You are on page 1of 13

ნიკა მაღედანი

თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკა

(სასამართლო პრაქტიკის განზოგადება)

სარჩევი
1. თავდებობის ბედი, ძირითადი მოვალის ლიკვიდაციისას........................................................1
საქმე № ას-401-2019............................................................................................................................1
საქმე № ას-132-2019............................................................................................................................3
2. თანათავდებობა, როგორც სოლიდარული ვალდებულება......................................................4
საქმე № ას-559-2019............................................................................................................................4
3. ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის გავლენა,
თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე....................................................6
საქმე № ას-956-2021............................................................................................................................6
4. თავდებობის ნამდვილობა, გენერალური საკრედიტო მომსახურების უზრუნველყოფისას
.................................................................................................................................................................... 7
საქმე № ას-647-647-2018.....................................................................................................................7
5. ვალდებულების დარღვევის თაობაზე, თავდებისთვის შეუტყობინებლობის შედეგები .. .12
საქმე № ას-1153-1108-2016...............................................................................................................12

1. თავდებობის ბედი, ძირითადი მოვალის ლიკვიდაციისას


საქმე № ას-401-20191
მოთხოვნა/საფუძველი: მოსარჩელემ ( ბანკმა) სარჩელი აღძრა მოპასუხეების (სოლიდარული
თავდებების) წინააღდმეგ და მოითხოვა საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან
გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, დავალიანებისა და პირგასამტეხლოს
გადახდის დაკისრება. მსესხებელი იყო საწარმო, თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მსესხებელი საწარმოს
მიმართ გადახდისუუნარობის საქმისწარმოება შეწყდა, საწარმო გამოცხადდა
გაკოტრებულად და მსესხებლის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა. ეს განჩინება
კანონიერ ძალაშია შესული. მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ იურიდიული პირის
ლიკვიდაციით წყდება მისი ვალდებულებები, შესაბამისად აღარ არსებობდა ძირითადი
ვალდებულება, რომელიც თავდებობით იყო უზრუნველყოფილი.

მოტივაცია:

1
საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-401-2019 (2020-06-25).
(https://temida.ge/fullcase/3771///--.pbn)
საკასაციო სასამართლო, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი
გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის, ამდენად სადავო სამართალურთიერთობა,
საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მოცემულ
შემთხვევაში მნიშვნელოვანია, განიმარტოს გენერალური საკრედიტო ხაზის
ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული თავდებობისა და იპოთეკის
აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გაქარწყლდა თუ არა პირადი (პიროვნული) და
სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებით განპირობებული თავდები პირებისა და
იპოთეკის საგნის მესაკუთრეების ვალდებულება კრედიტორის წინაშე. საქმეზე დადგენილია
ფაქტობრივი გარემოება, რომ ძირითადი მოვალე საწარმო გაკოტრებულად გამოცხადდა და
მოვალის (მსესხებლის) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა. სამართლებრივი
შეფასების თვალსაზრისით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა განსხვავებული
გადაწყვეტილებები მიიღეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ
ძირითადი მოვალე საწარმოს სოლიდარული თავდებები იყვნენ, ფიზიკური პირები (იხ.
წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტი), ამასთან, კრედიტორის მოთხოვნის
უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა სანივთო საშუალებაც ფიზიკური და იურიდიული
პირების კუთვნილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის სახით (იხ. წინამდებარე
გადაწყვეტილების მესამე პუნქტი). ცხადია, სადავო არ არის კრედიტის უზრუნველყოფის
მიზნით პირადი და სანივთო უზრუნველყოფის სახეების (მოცემულ შემთხვევაში
თავდებობისა და იპოთეკის) აქცესორული ხასიათი, რაც განმტკიცებულია სსკ-ის 153-ე და
893-ე მუხლების დანაწესით და არაერთხელ არის განმარტებული საკასაციო სასამართლოს
მიერ (იხ. სუსგ-ები: № ას- 647-647-2018, 21.10.2019წ. № ას-97-2019, 05.07.2019წ; №ას-836-802-
2016, 20.01.2017წ; №ას-513-490-2016, 21.10.2016წ; №ას-61-59-2014, 17.06.2016წ.), თუმცა,
მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია აქცესორულობის ე.წ. „შესუსტება“ უზრუნველყოფის
მიზნიდან გამომდინარე, რათა შესრულდეს კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ
ნაკისრი ვალდებულება იმ პირობებში, როდესაც ძირითადი მსესხებელი საწარმო
ლიკვიდირებულია და ეს იურიდიული ფაქტი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში.

