You are on page 1of 25

IX ლექცია

ხელშეკრულების ცნება;
ხელშეკრულების სახეები;
ოფერი, აქცეპტი;
ხელშეკრულების სტრუქტურა;
პირთა განუსაზღვრელ წრეზე გათვლილი
ხელშეკრულება;
ელექტრონული ხელშეკრულება;
ინტერნეტში დადებული ხელშეკრულება;
სოციალურ ქსელში დადებული ხელშეკრულება;
ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული
ხელშეკრულება;
ხელშეკრულების დადება, მოშლა, შეწყვეტა,
გაუქმება
ხანდაზმულობა
რამდენიმე ხელშეკრულების მოკლე მიმოხილვა
ცნება:

ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც წარმოშობს, ცვლის, ან


წვყეტს სამართლებრივ ურთიერთობებს ხელშეკრულება ეწოდება.

ხელშეკრულება ორმხრივი (მრავალმხრივი) გარიგებაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა


ხელშეკრულება გარიგებაა, მაგრამ ყველა გარიგება ხელშეკრულება არაა, რადგან
ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია სულ მცირე ორი პირის ნების
გამოვლენა, ხოლო გარიგებისას კი შეიძლება ერთი პირის ნების გამოვლენაც იყოს
საკმარისი (ცალმხრივი გარიგება). მაგალითად, ანდერძის შედგენის დროს.
(გავიხსენოთ გარიგების ცნების განმარტება - ცალმხრივი, ორმხრივი, ან
მრავალმხრივი ნების გამოხატვა .... ხელშეკრულებაში კი გხვდება: ორმხრივი ან
მრავალმხრივი ნების გამოხატვა ...)

ხელშეკრულება არ გულისხმობს ორი ან მეტი პირის ყოველგვარ შეთანხმებას. ეს


ისეთი შეთანხმებაა, რომელიც მისი მონაწილეთათვის იწვევს განსაზღვრული
სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას.

ხელშეკრულებაზე საუბრისას ყოველთვის არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საუბარია


მაინცდამაინც წერილობით დოკუმენტზე, რომელიც ბეჭდითა და ხელმოწერით არის
დადასტურებული და გაფორმებული.

ხელშეკრულება პირთა ნებისმიერი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეებს წარმოეშობათ


სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები.

მათ განეკუთვნება როგორც ყოველდღიური წვრილმანი ხელშეკრულებები


(მაგალითად, ავტობუსით მგზავრობა, პურის ყიდვა, ფულის სესხება, ნივთის
თხოვება და ა.შ.), ისე რთული და დიდ ფინანსებთან დაკავშირებული
ხელშეკრულებები (მაგალითად, ნასყიდობა, ლიზინგი, იჯარა და ა.შ.).

ასევე უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ისეთი ტერმინები, როგორებიცაა


„ხელშეკრულება“ და „ვალდებულება“:

ხელშეკრულება იურიდიული აქტია, რომელიც იწვევს ვალდებულების წარმოშობას,


ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა
მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც (კანონისმიერი
ვალდებულებანი - მაგ.: უსაფუძვლო გამდიდრება, დელიქტი და ა.შ.). ანუ,
მარტივად რომ ვთქვათ ხელშეკრულება არის მიზეზი, ხოლო ვალდებულება კი
ხელშეკრულების შედეგი. თუმცა, ვიმეორებთ, ვალდებულება წარმოიშობა არა
მხოლოდ ხელშეკრულებით.

მაგ.: დათომ ბესოს ასესხა თანხა. ბესომ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა თანხა
ერთ თვეში. თავად სესხების ფაქტი და მხარეთა ნება სესხის გადაცემასა და სესხის
მიღებაზე, ესაა შეთანხმება, ანუ სესხის ხელშეკრულება, ხოლო ბესოს მოვალეობა
რომ თანხა დაფაროს კი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.

ტერმინი „ხელშეკრულება“ ყოველთვის ერთი და იმავე მნიშვნელობით არ


გამოიყენება:

გარდა იმისა, რომ ასე ეწოდება მხარეთა შეთანხმებას, ზოგჯერ ხელშეკრულებაში


გულისხმობენ თვით იმ ვალდებულებას, რომელიც ასეთი ხელშეკრულებიდან
წარმოიშვა, ზოგჯერ კი ის ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს
ვალდებულების წარმოშობას მისი მონაწილეთა ნებით.

გამომდინარე ასეთი მჭიდრო კავშირიდან სამართლის დარგს, რომელიც


ხელშეკრულებებსა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ
საკითხებს შეისწავლის უწოდებენ როგორც „სახელშეკრულებო“ სამართალს, ისე
„ვალდებულებით“ სამართალსაც.

კონტრაჰენტი ესაა ხელშეკრულების მონაწილე პირი. მაგალითად: მყიდველი და


გამყიდველი ერთმანეთის კონტრაჰენტები არიან, ასევე მოქირავნე და
დამქირავებელი, დამკვეთი და შემსრულებელი და ა.შ.

იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა


დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით,
დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი
ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის
ფარგლებში.

მაგ.: სუპერმარკეტმა არ შეიძლება უარი უთხრას პროდუქტის მიყიდვაზე


განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანს, ტაქსის მძღოლმა არ შეიძლება
უარი უთხრას გადაყვანაზე „ბარსელონას“ გულშემატკივარს და ა.შ.
ოფერი, აქცეპტი:

ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებას „ოფერტი“ ეწოდება.

წინადადების მიმღების მიერ ოფერტზე გაცემულ თანხმობას კი - „აქცეპტი“.

ოფერტის გაკეთება:

ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება


შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე
პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის
(აქცეპტის)შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.

მოწვევა ოფერტზე:

წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი,


წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ
მითითებული.

მაგ.: როცა ჯაბა სთავაზობს ქეთის რომ მიყიდის მობილურს, ან როცა „ელიტ
ელექტრონიქსი“ სთავაზობს დავითს, რომ სარეცხი მანქანისა და ტელევიზორის
ერთად ყიდვის შემთხვევაში უფასოდ გადასცემს უთოს, ესაა ოფერტი;

როცა იგივე ჯაბა სთავაზობს თავის facebook გვერდზე ნებისმიერს თავისი


მობილურის მიყიდვას, ანდა „ელიტ ელექტრონიქსი“ აცხადებს აქციას და სთავაზობს
ყველას, რომ იყიდონ სარეცხი მანქანა და ტელევიზორი და სანაცვლოდ მყიდველი
დასაჩუქრდება უთოთი - იქნება მოქვევა ოფერტზე.

თუ ოფერენტმა აქცეპტისათვის განსაზღვრა ვადა, მაშინ აქცეპტი შეიძლება


განხორციელდეს მხოლოდ ამ ვადაში.

მაგ.: ჯაბამ უთხრა ქეთის, რომ მიყიდის მობილურს მხოლოდ 22 ნოემბრამდე. ამის
შემდეგ ის აღარ გაყიდის მობილურს, რადგან მთავრდება აქცია მის მოსაწონ
მობილურებზე, რომლის ყიდვასაც აპირებდა თავისი ტელეფონის გაყიდვის შემდეგ.

თუ ოფერენტს აქცეპტი დაგვიანებით მიუვა, აქცეპტიდან კი ირკვევა, რომ იგი


დროულად არის გამოგზავნილი, აქცეპტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება
დაგვიანებულად,თუ ოფერენტმა მეორე მხარეს დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ.

