You are on page 1of 10

3.

სიცოცხლის განვითარება
დედამიწაზე
პერმულ პერიოდში ედიაკარას ფაუნის გადაშენების შემდეგ
მრავალუჯრედიანებს ხელმეორედ უნდა დაეწყოთ ევოლუცია. დაახლოებით 600 მლნ
წლის წინათ დედამიწის გეოლოგიური სკალის პალეოზოური ერის საწყის ეპოქაში
ხელმეორედ იწყებს ევოლუციას მრავალუჯრედიანები. პირველი ორგანიზმების -
ღრუბელების სახით - Porifera.
აღნიშნულ პროცესს მთლიანად შეეწირა ედიაკარას ფაუნა, შესატყვისად,
ჰეტეროტროფთა გამრავალუჯრედიანება ხელმეორედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ
მოხდა პალეოზოური ერის დასაწყისში, ე.ი. 600 მილიონი წლის წინათ.
როდესაც დედამიწის მაგმიდან ამოფრქვევების შედეგად, მსოფლიო ოკეანე
გამდიდრდა მინერალური ნივთიერებებით. მსგავსად ჟანგბადისა, გარემოში ესოდენ
ჭარბად წარმოდგენილი მინერალური ნივთიერებები. ამ ნივთიერებების ორგანიზმში
გამოიწვია ჩონჩხის წარმოქმნა. ეს თავდაპირველად იყო ეგზოჩონჩხი (გარეგანი
ჩონჩხი). ჩონჩხს ძალიან დიდი სელექციური მნიშვნელობა ჰქონდა. ის ორგანიზმებს
იცავდა როგორც ბიოტური, ასევე აბიოტური ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
„ჩონჩხიანების“ ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ დედამიწის ქერქში შედარებით მეტი
პალეონტოლოგიური ნამარხი მასალა რჩება, ვიდრე ეს ჩონჩხამდე იყო. ჩონჩხამდე
ცხოველური ორგანიზმები მცენარეების მსგავსად ტოვებდნენ მხოლოდ ანაბეჭდებს.
თვით არქეოპტერიქსი კირქვის ფენებში შემორჩენილია ანაბეჭდის სახით, ვინაიდან
ხორცის (კუნთების) მასა ადვილად ემორჩილება ხრწნას, და იმ დესტრუქტორი ანუ
დამშლელი ორგანიზმების ზემოქმედებას, რომლებიც შლიან ხორცის მასას. მაგრამ
სკელეტიზაციის შემდეგ ჩონჩხის მასა გაცილებით მდგრადია დამშლელების მიმართ,
ამიტომ 600 მილიონი წლის წინ, როდესაც იწყება ორგანიზმთა მიერ ჩონჩხის
მასობრივი შეძენა, ბუნებრივია, დედამიწის ქერქი გაცილებით მეტ ინფორმაციას
ინახავს ყოფილ სიცოცხლეზე, ვიდრე ეს ჩონჩხის გარეშე იყო. ჭეშმარიტი
ისტორიული გეოლოგია იწყება უწინარესად ცხოველთა მასობრივად გაჩონჩხიანების
შემდეგ, ამიტომ ისტორიული გეოქრონოლოგიური სკალა მოიცავს 570 მილიონ წელს
და შედგება 3 ერისაგან: პალეოზოური (570-225 მლნ. წ.), მეზოზოური (225-65 მლნ. წ.),
კაინოზოური ერა (65 მილიონი წლიდან დღემდე). თითოეულ ტერმინში ბოლო
სიტყვა „Zoa“ ცხოველს ნიშნავს, რადგან ყველაზე მეტ ინფორმაციას ჩონჩხის გამო
ტოვებს ცხოველები.

