You are on page 1of 17

საფრანგეთი 1918-1922 წლებში

პირველ მსოფლიო ომში თავის მთავარ მეტოქეზე, გერმანიაზე მოპოვებული გამარჯვების


შემდეგ, საფრანგეთი დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოდ იქცა. მას მსოფლიოში ყველაზე
უფრო მრავალრიცხოვანი სახმელეთო არმია ყავდა, რომელიც 2 მილიონზე მეტ ჯარისკაცს
ითვლიდა. საფრანგეთმა დაიბრუნა ალსასის და ლორენის ინდუსტრიულად
მაღალგანვითარებული რეგიონები. მისი კოლონიური იმპერიის შემადგენლობაში შევიდა
გერმანიის ყოფილი აფრიკული კოლონიების ტოგოსა და კამერუნის ნაწილი, ხოლო ახლო
აღმოსავლეთში უკვე დაშლილი ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სამფლობელოები - სირია და
ლიბანი. გაძლიერებული საფრანგეთი ევროპაში ჰეგემონობის სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდა.
თუმცა ომმა ქვეყანას დიდი ზარალიც მიაყენა. საომარ მოქმედებათა შედეგად დაიღუპა 1,3
მილიონზე მეტი და დაიჭრა 2,5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანის
სიცოცხლე ვირუსული გრიპის ეპიდემიამაც შეიწირა, რომელიც საფრანგეთსა და მთელ ევროპაში
1918-1919 წლებში მძვინვარებდა. ომის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა, აგრეთვე ეპიდემიით
გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში ქვეყნის შრომითი აქტიური მოსახლეობის 11%
შეადგინა. საფრანგეთისათვის, რომლესაც შობადობის მაჩვენებელი ომამდეც დაბალი ქონდა,
ადამიანთა ეს დანაკარგი განსაკუთრებით საგრძნობი იყო. ალსას-ლორენის შემოერთების შემდეგაც
კი, მიუხედავად იმისა, რომ ამით ქვეყანას 4,8 მილიონი ადამიანი შემოემატა, 1919 წელს
საფრანგეთის მოსახლეობის რიცხვი 1913 წელთან შედარებით მაინც 1 მილიონით ნაკლები იყო.
ომის განმავლობაში საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ათი ეკონომიკურად ყველაზე უფრო
განვითარებული დეპარტამენტი, საომარი ოპერაციებით იყო მოცული, რის შედეგადაც 10 ათასზე
მეტი სამრეწველო საწარმო და 200 მაღარო განადგურდა სერიოზულად დაზარალდა სატრანსპორტო
კომუნიკაციები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამასთან ერთად ომმა სავაჭრო ფლოტის
ხომალდების 50%-იც იმსხვერპლა. მძიმე დარტყმა იწვნია ქვეყნის ფინანსურმა სისტემამ.
სახელმწიფო ვალმა 300 მილიარდი ფრანკი შეადგინა. აქედან საგარეო ვალის მოცულობა 62
მილიარდ ფრანკს აღწევდა და მისი დიდი ნაწილი, 40 მილიარდი ფრანკი საფრანგეთს ამერიკის
შეერთებული შტატების მართებდა. იმის გამო, რომ ომის დროს ავსტრია-უნგრეთი და თურქეთი,
საფრანგეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, ხოლო საფრანგეთის მოკავშირე რუსეთში
1917 წელს რევოლუცია მოხდა, ქვეყანამ უცხოეთში განთავსებული ინვესტიციების 40% დაკარგა.
აქედან მხოლოდ რუსეთში ინვესტირებული ფინანსური კაპიტალის სახით საფრანგეთის
დანაკარგმა დაახლოებით 13 მილიარდი ფრანკი შეადგინა. სამხედრო ხარჯების მოცულობა ომის
პერიოდში 200 მილიარდ. ფრანკს გაუტოლდა, ხოლო საომარ მოქმედებათა შედეგად გამოწვეული
მატერიალური ზარალის ღირებულებამ 134 მილიარდ ფრანკს მიაღწია.

1
ამავე დროს ომმა საფრანგეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენაც იქონია.
სამხედრო მრეწველობის განვითარებამ მეტალურგიული, საავიაციო, საავტომობილო და ქიმიური
მრეწველობის წინსვლას დიდი ბიძგი მისცა. დაჩქარდა მრეწველობაში მიმდინარე კონცენტრაციის
პროცესიც. სტანდარტიზაციის და რაციონალიზაციის შედეგად მრეწველობის სხვადასხვა
დარგებში მოქმედ საწარმოებში შრომის ნაყოფიერების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა. აშენდა
ბევრი ახალი სამრეწველო საწარმო, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებდა. დაიწყო ქვანახშირისა და
რკინის ადრე მეორეხარისხოვან და არარენტაბელურად მიჩნეული საბადოების ინტენსიური
დამუშავება.
ომისშემდგომ პირველ წლებში საფრანგეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება იყო
შექმნილი. ომის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა მწვავე კრიზისს განიცდიდა. 1921 წელს სამრეწველო
წარმოების მოცულობა ომამდელი 1913 წლის დონის მხოლოდ 55%-ს შეადგენდა, ხოლო წარმოების
მოცულობა სოფლის მეურნეობაში 1913 წლის დონის 77%-მდე იყო დაცემული. ომის პერიოდში
სახელმწიფო გადასახადები ქვეყანაში 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა ხელფასმა
მხოლოდ 2,5-ჯერ მოიმატა. ინფლაციის გათვალისწინებით ეს მატება რეალურად კიდევ უფო მცირე
იყო. მშრომელთა ცხოვრების დონის დაცემამ გამოიწვია ის, რომ 1919-1920 წლებში საფრანგეთი
დიდმასშტაბიანმა, გაფიცვებმა მოიცვა, რომლის მონაწილეთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებდა.
გაფიცვების ორგანიზებას დარგობრივი პროფკავშირები ახდენდნენ, ხოლო ამ უკანასკნელთა
მოქმედების კოორდინაციას დიდი პროფკავშირული გაერთიანება, შრომის საყოველთაო
კონფედერაცია ანხორციელებდა. საფრანგეთისათვის ტრადიციული მრავალპარტიულობა
პოლიტიკურ მდგომარეობას კიდევ უფო ართულებდა. ზოგი პარტია, რომელიც მსხვილი
ბიზნესმენების სხავადსხვა წრეების ინტერესებს გამოხატავდა, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების
წინ იქმნებოდა და მათი პოლიტიკური მანევრების განხორციელებას ემსახურებოდა. საფრანგეთში
მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის ისევე როგორც ომამდე, ომის შემდეგაც რადიკალთა პარტია
გამოირჩეოდა, რომელსაც წვრილი და საშუალო ბურჟუაზიის სახით ფართო სოციალური საყრდენი
გააჩნდა. ამ პარტიას ე. ერიო ხელმძღვანელობდა. რადიკალური პარტიის გარდა, ომისშემდგომი
საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს საფრანგეთის სოციალისტური პარტიაც
თამაშობდა, რომლის გავლენაც XX საუკუნის დამდეგიდან, მრეწველობის სწრაფი განვითარების და
მუშათა რაოდენობის ზრდის შედეგად დიდად ამაღლდა. 1919 წელს სოციალისტური პარტია
ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. თავის რიგებში იგი 180 ათას
ადამიანს ითვლიდა. პარტიას სათავეში ედგნენ ლ. ბლიუმი და პ. ფორი, რომლებიც თვლიდნენ, რომ
სოციალისტთა მთავარი ამოცანა არსებული დემოკრატიული რეჟიმის ჩარჩოებში საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროში ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება იყო, რასაც
მოსახლეობის დიდი ნაწილის და უპირველეს ყოვლისა - მუშების სოციალური მდგომარეობის

