You are on page 1of 17

თავი 15.

ბიზნესის უსაფრთხოება
15.1. ბიზნესის საფრთხეების და მათი კლასიფიკაცია
რეალურ ბიზნესს ყოველთვის თან სდევს სხვადასხვა სახის მუქარა და საფრთხე.
კონკურენტული ბრძოლა, რომელიც ბისნესის ფუნქციონირებისა და განვითარების
უმთავრესი საშუალებაა, რეალურად ნიშნავს „კონკურენტის მოსპობას ნებისმიერ ფასად“.
კონკურენცია- ეს მუდმივი ბრძოლაა უპირატესობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. იგი
ბიზნესის წინაშე აყენებს ისეთ მკაცრ პირობებს, რომ აუცილებელი ხდება ნებისმიერი
ხერხებით და მეთოდებით მოქმედება იმ პრინციპით, რომ „გამარჯვებულს არ
ასამართლებენ“.
ნიზნესის სფეროში მუქარები შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური,
სამართლებრივი, ორგანიზაციული, ინფორმაციული, ეკოლოგიური, ტექნიკური და
კრიმინალური ხასიათის, რომლებიც ხელს უშლიან ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას
და მდგრად განვითარებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში იწვევენ მათი საქმიანობის
შეწყვეტას.
ბიზნესის უსაფრთხოების მუქარები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
1. ეკონომიკური მუქარები. ეკონომიკის სფეროში უსაფრთხოების მუქარებს და
დანაშაულობებს, რომლებსაც პრაქტიკულად შეიძლება ჰქონდეს ადგილი, განეკუთვნება:
დატაცებები, რომელიც ხორციელდება ქონების მითვისების გზით, გადახარჯვები,
სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; ქურდობა; მექრთამეობა;
ძალაუფლების ანგარებითი გამოყენება; კონტრაბანდა; სავალუტო ოპერაციების წესების
დარღვევა და ა.შ.
ბიზნესზე მოქმედი ეკონომიკური მუქარები მათი ზემოქმედების მიმართულების
ორიენტაციის კუთხით იყოფიან გარე და შიგა მუქარებად. ბიზნესის გარე მუქარას
განეკუთვნება:
 უცხოური სპეცსამსახურების და ორგანიზაციების ჯაშუშური საქმიანობა,
რომელიც გულისხმობს: ტექნიკისა და ტექნოლოგიების ახალი ნიმუშების
ფუნდამენტალური და გამოყენებითი სამეცნიერო ნამუშევრები და სხვა მასალების
მოპოვებას; ეკონომიკური ხასიათი კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას, რომელთა
უცხო პირებზე გადაცემამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის სამხედრო-თავდაცვით
პოტენციალს; უცხოური ორგანიზაციების, ფირმების საქმიანობა, რომელიც მიმართულია
ადგილობრივი საწარმოების საქმიანობის შესუსტებისაკენ მათი პრივატიზაციის, კაპიტალის
ნაწილის შესყიდვის, ან საწარმოთა კონვერსის მეშვეობით; სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების, „ტვინების“, სტარტეგიული სანედლეულო საქონლის
ქვეყნიდან გატანისადმი ხელის შეწყობა; მცდელობა იმისა, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული
იმპორტზე; ქვეყნის ეკონომიკაში საერთაშორისო დამნაშავეთა ფორმირება,
არაკეთილსინდისიერი უცხოური კაპიტალის, სხვადასხვა სახის ავანტურისტების და
თაღლითების შემოჭრა.
ბიზნესის შიგა მუქარებს განეკუთვნება:
 კორუფციის მასშტაბის ზრდა უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოებში, მათში დამნაშავეთა ჯგუფის შეღწევა, რომლებსაც შუძლიათ ნეგატიური
გავლენა მოახდინონ პრივატიზაციის სფეროზე, საფინანსო-საბანკო საქმიანობაზე, საგარეო-
ეკონომიკურ კავშირებზე და ა.შ. ეკონომიკურ დანაშაულობათა ზრდა, მათ შორის
კონტრაბანდის, კაპიტალის, ვალუტის, სტრატეგიული ნედლეულის უკანონო ექსპორტის,
დანაშაულობების საფინანსო სფეროში, ყალბი მონეტებით თაღლითობა, ფასიანი
ქაღალდებით უკანონო ოპერაციების განხორციელება; ეკონომიკაში ორგანიზებული
დანაშაულებრივი საქმიანობა, კრიმინალური კაპიტალის შეჭრა ლეგალური ბიზნესის
განსაკუთრებით შემოსავლიან სფეროებში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მაკროეკონომიკური მუქარებისა, არსებობს აგრეთვე
ბიზნესის მიკროეკონომიკური ხასიათის მუქარები, რომლებიც ცალკეული ბიზნესის მიმართ
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახით:
 არაკეთილსინდისიერი კონკურენცია;
 დანაშაულებრივი ქმედებები: კრიმინალური ძალადობა, კომერციული
აპარატი, მათ შორის კომერციული საიდუმლოების გავრცელება;
 ცალკეული პირების და ორგანიზაციების ადმინისტრაციული აპარატის, მათ
შორის, საგადასახადო სამსახურის უკანონო მოქმედება;
 ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის დადგენილი
ნორმების დარღვევა;
 სამრეწველო შპიონაჟი.
ბიზნესის შიგა მუქარები შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
 საწარმოს პესონალის წინასწარ განზრახული დანაშაულებრივი ქმედება, მათი
დაბალი პროფესიონალიზმის არაკეთილსინდისიერების გამო;
 მომუშავეთა არაწინასწარ განზრახული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და
შეცდომები;
 ინფორმაციის დამუშავების სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის
მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ.
ბიზნესის მუქარების ობიექტებად გამოდიან:
1. ადამიანები (პერსონალი, კომპანიები და ა.შ.);
2. მატერიალური ფასეულობები;
3. ინფორმაციული რესურსები, მათ შორის, პატენტები, დაუმთავრებელი
საპროექტო-საკონსტრუქტორო დამუშავებები, „ნოუ-ჰაუ“, პროგრამული პროდუქტები,
სტატისტიკური და ბუღალტრული ინფორმაციის მასივები და სხვა.
პერსონალის მიმართ მუქარები ვლინდება მორალური და ფიზიკური ზიანის
მიყენებაში, რომელთა შორის შეიძლება დასახელდეს: მკვლელობა, პერსონალის ან მისი
ოჯახის წევრების გატაცება და მუქარა, ფსიქოლოგიური ტერორო, დაშინება, შანტაჟი,
გამოძალვა და ა.შ.
მატერიალური ფასეულობების მიმართ მუქარები ვლინდება შემდეგში: საქონლის,
ნედლეულის და მასალების ქურდობა, შენობების, ნაგებობების, ბინის, აგარაკის,
ავტოფარეხის და სხვა უძრავი ქონების დაზიანება, კავშირგაბმულობის და კომუნალური
მომსახურების სისტემების მწყობრიან გამოყვანა, სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება-
ქურდობა, სხვა სახის აქტივების დატაცება და განადგურება.
2. სოციალური მუქარები. ბიზნესის სოციალური მუქარები უმეტესწილად
გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობით, რაც
იწვევს უმუშევრობას, სიღარიბეს, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ფენებად
დანაწევრებას, მოსახლეობის ცხოვრების დონეში მნიშვნელოვან დიფერენციაციას და ა.შ.
ბიზნესის ფუნქციონირების არასტაბილურობა იწვევს ბევრი მათგანის გაკოტრებას, რაც
თავის მხრივ, ზრდის უმუშევრობის დონეს. განსაკუთრებით რთული ხდება
დამოუკიდებელი ბიზნესის შექმნა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის:
უნარშეზღუდულებისათვის, იძულებით გადაადგილებულთათვის და ა.შ. ბიზნესში
ჩართულობის მხრივ სირთულეები, რომელიც ექმნებათ მოსახლეობის სხვადასხვა
სოციალურ ჯგუფებს, საზოგადოებაში ქმნის დამატებით სოციალურ დაძაბულობას,
განაწყობს საზოგადოების ერთ ნაწილს ბიზნესისადმი ანტაგონისტური
დამოკიდებულებისაკენ.
