You are on page 1of 15

მუხლი 155. ცნება.

სახეები
1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე,
მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ
პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.
3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული
ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას, ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი
ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი
მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.
5. თუ ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს, ისინი ითვლებიან ცალკეული ნაწილების
მფლობელებად.
1. ნორმის არსი - მფლობელობა პირის ფაქტობრივი ნებითი ბატონობაა ნივთზე. მფლობელობა არის
ფაქტობრივი პროცესი და არა უფლება. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს
მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა და ახლანდელი მფლობელისაგან ნივთის უკან დაბრუნება; ასევე,
მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია უკავშირდება მფლობელობას. მფლობელობა არის
სხვადასხვა სანივთო უფლების მოპოვების წინაპირობა და შესაძლებელია მფლობელობის მემკვიდრეებზე
გადაცემა. სამოქალაქო კოდექსი იცნობს მფლობელობის სხვადასხვა სახეს: ა) პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელობა; ბ) კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელობა; გ) ერთპიროვნული და
თანამფლობელობა; დ) ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა.
2. ნორმის გამოყენების სფერო - 155-ე მუხლის გამოყენების სფერო შეეხება მხოლოდ სხეულებრივი
საგნების მფლობელობას, მათ შორის, ისეთი საგნების, რომლებიც საზოგადოებრივი გამოყენებისთვის არის
განკუთვნილი. მიწის ნაკვეთის მფლობელობა მოიცავს ასევე ამ ნაკვეთის ზემოთ მდებარე სივრცეს.
სპეციალურობის პრინციპის თანახმად, შეუძლებელია საგანთა ერთობლიობაზე მფლობელობის
წარმოშობა, მაგრამ შესაძლებელია ცალკეული საგნების ფლობა. თუ მფლობელობა საგანთა
ერთობლიობაზე უნდა გავრცელდეს, ამ შემთხვევაში, თითოეული საგანი ინდივიდუალურად უნდა იყოს
განსაზღვრული.
1. ზოგადი დებულებები - 155-ე მუხლი აწესრიგებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე მფლობელობის მოპოვებას,
თუ იგი არ გამომდინარეობს უნივერსალური სამართალმემკვიდრეობიდან. ვინაიდან მფლობელობის არსი
ნივთის ფაქტობრივ ბატონობაშია, დაუშვებელია მფლობელობის განხორციელება წარმომადგენლის
მეშვეობით, რადგან წარმომადგენლობა შეეხება მხოლოდ ნების გამოვლენას. წარმომადგენლობით
ურთიერთობაში შესაძლებელია წარმომადგენლის მიერ პირდაპირი მფლობელობის მოპოვება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც მფლობელობის მოპოვება არის გარიგებაზე დაფუძნებული მოქმედება. სხვა
შემთხვევაში, თუ წარმომადგენელი არის მჭერი (155 II), მის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის
მოპოვება ნიშნავს წარმოდგენილი პირის მიერ მფლობელობის მოპოვებას.
2. ფაქტობრივი ბატონობის არსი - ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვება უნდა იყოს გარეგნულად
შესაცნობი და არ არის აუცილებელი, რომ იგი იყოს მართლზომიერი ქმედება. ნივთზე ფაქტობრივი
ბატონობა არ ნიშნავს ამ ნივთთან მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას ან სივრცობრივ კავშირს და იგი, ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ცხოვრებისეული გარემოებების შეჯამებითი შეფასების
საფუძველზე. აუცილებელი წინაპირობაა მფლობელის მიერ ნივთზე ზემოქმედების საშუალების არსებობა
და ფაქტობრივი ბატონობის დროში განგრძობადობა, რომელიც სხვა პირებს გამორიცხავს ნივთზე
ბატონობისაგან. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, რთული იყოს მფლობელობისაგან ნივთზე
სამართლებრივად უმნიშვნელო ზემოქმედების გამიჯვნა. ნივთზე ფიზიკური ზემოქმედების
მფლობელობად აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთზე ზემოქმედებამდე არ
არსებობდა მფლობელობა, ან ასეთი მოქმედება ნივთის თავდაპირველი მფლობელის ზემოქმედებას
გამორიცხავს.
3. მფლობელობის დროში განგრძობადობა - მფლობელობის დროში განგრძობადობის შეფასება ხდება
ცალკეული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით. თუ პირი სხვა პირის ბატონობის სივრცეში
მხოლოდ დროებით ან სიმბოლურად ფლობს ნივთს, მაშინ ასეთი შემხებლობა არ წარმოშობს
მფლობელობას 155 I მუხლის გაგებით.
4. მფლობელობის ნება - ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა მოპოვებული უნდა იყოს მფლობელის ნების
გამოვლენით. პირს უნდა სურდეს, იყოს ნივთის მფლობელი. როცა პირის სუბიექტური ნება არ
მონაწილეობს, არ არის მფლობელობა; მფლობელობის ნება მოცემულია იმ შემთხვევებშიც, როდესაც პირის
მიერ განხორციელებული ქმედებები გამოხატავს ნივთის მფლობელობაში მიღების ნებას. მფლობელობის
ნება ნიშნავს მხოლოდ პირის ბუნებრივ ნებას, რადგან იგი ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას შეეხება. ასეთი
ნების მატარებელი შეიძლება იყოს როგორც შეზღუდულად ქმედუნარიანი, ისე ქმედუუნარო პირი,
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, თუ იგი, გარემოებების გათვალისწინებით, ნივთზე
ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებს. მფლობელობას ვერ მოიპოვებს ის პირი, რომლის ქმედებაც
ბუნებრივ ნებელობას არ ექვემდებარება.
5. მფლობელობის მოპოვება
ა) ცალმხრივად პირის მიერ ნივთზე მფლობელობის მოპოვება ნიშნავს ნივთის მის ბატონობაში მოქცევას,
მაგალითად, ქურდობის, მითვისების ან პოვნის გზით; ასევე, მფლობელობის ცალმხრივად მოპოვების
ფაქტია, მაგალითად, პირის მიერ მოქმედების განხორციელების გარეშე მის ბატონობაში ნივთის გადასვლა,
როდესაც მას აქვს ნივთის ფლობის ზოგადი ნება. მფლობელობის მოპოვება არის რეალაქტი და
მფლობელობის განხორციელებისათვის სამართლებრივი უფლებამოსილების არსებობას არა აქვს
მნიშვნელობა.
ბ) თავდაპირველი მფლობელის მიერ ახალ მფლობელზე ნივთის გადაცემის ეს ფორმა არის საკუთრების
შეძენის საფუძველი 186-ე მუხლის მიხედვით. ამ შემთხვევაშიც, ნივთის მფლობელობაში გადაცემა არის
რეალაქტი და არ გამოიყენება გარიგების ნამდვილობის წესები. აუცილებელი წინაპირობაა ახალი
მფლობელის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დამყარება; ასევე, ფაქტობრივი ბატონობაა,
მაგალითად, აღმასრულებლის მიერ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება, ბინის გასაღების გადაცემა და სხვ.
6. მფლობელობა განსაკუთრებულ სამართლებრივ ურთიერთობებში
სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს სპეციალურ დებულებებს კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და
სხვა გაერთიანებების ნივთზე მფლობელობითი ურთიერთობის შესახებ, რადგან მათ ნივთზე ფაქტობრივი
ბატონობის ნებით განხორციელება, როგორც წესი, არ შეუძლიათ.
