You are on page 1of 7

2.

უმარტივესებიდან
მრავალუჯრედიანებამდე. ბიოსფერო
მრავალუჯრედიან ორგანიზმთა წარმოშობას აუცილებელი ეკოლოგიურ-
ევოლუციური პირობები გააჩნდა, უწინარესად ეს იყო ბიოგენური გზით
მოლეკულური ჟანგბადის პროცენტული ზრდა 1%-მდე. ცხადია, რომ დიდი ზომის
სხეულს მეტი ენერგია და შესაბამისად, მეტი ჟანგბადი ჭირდებოდა. როდის
წარმოიშვა და ვინ იყვნენ პირველი მრავალუჯრედიანები? როგორც ითქვა,
ჟანგბადთან კორელაციაში მრავალუჯრედიანების წარმოშობის სიტუაცია მომწიფდა
დაახლოებით 1 მლრდ წლის წინათ. ნამარხი მასალები გვიჩვენებენ, რომ პირველი
მრავალუჯრედიანის - Metazoa-ს წარმოშობა მოხდა 1 მილიარდი წლის წინათ.
ჟანგბადის არსებობის პირობებში შესაძლებელი გახდა პირვანდელ ოკეანეში
ნახტომისებური ევოლუციური ცვლილება - ანაგენეზი.

მრავალუჯრედიანი ორგანიზმები პირველად პროტეროზოული ერის ბოლოს - 700-


600 მლნ წლის წინ წარმოიქმნენ. უხერხემლოები, რომლებიც პირველად 1950-იან
წლებში იქნა აღოჩენილი სამხრეთ ავსტრალიაში ცნობილია ედიაკარას ფაუნის
სხელწოდებით. ამ ფაუნაში ვხვდებით თანამედროვე უხერხემლოების
წარმომადგენლების პროტოტიპებს ანუ ორეულებს. მაგალითად, ღრუბელებს,
მედუზას ფორმის ნაწლავღრუიანებს, ჭიების ყველა ტიპს, ფეხსახსრიანთა მსგავსებს
და ისეთებსაც, რომლებსაც დღეს ანალოგი არ გააჩნიათ. ეს იყო იმდროინდელი
მეჩხერი ოკეანეების ბენთოსური ფორმები, რომლებიც გამოირჩევიან უპრეცედენტო
ანატომიით. ეს მაკროორგანიზმები 10-15 სმ - ზე მეტს არ იზრდებოდნენ. ყველანი
იყვნენ მთელი სხეულით მკვებავი ორგანიზმები ანუ საკვებ ნივთიერებას
ძირითადად დეტრიტის სახით ღებულობდნენ პინოციტოზის გზით, ე.ი. არიან
უნაწლავო ორგანიზმები. სხეული ყველას დალიანდაგებული და დაზოლილი აქვს.
მიუხედავად თანამედროვე ფორმებთან დიდი მსგავსებისა, ისინი არ მიიჩნევიან
დღევანდელი უხერხემლოების სხვადასხვა ტიპების პირდაპირ წინაპარ ფორმებად. აქ
მხოლოდ ანატომიური მსგავსებაა, ანუ საქმე გვაქვს ანალოგიასთან და არა
ჰომოლოგიასთან. ედიაკარას ფაუნა სრულად გადაშენდა წარმოშობიდან 50 მილიონი
წლის შემდეგ. გადაშენების მიზეზი იყო იმ დროისათვის არსებული თოვლბურთა
დედამიწის ქერქში მომხდარი გლობალური მასშტაბის მაგმის ამოფრქვევა, რასაც
მთათწარმომქმნელი პროცესებიც მოყვა. მაგმის ამოფრქვევისას შექმნილმა მაღალმა
ტემპერატურამ გამოიწვია გამყინვარებისგან შემქნილი ყინულის საფარის დნობა და
ტემპერატურის მსგავსი სწრაფი ფლუქტუაციის გამო დედამიწაზე მოხდა
პლანეტური მასშტაბის კატასტროფა, რაც აისახა ცოცხალ ორგანიზმებზე და პირველი
დიდი გადაშენების სახელითაა ცნობილი.

პლანეტა დედამიწაზე ამჟამად არსებობს გეოგრაფიული გარსის 4 სფერო.