სოციალური მუქარები ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგი ნიშნების
მიხედვით:
 მეწარმეთა სოციალური ინტერესების საწინააღმდეგო მიმართულებით;
 მასშტაბის მიხედვით (ადგილობრივი, ლოკალური, შიგასაფირმო, საწარმოო);
 მიზეზების მიხედვით (საკუთრების, შემოსავლების, სასიცოცხლო დოვლათის,
ძალაუფლების და ა.შ. არასამართლიანი განაწილება).
3. ინფორმაციული მუქარები. დღევანდელ ეტაპზე ინფორმაცია წარმოადგენს
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საწარმოო ფაქტორს. ინფორმაცია გამოდის როგორც საკუთრება, მას
გააჩნია სამომხმარებლო და ღირებულებითი შინაარსი. ბიზნესში მოქმედებს აფორიზმი:
„ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს სამყაროს“.
ინფორმაციასთან მიმართებაში შეიძლება გამოიყოს შემდეგი მუქარები:
- კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობა სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი
ხერხებით (ფარულად ნახვა, კოპირება და ა.შ.);
- ინფორმაციის მოდიფიკაცია ბოროტი განზრახვით;
- ინფორმაციის, მოსპობა (ვანდალიზმი, ბოროტება).
აღნიშნული მუქარები პრაქტიკულად შეიძლება განხორციელდეს:
 კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროებთან არაოფიციალური დაშვების
გზით;
 კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს პერსონალის
მოსყიდვის გზით;
 ინფორმაციის მოტაცების გზით, რომელიც გადაიცემა კავშირგაბმულობის
სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
 სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის საიდუმლო
მოლაპარაკებებისა და მოქმედებების გზით.
ზემოთხსენებული მუქარების თავიდან აცილება ან მათი გავლენის მინიმუმამდე
დაყვანა წარმოადგენს ბიზნესის უსაფრთხოების დაცვის მთავარ ამოცანას. ბიზნესის
უსაფრთხოება არის ნებისმიერი სახის ბიზნეს-საქმიანობის შემადგენელი ნაწილი და
გულისხმობს პერსონალის, მატერიალური, ფინანსური რესურსების და ინფორმაციული
მასივების დაცვის უზრუნველყოფას სხვადასხვა სახის მუქარებისაგან.
სამართლებრივი, ეკონომიკური და საწრმოო ურთიერთობანი, მატერიალური,
ინტელექტუალური და ინფორმაციული რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესის
სტაბილურ ფუნქციონირებას, შესაბამისად, მაქსიმალური მოგების მიღებას და კოლექტივის
სოციალური ინტერესების რეალიზაციას წარმოადგენს უსაფრთხოების დაცვის ძირითად
ორიენტირს. როგორც უცხოური გამოკვლევები გვიჩვენებენ ბიზნესის უსაფრთხოების
უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები დასავლეთის ფირმებში შეადგენს მოგების
30-დან 50-მდე პროცენტს. ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე,
უსაფრთხოების პრობლემები წარმატებით შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ამ საქმიანობაში
კომპლექსური, სისტემური მიდგომით.
უსაფრთხოების დაცვის ორგანიზაცია მოიცავს მიზნებისა და ამოცანების დასახვას,
მათი სამართლებრივი და ეკონომიკური უზრუნველყოფის საფუძვლების შემუშავებას,
მოსალოდნელი მუქარების შეფასებას და სათანადო ფინანსური რესურსების მობილიზაციას.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბიზნეს-
საქმიანობაზე მოქმედი სხვადასხვა საგანგებო და ექსტრემალური პირობებისა და
ფაქტორების აღკვეთა, კერძოდ კი, პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი
ქმედების, ქონების ქურდობისა და განადგურების, კომერციული საიდუმლოებების
გამჟღავნების, ინფორმაციული მასივების გაფუჭების, ხანძრის გაჩენის და ა.შ. წინააღმდეგ
ბრძოლა.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებია: პერსონალისა და ბიზნეს-
სტრუქტურის კანონიერი უფლებების დაცვა; კომერციული მატერიალურ-ფინანსური
რესურსების შენახვა და ეფექტიანი გამოყენება და შედეგად ამისა, ბიზნესის
სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა.
ბიზნესის უსაფრთხოების დაცვა გულისხმობს შემდეგი პრინციპების რეალიზაციას:
 კომპლექსური მიდგომა პერსონალის, საწარმოო, კომერციულ-საფინანსო და
ინფორმაციული რესურსების და ა.შ. დაცვაში;
 დროულობა - მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების საფუძველზე
საფრთხეების აღმკვეთი ხასიათის ღონისძიებების შემუშავება და პრაქტიკული რეალიზაცია;
 აქტივობა - უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების მუდმივად
განხორციელება, ბიზნესის კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე ძალებისა და
საშუალებების მანევრირების მეშვეობით;
 უწყვეტობა - უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი არ უნდა შეწყდეს იმ
მოტივით, რომ საფრთხე არ არსებობს;
 კანონიერება - უსაფრთხოებიოს დაცვა უნდა განხორციელდეს მოქმედი
კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად დაშვებული მეთოდების
ფარგლებში;
 დასაბუთებულობა და ეკონომიკური მიზანშეწონილობა - ბიზნესის დაცვაზე
გაწეული დანახარჯებისა და მოსალოდნელი ზარალის ურთიერთშეზომვა;
 სპეციალიზაცია - უსაფრთხოების დაცვაში სპეციალური ქვედანაყოფებისა და
კვალიფიციური სპეციალისტების გამოყენება, რომლებსაც გააჩნიათ ამ სფეროში თეორიული
და პრაქტიკული მომზადება;
 უსაფრთხოების უზრუნველყოფით დაინტერესებული ყველა სტრუქტურების
ურთიერთმოქმედება (თანამდებობის პირების, თანამშრომლების, ქვედანაყოფების) როგორც
ბიზნეს-სტრუქტურის შიგნით, ასევე მის გარეთ, საჭიროების შემთხვევაში - სამართალდამცავ
ორგანოებთან კოორდინაცია.
ობიექტები, რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ უსაფრთხოების დაცვას,
არის შემდეგი:
- ბიზნეს-საქმიანობაში უშუალოდ ჩართული პერსონალი, განსაკუთრებით
ისინი, რომლებიც განეკუთვნებიან ე.წ. „ბიზნეს-რისკის ზონას“;
- მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და ფინანსური რესურსები;
- ინფორმაციული რესურსები, რომლებიც შეიცავენ კომერციულ საიდუმლოებას
(პროგრამული უზრუნველყოფა, პერსონალური მონაცემები და სხვა
ინფორმაცია, ანტივირუსული დაცვა და ა.შ.);
- კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებები (რადიოტელეფონები, ფაქსები,
მავთულიანი კავშირები), კოპირება-გამრავლების და სხვა სახის ტექნიკა;
- მატერიალური და ფინანსური საშუალებების დაცვის ტექნიკური სისტემები.
პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც იმყოფებიან ე.წ. „რისკის
ზონაში“, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების რეალიზაციის გზით, მათ შორის,
პირადი დაცვის ღონისძიებებით.
