You are on page 1of 30

თავი 18.

წარმოების, დანახარჯებისა და შემოსავლების გაზომვა


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სტუდენტები ერთ პატარა კუნძულზე მცხოვრები ფერმერების
ჯგუფი ხართ; კუნძულზე ქოქოსის გარდა სხვა არაფერი არ იზრდება და თქვენც ქოქოსის
წარმოებით ირჩენთ თავს. თუ თქვენ გთხოვდით, რომ თქვენს კუნძულზე წარმოების სიდიდე
გაგეზომათ, თქვენ ამას მარტივად, თითოეული მაცხოვრებლის მიერ მოგროვებული
ქოქოსების რაოდენობის დაჯამებით დაითვლიდით.

დავუშვათ, რომ ამ კუნძულზე ქოქოსთან ერთად ბანანიც იზრდება. ამ შემთხვევაში


წარმოების გასაზომად თქვენ როგორც ქოქოსის, ასევე ბანანის წარმოების სიდიდე უნდა
დაითვალოთ. ასეთ პირობებში კი იმის დადგენა, თუ როგორ იცვლება კუნძულზე წარმოების
სიდიდე, შედარებით რთული იქნება. მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ წინა წელს 750
კილოგრამი ბანანი და 750 ცალი ქოქოსი, ხოლო მიმდინარე წელს 500 კილოგრამი ბანანი და
1000 ცალი ქოქოსი აწარმოეთ; შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ წინა წელთან შედარებით
კუნძულზე წარმოება გაიზარდა? თქვენ მოგიწევთ მოიფიქროთ თუ როგორ დააჯამოთ ბანანი
და ქოქოსი, რაც რთული, მაგრამ საერთო ჯამში შესრულებადი ამოცანაა.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ აშშ-ის ეკონომიკის მთლიანი წარმოების დათვლას გთხოვენ.


თქვენ არა მხოლოდ ქოქოსი და ბანანი, არამედ მილიონობით სხვა წარმოებული პროდუქტი
უნდა დააჯამოთ. თქვენ ასევე მოგიწევთ მოიფიქროთ თუ როგორ გაზომოთ ექიმების,
იურისტების, მასწავლებლებისა და ეკონომისტების მიერ წარმოებული მომსახურება.
ქვეყანაში წარმოებული ზოგიერთი პროდუქტი საზღვარგარეთ გადის გასაყიდად; ამასთან,
ზოგი პროდუქტი, რომელსაც ამერიკელები ყიდულობენ, საზღვარგარეთ არის წარმოებული.
პროდუქტების ნაწილი სხვა პროდუქტების წარმოების პროცესში გამოიყენება. ქვეყნის
ეკონომიკის წარმოების გაზომვა ნამდვილი გამოწვევაა.

აშშ-ში ამ გამოწვევას ეკონომიკური ანალიზის ბიურო (BEA) უმკლავდება. ეკონომიკური


ანალიზის ბიუროს მისიაა: „აშშ-ში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების უკეთ გასაგებად
დროული, საჭირო და ზუსტი მონაცემების ობიექტურად მიწოდება, მინიმალური
დანახარჯების პირობებში“. ეკონომიკური ანალიზის ბიურო ყოველ კვარტალში ერთხელ
აქვეყნებს აშშ-ის რეალური მშპ-ის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს; რეალური მშპ ეკონომიკის
მთლიანი წარმოების ყველაზე გავრცელებული საზომია. ამ მონაცემების გამოქვეყნებას
მოუთმენლად ელიან მთელს ქვეყანაში. ქვეყნის მთავრობა (მათ შორის პრეზიდენტიც)
იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ მონაცემებს, რომ საჯაროდ გამოქვეყნების
წინ მათ აუცილებლად თავად ეცნობიან. იმის გამო, რომ ეკონომიკის ზუსტი და დროული
საზომი არსებითად მნიშვნელოვანია ფინანსურ ბაზრებზე მომუშავე ადამიანებისათვის, ნიუ-
იორკში, ტოკიოსა და ლონდონში ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე ადამიანებიც
სულმოუთმენლად ელოდებიან ახალი სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას. უახლეს
ინფორმაციაზე დაკვირვების შემდეგ ფასიანი ქაღალდების სწრაფად ყიდვით ან გაყიდვით მათ

1
უმოკლეს დროში მილიონობით დოლარის გამომუშავება ან/და დანაკარგების თავიდან
არიდება შეუძლიათ.

ეკონომისტები სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ ეკონომიკური


პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს. საიმონ კუზნეცი ნობელის პრემიის ლაურეატი
ეკონომისტია, რომელმაც ეს პრიზი ეკონომიკის „გაზომვასთან“ დაკავშირებული ზოგიერთი
პრობლემის გადაჭრაში მიიღო. ეკონომიკის „გაზომვის“ სწავლით თქვენ მეცნიერ-
ეკონომისტებს ვერ დაეხმარებით, თუმცა ამ საკითხის შესწავლით ოდნავ მეტი გეცოდინებათ
იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. ეკონომიკური პრობლემების არსის გასაგებად,
შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისთვის და აღნიშნული პოლიტიკის
შედეგების გასაანალიზებლად აუცილებელია სანდო სტატისტიკური მონაცემების არსებობა.

ამ თავის მიზანი თქვენთვის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სამუშაოდ მომზადება


არ გახლავთ. ჩვენი მიზანია ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ იმის შესახებ, თუ რა სახის
ეკონომიკურ მაჩვენებლებს იყენებენ ეკონომისტები ანალიზის პროცესში და რაში
მდგომარეობს ამ მაჩვენებლების ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ თავში თქვენ გაეცნობით
ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ კავშირებს.

1. მთლიანი შიდა პროდუქტის გაზომვა


იმისათვის, რომ მშპ წარმოების საზომად გამოვიყენოთ, აუცილებელია ზუსტად გვქონდეს
განსაზღვრული თუ რა იგულისხმება წარმოებაში, სად ხდება წარმოების პროცესი და როდის
ხდება იგი.

1.1 მთლიანი შიდა პროდუქტის ზუსტი განმარტება


მშპ არის ქვეყნის ტერიტორიაზე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებული
ახალი საქონლისა და მომსახურების ღირებულებათა ჯამი. დეტალურად გავარჩიოთ
აღნიშნული განმარტება, რათა ზუსტად ვიცოდეთ რა შედის ან რა არ შედის მშპ-ში.

• რა? საქონელი - მაგალითად ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები - და


მომსახურება - მაგალითად სატრანსპორტო მომსახურება და განათლება - ორივე შედის
მშპ-ის შემადგენლობაში. თუმცა, მშპ მხოლოდ ახლად წარმოებულ საქონელსა და
მომსახურებას მოიცავს. 10 წლის წინ წარმოებული საბავშვო ეტლი, რომელიც მეორად
ბაზარზე იყიდება არ შედის მიმდინარე წლის მშპ-ში; იგი შედიოდა 10 წლის წინანდელ
მშპ-ში, რომელ წელსაც მისი წარმოება მოხდა.
• სად? მშპ-ში მხოლოდ ის საქონელი და მომსახურება შედის, რომლის წარმოებაც დროის
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებს შიგნით ხდება.
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველების მიერ წარმოებული საქონელი და მომსახურება
არ შედის საქართველოს მშპ-ში; არამედ შედის იმ ქვეყნის მშპ-ში, რომელ ქვეყანაშიც
ხდება მათი წარმოება. საქართველოში მომუშავე უცხოელების მიერ წარმოებული
საქონელი და მომსახურება კი შედის საქართველოს მშპ-ში.
• როსის? დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში წარმოებული საქონელი და
მომსახურება შედის მშპ-ში. მშპ-ს დათვლისას აუცილებელია მივუთითოთ დროის
პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხდება ამ პროდუქტების წარმოება. მაგალითად,

2
საქართველოს 2019 წლის მშპ მოიცავს ყველა იმ საქონელსა და მომსახურებას, რომლის
წარმოებაც მოხდა 2019 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2019
წლის მესამე კვარტლის მშპ მოიცავს ყველა იმ საქონელსა და მომსახურებას, რომლის
წარმოებაც ამ წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მოხდა. 2015 წელს აშშ-ის
მთლიანი შიდა პროდუქტი $18.037 ტრილიონი დოლარის ტოლი იყო. ეს ნიშნავს, რომ
აშშ-ის ეკონომიკაში ყოველდღიურად საშუალოდ $50 მილიარდი დოლარის
ღირებულების საქონლისა და მომსახურების წარმოება ხდება ($50მლრდ x 365 =
18ტრლნ).

მშპ აერთიანებს მრავალი პროდუქტის - ვაშლის, ფორთოხლის, ღვინის, საბანკო


მომსახურების და ა. შ. - წარმოების სიდიდეებს. როგორ შეგვიძლია განსხვავებული
პროდუქტების წარმოების დაჯამება? მშპ-ის დათვლისას როგორ განვსაზღვროთ ქვეყანაში
ვაშლის წარმოება უფრო მნიშვნელოვანია თუ ფორთოხლის?

მშპ-ში ყველა პროდუქტს თავისი წონა აქვს და ეს წონა მისი ფასია. თუკი ვაშლის ფასი
ფორთოხლის ფასზე მაღალია, 1 კგ ვაშლის წარმოება უფრო მეტად გაზრდის მშპ-ს, ვიდრე 1 კგ
ფორთოხლის წარმოება. ამ საკითხის უკეთ გასაგებად წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში მხოლოდ
ვაშლისა და ფორთოხლის წარმოება ხდება. თუ 1 კგ ვაშლის ფასი $6 დოლარი, ხოლო
ფორთოხლის ფასი $5 დოლარია, მაშინ ხუთი კილოგრამი ვაშლის წარმოება მშპ-ში $30
დოლარის, ხოლო 3 კილოგრამი ფორთოხლის წარმოება $15 დოლარის სიდიდით შევა. ჯამში
ხუთი კილოგრამი ვაშლისა და სამი კილოგრამი ფორთოხლის წარმოება $45 დოლარის ტოლ
მშპ-ს მოგვცემს. 18.1 ნახაზზე განხილულია აღნიშნული მაგალითი.

პროდუქტებისთვის წონების ფასების მიხედვით მინიჭების ეს მეთოდი შესაძლოა


პირადად თქვენ არ გაკმაყოფილებდეთ - შესაძლოა თქვენ ფორთოხლისთვის მეტი წონის
მინიჭება გინდოდეთ, ვიდრე ვაშლისთვის - თუმცა ამაზე უკეთესი ვარიანტი ძნელად
წარმოსადგენია. საბაზრო სისტემაში პროდუქტის ფასი ასახავს ამ პროდუქტის წარმოების
დანახარჯებსა და მის ღირებულებას. გეგმიური ეკონომიკური სისტემის მქონე ისეთი
ქვეყნებისთვის, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, მშპ-ის დათვლა დიდ პრობლემას
წარმოადგენდა, რადგან ამ სისტემაში სახელმწიფო აწესებდა პროდუქტების ფასებს;
შესაბამისად, პროდუქტებისთვის წონების მინიჭება შესაძლოა საერთოდ არაფერ შუაში
ყოფილიყო ამ პროდუქტების წარმოების დანახარჯებსა და მათ ღირებულებასთან. საბაზრო
ფასის არარსებობის გამო საბჭოთა კავშირში მშპ-ის დათვლა საკმაოდ რთული გახლდათ.

შუალედური და საბოლოო მოხმარების საქონელი


მშპ-ის დაანგარიშებისას მნიშვნელოვანია, რომ ერთიდაიგივე პროდუქტის ღირებულება
ორჯერ არ აღვრიცხოთ. განვიხილოთ ველოსიპედის და საბურავის მაგალითი. ველოსიპედის
ყიდვისას საბურავები ველოსიპედის ნაწილად განიხილება. დავუშვათ ველოსიპედი $150
დოლარი ღირს, ხოლო ცალკე აღებული საბურავების ღირებულება $20 დოლარია. შეცდომა
იქნებოდა $20 დოლარიც (საბურავების ღირებულება) და $150 დოლარიც (ველოსიპედის
ღირებულება) ორივე აღგვერიცხა და მათი დაჯამებით $170 დოლარი მიგვეღო. ასეთ
შემთხვევაში საბურავის ღირებულებას ორჯერ აღვრიცხავდით. ის საბურავი, რომელიც ახალი
ველოსიპედის ნაწილია, შუალედური საქონლის მაგალითს წარმოადგენს. შუალედური

3
საქონელი საბოლოო საქონლის ნაწილია. თავის მხრივ საბოლოო საქონელი ეწოდება ისეთ
საქონელს, რომელიც წარმოების დამატებით ეტაპებს აღარ გადის; ამ შემთხვევაში საბოლოო
საქონელია ველოსიპედი. ორმაგი აღრიცხვის თავიდან ასარიდებლად მშპ-ში შუალედურ
საქონელს არასდროს ვითვალისწინებთ; მხოლოდ საბოლოო საქონელი შედის მშპ-ში. თუკი
მომავალში თქვენ $25 დოლარად ახალ საბურავს შეიძენთ, ეს საბურავი იქნება საბოლოო
საქონელი.