დასახელებული ოთხი სფეროდან სამი (ლითოსფერო, ატმოსფერო და ჰიდროსფერო)
არაცოცხალია, ხოლო მეოთხე - ბიოსფერო ცოცხალი. შესაბამისად, ნათქვამიდან
გამომდინარე, ცხადია, ბიოსფეროც პლანეტა დედამიწის საკუთრებაა. ბიოსფერო
ცოცხალი ორგანიზმების სახით წარმოდგენილია აღნიშნული გარსის სამივე სფეროში
- ხმელეთზეც, წყალშიც და ჰარშიც. 3,5 მილიარდი წლის განმავლობაში სიცოცხლე
მხოლოდ ჰიდროსფეროში ვითარდებოდა, მაგრამ უკანასკნელი 500 მილიონი წლის
განმავლობაში აბიოტური ფაქტორების ცვლილებებისა და ცოცხალი ორგანიზმების
ამ ფაქტორებთან ადაპტაციების მონაცვლეობით სიცოცხლემ 500-300 მილიონი წლის
განმავლობაში თანდათანობით დაიპყრო ჯერ ხმელეთი, ხოლო ბოლოს ატმოსფერო.
პირველი ავიატორები იყვნენ მწერები და ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი
განხორციელდა ქვანახშირის პერიოდში საშუალოდ 300 მილიონი წლის
განმავლობაში. შემდეგი ავიატორები უკვე ხერხემლიანი ორგანიზმები იყვნენ
მეზოზოურ ერაში გავრცელებული დინოზავრების განშტოების - პტეროზავრების
სახით, რომლებიც ფრთების აქტიური მოქნევი გადაადგილდებოდნენ. მესამე
ავიატორები არიან ჯერ ნახევრად ფრინველები (150 მილიონი წელი. იურული
პერიოდი) არქეოპტერიქსი და შემდეგ ნამდვილი ფრინველები (ცარცული პერიოდი -
100 მლნ წელი). ამგვარად ბიოსფერო შეიქმნა დედამიწის ჰიდროსფეროშიც,
ხმელეთზეც და ჰაერშიც.
ატმოსფერო წარმოადგენს გაზების ნაკრებს, რომელიც დედამიწის
მიზიდულობის ძალით დედამიწის სიახლოვეს კავდება და გარს ეკვრის მთელ
პლანეტას. ატმოსფერო ქმნის წნევას, რითაც წყლის სითხით ფორმით არსებობაა
შესაძლებელი, ოზონის შრის არსებობით იცავს დედამიწას მავნებელი
ულტრაიისფერი რადიაციის შემოჭრისაგან, ათბობს დედამიწის ზედაპირს სითბური
გაზების საშუალებით.
ჰაერი შეიცავს 78.08% აზოტს, 20.95% ჟანგბადს, 0.93% არგონს, 0.04%
ნახშიროჟანგს, 1% წყლის ორთქლს და მცირე რაოდენობით სხვა გაზებს. ჰაერის
ტემპერატურა და წნევა სიმაღლის მიხედვით იცვლება. ატმოსფერული ჰაერი
სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი პროცესებისათვის, როგორებიცაა
ფოტოსინთეზი და სუნთქვა.
ატმოსფერო ხუთ შრედ შეიძლება დაიყოს:
1. ეგზოსფერო - 700 - 10000კმ
2. თერმოსფერო - 80 – 700კმ
3. მეზოსფერო - 50-80კმ
4. სტრატოსფერო - 12-50კმ
5. ტროპოსფერო - 0-12კმ
ცოცხალი ორგანიზმები ატმოსფეროში 50კმ სიმაღლემდე აღწევენ მიკრობების სახით.
თუმცა ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობა ტროპოსფეროშია კონცენტრირებული.
ჰიდროსფერო დედამიწის წყლით დაფარული ზედაპირია. რომელიც