მატერიალური და ფინანსური რესურსების შენახვის უზრუნველყოფის რეჟიმი
ეფუძნება მათი შენახვისა და დამუშავების ზონებში შესვლაზე მკაცრ კონტროლს, შესვლის
უფლების მქონე პირთა შემცირებას, უცნობების პერსონალიზაციას, განსაკუთრებით უცხო
პირების შესვლის შეზღუდვას. ასევე საჭიროა ფასეულობებთან მომუშავე პერსონალის
საიმედო შესწავლა, ფასიანი ქაღალდების შენახვის საიმედობის უზრუნველყოფა,
ფასეულობათა დაცვის მიზნით კრიმინალისტიკური ღონისძიებათა კომპლექსის გამოყენება.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება უნდა იქნას რეალიზებული
უსაფრთხოების დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში, რომელიც დაეფუძნება შემდეგ
დოკუმენტებს: „დებულება უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „კომერციული
საიდუმლოებების შემცველი ცნობების ნუსხა“, „ინსტრუქცია კომერციული
საიდუმლოებების შენახვის უზრუნველყოფის შესახებ“, „ინსტრუქცია ობიექტში საშვთა
რეჟიმის შესახებ“ და ა.შ.

15.2. სამრეწველო შპიონაჟი, ბენჩმარკინგი და რეიდერობა

შპიონაჟი ადამიანს თან სდევს მისი გაჩენიდანვე, შპიონაჟის მრავალი მაგალითი


მოყვანილია ბიბლიურ ლეგენდებში. ადამიანს ყოველთვის აინტერესებს სხვისი საიდუმლო
ინფორმაცია და ყოველნაირი ხერხებით ცდილობს მის მოპოვებას. თავდაპირველად
შპიონაჟი გამოიყენებოდა სამხედრო კონფლიქტების დროს, რათა დაზვერვას მოეპოვებინა
ინფორმაცია მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალისა და სტრატეგიის შესახებ. თუმცა
მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარების კვალდაკვალ საფუძველი ჩაეყარა დაზვერვით
საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო სხვა ქვეყნის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის
მოპოვებისაკენ. კონკურენტ ქვეყანაში ხდებოდა აგენტების შეგზავნა, მოსყიდვა, შანტაჟირება,
ინფორმაციის გატაცება, ქურდობა და სხვა საქმიანობა საიდუმლო ინფორმაციის
მოსაპოვებლად. დიდი ხნის განმავლობაში ქაღალდი წამოადგენდა საიდუმლოების შენახვის
ერთადერთ წყაროს. შემდგომში ფოტოაპარატის გამოგონებამ გარკვეულწილად გაამარტივა
შპიონაჟის ტექნოლოგია. უკანასკნელ წლებში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სწრაფმა
ტემპებმა ინფორმაციის მიღების ტექნიკური საშუალებები ყველასათვის ხელმისაწვდომი
გახადა, რამაც შპიონაჟის კუთხით კიდევ უფრო ახალი საფრთხეები შეუქმნა ბიზნესს და სხვა
საქმიანობებს.
იმისათვის რომ სიღრმისეულად გავერკვეთ სამრეწველო შპიონაჟის შინაარსში,
საჭიროა დავახასიათოთ მასთან დაკავშირებული ისეთი კატეგორიები, როგორიცაა
კონკურენტული დაზვერვა, ბენჩმარკინგი და ცივილიზებული ბიზნესის ეთიკა.
კონკურენტული დაზვერვა ნიშნავს ლეგალური გზით ინფორმაციის მოპოვებას,
რომელსაც საფუძვლად უდევს ბაზრის, კონკურენტების, ტექნოლოგიებისა და დამუშავების
შესახებ ღია წყაროებიდან ინფორმაციის ანალიზი და მეცნიერული კვლევის მეთოდებით
დამუშავება. ასეთი ინფორმაცია საშუალებას აძლევს ბიზნეს-სტრუქტურას მიიღოს სწორი
გადაწყვეტილება კონკურენტულ ბრძოლაში.
ბენჩმარკინგის ქვეშ იგულისხმება საუკეთესო საწარმოების გამოცდილების,
სტრატეგიის, გადაწყვეტილების, საქმიანი პრაქტიკის შესწავლა იმ მიზნით, რომ ამ
გამოცდილებათა საფუძველზე მოხდეს ბიზნეს-საქმიანობის ადაპტირება და შესაბამისად,
მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება.
ცივილიზებული ბიზნესის ეთიკა გულისხმობს ისეთ ბიზნეს-საქმიანობას,
სამეურნეო საქმიანობის ისეთნაირ პრაქტიკას, რომლის დროსაც არ ირღვევა არა მხოლოდ
ქვეყნისა და საერთაშორისო კანონები, კოდექსები და ბაზრის სუბიექტების მიერ
ნებაყოფლობით მიღებული სტანდარტები, არამედ სრულდება კომპანიათა ქცევის
დაუწერელი ნორმები და წესები, რომლებიც მიმართულია თვით კომპანიის კანონიერი
ინტერესების, ბაზრის მონაწილეების (კონკურენტების, მიმწოდებლების, შუამავლების,
სერვისული კომპანიების) მომხმარებლების და საზოგადოების ინტერესების
დასაკმაყოფილებლად.
ხსენებული კატეგოტიების შინაარსისაგან, რომლებიც ხელს უწყობენ
კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებას, რადიკალურად განსხვავდება სამრეწველო
შპიონაჟის კატეგორია. იგი წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფორმას,
რომლის მეშვეობით ხორციელდება ინფორმაციის არაკანონიერი მოპოვება, გამოყენება და
გავრცელება, რომელიც შეიცავს კომერციულ, სამსახურებრივ ან სხვა დაცულ საიდუმლოებას
და ასეთი ინფორმაციოს მიღება იძლევა უპირატესი მეწარმეობრივი საქმიანობის
განხორციელებისა და მატერიალურ-ფინანსური ამონაგების მიღების საშუალებას. ასეთი
არაკეთილსინდისიერი გზით ინფორმაციის მიღება ხდება ნახაზების, გეგმების, სცენარების,
გაანგარიშებების, მონაცემთა ბაზის და ა.შ. ქურდობით ან უკანონო კოპირებით; მოსასმენი
ანდა მასკანირებელი აპარატურის დაყენებით; მაკონკურირებელი კომპანიის
თანამშრომლების შანტაჟით ან მოსყიდვით ინფორმაციასთან დაშვების მიზნით; კომპანიის
თანამშრომელთა ნდობის და უდარდელობის გამოყენებით და .შ.
ამჟამად სამრეწველო შპიონაჟი არის და იგი მომავალშიც დარჩება სახელმწიფო
დაზვერვის ძლიერ ინსტუმენტად, რომლის დანიშნულებაა უცხო ქვეყნების ეკონომიკური
და ტექნიკური მიღწევების პირდაპირი დაზვერვა საკუთარი ქვეყნის ინტერესების
სასარგებლოდ. სამრეწველო შპიონაჟში განასხვავებენ ორ ჯგუფს - პროფესიონალებს და
მოყვარულებს.
პროფესიონალი შპიონების მიზანია შესრულებულ სამუშაოზე ფულადი ამონაგების
მიღება. ასეთი ადამიანები არიან პროფესიონალი დამნაშავეები. ინფორმაცია მათთვის
წარმოადგენს მატერიალური სიკეთის მიღების წყაროს. მათ მიერ მოპოვებული კონკრეტული
ინფორმაცია შეიძლება გახდეს ყიდვაგაყიდვის ობიექტი (მაგ., კომერციული საიდუმლოება),
ან კიდევ დამხმარე ობიექტი (მაგ., მაკომპრომინტირებელი ინფორმაციის მიღება, რომელიც
შემდგომ გამოიყენებული იქნება შანტაჟისათვის). პიროვნებები, რომლებიც ამგვარ
დანაშაულს სჩადიან, როგორც წესი, საუკეთესოდ ფლობენ თანამედროვე ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს. ისინი ფლობენ ცოდნას ინფორმაციის მიღებისა და კოპირების თანამედროვე
ტექნიკურ საშუალებებზე და მოხერხებულად იყენებენ მათ თავიანთ საქმიანობაში. გარდა
ამისა, მათ მიერ ასევე აქტიურად გამოიყენება საჭირო ინფორმაციის მოპოვების სხვა ხერხები,
ისეთები, როგორიცაა აგენტურული საქმიანობა, მოსყიდვა, შანტაჟი, ინფორმაციის მოპარვა
ან გატაცება. მათ შეუძლიათ გაუწიონ მომსახურება ინფორმაციის მოპოვებაზე ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს გარკვეული ანაზღაურების გარანტიით. ამ ბოლო პერიოდში ასეთი
პიროვნებები ერთიანდებიან ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებებში. მათ შორის,
საკმაოდ ბევრია სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა
მიზეზებით გათავისუფლდნენ და ვერ პოულობენ სამუშაოს. როგორც წესი, ამ კატეგორიის
პიროვნებების დანაშაული ან რჩება ლატენტური (ფარული), რამდენადაც დაზარალებულები
არ აცხადებენ მომხდარის შესახებ, ან კიდევ გაუხსნელი რჩება მოცემულ სფეროში
კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობის გამო.
