You are on page 1of 10

შესავალი: ქვეყნების წარმოების, შემოსავლების და დანახარჯების გაზომვა 

წინა ლექციაზე, ჩვენ ვისაუბრეთ დანახარჯების მეთოდზე, როგორც მშპ-ს ერთ-ერთ საზომზე. ახლა
წარმოგიდგენთ ეკონომიკის გასაზომ ორ ახალ მეთოდს, რომლისთვისაც გამოვიყენებთ შემოსავალს
და წარმოებას. ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ორი საზომიც მიგვიყვანს მშპ-ს ზუსტად იგივე დონემდე,
რომელთანაც მიგვიყვანა დანახარჯების მეთოდმა. დანახარჯების და შემოსავლების მეთოდების
შედარება დაგვანახებს მჭიდრო დამოკიდებულებას დანაზოგებს, წმინდა ექსპორტსა და ინვესტიციებს
შორის.

და ბოლოს, ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას რეალური მშპ-ს გაზომვაზე, რომელიც არის


ნომინალური მშპ დაკორექტირებული ფასების ცვლილებით და შემდეგ, განვმარტავთ ფასების დონის
ცვლილებას კონკრეტულ დროის მონაკვეთში, იგივე ინფლაციას.

საკვანძო საკითხები: ეროვნული შემოსავლის შემადგენელი ელემენტები და 
პროდუქციის აღრიცხვა 
წინა ლექციაზე ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკის ზომის, იგივე მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება
შესაძლებელია დანახარჯების მეთოდით. ჩვენ დავაჯამეთ მოხმარება (C), ინვესტიციები (I), წმინდა
ექსპორტი (X) და სამთავრობო დანახარჯები (G) იმისთვის, რომ გამოგვეთვალა მთლიანი
დანახარჯები და ამრიგად, გაგვეზომა მთლიანი წარმოება ეკონომიკაში.

ამ ლექციაზე ჩვენ განვიხილავთ დამატებით ორ გზას ეკონომიკის გასაზომად - შემოსავლების და


წარმოების მეთოდებს. ეს ორი მეთოდი არამარტო ახალ ხედვებს გვთავაზობს, არამედ, ასევე გვაძლევს
საშუალებას შევამოწმოთ რამდენად მუშაობს დანახარჯების მეთოდი.

მშპ-ს შემოსავლების და დანახარჯების მეთოდებით გაანგარიშება დამატებით შესაძლებლობას


გვაძლევს შევიმუშავოთ ეროვნული დანაზოგის საზომი.

შემოსავლის მეთოდი
იმისათვის, რომ გავაანალიზოთ შემოსავლების მეთოდის სპეციფიკა, ზემოთ მოცემულ ცხრილში,
შევხედოთ შემოსავლის შემადგენელ ყველა კომპონენტს. ისინი აღწერენ აგრეგირებულ შემოსავალსა და
მთლიან შიდა პროდუქტს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის (2010 წლის მონაცემები).
თავდაპირველად, ჩვენ აღვწერთ ყველა ამ კომპონენტს და შემდეგ ვაჩვენებთ, რომ მათი შეკრებით
მივიღებთ მშპ-ს.

მუშახელის შემოსავალი 
ეკონომისტები მუშახელის შემოსავალში აერთიანებენ როგორც მათ ხელფასს, ასევე დამატებით
შეღავათებსა და ბენეფიტებს, რასაც დაქირავებულები იღებენ თავიანთი მუშაობის სანაცვლოდ
დამატებითი შეღავათებსა და ბენეფიტებში იგულისხმება საპენსიო შენატანები, ჯანმრთელობის
დაზღვევა და სხვა.

შემოსავალი კაპიტალიდან
ეკონომისტები კაპიტალიდან შემოსავალში გულისხმობენ მოგებას, ქირის გადასახადს და მიღებულ
საპროცენტო სარგებელს. მოგება მიიღება როგორც პატარა, ისე დიდი ფირმებისგან. ქირის გადასახადი
წარმოადგენს შემოსავალს ინდივიდებისთვის, რომლებიც ფლობენ შენობებს და აქირავებენ მათ.
საპროცენტო გადასახდელი წარმოადგენს შემოსავალს, რასაც ინდივიდები ღებულობენ თანხის
გასესხებით.