დედამიწის სიღრმეში და მის ზედაპირზეა კონცენტრირებული. ჰიდროსფერო უკვე
4მლრდ წელია რაც არსებობს და ქმნის გრუნტის წყლებს, მიწისზედა ნაკადებს,
მდინარეებს, ტბებსა და გუბეებს, ზღვებსა და ოკეანეებს. ჰიდროსფეროს 97%-ს მლაშე
წყალი შეადგენს, ხოლო დარჩენილი მტკნარი წყლის 3%-ის 65% ყინულის სახითაა
წარმოდგენილი.
ჰიდროსფერო ატმოსფეროს წყლის ორთქლით ამარაგებს. ჰაერის
ტემპერატურის კლებისას წყლის ორთქლი თხევად მდგომარეობას უბრუნდება და
დედამიწაზე ნალექების (წვიმის, თოვლის, ნისლის) სახით მოდის. სიცოცხლე
ოკეანეში დაიბადა და დღემდე ჰიდროსფერო ერთ ერთ ყველაზე დასახლებულ
სივრცედ რჩება.
წყლის უნიკალური თერმული ტევადობა მას დედამიწაზე ყველაზე სტბილურ
გარემოდ აქცევს, სადაც ტემპერატურული მერყეობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე
ატმოსფეროში.
მსოფლიო ოკეანეში ხუთი ძირითადი შრე განირჩევა:
1. ეპიპელაგიური, ანუ სინათლის ზონა - სიღრმე 200მ, ინტენსიური
ფოტოსინთეზი ფიტოპლანქტონისა და წყალმცენარეების მიერ. ჟანგბადით
გაჯერებული სივრცე ყველაზე დიდი ბიომრავალფეროვნებით.
2. მეზოპელაგიური, ანუ ბინდის ზონა - სიღრმე 1კმ, სიცოცხლე
წარმოდგენილია ფოსფორირებადი მედუზებით, მრავალფეხებით,
გიგანტური კალმარით და სხვა უხერხემლოებით
3. ბათიალური, ანუ ღამის ზონა - სიღრმე 4კმ, ცოცხალ ორგანიზმებს
თვალები რედუცირებული აქვთ, ნექტონური ფორმები, ხერხემლიანებიდან
ვხვდებით ზვიგენის ზოგ სახეობას, სკაროსებს, ქიმერებს, თავფეხიანებიდან
ზოგ რვაფეხას და კალმარს და ა.შ. ძირითადად მკვდარი ორგანიზმებით
იკვებებიან
4. აბისალური ზონა, ან აბისალი - სიღრმე 6კმ, ფსკერის მომიჯნავე ზონა,
ტემპერატურა ძალიან დაბალია, 2-3˚. ვხვდებით ბენთოსურ ორგანიზმებს,
მათ შორის მიკროორგანიზმებს, კიბოსნაირებს, მოლუსკებს
(ორსაგდულიანებს, მუცელფეხიანებს, თავფეხიანებს), სხივფარფლიან
თევზებს
5. ჰადალური ზონა, ანუ ღრმულები - ყველაზე ღრმა ღრმული - 11კმ,
ვხვდებით ბენთოსურ თევზებს, ზღვის კიტრებს, ზღვის ანემონებს,
ორსაგდულიან და მუცელფეხიან მოლუსკებს, კიბოსნაირებს.
ლითოსფერო დედამიწის მკვრივი გარსია, რომელიც ოკეანურ და სახმელეთო
ნაწილებად იყოფა. ლითოსფერო შედგება ქერქისა და მანტიისაგან და დაყოფილია
ტექტონურ ფილებად, რომლებიც კონტინენტებს ქმნიან. კონტინენტური
ლითოსფეროს სიღრმე 40-დან 280კმ-მდეა. ტექტონური ფილები შვიდი ან რვა
(სხვადასხვა ტიპის გათვლების მიხედვით) დიდი და ბევრი მცირე ფილისაგან
შედგება. ფილები გამუდმებულ მოძრაობაში არიან დედამიწის ქერქის სიმკვრივის
და ოკეანის ტოპოგრაფიის ცვლილების გამო.

