You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

მუხლი 152. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება


არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც
შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს
შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს
რაიმე.

I. ზოგადი დებულებები

152-ე მუხლი შეიცავს არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ზოგად განმარტებას. 1


ნორმის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის უფლებები და
მოთხოვნები, რომელთა მიზანია მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი,
ანდა მიანიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.

არამატერიალური ქონებრივი სიკეთის კიდევ ერთ განმარტებას შეიცავს „სახელმწიფო 2


ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და
აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა
პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური
სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.

II. მოთხოვნა

„მოთხოვნას” 316-ე მუხლი განმარტავს, როგორც კრედიტორის უფლებამოსილებას 3


მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება“. ასევე, 128 I მუხლში მოცემულია
„მოთხოვნის უფლების” ცნება, როგორც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების
ან მოქმედებისაგან თავის შეკავების უფლება. გამომდინარე აქედან, მოთხოვნის ცნება
საჭიროებს დაზუსტებასა და იმის განსაზღვრას, თუ რა კავშირი არსებობს მოთხოვნასა
(316) და მოთხოვნის უფლებას შორის (128 I) და რამდენად მოიაზრებიან აღნიშნული
ცნებები 152-ე მუხლის საკანონმდებლო დეფინიციაში.

128 I მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან 4


მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების არსი განისაზღვრება
გარიგების ან კანონის საფუძველზე. ვალდებულებითი სამართლის ფარგლებში,
კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ის, რაც მოვალემ უნდა შეასრულოს. შესაბამისად,
ვალდებულებით სამართალში მოთხოვნა და ვალდებულება სხვადასხვა
პერსპექტივიდან დანახული ერთი და იგივე შინაარსის შემცველი სამართლებრივი

1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

ცნებებია.1 შესაბამისად, ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნა გულისხმობს


ამავე დროს მოთხოვნის უფლებას, მოითხოვო „სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების
შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება“. ამ თვალსაზრისით, მოთხოვნა არის
მოთხოვნის უფლებაც.2 მოთხოვნისა და მოთხოვნის უფლებას შორის არსებული
განსხვავება არ გამომდინარეობს მათი დეფინიციებიდან. სამოქალაქო კოდექსის
პირველ წიგნში დეფინირებული „მოთხოვნის უფლება“ უფრო ზოგადია, ვიდრე
ვალდებულებითი სამართლის „მოთხოვნა“.

III. უფლება

5 უფლება წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ინდივიდისათვის


თავისი ინტერესების განსახორციელებლად მინიჭებულ უფლებამოსილებას.3 უფლება
წარმოადგენს სამართლებრივი წეს-წყობილების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.
სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა აბსოლუტური და ფარდობითი უფლებების დაყოფის
საფუძველს, მაგრამ ასეთი დაყოფა აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაში.4
ფარდობითი (რელატიური) უფლება არსებობს ორ ან რამდენიმე პირს შორის
სამართლებრივ ურთიერთობაში. ფარდობითი უფლების მაგალითია მოთხოვნის
უფლება, მაშასადამე, პირის უფლება მოითხოვოს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების
შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (128 I). მოთხოვნის უფლება აღნიშნავს
სამართლებრივ ურთიერთობას, რომელშიც, როგორც წესი, ორი პირი მონაწილეობს:
უფლებამოსილი პირი ერთ მხარეს და ვალდებული პირი მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში
მოთხოვნის უფლება მიმართულია ერთი (ან რამდენიმე) პირის მიმართ. ასე,
მაგალითად, მოთხოვნის მფლობელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება,
განუსაზღვროს მოვალეს ვალდებულების შესრულების ქმედება. ფარდობითი უფლება,
როგორც წესი, შეიძლება მხოლოდ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების მიერ
იქნეს დარღვეული.5

6 აბსოლუტური უფლება მოქმედებს ყველა პირის მიმართ. აბსოლუტური უფლების


კლასიკური მაგალითია საკუთრება, როგორც მესაკუთრის უფლება კანონისმიერი ან
სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს
და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით
სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა
უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას
(170 I). საკუთრება, როგორც აბსოლუტური უფლება გამოხატავს ყველა პირის

1 J. Gernhuber, Das Schuldverhältnis, Tübingen 1989, S. 30; Dirk Olzen, Staudinger BGB-Kommentar, 2009, § 241, Rn.112.
2 Schwab/Löhnig, Einführung in das Zivilrecht, 19., neu bearb. Aufl., 2012, S. 86. Rn. 197.
3 Schwab/Löhnig, Einführung in das Zivilrecht, 19., neu bearb. Aufl., 2012, S. 79. Rn. 183.

