You are on page 1of 26

თავი 17.

მაკროეკონომიკა: მთლიანი სურათი


1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მთელი მეოთხედი საუკუნის
განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე იზრდებოდა.
აღნიშნული ეკონომიკური აღმასვლის პიკი გახლდათ 2006 წელი. ამ პერიოდამდე აშშ-ში
ეკონომიკის ზრდასთან ერთად მცირდებოდა უმუშევრობისა და ინფლაციის დონეები.
ადამიანებს სტაბილურობის განცდა ჰქონდათ. თუმცა, 2008-2009 წლებსა და მის შემდგომ
პერიოდში განვითარებულმა ეკონომიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა
მილიონობით ადამიანის ცხოვრება. ბოლო ათწლეული განსაკუთრებით საინტერესოა
მაკროეკონომიკის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

1980-იანი წლების შუა პერიოდში დაწყებყლი ეკონომიკური აღმავლობა აშშ-ში 2007 წელს
დასრულდა; ამ წლის დეკემბერში აშშ-ში 18 თვიანი დაღმასვლა დაიწყო, რომელიც ამჟამად
„დიდი რეცესიის“ სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდში ხშირად ნახავდით ახალ ამბებს
შემდეგი სათაურებით: „აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი რეკორდული სიდიდით
შემცირდა“; „საფონდო ბირჟებითვის „დიდი დეპრესიის“ შემდგომ ყველაზე ცუდი დრო
დადგა“; „უმუშევრობის დონე ბოლო 60 წლის მაქსიმუმზეა“; „საცხოვრებელი სახლების
ბაზარზე რეკორდულად დაბალი გაყიდვები ფიქსირდება“. ეს პერიოდი აშშ-ის
ეკონომიკისათვის დიდი დეპრესიის შემდგომ ყველაზე რთული პერიოდი გახლდათ.
ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებმა უარყოფითი შედეგების გასანეიტრალებლად,
დიდი დეპრესიის შემდგომ, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური გეგმა შეიმუშავეს. ბუშისა
და ობამას ადმინისტრაციები აშშ-ის კონგრესთან რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის
სიდიდის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს ათანხმებდნენ. აღნიშნული სტიმულირების
პაკეტები გადასახადების შემცირებასა და მთავრობის ხარჯების ზრდას მოიაზრებდა. ობამას
ადმინისტრაცია საბანკო სექტორის მხარდასაჭერად დამატებით რამდენიმე მილიარდი
დოლარის სიდიდის პაკეტზე მუშაობდა. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ამ პერიოდში
(აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა) მინიმუმამდე შეამცირა საპროცენტო განაკვეთები, რის
შემდგომაც, ეკონომიკის დაკრედიტების გაზრდის მიზნით კიდევ უფრო ამბიციურ
პროგრამაზე მუშაობას შეუდგა. ეკონომიკური რეცესია აშშ-ში ოფიციალურად 2009 წლის
ივნისში დასრულდა, თუმცა აღნიშნული პროგრამა რეცესიიდან მრავალი წლის შემდეგ,
დღესაც ხორციელდება.

რეცესიის ოფიციალურად დასრულებიდან 7.5 წლის შემდეგ, 2016 წლის ბოლოს, მრავალი
ეკონომიკური მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ამ პერიოდის მანძილზე მდგომარეობა
რადიკალურად გაუმჯობესდა. 2008-2009 წლებში უმუშევარ ამერიკელთა რაოდენობა
გაორმაგდა და 7.5 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა; თუმცა 2016 წლისათვის
უმუშევართა რაოდენობა რეცესიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. შრომის სტატისტიკის
დეპარტამენტის განცხადებით მხოლოდ 2016 წელს აშშ-ის ეკონომიკაში 2 მილიონი ახალი
სამუშაო ადგილი შეიქმნა; ამასთან, ბოლო 75 თვის განმავლობაში ახალი სამუშაო ადგილების
რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. 2016 წლის ბოლოსთვის აშშ-ის საბონდო ბირჟების

1
ინდექსებმა ყველა დროის ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწიეს. ფედერალური სარეზერვო სისტემა
კი ეტაპობრივად უბრუნდება რეცესიამდელ მონეტარულ პოლიტიკას.

რეცესიის შემდგომ წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, 2016 წლის


საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ეკონომიკის მომავალი კვლავ რჩება
შეშფოთების საგნად. მრავალ ამერიკელს, ვინც „დიდი რეცესიის“ პერიოდში სამუშაო ადგილი
დაკარგა, გაუჭირდა ახალი სამსახურის პოვნა; მათმა ნაწილმა სხვა პროფესიით მუშაობა
დაიწყო, ნაწილმა კი - განსაკუთრებით ასაკიანმა ადამიანებმა - საერთოდ შეწყვიტა სამუშაოს
ძებნა. ამგვარად, მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკამ ზრდა დაიწყო და ახალი სამუშაო
ადგილები სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით იქმნება, რეცესიის დროს
დაზარალებული ადამიანების ნაწილს ამან პირობები არ გაუუმჯობესა. ამასთან, კვლავ რჩება
შეკითხვები გრძელვადიან პერიოდთან დაკავშირებით; უფრო მეტიც, აღნიშნულთაგან
ზოგიერთი შეკითხვა ბოლო ათწლეულის მანძილზე უფრო მნიშვნელოვანიც კი გახდა.
დღესდღეობით აქტუალურ საკითხთაგან აღსანიშნავია აშშ-ის მთავრობის ვალის
კოლოსალური ზრდა, მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება და მის
შედეგად შემცირებული დანაზოგების ფონზე გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯები,
მოძველებული ინფრასტრუქტურა და განათლების სისტემის გაუმჯობესების საჭიროება.

2007 წელს დაწყებული რეცესია და მისი შემდგომი ეკონომიკური გაჯანსაღება


გლობალური ფენომენი გახლდათ. მოვლენები მეტნაკლებად ერთმანეთის მსგავსად
განვითარდა ყველა ქვეყანაში; მათ შორის ინდუსტრიული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში,
როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი), იაპონია და ევროზონის ქვეყნები;
განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორებიცაა სამხრეთ კორეა, რუსეთი, და
ბრაზილია; ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც უმეტესწილად მდიდარ ქვეყნებში პროდუქციის
ექსპორტზე არიან დამოკიდებულნი და ისეთი დიდი ზომისა და სწრაფად მზარდი
ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი. ექსპორტზე
ორიენტირებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკა კრიზისის
მდგომარეობიდან მალევე გამოვიდა, თუმცა ინდუსტრიული ქვეყნების უმეტესობა კვლავ
დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ევროზონაში 2007 წლის რეცესიის შემდგომ, რამდენიმე
კრიზისი განმეორდა ერთმანეთის მიყოლებით, რამაც დღის წესრიგში დააყენა საერთო
სავალუტო ზონის დაშლის საკითხი, რომელშიც ამჟამად ევროპის 19 ქვეყანა შედის1.
ევროზონის ქვეყნებში მომხდარი კრიზისებიდან ყველაზე თვალშისაცემია საბერძნეთის
კრიზისი, თუმცა არანაკლები სირთულეების გადატანა მოუხდა ირლანდიას, იტალიას,
ესპანეთსა და პორტუგალიას. ამ ქვეყნების მთავრობები ბიუჯეტის დეფიციტისა და
შესაბამისად სახელმწიფო ვალის მოთოკვის მიზნით იძულებულნი გახდნენ რადიკალურად
შეემცირებინათ ხარჯები და მკვეთრად გაეზარდათ გადასახადები. 2011 წელს იაპონიის
ეკონომიკამ 3 მნიშვნელოვანი შოკი განიცადა: მიწისძვრა, ცუნამი და ბირთვული
კატასტროფის საფრთხე. 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმის დახმარებით
ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტეს, აღნიშნული დღესდღეობით “Brexit”-ის სახელითაა
ცნობილი. ბევრი ჩვენგანისთვის ნავთობის ფასების 50%-იანი კლება სასიხარულო ამბავია,

1
ევროპის 19 ქვეყანა იყენებს საერთო ვალუტას - ევროს.

2
თუმცა ზოგიერთი ნავთობ-ექსპორტიორი ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორებიცაა
მაგალითად რუსეთი და ბრაზილია, ეს სულაც არ არის სასიხარულო.

ნეგატიურ ეკონომიკურ სიახლეებს უფლება არ უნდა მივცეთ გადაფარონ პოზიტიური


ამბები გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრესის შესახებ. 1980 წლის შემდგომი პერიოდი
სავსეა გამორჩეული ეკონომიკური მოვლენებით, რომლის მაგალითია განვითარებადი
ეკონომიკის მქონე ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამათგან განსაკუთრებით
აღსანიშნავია ჩინეთის ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)
მონაცემებით 2015 წელს ჩინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1980 წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით 30-ჯერ იყო გაზრდილი. უკანასკნელი რამდენიმე წლის
განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ეს ამბავი
სრულიად გადაფარა მოსახლეობის სიდიდით მეორე უდიდესი ქვეყნის - ინდოეთის -
მკვეთრმა ეკონომიკურმა ზრდამ. 2015 წელს ერთ ადამიანზე საშუალო წარმოება ინდოეთში
დაახლოებით 20-ჯერ აღემატებოდა 1980 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ჩინეთის,
ინდოეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ასეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდა ავტომატურად
ნიშნავს ასეულობით მილიონი ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მსოფლიო
ბანკის მონაცემებით უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი ამ პერიოდში 200
მილიონით შემცირდა და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 3
მილიარდი ადამიანით გაიზარდა. ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური პროგრესი
სამაგალითოდ შეიძლება გამოადგეთ სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც ერთ
ადამიანზე საშუალოდ 21-ე საუკუნის დასაწყისშიც კი არსებითად იმავე რაოდენობით
პროდუქციას აწარმოებენ, რამდენსაც 1980 წელს. ჩინეთისა და ინდოეთის სწრაფი
ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესწავლით ამ ქვეყნებს შეუძლიათ მათი გამოცდილების
სათავისოდ გამოყენება. მომავალი ათწლეულის მანძილზე სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნების
სწრაფი ეკონომიკური ზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს უღარიბესი
მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.