ნახაზი 18.1 ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტების დაჯამება: ვაშლისა და


ფორთოხლის მაგალითი

5 კგ ვაშლი $6 ვაშლის ფასი $30 ვაშლის ღირებულება


+3 კგ ფორთოხალი $5 ფორთოხლის ფასი + $15 ფორთოხლის ღირებულება
= $45 მთლიანი ღირებულება

განსხვავებული ...თითოეულ პროდუქტს


პროდუქტების ვამრავლებთ მის ფასზე... ... ვაჯამებთ თითოეული
შესაკრებად... პროდუქტის ღირებულებას

მარაგები და ნაკადები
მარაგისა და ნაკადის ცნებების ერთმანეთისგან გარჩევა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის
შესწავლისას; განსაკუთრებით კი მშპ-ის გაგებისათვის. მშპ საქონლისა და მომსახურების
ნაკადის საზომია - იგი ზომავს ახლად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ნაკადის
მთლიან ღირებულებას. მშპ არ არის ქვეყანაში არსებული საქონლისა და მომსახურების
მარაგის საზომი - იგი არ ასახავს საქონლისა და მომსახურების მარაგის ღირებულებას.

მაგალითად, აშშ-ში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებული ახალი


ავტომობილების რაოდენობა ნაკადია, ხოლო აშშ-ში არსებული მანქანების საერთო
რაოდენობა - მარაგი. მშპ-ში მხოლოდ ახლად წარმოებული მანქანები შედის. ანალოგიურად,
აშშ-ის 2015 წლის მშპ-ში შედის ამ წელს აშენებული ყველა ახალი სახლის ღირებულება
(ნაკადი), თუმცა იგი არ ითვალისწინებს 2015 წლისთვის აშშ-ში არსებული სახლების
მთლიანი რაოდენობის (მარაგი) ჯამურ ღირებულებას.

მარაგებსა და ნაკადებს შორის აღნიშნული განსხვავების ილუსტრირება შეგვიძლია


ონკანისა და აბაზანის მაგალითზე. ონკანიდან გადმომავალი წყალი ნაკადია, ხოლო წყალი
რომელიც დროთა განმავლობაში აბაზანაში გროვდება - მარაგი. თავისი არსით მშპ ონკანიდან
გადმომავალი წყლის ნაკადის ანალოგიურია (ახალი საქონელი და მომსახურება, რომელიც
ეკონომიკას ემატება).

4
მშპ-ის გაზომვის სამი გზა
ეკონომისტები მშპ-ს სამი სხვადასხვა მეთოდით ითვლიან. სამივე მეთოდი ერთიდაიგივე
შედეგს იძლევა, თუმცა თითოეული მათგანი სხვადასხვა მიდგომას იყენებს და მშპ-ის
განსხვავებული კუთხით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. ქვეყნის ეროვნულ ანგარიშებში
მოცემულია სამივე მეთოდით დათვლილი მშპ. ეროვნული ანგარიშები წარმოადგენს
ეკონომიკის მთლიანი გამოშვების შესახებ ოფიციალური მონაცემების დოკუმენტს.

აღნიშნული სამი მეთოდიდან პირველი მეთოდი გულისხმობს ქვეყანაში წარმოებული


საქონლისა და მომსახურების შესაძენად ადამიანების მიერ დახარჯულ მთლიან თანხას.
აღნიშნული მეთოდი დანახარჯების მეთოდის სახელითაა ცნობილი. მეორე მეთოდი
გულისხმობს ქვეყანაში არსებული ფირმებისა და მუშახელის მიერ გამომუშავებულ მთლიან
შემოსავალს. ეს მეთოდი შემოსავლების მეთოდის სახელითაა ცნობილი. ამ მეთოდის
მიხედვით თქვენი შემოსავალი არის იმის საზომი, რასაც თქვენ აწარმოებთ. მესამე მეთოდი
გულისხმობს წარმოებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი სიდიდის გაზომვას
წარმოების თითოეულ ეტაპზე. ეს უკანასკნელი წარმოების მეთოდის სახელითაა ცნობილი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ თითოეული მეთოდი მთლიან ეკონომიკას განიხილავს, რის გამოც
ტერმინების სახით ჩვენ ზოგჯერ მთლიან დანახარჯებს, მთლიან შემოსავლებსა და მთლიან
წარმოებას გამოვიყენებთ. მოდით დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

1.2 დანახარჯების მეთოდი


ეკონომიკაში მთლიანი დანახარჯები ოთხ კომპონენტად იყოფა. ესენია: კერძო მოხმარება,
ინვესტიციები, სახელმწიფო შესყიდვები და წმინდა ექსპორტი. თითოეული კომპონენტი
ეკონომიკური აგენტების ერთ კონკრეტულ ჯგუფს შეესაბამება. ეს ჯგუფებია: მომხმარებლები,
ფირმები, მთავრობა და უცხოელები. დანახარჯების კომპონენტების განხილვამდე ყურადღება
მიაქციეთ 18.1 ცხრილს. ცხრილში მოცემულია აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტისა და
დანახარჯების თითოეული კომპონენტის სიდიდე 2015 წლისათვის.

მოხმარება
დანახარჯების პირველი კომპონენტია კერძო მოხმარება, რომელიც წარმოადგენს
ინდივიდების მიერ საბოლოო საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეულ დანახარჯებს.
სტატისტიკოსები, რომლებიც მონაცემების შეგროვებით არიან დაკავებულნი, მაღაზიებზე,
ავტო დილერებსა და სხვა ტიპის გადამყიდველებზე დაკვირვებით ადგენენ თუ რა სიდიდისაა
ქვეყანაში სამომხმარებლო ხარჯები თითოეულ წელს. (როგორც 18.1 ცხრილში ხედავთ, 2015
წელს კერძო მოხმარების კომპონენტი აშშ-ში $12.284 ტრილიონ დოლარს შეადგენდა). ისინი
ითვლიან ყველაფერს, რასაც ადამიანები მოხმარებისთვის ყიდულობენ. კერძო მოხმარების
კომპონენტი არ მოიცავს ფირმების და/ან მთავრობის მიერ დახარჯულ თანხებს.
სამომხმარებლო ხარჯებში შედის როგორც ძვირადღირებულ საგნებზე გაწეული ხარჯები,
როგორიცაა მაგალითად ახალი ავტომობილის შეძენის, ძვირადღირებული ოპერაციის
გაკეთების, მოგზაურობისა თუ სწავლის საფასურის ხარჯები, ასევე შედარებით მცირე
სიდიდის ხარჯებიც, როგორიცაა მაგალითად ავტომობილისთვის საწვავის შეძენის, ექიმთან
ვიზიტის, ავტობუსით მგზავრობისა თუ ავტოსკოლაში გაკვეთილებზე დასწრებასთან

5
დაკავშირებული ხარჯები. როგორც 18.2 ნახაზზე ხედავთ, 2015 წელს კერძო მოხმარების
კომპონენტი აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 68%-ს შეადგენდა.

ინვესტიციები
დანახარჯების მეორე კომპონენტია ინვესტიციები. იგი მოიცავს, ერთი მხრივ ფირმების
მიერ საბოლოო საქონლისა და მომსახურების და მეორე მხრივ, ადამიანების მიერ ახლად
აშენებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვებზე გაწეულ დანახარჯებს. როდესაც
რომელიმე ფირმა, მაგალითად პიცის მიტანის სერვისის მიმწოდებელი ფირმა, ახალ
ავტომობილს ყიდულობს, ეკონომისტები მას არა კერძო მოხმარებას, არამედ ინვესტიციას
მიაკუთვნებენ. ფირმა ახალ ავტომობილს პიცის ადგილზე მისატანად იყენებს და შესაბამისად
ახალ ავტომობილს თავისი წვლილი შეაქვს ფირმის მიერ საქონლისა და მომსახურების
წარმოების პროცესში. ფირმების მიერ ყოველი ახალი მანქანა-დანადგარის შეძენა, ახალი
ქარხნების აშენება და წარმოების პროცესში დამხმარე სხვა საშუალებების შეძენა
ინვესტიციების კომპონენტს მიეკუთვნება. ფირმების მიერ ისეთი შუალედური საქონლის
შეძენა, როგორიცაა მაგალითად ველოსიპედის საბურავები, რომელიც თავის მხრივ საბოლოო
პროდუქტის - ველოსიპედის - დასამზადებლად გამოიყენება, არ არის ინვესტიცია.
შუალედური საქონელი საბოლოო საქონლის ნაწილია, რომელსაც მომხმარებლები
ყიდულობენ. ჩვენ არ გვინდა მათი ღირებულების ორჯერ აღრიცხვა.

ცხრილი 18.1 დანახარჯების კომპონენტები აშშ-ში, 2015 წელს (ტრილიონ დოლარებში)

მთლიანი შიდა პროდუქტი $18.037


კერძო მოხმარება 12.284
ინვესტიციები 3.057
სახელმწიფო შესყიდვები 3.218
წმინდა ექსპორტი -0.522

ახალ მანქანა დანადგარებს, შენობებს და წარმოების პროცესის დამხმარე ყველა


საშუალებას, რომლებიც ინვესტიციებში შედის ზოგჯერ ფიქსირებულ ინვესტიციებსაც
უწოდებენ. 2015 წელს აშშ-ში ფიქსირებული ინვესტიციები $3.057 ტრილიონ დოლარს
შეადგენდა. გარდა ფიქსირებული ინვესტიციებისა, სტატისტიკოსები დამატებით ორი სახის
ინვესტიციას გამოყოფენ, ესენია: ინვესტიციები მარაგებში და ინვესტიციები საცხოვრებელ
სახლებში.

მარაგებში ინვესტიციები ასახავს იმ პროდუქტებისა და პროდუქტების ნაწილების


მარაგების ცვლილებას, რომლებიც მაღაზიების თაროებზე, შოურუმებსა და საწყობებშია
შენახული და რომელიც ჯერ არ გაყიდულა ან რომელსაც საბოლოო პროდუქტის სახე ჯერ არ
აქვს მიღებული. მარაგების მაგალითია ავტო დილერის მფლობელობაში გასაყიდად
გამზადებული უამრავი ახალი ავტომობილი. როდესაც მარაგებში ინვესტიციები დადებითია,
მარაგების სიდიდე იზრდება. ხოლო როდესაც მარაგებში ინვესტიციები უარყოფითია,
მარაგების სიდიდე მცირდება.

6
მაგალითად, თუ ავტო დილერს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მარაგში 50
ავტომობილი ჰყავდა, 2015 წელს ავტო-ქარხნისაგან 35 ახალი ავტომობილი შეიძინა და ამ
წლის განმავლობაში 20 ავტომობილი გაყიდა, მაშინ 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
დილერის მარაგის სიდიდე 65 ერთეული ავტომობილი იქნება. ამ მაგალითში ავტო-დილერის
მიერ მარაგებში განხორციელებული ინვესტიციის სიდიდე 15 ერთეული ავტომობილია,
(რადგან მარაგების სიდიდე 50-დან 65 ერთეულ ავტომობილამდე გაიზარდა).

ანალოგიურად, თუკი დილერის მარაგების სიდიდე 2014 წლის 31 დეკემბრის


მდგომარეობით 50 ერთეული ავტომობილია, 2015 წელს იგი ავტო-ქარხნისაგან დამატებით 35
ერთეულ ავტომობილს ყიდულობს და წლის განმავლობაში მომხმარებლებზე 45 ერთეულ
ავტომობილს ყიდის, 2015 წლის 31 დეკემბერს მისი მარაგის სიდიდე 40 ერთეული
ავტომობილი იქნება. ამ შემთხვევაში დილერის მიერ მარაგებში განხორციელებული
ინვესტიცია -10 ერთეულია, რადგან მისი მარაგები 50-დან 40 ერთეულამდე შემცირდა.

მშპ-ის დაანგარიშებისას ჩვენ ვითვალისწინებთ ინვესტიციებში მარაგებს იმისათვის, რომ


წარმოების სიდიდე ზუსტად გავზომოთ. თავიდან განვიხილოთ ზემოთ მოყვანილი
მაგალითი. თუკი მხოლოდ ავტომობილების მოხმარებას გავითვალისწინებდით
დავასკვნიდით, რომ 2015 წელს 20 ავტომობილის წარმოება მოხდა, თუმცა სინამდვილეში 35
ავტომობილი იქნა წარმოებული. საჭიროა 20 ერთეულ გაყიდულ ავტომობილს ის 15
ერთეული დავუმატოთ, რომელიც მარაგებში ინვესტიციების ნაწილია, ამგვარად ჩვენ 2015
წელს ავტომობილების წარმოების სიდიდეს უფრო ზუსტად გავზომავთ.

რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი იმ ავტომობილს ყიდულობს, რომელიც დილერს


მარაგში ჰქონდა? დავუშვათ 2016 წელს ახალი ავტომობილის წარმოება არ მომხდარა და
მომხმარებლები 25 ერთეულ ავტომობილს ყიდულობენ დილერის მარაგებიდან. ამ
შემთხვევაში 2016 წელს კერძო მოხმარების კომპონენტი 25 ერთეული ავტომობილით

7
გაიზრდება, პარალელურად კი დილერის ინვესტიციები მარაგებში -25 ერთეულის ტოლი
გახდება (იმის გამო, რომ დილერის მარაგები შემცირდა). კერძო მოხმარების კომპონენტის 25
ერთეული ავტომობილით ზრდა და მარაგებში ინვესტიციების ამავე სიდიდით შემცირება
ჯამში გვაძლევს 0-ს. ასეთ შემთხვევაში 2016 წლის მშპ არ შეიცვლება. ბაზარზე გაყიდული
ავტომობილები უკვე გათვალისწინებული გვქონდა 2015 წლის მშპ-ში.

2015 წელს აშშ-ის ეკონომიკაში მარაგებში ინვესტიციების სიდიდე ჯამში $93.4 მილიარდი
დოლარის ტოლი იყო. რა თქმა უნდა ამ წელს ზოგიერთმა ფირმამ შეამცირა მარაგები, სხვებმა
კი გაზარდეს. მარაგებში ინვესტიციები როგორც წესი ძალიან მერყევია, შედეგად იგი
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნეს-ციკლებში.

ინვესტიციების კომპონენტის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია ინვესტიციები


საცხოვრებელი სახლებში. იგი ახლად აშენებული სახლებისა და ბინების შეძენაზე გაწეულ
დანახარჯებს მოიცავს. 2015 წელს აშშ-ში დაახლოებით $652 მილიარდი დოლარის
ღირებულების ახალი საცხოვრებლები აშენდა. რეცესიის შემდგომი გაჯანსაღების პერიოდის
(2010 წლის) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2015 წელს ახლად აშენებული
საცხოვრებელი სახლების კოლოსალური ზრდა დაფიქსირდა; 2010 წელს აშშ-ში $340
მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საცხოვრებელი აშენდა. თავის მხრივ 2010 წელს
საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ინვესტიციების სიდიდე მკვეთრად
შემცირებული იყო 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2006 წელს აშშ-ის
საცხოვრებელი სახლების ბაზარი პიკში იყო, ამ წელს აშშ-ში $757 მილიარდი დოლარის
ღირებულების ახალი საცხოვრებელი აშენდა; რასაც შემდგომ საცხოვრებელი სახლების
ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა და აშშ-ში ეკონომიკური რეცესია მოჰყვა. ახლად
აშენებული სახლების უმეტესობას მომხმარებლები ყიდულობენ და არა ფირმები. თუმცა,
მიუხედავად ამისა აღნიშნული ხარჯები ინვესტიციებს მიეკუთვნება და არა კერძო
მოხმარებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ საცხოვრებელი სახლი გარკვეულ მომსახურებას
უწევს მის მფლობელს; ზოგ შემთხვევაში ეს მომსახურება უბრალოდ თავშესაფრის ფუნქციის
შესრულებაა, ზოგჯერ კი იგი აგარაკის როლს ასრულებს, სადაც ადამიანებს დასვენება და
განტვირთვა შეუძლიათ.

ინვესტიციების ამ სამი ნაწილის გაერთიანებით ჩვენ მივიღებთ, რომ 2015 წელს აშშ-ში
ინვესტიციების სიდიდე $3.057 ტრილიონი დოლარი გახლდათ. აქედან: $2.311 ტრილიონი
დოლარი ფიქსირებული ინვესტიციები იყო, ხოლო $652 მილიარდი დოლარი საცხოვრებელ
სახლებში ინვესტიციები, ხოლო $93 მილიარდი დოლარი მარაგებში ინვესტიციები გახლდათ.

8
ჯამში ამ წელს ინვესტიციები აშშ-
ის მთლიანი შიდა პროდუქტის
16.9%-ს შეადგენდა. (იხილეთ
ნახაზი 18.3).

ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ


რას ვუწოდებთ ინვესტიციებს.
ეკონომისტებისათვის ინვესტიცია
ნიშნავს ახალი ქარხნების,
საცხოვრებელი სახლებისა და
სხვადასხვა მანქანა-დანადგარების
შეძენას. ყოველდღიურობაში კი
ამისგან განსხვავებით ინვესტიცია
შეიძლება უწოდონ ფასიან
ქაღალდებში ფულის დაბანდებას.
ყურადღება მიაქციეთ აღნიშნულ
განსხვავებას.

სახელმწიფო შესყიდვები
დანახარჯების მესამე კომპონენტია სახელმწიფო შესყიდვები. ეს გახლავთ ცენტრალური
და ადგილობრივი მთავრობების მიერ ახალი საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე
გაწეული ხარჯები. აშშ-ის ცენტრალური მთავრობის ხარჯების დიდი ნაწილი სამხედრო
საჭიროებიდან გამომდინარე გაწეული დანახარჯებია. მაშინ როდესაც, ადგილობრივი
მთავრობების ხარჯების დიდ ნაწილს განათლებასა და ახალი გზების დაგებაზე გაწეული
დანახარჯები წარმოადგენს. 2015 წელს აშშ-ში სახელმწიფო შესყიდვების სიდიდე $3.218
ტრილიონი დოლარის ტოლი იყო. (იხილეთ ნახაზი 18.4)

ყოველი ხარჯი, რომელსაც მთავრობა გასწევს არ შედის მშპ-ში. მაგალითად, მთავრობის


მიერ სოციალურ დახმარებებსა და პენსიებზე გაწეული ხარჯები არ ასახავს ახალი საქონლისა
და მომსახურების შესყიდვებს; ასეთ ხარჯებს ტრანსფერები ეწოდება. ტრანსფერების უკან
ახალი პროდუქციის წარმოება არ დგას. მაშინ როდესაც, მთავრობის მიერ სამხედრო
საჭიროებიდან გამომდინარე იარაღის შესყიდვისა და ახალი გზის დაგებისას გაწეული
დანახარჯების უკან ამ პროდუქტების (ახალი გზებისა და იარაღის) წარმოება დგას. იმის გამო,
რომ მშპ ქვეყნის ეკონომიკის მთლიან წარმოებას ზომავს სოციალური დაცვის, უმუშევრობის
შემწეობისა და სხვა სახის ტრანსფერები მასში არ შედის. მთავრობის მთლიანი ხარჯები ახალი
საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან ერთად ტრანსფერებსაც მოიცავს. მშპ-ში
მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ახალი საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეული
დანახარჯები შედის.

წმინდა ექსპორტი
დანახარჯების ბოლო კომპონენტია წმინდა ექსპორტი, რომელიც ექსპორტისა და
იმპორტის სხვაობის ტოლია. აშშ-ის ექსპორტი არის ის, რასაც ამერიკელები უცხოელებზე
ყიდიან. ეს შეიძლება იყოს ფარმაცევტული პროდუქცია, კომპიუტერები, ხორბალი ან

9
არდადეგები ფლორიდაში. აშშ-ის იმპორტი არის ის, რასაც ამერიკელები უცხოელებისგან
ყიდულობენ. ეს შეიძლება იყოს პლაზმური ტელევიზორი, ტანსაცმელი, ან არდადეგები
საფრანგეთში. წმინდა ექსპორტი წარმოადგენს ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობას. იგი
გვიჩვენებს თუ რამდენით მეტ პროდუქციას ყიდის ქვეყანა უცხოეთში, ვიდრე
უცხოელებისგან ყიდულობს. წმინდა ექსპორტს ზოგჯერ სავაჭრო ბალანსს უწოდებენ. თუკი
ჩვენი წმინდა ექსპორტი დადებითია, სავაჭრო პროფიციტი გვაქვს. ხოლო თუ ჩვენი წმინდა
ექსპორტი უარყოფითია - სავაჭრო დეფიციტი. 2015 წელს აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა:
აშშ-დან ექსპორტი ამ წელს $2.264 ტრილიონი დოლარის ტოლი იყო, ხოლო იმპორტი - $2.786
ტრილიონი დოლარის ტოლი. შესაბამისად, წმინდა ექსპორტი -$522 მილიარდი დოლარის
ტოლი გახლდათ, როგორც ეს 18.1 ცხრილშია მოცემული.

დანახარჯების მეთოდით მშპ-ის დაანგარიშებისას წმინდა ექსპორტის გათვალისწინება


ორი მიზეზის გამო ხდება. პირველ რიგში, კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების
კომპონენტები უცხოეთში წარმოებულ პროდუქტებსაც მოიცავენ. მაგალითად, აშშ-ში
მცხოვრები მომხმარებლის მიერ ადგილობრივი ავტო-დილერისაგან ტოიოტას მარკის
იმპორტირებული ავტომობილის ყიდვა აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის კერძო
მოხმარების კომპონენტში აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი აშშ-ში არ
ყოფილა წარმოებული. აშშ-ის ეკონომიკის წარმოების სიდიდის გასაზომად, ტოიოტას
შეძენაზე გაწეული ხარჯი აშშ-ის მშპ-ს უკან უნდა გამოვაკლოთ. მაშასადამე, ეკონომიკის
მთლიანი წარმოების სიდიდის გასაზომად იმპორტის გამოკლება აუცილებელია. მეორე
მიზეზი გახლავთ ის, რომ აშშ-ის ეკონომიკაში წარმოებული ზოგიერთო პროდუქტი
საზღვარგარეთ იყიდება და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტების წარმოება აშშ-ის
ტერიტორიაზე მოხდა, მათი გათვალისწინება არც აშშ-ის კერძო მოხმარების, არც
ინვესტიციებისა და არც სახელმწიფო შესყიდვების კომპონენტში არ ხდება. ამგვარად,
წარმოების გასაზომად ექსპორტის დამატება აუცილებელია. რადგანაც წმინდა ექსპორტი
ექსპორტისა და იმპორტის სხვაობას ასახავს მისი დანახარჯების კომპონენტებში
გათვალისწინება იგივეა რაც ამ კომპონენტებისთვის ექსპორტის დამატება და იმპორტის
გამოკლება. ამგვარად, დანახარჯების კომპონენტებზე წმინდა ექსპორტის დამატებით ერთი
გასროლით ორ ჩიტს ვკლავთ.

2015 წელს აშშ-ში იმპორტი აღემატებოდა აშშ-დან ექსპორტს. რის გამოც ამ წელს აშშ-ში
კერძო მოხმარების, ინვესტიციებისა და სახელმწიფო შესყიდვების ჯამი აშშ-ის წარმოების
სიდიდეზე მეტი იყო. როგორც 18.4 ნახაზზე ხედავთ, ამ კომპონენტების ჯამი აღემატება აშშ-
ის მშპ-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ-ის მშპ 2015 წელს $522 მილიარდი დოლარით
ნაკლები იყო კერძო მოხმარების, ინვესტიციებისა და სახელმწიფო შესყიდვების ჯამთან
შედარებით.

ალგებრული შეჯამება
ის ფაქტი, რომ ეკონომიკის მთლიანი წარმოების დათვლა ჩვენ კერძო მოხმარების,
ინვესტიციების, სახელმწიფო შესყიდვებისა და წმინდა ექსპორტის დაჯამებით შეგვიძლია,
საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იგი ალგებრულად ჩავწეროთ.

10
კერძო მოხმარება აღვნიშნოთ C სიმბოლოთი, ინვესტიციები I-ით, სახელმწიფო
შესყიდვები G-ით და წმინდა ექსპორტი X-ით. ამ სიმბოლოებს მომავალში ჩვენ ხშირად
გამოვიყენებთ. ეკონომიკის მთლიანი წარმოებისა და მთლიანი დანახარჯების ტოლობა
შეგვიძლია შემდეგნაირად ჩავწეროთ:

𝑌 =𝐶+𝐼+𝐺+𝑋

ეს განტოლება ალგებრული სიმბოლოების გამოყენებით გვეუბნება, რომ ეკონომიკის


მთლიანი წარმოება (Y) დანახარჯების კომპონენტების: (C) კერძო მოხმარების, (I)
ინვესტიციების, (G) სახელმწიფო შესყიდვებისა და (X) წმინდა ექსპორტის ჯამის ტოლია. 2015
წელს აღნიშნული ცვლადების მნიშვნელობები (ტრილიონ დოლარებში გამოსახული) აშშ-ის
ეკონომიკისთვის შემდეგი სიდიდის იყო:

18.035 = 12.183 + 3.056 + 3.218 + (−0.522)

ეს მარტივი ალგებრული გამოსახულება მომდევნო თავებში მნიშვნელოვან როლს


შეასრულებს.

1.3 შემოსავლების მეთოდი


წარმოების პროცესში ადამიანების მიერ გამომუშავებული შემოსავლები ეკონომიკის
მთლიანი წარმოების კიდევ ერთ საზომად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ საკითხის უკეთ
გასაგებად ინდივიდუალური ფირმის შესახებ მარტივი მაგალითი განვიხილოთ.

დავუშვათ თქვენ საქორწინო მომსახურების ბიზნესს იწყებთ. (ქორწინების სახლს ხსნით).


