Professional Documents
Culture Documents
აჩრდილი შინაარსი PDF
აჩრდილი შინაარსი PDF
ილია ჭავჭავაძე დიდხანს ხვეწდა და აღრმავებდა პოემა „აჩრდილის” მხატვრულ სისტემას. მის
საბოლოო ვარიანტში კი სრულყოფილად აისახა მწერლის სათქმელი, რომელმაც ქართველი
ერის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოიცვა _ ეს იყო თავისუფლების მოპოვების გზის
ძიება. მწერლის მთელ შემოქმედებას მსჭვალავს მამულის სატკივარი, მაგრამ „აჩრდილში” მას
სულ სხვაგვარი მხატვრული ინტერპრეტაცია მიეცა და ქართველი ერის გადარჩენის
ფილოსოფიურ, მითიურ-რელიგიური ასპექტები გამოხატა.
საქართველის უკვდავი სული „მყოფობს” მარად და ყველგან. ეს არის წმინდა დრო და წმინდა
სივრცე, სადაც ჟამი დგას და სივრცე უცვალებელია. იმავდროულად, იგი „გამჟღავნდება”
მიმდინარე, ცვალებად, ეგრეთ წოდებულ, პროფანულ დროსა და სივრცეში. ამ „გამჟღავნების”
მიზანი კი ერთია _ ღვთაებრივი ნებისა და საიდუმლოს მოკვდავთათვის გამჟღავნება.
ჩვეულებისამებრ, ამგვარი რამ წარმოჩნდებოდა ხოლმე, როგორც ხილვა. წორედ ამგვარ
ხილვაზე საუბრობს ილია პოემაში: „მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი”, „ნუთუ გათავდა ამით
ხილვა ეს…”. იმავდროულად, ეს მამა ღმერთთან „შეხვედრაცაა”, ხოლო „ძე”, რომელსაც მამასთან
მიჰყავს ძმები, დაცემული ადამიანები, ამ შემთხვევაში, მწერალია, რომელშიც დავანებულია
ქრისტე. პოემაში ეს ზიარება დახატულია იმგვარი ნიუანსებით, რომ მკითხველი გრძნობს მის
ღვთაებრიობას.
წარსულში იყვნენ გმირები, მაგრამ „აღარ არიან”, არადა, ისინი ერის მეხსიერებაში არ უნდა
„დახოცილიყვნენ”, ე. ი. მოკვდა ერის გონება, რომელმაც დაივიწყა ისინი და დავიწყების
სიცარიელე ამოავსო წარმავალი, ფუჭი ღირებულებებით. „ჯაგით აღვსილა” მეხსიერება, აქედან
გამომდინარე, ერი ვეღარ „მიემსგავსება” წინაპარს („ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება,
როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს” („დავით აღმაშენებელი”), „არ
ვიცით, რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ _ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია _ რანი ვიქნებით!
ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც
არაფერი გვესმის” („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”), წარსულსა და და აწმყოს შორის
გაწყვეტილია კავშირი, რაც ერისთვის თვითმკვლელობას ედარება. „რაღა დაბადავს თქვენში
დიდს გრძნობას?” _ კითხულობს ილია. ქვეყანა ავსებულია უსამართლობით, განუკითხაობით,
ურწმუნოებით, გამქრალია ქართველი ერის სიმყარის განმაპირობებელი „ჯვარცმული ღმერთის”
რწმენა.
ყოველ ქართველში არის „მარად და ყველგან მყოფის” ნაწილი. ვინც კარგავს მას, კარგავს
მამულსაც. მამულდაკარგული ასეთი ქართველების სიმრავლე ილიას საგონებელში აგდებდა და
გამუდმებით „აფხიზლებდა” ერის დაღუპვისაგან ხსნისათვის. მთელი მისი შემოქმედება ამის
გამოხატულებაა.
ილიამ „აჩრდილი” მიუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებშიც, მისი აზრით, წინაპართა სული
ცოცხლობდა, ხოლო ეპიგრაფში კი („რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა. იგი წავა
და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” („ვეფხისტყაოსანი”)) აისახა გამეორებისა და ცვლის
ერთიანობა და აუცილებლობა.
ერის ბედი წყდება „აქაც” და „იქაც” – მიწასა და ზეცაში _ ღვთისა და ხალხის ნებით. ეს ნება ან
ემთხვევა ერთმანეთს (როდესაც ერი ღმერთს მიჰყვება), ან _ არა (როცა ერი ღვთისკენ მიმავალ
გზას კარგავს). პოემა „აჩრდილში” მეორე შემთხვევაა დახატული. დაცემული ერი
გზადაბნეულია, ცოდვაში ჩავარდნილი, გადაგვარებული, „ფურთხის ღირსი” (აკაკი), ამიტომ
მისი ბედის გადაწყვეტისთვის ხდება ღვთაებრივ და დემონურ ძალთა „შეჯახება”. პოემაში
ჭექა-ქუხილი ფარავს აჩრდილს – ბნელი ძალა მზადაა ქვეყნის ჩასანთქმელად, ღვთაებრივი
სინათლე „იშრიტება”, მაგრამ ცა გადაიწმინდება (ღმერთმა არ მიატოვა საქართველო) და ისევ
გამოჩნდა „აჩრდილი”, რომლის ლოცვასაც მოჰყვა ცისარტყელა _ ნიშანი ღვთისა და კაცის
„შერიგებისა”. ერის სული, იგივე ერის მითიური სუბსტანცია, ღმერთმა სცნო გადარჩენის
ღირსად. ეს განხორციელდა „აჩრდილის” მხატვრულ დრო-სივრცეში. ილიას სურდა, რომ
რეალურადაც ასე ყოფილიყო. თვითონ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერს ეცოცხლა,
როგორც მთლიანობას, რომელიც გამჟღავნდებოდა მის ყოველ ნაწილში. ეს მთლიანობა კი
ყველაზე მძაფრად თვით მის პიროვნებაში გამოიხატა, რომელიც გაიგივდა „აჩრდილთან” _
„მარად და ყველგან მყოფ უკვდავ სულთან”.
წყარო: გ.ახვლედიანი