You are on page 1of 7

ნახშირწყლების ცვლა ვაზის ვეგეტატიურ ორგანოებში.

ნახშირწყლები წარმოადგენენ რა ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ციკლის


პირველად და შუალედ პროდუქტებს, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მცენარის
ცხოველქმედებაში. სუნთქვის ძირითად სუბსტრატსაც ნახშირწყლები წარმოადგენენ.
პოლისაქარიდები უჯრედის საშენი მასალა და სამარაგო ნივთიერებებია.

ნახშირწყლები ვაზის ყველა ორგანოში გვხვდება. მათი სინთეზის ძირითად ადგილს


ფოთლები წარმოადგენენს, თუმცა ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ვაზის
სხვა ორგანოებიც.

ნახშირწყლების შედგენილობასა და ცვლასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ვაზის


არახელსაყრელი პირობებისადმი , განსაკუთრებით ყინვის, დაავადებების და
მავნებლებისადმი გამძლეობა, სანამყენე კომპონენტების შერჩევა, ნამყენი ვაზის
გამოყვანა და სხვა პროცესები.

ვაზის ფესვი, რქა, ყლორტი, ფოთოლი და მტევანი ნახშირწყლების თვისობრივი და


რაოდენობრივი შემცველობისა და დინამიკის მიხედვით თავისებურებებით
ხასიათდებიან. ნახშირწყლების თვისობრივი და რაოდენობრივი შედგენილობის
ცვლილებები ვაზის ცალკეულ ორგანოებში აღინიშნება როგორც ვაზის ჯიშებისა და
ზრდის ეკოლოგიური პირობების მიხედვით, ისე გამოყენებულ აგროტექნიკურ
წესებთან დაკავშირებით.

ნახშირწყლების შემცველობა ვაზის ფესვებში

ვაზის ფესვებში არსებული მრავალრიცხოვანი და ფართო გულგულის სხივები ,


ლაფნისა და მერქნის პარენქიმული ქსოვილები, სხვა ელემენტებთან ერთად
ასრულებენ სამარაგო ნივთიერებების საწყობის ფუნქციას. ამ მხრივ ფესვის როლი
ძალიან დიდია, განსაკუთრებით უფრო წვრილი ფესვებისა, რომლებშიც ჭარბობენ
პარენქიმული ქსოვილები. ვაზის ფესვები განსხვავდება მიწისზედა ორგანოებიდან
ნახშირწყლების გაცილებით მეტი რაოდენობის დაგროვებით, რომელიც
შემოდგომაზე აბსოლუტური მშრალი წონის 50 %-მდე აღწევს. ამასთან ერთად
ნახშირწყლების ძირითადი ნაწილი 50 -დან 90 %-მდე სახამებლის სახითაა
წარმოდგენილი.

შაქრების რაოდენობა ვაზის ფესვებში წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლება.


ეს იმით აიხსნება , რომ ვაზის ფესვთა სისტემა ანატომიური აგებულებით
უახლოვდება სამარაგო ფუნქციების მქონე ორგანოს, და მეორეს მხრივ , რომ ფესვთა
სისტემა საკვებ ნივთიერებებს იყენებს ზრდის პროცესებისათვის , რომლებიც ფესვში
თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

ფესვებში რქებისგან განსხვავებით შაქრების დიდ რაოდენობრივ ცვლილებას არ


განიცდის , რადგან ფესვები ვითარდებიან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო რქები
განსაზღვრულ პერიოდებში.

ფესვებში მარტ- აპრილში სახამებლის შემცველობა რამდენადმე იზრდება , ხოლო


ხსნადი შაქრების რაოდენობა მცირდება. ვეგეტაციის დასაწყისში ხსნადი
ნახშირწყლების ნაწილი აღმავალი დენით გადაეცემა დაბერილ კვირტებს, ხოლო
ნაწილი იხარჯება თვით ფესვთა საგაზაფხულო ზრდაზე.