ვთქვათ თქვენი კომპანიის საქორწინო მომსახურება $1000 დოლარი ღირს და პირველ წელს
თქვენ 50 კლიენტს მოემსახურეთ. ე. ი. პირველ წელს თქვენმა კომპანიამ აღნიშნული
მომსახურების გაყიდვიდან $50000 დოლარის სიდიდის შემოსავალი მიიღო. მომსახურების
წარმოების პროცესში თქვენ გარკვეული დანახარჯები გაქვთ. დავუშვათ რომ თქვენ მხოლოდ
მზარეულს და დიზაინერს ქირაობთ და თითოეულ მათგანს წლიურად $20000 დოლარს
უხდით. მაშასადამე თქვენი მთლიანი დანახარჯი წლის განმავლობაში $40000 დოლარია.
თქვენი მოგება არის წარმოებიდან მიღებულ მთლიან შემოსავალსა და წარმოების პროცესში
გაწეულ მთლიან დანახარჯს შორის სხვაობა. ამ შემთხვევაში მოგება იქნება $50000-
$40000=$10000 დოლარი. თუ თქვენ წარმოების პროცესში მონაწილე თითოეული ადამიანის
შემოსავლებს შეკრებთ - ე. ი. მზარეულისა და დიზაინერის შემოსავლებს დაუმატებთ საკუთარ
მოგებას - მიიღებთ: $20000+$20000+$10000. აღნიშნული ჯამი ზუსტად $50000 დოლარის, ანუ
წარმოების სიდიდის ტოლია. ამგვარად, თუ თქვენ წარმოების პროცესში მონაწილე ყველა
ადამიანის შემოსავლებს შეკრებთ, თქვენ მიიღებთ ფირმის გამოშვებას. ზუსტად ეს შეგვიძლია
გავაკეთოთ მთლიანი ეკონომიკისთვისაც, რომელიც მრავალი ადამიანისა და ფირმისაგან
შედგება.

11
ცხრილი 18.2 მთლიანი შემოსავლები და მშპ აშშ-ში 2015 წელს (ტრილიონ დოლარებში)

მთლიანი შემოსავლები
შემოსავლები შრომიდან $9.693
(სახელფასო და
არასახელფასო შრომის
ანაზღაურება)
შემოსავლები კაპიტალიდან $4.648
(მოგება, საპროცენტო
შემოსავლები, რენტა)
ცვეთა $2.830
გადასახადები - სუბსიდიები - $1.323
ტრანსფერები
უცხოელების მიერ მიღებული -$0.205
წმინდა შემოსავლები
სტატისტიკური ცდომილება -$0.253
მშპ $18.036

18.2 ცხრილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე განვიხილოთ როგორ მუშაობს ეს


მიდგომა რეალობაში. პირველ რიგში ცხრილში მოცემული თითოეული კომპონენტი
განვიხილოთ დეტალურად. ამის შემდეგ კი ვაჩვენოთ, რომ მათი დაჯამებით ჩვენ მივიღებთ
მშპ-ს.

შემოსავალი შრომიდან
ეკონომისტები შრომის ანაზღაურების როგორც სახელფასო ისე არა-სახელფასო ფორმებს
მიაკუთვნებენ შრომიდან მიღებულ შემოსავლებს. არა-სახელფასო ანაზღაურების
მაგალითებია ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო შენატანი და სხვა სახის სარგებელი
რომელსაც დამქირავებელი დასაქმებულს სთავაზობს. როგორც 18.2 ცხრილშია მოცემული,
2015 წელს აშშ-ში შრომიდან მიღებული შემოსავლები $9.693 ტრილიონი დოლარის ტოლი იყო
რაც მშპ-ის დაახლოებით 54%-ია.

შემოსავლები კაპიტალიდან
კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებში ეკონომისტები გულისხმობენ მოგებას, რენტას და
საპროცენტო შემოსავლებს. მოგება მოიცავს როგორც ისეთი მსხვილი კორპორაციების
მოგებას, როგორებიცაა General Motors და Exxon ასევე მცირე ბიზნესების მოგებას.
სცენარისტის მიერ კინოსცენარის დაწერიდან მიღებული ჰონორარი ასევე მოგების ნაწილად
ითვლება. რენტა გულისხმობს ისეთ შემოსავლებს, რომელსაც ადამიანები თავიანთი ქონების
გაქირავებიდან ღებულობენ. საპროცენტო შემოსავლებს მიეკუთვნება ფირმებისთვის თანხის
სესხად მიცემის სანაცვლოდ მიღებული საპროცენტო სარგებელი. საპროცენტო შემოსავლები
კაპიტალიდან მიღებული შემოსავლების ნაწილად ითვლება, რადგან ამ შემოსავლის წყარო
ფირმის მიერ პროდუქციის წარმოებაა. იმის გამო რომ მრავალი ადამიანი სესხის პროცენტის
ხარჯს იხდის (მაგალითად იპოთეკურ სესხებზე, ავტო-სესხებზე და ა. შ.) და პარალელურად
მათ საბანკო დეპოზიტებიდან და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლებიც აქვთ,

12
საპროცენტო შემოსავლების კომპონენტში პროცენტის სახით მიღებულ და გადახდილ
თანხებს შორის სხვაობა იგულისხმება. 18.2 ცხრილი გვიჩვენებს, რომ 2015 წელს აშშ-ში
კაპიტალიდან მიღებული შემოსავლები $4.648 ტრილიონი დოლარის ტოლი იყო. ეს
შემოსავლები ჯამში 2015 წელს დაახლოებით მშპ-ის 26%-ს შეადგენდა.

ცვეთა
ცვეთაში შენობებისა და მანქანა-დანადგარების ყოველწლიური ამორტიზაციის სიდიდე
იგულისხმება. ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ მშპ-ის
ნაწილია, ყოველწლიურად ამორტიზებული მანქანა-დანადგარებისა და შენობების
ჩანაცვლებას ხმარდება. იმისათვის რომ ფირმებმა არსებული საწარმოო სიმძლავრეები
შეინარჩუნონ, აუცილებელია გაცვეთილი მანქანა-დანადგარები და შენობები ახლით
ჩაანაცვლონ. 2015 წელს აშშ-ის ეკონომიკაში ცვეთა $2.830 ტრილიონი დოლარის ტოლი იყო.

ინვესტიციებს, ანუ ფირმების მიერ საბოლოო საქონლის შესყიდვებსა და ცვეთას შორის


სხვაობას წმინდა ინვესტიციები ეწოდება. წმინდა ინვესტიციები გვიჩვენებს თუ რა სიდიდით
იზრდება ქვეყანაში კაპიტალის მარაგი. 2015 წელს აშშ-ში წმინდა ინვესტიციები დაახლოებით
$0.225 ტრილიონი დოლარის სიდიდის იყო ($3.056-$2.830=$0.225). ეს კი ნიშნავს შემდეგს:
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მოღვაწე ფირმებმა 2015 წელს ჯამში 3 ტრილიონი დოლარის
ინვესტიცია განახორციელეს, კაპიტალის მარაგი ქვეყანაში მხოლოდ ამ სამი ტრილიონის 7%-
ით გაიზარდა. ინვესტიციების დანარჩენი ნაწილი მოძველებული, ამორტიზირებული
კაპიტალის ჩანაცვლებას მოხმარდა. ზოგჯერ $3.056 ტრილიონის სიდიდის ინვესტიციებს
მთლიან ინვესტიციებსაც უწოდებენ, რადგან იგი არ ითვალისწინებს ამორტიზირებული
კაპიტალის ნაწილის ხმარებიდან ამოღებას. მშპ-ის დასახელებაშიც სიტყვა „მთლიანი“
სწორედ აქედან მომდინარეობს; მშპ-ს დათვლისას ვითვალისწინებთ მთლიან ინვესტიციებს
და არა წმინდა ინვესტიციებს.

მოგება და კაპიტალიდან მიღებული სხვა შემოსავლები დათვლილია ცვეთის


გამოკლებით. მაგრამ მშპ-ის დაანგარიშებისას აუცილებელია ცვეთაც დავამატოთ, რადგან
მოძველებული მანქანა დანადგარების ჩანაცვლებისთვის საჭირო ახალი მოწყობილობები
ვიღაცამ აწარმოა და შესაბამისად ეკონომიკის მთლიანი წარმოების ნაწილს წარმოადგენს.
შემოსავლების მეთოდით მშპ-ის დაანგარიშებისას სტატისტიკოსები შემოსავლების სხვა
კომპონენტებს ამატებენ ცვეთასაც.

გადასახადები, სუბსიდიები და ტრანსფერები


როდესაც მაღაზიაში პროდუქტს ყიდულობთ საქონლის ღირებულებასთან ერთად თქვენ
გადასახადსაც იხდით, რადგან ამ პროდუქტის გამყიდველი მთავრობას გადასახადებს უხდის
და იგი მას პროდუქტზე ფასის დაწესებისას ითვალისწინებს. მაგალითად, ბენზინის ფასი
ავტოგასამართ სადგურზე მოიცავს გადასახადსაც, რომელსაც ადამიანები ბენზინის
საფასურის გადახდისას იხდიან. ამ გადასახადს ბენზინის გამყიდველი კომპანია
სახელმწიფოს უხდის. პროდუქტების საბაზრო ფასები ფირმების მიერაა დაწესებული,
როგორც ბენზინის შემთხვევაში. ეს ფასი როგორც უკვე ვთქვით მოიცავს გადასახადებსაც და
შესაბამისად დანახარჯების მეთოდით მშპ-ის დაანგარიშებისას გადასახადების
გათვალისწინებაც ხდება. როდესაც მშპს შემოსავლების მეთოდით ვითვლით, ჩვენ

13
მომხმარებელთა შემოსავლებსა და ფირმების მოგებებს ვაჯამებთ. თუმცა ფირმების მოგება
გადასახადებს არ მოიცავს. ამგვარად, კაპიტალიდან მიღებული შემოსავლები არ მოიცავს
ფირმების მიერ მთავრობისთვის გადახდილ გადასახადებს. გადასახადებში გადახდილი
თანხა წარმოების პროცესიდან მიღებული შემოსავლის ნაწილია. შემოსავლის ეს ნაწილი
მთავრობასთან მიდის. ამგვარად აღნიშნული გადასახადები უნდა დავამატოთ შრომიდან და
კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებს. ანალოგიურად, მთავრობისგან მიღებული
სუბსიდიები ფირმების მოგებაში შედის, თუმცა იგი არ არის წარმოების პროცესში
წარმოქმნილი შემოსავალი. მაშასადამე საჭიროა სუბსიდიების გამოკლება. ამის მსგავსად
ტრანსფერული გადახდების (როგორიცაა მაგალითად საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის
თანხის ჩუქება) უკან საქონლისა და მომსახურების ურთიერთგაცვლა არ დგას, იგი არ
წარმოადგენს წარმოების პროცესში გამომუშავებულ შემოსავალს და ამიტომ ტრანსფერები არ
უნდა გავითვალისწინოთ შემოსავლების მეთოდით მშპ-ის დათვლისას. როგორც წესი
ტრანსფერებისა და სუბსიდიების სიდიდე გადასახადებთან შედარებით ძალიან მცირეა.

უცხოელების მიერ მიღებული წმინდა შემოსავლები


აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილს უცხოელები აწარმოებენ. თუმცა უცხოელების
მიერ აშშ-ში გამომუშავებული შემოსავლები არ შედის ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ
შრომიდან და კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებში. მაგალითად, კანადელი ჰოკეის
მოთამაშის ხელფასი, რომელიც აშშ-ში Pittsburg Penguins-ის ღირსებას იცავს და
ამავდროულად კანადის რეზიდენტია, აშშ-ის მაცხოვრებლების შრომიდან მიღებულ
შემოსავლებში არ ჩაითვლება. თუმცა ამ მოთამაშის ხელფასი აშშ-ში წარმოებულ
მომსახურებას ასახავს და აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილია. ამგვარად,
უცხოელების მიერ აშშ-ში გამომუშავებული შემოსავლები უნდა გავითვალისწინოთ და
შემოსავლების დანარჩენ კომპონენტებს უნდა დავამატოთ. უფრო მეტიც, ზოგიერთი
ამერიკელი საზღვარგარეთ გამოიმუშავებს შემოსავალს, რომელიც უცხო ქვეყნის მშპ-ის
ნაწილია. ამის გამო აუცილებელია შემოსავლების დანარჩენი კომპონენტებიდან
ამერიკელების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული შემოსავლების გამოკლება. მაგალითად,
ამერიკელი ბეისბოლისტის ხელფასი, რომელიც კანადაში, Toronto Blue Jays-ში თამაშობს და
ამავდროულად აშშ-ის რეზიდენტია, კანადის მშპ-ის ნაწილია და აშშ-ის შემოსავლებში არ
უნდა ჩაითვალოს. ამგვარად, შემოსავლების კომპონენტებს ჩვენ უნდა გამოვაკლოთ
ამერიკელების მიერ უცხო ქვეყნიდან მიღებული შემოსავლები. აშშ-ის შემოსავლების
კომპონენტებს თუ გამოვაკლებთ უცხოელების მიერ აშშ-ში გამომუშავებულ წმინდა
შემოსავლებს, რომელიც თავის მხრივ უცხოელების მიერ აშშ-ში გამომუშავებული
შემოსავლებისა და ამერიკელების მიერ უცხოეთში გამომუშავებული შემოსავლების სხვაობის
ტოლია, ჩვენ ავტომატურად გავითვალისწინებთ ორივე ამ ეფექტს. 2015 წელს ამერიკელებმა
უცხოეთიდან უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს, ($813.1 მილიარდი დოლარი) ვიდრე
უცხოელებმა ამერიკაში ($607.4 მილიარდი დოლარი); ამგვარად, ამ წელს უცხოელების მიერ
აშშ-ში გამომუშავებული წმინდა შემოსავლები -$205.7 მილიარდი დოლარის ტოლია, რაც
მოცემულია 18.2 ცხრილში.