ცვეთა
ცვეთა ამცირებს აქტივების ღირებულებას დროთა განმავლობაში. კაპიტალისთვის ეს არის ის
ღირებულება, რომელსაც ქარხნები და მანქანა-დანადგარები, დაძველების გამო, კარგავენ ყოველ წელს.
მშპ-ში შემავალი ინვესტიციების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი, ყოველ წელს მიმართულია
მწყობრიდან გამოსული მანქანა-დანადგარების ახლით ჩანაცვლებაზე. ბიზნესს სჭირდება გაცვეთილი
აღჭურვილობის ჩანაცვლება და შესაბამისად, ახალ აღჭურვილობებში ინვესტიციების
განხორციელება, რათა შეინარჩუნოს საწარმოო შესაძლებლობა - ქარხნებისა და მანქანების შესაბამისი
რაოდენობა რომლებსაც გამოიყენებს წარმოებისთვის.

როდესაც ფირმები მოგებას და კაპიტალიდან შემოსავალს აწვდიან სახელმწიფო სტატისტიკის


სამსახურს, მათ ცვეთა უკვე გამოკლებული აქვთ. ამასთან, ძველი აღჭურვილობა ჩანაცვლებულია
ახლით, რომელიც ვინმეს მიერ არის წარმოებული. შესაბამისად, როდესაც გვინდა მშპ-ს შემოსავლის
მეთოდით დათვლა, ცვეთა ჩვენ უკან უნდა დავუმატოთ.
გადასახადები, სუბსიდიები და  ტრანსფერები
როდესაც გამოვსახავთ წარმოებას მომხმარებლების შემოსავლის და ფირმების მოგების დაჯამებით,
ფირმის მოგებაში არ შედის მოგების გადასახადი. ამგვარად, კაპიტალიდან მიღებული შემოსავალი არ
მოიცავს მოგების გადასახადს, რომელსაც ბიზნესები უხდიან მთავრობას. მაგრამ, ეს გადასახადები
წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს. ეს
შემოსავალი მიდის მთავრობისკენ. ამიტომაც, ჩვენ სახელმწიფო გადასახადები უნდა დავამატოთ
კაპიტალის და მუშახელის შემოსავალს.  

ანალოგიურად, მთავრობის მიერ ფირმებისთვის გაცემული სუბსიდიები შედის მათ შემოსავალში და


შესაბამისად, მოგებაში, მაგრამ არ წარმოადგენს მშპ-ს წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს.
აუცილებელია ჩვენ ეს სუბსიდიები გამოვაკლოთ.

ჩვენი გათვლები ასევე უნდა დავაკორექტიროთ ტრანსფერებით, რაც წარმოადგენს თანხების


გადანაწილებას მხარეებს შორის, მაგრამ თავის თავში არ გულისხმობს საქონლის და მომსახურების
გაცვლას (მაგალითად, კორპორაციის მიერ მუზეუმისთვის გაწეულის ქველმოქმედება), რადგან ეს არ
წარმოადგენს შემოსავალს, რომელიც მიღებულია მშპ-ს წარმოებიდან. ტრანსფერები და სუბსიდიები,
გადასახადებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირე ზომისაა.