როდესაც, დაახლოებით, 1 მილიარდი წლის წინ ჟანგბადის რაოდენობამ 1-დან 5 %-


მდე მიაღწია, ატმოსფეროს ზედა ფენებში წარმოიქმნა ოზონის შრე. ოზონის ფენას
შეუძლია შეაკავოს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივება და შესაბამისად
ორგანიზმები გათავისუფლდნენ ბენთოსური (ფსკერული) ცხოვრების წესისაგან,
რასაც აიძულებდა მზის მომაკვდინებელი სხივები. ექსპერიმენტულად ოზონის
გარეშე დედამიწაზე მავნე სხივებისაგან თავის დასაცავად საკმარისია ოკეანის 20
მეტრიანი ფენა. ორგანიზმები იძულებულები იყვნენ ეცხოვრათ მხოლოდ წყლის
გარკვეულ სიღრმეში და მეტწილად ეცხოვრათ ფსკერზე მიმაგრებულ
მდგომარეობაში. ოზონის შრის წარმოქმნის შედეგად იწყება ორგანიზმთა
მაკრომიგრაციები. ოზონის ეკრანით დაცული ორგანიზმები თავს აღწევენ წყლის 20
მეტრიან სიზრქეს და პირველად მასობრივად გადაიქცევიან ან პლანქტონურ (წყლის
ზედაპირის) ორგანიზმებად ან იწყებენ წყლის სიზრქეში არსებობას და ამ
შემთხვევაში ასეთები ნექტონური ორგანიზმები არიან. (მაგალითად, მედუზა -
პლანქტონურია, ზვიგენი - ნექტონურია, კამბალა - ბენთოსური). აღნიშნულის
შემდეგ დღის წესრიგში დგება უმნიშვნელოვასი ეტაპი - სიცოცხლის გასვლა
ჰიდროსფეროდან ლითოსფეროზე-ხმელეთზე. ამჟამად ხმელეთზე მცხოვრები
ორგანიზმების ბიომასა 70-75% -ია, ოკეანისა კი დანარჩენი.

დაახლოებით 600 მილიონი წლის წინათ ხმელეთზე იყო უაღრესად მტრული გარემო.
იმის გამო, რომ წყალს მეტი თერმული ტევადობა აქვს ვიდრე ჰაერს, ის გაცილებით
სტაბილურ გარემოს ქმნის იქ ბინადარი ორგანიზმებისთვის (მაგ., ტემპერატურა
ცვალებადობს 25 გრადუსიდან მინუს 1-2 გრადუსამდე, მაშინ როდესაც ხმელეთზე ის
ცვალებადობს მინუს 100 გრადუსიდან პლიუს 60 გრადუსამდე (ანუ ხმელეთი არის
ჰეტეროგენური). ოზონის შრის არსებობამ მისცა ორგანიზმებს შესაძლებლობა ჯერ
გათავისუფლებულიყვნენ ოკეანის ფსკერიდან, ხოლო შემდეგ ხმელეთზე
ამოსულიყვნენ. ცხადია, სიცოცხლე თავდაპირველად სახლდება ხმელეთის სანაპირო
ზოლში - ლიტორალურ ზონაში. მიკროორგანიზმებმა მოამზადეს გარკვეული
სუბსტრატი უფრო რთული ორგანიზმების იქ დასასახლებლად.
მრავალუჯრედიანებიდან პირველები ლიტორალურ ზონაში იყვნენ არა მცენარეები,
არამედ ცხოველური ორგანიზმები: მორიელები, ობობები, მრავალფეხები და
ტკიპები. ყველა მათგანს უშუალო წინაპარი ჰყავდათ ოკეანეში.

პირველი უხერხემლოები იკვებებიან ზღვიდან გამოტყორცნილი ლპობადი


ნარჩენებით. მიკრობებმა და ამ პირველმა უხერხემლოებმა კიდევ უფრო მოამზადეს
სანაპირო ზოლში სუბსტრატი იმ დონეზე, რომ 500 მილიონი წლის წინათ
შესაძლებელი გახდა მცენარეების ხმელეთზე გასვლა.

წყალმცენარე, რომელსაც აქვს თალუსი, გადის ხმელეთზე; მაგრამ მცენარეს


ხმელეთზე სჭირდება ფოტოსინთეზისთვის აუცილებელი ორგანოების რაც შეიძლება
ახლოს მიტანა მზის მიმართულებით. ვერტიკალურად დგომა აუცილებლად
მოითხოვს ნამდვილი ფესვების ფორმირებას - ფესვი ორ ფუნქციას ასრულებს: 1.
ღუზის როლი, რითაც ემაგრება მცენარე საყრდენ სუბსტრატს, და 2. წყლის შეწოვა
სუბსტრატიდან.