2
რადიკალური გაუმჯობესება უნდა მოჰყოლოდა. სოციალისტურ პარტიაში არსებობდა
რადიკალური მემარცხენე ჯგუფი მ. კაშენისა და მ. ტორეზის მეთაურობით, რომელიც
რევოლუციური სოციალიზმის (მარქსიზმის) პოზიციებზე იდგა და მუშებს არსებული
„ბურჟუაზიული დემოკრატიის“ რეჟიმის დამხობისაკენ და მუშათა კლასის ხელისუფლების,
„პროლეტარიატის დიქტატურის“ დამყარებისკაენ მოუწოდებდა. გარდა რადიკალებისა და
სოციალისტებისა, საფრანგეთის პარტიულ-პოლიტიკურ სპექტრს კიდევ რამოდენიმე, შედარებით
ნაკლებადგავლენიანი, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაც წარმოადგენდა,
რომლებიც მსხვილი ბურჟუაზიის სხვადასხვა წრეებს ეყრდნობოდნენ. მათ რიცხვს
მიეკუთვნებოდნენ პ. პენლევეს რესპუბლიკელი სოციალისტები, ლ. ბარტუს მემარცხენე
რესპუბლიკელ-დემოკრატები, ჟ. კლემანსოს მემარცხენე რესპუბლიკელები, რ. პუანკარეს
რესპუბლიკურ-დემოკრატიული კავშირი (რომელსაც 1926 წლიდან დემოკრატიული ალიანსი
ეწოდა), ფ. დე ვანდელის რესპუბლიკური ფედერაცია და ჟ. ნულანსის ნაციონალ-რესპუბლიკური
მოქმედება. სოციალისტები და რესპუბლიკელი სოციალისტები მემარცხენე პარტიებს
წარმოადგენდნენ, ხოლო რადიკალები თავს მემარცხენე-ცენტრისტულ ძალად მიიჩნევდნენ. რაც
შეეხებათ მემარცხენე რესპუბლიკელ-დემოკრატებს, მემარცხენე რესპუბლიკელებს, რესპუბლიკურ-
დემოკრატიულ კავშირს, რესპუბლიკურ ფედერაციას და ნაციონალ-რესპუბლიკურ მოქმედებას,
ისინი მცირერიცხოვან მონარქისტულ ჯგუფთან ერთად მემარჯვენე პოლიტიკურ ძალთა ბანაკს
შეადგენდნენ.
პირველი მსოფლიო ომის დასასრულს საფრანგეთს კვლავ ომის მსვლელობის დროს, 1917
წლის ნოემბერში შექმნილი ჟ. კლემანსოს კოალიციური მთავრობა მართავდა, რომელიც
რადიკალთა და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ჟ. კლემანსო,
რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ამჯერად უკვე 76 წლის ასაკში დაიკავა, მეტად გამოცდილი
და პოპულარული პოლიტიკოსი იყო. სწორედ მან შექმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში
რადიკალური პარტია, რომელიც მისივე ხელმძღვანელობით პრუსიასთან ომში საფრანგეთის
მარცხის და ალსას-ლორენის დაკარგვის გამო „რევანშის“ განუწყვეტელ პროპაგანდას აწარმოებდა.
მართალია, ომამდე ცოტა ხნით ადრე კლემანსომ რადიკალური პარტიის რიგები დატოვა, მაგრამ
მისი, როგორც შეურიგებელი რევანშისტის ავტორიტეტი ამის შემდეგაც არ შერყეულა. ჩაუდგა რა
სათავეში მთავრობას, მან გერმანიაზე გამარჯვების მოპოვებაში მეტად დიდი როლი ითამაშა,
რისთვისაც ხალხმა მას „გამარჯვების მამა“ შეარქვა.
ომის დამთავრების შემდეგ კლემანსოს მთავრობამ ქვეყნის შიგნით მთავარ მიზნად მუშათა
მოძრაობის შესუსტება და რაც მთავარია, მუშათა ფენაზე მემარცხენე რევოლუციონერ-
სოციალისტთა გავლენის სრული აღმოფხვრა დაისახა. ამისათვის ხელისუფლებამ რეპრესიების და
კომპრომისების ურთიერთშეხამების ტაქტიკა აირჩია. ამავე დროს მთავრობა, განსაკუთრებით კი

3
პრემიერ-მინისტრი მოსახლეობის ფართო ფენებს სოციალური მდგომარეობის სწრაფი
გაუმჯობესების დაპირებასაც აძლევდნენ და ამ დაპირებას იმით ამყარებდნენ, რომ დამარცხებული
გერმანია მიყენებულ ზარალს ფრანგ ხალხს ყველაფერთან ერთად ფინანსურადაც აუნაზღაურებდა.
იმის დემონსტრირებისთვის, რომ „ყველაფერს გერმანელები გადაიხდიდნენ“, კლემანსოს
მთავრობამ ომის მონაწილეებს და უპირველეს ყოვლისა ინვალიდებს სპეციალური პენსიები
დაუნიშნა, რომელთა დაფინანსებაც გერმანიიდან მიღებული რეპარაციების ხარჯზე უნდა
მომხდარიყო. მემარცხენე რევოლუციონერ-სოციალისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში კლემანსოს
მთავრობა საზოგადოებაში პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის განმტკიცებას დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა. საფრანგეთის მმართველი წრეები თვლიდნენ, რომ ფრანგი ხალხის თავდადებაზე,
სამშობლოს სიყვარულზე და ამ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ენერგიულ მოღვაწეობაზე
ხაზგსმა, რამაც საბოლოო გამარჯვება განაპირობა, რევოლუციონერ-სოციალისტთა საფრანგეთში
არსებული მმართველობის სისტემის დამხობისაკენ მიმართულ პროპაგანდას ნიადაგს
გამოაცლიდა. სწორედ ამიტომ კლემანსოს მთავრობამ ალსას-ლორენის შემოერთების აღსანიშნავად
დიდი საზეიმო ცერემონია მოაწყო. პარიზში ჩატარდა გამარჯვებისდმი მიძღვნილი სამხედრო
აღლუმიც. 1918 წლის 11 ნოემბერი, გერმანიის კაპიტულაციის დღე, ეროვნულ დღესასწაულად იქნა
გამოცხადებული. ითვალისწინებდა რა ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში მიმდნინარე
მუშათა მოძრაობის დიდ გაქანებას და რევოლუციონერ-სოციალისტთა გავლენის ზრდის
საფრთხეს, კლემანსოს მთავრობის ინიაციატივით პარლამენტმა 1919 წლის აპრილში ორი მეტად
მნიშვნელოვანი კანონი დაამტკიცა, რომელთა მიღების მოთხოვნა მუშათა გაფიცვების დროს
ყველაზე უფრო ხშირად გაისმოდა. პირველი კანონის მიხედვით - სამრეწველო საწარმოებში 8
საათიანი სამუშაო დღე იქნა დაწესებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ მოთხოვნის
რეალიზაციისათვის ფრანგი მუშების 30 წლიანი ბრძოლა ბოლოსდაბოლოს წარმატებით
დაგვირგვინდა. მეორე კანონი, კოლექტიური ხელშეკრულებების შესახებ, პირველად საფრანგეთის
ისტორიაში, პროფკავშირებს მეწარმეებთან მათსა და საწარმოების მუშათა კოლექტივებს შორის
ხელშეკრულების გაფორმების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკების უფლებას ანიჭებდა. მეწარმეებს
კი ამ კანონით ამგვარი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ეკისრებოდათ. თავის
ეკონომიკურ პოლიტიკაში ბიზნესმენთა სტიმულირების მიზნით კლემანსოს მთავრობამ
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სისტემის დემონტაჟისაკენ აიღო გეზი. სამხედრო
ქარხნების დიდი ნაწილი, რაც ომის პერიოდში სახელმწიფომ ააშენა, პრივატიზებული იქნა.
სახელმწიფო ხაზინიდან სხვადახვა ფირმებს დანგრეული საწარმოების აღდგენისა და მოქმედი
საწარმოების მოდერნიზაციისათვის დიდი ფინანსური სუბსიდიები გამოეყოთ. ამავე დროს
სახელმწიფო სპეციალურად შექმნილი მრეწველობის აღდგენის სამინისტროს მეშვეობით,
რომელსაც უზარმაზარი თანხა, 100 მილიარდი ფრანკი გადაეცა, ომით გაჩანაგებულ

