You are on page 1of 19

ბიოსფერო, საზოგადოება და გეოგრაფიული გარსი

ბიოსფერო. ბიომრავალფეროვნება. ზონალურობა და აზონალურობა.


სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე

ბიოსფერო დედამიწის გეოგრაფიული გარსის ის ნაწილია, რომელშიც გავრცელებულია


ცოცხალი ორგანიზმები. მისი სახელწოდებაც აქედან წარმოსდგება „ბიოს“ ბერძნულად
ნიშნავს, სიცოცხლეს, ხოლო „სფერო“ გარსს. ტერმინი პირველად გამოიყენა ფრანგმა ბიოლოგმა
ჟან ლამარკმა (1809 წ), ხოლო შემდეგ ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა. ბიოსფერო
მოიცავს ლითოსფეროს ზედა ნაწილს, ჰიდროსფეროს მთლიანად და ატმოსფეროს ქვედა
ნაწილს. მისი ზედა საზღვარი დედამიწის ზედაპირიდან ვრცელდება 10-15 კმ სიმაღლეზე,
ხოლო ქვედა 2-3- კმ სიღრმეზე.
ბიოსფეროს შედგენილობა ყველა სხვა სფეროსთან შედარებით უფრო რთულია და
ნივთიერებათა და ენერგიის გაცვლაც ინტენსიური. ამ სფეროში 1,5 – 2,0 მლნ-მდე სახეობის
ცოცხალ ორგანიზმს (მცენარეს და ცხოველს ითვლიან).
ბიოსფერო არის დედამიწის განსაკუთრებული, თავისებური გარსი, რომელიც ცოცხალი
ორგანიზმების და გარემოში არსებული ნივთიერებების უწყვეტი ურთიერთკავშირით და
ნივთიერებათა განუწყვეტელი ურთიერთგაცვლით წარმოიქმნება. ცოცხალ ორგანიზმებს
ვხვდებით ზედა ატმოსფეროშიც და დედამიწის ღრმა ფენებშიც. ამიტომ ბიოსფეროს ზუსტ
საზღვრად მიიჩნევა საზღვარი ოზონის ეკრანიდან დედამიწის ქერქის იმ სიღრმემდე სადაც
ტემპერატურა 1000-ია, წნევა 4x 107 პასკალია, ნავთობის ჭაბურღილებში არსებულ წყალში,
რომელიც 3 კმ-ის სიღრმეზეა, ნაპოვნია ბაქტერია, რომელსაც გამრავლების უნარი აქვს,
მაშასადამე სიცოცხლის შრის საზღვრებად შეიძლება ჩაითვალოს 33 ან 22 კმ-ის სიმაღლე
ოზონის ფენამდე ატმოსფეროში, 11 კმ ოკეანის და 3 კმ ხმელეთის სიღრმეში.
ბიოსფერო მოიცავს არა მარტო ცოცხალ ორგანიზმებს, არამედ მათ საცხოვრებელ არეალსაც.
ის რთული და მრავალფეროვანი აგებულებისაა და შედგება ცოცხალი ორგანიზმებისა და
არაორგანული ნივთიერებების ერთობლიობისაგან. დედამიწასთნ ერთად ბიოსფეროც
განიცდიდა და განიცდის ევოლუციას, მისი საზღვრები თნდათან ფართოვდება, ამას
ადასტურებს ადამიანის კოსმოსში გასვლა, და სხვა ცოცხალი ორგანიზმების დროებითი
გასვლა.
ცოცხალი ორგანიზმები ორ დიდ სამყაროდ არის დაყოფილი: I. უძველესი პროკარიოტები
(ლათ. Procaryota, ბერძნ. , πρό „წინა, წინარე“ და κάρυον „ბირთვი“), ანუ ბირთვამდელი
ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმები, რომელთაც არ გააჩნიათ (ეუკარიოტებისგან
განსხვავებით) ჩამოყალიბებული უჯრედული ბირთვი და სხვა მემბრანული ორგანოიდები
(მაგ. მიტოქონდრიები და ენდოპლაზმური რეტიკულუმი). პროკარიოტებს მიეკუთვნება
ბაქტრიები და ციანობიონტები.

1
II. თანამედროვე ეუკარიოტებია - 1. სოკოები, 2. მცენარეები, 3 ცხოველები.
სოკოები და ცხოველები წარმოადგენს ჰეტეროტროფებს, რომელიც საკვებად მოიხმარს
მცენარეების და ფიტოპლანქტონის მიერ შექმნილ ორგანულ ნივთიერებებს.
დედამიწაზე მილიონობით სახეობის ცოცხალი ორგანიზმებია, მათი ბიომრავალფეროვნება
მაქსიმალურია ტენიან ეკვატორულ და ტენიან ტროპიკულ ტყეებში და თანდათან მცირდება
პოლარულ სარტყელთან მიახლოებულ რაიონებში, აგრეთვე უდაბნოებსა და მაღალ მთებში.
პროკარიოტები იყოფა ბაქტერიებად და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებად. ბიოსფეროში
ყველაზე დიდი რაოდენობით, ბაქტერიებია გავრცელებული. ისინი განსაკუთრებით ბევრია
ნიადაგში. აგრეთვე წყალსატევების ზედა ფენაში. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, ძირითადად
მტკნარ წყლებშია გავრცელებული, მაგრამ ისინი ბევრია ოკეანეებსა და ცხელ წყაროებშიც.
ევკარიოტები -  ბირთვიანი უჯრედების (ევკარიოტი მოძვ. ლათ.
Eukaryota ბერძნ. εὖ- „კარგად; მთლიანად“ + κάρυον კაკალი; ბირთვი) მქონე ორგანიზმებია,
საერთო სახელწოდებაა იმ ორგანიზმების, რომელთაც აქვთ მორფოლოგიურად გაფორმებული
ბირთვი.
ისტორიულად განასხვავებენ ცოცხალი ორგანიზმების 5 სამეფოს: ცხოველებს, მცენარეებს,
სოკოებს, ბაქტერიებს და ვირუსებს (საკითხი ვირუსები ჩაითვალოს თუ არა ცოცხალ
ორგანიზმებად საკამათოა) მათ დაემატა აგრეთვე პროტისტები (1977 წ) და ქრომისტები (1998
წ)
სოკოები უდაბლესი რანგის უქლოროფილო ცოცხალი ორგნიზმებია; მათი 100 000 სახეობაა
ცნობილი. ყველა მათგანი ჰეტეროტროფულია (ორგანიზმები, რომელთაც არ აქვთ უნარი
თავად წარმოქმნან ორგანული ნივთიერებები, იკვებებიან მზა ორგანული ნივთიერებებით).
ბიოსფეროში სოკოები ბაქტერიებთან ერთად ნივთიერებათა მუდმივ მიმოქცევაში
მონაწილეობენ, სწორედ მათი მეშვეობით მიმდინარეობს ორგანული ნივთერებების ხრწნა და
დაშლა მინერალებად.
მცენარეები მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმებია ისინი ავტოტროფული
ორგანიზმებია ე. ი. ისეთი ორგანიზმებია, რომელთაც აქვთ უნარი არაორგანულიდან
წარმოქმნან ორგანული ნივთიერებები. ეს კი ფოტოსინთეზის რეაქციის შედეგად ხდება
სინათლეზე (მწვანე პიგმენტის - ქლოროფილის მონაწილეობით), როდესაც მცენარეები
ორგანულ ნივთიერებას წარმოქმნიან.
მცენარეთა სამეფოს მიეკუთვნება შემდეგი ჯგუფები: წყალმცენარეები (100 000-მდე
სახეობა), რომლებიც ძირითადად მტკნარ წყლებშია გავრცელებული, ლიქენები (18 000
სახეობა), ხავსები (20 000 სახეობა), შიშველთესლოვნები (600 სახეობა) და ფარულთესლოვნები
დედამიწაზე ყველაზე მეტად ფარულთესლოვნებია (250 000) გავრცელებული.
წყალმცენარეები, რომლებიც ყველაზე დაბალი რანგის სპოროვანი მცენარეების ჯგუფს