მაკროეკონომიკის შესწავლა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენს გარშემო, ისევე როგორც


მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და არსებული გამოწვევები. ფორმალურად რომ
ვთქვათ, მაკროეკონომიკა საბაზრო ეკონომიკას შეისწავლის როგორც მთლიან, ერთიან
სისტემას. ისევე როგორც ეკონომიკის სხვა მიმართულები, მაკროეკონომიკაც ეყრდნობა
ცენტრალურ იდეას, რომლის მიხედვითაც ადამიანები შეზღუდული რესურსების პირობებში
იღებენ მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ერთი კონკრეტული პროდუქტის
ბაზრის შესწავლის ნაცვლად, მაკროეკონომიკა უყურებს მთლიან სურათს. იგი შეისწავლის
ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ეკონომიკური ზრდა, რეცესიები, უმუშევრობა, ინფლაცია და
ა. შ. მაკროეკონომიკის შესწავლისას, ეკონომიკის მთლიანი სურათის დასანახად, შესაბამისად
მოგიწევთ მოირგოთ „დიდი სათვალე“.

მაკროეკონომიკის შესწავლით უკეთ გაიაზრებთ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.


თქვენ შეძლებთ გახდეთ უკეთესი მოქალაქე, რომელსაც ესმის სწორი ეკონომიკური
პოლიტიკის მნიშვნელობა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და უმუშევრობის
შესამცირებლად. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მოქალაქე, რომელიც საარჩევნო პროცესში

3
ქვეყანას დაეხმარება ისეთი ლიდერების არჩევაში, რომლებიც მხარს დაუჭერენ და გაატარებენ
ასეთ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. მაკროეკონომიკის შესწავლით თქვენ გააანალიზებთ
საკუთარ როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს
დავძლიოთ სიღარიბე, გავაუმჯობესოთ გარემო და უკეთესო მომავალი დავახვედროთ
მომავალ თაობებს.

პირველ ლექციაზე ჩვენ ზოგადად მიმოვიხილავთ მაკროეკონომიკურ თეორიას,


მომდევნო ლექციებზე კი უფრო დეტალურად შევისწავლით მას.

1. ეკონომიკის „გაზომვა“
იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ მიაღწია ზოგიერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვან
ეკონომიკურ წარმატებას და ზოგიერთები რატომ ვერ აღწევენ იგივეს, პირველ რიგში საჭიროა
გვესმოდეს თუ როგორ „ზომავენ“ ეკონომისტები ეკონომიკას. მთლიანი შიდა პროდუქტი
(Gross Domestic Product – GDP) ეკონომისტთათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო
მაკროეკონომიკური მაჩვენებელია. მშპ არის დროის გარკვეული პერიოდის, როგორც წესი
წლის ან კვარტლის, განმავლობაში ეკონომიკაში წარმოებული ახალი საქონლისა და
მომსახურების მთლიანი ღირებულება. წარმოებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი
ღირებულება შესაძლოა შეიცვალოს წარმოებული პროდუქტების რაოდენობის და/ან ამ
პროდუქტებზე ფასების ცვლილების შედეგად, რის გამოც ეკონომისტები წარმოების
გასაზომად იყენებენ რეალურ მშპ-ს. რეალური მშპ იმგვარადაა დათვლილი, რომ
პროდუქტებზე ფასების ცვლილება მასზე გავლენას არ ახდენს, იგი მხოლოდ წარმოების
ცვლილების შედეგად იცვლება. რეალურ მშპ-ს ზოგჯერ ეკონომიკის მთლიან გამოშვებას, ან
მთლიან წარმოებას უწოდებენ. ეკონომიკის „გასაზომად“ იგი ყველაზე კარგი მაჩვენებელია.

17.1 ნახაზზე მოცემულია რეალური მშპ-ის დინამიკა აშშ-ში, 1960-დან 2016 წლამდე.
რეალურ მშპ-ზე დაკვირვებისას თქვენ შესაძლოა ორი გამოკვეთილი ტენდენცია შეამჩნიოთ.
(1) გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ იზრდება, რაც გრაფიკზე აღმავალი ტრენდითაა
ნაჩვენები; ეკონომისტები აღნიშნულ ტენდენციას გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას
უწოდებენ. (2) მოკლევადიან პერიოდში მშპ-სთვის ზრდისა და შემცირების ეპიზოდებია
დამახასიათებელი, რაც ეკონომიკური რყევების სახელითაა ცნობილი. მოკლევადიანი
პერიოდის ეკონომიკურ რყევებს ზოგჯერ ბიზნეს-ციკლებსაც უწოდებენ. გრძელვადიანი
პერიოდის ეკონომიკური ზრდისა და მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევების
ერთმანეთისგან უკეთ გასარჩევად, პრაქტიკაში სასარგებლოა რეალური მშპ-ის მონაცემებზე
ტრენდის გავლება ისე, როგორც ეს 17.1 ნახაზზეა. როგორც ხედავთ რეალური მშპ ზოგჯერ
ტრენდის მაღლაა, ზოგჯერ კი ტრენდის დაბლა. ამ თავის მომდევნო ნაწილში ჩვენ უფრო
დეტალურად შევეხებით აღნიშნულ საკითხებს.

1.1 ეკონომიკური ზრდა


17.1 ნახაზზე თქვენ ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში აშშ-ის რეალური მშპ
მნიშვნელოვნად იზრდება; რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ დღეს ამერიკელები წლის
განმავლობაში გაცილებით მეტი რაოდენობით საქონელსა და მომსახურებას აწარმოებენ,
ვიდრე 50 წლის წინ. რეალური მშპ-ის ზრდის გარეშე შეუძლებელია ადამიანთა ეკონომიკური
კეთილდღეობის გაუმჯობესება. ერთ ადამიანზე საშუალო წარმოება ადამიანთა ეკონომიკური

4
კეთილდღეობის ერთ-ერთი მაჩვენებელია; რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასახავს ერთ
ადამიანზე საშუალო წარმოებას. იგი მიიღება რეალური მშპ-ის ქვეყნის მოსახლეობის
რაოდენობაზე გაყოფით. იგი გვიჩვენებს საკვების, ტანსაცმლის, ავტომობილების, სახლების,
კომპაქტ დისკების, კონცერტების, განათლების, კომპიუტერების და სხვა პროდუქტების
წარმოებული რაოდენობა საშუალოდ ერთ ადამიანზე. როდესაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე
იზრდება, ადამიანთა ეკონომიკური კეთილდღეობაც - ცხოვრების სტანდარტები - როგორც
წესი საშუალოდ მაინც უმჯობესდება.

ნახაზი 17.1 ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური რყევები


ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ის რეალური მშპ დაახლოებით $12 ტრილიონი დოლარით
გაიზარდა. აშშ-ში რეალური მშპ-ის ზრდის ტრენდი მოცემულია ნახაზზე. ყურადღება
მიაქციეთ, რეალური მშპ მნიშვნელოვნად მერყეობს გრძელვადიანი ზრდის ტრენდის
გარშემო.

რამხელა იყო აშშ-ის ეკონომიკური ზრდა ბოლო 50 წლის მანძილზე? წლიდან წლამდე
რეალური მშპ-ის პროცენტული ცვლილება გვიჩვენებს წლიურ ეკონომიკურ ზრდის ტემპს.
ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ის საშუალოწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი
დაახლოებით 3%-ია. შესაძლოა ერთი შეხედვით ეს არც ისე დიდად მოგეჩვენოთ, მაგრამ
მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველწლიურად 3%-ით ზრდა ნიშნავს, რომ ამ პერიოდში აშშ-

5
ის ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის წარმოების
ნაზრდი მეტია, ვიდრე ერთად აღებული გერმანიისა და იაპონიის მთლიანი წარმოებები დღეს.
აღნიშნული ფაქტი ილუსტრირებულია 17.2 ნახაზზე.

რამდენჯერ გაიზარდა ბოლო 50 წელიწადში აშშ-ის რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე?
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის მოსახლეობა 120 მილიონით
გაიზარდა, შესაბამისად ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 3%-ზე
გაცილებით ნაკლები იყო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მნიშვნელოვან ზრდასთან გვაქვს
საქმე. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი იგივეა, რაც წლიდან
წლამდე ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის პროცენტული ცვლილება. აშშ-ში ბოლო 50
წლის მანძილზე რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ წლიურად 1.8%-ით
იზრდებოდა. ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ერთი შეხედვით ეს რიცხვი შესაძლოა არც ისე
დიდად მოგეჩვენოთ. თუმცა 50 წლის მანძილზე ყოველწლიურად 1.8%-იანი ზრდა ერთ სულ
მოსახლეზე რეალური მშპ-ის ორჯერ და მეტად ზრდას ნიშნავს. 1965 წელს აშშ-ში რეალური
მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით $21000 დოლარი იყო, 2015 წელს კი იგი $51000
დოლარს შეადგენდა. $3000 დოლარიანი ($51000-$21000=$30000) ნაზრდი თითო ადამიანზე
ნიშნავს მოგზაურობის, საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის,
ჯანდაცვის, გარემოზე ზრუნვისა და სხვა უამრავი შესაძლებლობების ზრდას.

ნახაზი 17.2 ეკონომიკური ზრდის ვიზუალიზაცია


ბოლო 50 წლის მანძილზე აშშ-ში წარმოება დაახლოებით გერმანიისა და იაპონიის
ეკონომიკების ჯამის სიდიდით გაიზარდა.

