You are on page 1of 19

თავი 2

ეკონომიკურ მოვნებეზე დაკვირვება და მათი ახსნა


მარკ მაკკლელანი და ჯიმ ჰამილტონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომისტები
არიან. ამის მიუხედავად მათი სახელები აშშ-შიც კი ნაკლებად ცნობილია. ზოგადად, ძალიან
ცოტა ეკონომისტის სახელია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის; ეკონომისტთა
აღნიშნული „ანონიმურობა“ კიდევ უფრო გაღრმავდა 2006 წელს; ამ წელს 2 ყველასათვის
კარგად ნაცნობი ეკონომისტი, მილტონ ფრიდმანი და ჯონ კენეტ გელბრეიტი გარდაიცვალა.
სამწუხაროა, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის მარკ მაკკელანისა და ჯიმ ჰამილტონის
საქმიანობის შესახებ, რადგან ეს ორი ეკონომისტი ორი უმნიშვნელოვანესი ბაზრის -
სამედიცინო მომსახურებისა და ნავთობის ბაზრების - ტენდენციებს აკვირდება და იკვლევს;
ამ ორ ბაზარზე მიმდინარე პროცესები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს რიგითი ადამიანების
შემოსავლებზე. მაკკლელანისა და ჰამილტონის კვლევები ხსნიან ამ ბაზრებზე მიმდინარე
პროცესებს, თავიანთ ნაშრომებში ეს ეკონომისტები გვთავაზობენ ნავთობის ფასების
შესამცირებლად და ჯანდაცვის ხარჯების დაბალ დონეზე შესანარჩუნებლად გამიზნულ
ყველაზე ეფექტიან პოლიტიკას. ეკონომიკის ღრმა ცოდნის წყალობით, მარკ მაკკლელანი 2001-
2002 წლებში ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით პრეზიდენტ ბუშის ეკონომიკურ
მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. 2002-2004 წლებში მაკკლელანი მუშაობდა აშშ-ის საკვებისა და
მედიკამენტების კონტროლის სამსახურში, 2004-2006 წლებში კი იგი აშშ-ის ჯანმრთელობის
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ხელმძღვანელი გახლდათ. ჯიმ ჰამილტონი ამჟამად
კალიფორნიის, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორია; იგი ცნობილია თავისი
ნაშრომებით ნავთობის ბაზარზე შოკებისა და მონეტარული პოლიტიკის შესახებ.

ამ თავის მიზანია ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ თუ რას აკეთებენ პრაქტიკაში ისეთი


ეკონომისტები, როგორებიც მარკ მაკკლელანი და ჯიმ ჰამილტონია. მიუხედავად იმისა, რომ
ეკონომიკაში ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია, ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლოა სწორედ
ეს ნაბიჯები გახდეს თქვენი, როგორც ეკონომიკის რომელიმე წამყვანი ინდუსტრიის
ექსპერტის წარმატებული კარიერის საწინდარი. თუკი თქვენ ამას მიაღწევთ, მაშინ თქვენ უნდა
გაჰყვეთ მარკ მაკკლელანისა და ჯიმ ჰამილტონის გზას და თქვენი ცოდნა გამოიყენოთ
ადამიანების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, შესაბამისი პოლიტიკის
შემუშავებისთვის. თქვენ ასევე უნდა გააცნოთ თქვენი იდეები ფართო საზოგადოებას, რათა
ისინი გახდნენ მეტად ინფორმირებული მოქალაქეები. ვინ იცის, ეკონომიკის „ვარსკვლავები“
ერთ დღესაც შესაძლოა ისეთივე პოპულარულები გახდნენ როგორც გოლფის „ვარსკვლავები“.

რას აკეთებენ ეკონომისტები?


ეკონომიკა აზროვნების გზაა. იგი გულისხმობს ეკონომიკური მოვლენების ზუსტ აღწერას და
იმის ახსნას თუ რამ გამოიწვია ეს მოვლენები; ამის შემდეგ მომავლის პროგნოზირებას და ამ
მოვლენების განმეორების შესაძლებლობების ანალიზს; მათი განმეორების შემთხვევაში კი
საპასუხო ქმედებების შემუშავებას. იმისათვის რომ ეკონომიკის პრაქტიკაში გამოყენება
შეძლოთ, თქვენ უნდა ისწავლოთ როგორ აღწეროთ ესა თუ ის მოვლენა, როგორ ახსნათ იგი და
როგორ გააკეთოთ პროგნოზი მომავლისათვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეძლოთ მოვლენებში

1
მიზეზ-შედეგობრიობის დანახვა და ეკონომისტის მსგავსად აზროვნება. ეკონომიკის ამგვარი
გამოყენებით თქვენ უკეთ გაერკვევით იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში, რომლის
წინაშეც თავად დგახართ. ამ გზით კი თქვენ შეძლებთ როგორც საკუთარი, ისე თქვენს გარშემო
მყოფი ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ისევე როგორც ფიზიკოსები ცდილობენ კოსმოსში შავი ხვრელების არსებობის ახსნას და


ბიოლოგები ცდილობენ დინოზავრების გადაშენების მიზეზის პოვნას, ეკონომისტებიც
ცდილობენ ახსნან ეკონომიკური მოვლენები. მრავალი ასეთი ეკონომიკური მოვლენა ჩვენი
ყოველდღიურო ცხოვრებიდანაა. გიფიქრიათ თუ არა ოდესმე მსგავს შეკითხვებზე:

 რატომაა უნივერსიტეტში სწავლის საფასური ასეთი მაღალი?


 რატომ გაიზარდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ხელფასები უფრო მეტად,
ვიდრე სკოლადამთავრებულების ხელფასები?
 რატომ არსებობს კბილის პასტის 17 ნაირსახეობა?
 რატომაა ამერიკელის საშუალო წლიური შემოსავალი ქართველის წლიურ
შემოსავალზე 14-ჯერ მეტი?
 რატომ მოხდა 2008 წლის ეკონომიკური რეცესია?
 რატომ მერყეობს ნავთობის ფასები?

ყველა ეს შეკითხვა ეკონომიკაზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთს მეტად


აინტერესებს შეკითხვა კოლეჯში სწავლის საფასურის შესახებ, რომელიც შესაძლოა საკუთარი
დაკვირვებით გაუჩნდა. სხვები უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან უნივერსიტეტის
კურსდამთავრებულთა ხელფასების ტენდენციებით, რაც შესაძლოა წიგნის კითხვის ან
მშობლებთან და ნათესავებთან საუბრისას დაებადათ. იმისათვის, რომ მსგავს შეკითხვებს
უპასუხონ, ეკონომისტები ფიზიკოსებისა და ბიოლოგების მსგავსად სისტემატიურად
აგროვებენ მონაცემებს და ცდილობენ კანონზომიერებები დაინახონ მათში. ჩვენ რომ
შეგვეძლოს დინოზავრების გადაშენების ზუსტი თარიღის განსაზღვრა, იმის დადგენასაც
შევძლებდით გამოიწვია თუ არა მათი გადაშენება დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნამ.
იმის ილუსტრირებისთვის, თუ როგორ აგროვებენ და ამუშავებენ ეკონომისტები მონაცემებს,
განვიხილოთ ბენზინის ფასის ცვლილების მაგალითი.

ბენზინის ფასის ცვლილებები


ძალიან ცოტა პროდუქტი თუ მოიძებნება ისეთი, რომლის ფასის ცვლილებაც ისეთივე დიდ
გავლენას ახდენს რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე, როგორც ბენზინის ფასი. აშშ-ის
ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 2008 წლის ზაფხულში 1 გალონი
ბენზინის ფასი $4 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე წლის დასაწყისში ბენზინის ფასი გალონზე
$3 დოლარს შეადგენდა, რაც თავის მხრივ უკვე მაღალი ფასი იყო. 1 გალონი ბენზინის ფასის
$3-დან $4 დოლარამდე ზრდა, ფასის მნიშვნელოვანი ზრდაა. 2007 წელსა და 2008 წლის
პირველ ნახევარში ბენზინის ფასის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა ხელი შეუწყო 2008 წლის
ეკონომიკურ რეცესიას აშშ-ში. ბენზინის ფასის ზრდის გამო მომხმარებლებმა შეამცირეს სხვა
საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები. მათ ასევე შეამცირეს ავტომობილების
შეძენა, განსაკუთრებით კი მაღალ ლიტრაჟიანი სატვირთოების შეძენა. უფრო მეტიც,
ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ უარყოფითად იმოქმედა ავიაკომპანიებზე, ტვირთების

2
გადამზიდავ კომპანიებზე, იმპორტიორებსა და სამშენებლო კომპანიებზეც კი (რადგან
საცხოვრებლის შეძენა ქალაქების გარეუბნებში ნაკლებად მიმზიდველი გახდა).