2
განეკუთვნება, ძირითადად წყალსატევებში გხვდება, ხოლო ყველა დანარჩენი, უფრო
მაღალორგანიზებული ჯგუფების წარმომადგენლები, უმეტესად ხმელეთზეა გავრცელებული.
ცხოველთა სამეფო წარმოდგენილია ჰეტეროტროფული ორგანიზმებით. მათ მიეკუთვნება
ფეხსახსრიანები (1 მილიონამდე სახეობა), მოლუსკები ( 105 ათასი სახეობა), ფრინველების 10
ათასი, ძუძუმწოვრების 6 ათასამდე სახეობა. ფეხსახსრიანებში ყველაზე მეტი მწერებია, ისინი
ბევრად ჭარბობს ცხოველთა სამყაროს დანარჩენ წარმომადგენლებს. ხმელეთის ცხოველებსა
და მცენარეებზე მოდის სახეობათა 92%, წყლის ორგანიზმებზე კი - 8%.
ბაქტერიები ბინადრობენ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში და გვხვდება ცოცხალ
ორგანიზმებში. ბაქტერიები ნაპოვნი იქნა ოკეანის ძირშიც, რამდენიმე კილომეტრის
სიღრმეზე. თერმულ წყაროებშიც, ბაქტერიები შეიძლება არსებობდეს იმ პირობებშიც,
როდესაც სხვა ცოცხალი ორგანიზმები საერთოდ არ გვხვდება (სურ. 1).
პროტისტები (ძველი ბერძნ.  πρώτιστος  „ყველაზე პირველი, უპირველესი“) -   ჯგუფი,
რომელსაც მიაკუთვნებენ ყველა ეუკარიოტულ ორგანიზმს რომლებიც არ
შედიან ცხოველებში, მცენარეებსა და სოკოებში (სურ. 2). ქრომისტები - მოიცავს ზოგიერთი
საერთო ნიშან-თვისების მქონე სოკოებს, წყალმცენარეებს და სხვ (სურ. 3).
არქეები (ლათ. Archaea; ძვ. ბერძნ. ἀρχαῖος — ძველისძველი, ძველი) — ბირთვისა და
მემბრანული ორგანელების არმქონე ერთუჯრედიანი ორგანიზმები.

სურ. 1. ცოცხალი ორგანიზმების სურ. 2. პროტისტები


სურ. 3. ქრომისტები
დაყოფა

3
ბიოსფეროს ევოლუცია ეს არის განვითარების, მუდმივი გართულების, ერთი
ხასირსხობრივი მდგომარეობიდან მეორე, უფრო მაღალ მდგომარეობაში გადასვლის
ნამდვილი ისტორია.
ბიოსფეროს ძირითადი ფუნქციები. ბიოსფეროს შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის XIX
საუკუნეების ცნობილ ბუნებისმეტყველს და მოაზროვნეს აკადემიკოს ვლადიმერ ვერნადსკის
(1863-1945) ქიმიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიის და ბიოსფეროს მოძღვრების
ფუძემდებელს. მის შეხედულებებზეა დაფუძნებული ბიოსფეროს თანამედროვე გაგება.
ვ. ვერნადსკიმ პირველმა აღწერა და დაასაბუთა ბიოსფეროს განსაკუთრებული როლი
გეოგრაფიულ გარსში, ადრე მიჩნეული იყო ისეთი შეხედულება, თითქოს ცოცხალი
ორგანიზმები შეგუებულნი იყვნენ თავიანთ გარემო -საცხოვრებელ პირობებს, მაგრამ არ
გარდაქმნიდნენ გარემოს და არ მონაწილეობდნენ იმ პროცესების მიმდინარეობაში, რომლებიც
გარემოსთვის იყო დამახასიათებელი. ვ. ვერნადსკის შრომამ - „ ბიოსფეროს ქიმიური
აგებულება და მისი გარემოცვა“, საფუძველი დაუდო ბიოსფეროს მეცნიერულ შესწავლას -
ახალი შეხედულებებით და მოსაზრებებით დედამიწის თანამედროვე სახე, გეოგრაფიული
გარსის ყველა კომპონენტი: ატმოსფერო, წყალი, ქერქის ამგებელი ქანები, თავის არსებობას და
ქიმიურ შემადგენლობას პირველ ყოვლისა, ცოცხალ ორგანიზმებს უნდა უმადლოდეს. ვ.
ვერნადსკიმდე არც ერთ მეცნიერს არ მიუნიჭებია ბიოსფეროსთვის ესოდენ დიდი როლი,
განსაკუთრებით კი ბიოსფეროსთვის, როგორც დედამიწის გარდამქმნელის ფუნქციის
მქონესთვის. გეოგრაფიული გარსი გასცემს ნივთიერებასა და ენერგიას ცოცხალი
ორგანიზმებისათვის, ეს უკანასკნელნი კი მათ გადაამუშავებენ. დედამიწის ცოცხალი მასა -
ბიოტა (რომელიმე ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ცოცხალ ორგანიზმთა ისტორიულად
ჩამოყალიბებული ერთობლიობა) გეოგრაფიული გარსის განვითარებაში სხვადსხვა ფორმით იღებს
მონაწილეობას.
ვლადიმერ ვერნადსკიმ ჩამოაყალიბა ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციები:
1. აირწარმომქმნელი; 2. ჟანგბადწარმომქმნელი; 3. მჟავაწარმომქმნელი 4.
კალციუმწარმომქმნელი; 5. აღმდგენელი; 6. მაკონცენტრირებელი; 7. ორგანული ნაერთების
დამშლელი; 8. ხრწნის პროცესის წამმართველი.
ვ. ვერნადსკის მიერ მოცემულ ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციათა ჩამონათვალს ა.
პელერმანმა, ა. ლაპომ, ა. იაროსშევსკიმ კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქცია დაუმატეს.
აიროვანი ფუნქცია. ცოცხალი ორგანიზმების მიერ სუნთქვისა და გარემოსთან
ურთიერთობის შედეგად მიმდინარეობს ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, წყლის ორთქლის,
აზოტის და სხვა აირების გამოყოფა და შთანთქმა. ამ ფუნქციამ უზრუნველყო ატმოსფეროში,
ლითსფეროში და ჰიდროსფეროში გახსნილი აირების არსებობა. ატმოსფეროში მოხვედრილი
ჟანგბადის დიდი ნაწილი, ჟანგეულებისა და მათი შენაერთების სახით, სხვადასხვა ქანებშია

4
განამარხებული. ორგანული ნივთიერებების წარმოშობა ხმელეთსა და ოკეანეში პირდაპირ
უკავშირდება მზის სხივების ზემოქმედებას ქლოროფილზე, რომელიც მხოლოდ მწვანე
მცენარეულობაშია. მზიდან გეოგრაფიულ გარსში მოხვედრილი მზის სხივები დედამიწას
ორგანული ნივთიერებებით უზრუნველყოფს, კერძოდ ის მონაწილეობს ფოტოსინთეზის
პროცესში და ამით ხელს უწყობს მცენარესთან ერთდ ორგანული ნაერთების წარმოქმნას.
ენერგეტიკული ფუნქცია. ხმელეთისა და ოკეანის ცოცხალი ორგანიზმები უდიდეს
გავლენას ახდენენ დედამიწის ენერგიაზე. რა თქმა უნდა ფოტოსინთეზი და ქემოსინთეზი
(ისეთი პროცესი, რომლის დროსაც  ავტოტროფული ორგანიზმები, კერძოდ
კი, ბაქტერიები არაორგანულიდან ორგანული ნივთიერების წარმოსაქმნელად მინერალურ
ნივთიერებათა დაჟანგვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას იყენებენ) - ცოცხალი ორგანიზმების
მხრივ უდიდეს მნიშვნელობას ახდენენ დედამიწაზე ენერგიის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ორი
პროცესის გარდა ცოცხალ ორგანიზმებს, როგორც ენერგომატარებლებს ბევრად უფრო დიდი
როლი აქვთ.
დედამიწა მზის ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილს იღებს, კერძოდ მთელი ენერგიის
მემილიარდედი ნაწილის ¼. მთელი შემოსული ენერგიის 8% ოზონის ეკრანის მიერ
გადამუშავებულ ულტრამოკლეტალღვან და ულტრაიისფერ რადიაციაზე მოდის, მზის
სპექტრის ხილულ ნაწილზე - 56%, ხოლო ინფრაწითელზე 36%. დედამიწის ზედაპირი და
ატმოსფერო მზის რადიაციის მოკლეტალღოვანი რადიაციის 28% აირეკლავს, ეს არის ალბედო,
დანარჩენი 72% ათბობს დედამიწას და მისგანვე გამოსხივდება მოკლე ტალღების სახით. ამ
რადიაციის მცირე ნაწილი მაშნვე გაედინება კოსმოსში, უმეტესი კი ატმოსფეროდან ისევ
დედამიწაზე ბრუნდება.
საშუალო გლობალური ტემპერატურა +150-ია, თუმცა იქნებოდა -180, რომ არა წყლის
ორთქლი, ნახშირორჟანგი, მეთანი, ოზონი. კელვინით, აბსოლუტური ნული ტოლია -273 0C-ის.
ეს გვიჩვენებს, რომ დედამიწის ზედაპირი მზის მოკლეტალღოვანი რადიაციით თბება
პირობითად აბსოლუტური ნულიდან ანუ -2730C-დან -180-მდე, შემდეგ კი მას ემატება
ატმოსფეროდან დედამიწისაკენ სათბურის ეფექტით გამომუშავებული გამოსხივება და ასე
აღწევს +150- C-ს.
დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ ნახშირორჟანგმა ატმოსფეროში დაიწყო კლება, ამის
მიზეზი გახდა ბაქტერიები, რომელთა ჩონჩხისგან კარბონატული ქანები წარმოიქმნა,
ნახშირორჟანგი მაშინ სწორედ ამ ქიმიურ რეაქციაში ღებულობდა მონაწილეობას. ამან ისე
შეასუსტა სათბურის ეფექტი, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურა +100- C-მდე დაეცა და
დაიწყო პირველი გამყინვარება დედამიწის ისტორიაში.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, მეთანის, ნახშირმჟავას და სხვა გაზების ემისიას
(გაფრქვევას, მოხვედრას) ხელს უწყობს ბიოლოგიური პროცესები (გამოშვება, გამოსხივება),
მაშასადამე სათბურის ეფექტი პირდაპირ კავშირშია ცოცხალ ბუნებასთან, რა თქმა უნდა