ვაზის ინტესიური წვენთა მოძრაობის პერიოდში ტირილის წვენში აღმოჩენილია


ფრუქტოზა, გლუკოზა და საქაროზა. ყვავილობის პერიოდში ნახშირწყლების
რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ყვავილობის შემდეგ სულ აღარ
აღმოჩნდა. შაქრების ყველა ფორმიდან ცრემლში სჭარბობდა გლუკოზა, რაც
მეცნიერების აზრით უნდა ასრულებდეს ძირითად ტრანსპორტის როლს
ნახშირწყლების გადაადგილებაში ფესვებიდან ვაზის მიწისზედა ნაწილებში.
ცრემლის შაქრების შედგენილობაში ცვლილებები ვეგეტაციის პროცესში არ იყო
შენიშნული, ამასთან ერთად შეინიშნებოდა რაოდენობრივი ცვლილებები დღეღამის
განმავლობაში, შაქრების შემცველობა ცრემლში ყველაზე მეტი იყო დღისით, აღწევდა
რა მაქსიმუმს 8-დან 14 სთ-მდე, მცირდებოდა ნაშუადღევისა და ღამის საათებში,
დილას კი კვლავ იზრდებოდა.

სიმწიფის დასაწყისში ვაზის ფესვებში გლუკოზას შეფარდება ფრუქტოზასთან


სხვადახვა ჯიშებისთვის სხვადასხვაა. საქაროზას რაოდენობრივი შემცველობა
ორივე პერიოდში ჭარბობდა როგორც გლუკოზის, ისე ფრუქტოზის შემცველობას.

ნახშირწყლების შემცველობა ვაზის ფოთლებში

ორგანულ ნივთიერებათა და მათ შორის ნახშირწყლების შემცველობა დიდ


ფარგლებში მერყეობს ვაზის ფოთლებში. იგი დამოკიდებულია არა მხოლოდ ჯიშზე,
მცენარის ხნოვანობაზე და მისი ზრდის პირობებზე , არამედ ბუჩქის ვეგეტაციის
ფაზაზე და დღეღამის პერიოდზე, რაც დაკავშირებულია ძირითადად ფოთლების
ძლიერ აქტიურ საასიმილაციო და ტრანსპირაციულ მოქმედებასთან და აგრეთვე მათ
გაძლერებულ სუნთქვასა და ნივთიერებათა ცვლასთან.
ვაზის ვეგეტაციის პროცესში ფოთლები თანდათან ღარიბდება ნახშირწყლებით,
ხოლო ყლორტში მათი რაოდენობა იზრდება.

შესწავლილია ნახშირწყლების რაოდენობა შავი მუსკატის ჯიშის ვაზის ფოთლებში


იარუსების მიხედვით, აგრეთვე მუხლთშორისების აპიკალურ და ბაზალურ
მონაკვეთებში, საიდანაც იყო აღებული ფოთლები. ნაჩვენებია ,რომ ფოთლის
ფართობის ზრდასთან ერთად იზრდება ნახშირწყლების რაოდენობა წონის
ერთეულზე, იზრდება ასევე აღმდგენელი შაქრების რაოდენობა წონის ერთეულზე,
რის შედეგადაც შაქრებისა და მშრალი ნივთიერებების რაოდენობა ყლორტის
ბაზალურ სეგმენტში მაღალია, ვირდე აპიკალურში.

ვაზის ფოთლებში, აგრეთვე ფესვებში, ნაყოფებში და ღეროში აღმოჩენილია


გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა, საქაროზა, მალტოზა, რაფინოზა და სტაქიოზა.