თუმცა, 6 თვის შემდეგ 2008 წლის ბოლოს 1 გალონი ბენზინის ფასი $1.6 დოლარამდე დაეცა.
ბენზინის ფასის ასეთმა მკვეთრმა შემცირებამ - $4-დან $1,6 დოლარამდე - მნიშვნელოვანი
გავლენა მოახდინა უამრავ ადამიანზე. თუკი თქვენი მანქანის ავზის გასავსებად 2008 წლის
ზაფხულში $80 დოლარი გეხარჯებოდათ, იგივე მანქანის ავზის გასავსებად, იმავე წლის
ბოლოს მხოლოდ $32 დოლარი დაგეხარჯებოდათ. ბენზინის ფასის ასეთი შემცირების
შედეგად, 2008 წლის ბოლოს ადამიანებს მეტი ფული ექნებოდათ სხვა პროდუქტების
შესაძენად. ადამიანი, რომელიც ვთქვათ $50 დოლარით ნაკლებს დახარჯავდა მანქანის
საწვავზე, ამ თანხას სურსათის ან სხვა რამის ყიდვისთვის დახარჯავდა. ბენზინის ფასის
შემცირება სხვა სარგებელსაც მოიტანდა. მაგალითად, საკვები შედარებით გაიაფდებოდა,
რადგან მის მაღაზიებამდე ტრანსპორტირებისთვის შედარებით ნაკლები დაიხარჯებოდა.
საწვავის ფასის შემცირების გამო გაიაფდებოდა თვითმფრინავის ბილეთებიც, შედეგად კი
მადლიერების დღეს მეტი ადამიანი მოინახულებდა ოჯახს. რადგანაც ბენზინის ფასის
შემცირება გამოწვეული იყო ნედლი ნავთობის ფასის კლებით, მილიონობით
დაბალშემოსავლიან ოჯახს ზამთარში გათბობისათვის ნაკლები დაეხარჯებოდა.

იმის გათვალისწინებით თუ რა სიდიდის გავლენა აქვს ბენზინის ფასების ცვლილებას რიგითი


ადამიანების ცხოვრებაზე, მოდით პირველ რიგში განვიხილოთ თუ როგორ აანალიზებენ
ეკონომისტები ნავთობის ფასების აღნიშნულ ცვლილებებს.

ნახაზი 1. ბენზინის ფასები აშშ-ში, 1991-2008 წლებში.

გრაფიკზე მოცემულია 1991-2008 წლებისათვის ბენზინის საშუალოთვიური ფასები აშშ-ში.


გრაფიკის ყოველი წერტილი შეესაბამება ბენზინის ფასს შესაბამის თვეში.

ეკონომიკური მოვლენების აღწერა


პირველი ამოცანაა ისტორიული მონაცემების შეგროვება, რათა გავიგოთ როგორ იცვლებოდა
დროთა განმავლობაში ბენზინის ფასი. აშშ-სათვის ბენზინის ფასების მონაცემები თვეების

3
მიხედვით ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აშშ-ის ენერგეტიკის
დეპარტამენტის ვებ გვერდიდან.

მონაცემების გრაფიკული წარმოდგენა ძალიან მოსახერხებელია. 1 ნახაზზე გამოსახულია


ერთი გალონი ბენზინის საშუალოთვიური ფასი აშშ-ში 1991-2008 წლების პერიოდისათვის.
ვერტიკალურ ღერძზე გადაზომილია 1 გალონი ბენზინის ფასი დოლარებში; ჰორიზონტალურ
ღერძზე გადაზომილია დროის პერიოდი, წლებისა და თვეების შესაბამისად. თქვენ როგორ
დაახასიათებდით 1 გალონი ბენზინის საშუალოთვიური ფასის დინამიკას აშშ-ში?
მონაცემების აღწერისას ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორც ფასების გრძელვადიან
ტენდენციებს (ნებისმიერი სახის ტრენდი, რომელიც შესაძლოა გრაფიკიდან ჩანდეს), ისე მის
მოკლევადიან რყევებს (რამდენად მერყევია ფასები თვიდან თვემდე).

იმის მიუხედავად, რომ 1991-1998 წლების პერიოდში ბენზინის ფასი მეტ-ნაკლები


მერყეობებით ხასიათდება, როგორც გრაფიკიდან ჩანს, ამ პერიოდში ბენზინის ფასს რაიმე
სახის ტრენდი არ ახასიათებს. ბენზინის ფასი უფრო მეტად მერყევი გახდა 1998-2002 წლების
პერიოდში, როდესაც იგი ჯერ ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო შემდეგ
მკვეთრად შემცირდა. 2002 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული, 2008 წლის შუა
პერიოდამდე ბენზინის ფასი ხასიათდება აღმავალი ტრენდით; ფასმა 2008 წლის ზაფხულში
$4 დოლარს მიაღწია. 2008 წლის მეორე ნახევარში იგი მკვეთრად შემცირდა.

იმისათვის, რომ გაარკვიონ თუ რა გავლენას ახდენს ბენზინის ფასის ცვლილება


მომხმარებელთა ქცევაზე, ეკონომისტები აკვირდებიან ბენზინის შედარებითი ფასის
ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომისტები აკვირდებიან როგოც იცვლება ბენზინის
ფასი ეკონომიკაში სხვა ყველა პროდუქტის ფასებთან შედარებით. იმის მიუხედავად, რომ 1991
წლის დეკემბერში 1 გალონი ბენზინის ფასი იგივე იყო, რაც 1997 წლის დეკემბერში და
გალონზე $1,1 დოლარს შეადგენდა, ამ პერიოდში შესაძლოა სხვა პროდუქტების ფასები
გაზრდილიყო. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლისთვის 1 გალონ ბენზინის სანაცვლოდ $1.1
დოლარის გადახდა გაცილებით ნაკლები ტვირთი იქნებოდა 1997 წლის დეკემბერში, ვიდრე
იგივე $1,1 დოლარის გადახდა 1991 წელს; მანქანის ავზის გასავსებად ადამიანებს გაცილებით
ნაკლები პროდუქტის დათმობა მოუწევდათ 1997 წელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მიუხედავად იმისა, რომ ბენზინის ფასი აშშ-ში 1991 და 1997 წლების დეკემბრის თვეებში
ერთიდაიგივე იყო, ამ პერიოდში ბენზინის შედარებითი ფასები შემცირდა.
ბენზინის ფასი
ბენზინის შედარებითი ფასი =
ყველა სხვა პროდუქტის საშუალო ფასი

4
ნახაზი 2. ბენზინის შედარებითი ფასი

1990-იან წლებში ბენზინის ფასი სხვა პროდუქტების ფასებთან შედარებით ნაკლებად


გაიზარდა. 2002-2008 წლების პერიოდში კი პირიქით, ბენზინის ფასი შედარებით მეტად
გაიზარდა ვიდრე სხვა პროდუქტების ფასები.

ბენზინის შედარებითი ფასი გრაფიკულად ნაჩვენებია 2 ნახაზზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ


ბენზინის შედარებითი ფასი დაღმავალი ტრენდით ხასიათდება 1991-1999 წლების პერიოდში.
ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პროდუქტების ფასების გათვალისწინებით, 1999 წელს 1 გალონი
ბენზინის შეძენა ბევრად მცირე დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, ვიდრე იგივე 1 გალონი
ბენზინის შეძენა 1991 წელს. 2002-2008 წლების პერიოდში კი ბენზინის შედარებითი ფასი
აღმავალი ტრენდით ხასიათდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ბენზინი სხვა
პროდუქტებთან შედარებით გაძვირდა.

