You are on page 1of 2

6) დაახასიათეთ ზიანის სახეები;

სამოქალაქო კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს


,,სახელშეკრულებო“ და ,,არასახელშეკრულებო“ ზიანს. ,,სახელშეკრულებო“ ზიანი
შეიძლება მიყენებული იქნეს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების,
კანონის ან ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობით. ,,არასახელშეკრულებოდ“
ითვლება ზიანი, რომელიც მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც
მხარეები არ იმყოფებიან ვალდებულებით ურთიერთობაში. ,,არასახელშეკრულებო“
ზიანი წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან (დელიქტი). ამიტომ მას
დელიქტურ ვალდებულებას უწოდებენ.

სსკ-ის 992 მუხლი იძლევა დელიქტური ვალდებულების ცნებას, რომლის


მიხედვითაც პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან
გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზრაუროს მას
ეს ზიანი. მართალია აღნიშნულ მუხლში მოქმედებით მიყენებულ ზიანზეა
მითითებული, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ზიანი მხოლოდ აქტიური
მოქმედებით შეიძლება მიეყენოს. განსხვავებით მოქმედებისაგან, უმოქმედობა
მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი
მოქმედების განხორციელება შედიოდა ზიანის მიმყენებლის ვალდებულებაში.
უმოქმედობა გამოხატული არასათანადო აღზრდაშ ან ზედამხედველობის
განუხორციელებლობა მშობლების ან მეთვალყურეობაზე ვალდებული პირების
მხრიდან საფუძველია მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა
არასრულწლოვანი და მხარდამჭერის მიმღების მიმართ მიყენებული ზიანისთვის.

ზიანი შეიძლება მიეყენოს პიროვნების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან პირის


ქონებას. სამართალდარღვევის მატერიალური (ეკონომიკური) შედეგი (ქონების
შემცირება), რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა, სამოქალაქო სამართალში
იწოდება ქონებრივ ზიანად. ქონებრივის გარდა, ზიანი შეიძლება იყოს მორალურიც.
მორალური ზიანის შინაარსია ადამიანის ფიზიკური ან სულიერი ტრავმა, რომელსაც
ფულადი ეკვივალენტი არ მოეძებნება. მისი ფულადი ანაზღაურება შეიძლება
მოთხოვნილი იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში
გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. თუ მორალური ზიანი
მიყენებულია ქონებრივ ზიანთან ერთად, მაშინ ორივე უნდა ანაზღაურდეს, ხოლო
თუ მხოლოდ მორალური ზიანია მიყენებული, მაშინ მისი ანაზღაურება მოხდება
ქონებრივი ზიანის არ არსებობის მიუხედავად. შესაძლებელია, რომ მორალური
სიკეთის ხელყოფამ გამოიწვიოს ქონებრივი ზიანი ან პირიქით, მატერიალური
სიკეთის ხელყოფას მორალური ზიანის დადგომა მოჰყვეს. შესაძლებელია ისეთი
შემთხვევაც, როდესაც სახეზეა მორალური ზიანი, დამოუკიდებლად მატერიალური
ზიანისაგან.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის
პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, რომელიც
მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო
მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის
მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს
იურიდიულ შემადგენლობას (გენერალური დელიქტი). თუ არ არსებობს ზიანი,
მაშინ საერთოდ არ არსებობს დელიქტური ვალდებულება, რადგან ზიანი
მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით.
განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება
ანაზღაურებას. კანონი ითვალისწინებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის
შემთხვევებსაც. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს
მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. დაზარალებულის განზრახვა, მიმართული ზიანის
წარმოშობისაკენ გამორიცხავს ზიანის მიმყენებლის ვალდებულებას აანაზღაუროს
ზიანი. უხეში გაუფრთხილებლობისას ზიანის ოდენობა უნდა შემცირდეს ან
შეიძლება დაზარალებულს უარი ეთქვას ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე.

იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის


მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ზიანი უნდა
ანაზღაურდეს ნატურით, ხოლო თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
შეუძლებელია, მაშინ დაზარალებულს მიეცემა ფულადი ანაზღაურება. რაც შეეხება
მორალური ზიანის ანაზღაურებას, მის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მორალური ზიანის ფულადი კომპენსაცია
უნდა განხორციელდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

You might also like