ა) გავრცელებული მოსაზრებით, იურიდიული პირი ნივთზე პირდაპირ მფლობელობას ახორციელებს
თავისი ორგანოებისა და წესდებით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების
მეშვეობით. იურიდიულ პირს თავისი ორგანოების მიერ განხორციელებული ფაქტობრივი ბატონობის
სამართლებრივი შედეგები შეერაცხება როგორც საკუთარი. იურიდიული პირის სხვა თანამშრომელი არის
მჭერი ან მპყრობელი 155 II მუხლის გაგებით, ვინაიდან იგი იურიდიული პირის ორგანოზე
სამართლებრივადაა დამოკიდებული და მის მითითებებს ასრულებს. ბ) ამხანაგობა არ მიიჩნევა ნივთის
მფლობელად. ამხანაგობის მონაწილეები არიან ნივთის თანამფლობელები. გ) ფიზიკური პირის კანონიერი
წარმომადგენელი არის ნივთის პირდაპირი მფლობელი, თუ იგი ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას
წარმოდგენილი პირის ნივთებზე.
8. მტკიცების ტვირთი - ნივთზე მფლობელობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც ნივთის
მფლობელობის სამართლებრივ შედეგებს მიუთითებს.
III. მჭერი (155 II)
1. ზოგადი დებულებები - მფლობელობა, როგორც ფაქტობრივი გარემოება, შესაძლებელია მხოლოდ იმ
პირს ჰქონდეს, რომელიც ნივთს უშუალოდ ფლობს. 155 II მუხლი აწესრიგებს იმ შემთხვევებს, რომლებშიც
ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირი ნივთს ფლობს სხვა პირის სასარგებლოდ და
იგი ამ პირზე სამართლებრივად დამოკიდებულია და მის მითითებებს ასრულებს. თავისი არსით ასეთი
სამართლებრივი ურთიერთობა იმდენად თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ნივთზე ბატონობა სხვა პირის ნებას
გამოხატავდეს. შესაბამისად, მფლობელობის სამართლებრივი შედეგების განხორციელება,
განსაკუთრებით, მფლობელობის დაცვა, მხოლოდ სხვა პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. კოდექსი
მფლობელობას, როგორც ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, გვერდს უვლის და მას სამართლებრივ
ურთიერთობაზე (უფლებამოსილების მინიჭებაზე) დამოკიდებულად აქცევს. შესაბამისად, სახეზეა
მფლობელობის სამართლებრივი შედეგების შერაცხვა, რაც მნიშვნელოვანია დამოკიდებული
ურთიერთობის გაგებისათვის.
2. ნორმის წინაპირობები
ა) მფლობელობის მიმნიჭებელი არის პირი, რომელიც სხვა პირს ნივთის ფაქტობრივი ბატონობის
უფლებამოსილებას ანიჭებს.
ბ) სამოქალაქო კოდექსი უშუალოდ ნივთზე მფლობელობის განმახორციელებელ პირს განსაზღვრული
ცნებით არ აღნიშნავს. ლიტერატურაში მას მჭერს ან მპყრობელს უწოდებენ. მართალია, მჭერი თავისი
პასუხისმგებლობით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, მაგრამ ეს წინაპირობა არ გამორიცხავს,
რომ მფლობელობის უფლებამოსილების მიმნიჭებელ პირს აქვს ნივთზე ზემოქმედების საშუალება.
გ) ნივთის ფლობის უფლებამოსილება საჭიროებს ზუსტად განსაზღვრას. უფლებამოსილების
სამართლებრივი ბუნება უნდა განისაზღვროს ამ ნორმის მიზნიდან გამომდინარე და მისი არაპირდაპირი
მფლობელისაგან (155 III) გამიჯვნის საფუძველზე. ნივთის ფაქტობრივი მფლობელი კერძოსამართლებრივი
ან საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე დამოკიდებული უნდა იყოს მფლობელობის
უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის მითითებებზე. მნიშვნელობა არა აქვს, სამართლებრივად
რამდენად ნამდვილია ეს ურთიერთობა, თუ ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირი სხვა
პირის მითითებებზე დამოკიდებულებას აცნობიერებს და ამის შესაბამისად მოქმედებს. როგორც წესი,
მჭერი მუშაობს მფლობელობის მიმნიჭებელი პირის ორგანიზაციაში ან მისი ბატონობის სივრცეში და მას
ნივთის მიმართ არ აქვს პირადი ინტერესი.
3. სამართლებრივი შედეგები
155 II მუხლის თანახმად, მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ მფლობელობის უფლებამოსილების
მიმნიჭებელი პირი. მფლობელობის წინაპირობებისა და სამართლებრივი შედეგების შეფასება უნდა
განხორციელდეს მხოლოდ მფლობელობის უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის პოზიციიდან.
შესაბამისად, მჭერს არა აქვს უფლებამოსილება, სხვა პირისაგან მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება ან
მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა. მის სასარგებლოდ არ მოქმედებს არც მესაკუთრედ ყოფნის
პრეზუმფცია.
ა) მფლობელობის მოპოვება მჭერის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებით -
უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი მოიპოვებს ნივთზე მფლობელობას, ეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც
მჭერი თავდაპირველად ახორციელებდა ფაქტობრივ ბატონობას სხვა პირის სასარგებლოდ და იგი ახალი
სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ახალი მფლობელის
სასარგებლოდ.
ბ) მფლობელობის შეწყვეტა - ნივთის მფლობელი კარგავს მფლობელობას იმ შემთხვევაში, თუ მჭერი
სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვაგვარად კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, ან სამართლებრივად
შეწყდა ნივთის მფლობელის მიერ მჭერისათვის მინიჭებული უფლებამოსილება და ნივთი მფლობელის
ბატონობის სივრცეში არ რჩება. ხოლო, თუ მჭერი განხორციელებული ქმედებით გამოხატავს ნებას, რომ არ
ფლობს ნივთს სხვა პირის სასარგებლოდ, მფლობელობის შეწყვეტისათვის საჭიროა დამატებითი ქმედების
განხორციელება.
4. მტკიცების ტვირთი - პირი, რომელიც განაცხადებს, რომ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის
განმახორციელებელი პირი არის მხოლოდ მჭერი, ვალდებულია, დაამტკიცოს ეს გარემოება.
IV. სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე განსაზღვრული ვადით ნივთის მფლობელობა (155 III)
1. ზოგადი დებულებები
155 III აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის განსაზღვრული ვადით
ნივთის ფლობის მინიჭება ან ვალდებულების დაკისრება ხდება სამართლებრივი ურთიერთობის
საფუძველზე. კანონი უფლებამოსილების მიმნიჭებელ პირს უწოდებს არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო
ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელ პირს - პირდაპირ მფლობელს. ნორმის მიზანი
მფლობელობის დაცვის უფლებამოსილების მინიჭებაა იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან ნივთის
პირდაპირი მფლობელები.
ბ) არაპირდაპირი მფლობელობის ცნება და სამართლებრივი არსი - ნორმა პირდაპირ მფლობელს უწოდებს
იმ პირს, რომელიც უფლებამოსილი ან ვალდებულია, ფლობდეს ნივთს მას და არაპირდაპირ მფლობელს
შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. მაგრამ ნორმა არ განსაზღვრავს
არაპირდაპირი მფლობელის სამართლებრივ ურთიერთობას ნივთის მიმართ. ნივთზე არაპირდაპირი
მფლობელობა არ არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა. არაპირდაპირ მფლობელობას მჭერისაგან (155 II)
განასხვავებს ის გარემოება, რომ მჭერი ასრულებს მფლობელის მითითებებს. ნივთის პირდაპირი
მფლობელი მოქმედებს საკუთარი ინტერესებით და არ ექვემდებარება არაპირდაპირი მფლობელის
მითითებებს. არაპირდაპირი მფლობელობა არის სამართლებრივი ურთიერთობა. არაპირდაპირი
მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით ხორციელდება და არა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობით.