5
ნახაზი 3. ბენზინის ფასი აშშ-ში რეგიონების მიხედვით

ნახაზზე ნაჩვენებია 1 გალონი ბენზინის ფასი აშშ-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში.


როგორც წესი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ბენზინის ფასი უფრო მაღალია ხოლმე.

ძალიან მნიშვნელოვანია მიხვდეთ განსხვავებას ბენზინის ფასსა და ბენზინის შედარებით ფასს


შორის. განვიხილოთ შემდეგი შედარება. 2008 წლის ბოლოს ბენზინის შედარებითი ფასი
თითქმის იგივე იყო რაც 1991 წელს. თუკი 1 ნახაზს მიუბრუნდებით ნახავთ, რომ 2008 წელს 1
გალონი ბენზინის ფასი $1,6 დოლარს შეადგენდა, 1991 წელს კი $1 დოლარს, რაც საკმაოდ
დიდი განსხვავებაა. სხვა სიტყვებით, იმის მიუხედავად, რომ ბენზინის ფასი 1991-2008 წლების
პერიოდში გაიზარდა, ამავე პერიოდში სხვა პროდუქტების ფასებიც იმავე სიდიდით
გაიზარდა და შედეგად ბენზინის შედარებითი ფასი უცვლელი დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
მომხმარებელს მანქანის ავზის ბენზინით გავსების სანაცვლოდ 2008 წელს იმავე რაოდენობის
პროდუქტებზე უნდა ეთქვა უარი, რამდენზეც 1991 წელს.

შეზღუდვები
ეკონომიკური მონაცემები ყოველთვის ზუსტი არაა. ისეთი მონაცემები, რომელთა შეგროვება
გამოკითხვების მეშვეობით ხდება ხშირად არაზუსტია, რადგან გამოკითხვაში მონაწილე
ადმიანები ზოგჯერ ვერ იგებენ დასმულ შეკითხვას, ან მოუცლელობის გამო ზერელე პასუხებს
იძლევიან, ან სულაც არასწორი ინფორმაცია აქვთ და დასმულ შეკითხვაზე არასწორ პასუხებს
იძლევიან. ზოგჯერ შესაძლოა მონაცემები ზედმეტად განზოგადებული იყოს - მაგალითად,
აშშ-ში 1 გალონი ბენზინის საშუალო ფასზე დაკვირვებისას ჩვენ უგულებელვყოფთ ამ ქვეყნის
სხვადასხვა რეგიონებში ბენზინის ფასებს შორის განსხვავებებს. 3 ნახაზზე შეგიძლიათ ნახოთ,
რომ ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში ბენზინის ფასები ერთმანეთისგან
განსხვავდება. მთლიანი ქვეყნისთვის ბენზინის საშუალო ფასზე დაკვირვებით თქვენ

6
შესაძლოა მხედველობიდან გამოგრჩეთ მონაცემებში არსებული მნიშვნელოვანი
კანონზომიერება და ვერ დაინახოთ ფასის ცვლილების პოტენციური მიზეზები.

შეჯამება
 ეკონომიკა სამყაროს შესახებ აზროვნების გზაა. იგი მიზნად ისახავს ამა თუ იმ
მოვლენის აღსაწერად შესაბამისი ცვლადების შერჩევას, ამ მოვლენის გამომწვევი
მიზეზების იდენტიფიკაციას, მომავალისათვის შესაძლო ცვლილებების პროგნოზსა
და რეკომენდაციისათვის შესაბამისი ქმედებების შემუშავებას.
 ეკონომისტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ მათ ხელთ არსებულ მონაცემებთან
დაკავშირებული შესაძლო უზუსტობები. მაგალითად, როდესაც გვინდა შევისწავლოთ
დროთა განმავლობაში ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებები, მხედველობაში უნდა
მივიღოთ ქვეყანაში არსებული ფასების საერთო დონე. წინააღმდეგ შემთხვევაში
შესაძლოა არასწორ დასკვნებამდე მივიდეთ.

ნახაზი 4. ბენზინისა და ნედლი ნავთობის ფასები

ვერტიკალურ ღერძზე გადაზომილია 1 გალონი ბენზინის ფასი, ხოლო ჰორიზონტალურ


ღერძზე გადაზომილია 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი. გრაფიკზე თითოეული წერტილი
ასახავს ამ ფასების წყვილს. როგორც ნახაზიდან ხედავთ, ბენზინის ფასსა და ნედლი ნავთობის
ფასს შორის არსებობს დადებითი კორელაცია.

7
ეკონომიკური მოვლენების ახსნა
რა ფაქტორების გავლენით იცვლება ბენზინის ფასი აშშ-ში, რომელსაც ჩვენ ზემოთ მოცემულ
გრაფიკებზე ვაკვირდებით? თქვენ რომ წაგეკითხათ ჯიმ ჰამილტონის მოსაზრება
აღნიშნულის შესახებ, მაშინვე უპასუხებდით რომ მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნედლი
ნავთობის ფასის ცვლილება არის აშშ-ში ბენზინის ფასის ცვლილებების მთავარი მიზეზი.
ბენზინი მიიღება ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად; შესაბამისად რაც უფრო მაღალია
ნედლი ნავთობის ფასი, მით მაღალია ბენზინის ფასიც. ამგვარად, აშშ-ში ბენზინის ფასის
ცვლილებების გასაანალიზებლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ცვლადი.
ეკონომიკური ცვლადი ეს არის ნებისმიერი ეკონომიკური საზომი, რომლის მნიშვნელობებიც
ცვალებადია. არსებობს თუ არა ცხადი კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც იცვლება ამ
ორი ცვლადის ფასები დროთა განმავლობაში?

4 ნახაზის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ მართლაც არსებობს თუ არა კორელაცია


ნედლი ნავთობის ფასსა და ბენზინის ფასს შორის. ორი ცვლადი ერთმანეთთან კორელაციაშია
თუკი ისინი, ერთი და იგივე ან სხვადასხვა მიმართულებით, ერთდროულად იცვლებიან. ორ
ცვლადს შორის არსებობს დადებითი კორელაცია თუკი ისინი ერთი მიმართულებით
იცვლებიან, ე. ი. ერთი მათგანის ზრდისას მეორეც იზრდება. ორ ცვლადს შორის არსებობს
უარყოფითი კორელაცია თუკი ისინი საპირისპირო მიმართულებით იცვლებიან, ე. ი. ერთი
მათგანის ზრდისას მეორე მცირდება. ნახაზზე ყოველი წერტილი გვიჩვენებს ნედლი
ნავთობისა და ბენზინის ფასს კონკრეტული თვისათვის. ბენზინის ფასი გადაზომილია
ვერტიკალურ ღერძზე, ხოლო ნედლი ნავთობის ფასი გადაზომილია ჰორიზონტალურ
ღერძზე.

4 ნახაზზე მოცემული წერტილები ცხადად გვიჩვენებს, რომ ამ ორ ცვლადს შორის არსებობს


დადებითი კორელაცია. ნედლის ნავთობის ფასის ზრდისას ბენზინის ფასიც იზრდება; ხოლო
როდესაც ნედლი ნავთობის ფასი მცირდება ბენზინის ფასიც მცირდება. როგორც ალბათ უკვე
თქვენც ფიქრობთ, ნედლი ნავთობის ფასი ბენზინის ფასის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი
ფაქტორია. შესაძლოა უკვე შეამჩნიეთ, რომ მხოლოდ ნედლი ნავთობის ფასი არ განსაზღვრავს
ბენზინის ფასს, რადგან აშშ-ის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ბენზინის ფასი
განსხვავებულია. აღნიშნული განსხვავებები ფასებს შორის ძირითადად გამოწვეულია ამ
რეგიონებში ავტომობილების გამონაბოლქვისადმი სხვადასხვა რეგულაციებით;
რეგულაციების შედეგად აღნიშნულ რეგიონებში განსხვავებული დანამატების მქონე ბენზინი
იყიდება და მათი ფასიც განსხვავებულია. ბენზინზე დანამატები და სხვადასხვა რეგულაციები
რეგიონებს შორის ფასების განსხვავებების შესაძლო ამხსნელი ცვლადებია.