აშშ-ის რეალური აშშ-ის რეალური იაპონიის გერმანიის


მშპ 2015 წელს მშპ 1965 წელს რეალური რეალური
მშპ 2015 მშპ 2015
წელს წელს

ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ტემპებში სულ მცირე განსხვავებაც კი ხანგრძლივი


პერიოდის მანძილზე რადიკალურად განსხვავებულ შედეგებში აისახება. მაგალითად, აშშ-ის
სამოქალაქო ომის შემდგომ წლებში სამხრეთის შტატების რეალური მშპ, დაახლოებით,
ჩრდილოეთის შტატების ნახევარს შეადგენდა. სამოქალაქო ომის შემდეგ, 100 წლის
განმავლობაში სამხრეთის შტატების რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი სულ რამდენიმე მეათედი
პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ჩრდილოეთის შტატების რეალური მშპ-ის ზრდის
ტემპს; ზრდის ტემპებში ამ მცირე განსხვავების შედეგად 21-ე საუკუნის დასაწყისში
სამხრეთის და ჩრდილოეთის შტატებში რეალურ მშპ გათანაბრდა. სწრაფად მზარდ ქვეყნებს,

6
როგორიცაა მაგალითად სამხრეთ კორეა, შეუძლიათ დაეწიონ და გაუსწრონ შედარებით ნელი
ტემპებით მზარდ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მექსიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის
მონაცემებით, 1980 წელს რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე სამხრეთ კორეაში,
დაახლოებით, მექსიკის ანალოგიური მაჩვენებლის 60%-ს შეადგენდა. 2005 წლისთვის კორეის
რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა მექსიკის ანალოგიურ
მაჩვენებელს. ეკონომიკურ ზრდას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სუბ-საჰარული აფრიკის,
სამხრეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა
ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. იმის გამო, რომ წარსულში დანარჩენ მსოფლიოსთან
შედარებით ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად დაბალი იყო, მათი რეალური მშპ
ერთ სულ მოსახლეზე სხვებთან შედარებით ძალიან დაბალია.

1.2 ეკონომიკური რყევები: რეცესიები და აღმავლობები მოკლევადიან


პერიოდში
17.1 ნახაზიდან აშკარაა, რომ რეალური მშპ დროთა განმავლობაში იზრდება, მაგრამ ჩვენ
ასევე ვხედავთ, რომ დროის თითქმის ყოველ მომენტში იგი ზრდას წყვეტს და შემცირებას
იწყებს, რის შემდგომაც კვლავ მკვეთრად იზრდება და ეს პროცესი მუდმივად მეორდება. 17.1
ნახაზზე თქვენ ხედავთ ეკონომიკის ასეთ აღმასვლებსა და დაღმასვლებს, რომელთაც
ეკონომიკურ რყევებს ან კიდევ ზოგჯერ ბიზნეს-ციკლებს უწოდებენ.

ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს-ციკლი - 2008-2009 წლებში - ნაჩვენებია 17.3 ნახაზზე. არც ერთი
ბიზნეს ციკლი არ ჰგავს სხვა რომელიმე მათგანს, თუმცა გარკვეული მახასიათებლები ყველას
საერთო აქვს. აღნიშნული საერთო მახასიათებლები წარმოდგენილია აქვე, სვეტოვანი
დიაგრამის სახით. აშშ-ში ბიზნეს ციკლების
იდენტიფიცირებას ორი ორგანიზაცია, ეკონომიკური
კვლევების ეროვნული ბიურო (NBER) და ბიზნეს ციკლების
იდენტიფიცირების კომიტეტი ახდენს. ამ ორგანიზაციებში
მომუშავე ეკონომისტების მთავარი ამოცანაა ეკონომიკურ
აქტივობაზე დაკვირვებისას იმ გარდამტეხი თარიღების
განსაზღვრა, რომლებშიც იწყება ეკონომიკური რეცესია
და/ან ეკონომიკური გაჯანსაღება. ეკონომიკური აქტივობა
და რეალური მშპ როგორ წესი ერთმანეთის სინონიმებად
გამოიყენება.

ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ეკონომისტები რეცესიას უწოდებენ. მარტივი წესის


მიხედვით იმისათვის, რომ აქტივობის კლებას რეცესიის სტატუსი მიენიჭოს, იგი მინიმუმ
ნახევარი წელი მაინც უნდა გრძელდებოდეს. რეცესიის დაწყების მომენტამდე ეკონომიკური
აქტივობა უმაღლეს ნიშნულზეა, რასაც ეკონომისტები პიკს ეძახიან. რეცესიის დასასრულს კი
ეკონომიკური აქტივობა უკიდურესად შემცირებულია, რასაც ეკონომისტები ფსკერს
უწოდებენ. ბიზნეს-ციკლის ფსკერიდან შემდგომი რეცესიის დასაწყისამდე - ანუ პიკამდე -
პერიოდს აღმავლობა ეწოდება. რეცესიების აღნიშნული ფაზები ნაჩვენებია ზემოთმოყვანილ
სვეტოვან დიაგრამაზე. აღმავლობის საწყის ფაზას ეკონომისტები უწოდებენ ეკონომიკურ

7
გაჯანსაღებას; გაჯანსაღების პერიოდში ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლასა და რეცესიამდელ
მდგომარეობაში დაბრუნებას იწყებს.

ნახაზი 17.3 ბიზნეს-ციკლის ფაზები


იმის მიუხედავად რომ არც ერთი ბიზნეს-ციკლი ერთმანეთს არ ჰგავს, მათ მაინც აქვთ საერთო
მახასიათებლები, მათ შორისაა პიკი, რეცესია და ფსკერი. გრაფიკზე მოცემულია ბიზნეს-
ციკლების აღნიშნული მახასიათებლები 2008-2009 წლების მაგალითზე.

ფსკერი

17.1 ცხრილში მოცემულია 1920 წლის შემდეგ აშშ-ში მომხდარი ეკონომიკური რეცესიების
დაწყების (პიკის) და დასრულების (ფსკერის) თარიღები. ცხრილში მოცემული თარიღების
დახმარებით თქვენ შეგიძლიათ 17.1 ნახაზზე გააკეთოთ რეცესიისა და ეკონომიკური
აღმავლობის პერიოდების იდენტიფიკაცია. აშშ-ში ბიზნეს-ციკლების საშუალო ხანგრძლივობა
- ე. ი. პიკიდან პიკამდე პერიოდი - დაახლოებით 5 წელია. თუმცა, 17.1 ცხრილში თქვენ
ხედავთ, რომ ბიზნეს-ციკლები მზის ჩასვლა-ამოსვლის მსგავსად რეგულარული არ არის.
1973-1975 წლების რეცესიის შემდგომ 1980-იან წლებამდე აშშ-ის ეკონომიკა 58 თვის მანძილზე
დაუბრკოლებლად იზრდებოდა, თუმცა 1980-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური
რეცესიები 12 თვის ინტერვალით განმეორდა. რეცესიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან
არამარტო ხანგრძლივობით, არამედ სიღრმითაც. 1973-1975 წლების ეკონომიკური რეცესია
აშშ-ის ეკონომიკისთვის გაცილებით რთული იყო, ვიდრე 1990-1991 წლების ეკონომიკური
რეცესია.

8
17.1 ცხრილიდან თქვენ ასევე ხედავთ რამდენად მერყევი იყო აშშ-ის ეკონომიკა 2008-2009
წლების რეცესიამდელ პერიოდში. 1990-1991 წლებისა და 2001 წლის რეცესიები აშშ-ის
ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ეკონომიკური რეცესიებია, თითოეული მათგანი
დაახლოებით 8 თვეს გაგრძელდა. ამასთან, ორივე ამ რეცესიას თან მოჰყვა ხანგრძლივი
აღმავლობის პერიოდები. 2001 წლის რეცესიის შემდგომ დაწყებული ეკონომიკური
აღმავლობა დაახლოებით 6 წელს გაგრძელდა, რის შემდგომაც 2007 წლის ბოლოს დაიწყო
ახალი, 18 თვიანი რეცესია, რომელიც ოფიციალურად 2009 წლის ივნისში დასრულდა.

ცხრილი 17.1 აშშ-ის ეკონომიკური რეცესიები

რეცესიის რეალური მშპ-ს რეცესიის შემდგომი


ხანგრძლივობა შემცირება აღმავლობის
(თვეების (პროცენტული ხანგრძლივობა
რეცესია რაოდენობა განსხვავება (თვეების
პიკიდან პიკსა და რაოდენობა
ფსკერამდე) ფსკერს შორის) ფსკერიდან პიკამდე)
პიკი ფსკერი
იანვარი 1920-ივლისი 1921 18 8,7 22
მაისი 1923-ივლისი 1924 14 4,1 27
ოქტომბერი 1926-ნოემბერი 1927 3 2,0 21
აგვისტო 1929-მარტი 1933 43 32,6 50
მაისი 1937-ივნისი 1938 13 18,2 80
თებერვალი 1945-ოქტომბერი 1945 8 11,0 37
ნოემბერი 1948-ოქტომბერი 1949 11 1,5 45
ივლისი 1953-მაისი 1954 10 3,2 39
აგვისტო 1957-აპრილი 1958 8 3,3 24
აპრილი 1960-თებერვალი 1961 10 1,2 106
დეკემბერი 1969-ნოემბერი 1970 11 1,0 36
ნოემბერი 1973-მარტი 1975 16 4,9 58
იანვარი 1980-ივლისი 1980 6 2,5 12
ივლისი 1981-ნოემბერი 1982 16 3,0 92
ივლისი 1990-მარტი 1991 8 1,4 120
მარტი 2001-ნოემბერი 2001 8 0,0 72
დეკემბერი 2007-ივნისი 2009 18 4,1 დღემდე

1980-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული 2007 წლის ბოლომდე აშშ-ის


ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეცესია არ მომხდარა. ამ პერიოდში
ეკონომისტების განხილვის მთავარი თემა გახლდათ ეკონომიკური პოლიტიკის როლი
აღნიშნულ ეკონომიკურ აღმავლობაში. იყო თუ არა ეს ხანგრძლივი ეკონომიკური აღმავლობა
ფედერალური სარეზერვო სისტემისა და მთავრობის უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკის
შედეგი? იქნებ ეს ყველაფერი ახალი ტექნოლოგიების - უკეთესი მედიკამენტების,
პერსონალური კომპიუტერებისა და ინტერნეტის - შექმნის გამო ხდებოდა? იქნებ ეს უბრალოდ
იღბლიანი პერიოდი იყო და ამ წლებში აშშ-ის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი შოკები არ

9
ხდებოდა? როგორც 17.1 ცხრილში ხედავთ ბოლო რეცესიის შემდგომი ეკონომიკური
აღმავლობა დღემდე გრძელდება, თუმცა მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ ამ პერიოდში აშშ-ის
ეკონომიკა საკმაოდ მოკრძალებული ტემპებით იზრდება. დღეისათვის ეკონომისტების
განხილვის მთავარი თემაა, გახდება თუ არა ეკონომიკის ასეთი მოკრძალებული ტემპით ზრდა
აშშ-ის ეკონომიკისთვის ნორმა.