გამოთქმულია მოსაზრება , რომ ფოთოლში ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილი


საქაროზა თანდათანობით ჰიდროლიზის შემდეგ გადადის მტევანში. ვაზის
ფოთლებში შაქრებისა და სახამებლის განსაკუთრებული ძლიერი შემცირება ხდება
ყვავილობისა და მარცვლის ჩამოყალიბების პროცესში, რაც აიხსნება შაქრების
გაძლიერებული გადაადგილებით ფოთლებიდან ყვავილედში და მარცვლებში.
დამწიფებიდან სრულ ფიზიოლოგიურ სიმწიფემდე ადგილი აქვს საწინააღდეგო
სურათს - იზრდება ნახშირწყლების რაოდენობა ფოთლებში მწიფე ნაყოფში
გადაადგილების შემცირების გამო.

ვაზის ფოთლების საშემოდგომო შეფერვის გამოჩენა დაკავშირებულია ვაზის


ნაწილების გამდიდრებით სამარაგო ნახშირწყლებით, რაც წარმოადგენს ევოლუციის
პროცესში გამომუშავებული რითმის შედეგს, რომელიც ხასიათდება ზრდის
პროცესისა და სვენების პერიოდის შენაცვლებით. ფოთლების შემოდგომის შეფერვის
დაგვიანება მიუთითებს ნახშირწყლოვანი წონასწორობის დარღვევაზე, რაც შეიძლება
დაკავშირებული იყოს, ერთის მხრივ, აგროტექნიკურ წესებთან ( ვაზის გადატვირთვა
მოსავლით, რთვლის შეყოვნებით და სხვა) , მეორეს მხრივ, წლის მეტეოროლოგიურ
პირობებთან ( მზის ნათების ხანგრძლივობა, ნალექების სიდიდე და სხვა).

ნახშირწყლების შემცველობა ვაზის ყლორტში

მნიშვნელოვანია ნახშირწყლების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები


ვაზის ყლორტში.
ყვავილობის წინ ( მაისის ბოლოს) ახალგაზრდა ყლორტის ქვედა შუა ნაწილში
ჩნდება სახამებელი გულგულის სხივების მერქიან ნაწილში.

სიმწიფის დასაწყისში ყლორტის ქვედა და შუა ზონებში გულგულის სხივის


ქერქოვანი ნაწილი საკმაოდ თანაბრად ივსება სახამებლით, იწყება აგრეთვე ლაფნის
შევსება. ყლორტის ზედა ზონის ლაფანში სახამებელი ამ დროს ჯერ კიდევ მცირეა.
დამწიფებისას ( სექტემბრის შუა რიცხვებში) ყლორტის ქვედა ზონა ( როგორც
ლაფანი ისე მერქანი) ივსება სახამებლით. ყლორტის შუა ზონაში მართალია
სახამებელი ნაკლებია , მაგრამ იგივე ქსოვილებში გვხვდება, ზედა ზონაში კი ამ
პერიოდში იწყება მსხვილკედლიანი ლაფნის შევსება.

სახამებელი და ცილა მთელი ზამთრის განმავლობაში გადაადგილდება ყლორტის


ერთი ნაწილიდან მეორეში, ხდება ამ ნივთიერებების უწყვეტი მობილიზაცია და
კონცენტრაცია და მომზადება ვეგეტაციისთვის ისე, რომ სრული სვენება ფაქტიურად
ვაზს არ აქვს.

ვეგეტაციის პირველ პერიოდში წვენთა მოძრაობის დაწყებიდან ფოთლების


გაშლამდე სახამებელი ბევრია როგორც ლაფანში, ისე მერქანში. ტირილის დროს
შაქრები გვხვდება ლაფნის ბოჭკოებში, საცროვან მილებში და ჭურჭლების ირგვლივ.
შემდეგ პერიოდში ყვავილობის დაწყებამდე წინა წლის რქის ზედა ნაწილში
სახამებელი თითქმის უკვე აღარ არის, რამდენადაც ფოთლის გაშლა ზედა
კვირტებიდან იწყება.