4
დეპარტამენტებში ფაბრიკა-ქარხნების და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენით სამუშაოებს
თვითონაც აწარმოებდა. ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის მკვეთრი შემცირების მიუხედავად,
იგი მანიც შენარჩუნებული იქნა. ითვალისწინებდა რა შესაძლო ეკონომიკურ კრიზისებსა და
სამხედრო გართულებებს კლემანსოს მთავრობას მრეწველობის რეგულირების ყველა ბერკეტი
ხელიდან არ გაუშვია. სამხედრო ქარხნების ნაწილი და სარკინიგზო ხაზების საკმაოდ დიდი
მონაკვეთები კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა. სახელმწიფო ახდენდა
ელექტროტექნიკურ, საავიაციო, გემთმშენებელ და ქიმიურ მრეწველობაში მოქმედი მსხვილი
ფირმების აქციების შესყიდვას, რისი მეშვეობითაც ამ კომპანიების ხელმძღვანელობაში საკუთარი
წარმომადგენლები შეჰყავდა.
თავის საგარეო პოლიტიკაში კლემანსოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ
საფრანგეთს ომში მოპოვებული წარმატებიდან მაქსიმალური პოლიტიკური და ეკონომიკური
სარგებელი მიეღო, რის შედეგადაც ევროპაში საფრანგეთის ჰეგემონობა უნდა დამყარებულიყო.
სწორედ ამ მიზანს ისახავდა საფრანგეთის მთავრობა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე,
რომელიც 1919 წლის იანვარში ვერსალის სასახლეში გაიხსნა. კონფერენციის პარიზში ჩატარება და
მის თავმჯომარედ ჟ. კლემანსოს არჩევა, რომელიც ამავე დროს მარშალ ფოშთან ერთად ამ
საერთაშორისო ფორუმზე წარმოდგენილ საფრანგეთის დელეგაციასაც ხელმძღვანელობდა,
თავისთავად საფრანგეთის ხელისუფლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარმატება იყო. ეს
მოკავშირეთა მხრიდან იმ უდიდესი წვლილის აღიარებას ნიშნავდა, რაც საფრანგეთმა ომში
ანტანტის მიერ მოპოვებულ გამარჯვებაში შეიტანა. მაგრამ ამ ქვეყნის მმართველ წრეებს ეს არ
აკმაყოფილებდათ. ევროპაში საფრანგეთის ჰეგემონობის უზრუნველყოფისათვის მათი აზრით
გერმანიის დანაწევრება და დასუსტება იყო საჭირო. სწორედ ამიტომ საფრანგეთის დელეგაციამ
კონფერენციაზე საფრანგეთისათვის არამარტო ალსას-ლორენის, არამედ საარის მხარის გადაცემაც
მოითხოვა, რომელიც 1793-1814 წლებში, რევოლუციური საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის,
შემდეგ კი ნაპოლეონის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. გარდა ამისა, კლემანსომ გერმანიის
დასავლეთის საზღვრის მდინარე რაინის სანაპირომდე გადაწევის წინადადებაც წამოაყენა, რის
შემდეგაც გერმანიისაგან ჩამოცილებულ რაინის მარცხენა ნაპირზე საფრანგეთის მთავრობას
ფორმალურად დამოუკიდებელი, რეალურად კი საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ მოქცეული
„რაინის რესპუბლიკის“ შექმნა ჰქონდა განზახული. ყველაფერთან ერთად საფრანგეთის დელეგაცია
გერმანიაზე მაქსიმალურად დიდი რეპარაციების დაკისრებასაც ითხოვდა.
მაგრამ ფრანგი პოლიტიკოსები კონფერენციაზე ინგლისისა და ამერიკის შეერთებული
შტატების დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ინგლისის პრემიერ-მინისტრი დ. ლოიდ ჯორჯი და
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვ. ვილსონი, რომლებიც ევროპაში „ძალთა
წონასწორობის“ სისტემის შექმნისაკენ მიისწრაფვოდნენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ

5
გერმანიის „მეტისმეტ“ დასუსტებას, რასაც მათი აზრით, საფრანგეთის ასევე ,,მეტისმეტი“
გაძლიერება მოჰყვებოდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ლოიდ ჯორჯი, რომელმაც გერმანიისაგან
რაინის მარცხენა ნაპირის ჩამოცილების იდეა გადაჭრით უარყო. ინგლისისა და ამერიკის
შეერთებული შტატებისათვის გერმანიაზე დიდი რეპარაციების დაკისრების წინადადებაც
მიუღებელი იყო. ამ ქვეყნების მმართველი წრეები ფიქრობდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში გერმანიის
მთავრობას ქვეყანაში ომის შემდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი მუშათა გამოსვლების
ჩასახშობად, რომელსაც რევოლუციონერ-სოციალისტები ხელმძღვანელობდნენ ძალები არ
ეყოფოდა. პრეზიდენტი ვილსონი პირდაპირ აცხადებდა კიდეც, რომ გერმანიის ხელისუფლების
განკარგულებაში საკმარის ფინანსურ რესურსებთან ერთად საკმარისი სამხედრო ძალებიც უნდა
დარჩენილიყო, რათა ამ ქვეყანაში „ბოლშევიზმის“ გამარჯვება თავიდან აეცილებინათ. ვილსონი და
ლოიდ ჯორჯი მიიჩნევდნენ, რომ გერმანიში დემოკრატიული რეჟიმის გადარჩენა და მისი
ეკონომიკისა და სამხედრო ძალების აღორძინება ევროპაში საბჭოთა კავშირიდან მომდინარე
კომუნიზმის საფრთხის შეკავების საუკეთესო საშუალება იქნებოდა.
ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტების მძლავრი ზეწოლის გამო, საფრანგეთის
მთავრობა იძულებული გახდა გარკვეულ დათმობაზე წასულიყო და გერმანიის დანაწევრების
გეგმაზე უარი ეთქვა, რის შედეგადაც რაინის მარცხენა ნაპირი გერმანიის შემადგენლობაში დარჩა.
ამ კომპრომისის სანაცვლოდ ვილსონმა და ლოიდ ჯორჯმა კლემანსოს პირობა მისცეს, რომ
გერმანიის მხრიდან საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში ინგლისი და ამერიკის
შეერთებული შტატები საფრანგეთს სამხედრო დახმარებას გაუწევდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის საფრანგეთის და იტალიის დელეგაციათა
ურთიერთშეთანხმების შემდეგ 1919 წლის 28 ივნისს ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში, იქ,
სადაც 1871 წელს პრუსიის ხელისუფლებამ საფრანგეთთან ომში გამარჯვების შემდეგ გერმანიის
იმპერიის შექმნა გამოაცხადა, გამარჯვებულ ანტანტასა და დამარცხებულ გერმანიას შორის
სამშვიდობო ხელშეკრულება იქნა ხელმოწერილი. ამ ხელშეკრულების მიხედვით საფრანგეთმა
არამარტო დაიბრუნა, რკინის საბადოებით მდიდარი ალსას-ლორენი, არამედ 15 წლის ვადით მას
საკუთრებაში გერმანული საარის მხარის ქვანახშირის საბადოებიც გადაეცა, იმ ფრანგული
ქვანახშირის მაღაროების სანაცვლოდ რომლებიც საომარ მოქმედებათა შედეგად იქნა
განადგურებული. საარის და ალსას-ლორენის ქვანახშირისა და რკინის საბადოები საფრანგეთის
ეკონომიკისათვის დიდი შენაძენი იყო. ამით ქვეყნის მრეწველობის ენერგეტიკული და
სანადლეულო ბაზა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მადნის მოპოვებით საფრანგეთმა ევროპაში
პირველი ადგილი დაიკავა. ამას ემატებოდა ალსას-ლორენის სხვადასხვა ქალაქებში მოქმედი
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მეტალურგიული ქარხნები და აგრეთვე საფეიქრო ფაბრიკები,

