You are on page 1of 17

თავი 1.

გლობალიზაცია და საერთაშორისო მენეჯმენტი


თავის შინაარსი:
 საერთაშორისო მენეჯმენტის მნიშვნელობა;
 გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია;
 გლობალური და რეგიონული ინტეგრაცია;
 გლობალური ეკონომიკური სისტემები;
 ძირითადი რეგიონების ეკონომიკური საკითხები და შედეგები.

1.1. საერთაშორისო მენეჯმენტის მნიშვნელობა


გლობალიზაციამ საერთაშორისო მენეჯმენტზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც საერთაშორისო
ბაზრებზე მოქმედებენ და შემოსავლების მეტ ნაწილს საზღვარგარეთული ბაზრებიდან იღებენ.
ბოლო პერიოდში, ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Avon Products, Chevron, Citicorp, Coca-Cola და
Xerox, უფრო მეტ წლიურ შემოსავალს იღებენ საერთაშორისო ასპარეზიდან, ვიდრე აშშ-ში.
მეტიც, ეკონომიკური სისტემები ისეთი განვითარებადი ქვეყნებისა, როგორიცაა: ინდოეთი,
ბრაზილია, ჩინეთი, მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს ჩრდილოეთ ამერიკულ, ევროპულ და
იაპონურ კოლეგებს. კომპანიები, როგორიცაა: Cemex, Embraer, Haier, Lenovo, LG Electronics, Ping An,
Rambaxy, Telefonica, Santander, Reliance, Samsung, Grupo Televisa, Tata და Infosys, ცნობილი
გლობალური ბრენდები გახდნენ.
თანამედროვე ეტაპზე, საერთაშორისო ბაზრისთვის დამახასიათებელია კომპანიების მზარდი
რაოდენობა, რომელთა საშუალებით ყველა ქვეყანა ყიდულობს და/ან ყიდის საქონელს. ამ
კომპანიების უმეტესობა მულტინაციონალური კორპორაციებია (MNCs).
მულტინაციონალური კომპანია არის ფირმა, რომელიც აწარმოებს ოპერაციებს ერთზე მეტ
ქვეყანაში, აქვს საერთაშორისო გაყიდვები და მისი მენეჯერები და მფლობელები სხვადასხვა
ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.
მულტინაციონალური კორპორაციების მართვა საერთაშორისო მენეჯმეტთანაა
დაკავშირებული. საერთაშორისო მენეჯმენტი განსხვავდება მართვის სხვა ფორმებისგან იმით, რომ
კორპორაციების წარმატების მისაღწევად გლობალური საკითხებისა და სპეციფიკური
კულტურების ცოდნა აუცილებელი პირობაა.

1
რ. ჰოთგეთსის მიხედვით საერთაშორისო მენეჯმენტი წარმოადგენს მენეჯმენტის
კონცეფციებისა და ტექნიკის გამოყენებას მრავალეროვნულ (გლობალურ) გარემოში.
მარკ მედენჰილი კი საერთაშორისო მენეჯმენტს განმარტავს, როგორც მმართველობით
საქმიანობას ეროვნული საზღვრების გარეთ.
საერთაშორისო მენეჯმენტი არის მულტინაციონალურ გარემოში მართვის კონცეფციებისა
და მიდგომების გამოყენებისა და განსხვავებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ
კონტექსტზე მორგების პროცესი.

1.2. გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია


თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოასდინა მსოფლიოს
ბევრ ქვეყანაზე.
გლობალიზაცია შეიძლება განისაზღვროს, მსოფლიოს ქვეყანათა შორის სოციალური,
პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ტექნოლოგიური ინტეგრაციის პროცესი.
ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს პროცესს, როდესაც ბიზნესი კვეთს ეროვნულ და
კულტურულ საზღვრებს, მაშინ როცა გლობალიზაცია, ეს არის ხედვა შეიქმნას მსოფლიოს ერთობა,
ერთბაზრიანი ორგანიზმი.
გლობალიზაციის ნიშნებია: ვაჭრობის ზრდა, კაპიტალის მოძრაობა და მიგრაცია. ტომას
ფრიდმანმა თავის წიგნში „მსოფლიო ბრტყელია“, იდენტიფიცირება მოახდინა იმ 10 ფაქტორისა,
რამაც გლობალიზაციის პროცესი დააჩქარა. მათ შორისაა ოფშორინგი და აუთსორსინგი,
რომლებმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მზარდი გლობალური კავშირების ეფექტი.
ოფშორინგი არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც კომპანიები გარკვეულ ქმედებებს
ოფშორულ ადგილებზე ახორციელებენ, ნაცვლად მშობლიური ქვეყნისა.
აუთსორსინგი არის იმ საქმიანობის ნაწილობრივი ან სრული გადაცემა გარეშე
ორგანიზაციებისთვის, რომელსაც ადრე თავად ფირმა ახორციელებდა.
გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, დადებითი კუთხით, მსოფლიოს ბევრი
რეგიონისთვის მოაქვს სიმდიდრე, სამუშაო ადგილები და ტექნოლოგიები. განვითარებადი
ქვეყნებში მულტინაციონალური კომპანიების გამოჩენა გლობალიზაციის სიკეთეებში მსოფლიოს
ყველა რეგიონის მზარდ ჩართულობას ასახავს. თუმცა გლობალური ინტეგრაციის ტემპის ზრდის
პარალელურად, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და წინააღმდეგობა მატულობს. ამის
ნიშნებია: საპროტესტო აქციები, რომელიც თან ახლავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO),