ნორმალურ და ფოთოლშეცლილი ვაზის ბუჩქი შეიცავს მონო და პოლისაქარიდების


დიდ მარაგს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მერქანში. ამ ნივთიერებებს მცენარე
იყენებს ვეგეტაციის დასაწყისში, შემდგომში კი მოსავალი დამოკიდებულია
ფოთლის აპარატის ფოტოსინთეზურ მოქმედებაზე. შაქრიანობის ამაღლებაში
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაყოფიან ყლორტებს. ყლორტზე ხელოვნურად
ფოთლების მოცილების შემთხვევაში სამარაგო პლასტიკური ნივთიერებანი
იხარჯება მთლიან წლიურ ნაზარდზე და მოსავალზე.

ყლორტში მონოსაქარიდების რაოდენობა ყლორტის მომწიფებასთან დაკავშირებით


ძლიერ მცირდება, მონოსაქარიდები გარდაიქმნებიან სახამებლად, და ნაწილობრივ,
საქაროზად. მწვანე ყლორტებში კი მონოსაქარიდების რაოდენობა ძალიან მაღალია.
მათი შემცველობა ყლორტის გამერქნების წინ უმეტეს შემთხვევაში ძლიერ იზრდება,
ხოლო სრული გამერქნების დროს , ყლორტში მონოსაქარიდების მინიმალური
რაოდენობა და სახამებლის მაქსიმალური რაოდენობა გვხვდება.
ზამთრის მოსვენების პერიოდში ვაზის რქებში ძლიერ იზრდება წყალში ხსნადი
შაქრების რაოდენობა სახამებლის შემცირების ხარჯზე, რის გამოც გაზაფხულზე
მცირდება შეფარდება სახამებელი : შაქარის სიდიდე, საქაროზას რაოდენობა
იზრდება 5-6 ჯერ , ჩნდება მალტოზა, რომელიც შემოდგომაზე არ იყო აღმოჩენილი.
ამგვარად, გაზაფხულზე სახამებლის რაოდენობა ხსნადი შაქრების რაოდენობაზე
მცირეა.

ცელულოზა და ჰემიცელულოზა ვაზის ვეგეტატიურ ორგანოებში

მცენარეულ ქსოვილებში მონო და ოლიგოსაქარიდებთან, სახამებელთან ერთად


ყოველთვის გვხვდება პექტინოვანი ნივთიერებანი, ცელულოზა და ჰემიცელულოზა.
ცელულოზისა და ჰემიცელულოზის შემცველობისა და დინამიკის შესახებ
შედარებით მცირე მონაცემები არსებობს.

დადგენილია ვაზის ფესვში, ყლორტსა და ფოთლებში ცელულოზას რაოდენობა


ყვავილობიდან სიმწიფემდე იზრდება. ყვავილობის პერიოდში ცელულოზას
შემცველობა ფესვში უფრო მეტია ყლორტთან შედარებით, სიმწიფის პერიოდში კი
უმეტეს შემთხვევაში ჭარბობს ყლორტში.

ვაზში ჰემიცელულოზას შემცველობა იზრდება ვეგეტაციის პროცესში და მცირდება


სიცივეეების დადგომისას, როდესაც იზრდება წყალში ხსნადი ნახშირწყლები.
სვენების პერიოდის დამთავრების შემდეგ კვლავ ხდება მისი რაოდენობის ზრდა.

ვაზის ყლორტებში ცელულოზასა და ლიგნინის დაგროვება ძირითადად მთავრდება


ივლისის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში, ხოლო პლასტიკური ნახშირწყლების
დაგროვება ყველაზე ინტესიურად მიმდინარეობს ზრდის შეწყვეტის შემდეგ,
ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. ლიგნინის რაოდენობის შემცირება და
მისის გარდაქმნა ცელულოზაში ყლორტის გამერქნების დროს არ ხდება.

ნახშირწყლების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები ყურძნის მტევანში

ვაზისთვის დამახასიათებელია ნაყოფში დიდი რაოდენობით მონოსაქარიდების


დაგროვება, რაც ყურძნის ხარისხის განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

ყურძნის მარცვლის ჩამოყალიბების დროს მასში მონოსაქარიდების რაოდენობა


დაახლოებით 1%-ს უდრის და ძირითადად გლუკოზის სახითაა წარმოდგენილი.
პენტოზებიდან ყურძენში (წვენში) სიმწიფის პერიოდში გვხვდება არაბინოზა 0,2-1,5
გ/ლ, ქსილოზა 0,03 -0,1 გ/ლ.

