You are on page 1of 8

#12.

დავალების ხელშეკრულება

1) დავალების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

სკ. 709-ის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია


შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება
მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამ ხელშეკრულებაში გვყავს ერთი მხრივ
მარწმუნებელი, რომელიც გასცემს დავალებას და მეორე მხრივ მინდობილი
(იგივე რწმუნებული), რომელიც ასრულებს აღნიშნულ დავალებას.
ხელშეკრულების შინაარსიდან და ბუნებიდან შესაძლოა გამომდინარეობდეს სხვა,
დამატებითი ვალდებულებები. ცალკეული ვალდებულებები დადგენილია ასევე
კანონით (იხ. სკ. 713 (ანგარიშგება), 714 (კონფიდენციალურობა)). დავალების
ხელშეკრულების ფარგლებში განსაკუთრებით მაღალია სკ. 316(2)-ის და სკ. 8(3)-ის
მნიშვნელობა, რადგან დავალების ხელშეკრულება განსაკუთრებულ ნდობაზე
დაფუძნებული ხელშეკრულებაა.

სასამართლო პრაქტიკაში დავალების ხელშეკრულებად მიჩნეულია: საადვოკატო


მომსახურების ხელშეკრულება (იხ. მაგ. სუსგ №ას-12-12-2016, 25 მარტი, 2016 წ.);
სადისტრიბუციო ხელშეკრულება (იხ. სუსგ №ას-970-919-2015
11 მარტი, 2016 წ.); საზღვარგარეთ ავტომანქანის ყიდვისა და საქართველოში
ჩამოყვანის ხელშეკრულება (სუსგ №ას-1054-994-2015
22 იანვარი, 2016 წ.); საწარმოს ხელმძღვანელობის (დირექტორობის)
ხელშეკრულება (სამოსამსახურო ხელშეკრულება, სუსგ №ას-895-845-2015
29 იანვარი, 2016 წ.).

დავალების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ელემენტები:


მარწმუნებლის სახელით მოქმედება ან მარწმუნებლის საქმის შესრულება
(საქმეების წარმოება); მარწმუნებლის ხარჯზე მოქმედება; მოქმედების
უსასყიდლო ხასიათი (თუკი სასყიდელი შეთანხმებული არ არის ან
გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, იხ. ქვემოთ).

რწმუნებული უნდა ასრულებდეს სხვის, ამ შემთხვევაში მარწმუნებლის, საქმეს.


შესაბამისად დავალების ხელშეკრულება სახეზე არ არის, თუ რწმუნებული
საკუთარი ან საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (მაგ. ამხანაგობა).

დავალება შესაძლოა ეფუძნებოდეს ან არ ეფუძნებოდეს წარმომადგენლობით


უფლებამოსილებას. პირველ შემთხვევაში დავალების ხელშეკრულებას
საფუძველად უდევს გარიგება წარმომადგენლობაზე. ასეთ შემთხვევაში დავალება
სრულდება მარწმუნებლის სახელით და შესაბამისი წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების ფარგლებში (იხ. სკ. 103-114). ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ
დავალების ხელშეკრულება გარიგების დადებას ისახავს მიზნად რწმუნებული ამ

1
დროს მართალია გამოხატავს საკუთარ ნებას, მაგრამ მისი ქმედებები ასოცირდება
მარწმუნებელთან და მას შეერაცხება (იხ. სკ. 104(1)). მეორე შემთხვევაში სახეზე არ
არის წარმომადგენლობა და რწმუნებული გამოავლენს არა საკუთარ ნებას, არამედ
აღასრულებს მარწმუნებლის ნებას, ისე რომ მესამე პირებმა შესაძლოა არც
იცოდნენ, თუ ვის ინტერესებში მოქმედებს ეს პირი. სწორედ ამ მნიშვნელობით
უნდა გავიგოთ „სხვისი სახელით“ მოქმედება.

მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო


ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (სკ. 710(2)) ან იმ
შემთხვევაში, როცა გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ
გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი (სკ. 710(3)). ასეთ შემთხვევაში თუ
გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის (ტარიფის)
არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც
ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო (სკ. 710(3)). თუმცა,
დავალების ხელშეკრულების აპრიორი უსასყიდლო ბუნებიდან გამომდინარე,
საეჭვოობისას ივარაუდება, რომ დავალების ხელშეკრულება უსასყიდლოდ არის
დადებული და ნარდობისაგან განსხვავებით, რწმუნებულს ეკისრება იმის
მტკიცების ტვირთი, რომ ის დავალების ხელშეკრულების შესრულებას
სასყიდლით დათანხმდა ან „გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება
მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი“. ამასთანავე, მხოლოდ ის ფაქტი,
რომ რწმუნებული დავალების შესრულებისას ხარჯს გასწევს, არ არის საკმარისი
დავალების ხელშეკრულების სასყიდლიანი ბუნების დასამტკიცებლად, რადგან
ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მარწმუნებელს უსასყიდლო დავალების
ხელშეკრულების შემთხვევაშიც ეკისრება (717).

უსასყიდლო დავალების ხელშეკრულება არასრულყოფილად ორმხრივი


ხელშეკრულებაა, რადგან ძირითად ვალდებულებას კისრულობს მხოლოდ
რწმუნებული (709), მაშინ როცა მარწმუნებელს ეკისრება არაძირითადი
ვალდებულების შესრულება ხარჯების ანაზღაურების სახით (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), თუკი სახეზე არ არის სკ. 710-ე მუხლით განსაზღვრული
შემთხვევები. ამასთანავე, მართალია, სკ. 717(1)-ე მუხლის საფუძველზე,
მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების
შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები, თუმცა ეს ხარჯები არ არის
საზღაურის ექვივალენტი, რამეთუ საზღაური, როგორც წესი, ხარჯებზე მეტია
(მაგ. ნარდობისას ნარდობის ფასი, როგორც წესი, ნარდობის თვითღირებულებაზე
მეტია).

დავალების ხელშეკრულება ფორმათავისუფალი ხელშეკრულებაა, თუმცა,


გამომდინარე იქედან, რომ დავალების ხელშეკრულება წარმომადგენლობით

2
უფლებამოსილებას მოითხოვს, პრაქტიკაში ეს ხელშეკრულებები, როგორ წესი,
წერილობითი (უფრო ხშირად ნოტარიულად დამოწმებული) ფორმით გვხვდება.
ეს განპირობებულია არა იმით, რომ წარმომადგენლობის შეთანხმება წერილობით
ფორმას ითხოვს, არამედ იმით, რომ მესამე პირებს არ აქვთ საშუალება
გადაამოწმონ წარმომადგენლობის ნამდვილობა ზეპირი შეთანხმების პირობებში.

დავალების ხელშეკრულება ნარდობის სპეციალური შემთხვევაა. შესაბამისად, თუ


საკითხი 709-723 მუხლებით მოწესრიგებული არ არის, პირველ რიგში
გამოყენებული უნდა იქნეს ნარდობის მომწესრიგებელი წესები, ხოლო
სუბსიდიურად ვალდებულებითი სამართლის ზოგად ნაწილის წესები.

2) რწმუნებულის ვალდებულებები

რწმუნებულმა უნდა შეასრულოს დავალებული მოქმედება მარწმუნებლის


ინტერესებში. ამასთანავე იგი, მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები
(სკ. 712(1)), ხოლო თუ აშკარაა, რომ მარწმუნებლის მითითებები საფრთხეს უქმნის
დავალების შესრულებას, აცნობოს მარწმუნებელს ამის შესახებ (სკ. 712(3)).
ზოგადად რწმუნებულს არ აქვს უფლება გადაუხვიოს მარწმუნებლის
მითითებებს, თუმცა მას შეუძლია ამგვარად მოიქცეს, თუ გარემოებებიდან
გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების
ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა
მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის
გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის
მიყენების საფრთხე (სკ. 712(2)). როგორც ვხედავთ, მარწმუნებლის
გაუფრთხილებლად მითითებებიდან გადახვევას ორი გარემოება ამართლებს,
რომელიც კუმულატიურად უნდა არსებობდეს: 1) გონივრული ვარაუდი იმისა,
რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ
გადახვევას და 2) მითითებიდან გადახვევის მყისიერი საჭიროება.

