You are on page 1of 6

სმენა

ბგერის ფიზიკა - რხევის ენერგია გადაეცემა გარემოს, ჩვეულებრივ, ჰაერს, როგორც კი რხევადი ობიექტები
უბიძგებენ გარემოს მოლეკულებს. ამით გამოწვეული წნევის მცირე ცვლილებები ვრცელდება რხევადი
ობიექტიდან გარემოში სინუსოიდური ტალღების ერთობლიობის სახით, ბგერა არ შეიძლება გაჩნდეს სრულ
ვაკუუმში (მაგალითად, კოსმოსურ სივრცეში), რადგან იქ არ არის ჰაერის მოლეკულები, რომელთაც აამოძრავებდა
რხევადი ობიექტი. სინუსოიდურ ტალღას ორი ძირითადი ფიზიკური თვისება აქვს, რომელიც განსაზღვრავს მის
ჟღერადობას, ესენია: სიხშირე და ამპლიტუდა.

 სიხშირე იზომება რხევათა იმ რაოდენობით, რომელსაც ასრულებს ტალღა დროის მოცემულ შუალედში.
 რხევა არის მანძილი მარცხნიდან მარჯვნივ ერთი ტალღის პიკიდან მომდევნო ტალღის პიკამდე.

ბგერის სიხშირე, ჩვეულებრივ, გამოისახება ჰერცებში, რომელიც ზომავს რხევათა რაოდენობას ერთ წამში.
ამპლიტუდა ზომავს ბგერითი ტალღის სიძლიერის ფიზიკურ თვისებას - სიმაღლეს პიკიდან დადაბლებამდე.
ამპლიტუდა განისაზღვრება ბგერის წნევის ან ენერგიის ერთეულებით.

ბგერის ფსიქოლოგიური განზომილებები - სიხშირისა და ამპლიტუდის ფიზიკური თვისებები დასაბამს აძლევს


ბგერის სამ ძირითად განზომილებას: ბგერის ტონის სიმაღლეს, სიძლიერესა და ტემბრს.

 ბგერის ტონის სიმაღლე - ბგერის ტონის სიმაღლე განისაზღვრება ბგერითი ტალღის რხევის სიხშირით.
მაღალი სიხშირეები წარმოქმნიან მაღალ ტონებს, დაბალი სიხშირეები კი დაბალ ტონებს. სუფთა
ტონების მიმართ ადამიანის მგრძნობიარობა 20 ჰერცის სიხშირიდან 20 000 ჰერცის სიხშირემდე
დიაპაზონში ცვალებადობს.
 ბგერის სიძლიერე - ბგერის სიძლიერე ანუ ფიზიკური ინტენსივობა მისი ამპლიტუდით განისაზღვრება.
დიდი ამპლიტუდის ბგერითი ტალღები განიცდება, როგორც ხმამაღალი, მცირე ამპლიტუდისა კი -
როგორც ხმადაბალი. ადამიანის სმენითი სისტემა მგრძნობიარეა ფიზიკური ინტენსივობების
უზარმაზარი დიაპაზონის მიმართ. მაჯის საათის წიკწიკის ხმა ინტენსივობის ქვედა ზღვარზე
მდებარეობს. ეს არის სისტემის აბსოლუტური ზღურბლი. თუკი ის უფრო მგრძნობიარეა, შეიძლება
გაიგონოთ სისხლის მოძრაობის ხმაც თქვენს ყურებში. ინტენსივობის ზედა ზღვარზე მდებარედ კი
შეიძლება განვიხილოთ რეაქტიული თვითმფრინავის ხმა.
 ბგერის წნევა - მისი ამპლიტუდის დონის მაჩვენებელი, რაც იწვევს ხმამაღლობის განცდას - იზომება
ერთეულით, რომელსაც დეციბალი (დბ) ეწოდება.
 ტემბრი - ბგერის ტემბრი რთული ბგერის ტალღის კომპონენტებს ასახავს. ტემბრი არის ის, რაც
განასხვავებს, მაგალითად, ფორტეპიანოს ხმას ფლეიტის ხმისაგან. ფიზიკური სტიმულების მცირე
რაოდენობა, მაგალითად, კამერტონი გამოსცემს სუფთა ტონს, რომელიც ერთი სინუსოიდური
ტალღისგან შედგება.სუფთა ტონს მხოლოდ ერთი სიხშირე და ერთიამპლიტუდა აქვს. ბგერათა
უმეტესობა რეალურ ცხოვრებაში არ არის სუფთა ტონი. ისინი კომპლექსური ტალღებია, რომლებიც
სიხშირისა და ამპლიტუდის გარკვეულ კომბინაციას შეიცავენ. კომპლექსურ ტონში, როგორიცაა
მაგალითად, ნოტი „მი“, ყველაზე დაბალი სიხშირე პასუხისმგებელია იმ ტონზე, რომელიც თქვენ
გესმით. მას ძირითად ტონს უწოდებენ, უფრო მაღალი სიხშირის ტონებს კი - ჰარმონიკებს, ან
ობერტონებს; მათი სიხშირე რამდენჯერმე აღემატება ძირითადი რხევის სიხშირეს. სრული ბგერა,
რომელიც თქვენ გესმით, ძირითადი ბგერებისა და ჰარმონიკების ერთობლივი მოქმედების შედეგად
წარმოიქმნება, ბგერებს, რომელთაც თქვენ ხმაურს უწოდებთ, არ აქვთ ძირითადი სიხშირეებისა და
ჰარმონიკების ნათელი, მარტივი სტრუქტურა. ხმაური შეიცავს მრავალ სიხშირეს, რომელიც არ არის
სისტემატურად დაკავშირებული ერთმანეთთან.

