You are on page 1of 9

თემა 7.

გარემოს დაბინძურება მავნე ნივთიერებებითა და


ფიზიკური ზემოქმედებით
დღეს დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება ადგილი, რომელსაც კაცობრიობის
განვითარების კვალი არ ეტყობოდეს. მატერიალური მოთხოვნილებების მუდმივი ზრდის
ტენდენცია და მოგების წყურვილი მეწარმეებს თვალს არიდებინებს არასასურველ,
ნეგატიურ ეკოლოგიურ შედეგებზე, რასაც იწვევს მათი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება
ეკოსისტემების მიმართ. ასე იქცა ბუნებრივი გარემოს დაბინძურება გლობალურ ეკოლოგიურ
პრობლემად, რომელიც იწვევს ჩვენი პლანეტის ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური
პარამეტრების შეცვლას, არღვევს ბიოსფეროში მიმდინარე პროცესებს, მოქმედებს
ეკოლოგიური სისტემის მდგომარეობასა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. გარემოს
დაბინძურების დონე განსაზღვრავს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ეს უკანასკნელი კი
დაკავშირებულია ადამიანის ძირითად უფლებასთან – იცხოვროს სუფთა ბუნებრივ
გარემოში, რაც ერთიანად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვი
დედამიწის ყველა მკვიდრისთვის. თანამედროვე პირობებში ეკოლოგიური უსაფრთხოება
უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სამხედრო უსაფრთხოების დონეზე.
ეკოლოგიური დაბინძურება ნიშნავს ბუნებრივ გარემოში ახალი, უცხო ფიზიკური,
ქიმიური და ბიოლოგიური აგენტების შეტანას ან ბუნებრივად არსებული ასეთი აგენტების
რაოდენობის მკვეთრად მომატებას. გარემოს დაბინძურება რთული, მრავალწახნაგოვანი
პროცესია. საწარმოო ნარჩენებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ხშირად ჰაერისა და
წყლის მეშვეობით ახალ-ახალ ადგილებში გადაიტანება. ბევრი მათგანი ატმოსფეროს
კომპონენტებთან ურთიერთქმედების შედეგად უფრო საშიში ხდება. ადამიანები და
ეკოსისტემები ხშირად განიცდიან დამაბინძურებელი უცხო აგენტების სხვადასხვა
კომბინაციების ზეგავლენას. ეკოსისტემის ზოგიერთი რგოლი, ზოგ შემთხვევაში კი
მთლიანად ეკოსისტემა, ვერ უძლებს მათ ერთობლივ ზემოქმედებას და ინგრევა.
დამაბინძურებელი აგენტების გარკვეული შეხამება იწვევს მემკვიდრულ ცვლილებებს
ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში, გარდა ამისა, რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს
ადამიანის გენეტიკურ ფონდს, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციებს.
არსებობს ბუნებრივი და ანტროპოგენული წარმოშობის ეკოლოგიური დაბინძურება
ბუნებრივი დაბინძურების წყაროებია: მთის ქანების გამოტუტვა და გამოფიტვა, დედამიწის
სიღრმეებიდან აირების და ნახშირწყალბადების ამოფრქვევა, მიწისძვრები, წყალდიდობები,
ვულკანური ამოფრქვევები, მეწყერები, ტყის ხანძრები, ქვიშის ქარიშხლები და სხვა.
ანტროპოგენული დაბინძურების წყაროებია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება,
ყველა სახის წარმოება, ენერგეტიკა, ურბანისტიკა, სასოფლო-სამეურნეო და ადამიანთა
ყოფითი საქმიანობა, პერიოდულად – ტექნოგენური ავარიები, კატასტროფები და ომები.
ანტროპოგენული დაბინძურების მასშტაბები კატასტროფულად დიდია. ასე
მაგალითად, სხვადასხვა აირებისა და ჰაერში შეწონილი ნაცრის ყოველწლიური ვულკანური
გაფრქვევები მასა შეადგენს 30-300 მილიონ ტონას, მაშინ, როცა ანტროპოგენული
საქმიანობის შედეგად ემისირებული აირების მოცულობა დაახლოებით 19 მილიარდი ტონაა
წელიწადში.
გავრცელების მასშტაბების მიხედვით გამოყოფენ ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ
დაბინძურებას:

1
 ლოკალური – მაგალითად, გრუნტის წყლების დაბინძურება ტოქსიკური
ნივთიერებებით ქარხნის მახლობლად.
 რეგიონალური – ტყეების დაზიანება და ტბების დეგრადაცია „მჟავური ნალექების“
ზემოქმედებით ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების დონეზე.
 გლობალური – კლიმატის ცვლილება „სათბურის აირების“ დაგროვების შედეგად,
ოზონის შრის დაშლა და სხვა.
