You are on page 1of 3

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე დავიწყებდეთ საუბარს,


აუცილებელია ვახსენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც 1950
წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირველი
იურიდიული აქტია, რომელიც სავალდებულო ძალას აძლევს ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ უფლებებს. ყველა სახელმწიფო,
რომელიც ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ვალდებულია
განუხრელად დაიცვას მისი მოთხოვნები. თუმცა, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა
ეტაპზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები
შეიძლება დაირღვეს სახელმწიფოს მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
სახელმწიფოთა მიერ კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების
ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა 1959 წელს და ის მდებარეობს
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. იგი განიხილავს კერძო პირების საჩივრებს
სახელმწიფოს მიმართ ან სახელმწიფოთა შორის დავებს ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით.

საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის ხელმომწერი


1999 წლიდან გახდა და სწორედ მას შემდეგ მოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს იურისდიქცია. საქართველოში ხელისუფლების სასამართლო შტოს
განეკუთვნება საერთო სასამართლოების სისტემა და საკონსტიტუციო სასამართლო.
საერთო სასამართლოების სისტემა შედგება სამი ინსტანციის სასამართლოებისგან: I
ინსტანცია - საქალაქო/რაიონული სასამართლო, II ინსტანცია - სააპელაციო სასამართლო,
III ინსტანცია - უზენაესი სასამართლო. სასამართლოსთვის მიმართვა ხდება პირველი
ინსტანციის სასამართლოდან. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს/მომჩივანს მიაჩნია, რომ
პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, მას შეუძლია ეს
გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, ხოლო თუ სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თუ პირმა სასამართლოს სამივე ინსტანციაში სცადა თავისი უფლებების დაცვა, მაგრამ
საბოლოოდ მაინც მიაჩნია, რომ მისი უფლებები სათანადოდ არ იქნა დაცული, მას
შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ვიდრე ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნულ დონეზე არსებული ყველა მექანიზმი არ იქნება
გამოყენებული - ანუ სასამართლო ინსტანციები, მანამდე ევროპული სასამართლო არ
მიიღებს დასაშვებად პირის საჩივარს). ასეთი მიდგომა გამომდინარეობს იქიდან, რომ
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის
უფლებების დაცვა, პირველ რიგში, კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა
ვალდებულებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიძლება ჩაერიოს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ ასრულებენ
კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
1950 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოიცავს ადამიანის
ფუნდამენტურ და ძირითად უფლებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ერთი კანონი და აქტი
ამომწურავად და ყოვლისმომცველად ვერ მოაწესრიგებს ყველა უფლებასა და მოვალეობას
და ვერ მოიცავს ყველა აქტუალურ კონკრეტულ სფეროსა თუ შემთხვევას, ასევე დროის
გასვლის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს სრულიად ახალი საკითხები რაც აქტის ან კანონის
შექმნის დროს საერთოდ არ არსებობდა. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი, ვინაიდან იგი, თავისი გადაწყვეტილებებში
ადამიანის ევროპული კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს დინამიკაში განმარტავს და
უფლებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე სათანადოდ რეაგირებს, რითაც
კონვენციას ცოცხალ ინსტრუმენტად აქცევს. ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით დადგენილი სამართლებრივი პრაქტიკით
ზოგჯერ ისე აფართოებს კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს, რომ ის ისეთ
სიტუაციებსაც ერგება, რომლებიც კონვენციის შექმნის პერიოდში საერთოდ არ არსებობდა.

ასევე საინტერესოა, რომ 2018 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს


დაემატა საკონსულტაციო როლი. კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების უმაღლეს
სასამართლოებს საშუალება მიეცათ მათ წარმოებაში მყოფი მიმდინარე საქმესთან
დაკავშირებით მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის უფლების განმარტებებთან დაკავშირებულ
საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება


მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ინდივიდისთვის, ვინც სასამართლოს მიმართა
საკუთარი უფლებების დასაცავად, არამედ მთელი ქვეყნისა და სამართლებრივი
სისტემისთვის, რადგან ერთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის
მთელ მოსახლეობაზე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ როდესაც ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო ერთი ან რამდენიმე ინდივიდის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევას
დაადგენს და თავისი გადაწყვეტილებით სახელმწიფოს უფლებადარღვეული ინდივიდის
მიმართ შესაბამის რეაგირებას დაავალებს, ეს მკაფიო სიგნალია სახელმწიფოსთვის, რომ
სამომავლოდ გაითვალისწინოს და ამ სახით აღარ დაარღვიოს ადამიანის უფლებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემა დგას სოლიდარობის პრინციპზე. ეს


იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა არამხოლოდ უნდა აღასრულონ ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია იმ საქმეებზე,
რომლებშიც თავად ეს სახელმწიფოები ფიგურირებენ, არამედ უნდა გაითვალისწინონ ის
შესაძლო შედეგები, რაც სხვა საქმეებში გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება
გამოიწვიოს მათ სამართლებრივ სისტემებზე. ამ მხრივ, ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებები ხშირად ხდება სხვადასხვა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის
თუ პრაქტიკის ცვლილების საფუძველი, მაშინაც კი, როდესაც ამის პირდაპირი
ვალდებულება არ არსებობს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის
პროცესში ევროკომისიის შესასრულებლად სავალდებულო ერთ-ერთი პრიორიტეტი
საქართველოსთვის არის - მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც ქართული
სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში. ამასთან დაკავშირებით, ამჟამად
საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს
შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
დანერგვას ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაში და გადაწყვეტილებების
დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას.

You might also like