სმენის სისტემა - თქვენ უკვე იცით, რომ სენსორული პროცესები ახდენს ექსტერნალური ენერგიის ფორმების
გარდაქმნას ნერვულ იმპულსებად. იმისათვის, რომ გაიგონოთ, უნდა მოხდეს ძირითადი ენერგიის ოთხი
ტრანსფორმაცია:

(1) ჰაერში გავრცელებული ტალღები უნდა გარდაიქმნას სითხის ტალღებად, რომელიც მოთავსებულია
ყურის ლოკოკინაში;
(2) სითხის ტალღები შემდეგ იწვევენ ძირითადი მემბრანის მექანიკურ რხევას;
(3) ეს რხევები გარდაიქმნება ელექტრულ იმპულსებად
(4) იმპულსები გადაიგზავნება სმენით ქერქში. თითოეული ეს ტრანსფორმაცია უფრო დეტალურად
განვიხილოთ.

პირველი ტრანსფორმაციისას ჰაერის რხევადი მოლეკულები შედიან ყურებში. ზოგიერთი ბგერა შედის
პირდაპირ ყურის გარეთასასმენ მილში და ზოგი კი - გარეთა ყურიდან ანუ ნიჟარიდან არეკვლის შემდეგ.
ბგერითი ტალღა მოგზაურობს სასმენი მილის გასწვრივ გარეთა ყურის გავლით, სანამ არ მიაღწევს მილის ბოლოს.
აქ ის ეჯახება თხელ მემბრანას, რომელსაც დაფის აპკს უწოდებენ. ბგერითი ტალღის წნევის ცვლილებებს დაფის
აპკი მოძრაობაში მოჰყავს. დაფის აპკი გადასცემს რხევას გარე ყურიდან შუა ყურში, ღრუში, რომელიც შეიცავს სამ
უმცირესი ზომის ძვალს ადამიანის სხეულში: ჩაქუჩს, გრდემლს და უზანგს. ეს ძვლები აყალიბებენ მექანიკურ
ჯაჭვს, რომელიც გადასცემს რხევას და ახდენს მის კონცენტრირებას დაფის აპკიდან სმენის ძირითადი
ორგანოსაკენ - ლოკოკინისაკენ, რომელიც მოთავსებულია შიდა ყურში.

მეორე ტრანსფორმაციისას, რომელიც ლოკოკინაში ხდება, ჰაერში გავრცელებული ტალღები გადაიქცევა „ზღვის
ტალღებად“. ლოკოკინა სითხით გავსებული სპირალურად დახვეული მილია. მას აქვს მემბრანა, რომელიც
ცნობილია ძირითადი მემბრანის სახელით. ის განთავსებულია მის შუა ნაწილში მთელი სიგრძის გასწვრივ. როცა
ირხევა უზანგი, რომელიც მდებარეობს ოვალურ სარკმელთან, ლოკოკინას ფუძესთან ახლოს, ლოკოკინაში
მდებარე სითხე იწვევს ძირითადი მემბრანის ტალღისებრ მოძრაობას (როგორც ზემოთ იყო ნახსენები, „ზღვის
ტალღებს“).

