You are on page 1of 10

შრომის ფასი საქართველოში

უკვე თითქმის წელიწადია საქართველოს შრომის ბაზარზე დამსაქმებლები კადრების


დეფიციტზე ალაპარაკდნენ. თვე არ გავა, რომ რომელიმე მედიაში მსგავსი შინაარსის
ფრაზები არ შეგხვდეთ: „კადრებს სანთლით ვეძებთ, „თანამშრომლებს ვერ ვპოულობთ“,
„დირექტორს უფრო მარტივად იპოვი, ვიდრე მიმტანს“, „მომსახურე პერსონალის პოვნა
ფანტასტიკის სფერო გახდა“. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სტუმარ-მასპინძლობის
სექტორში დგას, თუმცა, ცვლილებები სერვისისა და ლოჯისტიკის სფეროშიც შეინიშნება.
კომპანიები ეძებენ მიმტანებს, მზარეულებს, მძღოლებს, გადამზიდველებს, დაცვის
თანამშრომლებს, კონსულტანტბს, მაგრამ ხშირად ვერ პოულობენ მათ, განსაკუთრებით
უჭირთ სტაბილური და მით უმეტეს, კვალიფიციური კადრების პოვნა.

პოსტ-პანდემიურ რეალობაში სამუშაო კულტურა და მოთხოვნა-მიწოდების სისტემა


გარკვეულწილად მთელს მსოფლიოში შეიცვალა. ადამიანების ნაწილმა დისტანციური,
არაფიქსირებული გრაფიკის სამსახური ნახა და ძველ რეალობაში დაბრუნების შემდეგაც
აღარ მოუნდა დილიდან საღამომდე, მუმდივი მეთვალყურეობის ქვეშ რიტინული შრომა.
ბევრს ანაზღაურება არ აკმაყოფილებდა ან სამუშაო გარემო არ მოსწონდა და გადაწყვიტა, ეს
„გადატვირთვის“ პერიოდი უკეთესის საძებნელად გამოეყენებინა. ზოგმა საერთოდ
გადააფასა არსებული რეალობა, ახალი უნარები აითვისა და პროფილი შეიცვალა, ბევრიც
სხვა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ.

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით 2021 წელს 47 მილიონზე მეტმა


ამერიკელმა ნებაყოფლობით დატოვა სამსახური, რაც სამუშაო ადგილიდან თანამშრომლების
უპრეცედენტო მასობრივი გადინება იყო მთელი ათწლეულების განმავლობაში. ამ მოვლ ნას
სახელიც დაარქვეს- Great Resignation. (დიდი გადადგომა?).

სამსახურის ცვლილების, რელოკაციისა და კადრების გადინების ტენდენცია ევროპაშიც


შესამჩნევია, თუმცა, უფრო ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე ამერიკაში. როგორც ჩანს, ამაზე
ისიც მოქმედებს, რომ ევროკავშირის ქვყნებში სოციალური სახელმწიფოს პრინციპები
შედარებით უკეთესადაა დაცული: უფრო გამართულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის
სისტემები და რიგ შტატებთან შედარებით მაღალია მინიმალური ხელფასიც.

საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ შიდა როტაციის მაჩვენებლებზე


საუბარი რთულია, თუმცა კადრების პრობლემა მაინც კარგად ასახავს ზოგად სურათს.
განსხვავება ისაა, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დიდი
ნაწილი ქვეყნიდანაც მიდის, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ნორმალური სამსახურის შოვნა
საკმაოდ რთულია. ამ მხრივ საყურადღებოა გასული წლის ემიგრაციის სტატისტიკა: 2022
წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში წასული მოქალაქეობის
რაოდენობა 100 ათასს აღწევდა რაც 34 პროცენტით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
ბოლო წლების მაჩვენებლებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში შრომითი
მიგრაციის ახალი, 90-იანი წლების მერე ყველაზე დიდი ტალღა დაიწყო.

საკადრო კრიზისს, ისევე როგორც მიგრაციას, საქართველოში ყველაზე მეტად დაბალი


ანაზღაურება და რთული საყოფაცხოვრებო პირობები განაპირობებს. პრობლემის სიმწვავე
განსაკუთრებით თვალშისაცემი პოსტ-პანდემიური იფლაციისა და გაზრდილი ფასების
შემდეგ გახდა. ადამიანებს უბრალოდ აღარაფერში ჰყოფნით ანაზღაურება და ცდილობენ,
უკეთესი ალტერნატივა მოძებნონ, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნან.

ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, თუ რამ აიძულათ ქვეყნის დატოვება და რა პირობებში


უწევთ საქართველოში მუშაობა. ზოგიერთი რესპონდენტის სახელი შეცვლილია მათივე
უსაფრთხოების და კონფიდენციალობის დაცვის გამო.