არაპირდაპირ და პირდაპირ მფლობელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ არის
წარმომადგენლობა, ვინაიდან პირდაპირი მფლობელის მიერ ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება
არის არა გარიგების მსგავსი ქმედება, არამედ ფაქტობრივი პროცესი.
2. წინაპირობები
155 III მუხლით, პირი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე უნდა ფლობდეს ნივთს, რომელიც
განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას, ან ავალდებულებს, ფლობდეს ნივთს.
ა) პირდაპირი მფლობელი არის პირი, რომელიც უშუალოდ ფლობს ნივთს. ამასთან, შესაძლებელია, რომ
ნივთის პირდაპირი მფლობელი მესამე პირის მიმართ იყოს არაპირდაპირი მფლობელი. პირდაპირ
მფლობელს აქვს სამართლებრივად დამოუკიდებელი, მაგრამ არაპირდაპირი მფლობელის მიმართ ნაკლები
ხარისხის სამართლებრივი სტატუსი. სწორედ მისი დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი
განასხვავებს მას მჭერისგან.
ბ) სამართლებრივი ურთიერთობის ცნება - აუცილებელი წინაპირობაა პირდაპირ მფლობელსა და
არაპირდაპირ მფლობელს შორის კონკრეტულად განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის
საფუძველზეც პირი უფლებამოსილია, განახორციელოს ნივთზე პირდაპირი ბატონობა. ნორმა მიუთითებს,
რომ სამართლებრივი ურთიერთობა „განსაზღვრული ვადით“ ანიჭებს პირდაპირ მფლობელს ნივთის
ფლობის უფლებამოსილებას, ან ავალდებულებს მას, ფლობდეს ნივთს. აქედან გამომდინარეობს, რომ
სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოიშობა არაპირდაპირი მფლობელის ნივთის უკან
დაბრუნების მოთხოვნის უფლება პირდაპირი მფლობელის მიმართ. სწორედ უკან დაბრუნების მოთხოვნის
უფლება არის ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც დამახასიათებელია სამართლებრივი
ურთიერთობისათვის. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება იყოს როგორც სანივთო, ისე
ვალდებულებითი, ან საჯაროსამართლებრივი.
სანივთო სამართალში მოქმედი განსაზღვრულობის პრინციპის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობა
უნდა იყოს იმდენად განსაზღვრული, რომ მის საფუძველზე მხარეებს კონკრეტული უფლებები და
ვალდებულებები წარმოეშობათ. მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობა
არ არის აუცილებელი წინაპირობა და მისი ბათილობა არ აბრკოლებს ნორმის გამოყენებას.
გ) არაპირდაპირი მფლობელობის წარმოშობა - სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც წესი, წარმოიშობა
ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების დადებისათვის გამოიყენება ზოგადი წესები.
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნების კონკლუდენტური გამოვლენის საფუძველზეც. შესაბამისად,
შესაძლებელია ნების გამოვლენა წარმომადგენლის მეშვეობით.
დ) არაპირდაპირი მფლობელობის შეწყვეტა - ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა შესაძლებელია სამი სახით
განხორციელდეს: ა) პირდაპირ და არაპირდაპირ მფლობელებს შორის არსებული სამართლებრივი
ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველზე და როდესაც მხარეებს შორის წყდება უკან დაბრუნების
მოთხოვნის უფლებები; ბ) ნებით ან მის გარეშე პირდაპირი მფლობელის მიერ მფლობელობის დასრულება;
გ) პირდაპირი მფლობელის მიერ ნივთზე ცალმხრივად განხორციელებული ქმედება, რომელიც
მიუთითებს უარს მფლობელობის განხორციელებაზე.
ე) არაპირდაპირი მფლობელი - როგორც წესი, ნივთის არაპირდაპირი მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
არაპირდაპირი მფლობელობაც არის პირის ფაქტობრივი ნებითი ბატონობა ნივთზე, ვინაიდან მისი
საფუძველია პირდაპირი მფლობელის მიერ განხორციელებული ბატონობა ნივთზე. არაპირდაპირი
მფლობელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მფლობელობის დაცვა და მის მიმართ მოქმედებს მესაკუთრედ
ყოფნის პრეზუმფცია.
ვ) ნივთის პირდაპირ მფლობელს ნივთის ფლობის უფლება ან ვალდებულება განსაზღვრული დროით
უნდა ჰქონდეს მინიჭებული. მაშასადამე, შესაძლებელი უნდა იყოს მხარეებს შორის შეთანხმებული
სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება ან შეწყვეტა.
3. მტკიცების ტვირთი - არაპირდაპირი მფლობელობა უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, რომელიც
არაპირდაპირი მფლობელობის სამართლებრივ შედეგებზე მიუთითებს.
V. თანამფლობელობა (155 IV)
1. თანამფლობელობა ნიშნავს რამდენიმე პირის მიერ ერთი მოძრავი ან უძრავი ნივთის ერთობლივად
ფლობას. დაუშვებელია, რომ ერთი პირი ნივთს ფლობდეს როგორც პირდაპირი მფლობელი, ხოლო სხვა
პირი როგორც არაპირდაპირი მფლობელი.
2. თანამფლობელობის წინაპირობები
ა) მარტივი თანამფლობელობის შემთხვევაში ნივთზე ბატონობის განხორციელება თითოეული
თანამფლობელისათვის არის შესაძლებელი.
ბ) კვალიფიციური თანამფლობელობის შემთხვევაში ნივთზე ბატონობის განხორციელება შესაძლებელია
მხოლოდ ყველა თანამფლობელის მიერ ერთობლივად.
3. თანამფლობელობის დაცვა - თანამფლობელებს ერთმანეთის მიმართ შეუძლიათ, მოითხოვონ
მფლობელობის დაცვა, თუ მფლობელობის ხელშეშლა თითოეული თანამფლობელისათვის მინიჭებულ
ზღვარს სცდება. მესამე პირების მიმართ თითოეულ თანამფლობელს შეუძლია, მოითხოვოს მფლობელობის
ხელშეშლის აღკვეთა, მაგრამ მხოლოდ თანამფლობელობის მინიჭების მოთხოვნით.
4. უკან დაბრუნების მოთხოვნა - თანამფლობელობა არ წარმოშობს თანამფლობელთა სოლიდარულ
ვალდებულებას. თითოეულ თანამფლობელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ თანამფლობელობის
დაბრუნება.
VI. ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა (155 V)
მოძრავი ან უძრავი ნივთის ცალკეული ნაწილების მფლობელობა შესაძლებელია, თუ ნივთის ცალკეული
ნაწილები სივრცობრივად განცალკევებულია. შესაბამისად, ცალკეული ნაწილების მფლობელობა არ
ნიშნავს თანამფლობელობას მთლიან ნივთზე. ნივთის ცალკეულ ნაწილებზე მფლობელობის მოპოვება და
შეწყვეტა ისევე ხდება, როგორც ერთპიროვნული მფლობელობის შემთხვევაში. ნივთის ცალკეული
ნაწილების მფლობელობა შესაძლებელია არსებობდეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი
მფლობელობის სახით. თითოეული ნაწილის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის დაცვა ისე,
როგორც ერთპიროვნულმა მფლობელმა.
მუხლი 156. მფლობელობის შეწყვეტა
მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს, ან სხვა გზით კარგავს
ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
I. ზოგადი დებულებები - მუხლი აწესრიგებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე მხოლოდ პირდაპირი
მფლობელობის შეწყვეტას. მფლობელობის შეწყვეტის არსი ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით
დასრულებაშია. მუხლის დანაწესი ეხება როგორც ერთპიროვნულ მფლობელობას, ისე თანამფლობელობას.