უცხოელების წმინდა შემოსავალი
მშპ-ს ნაწილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებენ უცხოელები. თუმცა, მათი შემოსავალი არ
არის გათვალისწინებული არც მუშახელის შემოსავალში და არც კაპიტალიდან მიღებულ
შემოსავალში. მაგრამ, ეს შემოსავალი წარმოადგენს საფასურს აშშ-ში გაწეული მომსახურებისთვის და
შესაბამისად, წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს ნაწილს. ჩვენ უნდა დავამატოთ
ასეთი შემოსავლის გადახდა უცხოელებისთვის აშშ-ს წარმოებაში, რადგან მათი ნაწარმოები
მომსახურება წარმოადგენს აშშ-ს მშპ-ს ნაწილს.  
უფრო მეტიც, ზოგიერთი ამერიკელი საკუთარი მუშაობის სანაცვლოდ ან კაპიტალიდან შემოსავალს
გამოიმუშავებს სხვა ქვეყანაში, იქაური მშპ-ს წარმოებაში წვლილის შეტანით. შესაბამისად, რომ
გავზომოთ აშშ-ში მშპ-ს წარმოებიდან მიღებული შემოსავალი, ჩვენ უნდა გამოვაკლოთ მსგავსი
შემოსავლები.
სხვაობას, უცხოელების მიერ აშშ-ში გამომუშავებულ შემოსავალსა და ამერიკელების მიერ უცხოეთში
მიღებული შემოსავალს შორის, ეწოდება უცხოელების წმინდა შემოსავალი.
რომ შევაჯამოთ: ზემოთ აღწერილი ორივე ეფექტის გათვალისწინებით, მივიღებთ, რომ მშპ-ს
შემოსავლების მეთოდით დაანგარიშებისას ჩვენ ვამატებთ უცხოელების წმინდა შემოსავალს.
სტატისტიკური ცდომილება
ზედა ცხრილი გვიჩვენებს ხუთივე ეფექტის ჯამს. ჯამი არის დანახარჯების მეთოდით დათვლილ მშპ-
ს მაჩვენებელთან ახლოს, თუმცა არ არის ზუსტად ამ რიცხვის ტოლი. ცდომილება ასახავს შეცდომებს,
რომლებიც დაშვებულია მონაცემების შეგროვების დროს, შემოსავლის ან დანახარჯების დათვლისას.
ამ ცდომილებას აქვს ოფიციალური სახელი: სტატისტიკური ცდომილება. ეს ცდომილება,
პროცენტებში გამოსახული, მშპ-ს 1 პროცენტზე ნაკლებია და არის ძალიან მცირე იმის
გათვალისწინებით, რომ მონაცემები შემოსავლებზე და დანახარჯებზე მოპოვებულია სრულიად
განსხვავებული გზებით.  

თუ ჩვენ უკვე არსებულ გათვლებს დავამატებთ სტატისტიკურ ცდომილებას, მივიღებთ აგრეგირებული


შემოსავლის საზომს, რომელიც მშპ-ს ტოლია. აქედან მოყოლებული, შეგვიძლია გამოვიყენოთ Y
სიმბოლო მშპ-ს და აგრეგირებული შემოსავლის აღსანიშნად, რადგან მშპ და აგრეგირებული
შემოსავალი, როგორც უკვე განვიხილეთ, ერთი და იგივეა.

წარმოების მეთოდი

მთლიანი  შიდა  პროდუქტის  მესამე  საზომი  აჯამებს  ყველა  ფირმის  თუ  ინდუსტრიის  წარმოებას 
ეკონომიკაში.  იმისათვის,  რომ  ამ  მეთოდმა  იმუშაოს,  თავიდან  უნდა  ავირიდოთ  ორმაგი  დათვლა. 
მაგალითად, თუ თქვენ ცდილობთ მშპ‐ს დათვლას ახალი ავტომობილების, ახალი ფოლადის და ახალი 
საბურავების შეკრებით, ფოლადს და საბურავებს, რომლებიც ახალი ავტომობილების წარმოებისთვის 
გამოიყენება,  აღრიცხავთ  ორჯერ.  ასე  რომ,  როდესაც  მშპ‐ს  ვზომავთ  წარმოების  მეთოდით,  საჭიროა 
მხოლოდ თითოეული მწარმოებლის მიერ დამატებული ღირებულების დათვლა.

დამატებითი ღირებულება არის ფირმის წარმოების ღირებულებას გამოკლებული წარმოებაში


გამოყენებული შუალედური პროდუქტის ღირებულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის
ღირებულება, რასაც ფირმა ამატებს შუალედურ პროდუქტს რათა მიიღოს საბოლოო პროდუქტი.
ავტომობილის მწარმოებელი ყიდულობს ფოლადს, საბურავებს და სხვა მასალებს და ქმნის დამატებულ
ღირებულებას მანქანის აწყობით. როდესაც ვზომავთ მშპ-ს, ჩვენ ვაჯამებთ მხოლოდ წარმოების
თითოეულ საფეხურზე შექმნილ დამატებულ ღირებულებებს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა
გვიჩვენებს, დამატებული ღირებულებების დაჯამება თითოეული ფირმისთვის, რომელიც ჩართულია
ეკონომიკაში ერთი ჭიქა ესპრესოს წარმოებაში, რაც გამორიცხავს ორმაგ აღრიცხვას და გვაძლევს ერთი
ჭიქა ესპრესოს საბოლოო ღირებულების საზომს, როდესაც ის უკვე იყიდება ყავის სახლსა თუ კაფეში.
ანალოგიურად ხდება დამატებული ღირებულებების დაჯამება მთელი ეკონომიკისთვის.
დანაზოგები

ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ დანაზოგებზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ჯამურ ზომას გამოკლებულ
მოხმარებაზე. კერძო მოხმარებასთან ერთად, ჩვენ ვაკლებთ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ
სამთავრობო დანახარჯებს/შესყიდვებს. ეროვნული დანაზოგი, ანუ, ყველა დანაზოგის ჯამი
ეკონომიკაში, განსაზღვრულია როგორც შემოსავალს გამოკლებული მოხმარება და სამთავრობო
დანახარჯები/შესყიდვები.

ეროვნული დანაზოგი = შემოსავალი - მოხმარება - სამთავრობო დანახარჯები/შესყიდვები

გამოვიყენოთ სიმბოლო S ეროვნული დანაზოგის აღნიშვნისთვის და სიმბოლოები, რომლებიც უკვე

გამოვიყენეთ შემოსავლისთვის (Y), მოხმარემბისთვის (C), და სამთავრობო


დანახარჯებისთვის/შესყიდვებისთვის (G). ჩვენ განვსაზღვრავთ შემოსავალს, როგორც:

S=Y−C–G

გახსოვდეთ, რომ ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ Y დანახარჯების მეთოდით:

Y=C+I+X+G

აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ დანაზოგებზე, როგორც ინვესტიციებისა და


წმინდა ექსპორტის ჯამზე.

S=I+X
ასე რომ, ქვეყნის ეროვნული დანაზოგი უნდა იყოს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებისა და
წმინდა ექსპორტის ჯამი. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება სავაჭრო დეფიციტის და
პროფიციტის ცნებების შემოტანაში.

განვიხილოთ აშშ-ს და ჩინეთის მაგალითი.

ამჟამად, აშშ-ს აქვს სავაჭრო დეფიციტი, ანუ, მას იმპორტით შემოაქვს უფრო მეტი ღირებულების
საქონელი, ვიდრე გააქვს ექსპორტზე. ე.ი. ამერიკის შემთხვევაში X < 0. რადგან S = I + X, ვიღებთ,
რომ ამერიკისთვის S < I. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები ახორციელებნ უფრო მეტ ინვესტიციებს, ვიდრე
თავად ზოგავენ. შესაბამისად მივიღეთ, რომ ამერიკელები ღებულობენ დამატებით კაპიტალის
ნაკადებს დანარჩენი მსოფლიოდან ამერიკის შიგნით ინვესტიციების განსახორციელებლად.

ჩინეთის შემთხვევა განსხვავებულია: მას ბოლო პერიოდში აქვს სავაჭრო პროფიციტი, ანუ X > 0 და
შესაბამისად S > I. ეს ნიშნავს, რომ ჩინელები ზოგავენ უფრო მეტს, ვიდრე ახორციელებენ
ინვესტიციებს. ე.ი. ჩინელების მიერ გაკეთებული დანაზოგების ნაწილით ინვესტიციები ხორციელდება
ჩინეთის გარეთ.

საკვანძო საკითხები: რეალური მშპ, ფასების დონე და ინფლაცია 

რეალური მშპ-ს ზრდის გამოთვლა

რეალური მშპ არის წარმოების საზომი, რომელიც დაკორექტირებულია ინფლაციით. იმისათვის, რომ
განვასხვავოთ მშპ და რეალური მშპ, ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს „ნომინალური მშპ“, რომელიც არის
მშპ, როგორც მას აქამდე განვიხილავდით .

იმისათვის, რომ ვნახოთ როგორ ითვლიან რეალურ მშპ-ს, განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. დავუშვათ,
რომ მთლიანი წარმოება შედგება აუდიო CD-ებისგან და DVD-სგან და გვინდა, რომ შევადაროთ ორი
განსხვავებული წლის მთლიანი წარმოება ერთმანეთს.

დავაკვირდეთ, რომ DVD-ის წარმოება გაიზარდა 20%-ით (1000-დან მოიმატა 1200-მდე) და CD-ების
წარმოება გაიზარდა 10%-ით (2000-დან 2200-მდე) 2008 წლიდან 2009-მდე. ყურადღება მიაქციეთ ასევე
იმ ფაქტს, რომ DVD-ის ფასი მეტია CD-ის ფასზე, მაგრამ ორივეს ფასი გაიზარდა ამ ორი წლის
შუალედში ინფლაციის გამო (ფასების დონე გაიზარდა).