6
რომლებიც წლიურად 50%-ით უფრო მეტ პროდუქციას აწარმოებდნენ, ვიდრე საფრანგეთის ყველა
დანარჩენი საფეიქრო საწარმოები.
რაინის მარცხენა მხარის გერმანული ტერიტორია ანტანტის, ძირითადად კი საფრანგეთისა და
ინგლისის ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული. ოკუპაციის ვადა მთელი ამ ტერიტორიის რაიონების
მიხედვით 5-იდან 15 წლამდე პეროიდით განისაზღვრა. რაინის მარჯვენა სანაპიროს გარკვეული
არეალი, სიფართით 50 კილომეტრი, დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა. აქ გერმანიას
სამხედრო ნაწილების ყოლა და სიმაგრეთა მშენებლობა ეკრძალებოდა. საფრანგეთის დიპლომატიის
დიდი ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ გერმანიას მისი მეზობელი სახელმწიფოების, ავსტრიის,
ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის და პოლონეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული
მთლიანობის ცნობისა და პატივისცემის ვალდებულება დაეკისრა. განსაკუთრებით მკაცრად ე.წ
„ანშლუსი“, ე.ი ავსტრიის გერმანიაზე მიერთება იკრძალებოდა. გერმანელებით და ჩეხებით
დასახლებული, ომამდე გერმანიის იმპერიაში შემავალი სუდეტის მხარე მთლიანად
ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. გერმანიას ჩამოერთვა და პოლონეთს გადაეცა
უპირატესად პოლონელებით დასახლებული ტერიტორიების დიდი ნაწილი. ამ ე.წ „პოლონური
დერეფნით“ პოლონეთმა ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მიიღო, ხოლო გერმანული აღმოსავლეთ
პრუსია გერმანიის დანარჩენი ტერიტორიიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა. „პოლონურ დერეფანში“
მდებარე ყოფილი გერმანული პორტი, დანციგი (გდანსკი) თავისუფალ ტერიტორიულ ერთეულად
გამოცხადდა და ერთა ლიგის მმართველობის ქვეშ მოექცა.
საფრანგეთმა, რომელიც ერთა ლიგის საბჭოს მუდმივ წევრს წარმოადგენდა, მიიღო
სპეციალური მანდატები, რომელთა მეშვეობითაც გერმანიის ყოფილი აფრიკული კოლონიების
ტოგოსა და კამერუნის ტერიტორიათა ნახევარი, აგრეთვე ყოფილი ოსმალეთის იმპერიის
სამფლობელოები, სირია და ლიბანი მისი კონტროლის ქვეშ მოექცა. საფრანგეთმა დაიბრუნა თავისი
კოლონიის, კონგოს ის ნაწილიც, რომელიც მან 1911 წლის მაროკოს მეორე კრიზისის დროს
გერმანიას დაუთმო.
საფრანგეთისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ვერსალის ხელშეკრულების ის მუხლები,
რომლებიც გერმანიის შეიარაღებულ ძალებზე მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებას
ითვალისწინებდნენ. გერმანიას უფლება ეძლეოდა ყოლოდა მხოლოდ 100 ათასიანი არმია,
რომელიც მოხალისეთა გაწვევის და არა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე
იქნებოდა დაკომპლექტებული. აკრძალული იყო ამ არმიის თვითმფრინავებით, ტანკებით და მძიმე
არტილერიით შეიარაღება. გერმანიას ეკრძალებოდა წყალქვეშა ნავების აგებაც. მისი ფლოტის
ყველაზე დიდი ხომალდების ტონაჟი 10 ათას ტონაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
ვერსალის ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთს გერმანიისაგან დიდი ფინანსური
სახსრებიც უნდა მიეღო. გერმანია, რომელსაც ომის გაჩაღების მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა,

7
ვალდებული იყო აენაზღაურებინა მთელი ის ზარალი „რაც მან ანატანტის ქვეყნების მოსახლეობასა
და მათ ქონებას მიაყენა“. ამ ზარალის ღირებულება მოგვიანებით 132 მილიარდი ოქროს მარკით
იქნა განსაზღვრული, რისი 52% გერმანიას კონკრეტულად საფრანგეთისათვის უნდა გადაეხადა. იმ
შემთხვევაში თუკი გერმანია რეპარაციების გადახდას შეწყვეტდა ან ვერსალის ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ სხვა პირობებს დაარღვევდა, ანტანტის ქვეყნები მისი მთელი ტერიტორიის
ოკუპირების უფლებას იტოვებდნენ. ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად
საფრანგეთ-ინგლისსა და საფრანგეთ-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთდახმარების
შეთანხმებებიც იქნა გაფორმებული.
ვერსალის ხელშეკრულებამ საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში გარკვეული კრიტიკა აღძრა,
თუმცა ეს კრიტიკა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებიდან ხორციელდებოდა. რადიკალური და
სხვადასხვა რესპუბლიკური პარტიების შიგნით არსებული შოვინისტურად განწყობილი ჯგუფები
თვლიდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი კლემანსო ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების
მიმართ ზედმეტ დათმობებზე წავიდა, რის შედეგადაც საფრანგეთის უსაფრთხოება ვერ იქნა
უზრუნველყოფილი. საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობა კი პირიქით,
მიიჩნევდა, რომ ვერსალის ხელშეკრულების პირობები გერმანიისათვის ზედმეტად მკაცრი იყო, რაც
საბოლოოდ ამ ქვეყნის მოსახლეობაში რევანშისტული განწყობილების აღზევებას გამოიწვევდა.
კლემანსოს მთავრობის საგარეო პოლიტიკაში დიდი ყურადღება რუსეთის საკითხსაც
ეთმობოდა. ამ პრობლემას საფრანგეთის მმართველი წრეები 1917 წლის შემოდგომიდან შეეჯახნენ,
მას შემდეგ, რაც რუსმა სოციალისტ-რევოლუციონერებმა დროებითი მთავრობა დაამხვეს და
რუსეთს სათავეში ვ. ლენინის ბოლშევიკური მთავრობა ჩაუდგა. ლენინის მთავრობის მიერ 1918
წლის გაზაფხულზე გერმანიასთან დადებულმა სეპარატიულმა ზავმა, რის შედეგადაც რუსეთი
ანტანტის სამხედრო ბლოკს გამოეთიშა, საფრანგეთის ხელისუფლების დიდი აღშფოთება
გამოიწვია. ფრანგული პრესის ფურცლებზე რუსი რევოლუციონერ-სოციალისტების
საწინააღმდეგო კრიტიკის კამპანია გაჩაღდა. ფრანგული ჟურნალ-გაზეთები ვ. ლენინსა და მის
თანამოაზრეებს „გერმანიის აგენტებად“ მოიხსენიებდნენ, რომლებმაც რუსეთის მოკავშირე
საფრანგეთს „უღალატეს“. მალე საფრანგეთის ხელისუფლებამ ინგლისის, ამერიკის შეერთებული
შტატების და იაპონიის მთავრობებთან ერთად რუსეთში სამხედრო ინტერვენციის და საბჭოთა
ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ყოფილი მეფის არმიის გენერლების სამხედრო ძალების
უშუალო მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. 1918 წლის მარტში საფრანგეთის ჯარები
ამერიკულ და ინგლისურ სამხედრო ნაწილებთან ერთად რუსეთის ჩრდილოეთში, თეთრი ზღვის
სანაპიროზე გადმოსხდნენ და ქალაქები მურმანსკი და არხანგელსკი დაიკავეს. ამავე წლის
შემოდგომაზე ხმელთაშუა ზღვის ფრანგული ესკადრის 70 ხომალდი რუსეთის შავი ზღვის
სანაპიროებსაც მიადგა და ქალაქების ოდესისა და სევასტოპოლის მახლობლად სადესანტო