ანუ, ჯაბამ გაუგზავნა სმს შეტყობინება ქეთის, მასზედ რომ მობილურს მიყიდდა
იაფად, თუ იმ საღამოსვე გადაუხდიდა თანხას. ქეთიმ სმს ნახა, იქვე გასცა პასუხი
ასევე სმს-ით, თუმცა ქსელის გადატვირთულობისა და ტექნიკური ხარვეზის გამო,
ის გვიან მიუვიდა ჯაბას. ჯაბა ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს პასუხი
ქეთის, თუკი ამ დროისათვის მას მობილურის გაყიდვა უკვე გადაფიქრებული აქვს.

ახალი ოფერტი

1. ოფერტზე დაგვიანებით გაკეთებული აქცეპტი მიიჩნევა ახალ ოფერტად


2. როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, ოღონდ
სხვა პირობებით, ვიდრე ამას ოფერტი ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი
ჩაითვლება უარად ოფერტზე და, ამავე დროს, - ახალ წინადადებად;

მაგ.: ქეთი უარს ეტყვის ჯაბას შეთავაზებული ფასის გადახდაზე, მაგრამ


შესთავაზებს მობილურის ყიდვას, თუკი უფრო დაბალ ფასად მიყიდის (შევაჭრება).

არსებობს წინასახელშეკრულებო შეთანხმებები. წინასახელშეკრულებო (წინარე


ხელშეკრულება) შეთანხმება, გულისხმობს პირთა მოვალეობას მომავალში დადონ,
ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას, იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო
წინასახელშეკრულებო შეთანხმებაში.

მაგ.: შ.პ.ს. „სხივი“ უთანხმდება მოქალაქე თამარს, რომ იქირავებს მისგან


კომერციულ ფართს მას შემდეგ, რაც თამარი ფართში შეიყვანს კომუნიკაციებს (დენს,
წყალს, ბუნებრივ აირს). მხარეები აფორმებენ წინარე იჯარის ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების დადება:

ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე


შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი


მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად
მიჩნეულია კანონის მიერ (საგანი, ფასი და ა.შ.).

ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების


ვალდებულება (წინარე ხელშეკრულება). ძირითადი ხელშეკრულებისათვის
გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც (მაგ.:
უძრავ ნივთზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი
ფორმით და დარეგისტრირდეს რეესტრში).
შესაბამისად, იურიდიული შედეგების წარმოშობის მიხედვით გვაქვს შემდეგი
ხელშეკრულებები:

ძირითადი ხელშეკრულება, რომელიც სრულდება კონკრეტული მოქმედების


შესრულებით. ასეთია მაგალითად _ ნივთის გაყიდვა, სამუშაოს შესრულება,
მომსახურების გაწევა.

წინასწარი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წარმოიშობა ახალი


ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ის შეთანხმებაა ძირითადი
ხელშეკრულების დადების შესახებ. მაგალითად - უძრავი ქონების ნასყიდობის
წინარე ხელშეკრულება.

შენიშვნა: რომაელი იურისტები თვლიდნენ, იმისათვის, რომ შეთანხმება


ხელშეკრულებად ქცეულიყო, აუცილებლად მას უნდა მისცემოდა გარკვეული სახე _
წერილობითი ფორმა, გარიგების საგნის გადაცემა და სხვა. გარდა ამისა,
ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელი იყო მთელი რიგი მოთხოვნების
დაცვა, კერძოდ: შეთანხმება მხარეებს შორის, შეთანხმება უნდა ყოფილიყო
მართლზომიერი, ზნეობრივი ნორმების დაცვა და შეთანხმების შესრულების
შესაძლებლობა. ამასთან არავითარი მოტყუება, დამუქრება, იძულება, ძალადობა,
შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ ჩაითვლებოდა ნამდვილად.

ხელშეკრულების სტრუქტურა:

ბუნებრივია, ყოველი ხელშეკრულება ინდივიდუალური ხასიათისაა, თუმცა


ხელშეკრულებათა სტრუქტურა მაინც შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად ერთნაირი:

1. მხარეები, თარიღი, ადგილი


2. პრეამბულა
3. განმარტებები, დეფინიციები
4. ხელშეკრულების საგანი
5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
6. მხარეთა პასუხისმგებლობები
7. ხელშეკრულების ფასი, გადახდის პირობები და ვადები
8. ფორსმაჟორი
9. კონფიდენციალურობა
10. მხარეთა გარანტიები/განცხადებები
11. დავათა გადაწყვეტა (განსაკუთრებით საერთაშორისო კერძო სამართლებრივ
ურთიერთობებში)
12. გამოსაყენებელი სამართალი
13. დამატებითი/გარდამავალი დებულებები
14. მხარეთა იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმოწერები

ხელშეკრულების სახეები:

ცალმხრივი ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომლითაც ერთ მხარეს აქვს


უფლებები, მეორეს კი - ვალდებულებები (მაგ.: სესხის ხელშეკრულება);

ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები - როცა მხარეებზე ნაწილდება


როგორც უფლებები, ისე მოვალეობები (მაგ.: ლიზინგის ხელშეკრულება);

კონსენსუალური ხელშეკრულება - რომელიც ძალაში შედის შეთანხმებისთანავე


(მაგ.: ნასყიდობა);

რეალური ხელშეკრულება - რომელიც ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი


შესრულების დაწყების შემდეგ (მაგ.: ჩუქება, რომლის დროსაც აუცილებელია
საჩუქრის ფაქტობრივი გადაცემა, ასეთივებია სესხი, ჩუქება და ა.შ.);

სასყიდლიანი ხელშეკრულება - რომელიც ითვალისწინებს რომელიმე მხარის მიერ


პროდუქციის, ან სერვისის სანაცვლოდ თანხის გადახდას (მაგ.: იჯარა);

უსასყიდლო ხელშეკრულება - რომელიც არ ითვალისწინებს რომელიმე მხარის მიერ


პროდუქციის, ან სერვისის სანაცვლოდ თანხის გადახდას (მაგ.: თხოვება) და ა.შ.

ზოგჯერ გვხვდება ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც თავისი სამხილებრივი


ბუნებით შესაძლოა იყოს სასყიდლიანიც და უსასყიდლოც. ასეთია მიბარების
ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 765-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ
მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთი
კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორც საკუთარს შეინახავდა. ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ მიბარება სასყიდლიანია, შემნახველს შესაძლოა დაეკისროს
განსაკუთრებული ზომების მიღება ნივთის შესანახად.
მხარეთა ნებაზე დამოკიდებულების მიხედვით არსებობს:

• თავისუფალი ხელშეკრულება, - ანუ ისეთი ხელშეკრულება, რომლის


დადებაც მთლიანად დამოკიდებულ მხარეთა შეხედულებებზე.
• ასევე ისეთი ხელშეკრულებები, - რომელთა დადებაზე პირს უარის თქმის
უფლება არ აქვს (მაგ.: როცა რომელიმე პირს ბაზარზე დომინირებული
მდგომარეობა უკავია). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების
თავისუფლება არ გამორიცხავს მის საკანონმდებლო რეგულირების
შესაძლებლობას.

სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული ნორმები განსაზღვრავს ზოგიერთი


ხელშეკრულების პირობებს. თუმცა სამოქალაქო კოდექსის ნორმათა უმეტესობა
დისპოზიციურია და იმ შემთხვევებში გამოიყენება, თუ მხარეები არ გამორიცხავენ
მის გამოყენებას, ან არ შეცვლიან მის წესებს სხვა პირობებით.