როგორც 18.2 ცხრილიდან ხედავთ, შემოსავლების კომპონენტების დაჯამებით მიღებული


რიცხვი ზუსტად არ ემთხვევა, თუმცა საკმაოდ ახლოსაა მშპ-სთან. აღნიშნული სხვაობა ასახავს

14
მონაცემების შეგროვების პროცესში დაშვებულ შეცდომებს. აღნიშნულ განსხვავებას
სტატისტიკური ცდომილება ეწოდება. დანახარჯებისა და შემოსავლების მეთოდით მშპ-ის
დათვლისას სტატისტიკური ცდომილება საკმაოდ მცირე, დაახლოებით მშპ-ის 1%-ია. თუკი
შემოსავლების კომპონენტებს დავუმატებთ სტატისტიკურ ცდომილებას შედეგად მივიღებთ,
რომ ეკონომიკის მთლიანი შემოსავალი მშპ-ის ტოლია. ამიერიდან ჩვენ Y სიმბოლოთი
ერთდროულად აღვნიშნავთ მშპ-საც და ეკონომიკის მთლიან შემოსავალსაც, რადგან მთლიანი
შიდა პროდუქტი და მთლიანი შემოსავალი ერთმანეთის ტოლია.

18.5 ნახაზზე წარმოდგენილი ნაკადების წრებრუნვის დიაგრამა მთლიან შემოსავლებსა და


მთლიან დანახარჯებს შორის არსებული კავშირის ილუსტრირებას ახდენს. ადამიანები
საქონლისა და მომსახურების წარმოების პროცესში გამოიმუშავებენ შემოსავლებს (Y) რათა ამ
შემოსავლებით იყიდონ წარმოებული საქონელი და მომსახურება (C, I, G და NX).

1.4 წარმოების მეთოდი


მშპ-ის დათვლის მესამე მეთოდი გულისხმობს ეკონომიკაში არსებული ყველა ფირმის
წარმოების დაჯამებას. იმისათვის, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს, ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ
ორმაგი აღრიცხვის პრობლემა, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. მაგალითად, თუ
თქვენ მშპ-ის დაანგარიშებისას ერთმანეთს დაუმატებთ წარმოებული ავტომობილების,
ფოლადისა და საბურავების ღირებულებებს, თქვენ ორჯერ აღრიცხავთ იმ ფოლადისა და
საბურავების ღირებულებას, რომელიც ავტომობილების წარმოების პროცესშია
გამოყენებული. ამგვარად, წარმოების მეთოდით მშპ-ის დაანგარიშებისას აუცილებელია
თითოეული მწარმოებლის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების დაჯამება.
დამატებული ღირებულება ესაა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულებასა და
ამ ფირმის მიერ წარმოების პროცესში გამოყენებული შუალედური საქონლის ღირებულებას
შორის სხვაობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებული ღირებულება ესაა ის
ღირებულება, რომელსაც ფირმა შუალედურ საქონელს ამატებს და საბოლოო პროდუქტს
უშვებს. ავტომობილის მწარმოებელი ყიდულობს ფოლადს, საბურავებს და სხვა მასალებს, რის
მეშვეობითაც შემდეგ აწყობს ახალ ავტომობილს. წარმოების მეთოდით მშპ-ის
დაანგარიშებისას ჩვენ უბრალოდ ვაჯამებთ წარმოების თითოეულ ეტაპზე შექმნილ
დამატებულ ღირებულებას. 18.6 ნახაზზე ნაჩვენებია ყავის წარმოებაში ჩართული თითოეული
მწარმოებლის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულებები. მათი დაჯამებით ჩვენ თავიდან
ვირიდებთ ორმაგ აღრიცხვას. ყავის წარმოების თითოეულ ეტაპზე შექმნილი დამატებული
ღირებულებების დაჯამება შედეგად კაფეში გასაყიდად გამზადებული ესპრესოს
ღირებულებას გვაძლევს. ზუსტად იგივე ხდება მთლიან ეკონომიკაშიც.

15
ნახაზი 18.5 შემოსავლებისა და დანახარჯების წრებრუნვა
ნახაზზე ნაჩვენებია, რომ ეკონომიკის მთლიანი დანახარჯი მთლიანი შემოსავლების ტოლია.
მარჯვენა ქვედა კუთხიდან დაწყებული, კერძო მოხმარებას (C) ემატება სახელმწიფო შესყიდვები
(G), ინვესტიციები (I) და წმინდა ექსპორტი (X), რაც ჯამში, მარცხენა ზედა კუთხეში მთლიან
დანახარჯებს გვაძლევს. აღნიშნული დანახარჯები ფირმებისთვის საქონლისა და მომსახურების
წარმოებიდან მიღებულ შემოსავლებს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის მთლიანი
შემოსავალია, რადგან ფირმები აწარმოებენ ყველაფერს, რაც ეკონომიკაში იწარმოება. ეს ნახაზის
ზედა ნაწილშია აღნიშნული. თავის მხრივ ფირმები დასაქმებულებს უხდიან ხელფასებს,
მფლობელებს უხდიან მოგებას და ასევე იხდიან რენტას და პროცენტს. მთავრობა ამ
წრებრუნვიდან იღებს გადასახადებს, რომლის ნაწილსაც უკან აბრუნებს ტრანსფერების სახით,
დანარჩენი ნაწილი კი ხმარდება სახელმწიფო შესყიდვებს.

ფირმები
შეიძლება იყოს
მთლიანი
როგორც დადებითი,
დანახარჯები
ისე უარყოფითი

დანარჩენი
წმინდა ექსპორტი
მსოფლიო

გადასახადები

მთავრობა მომხმარებლები

ინვესტიციები
ტრანსფერები

სახელმწიფო
შესყიდვები

16
ნახაზი 18.6 დამატებული ღირებულება ყავის წარმოებაში: ყავის მარცვლებიდან ესპრესომდე
წარმოების ყველა ეტაპზე თუ შევკრებთ დამატებულ ღირებულებებს ჩვენ მივიღებს ერთი ჭიქა
ესპრესოს ფასს. ორმაგი აღრიცხვის პრობლემა არ არსებობს. ასეთი მიდგომით მთლიანი
ეკონომიკის შემთხვევაში შესაძლებელია მშპ-ის დათვლა.

კაფეში, ესპრესოს
მომზადების
პროცესში შექმნილი

ერთი ჭიქა ესპრესოს ღირებულება


დამატებული
მაღაზიებამდე ღირებულება
მიტანის პროცესში
ყავის მარცვლების წარმოების შექმნილი
პროცესში შექმნილი დამატებული
დამატებული ღირებულება ღირებულება
დაფქვისა და დაფასოების მაღაზიაში
პროცესში შექმნილი განთავსებული
დამატებული ღირებულება ყავის პაკეტის
ყავით სავსე
ღირებულება
ყავის მარცვლების პაკეტების
ღირებულება ღირებულება

ყავის დაფქვის დისტრიბუტორი კაფე


ფერმერი
სერვისის და გამყიდველი
მიმწოდებელი

შეჯამება
• მშპ არის დროის გარკვეული პერიოდის მანძილზე ეკონომიკაში წარმოებული ახალი
საქონლისა და მომსახურების ღირებულებათა ჯამი. მშპ ნაკადის საზომია - იგი ზომავს
ახლად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ნაკადის ღირებულებას. მშპ არ არის
მარაგის საზომი - იგი არ ზომავს რამდენი საქონელი და მომსახურება არსებობს ქვეყნის
ეკონომიკაში.
• მშპ შეგვიძლია დავთვალოთ დანახარჯების დაჯამებით, შემოსავლების დაჯამებით და
წარმოებული საქონლისა და მომსახურების დაჯამებით. სამივე მიდგომა ერთიდაიგივე
პასუხს გვაძლევს.
• ყოველი დანახარჯი ეკონომიკაში ოთხიდან ერთ-ერთ კომპონენტს მიეკუთვნება. ეს
კომპონენტებია: კერძო მოხმარება, ინვესტიციები, სახელმწიფო შესყიდვები და წმინდა
ექსპორტი.
• შრომიდან მიღებული შემოსავლების; კაპიტალიდან მიღებული შემოსავლების;
ცვეთის; გადასახადებს-სუბსიდიები-ტრანსფერების; და უცხოელების მიერ მიღებული
წმინდა შემოსავლების ჯამი მშპ-ის დათვლის კიდევ ერთი მეთოდია.
• მშპ-ის დათვლა ასევე შესაძლებელია წარმოებული პროდუქციის ღირებულებების
დაჯამებით, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავიდან
ავირიდოთ ორმაგი აღრიცხვის პრობლემა. თუ ჩვენ თითოეული ფირმის ან
ინდუსტრიის მიერ შექმნილ დამატებულ ღირებულებებს დავაჯამებთ, ორმაგი
აღრიცხვის პრობლემას ავტომატურად ავირიდებთ თავიდან. დამატებული

17
ღირებულება ესაა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულებასა და ამ
პროდუქციის წარმოების პროცესში გამოყენებული შუალედური საქონლის
ღირებულებას შორის სხვაობა.

2. დანაზოგები
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია ეკონომიკის მთლიანი
დანაზოგები. მთლიან დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის მნიშვნელოვანი სიმბიოზური
კავშირი არსებობს. ამ საკითხის უკეთ გასაგებად განვიხილოთ მაგალითი. ვთქვათ ჩვენ გვინდა
ფეხსაცმლის მწარმოებელი ქარხნის აშენება. ახალი ქარხნის ასაშენებლად თქვენ ან საკუთარი
დანაზოგები უნდა გამოიყენოთ, ან თანხა ბანკისგან უნდა ისესხოთ. თანხა, რომელსაც ბანკი
სესხად მოგცემთ სხვა ადამიანის დანაზოგს წარმოადგენს. ამგვარად, ეკონომიკის მთლიანი
დანაზოგების სიდიდე გვიჩვენებს ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების
სიდიდეს. ანალოგიურად, ინვესტიციების სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიდიდის
დანაზოგებია ხელმისაწვდომი ამ ქვეყნისთვის.

დიდი დანაზოგების მქონე ქვეყნებს ინვესტირების გაცილებით მეტი შესაძლებლობები


აქვთ, ვიდრე მცირე დანაზოგების მქონე ქვეყნებს. თუმცა, მცირე დანაზოგების მქონე ქვეყნებს
შეუძლიათ ინვესტირებისთვის საჭირო სახსრები საზღვარგარეთ ისესხონ, თუ რა თქმა უნდა
უცხოელებს სურთ ამ ქვეყანაში ინვესტირება ან/და თანხების გასესხება. აშშ-ის ეკონომიკა
ბოლო წლებში ინვესტიციების მაღალ დონეს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში
დაზოგვის დონე ასეთი მაღალი არ არის. ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ეროვნული
დანაზოგის კონცეფციას და ვაჩვენებთ როგორ გამოითვლება იგი.

2.1 ინდივიდუალური დანაზოგი


ცალკეული ადამიანის დანაზოგი განისაზღვრება, როგორც ამ ადამიანის შემოსავალს
გამოკლებული გადასახადები და სამომხმარებლო ხარჯები. თუ თქვენ წლის განმავლობაში
$25000 დოლარის ტოლ შემოსავალს გამოიმუშავებთ, გადასახადის სახით იხდით $5000
დოლარს, ხოლო მოხმარებაზე - საკვებზე, სახლის ქირაზე, გართობაზე და ა. შ. - ჯამში
ხარჯავთ $18000 დოლარს, მაშინ თქვენი დანაზოგი $2000 დოლარი იქნება ($25000-$5000-
$18000). მაგრამ, თუ თქვენ $18000 დოლარის ნაცვლად მოხმარებაზე $23000 დოლარს
დახარჯავდით, თქვენი დანაზოგი უარყოფითი, -$3000 დოლარის ტოლი იქნებოდა. ამ
შემთხვევაში თქვენ ან წინა წლებში გაკეთებული დანაზოგის გამოყენება და/ან ბანკიდან
სესხის აღება მოგიწევდათ.

2.2 ეროვნული დანაზოგი


მთლიანად ქვეყნისთვის დანაზოგი ანალოგიურად განისაზღვრება: ეკონომიკის მთლიან
შემოსავლებს თუ გამოვაკლებთ იმ თანხას, რაც ეკონომიკაში მოხმარებაზე იხარჯება,
მივიღებთ მთლიან დანაზოგს. ეკონომიკის მთლიან შემოსავალს ჩვენ ვაკლებთ კერძო
მოხმარებასა და სახელმწიფო შესყიდვებს, რადგან დანახარჯების ეს ორი კომპონენტი ასახავს
კერძო და სახელმწიფო სექტორის ჯამურ დანახარჯებს საქონლისა და მომსახურების
შესყიდვებზე. ეროვნული დანაზოგი წარმოადგენს ქვეყანაში არსებული დანაზოგების ჯამს.