8
ნაწილები გადასხა. ამასთან ერთად საბერძნეთში, ყოფილ სალონიკის ფრონტზე განლაგებულმა
ფრანგულმა სახმელეთო ძალებმა რუსეთის სამხრეთში, უკრაინაში შეჭრაც განახორციელეს.
საფრანგეთი ანტანტის ძალების მიერ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განხორციელებულ
სამხედრო ინტერვენციაშიც აქტიურად ჩაერთო. სულ ამ სამხედრო ოპერაციებში მონაწილე
საფრანგეთის საექსპედიციო არმიის რიცხვი 100 ათას ჯარისკაცს აღწევდა. თუმცა, საბოლოოდ
საფრანგეთის მთავრობამ ინტერვენციის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან საჭირო გახდა საომარ
მოქმედებათა მასშტაბის გაფართოება, რაც უზარმაზარ ფინასურ ხარჯებს მოითხოვდა.
ითვალისწინებდა რა ომისშემდგომი საფრანგეთის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას, მუშათა
მოძრაობის აღმავლობას და ომით გადაღლილ საზოგადოებაში არსებულ ძლიერ პაციფისტურ
განწყობილებას, კლემანსოს მთავრობა იძულებული გახდა 1919 მარტის ბოლოდან რუსეთიდან
ჯარების თანდათანობით გაყვანა დაეწყო. საფრანგეთის მმართველი წრეების ეს გადაწყვეტილება
იმანაც განაპირობა, რომ ეს პაციფიზმი ფრანგ რევოლუციონერ-სოციალისტებს, იმ პერიოდში
გააქტიურების და საკუთარი პოპულარობის ზრდის ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა, რადგან ისინი
ომის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდნენ და მუშებს არწმუნებდნენ, რომ კლემანოს მთავრობა
ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და მშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის
საჭირო ფინანსებს რუსეთში ინტერვენციას ახმარდა. 1919 წლის გაზაფხულზე ფრანგმა
რევოლუციონერ-სოციალისტებმა შეძლეს მუშათა საკმაოდ მრავალრიცხოვანი საპროტესტო
გამოსვლების ორგანიზება საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ტულონსა და ბრესტში,
საიდანაც რუსეთში მოქმედი ფრანგული საექსპედიციო არმიის მომარაგება ხორციელდებოდა.
თავის მხრივ, საკუთარი აგენტების მეშვეობით, სამხედრო დაუმორჩილებლობის ცალკეული
აქციების ორგანიზება ფრანგული საექსპედიციო არმიის სხვადასხვა ნაწილებსა და შავ ზღვაში
მცურავი ფრანგული ესკადრის ზოგიერთ ხომალდზე ლენინის მთავრობამაც მოახერხა.
რუსეთიდან სამხედრო ძალების ევაკუაციის მიუხედავად, კლემანსოს მთავრობა საბჭოთა
ხელისუფლების დამხობის ცდებს კვლავ აგრძელებდა. იგი რუსეთში მოქმედ ანტისაბჭოთა
სამხედრო ძალებს სულ უფრო მზარდ ფინანსურ დახმარებას უწევდა 1919 წლის შემოდგომაზე
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან ე.წ.
„სანიტარული კორდონის“ შექმნა ქონდა განზრახული, რათა ბოლშევიზმის შემოტევისაგან
„ცივილიზებული ევროპა“ დაეცვა.
1919 წლის ნოემბერში საფრანგეთში პირველი ომისშემდგომი საპარლამენტო არჩევნები
გაიმართა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აშკარად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მუშათა
მოძრაობის აღმავლობის და რევოლუციონერ-სოციალისტების გააქტიურების გამო მსხვილი
ბიზნესის ელიტარული წრეები სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულნი, რამაც მათი
კონსოლიდაციისაკენ სწრაფვა გამოიწვია. სწორედ ამით იყო განპირობებული „ეროვნული ბლოკის“

9
შექმნა, რომელშიც რესპუბლიკური ფედერაციის მეთაურობით ყველა რესპუბლიკური პარტია
გაერთიანდა. არსებულ ვითარებაში რადიკალური პარტიის ხელმძღვანელობამაც საჭიროდ
„ეროვნულ ბლოკთან“ შეერთება ჩათვალა. „ეროვნულმა ბლოკმა“ ინტენსიური წინასაარჩევნო
კამპანია გააჩაღა. იგი ამომრჩევლებს „ბოლშევიზმისა“ და „სოციალურ უწესრიგობათა“ წინააღმდეგ
ბრძოლას, რესპუბლიკური რეჟიმის დაცვას, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის
შენარჩუნებას, ომით გაჩანაგებული რეგიონების აღდგენას და ომის ვეტერანებზე ზრუნვას
პირდებოდა. „ეროვნული ბლოკი“ საზოგადოებას იმის მტკიცე პირობასაც აძლევდა, რომ თავის
საგარეო პოლიტიკაში ვერსალის ხელშეკრულების შესრულებას უზრუნველყოფდა. წინასაარჩევნო
პერიოდში ამ პოლიტიკური ბლოკის“ (რომელსაც მხარს ფრანგული ჟურნალ-გაზეთების დიდი
უმრავლესობა უჭერდა), აქტიურობას ხელი დიდად შეუწყო იმან, რომ მის განკარგულებაში
მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები იყო, რაც მსხვილმა მეწარმეებმა გაიღეს. ამასთან ერთად
„ეროვნული ბლოკის“ მესვეურებმა მოხერხებულად გამოიყენეს ომის მონაწილეთა ავტორიტეტიც
და ბევრი მათგანი სხვადასხვა დეპარტამენტიდან ამ გაერთიანებაში შემავალი პარტიების
სადეპუტატო კანდიდატებად წარმოადგინეს.
„ეროვნულ ბლოკს“ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტური პარტია უპირისპირდებოდა.
მის საარჩევნო კამპანიაში წინა პლანზე 8 საათიანი სამუშაო დღის და პროფკავშირთა უფლებების
დაცვის მოთხოვნები იყო წამოწეული. სოციალისტები ამომრჩევლებს ტრანსპორტის და
მეტალურგიული ქარხნების ნაციონალიზაციას, უფასო განათლების სისტემის შექმნას, ხოლო
საგარეო პოლიტიკაში საყოველთაო განიარაღებისა და მშვიდობისათვის ბრძოლასაც პირდებოდნენ.
მაგრამ „ეროვნული ბლოკისაგან“ განსხვავებით სოციალისტური პარტიის წინასაარჩევნო
საქმიანობა სათანადოდ ეფექტური არ იყო, რადგან ეს პოლიტიკური ძალა ამ პერიოდში სერიოზულ
ორგანიზაციულ სირთულეებს განიცდიდა. წინააღმდეგობა პარტიის ხელმძღვანელობასა და
მემარცხენე რევოლუციონერ-სოციალისტებს შორის იმდენად იყო გამწვავებული, რომ
ფაქტობრივად სოციალისტური პარტია უკვე ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმს არ წარმოადგენდა.
ამიტომ მან ვერც საკუთარი სოციალური საყრდენის, მუშების სათანადოდ მობილიზება შეძლო.
რადიკალური და რესპუბლიკური პარტიების ძალთა შეკავშირებამ და სოციალისტთა ბანაკში
არსებულმა განხეთქილებამ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ბლოკის“ შთამბეჭდავი
გამარჯვება განაპირობა. მან პარლამენტში 437 ადგილი მიიღო. 86 მანდატი რადიკალური პარტიის
იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ წამოყენებულმა კანდიდატებმაც მოიპოვეს, რომლებმაც
პარტიის გადაწყვეტილებას „ეროვნულ ბლოკში“ შესვლის შესახებ მხარი არ დაუჭირეს.
სოციალისტურმა პარტიამ კი პარლამენტში მხოლოდ 68 დეპუტატის გაყვანა შეძლო.
არჩევნებში განცდილმა მძიმე მარცხმა სოციალისტურ პარტიაში არსებული კონფრონტაცია
კიდევ უფრო გააღრმავა. 1920 წლის თებერვალში ქალაქ სტრასბურგში ჩატარებულ პარტიულ