ისტორიები

39 წლის ელენე ზუსტად 1 წლის წინ წავიდა ამერიკაში სამუშაოდ. არალეგალურად


გადაკვეთა მექსიკა-ამერიკის საზღვარი და ამერიკელ მესაზღვრეებთან თავშესაფარი
მოითხოვა. ელენე ორი მოზარდის მარტოხელა დედაა, ბავშვები პენისონერ მშობლებთან
დატოვა, სესხი აიღო და უკეთესი მომავლის იმედით, საკმაოდ რისკიან გზას დაადგა.
საზღვარზე, საემიგრაციოში 4 დღე გააჩერეს, სადაც სხვა თავშესაფრის მაძიებლებთან ერთად
კარავში მოუწია გაჩერება. იქიდან ტექსასის საემიგრაციოში გადაიყვანეს, სადაც ასევე 4 დღე
დაჰყო. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან უმრავლესობას ბევრად მეტ ხანს უწევს ხოლმე
ლოდინი. მისი წასვლის მიზეზი და მოტივაცია, რა თქმა უნდა აქ არსებული გაუსაძლისი
პირობები იყო.

“2013 წლიდან მარკეტებში ვმუშაობდი. ჯერ კონსულტანტი ვიყავი, მერე მოლარე. ბევრი
ადგილი გამოვიცვალე. თავიდან ღამის ცვლაში ვიყავი და დღეგამოშვებით ვმუშაობდი.
ხელფასი 150 ლარი მქონდა. მერე დღის ცვლაში გადავედი სრული დატვირთვით, კვირაში
მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდი. ხელფასი კი 300 ლარი იყო. ამის შემდეგ მოლარედ
ვმუშაობდი მარკეტ „უნივერსამში“. იქაც კვირაში 1 დღე ვისვენებდით და 350 ლარს ვიღებდი.
პანდემიის დროს წამოვედი.“

ამის შემდეგ ელენემ უბნის საცხობში იმუშავა მცხობელად, სადაც დილის 7 საათზე მიდიოდა
და ღამის 11 საათამდე უწევდა ყოფნა. მთელი დღე ფეხზე იდგა და ფიზიკურად შრომობდა.
დღეში 30 ლარს იღებდა და თუ რამე გაუფუჭდებოდა, თანხას აკლებდნენ: „ერთ დღეს
მთელი სინი დამეწვა და იმ დღეს საერთოდ ხელფასი ვერ ავიღე. 2 თვე გავძელი. მეტი
ფიზიკურად ვეღარ შევძელი. მახსოვს, თანამშრომლები, რომლებიც წლები მუშაობდნენ იქ,
ფეხებზე და ხელებზე პერიოდულად სპეციალურ ნემსებს იკეთებდნენ, რომ ტკივილი და
დაღლილობა არ ეგრძნოთ და ანთებითი პროცესები ჩაექროთ. ამდენი საათი ასეთი
დატვირთვა ძალიან რთული იყო.“-იხსენებს ელენე.

ახლა ის ნიუ იროკშია და ერთ-ერთ ოჯახში ბავშვს უვლის. 6 დღე მათთან ცხოვრობს, ერთი
კი ისვენებს. ანაზღაურება კვირაში 800 დოლარი აქვს. თანხის მოგროვებასაც ახერხებს და
ოჯახისთვის გამოგზავნასაც. თუმცა, მათგან შორს ყოფნა და უცხო ადამიანებთან დროის
უდიდესი ნაწილის გატარება მაინც უჭირს: „მართალია კარგი ოჯახი შემხვდა, პირობები
ნორმალურია, თან აქ ჩემი ნათესავებიც არიან სამუშაოდ ჩამოსულები და მარტო არ ვარ,
მაგრამ მაინც რთულია. ერთი სული მაქვს როდის მოვა ის 1 დღე რომ დავისვენო. ცალკე
ამბავია ბავშვების თემა და მათზე მუდმივად ფიქრი. სამომავლოდ არ ვიცი რას ვიზამ, თუ
მოვახერხე, შეიძლება ისინიც წამოვიყვანო, თუმცა უკან დაბრუნებაც მინდა, სულ აქ
დარჩენას არ ვგეგმავ, იქნებ ისე მოვახერხეო, რომ რაღაც თანხა დავაგროვო და
საქართველოში პატარა ბიზნესი დავიწყო.“

ამერიკაში სამუშაოდ წავიდა 35 წლის ზაზაც, რომელიც მანამდე თბილისის სხვადასხვა


კერძო ობიექტებში უსაფრთხოების თანამშრომის პოზიციაზე მუშაობდა. სრული სამუშაო
გრაფიკით მისი მაქსიმალური ანაზღაურება ამ პოზიციაზე 800-900 ლარი იყო. პანდემიის
მერე გადაწყვიტა, ყველა გზა ეცადა, რომ როგორმე ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა.
„ არაფერში არ მყოფნიდა ხელფასი, მეუღლე და პატარა ბავშვი მყავს, უამრავი რამე
გვჭირდება“. ზაზაც ნიუ იორკშია. მასაც არალეგალური გზით, მექსიკის საზღვრიდან მოუწია
გადასვლა და რამდენიმე კვირა ლოდინი. უკვე 7 თვეა რაც ამერიკაშია და ერთ-ერთ
გადაზიდვების კომპანიაში მანქანას ემსახურება. მისი 1 კვირის შემოსავალი რამდენჯერმე
აღემატება აქაურ ყოველთვიურ ხელფასს, რაც საქართველოში ფულის გამოგზავნასთან
ერთად მცირე დანაზოგის გაკეთების საშუალებასაც აძლევს. თუმცა, მასაც ელენესავით
ალბათ წლები მოუწევს ოჯახისგან შორს ყოფნა და მუშაობა, რომ უკან დაბრუნებისას
გარკვეული ფინანსური გარანტიები ჰქონდეს და ცხოვრება მოიწყოს.