2
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და სხვა გლობალური გაერთიანებების მიერ გამართულ
შეხვედრებს; ასევე განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნები, როცა ისინი მოითხოვენ გლობალურ
სავაჭრო სისტემაში უფრო მეტად იქნას გათვალისწინებული მათი ეკონომიკური და სოციალური
საჭიროებები და ა.შ.
გლობალიზაციის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ მას ყველასთვის სარგებელი მოაქვს. კერძოდ
ეს არის: დაბალი ფასები, პროდუქტის გაცილებით მაღალი ხელმისაწვდომობა, თანამედროვე
ტექნოლოგიების წვდომა და უკეთესი სამუშაოები. თეორიულად, ფორმირებულ ბაზრებზე,
ამასთან მომხრეებს მიაჩნიათ, რომ განვითარებად სახელმწიფოებში მოქალაქეები სარგებელს
ნახავენ ამ ქვეყნებში კაპიტალის შედინებით, რაც ზრდასა და განვითარების სტიმულირებას
მოახდენს. კრიტიკოსები ამას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ სამუშაოთა დიდი რაოდენობის
საზღვარგარეთ, დაბალანაზღაურებად ქვეყნებში გადატანით მთავარი გამარჯვებულები კომპანიის
აღმასრულებლები არიან. მეტიც, ისინი განმარტავენ, რომ როდესაც წარმოება ქვეყნებში იმ
მიზეზით გადადის, რომ უფრო დაბალი შრომითი ხარჯებისა და ნაკლებად რეგულირებული
გარემოს უპირატესობა იქნას გამოყენებული, იქმნება „შეჯიბრი ფსკერისაკენ“, როდესაც კომპანიები
და ქვეყნები ზეწოლას ახდენენ ხელფასებსა და სამუშაო გარემოზე.
ანტიგლობალისტების შეხედულებით, რადგან კორპორაციებს თავისუფლად შეუძლიათ
მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას განთავსება, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები გაამარტივებენ
ან გააუქმებენ გარემოს სტანდარტებსა და სოციალურ სერვისებს, რათა მოიზიდონ განვითარებული
მსოფლიოს ინვესტიციები, სამუშაოები და სიმდიდრე. გლობალიზაციის მხარდამჭერები კი
ამბობენ, რომ მსოფლიოს განვითარებად ნაწილშიც კი გარემოს დაცვა და სოციალური
მდგომარეობა არის პროტექციონისტული პოლიტიკის და არა ვაჭრობის, ინვესტიციების
ლიბერალიზაციის შედეგი. მათ სჯერათ, რომ გლობალიზაცია აიძულებს ჩინეთისა და რუსეთის
მსგავს იმ ქვეყნებს, რომლებიც უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს, ინტეგრირებულ გლობალურ
საზოგადოებაში ჩაერთონ და გარემოს დასაცავად შესაბამისი ზომების გატარების
პასუხისმგებლობა აიღონ.
ეს დაპირისპირებული შეხედულებები, სავარაუდოდ მალე არ გადაილახება. ამის ნაცვლად,
სავარაუდოა, რომ ინტენსიური დებატები გაგრძელდეს ქვეყნებს, მულტინაციონალურ
კორპორაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რაც გავლენას მოახდენს იმ კონტექსტზე,
რომელშიც ფირმები საერთაშორისო ბიზნესს აწარმოებენ. ბიზნესფირმები, რომლებიც მსოფლიოში
ოპერირებენ სენსიტიურები უნდა იყვნენ განსხვავებული პერსპექტივების მიმართ

3
გლობალიზაციის სარგებელთან და ხარჯებთან დაკავშირებით; ისინი უნდა მოერგონ და
ადაპტირება გაუწიონ თავიანთ სტრატეგიებსა და მიდგომებს ამ განსხვავებებისადმი.

2.3. გლობალური და რეგიონული ინტეგრაცია


გლობალიზაციის ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ქვეყნებს შორის მზარდი
ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებისა
და განხორციელების შედეგია. გასული ექვსზე მეტი დეკადის მანძილზე, გლობალური სავაჭრო
მოლაპარაკებების წარმატებული რაუნდების შედეგად, დრამატულად შემცირდა სატარიფო და
არასატარიფო ბარიერები ქვეყნებს შორის, რომელმაც მწვერვალს მიაღწია 1993 წელს, ტარიფებისა
და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების (GATT) ფარგლებში, მრავალმხრივი სავაჭრო
მოლაპარაკებების გარშემო, ურუგვაის რაუნდი დასრულდა და შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაცია (WTO), რომლის მიზანიცაა მსოფლიოში ვაჭრობის წესების ზედამხედველობა.
WTO ქვეყანათა გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს
საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების წესებსა და რეგულაციებს, სოფლის მეურნეობის,
ინტელექტუალური საკუთრების, მომსახურების სფეროს, კონკურენციისა და სუბსიდიების
ჩათვლით. მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში ნელი პროგრესის გამო, აშშ-მა და ბევრმა სხვა
ქვეყანამ ორმხრივი და რეგიონულ სავაჭრო შეთანხმებებსკენ დაიწყო სწრაფვა. აშშ, კანადა და
მექსიკა ქმნის ჩრდოლოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას (NAFTA), რომელმაც
არსებითად მოხსნა ვაჭრობის ბარიერები ამ ქვეყანათა შორის და შექმნა უზარმაზარი ჩრდილოეთ
ამერიკული ბაზარი. შეთანხმების შედეგად, გარკვეული ეკონომიკური პროცესები წარიმართა,
რომელთა მიზანიც იყო რეგიონში ვაჭრობის ხელშეწყობა. მნიშვენლოვან მოვლენათაგან
გამოირჩევა (1) ტარიფების, იმპორტისა და ექსპორტის ქვოტების გაუქმება; (2) დანარჩენი ორი
ქვეყნის კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვის ბაზრების გახსნა; (3) მოცემულ ქვეყანათა შორის
ინვესტირების გაზრდილი შესაძლებლობები; (4) ქვეყანათა შორის გაიოლებული მიმოსვლა და (5)
შეზღუდვების მოხსნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ავტო ნაწილებსა და ენერგეტიკულ
საქონელზე. ამ პროცესის ნაწილი ეტაპობრივად განხორციელდა. ამასთანავე, დასავლეთ
ჰემისფეროს 34-მა დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ იმუშავა შეთანხმებაზე, რომელსაც
უნდა შეექმნა მსოფლიოს ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო რეგიონი 2005 წლის იანვრისთვის,
ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTAA) ფარგლებში.

