსლიმ (იმ დროს უკვე ჰერცოგ
ველინგტონად წოდებულმა) ფრანგები ესპანეთიდან თითქმის გამოდევნა. ნაპოლეონი ფარ-
ხმალს მაინც არ ყრიდა - ისევ და ისევ მას ვერ წარმოედგინა, რომ მისი დამარცხება ვინმეს
შეეძლო. მართლაც, 27 აგვისტოს დრეზდენთან მოკავშირეთა გაცილებით მრავალრიცხოვან
არმიას მან საშინელი მარცხი აწვნია. ბრძოლის დროს დაიღუპა გენერალი მორო, რომელიც
მოკავშირეებმა ბერნადოტის რჩევით აიყვანეს შტაბში. მოროს დებიუტი ნაპოლეონის
წინააღმდეგ საბედისწერო გამოდგა, მაგრამ მან თავისი ახალი მბრძანებლისთვის ერთი
ფასდაუდებელი რჩევის მიცემა მაინც მოასწრო - ომში გამარჯვებისათვის საჭირო სულაც არ
იყო უშუალოდ ნაპოლეონთან ბრძოლა, ამისათვის საკმარისი იქნებოდა იმ შენაერთებზე
დარტყმა, რომელთაც ნაპოლეონის მარშლები მეთაურობდნენ (კუტუზოვის შემდეგ მორო
ერთადერთი იყო, ვინც ამას მიხვდა). ეს რჩევა ყურად იღეს და მოყოლებული იქიდან,
მოკავშირეთა საქმეები მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
თუმცა, დაუმარცხებლად წასვლა არც თავად ფრანგთა იმპერატორს ეწერა. 1813 წლის 16
ოქტომბერს ლაიპციგთან გაიმართა ნაპოლეონის ეპოქის ყველაზე გრანდიოზული ბრძოლა,
რომელმაც ოთხი დღე გასტანა. ნაპოლეონის ჯარში, ფრანგების გარდა, ომობდნენ
პოლონელები, იტალიელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები, საქსონელები და ასევე
გერმანელები რაინის კავშირიდან. ამის მიუხედავად, მოკავშირეებს (რუსებს, ავსტრიელებს,
პრუსიელებს, შვედებს) თავიდანვე რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, რომელიც მაშველი
ძალების მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ნაპოლეონი უკან დახევას მაინც არ
აპირებდა, მაგრამ მესამე დღეს თავი იჩინა მისი არმიის ერთ-ერთმა მთავარმა სისუსტემ -
ეთნიკურმა სიჭრელემ: მის მხარეზე მეომარი საქსონელები მოულოდნელად მტრის მხარეზე
გადავიდნენ და ყოფილ თანამებრძოლეებს გაუხსნეს ცეცხლი. ნაპოლეონი მიხვდა, რომ ამის
შემდეგ მტრის შეკავებას ვეღარ შეძლებდა; 19 ოქტომბერს უკან დახევა დაიწყო და
მოწინააღმდეგისათვის გზის გადასაკეტად მდინარეზე გადასასვლელი ხიდების აფეთქება
ბრძანა. მაგრამ შეცდომით ხიდები ნაადრევად ააფეთქეს და ნაპოლეონის არმიის დიდი
შენაერთი მტერთან პირისპირ დარჩა. შენაერთში იყვნენ ნაპოლეონის ყველაზე ერთგული
უცხოელი მეომრები, პოლონელები.