ემიგრაციაში ბედის საძებნელად წასულ ათიათასობით მოქალაქესთან ერთად უამრავი


ადამიანი რჩება საქართველოში, რომლებსაც ადგილობრივ შრომის ბაზარზე უწევთ თავის
გადარჩენა. მიუხედავად ხელფასების მცირედით მომატებისა, განსაკუთრებით
პრობლემური, დღესაც სერვისის სფეროა. ამას ემატება სხვადასხვა ობიექტების და
კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დალაგება დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ,
მათ შორის დიდ კომპანიებშიც. მათი ხელფასი ხშირად 300-400 ლარს არ აღემატება.

დღეს ქსელური სუპემარკეტების კონსულტანტებისა და მოლარეების საშუალო ანაზღაურება


საათში დააახლოებით 3-4 ლარია. გრაფიკი დღეში 9-დან 12 საათამდე მერყეობს და თვიური
ანაზღაურებაც ამის მიხედვით გამოდის. მაგალითად, სპარში 9 საათიანი გრაფიკით და
კვირაში 1 დღე დასვენებით მოლარე-კონსულტანტისხელფასი საშუალოდ 750 ლარია, დღეში
12 საათი მუშაობის შემთხვევაში კი 900. დაახლოებით მსგავსი პირობებია ნიკორაში,
ევროპროდუქტში, კარფურსა და გუდვილში. თუმცა, ზოგ მარკეტში კონსულტანტების და
მოლარეების ხელფასი 500-700 ლარს არ აღემატება. იგივე სიტუაციაა სააფთიაქო ქსელებშიც,
სადაც ფარმაცევტებისა და კონსულტანტების საშუალო ხელფასი 600-700 ლარია. სამუშაო
გრაფიკი კი სრული და ხშირად კანონით დადგენილ მაქსიმალურ 48 საათსაც სცდება. ეს იმ
დროს, როცა ფარმაცევტული ბიზნესის შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია
საქართველოში. მაგალითად, 2021 წელს პსპ-ს წმინდა მოგება 61 მილიონი ლარი იყო, ავერსის
კი 82 მილიონი. ამ აფთიაქებს ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 300 ფილიალი აქვთ. თითოეულ
ფილიალში მაქსიმუმ 10 თანამშრომელია, რომელსაც ასეთი დაბალი ანაზღაურება აქვს.
გამოდის, რომ კომპანიის მფლობელებს მოგებიდან 2 მილიონი რომ გამოეყოთ და
ხელფასებზე დაეხარჯათ, 3000-მდე თანამშრომელს ანზღაურება თითქმის გაუორმაგდებოდა.

დაბალ ანაზღაურებასთან ერთად ხშირად პრობლემურია სამუშაო გარემოც. მაგალითად,


სუპერმარკეტ სპარში, განსაკუთრებით თუ ფილიალი პატარაა, კონსულტანტები
მოლარეებიც არიან, დამლაგებლებიც და მაღაზიაში მოსული პროდუქციის მტვირთავებიც.
დასაქმებულთა უმეტესობა ახალგაზრდა ქალია და დიდი ყუთების საწყობში ტარება მათ
ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

26 წლის ანა ერთ-ერთ ასეთ მარკეტში მუშაობს კვირაში 54 საათი (დღეში 9 საათი, კვირაში
ერთი დღე დასვენება). ხელფასი 700 ლარი აქვს. მის ოფიციალურ მოვალეობაში მოლარეობა
და კონსულტანტობა შედის, თუმცა, მას და მის თანამშრომლებს ხშირად უწევთ ყუთებით
შემოსული პროდუქციის საწყობში ჩატანა, რადგან მაღაზიას ცალკე მტვირთავი არ ჰყავს. ანა
ამბობს, რომ ბოლო თვეებია პერიოდულად ხერხემლის ტკივილი აწუხებს. თუმცა, ამაზე
პრეტენზია რომ გამოთქვა, პასუხი მენეჯენტსი მხრიდან ის იყო, რომ ყველა ასე აკეთებს და
სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ აქვთ. გარდა ამისა, კონსულტანტები აქ დამაგებლის როლსაც
ითავსებენ, რადგან მათ ფილიალში არც დამლაგებელი ჰყავთ.

კიდევ უფრო რთული სიტუაციაა საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების


მაღაზიათა ქსელში „ სუფთა სახლი“. მაღაზიის საწყობები, სადაც სარეცხი ფხვნილები,
ქიმიური საწმენდი საშუალებები და სხვა ნივთიერებები ინახება, არ ნიავდება, რადგან
უმეტესობაში არ არის დამონტაჟებული ვენტილაციის სისტემა. ამ დროს, თანამშრომლებს
ხშირად უწევთ იქ ყოფნა პროდქუციის დახარისხების და დახლზე გამოტანის მიზნით. ამის
გამო ბევრი უჩივის თავის ტკივილს, ალერგიას და გულისრევის შეგრძნებას.