რეცესიის პერიოდებში ეკონომისტების მთელი ყურადღება მიმართულია მისი


გამომწვევი მიზეზების დადგენაზე. ბოლო, 2008-2009 წლების რეცესია ერთდროულად
რამდენიმე ფაქტორის გამო მოხდა. ეს ფაქტორებია: საცხოვრებელი სახლების გაყიდვებისა და
შესაბამისად ფასების მკვეთრი ვარდნა, პრობლემები იპოთეკური სესხების ბაზარზე, საბანკო
კრიზისი რასაც თან მოჰყვა კრედიტების გაცემის შეზღუდვა, ამ ყველაფერს კი თან დაერთო
2008 წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა. ზოგჯერ ეკონომისტები რეცესიის
გამომწვევ მიზეზებზე ვერ თანხმდებიან. 2001 წლის რეცესიას ფირმების მიერ ინვესტიციების
შემცირებასა და საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების მკვეთრ ვარდნას მიაწერენ. 1990-1992
წლების რეცესიის პირველი თვე დროში ზუსტად ემთხვევა ერაყელი სამხედროების ქუვეითში
შეჭრას, რის შედეგადაც ნავთობის მოპოვება შეფერხდა, შედეგად კი ნავთობის ფასები
მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა. ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ სწორედ ნავთობის
ფასების აღნიშნული ზრდა იყო აშშ-ის 1990-1991 წლების ეკონომიკური რეცესიის მიზეზი.

რეცესიის შემდგომი პერიოდი


რეცესიის შემდეგ, როგორც წესი, ეკონომიკას რამდენიმე წელი სჭირდება რეცესიამდელ
მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ეს გახლავთ ეკონომიკურად რთული რეცესიის შემდგომი
პერიოდი, რომელსაც გაჯანსაღების პერიოდს უწოდებენ. ტექნიკურად, ეკონომისტები
რეცესიას უწოდებენ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც რეალური მშპ მცირდება,
გაჯანსაღებას კი უწოდებენ პერიოდს, რომელიც რეალური მშპ-ის რეცესიამდელ
მდგომარეობაში დაბრუნებისთვისაა საჭირო. მიუხედავად აღნიშნული ტექნიკური
განსხვავებისა, მრავალი ადამიანი რეცესიასაც და მის შემდგომ გაჯანსაღების პერიოდსაც
რეცესიად მოიხსენიებს.

უფრო მეტიც, რეალობაში ყველა ეკონომიკური ინდიკატორი ერთდროულად არ იცვლება,


შესაბამისად რეალურმა მშპ-მ შესაძლოა ზრდა დაიწყოს, მაგრამ სხვა მაჩვენებლები კვლავ
უარესდებოდნენ. მაგალითად, 2009 წლის ივნისში დასრულდა „დიდი რეცესია“, თუმცა
უმუშევრობის დონემ რეცესიის შემდგომი 5 თვის მანძილზე ზრდა გააგრძელა და იგი
გაზრდილ დონეზე შენარჩუნდა რეცესიის შემდგომი 1 წლის მანძილზე. ტექნიკური
თვალსაზრისით რეცესია აშშ-ში 2009 წლის ივნისში დასრულდა, როდესაც ეკონომიკურმა
აქტივობამ (მათ შორის რეალურმა მშპ-მ) ზრდა დაიწყო. თუმცა გაჯანსაღების ეფექტი
ადამიანებმა გაცილებით გვიან იგრძნეს. ამის საპირისპიროდ, აღნიშნული რეცესიის
დაწყებიდან 6 თვის მანძილზე რეალური მშპ ზრდას აგრძელებდა, სხვა ეკონომიკური
ინდიკატორები კი ეკონომიკური აქტივობის გაუარესებაზე მიუთითებდნენ.

ეკონომიკური რეცესია და ეკონომიკური დეპრესია


საბედნიეროდ ეკონომიკური დეპრესია დიდი ხანია არსად მომხდარა და იმედი
დავიტოვოთ რომ არც აღარასდროს მოხდება. 17.4 ნახაზზე ნაჩვენებია აშშ-ის რეალური მშპ-ს

10
დინამიკა ბოლო 100 წლის განმავლობაში. ნახაზზე ხედავთ, რომ რეალური მშპ-ის ყველაზე
თვალშისაცემი შემცირება 1929-1933 წლებში ფიქსირდება. ამ პერიოდში რეალური მშპ 32.6%-
ით შემცირდა. ეს მოვლენა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ეკონომისტებმა და ისტორიკოსებმა
თავისი სახელიც კი დაარქვეს - დიდი დეპრესია (the Great Depression).

ნახაზი 17.4 ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური რყევები აშშ-ში, მეოცე საუკუნის


დასაწყისიდან დღემდე
მეოცე საუკუნიდან მოყოლებული აშშ-ის ეკონომიკა მდგრადი ზრდით ხასიათდება. ამასთან,
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეკონომიკური რყევების სიხშირე და ამპლიტუდა
მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2008-2009 წლების ეკონომიკური რეცესია მეორე მსოფლიო
ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მსხვილმასშტაბიანია, თუმცა მისი მასშტაბები დიდი
დეპრესიის მასშტაბებთან შედარებით გაცილებით მოკრძალებულია.

1920-1921 წლებისა და 1937-1938 წლების რეცესიები საკმარისად მასშტაბურნი არიან


იმისათვის, რომ მათ დეპრესია ვუწოდოთ, თუმცა დიდ დეპრესიასთან შედარებით ორივე
მათგანი ძალიან მცირეა. აშშ-ის რეალური მშპ მნიშვნელოვნად შემცირდა II მსოფლიო ომის
შემდგომაც, სამხედრო წარმოების შემცირების გამო.
II მსოფლიო ომის შემდგომი რეცესიები თავისი მასშტაბებით გაცილებით მცირენი არიან
ომამდელ რეცესიებთან შედარებით. 2008-2009 წლების რეცესია, რომელსაც „დიდ რეცესიას“
უწოდებენ, თავისი ხანრგძლივობით და სიღრმით გაცილებით აღემატება ომისშემდგომ
რეცესიებს. თუმცა, დიდი დეპრესიის მასშტაბებს იგი დაახლოებით 8-ჯერ ჩამორჩება. იმის

11
გამო, რომ რეცესიის პერიოდებში ყველას ყურადღება ეკონომიკურ სირთულეებზეა
გამახვილებული, როგორც წესი, მიმდინარე რეცესიას აქამდე მომხდართაგან ყველაზე
მწვავედ მიიჩნევენ ხოლმე, ე. ი. აზვიადებენ.
შეჯამება
 რეალური მშპ-სთვის დამახასიათებელია გრძელვადიანი ზრდის ტრენდი და
მოკლევადიანი მერყეობა ამ ტრენდის გარშემო.
 ეკონომიკური ზრდის შედეგად ადამიანთა კეთილდღეობა იზრდება. სხვადასხვა
ქვეყნების ეკონომიკურ ზრდის ტემპებს შორის მცირე განსხვავებაც კი ხანგრძლივი
დროის მანძილზე ამ ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის მნიშვნელოვან
განსხვავებებს იწვევს.
 დროდადრო ეკონომიკური აქტივობა მცირდება იწყებს. ეკონომიკური აქტივობის ისეთ
კლებას, რომელიც 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, რეცესია ეწოდება.
რეცესიები ერთმანეთისგან ხანგრძლივობითა და სიღრმით განსხვავდებიან. 1980-იანი
წლების შემდეგ აშშ-ში მომხდარი ეკონომიკური რეცესიები, მანამდე მომხდარ
რეცესიებთან შედარებით, გაცილებით მცირე მასშტაბებისაა.
 ძალიან ღრმა რეცესიას დეპრესია ეწოდება. 1930-იან წლებში მომხდარი დიდი
დეპრესია თავისი მასშტაბებით დაახლოებით 8-ჯერ არემატებოდა 2008-2009 წლების
ეკონომიკურ რეცესიას.

2. უმუშევრობა, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები


დროთა განმავლობაში რეალური მშპ-ის ცვლილებასთან ერთად სხვა ეკონომიკური
მაჩვენებლებიც (მაგალითად უმუშევრობის დონე, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები)
იცვლება. რეალურ მშპ-ზე დაკვირვების პარალელურად ამ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე
დაკვირვება შესაძლებლობას გვაძლევს უკეთ გავიაზროთ და ავხსნათ რეალური მშპ-ის
ცვლილებების მიზეზები. ეს მაჩვენებლები რეალურ მშპ-სთან ერთად ისეთივე მნიშვნელოვან
ინფორმაციას გვაწვდიან ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ, როგორც მაგალითად სხეულის
ტემპერატურა, პულსის სიხშირე და ორგანიზმში ქოლესტერინის დონე ადამიანის
ჯანმრთელობის შესახებ. არც ერთი ცალკე აღებული ინდიკატორი არაა საკმარისი ეკონომიკის
მდგომარეობის სრულად შესაფასებლად.

2.1 უმუშევრობა რეცესიის პერიოდში


რეალური მშპ-ის ცვლილებასთან ერთად იცვლება უმუშევრობის დონეც. უმუშევრობის
დონე განისაზღვრება, როგორც უმუშევართა რაოდენობის ხვედრითი წილი სამუშაო ძალაში.
თავის მხრივ, სამუშაო ძალა შედგება იმ ადამიანებისაგან, რომლებიც უკვე მუშაობენ ან
აქტიურად ეძებენ სამსახურს. ყოველთვის, როცა ეკონომიკა რეცესიაში შედის უმუშევრობა
იზრდება, რადგან ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ, ახალი სამუშაოს პოვნა კი ასეთ
დროს ძნელია. რეცესიის დროს სამსახურდაკარგული ადამიანების ისტორიები როგორც წესი
დაკავშირებულია იმედგაცრუებასა და სტრესთან.