დღეს პალეონტოლოგიური მასალებით დადასტურებულია, რომ პიონერული


მცენარეები ლიტორალის ზონაში იყვნენ ჯგუფი მცენარეებისა ფსილოფიტების
სახელწოდებით. მათი კლასიკური წარმომადგენელია ავსტრალიაში ნანახი ნამარხი
ანაბეჭდი კუქსონიას სახელწოდებით. როდესაც კუქსონია და მსგავსი მცენარეები
ხმელეთზე გადმოვიდნენ, მათ ჯერ კიდევ არ ქონდათ ჩამოყალიბებული
ფოტოსინთეზისათვის აუცილებელი ორგანოები, მთლიანად მწვანეები იყვნენ და
მთელი სხეულით ახდენდნენ ფოტოსინთეზს. თანდათანობით პერიოდულად
იკვეთება ფოთლის მსგავსი ორგანოები. პირველი მცენარეები სპორებით
მრავლდებოდნენ თანამედროვე ხავსებისა და გვიმრების მსგავსად. ვინაიდან სპორა
აუცილებლად საჭიროებს თუნდაც წყლის წვეთს. პირველი ასეთი მცენარეები
აუცილებლად ამფიბიონტურები არიან - წყალთან რეპროდუქციულად მიჯაჭვულები
(ე. ი. გამრავლებისთვის აუცილებლად ესაჭიროებათ წყალი). ფსილოფიტების
წარმოშობის შემდეგ დედამიწის ხმელეთზე იქმნება ხმელეთის პირველი
ეკოლოგიური ჯაჭვი: ავტოტროფები, ჰეტეროტროფები (ნამდვილი მტაცებელი,
როგორიც არის დღემდე მორიელი), მკვდარი ორგანიკის გადამამუშავებლები -
რედუცენტები. ეს პროცესები ხდება პალეოზოური ერის კამბრიულ პერიოდში.

კამბრიულ პერიოდს სილურული და დევონური პერიოდები მოსდევს. სიცოცხლის


გამრავალფეროვნების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა 400 მილიონი
წლის წინა პერიოდი (დევონური): მსოფლიო ოკეანეში იწყება მასობრივი
ენდოსკელეტიზაცია (შინაგანი ჩონჩხის წარმოქმნა), წარმოიშვნენ პირველი
ქორდიანები (ქორდიანი ცხოველი ლანცეტა- ტიპი -Chordata), 400 მლნ. წლის წინ
Chorda (ქორდა) გარდაიქცევა Columna vertebralis-ად (ხერხემლად).

იმის გამო, რომ ცხოველები ზომაში გაიზარდნენ და მოძრაობა დაიწყეს, კუნთების


დასაჭერად აუცილებელი გახდა ღერძული ორგანო, რომელსაც ეყრდნობა უკვე
განვითარებული და მოძრავი ცხოველი. ხერხემალთან ერთად იქმნება ჩონჩხის
ძვლოვანი სისტემა და ამგვარად პირველი ქორდიანების შემდეგ ფორმირებას იწყებს
თევზების ზეკლასი, რომლებიც მოკლებულია ყბას და ცნობილები არიან უყბოების
სახელწოდებით. უყბოებს განუვითარდათ მძიმე ჯავშანი, რამაც ისინი ფსკერულ
ცხოვრებასთან დააბრუნა. ასეთმა უყბოებმა თანდათან მოიშორეს ძვლოვანი ფარები
და ნამდვილ თევზებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ყბა ერთ ერთი წინა
ლაყუჩისაგან განუვითარდათ. დევონურ პერიოდში, 400მლნ წლის წინათ, თევზები
გაბატონებული ხერხემლიანი ცხოველები იყვნენ ოკეანეში და ამ ერას თევზების
ერასაც უწოდებენ.
ამავე პერიოდში იწყება მასობრივი მთათწარმოქმნის პროცესი და დედამიწამ
მკაფიოდ გამოხატული რელიეფი შეიძინა. მთათწარმოქმნას მოჰყვა დედამიწის რიგ
რაიონში წყლის დონის დაწევა - რეგრესია, შესაბამისად, წყლის თევზების ის
პოპულაციები, რომლებიც ამოზიდული ხმელეთის მახლობლად ბინადრობდნენ,
მასობრივად დაიხოცნენ. დაიწყო თევზების კლასის კრიზისი, მაგრამ ამ მოვლენამ,
როგორც ევოლუციურ პროცესებში ეს ხშირად ხდება, გამოიწვია თვისობრივად
სრულიად განსხვავებული სიახლე, სახელდობრ: თევზების ის სახეობები, რომლებიც
ძირითადად კონკურენციის მიზეზით დაჭაობებულ წყლებში ცხოვრობდნენ, ასეთი
თევზები მსგავსი ბიოტოპის მიზეზით თანდათანობით ეგუებიან ორგვარად
სუნთქვას - ლაყუჩებითაც და ფილტვებითაც. ფილტვი - საცურავი ბუშტის
სახეცვლილებაა. ერთდროულად, ჭაობში მცხოვრებნი იქ მოზარდი ხშირი
წყალმცენარეების გამო იძულებულნი არიან გადაადგილდნენ ფარფლების
დახმარებით. ეს ფარფლები წინააღმდეგობის გადალახვის საშუალებაა, ამიტომ,
დროთა განმავლობაში, ასეთ თევზებს მუცლის ფარფლები მტევნისებრი მასით
შეეცვალათ, სადაც ცალკეული მტევანი ფალანგებით არის აღჭურვილი და არა
სხივური განლაგების ძვლოვანი სისტემით. იქთიოლოგიაში ასეთ თევზებს დღესაც
მტევანფარფლიან თევზებს უწოდებენ. ამგვარად, თითქოსდა მარგინალურ, ანუ
განაპირა არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ თევზებს მათდა უნებურად შეექმნათ
წინაადაპტაციის ანატომიურ-ფიზიოლოგიური ნიშნები: მტევნისებრი კიდურები და
ორგვარად სუნთქვა. როდესაც დედამიწაზე იწყება მთათწარმოქმნის მიზეზით
დევონური კრიზისი თევზების სამყაროში, სწორედ ამ განაპირა ბიოტოპებში
მცხოვრები თევზები არ გადაშენდებიან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ
აღმოაჩნდათ შეცვლილი გარემო პირობებისადმი წინაადაპტაციის ნიშნები. ისინი
იძულებით გადადიან ხმელეთზე ახალი წყალსატევების დასაკავებლად. ამგვარად,
დევონში პირველად დედამიწაზე წარმოიშვა ხერხემლიანთა ახალი კლასი -
ამფიბიები. ამ თევზები-ნოვატორების მხოლოდ ნამარხი მასალები იყო ცნობილი
სანამ ე.წ. ცოცხალი ნამარხი მტევანფარფლიანი თევზი - ლატიმერია, არ დაიჭირეს
ინდოეთის ოკეანეში მადაგასკართან ახლოს, მე-20 საუკუნეში.