სსკ-ის 454-ე მუხლის მიხედვით იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი


ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. მოხმობილი ნორმა, რომელიც
სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად
განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი- ე.წ. კონფუზია,
როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი,
რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევებისათვის ვალდებულების
შეწყვეტის წინაპიროებებს განსაზღვრავს. სსკ-ის 454-ე მუხლის კომენტირებისას
მითითებულია, რომ „ის ფაქტი, რომ იურიდიული პირი შეიძლება ქონების გარეშე დარჩეს ან
იგი გადახდისუუნარო აღმოჩნდეს, თავისთავად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. სსკ-
ის 454-ე მუხლის განმარტების მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა
კონკრეტულად იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო ვალდებულების შეწყვეტის
საგამონაკლისო წესს განსაზღვრავს. კრედიტის უზრუნველყოფის სამართალში
გამოყენებული პირადი (პიროვნული) თუ სანივთო უზრუნველყოფის სახეების
აქცესორულობა სამართლებრივად სწორედ იმის მაუწყებელი და განმსაზღვრელია, რომ
მიუხედავად იურიდიული პირის სალიკვიდაციო პროცესის დასრულებისა, ეს არ
აქარწყლებს ძირითადი მოვალის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს. მოცემულ
შემთხვევაში სსკ-ის 454-ე მუხლის იმგვარი განმარტება, რომ კრედიტორის წინაშე ძირითადი
მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალე საწარმოს
ლიკვიდაციის რეგისტრაციის გამო წარმოიშვება, იმთავითვე აუქმებს კრედიტის
უზრუნველსაყოფად გამოყენებულ საშუალებებს მათი აქცესორულობის გამო და
პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს უზრუნველმყოფ პირებს, მთლიანად გამოაცლის
საფუძველს საკრედიტო ურთიერთობებში უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსებობას,
დანიშნულებასა და მიზანს. მოთხოვნის უზრუნველყოფა არის კრედიტორისათვის
მინიჭებული უფლება, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში,
დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის ან სხვაგვარად
გამოყენების გზით (იხ. ლადო ჭანტურია- კრედიტის უზრუნველუყოფის სამართალი, გვ. 15,
თბილისი, 2012წ.). კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა
კრედიტორსა და უზრუნველმყოფ პირებს შორის წარმოიშობა, ასეთ ხელშეკრულებას
დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და საკუთარ თავში ატარებს კაუზას, რაც იმას ნიშნავს, რომ
უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება დამოუკიდებელი ხასიათისაა;
უზრუნველმყოფი პირები საკუთარ ვალდებულებას ასრულებენ და არა სხვის
ვალდებულებას (იხ. სუსგ № ას-647-647-2018, 21.10.2019წ; ასევე- შედარებითი სამართლის
ჟურნალი № 3/2019- გ. რუსიაშვილი, აქცესორულობის პრინციპი იპოთეკისა და თავდებობის
მაგალითზე - გვ.15). შესაბამისად, იურიდიული პირის ვალდებულების უზრუნველმყოფი
თავდებების ვალდებულება, არ ქრება, ამ პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში და ანალოგიური
მიდგომა უნდა გავრცელდეს ფიზიკური პირის გარდაცვალებაზეც.

საქმე № ას-132-20192
მოთხოვნა/საფუძველი: მოსარჩელესა და კომპანიას შორის დაიდო საკრედიტო
მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების
უზრუნველსაყოფად მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება და, ამასთან
ერთ-ერთ მათგანთან იპოთეკის ხელშეკრულებაც. მსესხებლის მხრიდან ვალდებულების
დარღვევის გამო მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, პლუს პროცენტი და პირგასამტეხლო. თუმცა,
რადგანაც სასამართლომ გააუქმა კომპანიის რეგისტრაცია, მოსარჩელემ პასუხისმგებლობის
დაკისრება მოპასუხეებზე მოითხოვა.