10
ყრილობაზე რევოლუციონერ-სოციალისტებმა პარტიის საბოლოო სტრატეგიული მიზნის მკაფიოდ
განსაზღვრა მოითხოვეს. ისინი იმის კატეგორიულ მოთხოვნასაც აყენებდნენ, რომ საფრანგეთის
სოციალისტური პარტია რევოლუციონერ-სოციალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციაში,
კომუნისტურ ინტერნაციონალში (კომინტერნი) შესულიყო, რომელიც 1919 წლის მარტში მოსკოვში
ვ. ლენინის მთავრობის ხელისშეწყობით დაარსდა და მიზნად მსოფლიო პროლეტარული
რევოლუციის განხორციელებას ისახავდა. სტრასბურგის ყრილობის შემდეგ დაპირისპირება
რევოლუციონერ და რეფორმისტ სოციალისტებს შორის უკიდურეს ზღვრამდე მივიდა. საბოლოოდ
კი ყველაფერი პარტიის გათიშვით დამთავრდა. 1920 წლის დეკემბერში ქალაქ ტურში ჩატარებულ
ყრილობაზე რევოლუციონერ-სოციალისტთა მოთხოვნით კენჭი პარტიის კომინტერნში შესვლის
წინადადებას უყარეს. ეს წინადადება ხმების უმრავლესობით (3203 დელეგატის ხმა 1126 ხმის
წინააღმდეგ) იქნა მიღებული. უმცირესობაში დარჩემილმა რეფორმისტებმა უარი განაცხადეს ამ
გადაწყვეტილებას დამორჩილებოდნენ და ყრილობა დატოვეს. ამის შემდეგ ყრილობაზე
გამოცხადდა, რომ იქმნებოდა ახალი პარტია, სახელწოდებით კომინტერნის ფრანგული სექცია (1922
წლიდან მას საფრანგეთის კომუნისტური პარტია ეწოდა), რომლის ხელმძღვანელად ლ. ფროსარი
იქნა არჩეული. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავის სტრატეგიულ მიზნად საფრანგეთში არსებული
რეჟიმის რევოლუციის გზით დამხობა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება გამოაცხადა.
თავის მხრივ რეფორმისტმა სოციალისტებმაც განაცხადეს, რომ ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ
პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ამიერიდან ძველი სახელწოდებით სოციალისტური პარტია,
დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის სახით იარსებებდა და მშრომელთა სოციალური
მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ბრძოლას ყოველგვარი რევოლუციური ექსტრემიზმის
გარეშე, არსებული დემოკრატიული რეჟიმის ფარგლებში გააგრძელებდა.
1919 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ეროვნული ბლოკის“ პირველი
მთავრობა ყოფილმა სოციალისტმა, უპარტიო ა. მილიერანმა ჩამოაყალიბა. საერთოდ კი „ეროვნული
ბლოკის“ მმართველობის პერიოდში 1919-1924 წლებში, ხუთი მთავრობა შეიცვალა, რომელთაც ა.
მილიერანი, ჟ. ლეიგი (რესპუბლიკურ-დემოკრატიული კავშირი), ა. ბრიანი (რესპუბლიკელ-
სოციალისტთა პარტია), რ. პუანკარე (რესპუბლიკურ-დემოკრატიული კავშირი) და ფ. მარსალი
(რესპუბლიკური ფერედაცია) ედგნენ სათავეში.
წინამორბედი კლემანსოს კაბინეტის მსგავსად, ახალი ხელისუფლებაც მუშებზე
რევოლუციონერ-სოციალისტთა გავლენის შესუსტებას ცდილობდა, რისთვისაც
პროპაგანდისტული კამპანია ფრანგი ხალხის პატრიოტიზმის, მის მიერ ომში მოპოვებული
გამარჯვების მნიშვნელობის და ამ გამარჯვებაში საფრანგეთის პოლიტიკური სისტემის და
მმართველი წრეების წვლილის შესახებ კვლავ გრძელდებოდა. სწორედ ამის გამოხატულება იყო ის,
რომ 1920 წელს მიღებული იქნა კანონი საფრანგეთის ახალი ეროვნული დღესასწაულის, 1918 წლის

11
11 ნოემბრის - ომში გამარჯვების დღის, სამხედრო აღლუმებით და სხვადასხვა საზეიმო
ცერემონიებით აღნიშვნის შესახებ. ამავე წლის 11 ნოემბერს პარიზში ელისეს მინდვრებზე,
ტრიუმფალური თაღის ქვეშ - ვერდენთან მიმდინარე ბრძოლების დროს დაღუპული უცნობი
ჯარისკაცის ნეშტი იქნა დაკრძალული. ამ საფლავზე მარადიული ცეცხლი დაანთეს. თუმცა,
საფრანგეთის მმართველ წრეებს კარგად ესმოდათ, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გარეშე
მუშათა მოძრაობის შესუსტება და საშინაო-პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელი
იქნებოდა.
„ეროვნული ბლოკის“ მმართველობის დასაწყისში საფრანგეთის ეკონომიკური მდგომარეობა
კვლავ მძიმე იყო. წარმოების მოცულობის შემცირების შედეგად სურსათსა და ფართო მოხმარების
საგნებზე ფასები მატულობდა. იზრდებოდა ინფლაციის დონეც. ფასების მატების და ინფლაციის
ტემპი მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, ომის მონაწილეთა და უმუშევართათვის განკუთვნილი
შემწეობების ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად აჭარბებდა, რის გამოც მოსახლეობის სოციალური
მდგომარეობის გაუმჯობესება ჯერ-ჯერობით არ შეინიშნებოდა. იზრდებოდა მუშათა მოძრაობის
მასშტაბი. მუშათა გამოსვლებში საკმაოდ საგრძნობი იყო რევოლუციური განწყობილება, რასაც მ.
ტორეზი, მ. კაშენი, პ. ვაიან-კუტიურიე, პ. სემარი და საფრანგეთის ახლადშექმნილი კომუნისტური
პარტიის სხვა აქტივისტები გაზეთ „იუმანიტეს“ მეშვეობით კიდევ უფრო აღვივებდნენ.
საფრანგეთის სოციალისტური პარტია და მმართველი კოალიციის წევრი, რადიკალური პარტია
ხელისუფლებას ტრანსპორტის და მრეწველობის სხვადასხვა დარგების ამა თუ იმ დონით
ნაციონალიზაციის მოთხოვნას უყენებდნენ, რის შედეგადაც მრეწველობაში სახელმწიფო სექტორი
იმდენად უნდა გაფართოვებულიყო, რომ სახელმწიფოს სამრეწველო მექანიზმის ეფექტური
რეგულირების შესაძლებლობა მისცემოდა. მილიერანის მთავრობის მმართველობის პერიოდში
მუშათა მოძრაობის აღმავლობამ საშინაო-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის დიდი
საფრთხე შექმნა. 1920 წლის თებერვალში დაწყებულმა რკინიგზელთა დიდმა გაფიცვამ „ეროვნული
ბლოკის“ მესვეურთა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. თავდაპირველად ამ გამოსვლაში პარიზი-
ლიონი-ხმელთაშუა ზღვის ხაზის რკინიგზელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 8 საათიანი
სამუშაო დღის და პროფკავშირთა უფლებების დაცვის კონტროლის, აგრეთვე ხელფასების
მომატების მოთხოვნები წამოაყენეს. შრომის საყოველთაო კონფედერაციის ხემძღვანელი,
რეფორმიზმის პოზიციებზე მდგომი ლ. ჟუო და ამ პროფკავშირული გაერთიანების სხვა
რეფორმისტი ლიდერები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ეს გამოსვლა მთელი ქვეყნის მომცველ
საყოველთაო გაფიცვაში არ გადაზრდილიყო. ისინი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
სარკინიგზო ფირმების მფლობელებთან, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი რკინიგზელთა
ხელფასების გარკვეულ გაზრდაზე დათანხმდნენ. მაგრამ შრომის საყოველთაო კონფედერაციასა და
დარგობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელთა რიგებში მყოფი რევოლუციონერ-სოციალისტები