დევონის პერიოდში დაიწყო მცენარეების მიერ ხმელეთის სიღრმეების ათვისება.


ხმელეთის სიღრმეები იფარება ჭალის ტყეებით. მცენარე წყალს ვერ სცილდება,
რადგან მათ გამრავლებისთვის ჯერ კიდევ სჭირდებათ წყლის თუნდაც ერთი წვეთი.
ასეთი მცენარეებიც ამფიბიონტები (წყალთან მიჯაჭვულნი) არიან.

პალეოზოური ერის მომდევნო პერიოდია ქვანახშირის პერიოდი -საშუალოდ 300


მილიონი წლის წინათ, რომელიც უაღრესად საინტერესო პერიოდია სიცოცხლის
განვითარების თვალსაზრისით. ამ პერიოდში ხდება რამდენიმე ჭეშმარიტად
რევოლუციური მომენტი სიცოცხლის ისტორიაში. ქვანახშირის პერიოდში დაიწყო
დედამიწის კონტინენტების შეერთება და წარმოიქმნა ერთი მეგაკონტინენტი.
ოკეანის ტენი გიგანტური ხმელეთის სიღრმეებამდე ვეღარ აღწევს, ამიტომ
მასობრივად იწყება მეგაკონტინენტის ცენტრალური ნაწილის გამშრალება ანუ
არიდიზაცია. მორიგი ადაპტაციისას ორგანიზმები იძენენ თვისობრივად სულ ახალ
ნიშან-თვისებებს. მცენარეები, სულ უფრო სწყდებიან წყლის გარემოს, ხმელეთის
სიღრმეში ადაპტაციის პასუხად სპორის ნაცვლად ივითარებენ თესლს. თესლის
სამარაგო ნივთიერებების წყალობით მცენარეს შეუძლია წლის ექსტრემალურ
პირობებში გადავიდეს სამარაგო ნივთიერებებით კვებაზე, თუ ეს სამარაგო
ნივთიერება რეპროდუქციულ ორგანოებშია. ადაპტაციის შედეგად ფორმირდებიან
მცენარეების ახალი ფორმები შიშველთესლოვნების სახით.