4
ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTAA) - დასავლეთის ჰემისფეროს 34
დემოკრატიულად მართული ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინადადებაა.
და მაინც, ეს მოლაპარაკებები WTO-ს სხვა მოლაპარაკებების მსგავსად, ჩიხში შევიდა იმ
განსხვავებებიდან გამომდინარე, რაც განვითარებადი სამყაროს ქვეყნებსა (როგორიცაა ბრაზილია)
და განვითარებულ ქვეყნებს (მაგალითად აშშ) შორის არსებობს. შეთანხმებები, როგორიცაა NAFTA
და CAFTA, არამარტო ამცირებს სავაჭრო ბარიერებს, არამედ მოითხოვს დამატებით შიდა
საკანონმდებლო და ბიზნეს რეფორმების გატარებას განვითარებად ქვეყნებში, რათა დაცული იქნას
საკუთრების უფლებები. ამ შეთანხმებათა უმეტესი ნაწილი ამჟამად მუშახელთან და გარემოსთან
დაკავშირებულ დამატებით ვალდებულებებს მოიცავს, რათა მოხდეს ქვეყანათა წახალისება,
მოდერნიზება მოახდინონ სამუშაო პირობებისა და გარემოს დაცვის. ამის მიუხედავად, ზოგიერთ
კრიტიკოსს მიაჩნია, რომ შეთანხმებები საკმარისად შორს არ მიდის, რათა უზრუნველყოს
მშრომელთა უფლებები და გარემოსდაცვითი სტანდარტები. ნაწილობრივ WTO-სა და FTAA-თან
შეფერხებული პროგრესის გამო, აშშ-მა ყურადღება მიმართა სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი
სავაჭრო შეთანხმებებისკენ, მათ შორისაა ავსტრალია, ბაჰრეინი, ჩილე, კოლუმბია, ისრაელი,
იორდანია, მალაიზია, მაროკო, ომანი, პანამა, პერუ და სინგაპური.
ევროკავშირმა (EU) შესამჩნევი პროგრესი განიცადა გასული დეკადის მანძილზე
გაერთიანებულ ბაზრად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. 2003 წელს ის შედგებოდა 15 ქვეყნისგან:
ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები,
ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი. 2004 წლის მაისში,
დამატებით 10 ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირს: კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი,
უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. 2007 წლის პირველ
იანვარს, ევროკავშირს რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთა და ამჟამინდელი წევრი ქვეყნების
რაოდენობა 27 გახდა. წევრებს შორის სავაჭრო ბარიერების გაუქმების გარდა, ევროპის ქვეყნების
დიდმა ნაწილმა შემოიღო ერთიანი ვალუტა, სახელად ევრო. შედეგად, მომხმარებლებს ახლა უკვე
შესაძლებლობა აქვთ თითქმის ყველა ქვეყნის ფასები ერთმანეთს შეადარონ; ბიზნესს ფირმებს კი
შეუძლიათ ბიზნესის წარმოების ხარჯები შეამცირონ ერთი საერთო ვალუტის გამოყენებით.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი დამატებითი ქვეყნების გათვალისწინებით,
შედეგად მიღწეული ევროპული ბაზარი იმდაგვარი იქნება, რომლის უგულვებელყოფის უფლებას
ვერცერთი მულტინაციონალური კორპორაცია ვერ მისცემს თავს.

5
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას 1990-იანი წლების დასაწყისიდან ეკონომიკური
პრობლემები ჰქონდა, ის კვლავ წარმოადგენს წამყვან ეკონომიკური ძალას წყნარი ოკეანის
რეგიონში. იაპონურ მულტინაციონალურ კორპორაციებს სურთ გამოიყენონ უზარმაზარი, სუსტად
განვითარებული აზიური ბაზრების უპირატესობა. ამავდროულად, ჩინეთიც წარმოადგენს წამყვან
ეკონომიკურ ძალას. ასევე არსებობს გათვლები, რომ ეს უკანასკნელი აჯობებს აშშ-ს, როგორც
მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკას 2035 წლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აზიის ყველა
ეკონომიკა ამჟამადაც გრძნობს პოსტ 9/11 -ის პერიოდისა და 90- იანი წლების ბოლოს აზიის
ეკონომიკური კრიზისის შედეგად ეკონომიკური გაურკვევლობის ზეგავლენას. ჰონგ კონგი,
ტაივანი, სამხრეთ კორეა და სინგაპური შედარებით კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან; სამხრეთ-
აღმოსავლეთის ქვეყნები: მალაიზია, ტაილანდია, ინდონეზია და ვიეტნამიც კი ცდილობენ
დაბრუნდნენ, როგორც ძირითადი ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემები.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN), რომელიც შედგება შემდეგი
ქვეყნებისგან: ინდონეზია, მალაიზია, ფილიპინებიმ სინგაპური, ბრუნეი, ტაილანდი და ბოლო
დროს, კამბოჯა, მიანმარი და ვიეტნამი - აღრმავებს სავაჭრო და ეკონომიკურ ინტეგრაციას და ახლა
უკვე - როგორც შედარებით დაბალხარჯიანი წარმოების და ექსპორტის რეგიონი - ჩინეთისთვის
გამოწვევას წარმოადგენს.
ეს ამომავალი ინტერნაციონალიზმის სპეციფიკური, გეოგრაფიული მაგალითებია. თუმცა,
გლობალიზაციის ამ კლიმატისთვის ასეთივე მნიშვნელობისაა უფრო ფართო ტენდენციები,
რომელსაც ასახავს გლობალურ ეკონომიკური ძალისა და გავლენის სფეროში განვითარებადი
ქვეყნების, როგორც ძირითადი მოთამაშეების, გამოჩენა.
დამწყები ბაზრების ეკონომიკური ინტეგრაცია და მათი რაოდენობის სწრაფი ზრდა
ცვალებად საერთაშორისო ეკონომიკურ კლიმატს ქმნის. კონკრეტულად, მსოფლიოს
განვითარებადი და ამომავალი ქვეყნები, მოსალოდნელია, რომ მოახდენენ მზარდი დომინანტური
როლის შეძენას გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში. ხშირად ციტირებულ მოხსენებაში, გოლდმან
ზაქსი ამტკიცებდა, რომ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის (“BRIC” ეკონომიკური
სისტემების) ეკონომიკური შესაძლებლობა იმდაგვარია, რომ ისინი გახდებიან ოთხი ყველაზე
დომინანტური ეკონომიკის წარმომადგენლები 2050 წლისთვის; ჩინეთი კი აშშ-ს წარმოების
კუთხით 2035 წელს აჯობებს. გოლდმან ზაქსის გლობალური ეკონომიკის ჯგუფმა გამოუშვა 2004
წლის BRIC სწავლების შემაჯამებელი მოხსენება, უფრო შორსმიმავალი ანალიზით, რომელიც
კონცენტრირდებოდა იმ ზეგავლენაზე, რასაც ამ ოთხი ეკონომიკის ზრდა იქონიებს გლობალურ