5
მნიშვნელოვანია აგრეთვე წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში არაორგანული ბუნების როლიც,
მაგალითად ვულკანიზმი, რომელიც ასევე დიდ გავლენას ახდენს ატმოსფეროს სათბურის
ეფექტზე.
ცოცხალი ორგანიზმები ზრდიან დედამიწის ზედაპირის მიერ შთანთქმული მზის
რადიაციის რაოდენობას, ამიცრებენ რა ხმელეთის და ოკეანის ალბედოს. მაგალითად
გამომშრალი, მცენარეულ საფარს მოკლებული შიშველი ნიადაგიდან, ან თოვლიან-ყინულიანი
ზედაპირიდან არეკლილი მზის რადიაცია უფრო მეტია, ვიდრე ტყიდან, მდელოდან.
პლანქტონით მდიდარი (პლანქტონი -  ბერძ. πλανκτον —
მოხეტიალე, იმ ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ზღვისა და კონტინენტური
წყალსატევების წყლის სიზრქეში ცხოვრობენ და პასიურად გადაადგილდებიან დინების
გავლენით. პლანქტონს შეადგენენ როგორც მცენარეები ისე ცხოველები) მდიდარი ოკეანის
ზედაპირიდან, ან სხვა ცოცხალი მასით სავსე ადგილიდან. ალბედოთა შორის სხვაობა
ათეულობით პროცენტია.
ენერგეტიკული ფუნქცია, იმაშიც ვლინდება, რომ მკვდარი ორგანული მასის ნაწილი
ხანგრძლივი დროით ინახება ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ოკეანის ფსკერის
შლამში, მყინვარში, ატმოსფეროში და სხვ. ბევრი გაფანტული, გაბნეული ენერგიის
კონცენტრაცია და აკუმულაცია ხდება ბიოგენური წარმოშობის დანალექ ქანებში - ტორფი,
საწვავი ფიქლები, ქვანახშრი, მურა ნახშრი, ნავთობი და ბუნებრივი აირი. ზოგიერთი მეცნიერი
მიიჩნევს, რომ ნავთობის და გაზის საბადოები არაორგანული წარმოსობისაა, მაგრამ მეცნიერთა
უმეტესობა, მათ შორის ვ. ვერნადსკი მიიჩნევს, რომ ნავთობი ბიოგენეტური წარმოშობისაა,
ნავთობში შემონახულია ბიომოლეკულები, რომელთა შესწავლაც ადასტურებს ნავთობის
ბიოლოგიურ წარმოშობას.
ფილტრაციული ანუ გამწმენდი ფუნქცია, ცოცხალი ორგანიზმები პირდაპირ ან
არაპირდაპირ მონაწილეობენ დედამიწის წყლის რესურსების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ჰიდრობიონტები (წყალში მობინადრე ცხოველური და მცენარეული ორგანიზმები) ოკეანის
ზედაპირს წმენდენ ზედმეტი ნარჩენებისგან ამის გამო მათ ბიოფილტრატებსაც უწოდებენ.
ზოოპლანქტონის მიერ გადამუშავებული მასალა ოკეანის სიღრმისკენ ეშვება, სადაც უკვე
ნექტონი (ბერძნ. nektos — მცურავი) — აქტიურად მოცურავე ცხოველების ერთობლიობა,
რომლებსაც შეუძლიათ დინების წინააღმდეგ ცურვა ზღვის სიზრქეში ), რომელსაც
მიეკუთვნება თევზები და სხვა ცხოველები აგრძელებენ წყლის „გაწმენიდს“ ფუნქციას. რომ არა
ამგვარი პროცესი, მაშინ მზის სხივებს ოკეანის წყალი ვერ გაატარებდა და ვერ მოახდენდა მის
აკუმულირებას და შემდეგ კი გაცემას. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ხმელეთის წყლების
გაწმენდა-გაფილტვრა. წყალშემცველი მიწისქვეშა ფენებიდან გამოსული წყალი სასმელად
ვარგისია, ვინაიდან გაწმენდილია მარილებისა და სხვა დამაბინძურებელი მინერალებისაგან.
ბაიკალის ტბის წყალი მტკნარი წყლის უდიდეს მარაგს შეიცავს, მისი წყლის სიმტკნარეს

6
განაპირობებს ტბის ქვაბულის ტექტონიკური წარმოშობა - ქვაბული წარმოშობილია
კრისტალური ქანების რიფტულ რღვევაში. გარდა ამისა მნიშვნელოვანი ფაქტორია - ტბის
ირგვლივ წყალშემკრები აუზის ტყიანობა და ტბაში მცხოვრები კობორჩხალა ეპიშურა,
რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ტბის წყლის გაწმენდაში.
მღვრიე და მინარევებით გაჯერებული წყალი ტყის მასივში გავლისას გამჭვირვალე ხდება,
უმჯობესდება მისი გემო. განსაკუთრებული გამწმენდი ეფექტი გააჩნია ფიჭვნარ, არყნარ და
ცაცხვნარ ტყეებს.
დიდ როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმები ატმოსფეროს გასუფთვებაში, ამ მხრივ
დიდია მცენარეების განსაკუთრებით კი წიწვიანი ტყეების როლი ისინი გამოყოფენ
მთრთიმლავ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ფიტონციდებს (ბერძ. phyton — მცენარე
და ლათ. caedo — ვკლავ), რომლითაც ასუფთვებენ ჰაერს მავნე ბაქტერიებისაგან.
წყალმარეგულირებელი ფუნქცია. ამ პროცესში მონაწილეობს ნიადაგი მცენარე და გრუნტი,
რომელიც ტენის ერთიანი წყალშემკრებია, ამ სისტემის ზედაპირული და ძირითადად კი
მიწისქვეშა ჩამონადენისაგან იკვებება მდინარე, ოკეანე და ზოგადად ნებისმიერი წყალსატევი.
თოვლის უმეტესი ნაწილი ტყიან ზონაში უფრო დიდხანს ინახება ვიდრე უტყეოში, უტყეო
პირობებში ხდება თოვლის გაფანტვა ქარისაგან. ტყიანი მასივი ფილტრავს და თან ინახავს
ტენს, ე. ი. არეგულირებს დიდი ხნის განმავლობაში მის განაწილებას.
კონცენტრაციული ფუნქცია, ამ ფუნქციაში ვ. ვერნადსკი გულისხმობდა ცოცხალი
ორგანიზმების თვისებას გარემოსგან მიიღოს გარკვეული ქიმიური ელემენტები და მოახდინოს
მათი კონცენტრაცია. აღსანიშნავია ბაქტერიების, ერთუჯრედიანების, წყალმცნარეების,
ხავსების, მაღალ განვითარებული მცენარეების მიერ კალციუმის მარილების გამოყოფა, რის
შედეგადადც დიდი რაოდენობით კირქვა, ცარცი და ტუფი წარმოიქმნა.
ჰაერიდან მცენარე იღებს ბევრ დამაბინძურებელ აირს (ქლორს, გოგირდის დიოქსიდს,
აზოტმჟავას აირებს და სხვ).
ლითოსფეროში ცოცხალი ორგანიზმების მეშვეობით იზრდება ამა თუ იმ მინერალის
კონცენტრაცია. მაგალითად მანგანუმის, რკინის, ვანადიუმის, ვერცხლის და სხვ. მაშასადამე
ცოცხალი ორანიზმები მონაწილეობენ სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გამდიდრებაში.
ბაქტერიებზე შეიძლება თქვას, რომ ისისნი გვევლინება ბუნებრივ-გამამდიდრებლებად.
ნიადაგურ - ელუვიური ფუნქცია. ცოცხალი ორგანიზმებს ნიადაგის წარმოქმნაში დიდი
მნიშვნელობა აქვს. ამის დასტურია გამოფიტვის ქერქის არსებობა, რომელიც წარმოადგენს
დედამიწის ქერქის ზედა ნაწილს, რომელიც აერთიანებს ცოცხალ ორგანიზმებს, ნიადაგს და
დედაქანის ზედა ნაწილს. ნიადაგში არსებული ორგანიზმები ცვლის ორგანულ მასალას და
ნიადაგის სხვადასხვა ფენაში ანაწილებს. მაგალითად ნეშომპალას არსებობა ნიადაგში და
წვიმის ჭიების ანუ ჭიაყელების მიერ გამოყოფილი ორგანულ-მინერალური წარმონაქმნი
კოპრულატი, რომელიც ფუვდება და იბერება და ამით ნიადაგის მსხვილი კონსისტენციები