17.5 ნახაზზე ნაჩვენებია, თუ როგორ იცვლება უმუშევრობის დონე ეკონომიკაში


რეცესიისა და გაჯანსაღების პერიოდებში. რეცესიის პერიოდში უმუშევრობის დონის ზრდას,
როგორც წესი თან სდევს გაჯანსაღების პერიოდში მისი შემცირება. ყურადღება მიაქციეთ

12
როგორ მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა 2008 წელს. ამ წელს უმუშევრობის დონემ თითქმის
2.5 პროცენტული პუნქტით მოიმატა. უმუშევრობის ასეთივე მკვეთრი ზრდები დაფიქსირდა
1973-1975 წლებისა და 1981-1982 წლების რეცესიების პერიოდებში.

ნახაზი 17.5 უმუშევრობის დონე


უმუშევრობის დონე იზრდება რეცესიების პერიოდებში, რადგან ამ დროს ადამიანები სამუშაო
ადგილებს კარგავენ, ახალი სამსახურის პოვნა კი რთულია. ზოგჯერ უმუშევრობის დონე
რეცესიის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში განაგრძობს ზრდას. უმუშევრობის
დონე გაჯანსაღების პერიოდში საბოლოოდ შემცირებას იწყებს.
უმუშევრობის დონე აშშ-ში (%)

წლები

17.6 ნახაზზე ასახულია უმუშევრობის ზრდა აშშ-ში დიდი დეპრესიის პერიოდში.


უმუშევრობა ამ წლებში თითქმის 25%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4-დან ყოველი 1
ამერიკელი სამსახურის გარეშე დარჩა. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდებში რეცესიების დროს
უმუშევრობის დონე შედარებით მცირედით იზრდება. 1980-იანი წლების დასაყისში
უმუშევრობის დონემ აშშ-ში 10.4%-ს მიაღწია, რაც II მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია.

13
ნახაზი 17.6 უმუშევრობის დონე აშშ-ში, დიდი დეპრესიის პერიოდში
დიდი დეპრესიის პერიოდში აშშ-ში უმუშევრობის დონის ზრდა გაცილებით მაღალი იყო,
ვიდრე სხვა რეცესიების პერიოდებში. ამ წლებში საშუალოდ 4-დან 1 ამერიკელი სამსახურის
გარეშე დარჩა.

უმუშევრობის დონე
%

წლები

ბოლო, 2008-2009 წლების რეცესიის დროს უმუშევრობის დონემ 10.1%-ს მიაღწია, რაც 2008
წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ეს მცირედით ნაკლებია 1982 წლის რეცესიის შედეგთან
შედარებით და გაცილებით ნაკლებია დიდი დეპრესიის პერიოდის უმუშევრობის დონესთან
შედარებით. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ უმუშევრობის დონე 2008 წლის წინ,
რეცესიამდელ პერიოდში 5%-ის ტოლი იყო, 1982 წლის რეცესიის წინა პერიოდში კი იგი 7.5%
გახლდათ. ბოლო რეცესიის პერიოდში უმუშევრობის დონის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა
მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული რეცესიის ნეგატიური შედეგები წლების მანძილზე
გასტანს. 17.7 ნახაზზე მოცემულია უმუშევრობის დონის ცვლილება 2008-2009 წლების
განმავლობაში. ამ ორი წლის მანძილზე აშშ-ში უმუშევრობის დონე 4.9%-დან 9.9%-მდე
გაიზარდა. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ამ წლებში უმუშევართა რაოდენობა აშშ-ში
გაორმაგდა და 7.6 მილიონიდან 15.2 მილიონამდე გაიზარდა.

14
ნახაზი 17.7 უმუშევრობის მკვეთრი ზრდა აშშ-ში, 2008-2009 წლებში
როდესაც ეკონომიკა აღმავლობის ფაზიდან რეცესიის ფაზაში გადადის, უმუშევრობა როგორც
წესი რამდენიმე თვეში მკვეთრად იზრდება.
უმუშევრობის დონე აშშ-ში (%)

წლები

2.2 ინფლაცია
უმუშევრობისა და მთლიანი გამოშვების მსგავსად, დროთა განმავლობაში იცვლება
ინფლაციაც. საქონელსა და მომსახურებაზე ფასების საშუალო დონის პროცენტულ ზრდას
ინფლაციის ტემპი ეწოდება. 17.8 ნახაზზე მოცემულია ინფლაციის ტემპი აშშ-ში 1970-დან 2016
წლამდე. როგორც ხედავთ ამ წლების მანძილზე აშშ-ის ეკონომიკაში დაბალი და სტაბილური
ინფლაცია სულაც არ ყოფილა. ინფლაციის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტია
აღსანიშნავი.

პირველი, ინფლაცია მჭიდროდაა დაკავშირებული რეალური მშპ-ს და უმუშევრობის


დონის ცვლილებებთან. ნახაზზე მოცემულ გრაფიკზე შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ბოლო 40
წლის განმავლობაში რეცესიამდელ პერიოდებში ინფლაცია ყოველთვის იზრდებოდა.
ინფლაციისა და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ მერყეობებს ჩვენ მოგვიანებით უფრო
დეტალურად შევისწავლით.

15
ნახაზი 17.8 ინფლაციის ცვლილებები
როგორც წესი, რეცესიის წინ ინფლაცია მაღალია, რეცესიის დაწყების შემდეგ კი მალევე
მცირდება. ნახაზზე თქვენ ხედავთ, რომ 1970-იანი წლებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე
ინფლაცია აშშ-ში აღმავალი ტრენდით ხასიათდებოდა, 1981 წლიდან კი აშშ-ში ადგილი აქვს
დეზინფლაციას - ინფლაციის ტემპის შემცირებას.

მეორე, ინფლაციისთვის დამახასიათებელია გრძელვადიანი ტრენდი. მაგალითად, 1970-


იანი წლების დასაწყისში საკმაოდ მოკრძალებული ტემპიდან ინფლაცია 1980 წლისთვის
ორნიშნა რიცხვამდე გაიზარდა. ეს გახლდათ მუდმივად მზარდი ინფლაციის წლები. 1980-იან
წლებში აშშ-ში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნულ ფენომენს ეკონომიკაში
დეზინფლაცია ეწოდება. ამის საპირისპიროდ, უარყოფით ინფლაციას ე. ი. ეკონომიკაში
ფასების საერთო დონის შემცირებას დეფლაციას უწოდებენ. დეფლაცია პრაქტიკაში საკმაოდ
იშვიათია, თუმცა აშშ-ში იგი 2009 წლის ბოლოს დაფიქსირდა, რაც ბოლო 50 წლის მანძილზე
პირველად მოხდა. რეცესიის დასრულების შემდეგაც კი ინფლაციის ტემპი აშშ-ში საკმაოდ
დაბალ ნიშნულზე, 2%-ზე ნაკლებ დონეზე რჩება. ფედერალური სარეზერვო სისტემის
მიზანია აშშ-ში წლიური ინფლაციის ტემპის 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნება.

მესამე, ისტორია გვასწავლის, რომ ინფლაციის ტემპის 0%-მდე შემცირების იმედი არ


უნდა გვქონდეს. 1990-იანი წლებიდან დღემდე აშშ-ში წლიური ინფლაციის საშუალო ტემპი
2.25%-ია.

16
რატომ იზრდება რეცესიის წინა პერიოდებში ინფლაცია? რატომ მცირდება იგი რესესიის
დაწყების შემდეგ? რა იწვევს მაღალ ინფლაციას? რატომ მოხდა, რომ ბოლო 50 წლის
განმავლობაში აშშ-ში დეფლაცია პირველად დაფიქსირდა? რატომ არასდროს უტოლდება
ინფლაცია 0%-ს? როგორი ეკონომიკური პოლიტიკითაა შესაძლებელი ინფლაციის
სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნება? ეს გახლავთ ინფლაციის შესახებ შეკითხვების ის
მცირე ჩამონათვალი, რომელთაც მაკროეკონომიკა შეისწავლის.

2.3 საპროცენტო განაკვეთები


თანხის სესხად აღების სანაცვლოდ მსესხებელი გამსესხებელს გარკვეულ საფასურს
უხდის. მსესხებლის მიერ გამსესხებლისთვის გადახდილი საფასურის წილს სესხის მთლიან
თანხაში საპროცენტო განაკვეთი ეწოდება. მაგალითად, თუ თქვენ მეგობრისგან 1 წლის ვადით
6%-ად $100 დოლარს ისესხებთ, მაშინ წლის ბოლოს თქვენს მეგობარს $100 დოლართან ერთად
საპროცენტო სარგებლის სახით დამატებით $6 დოლარი უნდა გადაუხადოთ. საპროცენტო
განაკვეთი ერთ-ერთი საკვანძო ეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც მჭიდროდაა
დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასა და რეალური მშპ-ის ცვლილებებთან.

საპროცენტო განაკვეთების სხვადასხვა ტიპები და მათი ცვლილებები დროში


რეალობაში არაერთ საპროცენტო განაკვეთს ვხედავთ. მაგალითად, იპოთეკური სესხის
განაკვეთი ეს არის საცხოვრებელი სახლის შესაძენად აღებულ სესხზე არსებული განაკვეთი;
შემნახველი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი არის განაკვეთი, რომელიც ადამიანებს
ბანკში შენახულ დეპოზიტებზე ერიცხებათ; სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო
განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა იხდის 1 წელზე
ნაკლები ვადით თანხის სესხების სანაცვლოდ; ბანკთაშორისი განაკვეთი2 არის საპროცენტო
განაკვეთი რომელსაც კომერციული ბენკები მოკლევადიან სესხებზე უწესებენ ერთმანეთს.
საპროცენტო განაკვეთების ცვლილება გავლენას ახდენს ადამიანთა ქცევაზე. მაგალითად,
როდესაც საპროცენტო განაკვეთი იზრდება, სახლის ან ახალი მანქანის საყიდლად საჭირო
თანხის სესხება უფრო ძვირი ხდება და როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები თავს იკავებენ
მსგავსი ხარჯებისაგან.