დაბალი ანაზღარურების, რთული სამუშაო პირობების და ზედმეტად დატვირთული


სამუშაო გრაფიკის გამო აღნიშნული კომპანიებიდან მუდმივად ხდება კადრების გადინება.
ამას ვაკანსიების საიტებიც მოწმობს, სადაც ყოველდღე უამრავი ინფორმაცია იდება, რომ
კომპანიები ეძებენ მოლარე-ოპერატორებს, კონსულტანტებს, მიმტანებსს, სასტუმროს
თანამშრომლებს, დამლაგებლებს და ა.შ. არასტაბილური კადრები და თანამშრომლების
მუდმივი ცვლილება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სერვისის სფეროში პირობების
გაუმჯობესების მოთხოვნით დასაქმებულების მასშტაბური გაერთიანება და პროტესტი
აქამდე არ ყოფილა.

სად მიდიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას არ ტოვებენ, მაგრამ აღარც ამ პოზიციებზე


უნდათ მუშაობა?

პანდემიის დროს განკსაუთრებით პოპულარული გახდა სამუშაოები, რომლებიც


არაფორმალურ შრომის ბაზარს შეიძლება მივაკუთვნოთ. საქ სტატის მონაცემებით დღეს
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი
არაფორმალურ შრომაშია ჩართული. აქ შედიან ტაქსისტები, კურიერები, ძიძები, კერძო
სახლების დამლაგებლები და დიასახლისები, ონლაინ პორტალების კონტრაქტორი
თანამშრომლები, სხვადასხვ ენების თუ საგნების მასწავლებლები, რომელთაც კერძო
მოსწავლეები ჰყავთ და აშ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც 10 წელია


ქვეყანაში სოციალური და შრომითი უფლებების საკითხებზე მუშაობს, ამ თემასაც იკვლევს.
ორგანიზაციის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია
აღნიშნავს, რომ არაფორმალურ დასაქმების ბაზრაზე გადასვლის მთავარი მიზეზი
შედარებით უკეთესი ანაზღაურებაა.
„ერთის მხრივ ქვეყანაში უმუშევრობის დონე იკლებს,მაგრამ ამის საპირწონედ არ ხდება
დასაქმებულების და სამუშაო ადგილების ზრდა. გამოდის, რომ ეს ადამიანები
ეკონომიკურად არააქტიურები ხდებიან და აღარ ფისქირდებიან, როგორც სამუშაოს
მაძიებლები, რადგან ასეთ ფასად სახლიდან გამოსვლაც კი არ უღირთ. თუმცა, რეალრუად
ალბათ ის ხდება, რომ მათი უმეტესობა დაბალი ანაზღაურების გამო ფორმალურ ბაზარზე
მუშაობის ნაცვლად ცდილობს არაფორმალური გზებით ჰქონდეს შემოსავალი. „

სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ შრომის ბაზრი მაქსიმალურად ფორმალიზებული იყოს,


თუმცა, ამის წამახალისებლად არც მინიმალური ხელფასის დადგენაზე ზრუნავს და არც
სამუშაო განრიგის, ზეგანაკვეთურის ანაზღაურების თუ სხვა დასაქმებულთათვის
მხარდამჭერი რეგულაციების შემოღებაზე. თათული ჭუბაბრია ამბობს, რომ მათ
ორგანიზაციას დაუბეგრავი მინიმუმის წინადადებაც ჰქონდათ, რაც დაახლოებით 500 ლარის
ქვემოთ შემოსავლის მქონე ადამიანების გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს,
თუმცა, ჯერ არც ამაზე ყოფილა სერიოზული მსჯელობა.

მიმდინარე თვეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების კოალიციამ


„ღირსეული შრომის პლატფორმა“, საქართველოში საცხოვრებელი ხელფასის შესახებ
ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ეს თანხა 1770 ლარს შეადგენს და ბევრად
აღემატება ქვეყანაში არსებულ რეალურ ხელფასებს. საცხოვრებელი ხელფასი წარმოადგენს
დაუბეგრავ შემოსავალს და ეფუძნება ოჯახში ერთი მშრომელის მონაცემებს. ეს განსხვავდება
„საარსებო მინიმუმისგან“, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის
მონაცემებით 254 ლარია. საარსებო მინიმუმი მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს
ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი კი არის თანხა, რომელიც ფარავს ადამიანის ღირსეული
ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს, როგორებიცაა: კვება, ტანსაცმელი,
საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და ა.შ. საქ სტატის მონაცემებით,
საქართველოში მედიანური ხელფასი 900 ლარია. ანუ დასაქმებულების 50 პროცენტს 900
ლარზე დაბალი აქვს ხელფასი, 50%-ს კი 900-ზე მაღალი. ეს არის შუა წერტილი ხელფასების
და არა გასაშუალოებული, რაც აქამდე 1300 იყო. გამოდის, რომ ადამიანების 50 პროცენტს
საქართვლოში იმის ნახევარი შემოსავალიც არ აქვთ, რაც მათ ძირითად საჭიროებებს
დაუკმაყოფილებდა.

როგორც თათული ჭუბაბრია ამბობს, დასაქმებულებისთვის კიდევ ერთი პრობლემა ისაა,


რომ მათი დიდი ნაწილი არასრულ განაკვეთზე მუშაობს და კიდევ უწევს დამატებითი
სამსახურების ძებნა. საქ სტატის მონაცემებით ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის 40
პროცენტი დღეს არასრულად არის დასაქმებული.