პირთა განუსაზღვრელ წრეზე გათვლილი ხელშეკრულება (მრავალჯერადი


გამოყენების მიზნით) - პირთა განუსაზღვრელ წრეზე გათვლილად ჩაითვლება
ხელშეკრულება, თუ ის მრავალჯერადი გამოყენებისაა. უმეტეს შემთხვევაში, მასში
სახელშეკრულებო პირობები ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დაცვითაა
ჩამოყალიბებული. გამოყენების ამგვარი სახე რაიმე განსხვავებული
ხელშეკრულების დადებას არ გულისხმობს. ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი
შინაარსისა და გამოყენების წინაპირობებიდან გამომდინარეობს. ამგვარი
ხელშეკრულებისას უმეტეს შემთხვევაში წარმოიშობა კონტრაჰირების იძულება,
როდესაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამდგენს ბაზარზე
გაბატონებული სტატუსი აქვს. აღსანიშნავია, რომ პირთა განუსაზღვრელ წრეზე
გათვლილ ხელშეკრულებას შეიძლება არ გააჩნდეს სტანდარტული პირობები. უფრო
ზუსტად რომ ითქვას, ასეთი ხელშეკრულებისთვის სტანდარტული პირობების
არსებობა სავალდებულო არაა (შეიძლება შეგვხვდეს სტანდარტული პირობები,
შეიძლება - არა).

ელექტრონული ხელშეკრულება - სახელშეკრულებო ურთიერთობების


თანამედროვე პრაქტიკაში დამკვიდრებაზე საუბრისას აუცილებელია, ე.წ.
„ელექტრონული ხელშეკრულების“ არსებობის საკითხს შევეხოთ, რომელიც
ელექტრონული ფორმითაა დადებული და ხელშეკრულების ახლებურ ფორმას
წარმოადგენს.

აღნიშნულის საშუალებით, გარიგების მონაწილე ხელშეკრულების ტექსტს ეცნობა


ელექტრონული დოკუმენტით. ამგვარი ხელშეკრულების არსებობა დამოკიდებულია
თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზე, რომლის კვალადაც, ელექტრონულმა
ხელშეკრულებამ უდიდესი დატვირთვა პოვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ელექტრონული ხელშეკრულების დადებისას, უმეტეს შემთხვევაში, მხარეები


ერთმანეთს არც კი იცნობენ. ასეთი ურთიერთობისას შესაძლებელია
ხელშეკრულების თავისუფლებამ ნების ნამდვილობის საკითხზე შეთანხმებაც კი
გაითვალისწინოს. ასე, მაგალითად, მხარეები შესაძლებელია შეთანხმდნენ იმაზე,
რომ მეორე მხარის დუმილი შესაძლებელია აქცეპტადაც იქნეს მიჩნეული, რაც
მატერიალურ დოკუმენტზე ხელშეკრულების დადებისას სამოქალაქოსამართლებრივ
დათქმებს ეწინააღმდეგება.

ელექტრონული საშუალებით დადებული ხელშეკრულების (როგორც გარკვეული


სიახლის) ფარგლებში ვითარდება ხელშეკრულების შინაარსიც და მისი განსაზღვრის
პრაქტიკული აუცილებლობაც. სსკ-ის 328-ე მუხლი ასეთი ქმედების
განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ელექტრონული ფოსტის ან
სოციალური მედიის საშუალებით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და სხვ.
თანამედროვე ბიზნესში როგორც წერილობითი (მატერიალური სახით
წარმოდგენილი), ისე ელექტრონული ხელშეკრულება დიდ როლს თამაშობს. თუმცა
გარკვეულ შემთხვევებში ელექტრონული ხელშეკრულება არ არის იმდენად
დაცული, რამდენადაც მხარეთა მიერ ამობეჭდილი და, ხელმოწერილი
ხელშეკრულება.

მტკიცებულების არსებობის კვალად მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ ფაქტსაც, რომ


არსებული სასამართლო პრაქტიკა მატერიალური (წერილობითი)
ხელშეკრულებისგან განსხვავებულ შემთხვევებს იცნობს.

კერძოდ, ელექტრონულ ხელშეკრულებას დედანი არ გააჩნია. ასე, მაგალითად,


მხარეებს წერილობითი/მატერიალური ფორმის ხელშეკრულების თითო
ეგზემპლარი რჩებათ ორიგინალის სახით. განსხვავებულია ეს შემთხვევა
ინტერნეტის საშუალებით დადებული ხელშეკრულებისას, სადაც მხოლოდ
ხელმოწერილი ვერსიის არსებობაც საკმარისია და, შესაბამისად, დედანის
წარმოდგენის ვალდებულება მხარეს (სასამართლოში დავის არსებობისას და ა.შ.) არ
გააჩნია.

ელექტრონული ხელშეკრულების შემთხვევაში იგი წარმოადგენს ისეთი სახის


დოკუმენტს, რომლის წაკითხვაც დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებების გარეშე
შეუძლებელია. შესაბამისად, დედანის წარმოდგენა ასეთ შემთხვევაში ვერ გახდება
ხელშეკრულების არსებობის უტყუარობის დამადასტურებელი საბუთი.
ელექტრონული სახით ხელშეკრულების დადებისას მასში ცვლილებისა და
დამატების შეტანა ამავე საშუალებითაა შესაძლებელი. ელექტრონული
ხელშეკრულება ელექტრონულ დოკუმენტს წარმოადგენს, ხოლო ელექტრონულ
დოკუმენტს, სსსკ-ის 134-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების ძალა
გააჩნია.

ელექტრონული ხელმოწერა როგორც ნების გამოვლენა - თანამედროვე


ტექნოლოგიური საშუალებების განვითარების პარალელურად წარმოიშვა ნების
გამოვლენის ნამდვილობის დადასტურების ტექნოლოგიური საჭიროება.
აღნიშნულის შედეგად განვითარდა ელექტრონული ხელმოწერის ინსტიტუტი.

ამ ასპექტში, ერთმანეთისგან გასამიჯნია მექანიკური საშუალებებითა და


ელექტრონული ხელმოწერა:

პირველი შემთხვევისას, სსკ-ის 69-ე მუხლი გამოიყენება, ხოლო, მეორე შემთხვევაში


– „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ”
საქართველოს კანონი. კერძოდ, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე” ქვეპუნქტის
მიხედვით, ელექტრონულ ხელმოწერას ნებისმიერი ელექტრონულ მონაცემთა
ერთობლიობა წარმოადგენს, რომელსაც პირი დოკუმენტთან მისი კავშირის
აღსანიშნავად იყენებს. ასეთი შეიძლება იყოს ხელმოწერა, როდესაც მხარეს
ელექტრონულ დოკუმენტზე გადააქვს ხელმოწერის ელექტრონული ვერსია ნების
გამოვლენის დადასტურების მიზნით.

ელექტრონულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას თუნდაც ერთ გვერდზე


(ხელშეკრულების ბოლოში ხელოწერისას) იგულისხმება, რომ მხარე მთლიანად
ხელშეკრულებას ეთანხმება.

ინტერნეტში დადებული ხელშეკრულება - ინტერნეტხელშეკრულება პრაქტიკაში


რამდენიმე სახითაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანი (ისევე, როგორც
უშუალოდ ინტერნეტში დადებული ხელშეკრულება) სამოქალაქო კოდექსში, თავისი
არსიდან გამომდინარე, ცალკე არაა მოწესრიგებული.

იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი შეთანხმებაც კერძოსამართლებრივ


ხელშეკრულებას წარმოადგენს, მასზე სამოქალაქოსამართლებრივი ნორმების
ზოგადი წესები ვრცელდება. აღნიშნულის საფუძველს იძლევა ის, რომ ინტერნეტში
დადებული ხელშეკრულება ჩვეულებრივი სამოქალაქოსამართლებრივი
ხელშეკრულების სახეს წარმოადგენს.
ინტერნეტში ხელშეკრულების დადების ნაწილში ყურადღება უნდა გამახვილდეს
ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კონკრეტულ ვებგვერდზე მოცემულია ჩვეულებრივი
პირობები და მხოლოდ შესაბამისი ღილაკის მეშვეობით პირი თანხმობას აცხადებს
მასზე. ასეთ დროს ვებგვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა საკითხებთან
მიმართებით იყოს კონკრეტული პოზიცია დასაფიქსირებელი, მაგალითად, პირი
უნდა დაეთანხმოს ისეთ პირობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი გაეცნო და
აბსოლუტურად ეთანხმება სტანდარტულ პირობებს და სხვ. იმის
გათვალისწინებით, რომ ვებგვერდის მფლობელი კომპანია ან ნებისმიერი პირი, ვინც
განაგებს ამ უკანასკნელს, თავად ადგენს სტანდარტულ პირობებს, პრაქტიკული
თვალსაზრისიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ, თუ მომხმარებელს სურს
ვებგვერდის საშუალებით მომსახურების მიღება, იგი უნდა დაეთანხმოს
სტანდარტულ პირობებს. სხვა შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება არ
დაიდება.

გამოსარჩევია ინტერნეტში დადებული ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი


პრობლემურობა:

• მაგალითად, მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა შესაბამისი პირის მიერ.


ოფერენტს გააჩნია უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს, თუ რა სახის
პირობებს გაწერს თავის სტანდარტული ტიპის ხელშეკრულებაში და
აქცეპტანტი ვერ სთავაზობს მას თავის ცვლილებებს (მოდიფიცირებულ
ოფერტს და ავტომატურად თანხმდება წარმოდგენილ პირობებს). მაგალითად
ის, თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობით გადაწყდება დავა და ა.შ.
• გარდა აღნიშნულისა, პრობლემას შესაძლებელია წარმოადგენდეს ბათილი
დათქმის მქონე სტანდარტული პირობის საფუძველზე თანხის უკან
დაბრუნების საკითხი (მაგალითად, თუ სხვა კონტინენტზეა გამყიდველი და
მყიდველი სხვა კონტინენტიდან დებს ხელშეკრულებას);
• ასევე, ვებგვერდი, რომელზეც გაწერილი ხელშეკრულების პირობები,
შეიძლება არ იყოს ნამდვილად ეკონომიკური მიზნებისკენ მიმართული და ამ
შემთხვევაში, საქმე დანაშაულებრივ ქმედებასთან გვქონდეს.

ამდენად, ინტერნეტში დადებული ხელშეკრულება (საუბარი არ ეხება სოციალურ


ქსელში დადებულ ხელშეკრულებას, ის ცალკე სახით იქნება განხილული)
გარკვეული რისკების მატარებელ გარიგებას წარმოადგენს. შესაძლებელია,
დაირღვეს ხელშეკრულება – ეს პრობლემა თეორიულად მარტივად გადასაჭრელია,
მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, შეიძლება ეს შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს.
მაგალითად, გართულდეს სასამართლოში სარჩელის შეტანაც კი, როდესაც ვერ
ხერხდება მეორე მხარის შესახებ დეტალური ინფორმაციის ან თუნდაც
ხელშეკრულების შესრულების ადგილის მოძიება, ასევე, შეიძლება გართულდეს
პირობების განსაზღვრა.

მტკიცებულების წარდგენის თვალსაზრისით ყველაზე დიდ სიძნელეს კი ის


წარმოადგენს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, რომელიც
ხელმოწერილ იქნა კონკრეტული მომხმარებლის მიერ, საცილო გახდეს ან ბათილად
იქნეს ცნობილი. ასეთ საკითხებთან მიმართებით მტკიცებულების შეგროვება
სუბიექტურ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა მხოლოდ აღნიშნული ვერ
გახდება სასამართლოში მომხმარებლის სასარგებლოდ საქმის წარმოების
დასრულების წინაპირობა. ამ შემთხვევაში მოტყუების ან შეცდომის მტკიცება
თითქმის შეუძლებელია. ამასთან, ვებგვერდზე არსებული ხელშეკრულების
სტანდარტული პირობები სწორედ იმის წინაპირობაა, რომ მხარე მარტივად,
ყოველგვარი დაჩქარების გარეშე გაცნობოდა თითოეულ მათგანს და შემდეგ
გამოევლინა ნება აღნიშნულის მიმართ. მაგალითად, თუ პირი არ არის
დარწმუნებული კონკრეტული ნივთის ნივთობრივ უნაკლობაში, მაგრამ
ინტერნეტში არსებული სურათიდან გამომდინარე, ე.წ. ინტერნეტდათვალიერების
გზით მაინც დებს ხელშეკრულებას, იგულისხმება, რომ ის ეთანხმება ამგვარ
პირობებს. განსხვავებული შედეგი დადგება მხოლოდ მაშინ, თუ პირობები აშკარად
შეუსაბამოა რეალობასთან, ან თუ საქმე გვაქვს თაღლითობასთან და სხვ.

რაც შეეხება ნების გამოვლენას, რომელიც განხორციელდა ელექტრონული


ხელმოწერით ან კონკრეტულ პირობაზე ელექტრონული საშუალების გამოყენებით,
იგი წერილობითი ფორმით დადებული გარიგების ანალოგიურად შეიძლება იქნეს
მოაზრებული.

სოციალურ ქსელში დადებული ხელშეკრულება - სოციალურ ქსელში


დარეგისტრირება მხოლოდ ხელშეკრულების დადებითაა შესაძლებელი. თანხმობა
რეგისტრაციის თაობაზე წარმოადგენს მომხმარებლის დასტურს, გამოიყენოს
სოციალური ქსელი კანონით აუკრძალავი მიზნებისთვის. ამდენად, სოციალურ
ქსელში რეგისტრაციისთვის ნების გამოვლენაა საჭირო, რათა დადებულ იქნეს
ნამდვილი გარიგება.

თავის მხრივ, ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის ამოსავალ წერტილად


სამოქალაქოსამართლებრივი მოწესრიგება უნდა განისაზღვროს, ვინაიდან კანონის
სპეციალური ნორმით ამგვარი დათქმა არც საქართველოში გვხვდება და არც სხვა
განვითარებულ ქვეყნებში. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური ქსელი თავისი
ფუნქციებით ელექტრონულ ფოსტას გაუთანაბრდა (იგულისხმება პირველ რიგში –
„Facebook-ი”), სახელშეკრულებო ურთიერთობისას (მაგალითად, შრომითი
ურთიერთობის დროს) შესაძლებელია, მისი, როგორც ყოველდღიური ინფორმაციის
მიმწოდებელი საშუალების, გამოყენება.