მოყვარული შპიონები არიან პიროვნებები, რომლებიც ეწევიან ე.წ. ინფორმაციულ
ხულიგნობას. მათ არ გააჩნიათ განსაზღვრული ინფორმაციის მიღების ან კონკრეტული
საწარმოს საიდუმლოების გამჟღავნების მიზანი. მიიღეს რა გარკვეული ცოდნა
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ან შეიძინეს სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებები,
ისინი იყენებენ მათ გართობის მიზნით ინფორმაციის მისაღებად. კერძოდ, უსმენენ სხვის
საუბრებს, რომელიც ხორციელდება კავშიგაბმულების სხვადასხვა საშუალებებით, აყენებენ
მოსასმენ მოწყობილობებს და პორტატულ კამერებს ხალხმრავალ ადგილებში, ტეხენ
კომპიუტერულ სისტემებს. ამასთან, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იშვიათად
გამოიყენება გაყიდვისა და შანტაჟისათვის. მოყვარულები ხშირად უფასოდ აქვეყნებენ მათ
მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და არ ცდილობენ მისგან რაიმე სახის საზღაურის მიღებას.
განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ საქმიანობამ ინტერნეტის განვითარების
შემდეგ, სადაც სხვადასხვა საიტებზე უფასოდ შეიძლება მრავალფეროვანი საინტერესო
ინფორმაციის მიღება, მარ შორის, კონფიდენციალური ხასიათის. ამ ადამიანების საქმიანობის
მოტივია გაითქვან სახელი საზოგადოებაში და დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობა და
მოხერხებულობა. პროფესიონალი შპიონები კი პირიქით, დაინტერესებული არიან, რომ მათ
მიერ საიდუმლო ინფორმაციის მიღების ფაქტი იყოს შეუმჩნეველი და დამალული.
მოყვარული შპიონები, ანუ „ინფორმაციული ხულიგნები“, პირიქით, ყოველნაირად
აფიშირებენ მათი საქმიანობის შედეგებს და მეთოდებს. თუ პროფესიონალი დამნაშავეების
ობიექტს წარმოადგენს კომერციული საწარმოები ან სახელმწიფო ორგანოები, მოყვარულების
კატეგორიისათვის თვითმიზანი არაა რომელიმე ობიექტი, მათი მსხვერპლი შეიძლება
გახდეს ნებისმიერი კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურა, ან ადამიანი.
კომერციულ-სამრეწველო შპიონაჟი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში. აშშ-ში ყოველწლიურად ეკონომიკური შპიონაჟი და კომერციული საიდუმლოება
„ჯდება“ 200-250 მლნ დოლარი. მსხვილი სამრეწველო კორპორაციების ნახევარზე მეტი
თვლის, რომ ისინი შპიონაჟის მსხვერპლი არიან. გასაკვირი არაა, რომ ეკონომიკური
შპიონაჟი ამერიკულ კომპანიებში უფროა გავრცელებული, რადგან აშშ მეცნიერული
კვლევისათვის ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე დიდი რვიანის ქვეყნები (კანადა, იაპონია, დიდი
ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუსეთი) ერთად. აშშ-ში 1996 წელს
კონგრესის მიერ მიღებულია კანონი ეკონომიკური შპიონაჟის შესახებ, რომელიც
ითვალისწინებს დამნაშავეთა როგორც დაპატიმრებას, ასევე მრავალმილიონიან მილიონიან
ჯარიმას, თუმცა, მდგომარეობა ამ სფეროში მაინც არ უმჯობესდება.
უკანასკნელ პერიოდში ფართო გავრცელება ჰპოვა „კიბერ-ომებმა“, საერთაშორისო
ვებ-შპიონაჟი და კიბერნეტიკა გახდა ყველაზე დიდი მუქარა ინტერნეტ-
უსაფრთხოებისათვის. მრავალი ყვეყნის მთავრობის სერიოზული პრობლემა გახდა კიბერ-
შპიონაჟი. დადგენილია, რომ დამნაშავეთა ჯგუფები კარგად აფინანსებენ პოლიტიკურ,
სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნიკურ შპიონაჟს. 2007 წელს კიბერ-თავდასხმებს ჰქონდა
ადგილი აშშ-ში, გერმანიაში, ინდოეთში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში, ერთი წლის
მოგვიანებით კი ესტონეტში. კიბერ-დანაშაული გახდა გლობალური პრობლემა, რომელიც
თანდათანობით ღრმავდება და წარმოადგენს სერიოზულ მუქარას არა მხოლოდ ბიზნესისა
და ადამიანებისათვის, არამედ სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოებისათვისაც.
ბენჩმარკინგს საფუძვლად უდევს არა მხოლოდ კონკურენტი საწარმოების
საქმიანობის შესწავლის იდეა, არამედ სხვა დარგების მოწინავე ფირმების გამოცდილების
ანალიზი და შეფასება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კონკურენტებისა და წარმატებული
კომპანიების გამოცდილების კვალიფიციური გამოყენება იძლევა დანახარჯების შემცირების
და მოგების ზრდის საშუალებას.
ბენჩმარკინგის იდეის ქვეშ დასაშვებია სამრეწველო შპიონაჟის განხორციელება.
წარმატებული გამოცდილების ძიებისას კომპანიები, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას
აქცევენ კონკურენტებს. კონკურენტი კომპანიები მუდმივად აკვირდრბიან ერთმანეთს. თუ
კონკურენტმა დაიპყრო ბაზრის ის ნაწილი, რომელიც თქვენ გეკუთვნოდათ, მაშინ ბევრი
ფიქრის დრო არ რჩება და შეიძლება სათანადო ინფორმაციის მოსაპოვებლად ბენჩმარკინგის
საფარ ქვეშ საჭირო გახდეს სამრეწველო შპიონაჟის მეთოდების გამოყენება.
დასავლეთში ბენჩმარკინგის გამოყენება აქტიურად დაიწყეს 1970-იანი წლების
დასასრულს. კონკურენტებმა ძლიერ შეავიწროეს ამერიკული კომპანიები, რასაც
ამერიკელებმა ბენჩმარკინგის გამოყენებით უპასუხეს. იაპონიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში
ბენჩმარკინგის პროგრამა ვითარდება სახელმწიფო მხარდაჭერით. ითვლება, რომ
გამოცდილების ამ წესით გაცვლა ხელს უწყობს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებას.