როგორც წესი, მფლობელობის შეწყვეტისათვის საჭიროა მფლობელის მიერ გარეგნულად შესაცნობი
ქმედება ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტის თაობაზე. ეს განისაზღვრება საყოველთაო შეხედულების
საფუძველზე.
II. ნორმის წინაპირობები
1. მფლობელობის შეწყვეტის ნება - მფლობელობის შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა პირის ნება,
შეწყვიტოს მფლობელობა ნივთზე. მფლობელობის შეწყვეტის ნების, ისევე როგორც მფლობელობის
მოპოვების ნების გამოვლენისათვის პირს უნდა ჰქონდეს ნების გამოვლენის ბუნებრივი უნარი და არა
გარიგების ნამდვილობის აუცილებელი ნების გამოვლენის უნარი. ასეთი უნარის მატარებელი არის
ქმედუუნარო პირიც. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია მფლობელობის შეწყვეტისათვის გამოვლენილი
ნების შეცილება, ვინაიდან ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა არის ფაქტობრივი პროცესი და არა გარიგება.
სამართლებრივად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევების შეფასება, როდესაც მფლობელის თავისუფალ ნებაზე
ზეგავლენას ახდენს შეცდომა, მოტყუება, ძალადობა ან მუქარა. გავრცელებული შეხედულების თანახმად,
მფლობელის თავისუფალი ნება არსებობს შეცდომისა და მოტყუების შემთხვევაში.
2. მფლობელობის შეწყვეტის სახეები - სამოქალაქო კოდექსი მფლობელობის შეწყვეტის ორ ალტერნატივას
განსაზღვრავს, კერძოდ: ნივთის მფლობელის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე მფლობელობის
დათმობას სამუდამოდ და სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვას. მათ განსხვავებული
სამართლებრივი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ: სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა,
როგორც მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ქმედება, გამორიცხავს ნივთის
კეთილსინდისიერ შეძენას.
ა) ნივთის სამუდამოდ დათმობა შეიძლება განხორციელდეს მფლობელის მოქმედებით ან უმოქმედობით.
მაგალითად, ნივთის გასხვისების ან მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის
გადაცემის შედეგად. მფლობელმა ნივთი დათმო თუ სხვა პირს მხოლოდ ნივთზე თანამფლობელობა
მიანიჭა, უნდა გადაწყდეს კონკრეტული შემთხვევის გარემოებების შეფასების საფუძველზე.
ბ) სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა ნიშნავს მფლობელის ნების გარეშე ან მისი ნების
საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებას, ან ფაქტობრივი გარემოებების დადგომა, რომელსაც თან
სდევს მფლობელობის შეწყვეტა. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ხანგრძლივია ფაქტობრივი ბატონობის
დაკარგვა და რამდენად არის მოსალოდნელი მფლობელობის განხორციელების შესაძლებლობა.
მფლობელობის შეწყვეტა არ არის სახეზე დროებითი წინააღმდეგობის შემთხვევებში.
III. მტკიცების ტვირთი
მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც მფლობელობის შეწყვეტის
სამართლებრივ შედეგებზე მიუთითებს.
მუხლი 157. მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე
მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან
(სამკვიდროს დამტოვებელთან).
I. ზოგადი დებულებები
1. მუხლის მიზანი - მუხლის მიზანია მამკვიდრებლის მფლობელობითი მდგომარეობის გადაცემა
მემკვიდრეებზე ისე, რა სახითაც იგი არსებობდა მამკვიდრებელთან. მამკვიდრებლის გარდაცვალების
შემთხვევაში ნივთი არ გახდება უპატრონო და მემკვიდრეს შეუძლია, მფლობელობის ხელშეშლის
შემთხვევაში მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. არამემკვიდრე პირის მიერ სამკვიდრო ქონებას
მიკუთვნებული ნივთის გასხვისება გამოიწვევს იმას, რომ ნივთი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ
„სხვაგვარად გავიდა“ მისი მფლობელობიდან.
2. სამართლებრივი ბუნება - მართალია, მემკვიდრეს არა აქვს არც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და არც
ამისათვის აუცილებელი მფლობელობის ნება, მაგრამ, მემკვიდრის მფლობელობა არის ნამდვილი
მფლობელობა. იგი არ არის კანონის ფიქცია და 157-ე მუხლი განსაზღვრავს მემკვიდრეებზე მხოლოდ
სამართლებრივი შედეგების გადაცემას, ადგენს მფლობელობის წარმოშობას ნივთზე ფაქტობრივი
ბატონობის გარეშე. აუცილებელი წინაპირობა არც მფლობელობის ნების არსებობაა.
II. ნორმის წინაპირობები
1. მამკვიდრებლის მფლობელობა - მამკვიდრებელი გარდაცვალების მომენტში უნდა იყოს ნივთის
მფლობელი. 157-ე მუხლი გამოიყენება მამკვიდრებლის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი
მფლობელობის შემთხვევაში. სამართლებრივად არ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება, თუ რამდენად
ჰქონდა მამკვიდრებელს ნივთის ფლობის უფლება. 157-ე მუხლი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც
პირი არ ახორციელებს მფლობელობას ნივთზე სხვა პირის სასარგებლოდ 155 II მუხლის გაგებით.
2. მფლობელობის გადასვლა - მამკვიდრებლის მფლობელობა გადადის იმავე სახით, რა სახითაც იგი
მამკვიდრებელთან არსებობდა მისი გარდაცვალების მომენტში. მფლობელობის გადასვლა ხდება მაშინაც,
როდესაც მემკვიდრეებმა არ იცოდნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ
მემკვიდრე მამკვიდრებელთან ერთად იყო ნივთის თანამფლობელი, მაშინ იგი მოიპოვებს ნივთზე
ერთპიროვნულ მფლობელობას. თანამემკვიდრეები ხდებიან ნივთის თანამფლობელები. მემკვიდრის მიერ
სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის, სასამართლოს მიერ უღირს მემკვიდრედ ცნობისა და ანდერძის
ბათილად ცნობის შემთხვევაში, უკუქცევითი ძალით იცვლება მემკვიდრეობის სამართლებრივი შედეგები
და მემკვიდრის მფლობელობაც.
3. ფაქტობრივი ბატონობა - მემკვიდრე მოიპოვებს ნივთზე მფლობელობას, როდესაც იგი ნივთზე
ფაქტობრივ ბატონობას დაამყარებს 155-ე მუხლის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე
დაამყარებს პირდაპირ მფლობელობას მამკვიდრებლის მიერ დანატოვარ ნივთებზე, მაშინ დანარჩენი
მემკვიდრეები ხდებიან არაპირდაპირი თანამფლობელები.
III. სამართლებრივი შედეგები
ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მემკვიდრეობითსამართლებრივი შედეგები 1306-ე და 1484-ე მუხლების
მიხედვით. 1306-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრე მოიპოვებს მამკვიდრებლის უკვე წარმოშობილ
მოთხოვნის უფლებებს, ხოლო 1484-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრე პასუხს აგებს მამკვიდრებლის,
როგორც მფლობელის, წინაშე წარმოშობილ მოთხოვნებზე. მემკვიდრე მოიპოვებს მფლობელობის დაცვის
მოთხოვნის უფლებას 160-ე, 161-ე მუხლების მიხედვით. მფლობელის ნების გარეშე ნივთების გასვლა
მფლობელობიდან ჩაითვლება „სხვაგვარად“ გასულად. მემკვიდრე პასუხისმგებელია 999-ე, მე1000 და 1003-
ე მუხლების მიხედვით, როგორც მფლობელი. მამკვიდრებლის მფლობელობის ნაკლი, 172-ე მუხლის
მიხედვით, ჩაითვლება მემკვიდრის ნაკლად.