17.9 ნახაზზე მოცემულია აშშ-ის ფედერალური ფონდების განაკვეთის დინამიკა, ბოლო 40


წლის მანძილზე. 17.9 ნახაზი შეადარეთ 17.5 და 17.8 ნახაზებს; ყურადღება მიაქციეთ რამდენად
მჭიდროდაა დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთების ცვლილებები ეკონომიკურ
აღმასვლებსა და რეცესიებთან. როგორც წესი საპროცენტო განაკვეთები იზრდება
რეცესიამდელ პერიოდში და მცირდება რეცესიისა და გაჯანსაღების პერიოდებში. მეორე,
ისევე როგორც ინფლაციის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთებშიც შესამჩნევია
გრძელვადიანი ტრენდის არსებობა. 1970-იან და 980-იან წლებში საპროცენტო განაკვეთები
გაიზარდა. ამ პერიოდში მომხდარ ყოველ ეკონომიკურ მერყეობას შედეგად საპროცენტო
განაკვეთების ზრდა მოჰყვა. 1980-იანი წლებიდან საპროცენტო განაკვეთები დაღმავალი
ტრენდით ხასიათდება. ბოლო, 2008-2009 წლების რეცესიის პერიოდში ფედერალური

2
ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში ცნობილია ფედერალური ფონდების განაკვეთის
სახელით.

17
ფონდების განაკვეთი თითქმის 0%-მდე შემცირდა. 0% არის საპროცენტო განაკვეთის
მინიმუმი, ამაზე ნაკლებად მისი შემცირება შეუძლებელია3.

ნახაზი 17.9 საპროცენტო განაკვეთის ცვლილებები


როგორც წესი საპროცენტო განაკვეთი რეცესიამდელ პერიოდში იზრდება, ხოლო რეცესიის
დაწყებისას და მის შემდგომ მცირდება. 1970-იან წლებში აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები
აღმავალი ტრენდით ხასიათდებოდა, 1980-იანი წლებიდან კი ტრენდი დაღმავალია. 2008-2009
წლების რეცესიის შემდეგ აშშ-ში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ
მინიმუმამდე შემცირდა. გრაფიკზე მოცემულია აშშ-ის ფედერალური ფონდების განაკვეთის
დინამიკა.
ნომინალური საპროცენტო
განაკვეთი (%)

წლები

რეალური საპროცენტო განაკვეთის ცნება


მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება და მისი ტრენდი
მჭიდრო კავშირშია რეალურ მშპ-სა და ინფლაციის ტრენდთან და მათ ცვლილებებთან.
სინამდვილეში, 1960-იან და 1970-იან წლებში საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია
გარკვეულწილად დაკავშირებულია ამ პერიოდის მზარდ ინფლაციასთან. ინფლაციის ზრდის
გამო გამსესხებლები სესხის უკან დაბრუნებისას ნაკლები მსყიდველუნარიანობის მქონე
თანხას ღებულობენ, რადგან პროდუქტების ფასები იზრდება. ინფლაციის შედეგად
შემცირებული მსყიდველუნარიანობის კომპენსაციის მიზნით გამსესხებლები სესხზე

3
სინამდვილეში დღეის მდგომარეობით რამოდენიმე ქვეყნის, მათ შორის ევროზონის ქვეყნების
ბანკთაშორისი განაკვეთი 0%-ზე ნაკლებია; ამ საკითხს უფრო დეტალურად მომდევლო ლექციებზე
განვიხილავთ.

18
საპროცენტო განაკვეთს ზრდიან. მაგალითად, თუ წლიური ინფლაციის ტემპი 20%-ია და
თქვენ 6%-ად გასცემთ $100 დოლარის სიდიდის სესხს 1 წლის ვადით, წლის ბოლოს სესხის
დაფარვისას უკან მიიღებთ 106 დოლარს. თუმცა, იმ პროდუქტების ფასები რომელსაც თქვენ
ამ $106 დოლარით შეიძენთ ახლა 20%-ით უფრო მაღალია; ამგვარად ერთი მხრივ თქვენ
ღებულობთ 6%-იან სარგებელს სესხის გაცემიდან, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაციის გამო 20%-
იანი დანაკარგი გაქვთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ თქვენ 14%-ის ტოლ ზარალს ღებულობთ: 6%-
20%=-14%. ამგვარად, სესხზე მიღებულ საპროცენტო სარგებელსა და ინფლაციის ტემპს შორის
სხვაობა თქვენი რეალური სარგებლის უკეთესი საზომია. საბანკო საპროცენტო სარგებელსა და
მოსალოდნელი ინფლაციის ტემპს შორის სხვაობას ეკონომისტები რეალურ საპროცენტო
განაკვეთს უწოდებენ. ინფლაციის ტემპით კორექტირების გარეშე აღებულ საბანკო
საპროცენტო განაკვეთს კი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ეწოდება. მაგალითად, თუ
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ბანკში 5%-ია, მოსალოდნელი ინფლაცია კი 3%-ის
ტოლია, მაშინ რეალური საპროცენტო განაკვეთი 2%-ის ტოლი იქნება (5%-3%=2%). იმისათვის,
რომ გამსესხებელმა განსაზღვრული რეალური საპროცენტო განაკვეთი მიიღოს, ნომინალური
საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის ცვლილებასთან ერთად უნდა იცვლებოდეს და ეს ასეც
ხდება. ამგვარად, რეალური საპროცენტო განაკვეთის არსის გააზრება საშუალებას გვაძლევს
უკეთ გავიგოთ თუ რატომ ხდება ნომინალური საპროცენტო განაკვეთებისა და ინფლაციის
ერთდროულად ზრდა. რეალურ საპროცენტო განაკვეთს ჩვენ ხშირად მივუბრუნდებით
მომდევნო ლექციებზე.

შეჯამება
 რეცესიის პერიოდში უმუშევრობის დონე იზრდება, გაჯანსაღების პერიოდში კი
პირიქით, იკლებს.
 რეცესიის წინა პერიოდში ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები იზრდება, რეცესიის
დაწყების შემდეგ კი პირიქით, მცირდება.
 1970-იან წლებში აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები იზრდებოდა. 1990-იან და 2000-იან
წლებში კი საპროცენტო განაკვეთებიც და ინფლაციაც შედარებით დაბალ დონეზე
შენარჩუნდა.
 ბოლო პერიოდში აშშ-ის ეკონომიკაში ორი უჩვეულო ფაქტი - დეფლაცია და თითქმის
0%-ის ტოლი საპროცენტო განაკვეთი - დაფიქსირდა.

3. მაკროეკონომიკური თეორია და პოლიტიკა


ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდას ცხოვრების სტანდარტების ზრდა მოჰყვება, ხოლო
მეორე მხრივ, ეკონომიკურ რეცესიას უმუშევრობის ზრდა და ეკონომიკური სირთულეები
ახლავს თან. აქედან გამომდინარე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ორი მთავარი მიზანია: (1)
გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და (2) მოკლევადიანი პერიოდის
ეკონომიკური რყევების მინიმუმამდე შემცირება. ჩვენს მიერ ზემოთ შეჯამების ნაწილში
აღწერილი ფაქტების ცოდნა არასაკმარისია სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესახებ
რეკომენდაციების გასაკეთებლად. მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე მსჯელობის დაწყებამდე
აუცილებელია გაგვაჩნდეს ლოგიკურად თანმიმდევრული ეკონომიკური თეორია, რომლის
მეშვეობითაც სრულყოფილად ავხსნით ზემოთმოყვანილ ფაქტებს.

19
მაკროეკონომიკური თეორია ორ ძირითად ნაწილად იყოფა: (1) ეკონომიკური ზრდის
თეორია შეისწავლის რეალური მშპ-ის გრძელვადიან ცვლილებებს; (2) ეკონომიკური რყევების
თეორია კი სწავლობს რეალური მშპ-ის მოკლევადიანი რყევების მიზეზებს. ერთად აღებული
ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური რყევების თეორიები გვაძლევს მაკროეკონომიკურ
თეორიას, რომელიც გვიხსნის თუ რატომ იზრდება და რატომ მერყეობს ეკონომიკა დროთა
განმავლობაში.

3.1 გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის თეორია


ეკონომიკური ზრდის შესწავლა იწყება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტრენდისა
და მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევების ერთმანეთისგან გარჩევით.
აღნიშნულის ერთმანეთისგან განსხვავება არც ისე იოლია, როგორც ეს ერთი შეხედვით
შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან თავის მხრივ დროთა განმავლობაში გრძელვადიანი
ეკონომიკური ზრდის ტრენდიც იცვლება.

17.1 ნახაზზე მოცემულ რეალური მშპ-ის გრძელვადიან, აღმავალ ტრენდს პოტენციური


მშპ ეწოდება. პოტენციური მშპ ასახავს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ტენდენციას.
რეალური მშპ მერყეობს პოტენციური მშპ-ის გარშემო. არავინ იცის ზუსტად რამდენია
პოტენციური მშპ და რა ტემპით იზრდება იგი. გრაფიკზე გავლებული ნებისმიერი ტრენდი,
რომელიც გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ-ის ზრდას აღწერს ისე, რომ რეალური მშპ
მის გარშემო იცვლება, შესაძლოა პოტენციური მშპ-ის კარგი შეფასება აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პოტენციური მშპ მაკროეკონომიკაში არ ნიშნავს


რეალური მშპ-ის მაქსიმუმს. როგორც 17.1 ნახაზზეა ნაჩვენები, რეალური მშპ ზოგჯერ
პოტენციურ მშპ-ზე მეტი, ზოგჯერ კი მასზე ნაკლებია. ამგვარად, პოტენციური მშპ თავისი
შინაარსით, დაახლოებით, გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ-ის საშუალო დონეს
ასახავს.