აღნიშნული განვითარება წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ მხარეებს შეუძლიათ


ხელშეკრულება სწორედ სოციალური ქსელის გამოყენებით დადონ, გაუგზავნონ
მეორე მხარეს იგი და სხვ., ან უშუალოდ სოციალურ ქსელში შეთანხმდნენ
გარკვეულ ვალდებულებებზე. მაგალითად, თუ მხარეები სოციალური ქსელის
მიმოწერის ფუნქციის მქონე საშუალებით ერთმანეთს გარკვეული საკითხის
თაობაზე შეუთანხმდებიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი სოციალური ქსელის გამოყენებით
დებენ ხელშეკრულებას. ასეთი ხელშეკრულება მოაზრებულ უნდა იქნეს, როგორც
სოციალური ქსელის საშუალებით დადებული ხელშეკრულება.

ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული ხელშეკრულება - ელექტრონული


ფოსტის საშუალებით ხელშეკრულების დადებისას მხარეთა შეთანხმება სწორედ
ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ხორციელდება (მხარეები აფორმებენ
ხელშეკრულებას მისი ყველა რეკვიზიტით და ახდენენ ელექტრონულ ხელმოწერას).

აღნიშნული საკითხი არ შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხარე ელექტრონული


ვერსიის ხელმოწერილ დოკუმენტს უგზავნის მეორე მხარეს ხელმოსაწერად.
ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული ხელშეკრულებისას
მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ როდის ჩაითვლება ნება გამოვლენილად.
ხელშეკრულების თავისუფლება მხარეებს იმგვარი მოქმედების უფლებას ანიჭებს,
რომლითაც მათ შეუძლიათ წინარე ხელშეკრულებაში მოაწესრიგონ ნების
ადრესატამდე მისვლის საკითხი (მაგ.: ამა და ამ ელექტრონულ ფოსტაზე
ხელშეკრულების გადაგზავნა და დადასტურება და ა.შ.).

თუ მტკიცება დასჭირდება პირს ამ საკითხთან მიმართებით, გამოიყენება არაერთი


ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც ასეთ ფაქტს დაადასტურებს.
განსხვავებულად წესრიგდება საკითხი, როდესაც საქმე ისეთი სახის შეთანხმებებს
(ხელშეკრულებებს) ეხება, რომლებიც ნების გამოვლენის ფაქტს არ აკონკრეტებენ.
ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გამიჯნულ იქნეს ის, თუ ვის
უგზავნის ელ. ფოსტის გამგზავნი ასეთ შეტყობინებას – მეწარმეს (საწარმოს, იმ პირს,
რომელიც ბიზნესსაქმიანობას ეწევა), თუ კერძო პირს. უფრო ზუსტად, პრობლემის
გადაჭრისას გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად ელოდებოდა ან/და
შეიძლებოდა მოლოდინი ჰქონოდა პირს, რომ მიიღებდა ასეთ ელექტრონულ
შეტყობინებას. მაგალითად, ბიზნესით დაკავებული პირი დღეში რამდენჯერმე
ამოწმებს ელ. ფოსტას. ეს წარმოშობს მოლოდინს, რომ იგი უფრო მალე ნახავს ამგვარ
შეტყობინებას, ვიდრე სხვა პირი. თუმცა, ორივე შემთხვევაში, საჭიროა ელ. ფოსტის
მიმღების მხრიდან შესაბამისი წერილობითი (ელ. ფოსტის ან სხვა, მატერიალური
დოკუმენტის) სახით ოფერტის მიღება და აქცეპტით მისი დადასტურება.

რამდენად მართებულია ტერმინი „ელექტრონული ფოსტით დადებული


ხელშეკრულება”? რამდენად შეიძლება ელ. ფოსტის საშუალებით დაიდოს
ხელშეკრულება მაშინ, როდესაც რეალური მოქმედება სხვაგვარად ხორციელდება?

პრაქტიკაში არსებული მაგალითებიდან გამომდინარე, ამგვარი მოქმედება


შემდეგნაირად ხორციელდება: მხარეები ბეჭდავენ ელექტრონულ დოკუმენტს,
შემდეგ მატერიალური სახით დაფიქსირებულს აწერენ ხელს და ხელმოწერილს
ისევე ელექტრონული სახით უგზავნიან მეორე მხარეს. ამდენად, ასეთ დროს
ხელშეკრულება იდება „ელექტრონული ფოსტის დახმარებით“ და არა
„ელექტრონული ფოსტით“. ხელმოწერის ნამდვილობა დამოკიდებულია შესაბამის
მტკიცებულებაზე. იგი დასაშვებია ასევე სპეციალური კანონის გზით. ასეთის
არსებობისას ელექტრონული ფოსტა მხოლოდ ე.წ. „გამტარ“ ფუნქციას ასრულებს.

ელექტრონული ფოსტის დახმარებით ხელშეკრულების დადების მეორე


შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ფოსტის გაგზავნით (იგულისხმება მასში
არსებული ტექსტი, ან წერილი, რომელსაც არ გააჩნია მეორე მხარისთვის
ხელმოწერის ადგილი) და მისი მიღებით დებენ მხარეები ხელშეკრულებას. ასეთ
დროს საკამათო ის საკითხი ხდება, თუ რამდენად დაცულია წერილობითი ფორმა.
მაგალითად, გამყიდველი შეუთანხმდა მყიდველს უძრავი ნივთის მიყიდვის
თაობაზე და მისწერა მას, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულება ასი ათას ლარს
შეადგენს. თუ მყიდველმა საპასუხო ელექტრონული ფოსტით დაუდასტურა
გამყიდველს თავისი ნება და დაეთანხმა მის ოფერტს, იგულისხმება, რომ მხარეთა
შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ეს ფაქტი ხელშეკრულების დადების
თაობაზე შესაბამის მტკიცებულებად ვერ იქცევა.

პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ელექტრონული ფოსტის ამონაწერებს საჯარო


რეესტრი ვერ ჩაიბარებს. ამასთან, ეს შეიძლება ასევე პრობლემა გახდეს
სასამართლოში ხელშეკრულების დადების მტკიცების თვალსაზრისითაც.
შესაძლებელია, სასამართლომ ელექტრონული ფოსტით მიღწეული შეთანხმება
წერილობითი გარიგების მაგალითად არ მიიჩნიოს.
შესაბამისად, ასეთის არსებობისას ხელშეკრულების თავისუფლების რეალიზაცია
გარკვეული სირთულეებით (მოწესრიგების არასრულფასოვნებიდან გამომდინარე)
ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტა გარკვეული სახის
ინფორმაციას ინახავს, მისი საშუალებით დადებულ ხელშეკრულებასთან
დაკავშირებით შესაძლებელია უამრავი სახის ტექნიკური ხასიათის პრობლემას
წავაწყდეთ. მაგალითად, შეიცვალოს ტექსტი (გარკვეული ჩარევის საფუძველზე),
მოხდეს მოდიფიკაცია, წაიშალოს და ა.შ. შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის
საშუალებით ხელშეკრულების დადება არ წარმოადგენს მხარეთათვის დაცულობის
უპირობო საფუძველს და შეიძლება მისი ავთენტურობის დადგენა გახდეს
პრობლემური.

ხელშეკრულების ფორმა

თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული


ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა,მაშინ
ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის
შესრულების შემდეგ (იხილეთ მერვე ლექციის კონსპექტიდან „გარიგების
ფორმები“).

ხელშეკრულების ფორმის დაუცველობა შესაძლოა აღმოჩნდეს მისი ბათილობის


მიზეზი. სწორედ ამიტომ ხელშეკრულება დადებული უნდა იქნეს საამისოდ
დადგენილი ფორმით. თუკი კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა
ხელშეკრულების ნამდვილობისათვის და მხარეებმა ხელშეკრულების აღნიშნული
ფორმა გაითვალისწინეს, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შევა ამ ფორმისაგან
დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ (ს.კ. 328-ე მუხლი).