IV. მტკიცების ტვირთი
პირი, რომელიც ნივთზე მფლობელობას 157-ე მუხლის მიხედვით მიუთითებს, ვალდებულია, დაამტკიცოს
გარდაცვალების მომენტში ნივთზე მამკვიდრებლის მფლობელობის არსებობა და მემკვიდრეობა.
მუხლი 158. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია
1. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება
საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან
ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია
მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
I. ზოგადი დებულებები
1. ნორმის მიზანი - მუხლის მიზანია, სავინდიკაციო სარჩელის აღძვრის შემთხვევაში დაეხმაროს
მოპასუხეს, რათა მოსარჩელემ, რომელსაც არა აქვს ნივთზე მფლობელობა, დაამტკიცოს არა მხოლოდ მის
მიერ ადრე შეძენილი საკუთრება ნივთზე, არამედ მისი საკუთრების უწყვეტად არსებობა. ნორმის მიზანია,
ასევე, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების დაცვა. სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში,
მფლობელობის გადაცემა კეთილსინდისიერ პირზე საკუთრების მოპოვებისათვის სამართლებრივად
მნიშვნელოვანი გარემოებაა, რითაც კეთილსინდისიერი შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე და ეს ფაქტი მის
წინააღმდეგ აღძრულ სავინდიკაციო სარჩელს უსაფუძვლოს ხდის, რადგან მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს
ქმედების შემადგენლობის ნიშანს _ „საკუთრებას“. მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს საკუთრების უფლება და
არა მფლობელმა მისი არარსებობა.
2. ნორმის გამოყენების სფერო
ა) 158-ე მუხლის გამოყენების სფერო ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე, ასევე ფულსა და ფასიან
ქაღალდებზე, რომლებიც ხელიდან ხელში უბრალო ტრადიციით გადაიცემა. 158 II მუხლის თანახმად,
ნორმის წესები არ გამოიყენება იმ შემთხვევებზე, როდესაც ნივთზე საკუთრებითი ხასიათი საჯარო
რეესტრიდან ვლინდება. მაშასადამე, უძრავი ნივთების მფლობელობით საკუთრება არ ივარაუდება;
ბ) მეუღლეებს შორის მფლობელობითი ურთიერთობები, ხშირად, ცალსახად არ არის გამიჯნული. გარდა
ამისა, არსებობს საშიშროება, რომ მეუღლეები კრედიტორის მოთხოვნების განხორციელებას ხელს
შეუშლიან. მეუღლეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში, მფლობელობით საკუთრების მტკიცების
წესი უნდა გავრცელდეს მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთებზე ან ისეთ ნივთებზე, რომლებიც, თავიანთი
განსაკუთრებული და ექსკლუზიური ხასიათის გამო, მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრება შეიძლება იყოს.
158-ე მუხლის პრეზუმფცია ასევე გამოიყენება მეუღლეთა საერთო ქონების მიმართ და ივარაუდება, რომ
ნივთები მეუღლეთა საერთო საკუთრებაა;
გ) მფლობელობით საკუთრების მტკიცების წესი გამოიყენება როგორც ნასყიდობის, ისე ჩუქების
ხელშეკრულების არსებობისას, რადგან ქართულ სანივთო სამართალში საკუთრების მოპოვება
დამოკიდებულია ნამდვილი უფლების არსებობაზე.
3. ნორმის არსი - 158-ე მუხლში წარმოდგენილია კანონისმიერი ვარაუდი, რომლის უარყოფაც
საწინააღმდეგოს დამტკიცებით არის შესაძლებელი, რაც ამსუბუქებს ნივთის მფლობელის მტკიცების
ტვირთს და ზეგავლენას არ ახდენს მხარეებს შორის არსებულ მატერიალურსამართლებრივ
ურთიერთობაზე. მფლობელმა უნდა დაამტკიცოს ნივთზე მფლობელობის მოპოვების ფაქტობრივი
გარემოებები და არა საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი გარემოებები. შესაბამისად,
პრეზუმფციის უარყოფა უნდა მოხდეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი
მტკიცებულებების საფუძველზე.
II. 158 I მუხლის წინაპირობები
1. მფლობელობა - მფლობელობით საკუთრების პრეზუმფციის საფუძველია პირის პირდაპირი
მფლობელობა ნივთზე. პრეზუმფციის დანიშნულებიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მფლობელობის
საფუძველზე საკუთრების ვარაუდი გამორიცხულია: პრეზუმფციის წინაპირობა არის დავა მხარეებს შორის
საკუთრების შესახებ და არ გამოიყენება არაპირდაპირი მფლობელობის (155 III) შემთხვევებზე, ვინაიდან
არაპირდაპირ მფლობელს ნივთზე მფლობელობის უფლება მინიჭებული აქვს პირდაპირი მფლობელისგან
და, როგორც წესი, არაპირდაპირი მფლობელი ნივთზე თავის საკუთრების უფლებას არ მიუთითებს.
თანამფლობელობა წარმოშობს თანასაკუთრების ვარაუდს.
2. პრეზუმფციის შინაარსი - პრეზუმფცია ეფუძნება მფლობელობისა და საკუთრების მოპოვების
ერთობლიობას. მაშასადამე, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელმა პირდაპირი მფლობელობის
წარმოშობის მომენტში მოიპოვა ნივთზე საკუთრება და ნივთზე საკუთრების უფლებას იგი მფლობელობის
პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა. აქედან გამომდინარე, 158-ე მუხლი არ გამოიყენება, თუ
მფლობელი მიუთითებს, რომ მან თავდაპირველად მხოლოდ ნივთზე მფლობელობა მოიპოვა და მხოლოდ
ამის შემდეგ, სხვა გარემოებების საფუძველზე, გახდა იგი ნივთის მესაკუთრე.
3. პრეზუმფციის უარყოფა - მფლობელობის საფუძველზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია
შესაძლებელია, მოწინააღმდეგე მხარემ უარყოს იმ გარემოებების დამტკიცებით, რომ ნივთზე პირდაპირი
მფლობელობის წარმოშობას არ გამოუწვევია საკუთრების მოპოვება. მფლობელობით საკუთრების
პრეზუმფცია შესაძლებელია უარყოფილ იქნეს, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე
დაამტკიცებს, რომ მან ნივთი დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი
მფლობელობიდან, ან მფლობელმა დაკარგა საკუთრება, მაშასადამე, როცა არსებობს საკუთრების უფლების
წყვეტა. ამის საწინააღმდეგოდ, მფლობელმა საკუთრების ხელმეორედ მოპოვების ფაქტი უნდა დაამტკიცოს.
პირობადებული საკუთრების შემთხვევებში, პრეზუმფცია შესაძლებელია, უარყოფილ იქნეს.
III. ძველი მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი (158 II)
ძველი მფლობელის სასარგებლოდ ივარაუდება, რომ იგი ნივთის მფლობელობის პერიოდში იყო ნივთის
მესაკუთრე. ამ ვარაუდის უარყოფა შეიძლება, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს, რომ ნივთის
მფლობელს არ მოუპოვებია ნივთზე საკუთრების უფლება. პრეზუმფციის დროში შეზღუდვა არ ნიშნავს,
რომ მფლობელმა ნივთზე მფლობელობის დასრულების შემთხვევაში ნივთზე საკუთრების უფლების
არსებობა უნდა დაამტკიცოს, არამედ ის, რომ, კოლიზიის შემთხვევაში, 158 I მუხლს უპირატესობა ენიჭება
158 II მუხლის პრეზუმფციასთან მიმართებით. 158 II მუხლის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სამი
ნაწილისაგან შედგება: ივარაუდება, რომ 1. პირს ჰქონდა ნივთზე პირდაპირი მფლობელობის უფლება; 2.