12
რკინიგზელებს გაფიცვის გაგრძელებისაკენ, ხოლო სხვა დარგების მუშებს რკინიგზელებთან
სოლიდარობისაკენ მოუწოდებდნენ. მათი აქტიურობის შედეგად გაფიცულ რკინიგზელთა რიცხვმა
1920 წლის მაისში 250 ათასს მიაღწია. ამავე დროს, რკინიგზელებს თანდათანობით დოკერები,
სავაჭრო ფლოტის მეზღვაურები, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის მუშები და მშენებლებიც
შეუერთდნენ, რის შედეგადაც. გაფიცვის მონაწილეთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა. ასეთ
ვითარებაში, შრომის საყოველთაო კონფედერაცია და მილიერანის მთავრობა ერთიანი ძალით
ამოქმედნენ. შრომის საყოველთაო კონფედერაციის ლიდერებმა დიდი პროპაგანდისტული კამპანია
გააჩაღეს. ისინი მუშებს მოუწოდებდნენ რომ მათ ასეთი მოქმედებით იმ ექსტრემისტული
ძალებისთვის არ შეეწყოთ ხელი, რომლებიც მიზნად რევოლუციისა და სამოქალაქო ომის გაჩაღებას
ისახავდნენ. საბოლოოდ შრომის საყოველთაო კონფედერაციის ხელმძღვანელობამ დიდი
ძალისხმევის შედეგად არამარტო საყოველთაო გაფიცვის თავიდან აცილება, არამედ მიმდინარე
გაფიცვის თანდათანობით შეჩერებაც მოახერხა. ამას მილიერანის კაბინეტის მიერ გატარებულმა
რეპრესიულმა ზომებმაც შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მთავრობის განკარგულებით
სპეციალურად მობილიზებულმა სამხედრო ნაწილებმა ქვეყნის თითქმის მთელი რკინიგზა
დაიკავეს და პოლიციამ სახელმწიფოს წინააღნდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით
რკინიგზელთა დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელთა უმრავლესობაც დააპატიმრა.
რკინიგზელთა გაფიცვამ მილიერანის მთავრობა აიძულა მის მიერ შემუშავებული
ანტიკრიზისული პროგრამის ამოქმედება დაეჩქარებინა. რადიკალებისაგან განსხვავებით
„ეროვნულ ბლოკში“ შემავალი სხვა პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელებმა მიიჩნიეს, რომ
კრიზისის გადალახვის და ეკონომიკური აღმავლობის მიღწევის ყველაზე ეფექტური გზა არა
ომისდროინდელი სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის აღდგენა, არამედ პირიქით,
ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის მინიმუმამდე შემცირება იქნებოდა, რასაც სამეწარმეო
საქმიანობის მაქსიმალური ლიბერალიზაცია უნდა მოჰყოლოდა. ამავე დროს სახელმწიფოს ომით
გაჩანაგებული ტერიტორიების უკვე დაწყებული აღდგენითი სამუშოებიც უნდა გაეფართოვებინა.
ანტიკრიზისული პროგრამა მსხვილ მეწარმეებსა და ბანკირებზე ფინანსური სუბსიდიების გაცემასც
ითვალისწინებდა, რადგან „ეროვნული ბლოკის“ მესვეურთა აზრით მსხვილი ბიზნესის წახალისება
ეკონომიკური მექანიზმის მთელი დატვირთვით ამოქმედების და კრიზისის დაძლევის ყველაზე
ეფექტური საშუალება იყო. პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი სოციალურ ხარჯებსაც ეკავა,
თუმცა ამ თვალსაზრისით ხელისუფლება საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე იდგა. მსხვილი
ბიზნესის, აღდგენითი სამუშაოების და სამხედრო სფეროს დაფინანსებასთან ერთად მას სოციალურ
სფეროში იმ თანხების მობილიზება, უნდა უზრუნველეყო, რაც პოლიტიკური სტაბილურობის
შენარჩუნებისათვის იქნებოდა აუცილებელი, მაგრამ ამავე დროს, ამას ბიუჯეტის დეფიციტი და
სახელმწიფო ვალის ზრდა არ უნდა გამოეწვია.

13
მილიერანის მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციის შედეგად საფრანგეთის
ეკონომიკაში თანდათანობით წარმოების მოცულობის ზრდა დაიწყო, რამაც უმუშევრობის
შემცირება და სახელმწიფო-საბიუჯეტო შემოსავლის გადიდება განაპირობა. 1920 წლის
სექტემბერში მილიერანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაება.
საფრანგეთში პირველი ომისშემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ 1920 წლის
იანვარში გაიმართა. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტი
ირჩევდა. პარლამენტის ორივე პალატის (დეპუტატთა პალატა და სენატი) გაერთიანებულ
სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში, რომელშიც ერთმანეთს მემარცხენე რესპუბლიკელი ჟ.
კლემანსო და რესპუბლიკურ-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელი ნ. დეშანელი
უპირისპირდებოდნენ, გამარჯვება წილად ამ უკანასკნელს ხვდა. თუმცა, მალე დეშანელი
იძულებული გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადამდგარიყო. 1920 წლის სექტემბერში
გამართულ რიგგარეშე არჩევნებში ერთმანეთს უკვე კლემანსო და მილიერანი დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის დეპუტატების დიდმა ნაწილმა, რომელიც ჟ. კლემანსოს პარიზის სამშვიდობო
კონფერენციაზე საფრანგეთის ინტერესების დაცვისას გამოჩენილ სისუსტეში ადანაშაულებდა,
ამჯერადაც მის ოპონენტს დაუჭირა მხარი. მილიერანმა 7 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტის
პოსტი დაიკავა. მთავრობას კი სათავეში ჟ. ლეიგი ჩაუდგა (1920 წლის სექტემბერი - 1921 წლის
იანვარი). ეკონომიკური აღმავლობა და სახელმწიფო-საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა
საფრანგეთში კვლავ გრძელდებოდა, თუმცა ვერც ლეიგის, ვერც ბრიანის (1921 წლის იანვარი - 1922
წლის იანვარი) და ვერც პუანკარეს (1922 წლის იანვარი - 1924 წლის ივნისი) მთავრობებმა ბიუჯეტის
შემოსავლითი და ხარჯვითი ნაწილების ბალანსირება ვერ მოახერხეს. აქტიური საგარეო
პოლიტიკის წარმოების მიზნით საფრანგეთის მმართველი წრეები მშვიდობიან პერიოდშიც ძალიან
დიდ, 700 ათასიან არმიას ინარჩუნებდნენ, რომლის შენახვა ასევე ძალიან დიდ ხარჯებს
მოითხოვდა. საფრანგეთი რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში ანტისაბჭოთა ძალების
დაფინანსებისთვისაც დიდ სახსრებს ხარჯავდა (წინამორბედ კლემანსოს მთავრობასთან
შედარებით - „ეროვნული ბლოკის“ კაბინეტებმა 1920-1922 წლებში ეს დაფინანსება კიდევ უფრო
გაზარდეს). მოსახლეობის ფართო მასების უკმაყოფილების და მუშათა მოძრაობის ახალი
აღმავლობის შიშით საფრანგეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადასახადების მნიშვნელოვან
ამაღლებას და სოციალური ხარჯების შემცირებასაც თავი აარიდა, რის გამოც მთელი თავისი
მმართველობის პერიოდში „ეროვნულმა ბლოკმა“ ვერ შეძლო ბიუჯეტის ის დეფიციტი
შეემცირებინა, რომელიც 1919 წელს 27 მილიარდ ფრანკს შეადგენდა. რაც შეეხება ომისდროინდელ
300 მილიარდი ფრანკის ოდენობის სახელმწიფო ვალს, მისი მოცულობა არათუ შემცირდა, არამედ
რამდენამდე გაიზარდა კიდეც.

