You are on page 1of 3

ღმერთი

| რადგან ბოლოა გავრისკე და მაინც დავწერე. ვიცი, რომ როგორიც ღმერთებს შეეფერებათ
ისეთი ვერ გამომივიდა. ისიც ვიცი, რომ ამ თემაზე ხალხი წლების მანძილზე მუშაობდა და არა
2020 წლის ერთი კვირა დღის განმავლობაში. მაგრამ განვმეორდები, ბოლოა და არაუშავს,
რისკიც „მოსულა“ |

ღმერთი, ან ღმერთები მუდმივად არსებობდნენ ლიტერატურაში, უპირველესად მითოლოგიასა


და სახარებისეულ, ქრისტიანულ ტექსტებში. მაგრამ განმანათლებლობის გაჩენასთან ერთად ეს
იდეები არარელევანტური გახდა. ღმერთი ზედმეტად ძველი იყო ახალი რომანებისთვის.
ამიტომ იგი დაიკარგა, ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და დოსკტოევსკისთან მოკვდა კიდეც.
ასეა თუ ისე, გვჯერა თუ არა ამის ღმერთი ყველგანაა, ლიტერატურული თვალსაზრისით მისი
იდეის გარეშე, უფლის რომელიმე გამოვლინების მიღმა არაფერი ხდება. და ყველაზე ათეისტ
მწერლებთანაც კი სადაც, ღმერთის იდეა სრულიად უნდა იყოს უგულებელყოფილი, პირიქით
ხდება ხოლმე. შესაძლოა ავტორებმა თავინთ პერსონაჟებთან ერთად იპოვნონ ზეციური ძალა,
პონტოელი პილატესა და ერიკ ემანულ შმიტის მსგავსად. საქმე ისაა, რომ დროთა
განმავლობაში, რეალისტური იდეების ძებნაში, ამქვეყნიურ ფიქრებში ღმერთი გაგვექვა და
დაგვეკარგა. იგი აღარ იყო აუცილებელი, რადგან ადამიანებმა ვიგრძენით შესაძლებლობა
ყოველდღიური ცხოვრება იმაზე უკეთესი ყოფილიყო ვიდრე სამოთხე იქნებოდა. ადამიანები
ემსახურებოდნენ იდეას, რომელიც მათთვის არაფრისმომცემი იყო. საეჭვო ძალისა და
პროტექტორისთვის ჩადიოდნენ ცოდვებს. „ვარდის სახელშიც“ ღმერთისთვის ჩადენილი
ცოდვა არაფერია, ასეთი დანაშაული მიტევებადია, მაგრამ ვისგან? ხალხი ამ დროს იბნევა,
რადგან ქრისტიანული ღმერთი, რომელიც აუცილებლად შორს იყო ჩვენგან და მის მიერვე
შექმნილ არსებებთან პრაქტიკულად არაფერი აკავშირებდა, ადამიანებისთვის ამოუხსნელ
ფენომენად რჩებოდა და მისი რწმენაც ბუნებრივია, რომ ნელდებოდა. ამიტომ შევეშვით ფიქრს
იმქვეყნიურ სასუფეველზე, და ადამიანების ანგარებიანი ბუნებიდან გამომდინარე, თუ
ღმერთისგან აღარაფერს ველოდით ანუ ის აღარც გვჭირდებოდა. მაგრამ ზეციური ძალები
იმდენად დაგვშორდნენ, რომ საბოლოოდ ესეც აუტნელი გახდა.
პირველი ნაწარმოები, რომელიც ყველაზე აშკარად ადანაშაულებს ღმერთს ჯონ მილტონის
პოემა „დაკარგული სამოთხე“ მგონია. ვინაიდან აქ ღმერთის მიერ მოფიქრებული დასჯის
ხერხებია განხილული, რაც მან თავის საყვარელ არსებას - ადამიანს მოუვლინა. ამის შემდეგაც,
უკვე 4 საუკუნის მანძილზე ღმერთის არსებობა - არარსებობის საკითხი სადავოდ გვეჩვენება
და ასეთივედ დარჩება კიდევ ძალიან დიდი დროის მანძილზე. მეცხრამეტე საუკუნის
ბოლოდან ეს დაპირისპირება უფრო აშკარა ხდება ბევრ ავტორთან. რეალიზმი ცდილობს
რაციონალურის პოვნას ყველაფერში და ღმერთი კი საოცრად ირაციონალური წარმონაქმნია.