გამომწვევი აგენტების მიხედვით, დაბინძურებას ყოფენ შესაბამის სახეებად:
 ქიმიური
 ფიზიკური
 ბიოლოგიური
დამაბინძურებელი ნივთიერებების ზემოქმედების სიმძიმეს განსაზღვრავს სამი ფაქტორი:
1. ქიმიური ბუნება ანუ რამდენად აქტიური და მავნეა ის მცენარეთა და ცხოველთა
გარკვეული სახეობებისთვის
2. კონცენტრაცია – წყლის, ჰაერის ან ნიადაგის ერთეულოვან მოცულობაში არსებული
რაოდენობა
3. მდგრადობა – არსებობის ხანგრძლივობა წყალში, ჰაერში ან ნიადაგში.
ცნობილია, რომ სამრეწველო ნარჩენების რაოდენობა მოსახლეობის რიცხობრიობისა
და წარმოების მოცულობის ზრდის პროპორციულად იზრდება. ვიდრე ნედლეულის სახით
მხოლოდ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები გამოიყენებოდა (ხე-ტყე,
სელი, ბამბა, ტყავი, ცხიმები და სხვა), წარმოქმნილი ნარჩენები ნივთიერებათა წრებრუნვაში
ერთვებოდა და ამგვარად ხდებოდა ბუნებრივი თვითგაწმენდის პროცესი: მდინარეში
ჩამდინარე საპნიანი წყალი სწრაფად სუფთავდებოდა დამშლელი მიკროორგანიზმების
დახმარებით (რედუცენტებით); ხის დაწვისას გამოყოფილ ნახშირორჟანგს მცენარე
ითვისებდა ფოტოსინთეზის პროცესში; ნიადაგში შეტანილი ნაკელისა და სხვა ცხოველური
თუ მცენარეული ნაშთების დაშლის შედეგად გამოყოფილ ნახშირორჟანგსა და საკვებ
ელემენტებს – აზოტს, კალიუმსა და ფოსფორს მცენარე იყენებდა შემდგომი
განვითარებისათვის და ა.შ.
სულ სხვაგვარად მიმდინარეობს სინთეზური და მინერალური წარმოშობის
ნარჩენების – ქსენობიოტიკების (ცოცხალი ორგანიზმებისთვის უცხო ნივთიერებები,
რომლებიც არ მონაწილეობენ ბუნებრივ ბიოგეოქიმიურ წრებრუნვაში) გარდაქმნა,
რომლებიც არ აითვისება დამშლელი ორგანიზმების მიერ. ისინი გროვდება წყალსატევებში
ჩამდინარე წყლებთან ერთად და აბინძურებს მათ. ნავთობისა და ქვანახშირის წვის შედეგად
ატმოსფეროში გაფრქვეული გოგირდის ოქსიდები (SO2 და SO3) ჰაერის ტენთან და
ჟანგბადთან ურთიერთქმედებით წარმოქმნიან გოგირდმჟავას, რომელიც იხსნება
ატმოსფერულ ნალექებში და ზრდის მათ მჟავიანობას. ასე წარმოიქმნება გარემოსთვის
არასასურველი „მჟავური ნალექები“.
გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშია ისეთი საწარმოო ნარჩენები, სატრანსპორტო
საშუალებათა გამონაბოლქვები და წყობიდან გამოსული, უსარგებლო საგნები, რომლებიც
შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს ან ელემენტებს. მაგ.: მხოლოდ ერთი ლუმინესცენციური
ნათურა შეიცავს დაახლოებით 150 მგ. ვერცხლისწყალს. ერთი გატეხილი ნათურა
აბინძურებს დაახლოებით 500 000 მ³ ჰაერს. წყობიდან გამოსული, სანაგვეზე დაყრილი

2
ლამპებიდან გამოყოფილი ვერცხლისწყალი აბინძურებს ჰაერს, ნიადაგს და გრუნტის
წყლებს.
ოქტანური რიცხვის გასაზრდელად ბენზინში უმატებენ ტეტრაეთილტყვიას
(C2H5)4Pb. ტყვია, რომელიც საწვავის წვის პროდუქტებთან ერთად გაიფრქვევა გარემოში,
გარდა იმისა, რომ აბინძურებს ჰაერს, ილექება მცენარეებსა და ნიადაგზე მაგისტრალის
გასწვრივ. 1გ. ტყვიას შეუძლია დააბინძუროს დაახლოებით 1 400 000 მ³ ჰაერი. ისტორიკოსის
ჯონ მაკლეინის აზრით, ამერიკელმა ქიმიკოსმა და ინჟინერმა, 100 პატენტის ავტორმა ტომს
მიგდლიმ (1889-1944), რომელმაც გამოიგონა ბენზინის დანამატი – ტეტრაეთილტყვია და
მაცივრებისა და დეზოდორანტების აგენტი – ქლორფტორნახშირწყალბადები (ფრეონები),
ისეთი ზიანი მიაყენა ატმოსფეროს, როგორც არც ერთმა ადამიანმა დედამიწის არსებობის
ისტორიაში.
გარემოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში დამაბინძურებლებია
ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ნავთობის მოპოვების ზრდასთან ერთად იზრდება მისი
დანაკარგებიც ტრანსპორტირების, გადამუშავების, მოხმარების პროცესში (გაჟონვები და
აორთქლება) და ასევე, ავარიების დროს. მსოფლიო ოკეანე ყოველწლიურად ბინძურდება 15-
17 მილიონი ტონა ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით. წყალსატევში მოხვედრილი
ნავთობი ან ნავთობპროდუქტი წარმოქმნის წყლის ზედაპირზე მოტივტივე აფსკს,
შემდგომში მისი მცირე ნაწილი იხსნება წყალში და წარმოქმნის მდგრად ემულსიას,
რომელიც ილექება წყალსატევის ფსკერზე. წყალში ნავთობპროდუქტების 0,05-0,1 მგ/ლ
კონცენტრაციისას ნადგურდება ახალგაზრდა თევზი, აღარ წარმოებს თევზჭერა, რაც იწვევს
საკვებად გამოსაყენებელი თევზისა და ხიზილალის დეფიციტს. 0,1-1,0 მგ/ლ კონცენტრაციის
შემთხვევაში იღუპება პლანქტონი (უმარტივესი ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ
წყალსატევში და წარმოადგენენ თევზების საკვებს), ხოლო 10-15 მგ/ლ შემცველობა
მომაკვდინებელია მოზრდილი თევზებისთვისაც. თუ კონცენტრაცია 0.05-0,5-მდეა, თევზი
იძენს ნავთის არასასიამოვნო სუნს.
ჰაერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ორთქლის 10 მგ/ლ და მეტი
შემცველობა ადამიანში იწვევს სუნთქვის ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის
დაავადებებს, მუდმივ მოთენთილობას. გარემოში მოხვედრილი ნავთობპროდუქტები
თანდათან იჟანგება ბაქტერიებით და გარდაიქმნება არამომწამვლელ ნივთიერებებად.
წყალსატევში თვითგაწმენდის პროცესი მიდის ნელა და ისიც მხოლოდ თბილ სეზონში
ჟანგბადის საკმარისი რაოდენობისას. ასე მაგალითად, თუ წყალსატევში ნავთობპროდუქტის
შემცველობა 1 გ/ლ-ია, თვითგაწმენდის პროცესი 20-30 დღეში მთავრდება.
ნავთობპროდუქტების ბაქტერიული დაშლა 5-10°C-ზე პრაქტიკულად შეჩერებულია. ასევე
დიდ საშიშროებას წარმოადგენს წყალსატევებისთვის მინერალური სასუქები, რომელთა 30%
მინდვრებიდან ჩაირეცხება. დაბინძურებულ წყალში წყალმცენარეები კვდებიან, იწყება მათი
ლპობა, რასაც თან ახლავს წყალში გახსნილი ჟანგბადის ხარჯვა. ჟანგბადის რაოდენობის
შემცირება კი იწვევს თევზის დაღუპვას. საბოლოოდ წყალი გამოუსადეგარი ხდება არა
მარტო ყოფა-ცხოვრებისათვის, არამედ ტექნიკური მიზნებისთვისაც.
ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოს უარყოფით ზემოქმედებას
ცოცხალ ორგანიზმებზე „ეკოლოგიურ ხაფანგს“ უწოდებენ. ასეთი ხაფანგის მაგალითია
მეთილვერცხლისწყლის (CH3Hg) ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე

3
პროცესებზე (მინამატის დაავადება). მდინარეებსა და ტბებში ატმოსფეროდან მოხვედრილი
ვერცხლისწყალი ფსკერის ბაქტერიების ზემოქმედებით გარდაიქმნება
მეთილვერცხლისწყლად, რომელიც შემდგომში თევზში გროვდება. ასეთი თევზის საკვებად
მოხმარება ადამიანის მოწამვლას განაპირობებს, რადგან მეთილვერცხლისწყალი ძლიერ
ნეიროტოქსიკანტს წარმოადგენს. ფართოდაა ცნობილი 1953 წ. ვერცხლისწყლით
დაბინძურებული თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების მოხმარების შედეგად მინამატას
ყურის (იაპონია) სანაპიროს მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა. დაბინძურების წყაროდ
იქცა ქიმიური ფაბრიკა, სადაც ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა კატალიზატორის სახით
პოლივინილქლორიდის მიღებისას. აღნიშნული კატასტროფა მინამატის კატასტროფის
სახელწოდებითაა ცნობილი, ხოლო ვერცხლისწყლით გამოწვეული მოწამვლა – მინამატის
დაავადების. მოცემულ რეგიონში მინამატის დაავადებისაგან დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი
და მრავალმა ათასმა მიიღო მძიმე დაზიანებები.