პირმა პირდაპირი მფლობელობის წარმოშობით მოიპოვა ნივთზე საკუთრების უფლება; 3. იგი
მფლობელობის პერიოდის განმავლობაში იყო ნივთის მესაკუთრე.
მუხლი 159. კეთილსინდისიერი მფლობელი
კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ
პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების
საფუძველზე.
I. ზოგადი დებულებები
დეფინიციის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან
რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო
გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. მაშასადამე, ნორმა კეთილსინდისიერების განმსაზღვრელ
გარემოებად პირის მიერ მართლზომიერ მფლობელობას ან საჭირო გულმოდგინების შემოწმებას
განსაზღვრავს.
II. ნორმის შემადგენლობა
ნორმის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად,
ვინაიდან მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით
ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა
მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი
საფუძვლით არსებობაში, ხოლო კეთილსინდისიერება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით შეიცავს
სუბიექტურ ელემენტს - პირის დამოკიდებულებას ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. მართლზომიერი
მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა
წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს
მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი.
დეფინიციის მეორე ალტერნატივის მიხედვით, მფლობელის კეთილსინდისიერება განისაზღვრება საქმიან
ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე, კერძოდ, თუ რა კონკრეტული
ფაქტობრივი გარემოებები უდევს ნივთზე მფლობელობას საფუძვლად და მოეთხოვებოდა თუ არა
მფლობელს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვებისას ამ გარემოებების გათვალისწინება. გამომდინარე
აქედან, კეთილსინდისიერი მფლობელი შეიძლება იყოს არამართლზომიერი მფლობელი, თუ არ არსებობს
მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი და პირს კონკრეტული გარემოებების საფუძველზე არ
შეეძლო გაეცნობიერებინა მფლობელობის არამართლზომიერება.
მუხლი 160. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების
მოთხოვნა
თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია,
ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ
მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება
გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან
მოტყუების გზით.
I. ზოგადი დებულებები
161-ე მუხლის მიზანია კეთილსინდისიერი მფლობელის დაცვა. ამ მოთხოვნას უწოდებენ პოსესორულ
მოთხოვნას. პოსესორული მოთხოვნისგან განასხვავებენ პეტიტორულ მოთხოვნას, რომელიც
განსაზღვრული უფლებების საფუძველზე წარმოიშობა.
II. მოთხოვნის წინაპირობები
1. უფლებამოსილი პირი - მოთხოვნის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირია კეთილსინდისიერი
პირდაპირი მფლობელი, მაგრამ არა მჭერი. კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს
ნივთზე პირდაპირი მფლობელობა. მფლობელობის ხელშეშლის შემთხვევაში გამოიყენება 161-ე მუხლი.
2. ვალდებული პირი - მოთხოვნა უნდა მიემართებოდეს ნივთის ახლანდელ მფლობელს. თუ ახლანდელმა
მფლობელმა ნივთი სხვა პირს გადასცა და იგი რჩება ნივთის არაპირდაპირ მფლობელად, მაშინ
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს არაპირდაპირი მფლობელობის მინიჭება.
3. მფლობელობის დაბრუნება - ახლანდელი მფლობელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს კეთილსინდისიერი მფლობელისათვის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის აღდგენა ისე,
როგორც იგი არსებობდა მფლობელობის ჩამორთმევამდე. ნივთის კეთილსინდისიერი თანამფლობელის
მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს თანამფლობელობის აღდგენაზე. მოთხოვნის განხორციელების ვადა
სამი წელია.
III. მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა
160 II მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნა გამორიცხულია იმ შემთხვევაში, თუ
ახალ მფლობელს აქვს ნივთის უკეთესი მფლობელობის უფლება. ასეთი უპირატესი უფლება შეიძლება
ჰქონდეს მესაკუთრეს, თუ მისი საკუთრება არ არის დატვირთული რაიმე ვალდებულებითსამართლებრივი
ვალდებულებით. ეს გარემოება არ იწვევს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელს და, შესაბამისად, იგი
სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის ინიციატივის გარეშეც უნდა გაითვალისწინოს. ნივთის ახლანდელი
მფლობელის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკან დაბრუნების მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც,
თუ მას აქვს უკეთესი ფლობის უფლება, მაგრამ ნივთი მოპოვებულ იქნა ახლანდელი მფლობელის მიერ
ძალადობით ან მოტყუებით.
IV. მტკიცების ტვირთი
მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა იგი იყო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი
მფლობელობის ჩამორთმევის მომენტში. მან ასევე უნდა დაამტკიცოს მოპასუხის ახლანდელი
მფლობელობა.
მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა
თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი
მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის
აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის
აღკვეთის მოთხოვნა.
I. ზოგადი დებულებები
ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის
აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი.
II. ნორმის წინაპირობები
1. მფლობელობის ხელშეშლა - ნორმის წინაპირობაა მფლობელობის ხელშეშლა, რომელიც არ გამოიხატება
მფლობელობის ჩამორთმევით. ხელშეშლა, ამ მუხლის თანახმად, უნდა გრძელდებოდეს და მას უნდა
ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი. თუ საკუთრების ხელშეშლა განხორციელდა წარსულში და იგი
დამთავრებულია, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება არ არსებობს.
2. ხელშეშლის უკანონობა - ხელშეშლის ქმედება განხორციელებული უნდა იყოს უკანონოდ. უნდა
არსებობდეს ქმედების მართლწინააღმდეგობა. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, თუ არ არსებობს
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები.
3. მოთხოვნის უფლების მფლობელი - მოთხოვნის უფლების მფლობელია კეთილსინდისიერი მფლობელი.
შესაძლებელია მოთხოვნის უფლების დათმობა მესამე პირისათვის, მაგრამ ვინაიდან იგი, როგორც
პოსესორული მოთხოვნა, ნივთის მფლობელობასთან განუყრელად არის დაკავშირებული, მოთხოვნის
დათმობას თან უნდა სდევდეს მესამე პირზე მფლობელობის გადაცემაც.
4. მოთხოვნის უფლების მოვალე - მოთხოვნის უფლების მოვალე არის პირი, რომელიც უშუალოდ
ახორციელებს ხელშეშლის ქმედებას. იგი შესაძლებელია, მიმართული იყოს მესაკუთრის წინააღმდეგაც.
III. მოთხოვნის უფლების შინაარსი
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. მოვალე ვალდებულია,
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეშლის აღკვეთა. მოთხოვნის უფლების მფლობელს შეუძლია,
მოითხოვოს ხელშეშლის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. მას ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა შეუძლია იმ შემთხვევაშიც, როცა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა შეუძლებელია.
IV. მტკიცების ტვირთი
მოსარჩელეს, კეთილსინდისიერ მფლობელს, ეკისრება მტკიცების ტვირთი.
მუხლი 162. მართლზომიერი მფლობელის უფლებები
1. დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი
მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი.
2. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.
I. ზოგადი დებულებები
ნორმა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით არის მართლზომიერი მფლობელის შესაგებელი. მას შეუძლია,
შესაგებელი წარუდგინოს ასევე ნივთის მესაკუთრეს.