ამიტომ, როცა დოსტოევსკისთან ივან კარამაზოვი ალიოშას ესაუბრება ბავშვთა ტანჯვის
შესახებ, და საუბარში თითქოს უმნიშვნელოდ აღნიშნავს, რომ ღმერთი მოკვდა, რეალურად
ლიტერატურაში ახალი უფლის სახე ჩნდება - ღმერთი, რომელიც მკვდარია, იმიტომ რომ იგი
ადამიანური ბუნებისგან ძალიან შორსაა, ვერ განვითარდა და ისევ იმ ხალხს მიემართება,
რომლებიც სუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ და იან ჰუსს თუ მარტინ ლუთერს იმიტომ
ასამართლებდნენ, რომ მათი ინდულგენციებით ვაჭრობა არ მოსწონდათ. წესით, ღმერთს ისე
ატრიალებს ხალხი, როგორც ეს მასებს სურთ, ვინაიდან იგი ხალხის ხელში იარაღადაც კი
გადაიქცევა ხოლმე. ამიტომ ჩვეულებრივი, რეალისტი ადამიანები ღმერთზე ბრაზობენ,
შესაბამისად, თავიანთ გონებაში კლავენ მას. ეს მატებს მათ ფიქრს რაციონალურობას, მაგრამ
აკლებს უფლის ძირითად მახასიათებელს, იმას, რის გამოც ის ჩვენ გვჭირდება - იმედს.
იქედან მოყოლებული ასეთივე უიმედობით გრძლდება ღმერთის ძიება. მას არავინ წყვეტს,
რადგან მარადიული ძალის ძებნა ყველა თაობაში შეიძლება, შესაბამისად მათემატიკის
საშუალებით ცდილობს მის არითმეტიკულად დამტკიცებას აპდაიკის პერსონაჟი. ენტონი
ბერჯესის „Earthly Powers”-ში დაკარგულ, თავისივე შუამავლების გამო დამარცხებულ
ღმერთთან უფრო გვაქვს საქმე და სხვა. მაგრამ საერთო ტენდენციას თუ დავაკვირდებით,
ღმერთი ნელ-ნელა მიწაზე ეშვება, ადამიანების გვერდით იდებს ბინას და ეს სწორიცაა, ასეც
უნდა იყოს. შორს არსებული ძალისთვის შეწირული სიცოცხლე უფრო მეტად უაზროა, ვიდრე
სტალინისათვის, რომლის არსებობის დამადასტურებელი საბუთები მაინც გაგაჩნია. მაგრამ ეს
სხვა საკითხია. ლიტერატურაში კი მიწაზე დაშვებული უფალი ნელ-ნელა იქცევა პერსონაჟად.
არა იმ ძალად, რომელიც ზემოდან ჩასძახებს ხოლმე ადამიანებს ჭეშმარიტების შესახებ, არამედ
ნამდვილ, სახასიათო, თვისებების მქონე გმირად.
თავდაპირველად ავტორები ცოტა მორიდებულები არიან, ჯერ ღმერთს ვერ ეხებიან და
მხოლოდ იესოს, ან სხვა ბიბლიური გმირების სახეებს ცვლიან ხოლმე. ჟოზე სარამაგუს „იესოს
სახარებაში“, სამყაროს მხსნელი ქრისტე გაადამიანურებულია. დროთა განმავლობაში
ნახევრად-კაცი იესოც კი ხალხმა მთლიანად ღმერთად აქცია, იმის მიუხედავად, რომ
უშუალოდ სახარებაშიც ავლენს იგი ამქვეყნიურ განრისხებას, მოუთმენლობას,
ტემპერამენტულობას. თანამედროვე ლიტერატურაშიც უფრო მეტი ქრისტეს, ან სხვა სახარების
პერსონაჟებზე იწერება, ვიდრე უშუალოდ ღმერთზე. იქნება ეს კუტზეეს „ქრისტეს ბავშვობა“
თუ ნებისმიერი სხვა წიგნი. მაგრამ მიუხედავად ამისა, უშუალოდ უფალი იშვიათად ავლენს
საკუთარ ადამიანურობას, რომელსაც მგონია, რომ ვერ გაექცევა თუ თავის ხატად და მოქცევად
ვყავართ შექმნილნი.