რწმუნებულს ეკისრება ინფორმაციის მიწოდების და ანგარიშგების ვალდებულება


(სკ. 713(1)). ამ ვალდებულების გამორიცხვა წერილობით ფორმას საჭიროებს (სკ.
713(2)). ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს დავალების შესრულების პროცესში
და აღნიშნული ვალდებულება ატარებს განგრძობით ხასიათს. რაც შეეხება,
ანგარიშგებას, ეს ვალდებულება გათვალისწინებულია დავალების შესრულების
მომენტისათვის.

რწმუნებული ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი საქმიანობის


ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც
მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის

3
საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან
მარწმუნებელი ნებას არ დართავს რწმუნებულს გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია (სკ.
714(1)). კონფიდენციალურობის ვალდებულება არსებობს ასევე post contractum
finitum, სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც (სკ. 714(2)).

ხელშეკრულების დასრულების შემდგომ რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს


მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების
შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა
მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით (სკ. 715(1)). სკ. 715(2)-ის
თანხმად, თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა
დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ,
რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.
სამწუხაროდ კანონმდებელი აქვე არ განმარტავს, თუ როგორ უნდა განისაზღვროს
შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი. ამ თვალსაზრისით, ეს სანქცია
არასრულყოფილად უნდა ჩაითვალოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ
შემთხვევაში სასამართლო იხელმძღვანელებს საანაბრე პროცენტის ფიქციით (რას
მიიღებდა მარწმუნებელი, ეს თანხა ანაბარზე რომ განეთავსებინა).

სკ. 716 შეიცავს მნიშვნელოვან დათქმას იმის შესახებ, რომ ქონება, რომელიც
რწმუნებულმა დავალებული მოქმედების შესრულებისას შეიძინა მარწმუნებლის
ხარჯზე და საკუთარი სახელით, ან მარწმუნებლისგან მიიღო დავალებული
მოქმედების შესასრულებლად, რწმუნებულის კრედიტორებთან ურთიერთობაში
ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად. ეს მნიშვნელოვანი დათქმაა, რადგან მას
გავლენა აქვს გადაცემული ან შეძენილი ნივთების სანივთო-სამართლებრივ
რეჟიმზე. ცალკეულ შემთხვევებში მარწმუნებელმა რწმუნებულს შესაძლოა ქონება
საკუთრებაშიც კი გადასცეს. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს დავალების
ხასიათით. ამასთანავე დავალების შესრულების პროცესში რწმუნებულმა
შესაძლოა შეიძინოს ქონება საკუთარი სახელით (საკუთარ სახელზე
დაარეგისტრიროს), მაგრამ მარწმუნებლის ხარჯზე. მსგავსი შემთხვევებისთვის სკ.
716-ე მუხლი განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში ივარაუდება, რომ ამ ქონების
მესაკუთრე არის მარწმუნებელი და ეს ვარაუდი მოქმედებს როგორც
რწმუნებულთან, ასევე მესამე პირებთან მიმართებაში (საკუთრების ვარაუდის
აბსოლუტური ეფექტი).

დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის


რწმუნებულს პასუხისმგებლობა ეკისრება ზოგადი წესით (იხ. სკ. 395, 396).
შესაბამისად, რწმუნებული პასუხს აგებს ყოველი ბრალეული ქმედებისათვის. ეს
წესი არ მოქმედებს, თუ რწმუნებული დავალებას ასრულებს უსასყიდლოდ. ასეთ
შემთხვევაში რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში

4
გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის (სკ. 719). ეს წესი შეიძლება
შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

3) მარწმუნებლის ვალდებულებები

მარწმუნებელი ვალდებულია აანაზღაუროს დავალების შესრულებასთან


დაკავშირებული ხარჯები. რწმუნებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ხარჯების
ნაწილის ავანსად ანაზღაურება, თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული (სკ. 317(3)).