6
ბაზრებზე. ამ მოხსენების ფარგლებში გამოთვალეს, რომ მსოფლიოს ზრდის BRIC ეკონომიკების
წილი შესაძლოა 2003 წლის 20%-დან 40%-მდე გაზრდილიყო 2025 წლისათვის.
აგრეთვე, მათი საერთო წონა მსოფლიო ეკონომიკაში გაიზრდება დაახლოებით 2004 წლის
10%-დან 20-ზე მეტ პროცენტამდე 2025 წელს. მეტიც, 2005-2015 წლებში ამ ქვეყნებში 800
მილიონზე მეტი ადამიანის წლიური შემოსავალი გადაკვეთს 3,000 $ - ის ზღვარს. 2025 წლისათვის,
გაანგარიშებულია, რომ ამ ქვეყნებში, დაახლოებით, 200 მილიონ ადამიანს ექნება $15,000-ზე მეტი
წლიური შემოსავალი. გამომდინარე აქედან, მოთხოვნაში უზარმაზარი მატემა არ შეიზღუდება
მხოლოდ ძირითადი საქონლით, არამედ გავლენას მოახდენს ძვირადღირებულ ბრენდირებულ
პროდუქციაზეც. ეკონომიკური დაზვერვის დანაყოფმა ჩაატარა მსგავსი ანალიზი, რომლის
შედეგებით აშშ დარჩება ყველაზე დიდ გლობალურ ეკონომიკურ ძალად 2020 წლისათვის, ჩინეთი
კი მეორე ადგილზე მყოფ იაპონიას გაუსწრებს, ხოლო, ინდოეთი - მეშვიდეზე გადაინაცვლებს. იმ
მეთოდით, რომლის მიხედვითაც მთლიანი შიდა პროდუქტი გამოიყენება ქვეყანაში
განსხვავებული ფასების ასახსნელად, ანუ მსყიდველობითი ძალის პარიტეტის (PPP) საფუძველზე
მონაცემების განხილვის შედეგად, გაცილებით დრამატული სურათი წარმოჩინდება. ამ მეთოდის
მიხედვით, ჩინეთი გადაასწრებს აშშ-ს, როგორ ყველაზე დიდ ეკონომიკურ ძალას, 2020 წლისთვის,
ინდოეთი კი ნომერ მესამე ძალა იქნება. ორივე, გოლდმან ზაქსისა და EIU - ის სცენარით,
მომდევნო დეკადაში გლობალურ ეკონომიკურ ზრდას დიდწილად განაპირობებს აზია. ამასთანავე,
ჩინეთი და ინდოეთი დარჩებიან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნებად
მსოფლიოში 2015 წელს, თუმცა თავად ინდოეთი, ამ კუთხით, ჩინეთს გადაუსწრებს.
აფრიკის ქვეყანათა უმეტესობას, ამ დრომდე, სრული სარგებელი არ უნახავს
გლობალიზაციისგან. ამის მიუხედავად, ბოლოდროინდელმა ფასთა მატებამ ისეთ საქონელზე,
როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მინერალური და
წიაღისეული პროდუქტები, ხელი შეუწყო აფრიკის კონტინენტზე შემოსავლებისა და
კეთილდღეობის ზრდას. მეტიც, ბევრ აფრიკულ ქვეყანაში მოსახლეობის სწრაფი ზრდა, რომელიც
მსგავსია ინდოეთსა და ჩინეთში ადრეულ პერიოდებში მატებისა, შეიძლება ნიშნავდეს, რომ
აფრიკულ ქვეყნებს შეუძლიათ დინამიური ამომავალი ბაზრების მომდევნო ტალღის აგორება.

2.3. გლობალური ეკონომიკური სისტემები


გლობალური ეკონომიკური სისტემების ევულუციის შედეგად სამი ძირითადი სისტემა
ჩამოყალიბდა: საბაზრო, გეგმიური და შერეული ეკონომიკა. გლობალური ექსპანსიის პერიოდში,

7
შესაძლებლობების ამოცნობა ასევე მოიცავს ამ სისტემებს შორის განსხვავებების გაგებას, რადგან
ისინი ისეთ საკითხებზე ახდენენ გავლენას, როგორიცაა: სამომხმარებლო არჩევანი და
მენეჯერული ქცევა.
საბაზრო ეკონომიკა. იგი არსებობს მაშინ, როდესაც კერძო საწარმოს უნარჩუნდება
საკუთრების ფლობისა და მომსახურების და საქონლის წარმოებასა და დისტრუბუციაზე
მონიტორინგის უფლება, სახელმწიფო კი უბრალოდ უზრუნველყოფს კონკურენციასა და
ეფექტური ექსპლუატაციის წესებს. მენეჯმენტი განსაკუთრებით ეფექტურია ამ დროს, რადგანაც
კერძო საკუთრება იძლევა ლოკალური შეფასებასა და აღქმის საშუალებას, განსხვავებით
ზოგადეროვნული არქეტიპისგან. ეს მოდელი მოიცავს უმცირეს შეზღუდვებს, ხდება რა
რესურსების განაწილების ზუსტი განსაზღვრა მოთხოვნილების კანონის მიხედვით. ასეთი
საზოგადოების წევრები ამჟღავნებენ მოთხოვნილებებს, საჭიროებებსა და სურვილებს, რაზეც
ბიზნესს შეუძლია სათანადო რეაგირება მოახდინოს. მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ზოგადი
ბალანსის მეშვეობით, ნარჩუნდება ფასები მაშინ, როდესაც დისბალანსი ქმნის ფასთა მერყეობას.
სხვა სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ საქონელზე ან მომსახურებაზე მოთხოვნა გადააჭარბებს
მიწოდებას, გარდაუვალი იქნება ფასის მომატება მაშინ, როდესაც სამომხმარებლო მოთხოვნასთან
შედარებით ჭარბი მიწოდება შედეგად ფასის ვარდნას გამოიწვევს.
გეგმიური ეკონომიკა. იგი მონოპოლიას გავს იმ კუთხით, რომ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში
მთავრობას, აქვს პირდაპირი კონტროლი საქონლისა და მომსახურების ფასებსა და მიწოდებაზე.
კონკრეტული შეთავაზებული საქონელი და მომსახურება არა აუცილებლად მომხმარებლის მიერ
გაცხადებულ საჭიროებებზეა მორგებული, არამედ განისაზღვრება საზოგადოების მდგომარეობის
გაუმჯობესების თეორიისშესაბამისად. ამ მოდელში ბიზნესს ფლობს სახელმწიფო, რათა
უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო და სხვა ბიზნეს პრაქტიკები ტარდებოდეს ქვეყნის
ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად, ხშირად, საწინააღდეგო შედეგისა. ამ მოდელში,
მენეჯმენტი იგნორირებას უკეთებს დემოგრაფიულ ინფორმაციას. სამთავრობო სუბსიდიები
ფირმებს საჭირო უსაფრთხოებით უზრუნველყოფს, რათა მათ არ დატოვონ ბიზნესი; ეს კი
მხოლოდ ხელს უწყობს ეფექტურობის ნაკლებობასა და ხარჯების მონიტორინგის სურვილის
არარსებობას. კერძო საკუთრების არ არსებობის პირობებში, გეგმიური ეკონომიკა ქმნის ისეთ
გარემოს, სადაც თითქმის არ არსებობს მოტივაცია, რომ გაუმჯობესდეს სამომხმარებლო
მომსახურება ან შემოღებული იქნას ინოვაციური იდეები.