ცნობილია, ასევე, ზოგიერთი პესტიციდის (მცენარეთა დაცვის საშუალებათა)
ნეგატიური ზემოქმედება, მაგალითად, დიქლორდიფენილტრიქლორეთანისა (DDT, იგივე
დუსტი). ამ ნაერთის ინსექტიციდური თვისებების აღმომჩენი მეცნიერები ნობელის პრემიით
დაჯილდოვდნენ, თვითონ პრეპარატის ყოველწლიური წარმოება 30 წლის განმავლობაში 100
000 ტ. აღწევდა. მართალია, მისმა გამოყენებამ იმ პერიოდში მრავალი სასოფლო-სამეურნეო
კულტურა და ტყის ნარგავი გადაარჩინა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ტოქსიკურია
თბილსისხლიანი ცხოველებისთვის და პროგრესულად გროვდება კვებითი ჯაჭვების
რგოლებში. ამ გზით აღმოჩნდა DDT არქტიკაში მცხოვრები პინგვინების ქსოვილებში.
ამჟამად ამ პრეპარატის წარმოება აკრძალულია. ცნობილია, რომ კვებით ჯაჭვებში მოქმედებს
ტოქსიკური ნივთიერებების პროგრესულად დაგროვების, ანუ ბიომაგნიფიკაციის კანონი.
DDT-ს მსგავსად მრავალი სხვა ქიმიური პრეპარატიც გადადის კვებითი ჯაჭვების
ტროფიკულ დონეებზე შემდეგი სქემით: საქონლის საკვები-რძე-კარაქი.
განსაკუთრებით საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისთვის დიოქსინები, რომლებიც
წარმოიქმნება სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში: ცელულოზა-ქაღალდის წარმოებისას,
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდისას, სასმელი წყლის დაქლორვისას, ნარჩენებისა
და საწვავის წვისას. ეს ნივთიერებები გაცილებით ტოქსიკურებია, ვიდრე მძიმე მეტალების
ქლორორგანული პესტიციდები და უფრო კანცეროგენულებია, ვიდრე არომატული
ნახშირწყალბადი – ბენზსპირენი. დიოქსინების დაგროვება ორგანიზმში იწვევს მწვავე და
ქრონიკულ მოწამვლას, ნაყოფის მოშლას ორსულებში, ღვიძლის დაშლას, ავთვისებიან
სიმსივნეებს, იმუნოდეფიციტსა და სხვა.
„ეკოლოგიურ ხაფანგს“ წარმოადგენს აგრეთვე სოფლის მეურნეობაში სასუქებად
გამოყენებული ნიტრატები. ნიტრატების ჭარბი რაოდენობა ვერ ასწრებს ნივთიერებათა
ცვლის პროცესში მონაწილეობას, გროვდება მცენარის ფოთლებში, ღეროებსა და ფესვებში.
თვითონ მცენარისთვის ჭარბი ნიტრატი საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ საკვებთან
ერთად ორგანიზმში მოხვედრისას ის გარდაიქმნება უფრო ტოქსიკურ ნივთიერებად –
ნიტრიტად, რომელიც ამინებთან და ამიდებთან ურთიერთქმედებით წარმოქმნის
ნიტროზონაერთებს – ნიტროზოამინებსა და ნიტროზოამიდებს. ჭარბსასუქიანი
პროდუქტებით კვებისას ორგანიზმში დაგროვილი ნიტრატები იწვევს ნივთიერებათა ცვლის
მოშლას, ნერვულ აშლილობას და ალერგიულ რეაქციებს. სისხლში მოხვედრილი ნიტრატები

4
ჰემოგლობინის ორვალენტიან რკინას გარდაქმნიან სამვალენტიანად, რაც იწვევს
ფილტვებისა და ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას შეფერხებას. ნიტროზონაერთებს კი
შეუძლიათ გამოიწვიონ კუჭის კიბო, ლეიკოზი და სხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეები. 1კგ.
მასაზე 5 მგ-ზე მეტი ნიტრატის მოხვედრა უკვე საშიშია. დღიური ნორმა ნიტრატებისა არ
უნდა აღემატებოდეს 320 მგ-ს, ხოლო ნიტრიტებისა – 9 მგ-ს.