კორელაცია და მიზეზშედეგობრიობა
თუკი ორ ცვლადს შორის არსებობს კორელაცია ეს არ ნიშნავს, რომ ამ ცვლადებს შორის
მიზეზშედეგობრიობაც არსებობს. მიზეზშედეგობრიობა განსხვავდება კორელაციისაგან.
კორელაცია გულისხმობს, რომ ორი ცვლადი ერთიმეორის პარალელურად იცვლება.
ცვლადებს შორის მიზეზშედეგობრიობა გულისხმობს, რომ ერთი ცვლადის (მიზეზის)
ცვლილება იწვევს მეორე მათგანში ცვლილებებს (შედეგს). შესაბამისად, კორელაცია არ
გულისხმობს მიზეზშედეგობრიობას. მაგალითად, თერმომეტრის მიერ ნაჩვენები

8
ტემპერატურა კორელაციაშია ამინდთან; როდესაც თერმომეტრი მაღალ ტემპერატურას
აჩვენებს, გარეთ ცხელა. მაგრამ, თერმომეტრის მიერ მაღალი ტემპერატურის ჩვენება არ იწვევს
ცხელ ამინდებს. მიზეზშედეგობრიობა პირიქითაა: ცხელი ამინდი იწვევს თერმომეტრის მიერ
მაღალი ტემპერატურის ჩვენებას.

ამის მსგავსად, ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ მაგალითში ბენზინისა და ნედლი ნავთობის
ფასები დადებით კორელაციაშია ერთმანეთთან. თუმცა ბენზინის ფასის ზრდა არ იწვევს
ნედლი ნავთობის ფასის ზრდას. სანამ დასკვნებს გავაკეთებდეთ საჭიროა კარგად
გავაანალიზოთ არსებობს თუ არა ცვლადებს შორის მიზეზშედეგობრიობა; ამ შემთხვევაში
საჭიროა გვესმოდეს თუ რატომ იწვევს ნედლი ნავთობის ფასის ზრდა ბენზინის ფასის ზრდას.
ხშირად მიზეზშედეგობრიობის დადგენა ძალიან რთულია. მაგალითად, ბოლო წლების
განმავლობაში აშშ-ში სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და ექიმთან ვიზიტის
საფასური, ორივე მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ძალიან რთულია დასკვნის გაკეთება
იმის შესახებ, ექიმთან ვიზიტის მაღალმა ფასმა განაპირობა სამედიცინო მომსახურებაზე
ხარჯების ზრდა თუ პირიქით, ექიმებთან ადამიანების ხშირმა ვიზიტებმა და სამედიცინო
მომსახურებაზე ხარჯების ზრდამ გამოიწვია ექიმთან ვიზიტის საფასურის გაზრდა.
ეკონომისტები ხშირად დგანან ისეთი სიტუაციის წინაშე, სადაც რთულია
მიზეზშედეგობრიობის განსაზღვრა.

კონტროლირებადი ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობები


ეკონომიკაში
მრავალ მეცნიერებაში - მაგალითად: ფსიქოლოგიაში, მედიცინაში, ბიოლოგიაში -
მიზეზშედეგობრიობის დასადგენად მკვლევარები ატარებენ კონტროლირებად
ექპერიმენტებს. კონტროლირებადი ექსპერიმენტის მაგალითია ახალი წამლის სამედიცინო
შემოწმება. ახალი წამლის გამოცდა ადამიანთა 2 განსხვავებულ ჯგუფზე მიმდინარეობს
ხოლმე. ერთი ჯგუფის წევრებს აძლევენ წამალს, ხოლო მეორე ჯგუფის წევრები წამლის
ნაცვლად ღებულობენ წამლის მსგავს აბებს (ორივე ჯგუფის წევრებს ჰგონიათ, რომ მათ წამალი
მიიღეს). თუკი იმ ჯგუფის წევრთაგან, რომელთაც ნამდვილი წამალი მიიღეს მნიშვნელოვნად
დიდი რაოდენობით ადამიანების განკურნება მოხდა, ვიდრე იმ ჯგუფის წევრთაგან,
რომელთაც უბრალო, წამლის მსგავსი აბები მიიღეს, მკვლევარი დაასკვნის რომ წამალი იწვევს
განკურნებას.

სამწუხაროდ ასეთი კონტროლირებადი ექსპერიმენტები ეკონომიკაში იშვიათია. როდესაც


მცირე რაოდენობის მონაცემები გვაქვს, ძნელია მიზეზშედეგობრიობის დადგენა. ასეთ
შემთხვევებში ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნების მაგალითები მოვიძიოთ. თუმცა სამწუხაროდ,
ზუსტად ერთმანეთის მსგავსი 2 ქვეყანა არ არსებობს. ამგვარად, ორი სხვადასხვა ქვეყნის
შედარება და დასკვნის გაკეთება არც ისე იოლია, როგორც ეს სამედიცინო ექსპერიმენტის
შემთხვევაში იყო.

ბოლო წლებში კონტროლირებად ექსპერიმენტებს ეკონომიკაშიც მიმართავენ. ასეთი


ექსპერიმენტები ტარდება რეალური სამყაროს ანალოგიურ, თუმცა ხელოვნურად შექმნილ
პირობებში. მათი განმეორება მრავალჯერაა შესაძლებელი, ექსპერიმენტის მსვლელობისას
შესაძლებელია სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შეფასება ჩვენთვის საინტერესო ცვლადზე.

9
დღეისათვის ექსპერიმენტული ეკონომიკა ეკონომიკაში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი
მიმართულებაა. ეკონომიკური ექსპერიმენტების შედეგად გაკეთებულმა აღმოჩენებმა დიდი
წვლილი შეიტანეს ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში. ეკონომიკური ექსპერიმენტები
ასევე მნიშვნელოვნად გვეხმარებიან ეკონომიკის ფუნქციონირების გაგებაში, ისევე როგორც
მეცნიერების სხვა დარგებში ჩატარებული ექსპერიმენტების მეშვეობით ვიღრმავებთ ცოდნას
გრავიტაციის შესახებ, ან უჯრედის სტრუქტურის შესახებ და ა. შ. თუმცა იმის გამო, რომ
რეალური სამყაროს იდენტური პირობების შექმნა ექსპერიმენტის ჩასატარებლად ძალიან
რთულია, ეკონომიკური ექსპერიმენტები ისე ფართოდ გავრცელებული არაა როგორც
მაგალითად სამედიცინო ექსპერიმენტები.

შეჯამება
 ეკონომისტის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დაადგინოს არსებობს თუ
არა რომელიმე ორ კონკრეტულ ცვლადს შორის მიზეზშედეგობრივი
დამოკიდებულება. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ორ ცვლადს შორის კორელაცია
მაღალი იყოს, ეს არ გულისხმობს მიზეზშედეგობრიობას.
 საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კონტროლირებადი ექსპერიმენტების მეშვეობით
ხდება ცვლადებს შორის მიზეზშედეგობრიობის დადგენა. იმის გამო, რომ ეკონომიკაში
კონტროლირებადი ექსპერიმენტების ჩატარება იშვიათადაა შესაძლებელი,
მიზეზშედეგობრიობის დადგენაც გაცილებით რთულია.

მომავლის პროგნოზირება
მას შემდეგ, რაც უკვე აღვწერეთ ბენზინის ფასების დინამიკა და ისიც ვახსენეთ თუ რა
შეიძლება იყოს ბენზინის ფასების ცვლილების მიზეზი, ვისაუბროთ ეკონომისტის წინაშე
მდგარ კიდევ ერთ გამოწვევაზე. ეს გამოწვევაა მომავლისათვის ბენზინის ფასების ცვლილების
პროგნოზირება.

ეკონომიკური მოდელები
იმისათვის რომ ავხსნათ ესა თუ ის ეკონომიკური მოვლენა, საჭიროა გვქონდეს ეკონომიკური
თეორია ანუ მოდელი. ეკონომიკური მოდელი აღწერს მთლიანი ეკონომიკის, ან მისი
რომელიმე ნაწილის მუშაობას. პრაქტიკაში ეკონომისტთა უმეტესობა ეკონომიკურ მოდელსა
და ეკონომიკურ თეორიას სინონიმებად იყენებს. თუმცა ეკონომიკური თეორია ზოგჯერ
ეკონომიკური მოვლენის ზოგად, ხოლო ეკონომიკური მოდელი უფრო კონკრეტულ ახსნას
გულისხმობს.