ცხოველთა სამყაროში იგივე, ძალიან ღრმა ხასიათის ნოვაცია ხდება ხმელეთის


სიღრმეების ათვისების პროცესში. როდესაც ამფიბიები შედიან ხმელეთის სიღრმეში,
რომელიღაც პიონერული ფორმები კვერცხს დებენ არა წყალში, არამედ ხმელეთზე.
მაგრამ ეს კვერცხი თვისობრივად სრულად განსხვავებულია ამფიბიის ან თევზის
ქვირითისგან. ნაჭუჭიანი-კალციფირებული კვერცხი გაცილებით მდგრადია
აბიოტური და ბიოტური ფაქტორების მიმართ. ჩანასახი მოთავსებულია წყლით
სავსე გარსში, რომელსაც ამნიონი ეწოდება. ამნიონთან დაკავშირებულია ცილით
სავსე (საკვებით სავსე) პარკი და ალანტოისი (პარკი, რომელშიც ნივთიერებათა
ცვლის მავნე პროდუქტები გროვდება). ამნიონიანი კვერცხი წარმოიქმნა 300
მილიონი წლის წინ. რამაც სათავე დაუდო ხერხემლიანების მესამე კლასისს -
რეპტილიების წარმოშობას.

ქვეწარმავლები ხმელეთის პირველი ნამდვილი ბინადრები არიან, მაგრამ დროთა


განმავლობაში განშტოების ანუ დივერგენციის გზით წარმოიშვა კიდევ ორი კლასი -
ფრინველების და ძუძუმწოვრების კლასი.

ქვანახშირში მცენარეები ითვისებენ დედამიწის მთელ ხმელეთს, შეიძლება ითქვას,


რომ პლანეტა გამწვანდა. პირველად სწორედ მსგავსი მასშტაბის სიახლე 300
მილიონი წლის წინათ ხდება, ერთდროულად ხეები მასობრივად იზრდებიან
სიმაღლეში. ხეების სიმაღლეში აზიდვამ გამოიწვია ხმელეთზე მრავალფეხა
უხერხემლოებისაგან წარმოშობილი უფრთო მწერების გაფრთიანება.

ხეები 20-30 მ სიმაღლისანი გახდნენ და ფიტოფაგებს იძულებით მოუწიათ


სიმაღლეში წასული საკვების ათვისება. ნიადაგიდან ხის კენწერომდე ხოხვა და ასე
საკვების მოპოვება მოუხერხებელი იყო. ხიდან ხეზე, ნიადაგიდან ხის წვერომდე
გადაადგილების ურიცხვ მცდელობაში მწერების მკერდის ნაწილის გვერდითი
არედანკანის სახეცვლილებით წარმოიქმნა პირველი ფრთები დედამიწაზე და,
შესატყვისად, დედამიწაზე ათვისებულ იქნა პლანეტის გარსის მესამე სფერო -
ატმოსფერო. ამგვარად, ქვანახშირის პერიოდში ბიოსფერო გავრცელდა
ატმოსფეროშიაც.
ვინაიდან მცენარეები და ცხოველები მთელ ხმელეთს იპყრობს, მათი კვდომის
შედეგად წარმოიქმნება ორგანიკა ფართო მასშტაბით და, შესაბამისად, დედამიწაზე
იქმნება ნიადაგი, ანუ პედოსფერო. აღნიშნულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან
ნიადაგის სფერო წარმოადგენს არაცოცხალი და ყოფილი ცოცხალი ორგანიზმების
თავისებურ ერთობას.

პალეოზოური ერა მთავრდება პერმული პერიოდით. პერმში კონტინენტები


მთლიანად ერთიანდებიან ერთ გლობალურ კონტინენტად, რომელსაც პანგეა
ეწოდება, ხოლო ერთადერთ ოკეანეს ჰქვია პანთალასა.

პერმულ პერიოდში იწყება მეორე მნიშვნელოვანი გამყინვარება, ძირითადად


სამხრეთის კონტინენტებზე. მან თავის დაღი დაასვა ორგანულ სამყაროს.
განსაკუთრებით გამრავლებულები არიან ქვეწარმავლები, მცენარეებიდან -
შიშველთესლოვნები, მაგრამ პალეოზოურისა და მეზოზოურის თავშესაყარზე
ადგილი აქვს სიცოცხლის უდიდეს კატასტროფას, რომელიც 600 მილიონი წლის
განმავლობაში არ ყოფილა. ხმელეთის ბინადრების 70% მოისპო.