ბიოგეოქიმიური ციკლები
ბიოსფეროს ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს ქიმიური ელემენტების
ბრუნვა გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის. განასხვავებენ ორ „ფონდს“: 1. სარეზერვო
ფონდი, რომელშიც ქიმიური ელემენტები არაორგანული ფორმითაა წარმოდგენილი და 2.
მოძრავი, ან გაცვლითი ფონდი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის და აბიოტურ
გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის ნივთიერებათა მიმოცვლას გულისმობს.

ნახშირბადის ციკლი
ნახშირბადი ბუნებაში დიდი რაოდენობითაა და მრავალი ნაერთის სახით გვხვდება. თუმცა
ცოცხალი ორგანიზმები მას თხევადი ან გაზისებრი ფორმით ითვისებენ. მცენარეებში
ნახშირბადი შედის ფოტოსინთეზის დროს ნახშირორჟანგის სახით და რთული ბიოქიმიური
რეაქციების შედეგად ორგანულ პროდუქტად - შაქრებად გარდაიქმნება. შემდგომი რეაქციები
მას რთულ ნახშირწყლებად, ცილებად და ცხიმებად გარდაქმნიან. ეს ნივითერებები
წარმოადგენენ ნახშირბადის წყაროს ცხოველების, სოკოების და არამწვანე მცენარეებისათვის.
ნახშირბადი ბუნებას სუნთქვის დროს ნახშირორჟნგის სახით უბრუნდება. ასევე მკვდარი
ორგანული მასის ხრწნის და ლპობის პროცესების დროს ხდება ნახშირბადის
გამოთავისუფლება უმეტესად ისევ ნახშირორჟანგის სახით. საპროფიტული ორგანიზმები
ნიადაგზე დაგროვილ ნარჩენებს ჰუმუსად გარდაქმნიან.

აზოტის ციკლი
აზოტი წარმოდგენილია ექვსი ფორმით და შვიდი პროცესით. ექვსი ფორმაა: ორგანული
ფორმით ცხოველებში ან მცენარეებში, ორგანული ფორმით ნიადაგის მიკროორგანიზმებში,
ორგანული ფორმით ნიადაგის ორგანულ მასაში (ჰუმუსი), ამიაკი (NH4 +), ნიტრატები (NO3 -)
და მოლეკულური აზოტი (N2) ჰაერში. შვიდი ფუნქცია კი არის ფიქსაცია, სიკვდილი,
დეკომპოზიცია (დაშლა), მინერალიზაცია, ნიტრიფიკაცია, დენიტრიფიკაცია და აბსორბცია.
ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას ახორციელებენ მცენარეების სიმბიონტი
ბაქტერიები, რომლებიც არაორგანულ აზოტს ორგანულ აზოტად გარდაქმნიან. ესაა
Rhyzobium გვარის ბაქტერიები, რომლებიც სიმბიოზურად ცხოვრობენ პარკოსნების
ფესვებზე. რიზობიუმის მცენარის ფესვში შეჭრისას იქ კოჟრები წარმოიქმნება. ბაქტერიას
აქვს უნარი ატმოსფერული აზოტი გარდაქმნას ამიაკად, რომელიც ამინომჟავებად და
შემდგომში ცილებად გარდაიქმნება.
როდესაც კოჟრები კვდება და ხრწნას იწყებს, გარკვეული რაოდენობით ფიქსირებული
აზოტი ნიადაგში რჩება ორგანული მასის სახით და ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. ამ
შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს, თუ რა რაოდენობით აზოტს ინარჩუნებს მცენარე.
მაგალითად, ცნობილია, რომ სოიოს აზოტი თითქმის მთლიანად თესლებშია შენახული
მარაგის სახით, ხოლო ლობიო ამ მხრივ ნაკლებად ეფექტურია და აზოტი ფესვებიდან
ნიადაგში „იჟონება“.
აზოტის ფიქსაციას თავისუფლად მცხოვრები ბაქტერიებიც ახორციელებენ. მათ
შორის გამოირჩევიან Azotobacter და Clostridium გვარის ბაქტერიები.
ნიტრიფიკატორი ბაქტერიები ამიაკის სახით ფიქსირებულ აზოტს ნიტრიტებად
(Nitromonas), შემდეგ კი ნიტრატებად (Nitrobacter) გარდაქმნიან. ორივე მათგანი აერობულ
ბაქტერიებს მიეკუთვნება. რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგიით ბაქტერიებს წყლისა და
ნახშირორჟანგის გარდაქმნა შეუძლია გლუკოზად. ვინაიდან ამ შემთხვევაში ორგანული
ნივთიერებები ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება, ამ ბაქტერიებს ქემოავტოტროფები
ეწოდებათ.
აზოტი ატმოსფეროს უბრუნდება დენიტრიფიკატორი ბაქტერიების საშუალებით.
ცოცხალი ორგანიზმების სიკვდილის შემდეგ სხეულის ხრწნის შედეგად ბატერიები
ორგანულ ნივთიერებებს ჯერ ნიტრატებად გარდაქმნიან, ხოლო შემდეგ
გამოათავისუფლებენ აზოტს ქსოვილებიდან. ანაერობულ, ან მცირედ ჟანგბადიან გარემოში
დენიტრიფიკაციას Pseudomonas denitrificans ახორციელებს. მოხვნის საშუალებით ნიადაგის
აერაციით ფერმერებს შეუძლიათ გააძლიერონ ნიტრიფიკატორი ბაქტერიების აქტივობა და
შეამცირონ დენიტრიფიკატორი ბაქტერიების აქტივობა.