ეკონომიკური მოდელი რეალური სამყაროს გამარტივებული აღწერაა. მოდელის მეშვეობით


გამარტივებულად აღვწერთ ისერ რთულ ფენომენებს, როგორიცაა ადამიანების, ფირმების და
მთავრობების ქცევა. ეკონომისტებს მოსწონს ეკონომიკურ მოდელებსა და საგზაო რუკებს
შორის ანალოგიის გაკეთება; ორივე მათგანი კომპლექსური რეალობის გამარტივებულ
აღწერას გვთავაზობს. ზოგიერთი რუკა, ზოგიერთი მოდელის მსგავსად დეტალურად აღწერს
რეალობას. ზოგი რუკა კი, ისევე როგორც ზოგი მოდელი, ძალიან ზოგადი და აბსტრაქტულია.
ეკონომიკაში არ არსებობს „ერთადერთი სწორი“ მოდელი, ისევე როგორც არ არსებობს
„ერთადერთი სწორი“ რუკა. თუკი თქვენ ავტომობილით ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში

10
მიემგზავრებით, თქვენ გჭირდებათ რუკა, რომელიც იგნორირებას გაუკეთებს ქალაქების
ცალკეულ ქუჩებს და ამის ნაცვლად გიჩვენებთ ცენტრალურ საგზაო მაგისტრალებს. ამის
საპირისპიროდ, თუკი თქვენ ჩიკაგოს ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილდებით
ცენტრალური ავტომაგისტრალების მაჩვენებელი რუკა არაფერში გამოგადგებათ. მის
ნაცვლად თქვენ დაგჭირდებათ რუკა, რომელიც დეტალურად გიჩვენებთ ქალაქის ქუჩებს.

მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური მოდელები


ეკონომიკის ორი ძირითადი ნაწილის - მიკროეკონომიკის და მაკროეკონომიკის - შესაბამისად
არსებობს ორი ტიპის ეკონომიკური მოდელები. თითოეული ტიპის მოდელს საკუთარი
დანიშნულება გააჩნია.

მიკროეკონომიკა შეისწავლის ცალკეული ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების ქცევებს და


ცალკეულ - მაგალითად სამედიცინო მომსახურების ან განათლების - ბაზრებს. შესაბამისად,
მიკროეკონომიკაში ვაანალიზებთ ისეთ ეკონომიკურ ცვლადებს, როგორიცაა
უნივერსიტეტებში სწავლის საფასური, კოლეჯის კურსდამთავრებულთა ხელფასები და ა. შ.
მიკროეკონომიკური მოდელები გვიხსნიან, თუ რატომაა განსხვავება ბენზინის ფასებს შორის
სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე, ან რატომაა ხოლმე ფასდაკლება თვითმფრინავის
ბილეთებზე. ზემოთ მოყვანილი ანალოგიის მიხედვით, მიკროეკონომიკური მოდელები
ქალაქების დეტალური რუკების ანალოგიურია.

მაკროეკონომიკა სწავლობს ეკონომიკას მთლიანობაში: მთლიანი ქვეყნის ან მთლიანად


მსოფლიოს ეკონომიკას. მთლიანი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საზომია
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ). მშპ ესაა დროის გარკვეული პერიოდის (1 წლის)
განმავლობაში, ქვეყნის საზღვრებს შიგნით წარმოებული საქონლისა და მომსახურების
ღირებულებათა ჯამი. მშპ მოიცავს ყველა ახლადშექმნილ პროდუქტს: მანქანებს,
ფეხსაცმელებს, ბენზინს, თვითმფრინავებს, სახლებს და ა. შ; ის ასევე მოიცავს
მომსახურებასაც: სამედიცინო მომსახურებას, განათლებას, ავტომობილების რემონტს და ა. შ.
მაკროეკონომიკა შეისწავლის მშპ-ის ცვლილებებს დროთა განმავლობაში. მაკროეკონომიკა
პასუხებს სცემს ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა: რა ფაქტორები განსაზღვრავს მშპ-ის ზრდას?
რატომაა ევროპაში უფრო მეტი ადამიანი უმუშევარი, ვიდრე აშშ-ში? და ა. შ. რუკების
ანალოგიის მიხედვით, მაკროეკონომიკა საქალაქთაშორისო ავტომაგისტრალების
მაჩვენებელი რუკის ანალოგიურია.

კრიტიკულად ნუ მიუდგებით ეკონომიკურ მოდელებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი


რეალობას გამარტივებულად აღწერენ. მეცნიერების ყველა დარგში მოდელი რეალობის
გამარტივებული აღწერაა. მოდელი კარგია თუკი იგი რეალობას კარგად აღწერს. მოდელი რომ
რეალობის გამარტივება არ იყოს, გამოსაყენებლად ძალიან რთული იქნებოდა. ეკონომიკური
მოდელი განსხვავდება სხვა, მაგალითად ფიზიკაში არსებული მოდელებისაგან, რადგან
ეკონომიკური მოდელი ადამიანთა ქცევას აღწერს. ადამიანთა ქცევა კი ძალიან კომპლექსური
და ხშირად არაპროგნოზირებადია. სწორედ ამის გამო შესანიშნავმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა
ერთხელ თქვა: ეკონომიკა უფრო რთულია ვიდრე ფიზიკა.

11
ეკონომიკური მოდელი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს სიტყვებით, ცხრილის სახით,
გრაფიკებით ან ალგებრულად (განტოლებებით). იმისათვის, რომ ეკონომიკის გამოყენება
შეძლოთ საჭიროა ოთხივე მათგანი კარგად გესმოდეთ. 5 და 6 ნახაზებზე ნაჩვენებია თუ
როგორ შეგვიძლია მოდელის წარმოდგენა გრაფიკის გამოყენებით. გრაფიკზე ერთი თვალის
შევლებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მოდელის არსი. თუკი მოდელის მიხედვით ორ ცვლადს
შორის დადებითი დამოკიდებულებაა ეს ნიშნავს, რომ ერთი ცვლადის მნიშვნელობის
ზრდისას მეორეც იზრდება; ხოლო თუკი მოდელის მიხედვით ცვლადებს შორის უარყოფითი
დამოკიდებულებაა, ამ შემთხვევაში ერთი ცვლადის ზრდისას მეორე მცირდება.

ნახაზი 5. მოდელი ორი ერთმანეთზე დადებითად დამოკიდებული ცვლადით.

აღმავალი მრუდი გვიჩვენებს ცვლადებს შორის დადებით დამოკიდებულებას. როდესაც


ცვლადი 1 იზრდება A-დან B-მდე, ცვლადი 2 იზრდება C-დან D-მდე. თუკი ცვლადი 1
შემცირდება B-დან A-მდე, ცვლადი 2 შემცირდება D-დან C-მდე. სხვა სიტყვებით, დადებითად
დამოკიდებული ცვლადები ერთი მიმართულებით იცვლებიან.

ნახაზი 6. მოდელი ორი ერთმანეთზე უარყოფითად დამოკიდებული ცვლადით

დაღმავალი მრუდი გვიჩვენებს ცვლადებს შორის უარყოფით დამოკიდებულებას. როდესაც


ცვლადი 1 იზრდება A-დან B-მდე, ცვლადი 2 მცირდება D-დან C-მდე. თუკი ცვლადი 1
შემცირდება B-დან A-მდე, ცვლადი 2 გაიზრდება C-დან D-მდე. სხვა სიტყვებით,
უარყოფითად დამოკიდებული ცვლადები საპირისპირო მიმართულებით იცვლებიან.