მეზოზოური ერის ტრიასულ პერიოდში (პირველი პერიოდი) პანგეა ისევ ინარჩუნებს


თავის ერთიანობას. ვინაიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უდიდეს კრიზისს,
ქვეწარმავლების ბევრი ჯგუფი ამოწყდა სხვებთან ერთად და თითქოსდა
მეორეხარისხოვანი დაქვემდებარებული ჯგუფი დინოზავრების სახით იწყებენ
გაბატონებას. ტრიასულ პერიოდში წარმოიშვნენ კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრები.

ტრიასის შემდეგ მოდის იურული პერიოდი (150 მლნ. წლის წინათ). ნიშანდობლივია
პანგეას დაშლა ორ შემადგენელ მეგაკონტინენტად - ლავრაზია და გონდვანა. იურულ
პერიოდში პირველად ქვეწარმავლებისგან გამოიყო მფრინავი არქეოპტერიქსი. ეს
ორგანიზმი მფრინავია და წარმოადგენს მოზაიკური ევოლუციის შესანიშნავ
მაგალითს. მოზაიკური იმიტომ, რომ ერთდროულად ატარებს ქვეწარმავლის ნიშნებს
(ნისკარტში კბილები აქვს), მაგრამ შემოსილია ბუმბულით და აქვს ფრთები
(ფრინველის ნიშნები); მაშასადამე, ეს არის ნიშანი იმის შესახებ, რომ ახლო
მომავალში წარმოიშვებიან ნამდვილი ფრინველები. ასეთ ორგანიზმებს
„გამოტოვებულ რგოლებს“ უწოდებენ, ანუ ორგანიზმებს, რომელთა განამარხებული
ნაშთების აღმოჩენა ადასტურებს ერთი კლასიდან მეორის აღმოცენებას.

ცარცულ პერიოდში (100 მლნ. წლის წინათ) ორი მეგაკონტინენტი იწყებს დაშლას.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფარულთესლოვანი ანუ ყვავილოვანი მცენარეების


წარმოშობა, რომელიც გვირგვინია მცენარეთა სამყაროს ევოლუციის პროცესში,
ვინაიდან თესლი ნაყოფის ქსოვილით არის დაცული და, შესატყვისად, მცენარეს
სრულყოფილი რეპროდუქციის უნარი აქვს. ყვავილოვნები დედამიწაზე
ბატონდებიან და მათთან სიმბიოზში შედიან მწერები, რომლებიც ნექტარის აღებისას
ამტვერიანებენ ყვავილოვან მცენარეს. ეს გლობალური სიმბიოზია, რადგან ორივე
ჯგუფის არნახულ წარმატებას იწვევს.

წარმოიშვა ძუძუმწოვართა კიდევ ორი ინფრაკლასი - ჩანთოსნები და პლაცენტიანები.


პლაცენტიანები, მსგავსად ფარულთესლოვანებისა, ევოლუციის გვირგვინს
წარმოადგენს, რადგან ნაყოფი გარემოსგან დაცულია დედის სხეულით.

ცარცულ პერიოდში ნამდვილი ფრინველების წარმოშობით, დედამიწაზე


ხერხემლიანთა ხუთივე კლასი იყო წარმოდგენილი: 1. თევზები; 2. ამფიბიები; 3,
ქვეწარმავლები; 4. ფრინველები; 5. ძუძუმწოვრები.

კაინოზოური ერა (უკანასკნელი 65 მილიონი წელი).