მარწმუნებელმა რწმუნებულს უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მას მიადგა


„დავალებული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
საფრთხის შედეგად, მარწმუნებლის მითითების გამო“ (718(1)). მიუხედავად
იმისა, რომ კანონი აქ საუბრობს ზიანზე, ეს ზიანი პრაქტიკულად „ხარჯების“
სპეციალური შემთხვევაა, რომელიც კანონმდებელმა გამოჰყო ცალკე, რათა
მოეხდინა სკ. 717-ის მოქმედების სფეროს გაფართოვება (ეს მიდგომა უცხოა
გერმანული სამართლისთვის, თუმცა გვხვდება შვეიცარიულ (Art. 402 Abs. 2 OR)
და ფრანგულ სამართალში (Art. 2000 Code Civil). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მარწმუნებელს ეკისრება არა იმიტომ, რომ
მან ვალდებულება დაარღვია, არამედ იმიტომ, რომ მინდობილი მოქმედების
შესრულება შეიცავდა გარკვეულ მომატებულ რისკებს. მარწმუნებლისათვის
ხელშეკრულების შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ სკ. 718(1)-ე
მუხლიდან გამომდინარე ვალდებულება მარწმუნებელს შესაძლოა დიდ ტვირთად
დააწვეს, ამიტომ უნდა მიიღოთ სათანადო ზომები ამ მუხლის გამოსარიცხად ან
მისი შედეგების შესარბილებლად. ხოლო, თუ ხელშეკრულებას
რწმუნებულისთვის ადგენთ, დარწმუნდით, რომ ეს ნორმა ხელშეკრულებით არ
გამოირიცხოს ან მისი მოქმედება არ შერბილდეს რწმუნებულის საზიანოდ.

სკ. 718(2)-ის თანხმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს, თუ


დამდგარი ზიანი გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს (არსებობს მხარეთა
შეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით), ან თუ ზიანი გამოწვეულია
რწმუნებულის მოქმედებით (რწმუნებულის არამართლზომიერი, ბრალეული
ქმედებით).

4) დავალების გადანდობა მესამე პირისთვის

სკ. 711(1)-ის თანხმად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს,


გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის,
ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დავალების
პირადად შესრულების ვალდებულების პრეზუმფცია ეფუძნება დავალების
5
ხელშეკრულების პერსონალურ ბუნებას. როგორც წესი რწმუნებულის შერჩევა
განპირობებულია მისი პიროვნებისადმი და/ან კვალიფიკაციისდამი
განსაკუთრებული ნდობით. შესაბამისად, მინდობილი მოქმედების შესრულების
სხვა პირისადმი გადანდობა უნდა მოხდეს ან მარწმუნებლის თანხმობით ან ეს
უნდ იყოს მარწმუნებლის ინტერესებში (რაც უნდა დაამტკიცოს რწმუნებულმა).
გარდა ამისა, დავალების მესამე პირისადმი გადანდობას შემთხვევაში
მარწმუნებლის სამართლებრივი რისკები იზრდება (იხ. სკ. 711(2)), რაც ასევე
მიუთითებს მისი თანხმობის საჭიროებაზე.

დავალების გადანდობა (სუბსტიტუცია) სახეზეა, როცა მინდობილ მოქმედებას


სრულად ან არსებითად მესამე პირი ახორციელებს, მაშინ როცა ხელშეკრულების
მხარედ რჩება რწმუნებული. ამ თვალსაზრისით დავალების გადანდობა უნდა
გაიმიჯნოს ვალის გადაკისრებისგან, რა შემთხვევაში ადგილი აქვს არა
მოქმედების გადანდობას, არამედ მოვალის ცვლილებას (ბუნებრივია, ვალის
გადაკისრების შემთხვევაშიც მოქმედებს მარწმუნებლის ნებართვის პირობა (იხ. სკ.
203)). დავალების გადანდობა ასევე არ არის სახეზე, როცა რწმუნებული
ვალდებულების შესასრულებლად იყენებს მესამე პირებს, როგორც დამხმარეებს.
ეს რწმუნებულის ნებართვის გარეშეც დასაშვებია, თუ ასეთ შემთხვევაში
რწმუნებული არსებითად თავად ასრულებს ვალდებულებას.

