You are on page 1of 2

აბოს ღვაწლი

არაბების მიერ დანიშნული ქართლის ერისმთავარი ნერსე დააბეზღეს


ხალიფასთან, იგი დაიბარეს ბაღდადში და დააპატიმრეს. სამი წლის შემდეგ ის
მომდევნო ხალიფამ გაათავისუფლა და ნება დართო დაბრუნებულიყო თბილისში
თავდაპირველი უფლებებით. ნერსეს ბაღდადიდან გამოჰყვა თვრამეტი წლის
არაბი ჭაბუკი აბო , რომელიც ამზადებდა სურნელოვან საცხებლებს და
ემსახურებოდა ნერსეს.
ქართლში ჩამოსვლიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ნერსე მორიგ ხიფათს გაერიდა
და თავის ამალასთან ერთად, რომელშიც აბოც იყო, ხაზარეთს გაემგზავრა. აბო
თბილისში ყოფნის დროს დაინტერესებულა ქრისტიანული სარწმუნოებით,
გაუცვნია ქრისტიანული ზნე-ჩვეულებები, შეუსწავლია ძველი და ახალი აღთქმის
წიგნები და ხაზარეთში ჩასვლისთანავე მონათლულა ქრისტიანად. აქედან ნერსე
თავის ამალასთან ერთად აფხაზეთში გადასულა, სადაც ნერსეს ადრევე გაუხიზნია
ცოლ-შვილი. გაქრისტიანებულ აბოს დიდი სიხარულით შეხვდნენ აფხაზეთის
მთავარი და სამღვდელოება, „ხოლო იგი ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა
მან ქუეყანა იგი სავსჱ ქრისტეს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი
მკჳდრად იპოების საზღვართა მათთა.
ამასობაში არაბებმა ქართლის ერისმთავრად ნერსეს დისწული სტეფანე
დანიშნეს, პოლიტიკური სიტუაცია ნორმალური გახდა და ნერსე თბილისში
დაბრუნდა. აბო აქ მაჰმადიან თანამეტომე არაბების გარემოცვაში მოხვდა . მათ
იგი დააბეზღეს ამირასთან და აბო სამსჯავროზე წარდგა. გამართლდა აფხაზეთის
მთავრის გაფრთხილება, რომელიც ურჩევდა, აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში,
უსაფრთხო ქრისტიანულ ქვეყანაში, რადგან თბილისში არაბების გარემოცვაში მას
არავინ აპატიებდა გაქრისტიანებას და საკუთარი რჯულის უარყოფას. მაშინ აბომ
მტკიცედ განუცხადა მთავარს: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე
ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა“ და თუ
ღმერთი ინებებს, შეეწირება ქრისტიანობას; „არასადა დავემალო მე შიშისაგან
სიკუდილისა“
ამჯერად საპყრობილიდან აბო გაათავისუფლეს რამდენიმე დღით სტეფანე
ერისმთავრის ძალისხმევით. რამდენიმე დღის შემდეგ აბო კვლავ დაასმინეს
ახლადმოვლინებულ ამირასთან და დაჟინებით მოითხოვეს მისი დასჯა, თუკი იგი
არ დაუბრუნდებოდა მაჰმადიანობას, რადგან იგი უშიშრად დადიოდა ქალაქში და
არაბებს უქადაგებდა ქრისტეს რჯულს. აბო გააფრთხილეს მოსალოდნელი
დაპატიმრების შესახებ და ურჩიეს დამალულიყო, მაგრამ მან მიუგო მათ: „მე არა
ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთჳს, არამედ სიკუდიდცა“ და
განაგრძო ქალაქის ქუჩებში უშიშრად სიარული და ქადაგება.
აბო შეიპყრეს და წარადგინეს სამსჯავროზე ამირას წინაშე. ცხარე კამათის შემდეგ,
ჯერ ტანჯვა-წვალებამ, შემდეგ კი ამირას დაპირებებმა, რადგან აბოს მტკიცე
გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა, თავდაპირველად ციხეში ჩააგდეს. აბომ
გააყიდვინა მთელი თავისი ქონება და ეწეოდა ქველმოქმედებას: „რამეთუ
განყიდა მან ყოველი, რაჲცა აქუნდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და
ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ“ , ხოლო სიკვდილის წინა დღით
თავისი სამოსლის საფასურად აყიდვინა სანთლები და დაურიგა ქალაქის ყველა
ეკლესიას, რათა დაენთოთ და ელოცათ მისი სულისათვის.
აბოს თავი მოჰკვეთეს მაცხოვრის ნათლისღების დღეს - 6 იანვარს თბილისში, 40
სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძრის ეზოში, მისი გვამი დაწვეს, რათა
ქრისტიანებს მისი სხეულის ნაწილები არ წაეღოთ სახლებში წმიდა ნაწილებად,
დარჩენილი ძვლები და ფერფლი გახვიეს ცხვრის ტყავში და გადააგდეს მტკვარში
(ახლანდელი მეტეხის ეკლესიასთან). ეს ადგილი მტკვრის ფსკერიდან
გამოსცემდა სასწაულებრივ ნათელს.

You might also like