14
სახელმწიფო ფინანსების ეს მძიმე მდგომარეობა „ეროვნული ბლოკის“ მთავრობების
(რომლებმაც მთავარ მიზნად ვერსალის ხელშეკრულების პირობების სრული რეალიზაცია
დაისახეს) საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. განსაკუთრებულ
დაინტერესებას საფრანგეთის ხელისუფლება გერმანიის ფინანსური ვალდებულებების მიმართ
იჩენდა. 1921 წელს ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელზეც
გერმანიაზე დაკისრებული რეპარაციების საერთო მოცულობის საკითხი განიხილებოდა,
საფრანგეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყის ნავთობით მდიდარი მოსულის რეგიონის
ინგლისისათვის დათმობის ფასად მიაღწია ბრიტანეთის ხელისუფლების თანხმობას იმაზე, რომ ამ
რეპარაციების საერთო რაოდენობა 132 მილიარდი მარკით განსაზღვრულიყო. მას შემდეგ, რაც
რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში 1920 წლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება
გამოიკვეთა, იმ იმედით, რომ მეფის მთავრობაზე გაცემული სესხების ნაწილს დაიბრუნებდა,
საფრანგეთის მმართველმა წრეებმა ლენინის მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებაც კი
გადაწყვიტეს. რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა საფრანგეთის მთავრობას 1922 წელს ქალაქ
გენუაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიეცა. საბჭოთა მთავრობამ, რომელიც მიზნად
ყოფილი მეფის რუსეთის მოკავშირეებთან ურთიერთობის გარკვევას და საერთაშორისო
იზოლაციის გარღვევას ისახავდა, ამ ფორუმზე თავისი დელეგაცია გამოაგზავნა. საფრანგეთის
დელეგაციამ, რომელმაც მანამდე კონფერენციაზე ჩამოსულ გერმანიის მთავრობის
წარმომადგენელთა თხოვნა რეპარაციების საერთო მოცულობის შემცირების შესახებ
კატეგორიულად უარყო, რუს დიპლომატებს მეფის მთავრობის საგარეო ვალების დაფარვის მკაცრი
მოთხოვნა წაუყენა. რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხის რაოდენობა
მისთვის მიუღებელი იყო. თავის მხრივ მან საფრანგეთის და ინგლისის წარმომადგენლებს
კონტრპრეტენზიები წაუყენა და მათგან ანტანტის მიერ განხორციელებული სამხედრო
ინტერვენციისას რუსეთზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. საბოლოოდ ეს
მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, რამაც საფრანგეთის ხელისუფლებას რუსეთისაგან რაიმე
თანხის მიღების ყოველგვარი იმედი დაუკარგა.
რუსეთში ინვესიტირებული კაპიტალის დაკარგვის გარდა საფრანგეთის მმართველი წრეები
იმითაც იყვნენ შეშფოთებულნი, რომ რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მათ
ამ ქვეყნის სახით ტრადიციული სამხედრო მოკავშირეც დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ
ჯერჯერობით დამარცხებული და დასუსტებული გერმანია ვერსალის ხელშეკრულების
ვალდებულებებით იყო შებოჭილი, მომავალში გერმანული რევანშიზმის აღორძინების და ამ
ქვეყნის საფრანგეთზე თავდასხმის საფრთხეს საფრანგეთის ხელისუფლება არ გამორიცხავდა. ამ
თვალსაზრისით ქვეყნის ხელმძღვანელთა შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიკაცია არ

15
მოახდინა, და შესაბამისად ამ ქვეყანამ ერთა ლიგაში შესვლაზეც უარი განაცხადა. ამას ამერიკის
შეერთებული შტატების და საფრანგეთის იმ სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულების
ანულირება მოჰყვა, რომელსაც პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ვილსონმა და კლემანსომ
მოაწერეს ხელი. გამოიყენა რა საბაბად ამერიკის შეერთებული შტატების ეს ნაბიჯი, ასევე პარიზის
კონფერენციაზე გაფორმებული ინგლის-საფრანგეთის ანალოგიური ხელშეკრულების
შენარჩუნებაზე ინგლისის ხელისუფლებამაც უარი თქვა. ამგვარად ანგლო-ამერიკული
უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა სანაცვლოდაც კლემანსომ გერმანიის დასავლეთი საზღვრის
რაინამდე გადაწევის მოთხოვნაზე (რასაც საფრანგეთის არმიის მთავარსარდალი, მარშალი ფოში
ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად პირობად მიიჩნევდა) ხელი აიღო, არარეალური გამოდგა.
ასეთ ვითარებაში საფრანგეთის მმართველმა წრეებმა გადაწყვიტეს რუსეთთან კავშირი
„აღმოსავლური კავშირების“ სისტემით შეეცვალათ. ამ სისტემაში ისინი აღმოსავლეთ ევროპის იმ
სახელმწიფოებს მოიაზრებდნენ, რომლებიც ვერსალის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების
შენარჩუნებით იყვნენ დაინტერესებულნი. ასეთ სახელმწიფოებად საფრანგეთის ხელისუფლება
უპირველეს ყოვლისა მიიჩნევდა რუმინეთს, რომელმაც ომის შემდეგ საფრანგეთის დახმარებით
დიდი ტერიტორია შეიერთა და ომის შედეგად შექმნილ ახალ ქვეყნებს, პოლონეთს,
ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიას, რომელთა საზღვრების გავლებაშიც პარიზის სამშვიდობო
კონფერეციაზე ფრანგულმა დიპლომატიამ ასევე დიდი როლი ითამაშა. ა. ბრიანის მთავრობის
მმართველობის პერიოდში, 1921 წელს საფრანგეთსა და პოლონეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური
კავშირი იქნა გაფორმებული. ამავე წელს საფრანგეთის ეგიდით ე.წ. ,,მცირე ანტანტაც“
ჩამოყალიბდა, რაც ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთისა და იუგოსლავიის სამმხრივ სამხედო ალიანსს
წარმოადგენდა. საფრანგეთ-პოლონეთის პაქტი და ,,მცირე ანტანტა“ სწორედ ის „სანიტარული
კორდონი“ იყო, რომელსაც ევროპა კომუნიზმის სენისაგან უნდა დაეცვა. ამავე დროს ეს
„აღმოსავლური კავშირების“ სისტემა საფრანგეთს გერმანიის წინააღმდეგაც შეეძლო აემოქმედებინა.
საფრანგეთის მიერ „აღმოსავლური კავშირების“ სისტემის შექმნამ ამერიკის შეერთებული
შტატებისა და ბრიტანეთის მმართველი წრეების დიდი შეშფოთება გამოიწვია. ისინი ხედავდნენ,
რომ ევროპაში საფრანგეთის ჰეგემონობა უკვე რეალურ სახეს იღებდა. ვაშინგტონსა და ლონდონში
თვლიდნენ, რომ თავის მოკავშირეებზე დაყრდნობით საფრანგეთი, რომელსაც თავადაც
უზარმაზარი სახმელეთო არმია ჰყავდა, დაარღვევდა ვერსალის ხელშეკრულების პირობებს და
გერმანიის ოკუპაცია-დანაწევრებას შეეცდებოდა. ამიტომაც ინგლისი და ამერიკის შეერთებული
შტატები საფრანგეთზე ერთობლივ ზეწოლას კვლავ აგრძელებდნენ. 1921 წლის ბოლოსა და 1922
წლის დამდეგს ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ერთ-ერთ
საკითხად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საზღვაო შეიარაღების დონე განიხილებოდა, ამერიკის
შეერთებულმა შტატებმა და ინგლისმა ისარგებლეს რა საფრანგეთის საგარეო ვალების პრობლემით,

16
ამ უკანასკნელს არახელსაყრელი ხელშეკრულება მოახვიეს თავს. საფრანგეთის დელეგაცია
დათანხმდა იმაზე, რომ ქვეყნის სახაზო გემებისა და კრეისერების საერთო ტონაჟის მაქსიმუმი 175
ათასი ტონით განსაზღვრულიყო, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატების და ინგლისის
სახაზო ფლოტის საერთო ტონაჟის მაქსიმუმი 525 ათასი ტონით განისაზღვრა, ხოლო
იაპონიისათვის 325 ათასი ტონა იქნა დაშვებული. მართალია საფრანგეთმა მიიღო იმის უფლება,
რომ მსუბუქი ხომალდების და წყალქვეშა ნავების მშენებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
გაეგრძელებინა, მაგრამ ფრანგულ სახაზო ფლოტზე დაწესებულმა ამგვარმა შეზღუდვამ „ეროვნულ
ბლოკში“ შემავალი პარტიების უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია. ბრიანის მთავრობა მწვავე
კრიტიკის ობიექტად იქცა. იმან, რომ ვაშინგტონის კონფერენციაზე საფრანგეთმა თავისი
საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაპირება მიიღო - ა. ბრიანის შერყეულ
ავტორიტეტს ვერაფერი შემატა. 1922 წლის იანვარში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ა.
ბრიანი რ. პუანკარემ შეცვალა.

17

You might also like