„ეკოლოგიური ხაფანგის“ კიდევ ერთი ნიმუშია რადიონუკლიდების შემცველი
რადიოაქტიური ნარჩენები, რომლებიც გარემოში ხვდებიან სამრეწველო ნარჩენებთან ერთად
ან ატომური ენერგეტიკის რადიოაქტიური გაფრქვევის შედეგად. რადიონუკლიდები
იზოტოპებია, რომლებიც გამოყოფენ რადიოაქტიურ მაიონიზირებელ სხივებს. ამ სხივებს
შეუძლიათ ელექტრონები წაართვან ერთი სახის ატომებს და მიუერთონ მეორეს და
ამგვარად უარყოფით და დადებით იონებად დაშალონ მოლეკულები. ზოგიერთ ელემენტს
ყველა იზოტოპი რადიოაქტიური აქვს, ასეთებია: ტექნეციუმი, პრომეთეუმი და
მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტი, რომელიც მოქცეულია პოლონიუმსა და
ტრანსურანს შორის. გარემოს რადიოაქტიურ დაბინძურებაში „დიდი წვლილი“ შეიტანა
ატომური იარაღის გამოცდამ, რომელმაც გამოიწვია რადიონუკლიდების შემცველი
ნალექების მოსვლა. ორგანიზმის რადიოაქტიური დაბინძურება ხდება კონტაქტური გზით
(კანისა და ტანსაცმლის დაბინძურება) ან ჰაერში არსებული რადიონუკლიდების
შესუნთვით, დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღებით. ყველაზე უარყოფით გავლნას
რადიონუკლიდბი ახდენენ მაღალორგანიზებულ არსებებზე, მათ შორის, ადამიანებზე,
ხოლო ყველაზე ნაკლებს – მიკროორგანიზმებზე. შედეგი კი ყველასთვის ერთნაირია –
მუტაგენური და ბლასტომოგენური ეფექტი. მაგალითად, იოდი-131-ის ნაკლებობისას
ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ხოლო სიჭარბისას წარმოიქმნება ავთვისებიანი
სიმსივნე. არაკლებ საშიში რადიონუკლიდია სტრონციუმ 90, რომელიც ბირთვული
გამოცდის დროს წარმოიქმნება რეაქტორში. ის ორგანიზმში აღწევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის,
ფილტვების და კანის საშუალებით, გროვდება ჩონჩხში და რბილ ქსოვილებში, იწვევს
პათოგენურ ცვლილებებს სისხლში, შინაგან სისხლდნას და ძვლის ტვინის დესტრუქციას.
ხანგრძლივი მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმსივნე და ლეიკოზი.
დაბინძურების შედეგები შეიძლება მომენტალურად არ გამოვლინდეს, ამიტომ მისი
ინდიკაცია აუცილებელია დაწყებისთანავე.
გარდა ქიმიური (ინგრედიენტული) დაბინძურებისა, სულ უფრო მასშტაბურად
იზრდება ფიზიკური დაბინძურებაც, რომელიც ცვლის ბიოსფეროს ფუნდამენტალურ
ფიზიკურ პარამეტრებს. მთელ რიგ შემთვევებში გარემოს ქიმიური დაბინძურება იწვევს
ფიზიკურ ცვლილბებს. ატმოსფეროში CO2-ის შემცველობის გაზრდის გამო იცვლება
დედამიწის სითბური რეჟიმი. რადიოაქტიური იზოტოპების გაფრქვევისა და ოზონის შრის
დაშლის შედეგად ჩვენი პლანეტის ზედაპირზე იზრდება რადიაციის დონე. ენერგიის
გარდაქმნა ტექნიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში საბოლოო ჯამში იწვევს გარემოს
სითბურ დაბინძურებას. დედამიწაზე დაცემული და მისგან არეკლილი მზის სხივების
ენერგია განსაზღვრავს დედამიწის ზედაპირის სითბურ ბალანსს. ხოლო, ენერგიის სხვა
წყაროები – ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ატომური ენერგია და სხვა – დამატებით
იწვევს სითბოს დაგროვებას პლანეტის ზედაპირზე და მისი სითბური ბალანსის დარღვევას.

5
მსგავსი რამ არ ხდება ენერგიის ისეთი განახლებადი წყაროების გამოყენებისას, როგორიცაა
მზის, ქარის და წყლის ენერგია.
აღსანიშნავია, რომ გარემოში ჭარბი სითბო გროვდება არა მარტო ენერგიის
მოხმარების, არამედ მისი გამომუშავების დროსაც. ატომურ- და თბოელექტროსადგურებში
ენერგიის გენერაციის სპეციფიკა ისეთია, რომ მიღებული ელექტროენერგიის ყოველ
ერთეულზე გარემოში გამოიყოფა 2-3 ერთეული სითბური ენერგია. აკად. ნ.ნ. სემიონოვის
გამოთვლებით, დამატებითი სითბური ენერგია არ უნდა აჭარბებდეს დედამიწაზე
დაცემული მზის ენრგიის 5%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში „სითბური ბარიერის“
გადამეტებისას მოხდება ტემპერატურის აწევა დედამიწის ზედაპირზე.