ენერგიის მესამე გარდაქმნისას ძირითადი მემბრანის ტალღისებრი მოძრაობა არხევს მასთან დაკავშირებულ
პატარა ბეწვიან უჯრედებს. ბეწვიანი უჯრედები სმენითი სისტემის რეცეპტორული უჯრედებია. ბეწვიანი
უჯრედების რხევა ნერვული დაბოლოებების სტიმულირებას იწვევს და ახდენს ძირითადი მემბრანის მექანიკური
რხევების გარდაქმნას ნერვულ აქტივობაში.

საბოლოოდ, ენერგიის მეოთხე გარდაქმნისას, ბოჭკოების კონაში გამავალი ნერვული იმპულსები ტოვებენ
ლოკოკინას. ეს ბოჭკოები წარმოადგენენ სმენის ნერვს. ისინი ხვდებიან თავის ტვინის ფუძეში მდებარე
ლოკოკინას ბირთვებს. ვიზუალურ სისტემაში ნერვების გადაკვეთის მსგავსად, ერთი ყურიდან მომავალი
გაღიზიანება გადაეცემა თავის ტვინის ორივე ნაწილს. სმენითი სიგნალები გაივლიან სხვა ბირთვების მთელ რიგს
და მიაღწევენ სმენით ქერქს, რომელიც თავის ტვინის ნახევარსფეროების საფეთქლის წილში მდებარეობს. ამ
სიგნალების მაღალი დონის გადამუშავება სმენით ქერქში იწყება

ეს ოთხი გარდაქმნა სრულყოფილად მომუშავე სმენით სისტემაში ხდება. მილიონობით ადამიანს აქვს
დარღვევები სმენითი სისტემაში. არსებობს სმენითი დარღვევების ორი ზოგადი ტიპი, თითოეული გამოწვეულია
სმენითი სისტემის ერთი ან მეტი კომპონენტის დეფექტით.

ნაკლებად სერიოზული დაზიანებაა:

 სიყრუე, რომელიც დაკავშირებულია ლოკოკინისაკენ ჰაერის რხევების გამტარობასთან. ამ ტიპის


დაზიანების დროს ხშირად შუა ყურის ძვლები არ ფუნქციონირებს. უფრო სერიოზული ტიპის
დაზიანებაა:
 ნერვული სიყრუე - დეფექტი იმ ნერვულ მექანიზმებში, რომელიც წარმოქმნის ნერვულ იმპულსებს
ყურში ან გადააქვს ისინი სმენით ქერქში.
 სმენითი ქერქის დაზიანება - აგრეთვე, წარმოქმნის ნერვულ სიყრუეს.

ბგერითი ტონის აღქმის თეორიები - არსებობს ორი განსხვავებული თეორია, რომელიც ხსნის, თუ როგორ ხდება
სმენით სისტემაში ბგერითი ტალღის გარდაქმნა ბგერითი ტონის შეგრძნებად: ადგილის თეორია და სიხშირის
თეორია.