ეკონომიკური ზრდის თეორია გვეუბნება, რომ ეკონომიკის პოტენციური მშპ ეკონომიკის


ერთობლივი მიწოდებით განისაზღვრება. ერთობლივი მიწოდება არის ეკონომიკაში
არსებული ყველა ფირმის მიერ შრომის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების გამოყენებით
წარმოებული მთლიანი საქონლისა და მომსახურების ღირებულებათა ჯამი. ამ შემთხვევაში,
შრომაში ჩვენ ვგულისხმობთ წარმოების პროცესში ყველა მუშის მიერ ნამუშევარი საათების
ჯამურ რაოდენობას. კაპიტალში ვგულისხმობთ ეკონომიკაში არსებული ქარხნების,
სამეურნეო მიწის, მანქანა-დანადგარების, კომპიუტერებისა და წარმოების პროცესში
გამოყენებული სხვა საშუალებების ჯამურ რაოდენობას. ტექნოლოგიებში იგულისხმება
ეკონომიკაში არსებული ყველა “Know How”, დაწყებული არსებული ორგანიზაციული
სტრუქტურებიდან, გაუმჯობესებული ტელეკომუნიკაციის საშუალებებითა და
კომპიუტერული პროგრამირების უნარ-ჩვევებით დამთავრებული; ტექნოლოგიებში
მოიაზრება ყველა ის ცოდნა, რომელსაც დასაქმებულები და დამსაქმებლები წარმოების
პროცესში იყენებენ. ერთად აღებული შრომა, კაპიტალი და ტექნოლოგიები განსაზღვრავს
ეკონომიკის ერთობლივ მიწოდებას.

20
საწარმოო ფუნქცია
წარმოების ფაქტორებსა და ერთობლივ მიწოდებას შორის დამოკიდებულება ჩვენ
შეგვიძლია შემდეგნაირად ჩავწეროთ:

რეალური მშპ = 𝐹(შრომა, კაპიტალი, ტექნოლოგიები)

ეს გამოსახულება შემდეგნაირად იკითხება: რეალური მშპ არის შრომის, კაპიტალისა და


ტექნოლოგიების F ფუნქცია. თავის მხრივ F ფუნქცია გულისხმობს, რომ გარკვეული სახის
კავშირი არსებობს რეალურ მშპ-სა და ამ ცვლადებს შორის. ჩვენ ვუშვებთ, რომ მეტი
რაოდენობით შრომის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების პირობებში რეალური მშპ-ის
მოცულობა უფრო დიდია. ამის საპირისპიროდ, მცირე რაოდენობით შრომის, კაპიტალისა და
ტექნოლოგიების პირობებში რეალური მშპ-ის მოცულობა შედარებით მცირეა. აღნიშნულ
დამოკიდებულებას საწარმოო ფუნქცია ეწოდება. საწარმოო ფუნქცია გვიჩვენებს რა
რაოდენობის საქონელი და მომსახურება (რეალური მშპ) იწარმოება ეკონომიკაში შრომის,
კაპიტალისა და ტექნოლოგიების განსაზღვრული რაოდენობების პირობებში. გრძელვადიან
პერიოდში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის ასამაღლებლად აუცილებელია ამ ფაქტორებიდან
მინიმუმ ერთი მათგანის ზრდის ტემპის დაჩქარება. შესაბამისად, ამ სამი ფაქტორის დაბალი
ზრდის ტემპი გრძელვადიან პერიოდში დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მოგვცემს.

აქ ჩვენ განვიხილავთ საწარმოო ფუნქციას მთლიანად ეკონომიკისათვის. თუმცა,


საწარმოო ფუნქცია არსებობს ინდივიდუალური ფირმისთვისაც. მაგალითისათვის
განვიხილოთ ავტომობილების წარმოება; ავტომობილების მწარმოებლისათვის შენობა და
საწარმოო პროცესში გამოყენებული მანქანა-დანადგარები წარმოადგენს კაპიტალს. ქარხანაში
დასაქმებული მუშები იგივეა, რაც შრომა. ავტომობილების აწყობის მეთოდი წარმოადგენს
ფირმის ტექნოლოგიას. მზა ავტომობილები კი არის ამ ფირმის გამოშვება. ფირმისგან
განსხვავებით, მთლიანი ეკონომიკისათვის გამოშვება არის რეალური მშპ, რომლის წარმოებაც
ეკონომიკაში არსებული მთლიანი შრომის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების გამოყენებით
ხდება.

3.2 ეკონომიკური ზრდა და მთავრობის პოლიტიკა


მთავრობების უმეტესობა გზებს ეძებს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.
გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პოლიტიკას ზოგჯერ მიწოდების მხარის
პოლიტიკას (Supply-Side policies) უწოდებენ. აღნიშნული პოლიტიკის მიზანი პოტენციური
მშპ-ის ზრდის ხელშეწყობაა, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ერთობლივი მიწოდების ზრდის
ხელშეწყობას გულისხმობს.

ჩვენს მიერ გაკეთებული ეკონომიკური ზრდის თეორიის მიმოხილვიდან შეგვიძლია


დავასკვნათ, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკის მიზანი ეკონომიკაში
შრომის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების ზრდა უნდა იყოს. ეკონომიკაში კაპიტალის ზრდის
ტემპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ინვესტიციებს განახორციელებენ
ფირმები წლის განმავლობაში. ფირმების მიერ ინვესტიციის განხორციელების შესახებ
გადაწყვეტილებები კი თავის მხრივ დამოკიდებულია სტიმულებზე. მოგვიანებით ჩვენ
ვნახავთ, რომ ინვესტორის სტიმული მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მთავრობის

21
საგადასახადო შემოსავლების, ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდეზე. ამგვარად,
მთავრობის პოლიტიკა გავლენას ახდენს ინვესტიციებზე და შესაბამისად გრძელვადიან
ეკონომიკურ ზრდაზე. გადასახადებთან, მთავრობის ხარჯებთან და მთავრობის მიერ ვალის
აღებასთან დაკავშირებულ პოლიტიკას ფისკალური პოლიტიკა4 ეწოდება.

შრომის მიწოდებაც სტიმულებზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში აღნიშნული


სტიმულები მოიცავს ფირმების მხრიდან მუშახელის დაქირავების, დაქირავებულების
მხრიდან მეტი მუშაობის, სამუშაო ძალის მიღმა მყოფი ხალხის მხრიდან სამსახურის ძებნისა
და საპენსიო ასაკს მიტანებული ადამიანების მხრიდან პენსიაზე გასვლის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სტიმულებს. მთავრობის ფისკალური
პოლიტიკა გავლენას ახდენს აღნიშნულ სტიმულებზე.

და ბოლოს, მთავრობა ზეგავლენას ახდენს ტექნოლოგიურ პროგრესზეც. მაგალითად,


ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისების მიზნით მთავრობას შეუძლია სამეცნიერო
კვლევებისა წახალისება და მუშახელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად განათლების
დაფინანსება.

მონეტარული პოლიტიკა
ინფლაციის დაბალ დონეზე სტაბილურად შენარჩუნება ხელს უწყობს ეკონომიკურ
ზრდას გრძელვადიან პერიოდში. მომავალში ჩვენ ვნახავთ, რომ ინფლაციის ტემპს
გრძელვადიან პერიოდში ფულის მიწოდების ზრდის ტემპი განსაზღვრავს; ამ პროცესში
მთავრობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. მაკროეკონომიკურ პოლიტიკას,
რომლის მიზანიც ფულის მიწოდების კონტროლი და ინფლაციის სასურველ დონეზე
შენარჩუნებაა მონეტარული პოლიტიკა5 ეწოდება. მონეტარულ პოლიტიკას ცენტრალური
ბანკი წარმართავს. აშშ-ის ცენტრალური ბანკია6 ფედერალური სარეზერვო სისტემა.

რატომ უნდა იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია ეკონომიკური ზრდის


ხელშემწყობი პოლიტიკის ნაწილი? სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებზე ჩატარებული
კვლევები აჩვენებს, რომ ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის გრძელვადიან პერიოდში
არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება. აღნიშნული დამოკიდებულების მიზეზი შესაძლოა
ის იყოს, რომ ინფლაცია იწვევს გაურკვევლობას; გაურკვევლობა კი ინვესტირებისა და
ტექნოლოგიების გაუმჯობესების სტიმულებს ამცირებს. ეკონომიკური ზრდის თეორია
გვეუბნება, რომ კაპიტალის ზრდის ტემპისა და ტექნოლოგიური პროგრესის შენელება დაბალ
ეკონომიკურ ზრდაში აისახება.

3.3 ეკონომიკური რყევების თეორია


ზემოთ გაკეთებულ მიმოხილვაში უკვე ვახსენეთ, რომ რეცესიას თან ახლავს
ეკონომიკური სირთულეები. შეუძლია თუ არა მთავრობას მდგომარეობის გაუმჯობესება და
ეკონომიკური რყევების შემცირება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ გვჭირდება

4
ფისკალურ პოლიტიკას ზოგჯერ საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკასაც უწოდებენ
5
მონეტარულ პოლიტიკას ზოგჯერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკასაც უწოდებენ
6
საქართველოს შემთხვევაში: „საქართველოს ეროვნული ბანკი“

22
ეკონომიკური თეორია, რომელიც სრულყოფილად აღწერს ეკონომიკურ რყევებთან
დაკავშირებულ ფაქტებს.

ერთობლივი მოთხოვნა და ეკონომიკური რყევები


ეკონომიკური რყევების თეორიის მიხედვით საქონელსა და მომსახურებაზე ერთობლივი
მოთხოვნის ცვლილებები იწვევს ეკონომიკურ რყევებს. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „ერთობლივი
მოთხოვნა“ რადგან მხედველობაში გვაქვს ეკონომიკაში წარმოებულ ყველა საქონელსა და
მომსახურებაზე ჯამური მოთხოვნა (აქ არ ვსაუბრობთ ცალკე აღებულ რომელიმე
პროდუქტზე). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთობლივი მოთხოვნა შემდეგი ოთხი ჯგუფის
მოთხოვნათა ჯამია: მომხმარებლების, ფირმების, მთავრობისა და უცხოელების.

