You are on page 1of 2

„ბედნიერება დაუოკებელი სწრაფვაა ბედნიერებისაკენ“,- აქედან გამომდინარე,

გურამის მიზანი განხორციელდა, თუმცა ამან მას სრული კმაყოფილება ვერ


განაცდევინა. მხოლოდ ღირსეული პიროვნება ისწრაფვის მუდამ უკეთესისკენ და არ
კმაყოფილდება მიღწეული შედეგით: „სადღაც გაქრა უსაზღვრო ვნებად ქცეული
სურვილი, ზედმეტი გრძნობისგან დაცლილ აზროვნებას დაუბრუნდა მოულოდნელი
სიცოცხლე“,- წერს ავტორი. გურამისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ტკბობა საკუთარი
თავით, არამედ იმ შედეგით, რეაქციით, განცდით, რომელიც დატოვა მისმა
საქციელმა ალავერდის ტაძარში შეკრებილ ადამიანებში.
საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება უმნიშვნელო იყო იმასთან შედარებით,
რაც მის ქმედებას უნდა მოჰყოლოდა.
ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ნ. ბარათაშვილის „მერანის“ შემდეგი ტაეპები:
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“.
ამ სტრიქონების ავტორის მსგავსად გურამ რჩეულიშვილსაც ჰქონდა გააზრებული
საკუთარი მიზნის მნიშვნელობა როგორც თანამედროვეთათვის, ასევე
შთამომავლებისთვის. მოთხრობის გმირის საქციელი რეალობას დროებით
მოწყვეტილ ადამიანებში შიშსა და მძაფრ რეაქციას იწვევს, რაც მათ აფხიზლებს
კიდეც. მაჰმადიან ლეკს თეთრ რაშზე მჯდომი გიორგი ეჩვენება, რომელიც
გამწყრალია მისი სისასტიკით. ამიტომ იგი შველას ევედრება როგორც ალაჰს, ასევე
ქრისტეს. „თითის წვერებზე გაჩერებული, გარინდული მოცეკვავე“, რომელიც
გუმბათზე მდგარს შეყურებს აღტაცებით, ვფიქრობ, საზოგადოების იმ ნაწილის
სახეა, რომელიც ჰაერივით, წყალივით სასიცოცხლოდ მიიჩნევს გურამის მსგავსი
ადამიანების თავგანწირვას, რათა კაცობრიობა განვითარდეს, „აძგერდნენ
ახალგაზრდა გულები, აღელდნენ მოხუცები“. მიუხედავად იმისა, რომ გურამის ხმა
ვერ აღწევს ხალხამდე, სანახაობა მუდმივად რჩება მათს მეხსიერებაში, როგორც
იდეისთვის, სიყვარულისთვის, პიროვნული თავისუფლებისათვის ჯვარცმული
ადამიანისა... (პარალელი- ალუდა, იგი, ჯოყოლა...)
გურამ რჩეულიშვილის გენიალური მოთხრობის გმირი თავად ავტორია.
„ალავერდობა“, ვფიქრობ, შემოქმედის საუკეთესო და გამორჩეული ნაწარმოებია.
მასში წამოჭრილი პრობლემა, პიროვნებისა და ბრბოდ ქცეული საზოგადოების
კონფლიქტი ისეთივე ძველია, როგორიცაა კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, დღემდე
აქტუალურია ინდივიდის საზოგადოებისაგან გარიყვის, დათრგუნვის, მორალური
თუ ფიზიკური განადგურების მცდელობა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ვერ იღებენ
განსხვავებულ აზრს, არ აფასებენ ნიჭს, ყოველგვარ ნაბიჯს, სინათლისკენ
გადადგმულს, ბოროტებად მიიჩნევენ და მზად არიან სიცოცხლე წაართვან
თანამოძმეს.
სიძულვილითა და შურისძიებით სავსე ადამიანებიმისდევენ მოთხრობის გმირს,
რომელიც „გარბის მაღლა მიმავალ საფეხურებზე“ ალავერდის ტაძარში. ის, ვინც
სცდებოდა მიწიერ ვნებებსა და სურვილებს, სულიერად მაღლდებოდა გურამივით,
ასევე შესაძლო იყო მსხვერპლად ქცეულიყო ბრბოსი, რომელიც სიბნელეში ძლივს
მიიკვლევდა გზას მსგავსად ლეკისა, რომელსაც შეეშინდა სინათლისა.
„ხანჯალმომარჯვებული“ ლეკი ზოგადი სახეა გაბოროტებული ადამიანებისა,
რომლებიც შეურაცხყოფილნი არიან გურამის საქციელით, მან ხომ დაბმული ცხენი
ახსნა, გაიტაცა, რათა ერთი მიზნით გაეერთიანებინა, გამოეფხიზლებინა ალავერდის
ტაძრის ეზოში მოქეიფე ბრბო. ღვთის სახლის წამბილწავთ არც უფლის რჩეული
დაინდეს ისევე, როგორც არ შეიბრალეს მაცხოვარი. (პარალელი- დ. გურამიშვილის
„მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“.
მოთხრობის ერთ-ერთ მონაკვეთში გურამი ჯვარზე გაკრული მაცხოვარივით დგას
ტაძრის გუმბათზე „ხელგაშლილი“ ისევე, როგორც ძის სიკვდილმა იხსნა
ცოდვებისგან კაცობრიობა. გურამის სურვილი იყო ბრბოს მეტამორფოზა, მისი
საზოგადოებად ქცევა. „გვირაბის მარადიულ დაწოლილ ვიწრო სიბნელეში“
იკვლევდა გზას მოთხრობის გმირი, რათა მზის სხივების „თვალისმომჭრელი
სიკაშკაშე“ შეეგრძნო. „მერანის“ მხედარივით უგზო-უკვლოდ მიისწრაფოდა
მიზნისკენ, არ უშინდებოდა დაბრკოლებებს, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა
საფრთხეს. გაბოროტებული, შურისძიების სურვილით გამსჭვალული ადამიანების
მეტაფორული სახეა „ბოხი, წრიპინა, ჩახლეჩილი ხმების მთელი კედელი“. ამით
ხაზგასმაა იმისა, რომ ეს არასრულფასოვანი ადამიანები არ დაინდობენ
განსხვავებულს.
„ღვინისოხშივრიან სუნთქვას“ ავტორი ლეკს უკავშირებს და ამ ეპითეტით
მიანიშნებს, რომ მდევრის სასმელით წაქეზებული სურვილი მხოლოდ სისასტიკეა.
გმირი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო, თუმცა „უსაზღვრო ვნებად
ქცეული სურვილი“ მას შიშზე ამაღლებდა. ამ ეპითეტის ავტორს გმირის სულიერი
ძალის დემონსტრირება სურდა, რადგან ყველას არ ძალუძს ხორციელი შიშის
დათრგუნვა და სიკვდილზე გამარჯვება. ეს იმ მოკვდავთა შესაძლებლობაა,
რომელთაც საკუთარ თავში ღვთის დაცვაც შეუძლიათ და კვლავ ადამიანად
დარჩენაც.

You might also like