8
შერეული ეკონომიკა. იგი საბაზრო და გეგმიური ეკონომიკის კომბინაციაა. მაშინ, როცა ამ
სისტემის ზოგიერთი სექტორი კერძო მესაკუთრეობას და მოთხოვნილების კანონის
თავისუფლებასა და მოქნილობას ასახავს, სხვა სექტორები სახელმწიფო დაგეგმარებას
ექვემდებარება. ბალანსი კონკურენციის არსებობის საშუალებას იძლევა; ამავდროულად,
მთავრობას უფლება აქვს დახმარება გაუწიოს ინდივიდებსა და კომპანიებს. ისეთი საკითხების
რეგულაციამ, როგორიცაა მინიმალური სახელფასო სტანდარტი, სოციალური უსაფრთხოება,
გარემოს დაცვა და სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება, შეიძლება აამაღლოს ცხოვრების
სტანდარტი და უზრუნველყოს მათი მოვლა-პატრონობა, ვინც მოხუცია, ავად არის ან შეზღუდული
უნარები გააჩნია. ის ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობისად
აღიქმება, შეძლება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს, რათა მოხდეს ხარჯთა სუბსიდირება და
ფირმებს წარმატებული მოღვაწეობის საშუალება მიეცეთ.

2.4. ეკონომიკური მაჩვენებლები და წამყვანი რეგიონების პრობლემები


განვითარების, მაჩვენებლების და ზრდის მიხედვით უპირატესობის თვალსაზრისით,
მსოფლიოს ეკონომიკური სისტემები შესაძლოა შეფასდეს, როგორც: შემდგარი, ამომავალი და
განვითარებადი.
2.4.1. შემდგარი ეკონომიკური სისტემები
ჩრდილოეთ ამერიკა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩრდილოეთ ამერიკა შეადგენს
მსოფლიოში ყველაზე დიდ სავაჭრო ოთხ ბლოკს შორის ერთ-ერთს. აშშ-ს, კანადისა და მექსიკის
მსყიდველობითუნარიანობის ერთიანი ძალა 12 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. მიუხედავად
იმისა, რომ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდება გლობალურად და
რეგიონული თვალსაზრით, ეფექტური საერთაშორისო მენეჯმენტი, ამ ეტაპზე, კვლავ მოითხოვს
ცალკეული ქვეყნების ცოდნას. ამ რეგიონის თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკა
საშუალებას იძლევა, არსებობდეს საგრძნობი თავისუფლება გადაწყვეტილების მიღების
პროცესებში, კერძო ფირმების დონეზე. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს უფრო მეტ
მოქნილობასა და ნაკლებ ბარიერებს სხვა ქვეყნებისთვის, დააფუძნონ ბიზნესები. მიუხედავად
ისეთი ფაქტორებისა, როგორიცაა ერაყის ომი 2003 წლის დასაწყისში, ქარიშხალი კატრინა 2005
წელს და ნავთობის მაღალი ფასები 2005 და 2006 წლებში, აშშ-ის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს.
აშშ-ის მულტინაციონალური კორპორაციები ფლობენ ჰოლდინგებს მთელ მსოფლიოში, ხოლო
უცხოურ ფირმებს, როგორც ინვესტორებს, აშშ-ის ბაზარ კეთილგანწყობილი ხვდები. აშშ-ის

9
ფირმები ინარჩუნებენ განსაკუთრებულად დომინანტურ გლობალურ პოზიციებს ტექნოლოგიური
თვალსაზრისით დატვირთულ ინდუსტრიებში, მათ შორისაა კომპიუტერული სფერო
(მოწყობილობა და მომსახურება), ტელეკომუნიკაციები, მედია და ბიოტექნოლოგია.
ამავდროულად, უცხოურ მულტინაციონალურ კორპორაციებს აშშ გაფართოებისთვის შემოსავლიან
ბაზრად მიაჩნიათ. ბევრი უცხოური ავტომწარმოებელს, როგორიცაა BMW, Honda, Hyundai, Nissan,
and Toyota, აშშ-ში მსხვილი წარმოება აქვს. „შიდა“ ავტოწარმოების თითქმის კოლაფსის
გათვალისწინებით, ჩრდილოეთ ამერიკული ავტოწარმოება გაიზრდება ამ უცხოური
„ტრანსპლანტების“ წყალობით.
კანადა აშშ-ის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ეს პოზიცია კი უკვე მრავალი წელია
რაც უკავია. აშშ ასევე მნიშვნელოვანი უცხოური პირდაპირი ინვესტორია კანადაში და უფრო მეტი
ინვესტიცია აქვს ჩადებული, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას, გარდა გაერთიანებული სამეფოსი. ეს
გვეხმარება ავხსნათ, რატომ არიან კანადის ყველაზე დიდი უცხოეთის მფლობელობაში მყოფი
კომპანიები თითქმის სრულად ან უმეტესად აშშ-ის მფლობელობაში. კანადის საკანონმდებლო და
ბიზნეს გარემო აშშ-ის მსგავსია და ეს მსგავსება ხელს უწყობს ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას.
გეოგრაფია, ენა და კულტურა ასევე ეხმარება პროცესს; ხელშემწყობი იქნება NAFTA-ც, რომელიც
კანადურ ფირმებს დაეხმარება, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები მსოფლიოს მასშტაბით. მათ
უნდა შეძლონ ამერიკელ და მექსიკელ კონკურენტებთან დაპირისპირება იმ პირობებში, როდესაც
უქმდება ბარიერები, რამაც შედეგად უნდა გამოიღოს ის, რომ კანადური ფირმები შეძლებენ უფრო
ეფექტურად და თამამად იმოქმედონ ბაზარზე და ან წარმატებული კონკურენცია გასწიონ, ან
ბიზნესიდან წავიდნენ. ბოლო წლებში, კანადურმა ფირმებმა დაიწყეს ინტენსიური ინვესტირება
აშშ-ში და ამავდროულად საერთაშორისო ინვესტიციებიც მიიღეს აშშ-სა და სხვა ქვეყნებიდან.
კანადური ფირმები, აგრეთვე, აწარმოებენ ბიზნესს ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორისაა მექსიკა, დიდი
ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, სადაც ისინი ნახულობენ მზა ბაზრებს კანადის მრავალი ბუნებრივი
რესურსისთვის, როგორიცაა ხე-ტყის პროდუქტები, ბუნებრივი აირი, ნავთობი და
აგროპროდუქტები.
NAFTA -ს წყალობით, მექსიკურ ბიზნესებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ აშშ-ის ბაზრების
უპირატესობა და საქონელი აწარმოონ იმ ბაზრებისთვის, რომელიც აშშ-მა აზიისგან შეიძინა.
მექსიკურ ფირმებს ახლა უკვე შეუძლიათ გამოუშვან პროდუქცია მაღალკონკურენტულ ფასად,
შედარებით დაბალანაზღაურებადი შრომისა და ამერიკულ ბაზართან ახლოს ყოფნის წყალობით.
ადგილმდებარეობამ ასევე ხელი შეუწყო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასა და სწრაფ