ცარცული პერიოდის მიწურულს იწყება გლობალური აცივება, რაც დედამიწაზე


ვეებერთელა მეტეორიტის ჩამოვარდნითაა გამოწვეული. ასეთი ინციდენტის დროს
დედამიწის ქერქის დიდი ნაწილი იქცევა ფერფლად, ფერფლი ადის ატმოსფეროში, 1-
2 წლის განმავლობაში ჩერდება იქ, რის შედეგად მზის სხივები ვეღარ აღწევს
დედამიწის ზედაპირზე. ფოტოსინთეზის მასშტაბები მცირდება, ე.ი. პრობლემა
ექმნება ბალახისმჭამელ დინოზავრებს და მტაცებელ დინოზავრებსაც. აცივების და
მეტეორიტის ვარდნის გამო ხმელეთის ზედაპირზე მცხოვრები დინოზავრები,
რომლებიც არც სოროში ან ფუღუროში არ ცხოვრებდნენ, 65 მილიონი წლის წინ
მთლიანად გადაშენდნენ და ეკოლოგიურ ნიშები გაუთავისუფლეს ძუძუმწოვრებს. 50
მლნ. წლის წინათ წარმოიშვნენ ნახევრად პრიმატები, რომელთა უშუალო წინაპრები
70 მლნ წლის წინანდელი მწერიჭამია ძუძუმწოვრები იყვნენ. მათ კონკურენცია
შეექმნათ და მეხეურ ცხოვრებაზე გადავიდნენ. გაჩნდნენ დღევანდელი ლემურის
მსგავსი პრიმატები. 10 მლნ წლის წინ ნამდვილი პრიმატები წარმოიშვნენ. 7 – 2,5 მლნ
წლები - პლიოცენი - ორფეხა პრიმატების ევოლუციის დროა. აფრიკაში პლიოცენის
უამრავი მასალით დასტურდება, რომ ნოტიო ჯუნგლები შეცვალა სავანებმა.
პრიმატები ხიდან მიწაზე ჩამოვიდნენ. ზოგ მათგანს უკანა ფეხებზე ამართვის უნარი
ქონდა. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა წინა კიდურების გათავისუფლებაში
სიარულის ფუნქციასთან დაკავშირებით. ზოგ ორფეხა პრიმატს დიდი მოცულობის
ტვინი და აბსტრაქტული აზროვნების უნარი ქონდა. უკანასკნელი 5 მილიონი წლის
განმავლობაში ჩამოყალიბდნენ ავსტრალოპითეკები. მისგან წარმოიშვა 6-7 გვარი, 2
მილიონი წლის წინ გამოეყო გვარი Homo, 150 ათასი წლის წინათ მისგან განვითარდა
Homo sapiens-ი, რომელმაც ყველა კონტინენტი აითვისა.

როგორც აღინიშნა, სიცოცხლის იმ ფორმით ჩამოყალიბების გზაზე, რომელიც დღეს


გვაქვს, ერთმანეთს ენაცვლებოდა დიდი გადაშენებები და ევოლუციის ახალი გზით
განვითარება.
დედამიწის ისტორიაში ცნობილია 5 დიდი გადაშენების შესახებ. თითოეული
მათგანის მიზეზი გლობალური კლიმატური ან ტექტონიკური ცვლილებები იყო.
o პირველი დიდი გადაშენება (440 მლნ. წ): მოხდა ორდოვიკული პერიოდის
დასასრულს. მისი გამომწვევი მიზეზი კლიმატური ცვლილებები (უეცარი
აცივება) გახდა. ამ პერიოდში სიცოცხლე ხმელეთზე ჯერ არ იყო გადმოსული და
გადაშენებაც შესაბამისად ზღვისა და ოკეანეების სივრცეში მოხდა (გადაშენდა
ოჯახების 25%).
o მეორე დიდი გადაშენება (370 მლნ. წ): მოხდა დევონური პერიოდის ბოლოს და
მისი მიზეზები დაუდგენელია. ამ პერიოდში ოჯახების 19% ამოწყდა.
o მესამე დიდი გადაშენება (245 მლნ. წ): მოხდა პერმული პერიოდის ბოლოს და
გამოიწვია დიდმა ტექტონიკურმა ძვრებმა. თუმცა თანამედროვე მეცნიერები
ფიქრობენ, რომ მიზეზი შესაძლოა დედამიწაზე ჩამოვარდნილი კომეტაც
გამხდარიყო (გადაშენდა ოჯახების 70%). ეს ჯერ-ჯერობით დედამიწის
ისტორიაში ყველაზე დიდი გადაშენებაა.
o მეოთხე დიდი გადაშენება (210 მლნ. წ): მოხდა ტრიასული პერიოდის ბოლოს,
დინოზავრებისა და ძუძუმწოვრების წარმოშობიდან მოკლე ხანში. მიზეზები
ბუნდოვანია. გადაშენდა ოჯახების 23%.
o მეხუთე დიდი გადაშენება (65 მლნ. წ): ყველაზე პოპულარულია და მოხდა
ცარცული პერიოდის ბოლოს. ამ დროს ამოწყდნენ ხმელეთისა და ზღვების
ბინადარი დიდი ზომის დინოზავრები. ფიქრობენ, რომ ამ გადაშენების მიზეზი
შეიძლება ყოფილიყო დედამიწაზე კომეტის დაჯახება, თუმცა ზოგი გეოლოგი ამ
პერიოდში დედამიწაზე დიდ ვულკანურ აქტივობაზეც მიუთითებს. დაიკარგა
ოჯახების 17%.
როგორც ვხედავთ წარსულში მომხდარ ყველა გადაშენების მიზეზი აბიოტური
ფაქტორები იყო. ამჟამად კი მიმდინარეობს მეექვსე გადაშენება, რომლის გამომწვევი
მიზეზიც ადამიანია. ადამიანი თავისი ცხოველქმედების შედეგად ახდენს
ლანდშაფტების ტრანსფორმაციას, აბინძურებს გარემოს, ამრავლებს მოცემული
გარემოსათვის უცხო სახეობებს. მეექვსე გადაშენება შიძლება განხილული იქნეს,
როგორც პირველი, რომელსაც საფუძვლად ბიოტური და არა ფიზიკური მიზეზი
დაედო.