5 ნახაზზე ასახულია ორ ცვლადს შორის დადებითი დამოკიდებულება. სხვა სიტყვებით,


როდესაც ცვლადი 1 იზრდება A-დან B-მდე, ცვლადი 2 იზრდება კონკრეტული სიდიდით C-
დან D-მდე, რაც გამოსახულია მრუდის დახმარებით. ანალოგიურად, როდესაც ცვლადი 1
მცირდება B-დან A-მდე, ცვლადი 2 მცირდება D-დან C-მდე. 6 ნახაზზე ნაჩვენებია ორ ცვლადს
შორის უარყოფითი დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში, როდესაც ცვლადი 1 იზრდება A-დან
B-მდე, ცვლადი 2 მცირდება D-დან C-მდე. ანალოგიურად, როდესაც ცვლადი 1 მცირდება B-
დან A-მდე, ცვლადი 2 იზრდება C-დან D-მდე. მოდელები შედგება როგორც ცვლადებისაგან,
ისე კონსტანტებისგან (მუდმივებისაგან). ამ შემთხვევაში კონსტანტაა (მუდმივია) მრუდების
მდებარეობები და მათი ფორმები.

12
მაგალითი: მოდელი ორი ცვლადით
7 ნახაზზე ნაჩვენებია მოდელი, რომელიც აღწერს სამედიცინო დაწესებულებაში
გამოკვლეული პაციენტების რაოდენობასა და ამ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმების
რაოდენობას შორის კავშირს. მოდელის მიხედვით, რაც უფრო მეტი ექიმია დასაქმებული
სამედიცინო დაწესებულებაში, მით მეტი გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. 7 ნახაზზე
მოდელი წარმოდგენილია 4 განსხვავებული ფორმით: (1) სიტყვიერად, (2) ცხრილის
მეშვეობით, (3) გრაფიკულად და (4) ალგებრულად.

7 ნახაზის მარჯვენა ქვედა ნაწილში მოცემულია მოდელის სიტყვიერი აღწერა: მეტი


რაოდენობით ექიმი ნიშნავს მეტი რაოდენობით ჩატარებულ გამოკვლევას, თუმცა ყოველი
დამატებითი ექიმი სულ უფრო მცირე რაოდენობით ზრდის ჩატარებული გამოკვლევების
რაოდენობას. ეს შესაძლოა იმის გამო ხდებოდეს, რომ გამოკვლევებისთვის საჭირო აპარატურა
სამედიცინო დაწესებულებაში შეზღუდული რაოდენობითაა. ასევე შესაძლებელია
გამოკვლევებისათვის საჭირო ოთახები მცირე რაოდენობით იყოს.

ნახაზის მარცხენა ზედა ნაწილში წარმოდგენილია ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს თუ


როგორაა ჩატარებულ გამოკვლევათა რაოდენობა დამოკიდებული ექიმების რაოდენობაზე.
ცხრილში ნაჩვენებია ზუსტად რამდენი გამოკვლევის ჩატარება შეუძლია თითოეულ ექიმს.
ცხადია, რომ ეს ცხრილი სიტყვიერ აღწერასთან შედარებით უფრო ზუსტ ინფორმაციას
გვაწვდის. გაფრთხილება: სამომავლოდ ერთმანეთში არ აგერიოთ ცხრილი, რომელიც
მოდელს წარმოგვიდგენს და ის ცხრილი, რომელშიც მონაცემებია წარმოდგენილი. ორივე
ცხრილი ერთმანეთის მსგავსია, თუმცა ერთი მათგანი რეალური სამყაროს გამარტივებულ
მოდელს წარმოგვიდგენს, მეორე კი რეალური სამყაროს ფაქტიურ მონაცემებს გვაწვდის.

7 ნახაზის მარჯვენა ზედა ნაწილში ჩატარებული გამოკვლევების რაოდენობასა და ექიმების


რაოდენობას შორის დამოკიდებულება წარმოდგენილია გრაფიკის საშუალებით. მრუდი
გვიჩვენებს თუ რამდენი გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი ექიმების კონკრეტული
რაოდენობის შემთხვევაში. მრუდი აგებულია ცხრილში წარმოდგენილი მონაცემების
გამოყენებით. ვერტიკალურ ღერძზე გადაზომილია გამოკვლევათა რაოდენობა, ხოლო
ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია ექიმების რაოდენობა. შესაბამისი წერტილები
შეერთებულია მრუდით, რომელიც ამ დამოკიდებულების ვიზუალიზაციას ახდენს.

და ბოლოს, ნახაზის მარცხენა ქვედა ნაწილში ეს დამოკიდებულება მოცემულია


ალგებრულად. ამ შემთხვევაში ჩატარებულ გამოკვლევათა რაოდენობა ექიმების
რაოდენობიდან კვადრატული ფესვის 20-ზე ნამრავლის ტოლია. თუკი ჩატარებული
გამოკვლევების რაოდენობას აღვნიშნავთ y-ით, ხოლო ექიმების რაოდენობას აღვნიშნავთ x-
ით, მაშინ მოდელი ჩაიწერება შემდეგი ალგებრული გამოსახულებით: 𝑦 = 20 ∗ √𝑥

13
ნახაზი 7. ეკონომიკური მოდელის წარმოდგენის 4 გზა

თითოეულ გზას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. ამ წიგნში ძირითადად


გამოყენებული იქნება მოდელების წარმოდგენის სიტყვიერი, გრაფიკული და ცხრილით
წარმოდგენის მეთოდები. იშვიათად, თუმცა ზოგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ალგებრასაც.

ეკონომიკური მოდელის წარმოდგენის ოთხივე მეთოდს თავისი უპირატესობები და


ნაკლოვანებები გააჩნია. მოდელის სიტყვიერი წარმოდგენის მეთოდის უპირატესობა იმაში
მდგომარეობს, რომ ადამიანთა უმეტესობა ეკონომისტი არაა, ჩვენ მათთან სიტყვების
საშუალებით ვურთიერთობთ, თუ გვინდა ჩვენი მოდელი ამ ადამიანებმაც გაიგონ, მოდელის
შესახებ მათ სიტყვებით უნდა ვესაუბროთ. თუმცა, მოდელის სიტყვიერი წარმოდგენა ისეთივე
ზუსტი არაა როგორც დანარჩენი 3 მეთოდი. ამ წიგნში ჩვენ მოდელის წარმოდგენის ოთხივე
მეთოდს გამოვიყენებთ.

დაშვება: სხვა თანაბარ პირობებში


მოდელების დახმარებით პროგნოზის გასაკეთებლად ეკონომისტები იყენებენ დაშვებას სხვა
თანაბარ პირობებში, რაც ნიშნავს „სხვა ყველაფრის უცვლელობის პირობებში“. მაგალითად,
პროგნოზი იმის შესახებ, რომ 2 ცვლადის მნიშვნელობა D-დან C-მდე შემცირდება უშვებს, რომ

14
6 ნახაზზე მრუდი უცვლელ მდგომარეობაში დარჩება: მრუდის მდებარეობა ერთიდაიგივეა
და არ იცვლება იმის მიხედვით 1 ცვლადი A წერტილშია თუ B წერტილში. თუკი სხვა
ყველაფერი უცვლელი არ დარჩებოდა - ე. ი. თუკი მრუდი გადაადგილდებოდა - ჩვენ
დაზუსტებით ვერ ვიტყოდით, რომ 1 ცვლადის A-დან B-მდე ზრდა 2 ცვლადის D-დან C-მდე
შემცირებას გამოიწვევდა. ანალოგიურად, პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, რომ მეტი
რაოდენობით ექიმებს მეტი რაოდენობით გამოკვლევის ჩატარება შეუძლიათ ემყარება
დაშვებას, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ელექტრო ენერგიის მიწოდება მოულოდნელად
არ შეწყდება და რომ სამედიცინო აპარატურა შეფერხების გარეშე იმუშავებს.

არსებული მოდელების გამოყენება


მრავალი ეკონომიკური მოდელი არსებობს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია
ეკონომიკური ანალიზის, პროგნოზირებისა და ზოგადად, გადაწყვეტილების მიღების
პროცესში. ეკონომისტები მთავრობაშიც, კერძო ბიზნესშიც და უნივერსიტეტებშიც
ძირითადად არსებული მოდელების გამოყენებით არიან დაკავებულნი.

