You are on page 1of 2

თეოგონია და კოსმოგონია

ბერძენთა რწმენით, თავდაპირველად იყო ქაოსი, უკიდეგანო სივრცე, აღსავსე


მოუწესრიგებელი ძალებით, რომლებმაც დასაბამი დაუდეს მრავალი ღვთაების წარმოქმნას .
ქაოსიდან იშვნენ გეა – დედამიწა, ტარტაროსი – მიწისქვეშეთი, ეროსი ... გეამ შვა ურანოსი –
ზეცა, რომელიც მას ეფინებოდა ყოველი მხრიდან. სწორედ მათი კავშირის შედეგად
წარმოიშვა ტიტანთა დიადი მოდგმა, რომელთაგან უპირველესი იყო ოკეანოსი –
მდინარეული ღვთაება. ურანოსი, არ ელოდა რა თავის შვილთაგან მორჩილებას და
პატივისცემას, ახალშობილებს ტარტაროსში აგდებდა. დამძიმდა გეა , მისი წიაღი აღივსო
მისგანვე შობილი შვილებით. შეწუხებულმა შეიძულა თავისი მეუღლე და მის წინააღმდეგ
შეთქმულება მოაწყო. დედის რჩევას დაჰყვა უმცროსი ტიტანი, კრონოსი , რომელიც ჯერ კიდევ
არ იყო ჩამწყვდეული ტარტაროსში. მან გეას მიერ დამზადებული ადამანტის ნამგლით მამას
გასამრავლებელი ასო მოჰკვეთა და ძლიერად მოისროლა სივრცეში. ასე დასრულდა
ურანოსის ხანა.

ღმერთებმა იწყეს გამრავლება. მრავალფეროვანი გახდა სამყარო, რომელსაც დიდხანს


განაგებდა კრონოსი თავის მეუღლე რეასთან ერთად. ამ დროს იშვნენ და გამრავლდნენ
ქვეყნად ადამიანებიც. უზრუნველი იყო მათი ცხოვრება. სამაგიეროდ, მძიმე აღმოჩნდა
კრონოსის შვილთა ხვედრი: ძალაუფლების დაკარგვის შიში არ ასვენებდა ღმერთთა ახალ
მეუფეს. ამის გამო იგი ყლაპავდა ახალშობილებს. როდესაც გაჩნდა მეექვსე შვილი , რეამ
ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ახალშობილი კი, რომელსაც ზევსი შეარქვა ,
კრეტაზე გადამალა. ამალთეას რძით გამოკვებეს იგი ნიმფებმა, მტრედებს მიჰქონდათ
მისთვის ამბროსია, არწივს – ნექტარი. ღმერთები მალე იზრდებიან და დადგა ის დროც ,
როდესაც ზევსი მამას უნდა შებრძოლებოდა. მან ეშმაკობითა და ძალით აჯობა კრონოსს.
თავდაპირველად პირიდან ამოანთხევინა გადაყლაპული შვილები . მათ მადლიერების
ნიშნად მხსნელ ძმას უბოძეს მეხი, ჭექა-ქუხილი და ელვა, რითაც მისი უზენაესობა აღიარეს.
სამყარო სამად დანაწილდა: ზევსს ზეცა ერგო, პოსეიდონს – წყლის სტიქია , ჰადესს –
მიწისქვეშა სამყარო.

ღმერთთა ახალი თაობის წინააღმდეგ აღსდგნენ ტიტანები. ეს ბრძოლა, რომელმაც ათი


წელი გასტანა, ტიტანომაქიის სახელით არის ცნობილი მითოლოგიაში . კიკლოპების და
ასხელა გოლიათების დახმარებით მოიგო ზევსმა ომი, თუმცა სიმშვიდე ჯერ კიდევ ვერ
დაამყარა სამყაროში. ახალი ბრძოლა წამოიწყეს გიგანტებმა, მაგრამ ისინიც დაამარცხეს
დიდმა ოლიმპიელებმა. ეს ომი, რომელიც „გიგანტომაქიის“ სახელით დამკვიდრდა ,
ანტიკური ხანის მრავალ ქმნილებაში აისახა, სადაც მან სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა :
ძველების აზრით, ღმერთების გამარჯვება გიგანტთა ველურ ძალაზე გონიერებისა და
კეთილგანგების აღიარებას მოასწავებდა. როდესაც ზევსმა ძალაუფლება განიმტკიცა ,
იქორწინა სიბრძნის განმასახიერებელ ღვთაება მეტისზე , რომლისგანაც შეეძინა ათენა .
ზევსის მეორე მეუღლე იყო მართალგანგების ქალღმერთი თემისი, რომლისგანაც იშვნენ
ჰორები, სამყაროს რომ აწესრიგებდნენ და მოირები – ბედისწერის გამგე ძალები . სხვა
ცოლებიც ჰყავდა უზენაეს ღვთაებას (ევრინომე, მნემოსინე, მაია, დემეტრე ლეტო), თუმცა მის
გვერდით საუკუნო ადგილი მხოლოდ მშვენიერმა ჰერამ დაიმკვიდრა .

You might also like