7
ეროზიისადმი მდგრადი ხდება, კოპრულატის მეშვეობით ნიადაგი წებოვანია და არ
ემორჩილება გამოქარვას ანუ დეფლაციას.
დესტრუქციული ფუნქცია. მწვანე მცენარეულობისგან ფოტოსინთეზის შედეგად
ატმოსფეროში ჟანგბადის წარმოქმნამ, დასაბამი მისცა ჟანგვითი პროცესების დაწყებას და ამ
პროცესების შედეგად ბევრი ელემენტი წარმოიქმნა. ბიოგენურ დესტრუქციაში იგულისხმება
ორგანიზმების ფუნქცია გახრწნას, დაჟანგოს და დაშალოს ნივთიერება. ორგანული
ნივთიერებების დაშლისას გამოიყოფა აირები: მეთანი, გოგირდწყალბადი და სხვა, ე. ი.
ხორციელდება აიროვანი ფუნქცია.
ლიქენების ფესვურები, რომლებიც ძალზე მცირე ზომის არიან, უმნიშვნელოდ ახდენს
ქანების დანაწევრებას 1-2 მმ სიღრმეზე, მაგრამ ასეთი მცირე დანაწევრებაც კი საკმარისია, რომ
შემდეგ იქ მაღალგანვითარებულმა მცენარეების ფესვებმა მოიკიდონ ფეხი და შემდეგ
თანდათან მოახდინონ ქანის დაშლა. ქანების დაშლა ყველაზე უფრო გავრცელებული ნიდაგ-
ელუვიური ფუნქციაა.
მსხვილმარცვლოვანი მასალის დაშლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიკროორგანიზმების
მოქმედებას სუბაქვალურ პირობებში ლოდები, კენჭები გაცილებით სწრაფად ირეცხება და
მრგვალდება მას შემდეგ რაც, მიკროორგანიზმები მათგან კაჟმიწას გამოიტანენ.
მიკროორგანიზმებს ზოგჯერ თავიანთი დესტრუქციული ფუნქციით დიდი ზარალის
გამოიწვევა შეუძლიათ. მაგალითად თუ გრუნტის წყლებში არსებობს ამონიუმის შენაერთი ან
შლამისაგან დაგროვილია გოგირდწყალბადი, თიონური ბაქტერია წყალქვეშა ბეტონის
ნაგებობას აქტიურად შლის, ვინაიდან გოგირდწყალბადს მჟავად გადააქცევს. მჟავას მავნე
დამანგრეველი თვისება დამანგრევლად მოქმედებს.
სატრანსპორტო ფუნქცია. ორი სახისაა ზოომასის მიერ ელემენტების გადატანა, მაგალითად
კალიების გუნდის გადაფრენა, ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ აფრიკის
ჩრდილოეთი სანაპიროდან წითელი ზღვის გავლით არაბეთის ნახევარკუნძულზე კალიების
უზარმაზარი გუნდის გადაფრენა. აქ ჩანს ცოცხალი ორგანიზმების მიერ ჰაერის მასების
მოძრაობასთნ ერთად შეთავსებულად. ტრანსპორტირების სხვა სახედ შეიძლება ჩაითვალოს
ბიომასის პასიური გადატანა წყლით, ნიადაგით, ჰაერის მასებით. მაგალითად მცენარეული
მტვერის, თესლის და სხვ. გადატანა მწერების, ფრინველების, წყლის და ჰაერის მასების მიერ.
ცოცხალი ორგანიზმების ზემოქმედება იწვევს როგორც ქიმიურ ისე ფიზიკურ პროცესებს,
რაც საბოლოოდ ბიოსფეროს დინამიკას გამოხატავს. ცოცხალი ორგნიზმების და ბიოსფეროს
ევოლუცია მიმდინარეობს და ემორჩილება (ადამიანის გარდა) იმ გარკვეულ პირობებს,
რომელსაც მას გეოგრაფიული გარსი უქმნის. საინტერესოა ვ. ვერნადსკის აზრი - „დედამიწის
ზედაპირზე არ არსებობს ქიმიური ძალა, უფრო მუდმივმოქმედი და ამიტომაც საბოლოო
შედეგით უფრო ყოვლისშემძლე, ვიდრე ერთად აღებული ცოცხალი ორგანიზმებია“.

8
გეოგრაფიული გარსის განვითარების ეტაპები. გეოგრაფიული გარსის ფორმირების
დროდ მეცნიერები (ს. კალესნიკი, ა. ზაბელინი) პლანეტის განვითრების იმ სტადიას
მიიჩნევენ, როდესაც მან მიაღწია ისეთ მასას, რომ გრავიტაციის ძალით შესძლო ატმოსფეროს
და ჰიდროსფეროს შეკავება.
გეოგრაფიული გარსის განვითარების 4 ეტაპი შეიძლება გამოიყოს:
გეოლოგიურ განვითარებამდელი ეტაპი 4- 5 მლრდ. წლის წინ. არსებობს მოსაზრება, რომ
დედამიწის მასის გაზრდა მისი წარმოშობის საწყის ეტაპზე ტყუპისცალ თეას შთანთქმამ.
დედამიწის მიერ თეას შთანთქმის შედეგად გაიზარდა და გაძლიერდა გეოფიზიკური ველები,
რამაც არა მარტო ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს ჩამოყალიბება და შეკავება, არამედ
ცოცხალი ორგანიზმების და მთლიანად ბიოსფეროს შექმნა განაპირობა. გაძლიერდა
გრავიტაციული ველი, გაჩნდა ატმოსფერო, წარმოიქმნა წყალი, პლანეტის შიდა
ნივთიერებების გამკვრივების შედეგად შეიქმნა მაგნიტოსფერო. აღნიშნული პროცესების
ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნა ბიოსფეროს განვითარებისთვის შესაფერისი პირობები.
ბიოსფერომდელი (გეოლოგიური) ეტაპი. გრძელდებოდა 4,0- 4,5 მლრდ წლიდან 570 მლნ
წლამდე. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა კონტინენტები და ოკეანეთა ღრმულები. ხდებოდა
ურთიერთზემოქმედება ლითოსფეროს, ატმოსფეროს და ბიოსფეროს შორის. ცოცხალი
ორგანიზმები დაბალი რანგის იყო და არც ფართოდ იყო გავრცელებული.
ბიოსფეროს ეტაპი. - 570 მლნ წლიდან 40 ათას წლამდე. ამ პერიოდში უკვე გააქტიურდა
ბიოგენური ფაქტორი, სინათლეზე ფოტოსინთეზის რეაქციის შედეგად ხდებოდა
არაორგანული ნივთიერებების ორგანულად გარდაქმნა. წარმოიქმნა გამოფიტვის ქერქი და
ატმოსფეროში გაჩნდა სხვადასხვა აირები. ცოცხალი ორგანიზმების მონაწილეობით
გეოგრაფიული გარსის სხვა სფეროები უფრო სრულყოფილი გახდა დამყარდა მჭიდრო კავშირი
მათსა და ბიოსფეროს შორის.
ანთროპოგენური და ნოოსფეროს ანუ აზროვნების სფეროს ეტაპი - 40 ათასი წლიდან
დღემდე. აღნიშნულ ეტაპზე მკვეთრად გამოიკვეთა ბუნებასა და ადამიანს შორის
ურთიერთზემოქმედების თავისებურებები. ადამიანის გონივრული მოქმედება შემდგომი
განვითარების საფუძველი ხდება. ნოოსფეროს ეტაპზე გეოგრაფიული გარსის საზღვრები
თანდათან ფართოვდება, რადგან ადამიანი გასცდა დედამიწას და გავიდა კოსმოსში.
სიცოცხლის წარმოშობა. სიცოცხლის წამოშობისთვის, პირველყოვლისა სიცოცხლის
წარმოშობის პირობების ფორმირება უნდა მომხდარიყო. სიცოცხლის წარმოშობის ყველაზე
უფრო თანმიმდევრული თეორია რუსმა მეცნიერმა ა. ოპარინმა და ინგლისელმა მეცნიერებმა
- ჯ. ჰოლდეინმა და ჯ. ბერნალმა შეიმუშავეს. ამ თეორიების მიხედვით დედამიწაზე
სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელი იყი ნახშირბადისა და წყალბადის არსებობა. ეს
ელემენტები ფართოდ არის ვარსკვლავების და მეტეორიტების შემადგენლობაში და რა თქმა
უნდა იმ თავდაპირველ ღრუბელშიც იყო, რომლის შემკვრივებითაც წარმოიშვა პლანეტა