თანამედროვე ეტაპზე ბიზნესის ერთ-ერთ სერიოზულ მუქარას წარმოადგენს
რეიდერობა. რეიდერობა არის ერთი საწარმოს მიერ მეორის შთანთქმა მისი მესაკუთრის, ან
ხელმძღვანელის სურვილის გაუთვალისწინებლად. რეიდერულ საქმიანობას განეკუთვნება
აგრეთვე კორპორაციული შანტაჟი „გრინმეილი“, რაც ნიშნავს აქციის პაკეტის გაყიდვას
ემიტენტზე, მენეჯმენტზე ან ფირმის მფლობელზე, ისეთ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად
აღემატება საბაზროს. ამასთან პირი, რომელიც ყიდის აქციის პაკეტს (გრინმეილერი) ახდენს
ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აშინებს ფირმას, რომ უარის შემთხვევაში მას შთანთქავს და
შეუქმნის პრობლემებს ფუნქციონირებაში. გრინმეილი ცალსახად ითვლება არაეთიკურ
ქმედებად. იგი ძალიან წააგავს კორპორაციულ რეიდერობას. ამ უკანასკნელის მოქმედების
განხორციელების შემსრულებლებს უწოდებენ რეიდერებს. ამ ტერმინის სამშობლოს
წარმოადგენს აშშ, სადაც რეიდერობაში არანაირ კრიმინალს არ ხედავენ. რეიდერული
ბიზნესი სხვა მრავალ ქვეყანაშიც ითვლება სრულიად კანონიერად. უფრო მეტიც, ეს
„თეთრსაყელოიანთა“ ბიზნესი მრავალ ქვეყანაში მოიაზრება მაღალინტელექტუალურ და
პრესტიჟულ საქმიანობად. კანონების დაცვის კუთხით რეიდერობა შეიძლება დაიყოს სამ
ჯგუფად:
შავი რეიდერობა - ღია თავდასხმა, კანონების დაცვის გარეშე;
თეთრი რეიდერობა - კომპანიების კანონიერი შერწყმა;
რუხი რეიდერობა - გაურკვეველი სიტუაცია, რომლის კანონიერება უნდა
დადასტურდეს სასამართლოს გზით.
შავი რეიდერობა - არის კრიმინალური ქმედება, ბიზნესის ძალისმიერი მიტაცება,
რომელსაც საფუძვლად უდევს მოსყიდვა, შანტაჟი, ძალისმიერი შეჭრა საწარმოში,
აქციონერთა რეესტრის გაყალბება და ა.შ.
რუხი რეიდერობა - ბიზნესის (საწარმოს) შთანთქმა თანამდებობის პირების
მოსყიდვით, დოკუმენტების გაყალბება (შედარებით რბილი ვარიანტია).
თეთრი რეიდერობა - დასავლური ვარიანტი, ლეფალური გაერთიანება მაგალითად
გაფიცვების ორგანიზებით არნდა მაკონტროლებელი ორგანოების შმოწმებით.
რეიდერის ფუნქციას წარმოადგენს შეუქმნას საწრმოს მაქსიმალური რაოდენობის
პრობლემები, ფინანსურად დააუძლუროს იგი, შემდეგ იაფად შეისყიდოს, შთანთქას ან
მიიტაცოს იგი და მრავალჯერადი მოგებით გაყიდოს მესამე პირზე. რეიდერობას აქტიური
ხასიათი აქვს იმ ქვეყნებში, სადაც მასიურად ხდება ქონების მესაკუთრეთა შეცვლა-
პრივატიზაცია.

15.3. ბიზნესი, როგორც დაცვის ობიექტი.


კომერციული საიდუმლოება

ბიზნესის უსაფრთხოების დაცვის ქვეშ იგულისხმება ყველა გარე და შიგა


საფრთხეების და მუქარების დროულად გამოვლენა და თავიდან აცილება, რომლებიც
შეიძლება გახდეს მისი საქმიანობის დამამუხრუჭებელი და ხელისშემშლელი ფაქტორი.
ბიზნესის უსაფრთხოების დაცვის ძირითად ობიექტებს წარმოადგენს:
- ცალკეული მეწარმეები და მათი ოჯახის წევრები;
- ფირმის თანამშრომლები;
- პროდუქცია, ნიმუშები;
- მოწყობილბები, მასალები და სხვა მატერიალური ფასეულობანი;
- ფინანსური სახსრები;
- ინფორმაცია (კომერციული საიდუმლოება, არამატერიალური აქტივები,
ინტელექტუალური საკუთრება, კერძო ინფორმაცია);
- ბიზნესის ორგანიზაცია;
- კონტროლის შენარჩუნება;
- მეწარმის იმიჯი;
- ბიზნეს-გეგმა და პროექტები;
- პროდუქციისა და მომსახურების მომხმარებელი;
- ბუნებრივი გარემო, რომელიც განიცდის მეწარმეობის მხრიდან ზემოქმედებას.
მეწარმე და მისი ოჯახის წევრები, ფირმის თანამშრომლები, უპირველეს ყოვლისა,
უნდა იქნან დაცული მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფისაგან, მათი ფიზიკური
გატაცების განხორციელების შესაძლო მცდელობისაგან. თანამშრომლებთან მიმართებაში
მნიშვნელოვანი მომენტია მათი კონკურენტების მხრიდან გადაბირების აღკვეთა, აგრეთვე
ღონისძიებების გატარება, რათა ისინი არ გადაიბირონ კრიმინალურმა სტრუქტურებმა,
კონკურენტებმა და უცხოურმა სპეცსამსახურებმა. შრომითი კოლექტივის დაცვის პრობლემა
ძირითადად დაკავშირებულია კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების,
კონკურენტების მოცემულ ბიზნესში შეღწევის აღკვეთასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
ბიზნეს-საქმიანობის არა მხოლოდ ეფექტიანობის შემცირება, არამედ მისი სრული კრახიც კი.
ფინანსური სახსრების დაცვა ძირითადად გულისხმობს ფულადი სახსრების,
პროდუქციის, ნიმუშების, მოწყობილობების და სხვა მატერიალური ფასეულობების
დატაცებისაგან დაცვას, აგრეთვე მათი დაზიანებისაგან, გაყალბებისაგან (კოპირებისაგა),
არასტანდარტული წარმოებისაგან დაცვას.
კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციის, სხვა კონფიდენციალური
ინფორმაციის, არამატერიალური აქტივების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
გულისხმობს არასანქცირებული დაშვების და უკონტროლო განაწილების, აგრეთვე ზიანის
მიყენების მიზნით მათი განადგურების მცდელობის აღკვეთას.
ბიზნესის ორგანიზაციის დაცვა ნიშნავს ნედლეულით და მასალებით მომარაგებაში,
საქონლის წარმოებაში, გასაღებაში და ა.შ. დაბრკოლებების თავიდან აცილებას.
ბიზნეს-საქმიანობაზე კონტროლის შენარჩუნება გულისხმობს კონკურენტების
ხელში აქტივების პაკეტის გადაცემას ან კიდევ მათი მოცემული ბიზნესის მართვის
ბერკეტებთან დაუშველობას. ბიზნეს-საქმიანობაზე კონტროლის შენარჩუნებაში
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორულ ურთიერთობას. ბიზნესს დაცვა
მოიცავს სხვადასხვა საპროექტო სტრატეგიებს, რომლებიც უსაფრთხოა ინვესტორის
მხრიდან. თუმცა პრაქტიკაში არც თუ იშვიათად გვხვდება პარტნიორული
დამოკიდებულების საფრთხის შემცველი სტრატეგიები.