სოციოლოგი და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტი, ანა დიაკონიძე, რომელიც


ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას უწევს კონსულტაციას,
აღნიშნავს, რომ მშრომელების ფორმალურ ბაზარზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი გზა
მინიმალური ხელფასის დაწესება და მათთვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნაა.

„ამჟამად კურიერების შრომას ვიკვლევ, სადაც ჩანს, რომ მათი უმეტესობა მანამდე სერვისის
სექტორის დაბალ რგოლში მუშაობდა. ისინი პანდემიის დროს ჩაერთნენ ამ პლატფორმულ
შრომაში, რომელიც ბოლომდე არაფორმალური არ არის, მაგრამ სახელმწიფოსგან
მეტნაკლებად მაინც დამალულია. მიზეზი უკეთესი ანაზღურებაა. მეორე, მაგალითი
შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან მოვიყვანო: ჩემი ბავშვის ძიძა კლინიკაში მუშაობდა
მთავარ ექთნად. მან დატოვა ფორმალური სამუშაო და მოვიდა ჩემთან, იმიტომ რომ
თითქმის ორმაგი ხელფასი აქვს. ასეთი მაგალითი საკმაოდ ბევრია ჩვენს ირგვლივ. რა თქმა
უნდა, გარკვეულ ცვლილებებს მინიმალური ხელფასი შრომის ბაზარზე გამოიწვევეს.
დასაქმებულებისთვის ეს ცალსახად დადებითი იქნება, რაც შეეხება ბიზნეს, დიდი ბიზნესი
ამას მარტავდ აიტანს. მცირე და საშუალოს შეიძლება თავიდან ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ
ამაზე გადაწყობა მოხდება. გააჩნია რეფორმის დიზაინსაც როგორც გავაკეთებთ, ეს რა თქმა
უნდა გონოვრული უნდა იყოს“.

უკეთესო სამუშაო პირობების და ანაზღაურების მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი და


საერთაშორისოდ აპრობირებული გზა დღს განვითარებულ ქვეყნებში პროფკავშირების
დახმარებით დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვებია. ბოლო 10 წელიწადში
საქართველოში საკმაოდ ბევრი გაფიცვა და პროტესტი იყო, თუმცა, ეს უფრო პირველად
დასაქმების ინდუსტრიებს შეეხებოდა: ქარხნები, მადანის მოპოვების საწარმოები, მეტრო,
ექიმები, ექთნები, ქალაქის დასუფთავების სამსახური და აშ. მათმა ნაწილმა მოახერხა კიდეც
გარკვეული შედეგის მიღწევა. ტრადციული დასაქმების სექტორში უფრო მეტად არის
ერთიანობის განცდა, რადგან ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ერთად და
ერთმანეთის სოლიდარობის იმედი აქვთ, რაც შეეხება სერვის სფეროს, ის იმდენად
სეგმენტირებული და ცვალებადია, მათი გაერთიანება ბევრად რთულია.

შრომის კოდექსის რეფორმა, შრომის ინსპექცია და მისი უფლებამოსილებები

კანონის მიხედვით სამუშაო პირობებს ქვეყანაში შრომის კოდექსი განსაზღვრავს და შრომის


ინსპექცია აკონტროლებს და არეგულირებს. 2006 წელს, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში
ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად შეცვალა შრომის კოდექსი
და საერთოდ გააუქმა შრომის ინსპექცია, რამაც მკვეთრად შეამცირა მშრომელთა დაცვის
მექანიზმები. ახალი შრომის კოდექსიდან ამოიღეს დებულებები, რომლებითაც
რეგულირდებოდა ყოველკვირეული დასვენებები, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების
ლიმიტები, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი და ცვლების დროს შესვენებები.
დაშვებული იქნა სიტყვიერი და არა წერილობითი დასაქმების კონტრაქტების გაფორმება და
მშრომელთა გათავისუფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მიზეზით.
შედეგად, გახშირდა სამუშაო ადგილებზე დაშავება-გარდაცვალების და შრომითი
უფლებების დარღვევის ფაქტები. 2006 წელს მიღებული ცვლილებები ეფუძნებოდა ვარაუდს,
რომ შრომის ბაზრის დერეგულაცია ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო
ადგილების შექმნას ქვეყანაში. თუმცა, როგორ როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია Human
right watch აღნიშნავს 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, ეკონომიკური ზრდის შედეგები
არ აისახა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე და ვერც მნიშვნელოვანი გავლენა
მოახდინა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე.
იურისტი და შრომის სამართლის სპეციალისტი, ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ინსპექციის
გაუქმება დიდი შეცდომა იყო და ამან მხოლოდ ნეგატიური შედეგი მოიტანა : „ინსპექცია
გააქუმეს როგორც კორუმპირებული სტრუქტურა, თითქოს კორუფცია უშუალოდ შრომის
ისნპექციაში და კეთილდღეობის ისნტიტუტებში იყო ლოკალიზებული და სხვა უწყებები არ
იყვნენ კორპუმირეულებები. როგორი პრობლემურიც არ უნდა ყოფილიყო შრომის
ინსპექცია, მისი გაუქმება მაინც არასწორი იყო, რადგან თუნდაც სუსტი ისნპექცია ჯობს მის
საერთოდ არარასებობას და ამას სტატისტიკაც ადასტურებს“.