ნომინალური მშპ 2008 წელს = $15 × 1,000 + $10 × 2,000 = $35,000


ნომინალური მშპ 2009 წელს = $20 × 1,200 + $15 × 2,200 = $57,000

ცხადია, რომ ნომინალური მშპ არ არის წარმოების ზრდის კარგი საზომი: ნომინალური მშპ იზრდება
63%-ით, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე DVD-ის წარმოება (20%-ით) ან CD-ების წარმოება (10%-ით). ასე
რომ, ინფლაციის დაკორექტირების გარეშე მივდივართ მცდარ შეფასებამდე.

რეალური მშპ-ს დასათვლელად ვიყენებთ ერთსა და იმავე ფასებს ორივე წლისთვის და ამ გზით
გამოვრიცხავთ ინფლაციის ეფექტს.

2008 წლის ფასებში 2008 წლის წარმოება = $15 × 1,000 + $10 × 2,000 = $35,000

2008 წლის ფასებში 2009 წლის წარმოება = $15 × 1,200 + $10 × 2,200 = $40,000

ფასების დონის 2008 წლის დონეზე დაფიქსირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოება გაიზარდა 2008 წელს
$35 000-დან 2009 წელს $40 000-მდე, ანუ გაიზარდა 14.3%-ით.

აღნიშნულ წლებში წარმოება ასევე შეგვიძლია გამოვთვალოთ 2009 წლის ფასებში, რაც მოგვცემს:

2009 წლის ფასებში 2008 წლის წარმოება = $20 × 1,000 + $15 × 2,000 = $50,000

2009 წლის ფასებში 2009 წლის წარმოება = $20 × 1,200 + $15 × 2,200 = $57,000

ფასების 2009 წლის დონეზე დაფიქსირებით, ჩვენ ვხედავთ რომ წარმოების 2008 წელს $50 000-დან
გაიზარდა $57 000-მდე 2009 წელს, ე.ი. წარმოების ზრდამ შეადგინა 14%.

ეკონომისტები წარმოების ზრდას ითვლიან ამ ორი პროცენტული მაჩვენებლის გასაშუალოებით. ამ


მაგალითში, ისინი დაასკვნიდნენ, რომ რეალური მშპს ზრდა 2008 წლიდან 2009 წლამდე არის 14.15%,
რაც მიიღება 14.3%-ისა და 14%-ის საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით.

გავიმეოროთ პროცესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში:

იმისათვის, რომ ინფლაციით დავაკორექტიროთ მშპ ორ წელზე მეტი პერიოდისთვის, ეკონომისტები


უბრალოდ ამ ორწლიანი კორექციის სერიებს აკეთებენ და შემდეგ ქმნიან ე.წ. „ჯაჭვს“. ყოველი წელი
წარმოადგენს ბმულს ამ ჯაჭვში. მაგალითად, თუ 2007 წლიდან 2008 წლამდე ზრდამ 12.15% შეადგინა,
ამ მაჩვენებლის 2008 წლიდან 2009 წლამდე არსებულ 14.15 პროცენტიან ზრდასთან გადაჯაჭვით,
საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 2007 წლიდან 2009 წლამდე შეადგენს 13.15%-ს.

მშპ დეფლატორის გამოთვლა

როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ვხედავთ, ნომინალური მშპ იზრდება რეალურ მშპ-ზე
სწრაფად ინფლაციის გამო. რაც უფრო დიდია განსხვავება ნომინალურ მშპ-სა და რეალურ მშპ-ს ზრდას
შორის, მით უფრო მეტია ინფლაციის მაჩვენებელი. დეფლაციის შემთხვევაში, ფასების კლებასთან
ერთად, ნომინალური მშპ გაიზრდებოდა უფრო ნაკლებად ვიდრე რეალური მშპ.
რომ დავაზუსტოთ, თუ ჩვენ გავყოფთ ნომინალურ მშპ-ს რეალურ მშპ-ზე, ჩვენ მივიღებთ ფასების
დონის საზომს, რაც მთლიან შიდა პროდუქტში შემავალი ყველა საქონლის და მომსახურების ფასების
საერთო დონეს ზომავს:

მშპ დეფლატორი = ნომინალური მშპ/რეალური მშპ

სამომხმარებლო ფასების ინფლაცია

მშპ დეფლატორის პროცენტული ცვლილება არ არის ინფლაციის ყველაზე გავრცელებული საზომი.