პარტნიორთან დამოკიდებულების შინაგანი შინაარსისა და პრინციპების
კრიტერიუმით განასხვავებენ პროექტული სტრატეგიების შემდეგ სახეებს:
 ცპარტნიორული დამოკიდებულება, რომლის რეალიზაცია ხდება
ფორმალურად მიღებული საქმიანი ნორმებისა და კანონების საფუძველზე. ასეთი სტრატეგია
მოიცავს ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის ყველა მხარეს - ცალკეული ერთჯერადი
კონტრაქტებიდან გრძელვადიან ერთობლივ საქმიან ურთიერთობამდე;
 მეგობრული პარტნიორული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს პროექტის
ერთობლივ განხორციელებას, კერძოდ, პარტნიორთა ინტერესების შესაბამისად ახალი
ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნას;
 ერერთობლივი პროექტის ერთი სამართლებრივი-ორგანიზაციული ფორმიდან
მეორეში გადაყვანა;
 პარტნიორთან მიმართებაში მტრულ დამოკიდებულებას, რომელიც
გულისხმობს პარტნიორული ფირმის შიგნით არაფორმალური პოზიციების განმტკიცებას. ეს
ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორი აწვდის ბიზნესს ნედლეულს, მოწყობილობას
და ა.შ. ამ დროს ბიზნესის მეპატრონე პარტნიორის მხრიდან ხდება მართვადი;
 მტრული პარტნიორული სტრატეგია, რომლის დროსაც
არაკეთილსინდისიერი ფირმა-ინიციატორის მიერ ხდება პარტნიორი საწარმოს შეძენა. ეს
სტრატეგია რეალიზდება კანონის ფარგლებში. იგი შეიძლება განხორციელდეს პარტნიორის
აქტივების ფარულად შესყიდვით, ფუნქციონალური სტრუქტურებისა და ტექნოლოგიური
უბნების შესყიდვით, ან ბიზნეს-პარტნიორის საწარმოს მთლიანად შეძენით. ასეთი
სტრატეგია ფართოდ გამოიყენება საბანკო სფეროში;
 მტრული პარტნიორული სტრატეგია, რომელიც ხორციელდება კანონის
დარღვევით, ან კიდევ უკანონო სტრატეგია, რომლის დროსაც ბიზნესი არსებობს
ოფიციალური დარეგისტრირების გარეშე. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დაცვის
ობიექტებად გამოდიან მხოლოდ ის პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც
ხორციელდება კანონის ფარგლებში. პრაქტიკაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ ბიზნეს-
პროექტებს, როგორიცაა: „თეთრი“, „ლეგიტიმური“, „მომიჯნავე“, „კრიმინალური“.
- „თეთრი“ პროექტი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და
მთლიანად პასუხობს საქმიანი ეთიკის მოთხოვნებს.
- „ლეგიტიმური“ პროექტი შეესაბამება კანონიერ მოთხოვნებს, მაგრამ
ხორციელდება საქმიანი ეთიკის საზღვრებს გარეთ. ეს ნიშნავს
პარტნიორისადმი აგრესიულ, არამეგობრულ დამოკიდებულებას, რისკების
პარტნიორის მხრებზე გადაკისრებას, ერთობლივი პროექტიდან მოგების
უმეტესი ნაწილის მიღების მცდელობას;
- „მომიჯნავე“ პროექტი გულისხმობს კანონებში არსებული ხარვეზების და
წინააღმდეგობების გამოყენებას. ასეთი სახის პროექტი შეიძლება მიმართული
იქნას პარტნიორების და მოსახლეობის მოსატყუებლად, გადასახადის
გადახდისაგან თავის ასარიდებლად;
- „კრიმინალური“ პროექტი ხორციელდება კანონის აშკარა დარღვევით.
მეტწილად დაკავშირებულია პარტნიორისა და მოსახლეობის მოტყუებასთან,
თაღლითობასთან, დატაცებასთან, კონტრაბანდასთან, ნარკოტიკებით და
იარაღით ვაჭრობასთან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან.
სახელმწიფო რეგულირების კუთხით დაცვის ობიექტად გამოდის მხოლოდ
„თეთრი“ პროექტი.
ბიზნეს-საქმიანობის უსაფრთხოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
კომერციული საიდუმლოებიოს დაცვას.
კონფიდენციალური ინფორმაცია არის დოკუმენტირებული ინფორმაცია,
რომელთანაც დაშვება რეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობით. ინფორმაციის
საიდუმლოების დაცვის ხარისხის კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის
ინფორმაციებს: ღია ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია საერთო სარგებლობისათვის; დაცული
ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია რომელთა გამოყენება შეზღუდულია. თავის მხრივ, დაცული
ინფორმაცია იყოფა კონფიდენციალურ ინფორმაციად და ინფორმაციად, რომელიც
განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.
კომერციულ საიდუმლოებას (ბიზნესის საიდუმლოებას) წარმოადგენს ინფორმაცია,
რომელიც განეკუთვნება საწარმოო, სავაჭრო, სამეცნიერო-კვლევითი, ფინანსური და სხვა
სახის საქმიანობს და რომლებიც მოცემულ საწარმოს კონკურენტებთან მიმართებაში ანიჭებს
გარკვეულ უპირატესობებს. ასეთ ინფორმაციას კონკურენტები არ ფლობენ. იგი მხოლოდ მის
მესაკუთრეს ეკუთვნის და წარმოადგენს განსაკუთრებული დაცვის ობიექტს.
კომერციულ საიდუმლოებას მიაკუთვნებენ ინფორმაციას შემდეგი
მიმართულებებით: კონფიდენციალური; ორგანიზაციული; ტექნოლოგიური; პარამეტრული;
ექსპლუატაციური.
 კონფიდენციალური ინფორმაცია წარმოადგენს კონკრეტული ბიზნესის
მთავარი იდეის (კონცეფციის) შინაარსს, წარმოების ფაქტორების-შრომითი რესურსების,
კაპიტალის და მიწის ახლებურად დაკავშირების ხერხების დასაბუთებას, რომელზედაც არის
დაფუძნებული ცალკეული ბიზნესის წარმატებული საქმიანობა და რომელიც
უზრუნველყოფს მის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში. ამ სახის ინფორმაციაში
შედის ბიზნესის განვითარების სტრატეგია. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება
განეკუთვნებოდეს სამრეწველო წარმოებას, საფინანსო-საკრედიტო სფეროს, მეცნიერების,
ტექნიკის და ტექნოლოგიის განვითარებას, თვით კომერციულ საქმიანობას. ასე მაგალითად,
ამ სახის კომერციული საიდუმლოების წარმოების სფეროში განეკუთვნება სამრეწველო
საიდუმლოებანი (მაგ., ბეტონის ხსნარის დამზადების მეთოდი, გამაგრილებელი სასმელების
რეცეპტი და ა.შ.). საფინანსო-საკრედიტო სფეროში ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს
ორიგინალური საბანკო ოპერაციები, სხვადასხვა სახის ფინანსური სქემები, უცხოურ
ფირმებთან საერთაშორისო ანგარიშსწორების თავისებურებანი და ა.შ.
 ორგანიზაციული ინფორმაცია ასახავს ბიზნეს-სტრუქტურის შიგა მართვისა
და ორგანიზაციის თავისებურებებს, მისი სხვა ბიზნეს-სტრუქტურებთან საქმიანი
კავშირების ხასიათს. „ორგანიზაციული ეფექტის“ სხვა წყაროებს, რომლებიც განაპირობებენ
მის გარკვეულ უპირატესობებს კონკურენტებთან მიმართებაში, ან გააჩნიათ
განსაკუთრებული მნიშვნელობა ბიზნესის ფუნქციონირებისათვის.
შიგა საწარმოო მართვის სფეროში ორგანიზაციულ ინფორმაციას განეკუთვნება
საწარმოს განვითარების გეგმა, საკუთარი პროგნოზული გაანგარიშებები, პერსონალის
მართვის ორიგინალური მეთოდები, გაყიდვების ორგანიზაცია და პარტნიორებთან
ურთიერთობა. ფინანსების სფეროში - ესაა კაპიტალის ინვესტირების გეგმები და ტექნიკურ-
ეკონომიკური დასაბუთება, კრედიტების მიღებაზე წინასწარი მოლაპარაკების პირობები და
ა.შ. საგარეო კავშირებში ესაა მონაცემები მომხმარებლებზე, საწარმოს პროდუქციის
მიწოდებაზე, პარტნიორებთან განხორციელებულ მოლაპარაკებებზე (საქმიანი
წინადადებები), დადებული კონტრაქტები, ურთიერთვალდებულებები, ბარტერული
ოპერაციები, ლიცენზიის ყიდვა-გაყიდვა და სხვა.
 ტექნოლოგიური ინფორმაცია მოიცავს ცნობებს იმ პროცესებზე, რომლებიც
განსაზღვრავენ პროდუქციის ხარისხს, საწარმოს მართვას, საწარმოო, კომერციული და სხვა
საქმიანობათა ეფექტიანობას, ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც განაპირობებენ
მოცემული ბიზნეს-სტრუქტურის უპირატესობებს კონკურენტებთან მიმართებაში.