ვერ დავიბრალებ, რომ ღმერთი როგორც პერსონაჟი ბევრგან მინახავს. პირიქით, მხოლოდ
ძალიან ცოტა ავტორთან თუ შემხვედრია, მაგრამ ყველაზე ამქვეყნიური ღმერთი,
ცვლილებებისთვის გახსნილი და არა ჩაკეტილი სისტემით წარმოდგენილი, ჟოზე სარამაგუზე
უკეთ ჩემამდე არავის მოუტანია. ამიტომ, სულ რამდენიმე გვერდის გამოყენებით ამ ავტორის
წიგნიდან „კაენი“ შევეცდები დავახასიათო ოცდამეერთე საუკუნის ღმერთი, რომელიც მიწაზე
ჩამოვიდა, უფრო ზუსტად კი წიგნებმა ჩამოიყვანეს.
„ვინ ხარ ასეთი, რომ შენივე ქმნილებებს გამოცდებს უწყობ?“ - ეკითხება კაენი ღმერთს აბელის
მკვლელობის შემდეგ და ჩემი აზრით, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ყველას აინტერესბს.
მთლიანი წიგნიც სახარების ყველა იმ მომენტის თავისებურ წარმოჩენას წარმოადგენს,
რომლებიც ასე ორაზროვანი და დამაბნეველია, ხოლო კაენი მისი მთავარი გმირია, სამუდამოდ
ცხოვრებითა და ხეტიალით რომ დასჯის ღმერთი, თუმცა არ მოკლავს მათი გარიგების
შესაბამისად.
პირველი თვისება, რომელიც სარამაგუს ღმერთში ჩანს თვითკმაყოფილება და ამპარტავნებაა,
მაშინ, როცა უფალი ამპარტავნეებს ეწინააღმდეგება (იაკობი 4:6), იგი თვითონვე ავლენს ამ
თვისებას კაენთან საუბრისას. „ჩემს ნებას ვერაფერს მოუხერხებ“, ამბობს იგი. კაენი კი
მედიდურ უცდომილებას აკრიტიკებს, ყველა ღმერთს რომ ახასიათებს. რას გულისხმობს კაენი
ყველა ღმერთში, და რატომ არ აქვს ამაზე ქრისტეს რჯულის მიმდევართა უფალს რეაქცია.
შესაძლოა მან იცის, რომ ერთად ერთი არ არის და ამის დასტურად გამოგვადგება ის
სიტყვებიც, რომლითაც კაენს ღმერთების გზის შეუცნობლობაზე ეუბნება „რამდენადაც ვიცი,
ასეთი რაღაც არცერთ ღმერთს არ უთქვამს, აზრადაც არასდროს მოგვივიდოდა, რომ გზანი
ჩვენი შეუცნობია“. თავი შესაძლოა ისეთივე შეუცდომლად და ამაყად მიაჩნია, როგორც ზევსს
ბერძნული მითოლოგიიდან, მაგრამ ხალხს აბრალებს ღმერთისა და ადამიანის დაშორებას,
ვინაიდან თვითონ ადამიანებმა გადაწყვტეს უფლის გზებს აბა ჩვენ რას გავიგებთქო და
ზემდეტი ფიქრით თავი აღარც არავის შეუწუხებია.