ყურძნის ძირითად შაქრებს ჰექსოზები, D-გლუკოზა და D-ფრუქტოზა


წარმოადგენენ. მომწიფების პერიოდში გლუკოზისა და ფრუქტოზის
ურთიერთრაოდენობრივი შეფარდება დაახლოებით 1-ის ტოლია. ჯიშების მიხედვით
ეს შეიძლება მერყეობდეს 0,7-1,5 -ს შორის, შაქრების დაგროვება ყურძნის დამწიფების
ბოლო ფაზაში დღე-ღამეში 0,5-1,0 %-ია. შაქრების საერთო რაოდენობა
ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს ჯიშების მიხედვით საგრძნობლად
განსხვავებულია და შეადგენს 17-25 %-ს. ხოლო ზოგიერთ ჯიშში ხელსაყრელი
კლიმატური პირობების დროს 28-30%-ს აღწევს.

რადგან ყურძენში შაქრებიდან წარმოდგენილია გლუკოზა და ფრუქტოზა, მათ


ურთიერთრაოდენობრივ შეფარდებას გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს.
ფრუქტოზა უფრო ტკბილია გლუკოზაზე. 15 %-იან ფრუქტოზას თითქმის ისეთივე
სიტკბო აქვს , როგორც 22%-იან გლუკოზას და 17,8 % საქაროზას.

ყურძნის მარცვლის ტექნიკური სიმწიფის დროს მასში გლუკოზის რაოდენობა


ჭარბობს ფრუქტოზისას, გადამწიფების დროს კი ადგილი აქვს გლუკოზის
რაოდენობის მკვეთრ დაცემას და ფრუქტოზა წარმოადგენს ძირითად შაქარს.

ყურძნის მარცვლების ჩამოყალიბების პერიოდში მონოსაქარიდებთან ერთად მცირე


რაოდენობით გვხვდება საქაროზა, კიდევ უფრო მცირე რაოდენობით- რაფინოზა.

როგორც ცნობილია, ფოთლებიდან შაქრების ძირითად სატრანსპორტო ფორმას


საქაროზა წარმოადგენს. მარცვალში სწრაფად ხდება მისი გარდაქმნა გლუკოზად და
ფრუქტოზად, აქედან გამომდინარე მარცვლის ბაზალურ ნაწილში რომელიც ახლოსაა
კლერტთან მიმაგრების ადგილთან, საქაროზას რაოდენობა უფრო მეტია.

დამწიფებასთან ერთად მტევანში საქაროზას რაოდენობა მცირდება, ხოლო


აღმდგენელი შაქრების რაოდენობა იზრდება. საქაროზა მცირდება აგრეთვე
ყვავილსაჯდომსა და ღეროში. სახამებელი ყველა ჯიშის ყურძნის მტევანში არ
აღმოჩნდა.

ნახშირწყლების რაოდენობრივი შემცველობა განსხვავდება ყურძნის კლერტის


სხვადასხვა ნაწილში. სახამებელი და საქაროზა, უმეტეს შემთხვევაში, კლერტის
მთავარ ღერძში უფრო მეტი იყო, ვიდრე გვერდით ფუნჯა ნაწილებში, აღმდგენელი
შაქრები კი, პირიქით, კლერტის გვერდით ღეროებში აღმოჩნდა მეტი. ეს მონაცემები
მიუთითებს, რომ საქაროზა მარცვლებისაკენ გადაადგილებისას განიცდის
ჰიდროლიზს.

ყურძენში საკმაო რაოდენობით მოიპოვება აგრეთვე პოლისაქარიდები. ცელულოზა


ყურძნის მყარ ნაწილებში გვხვდება.

You might also like