ტექნოლოგიური ინფორმაცია შეიძლება განეკუთვნებოდეს მენეჯმენტის,
მარკეტინგის, ფინანსების, წარმოების მართვის ფორმებს და მეთოდებს, რისკების მართვას.
აქვე შედის ტექნოლოგიური პროცესების, პროცედურების, მეთოდების, ტექნოლოგიური
რეჟიმის აღწერა, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ხარისხიანობას, მასალების
ეკონომიკურად ხარჯვას, ენერგიის მინიმალურ გამოყენებას, ტექნოლოგიური პროცესების
დაჩქარებას და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
 პარამეტრული (შფასებითი) ინფორმაცია - ეს არის ბიზნეს-სტრუქტურის
რაოდენობრივი მახასიათებლები, მონაცემები მეწარმეობრივი საქმიანობის მართვის შესახებ,
რომლითაც მოცემულ სტრუქტურას გააჩნია უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებაში.
ამ სახის კომერციულ საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება სამეწარმეო პროექტების
სხვადასხვა ვარიანტების რეალიზაციის შედარებითი გაანგარიშებები. ფინანსების სფეროში
ეს არის ნაწარმზე ფასები, შიდა პრეისკურანტი და ტარიფები, მონაცემები პროდუქციის
თვითღირებულებაზე, წარმოების დანახარჯების კალკულაცია, მონაცემები ფასდათმობებზე
და ა.შ.
 ექსპლუატაციური ინფორმაცია წარმოადგენს მოწყობილობების, მანქანების და
მექანიზმების პროფილაქტიკურ, სარემონტო და სხვა პროცედურების აღწერას. აგრეთვე
მონაცემებს პროდუქციის ლიკვიდაციისა და უტილიზაციის შესახებ, რომლებიც თავისი
შინაარსით ორიგინალურია და მოცემულ საწარმოს აძლევს უპირატესობებს
კონკურენტებთან შედარებით.
საიდუმლო და ღია ინფორმაციის მატარებლებს საწარმოში განეკუთვნებიან:
საწარმოს მუშაკები; სამსახურებრივი ნაბეჭდი დოკუმენტები; ინფორმაციის ტექნიკური
მატარებლები; გამოთვლითი, ორგანიზაციული და სხვა ტექნიკური საშუალებები;
პროდუქციის ნიმუშები, რომლებიც იმყოფებიან დამუშავების და წარმოებისათვის
მოსამზადებელ რეჟიმში; საწარმოო ნარჩენები; ღია პუბლიკაციები, ინფორმაციის
ფასეულობა, რომელსაც ფლობს მუშაკი პირდაპირ პროპორციულია მის თანამდებობრივ
მდგომარეობასთან.
კომერციულ საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია, რომელთა
დამალვა ეწინააღმდეგება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს. ზოგადი სახით
ასეთ ინფორმაციას წარმოადგენენ:
 არარაციონალური ბუნებათსარგებლობის შესახებ;
 გარემოს ზენორმატიული გაჭუჭყიანების შესახებ;
 წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაუცველობის შესახებ,
რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანთა ჯანმრთელობას და
სიცოცხლეს;
 სპეციალური კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, რომლებიც
არეგულირებენ მეწარმეთა საქმიანობას (პროდუქციის ხარისხის,
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ);
 საქმიანობის შესახებ, რომელიც არაა გათვალისწინებული მოცემული
ბიზნესის დებულებაში ან აკრძალულია მოცემული ქვეყნის კანონებით;
 ბიზნესში დასაქმებული მუშაკებისა და ხელმძღვანელების მიერ
არაკეთილსინდისიერი და ბოროტგანზრახვითი საქმიანობის შესახებ;
 არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების შესახებ;
 გადასახადების სწორად გადაუხდელობის ან თავის არიდების შესახებ;
 ხელშეკრულებების და სხვა ვალდებულებების შუსრულებლობის ფაქტებისა
და მიზეზების შესახებ.

15.4. სახელმწიფოს როლი ბიზნესის


უსაფრთხოების დაცვაში

სახელმწიფო ფუნქციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია


ბიზნესისადმი ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნას, მისი განვითარებისადმი ხელის
შეწყობას და უსაფრთხოების დაცვას. სახელმწიფოს ძლიერება დამოკიდებულია ბიზნესის
წარმატებულ განვითარებაზე. ამიტომაც, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია
დაიცვას ბიზნესი გარე და შიგა რისკებისაგან, ხელი შეუწყოს მის მდგრად და სწრაფ
განვითარებას. გამომდინარე აქედან, ბიზნესის დაცვაზე ორიენტირებულია ქვეყნის
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები, რომელთა ერთობლივი
ძალისხმევით შესაძლებელია ბიზნესის დაცვა.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო თავისი სხვადასხვა კომიტეტებისა და სპეციალური
მაკონტროლებელი უწყებების მეშვეობით უზრუნველყოფს ბიზნესის უსაფრთხოების
მარეგულირებელი კანონების შემუშავებას და მის განხორციელებაზე კონტროლს. ქვეყნის
საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო
აუდიტორული სამსახური (აუდიტორული ოფისი, კონტროლის პალატა ან სხვა), რომლის
ფუნქციებში შედის როგორც სახელმწიფო ფინანსური კონტროლი, ასევე ამოცანათა
გარკვეული წრე, რომელიც მიმართულია ბიზნესის დაცვისაკენ. სახელმწიფო ფინანსური
კონტროლის განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტორულ სამსახურს შეუძლია
გააკონტროლოს ბიზნესსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. ეკონომიკურ ურთიერთობათა
სისწორე, კანონთან შეუსაბამობა და შესაბამისად შეიმუშავოს კონკრეტული წინადადებები
და რეკომენდაციები ამა თუ იმ სახის ბიზნესის განვითარებისა და მდგრადობის
უზრუნველყოფის მიმართულებით.
ბიზნესის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ქვეყნის მეთაურის
(პრეზიდენტის) ადმინისტრაციულმა სამსახურმა. ზოგიერთ წვეყანაში პრეზიდენტთან
იქმნება ბიზნესის ხელშეწყობისა და მონიტორინგის სხვადასხვა სახის სამსახური, რომლის
ამოცანაა კონტროლი იმაზე, თუ როგორ უწყობენ ხელს (ან ავიწროებენ) ბიზნესის
განვითარებას ქვეყნის აღმასრულებელი ორგანოები. ამ კუთხით მნიშვნელოვან საქმიანობას
ეწევა აგრეთვე ქვეყნის უშიშროების საბჭო, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში
ფუნქციონირებს და არეგულირებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საქმიანობას
უსაფრთხოების დაცვის კუთხით. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების
საბჭოს მიერ შემუშავებულ „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“ დიდი
ადგილი უკავია ეკონომიკური და მათ შორის, ბიზნესის უსაფრთხოების პოლიტიკას.
ამ დოკუმენტის თანახმად საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის
პრიორიტეტებია:
 მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება საბიუჯეტო სისტემის და
საგადასახადო ადმინისტრირების მოწესრიგების, მოქნილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის
გატარების, საშუალოვადიანი სახარჯო პოლიტიკის პრინციპების დანერგვისა და
სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მომსხურების გზით;
 კერძო სექტორის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკის
ინსტიტუციური დარეგულირების, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების,
საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და კერძო საკუთრების უფლების დაცვის
მეშვეობით;
 სოფლის მეურნეობის სექტორში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და
მიწის ბაზრის განვითარება;
 მრეწველობის ტრადიციული და ინოვაციური დარგების განვითარებისათვის
ბიზნეს-გარემოს შექმნა;
 ტურიზმის განვითარება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის
სრული რეალიზაცია;
 რეგიონებსა და დედაქალაქს შორის სოციალური და ეკონომიკური
უთანასწორობის შემცირება რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების,
რეგიონების თანაბარი განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და მთიანი
რეგიონებისათვის სპეციალური პროგრამების განხორციელების გზით;
 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნის შედარებითი
უპირატესობების, განსაკუთრებით-სატრანზიტო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო
პოტენციალის რეალიზაცია, მათ შორის, გზების აღდგენა-განვითარების მეშვეობით;
 საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში აქტიური მონაწილეობა, რაც ხელს
შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში;
 საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა;
 ჯანსაღი კონკურენტული გარემოს და ბიზნესში თანაბარი შესაძლებლობების
პირობების შექმნა და პრივილეგირებული, კონკურენციის შემზღუდავი უფლებების
მინიჭების არდაშვება, განსაკუთრებით კონუმიკაციისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ბიზნესის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოები-სამინისტროები, უწყებები, სააგენტოები, სხვადასხვა
სამსახურები. ამ კუთხით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ამოცანები აკისრია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის,
ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, აგრეთვე „საქსტანდარტს“,
„სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს“ და ა.შ. ბიზნესის დაცვის კუთხით ასევე დიდი
ამოცანები აკისრია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრდაზვერვის სამსახურს და
სხვა ძალოვან სტრუქტურებს.