10
მიწოდებას. ეს პროცესი მაკილადორას (maquiladora) სისტემის ფარგლებში წარიმართა, რომლის
მეშვეობითაც ქარხნის მასალა და აღჭურვილობა შეიძლება იმპორტირებულ იქნას საბაჟო და
სატარიფო გადასახადების გარეშე მომარაგების ან წარმოებისთვის და რეექსპორტირებულ იქნას
მექსიკის, ძირითადად, საზღვრისპირა ქალაქებში.
მექსიკური ფირმებს, იყენებენ რა ამ ახალი შეთანხმების უპირატესობას, რომელიც მთავრობამ
ევროკავშირთან მიაღწია, ახლა უკვე შეუძლიათ საქონლის ევროპაში ტარიფის გადახდის გარეშე
გატანა. ქვეყნის ვაჭრობა ევროკავშირსა და აზიასთან იზრდება, რაც მნიშვნელოვანია
მექსიკისათვის, ვინაიდან მას სურს აშშ-ის ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულობა შეამციროს.
ევროკავშირი ევროკავშირის მთავარი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის ყოველგვარი სავაჭრო
ბარიერის გაუმქებაა (როგორც აშშ-ის შტატებს შორისაა). ამ ეკონომიკურ ერთობას, საბოლოოდ,
ერთიანი საბაჟო, სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკა ექნება კავშირის გარეთ მყოფ ქვეყნებთან.
კიდევ ერთი მიზანი, რომელიც უმეტესად უკვე რეალობად იქცა, არის ერთიანი ვალუტა და
რეგიონული ცენტრალური ბანკი.
1970-1980-იან წლებში, იაპონიის ეკონომიკის წარმატება უპრეცედენტო იყო. ქვეყანას ჰქონდა
უზარმაზარი პოზიტიური სავაჭრო ბალანსი, იენა ძლიერი იყო და იაპონელები აღიარეს, როგორც
მსოფლიოს ლიდერები სამოხმარებლო საქონლის წარმოებაში. იაპონური ეკონომიკის ადრეული
წარმატება გარკვეულწილად შეიძლება საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის
სამინისტროს(MITI) დამსახურებად ჩავთვალოთ. ეს სამთავრობო ორგანოა, რომელიც ახდენს
ეროვნული სავაჭრო მიწრაფების იდენტიფიცირებას და მიმართავს ქვეყნის რესურსების
დისტრიბუციას ამ მიზნების შესაბამისად. ბოლო წლებში, სამინისტრომ ძირითადი ყურადღება
მიმართა ე.წ. ABCD მრეწველობებზე: ავტოწარმოება, ბიოტექნოლოგია, კომპიუტერული სფერო, და
მონაცემთა დამუშავება.
იაპონური წარმატების კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი შესაძლოა კაირეცუს გამოყენება იყოს,
რომელიც აღნიშნავს მსხვილ, ვეტიკალურად ინტეგრირებულ კორპორაციებს, რომელთა
ჰოლდინგები ახორციელებენ საჭირო დახმარებას საბოლოო მომხმარებლის საქონლითა და
მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით. ამ დროს ვერტიკალურად ინტეგრირებული
კომპანიების დიდი ჯგუფი ერთადაა შეკრული ჯვარედინი მფლობელობის, გაერთიანებული
მმართველობის გზით, ხოლო სოციალური კავშირები საბოლოო მომხმარებელის საქონლითა და
მომსახურებით უზრუნველყოფას ახდენს.