2
საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-132-2019 (2021-06-30).
(https://temida.ge/fullcase/4099///--.pbn)
მოტივაცია: უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თავდებობა ეს არის მოთხოვნის
უზრუნველყოფის პირადი (პიროვნული) საშუალება. თავდებობის ხელშეკრულებით
თავდები კისრულობს ვალდებულებას მესამე პირის, ძირითადი მოვალის კრედიტორის
წინაშე პასუხი აგოს ამ მესამე პირის ვალდებულებებისათვის (სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი
ნაწილი) მთელი თავისი ქონებით. თავდებობას აქცესორული ბუნება აქვს, რაც გულისხმობს
იმას, რომ მისთვის განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულების არსებობა. თავდებობა მისი
წარმოშობის, გაქარწყლების, მიკუთვნების (სსკ-ის 891-ე მუხლი), ისევე როგორც
პასუხისმგებლობის ფარგლებისა (სსკ-ის 898-ე მუხლი) და მოთხოვნის განხორციელების
(სსკ-ის 899-ე მუხლი) კუთხით, ხანგრძლივად დამოკიდებულია მთავარ ვალდებულებაზე
და, ამგვარად, წარმოადგენს ე. წ. დამხმარე ვალდებულებას. თუმცა, ეს აქცესორული ბმა
შეიძლება შერბილდეს ან საერთოდ მოირღვეს იმ შემთხვევაში, თუ ის წინააღმდეგობაში
მოდის უზრუნველყოფის მიზანთან. საკასაციო პალატის მითითებით, იურიდიული პირის
ლიკვიდაციის საფუძვლით, თავდებთა ვალდებულების გაუქმება, წინააღმდეგობაში მოდის
ზოგადად მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზანთან, შესაბამისად აუცილებელია სსკ-ს 454-ე
მუხლის contra legem განმარტება და თავდებთა ვალდებულების შენარჩუნება.

სასამართლომ ასევე შეაფასა თავდების, როგორც სოლიდარული მოვალის განმარტება და


მიუთითა, რომ სოლიდარული თავდებობის შემთხვევაშიც კი, თავდები ვერ ჩაითვლება
სოლიდარულ მოვალედ, ძირითად მოვალესთან ერთად. ვინაიდან, თავდებობის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ თავდები ასრულებ სხვის ვალდებულებას, სანაცვლოდ მას ენიჭება
რეგრესის წესით შესრულების სრულად დაბრუნების უფლება ძირითადი მოვალისგან.
სოლიდარულ მოვალეს რეგრესის წესით მხოლოდ შესრულების ნაწილის მოთხოვნა
შეუძლია, რაც გამორიცხავს თავდებისა და ძირითადი მოვალის სოლიდარულ მოვალეებად
განხილვას, სოლიდარული თავდებობის შემთხვევაშიც კი.

2. თანათავდებობა, როგორც სოლიდარული ვალდებულება.


საქმე № ას-559-20193
მოთხოვნა/საფუძველი: მოსარჩელემ (პირველი კასატორი) საბანკო კრედიტის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტის მიმღებისაგან მოითხოვა დავალიანების
გადახდევინება, თანხის ამოღების მიზნით კი - სოლიდარული თავდებებისათვის
თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში
პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაცია.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მოვალის ვალდებულება 30 მილიონ აშშ დოლარს
აღემატებოდა, ხოლო ორი თავდებიდან, ერთის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 35 მილიონი
აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო მეორე თავდების 2.5 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში.

მოტივაცია: უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები,


განსაკუთრებით საფინანსო ინსტიტუტები, ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ თავდებობის

3
საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-559-2019 (2019-12-04).
(https://temida.ge/fullcase/3961///--.pbn)
ისეთი ფორმა, რომელიც სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად იქცევა.
აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში,
კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მისთვის
ყველაზე ხელსაყრელ ფორმას წარმოადგენს. ამ დროს კრედიტორს შეუძლია შესრულების
მოთხოვნით მიმართოს როგორც ძირითად მოვალეს, ასევე თავდებსაც ან/და რამდენიმე
თავდებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სოლიდარული თავდებობა და თანათავდებობა.


სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავდებს მოთხოვნა წაეყენოს
ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშე. რაც შეეხება ე.წ
თანათავდებობას, ის ხასიათდება მხოლოდ ძირითად მოვალესა და რამდენიმე თავდებს
( სოლიდარული მოვალეები) შორის წარმოშობილი ურთიერთობით. ეს ის შემთხვევაა, როცა
რამდენიმე თავდები ერთიანდება ერთი და იმავე ვალდებულების უზრუნველყოფის
გარშემო. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს ისინი ამ ურთიერთობაში ერთობლივად ჩაებნენ
თუ დამოუკიდებლად. სახეზე მაინც სოლიდარული ვალდებულება გვექნება და კრედიტორი
უფლებამოსილი იქნება, შესრულება თითოეული მათგანისგან მოითხოვოს. იმ შემთხვევაში,
თუ თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები წინასწარ იქნება განსაზღვრული და ის
ძირითად ვალდებულებაზე ნაკლები აღმოჩნდება, მაშინ საქმე გვაქვს არა სოლიდარულ,
არამედ წილად ვალდებულებასთან. შესაძლებელია, რამოდენიმე სოლიდარულმა თავდებმა
იკისროს ძირითადი ვალდებულების ნაწილის უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში
კრედიტორს უფლება ექნება, ნებისმიერი თავდებისგან მოითხოვოს იმ ოდენობის
შესრულება, რაც მათ თანათავდებობით იკისრეს. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების
შესრულების სრულ ღირებულებასთან მიმართებაში საქმე გვაქვს წილობრივ
პასუხისმგებლობასთან, თანათავდებების მიერ ვალდებულების ნაკისრი წილის ფარგლებში,
საქმე გვაქვს სოლიდარულ ვალდებულებასთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი ყურადღებას ამახვილებს ძირითადი