ლაიპციგი ისტორიაში შევიდა არა უბრალოდ როგორც ყველაზე მასშტაბური ბრძოლა; იგი
იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საფრანგეთის გამგებლად ქცევის შემდეგ ნაპოლეონმა
პირველად იგემა სრულმასშტაბიანი მარცხი. იქამდე იყო ესლინგი, მაგრამ ეს უკანასკნელი
მხოლოდ ფსიქოლოგიური წარუმატებლობა თუ იყო. ლაიპციგმა ყველაფერი შეცვალა - თუკი
აქამდე ნაპოლეონს სჯეროდა, რომ ბრძოლის ველზე მასთან გამკლავება შეუძლებელი იყო და
ამიტომაც ადრე თუ გვიან იგი მოწინააღმდეგეებს თავის ნებას მაინც მოახვევდა თავს, ახლა
ეს ილუზია გაიფანტა. დაბოლოს, ლაიპციგთან მისმა არმიამ უამრავი მეომარი დაკარგა და
უზარმაზარ კოალიციასთან ბრძოლა კიდევ უფრო რთულ ამოცანად იქცა. ამავე დროს,
მოკავშირეები ლაიპციგმა იმდენად გაათამამა, რომ უკვე პრუსიელთა მეფეც აღარ მართავდა
ჩვეულ ისტერიკებს.
მოწინააღმდეგეთა არმია უკვე თავად საფრანგეთს უახლოვდებოდა. ნაპოლეონს ბევრი
აგულიანებდა, გამოაცხადებინა „სახალხო ომი“, როგორც ეს იყო 1790-იან წლებში, როცა
ფრანგული რევოლუცია ინტერვენტებს ებრძოდა, მაგრამ ისევ და ისევ იმპერატორს არ
უყვარდა ბრბო და ეგზალტირებული მასები. ამასობაში მეტერნიხმა და იმპერატორმა
ფრანცმა კიდევ ერთხელ აიღეს სამშვიდობო ინიციატივა და ნაპოლეონმა ამჯერად 1801 წლის
(მარენგოს ბრძოლის შემდგომი) სტატუს-კვო შესთავაზეს. მაგრამ იმპერატორი პასუხს არ
იძლეოდა. ჩანს, მისთვის მაინც ძნელი იყო იმის აღიარება, რომ შეიძლებოდა ბრძოლა წაეგო.
ლაიპციგს იგი ღალატს აბრალებდა და დარწმუნებული იყო, ღალატი აღარ განმეორდებოდა
და საბოლოოდ იგი მაინც გაიმარჯვებდა. სამშვიდობო მოლაპარაკებები ცოტა ხნით კიდევ
გაგრძელდა, მაგრამ მათი წარმატების უკვე აღარავის სჯეროდა.
1814 წლის იანვრის ბოლოს იმპერატორი თავისი არმიის ნარჩენებით მტრისკენ დაიძრა და
დაიწყო მისი ალბათ ყველაზე ბრწყინვალე სამხედრო კამპანია. ნაპოლეონი მცირერიცხოვანი
ძალებით გასაოცარი სისწრაფით მოძრაობდა, მოულოდნელად ესხმოდა მტრის შენაერთებს
და ანადგურებდა. მოკავშირეები გაოგნებულნი იყვნენ - ასეთ წინააღმდეგობას ისინი უკვე
ნამდვილად აღარ ელოდნენ. მაგრამ, ამავე დროს, ამ წინააღმდეგობამ მათში კიდევ უფრო
გაამყარა რწმენა, რომ ნაპოლეონი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაემარცხებინათ. თუკი იგი ასე
შევიწროებული და დასუსტებული ამდენს ახერხებდა, რაღას იზამდა, თუკი მას
ამოსუნთქვისა და ძალების მოკრების საშუალებას მისცემდნენ? გარდა ამისა, მოკავშირეები
მოროს რჩევას მისდევდნენ და ნაპოლეონის მარშლებსა და გენერლებს ებრძოდნენ,
რომლებიც, თავიანთი მბრძანებლისგან განსხვავებით, საბოლოოდ გატყდნენ და
წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდათ. ტალეირანმა კი პარიზიდან მოკავშირეებთან
ფარული კონტაქტი დაამყარა და მათ ურჩევდა, საერთოდ დაევიწყებინათ მოურჯულებელი
ბონაპარტი და პირდაპირ დედაქალაქზე წასულიყვნენ. ზუსტად მაშინ, როცა ნაპოლეონი
მოკავშირეთათვის ზურგში დასარტყმელად გაემართა, ეს უკანასკნელნი პარიზზე წავიდნენ.