11
2.4.2. ამომავალი ეკონომიკური სისტემები
ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის სრულად განვითარებული ქვეყნების
საპირისპიროდ, მსოფლიოში არსებობს ნაკლებად განვითარებული ქვეყნები (LDCs). LDC
ჩვეულებრივ ხასიათდება ორი ან მეტი შემდეგი მახასიათებლით: დაბალი მთლიანი შიდა
პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე ნელი (ან ნეგატიური) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა,
უმუშევრობის მაღალი დონე, დიდი საერთაშორისო ვალი, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და
სამუშაო ძალა, რომელიც სრულად ან ნახევრად არაკვალიფიციურია. ამასთანავე, ზოგ შემთხვევაში,
მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, საგრძნობი სამთავრობო ინტერვენცია ხდება ეკონომიკურ
საქმეებში. ამომავალი ბაზრები ის განვითარებადი ეკონომიკური სისტემებია, რომელთაც
ახასიათებთ მდგრადი ეკონომიკური რეფორმა და ზრდა.
აზიის სხვა ამომავალი ბაზრები. იაპონიასა და ჩინეთთან ერთად, რეგიონში სხვა
მნიშვნელოვანი ეკონომიკური სისტემებიც გვხვდება, მათ შორისაა: სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი,
სინგაპური და ტაივანი. ერთად, ASEAN-ის ბლოკის ქვეყნები ასევე აჩქარებენ რეგიონში ზრდასა და
განვითარებას. სამხრეთ კორეაში, წამყვანი კონგლომერატები, სახელად ჩებოლსი (chaebols) მოიცავს
ისეთ საერთაშორისო ცნობილ ფირმებს, როგორიცაა Samsung, Daewoo, Hyundai, და the LG Group. ამ
უზარმაზარი ფირმების ბევრ წამყვან მენეჯერს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული, სადაც
აკადემიურ პროგრამასთან ერთად, ისინი იცნობენ დასავლურ კულტურას, ტრადიციებსა და ენას.
ახლა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია კონკურენტული საერთაშორისო სტრატეგიების
ჩამოსაყალიბებლად.
ესაზღვრება რა სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩინეთს, ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
ნაწილი, ჰონგ კონგი აზიაში ყველაზე წარმატებული მულტინაციონალური ოპერაციების სათაო
ოფისად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია საგრძნობლად დაეყრდნოს სამხრეთ-
აღმოსავლეთ ჩინეთს მრეწველობის კუთხით, მაინც არსებობს გაურკვევლობა მისი მომავლისა და
იმ როლის თაობაზე, რისი თამაშიც ჩინეთის მთავრობას აქვს განზრახული ადგილობრივ
მმართველობაში.
სინგაპური არის დიდი წარმატების ერთი ამბავი. მისი მყარი საფუძველი მხოლოდ
შეკითხვას ტოვებს, თუ როგორ უნდა გააგრძელოს გაფართოება მზარდი საერთაშორისო
კონკურენციის პირობებში. და მაინც, ამ დრომდე, სინგაპური წარმოჩინდა, როგორც ურბანული
დაგეგმარების იდეალური მოდელი და როგორც ლიდერი და ფინანსური ცენტრი სამხრეთ-
აღმოსავლეთ აზიისა.

12
ტაივანმა პროგრესი შრომაზე ორიენტირებული ეკონომიკიდან იმ სისტემამდე განიცადა,
სადაც დომინირებს უფრო მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები, მათ შორის საბანკო საქმე,
ელექტროენერგიის გენერირება, ნავთობის გადამუშავება და კომპიუტერები. მიუხედავად იმისა,
რომ მისი ეკონომიკა აზიაში საქმიანი აქტივობის დაცემამ დააზარალა, ის განაგრძობს მდგრად
ზრდას.
სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და ტაივანის გარდა, სამხრეთ-აზიის სხვა ქვეყნებიც თანდათან
იქცევიან დინამიურ პლატფორმად ზრდისა და განვითარებისთვის. ტაილანდი, მალაიზია,
ინდონეზია და ახლა უკვე ვიეტნამიც, მათი შედარებით მრავალრიცხოვანი მოსახლეობითა და
იაფი მუშახელის წყალობით ეკონომიკურად განვითარდნენ, მიუხედავად მნიშვნელოვანი
ბუნებრივი რესურსების ნაკლებობისა.
ინდოეთი იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთის მოსახლეობა ერთ მილიარდზე მეტ
ადამიანს შეადგენს და კიდევ განაგრძობს ამ კუთხით ზრდას, ქვეყანას, ტრადიციულად,
პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების საკმარისი წილი ერგო. ბოლოდროინდელმა
ტენდენციამ, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა გაძვირებული მომსახურების
პოზიციონირებამ - ხელი შეუწყო როგორც დიდ, საშუალო და მაღალი ფენის ბაზრების
გაძლიერებას საქონლისა და მომსახურების თვალსაზრისით, ასევე მთლიან შიდა პროდუქტის
ზრდას, რომელიც მალე დაეწევა ჩინეთის მაჩვენებელს. ინდოეთი, შესაძლოა მალე ვიხილოთ,
როგორც სრულად განვითარებული ქვეყანა, თუ იგი გაუძლებს ინტენსიური ზრდის პერიოდს.
მულტინაციონალური, განსაკუთრებით, აშშ-სა და ბრიტანული ფირმებისთვის ინდოეთი მრავალი
მიზეზის გამოა მიმზიდველი. ბევრი ინდოელი საუბრობს ინგლისურად, ძალიან განათლებულია
და ცნობილია როგორც მოწინავე ინფორმაციული ტექნოლოგიის ექსპერტი. ამასთანავე, ინდოეთის
მთავრობას ეკონომიკური განვითარებისთვის ფონდებს იზიდავს.
2.4.3. განვითარებადი ეკონომიკური სისტემები
მსოფლიოში ბევრი ეკონომიკაა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს განვითარებადად (რასაც
ადრე უფრო „ნაკლებად განვითარებულ“ ან ზოგჯერ „ყველაზე ნაკლებად განვითარებულს“
ეძახდნენ), რომელიც ყურადღებისა და შესწავლის ღირსია. ამ ეკონომიკურ სისტემათაგან
ზოგიერთი იმყოფება აღმოცენების ზღვარზე, როგორც შთამბეჭდავი კონტრიბუტორები
გლობალური ზრდაში.
სამხრეთ ამერიკა წლების მანძილზე, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ჰქონდათ მძიმე
ეკონომიკური პრობლემები. მათ დააგროვეს დიდი საგარეო ვალი და განიცადეს მწვავე ინფლაცია.