ხელშეკრულება გარიგების ერთ-ერთი სახეა. სწორედ ამიტომ ხელშეკრულების


მიმართ გამოიყენება წესები გარიგების ფორმის შესახებ.
ხელშეკრულების ფორმის სახეებია:

1. ზეპირი;
2. მარტივი წერილობითი
3. რთული წერილობითი (სანოტარო)

ზეპირი ხელშეკრულების დადება ნებისმიერი პირისთვის სამართლებრივი


ურთიერთობის დამყარების გაიოლებულ გზას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც
მხარეები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ამყარებენ სახელშეკრულებო
ურთიერთობას. მაგალითად, წარმოვიდგინოთ: მაღაზიაში ნებისმიერი პროდუქტის
ნასყიდობაზე წერილობითი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას რომ
იცნობდეს კანონი, მაშინ ნებისმიერი სავაჭრო ცენტრისთვის ყოველდღიური
საქმიანობის განხორციელება და მომხმარებლისთვის კი ასეთი ხელშეკრულების
დადება მეტად რთული იქნებოდა.

ზეპირი ხელშეკრულების დადებას გააჩნია არსებითი მნიშვნელობის მქონე


ნეგატიური ნიშანი: მტკიცების ტვირთი. მხარემ, რომელმაც სასარჩელო მოთხოვნა
ხელშეკრულებით ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე იკისრა,
ვალდებულია ამტკიცოს, რომ ასეთი ხელშეკრულება დადებული იყო. ამგვარი
მტკიცება ძალიან რთულია.

ამდენად, ხელშეკრულების თავისუფლების პირდაპირი გამოვლინება ზეპირ


ხელშეკრულებაში გვხვდება, მაგრამ ყოველი შეთანხმება ან პირობების დათქმა ასეთ
ხელშეკრულებად არ უნდა იქნეს აღქმული. მხარეთა მიერ ნებისმიერი მოლაპარაკება
თუ პოზიციის დაფიქსირება ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ ის
ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას არ მოიცავს საამისოდ
დადგენილი ფორმით.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ცნობილია წერილობითი ფორმის ორი სახე (სქემა 2.01):

• მარტივი;
• სანოტარო.

ზეპირი ხელშეკრულებისგან აბსოლუტურად განსხვავდება წერილობითი


ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. ხელშეკრულება შეიძლება წერილობით
დაიდოს, თუ მხარეები ჩათვლიან ასეთ ქმედებას საჭიროდ, ან თუ ეს კანონში
სავალდებულო სახითაა გაწერილი. ასეთი პირობის დაუცველობა ხელშეკრულების
ბათილობის საფუძველი ხდება, ვინაიდან ხელშეკრულების წერილობითი ფორმა
ნების ნამდვილობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, კონკრეტული დავის


არსებობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლებრივი ბუნების
გათვალისწინებით, ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება ყველაზე
აპრობირებული მეთოდია.

პრაქტიკაში წერილობითი ხელშეკრულება გვხვდება უფრო ისეთ სახელშეკრულებო


ურთიერთობებთან მიმართებით, რომლებშიც საუბარი (ხელშეკრულების ფასი)
შეეხება დიდ თანხას ან დიდ რისკს, რაც ხელშეკრულების დადებას ახლავს თან.
ასეთია, მაგალითად, ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შემკვეთს მენარდის
მიმართ კონკრეტული დავალების დაწესების სურვილი გააჩნია და სურს
თითოეული ეს პირობა წერილობით ფორმატში ასახოს; ან იმგვარი მოძრავი ნივთის
ნასყიდობა (არ იგულისხმება სატრანსპორტო საშუალება), რომლის ღირებულება
სოლიდურ თანხას შეადგენს და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში კანონი არ ითხოვს ხელშეკრულების


წერილობით გაფორმებას, მხარეებს შეუძლიათ წერილობით გააფორმონ
ხელშეკრულება. მარტივი წერილობითი ფორმისათვის საკმარისია
ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა, ხოლო თუ მხარეს რაიმე ისეთი ნაკლი
აქვს, რომ ამის შესრულება არ შეუძლია, მაშინ მას შეუძლია ხელის მოწერა სხვას
მიანდოს. ამ შემთხვევაში ეს აუცილებლად დადასტურებული უნდა იყოს
ნოტარიუსით, შესაბამისი მიზეზების გათვალისწინებით.

ხელშეკრულების სანოტარო დამოწმება სავალდებულოა მხოლოდ და მხოლოდ


კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. მაგალითად, კომანდიტის
მიერ წილის გასხვისება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება კანონი არ
ითხოვდეს სანოტარო წესით ხელშეკრულების დამოწმებას, მაგრამ მხარეების
ურთიერთშეთანხმებით მაინც შეიძლება ამის შესრულება.

ზოგიერთ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია ხელშეკრულების


გაფორმების დამატებითი სტადია, ესაა _ საჯარო რეესტრში რეგისტრირება და
მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება აღნიშნული ხელშეკრულება დადებულად (მაგ.:
უძრავი ქონების შეძენა).

ხელშეკრულება, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის


არსებობა, აუცილებლად მოითხოვს წერილობით ფორმას. თუ სხვა ფორმაა
გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის,
რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას (მაგ.:
იპოთეკა).

გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ვალის არსებობის აღიარება ხდება ანგარიშსწორების


საფუძველზე (მაგ.: მოვალე კრედიტოს ურიცხავს ვალს, ან მის ნაწილს), ზოგჯერ
მორიგების გზით (მაგ.: სიტყვიერი მორიგება). სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით
ასეთ შემთხვევებში ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

ხელშეკრულებიდან გასვლა, ანუ უარი ხელშეკრულებაზე:

თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არსებითად არღვევს ხელშეკრულებით


გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ მეორე მხარეს (კონტრაჰენტს) უფლება აქვს
უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ანუ გავიდეს ხელშეკრულებიდან. ასეთ შემთხვევაში
მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით
დაბრუნება).

ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია:

• ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების


ნამდვილობის ზოგად პირობებს);
• ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების
მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (არსებითი ხასიათისაა დარღვევა, თუ
მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი
შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან
იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი, ანდა კრედიტორს ეკარგება
შესრულების ინტერესი და ა.შ.);
• ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე
მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია
ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა;
• მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ
შეუძლია, კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
• ვალდებულების დარღვევისათვის მთლიანად და უმთავრესად კრედიტორი
არ არის პასუხისმგებელი (მაგ. თუ ორმხრივ ხელშეკრულებაში მოვალის მიერ
ვალდებულების დარღვევა განაპირობა კრედიტორის მხრიდან საპასუხო
მოქმედების განუხორციელებლობამ);
• მოთხოვნას არ უპირისპირდება მოვალის შესაგებელი, რომელიც უკვე
წარდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყონებლივ ხელშეკრულებაზე
უარის თქმის შემდეგ (მაგ. შესაგებელი ხანდაზმულობაზე ან ვალის
გაქვითვაზე);
• სახეზეა კრედიტორის მიერ შესრულებული იურიდიული მოქმედება -
ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ
ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი - ანდა, თუ
ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება ვადა -
გაფრთხილება.

ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ:

• შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება;


• მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს,
გადაამუშავებს ან გადააკეთებს;
• მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით გამოწვეული
ცვეთა მხედველობაში არ მიიღება.

თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ


ფულადი ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით. მაგ.: კომპანია „სოკარმა“
მიაწოდა საწვავი კომპანია „ტაქსიფაის“, ხოლო ამ უკანასკნელმა არ გადაუხადა მას
საწვავის ღირებულება შეთანხმებულ ვადაში. კომპანია „სოკარი“ მოშლის
ხელშეკრულებას და მოითხოვს არა საწვავის დაბრუნებას, არამედ - უკვე მიღებული
საწვავის საფასურის გადახდას.

ხელშეკრულების შეწყვეტა (იგივე ხელშეკრულების მოშლა):

გარეგნულად ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა) და ხელშეკრულებიდან გასვლა


(უარი ხელშეკრულებაზე) ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში ხდება
სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა, თუმცა მათ შორის განსხვავებაც
მნიშვნელოვანია:

კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლა ყოველთვის ნეგატიურია თავისი გაგებით,


ხორციელდება ერთი- კეთილსინდისიერი მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენის
შედეგად, მაშინ როცა ხელშეკრულების მოშლა ხორციელდება როგორც ცალმხრივი
ნების გამოვლენის, ისე მხარეთა შეთანხმების შედეგად.
მაგ.: ჯემალიმ დროზე არ დაუბრუნა სესხი გურამს. ეს უკანასკნელი მიმართავს
სასამართლოს და ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას და თანხის ანაზღაურებას
სრულად;

ანდა, ჯემალს გამოწერილი ქონდა პერიოდული გამოცემა (ჟურნალები), თუმცა


ხელფასის შემცირების გამო შლის აღნიშნულ ხელშეკრულებას, თუმცა უკვე
შეძენილი ჟურნალების თანხა უკვე კეთილსინდისიერად აქვს გადახდილი.

ამასთან, თუ გრძელვადიან ურთიერთობაზე მხარე პატივსადები მიზეზის გამო


ამბობს უარს, მაშინ სახეზე გვექნება ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) და არა
გასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე განხორციელებული შესრულება ძალაში
დარჩება. ანუ, ხელშეკრულების მოშლა შედარებით გრძელვადიანი
ურთიერთობებისათვის ყოფილა დამახასიათებელი. უკვე განხორციელებული
შესრულებები ასეთ დროს ძალაში რჩება.

ხელშეკრულების გაუქმება:

რაც შეეხება ხელშეკრულების გაუქმებას, ამ შემთხვევაში მონაწილეთა შორის


ურთიერთობა დასრულებულია და გაუქმების მოთხოვნის წარდგენას ადგილი აქვს
მომავალში განსაზღვრული პირობების დადგომის გამო.

მაგალითად, სკ 529-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩუქება შეიძლება


გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ
უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

ხელშეკრულების გაუქმების პირობების დადგენა:

ხელშეკრულების გაუქმების პირობების დადგენას ახდენს:

• კანონი;
• ან/და თავად ხელშეკრულება

მაგ.: მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხარეებმა გაითვალისწინეს,


რომ თუკი სამომავლოდ გამოვლინდებოდა, რომ მიწის ქვეშ გადის კომუნიკაცია, რაც
ნასყიდობის დადების დროს მყიდველისათვის არ იყო ცნობილი, ის მოითხოვდა
ხელშეკრულების გაუქმებასა და რესტიტუციას (თანხის უკან დაბრუნებას).
ხანდაზმულობა:

სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების


მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა (პოზიტიური და ნეგატიური
გაგებით).

ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება:

• ა. პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის


გათვალისწინებული;
• ბ. მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში
შეტანილი ანაბრების გამო.

სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს,


ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა -
ექვს წელს;
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით უძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელებით
დაცვაზე ხანდაზმულობას, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან
გამომდინარე, არ ავრცელებს (სანივთოს გავლისას აგიხსნით);
2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია;
3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს
ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი


ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის
სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული.

ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველ


თვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს)
შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი
შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის
ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. ანუ, თუ მაგალითად
საბანკო კრედიტის აღებიდან სექტემბრის თვის დავალიანება მაქვს, დავალიანების
წარმოშობიდან 3 წელია შესაძლებელი სექტემბრის თვის დავალიანებაზე მომედავოს
ბანკი. ხოლო მთლიანად საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხანდაზმულობის ვადა კი
ბოლო შესასრულებელი ვალდებულებიდან 3 წლის განმავლობაში გრძელდება.

სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადები:

კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონით


შეიძლება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სპეციალური ვადებიც
დადგინდეს. ხანდაზმულობის სპეციალური ვადების არსებობა გამორიცხავს 129-ე
მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ზოგადი ვადების გამოყენებას და
მოთხოვნა მხოლოდ სპეციალურ ვადაშია განხორციელებადი;

სპეციალური ვადა ზოგადი ვადებისაგან განსხვავებულ მცირე (მაგ. 663-ე მუხლით


ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს), ან ხანგრძლივ
(მაგ. 920-ე მუხლით ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების
ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ოცდაათ წელს) დროს შეიძლება ადგენდეს.

სპეციალური ხანდაზმულობის ვადები ჩვენც განვიხილეთ (მაგ.: საერთო კრების


ოქმის გასაჩივრების ვადა, შეცდომით, ან მოტყუებით დადებული ხელშეკრულების
შეცილებაზე არსებული ხანდაზმულობის ვადა და ა.შ.);

რამდენიმე ხელშეკრულების მოკლე მიმოხილვა:

ნასყიდობის ხელშეკრულება ნათლად გამოხატავს ერთი მხარიდან მეორე მხარეზე


ქონების გადასვლის მომენტს. ამ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია გადასცეს
მყიდველს საქონელი, მასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტაცია და
საკუთრების უფლება ქონებაზე (ს.კ. მუხლი 477). ნასყიდობის ხელშეკრულება
ორმხრივია (მხარეების მიხედვით), კონსესუალურია (ხელშეკრულების დადების
მომენტის მიხედვით) და სასყიდლიანია (შემხვედრი დაკმაყოფილების მიღების
მიხედვით).

გაცვლის ხელშეკრულების ძალით, მასში მონაწილე მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე


საკუთრების ურთიერთგადაცემა. ამ დროს წარმოიშობა ორივე მხარის
ვალდებულება _ გადასცეს მეორე მხარეს ქონება საკუთრებად (ს.კ. მუხლი 521).
გაცვლის ხელშეკრულება ორმხრივია, კონსესუალური და სასყიდლიანია
ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად. თუმცა მათ შორის განსხვავება გამოიხატება
გაცვლის ექვივალენტში, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში ეს
არისფული, ხოლო გაცვლის ხელშეკრულების დროს კი ეს არის ტოლფასიანი
ქონება.
ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებლისაგან უსასყიდლოდ გადაეცემა
დასაჩუქრებულს ქონება მისი თანხმობით (ს.კ. მუხლი 524). ჩუქების
ხელშეკრულებისას მკვეთრად ხაზგასმულია აუცილებელი პირობა _
დასაჩუქრებულის თანხმობა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიხატება მისი
მოქმედებიდან _ საჩუქრის მიღება.

ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.


ჩუქება რეალური, ცალმხრივი და უსასყიდლო ხელშეკრულებაა.

