You are on page 1of 1

ცალსახაა, რომ ხალხური ლექსი „შემომეყარა ყივჩაღი“ და გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის

პაემანი“ ერთსა და იმავე მოვლენას ეხმიანება. დავით აღმაშენებლის მიერ XII საუკუნეში
ქსნის ხეობაში ყივჩაღების ჩამოსახლება გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული . ამ
მოვლენიდან რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ ყივჩაღებმა თავს აიშვეს და მეტად
შეავიწროვეს ქართველები, განსაკუთრებით ‒ ქართველი ქალები. ხალხური ლექსი სწორედ
იმ დაძაბულობასა და დაპირისპირებას ასახავს, რაც ყივჩაღებთან თანაცხოვრებას მოჰყვა .
თავის მხრივ, გიორგი ლეონიძე ხალხურ ბალადას ეყრდნობა და გარკვეულწილად ეპასუხება
მას. სიმბოლისტი პოეტის ნაწარმოებში ავტორი ყივჩაღის ადგილას დგას, მისი თვალებიდან
იყურება. ხალხური ლექსის მთავარი გმირი კი უშუალოდ უპირისპირდება მას. აღსანიშნავია ,
რომ ლეონიძემ თავის ვერსიაში შეინარჩუნა „შემომეყარა ყივჩაღის“ დრო და ადგილი .
ორივე ლექსში მოქმედება მუხრანის საზღვართან ხდება ადრიან შემოდგომაზე .

ვფიქრობ, ორივე ლექსში ყივჩაღის რადიკალურად განსხვავებული სახეები გვეხატება .


ხალხურ ბალადაში მხატვრულად არის წარმოჩენილი ის პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა
XIII-XIV საუკუნეების საქართველო. გიორგი ლეონიძის ლექსს კი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ხალხური ვერსია საგმირო-სატრფიალო თემატიკაზეა. აქ წარმოჩენილი გვაქვს ნამდვილი
ქართველი მამაკაცის სახე, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას პირნათლად იცავს ,
მაგრამ, ამავდროულად, მზად არის „მტერს“ (ანუ ყივჩაღს) ორთაბრძოლა გაუმართოს და
ერთხელ მოპოვებული ქალი (ცოლი) ხელახლა დაიმსახუროს. ამ შემთხვევაში ყივჩაღი
მტერია და დანაშაულისთვის პასუხს საკუთარი სიცოცხლით აგებს. გიორგი ლეონიძემ კი
ცნობილი ფოლკლორული შედევრის პოეტური ვერსია კი არა, სრულიად ახალი ლირიკული
გმირი შექმნა. ყორღანებიდან გნოლის აფრენა სიკვდილში სიცოცხლის დაბადებას ნიშნავს .
ამ შემთხვევაში, პოეტი ყივჩაღს უკვდავებას ანიჭებს, როგორც მარადიული სიყვარულის
სიმბოლოს. ლექსში ლირიკული გმირი ბარბაროსია, რომელიც სხვა ხალხების ღირსებებსა
და ფასეულობებს პატივს არ სცემს: „მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,/ ვლეწე ტაძრები
კელაპტრიანი!“ ლეონიძე ყივჩაღის სიცოცხლის ტრაგიკულ დასასრულს გვიხატავს: ის
სიყვარულს ეწირება, რაც მკითხველში მისადმი თანაგრძნობას აღვივებს.

გიორგი ლეონიძემ თავის ლექსში „ყივჩაღის პაემანი“ მარადიული სიყვარული


დაგვიხატა, რომელიც არასდროს კვდება და ათასი წლის მერეც, ვარდის ფურცლობის დროს ,
ისევე აგიზგიზდება, როგორც მანამდე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს გრძნობა აძლევს
ყივჩაღს ძალას, მკვდრეთით აღდგეს და კვლავ ჩაუსაფრდეს თავის მიჯნურს მუხრანის
ბოლოს. იგი მზად არის წამიერი ვნებისათვის კიდევ ათასჯერ მოკვდეს. აღსანიშნავია , რომ
ლექსი რუსთველური ტაეპებით სრულდება: „ვარდის ფურცლობის ნიშანი არი/ და დრო
ახალი პაემანისა!..“ ‒ რომლებშიც მოქცეულია ნაწარმოების მთავარი სათქმელიც, თემაცა და
იდეური ჩანაფიქრიც. რაც შეეხება ლექსის მხატვრულ მხარეს, უნდა აღინიშნოს , რომ მასში
მრავლად ვხვდებით ტროპის სხვადასხვა სახეს. გიორგი ლეონიძე საოცარი დახვეწილობით
იყენებს მხატვრული შედარების ხერხს: „შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,/ როგორც ბადაგი
დადუღებისას.“ ‒ ამ გზით ის კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ყივჩაღის გრძნობას;
მეტაფორით: „ნეტამც ბადაგი არ დამელია“ ‒ ავტორი ლირიკული გმირის შინაგან განწყობას
გვიხატავს; რაც შეეხება ეპითეტებს, პოეტი ლექსში „მუზარადიან ქმარს“ ახსენებს , რომელიც
მკითხველისათვის სამშობლოს დამცველ გმირთან ასოცირდება.

You might also like