გადაშენების ტალღებმა საქართველოსაც გადაუარა. პალეონტოლოგიური


მასალებით დასტურდება, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პლიოცენური
დაბლობები დაფარული იყო სავანის ტიპის ტყეებით, სადაც ბინადრობდნენ
სამხრეთის სპილო, მასტოდონტი, ჟირაფი, მარტორქა, ანტილოპები, ხმალკბილა
ვეფხვი, სირაქლემა და ა.შ. დღეისათვის ამ ფაუნის ერთეული წამომადგენლებიღაა
შემორჩენილი. ასეთია ამოწყვეტის პირას მყოფი აფთარი. ბრაკონიერებმა ოციოდე
წლის წინ მოკლეს ქურციკის უკანასკნელი ინდივიდები (ქურციკების პოპულაციის
აღდგენა ამჟამად წარმატებით ხორციელდება ვაშლოვანის ნაკრძალში
აზერბაიჯანიდან ინდივიდების რეინტროდუქციით), 1922 წელს მოკლეს
საქართველოში თურანული ვეფხვის უკანასკნელი ეგზემპლარი, გადაშენდა ჯეირანი,
გადაშენების პირასაა ნიამორი, ერთეულების სახითაა შემორჩენილი ჯიქი.
უხერხემლო ცხოველებიდან აღსანიშნავია პეპელა ლედერერის ბრამეა (კოლხური
ბრამეა), რომელიც მესამეული პერიოდის ძლიერ იშვიათი რელიქტი და კოლხეთის
ენდემია. მისი უკანასკნელი ეგზემპლარი 100 წლის წინ მოიპოვეს. კვლავ ბინადრობს
თუ არა ეს სახეობა კოლხურ ტყეებში, უცნობია.

გამოყოფენ გადაშენების შემდეგ ტიპებს: ა) ჭეშმარიტი გადაშენება –სახეობა


მთლიანად ქრება ისე, რომ არ ტოვებს შთამომავლობას; 2) ფსევდოგადაშენება –
ევოლუციის პროცესში წინაპარი სახეობა ახალ სახეობად ტრანსფორმირდება; 3)
ლოკალური გადაშენება – სახეობა გადაშენდება თავისი გეოგრაფიული არეალის
გარკვეულ ნაწილში; 4) გადაშენება ბუნებაში – სახეობა გადაშენებულია ბუნებაში,
თუმცა შესაძლოა შემორჩენილი იყოს ზოოპარკებში ანდა ბოტანიკურ ბაღებში; 5)
ეფექტური გადაშენება – გარკვეული სახეობის ინდივიდები ჯერ კიდევ არიან
ბუნებაში, მაგრამ არა აქვთ გამრავლების შანსი.

სახეობებს, რომლებიც იმდენად მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი,


რომ უახლოეს მომავალში აღარ აქვთ გადარჩენის შანსი “ცოცხალ მკვდრებსაც” კი
უწოდებენ. ჭეშმარიტი გადაშენება და ფსევდოგადაშენება გლობალურ გადაშენებას
განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეობა სრულიად ამოწყდა დედამიწაზე.
მაგალითად, ბევრ ენდემურ სახეობას გავრცელების მცირე არეალი გააჩნია და ამ
არეალზე მისი გაქრობა გლობალურ გადაშენებას მიეკუთვნება.

განასხვავებან გადაშენების ბუნებრივ და მიმდინარე სიჩქარეებს. სიჩქარე


ბუნებრივია მაშინ, როდესაც სახეობის გადაშენება ადამიანის საქმიანობის შედეგად
არ ხდება. გადაშენების მიმდინარე სიჩქარე კი ადამიანის მიერ განადგურებული
სახეობების რაოდენობასაც ითვალისწინებს.

You might also like