 ადგილის თეორია: თავიდან შემოთავაზებული იყო ფონ ჰერმან ჰელმჰოლცის მიერ და შემდეგ გეორგ ვონ
ბეკესის მიერ იქნა მოდიფიცირებული, გადამუშავებული და შემოწმებული. ადგილის თეორია ეფუძნება
იმ ფაქტს, რომ ძირითადი მემბრანა მოძრაობს, როცა ბგერითი ტალღა შემოდის შიდა ყურში. სხვადასხვა
სიხშირე ძირითადი მემბრანის გასწვრივ გარკვეული ადგილის ამოძრავებას იწვევს. მაღალი სიხშირის
ტონები ყველაზე დიდ ტალღურ მოძრაობას იწვევენ ლოკოკინის ფუძესთან, სადაც ოვალური და
მრგვალი სარკმლები არიან განლაგებულნი. დაბალი სიხშირის ტონები ყველაზე დიდ ტალღურ
მოძრაობას იწვევენ ძირითადი მემბრანის მოპირდაპირე ბოლოში. ამრიგად, ადგილის თეორია
ამტიკიცებს, რომ ბგერითი ტონის სიმაღლის აღქმა დამოკიდებულია ძირითადი მემბრანის იმ გარკვეულ
ადგილზე, რომელიც ყველაზე მეტად ღიზიანდება.
 სიხშირის თეორია: ბგერითი ტონის სიმაღლეს ძირითადი მემბრანის რხევის სისწრაფით ხსნის. ეს
თეორია ვარაუდობს, რომ 100 ჰერცის სიხშირის ბგერითი ტალღა იწვევს ძირითადი მემბრანის რხევას
100-ჯერ წამში. სიხშირის თეორია, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ ძირითადი მემბრანის რხევები იწვევენ
ნეირონების განმუხტვას იმავე სიჩქარით, ასე რომ, განმუხტვის სიჩქარე ბგერითი ტონის სიმაღლის
ნერვული კოდია. ერთი პრობლემა, რომელიც ამ დროს ჩნდება, ისაა, რომ ინდივიდუალურ ნეირონებს არ
შეუძლიათ იმ სისწრაფით განმუხტვა, რომ მაღალი ბგერები წარმოადგინონ, რადგან არც ერთ მათგანს არ
შეუძლია განმუხტვა უფრო მეტი სიჩქარით, ვიდრე 1000-ჯერ წამში. ამის გამო, ერთ ნეირონს არ შეუძლია
განასხვავოს 1000 ჰერცზე მეტი სიხშირის ბგერები, რასაც ჩვენი სმენითი სისტემა საკმაოდ კარგად
ახერხებს. ეს შეზღუდვა შეიძლება დაიძლიოს ე.წ. ზალპის პრინციპით, რომელიც ხსნის იმას, თუ რა
ხდება მაღალ სიხშირეებზე. რამდენიმე ნეირონს კომბინირებული მოქმედებით, ანუ ზალპში, შეუძლია
განიმუხტოს იმ სიხშირეზე, რომელიც შეესაბამება 2000 ჰც, 3000 ჰც და ა.შ. სიხშირის ტონებს

ბგერათა ლოკალიზაცია - დელფინები და ღამურები არ იყენებენ მხედველობას ობიექტთა ადგილმდებარეობის


განსაზღვრისას ღრმა წყლის თუ მღვიმის სიბნელეში. ამის ნაცვლად, ისინი სარგებლობენ ექოლოკაციით -
აგზავნიან მაღალი სიხშირის ბგერებს, რომლებიც აირეკლებიან ობიექტების მიერ, რითაც ქმნიან უკუკავშირს და
იძლევიან ინფორმაციას ობიექტებამდე მანძილის, მათი ადგილმდებარეობის, ზომების, ტექსტურის და
მოძრაობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს არ გააჩნია ეს სპეციალური უნარი, ის მაინც იყენებს
ბგერებს ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის სივრცეში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი
დანახვა გაძნელებულია. ეს ორი მექანიზმის გამოყენებით ხერხდება:

(1) იმ დროის შედარებითი შეფასებით, რომელიც საჭიროა ბგერის მისაღწევად თითოეულ ყურთან - შეიცავს
ნეირონებს, რომლებიც ადარებენ იმ დროებს ერთმანეთს, რაც სჭირდება შემომავალ ბგერით სიგნალს
თითოეულ ყურთან მისაღწევად. მაგალითად, ბგერა, რომელიც ლოკალიზდება მარჯვენა მხარეს,
მარჯვენა ყურს უფრო ადრე მიაღწევს, ვიდრე - მარცხენას. სმენითი სისტემის ნეირონები
სპეციალიზებულნი არიან ამ განსხვავების შემჩნევაზე. თავის ტვინი იყენებს ამ განსხვავებას დროში,
რათა გააკეთოს სივრცეში ბგერის შესაძლო ლოკალიზაციის ზუსტი შეფასება.
(2) იმ ბგერების ინტენსივობის შედარებითი შეფასებით, რომლებიც აღწევენ თითოეულ ყურთან - ეფუძნება
იმ პრინციპს, რომ ბგერას აქვს ოდნავ უფრო დიდი ინტენსივობა იმ ყურში, რომელსაც ის პირველად
მიაღწევს, რადგან ადამიანის თავი თვითონ ქმნის ბგერით ჩრდილს, რომელიც ასუსტებს სიგნალს.
ინტენსივობის ეს განსხვავება დამოკიდებულია იმ ბგერითი ტონის ტალღის სიგრძის შედარებით
ზომაზე, რომელიც აღწევს ადამიანის თავამდე. გრძელი ტალღები, ანუ დაბალი სიხშირის ტონები,
ფაქტობრივად, ინტენსივობის არავითარ განსხვავებას არ გვიჩვენებენ მაშინ, როცა მოკლე ტალღების,
მაღალი სიხშირის ტონების ინტენსივობების განსხვავება სავსებით გაზომვადია. ადამიანის ტვინში არის
უჯრედები, რომლებიც სპეციალიზდებიან იმ სიგნალების ინტენსივობების განსხვავების შემჩნევაზე,
რომელიც ორ ყურში აღმოცენდება.

ყნოსვა

პირველად თავის არსებობას რეცეპტორის ცილებთან ურთიერთქმედებისას გვატყობინებს, რომელიც ყნოსვის


ბუსუსების მემბრანაზე მდებარეობს. მას შეუძლია მიიღოს ნივთიერების მხოლოდ რვა მოლეკულა, რათა დასაბამი
მისცეს ერთ-ერთს ამ ნერვული იმპულსებიდან, მაგრამ, სულ მცირე, 40 ნერვული დაბოლოება უნდა იყოს
სტიმულირებული, რათა შეიგრძნოთ ნივთიერების სუნი. ეს ნერვული იმპულსები სუნის შესახებ ინფორმაციას
ყნოსვის ბოლქვში აგზავნიან, რომელიც განლაგებულია რეცეპტორების ზემოთ და შუბლის წილის ქვემოთ.
ყნოსვითი პროცესი იწყება ქიმიური ნივთიერების შესვლით ყნოსვითი ნეირონების იონურ არხებში, ეს კი იწვევს
მოქმედი პოტენციალის აღმოცენებას.
ყნოსვის შეგრძნება ერთ-ერთი იმ მცირე ფუნქციათაგანია ნერვულ სისტემაში, რომელიც არის თვითგანახლებადი:
როცა თქვენი ყნოსვის რეცეპტორები დაბერდებიან და მოკვდებიან, მათ ახალი უჯრედები ცვლის, რომელიც ახალ
კავშირებს აყალიბებს ყნოსვის ბოლქვთან.

ფერომენები - ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც გამოიყენება ერთი სახეობის ფარგლებში, როგორც


სექსუალური მგრძნობელობის, საფრთხის, ტერიტორიული საზღვრებისა და საკვებიწყაროს სიგნალები.
მაგალითად, სხვადასხვა სახეობის მწერების მამრი გამოყოფს ფერომენებს, რითაც ატყობინებს მდედრებს, რომ ის
მზადაა შეწყვილებისათვის

გემო

როცა თქვენ ჭამთ, ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. როცა გაციებული
ხართ, საკვები უგემური გეჩვენებათ, რადგან თქვენი ცხვირის შესასვლელები ბლოკირებულია და დაკარგული
გაქვთ ყნოსვა.

ენის ზედაპირი დაფარულია გემოს დვრილებით, რომელიც მას უსწორმასწორო იერს აძლევს. ამ დვრილების
დიდი ნაწილი გემოს რეცეპტორული უჯრედების ჯგუფებს შეიცავს, რომელსაც გემოს ბოლქვებს უწოდებენ.
გემოს რეცეპტორის ერთი უჯრედის ჩანაწერი გვიჩვენებს, რომ ინდივიდუალური რეცეპტორული უჯრედები
ყველაზე კარგად რეაგირებენ გემოს ოთხი თვისებიდან ერთერთზე: ტკბილზე, მჟავეზე, მწარესა ან მლაშეზე.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს გემოს მეხუთე, ძირითადი თვისების რეცეპტორები _ უმამი. უმამი ნატრიუმის
გლუტამატია, რომელსაც ხშირად უმატებენ აზიურ საჭმელებს და ბუნებრივად გვხვდება ცილებით მდიდარ
საკვებში, როგორიცაა ხორცი, ზღვის პროდუქტები და ძველი ყველი.