ამ თეორიის მიხედვით რეალური მშპ-ის პოტენციურ მშპ-სთან შედარებით შემცირება


გამოწვეულია ერთობლივი მოთხოვნის შემცირებით; ხოლო რეალური მშპ-ის პოტენციურ მშპ-
ზე მეტად ზრდის მიზეზი ერთობლივი მოთხოვნის ზრდაა. მაგალითად, 2008-2009 წლების
რეცესიის გამომწვევი მიზეზი მომხმარებლებისა და ფირმების მიერ გაწეული დანახარჯების
შემცირებაა; მომხმარებელთა დანახარჯების შემცირება თავის მხრივ გამოიწვია
საცხოვრებელი სახლების ფასების ვარდნამ, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების შემცირებამ
და 2008 წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ. ფირმების დანახარჯების
შემცირებაზე გავლენა იქონია საბანკო სექტორში წარმოქმნილმა სირთულეებმა, რის გამოც
ფირმებისთვის კრედიტები ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა.

ამგვარად, ეკონომიკური რყევების თეორიის მთავარი დაშვება იმაში მდგომარეობს, რომ


რეალური მშპ ყოველთვის პოტენციური მშპ-ის გარშემო მერყეობს. რატომ არის ეს კარგი
დაშვება? საიდან ვიცით, რომ ეკონომიკური რყევების მიზეზი თავად პოტენციური მშპ-ის -
ანუ ერთობლივი მიწოდების - რყევები არაა? აღნიშნულ დაშვებას ვაკეთებთ იმ ფაქტის
გათვალისწინებით, რომ პოტენციური მშპ-ის განმსაზღვრელი ფაქტორები მყისიერად არ
იცვლება. ცხადია, რომ ქვეყნის მოსახლეობა წლიდან წლამდე მოულოდნელად არ მცირდება.
არც ქარხნებისა და მანქანა-დანადგარების რაოდენობა მცირდება მყისიერად (რა თქმა უნდა
თუ სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყება ჩვენს ქვეყანაში). ბუნებრივი კატასტროფებიც კი
მნიშვნელოვნად არ ცვლის წარმოების შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა ტექნოლოგიური
ცოდნაც არ მცირდება მოულოდნელად; ჩვენ მყისიერად არ გვავიწყდება როგორ გავაკეთოთ
ის საქმე, რასაც აქამდე წლებია ვაკეთებდით. მეორე მხრივ, პოტენციური მშპ-ის მუდმივი
ზრდა გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების ზრდით; ამ
ფაქტორთაგან არც ერთის ზრდა არ ხდება მყისიერად, არამედ ნელ-ნელა, თანდათანობით
იზრდებიან. მრავალი ეკონომისტი ეთანხმება დაშვებას, რომ მოკლევადიანი პერიოდის
ეკონომიკური რყევების მიზეზი არა პოტენციური მშპ-ის ცვლილება, არამედ ერთობლივი
მოთხოვნის ცვლილებაა. მიუხედავად ამისა არაგონივრული იქნება ხელაღებით ვამტკიცოთ,
რომ პოტენციური მშპ-ის მერყეობას ადგილი არასდროს აქვს.

3.4 მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური რყევები


ეკონომიკურ რყევებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია მაკროეკონომიკურ
პოლიტიკას. მრავალი ქვეყნის მთავრობა რეცესიების თავიდან არიდებას და/ან მისი
უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას აქტიურად ცდილობს. როგორც წესი, მონეტარული

23
პოლიტიკის გატარებისას ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედება ხდება. ეკონომიკურ
პოლიტიკას, რომლის მიზანიც ეკონომიკური რყევების შემცირებაა ზოგჯერ მოთხოვნის
მხარის (Demand Side) პოლიტიკასაც უწოდებენ, რადგან ეკონომიკური რყევების რეგულირება
ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების მეშვეობით ხორციელდება.

ფისკალური პოლიტიკა
სახელმწიფო შესყიდვებისა და გადასახადების ცვლილებებით მთავრობას შეუძლია
დაარეგულიროს ერთობლივი მოთხოვნა. როდესაც ეკონომიკაში რეცესიაა მოსალოდნელი,
მთავრობამ ერთობლივი მოთხოვნა უნდა ასტიმულიროს. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია
გადასახადების შემცირება და/ან სახელმწიფო შესყიდვების გაზრდა. ასეთი პოლიტიკის
მაგალითია 2008-2009 წლებში აშშ-ის მიერ განხორციელებული ეკონომიკის სტიმულირების
პაკეტი, რომლის მიზანიც ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანა გახლდათ. ასეთი პოლიტიკა
ხშირად გამოიყენება მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის შემცირების და/ან
ექსპორტის შემცირების გამო შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის უარყოფითი შედეგების
შესამსუბუქებლად. აღნიშნული პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ ეკონომისტებს
სხვადასხვა პოზიცია აქვთ.

მონეტარული პოლიტიკა
დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნების მიზნით ცენტრალური ბანკი
მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე.
ცენტრალური ბანკის მხრიდან ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ძირითადი
ინსტრუმენტებია საპროცენტო განაკვეთებისა და ფულის მიწოდების ცვლილებები. როდესაც
ეკონომიკაში ინფლაციის ზრდა იმის გამოა მოსალოდნელი, რომ ერთობლივი მოთხოვნა
პოტენციურ მშპ-ზე სწრაფად იზრდება, ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს
გაზრდის, რასაც შედეგად დანახარჯების შემცირება მოჰყვება (ე. ი. ადამიანები და ფირმები
ნაკლებს დახარჯავენ). ინფლაციის სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნებასთან ერთად
ცენტრალურმა ბანკმა რეცესიის უარყოფითი შედეგების თავიდან არიდების მიზნითაც
შეიძლება შეცვალოს საპროცენტო განაკვეთები და ფულის მიწოდება. თუ ეკონომიკაში
რეცესიაა მოსალოდნელი, ცენტრალური ბანკი შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს და ამით
წაახალისებს ერთობლივ მოთხოვნას. ასეთი პოლიტიკის მაგალითი ისევ 2008-2009 წლების
რეცესიაა, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები 4.25%-დან
თითქმის 0%-მდე შეამცირა.

შეჯამება
 ეკონომიკური ზრდის თეორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტრენდს
შეისწავლის.
 ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია 3 ფაქტორზე: კაპიტალის ზრდაზე, შრომის
ზრდაზე და ტექნოლოგიურ პროგრესზე.
 აღნიშნულ 3 ფაქტორზე ზეგავლენით მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას
გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. გრძელვადიანი
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით მთავრობას შეუძლია წაახალისოს ინვესტიციები,
ახალი ტექნოლოგიების შექმნისათვის საჭირო კვლევები, განათლება და შრომის მიწოდება.

24
მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებას
შეუძლია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
 ეკონომიკური რყევების თეორია უშვებს, რომ რეალური მშპ-ის რყევები გამოწვეულია
ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებებით.
 ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამოყენებით შესაძლებელია რეალური მშპ-
ის რყევების შემცირება. მაკროეკონომისტების მთავარი ამოცანაა სწორი ეკონომიკური
პოლიტიკის განსაზღვრა.

შეჯამება
ამ თავის დასაწყისში ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ფაქტები ეკონომიკური ზრდისა და
ეკონომიკური რყევების შესახებ. ამ საკითხების შესახებ მთავარი რაც უნდა გახსოვდეთ ისაა,
რომ ეკონომიკურ ზრდას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ადამიანთა კეთილდღეობის ზრდაში;
ეკონომიკური ზრდა დროდადრო რეცესიების გამო ფერხდება; რეცეესიის პერიოდებში კი
უმუშევრობა იზრდება. რეცესიის წინა პერიოდებში, როგორც წესი, ინფლაცია და საპროცენტო
განაკვეთები იზრდება, რეცესიის დაწყების შემდგომ კი პირიქით, ორივე მათგანი მცირდება.
ესაა ის საკვანძო ფაქტები, რომლებსაც მაკროეკონომიკური თეორია ეფუძნება. მათი გააზრება
თქვენ დაგეხმარებათ მომავალში უკეთ გაიგოთ თეორია და უკეთ შეაფასოთ მთავრობის
ეკონომიკური პოლიტიკა. შემდეგ ლექციაზე ჩვენ განვიხილავთ რეალური მშპ-ისა და
ინფლაციის დათვლის მეთოდებს.

საკვანძო საკითხები
1.მაკროეკონომიკის შესწავლის საგანია ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური რყევები,
მთლიანად ეკონომიკაში.

2.ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეისა და მრავალი სხვა სახელმწიფოს ეკონომიკები ბოლო


პერიოდში მკვეთრად იზრდება.

3.ეკონომიკური ზრდის მიზეზებია: სამუშაო ძალის ზრდა, კაპიტალის ზრდა და


ტექნოლოგიური პროგრესი.

4.ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს კაპიტალის ზრდას და/ან


ტექნოლოგიების განვითარებას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასაც.

5.ეკონომიკური რყევები - ე. ი. ბიზნეს-ციკლები - შედგება რეცესიისა და აღმავლობის


პერიოდებისაგან.

6.აშშ-ის ეკონომიკაში ბოლო პერიოდში მომხდარი რეცესიები გაცილებით მცირე


მასშტაბებისაა ვიდრე 1930-იან წლებში მომხდარი დიდი დეპრესია.

7.ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები რეცესიის წინა პერიოდში იზრდება, რეცესიის


დაწყების შემდეგ კი ორივე მათგანი მცირდება.

8.ეკონომიკური რყევების გამომწვევი მიზეზი ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებებია.

25
9.მაკროეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას. ორივე
მათგანის მიზანი ბიზნეს-ციკლების შემცირება და ინფლაციის დაბალ დონეზე სტაბილურად
შენარჩუნებაა.

10.ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური რყევების თეორიები ერთობლივად ქმნიან


მაკროეკონომიკურ თეორიას. მაკროეკონომიკური თეორია გვიხსნის თუ რატომ იზრდება და
მერყეობს ეკონომიკა დროთა განმავლობაში.

26

You might also like