ეკონომიკურ მოდელებს გამოყენების ფართო არეალი გააჩნიათ. დაწყებული სამსახურებში


თანამშრომელთა დისკრიმინაციის შედეგების ანალიზით, დამთავრებული სამედიცინო
მომსახურებაზე ფასების შემცირების შედეგების შეფასებით. მოდელების გამოყენება ხშირად
სრულიად ახლებურად და ძალიან ჭკვიანურად შეგვიძლია.

ახალი მოდელების განვითარება


ისევე როგორც მეცნიერების სხვა დარგებში, ეკონომიკაშიც არსებული მოდელები იცვლება და
ახალი მოდელების განვითარება ხდება. ამ წიგნში განხილული მოდელების უმრავლესობა
საკმაოდ განსხვავდება 40 წლის წინ გამოცემულ ეკონომიკის წიგნში განხილული
მოდელებისგან. ახალი მოდელების განვითარება ხდება იმის გამო, რომ არსებული მოდელები
ვერ ხსნის ზოგიერთ ეკონომიკურ მოვლენას, რომელიც მანამდე არ მომხდარა.

ეკონომიკური თეორიის ან ეკონომიკური მოდელის განვითარების პროცესი ძალიან ჰგავს


მეცნიერების სხვა დარგებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესს. პირველ რიგში ეკონომიკური
მოვლენის ასახსნელად ხდება ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, რომელიც ძირითადად ინტუიციას
ემყარება. ამის შემდეგ ხდება ჰიპოთეზის დატესტვა, ანუ იმის გადამოწმება თუ რამდენად
კარგად აღწერს რეალობას ეს ჰიპოთეზა და რამდენად შეგვიძლია მისი მეშვეობით
პროგნოზების გაკეთება. თუ აღმოჩნდება, რომ ეს ჰიპოთეზა კარგად აღწერს რეალობას
სხვადასხვა შემთხვევებში, მაშინ ჰიპოთეზას მივიღებთ. უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით
ასე ხდება ეკონომიკაში მეცნიერული აღმოჩენების გაკეთება. არსებული ეკონომიკური
მოდელები მუდმივად იტესტება და მუდმივად მიმდინარეობს მათი სისწორის გადამოწმება.
ზოგი ეკონომისტი სპეციალიზდება მოდელების დატესტვაში, სხვები ცდილობენ ახალი
მოდელების განვითარებას. ეკონომიკაში მუდმივად მიმდინარეობს მოდელების დატესტვა და
ახლალი მოდელების განვითარება.

მომავალ კვირაში თქვენ გაეცნობით მოთხოვნა-მიწოდების მოდელს. თქვენ შეიტყობთ თუ


როგორაა შესაძლებელი ამ მოდელის გამოყენება სხვადასხვა ბაზარზე მიმდინარე პროცესების
აღწერა.

15
შეჯამება
 ეკონომიკური მოვლენების აღსაწერად და ერთი ცვლადის მეორე ცვლადზე გავლენის
შესაფასებლად ეკონომისტები იყენებენ მოდელებს. ეკონომიკური მოდელები
რეალური სამყაროს გამარტივებული ანალოგებია. მოდელები შესაძლოა იყონ ძალიან
დეტალური, ან ძალიან აბსტრაქტული, გამომდინარე მათი გამოყენების მიზნიდან.
 ეკონომიკური მოდელები განსხვავდება ფიზიკაში არსებული მოდელებისგან, რადგან
ეკონომიკური მოდელი აღწერს ადამიანთა ქცევას. მოდელების წარმოდგენა
შესაძლებელია სიტყვიერად, ცხრილის საშუალებით, გრაფიკულად და ალგებრულად.
 ეკონომისტების ერთ-ერთი მიზანია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის
სრულყოფა. ეკონომიკა შეიძლება გამოვიყენოთ პოზიტიური გაგებით, იმის
გასაანალიზებლად, თუ რატომ ახორციელებს მთავრობა ამა თუ იმ პოლიტიკას, ან
ნორმატიული გაგებით, იმის გასაანალიზებლად, თუ რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას.

რეკომენდაციები პოლიტიკის შესახებ


ეკონომიკის, როგორც მეცნიერების დარგის ჩამოყალიბებიდან - როდესაც 1776 წელს ადამ
სმიტმა დაწერა თავისი ცნობილი ნაშრომი „ხალხთა სიმდიდრე“ - დღემდე ეკონომისტების
მთავარ მიზანს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სრულყოფა წარმოადგენს;
თავდაპირველად ეკონომიკას პოლიტეკონომია ეწოდებოდა. ადამი სმიტის „ხალხთა
სიმდიდრის“ დიდი ნაწილის სწორედ იმის შესახებაა თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა
გააკეთოს მთავრობამ ეკონომიკაზე გავლენის მოსახდენად.

ადამ სმიტი ემხრობოდა laissez faire სისტემას (მთავრობის მიერ ეკონომიკის მცირე
კონტროლს), სადაც მთავრობის ძირითადი როლი კონკურენციის გაძლიერება, ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა და ვაჭრობაზე შეზღუდვების შემცირება იქნებოდა.
100 წლის შემდეგ ადამ სმიტისა და სხვა კლასიკოსი ეკონომისტების ხედვები მკაცრად
გააკრიტიკა და laissez-fair-ის წინააღმდეგ თავისი მოსაზრებები გამოთქვა კარლ მარქსმა.
საბაზრო ეკონომიკის ანუ კაპიტალიზმის მარქსისეული კრიტიკა ემყარებოდა მარქსის მიერ
დანახულ სისტემურ წინააღმდეგობებს. მარქსი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის მთელი
ისტორიის მანძილზე არსებობდა კონფლიქტი საწარმოების მფლობელებსა და მუშებს შორის
და რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ გამოიწვევდა კაპიტალიზმის კოლაფსს და
ჩამოყალიბდებოდა ახალი ეკონომიკური სისტემა სოციალიზმი, სადაც მთავრობა
გააკონტროლებდა ეკონომიკას და მის მფლობელობაში გადავიდოდა საწარმოები. მარქსმა
ძალიან ცოტა რამ დაწერა იმის შესახებ თუ როგორი იქნებოდა ასეთი სოციალისტური ან
კომუნისტური სისტემა. მიუხედავად ამისა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოცე საუკუნეში სსრკ-
ში, ჩინეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენებული გეგმიური ეკონომიკის მქონე
სისტემები მარქსის იდეების რეალიზაციის მცდელობას წარმოადგენდნენ.

დღეისათვის ქვეყნების უმეტესობამ უარი თქვა გეგმიურ ეკონომიკაზე და გადაერთნენ


საბაზრო ეკონომიკაზე. თუმცა ეკონომიკაში მთავრობის როლის შესახებ დებატები კვლავ
მიმდინარეობს. მრავალ მსხვილ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში დღეისათვის მთავრობა
დიდ როლს თამაშობს. ამის გამო ასეთ ეკონომიკურ სისტემას ზოგჯერ შერეულ ეკონომიკასაც
უწოდებენ. რამდენად დიდი შეიძლება იყოს მთავრობის როლი საბაზრო ეკონომიკაში? უნდა

16
უზრუნველყოს თუ არა მთავრობამ ჯანდაცვის მომსახურება? უნდა ეცადოს თუ არა მთავრობა
მსხვილი ფირმების მცირე საწარმოებად დანაწევრებას?

პოზიტიური და ნორმატიული ეკონომიკა


ეკონომიკაში მთავრობის როლის შესახებ გამართულ დებატებში ეკონომისტები განასხვავებენ
პოზიტიურ და ნორმატიულ დებულებებს. პოზიტიური დებულება არის დებულება იმის
შესახებ თუ როგორია სამყარო. ნორმატიული დებულება კი არის დებულება იმის შესახებ, თუ
როგორი უნდა იყოს სამყარო. მაგალითად, პოზიტიური ეკონომიკის მიზანია იმის ახსნა, თუ
რატომ შენელდა სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების ზრდა 1990-იან წლებში, ან რატომ
გაიზარდა ბენზინის ფასები 2005 წლის ბოლოს. ნორმატიული ეკონომიკის მიზანი კი ისეთი
პოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც მომავალში თავიდან აგვარიდებს სამედიცინო
მომსახურებისა და ბენზინის ფასების მკვეთრ ზრდას. საზოგადოდ, ნორმატიული ეკონომიკის
მიზანი მთავრობისათვის რეკომენდაციების შემუშავებაა - მაგალითად უნდა აკონტროლოს
თუ არა მთავრობამ ელექტრო ენერგიის ფასი, ან სამედიცინო მომსახურების ფასი და ა. შ.
მთავრობის ეკონომიკური მრჩეველები ძირითად დროს სწორედ ნორმატიულ ეკონომიკაზე
მუშაობას უთმობენ. აშშ-ში, პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს სამართლებრივი
პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტისთვის სწორი და არასწორი ეკონომიკური
პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციის მიცემაში.