ფოსფორის ციკლი
ცოცხალი ორგანიზმებისთვის ფოსფორის აუცილებლობა გამოიხატება იმით, რომ ის
გვხვდება

 ნუკლეინის მჟავებში (დნმ, რნმ, ატფ)


 უჯრედული რესპირაციის და ფოტოსინთეზში მონაწილე კოენზიმების
შემადგენლობაში
 უჯრედის მემბრანაში არსებულ ფოსფოლიპიდებში
 ხერხემლიანების ჩონჩხში

იმის გამო, რომ ფოსფორი ბუნებაში გაზის სახით არ არის წარმოდგენილი, მისი
წრებრუნვა ნაკლებად მასშტაბურია აზოტის ციკლთან შედარებით. ფოსფორი უმეტესად
ქანების შემადგენლობაში გვხვდება და მისი მოპოვება მინერალის სახით საბადოების
საშუალებით ხდება. ბუნებრივი გზით ფოსფორი ქანებიდან ეროზიის დროს
თავისუფლდება.

ფოსფორი მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ნიადაგებში მცენარეებისათვის მისაწვდომი


არაორგანული ფორმით. მცენარეები მას არაორგანული ან მცირე ზომის მოლეკულური
ორგანული სახით იწოვენ და რთულ ორგანულ ნაერთებად გარდაქმნიან. ტროპიკული
რეგიონების მჟავე ნიადაგებში ფოსფორი H2PO4 იონების სახითაა წარმოდგენილი, ხოლო
ტუტე ნიადაგებში - PO4 იონების სახით. ფოსფატები შედარებით ხელმისაწვდიმია
მცენარეებისთვის როდესაც მჟავიანობა 4.5-დან 7.5-მდე მერყეობს. ზოგიერთ ბაქტერიას
(Pseudomonas, Bradyrhizobium, Rhizobium, Bacillus) და სოკოს (Aspergillus niger) აქვს ფოსფორის
სტაბილურ მდგომარეობაში გადაყვანის უნარი, თუმცა ამ პროცესის მექანიზმები
ჯერჯერობით უცნობია.

ცოცხალი ორგანიზმების კვების თავისებურებები

ბიოსფეროში დასახლებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ჭირდება კვება. კვების


ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ავტოტროფული და ჰეტეროტროფული.
ავტოტროფული (ავტო - თვითონ, ტროფოს - კვება) კვება ნიშნავს კვების ტიპს,
როდესაც ცოცხალი ორგანიზმი თავად ქმნის ორგანულ ნივთიერებებს არაორგანული
ნივთიერებებისაგან. ორგანული ნივთიერებების შესაქმნელად ენერგიაა საჭირო.
ენერგიის ორი წყარო არსებობს.
ერთი წყაროა მზე. მზის ენერგიის გამოყენებით არაორგანული
ნივთიერებებისაგან ორგანულის შექმნას ფოტოსინთეზი ეწოდება.
ფოტოსინთეზისათვის აუცილებელია პიგმენტის - ქლოროფილის არსებობა,
რომელსაც ლურჯ-მწვანე ბაქტერიებში, ზოგიერთ უმარტივესში (მწვანე ევგლენა) და
მცენარეებში ვხვდებით. ეუკარიოტებში (უმარტივესები და მწვანე მცენარეები)
ქლოროფილი სპეციალურ ორგანელაში - ქლოროპლასტებშია მოთავსებული.
ენერგიის მეორე წყარო ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ენერგიაა.
ორგანიზმებს, რომლებიც ქიმიური რეაქციებისას გამოყოფილ ენერგიას იყენებენ
ორგანული ნივთიერებების წარმოსაქმნელად ქემოავტოტროფებს, ხოლო თვით
პროცესს - ქემოსინთეზს (ქემო -ქიმიური, სინთეზი - შექმნა) უწოდებენ.
ქემოსინთეზის უნარი ოკეანის სიღრმეებში მცხოვრებ ზოგიერთ ბაქტერიას და
მეთანოგენებს (მეთანის წამომქმნელ ბაქტერიებს) აქვთ.
ჰეტეროტროფული ორგანიზმები ენერგეტიკული თვალსაზრისით
დამოკიდებულნი არიან ავტოტროფებზე. ერთუჯრედიან ეუკარიოტებს, რომლებიც
ჰეტეროტროფულად იკვებებიან, პროტოზოებს, ანუ ცხოველურ ერთუჯრედიანებს
უწოდებენ.
მრავალუჯრედიან (ნამდვილ) ცხოველებში ჰეტეროტროფული კვების
რამდენიმე ტიპი არსებობს:
ფილტრაციით კვება - სუბსტრატზე მიმაგრებული ცხოველი წყლის მიერ
მიტანილ ორგანულ ნივთიერებებს იჭერს სპეციალიზებული უჯრედებით ან
სტრუქტურებით და გასუფთავებულ წყალს გარეთ უშვებს. ფილტრაციით მკვებავი
ცხოველები არიან ღრუბელები.
ჰერბივორი (ბალახით მკვებავი) - ცხოველი, რომელიც მცენარით იკვებება.
მაგალითებია ირემი, ძროხა, ჟირაფი და ა.შ.
პარაზიტიზმი - ერთი ცხოველი ცხოვრობს მეორეზე (ან მეორეში) და იკვებება
მისი სხეულის ქსოვილებით ისე, რომ მყისიერად არ კლავს მას. განასხვავებენ
გარეგან, ანუ ექტოპარაზიტებს, და შინაგან, ანუ ენდოპარაზიტებს. ექტოპარაზიტების
მაგალითია ვთქვათ კოღო ან ტკიპა, ხოლო ენდოპარაზიტებისა - ადამიანის ასკარიდა
ან მალარიის პლაზმოდიუმი.
კარნივორი (ხორცით მკვებავი) - ცხოველი, რომელიც მხოლოდ ხორცით
იკვებება. კარნივორებში განასხვავებენ მტაცებლებს, რომლებიც აქტიურად
ნადირობენ, კლავენ მსხვერპლს და მისი ხორცით იკვებებიან (ლომი, მგელი, არწივი)
და ლეშიჭამიებს, რომლებიც დაცემული, მკვდარი ცხოველის ლეშით იკვებებიან
(სვავი, ტურა, აფთარი). აქვე აღსანიშნავია, რომ ლეშიჭამიები შეიძლება
მტაცებლობდნენ კიდეც.
ომნივორი (ნაირმჭამელი) - ცხოველი, რომელიც იკვებება როგორც
მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. მაგალითებია დათვი ან ადამიანი.
რედუცენტი (დამშლელი) - ორგანიზმები, რომლებიც მკვდარი ორგანული
მასით იკვებებიან და მათ არაორგანულ ნაერთებამდე შლიან. რედუცენტების როლი
ბუნებაში განუზომელია. ვინაიდან ისინი ახდენენ დახოცილი ორგანიზმების
(როგორც მცენარეული, ისე ცხოველური) დაშლას, მათგან ნივთიერებების
გამოთავისუფლებას და ელემენტების წრებრუნვაში დაბრუნებას. რედუცენტებში
განასხვავებენ დეტრიტივორებს - რომლებიც პირდაპირ იკვებებიან მკვდარი
ორგანიზმებით (მაგ. ჭიაყელა) და საპროტროფებს - რომლებიც სახლდებიან მკვდარ
ორგანიზმებზე, გარეთ გამოყოფენ მომნელებელი ფერმენტების შემცველ წვენებს,
შლიან ქსოვილებს და შეიწოვენ უკვე დაშლილ ნივთიერებებს (მაგ. სოკოები).

You might also like