სითბური (თერმული) დაბინძურების გარდა მავნე ფიზიკურ ზემოქმედებას
მიეკუთვნება ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველების გავრცელება. ხმაურად
ითვლება ყოველგვარი არასასიამოვნო ან არასასურველი ხმა ან ხმათა ერთობლიობა,
რომელიც ხელს უშლის საჭირო ბგერითი სიგნალების აღქმას. ხმაური იწვევს
გამაღიზიანებელ და მავნე ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, აქვეითებს მის
შრომისუნარიანობას, იწვევს სმენის ორგანოთა დაავადებებს, სიყრუეს, უარყოფითად
მოქმედებს გონებრივ საქმიანობაზე. ხმაურის გავლენით იცვლება ფიზიოლოგიური
პროცესები ცხოველთა ორგანიზმებში, მასზე რეაგირებენ მცენარეებიც. ხმაურის დონე
იზომება დეციბილებში (დბ): საზენიტო ქვემეხის გასროლის ხმა ტოლია 170 დბ, ორკესტრის
მუსიკის – 110 დბ, სატვირთო ავტომობილის – 90-100 დბ, მეტროსი – 80-90 დბ, სოფლებში
ხმაურის დონეა 30 დბ.
ხმაურის ძირითადი წყაროებია: ტრანსპორტის ყველა სახეობა, სამრეწველო
ობიექტები, მაღალხმიანი სალაპარაკო მოწყობილობები. დამატებით ხმაურს იწვევს
ლიფტების მუშაობა, სანიტარულ-ტექნიკური მომსახურეობა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე
დაკვრა, რადიო-ტელევიზორების ექსპლუატაცია და სხვა. ხმაური, რომელიც ყველგან
დაჰყვება ადამიანს შინ, სამსახურში თუ ქუჩაში, ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-
ერთი ძირითადი გამაღიზიანებელი ფაქტორია. ხმაურის უარყოფითი ზეგავლენისაგან თავის
დაღწევის გზებია უხმაურო მანქანებისა და მექანიზმების შექმნა, ტრანსპორტის ნაკადის
მოწესრიგება, საცხოვრებელი შენობების ეკრანირება სატრანსპორტო მაგისტრალებისაგან.
ანტროპოგენული წარმოშობის მავნე ფიზიკური ფაქტორია ელექტრომაგნიტური
ველების გავრცელება. ამ სახის დაბინძურების წყაროებია: რადიო და ტელეგადამცემი
მოწყობილობები, მაღალძაბვიანი ელექტროგადამცემი ხაზები, მრავალრიცხოვანი
ელექტრომანქანები (ძრავები, გენერატორები, და სხვა), ელექტროფიცირებული ტრანსპორტი,
რადიოლოკაციური დანადგარები და სხვა. ხელოვნური ელექტრომაგნიტური ველები,
რომლებიც მთლიანობაში ქმნიან დამატებით ელექტრომაგნიტურ ფონს ჩვენ პლანეტაზე,
მნიშვნელოვნად ცვლის დედამიწის მაგნიტო- და იონოსფეროებს, ბუნებრივ სტრუქტურებს,
იწვევს ადგილობრივ და გლობალურ ანომალიებს. რაც შეეხება ადამიანს, ასეთი ველები
მოქმედებს მის ნერვულ სისტემაზე, იწვევს თავის ტკივილს, უძილობას გადაღლას. ამჟამად
მიდის ინტენსიური მუშაობა ადამიანზე ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების
შესწავლისა და მათი ზღვრული დონეების ნორმირებისათვის. ელექტრომაგნიტური
ტალღები შთაინთქმება ნიადაგის მიერ და ეკრანირდება ადგილობრივი რელიეფის მიერ.
ხეები და შენობები რამდენადმე ცვლის ელექტრომაგნიტური ველის სურათს. ადამიანზე

6
ელექტრომაგნიტური ველის უარყოფითი ზეგავლენის შესუსტების მიზნით აუცილებელია
დასახლებული პუნქტების განლაგებისა და ადგილმდებარეობის რელიეფის
გათვალისწინება გადამცემი მოწყობილობების და მაღალვოლტიანი ხაზების პროექტირების
დროს. არ არის რეკომენდებული დასასვენებელი ადგილის შერჩევა მაღალძაბვიანი ხაზების,
ელექტროქვესადგურებისა და რადიოგადამცემი მოწყობილობების და აეროდრომული
რადიოლოკატორების მოქმედების ზონის სიახლოვეს.
ბიოლოგიურ დაბინძურებად ითვლება:
1) გარემოში (წყალში, ატმოსფეროში, ნიდაგსა და საკვებ პროდუქტებში)
მიკროორგანიზმების შეღწევა/გამრავლება, რასაც მოსდევს ადამიანებისა და ცხოველების
დასნებოვნება;
2) ეკოსისტემაში უცხო ორგანიზმების მოხვედრა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ
ადამიანების ჯანმრთელობაზე და მათ სამეურნეო საქმიანობაზე, მაგალითად, ასე მოხდა
ევროპაში კოლორადოს ხოჭოს, საქართველოში ამერიკული პეპლისა და აზიური ფაროსანას
გავრცელების შემთხვევაში.