გემოს შეგრძნების რეცეპტორები რამდენიმე დღეში ერთხელ იცვლება - უფრო ხშირად, ვიდრე ყნოსვის
რეცეპტორები. გემოს შეგრძნების სისტემა დაზიანების მიმართ ყველაზე დიდი წინააღმდეგობის უნარიანობით
გამოირჩევა

შეხებისა და კანის შეგრძნებები

კანი შეიცავს ნერვულდაბოლოებებს, რომლებიც წარმოშობენ წნევის, სითბოსა და სიცივის შეგძნებებს. ამ


შეგრძნებებს კანის შეგრძნებები ეწოდებათ.

 მეისნერის სხეულები ყველაზე კარგად რეაგირებენ მაშინ, როცა რაიმე ეხახუნება კანს,
 მერკელის დისკები ყველაზე მეტად მაშინ არიან აქტიურები, როცა რაიმე პატარა ობიექტი აწვება კანს.

o თქვენი თავის ტვინი სითბოსა და სიცივის ცალკეული სიგნალების ინტეგრირებას ახდენს, რათა
აკონტროლოს გარემოს ტემპერატურული ცვლილებები.
o კანის მგრძნობიარობა წნევისადმი ძალიან ფართო დიაპაზონში იცვლება სხეულის სხვადასხვა უბანზე.
მაგალითად, თქვენ 10-ჯერ უფრო ზუსტად განსაზღვრავთ სტიმულის ლოკალიზაციას თითების წვერებზე,
ვიდრე - ზურგზე. სხეულის სხვადასხვა ნაწილის მგრძნობიარობის განსხვავებულობა განპირობებულია
ნერვული დაბოლოებების სიმჭიდროვით გარკვეულ უბნებში და, აგრეთვე, სენსორული ქერქის დიდი
ფართობით, რომელიც მათ შეესატყვისება.
o განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს ეროგენული ზონები ეწოდება. სხვა მგრძნობიარე ეროტიული
ადგილების აღგზნების პოტენციალი ინტერინდივიდუალური განსხვავებულობით ხასიათდება. ის
დამოკიდებულია დასწავლილ ასოციაციებსა და სენსორული რეცეპტორების კონცენტრაციაზე მოცემულ
ადგილზე.
o შეხება შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს თვითგადარჩენის პროცესში.
o ენერგიული სტიმულაცია ათავისუფლებს ზრდის ჰორმონებს და ააქტიურებს ზრდის ფერმენტს

წონასწორობისა და კინესტეთიკური შეგრძნებები

წონასწორობის შეგრძნება სივრცეში ჩვენი სხეულის, განსაკუთრებით, თავის ორიენტაციის შეგრძნებას გვაძლევს.
ამ ინფორმაციას გვაწვდიან რეცეპტორები, პატარა ბუსუსები, რომელნიც შიდა ყურში - სითხით სავსე პარკუჭებსა
და არხებში მდებარეობენ. ეს ბუსუსები იხრება, როცა სითხე მოძრაობს და აწვება მათ, ეს კი მაშინ ხდება, როცა
თავს სწრაფად ამოძრავებთ. პარკუჭი და ტიკი გატყობინებთ ინფორმაციას სწორხაზოვანი მოძრაობის აჩქარებისა
და შენელების შესახებ. სამი არხი, რომელთაც ნახევარრკალოვან არხებს უწოდებენ, ერთმანეთის მიმართ მართი
კუთხითაა განლაგებულნი, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია ნებისმიერი მიმართულებით
მოძრაობის შესახებ - თუ როგორ მოძრაობს თავი, როცა ვტრიალდებით, როცა ვაქნევთ მას, ან გვერდზე
გადავხრით.

 ტრანსპორტში კითხვისას ადამიანებს ხშირად უჩნდებათ გულისრევის შეგრძნება. ამის მიზეზი ისაა, რომ
ვიზუალური სიგნალები უძრავი ობიექტიდან მოდის, ხოლო ვესტიბულარული შეგრძნებები _ მოძრავი
ობიექტიდან.