ქირავნობის ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივ, კონსესუალურ, სასყიდლიან


ხელშეკრულებას. ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა
დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი რაიმე განსაზღვრული ვადით,
ხოლო დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა (ს.კ.
მუხლი 531). ამასთან შეიძლება ითქვას, რომ დაქირავებული ქონება
დამქირავებელმა შეიძლება მიაქირაოს მესამე პირს, თუმცა ასეთი ქმედებისათვის
აუცილებელია გამქირავებლის თანხმობა. ეს აქტი ცნობილია როგორც ქვექირავნობა.

თავისი არსით ლიზინგი ქირავნობას წარმოადგენს, თუმცა გააჩნია მნიშვნელოვანი


თავისებურებები. ლიზინგის ხელშეკრულებით ძირითადად ქირავდება
ძვირადღირებული მოწყობილობანი ხანგრძლივი დროით. ლიზინგის
ხელშეკრულება იდება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს: მთლიანი
ფასი, სალიზინგო საზღაურის თანხა, მისი გადახდის ვადები, საბოლოო გადახდის
თანხა, სხვა წესები (ს.კ. მუხლი 577).

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს განსაზღვრულ ქონებას


დროებით სარგებლობაში, ამასთან გადასცემს ასევე საიჯარო დროის განმავლობაში
მიღებულ ნაყოფზე საკუთრების უფლებას. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს
მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა (ს.კ. მუხლი 581).

თანამედროვე პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა ფრენშაიზინგი. ამ დროს


ხელშეკრულებით ფრენშაიზის მიმცემი, რომელსაც კარგად დამუშავებული
გარკვეული სისტემა გააჩნია, უფლებას აძლევს სხვა პირს, იგივე ფრენშაიზის
მიმღებს, რომ მან სათანადო ანაზღაურებით გამოიყენოს აღნიშნული სისტემა
ფრენშაიზის მიმცემის მოთხოვნებს შესაბამისად. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება
გრძელვადიანი ურთიერთობაა, თუმცა კანონი ადგენს ზღვრულ ვადას _ ათ წელს,
მაგრამ მხარეებს შეუძლიათ გააგრძელონ შემდგომში ხელშეკრულება იმავე ან
შეცვლილი პირობებით (ს.კ. მუხლი 612).
თხოვების ხელშეკრულებით ერთი მხარე, გამნათხოვრებელი, იღებს ვალდებულებას
გადასცეს მეორე მხარეს, მონათხოვრეს, ქონება დროებით უსასყიდლოდ
სარგებლობისათვის (ს.კ. მუხლი 616). თხოვების ხელშეკრულება უსასყიდლოა,
ამასთან ის შეიძლება იყოს კონსესუალური და რეალურიც; და თუ კონსესუალურია,
მაშინ იგი ორმხრივიცაა, რადგან მონათხოვრეს უფლება აქვს მოითხოვოს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის გადაცემა და მოვალეა განსაზღვრულ
დროში დააბრუნოს იგი (მაგ.: წერილობითი ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი და
მონათხოვრე თანხმდებიან ნივთის თხოვნაზე). თხოვების ხელშეკრულება შეიძლება
იყოს ზეპირი ან წერილობითი.

სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს რეალურ ცალმხრივ ხელშეკრულებას, რადგან


ის დადებულად ითვლება ფულის ან ნივთის გადაცემის მომენტიდან. მსესხებელს
გააჩნია ფულის ან ნივთის დაბრუნების მოვალეობა, ხოლო გამსესხებელს _ ვალის
დაბრუნების მოთხოვნის უფლება. სესხის ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს
ზეპირად, ასევე წერილობით. სესხის ხელშეკრულება შესაძლოა იყოს სასყიდლიანი
(პროცენტიანი) და უსასყიდლო (უპროცენტო). ეს საკითხი ძირითადად მხარეების
შეთანხმებით წყდება. ასევე მათ მიერ განისაზღვრება სესხის ხელშეკრულების ვადა.

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით


გათვალისწინებული რაიმე სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს
მენარდეს შესაბამისი საზღაური შეთანხმების მიხედვით (ს.კ. მუხლი 629).
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანია.

დავალების ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებია რწმუნებული და მარწმუნებელი.


რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე
მოქმედება მარწმუნებელის სახელით და მარწმუნებელის ხარჯით (ს.კ. მუხლის 709).
დავალების ხელშეკრულება კონსესუალურია, უსასყიდლოა (თუმცა ზოგჯერ
განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლოა მარწმუნებელი მოვალე იყოს გადაუხადოს
რწმუნებულს თანხა _ გასამრჯელო).

საშუამავლო ხელშეკრულებით მაკლერი კისრულობს ხელშეკრულების დასადებად


შუამავლობას მეორე მხარესა _ შემკვეთსა და მესამე პირს შორის. საშუამავლო
ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური, შეიძლება ითქვას რომ
სასყიდლიანია, თუმცა ეს უკანასკნელი დამოკიდებულია შუამავლობის შედეგად
ხელშეკრულების დადებაზე, გასამრჯელოს დადგენის და გადაცემის წესის შესახებ.

გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია გარკვეული, უკვე


შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაუტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს
მგზავრები დანიშნულ ადგილზე (ს.კ. მუხლი 668). გადაზიდვის ურთიერთობაში
მონაწილეობს სამი (ან მეტი) პირი. ესენია ტვირთის გამგზავნი, გადამზიდველი,
ტვირთის მიმღები. ხელშეკრულება იდება ტვირთის გამგზავნსა და გადამზიდველს
შორის.

ექსპედიციის ხელშეკრულებით ერთი მხარე _ ექსპედიტორი, კისრულობს საკუთარი


სახელით და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან
დაკავშირებული მოქმედებები. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული
პროვიზია.

გადაზიდვასა და ექსპედიციას შორის განსხვავება

გადაზიდვის ხელშეკრულების საგანია ტვირთის გადაზიდვა ერთი ადგილიდან


მეორე ადგილზე, ხოლო ექსპედიციის ხელშეკრულების საგანია, ტვირთის
გადაზიდვის უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მისი ფაქტობრივად გადაზიდვა,
არამედ სხვა ქმედებები, რაც საჭიროა ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე
გადასატანად (მაგ.: შეფუთვა, დატვირთვა, დახარისხება და ა.შ.).

ამავდროულად ექსპედიტორი შეიძლება თვითონ არ იყოს გადამზიდველი, მან


შეიძლება გადამზიდველთან დადოს ხელშეკრულება თავისი სახელით და
შემკვეთის ხარჯებით, ხოლო გადამზიდველის მიერ თავისი მოვალეობების
დარღვევისას, ექსპედიტორმა უნდა გადასცეს თავისი მოთხოვნა შემკვეთს, ანუ თუ
იგი არ არის გადამზიდველი იგი პასუხს არ აგებს გადამზიდველის ბრალეული
ქმედებისათვის.

დასკვნა:

ამრიგად, ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა სახელშეკრულებო სამართლის მოკლე კურსი,


რომლის დროსაც შევისწავლეთ:

• ცნებები (გარიგება, ხელშეკრულება, ოფერტი, აქცეპტი და ა.შ.);


• გარიგებათა და ხელშეკრულებათა ფორმები;
• ვალდებულებისა და ხელშეკრულების ურთიერთმიმართება (ნებისმიერი
ხელშეკრულება წარმოშობს ვალდებულებას);
• გარიგებათა და ხელშეკრულებათა სახეები;
• ხელშეკრულებიდან გასვლა, მისი შეწყვეტა და გაუქმება;
• ხანდაზმულობები.

You might also like