You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 817. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა

1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს


შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა
მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.
2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის
დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა,
მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.

I. ნორმის მიზანი
817 აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც დამზღვევი არღვევს პირველი ან 1
ერთჯერადი პრემიის გადახდის წესს. თუ მხარეებს შორის ხელშეკრულება
დაიდო, მაგრამ დამზღვევს არა აქვს გადახდილი სადაზღვევო პრემია, 816-ის
გათვალიწინებით, მზღვეველი თავისუფალია ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებისაგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მზღვეველმა გააფრთხილოს
დამზღვევი პრემიის გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
სისტემური სიზუსტის თვალსაზრისით, სასურველი იქნებოდა 816 და 817 ერთ
მუხლად ჩამოყალიბებულიყო.

აღსანიშნავია, რომ 817 I და 818 მსგავს ფორმულირებებს შეიცავს, თუმცა 2


არსობრივად განსხვავებულ შემთხვევებს აწესრიგებენ (იხ. 818-ე მუხლის კომენტ.).
კერძოდ, პირველი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების
მიუხედავად, დამზღვევს სადაზღვევო პრემია არა აქვს გადახდილი. მზღვეველის
გაფრთხილების უშედეგოდ გასვლის სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს მისი
გათავისუფლება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მეორე გამოიყენება
იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი არღვევს მეორე ან შემდეგი პრემიის
გადახდის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში მზღვეველის ვალდებულების
წარმოშობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება დამზღვევის მიერ პირველი პრემიის
გადახდის გათვალისწინებით. ასეთ დროს, შესაძლებელია, მზღვეველს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება შესრულებულიც ჰქონდეს. მზღვეველის
გაფრთხილების უშედეგოდ გასვლას სამართლებრივი შედეგის სახით მოჰყვება
მზღვეველის მიერ ხელშეკრულების მოშლა.

ზემოთ მოყვანილ ნორმათა გამიჯვნისას ასეთი დასკვნა ემყარება თავად ნორმათა 3


სიტყვასიტყვით და ლოგიკურ განმარტებას. 818-ე სათაური პირდაპირ მიუთითებს
ხელშეკრულების მოშლაზე, მაშინ როდესაც 817-ს სათაურში მითითებაა მხოლოდ
სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდაზე. ამავდროულად, ნორმებში
გაფრთხილების განსხვავებული ვადებია მოცემული. ცხადია, პირველი
სადაზღვევო შესატანის გადახდისათვის კანონმდებელი აწესებს უფრო ნაკლებ -
ორკვიორიან ვადას — რადგან მაქსიმალურად მოხდეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მიზნის რეალიზაცია.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

II. სადაზღვევო შემთხვევის დადგომა პრემიის გადაუხდელობისას


4 პრაქტიკაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შემთხვევას, როდესაც სადაზღვევო
შემთხვევა დადგება ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი ან ერთჯერადი
სადაზღვევო პრემიის გადახდამდე პერიოდში. 817 II-ში გათვალისწინებული
დანაწესით კანონმდებელი იცავს კეთილსინდისიერი მზღვეველის ინტერესს და
მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. აღნიშნულის
წინაპირობას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის
დამზღვევის მიერ პრემიის გადახდის ვადის გადაცილება. აღსანიშნავია, რომ
პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში მზღვეველი იყენებს პროცენტის
დაკისრების უფლებას. შესაბამისად, 817 II-ში გათვალისწინებული
ფორმულირების მიხედვით, მზღვეველის უარის წინაპირობად პროცენტების
გადახდის ვადის დარღვევაც განიხილება. მოყვანილი დანაწესის განმარტებამ
შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები წარმოშვას სასამართლო პრაქტიკაში. ასეთ
დროს მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს დამზღვევის ინტერესიც.
მაგალითად, თუ დამზღვევმა გაფრთხილების შედეგად გადაიხადა სადაზღვევო
შესატანი, მაგრამ არ განუხორცილებია პროცენტის გადახდა, 817 II-ს გამოყენება
სიტყვასიტყვითი განმარტების საფუძველზე მძიმე და უსამართლო
მდგომარეობაში ჩააყენებს დამზღვევს. ამიტომ, სასამართლომ უნდა
გაითვალისწინოს დამზღვევის ინტერესი და თითოეული საქმის ფაქტობრივი
გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ასეთი დავა.

2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like