ბიოლოგიური დაბინძურების წყაროებია: ბაქტერიები, ობის სოკოები, ცხოველების
ბეწვი, მცენარეული ალერგენები, ყვავილის ქოთნიდან გადმოყრილი მიწა, ტარაკნების,
თაგვებისა და რწყილების ცხოველმყოფელობის პროდუქტები, კონდიციონერით
შემოტანილი ქუჩის მტვერი, ცხოველების ნერწყვი, რომელიც მტვერთან ერთად ადის ჰაერში.
მათმა მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ბრონქიტი,
ასთმა, ჰაერით გადამტანი ინფექციები (გრიპი, წითელა, ტუბერკულოზი და ა.შ.). როგორც
ვხედავთ, არც ბიოლოგიურ დაბინძურებაა ნაკლებად საშიში. გავიხსენოთ ქოლერის, შავი
ჭირის, გრიპის ეპიდემიები, რომელთაც იწვევს ვირუსები და მიკროორგანიზმები.
არასაკმარისად გასუფთავებული საყოფაცხოვრებო წყლები დიდი რაოდენობით შეიცავს
მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევენ ნაწლავების, კანისა და სხვა ორგანოების
დაავადებებს. ბიოლოგიურ დაბინძურებად ითვლება, აგრეთვე, გენური ინჟინერიაც,
რომელიც გულისხმობს გენების ჩანერგვას ერთი ორგანიზმიდან და მეორეში.
კიბერნეტიკის პოზიციიდან დაბინძურება განიხილება, როგორც ეკოსისტემაში
არსებული დაბრკოლებათა კომპლექსი, რომელიც გავლენას ახდენს ენერგიისა და
ინფორმაციის ნაკადის გავრცელებაზე კვებით ჯაჭვებში. ეს დაბრკოლებები აჭარბებს
ორგანიზმების ტოლერანტობის უნარს, რომელიც განისაზღვრება ევოლუციურად
ჩამოყალიბებული რეაქციის ნორმით ანუ ეკოლოგიური სტანდარტით. დღეისთვის
დედამიწაზე თითქმის არ არსებობს სისტემა, რომელსაც არ შეხებოდეს ანთროპოგენული
ზემოქმედება. დაბრკოლება (დაბინძურება) შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან ზღვრული.
მაგალითად, შხამქიმიკატებით ტყის მავნებლების მოსპობა, ცხოველთა პოპულაციის ერთი
ნაწილის მონადირება, თევზის რომელიმე სახეობის რეწვა ნაწილობრივი დაბრკოლების
მაგალითია, რადგან ეხება კვებითი ჯაჭვის ცალკეულ რგოლებს და არა მთელ ჯაჭვს. რაც
უფრო რთულია კვებითი ჯაჭვი ანუ ეკოსისტემის სტრუქტურა, მით ნაკლებ გავლენას
ახდენს მასზე ასეთი დაბრკოლება. გარემოში ქსენობიოტიკების ემისია, მაგალითად,
გოგირდისა და აზოტის ოქსიდებისა, ნახშირწყალბადებისა, ფტორის, ქლორის, მძიმე
მეტალების ნაერთებისა და მრავალი სხვა, რადიკალურად ცვლის გარემოს ხარისხს,
დაბრკოლებებს ქმნის პროდუცენტების დონეზე და ამით იწვევს ეკოსისტემის სრულ

7
დეგრადაციას, ვინაიდან იღუპება ძირითადი ტროფიკული დონე – პროდუცენტები
(მცენარეები).

სამრეწველო რაიონების ნიადაგში მძიმე მეტალების არსებობა ამცირებს სასოფლო-


სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას. ტყის ნარგავების გაჩეხვა ან ყამირი სტეპის
გდახვნა ნიშნავს ამ ადგილზე არსებული ეკოსისტემების განადგურებას. ამ ეკოსისტემების
ადგილზე უკეთეს შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ახალი, მაგრამ ნაკლებპროდუქციული
ეკოსისტემა, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება მოხდეს ნიადაგის ეროზია ან გაუდაბნოება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკოსისტემების რღვევა ნიშნავს ბიოსფეროს მთლიან დეგრადაციას,
მისი საერთო პროდუქციის შემცირებას. ზოგიერთ შემთხვევაში დაბინძურება შეიძლება
გამოიწვიოს გაუთვალისწინებელმა ქმედებამ, მაგალითად, აშშ-ს წყალსაცავების
დაბინძურების საშიში წყარო აღმოჩნდა სპორტული ნადირობა, რის გამოც ტყვიის საფანტის
გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაც კი გაჩაღდა, ვინაიდან წყლის ფრინველებს ის საკვებში
ერეოდათ და ყლაპავდნენ მას, რის გამოც ტყვიით მოწამვლისაგან აშშ-ში ყოველწლიურად 2,4
მლნ. ფრინველი იღუპებოდა. ეკოლოგიური თვალსაზრისით ძუძუმწოვრებზე და
ფრინველებზე სპორტული ნადირობა წარმოადგენს პოპულაციაზე ზემოქმედების ახალ
ფორმას, დაბრკოლებათა კომპლექსს ანუ დაბინძურებას.