ცხადია, დედაქალაქს გარნიზონი იცავდა, მაგრამ ამ უკანასკნელის მეთაური პირველივე
შეტაკების მერე ტალეირანის ზეწოლას დაჰყვა და კოალიციის ჯარებს დანებდა. 1814 წლის 30
მარტს პარიზი დაეცა.
ნაპოლეონმა მოკავშირეთა მოულოდნელი მანევრის შესახებ ცნობის მიღებისთანავე
დედაქალაქისკენ მოაბრუნა ჯარი, მაგრამ გვიანი იყო. იმპერატორი არ ნებდებოდა და
პარიზზე წასვლას ფიქრობდა, მაგრამ აქ იგი უკვე სრულიად მარტო დარჩა. მისი მარშლებისა
და გენერლებისათვის, რომლებიც ისედაც გადაღლილები იყვნენ ომით, დედაქალაქზე
წასვლა მეტისმეტი იყო. აქ უკვე მათ საკუთარ თავს უფლება მისცეს, ნაპოლეონს
შეწინააღმდეგებოდნენ. პარიზში ტრიუმფით შესულმა მოკავშირეებმა კი განაცხადეს, რომ
ისინი პატივს სცემდნენ ფრანგი ხალხის ნებასა და არჩევანს, მაგრამ სანამ ნაპოლეონი არ
წავიდოდა, ევროპას მშვიდობა არ ეწერა. მოკავშირეებში ყველაზე მეტი სიტყვა ალექსანდრეს
ეთქმოდა. პარიზში მან ტალეირანს დასდო პატივი და მის სასახლეში დასახლდა. გაქნილი
დიპლომატიც საქმეს შეუდგა და რუსთა იმპერატორი დაარწმუნა, რომ საფრანგეთი გარედან
თავს მოხვეულ რეჟიმს ვერ აიტანდა და ამიტომაც ტახტზე ისევ ბურბონები უნდა
დაებრუნებინათ.
ნაპოლეონს ისღა დარჩენოდა, თავისი შვილის, პატარა ნაპოლეონის, სასარგებლოდ
გადამდგარიყო. ალექსანდრე საფრანგეთში ბონაპარტების დინასტიის დარჩენის იდეას არც
ისე მტრულად უყურებდა, მაგრამ ტალეირანმა იგი დაარწმუნა, რომ პატარა ნაპოლეონის
რეგენტად გამოცხადება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - დე ფაქტო დიდი ნაპოლეონის
საფრანგეთის გამგებლად დატოვებას. გარდა ამისა, ტალეირანმა ბონაპარტების დინასტიის
აღსასრულსა და ბურბონების რესტავრაციას ლეგიტიმაცია მისცა - მისი ინიციატივით 1814
წლის 1 აპრილს საფრანგეთის სენატმა ნაპოლეონი დამხობილად გამოაცხადა და მეფედ
ბურბონთა წარმომადგენელი მოიწვია. ნაპოლეონს შეუთვალეს, რომ მას ტიტულს
შეუნარჩუნებდნენ და კუნძულ ელბას აჩუქებდნენ.
1814 წლის 6 აპრილს ნაპოლეონი გადადგა როგორც თავისი, ასევე თავისი მემკვიდრეების
სახელით. 11 აპრილს მან საწამლავი დალია, რომელსაც რუსეთიდან უკანდახევის შემდეგ
მუდამ თან ატარებდა. საწამლავი იმ დროისთვის დაძველებულიყო და ნაპოლეონი საშინელი
ტკივილის გადატანის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 20 აპრილს იგი თავის ძველ გვარდიას
დაემშვიდობა და კუნძულ ელბაზე გაემგზავრა. ნაპოლეონის ეპოქა, ფაქტობრივად,
დასრულებული იყო.

You might also like