18
იგი განისაზღვრება, როგორც მთლიან შემოსავალს გამოკლებული კერძო მოხმარება და
სახელმწიფო შესყიდვები. ანუ:

ეროვნული დანაზოგი
= მთლიანი შემოსავალი − კერძო მოხმარება − სახელმწიფო შესყიდვები

თუ ეროვნულ დანაზოგს აღვნიშნავთ S სიმბოლოთი, მთლიან შემოსავალს Y-ით, კერძო


მოხმარებას C-ით და სახელმწიფო შესყიდვებს G-ით, მაშინ ეროვნული დანაზოგი შეგვიძლია
გამოვსახოთ, როგორც:

𝑆 =𝑌−𝐶−𝐺

ეს გახლავთ ეროვნული დანაზოგის ალგებრული განსაზღვრება.

18.1 ცხრილში მოცემული რიცხვების გამოყენებით აშშ-ის ეროვნული დანაზოგი 2015


წელს $2.534 ტრილიონ დოლარს შეადგენდა ($18.036-$12.283-$3.218).

ეროვნული დანაზოგის მთავარი კომპონენტია კერძო დანაზოგი. ეს გახლავთ ქვეყანაში


მცხოვრები ყველა ინდივიდის ჯამური დანაზოგი. ზოგი ადამიანი ბევრს ზოგავს, ზოგი
შედარებით ნაკლებს, ხოლო სხვებს შესაძლოა საერთოდაც უარყოფითი დანაზოგები
ჰქონდეთ. საშუალო ასაკის ადამიანებში, როგორც წესი შემოსავალი დანახარჯებზე მეტია.
ახალგაზრდების უმეტესობა კი ძალიან ცოტას ზოგავს, მათი დანაზოგი როგორც წესი
უარყოფითია თუ მათ სესხის აღების შესაძლებლობა აქვთ. კერძო დანაზოგები განისაზღვრება
შემდეგნაირად:

კერძო დანაზოგი = 𝑌 − 𝐶 − 𝑇

სადაც: T გადასახადებს აღნიშნავს.

მთლიანი ქვეყნის შემთხვევაში კერძო პირებთან ერთად უნდა განვიხილოთ მთავრობა და


მთავრობის დანაზოგი. რას გულისხმობს მთავრობის დანაზოგი? მთავრობის საგადასახადო
შემოსავლებსა და მის ხარჯებს შორის სხვაობას, ანუ ბიუჯეტის ბალანსს, მთავრობის
დანაზოგი ეწოდება. როდესაც ბალანსი დადებითია ვამბობთ, რომ მთავრობას ბიუჯეტის
პროფიციტი აქვს, ამ შემთხვევაში მთავრობის დანაზოგი დადებითია. ხოლო როდესაც
ბალანსი უარყოფითია, ვამბობთ რომ მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტი აქვს და ამ
შემთხვევაში მისი დანაზოგი უარყოფითია. ალგებრულად მთავრობის დანაზოგი
განისაზღვრება შემდეგნაირად:

მთავრობის დანაზოგი = 𝑇 − 𝐺

მთავრობისა და კერძო დანაზოგების დაჯამებით კი მივიღებთ:

კერძო დანაზოგი + მთავრობის დანაზოგი = (𝑌 − 𝐶 − 𝑇) + (𝑇 − 𝐺) = 𝑌 − 𝐶 − 𝐺


კერძო დანაზოგი + მთავრობის დანაზოგი = ეროვნული დანაზოგი

19
შეჯამება
• ეროვნული დანაზოგი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ცვლადია, რადგან იგი
გვიჩვენებს ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების სიდიდეს.
• ქვეყანას რომელსაც დიდი დანაზოგები აქვს, მეტი ინვესტიციების განხორციელება
შეუძლია. ხოლო ქვეყანას, რომელსაც მცირე დანაზოგები აქვს, დიდი ოდენობით
ინვესტიციების განსახორციელებლად საინვესტიციო სახსრების უცხო ქვეყნებისგან
მოზიდვა სჭირდება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს ამ
ქვეყნისთვის სესხის მიცემის ან/და ამ ქვეყანაში ინვესტირების სურვილი და
შესაძლებლობა უნდა გააჩნდეთ.
• ეროვნული დანაზოგი განისაზღვრება როგორც ეკონომიკის მთლიან შემოსავალს
გამოკლებული კერძო მოხმარება და სახელმწიფო შესყიდვები. ეროვნული დანაზოგი
წარმოადგენს მთავრობისა და კერძო დანაზოგების ჯამს.
• კერძო დანაზოგი განისაზღვრება როგორც მთლიან შემოსავალს გამოკლებული კერძო
მოხმარება და გადასახადები. მთავრობის დანაზოგი განისაზღვრება როგორც
მთავრობის საგადასახადო შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის სხვაობა, რაც ასევე
ცნობილია ბიუჯეტის ბალანსის სახელით.

3. რეალური მშპ-ის დათვლა


ეკონომისტებს აინტერესებთ თუ როგორ იცვლება ეკონომიკის მთლიანი წარმოება
დროთა განმავლობაში. მაგალითად, მათ შესაძლოა აინტერესებდეთ თუ რამდენად გაიზარდა
ინდოეთის ეკონომიკაში საქონლისა და მომსახურების წარმოება ბოლო 10 წლის
განმავლობაში და რამდენით აღემატება ან ჩამორჩება იგი ჩინეთის ეკონომიკის ზრდას.
ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულება, რომლის
საზომიცაა მშპ, დამოკიდებულია როგორც ამ საქონლისა და მომსახურების წარმოების
მოცულობაზე, ასევე მათ ფასებზე. ამგვარად, თუკი ეკონომიკაში ყველა საქონლისა და
მომსახურების ფასები გაიზრდება, მშპ-ც გაიზრდება; მიუხედავად იმისა, რომ წარმოების
სიდიდე შესაძლოა არ გაიზარდოს.

მაგალითად დავუშვათ, რომ ქვეყანაში ფასები ყველა პროდუქტზე ორჯერ იზრდება და


ამავდროულად წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა უცვლელი რჩება. იმის
მიუხედავად რომ წარმოება არ შეცვლილა, ფასების გაორმაგების გამო წარმოებული
პროდუქციის ღირებულება ორჯერ გაიზრდება. $10000 დოლარიანი მანქანის ფასი $20000
დოლარი, $10 დოლარიანი წიგნის ფასი კი $20 დოლარი გახდება, და ა. შ. ამგვარად მშპ-ც
გაორმაგდება. მაშასადამე ცხადია, რომ როდესაც ფასები იცვლება დროის სხვადასხვა
პერიოდში ეკონომიკის მთლიანი წარმოების სიდიდის შესადარებლად მშპ არ გამოგვადგება.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილ მაგალითში აღწერილი ფასების გაორმაგება
ექსტრემალური შემთხვევაა წინა ლექციიდან ჩვენ ვიცით, რომ დროთა განმავლობაში
ეკონომიკაში ფასების დონე საშუალოდ იზრდება; ამ ფენომენს ჩვენ ინფლაცია ვუწოდეთ.
ამგვარად, როდესაც ინფლაციას აქვს ადგილი, მშპ არასანდო ინდიკატორი ხდება დროთა
განმავლობაში წარმოების ცვლილებების შესაფასებლად.

20
3.1 მშპ-ის ინფლაციით კორექტირება
რეალური მშპ არის წარმოების საზომი, რომელზეც ინფლაცია გავლენას არ ახდენს.
იმისათვის, რომ მშპ და რეალური მშპ ერთმანეთისგან გავარჩიოთ, ჩვენ რასაც ზემოთ მშპ-ს
ვუწოდებდით, მას ამიერიდან ნომინალურ მშპ-ს ვუწოდებთ.

რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის დათვლა


იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ ითვლება რეალური მშპ, განვიხილოთ მაგალითი.
დავუშვათ ეკონომიკაში მხოლოდ წიგნი და ღვინო იწარმოება. ჩვენ გვინდა ერთმანეთს
შევადაროთ ამ პროდუქტების წარმოების სიდიდე 2014 და 2015 წლებში.

2014 2015
ფასი რაოდენობა ფასი რაოდენობა
წიგნი $15 1000 $20 1200
ღვინო $10 2000 $15 2200

ყურადღება მიაქციეთ, რომ 2014-დან 2015 წლამდე წიგნების წარმოება 20%-ით, ხოლო
ღვინის წარმოება 10%-ით გაიზარდა. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ წიგნის ფასი ღვინის
ფასზე მაღალია და ამავდროულად 2014-დან 2015 წლამდე ორივე მათგანი იზრდება.
ნომინალური მშპ წიგნებსა და ღვინოებზე დახარჯული დოლარების რაოდენობის ტლია. 2014
წელს ნომინალური მშპ იქნება $35000 დოლარის ტოლი, ხოლო 2015 წელს მასზე 63%-ით მეტი,
$57000 დოლარის ტოლი.

ნომინალური მშპ 2014 წელს = $15 ∗ 1000 + $10 ∗ 2000 = $35000


ნომინალური მშპ 2015 წელს = $20 ∗ 1200 + $15 ∗ 2200 = 57000
ცხადია, რომ ნომინალური მშპ წარმოების ცვლილების ცუდი საზომია. იგი გაცილებით
მაღალ, 63%-იან ზრდას გვიჩვენებს ვიდრე წიგნების (20%) ან ღვინის (10%) წარმოების ზრდაა
აღნიშნულ წლებში. მაშასადამე, ფასების ცვლილების უგულებელყოფას მცდარ შედეგებამდე
მივყავართ.

რეალური მშპ-ის დასათვლელად, ჩვენ წარმოების ღირებულება ორივე წელს


ერთიდაიგივე ფასებით უნდა დავითვალოთ. ეს ნიშნავს, რომ წარმოებული წიგნებისა და
ღვინის ღირებულება ერთიდაიგივე ფასებით უნდა შეფასდეს ყოველ წელს. მაგალითად,
თითოეული წლის წარმოების ღირებულება შეგვიძლია დავითვალოთ 2014 წლის ფასებით:

2014 წლის ფასებით დათვლილი წარმოების ღირებულება 2014 წელს


= $15 ∗ 1000 + $10 ∗ 2000 = $35000
2014 წლის ფასებით დათვლილი წარმოების ღირებულება 2015 წელს
= $15 ∗ 1200 + $10 ∗ 2200 = $40000

ერთიდაიგივე ფასების გამოყენებით დათვლისას ჩვენ ვხედავთ, რომ 2014-2015 წლებში


წარმოება $35000 დოლარიდან $40000 დოლარამდე, 14.3%-ით გაიზარდა.

21
ჩვენ ასევე შეგვეძლო დათვლის პროცესში 2015 წლის ფასები გამოგვეყენებინა. ამ
შემთხვევაში მივიღებდით:

2015 წლის ფასებით დათვლილი წარმოების ღირებულება 2014 წელს


= $20 ∗ 1000 + $15 ∗ 2000 = $50000
2015 წლის ფასებით დათვლილი წარმოების ღირებულება 2015 წელს
= $20 ∗ 1200 + $15 ∗ 2200 = $57000

ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიდაიგივე ფასების გამოყენებით დათვლისას 2014-2015


წლებში წარმოება 14%-ით გაიზარდა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ წარმოების პროცენტული ზრდა ერთმანეთისაგან


განსხვავდება (14.3% და 14%) იმის მიხედვით 2014 წლის ფასებს გამოვიყენებთ თუ 2015
წლისას. ასეთი განსხვავებები გარდაუვალია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ 2014 წლის ფასებით
დათვლილი წარმოების პროცენტული ცვლილება უფრო სწორია, ვიდრე 2015 წლის ფასებით
დათვლილი. ამის გამო ეკონომისტები წარმოების პროცენტული ცვლილების გასაზომად
უბრალოდ ამ ორი რიცხვის საშუალოს იღებენ. ასეთი მიდგომით ამ მაგალითში ჩვენ
მივიღებდით, რომ რეალური მშპ-ის ზრდა 2014-დან 2015 წლამდე 14.15%-ის ტოლია.
14.15%=(14%+14.3%)/2.

რეალური მშპ-ის 14.15%-იანი რდა გაცილებით ნაკლებია ნომინალური მშპ-ის 63%-იან


ზრდაზე და ამავდროულად იგი გაცილებით ახლოსაა წიგნების წარმოებისა (20%) და ღვინის
წარმოების ზრდასთან (10%). ფასების ცვლილების ამგვარი კორექტირებით რეალური მშპ
გაცილებით უკეთეს სურათს გვაძლევს ეკონომიკაში წარმოების ცვლილებების შესახებ.