II. ნორმის შემადგენლობა
მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე, კანონის ან მხარეთა
შორის არსებული გარიგების თანახმად, ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი
მფლობელის საკუთრებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. მაგრამ შესაძლებელია, რომ კანონი
კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში არეგულირებდეს ნივთის ან უფლების ნაყოფის
კუთვნილების საკითხს. შესაგებელი შეუძლია წარუდგინოს პირდაპირმა მფლობელმა არაპირდაპირ
მფლობელს.
მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა
1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა
ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ
გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და
ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის
კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით
მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე,
რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის
დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.
3. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
I. ზოგადი დებულებები
ნორმა განსაზღვრავს კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებებსა და მოვალეობებს. ნორმა წარმოადგენს
კეთილსინდისიერი მფლობელის ნივთის დაკავების უფლებას, ვინაიდან ნორმა მას ანიჭებს
უფლებამოსილებას, არ დააბრუნოს ნივთი, ვიდრე არ იქნება მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებული.
II. ნივთის დაბრუნების ვალდებულება (162 I)
კეთილსინდისიერი მფლობელის ნივთის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ მას
თავიდანვე არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება, ან მან დაკარგა ეს უფლება. უფლებამოსილი პირი
შესაძლებელია იყოს როგორც მესაკუთრე, ასევე მართლზომიერი მფლობელი. ნივთისა და უფლების
ნაყოფი ეკუთვნის კეთილსინდისიერ მფლობელს იმ მომენტამდე, სანამ მას ნივთის დაბრუნების მოთხოვნა
არ ექნება წაყენებული.
III. კეთილსინდისიერი მფლობელის ანაზღაურების მოთხოვნა (162 II)
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია ასევე უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ნივთის გაუმჯობესება და
ხარჯების ანაზღაურება. ნივთზე გაწეულ ხარჯებში იგულისხმება აუცილებელი ხარჯები, რომელთა
გაწევის ვალდებულება ნივთის მესაკუთრეს ექნებოდა. ამასთან, კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ
გაწეული ხარჯები არ უნდა იყოს ნივთის სარგებლობით ან მისგან მიღებული ნაყოფით კომპენსირებული.
მაშასადამე, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასა და ნივთის სარგებლობასა და მისგან მიღებული ნაყოფის
ღირებულებას შორის უნდა არსებობდეს ურთიერთშეფარდება. ამ პროცესში გამოიქვითება
კეთილსინდისიერი მფლობელის ბრალეულობით მიუღებელი შემოსავალი.
IV. დაკავების უფლება
163 III მუხლი უფლებას ანიჭებს კეთილსინდისიერ მფლობელს, არ დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ
პირს, ვიდრე არ იქნება ანაზღაურებული მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯები. მფლობელს ეკისრება
მტკიცების ტვირთი გაწეული ხარჯების შესახებ.
მუხლი 164. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი
არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე
მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი,
რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია
მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის
გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი
რჩება.
I. ზოგადი დებულებები
ნორმა არეგულირებს არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას
უფლებამოსილი პირის მიმართ. არაკეთილსინდისიერია პირი, თუ იგი არამართლზომიერად ფლობს
ნივთს.
II. ნორმის შემადგენლობა
არაკეთილსინდისიერი მფლობელიც ვალდებულია, დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს და მას არა
აქვს უფლება, შეინარჩუნოს მიღებული სარგებელი ან ნივთისა და უფლების ნაყოფი. მეტიც, იგი
ვალდებულია, აანაზღაუროს ნაყოფის ის ღირებულება, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე
გაწეული ხარჯებისა და გაუმჯობესებების ანაზღაურების მოთხოვნა მას აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ამ ქმედებებს უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა.
მუხლი 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით
1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს
მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).
2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან, თუ მან
მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.
I. ზოგადი დებულებები
165-ე მუხლი არის ის გამონაკლისი ნორმა, როდესაც დროის გასვლა იწვევს უფლების წარმოშობას.
შესაბამისად, ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, ნივთზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით
კანონმდებლის არასწორი არჩევანია. 186-ე და 187-ე მუხლების საფუძველზე მოძრავ ნივთზე საკუთრების
შეძენის შემთხვევაში, დროის ფაქტორს არა აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა, რადგან შემძენის
კეთილსინდისიერება მხოლოდ ნივთის გადაცემამდე უნდა იყოს სახეზე და არა გადაცემის შემდგომ
პერიოდში. შესაბამისად, 165-ე მუხლის საფუძველზე საკუთრების შეძენა არ არის ცენტრალური ნორმა _
იგი მხოლოდ გაურკვეველი სამართლებრივი ურთიერთობების გამარტივებისა და დარეგულირების
საშუალებაა. ეს ინსტიტუტი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეძენას აკლია შეძენისათვის
აუცილებელი სამართლებრივი ძალის მქონე ერთ-ერთი წინაპირობა.
II. ნორმის გამოყენების სფერო
მფლობელობით ხანდაზმულობის გამოყენების სფერო მოიცავს ორ ძირითად შემთხვევას: პირველ
შემთხვევაში სახეზეა ცდომილება საკუთრების შეძენის პროცესში და მისი გადალახვა შეუძლებელია
შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტით. ამ მუხლის მნიშვნელოვანი გამოყენების სფეროა ის შემთხვევები,
როდესაც მესაკუთრემ ნივთი დაკარგა, მას მოჰპარეს ან მისი ნების საწინააღმდეგოდ სხვაგვარად გავიდა
მისი მფლობელობიდან. მფლობელობითი ხანდაზმულობის სხვა შემთხვევაა ისეთი ვითარება, როდესაც
ნივთის მფლობელი თავს ნივთის მესაკუთრედ მიიჩნევს, რადგან მისთვის ცნობილი არ არის ნივთზე
საკუთრების ურთიერთობა.
III. ნორმის შემადგენლობა
1. მოძრავი ნივთი - 165-ე მუხლის საფუძველზე მფლობელობით საკუთრების მოპოვების ობიექტი არის
მხოლოდ მოძრავი ნივთი. გამორიცხულია ამ ნორმის გამოყენება უძრავ ნივთებსა და მათ არსებით
შემადგენელ ნაწილებზე. ნორმა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მოძრავი ნივთის საკუთვნებელზეც.
2. ნივთის ფლობა, როგორც საკუთარისა - პირი ნივთს უნდა ფლობდეს როგორც საკუთარს. შესაძლებელია,
რომ მას ჰქონდეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობა. ნივთის საკუთრივ ფლობა არ
არის გარიგება და, გამომდინარე აქედან, საკმარისია პირის ბუნებრივი ნებელობა და არა ქმედუნარიანობა.
3. ნივთის ფლობის უწყვეტობა - ნივთის მფლობელი უნდა ფლობდეს ნივთს უწყვეტად ხუთი წლის
განმავლობაში. ეს გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ერთხელ დაწყებული მფლობელობა არ უნდა იქნეს
შეწყვეტილი ან მიტოვებული. შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს იურიდიულმა ან ფაქტობრივმა
გარემოებებმა. მფლობელობა შეწყდება იურიდიულად მესაკუთრის სავინდიკაციო სარჩელის წარდგენის
გზით, ან, თუ მესაკუთრე ნივთის მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას 168-ე მუხლის
საფუძველზე.
