You are on page 1of 3

ოთარაანთ ქვრივი

ბოლო თავი

1) დაახასიათეთ საზოგადოება

2) დაახასიათეთ სოსია

3) სტილი და მხატვრული ხერხები

ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების ეს მონაკვეთი თითქოს ერთგვარი განაჩენია


მადლდაკარგული საზოგადოებისათვის, რომელსაც შობის არსი ვერ გაუგია, ვერ
შეუცნია. შობის ღამეს წამოსულ თეთრ თოვლს თავისი სიწმინდით
კაცობრიობისათვის თითქოს ტალახის, ჭუჭყის მოცლა სურს. ყოველწლიური შობის
დღესასწაულის აღნიშვნით ადამიანთა გულებში უნდა იშვას ქრისტე. თუმცა ამ
ეპიზოდში დახასიათებული საზოგადოება შორს არის ამ დღესასწაულისაგან. ამ
სოფელმა, ამ საზოგადოებამ ისევე ვერ შეირგო გიორგი, როგორც „უგბილმა“
კაცობრიობამ - მაცხოვარი. ეს ტრაგედია მთელი სოფლის ტრაგედიად უნდა
ქცეულიყო, რადგან ძნელია ადამიანმა თავის სიცოცხლეში ნახოს ამგვარი შემზარავი
სურათი და ამან არ შეძრას - მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ საზოგადოებას,
რომელიც ამ ტრაგედიამ ცნობისმოყვარე ბრბოდ აქცია. ეს საზოგადოება
თანაგრძნობის უნარს მოკლებულია - ოთარაანთ ქვრივის ცხედართან მისულთაგან
არც ტკივილიანი ამოძახება ისმის, არც ტირილი, არც ქვითინი - ამ საზოგადოებას
საშინელი ტრაგედიის მიმართ პატივისცემისა და თანაგრძნობის გამომხატველი
დუმილის უნარიც დაჰკარგვია. აქ ისმის ჟღივილ-ყაყანი და „ხათხათი“, ეს სანახაობას
დახარბებული კაცის მიერ გამოცემული ხმაა, რადგან „ხათხათი“ არც ტირილია და
არც კივილი. ეს ცნობისმოყვარე ბრბოს მიერ კმაყოფილების გამომხატველი ემოციის
აღმნიშვნელი სიტყვაა. ეს საზოგადოება სასტიკიც არის, მას არ ებრალება ოთარაანთ
ქვრივის ერთადერთი დამტირებელი, სამაგიეროდ ყველა ლაპარაკობს, ენას იქავებს:
„გატყდა ეს რკინის დედაკაციცაო“...„ეს ფესვმაგარი ხეც წამოიქცაო.“

აქ შეკრებილი ხალხი გულქვა და სასტიკია. ამ ადამიანებს თითქოს ხელს უშლით


ის ერთადერთი კაცი, რომელიც გულწრფელად დასტირის თავისი ცხოვრების
ერთადერთ სიყვარულს. სოსია მეწისქვილეს 30 წლის განმავლობაში უყვარდა
ოთარაანთ ქვრივი, თუმცა ბედისწერამ ისე ინება, რომ მისი ცხოვრების ვარსკვლავი
მარტო ამოვიდა და მარტო ჩავიდა, ანუ ქალის ოჯახისგან დაწუნებულმა სიყვარული,
ერთგულება და მოწიწება ამ ქალის მიმართ ბოლომდე შეინარჩუნა. საზოგადოებას
აღიზიანებს ის მოწიწება, რომელიც სოსიას თან ახლავს - მას ხომ მკვდარი ოთარაანთ
ქვრივის ხელი უჭირავს და ისე დასტირის ქალს, რომელიც უანგაროდ,
გულწრფელად უყვარდა. ამ გულქვა საზოგადოების ერთი წევრი მის ტირილს
უპატრონო ძაღლის ღმუილს შეადარებს - აქ მკითხველი ელოდება მისი საქციელის
სიტყვიერ გაკიცხვას შეკრებილთაგან, მაგრამ ამ მოლოდინის საპირისპიროდ სოფლის
სხვა წარმომადგენელი მას წიხლსაც ჰკრავს, სოსია სამაგიეროს არავის უხდის. ვაჟა-
ფშაველას მთის წყაროსავით იგი ვერავის შეაფურთხებს და ვერავის შეუბრუნებს
თუნდაც საკადრის პასუხს. არავინ იცის, რა არის მთავარი სოფელში - იქნებ, ეს არის
მთავარი? შეინარჩუნო „უმანკოება სულისა“ იქ, სადაც ეს თითქმის შეუძლებელია?
სოსია მეწისქვილისათვის წუთისოფელი მამინაცვალია, რადგან მან სულის
უმანკოება შეინარჩუნა. მამინაცვლად ექცათ წუთისოფელი ოთარაანთ ქვრივსაც და
გიორგისაც, რადგან ისინი არა მხოლოდ თავის, სხვათა ღირსების დამცველები,
უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები არიან. მათი მუდმივი
სიფხიზლე, პატიოსნება მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც
წუთისოფელი მამაა.