მთავარი როლი ბიზნესის დაცვაში განეკუთვნება სასამართლო ორგანოებს. მეწარმის
სამართლებრივი დაცვის აუცილებლობა დგება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ
ადგილი აქვს მოქალაქის, სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან სხვა
მეწარმის არაკანონიერ ქმედებას. მეწარმის უფლებების დაცვა სასამართლოს გზით
დაკისრებული აქვთ საერთო ან არბიტრაჟულ სასამართლოებს.
არბიტრაჟული სასამართლოები სპეციალურად იქმნება მეწარმეთა მონაწილეობით
დავების განხილვისა და დარეგულირებისათვის. კერძოდ, არბიტრაჟული სასამართლოები
განიხილავენ შემდეგი კატეგორიის საკითხებს:
 იურიდიული პირების ან მოქალაქეების სარჩელებს ხელშეკრულებათა
დადებაზე, მისი პირობების შეცვლაზე ან შეუსრულობლობაზე;
 ბიზნესის სახელმწიფო რეგისტრაციაზე უარის თქმაზე, საწარმოს
სადამფუძნებლო დოკუმენტების ძალადაკარგულად ცნობაზე;
 დავებზე უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილ საწარმოსა და ქვეყნის
აღმასრულებელ ორგანოებს შორის;
საერთო სასამართლოებს ექვემდებარება შემდეგი სახის საქმეები:
 მოქალაქეთა (ინდივიდუალურ მეწარმეთა) ან იურიდიული პირების
(ბიზნეს-სტრუქტურების) საჩივარი ღირსებისა და პატივის, საქმიანი
რეპუტაციის დაცვაზე;
 სხვადასხვა სამოქალაქო საქმეები, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია
ბიზნეს-საქმიანობასთან და ა.შ.
ბიზნესის უფლებების დაცვის საკითხი ცალკეულ მეწარმეთა საჩივრებზე შეიძლება
განხილულ იქნას საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სასამართლოს
კონსტიტუციური სამართლის კუთხით.
ბიზნესის დაცვაში სახელმწიფოს როლი ვლინდება აგრეთვე სანოტარო სამსახურის
მეშვეობით. ნოტარიატი ხორციელდება უფლებებისა და ფაქტების დადასტურების,
დოკუმენტების დამოწმების, სხვა მოქმედებათა შესრულების იურიდიული მტკიცებულების
უზრუნველყოფის მიზნით. ნოტარიუსები ამტკიცებენ არასადავო საქმეებს
ერთპიროვნულად, ადგენენ იურიდიულ ფაქტებს წერილობითი მტკიცებულებების
საფუძველზე ისე, რომ ამისათვის არაა საჭირო სასამართლო პროცესი და საჯაროობის
პრინციპი. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, გარიგებათა დამოწმების, ქონების გასხვისებაზე
აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმების დროს, ნოტარიული ქმედება მიმართულია
მეწარმის დაცვაზე. ნოტარიუსების კომპეტენციაში შედის ბიზნესის დასაცავად მიმართული
შემდეგი ქმედებები:
 ბიზნეს-გარიგებების დამოწმება; ქონების გასხვისებაზე აკრძალვის დადება და
მოხსნა;
 დოკუმენტის ან მისგან ამონაწერის დამოწმება;
 დოკუმენტზე ხელმოწერის სინამდვილის დადასტურება;
 ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სინამდვილის დადასტურება;
 დამოწმება იმ ფაქტისა, რომ მოქალაქე ცოცხალია;
 დამოწმება იმისა, რომ მოქალაქე იმყოფება განსაზღვრულ ადგილას;
 დამოწმება იდენტურობის მოქალაქის ფოტოზე გამოსახულ სურათთან.
ბიზნესის დაცვის კუთხით მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ
ნოტარიუსს არა აქვს უფლება გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის გახდა
ცნობილი ნოტარიული ქმედებების შესრულების დროს. ნოტარიული სტრუქტურები
შეიძლება არსებობდეს ორი სახის - სახელმწიფო და კერძო.
ბიზნესის დაცვის სახელმწიფო სტრუქტურების პარალელურად შეიძლება
არსებობდეს სხვადასხვა სახის არასამთავრობო სტრუქტურები, ან კერძო ორგანიზაციები,
რომელთა მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყონ ბიზნესის მდგრად განვითარებას და საჭიროების
შემთხვევაში დაიცვან მათი უსაფრთხოება. ასეთი ორგანიზაციები შეიძლება იყოს
სპეციალიზირებული სამმართველოები, ცენტრები, ფონდები, ინკუბატორები,
საკონსულტაციო დაწესებულებები, ბიზნეს-სკოლები და ა.შ.
ბიზნესის უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე
სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები და რეგიონული
ინტეგრაციული სტრუქტურები. უცხოეთის ქვეყნებში ორგანიზაციები, რომლებსაც ასე თუ
ისე აქვთ ურთიერთობა ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, როგორც წესი,
აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და კოორდინაციას უკეთებენ თავიანთ
საქმიანობას. ურთიერთობებისა და კოორდინირების ძირითად ფორმებს განეკუთვნება:
 ინფორმაციის გაცვლა ბიზნესის დაცვის კონკრეტულ საკითხებზე,
კონსულტაციები;
 ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, საკონსულტაციო საბჭოები, კომისიები;
 მათ შორის მდგრადი კავშირების დამყარება, რომელიც მიმართულია
კოორდინაციისა და უსაფრთხოების სრულყოფისაკენ.
ამრიგად, ბიზნესის დაცვის მართვაში მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება
სახელმწიფოს. უპირველეს ყოვლისა, მისი როლი მდგომარეობს შემდეგში:
- ბიზნესისათვის თანაბარი პირობების შექმნა. ზოგიერთ ქვეყანაში უცხოურთან
შედარებით ეროვნულ ბიზნესს უპირატესობა ენიჭება;
- კორუფციასთან და ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლა;
- მოსახლეობის მეწარმეობრივი და საერთო კულტურის ამაღლება;
- პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის შექმნა, ერთი მხრივ-მეწარმეობაზე,
ხოლო მეორე მხრივ-სამართალდამცავ ორგანოებზე;
- საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც
დაკავშირებულია ბიზნესის დაცვასთან.
უკანასკნელ პერიოდში გლობალიზაციის გაღრმავების კვალდაკვალ, განვითარებულ
ქვეყნებში სახელმწიფო სექტორის პარალელურად იზრდება კერძო სექტორის როლი
ბიზნესის დაცვაში. ამავე დროს, მიმდინარეობს ბიზნესის დაცვის ორგანიზაციების
სპეციალიზაცია, მათ მიერ შესრულებული საქმიანობის დიფერენციაცია, კავშირების
გაღრმავება კერძო დეტექტიურ ბიუროებსა და სახელმწიფო სპეციალურ სამსახურებს შორის,
რათა უფრო ეფექტიანი გახდეს ბიზნესის უსაფრთხოების დაცვა.

You might also like