არამართლზომიერი გადანდობის შემთხვევაში რწმუნებულს ეკისრება მკაცრი


პასუხისმგებლობა. იგი პასუხს აგებს მესამე პირის ქმედებებისათვის იმ
შემთხვევაშიც კი, თუ მან სათანადოდ შეარჩია ეს პირი და/ან მესამე პირს ბრალი
არ მიუძღვის ზიანის დადგომაში.

თუ კანონით ან ხელშეკრულებით ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე


პირისათვის (მართლზომიერი გადანდობა), მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს
მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის
შერჩევაში (culpa in eligendo). ეს ნიშნავს იმას, რომ მინდობილი პირის მიერ
ხელშეკრულებათა პირობების დარღვევის შემთხვევაში, რწმუნებულს
პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მან სათანადო
გულისხმიერება არ გამოიჩინა ამ პირის შერჩევისას და არ მიაწოდა მას ის
ინფორმაცია, რომელიც ამ უკანასკნელს ესაჭიროებოდა დავალების
შესასრულებლად (იხ. სკ. 711(2)). შესაბამისად, მინდობილი პირის ბრალი
რწმუნებულს არ შეერაცხება. პასუხისმგებლობის შეზღუდვის ეს წესი არ
მოქმედებს დამხმარე პირების შემთხვევაში. თუ რწმუნებული დავალებას
ასრულებს დამხმარე პირების მეშვეობით, მას პასუხისმგებლობა ეკისრება
დამხმარე პირთა ქმედებისთვისაც სკ. 396-ით დადგენილი წესით.

6
5) დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა

სკ. 720(1)-ის თანხმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ


ნებისმიერ დროს. ეს წესი მოქმედებს როგორც სასყიდლიანი ასევე უსასყიდლო
ხელშეკრულების დროს. იქვე განმარტებულია, რომ შეთანხმება ამ უფლებაზე
უარის შესახებ ბათილია. გაურკვეველია, თუ რატომ კრძალავს კანონი
ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ეს დანაწესი
აშკარად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და
შესაძლოა შეფასდეს არაკონსტიტუციურად. ამასთანავე, დავალებისას
ხელშეკრულების შენარჩუნების ინტერესი შესაძლოა განსაკუთრებით მაღალი
იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დავალება პერსონალურ ვალდებულებათა
კატეგორიას მიეკუთვნება (რწმუნებული პირადი მახასიათებლები
მნიშვნელოვანია).

თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი


მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი
ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით
მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის
მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა (სკ. 720(2)).

თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს


რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა
აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, –
გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე (სკ. 720(3)).
„შესრულებული სამუშაოს კვალობაზე ანაზღაურება“ გულისხმობს მხოლოდ
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას. მიუღებელი შემოსავლის
მოთხოვნის უფლებას სკ. 720(3)) რწმუნებულს არ აძლევს. ამიტომ
მნიშვნელოვანია, რომ როცა დავალების ხელშეკრულებას რწმუნებულისთვის
შეადგენთ, ამავე ხელშეკრულებით გაითვალისწინოთ სანქციები მარწმუნებლის
მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისთვის.

დავალების ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის


მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული
ხელშეკრულებით ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს
(სკ. 721(1)). თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნობის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს
დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის
მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის
მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები
აუცილებელ ზომებს არ მიიღებს (სკ. 721(2)). თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის

7
გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, ხელშეკრულება
შეწყვეტილად ჩაითვლება რწმუნებულისთვის შესაბამისი შეტყობინების
გაკეთების მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როცა მან იცოდ ან უნდა სცოდნოდა
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (სკ. 721(3)).

სკ. 722-სი თანხმად, ხელშეკრულება წყდება რწმუნებულის გარდაცვალების


შემთხვევაში, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ
გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან. რწმუნებულის სიკვდილის
შემთხვევაში მისი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მარწმუნებელს ამის შესახებ
აცნობონ.

You might also like