ეკოლოგიური დაბინძურების ნეგატიური შედეგები ასეთია:
 გარემოს ხარისხის გაუარესება, რაც თან ახლავს დაბინძურებას, უარყოფითად
მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე. იწვევს ადამიანის, როგორც საზოგადოების
მთავარი საწარმოო ძალის, ფიზიკური და მორალური მდგომარეობის გაუარესებას.
 ადამიანების მიერ ნედლეულისა და სხვადასხვა მასალების მოპოვებისა და
დამუშავების დროს ადგილი აქვს ნივთიერების, ენერგიის, შრომისა და სხვადასხვა
საშუალებების დანაკარგებს, რომლებიც ნარჩენების სახით გაიბნევა გარემოში.
 გარემოს გლობალურ ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების შეცვლა არყევს როგორც
ცალკეული ეკოსისტემების, ისე მთლიანად ბიოსფეროს მდგრადობას.
 ნაყოფიერი მიწების დაკარგვა, იწვევს ეკოლოგიური სისტემებისა და მთლიანად
ბიოსფეროს პროდუქტიულობის შემცირებას.
მცდარია აზრი, თითქოსდა არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრა უფრო
სასწრაფო და მნიშვნელოვანია, ვიდრე გარემოსდაცვითი პრობლემებისა. არც ერთი სხვა
პრობლემა, გარდა თერმობირთვული ომის საშიშროებისა, არ მოასწავებს კაცობრიობის
დაღუპვას. ომის აცილებას და გარემოს დაცვას ერთი მიზანი აერთიანებს – აარიდონ ხალხს
მასობრივი განადგურება.
დაბინძურების ნეგატიური შედეგები ვრცელდება დროსა და სივრცეში. სამეურნეო
საქმიანობის შედეგად ბუნებრივ გარემოში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები პირველ
რიგში აბინძურებს ჰაერს, წყალსაცავებსა და ნიადაგებს. მათში ხდება ჭუჭყის გადანაწილება.
მაგალითად, დამაბინძურებელი ნივთიერებები ატმოსფეროდან და ნიადაგიდან ჩაირეცხება
ნალექების მიერ და ამ გზით ხვდება წყალსატევებში. გრუნტზე დაღვრილი აქროლადი
ნივთიერებები (ნავთობი, ნავთობპროდუქტები და სხვა) ნაწილობრივ აორთქლდება და
აბინძურებს ატმოსფეროს, არააქროლადი ფრაქციები კი დამდნარი თოვლისა და წვიმის
წყლის მეშვეობით ჩაირეცხება მდინარეებსა და წყალსატევებში. ამგვარად, ჰაერის, წყლისა და
ნიადაგის დაბინძურება თანდათან იწვევს დამაბინძურებელი ნივთიერებების გავრცელებას

8
გარემოს დანარჩენ კომპონენტებში. ჰაერის მასებს, მდინარეებისა და ზღვების დინებებს
ჭუჭყი შორ მანძილზე გადააქვს. ადამიანის ორგანიზმში ეს ნივთიერებები ხვდება
დაბინძურებული წყლის მიღებისას და დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვისას. საკვები
პროდუქტები ტოქსიკური ნივთიერებებით ბინძურდება დაბინძურებულ ნიადაგზე
მოყვანისას და ასევე დაბინძურებული წყლით მორწყვისას. ანალოგიური გზით ხვდება მავნე
ნივთიერებები ზღვის ცხოველებში და გროვდება მათში. როგორც ვხედავთ,
დაბინძურებული გარემოს დამღუპველი შედეგები გადაუდებლად მოითხოვს
დამაბინძურებელი ნარჩენების ემისიის მაქსიმალურად შეზღუდვას. ამ პრობლემის გადაჭრა
შეიძლება წარმოებისა და მოხმარების უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვით, სამრეწველო
საწარმოებში, სატრანსპორტო საშუალებებში, კომუნალურ და სხვა ობიექტებში აირადი
გამონაბოლქვების, ჩამდინარე წყლებისა და მყარი ნარჩენების დამჭერი, გადამამუშავებელი
და გამაუვნებელი სისტემების დამონტაჟებით. ახალი ქიმიური ნივთიერებების
სინთეზირებისას, მანქანებისა და ტექნოლოგიების პროექტირებისას გათვალისწინებული
უნდა იქნეს ბუნებრივ გარემოზე მათი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი. ამ მიზნით უნდა
ჩატარდეს ეკოლოგიური ექსპერტიზა.

You might also like