4. ნივთის მფლობელის კეთილსინდისიერება - 165 II მუხლის თანახმად, გამორიცხულია ნივთის შეძენა
მფლობელობითი ხანდაზმულობით, თუ ნივთის მფლობელი მას არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან მან
მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა. მაშასადამე, მფლობელის კეთილსინდისიერება
მოითხოვება მთელი ხანდაზმული მფლობელობის განმავლობაში და არა მხოლოდ მფლობელობის
მოპოვების მომენტში. შესაბამისად, არაკეთილსინდისიერია ნივთის ის მფლობელი, რომელიც
მფლობელობის მოპოვების მომენტში აცნობიერებდა ნივთის ფლობის არამართლზომიერებას, ან საჭირო
გულმოდგინების შემოწმების საფუძველზე შეეძლო საკუთარი უფლებამოსილების ნაკლის დადგენა. ამ
შემთხვევაში, საჭიროა არა მხოლოდ უფლებამოსილების ნაკლის გამომწვევი გარემოებების დადგენა,
არამედ მათი შესაბამისი შეფასებაც. ნორმა არ განსაზღვრავს პირის ვალდებულებას, დამატებით
გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოებები და, შესაბამისად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში
შესაძლებელია, მოეთხოვოს პირს გარემოებების გამოსაკვლევად დამატებითი ქმედებების განხორციელება.
IV. სამართლებრივი შედეგები
მფლობელობითი ხანდაზმულობის სამართლებრივი შედეგი არის საკუთრების მოპოვება. სამართლებრივი
შედეგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გარიგების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის
უფლებასთან კონკურენციის საკითხი. თუ პირი, გარიგების თანახმად, ვალდებულია, გადასცეს ან
დააბრუნოს ნივთი, მას არ შეუძლია, მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების
მოპოვებაზე მიუთითოს.
V. მტკიცების ტვირთი
მფლობელმა უნდა დაამტკიცოს ნივთის ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად, როგორც საკუთარის,
მფლობელობა. მფლობელის არაკეთილსინდისიერება არის ის შესაგებელი, რომელიც მას მოწინააღმდეგე
მხარემ უნდა წარუდგინოს.
მუხლი 166. ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდი
თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი
ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.
I. ნორმის მიზანი - 165-ე მუხლის საფუძველზე მოძრავ ნივთებზე ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის
შემთხვევებში მფლობელმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ნივთს ხუთი წლის განმავლობაში ფლობდა
უწყვეტად, როგორც საკუთარს. 166-ე მუხლის მიზანია, შეუმსუბუქოს ნივთის მფლობელს მტკიცების
ტვირთი.
II. პრეზუმფციის მნიშვნელოვანი გარემოებები - პრეზუმფციის მნიშვნელოვანი გარემოებებია პირის მიერ
ნივთის მფლობელობა და მფლობელობის ნება. ორივე გარემოება უნდა არსებობდეს მფლობელობის
დასაწყისში და ბოლოს.
III. საწინააღმდეგოს დამტკიცება - პრეზუმფციის უარყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარემ უნდა
დაამტკიცოს, რომ მფლობელობის დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მფლობელს არ ჰქონდა ნივთზე
მფლობელობა ან მფლობელობის ნება.
მუხლი 167. უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით
თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ
შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია
არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.
I. ნორმის მიზანი
მუხლის მიზანია, თავიდან აიცილოს საკუთრების უფლებისა და რეესტრში რეგისტრირებული
მონაცემების ურთიერთწინააღმდეგობა, რის შედეგად, რეესტრში რეგისტრირებული არამესაკუთრე
მოიპოვებს უძრავ ნივთზე საკუთრებას.
II. ნორმის წინაპირობები
1. უძრავი ნივთები -ნორმა გამოიყენება მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების მიმართ.
2. რეგისტრაცია - უძრავი ნივთის მფლობელი რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს მესაკუთრედ ან
თანამესაკუთრედ. რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე და ნივთის მფლობელი ერთი და იგივე პირი
უნდა იყოს. თუ ნივთის მფლობელი რეგისტრირებულია თანამესაკუთრედ, მაშინ იგი მოიპოვებს
საკუთრებას თანასაკუთრების წილზე.
3. ნივთის, როგორც საკუთარის, მფლობელობა - რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე უძრავ ნივთს
უნდა ფლობდეს როგორც საკუთარს. მხოლოდ ასეთი მფლობელის სასარგებლოდ მოქმედებს უტყუარობისა
და სისრულის პრეზუმფცია. მფლობელის კეთილსინდისიერება, როგორც 165-ე მუხლის წინაპირობა,
უძრავ ნივთებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს სახეზე.
4. დროში უწყვეტად ფლობა - უძრავი ნივთის მფლობელობა და მფლობელის მესაკუთრედ რეგისტრაცია
უნდა არსებობდეს უწყვეტად თხუთმეტი წლის განმავლობაში.
5. სამართლებრივი შედეგები - რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას კანონის
ძალით. ნივთის მესაკუთრის მოთხოვნის უფლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების თანახმად
უსაფუძვლოა, რადგან საკუთრების მოპოვება კანონის ძალით მოიცავს სამართლებრივ საფუძველსაც.
გარდა ამისა, უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნა ხანდაზმული იქნება.
III. მტკიცების ტვირთი
მოწინააღმდეგე მხარემ უნდა გააბათილოს მფლობელობითი ხანდაზმულობის შემადგენლობის ნიშნები.
რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს არ ევალება ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდის დამტკიცება.
მუხლი 168. ნივთის მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის პრეტენზიის გამო
ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
I. ზოგადი დებულებები
ნორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკუთრების შეძენითი ხანდაზმულობის შემთხვევებისათვის,
ვინაიდან 165-ე, 167-ე მუხლების გამოყენების წინაპირობა არის ნივთზე მფლობელობის უწყვეტობა.
შესაბამისად, ნორმა გავლენას ახდენს საკუთრების უფლების სამართლებრივი შედეგების დადგომაზე.
მესაკუთრის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენა გამოიწვევს ნივთის მფლობელის
არაკეთილსინდისიერებას.
II. ნორმის წინაპირობები
1. მესაკუთრის პრეტენზია - მესაკუთრის მიერ სარჩელის შეტანა სასამართლოში გამოიწვევს
ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარის მიერ დარღვეული უფლების
აღსადგენად მიმართული საშუალება ვარგისი იყო შესაბამისი შედეგის მისაღწევად და სასამართლო
წარმოებაში მიიღებს სასარჩელო განცხადებას. ნორმის მიზანია მფლობელმა არ მიიღოს სარგებელი ნივთზე
საკუთრების მოპოვების სახით, თუ მისთვის ცნობილი გახდა მფლობელობის უფლებამოსილების ნაკლი.
მესაკუთრის პრეტენზია გულისხმობს არა სასარჩელო წარმოების გზით მფლობელისაგან ნივთის
გამოთხოვას, არამედ მფლობელის შეტყობინებას, რომ იგი ნივთს არაკეთილსინდიერად ფლობს.
2. მფლობელობის უწყვეტობა - მართალია, ნორმა არ მიუთითებს მფლობელობის უწყვეტობაზე, მაგრამ ეს
წინაპირობა გამომდინარეობს საკუთრების შეძენითი ხანდაზმულობის 165-ე, 167-ე მუხლებიდან.
III. სამართლებრივი შედეგი
ნორმის თანახმად, მესაკუთრის მიერ მფლობელისათვის პრეტენზიის წაყენება გამოიწვევს მფლობელობის
შეწყვეტას. 168-ე მუხლის სამართლებრივი შედეგი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაა და არა
მფლობელობისა, როგორც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტა, რაც მფლობელის მიერ ნივთზე
საკუთრების უფლების მოპოვებას დააბრკოლებს. შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება
და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელობა გაგრძელდება, იგი ჩაითვლება
ხელმეორედ წარმოშობილად და მოცემული იქნება ახალი მფლობელობა 165-ე, 167-ე მუხლებით
გათვალისწინებული სახით.

You might also like