You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 835. დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას

1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით


შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის
უფლება ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა ამით ერთი თვის
მანძილზე იმ მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ.
2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა შეუძლია მას
მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის
დამთავრებისათვის. მოშლის უფლება ქარწყლდება,თუ შემძენი შეძენიდან ერთი
თვის ვადაში არ ისარგებლებს ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი
არ იყო დაზღვევის შესახებ, მაშინ მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის
გასვლამდე იმ მომენტიდან, როცა შემძენმა შეიტყო სადაზღვევო ურთიერთობის
შესახებ.
3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ
გამსხვისებელი მოვალეა მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ
არა იმაზე მეტი,რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების
მოშლის მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს
სადაზღვევო შესატანის გადახდაზე.

I. ნორმის მიზანი
835 აწესრიგებს დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგად დაზღვევის 1
ხელშეკრულების მოშლის წესს. ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს როგორც
მზღვეველის, ისე შემძენის მიერ.

II. ნორმის შინაარსი

1. ხელშეკრულების მოშლა მზღვეველის მიერ


სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰენტის ცვლილება მზღვეველისათვის 2
მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. ქონების დაზღვევისას
კონტრაჰენტის ცვლილება, როგორც წესი, არ წარმოადგენს მზღვეველის მხრიდან
ხელშეკრულების მოშლის ნების ფორმირების აუცილებელ წინაპირობას. თუ
მზღვეველისათვის მიუღებელი არ არის ახალი დამზღვევი მისი საქმიანი
რეპუტაციის, ფინანსური მდგომარეობისა თუ სხვა გარემოებების გამო, მის
ინტერესში არ უნდა შედიოდეს დაზღვევის შეწყვეტა. მით უფრო, თუ შემძენი
ეთანხმება დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს და მათ შეცვლას არ ითხოვს.
მიუხედავად ამისა, ცალკეულ შემთხვევაში მზღვეველმა შეიძლება
ხელშეკრულების მოშლა უფრო გონივრულად მიიჩნიოს და დაზღვევის შეწყვეტის
გადაწყვეტილება მიიღოს. ხელშეკრულების მოშლისათვის მზღვეველს
კანონმდებელი ერთთვიან ვადას განუსაზღვრავს. ვადის დარღვევის შემთხვევაში
მზღვეველს ეკრძალება ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენება 835 I-ით
გათვალისწინებული საფუძვლით.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

3 ხელშეკრულების მოშლის სურვილი, ობიექტური თვალთახედვიდან


გამომდინარე, უფრო მეტად შეიძლება შემძენს გაუჩნდეს, რადგან მას
ფაქტობრივად ცალმხრივად შედგენილი ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება
უწევს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანია, რომ
შემძენი ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას შეძენილი ქონების დაზღვევის
თაობაზე. ხელშეკრულების პირობებთან ერთად შემძენისათვის საინტერესო
იქნება გამსხვისებლისაგნ მიღებული ინფორმაცია დაზღვევის ობიექტთან
დაკავშირებით. შემძენის ხელშეკრულების მოშლის მოტივაცია სხვადასხვა
ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობნებული. ასეთს მიეკუთვნება, მაგალითად,
კონკრეტულ მზღვეველთან კონტრაჰირების ან ნდობის გამოცდილების
ნაკლებობა, ხელშეკრულების არსებით პირობებთან შეუთანხმებლობა და ა.შ.

2. ხელშეკრულების მოშლა შემძენის მიერ


4 ნორმის თანახმად, შემძენმა ხელშეკრულება უნდა მოშალოს მხოლოდ
დაუყოვნებლივ ან მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის დამთავრებისთვის. ასეთ
ფორმულირებასთან ერთად 835 II ითვალისწინებს მოშლის უფლების
გაქარწყლების იმავე ერთთვიან ვადას, რომელიც მზღვეველის მიმართ მოქმედებს.
კერძოდ, შემძენის უფლება ქარწყლდება, თუ შემძენი შეძენიდან ერთი თვის
ვადაში არ ისარგებლებს აღნიშნული უფლებით 835 II-ში გათვალისწინებული
საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი დანაწესები
წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ, ნორმა შემძენის მიმართ უფრო მკაცრი
მოთხოვნას აწესებს და მიუთითებს მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის
მიმდინარე პერიოდში მოშლაზე. მეორე მხრივ, კი შემძენს უფლებას აძლევს, ერთი
თვის ვადაში განახორციელოს აღნიშნული უფლება.

5 მნიშვნელოვანია, რომ თუ შემძენისთვის ცნობილი არ იყო დაზღვევის შესახებ,


ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც
შემძენმა დაზღვევის შესახებ შეიტყო. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი
შემძენის ინტერესს იცავს.

3. სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება


6 დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგად დაზღვევის შეწყვეტის შემთხვევაში
სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება ეკისრება გამსხვისებელს. კერძოდ,
თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა 835-ის მიხედვით, გამსხვისებელი
ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. კანონმდებელი პრემიის
ოდენობასაც ადგენს და მიუთითებს, რომ გამსხვისებელმა არ უნდა გადაიხადოს
იმაზე მეტი, რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადეხადა, ხელშეკრულების მოშლის
მომენტის ჩათვლით. ლოგიკურია, რომ კანონმდებელი დაზღვევის
ხელშეკრულების მიმართ ინტერესის არმქონე შემძენს ათავისუფლებს პრემიის
გადახდის ვალდებულებისგან.

2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like