13
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანმა სცადა ეკონომიკური რეფორმების გატარება ვალის
შესამცირებლად, პერიოდულმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ და პოპულისტი ლიდერების
გამოჩენამ ზეგავლენა იქონია ამ რეგიონის ქვეყნების მიმზიდველობაზე.
ბრაზილიის ეკონომიკა განვითარდა და აყვავების სტადიას მიაღწია. ბრაზილია აგრძელებს
უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, რომლებსაც, ნაწილობრივ, იზიდავთ შესაძლებლობები, რაც
შესაძლებელი გახადა ბრაზილიის ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა ინდუსტრიული
სექტორების პრივატიზაციამ. ამავდროულად, ბევრი სხვა ცნობილი კომპანია ბრაზილიაში
ახორციელებს საქმიანობას, მათ შორისაა Arby’s, JCPenney, Kentucky Fried Chicken, McDonald’s, და
Walmart. ყველა ამ საერთაშორისო ბიზნეს აქტივობამ უნდა მოიტანოს წარმატება. ლათინურ
ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მთავრობის წყალობით ბრაზილიამ ნამდვილად
იხეირა; ეს დაეხმარა მას ქვეყნის, როგორც სამხრეთ ამერიკის უდაო ლიდერის პოზიციის
შეენარჩუნებაში.
ჩილეს საბაზრო ეკონომიკური ზრდა მერყეობდა 3 და 6 პროცენტს შორის გასული დეკადის
მანძილზე, რამაც გაურკვევლობა შექმნა მისი მომავლის თაობაზე. ამის მიუხედავად, ჩილე ბევრ
უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, რომელთა უმეტესობა ეხება ბუნებრივი აირის, წყლის,
ელექტროენერგიის და სამთო სფეროს. იგი აგრძელებს გლობალიზაციაში მონაწილეობას და
ჩართულია კიდევ უფრო მეტ სავაჭრო შეთანხმებებში, მათ შორისაა მერკოსური, ჩინეთი, ინდოეთი,
ევროკავშირი, სამხრეთ კორეა და მექსიკა.
არგენტინას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს, საერთო ჯამში, თავისი უხვი
ბუნებრივი რესურსის, წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის, ექსპორტზე ორიენტირებული
სოფლის მეურნეობის სექტორისა და დივერსიფიცირებული ინდუსტრიული საფუძვლის
წყალობით; და მაინც, მასაც გააჩნდა პერიოდული ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა
ინფლაცია, საგარეო ვალი, კაპიტალის გადინება, ბიუჯეტში დეფიციტი.
მერყეობის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკაში მთავარი მოვლენაა ქვეყნებს შორის ვაჭრობის
ზრდა, რომელიც წახალისებულია თავისუფალი ბაზრის პოლიტიკის პროგრესის წყალობით.
ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია ისრაელი, არაბეთის ქვეყნები, ირანი, თურქეთი და
ყოფილი საბჭოთა კავშირის ცენტრალური აზიის ქვეყნები მსოფლიოს ბანკის მიერ LDC (ნაკლებად
განვითარებულ ქვეყნებად) ითვლება. თუმცა, მათი ნავთობის წყალობით, ამ ქვეყანათაგან
ზოგიერთი ეკონომიკურად მდიდრად მიიჩნევა. ბოლო დროს, ეს რეგიონი მსოფლიოს ახალ ამბებში
ხშირად შუქდება, ტერორიზმთან დაკავშირებული შეშფოთებიდან გამომდინარე, 2001 წლის 11

14
სექტემბრის, აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. და მაინც, ეს ქვეყნები აგრძელებენ
მცდელობას დააბალანსოს გეოპოლიტიკური/რელიგიური ძალები ეკონომიკურ
სიცოცხლისუნარიანობასთან და საერთაშორისო ბიზნესის არენაზე აქტივობასთან.
აფრიკა. მიუხედავად მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებისა, ბევრი აფრიკული
სახელმწიფო რჩება ღარიბ და სუსტად განვითარებულ ქვეყნად; საერთაშორისო ვაჭრობა კი
მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს, რომ იქცეს ძირითადი შემოსავლის წყაროდ. აფრიკის
კონტინენტზე ბიზნესის წარმოების ერთი ძირითადი პრობლემაა წარმოუდგენელი
მრავალფეროვნება 800 მილიონი ადამიანისა, რომელიც 3,000 ტომადაა დაყოფილი; ეს ხალხები
კი,თავის მხრივ, 1,000 ენასა და დიალექტზე საუბრობენ. ამასთან ერთად, პოლიტიკური
არასტაბილურობა ყოვლისმომცველია და სოლიდურ რისკებს ქმნის უცხოელი ინვესტორებისთვის.
ბოლო წლებში აფრიკას, განსაკუთრებით საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე რეგიონს ბევრი
მწვავე პრობლემა ჰქონდა. ტომობრივ ომებთან ერთად, ისეთი მძიმე დაავადებები გავრცელდა,
როგორიც შიდსი და ებოლაა. 2002-2003 წლებში WTO შეთანხმდა, რომ შეემსუბუქებინა
ინტელექტუალური საკუთრები უფლებების წესები, რომ აფრიკულ ქვეყნებს უფრო მეტ და
ნაკლებხარჯიან ანტივირუსულ მედიკამენტებზე ჰქონოდათ წვდომა (იხილეთ სიღრმისეული
ინტეგაციული ქეისი ამ ტექსტის პირველი ნაწილის ბოლოს). მაშინ, როდესაც გლობალიზაციამ
განვითარებული ქვეყნებისთვის ახალი ბაზრები გახსნა, აფრიკის განვითარებადი ქვეყნები
განიცდიან ისნტიტუციების, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების
ნაკლებობას, რის გამოც ვერ სარგებლობენ გლობალიზაციის სიკეთეებით. კიდევ სხვა მწვავე
პრობლემაა სიღარიბე, ცუდი კვება, წერა-კითხვის უცოდინრობა, კორუფცია, სოციალური კრიზისი,
მილევადი რესურსები, ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, გვალვა და უსახლკარო
დევნილები. ამ არასახარბიელო სიტუაციის მიუხედავად, მაინც არსებობს იმედი აფრიკის
მომავლისა, ვინაიდან აფრიკული ქვეყნების პოტენციალი თითქმის ხელშეუხებელი რჩება. აფრიკას
არამარტო მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, არამედ თავად მისი მრავალფეროვნების
სასარგებლოდ გამოყენებაცაა შესაძლებელი.

15
 ძირითადი ტერმინები
მულტიეროვნული აუთსორსინგი გეგმიური ეკონომიკა
კორპორაცია გლობალიზაცია შერეული ეკონომიკა
საერთაშორისო მენეჯმენტი ინტერნაციონალიზაცია მაკილადორა (maquiladora)
ოფშორინგი საბაზრო ეკონომიკა კაირეცუ

16
 მიმოხილვა და სადისკუსიო საკითხები
1. რაში მდგომარეობს საერთაშორისო მენეჯმენტის არსი?
2. შეადარეთ გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია.
3. რა თავისებურებებით ხასიათდება გლობალიზაციის პროცესი?
4. დაახასიათეთ გლობალური ინტეგრაციული ორგანიზაციები.
5. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ გლობალური ეკონომიკური სისტემები.
6. დაახასიათეთ შემდგარი, ამომავალი და განვითარებადი ეკონომიკური სისტემები.

17

You might also like