მოვალის გაფრთხილებაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევასა და
ძირითადი მოვალის აშკარა გადახდისუუნარობაზე. აღნიშნული ნორმის დანაწესი
განხილული უნდა იქნეს, როგორც თავდების ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი,
რათა მისი უფლებები უსაფუძვლოდ არ შეილახოს. ერთ-ერთი თავდების მიერ კრედიტორის
სრულად დაკმაყოფილება ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ თავდებებსაც. თუ
ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს
დარჩენილი ნაწილის და არა მთლიანი ვალდებულების შესრულება. წინააღმდეგ
შემთხვევაში მოქმედებს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები. როდესაც
თავდებობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სოლიდარულ ვალდებულებაზეა საუბრი,
მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ სოლიდარულ მოვალეებს
ვალდებულებების გარდა, წარმოეშობათ რიგი უფლებები, რომელითაც ისინი კრედიტორის
წინაში იცავენ თავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის დანაწესი თავდებს
ანიჭებს უფლებას, რომ კრედიტორს წაუყენოს ის შესაგებლები, რომელიც ძირითად მოვალეს
ეკუთვნის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავდები არ კარგავს შესაგებელზე
უფლებას, თუ მასზე ძირითადმა მოვალემ უარი განაცხადა. მოვალე ფიზიკური პირის
გარდაცვალება, არ გამორიცხავს თავდების მიერ ზემოაღნიშნული შესაგებლით
სარგებლობის უფლებას. განსხვავებულად რეგულირდება მემკვიდრისა და თავდების
პასუხისმგებლობის ფარგლები. ძირითადი მოვალის მემკვიდრე, პასუხს აგებს მხოლოდ
სამკვიდროს აქტივის ფარგლებში, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო. ანუ გარდაცვლილი
მოვალის მემკვიდრის მიმართ მოქმედებს შეზღუდული პასუხისმგებლობა. მიუხედავად
ამისა, ძირითადი მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს
მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე და ის მაინც იმ ფარგლებშია პასუხისმგებელი,
რასაც თავდებობის ხელშეკრულება ითვალისწინებს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს
შეფასებით, მეორე თავდების მიერ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში
პასუხისმგებლობის აღება, თუნდაც ერთიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, არ წარმოშობს
სოლიდარულ პასუხისმგებლობას თანხის სრულ ოდენობაზე და იგი სოლიდარული მოვალე
ხდება მხოლოდ მის მიერ ნაკისრი +ვალდებულების ფარგლებში.

3. ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის


ხანდაზმულობის გავლენა, თავდებობის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე მოთხოვნაზე.
საქმე № ას-956-20214
მოთხოვნა/საფუძველი: ბანკმა მიმართა სასამართლოს მსესხებლისა და თავდებ პირთა
წინააღმდეგ და მოითხოვა მათთვის თანხის ანაზღაურების დაკისრება სოლიდარულად.
თავდებებმა მიუთითეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

მოტივაცია: პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის


განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის
შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ
განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია
მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი
ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის
წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების
დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის
უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

უშუალოდ თავდებთა პასუხისმგებლობასთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ


თავდებობის ხელშეკრულება არ არის ძირითადი ვალდებულება. იგი დამატებითი
ვალდებულებაა და სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადების
შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი

4
საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე № ას-956-2021 (2022-03-23).
(https://www.supremecourt.ge/ka/fullcase/68385/1 )
ვალდებულების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, სოლიდარულ თავდებთა
ვალდებულების განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულება – საკრედიტო ხელშეკრულება
ანუ, თუკი არ არსებობს ან არ შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა ძირითადი ვალდებულების
შესრულების შესახებ, არ შეიძლება არსებობდეს ვალდებულება დამატებითი მოთხოვნის
შესრულების შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი
მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად
ითვლება დამატებით მოთხოვნისთვისაც, მაშინაც, როცა ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის
ვადა ჯერ არ გასულა (შდრ. სუსგ. საქმე Nა-114-ა-15-03, 3.02.04). სამოქალაქო კოდექსი 145-ე
მუხლის მიზნებისათვის არ იძლევა დამატებითი მოთხოვნის კანონისმიერ დეფინიციას.
ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ასეთ დამატებით მოთხოვნებს
განეკუთვნება გირაო, თავდებობა, პირგასამტეხლო, პროცენტი, ასეთი ასევე შეიძლება იყოს
ნივთისა და უფლების ნაყოფი და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა
საშუალებები(იხ. გ. სვანაძე, სსკ-ის 145-ე მუხლის კომენტარი, გვ 781). ამრიგად, მართალია,
ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას კრედიტორს შეუძლია
თავდებისგან მოითხოვოს დაკმაყოფილება, მაგრამ თავის მხრივ თავდებსაც აქვს თავდაცვის
შესაძლებლობა. ამასთან, თავდებს შეუძლია გამოიყენოს არამხოლოდ საკუთარი უფლებები,
არამედ ის უფლებებიც, რომელიც ძირითად მოვალეს კრედიტორის მიმართ აქვს - ე.წ.
დერივატიული უფლებები. დერივატიული შესაგებლის გამოყენების უფლება თავდებს სსკ-
ის 899.1 მუხლის პირველი წინადადების საფუძველზე აქვს (იხ. კრედიტის უზრუნველყოფის
სამართალი. ლ. ჭანტურია გვ.194). კონკრეტულ შემთხვევაში, თავდებმა პირებმა სწორედ ამ
შესაძლებლობით ისარგებლეს და შესაგებელში ძირითადი ვალდებულების
ხანდაზმულობაზე მიუთითეს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა
მიიჩნევს, რომ თავდებობა, მისი აქცესორული ბუნების გათვალისწინებით, ძირითადი
სახელშეკრულებო მოთხოვნის ბედს იზიარებს იმ მოცულობით, რა ფარგლებშიც
ხანდაზმულია პერიოდულად შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულება.

4. თავდებობის ნამდვილობა, გენერალური საკრედიტო მომსახურების


უზრუნველყოფისას
საქმე № ას-647-647-20185
მოთხოვნა/ საფუძველი: ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული
თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი
იყო გენერალური საკრედიტო მომსახურება და განსაზღვრული იყო თავდების
მაქსიმალური პასუხისმგებლობის ოდენობა. მოვალის მიერ ვალდებულების
შეუსრულებლობის შემდგომ, ბანკმა მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა
თანხის დაკისრება მოვალესა და თავდებზე სოლიდარულად. თავდები
მიუთითებდა, რომ მას სურდა გენერალური საკრედიტო მომსახურების მხოლოდ
პირველი ათვისებული ტრანშის უზრუნველყოფა და სხვა დანარჩენზე ნება არ

5
საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე № ას-647-647-2018 (2019-10-21).(
https://www.supremecourt.ge/ka/fullcase/65170/1)
გამოუხატავს, შესაბამისად, სხვა საკრედიტო ხაზებზე მისი პასუხისმგებლობა არ
უნდა გავრცელებულიყო.

მოტივაცია: სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გენერალური საკრედიტო


მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში გსხ), ერთგვარი მემორანდუმის ფორმას
ატარებს. იგი შეთანხმებაა სამომავლო ხელშეკრულებების დადებაზე, აბსტრაქციაა.