9
დედამიწა. ნახშირბადის ატომებს დიდი უნარი აქვთ სხვა ქიმიურ ელემენტებთან შეერთების,
ამიტომ მათ აქვთ დიდი უნარი რთული ნივთიერებების წარმოქმნაში. თანდათან ხდებოდა
რთული მოლეკულური აღნაგობის ნივთიერებების წარმოქმნა ზღვის წყალმარჩხ ყურეებში -
ლაგუნაში, პირველ ეტაპზე ცილების მსგავსი ნაერთის წარმოქმნა, გახდა სიცოცხლის
პროცესის საწყისი ეტაპი.
მეორე ეტაპზე საერთო ხსნარში მოქცეულმა ცილებმა წვრილი წვეთების სახით
გამოცალკევების და შეერთების უნარი შეიძინეს, ამ მოვლენას კოაცერვაცია (coacervatio
ერთად თავმოყრა“, „დაგროვება“) ეწოდება. კოაცერვატებმა ბუნებრივ ხსნარებში ორგანული
ნივთიერებების დაგროვებას შეუწყვეს ხელი. თითოეული ასეთი გროვა უკვე
ინდივიდუალური ნიშნით ხასიათდებოდა და გააჩნდათ საკუთარი (თუმცა არამდგრადი)
სტრუქტურა.
მესამე ეტაპზე კოაცერვატების გარკვეულ სიდიდემდე ზრდა იწვევდა მათ შემდგომ
დაყოფას. და ორი მდგრადი ანუ მსგავსი გროვების წარმოშობას, რომლებსაც თვის მხრივ
შეეძლოთ გაზრდა და დამოუკიდებელი გამრავლება - ეს იყო სიცოცხლის წარმოშობის
დამაგვირგვინებელი ეტაპი, როდესაც არაცოცხალი წარმონაქმნისაგან ცოცხალი არსების
ნახტომისებური გარდაქმნა მოხდა.
მარტივი სიცოცხლის „გუნდებს“ ჯერ კიდევ არ გააჩნდათ უჯრედოვანი სტრუქტურა,
რომელიც მათ შეიძინეს ასეულათასობით წლის განმავლობაში. ასევე ათასი წლები იყო
საჭირო, რომ მათ გასჩენოდათ საკვები პროდუქტის შექმნის უნარი. ამჟამად ამას მწვანე
მცენარეულობა ქმნის ფოტოსინთეზის მეშვეობით. მაშინ კი, განვითარების საწყის ეტაპზე,
ცოცხალი ორგანიზმები ორ ჯგუფად დაიყო: არაორაგნულიდან ორგანული ნივთიერებების
„დამზადების“ არმქონე ორგანიზმებმა დასაბამი მისცეს ცხოველთა სამყაროს, ხოლო
ორგანული ნივთიერების სინთეზის უნარიანებმა - მცენარეების წარმოშობას დაუდეს
საფუძველი.
სიცოცხლის წარმოშობის შესახებ შეხედულებები ხშირად დავას და აზრთა სხვადასხვაობას
იწვევს, მაგრამ შედარებით ნაკლებად სადავოა შემდეგი მოსაზრებები:
1. თავდპირველი ორგანული ნაერთები საკმაოდ მარტივი (3-6 ატომი ყოველ მოლეკულაში)
უნდა ყოფილიყო; რომელთა კონცენტრაციის (წყლის მოცულობის) შემცირებას ხელი უნდა
შეეწყო მარტივი მოლეკულების ურთიერთმოქმედებისა და რთული ნაერთების წარმოქმნის
პროცესისათვის. მაშასადამე, აქედან გამომდინარე სიცოცხლე ამომშრალ წყალსატევებში,
ლგუნებში, ლამებში და ნიადაგებში ჩაისახა. 2. ცილების ამონომჟავებისათვის საჭირო
ინგრედიენტები (მეთანი, ამიაკი, წყლის ორთქლი, ელექტრონული განმუხტვა,
ულტრაიისფერი სხივები) დედამიწის პირველად ატმოსფეროში საკმარისად იყო
წარმოდგენილი. 3. ორგანიზმთა შთამომავლობითი ნიშნების გადაცემაში განსაკუთრებული
როლი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) მიეკუთვნება.

10
დედმიწაზე ყველაზე უფრო ძველი ორგანიზმების - ბაქტერიების ნარჩენები სამხრეთ
აფრიკაშია ნაპოვნი. მათი ასაკი 1, 3 მილიარდ წელს უდრის. კირქვიანი წყალმცენარეების
ასაკი 2,5 მლრდ. წელია. 1,2 მილიარდი წლის წიანთ გაჩნდენ მრავალუჯრედიანი
წყალმცენარეები.
დედამიწის არსებობის მთელი ისტორიის მნძილზე ცოცხალი ორგანიზმების 500 მლნ
სახეობა არსებობდა, ამჟამად კი 2 მილიონი სახეობა დარჩა. ცოცხალი ორგანიზმების
ევოლუციის პროცესში 3 მნიშვნელოვან ეტაპს ანუ ევოლუციის 3 სივრცობრივ ფაზას
განასხვავებენ: 1. ხმელეთის და ოკეანის სანაპირო ზოლი; 2. ფოტოსინთეზის უნარის
დაუფლების შემდეგ ცოცხალი ორგანიზმები ოკეანეებში დასახლდნენ; 3. ევოლუციის მესამე
ფაზაში ცოცხალი ორგანიზმები ხმელეთზეც ბინადრობდნენ, სადაც მათ განვითარების
უმაღლეს დონეს მიაღწიეს.
გარემო პირობების ცვლილების მიუხედავად დედამიწაზე განუწყვეტლივ გრძელდებოდა
სიცოცხლის არსებობა და განვითრება.
ადამიანის წარმოშობა. ადამიანის წარმოშობა კაინოზოური ერის მეოთხეულ პერიოდს ანუ
ანთროპოგენს უკავშრდება. აღმოსავლეთ აფრიკაში მდინარე ოლდოვაის ხეობაში
(აღმოსავლეთი აფრიკა, ტანზანია) ნაპოვნი არქეოლოგიური კულტურა 1- 1, 85 მლნ. წლის
წინანდელი დროით არის დათარიღებული, რომელშიც აღმოჩენილ იქნა „უნარიანი
ადამიანის“ - homo habilis, ჩონჩხის ასაკი 2 მლნ. წლთაა განსაზღვრული. ადრე კი ადამიანის
შორეულმა წინაპრებმა ბუნებრივი პირობების გავლენით მიატოვეს ხემცენარეებზე
ბინადრობა და მიწაზე ჩამოვიდნენ თანამედროვე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული
სისტემატიკა ასე გამოიყურება: პრიმატები - ანთოპოიდები - ვიწროცხვირიანები -
ჰომინოიდები - ჰომინიდები - ჰომინინები - ჰომო.
ჰომინოიდების ზეოჯახში გამოყოფენ 3 ოჯახს, მათგან ერთი გადაშენდა, მეორისგან
განვითარდნენ თნამედროვე გიბონები, მესამესგან (ჰომინიდები), რომელიც ასევე 3 ჯგუფად
იყოფა ერთი უკვე გადაშენებულია, მეორეს მიეკუთვნებიან ორანგუტანები, ხოლო მესამეს
ადამიანები, შიმპანზეები და გორილები. დრიოპითეკების ჯგუფის ნაშთები კი მხოლოდ
აზიაშია მიკვლეული. მათი წარმომადგენლები იყვნენ პირველი ჰომინოიდები, რომელთა
კვალი საქართველოშც აღმოჩნდა.
პირველი ჰომინოიდური პრიმატები 25 მლნ. წლის წინ აღმოსავლეთ აფრიკის
მარადმწვანე ტენიანი ტყეების გარემოში წარმოიშვნენ. აფრიკიდან ევრაზიაში მიგრაციის
შედეგად, ახალ ბუნებრივ გარემოში, ჰომინოიდებმა მორფოლოგიური ცვლილება
განიცადეს. 13 მლნ წლის წინ ევრაზიაში მაიმუნთა ჯგუფი ხეზე ცოცვით
გადაადგილდებოდა. ტყის ამ ბინადარმა (გორილას მსგავსნი) ევოლუციის პროცესში
გამოიმუშავა გადაადგილების სხვადსხვა ფორმები (კვადროპედალიზმი - გორილა,