Human Rights Watch-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ დერეგულაციის შემდეგ,


საქართველოში სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით
გაიზარდა და შემთხვევები ძირითადად სამთომომპოვებელ მრეწველობაში (მაღაროები,
შახტები) და მშენებლობაზე ხდებოდა. 2007-დან 2017 წლამდე პერიოდში სამუშაო
ადგილებზე დაღუპულთა საშუალო რაოდენობა წელიწადში 41 იყო, განსხვავებით 2002-2005
წლებისგან, როდესაც ეს ციფრი წელიწადში საშუალოდ 24-ს შეადგენდა.

2013 წლიდან საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა შრომითი ბაზრის


რეგულირებისკენ. გართულდა დასაქმებულის გათავისუფლების პროცედურა, აიკრძალა
დისკრიმინაცია ახალი თანამშრომლის დაქირავებისას და სავალდებულო გახდა
დასაქმებულთან წერილობითი კონტრაქტის გაფორმება სამ თვეზე მეტი ვადით
დასაქმებისას. 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების და
შემდეგ უკვე ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საქართველოს მოუწია ვადებულება აეღო
შრომის კანონდნებლობის გაუმჯობესებაზე, რაც სრულფასოვანი შრომის ისნპექციის შექმნას
და მის ფუნქციურ დატვრითვას მოიაზრდებდა. 2015 წელს შეიქმნა შრომის პირობების
ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის მთავარი ფუქნცია თავდაპირველად შრომის
უსაფრთხოების კონტროლი იყო. ინსპექციის მანდატი მხოლოდ 2020 წელს, ახალი შრომის
კოდექსის მიღების შემდეგ გაფართოვდა. გარკვეული ცვლილიბებები შევიდა კანონშიც.

„ვინაიდან საქართველოში სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშო


ნიშნულს აღწევედა, საზოგადეობრივი აზრი მალევე მომწიფდა, რომ ეს მიუღებელი იყო და
ამიტომ თავიდან ამაზე გაკეთდა აქცენტი. თუმცა, ეს დაყოფა ხელოვნური იყო, რადგან
რეალურად, შრომის უფლებები უსაფრთხოებასთან ერთად თავისთავად გულისხმობს ბევრ
სხვა ასპექტსაც. პორბლემა ისიც იყო, რომ მანამდე ინსპექცია ძირითადად პოსტ ფაქტუმ
შედიოდა კომპნიაში, როცა უკვე შედეგი დამდგარი იყო და ადამიანი მკვდარი ან
დაშავებული იყო. ამ დროს ინსპექციის მთავარი ფუნქცია არის შემთხვევების პრევენცია.“-
ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი, რომელიც 2019-2020 წლებში შრომის კოდექსის რეფორმის
სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. ის მიიჩნევს, რომ კოდექსის ცვლილებაში და ინსპექციის
უფლებასმოსილებების გაფართოებაში ცენტრალური და გადამწყვეტი როლი ითამაშა
ევროკავშირის ვალდებულებებმა და რომ არა ეს ფაქტორი, მთავრობა არც იმ დათმობაზე
წავიდოდა, რაზეც წავიდა.

შრომის სინსპექციის მონაცემებით, ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის


შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ამას ადასტურებს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“. თათული ჭუბაბრია აღნიშნავს, რომ ამის
პარალელურად გაზრდილია დაშავების სტატისტიკა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს
ინცინდენტები მეტი სერიოზულოით აღირიცხება და შრომის ისნპექცია ამას სათანადოდ
აკონკტროლებს. „ რაც შეეხება შრომით უფლებებს, ვინაიდან შრომის ინსპექცია მხოლოდ
2021 წლის პირველი იანვრიდან აღიჭურვა მანდატით, რომ უსაფრთხოების გარდა სხვა
მიმართულებების ინსპექტირებაც მოეხდინა, ამ თვასლაზრისით ასეთი პერიდოულობა ჯერ
არ გასულა. ამიტომ იმას, თუ როგორ კონტროლდება შრომის რეჟიმი, პირობები,
ანაზღაურება, შვებულება და აშ. ახლა ვაკვირდებით. როგორც კი საკმარისი ინდიკატორები
გვექნება, ესეც აისახება ჩვენს კვლევებში.“

სახლემწიფოს და შესაბამისად შრომის ისნპექციასაც, ჯერ ისევ აქვს არგაღიზინების


პოლიტიკა ბიზნესის მიმართ. ამიტომ, ისნპექცია ხშირად არ ახმაურებს კონკრეტული
კომპანიების სახელებს და ერიდება დეტალების პროაქტიურად გამოქვეყნებას. ამის გამო
ზოგჯერ რთულდება საკითხის დროული შესწავლა და ინფორაციის დამუშავება.