კინესთეტიკური შეგრძნება - უზრუნველყოფს მუდმივ სენსორულ უკუკავშირს სხეულის მოტორული აქტივობის


შესახებ. ამის გარეშე თქვენ ვერ შეძლებდით ნებისმიერი მოძრაობების დიდი ნაწილის კოორდინირებას. თქვენ
გაქვთ კინესთეტიკური ინფორმაციის ორი წყარო:

(1) რეცეპტორები, რომლებიც მდებარეობენ სახსრებში - რეაგირებენ იმ დაჭიმულობაზე, რომელიც თან


ახლავს კიდურების სხვადასხვა პოზიციას და დაჭიმულობის ცვლილებებზე, რასაც იწვევს სახსრების
მოძრაობები.
(2) რეცეპტორები, რომლებიც მდებარეობენ კუნთებსა და მყესებში - რეაგირებენ იმ დაძაბულობის
ცვლილებებზე, რომელიც თან ახლავს კუნთების შეკუმშვასა და გაფართოებას.

თავის ტვინი ხშირად ახდენს კინესთეტიკური შეგრძნებებიდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირებას შეხების
შეგრძნებიდან მიღებულ ინფორმაციასთან. შეხების შეგრძნება გაძლევთ საშუალებას, მიხვდეთ, არის თუ არა
აღებული ობიექტი ქვა, მაგრამ კინესთეტიკური შეგრძნება გიქმნით წარმოდგენას მის სიდიდეზე.

ტკივილი - არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლებით სტიმულაციაზე, რომელიც
საკმაოდ ინტენსიურია, რათა ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს ან მას საფრთხე შეუქმნას.ტკივილის შეგრძნება
მნიშვნელოვანია თქვენი გადარჩენისთვის. ადამიანები, რომელთაც დაბადებიდან დაკარგული აქვთ ტკივილის
შეგრძნების უნარი, ხშირად იღებენ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებს, რომელთა თავიდან აცილება
შესაძლებელი იქნებოდა, თუკი თავის ტვინი შეძლებდა მათ გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ

ტკივილის მექანიზმები - როცა სტიმულის ინტენსივობა ზედა ზღურბლს მიაღწევს, ორგანიზმი გაქცევით
პასუხობს, რა თქმა უნდა, თუკი შეუძლია ეს. გარდა ამისა, ის სწრაფად სწავლობს ტკივილის გამომწვევი
სტიმულების იდენტიფიცირებას და შეძლებისადაგვარად თავიდან იცილებს მათ. არსებობს ორი სახის ტკივილის
შეგრძნება:

 ნოციცეპტური - უარყოფითი შეგრძნება, რომელსაც მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებელი იწვევს.


მაგალითად, ეს არის შეგრძნება, რომელიც გაგიჩნდებათ ცხელ ქურასთან შეხებისას. კანში მდებარე
სპეციალური ნერვული დაბოლოება აგზავნის ტკივილის შეტყობინებას თქვენი ხელიდან ზევით,
ზურგის ტვინის გავლით თავის ტვინისაკენ. ხელის უკან გამოწევით შეგიძლიათ ამ ტიპის ტკივილის
შეწყვეტა.
 ნევროპათიური - გამოწვეულია ნერვების არანორმალური გადაჭარბებული ფუნქციონირებით. ის
აღმოცენდება დაზიანებული ან დაავადებული ნერვებიდან, რისი მიზეზიცაა, მაგალითად, უბედური
შემთხვევა ან კიბო. მედიკამენტებს და მკურნალობის სხვა საშუალებებს, რომლებიც აწყნარებენ ნერვებს,
ასეთი ტიპის ტკივილების შემსუბუქება შეუძლიათ.