4 ჭეჭელაშივილი, სანივთო სამართალი, თბილისი 2010, გვ. 15; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბილისი

2003, გვ. 83-85; შოთაძე, სანივთო სამართალი, თბილისი 2014, გვ. 38.
5 Schwab/Löhnig, Einführung in das Zivilrecht, 19., neu bearb. Aufl., 2012, S. 82. Rn. 188.

2
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

ვალდებულებას პატივი სცენ მესაკუთრის უფლებას. აბსოლუტურ უფლებას


წარმოადგენს სანივთო უფლებები. სანივთო უფლებების დეფინიცია სამოქალაქო
კოდექსში არ არის მოცემული და როგორც ტერმინი, იგი მხოლოდ ცალკეულ მუხლებში
გვხვდება (237, 2892, 3065, 1384). სანივთო უფლება ეწოდება ისეთ უფლებას, რომელიც
აწესრიგებს ადამიანის სამართლებრივ ურთიერთობას ნივთზე და მსგავსად
მესაკუთრის უფლებისა მოქმედებს ნებისმიერი მესამე პირის მიმართ.6 „სანივთო
უფლება“, როგორც ტერმინი აღნიშნავს ნივთზე უშუალო ზემოქმედების
ძალაუფლებას.7 სანივთო უფლების მფლობელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება
მოახდინოს ნივთზე ზემოქმედება და ამ ნივთზე გამორიცხოს სხვა პირთა მოქმედება.
მაგალითად, საკუთრების უფლება, როგორც წესი, შეუზღუდავია, ხოლო სხვა სანივთო
უფლებები შეზღუდულია განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობებში. სანივთო
უფლებებს განეკუთვნება, მაგალითად, უზუფრუქტი, სერვიტუტი, აღნაგობა.

152-ე მუხლის გაგებით, სანივთო უფლებების გარდა, უფლებას განეკუთვნება 7


არამატერიალური ქონებრივი უფლებები, როგორიცაა, მაგალითად, პატენტის
მფლობელის უფლება, სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლება, საავტორო და
მომიჯნავე უფლებები და სხვა.8 საავტორო უფლებათა ობიექტებს წარმოადგენს
მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები. მათი აღიარება,
გამოყენება და დაცვა ხორციელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონით.

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს განეკუთვნება ასევე წილები და აქციები. 8


სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს წილის დეფინიციას და მას არც „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონი განსაზღვრავს. წილი ეწოდება პარტნიორის უფლებებისა და
მოვალეობების ერთობლიობას საზოგადოებაში, რომელიც პირს აქვს საზოგადოების
წევრობიდან გამომდინარე.9 პარტნიორის წილი განისაზღვრება მის მიერ
საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესაბამისად. შენატანი
შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება
ან/და მომსახურების გაწევა. შესაბამისად, წილი გამოხატავს პარტნიორის უფლებას
მიიღოს საზოგადოების მართვაში მონაწილეობა. აქცია არის არამატერიალიზებული
სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების

6 იხ. 153 მუხლი, I; Geier, MüKo, 6. Aufl., 2013, Einl. zum Sachenrecht, Rn. 4; Bassenge, Palandt-Kommentar zum BGB, Eiln.
Zum Sachenrecht, Rn. 2.
7 Geier, MüKo, 6. Aufl., 2013, Einl. zum Sachenrecht, Rn. 4.

8 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2011, გვ. 155; კერესელიძე, კერძო სამართლის

უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი 2009, გვ. 191-192; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბილისი 2003,
გვ. 46-49;
9 ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, თბილისი 2002, მესამე გამოცემა, გვ. 270.

3
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს


სააქციო საზოგადოებაში („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 I მუხლი).10

IV. ქონების გადაცემა


9
152-ე მუხლი განსაზღვრავს არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სხვა პირებზე
გადაცემას მაშინ, როცა 147-ე მუხლი უფრო ფართოდ არის ჩამოყალიბებული და
ქონების ფლობას, სარგებლობას და განკარგვას მოიცავს. შესაბამისად, არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეებზე სამართლებრივი სტატუსის ცვლილება ისევე ხორციელდება,
როგორც ნივთებზე. ასე, მაგალითად, შესაძლებელია პატენტის გაყიდვა, დაგირავება და
მასზე ლიცენზიის გაცემა (საქართველოს საპატენტო კანონის 48-ე მუხლი). იმ
შემთხვევაში, თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების სამართლებრივი
მოწესრიგება სპეციალური კანონმდებლობით არის განსაზღვრული, სპეციალურ
კანონთან ერთად გამოიყენება ასევე სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები.

10დაწვრილებით იხ. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, თბილისი 2002, მესამე გამოცემა, გვ.
313-317.
4
ლევან თოთლაძე

You might also like