სარამაგუს ღმერთი ჯიუტიცაა, რომელსაც ბოლომდე არ სურს აღიაროს თავისი წვლილი
აბელის სიკვდილში. მაგრამ კაენი შეძლებს მის დარწმუნებას. და ყოველ შემთხვევაში ჩემთვის
ცნობილი ლიტერატურის ისტორიაში, ღმერთი პირველად აღიარებს, რომ დამნაშავეა. უფრო
მეტიც, იგი მატყუარაა, თვითონ თუ არა კაენს მაინც ავალდებულებს სიცრუის თქმას („იმედია
არ ეტყვი, რომ ჩემი ძმა მოვკალიო“). კაენის ღმერთი ადამიანურია, მისი ზეციური ძალების
მიუხედავად საოცრად ადამიანური თვისებები აქვს და ეს ღმერთის არსებობის თეორიასაც
უხდება და მისი არარსებობისსაც.
თუ უფალი ადამიანებმა გამოიგონეს, მაშინ ბუნებრივია, რომ მას მიწიერი თვისებები ექნება,
მრისხანება, სიყვარული, მიტევება ეცოდინება. თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი, მაშინ ღმერთში
არსებული ეს თვისებები ჩვენთანაც გამეორდა, ამიტომ ამ თვალსაზრისით ძიების გაგრძელება
საკუთარი კუდის გამოდევნება იქნება და სხვა არაფერი, შესაბამისად, ჯობია შევეშვათ.
სარამაგუს რომანში ისიც ჩანს, რომ ღმერთი ხანდახან ვერ გვხედავს, ჩვენი მოქმედების
შესაძლებლობას გვაძლევს, და ადამიანები კი, რომლებსაც ჩვენი ცოდვების სხვისთვის
გადაბრალება გვიყვარს ყველაფერს ღმერთს მივაწერთ ხოლმე. ამიტომ ლიტერატურაში
ყველაზე საინტერესო ღმერთი სარამაგუს ღმერთი მგონია, კაენი ასე ხშირად რომ ესაუბრება.
მასზე კი, ყოველთვის დუმბაძე მახსენდება ხოლმე, მესმის, რომ ძალიან განსხვავებულ
რაიმეებს შორის მომყავს მსგავსება, მაგრამ ქართულ-პორტუგალიური საერთოების გამოძებნა
ყოველთვის შეიძლება. დუმბაძე, რომელიც რამდენჯერმე გაესაუბრება ღმერთს, ამ ზეციურ
ძალას პერსონაჟის ფუნქციას ანიჭებს და ამით ემსგავსება სარამაგუს, ან იქნებ პირიქითაც (ცოტა
არ იყოს, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც).
და ბოლოს, ყველაზე უფრო შთამბეჭდავი დედამიწაზე დაბრუნებულ ღმერთში ისაა, რომ
ადამიანური გონების წრიულად განვითარებაში გვარწმუნებს. ჩვენ ლიტერატურის პირველ
წერტილს დავუბრუნდით. იმ ადგილს, სადაც არესი ფეხში იჭრება და ვერ კვდება მაგრამ
სტკივა, სადაც მოღალატე ცოლის საყვარელს იმიტომ ვერ გაეკიდება ღმერთი, რომ კოჭლია,
სადაც ადამიანები და ღმერთები ერთნაირად არიან მიწაზე, უყვართ, კლავენ, სძულთ, სჯიან და
ასე შემდეგ. დედამიწაზე დაბრუნებული ღმერთი ბერძული ლიტერატურაა ახლად
გამოცოცხლებული თანამედროვე სამყაროში, რადგან შორს გაქცეული არსებულ-არარსებული,
შესაცნობ-შეუცნობელი ძალა აღარავის სჭირდება. მაშინ, რომ როცა ჩემი ღმერთი, თუნდაც
წვრილმანებისა, შეიძლება კონკრეტული ადამიანი გახდეს, ეშმაკი კი ბუზებმოხვეულ ღორის
თავში ამოვიცნო, ან სიყვარულის წესების დადგენით სულ ახლებურად შევხედო რელიგიასა და
სულიერებას, ღმერთი ახლოს მჭირდება, მისი შეგრძენა შეხების დონეზე აღსაქმელი უნდა
იყოს, სხვა შემთხვევაში ის მარიონეტი, პაპისა თუ პატრიარქების ხელში ჩავარდნილი,
ინდულგენციების გასაყიდი მექანიზმია.

ელენე სვიანაძე 19-3 დავალება #16. !

You might also like