ზოგიერთი რეცეპტორი მხოლოდ ტემპერატურაზე რეაგირებს, ზოგიერთი - ქიმიურ ნივთიერებებზე, სხვები კი -


მექანიკურ სტიმულებზე. არსებობს რეცეპტორები, რომლებიც ტკივილის გამომწვევი სტიმულების კომბინაციაზე
რეაგირებენ. ტკივილის ბოჭკოების ქსელი ქმნის შესანიშნავ ბადეს, რომელიც მთელ სხეულს ფარავს.
პერიფერიული ნერვული ბოჭკოები ტკივილის სიგნალებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ორი გზით აგზავნიან:

(1) სწრაფი გამტარუნარიანობის ნერვული ბოჭკოებით, რომლებიც დაფარულნი არიან მიელინით


(2) ნელი, უფრო პატარა ნერვული ბოჭკოებით, მიელინის საფარველის გარეშე.
ზურგის ტვინთან დაწყებული იმპულსები გადაეცემა თალამუსს და შემდეგ - თავის ტვინის ქერქს, სადაც ხდება
ტკივილის ლოკალიზაციისა და ინტენსივობის განსაზღვრა, დაზიანების მნიშვნელოვნების შეფასება და
სამოქმედო გეგმის დასახვა.

ტკივილის ფსიქოლოგია - ემოციური რეაქციები, კონტექსტუალური ფაქტორები და სიტუაციის ინტერპრეტაცია


შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ტკივილის განცდაში, როგორც რეალური ფიზიკური
სტიმული.

(1) როცა არის ტკივილი, მაგრამ არ არსებობს მისი გამომწვევი ფიზიკური სტიმული
(2) მეორე, როცა არ არის ტკივილი, მიუხედავად დიდი ინტენსივობის ტკივილის გამომწვევი სტიმულის
არსებობისა. მაგალითად, იმ ადამიანთა 10%-ზე მეტი, რომელთაც ამპუტირებული აქვთ კიდურები,
უჩივიან მწვავე და ქრონიკულ ტკივილებს იმ კიდურში, რომელიც მათ აღარ აქვთ. ამას ფანტომური
კიდურის ფენომენი ეწოდება

ზოგიერთ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს რელიგიურ რიტუალებში, შეუძლია ტკივილის შეგრძნების


ბლოკირება ტკივილის გამომწვევი ინტენსიური სტიმულაციის პირობებშიც, როგორიცაა, მაგალითად, ცხელ
ნაკვერჩხლებზე სიარული ან ნემსით სხეულის გახვრეტა.

საერთოდ, ტკივილის შეგრძნებაზე დიდ გავლენას ახდენს კონტექსტი და რეაგირების შეძენილი ჩვევები.
ვინაიდან ტკივილი ფსიქოლოგიური რეაქციების ერთ-ერთი სახეა, ის შეიძლება შეიცვალოს ისეთი მკურნალობის
შედეგად, რომელიც ფსიქიკურ პროცესებზე ისეთი ზემოქმედებას იყენებს, როგორიცაა ჰიპნოზი, ღრმა
რელაქსაცია, ყურადღების გადატანა.

კარიბჭის კონტროლის თეორია - ამ თეორიის მიხედვით, ზურგის ტვინის უჯრედები მოქმედებენ როგორც
ნევროლოგიური კარი, რომელიც ხელს უშლის ტკივილის ზოგიერთი სიგნალის თავის ტვინში შეღწევას და მის
ბლოკირებას ახდენს, ზოგიერთს კი - ატარებს. თავის ტვინი და კანის რეცეპტორები სიგნალს ზურგის ტვინისკენ
აგზავნიან, რათა მან გააღოს ან დაკეტოს ეს კარი. თავის ტვინიდან სწორედ ეს დაღმავალი სიგნალი
უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ კონტექსტს, რომელიც ახლავს თან ტკივილს.

გასულ წლებში მელზაკმა წარმოადგინა განახლებული თეორია - ტკივილის ნეირომატრიცული თეორია,


რომელიც ხსნის იმ ფაქტებს, რომ ადამიანები ხშირად განიცდიან ტკივილს ძალიან მცირე ინტენსივობის ან
არარსებული ფიზიკური გამღიზიანებლის პირობებში: ამ შემთხვევაში ტკივილის განცდა მხოლოდ ტვინშია
აღმოცენებული. ის, თუ როგორ აღიქვამთ ტკივილს, რას ეუბნებით მის შესახებ სხვებს და როგორ რეაგირებთ
ტკივილგამაყუჩებლებზე, თქვენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო ასახავს, ვიდრე ტკივილის გამომწვევი
გამღიზიანებლის ინტენსივობას.

You might also like