უზენაესმა სასამართლომ პირველ რიგში სწორედ ეს საბანკო პროდუქტი განმარტა და


შემდგომ მისი უზრუნველყოფის ფორმა. საკასაციო პალატის განმარტებით, იმ
შემთხვევაში თუ გსხ მხოლოდ აბსტრაქციაა, მაშინ საერთოდ აზრს კარგავს მისი
უზრუნველყოფის ნამდვილობაზე საუბარი. .გენერალური საკრედიტო
ხელშეკრულება, რომელიც საკრედიტო რესურსების ხელშეკრულების ნაირსახეობას
წარმოადგენს, ორიენტირებულია სასესხო ფულადი თანხის გამოყოფაზე
გრძელვადიან პერსპექტივაში, გსხ-ის შესახებ ხელშეკრულებით ბანკი საკუთარ
ოფციონალურ უფლებას (სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად: „საბანკო კრედიტის
ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს
სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) იყენებს, როდესაც მოვალეს სთავაზობს
წინაპირობებს კრედიტის გასაცემად, თუმცა, არა აბსტრაქტულად, არამედ
მომავალში ძირითად მსესხებლებზე გასაცემი თანხის ზღვრულ მოცულობას
განსაზღვრავს, ამ ტიპის ხელშეკრულების მიზანია „მსესხებელს წინასწარ
გაუფორმოს უზრუნველყოფის ხელშეკრულებები იმ ღირებულების ქონებაზე,
რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს საკრედიტო რესურსების ფარგლებში
გამოყოფილი კონკრეტული საბანკო კრედიტების ან კრედიტის ცალკეული
ტრანშების ამოღებადობას“ (იხ. საბანკო სამართალი - ზვიად გაბისონია,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბილისი, 2017წ; გვ. 221-222). გსხ-ის შესახებ
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორი მოვალის გადახდისუნარიანობის
შესაბამისი წინაპირობების შესწავლისას ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული
ზღვრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, უზრუნველყოფს მომავალში
საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებას ყოველ ცალკეულ კრედიტზე. საკასაციო
სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო რესურსების (საკრედიტო ხაზის
ხელშეკრულება, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება) ხელშეკრულება
მხოლოდ იმ შინაარსით შეიძლება შეფასდეს ე.წ. „განზრახულობათა მემორანდუმად“,
რომ ბანკის ოფციონალური უფლებიდან გამომდინარე, არ ავალდებულებს
კრედიტორს, აუცილებად გასცეს ამ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, ან
მაინცდამაინც მისი ზღვრული მოცულობა, ამასთან, არც იმგვარ ვალდებულებას
გულისხმობს, რომ მოვალემ (მსესხებელმა) მისთვის ზღვრული ლიმიტის
ფარგლებში გამოყოფილი თანხა სრულად აითვისოს. ზემოთ მითითებულია
საკრედიტო რესურსების ხელშეკრულების მიზანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამ,
სანამ ბანკი თავის ოფციონალურ უფლებას გამოიყენებდეს (მოვალეზე კრედიტს
გასცემდეს), მას სჭირდება გსხ-ის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფა,
რომელიც შესაძლოა მოხდეს როგორც სანივთო, ისე პიროვნული (პირადი)
უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით (იხ. სსკ-ის 870-ე მუხლი). სწორედ
ამიტომ არის სავალდებულო საბანკო რესურსების ხელშეკრულებაში მოვალისათვის
გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობის წინასწარ განსაზღვრა, რადგან
საკრედიტო პოლიტიკისა და სტრატეგიის საწინააღმდეგო იქნებოდა, საბანკო
რესურსების ხელშეკრულების გაფორმება მომავალში გასაცემი კრედიტის წინასწარ
უზრუნველმყოფი საშუალებების გამოყენების გარეშე.  უზრუნველყოფის
საშუალებების გამოსაყენებლად კი საჭიროა, განისაზღვროს კრედიტორის მიერ
გასაცემი კრედიტის მაქსიმალური (ზღვრული) ოდენობა, რაც  „კომერციული
ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით
კრედიტის ცნების განმარტებისათვის განსაზღვრული დაბრუნების, ფასიანობის,
უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულებაა.

ძირითადი განმარტების  საგანია თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობა იმ


პირობებში, როდესაც კრედიტორსა და მოვალეს შორის გაფორმებულია გენერალური
საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, თუმცა კრედიტი ჯერ კიდევ არ არის
მოვალეზე გაცემული, ანუ წერილობით და თავდებობის დოკუმენტში
(ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული
მაქსიმალური თანხის მითითების (იხ. სსკ-ის 892.2-ე მუხლი) პირობებში, შეიძლება
თუ არა მიჩნეულ იქნეს თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულება ნამდვილად
სამომავლო ვალდებულებისათვის, მომავალში მოვალისათვის გასაცემი კრედიტის
უზრუნველსაყოფად. 

თავდებობა, როგორც კრედიტის უზუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება,


რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან,
დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა და შესაძლოა მოვალემ არც კი იცოდეს ასეთი
ხელშეკრულების არსებობის შესახებ. თავდებობის ხელშეკრულება შესაძლოა
ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი
ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს,
ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია. თავდებობის ხელშეკრულების
ნამდვილობისათვის კანონმდებელი მის წერილობით ფორმას განსაზღვრავს, ასევე,
მოითხოვს თავდების განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში
(ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული
მაქსიმალური თანხის მითითებას (სსკ-ის 892-ე მუხლი). ეს მოთხოვნები სწორედ
თავდები პირის უფლებას იცავს, რადგან სსკ-ის 891-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან
გამომდინარე საკრედიტო დაწესებულებების პრაქტიკაში უფრო ხშირია ისეთი
შემთხვევები, როდესაც თავდებობის კისრების მომენტში ვალდებულება
წარმოშობილიც კი არ არის.

როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის და 893-ე მუხლის
შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე
მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება
კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და
დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული
ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის
აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი
შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს
(შდრ. სუსგ-ებს: #ას- 704-661-2013; # ას-836-802-2016, 20.01.2016წ; # ას-97-2019,
05.07.2019 წ; # ას-726-2019, 05.07.2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი
აქცესორული/დამხმარე ხასიათი. გერმანიისა და იტალიის სამოქალაქო კოდექსები
ადგენენ, რომ თავდებობა უზრუნველყოფს სამომავლო მოთხოვნას. ). ამ შემთხვევაში
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ცნებაზე „სამომავლო მოთხოვნა“,
რაც, კრედიტორის სამომავლო მოთხოვნის უზრუნველყოფას ნიშნავს, თუმცა, თუკი
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (გსკ) 765-ე პარაგრაფის მე-2 ნაწილს მოვიხმობთ
(რომლის ქართული მოწესრიგების ანალოგია სსკ-ის 891-ე მუხლის მე-2 ნაწილი),
ცხადია, რომ თავდებობა შეიძლება მიცემულ იქნეს, აგრეთვე, სამომავლო და
პირობითი ვალდებულებისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც


უზრუნველყოფს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომავალში გასაცემი
კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას, სწორედ ჯერ არარსებული, მაგრამ
მომავალში გასაცემი კრედიტის პირადი (პიროვნული) უზრუნველყოფის
საშუალებაა, აქცესორულია და ძალაში შედის იმ დროიდან, როდესაც კრედიტი
მოვალეზე რეალურად გაიცემა. კანონმდებელმა თავდები პირის სამართლებრივი
დაცვის მექანიზმი გაითვალისწინა, როდესაც დაადგინა თავდებობის
ხელშეკრულების წერილობითი ფორმა და თვით თავდებობის დოკუმენტში
(ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული
მაქსიმალური თანხის მითითების სავალდებულობა. ამ დამცავი ნორმის ფუნქცია
სწორედ იმაში გამოიხატება, რომ თავდებმა იცის მისი პასუხისმგებლობის
მაქსიმალური ოდენობა (სსკ-ის 892 მუხლი) და თავდებისათვის განმსაზღვრელია
შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. ძირითადი მოვალის მიერ
თავდებობის ხელშეკრულების შემდეგ კრედიტორთან გარიგების დადება ვერ
მოახდენს გავლენას თავდები პირის იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მან წინასწარ,
კრედიტორის მიერ მოვალისათვის კრედიტის სამომავლოდ გაცემამდე იკისრა,
რადგან მისი პასუხისმგებლობა უკვე შემოფარგლულია მის მიერ წერილობით
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორთან სწორედ იმ ზღვრული
(მაქსიმალური) თანხით, რაც თავდებობით იკისრა; თავდების პასუხისმგებლობა
ვრცელდება კრედიტორის მიერ ძირითადი მოვალისათვის თავდებობის ფარგლებში
გაცემული მაქსიმალური თანხის ფარგლებში გასაცემ ყველა კრედიტზე (შესაძლოა
არაერთი გარიგების ფარგლებში), რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა და
ამ ფარგლებში მოვალისათვის გაცემულ თითოეულ კრედიტზე აღარ არსებობს
დამატებით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება. სხვაგვარი
დაშვება, რომ კრედიტორის მიერ მოვალისათვის კრედიტის გაცემის შემდეგ
ფორმდება თავდებობა, ან მიუხედავად თავდების პასუხისმგებლობის შესახებ
თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული ზღვრული ოდენობის თანხისა, ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორი ძირითად მოვალეზე გასცემს
კრედიტს, მაინც უნდა გაფორმდეს თავდებობის ხელშეკრულება, სრულიად
გაუმართლებელი რისკის ქვეშ აყენებს ზოგადად საბანკო საქმიანობას და იმ
საკრედიტო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობა კრედიტის გაცემაა. ასეთი
დაშვება დააზიანებს საბანკო სექტორს, რადგან თავდებმა, მიუხედავად იმისა, რომ
იკისრა მაქსიმალური თანხის ფარგლებში კრედიტის უზრუნველყოფის
ვალდებულება, შესაძლოა უარი თქვას უკვე კონკრეტული თანხის (კრედიტის)
გაცემის შემდეგ თავდებობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ამგვარი
მსჯელობა პირდაპირ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის მიზანს
და საფუძველს აცლის თავდებობის ინსტიტუტის გამოყენებას, მოვალის სამომავლო
და პირობითი ვალდებულებების უზრუნველყოფის სახით, კრედიტორის
სასარგებლოდ. აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 286-ე მუხლის მეორე
ნაწილზეც, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ  იპოთეკა შეიძლება  ასევე  გამოყენებულ
იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის
დადგენის მომენტისათვის  შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა. ამდენად, უკვე
გაცემული თუ მომავალში გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის
მიზნით  კანონმდებლობა მთავარ წინაპირობად განსაზღვრადი მოთხოვნის
არსებობას ადგენს, როგორც პირადი, ისე სანივთო უზრუნველყოფის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა გსხ-ის შესახებ ხელშეკრულების
სამართლებრივ ბუნებაზე, განმარტა, თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის
საკითხი სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით, ცალსახად განსაზღვრა
საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის (როგორც კანონით რეგულირებული)
სპეციფიკურობა და კატეგორიულად არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების
დასკვნა, რომ კრედიტორის მიერ ძირითადი მოვალისათვის გაცემული თითოეული
კრედიტის შემთხვევაში „ბანკი ვალდებული იყო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში
გაეფორმებინა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რათა თავდები
პირისათვის ცნობილი ყოფილიყო, თუ რა თანხის ფარგლებში და რა პირობებით
გაფორმებული საკრედიტო თუ სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე კისრულობდა
სოლიდარულ პასუხისმგებლობას და შესაძლებლობა ჰქონოდა შეეფასებინა,
იძლეოდა თუ არა შესაბამის პერიოდში მისი ქონებრივი/ფინანსური მდგომარეობა
კონკრეტული ხელშეკრულების უზრუნველყოფის შესაძლებლობას...“.