ინფლაციის უფრო გავრცელებულ საზომად გამოიყენება პროცენტული ცვლილება სამომხმარებლო
ფასების ინდექსში (სფი).

სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოითვლება ფიქსირებულ „საბაზრო კალათაში“ შემავალი


სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების კონკრეტული წლის ფასის გაყოფით რომელიმე საბაზო
წელს იმავე კალათის ფასზე. მაგალითად, თუ საბაზრო კალათა შედგება 1 DVD და 2 CD-სგან, მაშინ 2009
წლის სფი საბაზო 2008 წლის სფი-ისთან შედარებით, იქნება:

ინფლაციის მაჩვენებელი არის პროცენტული ცვლილება სამომხმარებლო ფასების ინდექსში. ის ზომავს,


თუ რამდენად სწრაფად იზრდება (ან მცირდება) სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და
მომსახურების ფასები.
ინფლაციის სხვადასხვა საზომების შედარება

ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს მშპ დეფლატორით და სამომხმარებლო ფასების ინდექსით


გაზომილი ინფლაციის მაჩვენებლების შედარებას. ინფლაციის მაჩვენებლის მოძრაობა ორივე
შემთხვევაში მსგავსია, მაგრამ სფი არის უფრო მერყევი. ორივეს, მშპ დეფლატორსაც და სამომხმარებლო
ფასების ინდექსსაც გააჩნია თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები ერთმანეთთან შედარებით. თქვენ უნდა
იფიქროთ მათზე, როგორც ალტერნატიულ გზებზე ფასების დონისა და ინფლაციის გამოსათვლელად,
და არა როგორც კონკურენტ საზომებზე.

დასკვნა: წარმოების, შემოსავლის და დანახარჯების გაზომვა
ამ ლექციაში ჩვენ ვნახეთ თუ როგორ უნდა გავზომოთ მთლიანი ეკონომიკა მშპ-ს გამოყენებით. ამ
პროცესში ჩვენ ავხსენით, რომ ქვეყანაში არსებული შემოსავალი, დანახარჯები და წარმოება არის ყველა
ერთმანეთის ტოლი. ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება დავაკორექტიროთ მშპ-ს მაჩვენებელი ისე,
რომ წლების მიხედვით უფრო შესადარი იყოს.

ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ ეროვნული დანაზოგი, როგორც შემოსავალს გამოკლებული მოხმარება და


გამოკლებული სამთავრობო დანახარჯები/შესყიდვები. ქვეყნებს, რომელთაც გააჩნიათ ეროვნული
შემოსავლის მაღალი დონე, აქვთ რესურსი რომ განახორციელონ ინვესტიციები თავიანთ ეკონომიკაში
ან საზღვარგარეთ. ქვეყნები, რომელთა ეროვნული შემოსავლის დონე დაბალია, ინვესტიციების მაღალი
დონის შესანარჩუნებლად დამოკიდებული არიან სხვა ქვეყნებზე, რომლებმაც შეიძლება ასესხონ მათ
ფინანსური სახსრები ან თავად განახორციელონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

ჩვენ ვნახეთ, რომ რეალური მშპ წარმოადგენს წარმოების ინფლაციით დაკორექტირებულ საზომს. ის
არის საუკეთესო საზომი საქონლისა და მომსახურების წარმოებაში ცვლილების დასაანგარიშებლად
დროთა განმავლობაში. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ მშპ დეფლატორი, იგივე ნომინალური მშპ გაყოფილი
რეალურ მშპ-ზე, რომელიც არის ფასების დონის საზომი ეკონომიკაში. მშპ დეფლატორში პროცენტული
ცვლილება არის ინფლაციის საზომი. ბოლოს, ჩვენ განვიხილეთ ფასების დონის ალტერნატული საზომი
- სამომხმარებლო ფასის ინდექსი (სფი). სფი-ში ცვლილება წარმოადგენს ინფლაციის საზომს
ეკონომიკაში.

You might also like