ეს მაგალითი ასევე გვიჩვენებს თუ როგორ გამოითვლება რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი


წლიდან წლამდე, ორი საქონლის შემთხვევაში. იგივე მიდგომა გამოიყენება მრავალი
საქონლისა და ორზე მეტი დროის პერიოდის შემთხვევაშიც. მშპ-ის მნიშვნელობის მის წლიურ
ზრდის ტემპზე გამრავლებით ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ მომავალი წლის მშპ. თავის
მხრივ, მომავალი წლის მშპ-ის მნიშვნელობას თუ გავამრავლებთ მომავალი წლის ზრდის
ტემპზე, მივიღებთ შემდეგი წლის მშპ-ს და ა. შ. მაგალითად, თუ 2018 წელს საქართველოს მშპ
45 მილიარდი ლარის ტოლი იქნებოდა და წლიურად იგი 10%-ით გაიზრდებოდა, მაშინ 2019
წელს საქართველოს მშპ: 45*(1+10%)=49.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. თავის მხრივ 2019 წელს
მშპ-ის ზრდის ტემპი 20% თუ იქნებოდა, ამ შემთხვევაში 2020 წლის მშპ:
49.5*(1+20%)=45*(1+10%)*(1+20%)=59.4 მილიარდი ლარი იქნებოდა.

22
ნახაზი 18.7 რეალური და ნომინალური მშპ
ფასების ზრდის გამო რეალური მშპ უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე ნომინალური მშპ.
ნახაზზე აშშ-ის მაგალითზე ნაჩვენებია, რომ საბაზისო წელს (ამ შემთხვევაში 2009 წელს)
ნომინალური და რეალური მშპ ერთმანეთის ტოლია. როგორც ხედავთ 2009 წლამდე
ნომინალური მშპ ნაკლებია რეალურ მშპ-ზე, რადგან წინა წლებში 2009 წელთან შედარებით
ფასების დონე დაბალი იყო. 2009 წლის შემდეგ კი რადგან ფასების დონე უფრო მაღალია,
ნომინალური მშპ აჭარბებს რეალურ მშპ-ს.

რეალური მშპ
მილიარდი დოლარი

2009 წლის
ფასებში
საბაზისო წელს

რეალური მშპ=ნომინალური მშპ

ნომინალური მშპ

3.2 მშპ დეფლატორი


ინფლაციის გამო ნომინალური მშპ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რეალური. რაც
მეტია განსხვავება მშპ-ის რეალურ და ნომინალურ ზრდის ტემპებს შორის, მით მაღალია
ქვეყანაში ინფლაცია. დეფლაციის შემთხვევაში, როდესაც ფასები მცირდება, ნომინალური
მშპ-ის ზრდის ტემპი ნაკლები იქნება რეალური მშპ-ის ზრდის ტემპზე. რეალური მშპ-ის
დათვლის პროცესში ჩვენ შეგვიძლია ინფლაციის ტემპის დათვლაც.

უფრო ზუსტად, ნომინალური მშპ-ის რეალურ მშპ-ზე გაყოფით ჩვენ მივიღებთ მშპ
დეფლატორს. იგი ფასების დონის საზომია და გვიჩვენებს მშპ-ში შემავალი პროდუქტების
ფასების საერთო დონეს.

23
ნომინალური მშპ
მშპ დეფლატორი =
რეალური მშპ
მშპ დეფლატორის მნიშვნელობა საბაზისო წელს 1-ის ტოლია. (ზოგჯერ დეფლატორის
მნიშვნელობას 100-ზე ამრავლებენ, ამ შემთხვევაში საბაზისო წლის მშპ დეფლატორი 100-ის
ტოლი იქნება).

ალტერნატიულად, თუ ჩვენ ვიცით დეფლატორის მნიშვნელობა, მისი გამოყენებით


შეგვიძლია ნომინალური მშპ-საგან რეალური მშპ-ის მიღება. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება
ტერმინ „დეფლატორის“ წარმოშობა.
ნომინალური მშპ
რეალური მშპ =
მშპ დეფლატორი
მშპ დეფლატორის პროცენტული ცვლილება გვიჩვენებს ინფლაციის ტემპს.

3.3 ინფლაციის ალტერნატიული საზომები


მშპ დეფლატორის პროცენტული ცვლილება ინფლაციის ყველაზე გავრცელებული
საზომი არ გახლავთ. ინფლაციის გასაზომად ყველაზე ხშირად სამომხმარებლო ფასების
ინდექსი (Consumer Price Index - CPI) გამოიყენება. თავის მხრივ სამომხმარებლო ფასების
ინდექსის დასათვლელად სამომხმარებლო კალათის გამოყენება ხდება, რომელიც ტიპიური
მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფიქსირებული ნაკრებისაგან
შედგება. რომელიმე წლის ფასებით დათვლილ სამომხმარებლო კალათის ღირებულებას თუ
გავყოფთ საბაზისო წლის ფასებით დათვლილ კალათის ღირებულებაზე, მივიღებთ ამ წლის
სამომხმარებლო ფასების ინდექსს. მაგალითად (ზემოთ განხილულ მაგალითში მოცემულ
რიცხვებს ვიყენებთ) თუკი სამომხმარებლო კალათა ერთი წიგნისა და ორი ბოთლი ღვინისაგან
შედგება, მაშინ სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2015 წელს 2014 წელთან შედარებით იქნება:

$20 ∗ 1 + $15 ∗ 2 $50


= = 1.43
$15 ∗ 1 + $10 ∗ 2 $35
CPI-ის პროცენტული ცვლილება არის ინფლაცია. იგი გვიჩვენებს თუ რამდენად სწრაფად
იზრდება ფასები სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე. რა განსხვავებაა მშპ
დეფლატორით დათვლილ ინფლაციასა და სამომხმარებლო ფასების ინდექსით დათვლილ
ინფლაციას შორის? პირველი განსხვავება ის გახლავთ, რომ მშპ დეფლატორი ქვეყანაში
წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების დონეს ზომავს. იგი ითვალისწინებს ისეთ
პროდუქტებს, რომელთა ფასების ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა ყოველდღიურ
ცხოვრებაზე; ასეთია მაგალითად რძის ფასი, ფორთოხლის წვენის ფასი, თვითმფრინავის
ბილეთის ფასი და ა. შ. თუმცა მშპ დეფლატორი ასევე ითვალისწინებს ისეთ პროდუქტებსაც,
რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურობაში არ ყიდულობენ და შესაბამისად მათი ფასების
ცვლილებას არანაირი გავლენა არ აქვს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე; ამის
მაგალითია მძიმე ტექნიკის ფასი, სატვირთო ავტომანქანების ფასი და ა. შ. იმ პროდუქტების
ფასების დონის გასაზომად, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ,
დეფლატორის ნაცვლად უმჯობესია გამოვიყენოთ CPI.

24
მეორე განსხვავება ისაა, რომ CPI საქონლისა და მომსახურების ფიქსირებული ნაკრების
ფასებს ზომავს, ხოლო მშპ დეფლატორი - ქვეყანაში წარმოებული ყველა საქონლისა და
მომსახურების ფასებს; ქვეყანაში წარმოებული საქონელი და მომსახურება ფიქსირებული არ
არის, ყოველწლიურად იცვლება. იმის გამო, რომ CPI-ით ინფლაციის დათვლისას
პროდუქციის ფიქსირებული ნაკრების ფასები გამოიყენება, ეკონომისტები ფიქრობენ რომ CPI
გადაჭარბებით ზომავს ინფლაციას. როდესაც პროდუქტის ფასი იზრდება, მასზე მოთხოვნის
რაოდენობა უნდა შემცირდეს; ხოლო როდესაც ფასი მცირდება, მოთხოვნის რაოდენობა უნდა
გაიზარდოს. CPI არ ითვალისწინებს რაოდენობების ცვლილებას და შედეგად ინფლაციის
დათვლისას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ პროდუქტებს, რომელთა ფასებიც იზრდება
და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მათ, რომელთა ფასებიც მცირდება. შედეგად ინფლაციის
შეფასება გადაჭარბებით ხდება; სხვა სიტყვებით რომ ვთავათ, იმ დაშვებით, რომ ადამიანები
ფასების ზრდისას ან შემცირებისას იმავე რაოდენობის პროდუქტებს ყიდულობენ რასაც
მანამდე, CPI ფასების იმაზე მეტად ზრდას გვიჩვენებს, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ზოგიერთი
ქვეყნის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებს ინფლაციის მიხედვით აკორექტირებს იმისათვის,
რომ ამ ხარჯების რეალური სიდიდე სასურველ დონეზე შეინარჩუნოს. 1990-იან წლებში, აშშ-
ის სენატის მიერ შერჩეულმა ეკონომისტთა გუნდმა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ
მაიკლ ბოსკინის ხელმძღვანელობით გამოიკვლია და დაადგინა, რომ აშშ-ის მთავრობის
ხარჯების CPI-ზე დაყრდნობით კორექტირება შედეგად ხარჯების გაცილებით მეტად ზრდას
იწვევდა, ვიდრე ეს სინამდვილეში, ინფლაციის ზუსტად დათვლის პირობებში უნდა
მომხდარიყო. ამგვარად, ეკონომიკური სტატისტიკის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა
აქვს.

მესამე განსხვავება CPI-სა და მშპ დეფლატორს შორის გახლავთ ის, რომ სამომხმარებლო
კალათაში შესაძლოა შედიოდეს საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქტები, მაშინ როდესაც
მშპ დეფლატორი ფასების დონეს მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით წარმოებულ საქონელსა
და მომსახურებაზე ზომავს. იმ ქვეყნებში სადაც იმპორტირებულ საქონელს ადგილობრივი
ჩამნაცვლებლები არ გააჩნია CPI გაცილებით უკეთ ასახავს ფასების ზრდით გამოწვეულ
სირთულეებს.

18.8 ნახაზზე მოცემულია CPI-ით და მშპ დეფლატორით დათვლილი ინფლაცია აშშ-ში,


წლების მიხედვით. ამ ორი საზომით შეფასებულ ინფლაციას ზოგადი ტენდენცია
ერთიდაიგივე აქვს, თუმცა CPI-ით დათვლილი ინფლაცია უფრო მეტად მერყევია. თითოეულ
მათგანს ერთმანეთთან შედარებით თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს. თქვენ ამ
მაჩვენებლებს ისე უნდა შეხედოთ, როგორც ინფლაციისა და ფასების დონის ალტერნატიულ
საზომებს.

ფასების დონისა და ინფლაციის კიდევ ერთი საზომია მწარმოებლის ფასების ინდექსი


(Producer Price Index – PPI). იგი გვიჩვენებს წარმოების პროცესში გამოყენებული შუალედური
საქონლის, ნედლეულის, მასალებისა და გასაყიდად გამოტანილი საბოლოო საქონლის
ფასების ცვლილებებს. ზოგიერთი ნედლეულის ფასების დინამიკას, როგორიცაა მაგალითად
ნავთობი, ეკონომისტები დიდი ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მათი ცვლილება
ინფლაციის ზრდის წინასწარ ნიშნებს იძლევა.

25
ნახაზი 18.8 ინფლაციის განსხვავებული საზომების შედარება

CPI-ით და მშპ დეფლატორით დათვლილი ინფლაცია გვიჩვენებს, რომ 1960-იან და 1970-იან


წლებში აშშ-ში ფასების საერთო დონე სწრაფად იზრდებოდა. ხოლო 1980-იან და 1990-იან
წლებში ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი შენელდა. როგორც ნახაზზე ხედავთ აშშ-ში
CPI-ით დათვლილი ინფლაცია უფრო მეტად მერყევია.

CPI-ით
დათვლილი
ინფლაცია
ინფლაციის ტემპი (%)

........

მშპ დეფლატორით
დათვლილი
ინფლაცია

შეჯამება
• ნომინალური მშპ შეიძლება წარმოებული პროდუქციის რაოდენობისა და ამ
პროდუქტების ფასების ცვლილების შედეგად შეიცვალოს. შედეგად, ნომინალური მშპ-
ის ცვლილება წარმოების ცვლილების კარგი საზომი არ არის.
• ეკონომიკის მთლიანი წარმოების დინამიკაზე დაკვირვებისთვის ეკონომისტები
ითვლიან რეალურ მშპ-ს. რეალური მშპ ნომინალური მშპ-ის ინფლაციით
კორექტირებას ახდენს; იგი წარმოებული პროდუქტების ღირებულებას ითვლის
საბაზისო ფასებით.
• მშპ დეფლატორი ეკონომიკაში ფასების დონეს ზომავს. იგი განისაზღვრება როგორც
ნომინალური მშპ-ის ფარდობა რეალურ მშპ-სთან. წლიდან წლამდე მშპ დეფლატორის
პროცენტული ცვლილება ინფლაციის ტემპს ზომავს.
• ეკონომიკაში ფასების დონის ყველაზე გავრცელებული საზომია სამომხმარებლო
ფასების ინდექსი (CPI). სამომხმარებლო კალათის ღირებულება მოცემულ წელს,

26
შეფარდებული ამავე კალათის საბაზისო წლის ღირებულებასთან გვაძლევს CPI-ს.
წლიდან წლამდე CPI-ის პროცენტული ცვლილება ინფლაციის ყველაზე
გავრცელებული საზომია.
• CPI-სა და მშპ დეფლატორს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს.
თითოეულ ამ მაჩვენებელს ერთმანეთთან შედარებით თავისი ძლიერი და სუსტი
მხარეები გააჩნია. თქვენ ამ მაჩვენებლებს ისე უნდა შეხედოთ, როგორც ინფლაციისა და
ფასების საერთო დონის ალტერნატიულ საზომებს.