5. ვალდებულების დარღვევის თაობაზე, თავდებისთვის


შეუტყობინებლობის შედეგები.
საქმე № ას-1153-1108-20166
მოთხოვნა/საფუძველი: 2013 წლის 23 დეკემბერს მოპასუხე შპს-სა და მოსარჩელე
საზოგადოების დირექტორებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად,
კომპანია აწვდიდა მყიდველს პროდუქციას და მასთან დაკავშირებულ საბუთებს,
ხოლო მყიდველი ვალდებული იყო, მიეღო საქონელი და გადაეხადა შეთანხმებული
ფასი (1.1. პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ
პროდუქციის ექსკლუზიური პირობით, რეალიზაციის სანაცვლოდ, კომპანიას
მყიდველისათვის უნდა გადაეხადა 12 000 ლარი ეტაპობრივად. ხელშეკრულების
მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის/არაჯეროვანი
შესრულების შემთხვევაში მას ეკისრებოდა კომპანიის სასარგებლოდ
პირგასამტეხლოს – 13 000 ლარის გადახდა. ინამდებარე ხელშეკრულებიდან
გამომდინარე, კომპანიის მიმართ არსებული მყიდველის ფულადი ვალდებულებების
სრული მოცულობით შესრულებაზე, კომპანიის წინაშე პირადი (სოლიდარული)
პასუხისმგებლობა (თავდებობა) იკისრეს თავდებებმა – დანარჩენმა მოპასუხეებმა.
თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა შეადგენდა – 15 000 ლარს.
მოსარჩელეს თავდებებისთვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე არ უცნობებია,
იგი მიმართავს სასამართლოს და ითხოვს ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს
დაკისრებას სოლიდარულად, გამყიდველსა და თავდებებზე.

მოტივაცია: თავდებების საკასაციო პრეტენზია, ორიენტირებული იყო სსკ-ს 902-ე


მუხლზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ თავდებთათვის ვალდებულების
შეუსრულებლობის თაობაზე შეუტყობინებლობა, თავდების პასუხისმგებლობისგან
განთავისუფლების საფუძველია.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორის მხრიდან მოვალის მიერ


ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ თავდებისათვის ინფორმაციის
მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ
იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია.
ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ

6
საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-№ ას-1153-1108-2016 (2017-02-10)
(https://temida.ge/fullcase/4068///--.pbn )
თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ
დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე ჯეროვნად რომ შეესრულებინა. შესაბამისად, უზენაესმა
სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება და დაადგინა, რომ
კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თაობაზე თავდებთათვის
შეტყობინების არ გაგზავნამ, კრედიტორს დააკარგვინა თავდებთაგან მხოლოდ
პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესაძლებლობა. ანუ მოთხოვნა დაიკარგა იმ
ზიანზე, რომელიც შეუტყობინებლობამ გამოიწვია.

You might also like