„ძირითადად ჯამურ სტატისტიკას დებენ ხოლმე ვებ გვერდზე, თუ რამდენი დარღვევა


დადგინდა. ერიდებიან დეტალურად დაწერონ, ვინ დააჯარიმეს, რა მუხლი დაირღვა, და აშ.
მერე ჩვენ გვიწევს ამ ინფორმაციის გამოთხოვა, გაანალიზება და გაციფრულება, რაც დიდ
რესურსს მოითხოვს და ოპერატიულად ვერ ხერხდება. მაგალითად, 2022 წელი ჯერ არ გვაქვს
გაანალიზებული. ამის გამო სულ ვეკამათებით სახლემწიფოს და ვეუბნებით, რომ ეს მათი
ფუქნციაა და უნდა გამოაქვეყნონ.“

მიუხედავად კოდექსში შესული ცვლილებებისა, შრომის უფლებებისა და


ზედამხედველობის შესახებ რეგულაციები ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს და მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას ისეთ
სფეროებში, როგორიცაა სავალდებულო ყოველკვირეული დასვენება, ღამის საათებში
მუშაობა, ზეგანაკვეთური საათები და მათი ანაზღაურება, ასევე ცვლების დროს შესვენება.
ერთის მხრივ შრომის კოდექსი აწესებს 40- საათიან სამუშაო კვირას და კონკრეტული სახის
მრეწველობისთვის, მათ შორის ტექსტილის, მშენებლობის და ქიმიური წარმოებისთვის 48-
საათიანს. თუმცა, ბუნდოვანია, თუ როგორ შეიძლება დაიცვა ეს წესები პრაქტიკაში, რადგან
კანონი არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტს, გარდა ერთი ნორმისა,
რომლის თანახმადაც დასვენების ხანგრძლივობა სამუშაო დღეებს ან ცვლებს შორის მინიმუმ
12 საათს უნდა შეადგენდეს.

შრომის კოდექსი არც კვირის განმავლობაში დასვენების პერიოდის მინიმალურ


ხანგრძლივობას განსაზღვრავს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით,
დასაქმებულები კვირაში მინიმუმ 24-საათიანი დასვენებით უნდა სარგებლობდნენ, ხოლო
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ
„მშრომელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათთვის 2
თანმიმდევრული დასვენების დღის მიცემის ზოგად წესს მიენიჭოს უპირატესობა.

ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხებზე სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ


ბიზნესის მხრიდან. ისინი კატეგრიულად ეწინააღდეგებოდა მინიმალური ხელფასის და
ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფის დადგენის საკითხს, ასევე არ უნდოდათ
შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებაც, მაგრამ ევროკავშირიის დირექტივების გამო ამ
საკითხე დათმობაზე წასვლა მოუწიათ. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ამ შემთხვევაში
სახლმეწფოც მათ მხარეს აღმოჩნდა.

„კოდექსის პირველ ვერსიაში ეწერა, რომ მისი მიღებიდან რამდენიმე თვეში პარლამენტს
უნდა მიეღო კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ. თუმცა, ეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი
მთავარი წინააღმდეგობის საკითხი აღმოჩნდა. დღეს, 2 წლის თავზე უკვე ვხედავთ, რომ
თვითონ ბიზნესი წუწუნებს სამუშაო ძალის დეფიციტზე, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორედ
დაბალ ანაზღარურებასთანაა დაკავშირებული. მათ წინააღმდეგობას ერთგვარი ბუმერანგის
ეფექტი ჰქონდა. რადგან ამდენი უმუშევარი გვყავს ქვეყანაში და ცუდი ეკონომიკური
ვითარებაა, ზოგს დასაქმება ერთგვარი ქველმოქმედების აქტი ჰგონია. ფიქრობენ, რომ არ აქვს
დიდი მნიშვნელობა, როგორ პირობებში ამუშავებ, რა ხელფასს უხდი და აშ. დასაქმებული
ყველაფერზე კმაყოფილი უნდა იყოს და პრეტენზია არ გამოთქვას.“

საქართველოში მინიმალური ხელფასს დღეს ფორმალური სახე აქვს და ის 20 ლარს შეადგენს.


ბრძანებულება 1999 წელს გამოიცა პრეზიდენტის მიერ და მას შემდეგ ეს ტარიფი არ
შეცვლილა. საქართველოს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს თანხა ბევრად მაღალია:
სომხეთში ამ ეტაპზე 173 დოლარია ( დაახლოებით 468 ლარი) და 2023 წლის იანვრიდან 190
დოლარამდე უნდა გაიზარდოს. აზერბაიჯანში კი მინიმალური ანაღრარურება 176 დოლარია
(დაახლოებით 476 ლარი)

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ბოლო წლებში შრომით პრაქტიკაში შეიცვალა, ის


არის ის, რომ გაიზარდა მიმართვიანობა სასამართლოსადმი და მშრომელებიც ბევრად უფრო
ხშირად იგებენ პროცესებს, ვიდრე ადრე. ეს შრომის კოდექსის ეტაპობრივი ცვლილებისა და
გაუმჯობესების მნიშვნელოვანი დამსახურებაა, რადგან რეფორმის შედეგად დასაქმებულებს
კანონი მეტად იცავს, ვიდრე მანამდე. რამდენიმე თვის წინ უკმაყოფილო კომენტარიც კი
მოვსმინეთ ერთ-ერთი მსხვილი იურიდიული ფირმის იურისტისგან, რომელიც
მოურიდებლად ამბობდა, „ადამიანების გათავისუფლება იმდენად გართულდა, რომ ეს უკვე
მახინჯ ფორმებს იღებსო“.

ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს დადებითი დინამიკა პროფკავშირების და სხვადასხვა


ორგანიზაციების დამსახურებაც არის, რომელბიც უფასო ირუიდიულ დახმარებას
სთავაზობენ მშრომელებს და სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან, აწარმოონ დავა
სასამართლოში. არაერთი მაგალითია თუნდაც საჯარო სექტორში, სადაც გათავისფლებულმა
თანამშრომლებმა პროცესები მოიგეს. თუმცა, დამსაქმებლებმა მაინც მიაგნეს გამოსავალს და
ზოგჯერ რეორგანიზაციას იყენებენ თანამშრომლების გასაშვებად.

„მაგალითად თეა წულუკიანმა, რომელმაც 2013 წელს იუსტიციის მინისტრობისას თავად


გაართულა დასაქმებულების გათავისუფლება, ახლა, კულტურის მინისტრის რაგნში
რეორგანზიაცია გამოიყენა, რომ მარტივად გაეშვა თავის დაქვემედებარებაში მყოფი
თანამშომლები.“- ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.
გამოსავალი და პერსპექტივა

რა გამოსავალი არსებობს არსებული სიტუაციიდან და რა ბერკეტები აქვს მშრომელებს,


პროფკავშრებს უფლებების გაუმჯოებსებისთვის, ამ კითხვაზე ჩვენი რესპონდენტები
რამდენიმე მთავარ ფაქტორს გამოყოფენ. ესენია ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულების ვალდებულებები, თავად მშრომელთა აქტიურობა, ბიზნესის ადეკვატური
რეაგირება და სახლემწიფოს ნება, დაიჭიროს მოსახლეობის უმრავლესობის მხარე და შექმნას
ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები.

„რეალურად,შრომის რეფორმის და შრომის ისნეპქციის გაძლიერების მოთხოვნა


ვიზალიბერალიზაცაიის ნაწილი უფრო იყო და არა ასოცირების ხეშლშეკრულების. ევროპა
გვეუბნება, რომ თუ შენ გინდა უვიზო რეჟიმი, კეთილი უნდა ინებო და საზღვარი
აკონტროლო, ანტიდისკრიმინაციული კანონიც გქონდეს, შრომის ინსპექციაც გქონდეს და
ყველაფერი გააკეთო, რომ მიგრაცია შემცირდეს. მათ კომუნიზმის გასავრეცელბალდ კი არ
უნდათ აქ ეს ყველაფერი,ის უნდათ, შენს ქვეყანაშივე შეძლო საკუთარი მოქალაქის დაცვა და
იქ არ გაიქცეს თავშესაფრის მოთხოვნით“- ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

ანა დიაკონიძე ფიქრობს, რომ თავად ბიზნესის ინტერესშიც უნდა შედიოდეს საბაზრო და
შრომითი ურთიერობები საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელება.

„როცა ჩვენ ვამბობთ რომ ეს რეგულაციები ბიზნესის ინეტერესებს ეწინააღმდეგება, არ უნდა


დაგვავიწყდეს, რომ ამავე დროს იგივე ბიზნესი წუწუნებს გასაღების ბაზრის პრობელმაზე და
იმაზე, რომ ევროკავშირის ბაზარზე უნდა შესვლა, რადგან ესძალიან დიდი ბაზარია და
ყველასთვის მიმზიდველია. ალბათ ასე უნდა დავანახოთ მათ ეს ამბავი, რომ ამისთვის
გარკვეული ხარჯი თვითოანც უნდა გაიღონ, თუდნაც იმით, რომ მინიმალური ხელფასი და
ადეკვატური სამუშაო პირობები დაამკვდირონ თავინათ საწარმოებში და კომპანიებში.“

თუმცა, ამ ყველაფერში მთავარი მაინც სახლემწიფოს ნება და პოლიტიკური კლასის


პოზიციაა, რომელიც ხშირად გარიგებულია ხოლმე ბიზნესთან ან თავად აქვს წილები
სხვადასხვა ბიზნესში. შედეგად, მათი ნაწილი დასაქმებულების ინტერესების დაცვისა და
მშრომელებზე ორიენტირების ნაცვლად სულ სხვა საკითხების ლობირებით არიან
დაკავებულები.

„თუ ძალიან აქტივისტი ისნპექტორი ვეყოლება, შესაძლებელია, რომ ამ უწყების ხელი უფრო
მეტად დაეტყოს მშრომელებს და აგრძნობინოს ის ცვლილებები, რომლებიც კანონში შევიდა,
მაგრამ ამ პირობებში ეს საკმაოდ რთულია. როცა მთელი მთავრობა და პოლიტიკური კლასი
მობილიზებულია, რომ ბიზნესისთვის სასარგებლო გარემო შექმნან, ამით რეკლამირებენ
ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენც ამას გვაჯერებენ, რომ ეკონომიკური ზრდა
პირდაპირ არის დაკავშირებული დერეგულაციასთან, ძნელად წარმოსადგენია, რომ ერთმა
თუნდაც უფლებამოსილმა სტრუქტურამ მნიშვნელოვნად შეცვალოს რამე. მანამ, სანამ
სახელწმიფოს საზედმხედველო ფუნქციის გადააზრება არ მოხდება, იქნება ეს შრომაში,
გარემოს დაცვაში, მიწასთნ დაკავშირებულ საკითხებში თუ სხვა, რთულია ერთმა უწყებამ
არსებითი გავლენა იქონიოს მშრომელთა პირობებზე.“- ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

You might also like