4. მშპ-ის ნაკლოვანებები
მიუხედავად იმისა, რომ მშპ არსებულთაგან წარმოების საუკეთესო საზომია, იგი
სრულყოფილი არ არის. იმისათვის, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ სწორი
დასკვნების გაკეთება შეძლოთ, აუცილებელია გესმოდეთ მისი ნაკლოვანებები და
შეზღუდვები. მშპ-ს სამი ძირითადი ნაკლოვანება აქვს: (1) ხელმეორედ გადათვლის შემდეგ
იგი შეიძლება შეიცვალოს; (2) ზოგიერთი პროდუქტის წარმოება მასში არ აისახება; და (3)
საქონლისა და მომსახურების წარმოება ადამიანთა ცხოვრების დონეს სრულყოფილად არ
ასახავს. თუკი ერთ ქვეყანას მეორეზე მაღალი მშპ აქვს, ეს არ ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში
ცხოვრების დონე აუცილებლად მეორეზე უკეთესია.

4.1 მშპ-ის ხელმეორედ გადათვლა


სტატისტიკოსები მშპ-ის შესახებ მონაცემებს ფირმების გამოკითხვებითა და მათ მიერ
გადახდილი გადასახადების სიდიდეზე დაკვირვებით აგროვებენ. ამ მონაცემების შეგროვებას
დრო სჭირდება. მაღაზიებში პროდუქციის გაყიდვების შესახებ მონაცემების შეგროვებისთვის
დაახლოებით ერთი თვეა საჭირო, თუმცა ექსპორტისა და იმპორტის შესახებ მონაცემების
შეგროვებას რამდენიმე თვე სჭირდება. გადახდილი გადასახადების შესახებ ზოგიერთი
მონაცემები მხოლოდ წელიწადში ერთხელაა ხელმისაწვდომი. პატარა ფირმების შესახებ
მონაცემების შეგროვებას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება.

ამ ყველაფრის გამო სტატისტიკოსები ხშირად მშპ-ს ხელმეორედ ითვლიან. შედეგად, მათ


ვინც ანალიზის პროცესში მშპ-ის შესახებ თავდაპირველი მონაცემები გამოიყენეს, შესაძლოა
მცდარი დასკვნები ჰქონდეთ. მშპ-ის ხელმეორედ გადათვლა გარდაუვალია და ეს ყველა
ქვეყანაში ხდება. გადათვლის შემდეგ შეტანილი შესწორებები საკმაოდ დიდი შეიძლება
აღმოჩნდეს. მაგალითად, აშშ-ში 2006 წლის იანვარში წინა წლის ბოლო კვარტლის მშპ $12.735
ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული. 2006 წლის მარტში კი, საბოლოო შესწორების შემდეგ
ეს რიცხვი $12.766 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. განსხვავება დაახლოებით $30
მილიარდი დოლარია.

4.2 გამოტოვებები
ზემოთ უკვე ვახსენეთ თუ როგორ ითვლიან სტატისტიკოსები მშპ-ს. გასაკვირი არ უნდა
იყოს ის ფაქტი, რომ არაფორმალურ ბაზარზე გატანილი პროდუქციის ღირებულების გაზომვა
და მისი მშპ-ში გათვალისწინება სტატისტიკოსებისათვის ძალიან რთულია. არაფორმალური
ბაზრის მაგალითია ადამიანთა მიერ საკუთარი მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოება,
რომელთა ბაზარზე გასაყიდად გატანა საერთოდ არ ხდება. არაფორმალური ბაზრის

27
მაგალითია ასევე არალეგალური ვაჭრობა. მშპ-ის დათვლასთან დაკავშირებული კიდევ ერთი
სირთულე დაკავშირებულია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან, რომლის
გათვალისწინებაც არ ხდება. ორივე ამ პრობლემას ჩვენ დეტალურად განვიხილავთ.

მრავალი ადამიანი სახლში აწარმოებს საქონელსა და მომსახურებას. სადილის


მომზადება, ავტომობილის ზეთის შეცვლა, გაზონის გაკრეჭა და სხვა მსგავსი აქტივობები
ხშირ შემთხვევაში ბაზარზე არ იყიდება და სტატისტიკოსები მას ვერ აღრიცხავენ, შესაბამისად
ეს აქტივობები მშპ-ში არ შედის. თუმცა, ეს აქტივობები მშპ-ში შევიდოდა იმ შემთხვევაში თუ
ადამიანები ამ საქმეების გასაკეთებლად ვინმეს დაიქირავებდნენ. ამგვარად, თუ თქვენი
მშობლები პატარა ძმას მოსავლელად დაგიტოვებენ და თავად სამსახურში წავლენ, თქვენი
შრომა მშპ-ში არ აისახება; მაგრამ თუკი ისინი თქვენს პატარა ძმას საბავშვო ბაღში დატოვებენ,
რაშიც თანხის გადახდა მოუწევთ, მაშინ ბავშვის მოვლა მშპ-ში აისახება. ზოგიერთი აქტივობა,
რომელსაც ადამიანები სახლიდან ახორციელებენ მშპ-ში შედის. მაგალითად, თუ თქვენ
ონლაინ გაყიდვებით ხართ დაკავებული, გაყიდვების განხორციელებისას კი გადასახადებს
იხდით, მაშინ დიდი ალბათობით თქვენი საქმიანობა მშპ-ში აისახება.

შემოსავლების ზრდასთან ერთად თქვენ უფრო ხშირად წახვალთ ზღვაზე დასასვენებლად


და უფრო ხშირად წახვალთ ლაშქრობებში. თუ ყველა ადამიანი ყოველ პარასკევს შვებულებას
აიღებს და დაისვენებს, მშპ შემცირდება, მაგრამ ადამიანების კეთილდღეობა ამით შესაძლოა
გაიზარდოს. არდადეგები და დასვენება მშპ-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში აისახება, თუ
ადამიანები მას ბაზარზე ყიდულობენ.

წარმოების დიდი ნაწილი მშპ-ში იმის გამო არ აისახება, რომ იგი მთავრობისგან
მალულად ხდება. ისეთი არალეგალური ქმედებები, როგორიცაა მაგალითად ნარკოტიკების
წარმოება მშპ-ში არ აისახება, რადგან არავის სურს ამ საქმიანობის შესახებ საჯაროდ
განაცხადოს. ადამიანები გადასახადების თავიდან არიდების მიზნით ხშირად მთავრობისგან
მალულად ახორციელებენ საქმიანობას. ასეთი აქტივობები მშპ-ში არ აისახება.

ყველა იმ პროდუქტს ჯამში, რომელიც მშპ-ში არ აისახება, ზოგჯერ იატაკქვეშა


ეკონომიკას უწოდებენ. იატაკქვეშა ეკონომიკის ზომა აშშ-ში ზოგიერთი შეფასებით მშპ-ის
10%-ს შეადგენს, იტალიაში მშპ-ის 25%-ს, ხოლო პერუში მშპ-ის 40%-ია.

იატაკქვეშა ეკონომიკის არსებობის გამო მშპ არც ისე სრულყოფილად ასახავს მთლიან
წარმოებას და ეს უნდა გახსოვდეთ. თუმცა იატაკქვეშა ეკონომიკის გამო მშპ უსარგებლო
სულაც არ ხდება. სავარაუდოა, რომ იატაკქვეშა ეკონომიკა დაახლოებით ისეთივე ტემპით
იზრდება, როგორც დანარჩენი ეკონომიკა. ზოგიერთი კანონის შემოღებამ შესაძლოა
გაზარდოს იატაკქვეშა წარმოების სტიმულები. თუმცა ასეთი კანონების შემოღებას
სავარაუდოდ მშპ-ის ზრდის ტემპზე უმნიშვნელო გავლენა ექნება.

მშპ ზოგჯერ არ ითვალისწინებს საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.


მაგალითად, 2015 წელს $1000 დოლარის ღირებულების მქონე კომპიუტერს შესაძლოა
გაცილებით მაღალი ხარისხი ჰქონდეს იმ კომპიუტერთან შედარებით, რომელიც 2010 წელს
$2000 დოლარი ღირდა. ამგვარად, დროთა განმავლობაში არამხოლოდ კომპიუტერის ფასები
იცვლება, არამედ მისი ხარისხიც; ამის გათვალისწინებითაც ფასების ცვლილება კიდევ უფრო

28
დიდი იქნებოდა. განვითარებულ ქვეყნებში სტატისტიკოსები სხვადასხვა მეთოდებით
ცდილობენ მშპ-ის დათვლისას ხარისხის ცვლილებების გათვალისწინებას. თუმცა ასეთი
მეთოდები როგორც წესი სრულყოფილი არ არის.

4.3 კეთილდღეობის სხვა საზომები


იმ შემთხვევაშიც კი თუ მშპ-ში იატაკქვეშა ეკონომიკას მთლიანად გავითვალისწინებდით
და ხარისხის ცვლილებებსაც ავსახავდით, იგი კეთილდღეობის ერთადერთი საზომი მაინც არ
იქნებოდა. ადამიანთა კეთილდღეობას მრავალ სხვა ასპექტი გააჩნია, მაგალითად სიცოცხლის
ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა, სუფთა გარემო, ნაკლები ომები და ბავშვთა
სიკვდილიანობა და ა. შ. წარმოების სიდიდე გავლენას ახდენს ამ ასპექტებზეც, და პირიქით,
კეთილდღეობის აღნიშნული ასპექტებიც ახდენენ გავლენას წარმოებაზე, თუმცა ეკონომიკის
მთლიანი წარმოება მათი საზომი არ გახლავთ.

განვიხილოთ თუ როგორ შეიცვალა კეთილდღეობის სხვა საზომები ერთ სულ მოსახლეზე


მშპ-ის ზრდასთან ერთად. 1950-იანი წლებიდან 2004 წლამდე აშშ-ში სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა 69 წლიდან 78 წლამდე გაიზარდა. ამ პერიოდში ასევე შემცირდა ბავშვთა
სიკვდილიანობა. კეთილდღეობის სხვა მნიშვნელოვანი საზომები ერთ სულ მოსახლეზე მშპ-
ის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა.

თუმცა გასაუმჯობესებელი კვლავ ბევრი რჩება. დროთა განმავლობაში გაზრდილია


ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, გულის დაავადებების
შემთხვევები, სუიციდის შემთხვევები, მკვლელობების რიცხვი და ა. შ. ასევე გაზრდილია
ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობს. ამგვარად, ერთ სულ მოსახლეზე
რეალური მშპ-ის ზრდის პარალელურად კეთილდღეობის ზოგიერთი სხვა საზომი
უმჯობესდება, ზოგი კი უარესდება.

სუფთა და დაცული გარემო ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.


თუმცა მშპ თავისთავად არაფერს გვეუბნება იმის შესახებ თუ როგორ იცვლება დროთა
განმავლობაში გარემოს დაბინძურების დონე. ფირმა შესაძლოა წარმოების პროცესში გარემოს
აბინძურებდეს, თუმცა მშპ-ში მხოლოდ ამ ფირმის მიერ წარმოებული პროდუქტების
ღირებულება აისახება; გარემოს ზიანის ასახვა მასში არ ხდება.

შეჯამება
• ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ კეთილდღეობის სრულყოფილი საზომი არ არის.
იგი არ ითვალისწინებს იატაკქვეშა წარმოებასა და პროდუქციის ხარისხის
ცვლილებებს.
• ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ცვლილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს
კეთილდღეობის სხვა საზომებზე, როგორიცაა მაგალითად სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა და გარემოს დაბინძურება. თუმცა რეალური მშპ კეთილდღეობის ამ
საზომებისგან არსობრივად განსხვავებული მაჩვენებელია.

29
შეჯამება
ამ თავში ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ ზომავენ სტატისტიკოსები ეკონომიკას და როგორ
ითვლიან მშპ-ს. ჩვენ გავიგეთ, რომ შემოსავლები, დანახარჯები და წარმოება მთლიან
ეკონომიკაში ერთმანეთის ტოლია. ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ სხვადასხვა წლების მშპ-ის
შედარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მის კორექტირებას შესაბამისი წლების
ფასების დონის მიხედვით მოვახდენთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეკონომიკის მთლიანი შემოსავლები (ისევე როგორც


მთლიანი დანახარჯები და წარმოება) ადამიანთა კეთილდღეობის შესახებ მნიშვნელოვან
ინფორმაციას გვაწვდის, თუმცა იგი ყველაფერს არ ასახავს. ეკონომიკის ფილოსოფოსი ჯონ
სტიუარტ მილი 1848 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „პოლიტეკონომიის საფუძვლები“ წერს:
„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ერთია იყო მდიდარი, და სულ სხვაა იყო
განათლებული, მამაცი და ჰუმანური. ... თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული
და ერთმანეთის პარალელურად იცვლება“.

30

You might also like