მეცხრამეტე საუკუნეში ქართული პროზის გამართვა ილია ჭავჭავაძეს დააწვა


ტვირთად. ის არ წონის სიტყვას, არც უმზერს მას, არც უსმენს. იგი ყნოსავს სიტყვას
და ხელით ეხება მას (გრიგოლ რობაქიძე). ილიას ენა თავისებურია, ამ ენას აქვს
თავისი კონსტრუქცია, თავისი სინტაქსი და თავისი მხატვრული სურნელებაც.
„ხალხის ენის კანონის დამდები და ანბანთ თეორეტიკაო“,- ამბობს ილია. ილიამ
სალიტერატურო ენის „დაბლა“ ჩამოყვანით თხრობის მანერა დაამკვიდრა, რომლის
ძირითადი მიზანი ის არის, რომ შექმნას დასახატი წრის სურათი, დაახასიათოს ეს
წრე და ამ წრის პერსონაჟები და თემისა და სტილის თავისებური შეხამებით
განსაზღვრული შთაბეჭდილება გამოიწვიოს.

ავტორი იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხსა თუ საშუალებას სათქმელის


გამოსახატავად. პირველ რიგში, გამოვყოფთ ეპითეტებს, ეპითეტი გვიჩვენებს საგნისა
და მოვლენის მიმართ ავტორის დამოკიდებულებას. ეპითეტი „დალოცვილი“
ძაღლის ერთგულების გამომხატველია. ეპითეტი „დამტირებელი“ ამ უსულოდ
დარჩენილი საზოგადოების არსს გამოხატავს. ეპითეტი „გათავებული“ ოთარაანთ
ქვრივის სიკვდილს აღწერს, მაგრამ ასევე აღწერს ამბავს, რომელიც დამთავრდა და
თითქოს, ამ წუთისოფლის ბუნაგად მქცეველმა საზოგადოებამ შვებით ამოისუნთქა.
ამ მონაკვეთშ არის რამდენიმე მეტაფორაც. მეტაფორებია „რკინის დედაკაცი“ და
„ფესვმაგარი“, ორივე გამოხატავს სოფლის დამოკიდებულებას ოთარაანთ ქვრივის
მიმართ, ამ მეტაფორებით გამოიხატება მისი ზნეობრივი სიმყარე და
უკომპრომისობა. ტექსტში არის გამოყენებული შედარებებიც. მაგალითად, „რას
ჰღმუი უპატრონო ძაღლსავით?“ ასე მოიხსენიებს გულმართალ და წესიერ კაცს
სოფლის ერთ-ერთი ახალგაზრდა. შედარებაა „ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდიო“,
თუმცა ეს შედარება ლიტოტესიც არის, ანუ სოსია თავს იმცირებს. ასევე ნაწარმოებში
გამოყენებულია ფრაზეოლოგიზმი: „გული აღარავისზედ მისვლია“, ანუ აღარავინ
მოსწონებია. „შენ მითამ მარაქაში ერევი?“ ნიშნავს, რომ ეს საზოგადოება თავის
წევრად არ აღიქვამს სოსიას. ტექსტში გამოყენებული ანდაზებიც. მაგალითად, „სხვა
სხვის ომში ბრძენიაო“ და ეს ანდაზა გამოხატავს იმას, რომ საზოგადოებას არ
აინტერესებს ამ ადამიანის გასაჭირი და ტკივილი.

You might also like