11
შიმპანზე; ბიპედალიზმი - ავსტრალოპითეკები, ჰომო) ფორმები, რაც ჰაბიტატების
არაერთგვაროვნებასთან იყო დაკავშირებული.
კლასიკური სქემით homo-ს პირველი წარმომადგენელი homo habilis-ია, მას
ავსტრალოპითეკებზე უფრო დიდი ტვინი და პატარა კბილები ჰქონდა განვითარებული და
2, 5 – 1, 6 მლნ წლის წინ აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობდა, ადამიანზე
უფრო მცირე ზომას აღწევდა, თუმცა ტვინის მოცულობა 700 სმ3-ს შეადგენდა.
შემდეგი ტაქსონი homo erectus-ია, რომელიც ამართულ ადამიანს წარმოადგენდა, მათ
ახასიათებდათ უფრო დიდი სხეული და ტვინის მოცულობა. სწორედ მათ ისწავლეს
ცეცხლის მოპოვება. ამ დროს განვითარდა ქვის იარაღები, გაჩნდა საკვების მოპოვების
(ნადირობა) საშუალება 1,2 – 1,4 მლნ წელი. ასევე გამოყოფენ homo ergasteri- ს ჯგუფს (1,6
მლნ წელი), რომელიც ახლოს დგას თანამედროვე ადამიანთან. თანამედროვე ადამიანთა ამ
წინაპრებს ცხელი ჰავის ადაპტაციის პირობებში მკაფიოდ გამოხატული ნიშნები აქვთ.
გეოგრაფიული თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს homo-ს აფრიკიდან
ევრაზიაში გადასვლის თარიღს. ევროპასა და აზიაში ნაპოვნი ქვის იარაღი დედამიწის
პირველადი მოსახლეობის მიგრაციას მიუთითებდა. საქართველოში (დმანისი)
აღმოჩენილი ნამარხი ჰომინიდები, ნათესაურ კავშირშია აფრიკის homo erectus-ებთან.
დმანისელი ჰომინიდი 1,8 მლნ წლით თარიღდება, მისი სიმაღლე 150 სმ-ს აღწევდა და
ემსგავსება კენიაში, ეთიოპიასა და ოლდოვაიში ნაპოვნ homo habilis - ის წარმომადგენლებს.
თუმცა დმანისის ჰომინიდის ასაკი კავკასიაში უძველესი არ არის, ამ მხრივ აღსანიშნავია
უძველესი ჰომინიდების ნაშთები დავითგარეჯის მიდამოებში. იგი ეკუთვნის
დრიოპითეკების ოჯახის წარმომადგენელს (8 – 8,5 მლნ წელი). ამ ჰომოინიდმა გადალახა
ევროპის არიდიზაცია (ჰავის გამშრალება), რომელსაც, როგორც ჩანს კავკასიაში,
შედარებით ნაკლები ინტენსივობა გააჩნდა. ამიტომაც მომდევნო 6, 5 მლნ წლის მანძილზე
სამხრეთ კავკასიაში ინტენსიური მიგრაციული პროცესები გრძელდებოდა, რაც
ადასტურებს უძველესი ადამიანების „რეფუგიუმებისაკენ „ ლტოლვას, ბუნებრივი გარემოს
მკვეთრი ცვლილებების შედეგად არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობებისაგან თავის
გადარჩენის მიზნით.
შემდეგი ჯგუფი homo sapiens-ია. ამ ჰომინიდების არსებობა დასტურდება
ჰაიდელბერგის (გერმანია), ტოტაველის (საფრანგეთი),სიმა დე ლოს უესოდან (ესპანეთი),
ბოქსგროუდან (ინგლისი), შტაინჰამიდან (გერმანია) და სხვ.
მოგვიანებით (ქვის ხანაში), სამუშაო და საბრძოლო იარაღი მზადდებოდა ქვის, ხისა და
ძვლებისაგან.
ამგვარად უძველესი ადამიანის წარმოშობის, განვითარებისა და მიგრაციის ამჟამად
დაგროვილი და მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები თანამედროვე ადამიანის
გარდაქმნისა და განვითარების უმთავრეს მიზეზად შეიძლება დავასახელოთ

12
გეოგრაფიული გარსის - ლანდშაფტური მრავალფეროვნების, მისი დიფერენციაციის,
აგრეთვე მისი სტრუქტურის ცვლილებების რთული გზა. უძველესი ადამიანთა
წინაპრებიდან დღემდე შეიმჩნევა ადამიანთა საზოგადოების შეუქცევადი და მიმართული
განვითარება, რაც მის ხარისხობრივ და თვისებრივ გარდაქმნებში აისახა.
ამგვარად, შეიძლება გეოგრაფიული გარსის 3 ერთმანეთისაგან მკვეთრად
განსხვავებული ეტაპი გამოვყოთ: 1. უძველესი - გეოგრაფიული გარსის წარმოშობიდან
სიცოცხლის გაჩენამდე, მას აბიოგენურ ეტაპს უწოდებენ; 2. შუა - გეოგრაფიულ გარსში
სიცოცხლის წარმოშბიდან ადამიანის გაჩენამდე; 3. უახლესი ანუ თანამედროვე - ადამიანთა
საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპი.
თავდაპირველად ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე უმნიშვნელო და სუსტი იყო.
ადამიანი მოგვიანებით დაეუფლა ცეცხლს. პალეოლითში (30-40 ათასი წლის წინ)
წარმოიშვნენ თნამედროვე ადამიანების მსგავსნი. ნადირობას და მცენარეული ნაყოფით
კვებას დაემატა საცხოვრისის აგება, ტანისამოსის დამზადება, ძაღლის მოშინაურება და სხვა
სოციალური ფაქტორები.
ჰოლოცენში (7 ათსი წლის წინ) ქვის ხანა, ბრინჯაოს ეპოქით შეიცვალა, ამ დროს
ფართოდ განვითარდა შინაური ცხოველების მოშენება და მიწათმოქმედება. ცხადია
გარემოზე ზემოქმედებაც სხვაგვარი გახდა, რაც ტყის გაჩეხვასა და სახნავი მიწების
ათვისებაში გამოიხატა. ასეთი მიწები თავდაპირველად უხვ მოსავალს იძლეოდა, მაგრამ
თანდათნობით იფიტებოდა და საჭირო ხდებოდა ტყის ახალი ფართობების გაჩეხვა.
ბრინჯაოს ეპოქაში (ისტორიული დროის დასაწყისი) ჩამოყალიბდა ხელოსნობა, რკინის
გამოყენება, განვითარდა ტექნიკა, გაძლიერდა შრომის დანაწილება. წარმოიქმნა
კლასობრივი, საზოგადოებრივი ურთიერთობა. ადამიანის ბიოლოგიური ევოლუციის
მნიშვნელობა შესუსტდა და უფრო მეტი მნიშვნელობა სოციალურ ევოლუციას მიენიჭა.
ადამიანის მძლავრი დატვირთვები, ტექნიკისა და მოსახლეობის რიცხოვნობის
ზრდასთან ერთად, გარემოს მნიშვნელოვან გარდაქმნებს იწვევდა. შუა საუკუნეების
დასასრულს (XVIII-XIX სს) მრეწველობის განვითარებამ, ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე
კიდევ უფრო გაამძაფრა. ამჟამად ადამიანის საქმიანობა მიმართულია ბუნების გონივრულ
ათვისებასა და ბუნებრივი პროცესების რეგულირებისაკენ.
ადამიანის საზოგადოების გამოჩენამ, გეოგრაფიული გარსი მიიყვანა ხარისხობრივ
ცვლილებამდე ანუ გეოგრაფიული გარსის ახალი ეტაპის ფორმირებამდე, რომელსაც
ნოოსფერო (noos გონება, sphaire სფერო) ეწოდა. ტერმინი ნოოსფერო ფრანგ მეცნიერს ე.
ლერუას და პ. შარდენს ეკუთვნის (1927), ხოლო მისი მეცნიერული შეფასება კი ვლადიმერ
ვერნადსკის. ნოოსფერო სიტყვასიტყვით ნიშნავს «მოაზროვნე გარსს» ანუ გონიერების
სფეროს, ნოოსფერო არის ბიოსფეროს ევოლუციის უმაღლესი სტადია.
ნოოსფეროში გამოვლინდება მოაზროვნე ადამიანის საქმიანობა, მოღვაწეობა.
ნოოსფერო სცილდება ბიოსფეროს ფარგლებს მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის

13
შედეგით - პროგრესულობით. ადამიანის მიერ მოხდა კოსმოსური სივრცის ათვისება.
ნოოსფეროში გამოსჭვივის კაცობრიობის შემოქმედებითი ნიჭი და ღვაწლი.
ვ. ვერნადსკის აზრით, ადამიანის გამოჩენა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო
ჩვენი პლანეტის განვითარების გზაზე - ადამიანის მოღვაწეობამ მეტად დააჩქარა
ევოლუციური პროცესები, რომელთა ტემპი საწარმოო ძალთა განვითარებისა და
კაცობრიობის ტექნიკური აღჭურვილობის ზრდის შესაბამისად სულ უფრო და უფრო
მატულობს.
ზონალურობა და აზონალურობა. ზონალურობა გეოგრაფიული გარსის ერთ -
ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერებაა, რომლის დროსაც ეკვატორიდან პოლუსებისკენ ან
პირიქით კანონზომიერად იცვლება ბუნების ყველა კომპონენტი და მთლიანად კომპლექსი.
ზონალურობის გამომწვევი ფაქტორებიდან მთავარია: დედამიწის ფორმა (სფეროსებურობა),
მისი მდებარეობა მზის მიმართ. მისი ღერძის დახრილობა 66,5 0ით ორბიტის მიმართ და
მოძრაობის თავისებურებანი. მზის რადიაციის არათანაბარი განაწილების შედეგად
ეკვატორიდან პოლუსებისაკენ კანონზომიერად იცვლება არა მხოლოდ ჰავა, არამედ
ნიადაგები, მცენარეული საფარი, ცხოველები. ზონალურად არის განაწილებული აორთქლება
და ღრუბლიანობა, ატმოსფერული ნალექები, ქარების სისტემები, გამოფიტვა და სხვ.
დედამიწის ზედაპირი, რომ სავსებით ერთგვაროვანი იყოს, თითოეული ზონა იქნებოდა
დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული.
მთიან ქვეყნებში ზონალურობა გართულებულია ვერტიკალური სარტყლიურობით.
ხმელეთზე, სიმაღლებრივი სარტყლიურობის მსგავსად ოკეანეში შეიმჩნევა წყალქვეშა
სიღრმითი ზონალურობა. ის 1500 -2000 მ სიღრმემდე, ვლინდება, არა მარტო, სითბოს და
სინათლის გავლენით, არამედ ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობის თავისებურებებით. გარდა
იმ მოვლენებისა, რომლებიც ზონალურობას ემორჩილებიან გეოგრაფიული გარსის
ცხოვრებაში არანაკლებ როლს ასრულებს აზონალური მოვლენები, ე.ი. მოვლენები, რომლებიც
არ არიან დამოკიდებული მზის რადიაციის განაწილების პირობებზე, მათ მიეკუთვნებიან
დედამიწის ქერქის რხევითი მოძრაობანი, რაზედაც დამოკიდებულია ხმელეთისა და წყლის
განაწილების ცვალებადობა, ზღვის ტრანსგრესიები და რეგრესიები. ნასხლეტების, ნაოჭების,
მთების, ინტრუზიული სხეულების წარმოშობა, მიწისძვრები, ვულკანების ამოთხევა. ასეთი
მოვლენების და პროცესების წყარო დედამიწის წიაღში მდებარეობს.
დედამიწის ზედაპირი არ არის ისეთი ადგილი სადაც ვლინდება მხოლოდ ზონალური
ან მხოლოდ აზონალური ნიშნები. ზონალურობაც და აზონალურობაც ერთად არიან, მხოლოდ
გამოხატულნი არიან სხვადასხვა სიმკვეთრით, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ
გეოგრაფიულ პირობებზე და ლანდშაფტური გარსის მოცემული მონაკვეთის განვითარების
სტადიაზე.

14
ზონალურობის მეცნიერული გაგების ფუძემდებლად ცნობილი გერმანელი
ბუნებისმეტყველი და გეოგრაფი ალექსანდრე ჰუმბოლდტი (1769-1859) და დიდი რუსი
მეცნიერი, თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის და ზონალური აგრონომიის ფუძემდებელი
ვასილი დოკუჩაევი (1846-1903) მიიჩნევა.
დიდმა ქართველმა გეოგრაფმა და ისტორიკოსმა ვახუშტი ბაგრატიონმა ჯერ კიდევ VIII
საუკუნის 40-იან წლებში აღწერა ბუნებრივი კომპონენტების სიმაღლებრივი გავრცელების
კანონზომიერება და სიმაღლებრივი სარტყლურობის შესახებ გვამცნო თავის ნაშრომში
„აღწერა სამეფოსა საქართველოსა’’ (1745 წ), აღნიშნულ ნაშრომში ვახუშტი ბაგრატიონი
საქართველოს ზოგიერთი ადგილის ვერტიკალური ზონების მოკლე დახასიათებას გვაძლევს.
მაშასადამე ვახუშტი ბაგრატიონმა უფრო ადრე შენიშნა ვერტიკალური ზონალურობის
კანონზომიერება მთებში, მაგრამ სამწუხაროდ მისი ნაშრომი ერთი საუკუნით გვიან
გამოქვეყნდა და მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამდენად შეიძლება ვერტიკალური
ზონალურობის პირველაღმომჩენად ვახუშტი ბაგრატიონი მივიჩნიოთ.

ბიომრავალფეროვნება. ტერმინი „ბიომრავალფეროვნება“ წარმოადგენს


სიტყვათშეხამება „ბიოლოგიური მრავალფეროვნების“ შემოკლებას. ამ ტერმინს ჩვეულებრივ
ხმარობენ მაშინ, როდესაც ახასიათებენ ცოცხალი ორგანიზმების სახეობების რაოდენობას და
ცვალებადობას. სიტყვათშეხამება „ბიოლოგიური მრავალფეროვნება“ პირველად გამოიყენა გ.
ბეიტსმა (1892 წ) თავის ცნობილ წიგნში „ნატურალისტი ამაზონზე“, სადაც აღწერილია, თუ
როგორ ნახა ნატურალისტმა (პირი, რომელიც ბუნებას სწავლობს, ბუნებისმეტყველი)
ერთსაათიანი ექსკურსიის დროს პეპლების 700 სხვადასხვა სახეობა. შეიძლება ითქვას, რომ
ბიომრავალფეროვნების პირველი შეფასებები ჩატარდა XVIII –XIX საუკენეში. ამ პერიოდში
შედგა დედამიწის ბოტანიკურ-გეოგრაფიული და ზოოგეოგრაფიული დარაიონების პირველი
სქემები.
ბიომრავალფეროვნება XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო
გავრცელებული ცნება გახდა სამეცნიერო ლიტერატურაში. იგი მტკიცედ დაამკვიდრეს
ბუნების დაცვასთან დაკავშრებულმა მოძრაობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა,
ბიომრავალფეროვნება ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს ეკოლოგიური პოლიტიკის საფუძველს.
ბიომრავალფეროვნების სათანადო დონე არის ეკოსისტემების, თუ მთლიანად ბიოსფეროს
ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობა.
ბიომრავალფეროვნების შესწავლა წარმოებს გენეტიკურ, სახეობრივ და ეკოსისტემურ
(ლანდშაფტურ) დონეზე.
გენეტიკური მრავალფეროვნება ასახავს გენეტიკური ვარიაციების მრავალფეროვნებას.

15
სახეობრივი მრავალფეროვნება მოიცავს ცალკეული ქვეყნების, ადგილების ან ბიოტოპების
სახეობების სიმდიდრეს (სიმრავლეს) ამ მრავალფეროვნებას ჩვეულებრივ მიიჩნევენ
ცენტრალურ დონედ.
ეკოსისტემური მრავალფეროვნება დაკავშირებულია ეკოსისტემის მრავალფეროვნებასთან.
ეკოსისტემის მრავალფეროვნება ფასდება ცალკეული სახეობების საერთო რაოდენობით
ეკოსისტემაში ან ბიომასის რაოდენობით ტროფიკული ჯაჭვის (კვებითი ჯაჭვი, რომელშიც
ენერგია ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცემა) სხვადასხვა დონეზე. ეკოსისტემის
მრავალფეროვნებასთან ახლოსაა ლანდშაფტური მრავალფეროვნება, თუმცა უფრო ხშირად
იხმარება სიტყვათშეხამება „ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება“
არსებობს ბიომრავალფეროვნების 2 ძირითადი სახე:
1. ტაქსონომიური მრავალფეროვნება და
2. ტიპოლოგიური მრავალფეროვნება.
ტაქსონომიურ მრავალფეროვნებაში, თავის მხრივ გამოიყოფა იერარქიული დონეები:
სახეობრივი, პოპულაციურ - გენეტიკური, გენოტიპური და გენური. ხშირად გამოყოფენ
ტაქსონომიურად უფრო მაღალი ერთულების - გვარების, ოჯახების და ა. შ.
მრავალფეროვნებას.
ტიპოლოგიური მრავალფეროვნება ცოცხალ ორგანიზმებს აჯგუფებს, სტრუქტურული,
ფუნქციური, გეოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა ნიშნების მიხედვით.
რ. უიტეკერმა (1972) შემოგვთავაზა ალფა, ბეტა და გამა მრავალფეროვნების ცნებები.
 ალფა მრავალფეროვნება არის მრავალფეროვნება ერთი ადგილსამყოფელის ან
თანასაზოგადოების ფარგლებში.
 ბეტა მრავალფეროვნება მოიცავს სხვადასხვა ადგილსამყოფელთა მრავალფეროვნებას.
 გამა მრავალფეროვნება წარმოადგენს დიდი რეგიონების მრავალფეროვნებას, სადაც
მრავალი ლანდშაფტია წარმოდგენილი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვისა და განვითარების
კონფერენციაზე 1992 წელს მიღებულ იქნა კონვენცია „ბიომრავალფეროვნების შესახებ.
დღეისათვის ეს კონვენცია 180 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო
ბიომრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. ტერმინი „ბიომრავალფეროვნება“
კონვენციაში განმარტებულია შემდეგნაირად - ბიომრავალფეროვნება ნიშნავს ყველა
წარმოშობის ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობას, მათ შორის ხმელეთის, ზღვისა და წყლის
ეკოსისტემებს და ეკოლოგიურ კომპლექსებს, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ეს
ორგანიზმები თავად წარმოადგენენ. ეს განმარტება მოიცავს განმარტებას სახეობების
ფარგლებში, მრავალფეროვნებას სახეობებს შორის, აგრეთვე ეკოსისტემების
მრავალფეროვნებას.
კონვენციის ძირითადი მიზნებია:

16
1. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
2. ბიომრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება;
3. გენეტიკური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პროდუქტის ერთობლივი
მიღება სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე.
ამა თუ იმ ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დასადგენად იყენებენ სპეციალურ ინდექსს,
რომელსაც აქტუალური ბიომრავალფეროვნების ინდექსს უწოდებენ. მისი საშუალებით
ხდება ცალკეული ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ერთმანეთთან შედარება.
აქტუალური ბიომრავალფეროვნების ინდექსის გამოთვლისას უმაღლესი მცენარეების,
ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების ამფიბიების და მტკნარი წყლის თევზების
რაოდენობა იყოფა ქვეყნის ფართობზე და მაჩვენებელს ემატება ამ ქვეყანაში არსებულ
ენდემურ სახეობათა რიცხვი, გაყოფილი ქვეყნის ფართობზე.
მსოფლიოს აქტუალური ბიომრავალფეროვნების საშუალო ინდექსი უდრის 2700-ს.
ცალკეული ქვეყნების ბიომრავალფეროვნების შეფასებისას, ხშირად იყენებენ საშუალო
ბიომრავალფეროვნების ინდექსს, რომელიც უდრის აქტუალურ ბიომრავალფეროვნებას,
გაყოფილს საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე, ე. ი. 2700-ზე.
აქტუალური ბიომრავალგფეროვნების თვალსაზრისით პირველ ათეულს შემდეგი ქვეყნები
ქმნიან: კოლუმბია, ბრაზილია, ეკვადორი, ინდონეზია, კოსტა-რიკა, მექსიკა, სამხრეთი აფრიკა,
ვენესუელა, პანამა, მალაიზია. ბიომრავალფეროვნების მიხედვით ლიდერია ლათინური
ამერიკა. ბიომრავალფეროვნების მაღალი ინდექსი აქვთ, როგორც დიდ ისე მცირე ქვეყნებს,
მაგალითად ბრაზილიას და პანამას. ეს აიხსნება იმით, რომ პატარა ქვეყნებში სახეობათა დიდი
რაოდენობაა ფართობის ერთეულზე, მაგრამ ტერიტორიის სიმცირის გამო ამ ქვეყნებს მცირე
ენდემიზმი ახასიათებთ. დიდ ქვეყნებში კი პირიქით, 10 000 კვ. კმ-ზე სახეობათა შედარებით
მცირე რაოდენობაა, მაგრამ ენდემური სახეობებია ბევრი. საშუალო ბიომრავალფეროვნების
ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზეა, აქტუალური
ბიომრავალფეროვნება შეადგენს 2728-ს, ხოლო საშუალო - 1,01-ს. ამ მაჩვენებლებით
საქართველო პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს განედზე ან
უფრო ჩრდილოეთით მდებარეობენ.
ლანდშაფტური მრავალფეროვნებით საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში. ევროპაში
ერთ-ერთ პირველზე.
საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნებით ფართობის ერთეულზე I ადგილი
უკავია მთელ მსოფლიოში.
მეცნიერთა გაანგარიშებით, ხმელეთის ყოველ 90 ათ. კმ 2-ზე საშუალოდ მოდის
2
ლანდშაფტის 2 ტიპი, მაშინ, როცა საქართველოში 69,7 ათ. კმ -ზე - 22 ტიპი. ამიტომაც,
სამართლიანად უწოდეს მას „მსოფლიოს ლანდშაფტური ლაბორატორია” ლანდშაფტური
მრავალფეროვნებით საქართველო ბევრად აღემატება ისეთ დიდ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა:

17
გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, უკრაინა, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა
და სხვ.
გეოგრაფიული ანუ ბუნებრივი გარემო და გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.
გეოგრაფიული გარემო არის ის რელაური სივრცე სადაც ადამიანი ცხოვრობს, შრომობს და
მისი კავშირი გეოგრაფიული გარსის ცალკეულ სფეროებთან მრავალფეროვნად ვლინდება და
სადაც ადამიანმა მოახდინა ყველა სფეროს ნაწილობრივი აქტიური ტრანსფორმაცია.
დედამიწის ბუნებრივ მდგომარეობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა საინჟინრო,
სამშენებლო და სამეურნეო მოღვაწეობა.
გეოგრაფიული ანუ ბუნებრივი გარემო ეს არის საზოგადოების გარემომცველი ბუნების ის
ნაწილი, რომელშიც ის მოცემულ მომენტში ურთიერთქმედებაში იმყოფება, ანუ რომელიც
პირდაპირ კავშირშია მის სასიცოცხლო და სამეურნეო საქმიანობასთან. გეოგრაფიული გარემოს
გაფართოება კაცობრიობის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს, თანდათან
გეოგრაფიული გარსის უფრო მეტი ნაწილი გარდაიქმნება გეოგრაფიულ გარემოდ და ცხადია,
რომ მომავალში მათი საზღვრები ერთმანეთს დაემთხვევა.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, იგი გარე
სამყაროსაგან განსხვავებით, წარმოიქმნება და ვითარდება საზოგადოებასთან ერთად და მის
გარეშე არ არსებობს. ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო თავისი გეოგრაფიული გარსის
კომპონენტების ერთიანობით, საზოგადოებისათვის არსებობის მატერიალურ პირობას ქმნის
და, ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოსაგან განსხვავებით, ვითარდება თავისთავად,
ბუნებრივი თავისებურებების საფუძველზე, მაგრამ ამავე დროს განიცდის ცვლილებას
საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, რადგან ადამიანთა ინტერესების სფერო
მუდმივად ფართოვდება.
გლობალური პრობლემები, რომელებიც თან სდევს სისტემის - „ადამიანი - ბუნების“
ურთიერთზემოქმედებას შემდეგია: ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა, ბუნებრივი
რესურსებისადმი საზოგადოების გაზრდილი მოთხოვნის უზრუნველყოფა. მსოფლიო ოკეანის
რესურსების გამოკვლევა-გამოყენება, კოსმოსის ათვისება.
გლობალური პრობლემები მჭიდრო ურთიერთკავშირშია გარემოსთან და მოითხოვს
გლობალურ გადაწყვეტას. მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს
ისეთი ეკოლოგიური პრობლემები, როგორებიცაა: დედამიწის კლიმატის გლობალური
დათბობა, „ოზონის ხვრელების“ წარმოშობა, გეოგრაფიული გარსის ცალკეული გარსების ანუ
სფეროების ანთროპოგენური დაჭუჭყიანება, ბუნებრივი სისტემების დეგრადაცია,
ეკოლოგიურად დაძაბული და ეკოლოგიური უბედურების ზონების ზრდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) გარემოს დაცვისა და განვითრების
საერთაშორისო კომისიამ 1983 წელს მიიღო საზოგადოების მდგრადი განვითარების
კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ხელშეწყობას, მისი

18
მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების და მომავალი თობების ცხოვრებისათვის
სრულყოფილი გეოგრაფიული გარემოს შენარჩუნებას. გაეროს გრემოს დაცვისა და
განვითარების კონცეფციაში გათვალისწინებული საკითხებიდან პირველ რიგში აუცილებელია
შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: პირველი ეს არის ის, რომ დედამიწას თვიდან
ავაცილოთ გარემოს სულ უფრო მზარდი გაჭუჭყიანება, ეს კი მიიღწევა სხვადასხვა
გარემოსდაცვითი ღონისძებებით - პირველ რიგში „სუფთა ენერგიების“ გამოყენება, უნარჩენო
ტექნოლოგიებისა და წარმოების სრული, დახურული ციკლის შემუშვება. გარემოზე
ანთროპოგენური ზემოქმედების კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება.

19

You might also like