პოზიტიური ეკონომიკა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმის ასახსნელად, თუ რატომ


ახორციელებს მთავრობა ამა თუ იმ ქმედებას. მაგალითად, რატომ შეამცირა აშშ-ის მთავრობამ
გადასახადები 1980-იან წლებში, რატომ გაზარდა 1990-იანებში და კვლავ რატომ შეამცირა
2000-იან წლებში? მთავრობის ქმედებების პოზიტიური ანალიზი მოითხოვს ეკონომიკისა და
პოლიტიკის შერწყმას და იმის გათვალისწინებას თუ რა სტიმულები აქვს მთავრობას ამა თუ
იმ გადაწყვეტილების მიღებისას და რა სტიმულები აქვთ ამომრჩევლებს.

ეკონომიკა: მეცნიერება თუ პარტიზანული პოლიტიკის ინსტრუმენტი


იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკა მეცნიერების სხვა დარგების მსგავსად ემყარება რეალურ
ფაქტებსა და თეორიებს, მისი გამოყენება ყოველთვის მეცნიერული გზით არ ხდება.

პოლიტიკურ კამპანიებში ეკონომისტები დიდი ძალისხმევით ცდილობენ თავიანთი


მხარდაჭერილი კანდიდატის იდეების დადებით კონტექსტში წარმოჩენასა და
მოწინააღმდეგეთა იდეების უარყოფითი მხარეების ხაზგასმას. სასამართლოზე ერთი
ეკონომისტი შესაძლოა დაეხმაროს ბრალდების მხარეს და მიაღწევინოს მისთვის საუკეთესო
შედეგს, მაშინ როდესაც მეორე ეკონომისტი შესაძლოა დაეხმაროს დაზარალებულ მხარეს და
მიაღწევინოს მისთვის საუკეთესო შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკა
ყოველთვის ობიექტურად არ გამოიყენება. ეკონომიკის შესწავლა დაგეხმარებათ ასეთ
სიტუაციებში ცრუ არგუმენტების იდენტიფიკაციასა და ამ სიტუაციების სწორად შეფასებაში.

ეკონომიკა ერთადერთი მეცნიერება არაა რომელიც ორი სრულიად განსხვავებული პოზიციის


დასასაბუთებლად გამოიყენება. მაგალითად, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის
შედეგების შესაფასებლად ქიმიისა და ბიოლოგიის გამოყენება წინააღმდეგობრივ შედეგებს

17
იძლევა. გარემოს დაცვის შესახებ საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს და ამ დებატებში
ყველა მხარე სუბიექტურად იყენებს ამ მეცნიერებებს.

პოლიტიკის შემუშავებისას ეკონომიკის გარდა სხვა ფაქტორებსაც


ითვალისწინებენ
ეკონომიკა ძალიან გამოსადეგია გასატარებელი პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებისას, თუმცა ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობით არ
მიიღება. მაგალითად ზოგჯერ თავდაცვის პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არა
ეკონომიკურ, არამედ სხვა სახის ანალიზზე დამყარებულ რეკომენდაციას მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტების უმეტესობა რეკომენდაციას აძლევდა აშშ-ის
მთავრობას თავისუფალი ვაჭრობა ჰქონოდა სსრკ-სთან ცივი ომის პერიოდში, აშშ-ის
მთავრობა მაინც ზღუდავდა სსრკ-ში კომპიუტერების ექსპორტს. ამ შეზღუდვის საბაბი ის იყო,
რომ თავდაცვის ექსპერტები შიშობდნენ, რომ კომპიუტერების ექსპორტი სსრკ-ში სამხედრო
შეიარაღების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს, ეს კი უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა,
ვიდრე ეკონომიკური არგუმენტი. ატომური ბომბის დამზადების საშიშროების გამო
რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობაზე ამჟამადაც მკაცრი შეზღუდვები არსებობს.

უთანხმოება ეკონომისტებს შორის


ტელევიზიით ეკონომისტების დებატებისთვის თვალი თუ მიგიდევნებიათ, ან მათი
მოსაზრებები საგაზეთო სტატიებში თუ წაგიკითხავთ, აუცილებლად შეგექმნებოდათ
წარმოდგენა, რომ ეკონომისტები იშვიათად ეთანხმებიან ერთმანეთს. ეკონომიკაში მართლაც
არსებობს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები, რომელთაც ჩვენ ამ წიგნში შევისწავლით. თუმცა,
თუ ყურადღებით გადავხედავთ სხვადასხვა ეკონომისტების შეხედულებებს ამა თუ იმ
საკითხზე, ჩვენდა გასაკვირად მათ შორის ბევრ თანხვერდას აღმოვაჩენთ.

მაშ რატომ არსებობს წარმოდგენა, რომ ეკონომისტები იშვიათად თანხმდებიან რამეზე?


იმიტომ, რომ უამრავი ეკონომისტი არსებობს და ყოველთვის შეიძლება 1 განსხვავებული
მოსაზრების მქონე ეკონომისტის პოვნა. მაგალითად თუკი ერთი ადამიანი მეორეს
სასამართლოში უჩივის რაღაც ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით და ეკონომისტების 99%
ერთ-ერთ მათგანს ამართლებს, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ეკონომისტი, რომელიც მეორე
მათგანს გაამართლებს. ანალოგიურად, საჯარო პოლიტიკის შესახებ დებატებისათვის
სატელევიზიო ინტერვიუების სტუმრებად სწორედ სხვადასხვა შეხედულების მქონე
ეკონომისტებს არჩევენ. ამგვარად, თუკი ეკონომისტების 99% ერთ პოზიციაზე დგას,
ტელევიზიებს მაინც შეუძლიათ იპოვონ და გადაცემაში სტუმრად მიიწვიონ საწინააღმდეგო
მოსაზრების მქონე მინიმუმ 1 ეკონომისტი.

ეკონომისტებიც ადამიანები არიან, რომელთა ფასეულობების სისტემა და მორალური


ღირებულებები შესაძლოა შეიცვალოს. ხშირად მათი პოლიტიკური შეხედულებები
ეკონომიკურ მოდელებთან კავშირში არაა. მაგალითად ეკონომისტმა, რომელიც აშშ-ში
ნარკოტიკული საშუალებების იმპორტით ძალიან შეშფოთებულია და მისი შეჩერება სურს,
შესაძლოა მხარი დაუჭიროს ბრაზილიიდან აშშ-ში ყავის შემოტანის აკრძალვას.
ბრაზილიიდან ყავის იმპორტის აკრძალვა გაზრდის ყავის ფასს აშშ-ში, შედეგად

18
კოლუმბიელებს შესაძლებლობა ექნებათ ყავის წარმოებით და მისი აშშ-ში გაყიდვით
გაზრდილი შემოსავლები მიიღონ და კოკაინის ნაცვლად ყავა აწარმოონ. ამ შემთხვევაში კი
შემცირდება კოლუმბიიდან აშშ-ში კოკაინის შემოტანა. სხვა ეკონომისტი, რომელსაც ასევე
სურს კოლუმბიიდან აშშ-ში კოკაინის შემოტანის შეჩერება, შესაძლოა ბრაზილიიდან აშშ-ში
ყავის შემოტანაზე აკრძალვის დაწესების სასტიკი წინააღმდეგი იყოს. თუმცა, თუკი ამ ორ
ეკონომისტს ზოგადად ჰკითხავდით აზრს ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ, სავარაუდოდ
ორივე გიპასუხებდათ რომ ვაჭრობის შეზღუდვების წინააღმდეგნი არიან.

19

You might also like